დასასრულ გადავდივართ განხილვაზე პირველი ათასეულის ქართული მწერლობის მეტად მნიშვნელოვანი ძეგლისა:
«ქებაჲ ქართველთაჲ და ქართულისა ენისაჲ».
წინასწარ შევჩერდებით სხვადასხვა სახის ბიბლიოგრაფიულ ცნობებზე ამ ძეგლის შესახებ.

ა. ძეგლის შემცველი ხელნაწერები.

ძეგლი დაცულია რამდენიმე პირის სახით, რომლებიც სხვადასხვა დროს გადაუწერია X საუკუნის ქართველ მწერალს იოანე-ზოსიმე საბაწმიდელ-სინელს.

იოანე-ზოსიმე, რომელიც დიდი პატრიოტი იყო თავისი ქვეყნისა, შეიძლება ითქვას, ერთგვარად შეყვარებულია ამ ნაწარმოებზე; იოანე-ზოსიმეს «ქებაჲ ქართულისა ენისაჲ» შეაქვს ქართულ ხელნაწერთა კრებულებში, როგორც კრებულთა დამამთავრებელი ნაწარმოები.

მოგვყავს ნუსხა ხელნაწერებისა, რომლებშიაც მოთავსებულია ტექსტი «ქება ქართულისა ენისაჲ».

A — ხელნაწერი 962 წლისა; ტექსტი «ქებაჲ ქართულისა ენისაჲ» შეტანილია იოანე-ზოსიმეს მიერ გადაწერილ კრებულში «სამეცნიერო», რომელშიაც, სხვა ტექსტებთან ერთად, მოთავსებულია მნიშვნელოვანი ძეგლი ძველ-ქართული სამეცნიერო მწერლობისა, სამათემატიკო-საკალენდარო ტრაქტატი, «გამოძიებისათჳს ჟამთა და წელთა». ხელნაწერი ამჟამად დაცულია ლენინგრადის საჯარო წიგნთსაცავში. („ქების“ ტექსტის ეს უძველესი ნუსხა აღმოვაჩინეთ ტიშენდორფისეული პალიმფსესტების კოლექციაში).

B — ხელნაწერი 979 წლისა Sin —38. (ტექსტი «ქებაჲ ქართულისა ენისაჲ» ჩაწერილია როგორც დამამთავრებელი ნაწარმოები, იოანე-ზოსიმეს მიერ გადაწერილს 979 წლის ხელნაწერში, რომელიც შეიცავს ოთხთავს და ქრონიკონის ცხრილს, იმავე ტრაქტატით: «გამოძიებისათჳს ჟამთა და წელთა»).

C — ჩანაწერი 981 წლისა, Sin —32/33. („ქებაჲს“ ტექსტი იოანე-ზოსიმეს 981 წელს დაუწერია ძველი ქართული მწერლობის ძეგლთა დიდ ქრესტომათიაში «მრავალთავში», რომელიც გადაწერილია მაკარი ლეთეთელის რედაქტორობით 864 წელს, და რომელიც მესამედ შეუმოსავს იოანე-ზოსიმეს 981 წელს. „ქებაჲს“ ტექსტს აქ ეწოდება «ქებაჲ და დიდებაი ქართულისა ენისაჲ».

D — ხელნაწერი 981 - 982 წლებისა. Sin —6. („ქებაჲს“ ტექსტი ჩაწერილია როგორც დამამთავრებელი ნაწარმოები ჰაგიოგრაფიული კრებულისა, რომელიც იოანე-ზოსიმეს 981 - 982 წლებში გადაუწერია. „ქებას“ თვით ნაწარმოების ზედწერილში ეწოდება: «ქართულისა ენისათჳს», ხოლო სარჩევში იგი აღნიშნულია სრული სათაურით: «ქებაჲ ქართულისა ენისაჲ».

ბ. ძეგლის მოცულობა.

