ამომავალ მზის ოქროს ნათელი
თავზე ადგება საქართველოს მთებს,
და ნამქერებში ღამე ნათევი
მთვარე ანათებს და არც ანათებს.

ზევით ღრიალით მიგორავს თერგი,
ქვევით გრიალი გაუდის არაგვს,
მზეს გაუდვნია ყინულის ქერქი,
მთა დაუფშვნია უხილავ წერაქვს.

ქარს მიაქვს თოვლი და მიიხვეტავს,
გადააფარებს ყაზბეგს შვინდებად,
შერცხვეს ვაჟკაცი, თუ ამ მზეს ხედავს
და სიკვდილს კიდევ შეუშინდება.

მივჩერებივარ ცას გაკვირვებით
და აღმიტაცებს სიცოცხლის ფეთქვა.
ვაჟა-ფშაველას ვსუნთქავ ფილტვებით,
ხიმიკაურის გული ჩამედგა.

დეკემბერი 1927 წ.