დაბადების თარიღი:    21 თებერვალი, 1857
გარდაცვ. თარიღი:    25 აგვისტო, 1902  (45 წლის ასაკში)
კატეგორია:    დრამატურგი, მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი დიღომი.

ცაგარელის პირველი პიესა იყო კომედია "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ" (1878). მეტად პოპულარული პიესა "ხანუმა" (1882). ცაგარელს ეკუთვნის დრამები: "მათიკო" (1880), "ცისარტყელა" (1900); კომედია "ციმბირელი" (1886); ვოდევილები: "ჭკუისა მჭირს" (1897), "როგორც მოხვალ სვინაო, ისე წახვალ შინაო" (1900); ლექსები: 'პოეტი' (1882), "ყარაჩოღელი ლოთი" (1885), "ჩვენი ქალები"(1892), "ნატვრა" (1900); პუბლიცისტური წერილები და სხვა. მწერალი სატირულ პამფლეტებს აქვეყნებდა გაზეთ "დროებაში" სათაურით "დუდუკი". 1936 თბილისში გამოვიდა ცაგარელის "კომედიები".  მისი ზოგიერთი კომედია ქართული დრამატურგიის ოქროს ფონდში შევიდა. ა. ცაგარელის ნაწარმოებების გმირები არიან უსახსროდ დარჩენილი თავად–აზნაურები, ვაჭრები, ხელოსნები, ყარაჩოხელები და სხვა, შესანიშნავად აღწერს იგი ქალაქურ ყოფას. პიესა "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ" საფუძვლად დაედო ამავე სახელწოდების ფილმს (1965, რეჟისორი მიხეილ ჭიაურელი), ხოლო კომედია "ხანუმა" ამავე სახელწოდების ფილმს (1926, რეჟისორი ა. წუწუნავა), ვ. დოლიძის ოპერის "ქეთო და კოტეს" ლიბრეტოსა და ფილმს "ქეთო და კოტე" (1948, რეჟისორი ვ. ტაბლიაშვილი). 1968 შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში რეჟისორ რ. სტურუამ დადგა სპექტაკლი "ხანუმა". ა. ცაგარელის დრამატულმა ნაწარმოებებმა იმთავითვე დიდი აღიარება მოიპოვა, რაც განაპირობა მისი პიესების ცოცხალმა სასაუბრო ენამ, დახვეწილმა დიალოგებმა, ოსტატურად დახატულმა ტიპაჟმა, დიდმა ცხოვრებისეულმა სიმართლემ.


წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.11.-თბ.,1987.-გვ.182

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

თბილისის მუდმივი ქართული დასი, წევრი (1879-)

ბიბლიოგრაფია

კომედიები (ავტორი). - ტფილისი, ფედერაცია-ს გა-მა და სტ., 1936. - 504გვ.
მათიკო : ხუთ მოქმედებიანი დრამა (ავტორი). - თბილისი, მელიქიშვილის სტ., 1880. - 187გვ.


პიესა

ხანუმა

რაც გინახავს, ვეღარ ნახავ


მემუარები

მოგონებანი


ლექსი

ყარაჩუღელი ლოთი

I

სოფელ წაბლისერში გლეხის ძალაძის ოჯახი ერთ დროს ძლიერ ქებული და მძლავრი ოჯახი იყო. “გაბილა ძალაძეს ხმამაღლა ვერავინ ჩასძახებს ოჯახში, ბატონსაც კი ეშინია მისიო”, - ამბობდა ძალაძის მეზობლები იმ დროს, როცა ბატონყმობა ჯერ კიდევ შეურყეველი იყო ჩვენში. ბატონი ან მისი მოურავი როცა გაბრიელას სხვა შინაყმებივით დაჩაგვრას მოუნდომებდა, გაბრიელ თოფით უხვდებოდა წინ: “გიჯობს შენს ტყავში დიეტიო! გეყოფა იგიც, რომ შენ ბატონი ხარ და მე ყმაი, კვირეში ოთხ დღეს შენთვის ვმუშაობ და ორს ჩემთვის; თლათ შესაჭმელად ნუ მომინდომებ, თუ არა, ერთი თუ თავზე ხელი ევიღე, შავს დღეს დაგაყენებ, ოხრად მოგიქცევ იმ საწყალ ყაძახების ოფლით აგებულ სასახლესო”.

გაბრიელას ბატონი თავადი თხლეძირაძე მუდამ უჩიოდა ამ თავზედ ხელაღებულს შინაყმას. “აბა რა უნდა ვუყო ამ ბიჭს? ნებით გემოიანათ არ გემსახურება; ძალა ვიხმარო, კიდევ უარესია. კაცმა თუ თავზე ხელი ეიღო, იმაზე საშიში რაღაა ქვეყანაზე! გაბილას ხომ ბევრი აღარ უკლია თავზე ხელის აღებას. ყველა ყაძახი რომ გაბილაისნაირი ყოფილიყო, შენი მტერია, ბატონყმობა დიდი ხნიდან მოისპობოდა!” ასე ამბობდა ეშმაკი ბატონი, მაგრამ სადაც ძალა არ სჭრიდა, იქ თავის ხრიკიან ენას აჭრევიებდა: კვირაში ოთხ დღე მაინცდამაინც საბატონო ოჩეში ანუ ყანაში მუშაობდა გაბრიელი, ეს ვითომდა ბატონის ურგები შინაყმა.

მაგრამ გაბრიელის ერთადერთი შვილი, საყვარელა, არ ჰგავდა მამას: ვერ იყო გაბრიელასავით ამაყი და გულდაუდრეკელი. საყვარელას თავისი მორჩილობით და თავდაბლობით უნდოდა ამქვეყნად თავის გატანა. ცხვირი რომ გაეტეხათ მისთვის, ხელს არ შეუბრუნებდა. რაკი ასეთ დაბალ ღობედ მიიჩნიეს საყვარელა, ბატონიც და მეზობელიც, ყველა ჰქელავდა და თავში ურახუნებდა. საყვარელას მეუღლე ქეთევან, რომელიც გაბრიელამ ამ თავისი ნებით შერთო შვილს, ყოჩაღი და გაბედული დედაკაცი იყო, მაგრამ იმისთანა ღვთის მონა ქმრის ხელში რა სიყოჩაღე გამოადგებოდა? მეტადრე ბატონყმობის დროს, როცა მკლავის ღონესა და ძალმომრეობაზე იყო ყოველივე დამყარებული. ამიტომაც ქეთევანი მუდამ ჩიოდა: “ჩემი ქმრისთანა შვილის დარჩენას დაურჩენლობა ჯობია. ქვეყნის სათრევი და საცემარია. მერე, რა მამის შვილი! ცხონებულ ჩემ მამამთილს ვინ გაუბედავდა იმას, რასაც ახლა ჩვენს ოჯახს უბედავენ! სულ უწყრებოდა ცხონებული: “შენ თუ ამაზე მეტად თვალი არ გაახილე, ცოცხლათ შეგჭამენო”. ქმარის ჯაბანს ხასიათს უნდა მიეწეროს ისიც, რომ ქეთევანზე ცუდი ხმები დადიოდა მეზობლებში: ქმარს არ სჯერდება, თვალი ვაჟკაცებისკენ უჭირავს, ამას და ამას ყვარობსო. ამ ხმებში ცოტაოდენი მართალიც ერია: ლამაზი, მოყვანილი და ჯანიანი ქეთევანი, ეჭვი არ არის, თავის შესაფერს მონახავდა და, თუ ფორმალურად ვერა, საიდუმლოდ მაინც გულს იმას შეუკავშირებდა.

ბატონყმობის დარღვევა მოახლოვებული იყო, რომ საყვარელამ ბატონს სასახლეში ბეგრის ღვინო წაუღო. გზაზე ცუდი ტაროსი შეხვდა, გაცივდა და ერთი კვირის ავადმყოფობის შემდეგ ჩააბარა თავის საცოდავი სიცოცხლე იმას, ვინც მიანიჭა. დარჩენ ობლად საყვარელას შვილები, ვაჟები: გიგოია - თუთხმეტი წლისა და სიმონა - სამი წლისა, ქალი მაგდანა - შვიდი წლისა. ორი ქალი კი სიცოცხლეში გამოაცალეს საყვარელას ხელიდან: ერთი ბატონმა მოსტაცა და გაუყიდა, - მეორე ყაჩაღებმა.

თუმცა საყვარელა უფოლადო, უფხო კაცი იყო, როგორც იტყვიან, მაგრამ მაინც ოჯახის თავი იყო, თავის შრომით, ავად თუ კარგად, ოჯახს არჩენდა. მისი სიკვდილის შემდეგ კი დიდი ჯაფა დააწვა ქეთევანსაც და გიგოიასაც, სიმონას კი ჯერ ჭამის გარდა არაფრის გაკეთება არ შეეძლო. მეტადრე პირველი ორი-სამი წლის განმავლობაში ძლიერ გაუჭირდა საქმე, რადგანაც ბატონყმობის გაუქმების შემდეგ გამოუცდელმა ქეთევანმა, რაც კი მიწა დარჩენოდა მათ მამა-პაპას, სულ თავის შვილების სახელზე “სანადელოდ” დააწერა: “რავა დავუკარქავ შვილებს მამა-პაპის დატიებულ მიწა-წყალსო”. ამ ბევრ სანადელო მიწებს მოჰყვა დიდი გადასახადი, რომელიც ქვრივ-ობოლს კი არა, მოწიფულს ვაჟკაცსაც გასტეხდა წელში. დიახ, პირველში ძლიერ გაუჭირა საქმე ამ გარემოებამ, მაგრამ გავიდა ხანი, აგერ გიგოია დავაჟკაცდა, ქეთევანიც გამოიცადა ქვრივობაში და ერთ ვაჟკაცს არც ის ჩამორჩებოდა საოჯახო საქმის გაკეთებაში. ბოლოს და ბოლოს ამ მოუსვენარი შრომით ისე კარგად წაიყვანა საქმე, რომ “ნადელ-ის“ მიწების შეყიდვასაც კი აპირებდენ ნაბატონარ თხლეძირაძისაგან. ``ქალი კი არა, ვეშაპია! ჰხედავ, რავა წამოაყენა ფეხზე ოჯახი და გამოზარდა შვილები! ქვრივობა კიდეც მოუხთაო'`, - ამბობდენ ქეთევანის შესახებ მისი მეზობლები.

ასე კარგად მიდიოდა საყვარელა ძალაძის ობლების საქმე, რომ ოხერი ფათერაკი არ გამოსტყვრომოდათ. ერთ დღეს, - სიმონა მაშინ შვიდი წლისა იყო, - გიგიამ ხარები შეაბა და ყანიდან ურმით სიმინდი უნდა მოეტანა. დეკემბერი იყო, მაგრამ კარგი დარი იდგა. რადგანაც ხარები კარგად გამოქნილი ჰყავდა, წინამძღოლად აღარავინ მიჰყავდა. “ფრთხილად, დედაშვილობას, ცუდი გზებია...“ - დააბარა ქეთევანმა შვილს. “ახლა ერთი შენებურა, ჰო!.. ვითამდა პირველად მივდიოდე, იმ გზაზე არ დავბერდი!..” უპასუხა გიგოიამ დედას და გადაჰკრა ხარებს შოლტი. მსუქანი, ზორბა ხარები დაიძრენ და მსუბუქად გააქანეს ურმები. “ღმერთო, შენ მომიმართე ხელი!” - გადაიწერა პირჯვარი გიგოიამ და გაჰყვა ხარებს. “ღმერთო, შენ შეეწიე, შენ დეიფარე და მოუმართე მარჯვენი!” - ილოცებოდა ქეთევან დიდხანს. სიმონა, რადგანაც ძმამ აღარ წაიტანა, გახარებული გაიქცა თავის ტოლ ბიჭებთან სათამაშოდ.

შუადღე გადავიდა. ქეთევანი კარებს აღარ შორდებოდა: ``რა ვქნა, რეზა დეიგვიანა, არ ვიცი! წავალ, შევეგებები, მარა, ღმერთო. შვიდობა მიეცი, გაწყრომა იცის: “ვითამდა ბაღანაი ვიყო, ისე უკან დამდევ ამ მოწიფულ კაცსაო'`, - ამბობდა შეშინებული ქეთევანი. ``სიმონავ! სიმონავ!” - მოისმა ხმა. ქეთევანი ფერდაკარგული გავარდა კარში და “ვინ ბძანდებიო'`, - გასძახა. “გიგოიას ურემი გადავარდნია, მოგვეხმარე! ჩქარა, ჩქარა!” მოესმა ქეთევანს პასუხად. “ვაიმე, შვილო!” ერთი შეჰკივლა ქეთევანმა და მოუსვენარი სირბილით გაიქცა გიგოიასაკენ ისე, რომ სახლის კარები არც კი დაუხურავს. როცა მიაღწია იმ ადგილს, სადაც ურემი გადაბრუნებულიყო, მწარე სანახავი წარმოუდგა ქეთევანს: იმ კლდის ძირში, რომლის თავზე გზა მიდიოდა, კისერმოგრეხილი, დამტვრეულ ურემზე, აქეთ-იქით გადახლანჯულ-გადმოხლანჯულნი ეგდენ ხარები, ერთი - ორივე რქით მიწაში დაფლული და მეორე - რქებდამტვრეული. ორივე ხარი მკვდარი იყო, მაგრამ ერთ ხარს, რომელსაც ენა გარეთ ჰქონდა გადმოგდებული, გეგონებოდა, სიცოცხლე შერჩენიაო, რადგანაც სიკვდილის დროს თვალები ღია დარჩენოდა. სიმინდი ჩაცვივულიყო პატარა მდინარეში და თითო ტაროობით მიჰქონდა მოჩანჩქარე წყალს. მეზობლებს, რომლებიც ამ დროს აქ შეხვედროდენ, გაეყვანათ გიგოია მდინარის პირზე, დაეწვინათ და სისხლი მოებანათ, მაგრამ რაღაი, რომ სიცოცხლე აღარ ეტყობოდა! ფერი წასვლოდა, ბაგე ჩასთეთრებოდა და ოდნავღა სუნთქავდა.

გიგოიას დაეტვირთა ურემი სიმინდით და წამოსულიყო შინისაკენ. კლდის პირას, გზაზე ურემს ქვეშიდან მოზღვავდებოდა, წასულიყო კლდის ძირს და ურემი, ხარები და გიგოიაც თან ჩაეტანა. თუმცა იმ დროს, როცა ორივე ხარი მომკვდარიყო, კლდიდან გადავარდნის გამო გიგოიას, ვინ იცის, რის მოწყალებით კიდევ შერჩენოდა სული, მაგრამ ისე იყო დათეთქვილი ტანში, რომ მუშა კაცად თავის დღეში ვეღარ გამოდგებოდა. ქეთევანმა რომ ამ მდგომარეობაში დაინახა თავისი შვილი, ისეთი საზარელის კივილით მივარდა და ჩაეჭდო გულში, რომ იქ მყოფი ხალხი შიშმა აიტანა, - თავს მოიკლავსო. გამწარებული დედა დიდხანს იკაწრავდა ლოყას, ძუძუს, მკერდს და გამწარებული იგლეჯდა თმას. გიგოია სულ სისხლს მოესვარა. ხალხი ეხვეოდა, მაგრამ ვერას გახდა. ბოლოს ქეთევანს გული წაუვიდა და ძლივს მოაბრუნეს წყლის პკურებით. გიგოია დიდხანს იწვა გაუნძრევლად, ბოლოს მოიბრუნა სული და ძლივს გასაგონად წამოიახა: “ნენავ, მომეხმარე!” “შვილო, გიგო, აგერ აგდია ძაღლის შესაჭმელი დედაშენი! გაახილე თვალი, კიდევ მითხარი რამე!” - ჩასძახოდა ქეთევანი. ხალხიც შემოეხვია და უძახოდა: “გიგო, გიგო! აბა გამეიხედე არ გეცოდება დედაშენი, თავს რომ იკლავსო”. მაგრამ გიგოიამ დახუჭა თვალები და კრინტსაც ვეღარ სძრავდა დაუწყეს კიდევ წყალის პკურება. რამდენისამე წამის შემდეგ, გიგოიამ კიდევ გამოახილა თვალები, “მომეხმარეთო“ დაიძახა და გულიდან ამონახეთქი სისხლი წამოუვიდა პირიდან. ხალხმა საჩქაროდ გააკეთა ჯალამბერი, ზედ დადვეს გიგოია და მიიტანეს შინ.

II

გიგოიამ ქრისტეშობის დღესასწაულებამდე იცოცხლა. ქეთევანი ერთ წამს ვერ შორდებოდა ავადმყოფს შვილს, უჯდა სასთუალთან, თან უვლიდა და თან სტიროდა უპატრონობით ოჯახის საქმე, რა თქმა უნდა, უკუღმა მიდიოდა: ნალია, რომელიც შორეულ ყანაში იდგა და რომლიდგანაც გიგოიას სიმინდი შინ უნდა მოეტანა, ქურდმა გასტეხა და გასცალა სიმინდისაგან; კარგი მაკე ძროხა ღამით გარეთ დარჩა, რადგანაც მომნახველი არავინ იყო და მგელმა შეჭამა; ღორები თითო-ოროლობით სულ დაიკარგა - ზოგი მგელმა შეჭამა და ზოგიც - ქურდმა. ქათმები და სხვა შინაური ფრინველები, რომლებიც ქეთევანს დიდძალი ჰყავდა, ზოგი ძერას და ქორს მიჰქონდა და ზოგი ავადმყოფის სანახავად მოსულ სტუმრებს უნდებოდა სადილ-ვახშმად. “ვაი, ოჯახო, ვაი, ნაოფლარო! ჩემი თვალით სიკვდილის წინ არ დამენახა მაინც შენი დაღუპვა!” - წამოიძახებდა ხანდახან მწარედ გიგოია. ვინღა მოუვლიდა ოჯახს? ქეთევანი იყო და თვითონ გიგოიას ვერ შორდებოდა; მაგდანა, ქეთევანის ქალიშვილი, ამ დროს გათხოვილი იყო, და რადგანაც მის ქმარს ერთხელ ჩხუბი მოსვლოდა თავის ცოლისძმა გიგოიასთან, ამიტომ არა თუ მშობლების ოჯახის მისახედავად, მომაკვდავი ძმის სანახავადაც არ უშვებდა ქმარი; შვიდი წლის ბიჭს, სიმონას, აბა რა ოჯახის მოვლა შეეძლო!