ზემოთდასახელებულ ოთხს ხელნაწერში მოთავსებულია, როგორც აღვნიშნეთ. ერთი ტექსტი: «ქებაჲ ქართულისა ენისაჲ» (რომლის სახელწოდება აღინიშნება სხვადასხვა ვარიაციებით: «ქებაჲ ქართულისა ენისაჲ», «ქებაჲ და დიდებაი ქართულისა ენისაჲ», «ქართულისა ენისათჳს»; არსებულა აგრეთვე სახელწოდების ასეთი ვარიანტიც: «შესხმა ქართულისა ენისაჲ», — იხ. ქვემოთ; «შესხმაჲ» იმასვე ნიშნავს, რასაც «ქებაჲ»).

აქ საჭიროა აღვნიშნოთ ამასთან, რომ ძეგლის ტექსტი, როგორც ირკვევა. არაა სრულად მოღწეული.

ზემოთდასახელებულ ოთხ ხელნაწერში იოანე-ზოსიმეს შეუტანია მხოლოდ მეორე ნაწილი ამ ძეგლისა «ქებაჲ (resp. შესხმაჲ) ქართულისა ენისაჲ»; ხოლო ძეგლი, როგორც ირკვევა, სრულის სახით, ორი ნაწილისაგან შესდგებოდა: ა. «ქებაჲ (resp. შესხმაჲ) ქართველთაჲ»; ბ. «ქებაჲ (resp. შესხმაჲ) ქართულისა ენისაჲ».

ლენინგრადის საჯარო წიგნთსაცავში ჩვენ ადმოვაჩინეთ მთელი სერია იოანე-ზოსიმეს ავტოგრაფებისა, რომლებიც სხვადასხვა ხელნაწერების ნაწლებს წარმოადგენენ (NN Gr. VI, VII, VIII, XIII, XVIII, XIX, XXIII, XXIV; Syr. 16/1, 16/2, 16,/3).

მათ შორის ჩვენ გვხვდება იოანე-ზოსიმეს ხელით გადაწერილი ეტრატის ერთი ფურცელი, რომელზედაც მოთავსებულია სარჩევი ერთ-ერთი ხელნაწერი კრებულისა (რომლის ნაწილსაც ეს ფურცელი შეადგენდა).

ვინაიდან ეს სარჩევი კრებულისა, გადაწერილი იოანე ზოსიმეს მიერ, ინტერესს წარმოადგენს ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიისათვის, მოგვყავს იგი სრულად.

    [1] „შეკრებანი […] დაბადებაჲ.. ბ, .რიცხუთა ბ, მეფეთა ბ, იგავთაჲ, გ, ესაჲაჲსი ზ, იერემიაჲსი
    [2] მეფისა ღმრთის-მოყუარისა შირიან მცხეთისაჲ, და იყო რაჟამს მოიქცა ..— დღედმდე, და იყო რაოდენი მეფე […].*
    [3] [— — — — —] ამბაკომისი, ა ნაუმისაჲ, იგავთაჲ ლ, კულა იერემიაჲსი და ესაიაჲსი დ, ჵსესი ბ, კულა ესაჲაჲსი.
    [4] სახელები წინასწარმეტყუელთა ოცდა სამთაჲ.
    [5] დოროთეოსისი . სამეოცდაათთა მოწაფეთა უფლისთა და ათორმეტთა მოციქულთაჲ.
    [6] ძუელისა და ახლისა შჯულისა წიგნნი და მუჴლნი.
    [7] თხრობაჲ ვარსკულავისაჲ. [— — — — —]
    [8] [— — — — —] სასწაულთათჳს.
    [9] [— — — — —] განძისაჲ.
    [10] ექუსნი კრებანი [...].
    [11] კუალად ესაჲაჲსი და დანიელისი და სხუაჲ ა-ნიშნიანი თავი და ბოლოჲ, ეგრეთვე რუთი, და მსაჯულთაჲ, და დაბადებაჲ, და ძუელნი წიგნნი ყოველნი.
    [12] განგებაჲ კანონისა სრულისაჲ ყოვლითა შესამკობლითა.
    [13] და საბაწმიდისა განგებაჲ ეგრე სრული.
    [14] ქრონიკონი იერუსალჱმურად და ქართულად.
    [15] დავითის [ფსალმუნთა მოსწავებაჲ].
    [16] ქებაჲ ქებათაჲ [— — — — —].
    [17] [— — — — —].
    [18] [— — — — —] წიგნთა კითხჳსათჳს.
    [19] [— — — — —].
    [20] ანდერძი [ცოდვილისა] იოანეჲსი.
    [21 — 23] შესხმაჲ საბაჲსი და საბაწმიდისაჲ, და ქართველთაჲ, და ქართველთა ენისაჲ“ 1.

