“მდინარეთა ზედა ბაბილონისათა დავსხედით
და ვტიროდეთ... ძეწნათა ზედა და შორის
მისსა მუნ დავკიდენით საგალობელნი ჩვენნი”...
ფ ს ა ლ მ უ ნ ი 137.


ცხოვრება ჩვენი
ნუთუ ამით უნდა დამთავრდეს,
რომ საგოდებლად
ენისეის პირად ჩამომსხდართ
ღამემ მოგვისწროს
უსასრულოდ ხანგრძლივმა ღამემ...
არა, მე იმ დღეს
ვერ შევხვდები თავდადრეკილი,
ხმაჩაწყვეტილ ჩანგს
სისხლისმსმელ მომხდურს
და თუ დამპყრობელს
ვერ შევაკვდი, ჩემს ჩანგს კი არა,
ჩემს ტანჯულ სხეულს
ჩამოვკიდებ იმ ძეწნის ტოტზე
გაჩანაგებულ სულის კარნახით!

კითხვა

სულ ცრემლი, ოხვრა, ნაღველი
დამწყლულებელი გულისა...
ნეტავ, ვიცოდე, სადა სჩქეფს
ნაკადი სიხარულისა?
სულ რბევა, უსამართლობა,
დაულეველი მონება...
როს დასძლევს მადლი ბოროტსა-
რისთვის არ გვეტყვის გონება?
სულ შური, განხეთქილება,
სულ გმინვა დაჩაგრულისა...
სადღაა საურთიერთო
გალობა სიყვარულისა?

მიგება

ოხვრასა, ცრემლსა, ნაღველში
ძლევით იმოსვის გულია,
დაჰკრავს, წამების კლდეს გასტეხს,
იქ მოსჩქეფს სიხარულია.
უსამართლობა სულს ძალს ფენს
სტიქიონს ჰბადებს მონება,
დალეწავს ბორკილს-ბოროტი
მადლს მაშინ დაემონება!...
ურთიერთობა ვარდს კოკრავს,
უცინის შთამომავლობას
და დროთა ჩანგი უკვდავსა
ავრცელებს ხალხში გალობას!..


1899 წ.

თქვენ მიაღწიეთ მიზანს სასურველს,
თეთრო ვეშაპო, შავო ურჩხულო
ჩვენს მოსასპობად სხვები აღჭურვეთ,
თავს დაგვახვიეთ ყველა ურჯულო.

შემოგვასიეთ ყველა მზაკვარი,
სისხლის წყურვილით მხეცი აღანთეთ...
იწვის ქართველი ბავშვის აკვანი
და ჩვილის სისხლი ღმერთს შეჰღაღადებს!

ქარი ქრის, მთებში გზა დათოვლილა,
ისმის მოთქმა და წყევლას უთვლიან
მათ, ვინც აქცია მკვიდრი ლტოლვილად
და ამოძირკვა დედა-ბუდიან.

თუ წყევლა-კრულვა ხალხების ახდა,
ნათელი როგორ უნდა იხილოთ?!
თქვენ საპყრობილე აშენეთ ხალხთა
და არ გრცხვენოდათ, ვაი სირცხვილო!

სულ სხვის მიწაზე გეჭირათ თვალი
და შიშს სთესავდით ხიშტით, შეტევით,
თუმც უნაპირო გაქვთ მიწა-წყალი,
მაინც არ გყოფნით და ვერ ეტევით.

კმარა! სისხლიან ხელს ნუღარ იწვდით,
შველას, მშვიდობას ყველგან ითხოვენ...
და თქვენც გაძღებით ბოლოს იმ მიწით,
მიწით, რომელიც შეგჭამთ თვითონვე!