გახსოვს, მაცდურო, შენ ის საღამო,
ის მოკაზმული უცხო ქვეყანა,
ცრემლი და ფიცი სალხენ-საამო
და სიყვარულის ციური ნანა?
გახსოვს-ვისხედით მდინარის პირად,
შორს, შორს ცის კიდეს მივჩერებოდით,
სიყვარულს ვრაცხდით სინორჩის გმირად,
მხოლოდ ტრფობაში სიამეს ვგრძნობდით?
გახსოვს-გვირგვინსა სანატრს გვიწნავდნენ
დამავალი მზის ცელქი სხივები,
სიყვარულზედა ზვირთნი გვიმღერდნენ
და ბანს აძლევდნენ გულის სიმები?
გახსოვს-ნიავი ცელქი და გრილი
მეცილებოდა მე შენსა ალერსს,
ბულბული სტვენდა გრძნობით აღვსილი,
ვარდად იმჩნევდა შენს ტურფა ღაწვებს!
შენც იმღეროდი!.. შენსა გამგონეს
უსულო ქვებსაც კი ატყვევებდი,
მატებდი სულის, გულის ძალ-ღონეს
და გრძნობათ წყაროს მისალბუნებდი?..
ტრფობისა ხარკად მომიძღვენ ვარდი…
“გმადლობ”- ვერ გითხარ: ენა დამება...
ოჰ, რანაირად იმ დროს მიყვარდი,
ჩემო სიცოცხლევ, ჩემო ღვთაებავ?..
ახლა? ოჰ, ახლა?.. ღმერთს გეფიცები
ხან და ხან შხამად გარდვიქცე მინდა;
მინდა მოვიმხრო ბელზებულები,
მაცდური, შმაგი, თვით არაწმინდა;
შევიქნე ცეცხლი და საწამლავი,
მთელი მსოფლიოს დამდუღებელი,
შუბი, მახვილი შუბლ-გამგმირავი,
ღვთის-რისხვა, ქვეყნის ამტირებელი-
და შენ გაწამო!.. ეგ შენი სული
ყოველ წამს სიკვდილს რომ ნატრულობდეს,
ესხმოდეს კუპრი ადუღებული,
ხსნასა და შველას ვერსით ხედავდეს!..
ჩემთან პირ-შავო, ღმერთთან შემცოდე,
სცან ამ წამების, ტანჯვის ღირსი ხარ!..
მაგრამ რად არ გკლავ-გინდა იცოდე?-
ამ საბრალო გულს ძველებრ უყვარხარ!..


1900 წ.

ისევ ეს ფიქრი გდევს წლიდან წლამდე,
საითაც უნდა მიაპყრო მზერა,
სულ გინდა,
რაღაც გულით რომ გწამდეს,
და სადღაც კიდევ
რაღაცის გჯერა.
გჯერა,
რომ ფესვებს წლები არ უშლის,
ისევ იფეთქონ მწვანე ყლორტებად...
ლექსში,
შვილებში
და სიყვარულში
ჩვენი სიცოცხლე განმეორდება.
განმეორდება,
ურწმუნო ნუ ხარ,
(რწმენის დაკარგვა შესაზარია!)
ბედნიერია,
ბრმად ვისაც უყვარს
და მორწმუნენი ნეტარ არიან.
განმეორდება,
რაც გიმგზავრია,
რაც გიპოვნია,
რაც გაგფრენია!
მაგრამ ცხოვრება თუ სიზმარია,
გულდასაწყვეტიც არაფერია!..

გაზაფხულის ამო ძალა
სოფელს უმღერს “ქებათ-ქებას”.
სევდა იმედს ენაცვალა
და სამგოსნო აღტაცებას;
ანავარდდა სული, გული,
გრძნობა წმიდა, მონარნარე,
თვალსაჩინოდ მოქარგული,
ახავერდდა არე-მარე;
გაიფურჩქნა ია-ვარდი.
მოეკაზმა მდელოს გული,
მერცხალთ იწყეს ხად ნავარდი,
ნანას უმღერს ვარდს ბულბული.
მზის ამოსვლას ელოდება
სასოებით ქვეყნად ყველა
და ზეცაზე ისახება
განახლების ცისარტყელა,
ჰა, ლომ-კაცი, შრომის შვილი
სთესავს,-ელის მოსავალსა,
თავის ბედით კმაყოფილი
ნატრობს შვილთ კარგს მომავალსა.
მწყემსი დილით მთასა და ველს
უხმატკბილებს სალამურსა.
გოგოთ გროვა ბანსა აძლევს,
იმღერიან საამურსა:
ყველა ერთად სამეჯლისოდ
ემზადება; უძგერთ გული,
ყველასა აქვს სამერმისოთ
იმედები დასახული...
ყველა იღვწის სასოებით,
ამყარებენ თანხმობასა,
ჯვრის წინ ლოცვით და ვედრებით
შეხარიან აღდგომასა...
გაზაფხულის ამო ძალა
სოფელს უმღერს “ქებათ-ქებას”,
სევდა იმედს ენაცალა
და სამგოსნო აღტაცებას...


1901 წ.