_________
* ისტორიული შინაარსის ეს ტექსტი, რომელიც, როგორც ჩანს ზედწერილის მიხედვით, მეფეთა ნუსხას შეიცავდა, სამწუხაროდ არ მოღწეულა.
1 ბოლოში მიწერილია იმავე ხელით, მაგრამ სხვა მელნით: „და გევედრებით [ლოცვასა] წმიდანო მამანო ქართველნო, ამენ“.

კრებულიდან, რომლის შინაარსიც აღნუსხულია ამ ფურცელზე, ჩვენამდე გადარჩენილია მხოლოდ რამდენიმე ტექსტის ცალკეული უმნიშვნელო ნაწილი. კრებულის ძირითადი ნაწილი დაკარგულია. კერძოდ, არ მოღწეულა ხელნაწერის ის ნაწილიც, რომელზედაც მოთავსებული ყოფილა უკანასკნელი ტექსტები:

            «შესხმაჲ საბაჲსი და საბაწმიდისაჲ,
            და ქართველთაჲ,
            და ქართველთა ენისაჲ».

ამ უკანასკნელი სამი ტექსტის შესახებ საჭიროა აღინიშნოს შემდეგი:

პირველი ტექსტი — შესხმაჲ (ქებაჲ) საბაჲსი და საბაწმიდისაჲ, როგორც ვხედავთ, არის ის ნაწარმოები, რომელიც ჩვენ დავბეჭდეთ ზემოთ (იხ. გვ. 743—745). ეს ტექსტი, როგორც აღნიშნული გვქონდა, არაა ორიგინალური ქართული ნაწარმოები, არამედ თარგმნილია ქართულად IX საუკუნის პირველ მეოთხედში.

რაც შეეხება მეორე და მესამე ტექსტებს «ქებაჲ (resp. შესხმაჲ.) ქართველთაჲ, და «ქებაჲ (resp. შესხმაჲ) ქართველთა (ქართულისა) ენისაჲ, რასაკვირველია ორიგინალური ქართული ნაწარმოებია. ცხადია ამრიგად, რომ ამ ორიგინალურ ქართულ ტექსტებს არა აქვთ უშუალო კავშირი პირველ ტექსტთან («შესხმაჲ საბასი და საბაწმიდისაჲ»).

გ. რას შეიცავდა ტექსტი: «ქებაჲ ქართველთაჲ».

წარმოდგენილი მასალებიდან ამრიგად ირკვევა, რომ ძეგლი, რომელიც აქ ჩვენი განხილვის საგანს შეადგენს, ორი ნაწილისაგან შესდგებოდა: .«ქებაჲ (resp. შესხმაჲ) ქართველთაჲ» და «ქებაჲ (resp. შესხმაჲ) ქართულისა ენისაჲ».

მეორე ნაწილი ძეგლისა, «ქებაჲ (შესხმაჲ) ქართულისა ენისაჲ», როგორც მოვიხსენეთ, ჩვენამდე მოღწეულა;

ხოლო რას შეიცავდა პირველი ნაწილი ამ ძეგლისა: «ქებაჲ (შესხმაჲ) ქართველთაჲ», რომელიც აღარ მოღწეულა ჩვენ დრომდე?

ამის ერთგვარ სანიშნოს იძლევა ანალოგიური შინაარსი მეორე ძეგლისა, — «ქებაჲ საბაჲსი და საბაწმიდისაჲ», რომელიც ჩვენს ძეგლთან ერთად ყოფილა მოთავსებული ზემოთ-აღნიშნულ ხელნაწერ კრებულში. ამ ძეგლში, საბასა და საბაწმიდის „ქებასთან“ (შესხმასთან) ერთად, ჩვენ გვაქვს „ქება“ (შესხმა) საბაწმიდელ მოღვაწეთა, — ბერძენთა და ასურთა (იხ. „ქების“ მეორე თავი).

