მყინვარწვერის თოვლის თეთრო თაველო,
ლურჯო ნისლო, მტკვრიდან ცაზე ასულო,
ვეფხის ტყავად დაფენილო მთა-ველო,
ორბის ფრთების ჩრდილით გადახაზულო!

გაზაფხულს ოქროვანო წვიმებო,
მზის ყვავილო, ციდან ძირს გადმორგულო,
შოთას ქნარის მოგუგუნე სიმებო
და აკაკის ხმაწკრიალა ჩონგურო!

ძველო ფუძევ, მრავალ ჭირის მნახველო,
ოფლდაღვრილო ბევრჯერ სისხლით ნაბანო!
წინაპარტა ღირსეულო სახელო
და გმირების მუდამ თბილო აკვანო!

ნედლო მიწავ, ერთი ხელის დადებავ,
გამძლეობით უმტკიცესო რვალისა!
ელვის ღვარო და მსოფლიოს ნათებავ
ამ მიწიდან ამოვარდნილ ალისა!

განთიადის ცეცხლის შემოკიდებავ
და საღამოს მთვარევ, ჯიხვის რქიანო!
აღმართ-აღმართ აღმავალო დიდებავ,
შენ ახალი საქართველო გქვიანო!


1941

ჩამავალი მზის უცებ ჩაქრა ალი უშრეტი,-
მზე გააქციეს ვარსკვლავების თეთრმა ეშვებმა.
დავხრი წამწამებს: - თითქოს ფარდა ჩამოეშვება -
და სადღაც ტვინში აენთება ერთი უჯრედი.

და უმიზეზოდ, უცნაურად მომაგონდება:
წაქცეულ ხეზე დინჯად ადის შავი მამალი,
ღობის წნელებში გახლართულა მზე ჩამავალი.
ღობესთან სხივი და ქალის თმა ერთად გროვდება.

ცისფრად ელავენ ოქროსთმიან ქალის თვალები,
გაწვდილი ხელი ატმის ყვავილს ვეღარა სწვდება.
ვიცი - ისარი იისფერი გულს არ ასცდება,
მაგრამ მივრბივარ,რომ ვუშველო ქალს მოკრძალებით.

იხრება დაბლა შტო ატმისა.ყვავილს სწყვეტს ხელი.
და,როგორც გნოლი მოიტაცოს ცის შევარდენმა, -
მოულოდნელად ქალის ხელი ტყვედ ჩავარდება
და გამწყრალ თითებს დააცხრება ტუჩები ცხელი.

ქალი სახლისკენ მიბრუნდება და მიმავალი,
მესვრის ღიმილით ატმის ყვავილს თვალანთებული.
გული ჩიტივით ფრთებს იწეწავს დატყვევებული.
წაქცეულ ხეზე დგას და ყივის შავი მამალი.


1927

  ოფიციალური სახელი:    ალექსანდრე (ისააკ) ჩოჩია
დაბადების თარიღი:    15 აგვისტო, 1884
გარდაცვ. თარიღი:    27 სექტემბერი, 1954  (70 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:    დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:    მწერალი

ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: აბაშის რაიონი, სოფელი საჩოჩიო(ახლანდელი აბაშისპირი).
ქართველი პოეტი. დაიბადა ღარიბი გლეხის ოჯახში. სწავლობდა აბაშის ორკლასიან სასწავლებელში. მსახურობდა საჩოჩიოს ფოსტის მოხელედ. რევოლუციურ მოძრაობაში მონაწილეობისთვის 1906 წელს გადაასახლეს სოლვიჩეგოდსკში. გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ (1908) მუშაობდა თბილისში "კავკაზისა" და "ნოვაია რეჩის" რედაქციებში. აქ გამოქვეყნდა აბაშელის პირველი ლექსები რუსულ ენაზე. მისი პირველი ქართული ლექსი "შავი აჩრდილი" 1910 წელს დაიბეჭდა (ჟურნალ "თეატრი და ცხოვრება", № 28). 1905 წელს რევოლუციის ოპტიმისტური და რეაქციის პერიოდის სევდიანი განწყობილებები აირეკლა აბაშელის ლექსთა პირველ წიგნში "მზის სიცილი" (1913). კრებულის ძირითადი თემაა ე. წ. მზის კულტი, რომელსაც ორგანულად უკავშირდება რეალისტური და სიმბოლისტური ტენდეციები. საბჭოთა საქართველოში სოციალისტურ გარდაქმნასთან ერთად აბაშელის პოეზიაში ახალი ეტაპი დაიწყო (ლექსი "თბილისი", 1926). ლექსთა წიგნში "გაბზარული სარკე" (1929) პოეტი "ეპოქისათვის თანამგზავრული სიმღერის" თქმას მოითხოვდა. აბაშელის შემოქმედებაში დამკვიდრდა ახალი ქვეყნის მშენებლობის თემატიკა. სამამულო ომის დროს დაწერილ ლექსებში პოეტმა უმღერა საბჭოთა ხალხის გმირობას. ალექსანდრე აბაშელის კალამს ეკუთვნის აგრეთვე მოთხრობები "ქალი სარკეში" (1930), "ატმის ყვავილი" (გამოქვეყნდა 1959), კრიტიკული წერილები. დაუმთავრებელი დარჩა რომანი "ირმა". მისი რედაქციით გამოვიდა ვაჟა-ფშაველას თხზულებათა პირველი სრული კრებული.


წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.17


ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

    აკადემიური მწერლობის კავშირი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

    შრომის წითელი დროშის ორდენი

ბიბლიოგრაფია

    ქალი სარკეში : ფანტასტიკური რომანი (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1987. - 400 გვ.
    ატმის ყვავილი (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1968. - 28გვ.
    გაბზარული სარკე : ლექსები (ავტორი). - S.L., ზარია ვოსტოკა-ს სტ., 1929. - 136გვ.


ლექსები

ატმის ყვავილები

ახალ საქართველოს

მზე ამოდის

ტაძარში

უცნაური ამბავი

ცხრა წყარო


მოთხრობები

ქალი სარკეში