შობის წინა დღე იყო. გიგოია უკანასკნელ დღეებში თანდათან დასუსტდა. მეტადრე ამ დღეს ძლიერ იცვალა პირი მისმა ავადმყოფობამ. შფოთავდა, რაღაც ერთგვარი მახვილი კვნესა ამოჰკიდა, თვალები ჩაუღრმავდა, ცხვირის ნესტოები გაუთხელდა; უკანასკნელად ნათესავების და მეზობლების ცნობაც დაკარგა. ქეთევან მწარედ იცემდა ხელებს გულში და იგლეჯდა ძუძუებს, მაგრამ ხმის ამოღებას კი არ ანებებდენ ავადმყოფის მნახავები: “ამაზე უარესიც გვინახავს მორჩენილი, არ დაუბედო ტირილიო”. შუაღამე მოახლოვებული იყო, რომ გიგოიამ, კვნესის მაგიერ, ხრიალი დაიწყო, ეხლა ყველა ხედავდა, რომ გიგოია რამდენისამე საათის განმავლობაში დალევდა სულს. ქეთევანმა მორთო ტირილი და იგლეჯავდა გულ-მკერდს. გამწარებული დედა მოაშორა ხალხმა მომაკვდავს; ქეთევან გაიყვანეს გარეთ და წამდაუწუმ იმას ჩასძახოდენ: ``ქრისტიანო, ცოცხალი ადამიანის ტირილი გაგიგონია! მეიცადე ერთიცახე!'` ბოლოს ხრიალიც მიუსუსტდა გიგოიას და ერთმა მნახველმა, რომელიც თავით უჯდა ავადმყოფს, დაიძახა: რაღაი მეიცადე, კაცი გაცივდაო”. ხალხი მისცვივდა, დაუწყვეს მიცვალებულს ჯვარისსახედ ხელები, გაუსწორეს ფეხები და მოჰყვენ მაღალი ხმით ტირილს. ქეთევან შემოვარდა სახლში, მივარდა გიგოიას, მერე ეცა კედელს და ისე მძლავრად აჯახებდა ზედ თავს, რომ თუ დროზე არ დაეჭირათ, თავს გაიჩეჩქვავდა.

ბოლოს ხალხი დაწყნარდა. ქეთევანს ძალა გამოელია, ხმა ჩაუწყდა, დაეცა მიწაზე და შესაზარი ხმით გმინავდა. გიგოიას გვამს ხალხმა აუნთო წმინდა თაფლის სანთელი, რომელმაც მოყვითალო, სუსტი სინათლე მოჰფინა სახლს და უცნაური საიდუმლო ფერი დასდო იქაურობას. ამ სუსტს სინათლეზე ისე მოჩანდა მკვდრის სახე, რომ გეგონებოდა, აი, ეს არის ეხლა გაინძრევა და დაიწყებს ლაპარაკსაო. როცა ხალხმა ყოველივე წესი აღასრულა, წავიდა თავიანთ სახლში. დღესასწაული თენდებოდა, რომელსაც სხვის გულისთვის არ ჩაიმწარებს სოფლელი. თუნდ ნახევარი დაიხოცოს, დანარჩენი მაინც ლხინით ეგებება დღესასწაულს. ``რა ვქნა, ძმავ, დღეს იგი არ არის, ასე ჰქვია, ხვალ მე აღარ ვიქნებიო“. ქეთევანთან დარჩა მხოლოდ ერთი ქვრივი დედაბერი, რომელსაც ჩვეულებად ჰქონდა, მოკვდებოდა ვინმე თუ არა, დამარხვამდე აღარ გაეყრებოდა.

შობა-ახალწელ შუა დღეებში მოამზადეს გიგოიას სატირელი პურ-ღვინო, რომელიც, რასაკვირველია, საგრძნობელ ხარჯად დაუჯდა უიმისოდაც დაზარალებულს ოჯახს. გამართეს ტირილი, აასრულეს, რაც წესი იყო, და დამარხეს მიცვალებული. სიმონა ამ საქმეში იმოდენ მონაწილეობას იღებდა, რაოდენის მონაწილეობის მიღებაც შეუძლია მისის წლოვანების ბავშვს, ესე იგი ხან უაზროდ სტიროდა დედასთან ერთად, ხან ბეღელთან მიირბენდა, თავის ძმის სატირლად ნაყიდ პურს გამოართმევდა მეპურეს და მადიანად ილუკმებოდა.

III

დარჩა ქეთევანი თავის შვიდის წლის სიმონათი. იძულებული შეიქნა ხელახლა ყანაში ემუშავა მოხუცებულობის დროს და ფუტი არ გაეცივებია ობლისთვის. ეს, რასაკვირველია, ადვილი არ არის, მაგრამ ქეთევანი მამაცად ებრძოდა გაჭირვებას; დილას, ჩიტის წამოფრენამდე, როგორც იტყვიან, ქეთევანი ამდგარი იყო, ცული ან თოხი ეჭირა ხელში და საქმეზე მიდიოდა; დაღამებამდე ვაჟკაცივით მუშაობდა ყანაში ან ტყეში. როცა დაბრუნდებოდა (ხანდახან ვახშმობისას ბრუნდებოდა), დაათვალიერებდა საქონელს და, თუ ძროხა ან ღორი აკლდა, გასწევდა საძებრად და სანამ არ მონახავდა, ღამე დაეხეტებოდა ტყეში. ვაი მისი ბრალი, ვინც რაიმე უსამართლობას მოუნდომებდა: ბევრჯერ მომხდარა, რომ ქეთევანს თოფისთვის წამოევლოს ხელი და ვაჟკაცი ეფრინოს. მართალია, ამნაირის ქცევისთვის ბევრი ლანძღვა-კიცხვა დაატყდა თავზე ქეთევანს თავის მეზობლებისაგან: ``ქალი კი არა, ქაჯია, შენი ჭირიმე, ვაჟკაცებს აშინებსო'` - ამბობდენ მეზობლები. ბოლოს კუდიანობაც დასწამა ცრუმორწმუნე ხალხმა ქეთევანს. მაგრამ მეზობლებს რაც უნდა ელაყბათ, ქეთევან თავის საქმეს აკეთებდა, ობლის კვერს აცხობდა, უსაფუძვლო ლანძღვა-კიცხვაზე და მოგონილ ხმებზე სამართლიანი წყევა-კრულვით აძლევდა ქეთევან პასუხს. თავის ქმარს კი ძვირად ახსენებდა და მამამთილის ხსენება კი ხშირად იცოდა: “ნეტა რა ეგონენ? გაბრიელის პატიებული უნჯი ოჯახი ასე ადვილად, გაცივდებაო! ვერ მივართვი! გეიზარდოს აგერ ჩემი სიმონ, მტერს დაუდგება თვალები! მას ენაცვალოს დედა, თლათ ბაბუამისია თვალტანათაც და საქციერითაც!”

გავიდა დრო, ქეთევან მოუსვენარი შრომით ცოტა წელში მოიხარა; თვალებიც წინანდებურად აღარ უჭრიდა, ერთ დროს ლამაზი პირისახე საკმაოდ მოემანჭა; ღამღამობით ხშირად ახველებდა, ხშირად ავადაც ხდებოდა. მართალია, მოხუცებას თავს არ უდებდა, ოჯახზე წინანდებურად ეჭირა თვალი, მაგრამ როცა ლაპარაკი მოიტანდა, მაშინ კი ამბობდა: დავბერდიო. ან თუ რომელიმე მეზობელი ეხუმრებოდა: ``ქეთევან, გაგვიტყდი, ხომ კიდომ გყავს საყვარელიო'`, ქეთევანი ხუმრობითვე, მაგრამ ნაღვლიანად უპასუხებდა: “რაღაი, ბიჭო, მოტყდა გული, დავბერდი, თვარა სიყვარულის ცალი სხვაი რაღაა ქვეყანაზეო”. დიახ, დაბერდა ქეთევან, მაგრამ წაქცეული ოჯახი კი ორჯელ წამოაყენა ფეხზე, ორჯელ გამოზარდა ობლები, ერთხელ უფროსი შვილი, გიგოია, რომელიც ფათერაკმა ისე უდროოდ გამოაცალა ხელიდან და ეხლა უმცროსი, სიმონა, რომელიც აგერ თვრამეტ-ცხრამეტი წლის კაცი გახდა და ობლობა თითქმის არ შეუტყვია, ფრჩხილი ერთხელაც არ დასწვია. ასრულდა დედის ნატვრა: სიმონა ეხლა მტერს მტრობას გაუწევდა და მოყვარეს მოყვრობას. აი ეს იყო ქეთევანისთვის ისეთი ჯილდო, რომელიც გადახდილ ტანჯვას და ჯაფას ავიწყებდა. ცისა და ქვეყნის ნეტარება თითქო ქეთევანის ხელთ იყოო, როცა თავის თვალ-ტანადს, მხარბეჭგანიერს, ვაჟკაცურ, ლამაზ პირისახეზე ულვაშ ახლადმოხვითქულს შვილს უყურებდა. “მოგემატოს დედის დღე, აწი რაღა მიჭირს, რაც დედას შენისთანა შვილი მყავს!” - ჩაილაპარაკებდა ქეთევანი თავისთვის, სიმონას რომ შეხედავდა. მხოლოდ ერთი რამღა აკლდა ახლა ქეთევანს: სიმონას დაცოლშვილება. ბევრი შუამავალი მოსდიოდა, კარგი “მზითვის და გვარის” ქალებს ურიგებდენ სიმონასთვის, მაგრამ სიმონა სულ უარზე იყო: “მაცა, ერთი ჯერ წელში გავიმართო, ქვეყანაზე თვალი გავახილო, ცოლ-შვილს მერეც მოვესწრებიო”. ამის შემდეგ დედაც ძალას ვერ ატანდა. “ოღონდ ცოცხალი მყავდეს და ვუმზირო, ბედნიერებად ისიც მეყოფაო”. ფიქრობდა ქეთევანი.

ის მეზობლები, რომლებიც უწინ ისე ჰკიცხავდენ ქეთევანს, ერთი იმათებური ანდაზისა არ იყოს, - ``იქცეოდეს შეესიე, შენდებოდეს შეეწიეო'`, - ეხლა ქებით იხსენიებდენ: დეილოცა შენი დედაკაცობა, რაც შენ ორჯერ წაქცეული ოჯახი ორჯერვე ფეხზე დააყენე და ალმასივით შვილი გამოზარდეო. ყველა მეზობელი სიხარულით ეხმარებოდა და იხმარიებდა სიმონას ყანაშიც და სხვა საქმეშიაც; სიხარულით პატიჟობდენ ქორწილში, ნათვლაში, გასაჭირში და დასალხინში. ან ვინ დაიწუნებდა მეზობლად მუშაობაში მარჯვეს, ლხინში კარგ მოსიმღერე და მოთამაშე სიმონას!

IV

ძალაძის მეზობლად ესახლა ერთი, მთელს სოფელში დიდად გავლენიანი და მდიდარი, მძლავრი კაცი, დავით დროიძე. დავით მაღალი, რიხიანი შეხედულების კაცი იყო, კარგი მოლაპარაკე, ენამეტყველი, თან ხუმარაც. წლოვანობით დავით ორმოცდაათის წლისაზე მეტის ხნისა იყო, მაგრამ სახესა და ჯანზე კი ორმოცი წლის კვალიც არ აჩნდა. შთამომავლობით დროიძე გლეხი იყო, ერთის აზნაურის “ნაკაცვარი”. ყმაწვილობისას დავით ვიღაც ნიგვზის ხეებით მოვაჭრე ბერძენთან იდგა, ჯერ მოჯამაგირედ და მერე ``პრიკაშჩიკად'`. შემდეგ, როცა ბერძენი თავის ქვეყანაში წავიდა, დავითმა თვითონ დაიწყო ნიგვზის ხის სყიდვა-გასყიდვა. ამბობდენ, ვითომც ბერძენმა ფული დაუტოვა დავითს, - ხეები იყიდე ჩემს მოსვლამდე და დამახვედრეო; რადგან ბერძენი თავის ქვეყანაში მოკვდა, ბერძნის ფულები დავითს შერჩა და იმით გამდიდრდაო. მართალი იყო ეს თუ არა, ამისი რა მოგახსენოთ. მართალია, ბერძენს დავითი სანდო კაცად მიაჩნდა და აძლევდა ფულს ხეების საყიდლად; ხშირად დავითს ათას მანეთობით ჰქონია ჯიბეში ბერძნის ფული და უყიდია ბერძნისთვის ხეები სხვადასხვა სოფელში. ამას გარდა, როცა ბერძენი თავის ქვეყანაში წავიდა, დავით ერთხანს კიდევ ბერძნის სახელით ყიდულობდა ხეებს. მხოლოდ რამდენისამე ხნის შემდეგ გაამხილა, რომ ბერძენი აღარ დაბრუნდება, ყოველივე ანგარიში გაასწორა და ისე წავიდა, ხეებს საკუთრად ჩემთვის ვყიდულობო. ამას შემდეგ, რასაკვირველია, ხალხს საბუთი ჰქონდა ეთქვა, - დავითს ბერძნის ფული შერჩაო. მაგრამ ისიც შესაძლებელია, რომ დავითს თავის ჯამაგირიდან შეენახოს ფული და იმითი დაეწყოს ხეების ვაჭრობა, რომელშიაც ძლიერ გამოცდილი იყო. ასე თუ ისე, დავითს თავისი საქმე კარგად მიჰყავდა. რამდენისამე ხნის შემდეგ, როცა ნიგვზის ხეები სოფლებში გაძვირდა, დავითმა დაანება თავი ხის ვაჭრობას და სიმინდის ვაჭრობას მიჰყო ხელი. ამ ვაჭრობამაც კარგა ბლომად შესძინა დავითს ფული. ამას დავითი თითონა აღვიარებდა ხანდახან: ``ძაან სარგებელი ვნახე იმ სიმინდის ვაჭრობაშიო'`. უკანასკნელ დავით მობრუნდა სოფელში, შეისყიდა თავისი მებატონისაგან “ნადელ”-ის მიწები, გაიკეთა კარგი ოდა და გაიჩინა ცოლ-შვილი. თუ რამ “საფოდრათო” საქმე გამოჩნდებოდა ახლომახლო და სარგებლიანობა ეტყობოდა საქმეს, დავით ხელიდან არ გაუშვებდა. თუ არა და, ცხოვრობდა თავისი ფულების პროცენტით - ფულებს მეზობლობაში ასესხებდა და დარწმუნებულიც იყო, რომ არ დაეკარგებოდა. ბოლოს, როცა დავითის უფროსი ვაჟი წამოიზარა, დავითმა გააკეთა თავის სოფელშივე დუქანი, დააწყო შიგ გასაყიდად ისეთი რამეები, რაც სოფლისთვის მიუცილებელ საჭიროებას შეადგენს, მაგალითად: ხმელი თევზი, მარილი, ნავთი, საპონი, სანთელი და სხვა ამგვარი და დააყენა დახლში თავისი უფროსი ვაჟი. დუქანს კარგი შემოსავალი ჰქონდა. ამასობაში გამოიზარდენ დავითის უმცროსი ვაჟებიც. ეხლა დროიძის ოჯახმა განზე გაშალა ფრთები: უფროსმა ვაჟმა დაანება სოფლის “დუქნუკას” თავი და ერთს მახლობელ ქალაქში ეხლა მანუფაქტურით ვაჭრობდა; იმისი ორი ძმა მამის ხელობას დაადგა - სიმნდს და ნიგვზის ხეებს ჰყიდულობდენ და ჰყიდდენ. ორი უმცროსი შვილი დავითმა სკოლაში გაზარდა; ერთი იმათგანი პოლიციაში იყო სეკრეტრად, მეორე, სულ ყველაზე უმცროსი, იუნკრის სკოლაში ჰყავდა და იმედი ჰქონდა, რომ მალე ოფიცრობას მიიღებდა. თვითონ დავით კი ოჯახში იყო, რომ იმ გადასახადებისგან გაენთავისუფლებინა თავი, რომელიც გლეხს აწევს კისერზე, დავითმა თავის დროზე დახარჯა ფული და სასულიერო წოდების კაცად ჩაეწერა, თუმცა კი არავის ახსოვს რომ დავითის მამა-პაპათაგან ვინმე სასულიერო წოდების ყოფილიყოს, გარდა დავითის პაპის ერთის ძმისა, რომელიც დიაკვნად ყოფილიყო ესეც რომ არ მოუხერხებია დავითს, ის სავაჭრო მოწმობანი, რომელთაც დავითის შვილები იღებდენ ყოველ წლივ, სრულიად გაანთავისუფლებდა დავითს გლეხკაცის მოვალეობისაგან. ამიტომაც წაბლისერში დავითის ოჯახს აზნაურის ოჯახს ეძახდენ, თუმცა ბევრს კარგად ახსოვდა, რომ რაღაც ოცისა თუ ოცდაათის წლის წინათ თვითონ დავით ერთი გუდამშიერის აზნაურის შინაყმა იყო. მიწა-ადგილებს დავით თანდათან იძენდა, ასე რომ ბოლო დროს კარგი მამულის პატრონი თავადისთვის შეეძლო ხელის გაწვდენა. მკითხველი ადვილად მიხვდება, რომ დავით დროიძე თავის სოფელში პატარა მეფე იყო. სიმონა და საზოგადოდ ძალაძის ოჯახი თაობიდანვე ათვალისწუნებული ჰყავდა დავითს. ``რავარ კაცის ჩამომავლობაა რომ იმისაგან კაი რამე გამევიდეს; გაბილა ძალაძემ უდროოთ დააბერა თავისი ბატონიო'`. - ამბობდა ძალაძიანებზე. ``აი ბიჭი სათოკე იქნება, სულ ბაბუამისის მოყვანილობა და თვალები აქ!'` - იტყოდა დავით, როცა ნახავდა პატარა სიმონას, რომელიც, თუმცა პატარაობიდანვე გაბედული ბავშვი იყო, მაგრამ დავითის რიხიან ხმას, დიდრონ წარბებს და მწყრომარე თვალებს ისე შეეშინებია, რომ პატარაობისას ძლიერ ერიდებოდა დავითის შეხვედრას. ბევრჯერ ყოფილა, რომ დედას სიმონა საქმეზე გაუგზავნია, სიმონას გზაზე დავით დაუნახავს და შინ დაბრუნებულა შეშინებული.