ამნაირადვე, ჩვენი ძეგლის იმ ნაწილში, რომელსაც რქმევია «ქებაჲ (შესხმაჲ) ქართველთაჲ», საფიქრებელია, წარმოდგენილი იყო «ქებაჲ (შესხმაჲ)» ქართველთა მოღვაწეთა.

ხოლო რამდენადაც ჩვენი ძეგლი, როგორც ეს სავარაუდებელია ზოგიერთ ჩვენებათა გამო, კლარჯეთშია დაწერილი, კლარჯეთის სალიტერატურო სკოლის ნაწარმოებია, აქ საფიქრებელია, პირველ რიგში წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო „ქებაჲ (შესხმაჲ)“ კლარჯეთის ქართველ მოღვაწეთა, გრიგოლ ხანძთელისა და მისი მოწაფეებისა.

რასაკვირველია, არაა ამასთან გამორიცხული, არამედ სავარაუდებელია კიდეც, რომ აქ ამავე დროს წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო „ქებაჲ (შესხმაჲ)“ სხვა ქართველი მოღვაწეებისა; ამასთან „ქებაჲ“, საფიქრებელია, ზოგადი ხასიათის შესხმასაც შეიცავდა, მით უფრო, რომ ძეგლის ამ ნაწილს ჰქონია ასეთი ზოგადი სახელი: «ქებაჲ (შესხმაჲ) ქართველთაჲ».

დ. ძეგლის ფორმა.

ძეგლის ის ნაწილი, რომელიც ჩვენამდე მოღწეულა («ქებაჲ ქართულისა ენისაჲ») დაწერილია «წყობილი სიტყვის» ფორმით, სახელდობრ «წყობილი სიტყვის» მეორე სახეობით: მრჩობლედი ერთ-ხმიანი (იხ. ზემოთ, გვ. 712, «წყობილი სიტყვის» სახეობათა ნუსხა).

სტროფების ფორმაა: ორ-ტაეპოვანი ოთხ-კვეთი (ტაეპები ეგრეთწოდებული „კვეთილი სახისაა, ყოველი ტაეპი რიტმულად ორად იკეეთება).

ამრიგად, «წყობილი სიტყვის» ფორმა აქ იგივეა, რაც გრიგოლ ხანძთელის ტექსტში «ქებაჲ კლარჯეთისა უდაბნოთაჲ».

აქ საჭიროა აღვნიშნოთ ამასთან, რომ ტექსტი — «ქებაჲ ქართულისა ენისაჲ» — შეიცავს სტროფულ ალიტერაციას. სახელდობრ აქ გვაქვს თავედი მარცვლედი ალიტერაცია, აგებული მარცვალზე „და“ (პირველი სტროფის დასაწყისში თავედი ალიტერაცია „და“ გამოვლენილია სიტყვაში: „დამარხულ“, დანარჩენი სტროფების დასაწყისში იგი გადმოიცემა კავშირით: „და“).

ამ შენიშვნათა შემდეგ მოგვყავს თვით ტექსტი ამ ძეგლისა:

ქებაჲ ქართველთაჲ და ქართულისა ენისაჲ

ა.
ქებაჲ ქართველთაჲ
(არ მოღწეულა)

ბ.
ქებაჲ ქართულისა ენისაჲ
    
*
    
1.     ა.     
    
დამარხულ არს ენაჲ ქართული
    
დღედმდე მეორედ მოსლვისა მესიისა საწამებელად,
    

    ბ.     
    
რათა ყოველსა ენასა
    
ღმერთმან ამხილოს ამით ენითა.
   
*
    
2     ა.     
    
და ესე ენაჲ
 
მძინარე არს დღესამომდე,
    

    ბ.     
    
