ჭოჭყი... ხავსი... ნარ-ეკალას
ტბის ნაპირი დაუფარავს.
შეხე ჭინკას, მაგ ცალთვალას,
ობობის ქსელს როგორ ართავს!

ტლაპ!.. ხომ ხედავ წყლის სალტეებს,
ნაპირისკენ ვით გარბიან?!
ჩუ, ვინ არხევს თხმელის ხეებს,
ვინ ატოკებს ასე გვიან?!!

რა ხანია ქვიშის თოკით
ბებლმა ქარი რაც ალაგმა,
რა ხანია ნელის ტოკვით
მზემ აკრიფა სხივთ ქარაგმა!

ტბა შეირხა... ტბა აქაფდა,
გველი წივის... ტბა კაშკაშებს,
შორს ვარსკვლავი აკიაფდა,
გველი ჯადოს ათამაშებს.

ტლაპ!.. კანკალებს ტბის ლერწამი,
ტბის ზამბახნიც როგორ კრთიან!
საუკუნოდ იქცა წამი,
მაშინიან!.. მეშინიან!..