- უიმე, ბატონო, რანაირათ ეშინია იმ ჩემ ბიჭს შენი, - უთხრა ერთხელ ქეთევანმა დავითს.

- ყოველ ავსულს ეშინია სხვისი, - უპასუხა დავითმა ამაყად.

- გენაცვალოს ქეთევან, იმას რა ავსულობა შეუძლია, ჯერ ნაცარს არ მოშორებია! - მოკრძალებით შეუბრუნა სიტყვა ქეთევანმა.

- ჯერ ხო, არ შეუძლია, მარა გეიზდება და მაშინ შეიძლებს. გაბილაის შვილისშვილი არ არის! - უპასუხა დავითმა თავისებურის ხუმრობის კილოთი.

დავითის ადგილას რომ სხვა ვინმე ყოფილიყო, ამ სიტყვებისთვის ქეთევანი ერთს ვაივაგლახს დააწევდა, მაგრამ დავითს, პატივცემულ დავითს, ვერც ამ გაბედულმა ქეთევანმა გაუბედა აქ სიტყვის შებრუნება, რადგანაც იცოდა, რომ დავითი თუ მოინდომებდა, კოღოსავით გასრესდა ამ საცოდავ ქვრივ-ობოლს.

განსაკუთრებით მტრობა კი, უნდა ვთქვათ, არ ჰქონია ძალაძის ოჯახთან დავითს.

თავის მხრით, სანამ ცოცხალი იყო გიგოია და მერე ქეთევან, დიდის მორიდებით ეპყრობოდენ დავითს და მის ოჯახს. ასე გასინჯეთ, ერთხელ დავითის ერთმა შვილმა ორი ღორი ერთად მოუკლა ქეთევანს, მხოლოდ იმისთვის, რომ ეზოში შემოვიდაო. სხვა მეზობელს რომ ეს გაებედა ქეთევანისთვის, ქეთევან თოფით მიუხტებოდა ოჯახში, მაგრამ დავითთან პირიქით ბოდიშიც მოიხადა:

- რა ვქნა, ქვრივ-ოხერი ვარ, პირუტყვის მოვლა ვერ შევძელი და შეგაწუხეთო - ამ სიტყვებით გულმორბილებულმა დავითმა მოკლული ღორები დაუბრუნა ქეთევანს და თან ერთი საკაბე ჩითიც აჩუქა.

V

ერთს ზაფხულს, - მაშინ სიმონა თხუთმეტის წლისა იქნებოდა, - ერთს სიმონას მეზობელს ნალია გაუტეხეს და სიმინდი მოჰპარეს. ამ საქმის გამო ხალხი კანცელარიასთან შეიკრიბა და მოახდინეს რჩევა, თუ როგორ მიაგნონ ქურდს.

დავით, რადგანაც მამასახლისთან მუდამ ჰქონდა საქმე, კანცელარიაში ხშირად დადიოდა. იმ დღესაც, როცა ხალხს ქურდის მონახვაზე ჰქონდა რჩევა, იქ იყო როცა სოფლის ყრილობას დაესწრებოდა დავით, თითქო ესეც ხარჯისმხდელი გლეხიაო, ისეთს მონაწილეობას იღებდა რჩევაში. რა თქმა უნდა, ვის მხარესაც დავითი დაიჭერდა, საქმე იქით გადაიხრებოდა. იმ დღეს დავით ჯერ დინჯად. დარბაისლობით, ფეხის ფეხზე შემოდებით, გრძელ ღერიანის ყალიონით სწევდა თუთუნს და ისე უყურებდა ხალხის ჩოჩქოლს. მერე ისევ დინჯადვე დარეკა ჩიბუხი, წამოდგა სკამიდან, მიიწია ხალხისკენ და დაიწყო:

- რაღა ბევრი ლაპარაკი უნდა. ჩვენი სოფელი აქამდე წმინდა სოფელი იყო, სხვაი სოფლიდან თუ ვინმე შამოგვეპაროდა, თვარა შით ქურდი არ გვყოლია. ამ ბოლოს კი წახთა, ძაან იმატა წვრიმალმა ქურდობამ. გუშინღამ ბაღი გამიცალეს ყურძნიდან. ხილს აბა ვინ დაგიყენებს! მართალია, ჯერ დიდიზა ვერ შეუბედავს, ვინცხაა, მარა რომ გამეიცთება, იმასაც არ დააკლებს ხელს.

აქ დავითმა სიტყვა შესწყვიტა, ცოტა ჩაფიქრდა და შემდეგ ისევ განაგრძო:

- იქნება არაფერ შუაშია და ტყუილა წევიწყმიდო სული... ჩემი თვალით არაფერი მინახავს მის ხელში... კიდევ ვიტყვი, ობოლი კაცია და, თუ დანაშაული არ არის დიდ ცოდვას ვიდებ კისერზე მარა...

აქ კიდევ შეყოყმანდა და შემდეგ დაფიქრებით წარმოსთქვა:

- მარა, ჩემი ფიქრით, იი ობოლი ბიჭი, სიმონაი, უნდა შობოდეს ამ წვრიმალ ქურდობას. სხვაზე მე, ჩემი ჭკუით გუმანი ვერ მიმიტანია და აწი თქვენ იცით.

ხალხი გაჩერდა და ჯერ არას ამბობდა. შესაძლებელია, ამ შემთხვევაში მარტო სიტყვიერ შენიშვნად მიეღო ხალხს დავითის სიტყვა და სხვა შედეგი არა მოჰყოლოდა რა, მით უმეტეს, რომ დავით მანცადამაინც დაჟინებით არ ეუბნებოდა ხალხს ჩემი სიტყვით გაათავეთ საქმეო. არა, დავითმა თავისი აზრი თქვა და მერე ისევ ხალხს შეანება საქმის გათავება. აბა ამისთანა წვრიმალებზე დავით ხომ თავს არ გამოიდებდა! მაგრამ სიმონა, რომელიც ამ დროს იქ იყო და დავითის სიტყვები გარკვევით გაიგონა ჯერ თავზარდაცემულივით გაშეშდა, მაგრამ საჩქაროდ გამოერკვა, წამოდგა წინ და თვალებზე სიბრაზის ცრემლმოდენილმა უთხრა დავითს:

- დავით, რა დაგიშავე, რომ პაწაობიდან შემიძულე? ისე შენმა ცოლ-შვილმა ნახოს ხეირი, რავაც მე შენი ან ყურძენი, ან ხილი, ან იი დათიკაის სიმინდი მევიპარე! აა, შე წაწყმედილო ქვეყნის მყლაპაო, რას მერჩი რას?!

ხალხი მისცვივდა სიმონას და მიაფარა პირზე ხელი:

- ბიჭო, ხომ არ გადირიე, თავადიშვილი ვერ გაუბედავს ამას მაგისთანა სიტყვებს! შენი ტოლი ხომ არ გგონია! გაჩუმდი, გაჩუმდი!

მაგრამ სიმონა ისე იყო აღელვებული, რომ თავი აღარ ახსოვდა.

- შენ რომ ჭკუიანი იყო, გაჩვენებ სეირს, მარა სულელს რა უნდა გითხრა, დამშვიდებით უთხრა დავითმა, რომელსაც ცოტაოდნად კიდევ ებრალებოდა სიმონა: ობოლი კაციაო.

- შენ რომ ბერძენს ფულები მოპარე და იმით გაკეთდი, ისე გგონია სხვაც! - მიაძახა გაცხარებულმა სიმონამ დავითს პირში.

აქ კი ვეღარ მოითმინა დავითმა. ``მამასახლისო, მომაშორე აი ყაზილარი, თვარა!'` - გულმოსულმა დაუყვირა მამასახლისს, რომელმაც იმ წამსვე უბრძანა სიმონას დაჭერა.

მისცვივდნენ სიმონას ყარაულები და ხევისთავი, თუმცა სიმონა ძალიან დატრიალდა და შემოფანტა ხალხი, მაგრამ ბოლოს მაინც დაიმორჩილეს და წაიყვანეს ნაობახში.

- თუ გამოვედი აქედან, გიჩვენებ შენს სეირს! - გამოსძახა სიმონამ დავითს.

- ოჯო, იი ქვრივი დედაბერი არ მეცოდებოდეს, მე შენ შეგაყოლებ ზევით, ციმბირისკენ. იგია შენი ადგილი! მარა, რომ მეცოდვება, ახლა რა უნდა გიყო! დაილაპარაკა დავითმა წარბების შეჭმუხვნით.

- ნუ იკადრებ, ბატონო, უჭკუოა და ჭყამპალებს, მეტი შენი წყენა რა უნდა შეეძლოს იმას! უთხრა ვიღაცამ მორიდებით დავითს.

- ჩემო ძმაო, ამისთანას უფრო შეუძლია წყენა და ვნება: მოგეპარება ერთ ღამეს, წაგიკიდებს ცეხლს და გამოგბუგავს შით; ჩაგიჯდება გზაში, გკრავს თოფს და გაგაგორებს! მერე მიდი და უყარე კაკალი! უპასუხა დავითმა თავისებურის მოსწრებულის სიტყვებით.

უკანასკნელ დავითმა იხმარა სულგრძელობა: საღამოს გამოაშვებინა ნაობახიდან სიმონა და სიმინდის მოპარვის საქმეც სამეზობლო სამართლით გაათავებია ხალხს, ესე იგი მეზობლობას უნდა დაეფიცა ხატზე, რომ სიმინდი არც თვითონ მოეპაროს და არც ქურდი იცოდეს. ვინც ფიცზე უარს იტყოდა, ქურდობაც იმას დაატყდებოდა.

როცა სიმონა ნაობახიდან გამოიყვანეს, შეხედა დავითს, დამაცაო, ჩაილაპარაკა და გულში ჩაიკრა ხელი.

- ვაჟო, აგი აღარ ხუმრობს, მგონია! - თქვა დავითმა.

- არაფერია, შენი ჭირიმე, გამოუცთელია, ხომ მოგეხსნება გამოუცდელი კაცის ამბავი, ხვალ კიდევ შენი მორჩილი მონა და მოსამსახურე იქნება, დაამშვიდა ხალხმა დავით.

მაგრამ ხალხის სიტყვა არ გამართლდა: იმ დღიდან დაწყებული, სიმონა დავითს აღარც სალამს აძლევდა და თან, სადაც შეხვდებოდა, ისეთი თვალით კი შეხედავდა, რომ დავითი იძულებული იყო, თვალი აერიდებია. მართალია, ქეთევან მუდამ ეჩიჩინებოდა შვილს: “შვილო, ნეფისტოლი კაცია, ჩვენისთანა მწერს, ნეკი რომ გაანძრიოს, იმით გასრესს; შეურიგდი, სალამი მიეცი, ბოდიში მოიხადეო“, მაგრამ სიმონა თავისას არ იშლიდა. ქეთევან კი თავისი მხრით ხშირად იხდიდა დავითის წინაშე ბოდიშს: “აპატივე, ბატონო, ბაღანაია, უჭკუოო”. ``შენ მებრალები, თვარა იმას ჭკუას ასტავლიან, იმისთანა ადგილზე ჩავაჯენო'`, - უპასუხებდა დავით მოკლედ.

VI

სიმინდის თესვის დრო იყო სიმონას ჩვეულებად ჰქონდა: დილას კარგა მზის ამოსვლამდე ეზოს მახლობელ ყანაში იმუშავებდა; შემდეგ ისადილებდა კვერითა და ყველით და წავიდოდა შორეულ ყანაში. ამ ჩვეულებას იმიტომ უფრო ადგა სიმონა, რომ თავისი მოხუცი დედა არ გაეტანჯა ყანაში სადილის ზიდვით. მართალია, ქეთევან არწმუებდა: “არ მიჭირს სადილის ზიდვა, კიდეც მიხარია შენთან ყანაში სიარულიო'`, მაგრამ სიმონამ კარგად იცოდა, ამას დედა იმიტომ ეუბნებოდა, რომ ეშინოდა ჩემს სიმონას არ მოშივდეს ყანაშიო. დიაღ, იცოდა დედის გულშემატკივრობის ამბავი და ამიტომ თავისას არ იშლიდა, - შინა სჭამდა საჭმელს და ამით დედას ათავისუფლებდა ყანაში თრევისაგან. იმ დღესაც ცოტა ხანს შინ იმუშავა, სადილი ჭამა და მერე წავიდა ყანაში. სიმონას ხშირად სჭირდა: ერთი რამ უბრალო შემთხვევა მოაგონდებოდა, ერთი რამე ობლობის დროისა, ამ ერთს მოჰყვებოდა მეორე, მეორეს მესამე და ამრიგად გადაეშლებოდა მთელი ისტორია ობლობის დროინდელის გაჭირვებისა. როცა ამგვარ ფიქრებს და მოგონებაში იყო გართული, მაშინ გზაზე ნელ-ნელა მიდიოდა. იმ დღესაც რაღაცაზე მოაგონდა თავისი ძმის სიკვდილი, მერე ობლობა, დედამისის ტანჯვა-წვალება და ყანაში მუშაობა; ამას შემდეგ ის გარემოება, დავითმა რომ ნაობახში დაამწყვდევია. თუმცა ამ უკანასკნელი ამბის შემდეგ აგერ სამი წელი გასულიყო, მაგრამ სიმონას ისე ნათლად ახსოვდა ეს გარემოება, თითქო გუშინ მოხდაო. ამ მოგონების სურათებმა სიმონას ნაღვლით გაუვსო გული, ტანში დაამძიმა და ამიტომ ზლაზვნით და ტაატით მიდიოდა გზა-გზა. ამ სახით მიუახლოვდა იმ ბილიკს, რიმელიც ბუჩქებით და ტყით იყო გარშემოზღუდული და თან ისეთი მყუდრო, რომ სიმონა, აგერ კაი ხნის ბიჭი სანამ არ გახდა, იქ გავლისა ეშინოდა: დაღამებას არ აცლიდა, ისე მზიურას დაანებებდა ყანას თავს და მორბოდა შინისაკენ. ხშირად აქ სიმონას თვალწინ გაურბენია მგელს, ხან ტურას. ხსენებულ დღესაც, მიაწია თუ არა სიმონამ ბილიკს, მისმა ძაღლმა. თოლიამ. რაღაც სუნი იკრა, ყეფით გადავარდა ტყეში და კარგა ხანს დასდევდა რაღაცას თავგანწირულის ყეფით. თითქმის ნახევარი კიდეც გაიარა სიმონამ ამ მიყრუებულის ბილიკისა, რომ შემოესმა ყმაწვილის ქალის ხმა: “ღმერთო რა ვქნა, რა მეშველება აწიო!”.

რადგანაც ამ სიტყვებში ტირილის კილო ისმოდა და თან ნაცნობ ეჩვენა სიმონა მაშინვე გადახტა იქით, საიდგანაც ხმა შემოესმა. რა ცოტაოდენი მოშორდა გზის პირს, დაინახა თავის მეზობლის ქალი დარია, რომელსაც ერთი ხარი მიება ბუჩქზე და მეორე ხარს, რომელსაც ბაწარი წაეძრო რქიდან, დასდევდა დასაჭერად, მაგრამ დარიას მიახლოვებაზე ხარი დაიფრუტუნებდა, დაემუქრებოდა, ქალს რქებით და გაიქცეოდა.

- მაცა, დარიკო, მე დავიჭირავ! - მიაძახა სიმონამ შორიდან.

- მიშველე, შენი ჭირიმე, ჩემი ძამიეი! - შეეხვეწა ქალი.

სიმონასათვის თხოვნა აღარ იყო საჭირო: მალე მივიდა ხართან, ``მოომ'` უთხრა; ხარი წამსვე გაჩერდა და სიმონამ მოაბა რქებზე ბაწარი.

- შენს მარჯვენას ვენაცვალე! დილას აქეთ ამას დავსდევდი და არ იქნა, არ მიმიკარა. ნეტა მაინც ჩვენი იყოს? ნაქირავებია ჩემმა ძმამ იქირავა მიხმარებაზე. რავა დევიღუპებოდით, გაგვიცთებოდა, შენ რომ არ შემხთენოდი. რა ჭირისაგან დამიხსენი, ვენაცვალე იმ შენს მარჯვენას! - განიმეორა დარიამ! და ისეთის მადლობის თვალით შეხედა, რომ სიმონას თავის დღეში არ ენახა ასეთი ალერსიანი თვალები.

დარიას ძმის და სიმონას ყანები ახლო-ახლო იყო ერთმანეთთან. ამიტომ გზა კარგა მანძილზე ერთად ჰქონდათ გასავლელი სიმონას და დარიკოს. ``ვო, რა მხსნელ ანგელოზსავით შემხთი შენ დღეს!“ - უთხრა კიდევ დარიამ სიმონას გზაზე და კიდევ ალერსიანად მიაპყრო თავისი დიდრონი შავ-შავი თვალები.