და სახარებასა შინა ამას ენასა
   
ლაზარე ჰრქჳან.
   
*
    
3.     ა.     
    
და ახალმან ნინო მოაქცია
   
და ჰელენე დედოფალმან,
    

    ბ.     
    
ესე არიან ორნი დანი,
   
ვითარცა მარიამ და მართაჲ
   
*
    
4.     ა.     
    
და მეგობრობაჲ
   
ამისთჳს თქუა [მახარებელმან],
    

    ბ.     
    
რამეთუ ყოველი საიდუმლოჲ
      
ამას ენასა შინა დამარხულ არს.
   
*
    
5.     ა.     
    
და ოთხისა დღისა მკუდარი
    
ამისთვს თქუა დავით წინაჲსწარმეტყუელმან,
    

    ბ.     
    
რამეთუ «ათასი წელი —
   
ვითარცა ერთი დღეჲ».
   
*
    
6.     ა.     
    
და სახარებასა შინა ქართულსა ხოლო, თავსა მათეჲსსა,
   
წილი ზის, რომელ ასოჲ არს,
    

    ბ.     
    
და იტყჳს ყოვლად
   
ოთხ ათასსა მარაგსა, —
   
*
    
7.     ა.     
    
და ესე არს ოთხი დღეჲ,
   
და ოთხისა დღისა მკუდარი,
    

    ბ.     
    
ამისთჳს მისთანავე დაფლული
   
სიკუდილითა ნათლისღებისა მისისაჲთა.
   
*
    
8.     ა.     
    
და ესე ენაჲ
   
შემკული ’ და კურთხეული სახვლითა უფლისაჲთა,
    

    ბ.     
    
მდაბალი და დაწუნებული —
      
მოელის დღესა მას მეორედ მოსლვასა უფლისასა.
   
*
    
9.     ა.     
    
და სასწაულად ესე აქუს:
   
ას-ოთხი წელი.
    

    ბ.     
    
უმეტეჲს სხუათა ენათა
   
ქრისტეჲს მოსლვითგან ვიდრე დღესამომდე
   
*
    
10     ა.     
    
და ესე ყოველი, რომელი წერილ არს,
   
მოწამედ წარმოგითხარ,
    

    ბ.     
    
ას-ოთხი ესე წელი, და წილი ანბანისაჲ.
   
*
__________
სათაური. AB-ში: „ქებაჲ ქართულისა ენისაჲ“. D-ში: ზედწერილში cc „ქართულისა ენისათჳს, სარჩევში — „ქებაჲ ქართულისა ენისაჲ“. C-ში „ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ“ (სათაურს C-ში წინ უძღვის: „სახელითა საღმრთისაჲთა“. AB-ში სათაურს ბოლოში დამატებული აქვს „ლოცვა ყავთ“).

1. 8 მესიისა მისისა ABCD.
2. 4 მძინარჱ || 12ლაზარჱ B .
3. 6 ჱელენე B. ჰჱლენე C, ელენი D.
4. 5 მახარებელმან abs. ABCD || 6 რამეთუ] ვითარმედ ABCD.
5. 14 ღღეჱ ABCD.
6. 5-4 ხოლო თაჳსა] თაჳსა ხოლო ABCD, მათჱსსა ABC, მათესსა D || 8 წილი] წერილი ABCD || 15 ყოვლად abs. D.
7. 15 დღჱ ABCD || 11 მისთანა D.
9. 8 ას-ოთხი] ოთხმეოცდაათოხმეტი ABCD (რდ-->ჟდ) || 7 უმეტს ABC, უმეტეს || 10 ქ˜ჱს, C, ქ˜ეს ABD || 13 დღემდე A.
10. 3-4 ყოველი, რომელი] რომელი, რომელი A.
10. 7-14: მოწამედ წარმოგითხარ ას-ოთხი (ოდ) ესე წელი და წილი ანბანისაჲ:

    A-ში: მოწამედ წარმოგითხარ ასი ესე წელი (და) ანბანისაჲ.
    BC-ში: მოწამედ წარმოგითხარ ასი ესე წელი ანბანისაჲ.
    D-ში: მოწამედ წარმოგითხრას ესე წილი ანბანისაჲ.

