სიბრძნის-მოყუარებ შენ, უფროჲსად ბრწყინვალეო, თუალო ყოვლისა სოფლისა მეფეთა ერთგუამობისაო, რომელი-ეგე ჰაეროვან ხარ, ვითარცა სამყაროჲ ხილულსა სოფელსა შორის; საჩინო, ვითარცა მზე, ვარსკულავთა შორის; ბრწყინუალე, ვითარცა ეთერი ნივთთა შორის; ნათლის-ფერ, ვითარცა ელვაჲ ღრუბელთა შორის; ცისკროვან, ვითარცა აღმოსავალი კერძოთა შორის; ტკბილ, ვითარცა არე ჟამთა შორის; ღმრთის სახე, ვითარცა საყუარელი სათნოებათა შორის; გულის-სათქუმელ, ვითარცა ოქროჲ მიწათა შორის; ელვარე, ვითარცა იაკინთი ქვათა შორის; მაღალ, ვითარცა ფინიკი ნერგთა შორის; შუენიერ, ვითარცა ვარდი ყუავილთა შორის; აღმატებულ, ვითარცა სამოთხე ქუეყანასა შორის; ძლიერ, ვითარცა ლომი მჴეცთა შორის; მტკიცე, ვითარცა ანდამატი განუკუეთელთა შორის; სახელგანთქმულ, ვითარცა ნებროთ გმირთა შორის; ახოვან, ვითარცა ისო წინამბრძოლთა შორის; მოშურნე, ვითარცა ფინეზ მღდელთა შორის; მხნე, ვითარცა სამფსონ მსაჯულთა შორის; უბრძოლელ, ვითარცა აქილლევ ელლენთა შორის; ბრძენ, ვითარცა სოლომონ მეფეთა შორის; მშჳდ, ვითარცა დავით ცხებულთა შორის; შურისმეძიებელ, ვითარცა იოსია შარავანდედთა შორის; უზარო, ვითარცა მაკედონელი მფლობელთა შორის; განმადიდებელ ფლობისა, ვითარცა ავღჳსტოს კეისართა შორის; კაცთმოყუარე, ვითარცა ჩემი იესო ღმერთთა შორის; ბუნებით ღმერთი, მადლით ღმერთ-ქმნულთა შორის; მჴურვალე, ვითარცა პეტრე მოწაფეთა შორის; საყუარელ, ვითარცა იოანე მეგობართა შორის; მკჳრცხლ, ვითარცა პავლე მოციქულთა შორის; სახის დასაბამ უცთომელისა ქრისტეანობისა, ვითარცა დიდი კონსტანტინე თჳთმპყრობელთა შორის; სიმტკიცე კეთილად მსახურებისა, ვითარცა თევოდოსი სკიპტრის-მპყრობელთა შორის... ყოველთა ვედრებაჲ, ყოველთა ლიტანიობაჲ, ყოველთა ერთჴმობაჲ, ვითარმედ დავით კეთილად მსახურისა და ღმრთივ-დაცვულისა მეფისა ჩუენისა მრავალმცა არიან წელიწადნი!..