ამ მეორედ შეხედვის დროს სიმონას ძარღვებში რაღაც ერთგვარმა სიტკბოებამ გაურბინა: დარიას თვალებისთანა მშვენიერი და ალერსიანი თვალები თავის დღეში არ შეხვედრია მის თვალებს. გზადაგზა, რამდენსაც მეტს უმზერდა დარიას, იმდენზე კიდევ მეტი უნდოდა ემზირა. როცა დარიას თვალებს შეხვდებოდა მისი თვალები, ტკბილი ჟრუანტელი დაურბენდა თვალებში.

დარია იყო თექვსმეტ-ჩვიდმეტი წლის ქალი. იმისი დიდრონი შავი თვალები, სწორი, ლამაზი, მოყვანილი, ცოტათი მოშავგვრემანო პირისახე, კარგი მოყვანილი, საშუალოზე ცოტა მაღალი ტანი, ხშირი, წელამდე შავი თმა მეტად მშვენიერ ქმნილებად ხდიდა ამ ქალს. დარია რომ თავადისა ან აზნაურის ქალი ყოფილიყო, მისი ქება შორს იქნებოდა გავარდნილი.

ტანზე დარიას ყოველთვის ღარიბად ეცვა; უმეტეს ნაწილად ძველი კაბა და ძველი “სახოცი” იყო მისი ტანის სამკაული. დარიას ერთადერთი ძმა პავლია ჯაბანი კაცი იყო და ამიტომ დარია, როგორც ვაჟკაცი, ისე ეხმარებოდა ძმას სამუშევარში. როცა გადასახვევს გზას მიაწიეს, დარიამ კიდევ გადაუხადა მადლი სიმონას და წავიდა თავისთვის. სიმონა კი კარგა ხანს გაჩერებული იყო ერთს ადგილას და უმზერდა მიმავალს დარიას. ``ამას გარდა, სხვაი ქალი მე ცოლად არ მინდა. დღეს იმ თვალზე შევხთით, რომ ჩვენ ერთმანეთის ვართო“ - გადასწყვიტა სიმონამ თავის გულში და წავიდა ყანაში.

საღამოს სიმონა ადრე დაბრუნდა ყანიდან; უნდოდა დედისთვის ემხილა თავისი გადაწყვეტილება - დარია ცოლად უნდა შევირთოო. დედაც კაი გუნებაზე დახვდა, მაგრამ მაინც ვერ გაბედა იმის თქმა, რაც სათქმელი ჰქონდა. გული ისე უღელავდა, რომ ვახშამი სრულიად ვეღარ ჭამა.

- რა დაგემართა, შვილო, ავათ ხომ არ ხარ? ჰკითხა დედამ.

არა, ისე ტყულა, სხვანაირ ქეიფზე ვარ, - უპასუხა სიმონამ და ამასთან უნდოდა მოეყოლებია დარიას ამბავიც, მაგრამ არ იქნა, ვერ დასძრა ენა, თითქოს მთელი ქვეყნის მთა და ლოდი აწვა ზემოდან იმ სათქმელ სიტყვებს.

- დილას ადრე წამოდგა სიმონა, მაგრამ ყანაში წასვლას კი აგვიანებდა.

- შვილო, წუხელის აქეთ გეტყობა, რომ სხვანაირ გუნებაზე ხარ, რეზა არ მეტყვი, რა ამბავია? - უთხრა დედამ.

ამ სიტყვებმა გამოიყვანეს სიმონა გაჭირვებიდან; თავი იქით მიიბრუნა, რომ დედას არ შეეხედა თვალებში და ისე უთხრა:

- ნენა, თუ ჩემთვის ცოლს ფიქრობ მე, დარიკო რომაა, პავლეის დაი, იგი მინდა ცილათ სხვა ქალს მე არ შევირთავ...

ამის თქმაზე სირცხვილით გაწითლებული სიმონა, დედისთვის არც კი შეუხედავს, ისე ადგა და წავიდა ყანაში.

VII

ქეთევანს უნდოდა თავის სიმონასთვის, თუ აზნაურის არა, ერთი შეძლებული გლეხის კარგი მზითვიანი ქალი მოეყვანა ცოლად და ამიტომ დააპირა დარიას შერთვის ფიქრს მივატოვებიებო, მაგრამ სიმონას გადაწყვეტილებამ, ``თუ დარია არ შევირთე, თავის დღეში უცოლოთ დავრჩები, სხვაი ქალი არ მინდაო“, ქეთევანს დაატოვებია თავისი განზრახვა. მეტი რა ღონე იყო, ქეთევანმა თავისითვე გაურიგა შვილს დარიას მშობლებთან საქმე. სიმონას და დარიკოს ჯვარისწერა და ქორწილი, როგორც ჩვეულება აქვთ სოფელში, შემოდგომაზე, ყანების “დალაგების” შემდეგ უნდა მოეხდინათ. თუმცა ასეთი გრძელი ვადა ძნელი ასატანი იყო შეყვარებულ სიმონასთვის, მით უმეტეს, რომ ზოგიერთ სოფელში ახირებული ჩვეულება აქვთ: როცა ქალი და კაცი ერთმანეთზე საცოლ-ქმროდ დაინიშნებიან, თითქოს მომდურავები არიანო, ისე უნდა ერიდებოდენ ჯვარის დაწერამდე ერთმანეთის დაახლოვებას, მაგრამ სხვა რა გზა იყო, სიმონა უნდა დამორჩილებოდა ამ შემთხვევაში ჩვეულებას. გულს იმით იფხანდა, რომ თავის ცოლისძმას, დამოყვრების შემდეგ, ყანები გაუზიარა და ამ ღონისძიებით დარიას ყოველდღე ხედავდა.

ერთ დღეს სიმონამ თავის ცოლისძმისას გაიარა - ყანაში უნდა წაეყვანა პავლია. სახლში მარტო დარია დაუხვდა, სხვები სადღაც წასულიყვნენ. ქალს შერცხვა, საქმროს დანახვაზე გაწითლდა და ხმას ვერ იღებდა.

- რა არის, დარიკო, ხომ არ მენდური, ხმას რომ არ მცემ? - მორცხვობით უთხრა სიმონამ.

- რას გემართლები სამდურავს? უპასუხა ქალმა მორცხვად.

- მითხარი, დარიკო, რავაც მე შენ, ისე გიყვარვარ?

დარია გაწითლდა პირისახეზე ერთიანად და ისე უპასუხა:

- იმ დღეს მერე, იი ხარი რომ დეიჭირე... - ვეღარ დააბოლოვა მორცხვობის გამო სიტყვა.

- აბა, დარიკო, ჩვენ ძაან ვიცხოვრებთ ერთათ.

- შენთან ვინ ვერ იცხოვრებს! ბედნიერი ვარ, სიმონ, თუ ღმერთმა დაგვაცალა! მე ჩემ დღეში ვერ ვიფიქრებდი, თუ ასე ბედნიერი ვიქნებოდი! რა დღე იყო ის დღე!..

- ბედნიერი დღე იყო, ბედნიერი, ჩემო დარიკო! გვიყვარდეს ერთმანეთი, ვირჩინოთ ჩვენი თავი ჩვენი შრომით და ვიყოთ. ნურვის ვაწყენთ და ჩვენც არვინ გვაწყენს. ასე, ჩემო დარიკო, ტკბილათ ვიცხოვროთ.

სიმონა ცოტა ხანს შეჩერდა და შემდეგ დაიწყო:

- იცი, დარიკო? შენ ძაან ლამაზი ხარ... არ მჯერა, შენ თავის დღეში არ მიღალატებ?

- ვის ვუღალატებ, შენ? ჰაი... ჰაი... აბა, ვერ გიცნია დარიას გული! აგი რა იფიქრე: მე შენ მიღალატებო! ჰმ...

აი ამ ლაპარაკით გათავდა დარიკოსა და სიმონას შორის სიყვარულის გამოცხადებაც და ფიციც.

VIII

შემოდგომაზე მიწის მუშა გლეხს დიდი ჯაფა აწევს: მთელი წლის ნამუშევარს, მთელი წლის სარჩოს ამ დროს უნდა მოუყაროს თავი და შეინახოს. ამ დროს ქალი, კაცი, დიდი, პატარა - ყველა მოუსვენებლად მუშაობს. სოფლებში თითქმის სახლის მცველიც აღარ რჩება - ყველა ყანაში მიდის.

რადგანაც სიმონას და მის ცოლისძმას ბევრი ყანა ჰქონდათ, ხან ნადით და ხან თავისით, ცდილობდენ რამეგვარად მოესწროთ და შემოდგომის ავდრების დაწყებამდე დაელაგებიათ. დარიაც ვაჟკაცურად ეხმარებოდა მუშაობაში ძმას და საქმროს. დარიას სიახლოვეს ყოფნით სიმონა, რა თქმა უნდა, ნეტარების მორევში ცურავდა. სიმონას თვალში ამ დროს ცასაც სხვა ფერი ედო, მიწასაც, დღესაც და ღამესაც, ასე ეგონა, ფრინველებიც ჩემ სიყვარულს მღერიანო.

საღამოობით დარია, დედამისი და ქეთევანი შინ მიდიოდენ ღამის გასათევად; სიმონა და პავლია კი ყანაში რჩებოდენ, რომ ღამითაც ემუშავათ რამდენსამე საათს.

ერთ დღეს, სადილად რომ ისხდენ, სიმონას სიდედრმა გაიხსენა ერთი ახალი ამბავი:

- უი, მართლა, თქვენ ხუმრობას გული გადავაყოლე და ქე დამავიწყტა!.. წუხელის ერთი ამბავი მოხთა ჩვენს სოფელში: დავითის თავლა გასტეხეს და მისი ლურჯი ბედაური მეიპარეს. ქურდებს დავითის მოჯამაგირისთვის გარედან კარები დეეჯორგათ, დავითის დიდი მურაც დეერჩოთ. მთელი სოფელი შეძრულია ამ ამბით. დავით ამ დილასვე კანცელარიაზე გეიქცა თურმე.

ამ ამბავმა ქეთევანს ლუკმა გაუჩერა ხელში, სიკვდილის ფერი დაედო. გაურბინა ფიქრად: “დავითი ჩემს შვილს დასწამებს იმასაო”. ერთჯელ, ახსოვდა ქეთევანს, დავითმა უთხრა: “იმ შენს ბიჭს ჭკუა ასტავლე, ისე მტერსავით რომ მიყურებს, აფერი იფიქროს ჩემი ოჯახის წყენა, თვარა დავარჩობიებ, იცოდეო”. ცოტა არ იყოს, ერთხანს სიმონაც ჩაფიქრდა ახალ ამბის გაგონებაზე, მაგრამ შემდეგ კი მოჰყვა ხუმრობას:

- მურიას რას არჩობდენ იი ოჯახდაქცეულები! კაი იგი იქნებოდა, თითონ დავით დაერჩოთ.

- შვილო, ნუ-მეთქი, ნუ იტყვი ამისთანას! შვილო, ჩვენ ობოლი ვართ და იგი ნეფისტოლი კაცია, რომ მეინდომოს, ერთი სიტყვის თქმით დაგვღუპავს, - უთხრა ქეთევანმა შვილს.

- დამღუპავს და დავღუპავ! ვაჟო, სვინდისზე ხელი ნუ უუღია, ნუ გამაძაღლებს, თვარა გემოს არც იმას ვაჩვენებ! - თავის დაქნევით სთქვა სიმონამ.

ნასადილევს ყველას დაავიწყდა, გარდა ქეთევანისა, ახალი ამბავი. ქეთევანი კი ხმაამოუღებლივ, მწარედ ჩაფიქრებული იყო.

გათენდა დილა თუ არა, სიმონასთან მივიდა ხევისთავი თავისი ყარაულებით და გამოუცხადა: “კანცელარიაზე გიბარებენო”. სიმონამ დააპირა უარის თქმა არ წავალო, მაგრამ ყველა გაუპირდა:

``წასვლა ჯობს, შენი სიმართლე უთხარი, ქვეყანამ იცის. რომ ყანაში ხარ და არა საქურდალსო'`.

- იცით, მერე რაი! ჩვენი მამასახლისი დავითის ხელშია, რასაც დავით უბრძანებს, იმას იზამს! - სთქვა სიმონამ უკმაყოფილოდ, ჩაიცვა ჩოხა და გაყვა ხევისთავს.

კანცელარიაში სიმონას მისვლამდე მოემზადებიათ ყოველივე - პროტოკოლიც და რაპორტიც. დავით დროიძე იქ იყო და ხშირად ამბობდა: “არა, ამას რომ წავუყრუო, ხვალ ცეცხლს მომიკიდებს და ამომწვავსო”. როცა სიმონა დაინახა, უთხრა:

- რა ქენი ბიჭო? ამისრულე, გულზე ხელს რომ იცემდი, გაწყენო? რაღამც ასე ყოფილა, კაი ვნახოთ, შენ თუ მე! ღმერთმა იცის! დედაშენის სიბრალულით ბევრ რამეს გითფენდი, მარა აღარ გამივიდა. აწი ნახე ერთი, თუ შეგრჩება ჩემი ოჯახის გატეხა!

დავითი ისე დარწმუნებული იყო - ჩემი ცხენი სიმონამ მოიპარაო, თითქო თავისის თვალით ენახოს. მეტადრე დავით იმან უფრო დაარწმუნა, რომ ერთი მისი მოჯამაგირე, რომლისთვისაც ქურდებს კარი დაეკეტათ გარედან და სახლში დაემწყვდიათ, ამბობდა: გავიგონე ერთმა ქურდმა დაუძახა მეორეს: აქეთ, სიმონო.

სიმონას დავითის სიტყვებზე პასუხი არ მიუცია. ისე გაუარა გვერდი, მივიდა მამასახლისთან და თავისებურის გაბედულობით ჰკითხა:

- რაზე მიბარებთ, მამასახლისო?

- რაზეც გიბარებთ, თავის ადგილზე რომ მიხვალ, მაშვინ შეიტყობ! - უპასუხა მამასახლისმა მერე ჩააბარა კონვერტები ერთს ყარაულს, მიუმატა ოთხი სხვა ყარაული და უთხრა: ``აბა, წეიყვანეთ!”

სიმონამ გაბრაზიანებულის თვალებით შეხედა დავითს და უთხრა:

- დავით, ნუ მღუპავ ამ მართალ ადამიანს, თუ არა ერთ დღეს მოგკითხავს ღმერთი ჩემ ცოდვას! ხომ იცი, რა დროა ახლა მუშა კაცისთვის! ღმერთს ენდვე, არაფელი დანაშაული მაქ, მართალი ვარ!

- მართალი თუ ხარ, რაღა გიჭირს? სასამართლოები იმიზაა რომ მართალი და მტყვანი გაარჩიონ, - მწარე ღიმილით უპასუხა დავითმა.

სიმონამ დააპირა გაძალიანება. ``ნებით არ წავალ და ვნახოთ, ძალით რას გახდებიანო“, მაგრამ მერე გადაიფიქრა: “გაძალება უარესია. წავალ, ჩემს სიმართლეს ღმერთი არ დამიკარგავსო და გაჰყვა ყარაულებს.

როცა მაზრის უფროსთან მიიყვანეს, ჩვენებური დარაჯები ჩამოეცალა, ხიშტიანი რუსები შემოადგენ აქეთ-იქით. მაზრის უფროსმა პროტოკოლის წაკითხვის შემდეგ რაღაც რუსულად დაუწყო წყრომა და ფეხების ბარტყუნი და შემდეგ წაიყვანეს სატუსაღოში.

IX

თებერვლის საღამო იყო; წვიმაში ხანდახან თოვლ-ჭყაპს ურევდა; ქარს ზუზუნით აჰქონდა წვიმა სახლის კედლებზე; ზოგიერთი სახლი სახურავამდე დაუსველებია. ქეთევან, ძალაძის ქვრივი, იჯდა კერასთან და ნაღვლიანად ჩაჰყურებდა ცეცხლს. მისი სახე და ხელების კანკალი ამტკიცებდა, რომ ამ მოხუც ადამიანს მძლავრი ავადმყოფობა გამოევლო და ეხლა თუ ვინმე ხელს არ მოჰკიდებდა, ისე ზეზე წამოდგომა აღარც კი შეეძლო. ქეთევანის გვერდით იჯდა ერთი ხუთი-ექვსი წლის ფეხშიშველა, დაფლეთილ პერანგიანი ქალი - ქეთევანის ახლო ნათესავი, უდედმამო ობოლი. ცეცხლის მეორე პირას იჯდა დარია, ესეც ძველისა და დაფლეთილის ტანსაცმელით. დარიას ერთი ხელი თავზე ჰქონდა შემოდგმული და ნაღვლიანი სახით მისჩერებოდა ერთს ქედს, რომელზედაც ქარი მოუსვენრად არხევდა ხეებს. პატარა ქალი ხანდახან გადააძრობდა “ნატეხარს” ლობიოთი სავსე ქოთანს, რომელიც ცეცხლის პირას სდუღდა, დახედავდა და, თუ წყალი აკლდა, უმატებდა პირმოტეხილი დოქით. ცეცხლზე ნედლი შეშა ეყარა და ამიტომ მწარე კომლი იდგა სახლში. ხეირიანი სითბოც არ ჰქონდა, რადგანაც ნელ-ნელა და შიშინით იწვოდა. დარია ხანდახან მობრუნდებოდა, შეუკეთებდა ცეცხლს და შემდეგ ისევ მიაშტერებდა თვალებს სერისკენ. ვინ იცის, იქნება ეს სერი აგონებდა ამ ქალს იმ დროს, როცა ის და მისი საქმრო, სიმონა, პატარები იყვენ და დარბოდე ამ სერზე შემოდგომობით, ზენაქრობის დროს, წაბლის ასაკრებად. ეს რამდენიმე თვე იყო, რაც ქეთევანი ავად შეიქნა. მას შემდეგ დარიაც აღარ მოშორებია სადედამთილოს. ერთის შეშის ნახეთქიდან, თითქო ბაწრად იგრიხებაო, ამოძვრა კომლი და დაუწყო პატარა ქალს, ქეთევანის ნათესავს, ცემა თვალებში. ქალმა ხან იქით მიიბრუნა პირი, ხან აქეთ და, რომ ვერ მოახერხა მორიდება, ატირებით წამოიძახა: “ღმერთო, რა ვუყო აწი!”