ბოლოში მინაწერი: ლოცვა ყავთ D || ლოცვა ყავთ ა˜ნ A || ლოცვა ყავთ წმიდანო ღ/ისანო ლოცვა ყავთ ა˜ნ B ლოცვა ყავთ წმიდანო ღმრთისანო ლოცვა ყავთ. ქ˜ე შეიწყალე მჩ˜კლი, ა˜ნე ა˜ნ C.

ვინ არის ავტორი ამ ძეგლისა?

გამოთქმული იყო მოსაზრება (აკად. კ. კეკელიძის მიერ, იხ. კ. კეკელიძე, ძველი ქართული მწერლობის ისტორია, 1, 1951 წ., გვ. 146.), რომ ავტორი უნდა იყვესო იოანე-ზოსიმე საბაწმიდელ-სინელი. მაგრამ ეს მოსაზრება არ მართლდება. იოანე-ზოსიმე არის მხოლოდ გადამწერი ამ ძეგლისა და არა ავტორი. თვით იოანე-ზოსიმე არსად, არც ერთ ხელ ნაწერში არ ასახელებს თავის-თავს ავტორად; ხოლო ერთ ხელნაწერში იგი პირდაპირ მოიხსენებს თავის-თავს მხოლოდ როგორც გადამწერელს (ხელნაწერი : „მჩ˜კლი“; იხ. აქვე, სქოლიო მე-10 სტროფისა).

რომ იოანე-ზოსიმე არ არის ავტორი ამ ძეგლისა, არამედ მხოლოდ გადამწერი, ამას სრულის უეჭველობით ადასტურებს ორი გარემოება:

ა. იოანე-ზოსიმეს გადაწერილ ხელნაწერებში ტექსტი ამ ძეგლისა ადგილ-ადგილ დაზიანებულად არის წარმოდგენილი. როგორც ჩანს, ეს ძეგლი არაერთგზის გადაწერილა და მას დაზიანება განუცდია, ვიდრე იგი იოანე-ზოსიმეს ხელში მოხვდებოდა. აზრის ისეთი დამამახინჯებელი შეცდომები, რომელსაც ჩვენ ვხვდებით იოანე-ზოსიმეს გადაწერილ ხელნაწერებში, თვით ავტორს, რასაკვირველია, არას შემთხვევაში არ მოუვიდოდა.

ასე, იოანე-ზოსიმეს გადაწერილ ტექსტში ჩვენ გვაქვს ასეთი შეცდომები:

ა) სტროფი 1. უნდა იყოს „მესიისა“, წერია: „მისისა“.
ბ) სტროფი 6. უნდა იყოს „წილი“ (სახელწოდება ასოსი), წერია: „წელი“.
გ) სტროფი 10. იგივე სიტყვა „წილი“ (სახელწოდება ასოსი) სამ ხელნაწერში (A, B, C) იკითხვის დამახინჯებულად, როგორც „წელი“.
დ) ამავე სტროფში წერია: ,წარმოგითხრას“; აქ შეცდომით გაერთიანებულია ორი სიტყვა: „წარმოგითხარ ას(-ოთხი)“, ფრაზიდან: „წარმოგითხარ ას-ოთხი ესე წელი...“
ე) რიცხვი „ას-ოთხი“ (ანუ ასო-ნიშნებით: „რდ“) ერთ შემთხვევაში, მე-9 სტროფში, იკითხვის როგორც „ოთხმეოცდაათოთხმეტი“ („ჟდ“, ე. ი. „რ“ დაზიანებულა როგორც „ჟ“); მეორე შემთხვევაში, — მე-10 სტროფში, —A, B და ხელნაწერებში იკითხვის როგორც „ასი“ (ე. ი. ჯგუფში „რდ“, რაც ას-ოთხს აღნიშნავს, დაკარგულია ბოლო „დ“, ოთხის აღმნიშვნელი). D ხელნაწერში რიცხვი სრულიად ამოვარდნილია.
ვ) თუ რაოდნად დამახინჯებულად არის წარმოდგენილი ხელნაწერებში მთელი ტექსტი მეათე სტროფისა, ამას მკითხველი გაითვალისწინებს სქოლიოში აღნიშნული ვარიანტებიდან. ამ სტროფის მეორე ნახევრის ნამდვილი პირველადი ტექსტი ასეთია: „მოწამედ წარმოგითხარ ას-ოთხი ესე წელი და წილი ანბანისაჲ“. ხოლო ხელნაწერებში ეს ტექსტი ასეა დაზიანებულად წარმოდგენილი: A-ში: „მოწამედ წარმოგითხარ ასი ესე წელი (და) ანბანისაჲ“ (ე. ი. აკლია ორი სიტყვა: „ოთხი“ და „წილი“); B და C-ში „მოწამედ წარმოგითხარ ასი ესე წელი ანბანისაჲ“ (აქ აკლია სამი სიტყვა: „ოთხი“, „და“, „წილი“); A-ში: „მოწამედ წარმოგითხრას ესე წილი ანბანისაჲ“ (დაზიანებულია სიტყვები: „წარმოგითხარ ას-ოთხი“' და გამორჩენილია: „წელი და“).

