გაზაფხულს ხეთა ჯარიც თან ახლდა,
ტყეს სად ჩააცვა მწვანე წვრილთვალა?!
ხედავ, ბუნება ისევ განახლდა,
მთა-ბარმა ფერი ისევ იცვალა!

იქუხა ცამ და ღელე ღრიალით
მოვარდა ყალყზე შემდგარ ზვირთებით;
ცეცხლის გამჩენი, ნაკვერცხლიანი,
ატმის ტოტებზე დასკდნენ კვირტები.

ისევ გალობად დასხდნენ ფრთოსნები,
ყაყაჩოს შავი შვენის ხალები;
ყველას დაუდგა ჟამი ოცნების,
განახლების და ფერისცვალების.

შენც სიჭაბუკე უკანვე იხმე,
მაგრამ ვაი, რომ დრო სჯის სხვაგვარად;
არ დაბრუნდება განვლილი სიყრმე,
არ გაშავდება შენი ჭაღარა...

ცეცხლი სისხლს აღარ აახმიანებს
და ნანობ როცა ასაკში შეხველ,
რომ გაზაფხული ადამიანებს
ცხოვრების გზაზე ეკუთვნის ერთხელ...

იმ ერთისთვისაც უფალს მადლობა, _
განვლილზე აღარ გვმართებს გოდება...
და მაინც არის უსამართლობა,
რომ სიყმაწვილე არ მეორდება.