- სხვაგან დაჯექი, შვილო, სხვაგან! ნედლი შეშაა და ფუტს არ გამეიწყვეტს. ხმელის მომტანი ვინ მოქვცა! აი, ღმერთო სასტორ-სამართალო, ღმერთო, შენ ატირე და აწამე, ვინც მე ჩემი სიმონაი ამდონი ხანია სანახავათ დამიკარგა! უსამართლოთ თუკი დეეტანჯოს, ტანჯვას ნუ გამუუწყვეტ მის ოჯახს! გამოვზარდე, გავკეთთი, მოწიფული შვილი მომესწრა-მეთქინ და... ქეთევანმა მეტის თქმა ვეღარ შეიძლო; სისხლგამოლეული, თეთრად მომანჭული ლოყების დასერილს კანზე ცრემლები ჩამოსცვივდა.

დარიამ მოიბრუნა პირი, შეხედა ქეთევანს და თვითონაც ცრემლებით აევსო თვალები, მაგრამ თავი შეიმაგრა და ასე უთხრა ქეთევანს:

- ნუ, ბატონო, ღმერთის წყალობით აწი ადრე მოგვივა, დროც მოაწია.

- რეთი ხანია ასე ვიძახით, მოგვივა, მოგვივაო, სადაა მერე?! იი ურჯულოები, იგინმა ღმერთი იციან? სამართალია აქ? რაღა მოგვივა, რომ დაალპეს ტყვეობით! იქნება აღარც... - აქ ქეთევანმა მოუმატა ტირილს, დარია ანუგეშებდა, მაგრამ ამაოდ, მოხუცი გულამოსკვნით ტიროდა და იწყევლებოდა.

დაღამდა. ქარი და თოვლ-ჭყაპი თანდათან მატულობდა.

- კარი მოუგდე, ღამე იმზირება სახლში და არ ვარგა, უთხრა ქეთევანმა პატარა ქალს, რომელმაც ამ სიტყვებზე საჩქაროდ მოხურა კარები.

კარგა ხანი იყო, რაც ქეთევანს მშიშარობა დასჩემდა. მეტადრე ღამით ყოველისავე ეშინოდა. როცა მძლავრი ქარი ჭრიალ-ჭრიალს დააწყებინებდა სახლს და ზუზუნით გაიგრიალებდა კედლებზე, ქეთევანი ისე შეკრთებოდა, რომ სკამიდან გადმოვარდნას ცოტაღა უკლდებოდა ხოლმე.

დარიკომ ჩამოიტანა სხვენიდან ნიგოზი, დასტეხა და დაუწყო ნაყვა ლობიოს შესაკმაზად. პატარა ქალი მიუჯდა დარიას, ეძებდა მიწაზე კაკლის გულის ნაფინჩხას და სჭამდა. ქეთევანი ხან სთვლემდა და ხან შეშინებული თვალით შეხედავდა კარებს, რომელსაც ქარი არახუნებდა საკირეზე. ამ დროს მოისმა გარედან თოლიას ყეფა.

- ვინცხა მოვიდა, სთქვა დარიამ. ქეთევანს ხელები უფრო აუკანკალდა შიშისაგან. - ვინ იქნება ახლა? - იკითხა შეშინებით.

პატარა ქალმა გააღო კარი და გასძახა: “მობძანდი!”

- რაღა მობძანდი, ვინცხა არის, ძაღლი შინაურსავით ეფერება! - სთქვა გაკვირვებით დარიამ.

მართლაც თოლიამ შესწყვიტა ყეფა და წკმუტუნით ეალერსებოდა ახალმოსულს. დარია მიუახლოვდა კარებს და შეშინებით სთქვა:

- ბატონო, ვინცხა ჩამოსულა ეზოში, ნელ-ნელა ათვალიერებს ეზოს და მუა აქეთ. თოლიეი ეხოვა და ეფერება. იმისთანა ბნელია კარში, რომ ვერ ვიცანი, ვინ არის.

- ვინაა ნეტაი? ვინ ბძანდებით-თქვა, დუუძახე! - ხმის კანკალით სთქვა ქეთევანმა.

დარიამ ვერ მოასწრო დაძახება, რადგანაც ახალმოსული ამ დროს მოადგა კარებს.

- სიმონ! - სიხარულით დაიძახა დარიამ.

- ვინ სიმონ?! ჩემი სიმონ... ჩემი?.. სადა?.. - ბოდვის მსგავსად წამოიძახა ქეთევანმა და, თითქო ეხლა ავად აღარ არისო, წამოვარდა ზეზე.

დედა და შვილი მოეხვიენ ერთმანეთს, თან კოცნიდენ და თან ტიროდენ.

ტირილი ასეთ შემთხვევაში ისტორიაა ყველა იმ სევდა-ნაღველისა, რომელიც ნათესავებს ან შეყვარებულებს ერთმანეთთან დაშორებით გადაჰხედიათ.

- შვილო, დარიკო, არ აკოცებ შენს სიმონს, არ მოეხვევი? ბევრი ცრემლი დაღვარე შენც ამის გულისთვის. შენი დაფარული ტირილი უფრო მიკლავდა გულს, - უთხრა ქეთევანმა დარიკოს, რომელიც მორცხვობის გამო ვერ ბედავდა სიმონასთან ახლო მისვლას.

- რა ქენი, დარიკო, აღარ დაგავიწყდი ამდონ ხანს? - უთხრა სიმონამ, რომელიც ამ დროს მივიდა დარიასთან. ქეთევანის სიტყვებით გათამამებული დარიაც მოეხვია საქმროს.

სამწლინახევრის განმავლობაში სიმონამ პირველად შემოდგა ფეხი თავის სახლში. რადგანაც გამოუცდელი იყო და სამსჯავროში თავისი სიმართლე ვერ ახსნა, ამიტომ სამსჯავრომ გადაუწყვიტა სიმონას სამწელნახევარს ციხეში ჯდომა და ცხენის ფასის გადახდა. ტყუილად ჩაიარა, რა თქმა უნდა, საქმის გადაწყვეტის შემდეგ ქეთევანის არზებით ხელში გუბერნატორთან, პროკურორთან და სხვებთან სირბილმა. ტყუილად ჩაუარა ქეთევანს დავითის წინაშე ხვეწნა-ვედრებამაც, დავითი დარწმუნებული იყო, ცხენი სიმონამ მოიპარაო, და სრულიადაც არ უნდოდა სიმონას სასჯელი შემსუბუქებოდა. “თუ მართალია და, ეე სამართალი და გაამართლოს, ჩემი რა საქმეაო” - ეუბნებოდა დავითი ქეთევანს. ეხლა, ეს იყო, სიმონას შეესრულებია პატიმრობის ვადა და გამოეშვათ შინ. სიმონა დაჯდა ჯორკოზე, მიეფერა ქალს, თავისი დედის ნათესავს, და შემდეგ იკითხა:

- ნენავ, ჩვენი დიდი სახლი?

- გაგვიყიდეს, შვილო, გადასახადში, - ტირილით უპასუხა დედამ.

- ხარებიც?

- ხარებიც.

- ახლა რაღა სიცოცხლეა ჩემი სიცოცხლე! ბარემ ჩავმკტარიყავი იმ ციხეში! მითხარით, ახლა არ ვემართლები იმას, ვინც ასე უსამართლოთ დამღუპა, იი რომ დავკლა?!.

- შვილო, შვილო ღმერთს ნუ სცოდავ, რა თქვი აი საშინელი! კაცის დაკლა რავა იქნება! შენ ცოცხალი იყავი და ყოლისფერს იშოვნი, შვილო. ჩემი დღეი შეგემატოს, დავითის საყვედურს ნურავის გააგონებ, ხომ იცი, მდიდარი კაცია და მდიდარს ყოველთვის უჭრის ხმალი ღარიბზე. ნუ, გენაცვალოს დედა, დავითის ძვირს ნუ იტყვი. გვაწყინა უდანაშაულოს და თუ მოინდომა, კიდევ გვაწყენს.

- ჰმ! საყვედურიც აღარ ვთქვა! კაცმა უსამართლოდ დამაქცია და საყვედურიც ვეღარ გუუბედო! აგიც სიცოცხლეა! - მწარე ხმით თქვა სიმონამ და მიიწია ცეცხლისკენ, რადგანაც ტანში არაჩვეულებრივი სიცივე იგრძნო.

X

სიმინდის ყანები თითქმის უმეტესი ნაწილი დათესილი იყო სოფელს წაბლისერში, რომ სიმონა ძლივძლივობით წამოუდგა ავადმყოფობას, რომელიც დაიწყო იმ ღამიდან, რა ღამესაც საპატიმროდან შინ მოვიდა, - თურმე გზაზე გაციებულიყო. როცა ფეხი დაიდგა, დაიწყო მუშაობა თავისებურის მუყაითობით, მაგრამ ძნელი წამოსაყენებელი იყო ფეხზე ეს მესამეჯერ დაცემული ოჯახი. რადგანაც ქეთევანი ხშირად ავადმყოფობდა და სიმონს საჭმელის გამკეთებელი აღარავინ ჰყავდა, აღარ მოუცადა შემოდგომამდე დარიაზე ჯვარის დაწერას; ქორწილი არ უძებნია, ისე ერთბაშად საღამოს დასწერა მღვდელმა სიმონს და დარიას ჯვარი. ამის შემდეგ დარია მოუსვენრად მუშაობდა თავის ქმრის სახლში.

- ნუ შეგეშინდება, დარიკო, ჯერ კიდევ ყმაწვილები ვართ, მევესწრებით, კარგათ მოვაწყობთ ჩვენს ცხოვრებას! - ანუგეშებდა სიმონა თავის ცოლს.

ჯერ სამი თვე არც კი გასულიყო, რაც სიმონამ დარიაზე ჯვარი დაიწერა, მაგრამ ოჯახს კი მაინც სიცოცხლე და ფერი დაეტყო ამ მამაც ყმაწვილის ქალის ხელში: დარიამ გაიჩინა ბოსტანი, შინაური ფრინველები, ღორები, ასე რომ ცოტა ხანს შემდეგ საჭამადი, ან, როგორც სოფელში იტყვიან, პირის გემო აღარ მოაკლდებოდა სიმონას ოჯახს. ქეთევანმა, მართალია, აქამდისინაც იცოდა დარიას გამრჯელობა, მაგრამ ის კი აღარ ეგონა, თუ ყმაწვილი ქალი ამდენს გამოცდილებას და ოჯახობის უნარს გამოიჩენდა. ამიტომ გამოუთქმელს სიხარულში იყო.

- იმისთანა რძალი შემხთა, რომ ცივ ქვაზე დაასახლებს კაცს, - იტყოდა ხოლმე ქეთევანი.

- ნამუშიერს რომ დავალაგებ, მერე სადმე საქირაოზე წავალ და გადასახადებს გავუსწორდებიო, - ფიქრობდა იმედმოცემული და გამხნევებული სიმონა.

ერთ საღამოს სოფელს წაბლისერში ჩამოირბინა ნაცვალმა და გამოუცხადა ხალხს: ხვალ ღუბერნატორი მობძანდება, არ დააკლტეთ ყრილობას, თვარა დიდი შტრაფიაო.

- რაზე მობრძანდება, ნეტაი? - კითხულობდა ხალხი.

- რა ვიცი, იი ფოშტას რომ დახთენ და გაცარცვეს, მგონია იმაზე, - პასუხობდა ნაცვალი.

მეორე დღეს სოფლის კანცელარიის დიდი ეზო გაიჭედა ხალხით. ჯერ გუბერნატორი არ მოსულიყო; ხალხი თავისებურად ჟიჟინებდა. ივლისის დღე იყო და ძლიერ ცხელოდა. კარგა ხანს უცხუნა ხალხს ცხვირ-პირში მწველმა მზემ და ბოლოს მოისმა ცხენების დგრიალი.

მოვიდა გუბერნატორი თავის ამალით. ხალხმა შესწყვიტა ჟიჟინი და ისე განაბული იდგა, გეგონებოდათ, გაქვავებულიაო. გუბერნატორმა ჯერ მიიხმო მამასახლისი და ერთი ვაი-ვაგლახი დააყენა, გზები არ ვარგა შენს საზოგადოებაშიო. შემდეგ გამოაცხადა: ავკაცობა გახშირდა, აგერ ფოსტა გაძარცვეს და დაკარგული თქვენ, სოფლის ხალხს, გაწვებათ კისერზედაო. ამიტომ საჭიროა მავნე და შენიშნული კაცები თავიდან მოიშოროთ, “პრიგავორი” შეუდგინოს საზოგადოებამ და დასაჯოთო. საქმის სისრულეში მოსაყვანად თხუთმეტი დღის ვადა მისცა გუბერნატორმა. თხუთმეტი დღის განმავლობაში უნდა წარედგინათ “პრიგავორი” და შიგ მოხსენებული დასასჯელი მავნე კაცნი. ხალხს, რა თქმა უნდა, სიტყვა არ შეუბრუნებია გუბერნატორისთვის, ისე მიიღო გამოცხადება და შეუდგა საქმეს: იმ დღესვე ამოირჩიეს დეპუტატები და მიანდვეს საქმე, რომ სოფლის მაგიერ მოენახათ საეჭვო და მავნე კაცები, შეედგინათ განაჩენი და მიესაჯათ სასჯელი. პირველ დეპუტატად დავით დროიძე ამოირჩიეს. დავითმა სიამოვნებით მიიღო ამორჩევა, თუმცაღა შეეძლო არ მიღებაც.

როცა დეპუტატები საქმის გარჩევას შეუდგენ და საეჭვო და მავნე კაცები ჩამოსთვალეს, დავითმა დაასახელა, სხვათა შორის, სიმონა ძალაძეც. რაც სიმონა საპატიმროდან დაბრუნდა, მას შემდეგ დავითს ტკბილად აღარ სძინებია:

“იმისთანა თვალით მიყურებს, კარგს არ მიზამს, რამე უნდა მოვუხერხოვო”, - ფიქრობდა და ეს იყო, ეხლა შემთხვევა მიეცა სიმონას თავიდან მოშორებისა. დავითისთვის წინააღმდეგობა აღარავის გაუწევია ამ შემთხვევაში; არ გაუწევიათ ერთი იმიტომ, რომ ეხათრებოდათ და წყენინებას ვერ უბედავდენ და მეორეც იმიტომ, რომ მას შემდეგ, რაც ერთხელ, ვითომც სიმინდის მოპარვის გამო, და მეორეხელ, დავითის ცხენის მოპარვის მიზეზით, სიმონა საპატიმროში იყო, დიახ, ამ ორ შემთხვევას შემდეგ მეზობლებს სიმონა მართლადაც საეჭვო ადამიანად მიაჩნდათ, ხალხმა რა იცოდა, თუ სიმონა ორსავე შემთხვევაში ცამდის მართალი იყო. ხალხი უმეტეს შემთხვევაში ქვევრივით არის: რასაც ჩასძახებენ, იმასვე ამოიძახებს. გავლენიანმა დავითმა ჩასძახა, სიმონა მავნებელიაო, და ხალხიც იმეორებდა - მავნებელიაო.

დადგა ხალხის განაჩენის სისრულეში მოყვანის ვადაც. დაატოვებიეს სიმონას - სიმონასთანას, რასაკვირველია, ბევრს კიდევ სხვას, - ავადმყოფი დედა, ორსული ცოლი, გაუთოხავი ყანები და “პრიგავორის” ძალით ორის წლის ვადით უკრეს თავი საპატიმროში. ამ დღიდან დაწყებული, თავის დღეში ტანჯულს ქეთევანს, როცა ავადმყოფობას წამოუდგებოდა, მიჰქონდა არზა ხან სოფლის ყრილობასთან, ხან მაზრის უფროსთან, ხან გუბერნატორთან; ხან თხოულობდა, ხან იწყევლებოდა, ხან ილანძღებოდა, მაგრამ არა რა გაუხდა, - ვადამდი რაც გინდა ქენი, მაინც არ განთავისუფლდება სიმონაო, - ესმოდა ყოველგან.

XI

ოცდასამი აპრილი სოფელ წაბლისერში დიდი დღესასწაულია - გიორგობა. აუარებელი ქალი და კაცი მოიყრის თავს გიორგობის წინაღამით წმინდა გიორგის ეკლესიაზე ღამის სათევად. დილამდე ისმის სიმღერა, დავლი, დაირა, ცეკვა, თამაში. რაც გინდა ღარიბი იყოს წაბლისერელი კაცი, გიორგობას მაინც დაუთრობელს არ გაუშვებს თავის სტუმრებს. სადილიდგან დაწყებული მეორე დილამდე ისმის წაბლისერში თითქმის ყველა მოსახლისას “ჟამიერუმ” და “დალიე - დამილიე”.

დავით დროიძისას, რა თქმა უნდა, დიდი ლხინი იმართებოდა ყოველ გიორგობას. ხარის დაუკლავად არც ერთს გიორგობას არ გაუშვებდენ. დავითის ყველა შვილები საგიორგობოდ შინ იყრიდენ თავს. იმ წელსაც, რომელზედაც მე ლაპარაკი მაქვს, საგიორგობოდ დავითის შვილები ყველანი შინ იყვენ მოსულნი.

