1 მე მივხვდი მაგას შენსა ბრალებსა,

მე განგიცხადებ დანამალებსა:

რად არა ჰრიდენ განსაკრძალებსა,

ხელი რად მიჰყავ ძველსა ვალებსა,

რად მიჰყევ სხვათა ჭკუამთვრალებსა?

ნებით მოშორდი ვარდის კვალებსა!

არ შეგიბრალებ შეუბრალებსა,

თუმცა უყვარდი მისსა თვალებსა!

რად არა ჰრიდენ განსაკრძალებსა?

2 რადგან ძლეულხარ შენისა ნებით,

თავს რაღად მართლობ თანის-თანებით,

ან რას იყოვნი ჟამსა ხანებით,

რას ინუგეშებ ცრემლსა ბანებით?

ხელი აიღევ მაგ სავანებით,

შემწე იძიე ბანის-ბანებით!

აგრე ვერ მომკი ვარდსა ყანებით!

რად გულს განიწონ საკვდად დანებით?

სხვას გირჩევ გზასა და სხვას ძალებსა!

3 მივედ, ყარიბო, უთხარ ბულბულსა,

მას შვენიერსა, ტკბილ-ხმა უსულსა:

შეგამუდარებს ქველსა სუმბულსა,

სიტყვას დაუფენს, ვითა ბუმბულსა;

შუა შემოვლენ, შეუქმენ გულსა,

ვარდთანა მივლენ კარდარაზულსა,

მოახსენებენ მაგ შენსა წყლულსა;

ვიცი, გიხსნიან ბედითა კრულსა,

მაგრა გახსოვდეს გულსა სალებსა!

4 თუ ნახო ვარდის კარნი ღიანი

ან მოგეგებნენ ნაზნი იანი, -

ჩემ მაგიერად იგი ჭკვიანი

ნარგიზი ნახე, ქცევა-მზიანი,

ესრე უამბე: იყავ სვიანი,

ანუ სად ვვლიდე კეთილ-გზიანი?

ვარდი მიკითხე, აგრევ იანი,

მეცა გახსოვდე მცირე-დღიანი,

მომიგონებდე ფერნამკრთალებსა!

5 ნუთუმცა ნახო ვარდი მცინარე,

გარდმოუტევე თვალთა მდინარე,

პირველად ჩემგან გულმომდინარე!

სალამი ჰკადრე არ-საწყინარე,

ეს შენათვალი მიუწინარე;

მეცა ვიყავ-თქო თავსაჩინარე,

ადგილი მქონდა დასაბინარე!

გირჩევ, შეგბრალდეს გულნამტკინარე,

მანტორ, გაბრალებ ფესვით ბრჭალებსა!