საყვარლის ბაღშია ჭკვა დამეკარგა,

გავბრუნდი, არ იყო კარ-გაღებული.

გადავხედე, დავბნდი, ვერა გავიგე...

ვნახე ალვის ხენი ხელახლებული.

უთხარ: "შენვე მომკალ შენა, კარგია!

ავს ნუ ათქმევინებ, ენა კარგია,

ღმერთმა გაგახაროს, ლხენა კარგია,

მე შენს ჭირს სანაცვლოდ გადაგებული!

მოდი, დამიჭირე მარჯვენა ხელი,

იაგუნდ-ალმასო, ლალი ხარ ქველი!

დამაცა, გითხრა ჩემი სათქმელი -

შველი ხარ მინდორში გამოშვებული!

მე ხონთქარი ვიყავ - ჯარი დავკარგე...

სოვდაგარი ვიყავ, ზარი დავკარგე!

მზეთუნახავი - იარი დავკარგე...

საიდამ ვიპოვო ზღვაში დებული?

შენის ნაქცეურობით, მე გამაკვირე!..

როსტომის ხანჯალი ყელთ დამაჭირე,

ავათა ვარ, მოდი, ზედ დამიტირე,

თვალები გზაზედ მაქვს დაყენებული!

მთვარე ხარ, თუ მზე ხარ, პირი გაქვს წმინდა,

მე შენ გენაცვალე, სხვანი ნუ გინდა!..

სიყვარულით ლაპარაკი თუ გინდა,

საიათნოვამ იცის სიტყვა ქებული!