ღარიბი მეზობლები მიდიოდენ დავითისას და სიხარულით ეგზავნებოდენ დავითს და მის შვილებს, - ვინ პურისთვის, ვინ ღვინისთვის, და ვინც სად დასჭირდებოდათ. ისინი შესტრფოდენ დავითის ვაჟებს, რომლებიც ძვირფასის ტანსაცმელებით იყვენ მორთულნი. მეტადრე დიდი ყურადღება მიიქცია სოფელს წაბლისერში დავითის ერთმა ვაჟმა, ტიტიკომ, რომელსაც პრაპორშჩიკის პაგონები ეკერა მხრებზე. წაბლისერში თავის დღეში არ ყოფილა აფიცერი. მართალია, უნახავთ კი სამხედრო კაცები ქალაქში და სოფლის კანცელარიაზე, მაგრამ ეგ სხვაა და თვითონ სოფელში რომ ეყოლებათ თავისისავე სოფლის შვილი, ის კიდევ სხვაა. ამასთან ტიტიკო ლამაზი ყმაწვილიც იყო. ნამეტურ ქალები საიდან სად არ მოდიოდენ ტიტიკოს სანახავად. ამ სანახავად მოსვლამ ბევრს მანდილოსანს ცუდი ხმაც დაუგდო, მაგრამ ამისი დარდი აღარავის ჰქონდა. იმ ხანად, რაც ბავშვი დაიბადა წაბლისერში, ვაჟებს ყველას ტიტიკო დაარქვეს მშობლებმა. საღამოობით ტიტიკო შეჯდებოდა თავის ოქროსფერ ბედაურზე და წავიდოდა სასეირნოდ. ამგვარი სეირნობაც პირველად ნახეს წაბლისერელებმა და ამას შემდეგ ბევრმა აქაურმა აზნაურის ოჯახმა შემოიღო საღამოობით ცხენით სეირნობა.

- დედავ, დედავ, რა ლამაზია! Какая красавица! სანეხვეზე ვარდი ამოვაო, რომ იტყვიან, აბა ეს არის, Я, брат, очарован! Эта сельская Венера! - აღტაცებით შეალაპარაკა ერთ საღამოს სეირნობიდან დაბრუნებულმა ტიტიკომ თავის ოთახში, სადაც ერთი თავისი ძმათაგანი დაუხვდა.

- რა იქნა, რა ნახე ასეთი? - სიცილით ჰკითხა ძმამ.

- აი, ის ძალაძისა, ჩვენი მეზობელი გლეხის ცოლი! - უპასუხა აღტაცებულმა ტიტიკომ.

- ვერ გავიგე, ვინ ძალაძისა?

- აი, მამა რომ ამბობდა გლეხს ძალაძეზე, მაშენიკი იყო, შემეშინა, ჩვენც არ გვავნოს რაო და “тюрьма”-ში ჩავასმევიეო, იმისი ცოლი.

- ჰოო, მივხთი, ქეთევანის რძალი, დარიკო. იმის გულისთვის სხვებსაც ბევრი ადგება ყელზე ნერწყვი. მეც ბევრი ვსდიე, მარა არ იქნა, ვერას გავხთი. იმისთანა მიუკარებელი, ჯიუტი და გულგაუხსნელი არ მინახავს ჩემს დღეში!

- Что ты говоришь? რას ვერ გავხთიო! ქალი მოვინდომო და ვერას გავხთე! გინდა ჩვენს თავადებში საუკეთესო ქალი შევაცთინო. თვარა ეს ვინ არის, ერთი ღატაკი გლეხის ცოლი! ნებით არ იზამს, ძალა აქნევინებს. Нет, брат. ჩვენ, აფიცრებს, ასე არ გვიწერია კანონში: მოგვეწონა ქალი, кончено дело. ჩვენია!

- იქაურის რა მოგახსენოთ, არ ვიცი და აქ, ქეთევანას რძალთან ნებით ვერას გახთები და ძალით, არ გახსოვს, ქეთევანი თოფით რომ დასდევდა ვაჟკაცებს და აშინებდა? მართალია, მოაკლდა ღონეს, მაგრამ ამისთანობით მაინც ვერავინ შებედავს. იცი? მამაჩვენს ეშინია ქეთევანასი, - სიმონას საქმეში მე ბრალი არა მაქო, ეფიცება, როცა ნახავს.

- Какой чорт, ქეთევანმა უნდა შემაშინოს! Вот скандал! ამდენი კაცი ერთ დედაბერს შეუშინებია! კაცო, ძალა თქვენ გაქვს, ფული თქვენ გაქვს და მაინც კი ერთი დასნეულებული დედაბრის უნდა გეშინოდენ და ცრუობა უნდა იფიცოთ მისი შიშით! Вот необразованный народ არ გესმით ცხოვრება! რა ოხრად გინდათ ის შეძლება და ფულები, თუკი დედაბერიც თქვენ შეგაშინებთ! ის კი არა, კრინტის დაძვრას ვერ უნდა გიბედავდენ მეზობლები, მაგრამ რომ არაფელი გესმით!

- შე დალოცვილო, არ გვესმის, არ გვესმის! კარგი დაგიჯეროთ, მაგრამ ეს ყველამ უნდა იცოდეს, რომ კაცს რომ გააძაღლებ, გიკბენს. ვინ იცის ჩვენი ცხენის ქურდობაში დანაშაული იყო თუ არა, მაგრამ ჩვენ მაინცდამაინც დანაშაულობა დავატეხეთ; დავატეხეთ იმიტომ, რომ შეგვეძლო საქმე კარგად წაგვეყვანა; მას ადვოკატიც არ ყოლია სიღარიბის გამო. ვინ იცის-მეთქინ, ვანბობ, ეგება ალალ-მართალი კაცი სამ წელზე მეტი დავალპეთ სატუსაღოში. ახლა იყო და მამაჩვენმა - ცუდი თვალით გვიყურებს, დაგვწვავსო - აიყვანა და ქურდების “პრიგავორში” ჩააწერია. დღესაც სატუსაღოში ზის. ამასაც აღარ დავაჯეროთ, შინ მივუხტეთ და ცოლი ძალით გავუუპატიუროთ? მან რომ ვეღარაფერი გვაწყინოს, ქვეყანაა, ღმერთია... კაცმა რომ შეგვარჩინოს, ღმერთი არ შეგვარჩენს. მერე კიდევ იი ბიჭი სიმონაი იმისთანა შავი ჟამი ყაძახია, რომ ერთი თუ თავზე ხელი ეიღო, ჩვენს ოჯახს დაუქცეველს არ მოარჩენს...

- იცი, ლევან, - გააწყვეტია ძმას სიტყვა ტიტიკომ, - სიმდიდრე და ძალა იმითია კარგი, რომ ყველა შენს წადილებს აისრულებ. თუ ჩემი წადილები არ ამისრულდება, ხალხი, დედაბერი, ვიღაც ბიჭი და ყველაი მე შემაშინებს, მაშვინ რა ჯანაბად ვაქნევ სიმდიდრეს? თუკი ის ბიჭი, სიმონაია თუ ვინცა, ჩვენი ვნება შეუძლია, მოიშორეთ თავიდან, ან სულ დააკარგვიეთ და ან მოაკვლევიეთ. მაშ რათ გინდათ ის ფულები, თუ ეგეც არ შეგიძლიათ?

- შე კაი კაცო, დღეს ერთია ამისთანა სიმონაი, ხვალ ორი იქნება, ზეგ სამი და რა ვიცი, რამდენი დავაკარგვინოთ ან მოვაკვლევიოთ!

- რამდენი? რამდენიც საჭირო იყოს, იმდენი. არ იცი, რომ სიცოცხლე ბრძოლაა? ბურთი და მეიდანი იმას რჩება, ვინც მძლავრია. სიმძლავრე ანუ ძალა ეხლანდელ დროში ფულია. ეს ფული თქვენ საკმაოდ გაქვთ, აიღეთ და მოიხმარეთ. რის გეშინიათ? მაგრამ ამას ეხლა თავი დავანებოთ, ერთი ეს მითხარი, ნუთუ ის ქალი უარს მეტყვის, ნუთუ არ გაუხარდება, მე რომ ის მომეწონა? მერე კიდევ აგერ ერთ წელზე მეტია თურმე, რომ ქმარი შინ არ ყოფილა. Нет, не поверю არ მეტყვის უარს. გაუხარდება კიდეც, ღმერთს მადლობას შესწირავს, რომ მე ის მომეწონა.

- გეტყობა ძალიან დაწვრილებით გამოგიკითხავს იმ ქალის ამბავი. სად ნახე, ან ვინ გითხრა, ის არისო და მერე კიდევ მისი ამბები?

- გზის პირში რომ წყაროა, იქ ვნახე. მერე ჩვენს ფეფიკოს გამოვკითხე - ფეფიკოც იქ იყო - და იმან მითხრა ყველაფერი.

- ჩემის ფიქრით, ნებით არ იზამს და ძალით არ ღირს. ისე შენ იცი, შინჯე, თუ გინდა. ისევ იგივე ფეფიკო მოგიხერხებს, თუ რამ მოხერხდება. მაგრამ კიდევ ვიტყვი, არა მგონია.

- ის მე ვიცი, ერთი ფეფიკო დავიბარო! - ამ სიტყვებით გამოვიდა და დაუძახა მოჯამაგირეს - ფეფიკო მომგვარეო.

ცოტა ხანს შემდეგ მოვიდა ფეფიკოც, ქვრივი ერთი გლეხისა, რომელიც დროიძის სიახლოვეს ესახლა. ფეფიკო იყო შუახნის ქალი. ყმაწვილობისას, რადგანაც მშობლები ღარიბი ჰყავდა, სხვადასხვა დიდკაცის ოჯახში ემსახურებოდა მოახლედ. მერე ქმარი შეირთო, მაგრამ ქმარი ადრე მოუკვდა და დარჩა ფეფიკო ქვრივად ერთი მცირეწლოვანი ქალიშვილის ამარა ისეთ სიღარიბეში, რომ ზოგიერთი ადამიანი, შესაძლებელია, ფეფიკოს ადგილას მათხოვრობასაც დაიწყებდა. მაგრამ ფეფიკო მოხერხებული დედაკაცი იყო: კიდევ დიდკაცობაში დადიოდა. სძღვნობდა და იმათგან საჩუქარს, წყალობას იღებდა. ხან საცოლო ყმაწვილი კაცის და გასათხოვარი ქალი შუამავალი იყო და აქაც გასამრჯელოს იღებდა; ხან ვინმე ავადმყოფს დაუწყებდა სამსახურს და, მოკვდებოდა თუ მორჩებოდა ეს ავადმყოფი, ფეფიკო თავის ნამსახურს მაინც ართმევდა. ამასთან ხელობაც იცოდა - ჭრა-კერვა - და ცოტაოდენს იმითაც სარგებლობდა. ამგვარის ცოდვილობით გამოზარდა თავისი ქალიშვილი, მოიყვანა ვიღაც უსახლკარო ბიჭი, შერთო და ჩაისახლა სიძე შინ. ფეფიკოს მეზობლებში ზოგიერთნი ამბობდენ: ``ფეფიკოს თავის დროზე საყვარლები ჰყავდა; ფეფიკო თავის ქალიშვილს, ქმრის შერთვამდისაც ურიგებდა ვიღაც-ვიღაცეებს და ქმარი რომ შერთო, მერეც ურიგებსო”. მაგრამ ამასთან ამასაც ამბობდენ: “ფეფიკო დიდკაცობაშია გამოზდილი, სიტყვა-პასუხი და ზდილობა იცისო”. ამ ზრდილობისთვის მეზობლები პატივსა სცემდენ ფეფიკოს.

ტიტიკომ გაიყვანა ფეფიკო ცალკე და უთხრა:

- იცი, ფეფიკო, რისთვის დაგიბარე? ერთი საქმე უნდა შემისრულო.

- თქვენ ბატონი და მე თქვენი მოახლე, ბედნიერი იქნება ფეფიკაი, თუკი რამე თქვენი სასიამოვნო შეიძლო, - უპასუხა ფეფიკომ სიტყვამარჯვედ.

- დღეს რომ ქალი ვნახეთ, აი წყაროზე, შენ რომ მითხარი, ესა და ეს არისო, ის ქალი უნდა გამირიგო, უეჭველად... არა, უარი არ შეიძლება!..

- ვიცი, ბატონო, თქვენ უარი არ მოგეხსენება, მარა... ვაი, ძაღლმა შეჭამა ფეფიკაი! უნდა მოგახსენოთ, რომ შეუძლებელია. ქვიშის საბელი რომ მიბრძანოთ, შევიძლებ, მგონია, და იმის შემძლე კი არ ვარ: ცოდვა გამჟღავნებული ჯობს, სამჯერ მივადექი იმ ერთ გლეხის გოგოს, გაუთხოვარი რომ იყო, მაშვინაც, მერეც, მაგრამ არაფერი გამიხთა. იმ მზაკვარმა ქეთევანმა მაინც სულ თავის ჭკუაზე გამოზარდა! თქვენ რომ მიბძანოთ, ზღვაში გადვიჭრები და იმ ქალთან ვერაფრის თქმას გავბედავ ამისთანაობაზე, დათხოვნილი ვყავარ.

- მაშ, ეს არის, უარს მეუბნები?! კარგი, გამაწბილე, თუ აღარ გინდა ჩვენი ოჯახი!

- ვაიმე, დაღუპულს! რა ვქნა, რომ შეუძლებელი მიბძანეთ! მარა, გნებავთ, ენა მიმაჭერით, უნდა გითხრა: რა თქვენი საკადრისია მუნიანი ყაძახის ცოლი! სხვაი ვინმე თქვენ რომ შეგეფერებოდათ, იმისთანაი მიბძანეთ და, თუ ქალი ვარ, აგისრულებთ.

- არა, ეხლა სხვაი არ მინდა, ის რაღაც ჟინათ მაქვს ჩაჭრილი გულში. ან რა არის აქ შეუძლებელი? ჩემთვის უნდა ხელმიუწდომელი შეიქნეს ერთი ღატაკი გლეხის ცოლი? ჩემ მაგიერ სიტყვას მიუტან და ის უარს იტყვის? არა, ამას ვერ დავიჯერებ.

- გლეხის რომ არის და გაუნათლებელი, ამიზა იტყვის უარს, აბა განათლებული თუ იყოს, ნეფის ქალიც ღვთის მოწყალებათ ჩასთვლის თქვენისთანა ანგელოზს.

- რავაც გინდა, ისე თქვი, ისე ამიღელდა სისხლი, რომ ის ქალი უნდა დამნებდეს! ის ქალი, სხვაი კი არა, ის! ძალით თუ ნებით, უნდა მოახერხო! თუ ჩემი თავი გინდა, უნდა მოახერხო!

ფეფიკო დაფიქრდა და შემდეგ უთხრა:

- კაი ბატონო, თავს გადავდობ და ან ნებით ან ძალით რამეს გავხთები.

- ასე, ჩემო ფეფიკო, და მე ვიცი შენი პატივისცემა!

- ვეცთები, უთხრა ფეფიკომ და წავიდა შინ.

XII

- რავა იქნება, ღამე არ უთიო, შვილო, სალოცავია ჩვენი, რამდონი ოჯახი ამოუხოცია ხატის ბრალს! ჯერ ცოცხალი მაინც ვართ და ერთი ოჯახიდან არ ევიდეს კაცი, ასე სალოცავის დავიწყება რავა იქნება! უნდა წახვიდე, შვილო, და ღამე უთიო.

- რა ვქნა, ბატონო? აქეთ შენ ავათ ხარ, აგერ ბაღანაი ძუძუზე მყავს. დეილოცა მისი დიდება, იცის ჩვენი საცოდავობა და არ გვიწყენს!

- რა ვუყოთ, შვილო, მერე რომ ავათ ვარ! ხატს თავისი უნდა. ბაღანაი ჩვენს მარიამს დუუტიე დილამდი, მარიამ არ წავა, ახალნალოგინევია. ასე, ბაღანაი დილამდი მარიამს დუუტიე, დილას მოხვალ, ბაღანას დააძუძურებ და, რომ დარეკენ, ისევ წახვალ.

- შენი ნებაა, ბატონო, შენ უმფრო იცი, მარა ისე რიგი და წესი არ არის, ჩემი ქმარი ნაობახში ლპებოდეს და მე ღამის თევაში ქეიფს და თამაშს ვუყურო. თუ ღმერთი მაღირსებდა მის მოსვლას, მაშინ ღამის თევაშიც წევიდოდით და სალოცავსაც ვილოცავდით, თუ არა და არამც მიცოცხლია უიმისოთ ერთი წამი!

- შვილო, იმიზა უნდა კიდეც ღმერთს და ხატს ხსენება, რომ შინ არ გყავს. ეგებ გადმოხედოს ჩვენ საცოდავობას და არ დაგვიკარგოს ჩვენი მაცოცხლებელი. ვაი, ვინცხამ მე იგი ამდონ ხანს სანახავათ დამიკარქა, იმას დუუკარქე სააქაოც და საიქიოც! თუ უდანაშაულოთ კი დევეწვა, წმინდაო გიორგი, შენ დაწვი და დუუდაგე საცხოვრებელი! წადი, შვილო. წადი და შეეხვეწე შენს სალოცავს. უცოდველი ადამიანი ხარ, შენსას გეიგონებს.

- ბატონო, შენ საწყენს ვერ ვიზამ, თუ არა, ჩემს ნებაზე რომ ყოფილიყო, არაფრამდი არ წევიდოდი. რაღამც შენი ნებაა, წავალ.

ასეთ ლაპარაკში იყვენ გიორგობა წინდღით ავადმყოფი ქეთევან და იმის რძალი დარიკო. პირველის შვილი და მეორეს ქმარი სიმონა კი ამ დროს საპატიმროში იჯდა; იმის განთავისუფლების ვადას ჯერ კიდევ ბევრი უკლდა.

დარია სიმონამ ორსული დასტოვა. რამდენისამე თვის შემდეგ სიმონას დაპატიმრებიდან დარია დალოგინდა და მიეცა ვაჟი, რომელსაც ნათლობაში უწოდეს გაბრიელ, ბაბუას სახელი. სიმონას ჯერ არ ენახა თავისი პატარა გაბრიელ. მართალია, ქეთევანმა და დარიამ მოინდომეს ბავშვის წაყვანა საპატიმროში, ვაჩვენებთო, მაგრამ როცა უნდა წასულიყვენ, იმის წინა კვირით სიმონას შემონათვალი სიტყვა მოუვიდათ: “თუ ჩემი წყეინება არ გინდებიან, ჩემთან სანახავათ ნუ მოხვალთ, მე არ მინდა ჩემს ცოლს აქანაი ვიგინდარებმა დაუწყოს ჩქმეტაო”. ამის შემდეგ დარია, რა თქმა უნდა, აღარ წავიდოდა.