ამრიგად საესებით აშკარაა, რომ იოანე-ზოსიმეს ხელთა ჰქონია ამ ძეგლის ისეთი დედანი, სადაც ტექსტი მნიშვნელოვნად დაზიანებული ყოფილა.

ბ. მეორე გარემოება, რომლის მიხედვითაც უდავოდ დასტურდება, რომ იოანე-ზოსიმე არ არის ავტორი ამ ძეგლისა, არის შემდეგი. როგორც ცნობილია, ძველ-ქართული წელთაღრიცხვა განსხვავდებოდა დასავლეთში მიდებული წელთადრიცხვისაგან. სახელდობრ ქართული წელთაღრიცხვა წინ უსწრებს ბიზანტიურ წელთაღრიცხვას 96 წლით, ალექსანდრულ წელთაღრიცხვას 104 წლით, იერუსალიმურ (პანოდორესეულ) წელთაღრიცხვას 112 წლით.

იოანე-ზოსიმე საბაწმინდელ-სინელს, როგორც ცნობილია, ეკუთვნის ვრცელი რედაქცია ძველ-ქართული ქრონოლოგიურ-საკალენდარო ტრაქტატისა: „ცნობისათჳს და უწყებისათჳს ჭეშმარიტად, რომელი მოგუეთხრა ჩუენ მოძღუართა მიერ განსაზღვრებული, გამოძიებისათჳს ჟამთა და წელთა....“.

იოანე-ზოსიმე ამ ტრაქტატში, რომელიც ავტოგრაფულ ხელნაწერშია დაცული, ეხება რა იმ სხვაობას, რომელიც არსებობდა ძველ-ქართულ წელთაღრიცხვასა და დასავლურ, კერძოდ იერუსალიმურ წელთაღრიცხვას შორის, იმ აზრს გამოსთქვამს, რომ სწორია იერუსალიმური წელთაღრიცხვა, ხოლო ქართული, რომელიც 112 წლით წინ უსწრებს იერუსალიმურ წელთაღრიცხვას, შეცდომას წარმოადგენსო. იოანე-ზოსიმე წერს:

„ას და ათორმეტითა წლითა წინაჲთ თუალვენ ქართველნი ქრონიკონისა თავისა დაწყებასა ვისისაგანმე მოცთუნებითა“ (იხ. „გამოძიებისათჳს .ჟამთა და წელთა“, იოანე-ზოსიმეს ავტოგრაფული ხელნაწერი, დაცული ლენინგრადის საჯარო წიგნთსაცავში).

სულ სხვა აზრისაა ამ საგანზე ავტორი ჩვენი ძეგლისა „ქებაჲ ქართულისა ენისაჲ“. ავტორი ამ ძეგლისა ქართული წელთადრიცხვის მეტობას მიიჩნევს პროვიდენციალურ მოვლენად; იგი მას მისტიურ განმარტებას აძლევს, რომ ამ მეტობის მიხედვითაც მტკიცდებაო ქართულის უპირატესობა სხვათა ენათა წინაშე.

