თითქო კვდებოდა თბილისის ღამე,
სარაჯიშვილის ხმებით სტიროდა,
თარს ამოჰქონდა გულის ბალღამი
მტკვარის მარცხენა სანაპიროდან.

ასე მღეროდა მაშინ მეტივე
ფიჭვის შეკრული თეთრი გედებით,
და უეცარი ძველი მოტივი
ინაცრებოდა სხვა იმედებით.

რა მაბადია - ან რა მებადა,
მე ვარ ტიტველი მთა შავნაბადა,
მაგრამ გული რომ მაინც მომტირის,
თითქო ჩააგდეს ცეცხლის საკირეს...

ეხლა მეც ვაქებ ინდუსტრიის ქარს,
მეც მინდა ძველი ქვეყნის დალეწვა.
თაფლის ფრთა ჰქონდა მაშინაც იკარს
და გული ფრთაზე მალე დაეწვა.

და მაპატიეთ მე თუ მივსტირი
ტფილისის რძიან ბალახის დილას.
მე მეხარბება მართლა მესტვირე
არსენას ლექსით რომ გამოზრდილა.

ჯერ კიდევ ვზივარ ძველებურ ტივზე,
ვტირი შეკრული ფიჭვის გედებით.
არ შევჩერდები მე ამ მოტივზე,
მე თვითონ ვცხოვრობ ამ იმედებით.

15 მარტი, 1927 წ.