ჭეშმარიტებაა, რომ ჯავრი და ნაღველი ადამიანს აჭკნობს, აჭლექებს, მაგრამ დარიას შესახებ არ გამართლდა ეს ჭეშმარიტება: თუმცაღა ამ ქალს თვალები ეწოდა ქმრის მოშორების დარდით ტირილის გამო, მაგრამ ლოგინობის შემდეგ მაინც ისევ გაიხვითქა, ისე გაივსო მისი ტანი, რომ ტყავში აღარ ეტეოდა, სილამაზეც ერთი ორად მოემატა. “აი ძაღლის საჭმელი აი! ამას ჭკუა აქ, მე ასე გავსუქთი! და ჩემი სიმონი კი ნაობახში დნება!..” - ბევრჯერ მწარედ მოუჩქმეტია დარიას ამ სიტყვებით თავისი ხორცი.

- ნუ, შვილო, ნუ, თავს ნუ შეიძულებ, ღმერთი არ გვიზამს, რომ ხორცის საგლეჯად გაგვიხადოს საქმე! რა ვქნათ, ცოტა კიდევ გევიჭიროთ და ღმერთი გვაღირსებს, შენ ყოლიფერს მოესწრობი, ბაღანაი ხარ. მე რას მიყურებ, მიწაში მიმავალს! რა ჭკუაა, შენივე ხორცი შეგიძულებია და ძაღლსავით გლეჯ! მოგემატა! რა ვუყოთ, დამოწიფულდი და ტანი მოგემატა! - ეტყოდა რძალს ქეთევან, როცა შეამჩნევდა, რომ თავის ხორცს თვითონვე იგლეჯს და იჩქმეტსო.

- პირი დეიბანე, შვილო, ტანზე ჩეიცვი, ქალსავით წადი, ასე რავა იქნება! - უთხრა ქეთევანმა რძალს, როცა ღამისთევაში წასვლაზე დაიყოლია.

- არა, ბატონო, ამას ვეღარ დაგიჯერებ, არც პირს დევიბან და არც ძველს გევიძრობ, ასე რომ ვარ, ასე ამგვარათ წავალ.

- რას ჩივი, შვილო, გლახასავით წასვლა შენი ოჯახის და ქმარის შერცხვენაა!

- ბატონო, შენი ჭირიმე, დამეთხუე, არ მინდა და რა ვქნა!

- არ ვარგა-მეთქინ, არა!

როგორც იყო, ქეთევანმა დაიყოლია რძალი ახალის კაბის ჩაცმაზე, მაგრამ პირი კი ვერაფრის გულისათვის ვერ დააბანია.

ქეთევან და მისი რძალი რომ ამ ლაპარაკში იყვენ, ამ დროს ვიღაცა ქალმა დაიძახა გარეთ. “მობძანდი!” - გასძახა დარიკომ. “აქა მშვიდობა და ყოლიფერი კაი!” - შემოილაპარაკა სახლში და შემოვიდა ფეფიკო.

- რავა ხარ, ქეთევან? საცოდაო, არ მეიკეთე ცოტა მაინც? - ჰკითხა გულმტკივნეულობით ფეფიკომ ქეთევანს.

- ისე ჩემი შვილის დამღუპველმა მეიკეთოს! ლოგინიდგან ცეხლის პირში ძლივაი ჩამუალ, - უპასუხა ქეთევანმა.

- უი, საცოდაო, რაც შენ წვალება გამოსწიე, ასეც რავა ხარ! ნუ გეშინია, ღმერთი მოწყალეა, ცოტა კიდევ მეითმინე და მოგივა შენი სიმონ! გუშინღამ ოსიკელაი ლაპარაკობდა, “მერცხალსავით არის, ყველაზე უმფრო ფერ-ხორცზეაო”.

- შენი ჭირიმე, ფეფიკო, ამბავი შეიტყვე? კარგათ არისო? - ერთხმად ჰკითხეს რძალმა და დედამთილმა.

- არ გითხარი, მერცხალსავით არისო. რა უჭირს იმისთანა ვაჟკაცს! სიმონისთანა დევს კი არა, საცოდავებს და ავადმყოფებს აჟენენ ნაობახში ოთხ-ხუთ წელიწადს და იგინი იტანენ; ბეჩა, თქვენ ტყუილა დეიხოცეთ ჯავრით თავი! ასე არ ვარგა, გამოუცთელობაა...

- შენს პირს შაქარი, ჩემო ფეფიკო, - ლოცავდენ კარგის ახალი ამბის მოტანისათვის ქეთევანი და დარია.

- ქალო, რას შრობი, ხომ მიხვალ ამეღამ ღამისთევაში? - ჰკითსა ბოლოს ფეფიკომ.

- ჩემმა დედამთილმა არ დამაყენა, თვარა არ მინდოდა. მივალ, - უპასუხა დარიამ.

- რა ვუყო, ფეფე, სალოცავია ჩვენი, - სთქვა ქეთევანმა.

- რა ბრძანებაა, წავა, აბა რას იქს. ხატის და ჯვარის გახსენება და ხვეწნა ახლა უმფრო გინდებიან, - დაემოწმა ფეფიკო ქეთევანს.

- მერე ამას რა ვუყო, ვის ვანდო? - აჩვენა დარიამ თავისი ჩვილი ბავშვი, რომელიც მადიანად სწოვდა რძეს დარიას სავსე ძუძუდან.

- ჯვარი გიწერია ჩემი თვალისაგან! რა ანგელოზია! თლათ მამაა გამოსახული, - სთქვა ფეფიკომ, როცა დახედა ბავშვს და მერე დაატანა: - ბეჩა, რა დიდი საქმეა ერთ ღამეს ვინმემ ბოვში შეგინახოს მეზობლობაში! შენც მაგიერს გადუხთი.

- ბატონო, აბა, რაღამც საშველი არაა, ასე ვიზამ: შვაღამემდი ვათევ, შვაღამეზე ჩამუალ შინ და ხვალ წირვაზე წავალ, - დაეკითხა დარია დედამთილს, მერე მიუბრუნდა ფეფიკოს: - შენ რას იზამ, შენ არ წამოხვალ ნაშვაღამევს, ფეფიკო?

- მე? რა ვიცი, ეგება მეც ქე წამოვიდე. თუ არა და რა გიჭირს ამ ერთ წუთა გზაზე. მერე კიდევ მთვარით გადაკიანთებული იქნება ცა და მიწა. ახლა, ქალო, ძველი დროი ხომ არ არის, ადამიანს რომ ყიდდენ. ახლა გინდა დღეი იარე, გინდა ღამე, ფიქრი ნუ გაქ. - უთხრა ფეფიკომ.

- ვაჟო, მაინც ვთქვი, თვარა რამდონს მიარია ღამე ზროხის საძებნელათ ტყეში! - იმედიანად სთქვა დარიამ.

- აკი არ ვთქვი! - დაუდასტურა სიტყვა ფეფიკომ. წამოდგა, “აგიშენოს” დაუტოვა მასპინძელს, მერე კიდევ დაეკითხა დარიას: “აბა ნამდვილ წამოხვალ ხომე, გამოგიარო”, და წავიდა შინ.

- აბა, ასე ქენი, რავაც თქვი: ნაშვაღამევს დაბრუნდი და ხვალ წირვაზე წადი, - უთხრა კიდევ რძალს ქეთევანმა, როცა ფეფე წავიდა.

რომ მოსაღამურდა, დარიამ ერთი კიდევ კარგად გააძღო გაბრიელი რძით, მერე დახედა: “დედავ, შვაღამემდი ვინ მოსცილდება ამ ანგელოზსაო”, - ჩაკოცნა ბავშვი და წაიყვანა მეზობლისას.

როცა დაბრუნდა, გადაიცვა ახალი კაბა, რომელიც, რაც სიმონა დააპატიმრეს, მერე ზანდუკში ჰქონდა შენახული და ერთხელაც არ ჩაეცო, და დაუწყო ცდა ფეფიკოს. ცოტა ხანს შემდეგ ფეფიკომაც გამოიარა და ერთად წავიდენ ეკლესიაზე.

XIII

წაბლისერის წმინდა გიორგის ეკლესია სდგას ერთ ვაკიზურგიანს გორაკზე. უწინ აქ პატარა ქვის შენობა იყო ეკლესიად, ხალხის სიტყვით, ვითომ და თამარ მეფის დროს აშენებული. მერე ამ ეკლესიის მრევლთაგან ზოგიერთმა მდიდარმა კაცმა პატარა, ძველ ქვის ეკლესიას წუნი დასდო: “არ გვეკადრება, ეკლესია კი არა, კარავიაო”, და გამოიწყეს ახალი ეკლესია, ერთი დიდი ქვის შენობა. მაგრამ ხალხს შეექნა საეკლესიო ადგილზე ცილობა; ზოგს უნდოდა ეკლესია სოფლის შუა ადგილას აშენებულიყო; ზოგი - სადაც ძველი ეკლესია იდგა, ახალიც იქ უნდა აშენდესო, ამბობდა. დავით დროიძე იმ მხარეს იყო, რომელსაც ახალის ეკლესიის აშენება ძველ ნაეკლესიარს ადგილზე უნდოდა. ამ დავის გამო ბევრი რევიზორი და კომისია გამოგზავნა სასულიერო მთავრობამ. მოგახსენებენ, ბევრი მათგანი ფულით ჯიბეგატენილი დაბრუნდაო. უკანასკნელად საქმე იქამდე მივიდა, რომ ერთი მხარე ხალხის მოთავე მოწინააღმდეგეებმა საიქიოს გაისტუმრეს - ღამე დაუხვდენ ჩუმად გზაში და მოჰკლეს. კარგა ხნის დავიდარაბის და დიდი ხარჯის შემდეგ დამტკიცდა ახალი ეკლესიის ასაშენებლად ისევ ის ადგილი, სადაც ძველი ეკლესია იდგა. შეუდგენ აშენებას. ამოირჩიეს დეპუტატები, რომელნიც მოჰყვენ და ას-ასი მანეთობით შეაწერეს ღატაკს გლეხებს ეკლესიის ასაშენებელი. გეგონებოდათ ჩინგისყაენის მეხარკენი მოსულანო, ისეთნაირად ბრუნავდენ სოფელში ამ ფულის აკრეფის დროს დეპუტატები, მამასახლისი, ხევისთავები და ყარაულები. ვის ძროხას უყიდდენ, ვის - ხარს, ვის - სარჩო სიმინდს და ვის რას, ვინ მოსთვლის! ბევრი ღატაკი გლეხი კიდევ უფრო გააღატაკა ამ ეკლესიის აგების ხარჯმა. ბოლოს, ეშველა, აშენდა და, უნდა მოგახსენოთ, კარგი ეკლესიაც არის. ბევრს პატარა ქალაქშიაც ვერ ნახავთ ასეთ კარგ ეკლესიას.

ეკლესიას ერთი მხრით ტყე აკრავს; ეზო დაჩრდილულია ნაძვისა, ურთხლისა და ბზის ხეებით. აქ, ხეებს ქვეშ, მშვენიერი, დაცემული მინდორია. ერთ მხარეს აშენებულია საყარაულო და სენაკები - პატარ-პატარა ქოხები. სამრეკლოც მშვენიერია ამ ეკლესიაზე. მაინცდამაინც იაფად არც ეს სამრეკლო და ახალი ზარი დასჯდომია ხალხს. რასაკვირველია, ძვირფასი ზარი მდიდრების ჟინიანობით იქნა შეძენილი, თორემ ძველსაც არა უშავდა რა.

აი, ამ ეკლესიის ეზოში იყრის თავს ხალხი გიორგობის წინაღამით. დიდძალი ხალხი მოდის და დიდი თამაშიც იმართება ღამის თევის ღამეს. მოგახსენებენ, დიდს სამსახურს უწევს ზოგიერთს ამ დროს, ეკლესიის ეზოს რომ ტყე აკრავს, ისაო. თურმე, როცა ყმაწვილ ქალს და კაცს ერთმანეთის მზერით გული გაუხურდებათ, გასაგრილებლად ამ ტყეს აფარებენ თავს.

როცა ფეფიკო და დარია ავიდენ ეკლესიაზე, ხალხი საკმაოდ შეგროვილიყო და რამდენსამე ადგილს გაემართათ ცეკვა, სიმღერა და დაირა.

დავით დროიძეც აქ იყო თავისი ოჯახობით. ტიტიკო ხან ერთს მოთამაშე გუნდს დახედავდა, ხან მეორეს და ხან მესამეს. რასაკვირველია, სადაც კი მიიტანდა თავის ბრჭყვიალა პაგონებს და სამხედრო ტანსაცმელს, ქალებს ნერწყვი ადგებოდათ ყელზე. როცა ფეფიკო დაინახა ტიტიკომ, გასწია მისკენ. დარიამ მოარიდა თავი, გასწია და შევიდა ერთს სენაკში მონაზვნებთან. ფეფიკო გაჰყვა ტიტიკოს იქით, რაღაც უთხრა, ისევ დაბრუნდა დარიასთან და შემდეგ დარიას შინ წამოსვლამდე აღარ მოშორებია, თითქო კაი დედააო, ისე ატარებდა იქით და აქეთ. ცოტა ხანს შემდეგ ტიტიკო და მისი მოჯამაგირე, დათიკაი წავიდენ სახლში. ერთს ადგილას დარიამ გული გადააყოლა ცეკვა-სიმღერას. მერე უცბად შემობრუნდა და სთქვა: - ვაიმე, მგონია დავაგვიანე! შვაღამეზე ბეჯითათ მოვალ-მეთქი, მარიამს დავპირდი. შენ არ წამოხვალ, ფეფიკო?

- მე ვეღარ წამუალ, ჩემი ქალიშვილი არ მიშობს. ან კი რათ გინდებვარ? დღეი და ღამე ერთია, - უთხრა ფეფიკომ.

დარიამ შეუმჩნევლად გადაიარა ეკლესიის ეზოდან, გამოაძრო ერთი მსხვილი წკნელი ღობეში და ჩქარი ნაბიჯით გასწია შინისკენ. როცა იმ ადგილს მიუახლოვდა, სადაც გზა ტყით იყო დაჩრდილული, დარიას, ცოტა არ იყოს, შეეშინდა და თანდათან მოუმატა ნაბიჯს. გული საშინლად უცემდა.

ჯერ ნახევარიც არ გაევლო ქალს ეს ჩრდილი, რომ ვიღაცამ უკანადან მაგრა მოუჭირა მხრებში ხელები. დარიას შიშისაგან სისხლი აუვარდა თავში, ისე რომ ვერც ხმა ამოიღო და ვერც ხელი გაანძრია. ამასობაში მძლავრმა კაცმა მოხვია მკლავები დარიკოს, და თითქოს მგელმა ბატკანიო, ისე წაიღო ტყეში. ეს მძლავრი მკლავები იყო მკლავები დათიკასი, დროიძის მოჯამაგირისა, რომელიც ახლდა ტიტიკოს და ასრულებდა მის ბრძანებას.

XIV

“ქალის ჭკუა! ჯერ თავი დეიკლა, არ წავალო და ახლა უყურე, თუ დილამდი არ დარჩეს ღამის თევაში?! ან რა გასაკვირალია, ბაღანაი ქალია. ჯავრიან გულს გადააყოლებს. საცოდავი, ამდონი ხანია ტირილიდან არ მუუსვენია მის თვალებს! დღეს ერთს მაინც გეიხედ-გამოიხედავს, თვალს წყალს დაალევიებს. რომ არ დამეჩემებია, არც ქე აპირებდა წასვლას”, - აგრე ლაპარაკობდა თავის გულში ქეთევანი, როცა შუაღამისას გამოიღვიძა და ჯერ კიდევ დარია არ მოსულიყო.

გათენდა. ხალხი დაბრუნდა თავიანთ სახლებში, მაგრამ დარია არსად ჩანდა. “რა ქნა ნეტაი, გადირია იი ქალი!.. ახლა რაღა უნდა საყტარზე! რა ვქნა, რა დიემართა, რომ არ ვიცი?!” - დაიწყო შფოთვა ქეთევანმა. მზე ამოვიდა და დარია კი არ ჩანდა. ქეთევანმა აფრინა პატარა ობოლი ქალი, რომელსაც თვითონ ზრდიდა, ფეფიკოსთან. “ფეფიკომ, მე არ ვიციო, ჩემთან აღარ ყოფილა მერეო”, - მოუტანა ქალმა ამბავი. “აბა იქნება მარიამთან გაათია ღამე; ბაღანაი იქინეი ჰყავდა დატიებულიო”, - იფიქრა ქეთევანმა და იქაც გაგზავნა პატარა ქალი. მაგრამ “აქანაი არ მოსულა და ბაღანაი ძალიან ტირისო”, - მოუვიდა პასუხად. შიში მაჩვენე, მუხლს გაჩვენებო, ამ ანდაზის არ იყოს, ქეთევანს დაავიწყდა თავისი ავადმყოფობა, ადგა, დაიბიჯა ჯოხი და გაჰყვა ამბის გასაგებად მეზობლობაში. მაგრამ ზოგი ეუბნებოდა, “არ გვინახავსო”, ზოგი - “ერთხანს კი იყო საყტარზე და მერე არ ვიციო”. საწყალი ავადმყოფი მოხუცი დიდხანს დადიოდა თავისი დასუსტებულის ფეხებით იქით-აქეთ, ბევრგან მუხლებმა უმტყუნა, საკვალეში ჩაეკეცა და ძლივს წამოდგა, მაგრამ მაინც ვერაფერს გახდა, ვერაფერი გაიგო რძლის შესახებ. “ფარცაგი აღარ არის ჩემ თავზე, მარა რაი რომ არ ვიცი! ძველი დროი რომ ყოფილიყო, ტყვის ყიდვა, ვიფიქრებდი, ფირალებმა დეიჭირეს-მეთქინ. ახლა ტყვის ყიდვა აღარ არის. თუ რჯულზე ხელი ეიღო და თავი შეირცხვინა, შინ მუუსვლელობა რაღაა მაინც? თუ ვინმემ გაგვაბახა და თავს ლაფი დაგვასხა, ამდონს ხანს მაინც რაა!.. ვერაფელი გამიგია, გული მისკტება!..” - ლაპარაკობდა ქეთევანი გაგიჟებულსავით.

