ანდერძი დიდს ჭირსა შინა მყოფის მეფის ვახტანგისა

ჟამსა მას პატიოსნისა და ამაღლებულისა და დიდებულისა დედათშვენიერებისა, თვითმპყრობელისა და ღვთივგვირგინოსნისა მეფეთ მეფისა თამარისა ესე წიგნი ეთარგმნათ, რომელი ,, ცხოვრებასა ქართლისასაც,, წერილ არს. ამითიც საცნაურ არს, რაოდენსაცა საქართველოში ანუ არაკსა და იგავსა, ანუ ზეპირს მუნასიბსა ლექსსა ახლა იტყვიან. უფროსი ერთი ამაში სწერია. მაშინდელი ნათარგმნი ჟამთა ვითარებით დაკარგულიყო და შემდგომად ბატონს დავითს, ბატონის თეიმურაზის მამას, კუსა დამორიელის არაკამდის ეთარგმნა. მაგრამ არც ლექსი გამოეღო და ზოგი სიტყვაც დაეკლო და არც გასრულება დასცალებოდა. მე ის წიგნი ხელად შემომივარდა. ვნახე რომ იყო სიტკბოთი და სარგოთი სრული. რაოდენი ზღაპრის წიგნია და ანუ მსოფლიო სწავლანი არიან, ამისთანა სარგო და საამოდ საკითხავი არ იპოებოდა. ერთს სპარსსა რომ მცირედ ქართული ენა და წიგნი ესწავლა, ამის შესრულება უთხარი. მან თარგმნა იწყო, მაგრამ ენის უცოდინარობით ვერც კარგა გამოიღო და გასრულებამდის მეც ისპაანს წასვლა მომიხდა. ისპაანს რომ ჩაველ მუნ ერთს სომეხს უთხარ: რომ სპარსული ესწავლა, ნაკლების შესრულება და მან შეასრულა, მაგრამ ლექსი სიტყვა და გაწყობა ბევრი დააკლდა. არათუ ჩემის რისმე დანაშაულისათვის არამედ სული უმჯობოა საზრდელისა და გვამი_სამოსლისა, ამისთვისმომიძულეს და ამის მიზეზისათვის ტყვე მყვეს და შემდგომად ამისსა ქირმანს წარმომგზავნეს.

ლექსი

მეტყვიან ხვალმე, რისთვის გაქვს პური, ჭირი, ჭმუნვა და წყინება,
ქუჩუკას სახლსა ვწუნობდი, როგორ ნუ მომეწყინება
ახლა წირმანსაც დამკარგეს დამვიწყდა ამასწინება
არ ვეჭვობ შერჩეს ღმთისაგან ვინც ჩემთვის ასე ინება.

რა მიველ მუნ წიგნი სარგონი არ მახლდა, და ცუდად ყოფნა სულისაც მაზიანებლად ვნახე და ხორცის საწუხრადაც. სხვა საქმე არა მქონდა რა და ამის შექცევას გამოვეკიდე.

ლექსი

ცუდად ყოფნისა წამალად ვსვი ცუდი შარბათებია.

მზე აღმოვიდა, მიადგა ბარი იყო, თუ მთებია.

მაგრამ მე მისი მწვერვალი არსით არ მომნათები

ამისთვის სევდა_ნაღველი გლახ გულსა გამერთებია.

თუცა დამეკლოს რამე, ნუ დამგმობტ: ჩემი ჭირი ქვას ქონებოდა, დადნებოდა. ჩემი ფიქრი და ნაღველი ზღვის ალაგს აავსებდა. და თუცა ვინმე უკეთ იტყვით, არ გიშლი და კარგსა იქთ.

ლექსი

ვინც უკეთ იტყვით არ გიშლი, არც არას მეწყინებისა

მე ჩემმან ბედმან არ მომცა ჟამი ჩემისა ნებისა.

რაც ჯავრისაგან შევიძელ, ვთქვი რამე მე ლხინებისა

სხვა მეტი ვერა გავაწყვე თქმა ქების გინდ გინებისა

მე კაცის შეუტყობრობისა და მოუძაგებლობისა გულისათვის ადვილისა და ,მსოფლიოს სიტყვით დავსწერე. რომ ნკითხველთ სამძულვაროდ არ უჩნდესთ და ეს სწავლა გაუგონებელი არ დარჩეს.

ლექსი

არ ვიყავ სულით უცოდნი, ვიცოდი ენა მძიმენი

მეკითხა წიგნი საღმთო და საერო ამას წინები,

ვთქვი ენით მეტად ადვილით, რომ იყოს მოუწყინები

არვინ გამხადოთ ამისთვის საკიცხარ_მოსაყინები.

არვის გმართებსთ ვისცა ხელად შემოგივარდეთ, ამის ამბის შეუტყობარი, დარჩეთ, და ან მე ჭირი მინახავს ამის თარგმანზე ისიც არ შეიტყოთ და არ გასინჯოთ.

ლექსი

კაცი გემოს მაშინ იცნობს ოდეს ენა დააწოსა

ღამესა ვარ უნათლოსა მივემსგავსე მე მას წოსა

ალსა ვზივარ ცეცხლისასა სანამ გაქრეს უნდა მწოსა

კაცსა ბედი ვერას არგებს, თუცა ღმერთი არ ემწოსა

სპარს ენაში მეტად ტკბილად და კარგად უთქვამთ, ამასაც ნახავთ ლექსი ლექსად გარდმოვსთქვი უკლებრად, რომელი ოთხმუხლი იყო, ანუ ორმუხლი, ანუ ერთმუხლი, ანუ ათმუხლი, მეტი თუ ნაკლები, და ამბავი _ ამბად. მაგრამ ლექსი სპარსული ქართულს ენაში ლექსად არ ითარგმნება, ამბად მოვა და მე იმავე ამბის გალექსვა მოვინდომე. და ეგება ლექსი არ მოგეწონოთ გასინჯეთ რომ სხვის კაცისაგან ნათქვამს ამბავს მეორე ისე ვეღარ იტყვის, სპარსის ლექსის იგავი ამის უკეთ ქართულად ვერ მოვიყვანე. თვარემ სპარსულში დიაღ გაწყობილია.

ლექსი

ეს ,,ქილილა და დამანა,, ბრზენთაგან გამოთქმულები,

სპარსთა ენითა სიტკბოთი დაშაქრულ_დამბასულები,

ვპოე და ჩვენად გარდმოვსთქვი ყვავილი ტურფად რგულები,

ლექსი ლექსად და ამბავი არც ერთი დაკლებულები,

როგორც მათში იყო ამბავი თავის ადგილს და ლექსი თავის ადგილს დავსწერე.

ამთონის ცემის ჭირის ხელფასად ლოცვა და შენდობა რომ წესია, ავენობის პირს მაინც ნურვინ გახსნით.

ლექსი

ეს წიგნი ბრძენთა ნეთელი, სხივით შუქით მზიანი,

ყურითა ტკბილად სასმენი, სულით ვარდი და იანი,

მკითხველთა სარგო მრავალი, არათა არა ზიანი,

ვსწერ მეფე ვახტანგ ქართველთა, თესლ_ტომად დავითიანი.