ამრიგად, ჩვენი ძეგლის ავტორი და იოანე-ზოსიმე ქართული წელთადრიცხვის მეტობის შესახებ დიამეტრულად საწინაადმდეგო აზრისა არიან.

ასეთია უდავო ფაქტები, რომელთა მიხედვითაც დასტურდება, რომ იოანე-ზოსიმე არაა ავტორი ამ ძეგლისა „ქებაჲ ქართულისა ენისაჲ“; იგი არის მხოლოდ გადამწერი.

მაშ ვინ არის ავტორი?

ამის შესახებ ჩვენ პირდაპირი პასუხი არა გვაქვს.

ხოლო ერთი რამის აღნიშვნა კი შეიძლება: ეს ძეგლი გამოსულია გიორგი მერჩულის სალიტერატურო სკოლიდან; არაა გამორიცხული ისიც, რომ ავტორი იყოს თვით გიორგი მერჩულე.

აქ ჩვენ მივაქცევთ მკითხველის ყურადღებას შემდეგ ნიშნეულ მხარეს.

ჩვენ უკვე მივუთითეთ, რომ ძეგლში «ქებაჲ ქართულისა ენისაჲ» ჩვენ გვაქვს სტროფული ალიტერაცია. სახელდობრ აქ გვაქვს თავედი მარცვლედი ალიტერაცია, აგებული მარცვალზე „და“ (პირველი სტროფის დასაწყისში თავედი ალიტერაცია „და“ გამოვლენილია სიტყვით „დამარხულ“, დანარჩენი სტროფების დასაწყისში იგი გადმოიცემა კავშირით: „და“).

თავედი ალიტერაცია X საუკუნის ქართულ მწერლობაში ცნობილია სახელწოდებით: „მერჩულიულნი“, რის მიხედვითაც ირკვევა, რომ ამ ფორმის დამამკვიდრებელი ქართულ მწერლობაში გიორგი მერჩულე ყოფილა.

ამრიგად «ქებაჲ ქართულისა ენისაჲ» ამ ნიშნეულობის, თავედი ალიტერაციის ფორმის მიხედვით, ეკუთვნის ან თვით გიორგი მერჩულეს, ან გიორგი მერჩულის სკოლის მწერალს, რომელსაც გამოუყენებია „მერჩულიული“ ფორმა თავედი ალიტერაციისა.

აღსანიშნავია, რომ ამ ძეგლის მოღწეული ხელნაწერები დროის მიხედვითაც ემთხვევა გიორგი მერჩულის ხანას. გიორგი მერჩულე X საუკუნის პირველი ნახევრის მწერალია. ცხორება გრიგოლ ხანძთელისა, დაწერილი გიორგი მერჩულის მიერ მისი ცხოვრების დაისზე, 950 წელს გამოქვეყნდა. ხოლო მოღწეული ხელნაწერები ჩვენი ძეგლისა — «ქებაჲ ქართულისა ენისაჲ» გადაწერილია უახლოეს მომდევნო ათეულ წლებში, A ხელნაწერი 962 წელს, B— 979-ს, C და D 981 — 982 წლებში.

არაა ინტერესს მოკლებული აღვნიშნოთ ამასთან, რომ გიორგი მერჩულის უმცროსი თანამედროვე იოანე-ზოსიმე საბაწმიდელ-სინელი, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ამ ძეგლის გავრცელებაში, ვიდრე იგი პალესტინაში გადასახლდებოდა, უფრო ადრე, X საუკუნის პირველ ნახევარში, მოღვაწეობდა გრიგოლ ხანძთელის მიერ დაარსებულ სავანეში — შატბერთში. მაშასადამე, მას აქ შეეძლო გასცნობოდა ამ ძეგლს „ქებაჲ ქართულისა ენისაჲ“.

პავლე ინგოროყვა - გიორგი მერჩულე, გვ. 745-753, თბილისი, 1954