თქვენ მიაღწიეთ მიზანს სასურველს,
თეთრო ვეშაპო, შავო ურჩხულო
ჩვენს მოსასპობად სხვები აღჭურვეთ,
თავს დაგვახვიეთ ყველა ურჯულო.

შემოგვასიეთ ყველა მზაკვარი,
სისხლის წყურვილით მხეცი აღანთეთ...
იწვის ქართველი ბავშვის აკვანი
და ჩვილის სისხლი ღმერთს შეჰღაღადებს!

ქარი ქრის, მთებში გზა დათოვლილა,
ისმის მოთქმა და წყევლას უთვლიან
მათ, ვინც აქცია მკვიდრი ლტოლვილად
და ამოძირკვა დედა-ბუდიან.

თუ წყევლა-კრულვა ხალხების ახდა,
ნათელი როგორ უნდა იხილოთ?!
თქვენ საპყრობილე აშენეთ ხალხთა
და არ გრცხვენოდათ, ვაი სირცხვილო!

სულ სხვის მიწაზე გეჭირათ თვალი
და შიშს სთესავდით ხიშტით, შეტევით,
თუმც უნაპირო გაქვთ მიწა-წყალი,
მაინც არ გყოფნით და ვერ ეტევით.

კმარა! სისხლიან ხელს ნუღარ იწვდით,
შველას, მშვიდობას ყველგან ითხოვენ...
და თქვენც გაძღებით ბოლოს იმ მიწით,
მიწით, რომელიც შეგჭამთ თვითონვე!