(ვუძღვნი შიო მღვიმელს)

მცირე რამ შემონაწირი
მიიღე თავის ძმისგანა, -
მეც შენებრ გული მიტირის,
დაჩაგრული ვარ მტრისგანა.
ასწავლე ბავშვებს ბავშვურად
ჰანგები გულზე მწდომია,
ტრფიალი ბუნებისადმი,
მამა-პაპური ომია.
ბავშვთ გულის მესაიდუმლევ,
ჰშრომობ მღვიმეში ჩუმადა,
ბავშვების ჭირი და ლხენა
გულს მიგაჩნია წყლულადა.
მე როდი მომეწონება
სიტყვა ნათქვამი უმადა,
ამიტომ გკოცნი პირშია,
გადმოგეხვევი ძმურადა!