მზემ წამოიწია. გაისმა არემარეში დაწყნარებულ დილას ზუზუნ-ზუზუნით დიდის ზარის ხმა. ქეთევანმა უაზროდ გადაიწერა პირჯვარი და სთქვა: “კიდეც დარეკეს! ფარცაგი აღარ არის!” - ის ეხლა ხან ზედა კარს მივარდებოდა და იმზირებოდა გარეთ, ხან ქვედას. პატარა ქალი შეშინებული და თვალებდაჭყეტილი უყურებდა თავის ბებიას, როგორც ის ეძახდა. უკანასკნელად ქეთევანმა აიღო ჯოხი და აპირებდა კიდევ სადმე წასვლას, მაგრამ ვერ გადაეწყვიტა საით, და ამიტომ გაჩერდა ჯოხით კართან. ამ დროს ვიღაცამ ცოფიანსავით შემოაღო ქვედა კარი. ქეთევანი საჩქაროდ მიბრუნდა და დაინახა დარია. მაგრამ ვაი იმისთანა დანახვას! დარიას ადამიანის ფერი აღარ ედო; თმაგაწეწილი, კაბა დასვრილი და დახეულ-დაჭმუჭვნული. ტუჩები ჩალურჯებოდა, ლოყები, თითქო სისხლი აღარა აქვს შიგაო, განაცრისფრებოდა, თვალები გიჟურად უტრიალებდა, სულს ძლივს იბრუნებდა მოქანცულობისაგან.

- ქალო, გადირიე, თუ რას გავხარ?! - შეჰკივლა ზარდაცემულმა ქეთევანმა.

- იმას ვგავარ, ჩემო დედამთილო, რომ თავიც დაღუპე და მეც დამღუპე შენი წუხანდელი დაჟინებული რჩევით!.. დამიჩემე, ხატი და ღმერთიო. ჩვენისთანა უბედურისთვის არც ხატია და არც ღმერთი!.. თუ იყოს, არც ასე იქნებოდა, მგელსავით რომ შემჭამეს! არ დამეჯერა, ცოცხალი გეყოლებოდი. აწი რაღაი, გათავდა!.. მარა შენი რა ბრალია? ან შენ რა იცოდი, თუ კაცი და მგელი ერთი იყო! არ იცოდი და აგია! დედამთილო, ამას გთხოვ, სიმონ რომ მოვიდეს, უთხარი, შენის დამღუპველის შვილმა, ტიტიკომ, ძალით მომერია და გაძღა ჩემი ხორცით-თქვა... ჰო, გაძღა!.. ჩემი არც ძალა გევიდა, არც ხვეწნა, არც ტირილი! მგელსავით წამათრიეს ტყეში! ტყეში, გზაზე რომ ტყეა! სანამ ჩემი ხორცით არ გაძღენ, არ გამიშვეს! ორი კაცი იყო, მომერია!.. რა უჭირს, იცის, მე აწი იგინს საწყენად ვერ მივსტობი! ვაი, ერთი დანა მქონებოდა!.. მარა, რომ გჭირია, მაშვინ ვინ მოქცემს! სიმონს უთხარი: “არ გიღალატებ”, რომ გითხარი, ტყუილი დარჩა, ქვეყანაში თავი მოგჭრა შენმა ცოლმა, ერთ ღამეს სხვის ხელში იყო-თქვა. მართალია, ნებით არა, მარა სულ ერთია, ქვეყანა მაინც ეტყვის, გასცინებს, “ასეთ-ისეთის ქმარი ხარო”... მარა არ შეგარცხვენ, მე აწი კაცი ვეღარ მნახავს-თქვა... სიმონს არ ეკადრება შერცხვენა, კაი ვაჟკაცია... იმედათ მიმყობა, რომ ჩემ წვალებას არ შეარჩენს ტიტიკოს. დედამთილო, იი ჩემი პაწია გაბრიელაი შენ იცი, შენ მიჩოვილი ხარ ობლების დაზდას. ნეტაი ერთი მანახვა! არა, არ იქნება, გვიან არის!.. ამ ჩემი შერცხვენილი თვალებით რავა შეეხედება იმ ანგელოზს! ჩემი წაპილწული ბაგე არ მიეკარება! ვეღარ ვნახავ!.. გათავდა, ვეღარ ვნახავ!.. მშვიდობით, ოჯახო, მშვიდობით, სახლო, კარო!.. მშვიდობით, მშვიდობით, სიმონ!.. ერთი ამ ბოლოს შენი თვალები დამენახა სადმეიდან ჩუმათ! ერთს შეგხედავდი ამ ბოლოს, მეტს ვერ გავბედავდი! გაბრიელავ, ჩემო პაწა გაბრიელავ! ვის ხელში იქნები, ვინ იცის! აგატირებენ!.. უჩემოთ!.. გათავდა, მშვიდობით!

აქ ერთი დაიხარა დარია და აკოცა საკარულს. ის ისე ცოფიანსავით ამბობდა ზემოხსენებულ სიტყვებს, რომ ქეთევანს ვერ მოეხერხებია თავისი სიტყვის ჩარევა, თუმცაღა კი მიხვდა, რაც მოსვლოდა დარიას და “ვაი, შერცხვენილს”, “ვაი, თავმოჭრილს”, “ვაი, გაბახულს”, “აგი გვაკლდა”! - წამოიძახებდა ის დარიას სიტყვებზე და ჩაიცემდა მკერდში გაცოფებულსავით ხელს. ამაზე მეტი ან რა ეთქვა, ან რა ექნა? ენუგეშებია რძალი, თუ გასწყრომოდა, ჯერ ვერ გამოერკვია, რადგანაც ეს მისთვის თავზარდამცემი ახალი ამბავი ქარიშხალსავით უტრიალებდა გონებაში. დარიამ აკოცა თუ არა საკარულს, ისე გავარდა გარედ და გაქრა სადღაც, რომ ქეთევანს თვალის მოკვრაც არ მოუსწვრია. “ქალო, რას მიშობი, სა მიხვალ?! ვის უტიებ იმ ბაღანას?!” - დაედევნა ქეთევანი უკან, მაგრამ დარია კი არსად ჩანდა.

როცა სიმონას სახლში ზემოაღწერილი სცენა მოხდა, დავით დროიძის დიდის ოდის ერთ ოთახში ქვემომოყვანილი ლაპარაკი ჰქონდათ ტიტიკოს და მის ძმას ლევანს:

- აიღეს ის შენი აუღებელი ციხის ძირი, - უთხრა ტიტიკომ ლევანს.

- არა თუ! მართლა, შენ რაღაც ამბებში ხარ, გვიანაც დაბრუნდი. რა ქენი, გაარიგე რამე? - ჰკითხა ლევანმა.

- რა ვქენი და რაც დავიჭირე, გავქენი.

- თუკი დაიჭირე, გაქნიდი, რა თქმა უნდა! არა, მართლა?

- რა მართლა? დიდი საქმეა ღატაკი გლეხის ცოლი თუ...

- ძალით, თუ ნებით?

- ძალით! სასაცილოა, ჩიტი მაინცდამაინც იქ დაჯდება, სადაც მახე უგია! თურმე რაღაც ბავშვი ყოლია, ასწია და შვაღამეზე არ წამოვიდა შინ იმის გულისთვის! ჩვენ ეს წინდაწინ ვიცოდით ფეფიკოს სიტყვებისაგან. დავხთით მე და ჩემი დათო გზაზე. დათომ მოხვია თავის მძლავრი მკლავები და, თითქო მგელმა ციკანიო, იფრინა ტყისაკენ. ქალი ჯერ შეშინდა და ხმა ვერ ამოიღო. მერე, როცა კივილი დააპირა, დათიკომ მისცა პირში ჩემი აბრეშუმის პლატოკი, მაგრამ დიდხანს კი გვაწვალა, კაცო! Чорт ее побери! კინაღამ ხელი არ ავიღე და არ წამოველ შინ ხელცარიელი. მაგრამ დათო, დათო ლომია! ისე მოღალა, ისე მოქანცა, რომ ბოლოს აღარც კი განძრეულა...

- დაიმორჩილე?

- დავიმორჩილეთ. მაგრამ, უნდა გითხრა, это прелесть. Я такой не видал, აგერ დარეკის დრომდე მყავდა. იცი, კაცო? ფული ვაჩუქე და როდი წაიღო! ალბათ ეშინია, სახლში რომ შეუტყონ, სცემონ.

- ნეტაი, ტიტიკო, ეს საქმე შენ არ გექნა! ჯერე, რომ ქვეყანა შეიტყობს და სირცხვილია, მერე, იი ბიჭი, სიმონაი, ხომ გითხარი, ისეთი ჟამი ყაძახია, რომ ცუდ რამეს იზამს, თუ შეიტყო. დიდი ხანი აღარ აკლია იმის გამოშობას, - უთხრა უკმაყოფილოდ ლევანმა ძმას.

- ქვეყანა საიდან შეიტყობს? მე არ ვიტყვი და შენ. მერე, თუ უნდა, შეიტყოს, დიდი საქმეა, ქეთევანის რძალს შეეხენ! იმ ყაძახმა არაფერი გაბედოს, თორემ სულს ამოვართუმ! იცოდეს, რომ მე აფიცერი ვარ!

ძმამ აღარა უთხრა რა ტიტიკოს, რომელიც გაცხარებული დადიოდა ოთახში. უკანასკნელ ტიტიკო დამშვიდდა და დაიძინა.

XV

ქეთევანმა ბევრი უძახა დარიას, მაგრამ სამაგიერო არსაიდან ესმოდა. ბოლოს ერთს მეზობელს შეეხვეწა, გაგზავნა დარიას მშობლებთან, მოდითო, თვითონ კი დადიოდა ახლომახლო და ეძებდა. როცა დარიას დედა და ძმა მოვიდენ, ქეთევანი შინ არ დახვდათ. “დარიეი გეიქცა, ბებიეი იმის მოსანახავად არის და თქვენც წამოდითო”, დაახვედრა პატარა ქალმა ამათ ამბავი. ამ ამბავმა თავზარი დასცა დარიას დედასა და ძმას, მეტადრე საწყალ დედას ენა ჩაუვარდა ჯავრით. გამოვიდენ გარეთ, მაგრამ არ იცოდენ, საით წასულიყვნენ მოსანახავად, ვერც ის გაიგეს, რა ამბავი იყო, რისთვის გაიქცა. ცოტა რომ მოშორდენ ეზოს, გაიგონეს ქეთევანის ძახილი: “დარიაო”. საჩქაროდ გასწიეს ქეთევანისაკენ და გაიგეს ყოველივე. დარიას დედას აქ სულ სიკვდილის ფერი დაედო ჯავრისაგან. პავლია გაიქცა მამასახლისთან. დარიას გაქცევა გაიგეს მეზობლებმაც. ზოგიერთი მათგანი - მათში ერია ფეფიკოც - გამოვიდენ ქეთევანის მისახმარებლად, დადიოდენ ვინ იქით, ვინ აქეთ, მაგრამ ვერა გაიგეს რა. მნახველი კაციც არ ჩანდა.

- ქალი რომ გასუქდება, ძმავ, იი მერე ავი სამწყესავია; ქალაქში წევიდოდა. წეესევიან რომე!.. - ამბობდა ერთი მეზობელი.

- შე დალოცვილო, ადამიანია იგიც. მისმა ქმარმა აღარ მეისვენა ავკაცობისაგან და აღარც ნაობახიდან გამოაყოფიეს თავი. ვეღარ მეითმინა დედაკაცმა და აგია! - პასუხობდა მეორე მეზობელი.

- ნამუსიანია, ნამუსიანია, კაცი ვერ მიეკარებაო, დეიჩემეს. ესეც თქვენი მიუკარებელი! თავის სოფელს აღარ დასჯერდა და ვინ ურჯულოებს ჩაუვარდება ახლა ხელში, ვინ იცის! - ეუბნებოდა ერთი მეზობლის ქალი მეორეს.

- მეხი კი დავაყარე მის თავს! თლათ წმინდათ რომ თავს ვერ შეინახავდა, აგი ვინ არ იცის, მარა ასე გაჭრა გაგონილა! - პასუხობდა მეორე ქალი.

- ვერ ჰხედავდით, ბატონო, რა თვალები ქონდა? იმ თვალის ქალი არ იქნება პატიოსნების გზას არ გადასცდეს, - უმატებდა მესამე.

მზე ჩავიდა და მშვენიერი, წყნარი და გრილი საღამო ჩამოდგა წაბლისერის მწვანე არემარეში. რამდენიმე ქალი და კაცი, დარიას მძებნელი, დაბრუნებულიყო და სიმონას სახლის წინ ჩოჩქოლებდა. ქეთევანი დაგდებულიყო მიწაზე და მოთქმა-ტირილით იწყევლებოდა და ილანძღებოდა. მარიამს მოეყვანა ჩვილი გაბრიელი და ამბობდა: “იმ უსირცხვილომ, ვინცხა ეშმაკს რომ წასდია, აგი ვის დუუტია? მე ჩემისთვის ვერ მომივლიაო”. ბავშვი საშინლად ჩხაოდა, ამბობდენ, მუცელი სტკივაო. მართალია, ქეთევანი ამბობდა: “დავითის ოჯახმა დამღუპა, ტიტიკომ მოგვჭრა თავი, გამიბახა რძალიო”, მაგრამ მეზობლები კიდევ იმ აზრისა იყვენ, რომ დარია ღამისთევაში შეხვდა ვისმე და გაჰყვაო. თუმცაღა მზე ჩავიდა, მაგრამ ჯერ დღის სინათლე საკმაოდ იყო დედამიწაზე, რომ სიმონას სახლის უკან, ცოტა მოშორებით, გაისმა საშინელი ცივი კივილი. ხალხი გაიქცა ამ კივილზე და ნახა, რომ სწორედ იმ ადგილას მდინარეში (ძალაძის ეზოის სიახლოვეს ერთი პატარა მდინარე მიდიოდა), რომელსაც წაბლისერელები ტბას უწოდებენ, დარიას დედა ჩამდგარიყო და კიოდა.

- რა ამბავია, რაი?! - შეჰყვირა ხალხმა.

- აგერ არის, აგერ! მომეხმარეთ, მომეხმარეთ! - კიოდა საწყალი დედა და აჩვენებდა ხალხს ხელით ერთ ადგილს, სადაც თუმცადა წყალი საკმაოდ ღრმა იყო, მაგრამ წმინდა კაშკაშა წყალში მაინც ჩნდა წყლის ფსკერზე რაღაც შავი საგანი.

- აი ცახოცი მისია, აქანაი ვნახე წყალში! მომეხმარეთ, ქრისტიანებო, ეგება ცოცხალი იყოს ჯერ კიდევ, - ტირილით აჩვენა დარიას დედამ ხალხს “ცახოცი” რომელიც წყალში ეპოვნა.

ხალხმა თვალის დახამხამებამდე გამოსჭრა გრძელი კავი, ერთი მოწიფული ბიჭი შევიდა ყელამდე წყალში, მოსდო კავი და გამოიტანა წყლის ფსკერიდან ნაპირზე ბნელი საგანი - ეს იყო დარიას გვამი. თუმცაღა ხალხი ბევრი ეცადა, ხან თავდაღმა დაჰკიდა, ხან ფეხისგულში სცემა, ხან მდინარის პირზე არბენია, - დამხრჩვალის სული ჯერ კიდევ აქ იქნება და ეგება მოვიძიოთო, - მაგრამ დარია არ გაცოცხლდა. ამასობაში მოვიდა მამასახლისიც. ქეთევანმა და დარიას მშობლებმა განცხადება მისცეს: ტიტიკო დროიძემ გააუპატიურა და თავი იმიტომ დაირჩოო. მაგრამ მამასახლისი, როგორც ეს ერთ დროს სიმონამ სთქვა, დავით დროიძეს ხელში ჰყავდა, და არა თუ არ მიიღო ქეთევანის განცხადება, პირიქით, მათრახით კინაღამ არ სცემა საწყალ ქეთევანს: “შენ შენი ვეშაპობით თავი მუაძულე, დაარჩვე და ახლა გინდა პატიოსან ოჯახს ჩირქი მოსცხოო”. იმ ღამეს მამასახლისი დავით დროიძისას დარჩა. მოგეხსენებათ, ამას შემდეგ როგორ წაიყვანდა საქმეს: “აიხსნა მეზობლების გამოკითხვით, რომ ოჯახის ვარამმა და ცუდმა მდგომარეობამ ქალი ჭკუიდან შეშალა და წყალში თავი დაირჩოო”, - იყო დარიას შესახებ მოხსენებული მამასახლისის პროტოკოლში.

XVI

როცა სიმონას პატიმრობის ვადა გაუთავდა და შინ დაბრუნდა, დედამ მიუტირა დარიას დარჩობა, მაგრამ სიმონას ერთი ცვარი ცრემლიც არ გადმოუგდია. ყოველივე საპატიმროშივე შეეტყო ერთის თავის მეზობლისაგან. სიმონას პატარა გაბრიელი ერთს მადლიანს ქალს ჰყავდა გასაზრდელად აყვანილი. სიმონამ არც ამ ჯერ მისგან უნახავ შვილის ნახვა მოიწადინა. დედის სიტყვებზე: “ნახე, შვილო, შენი ვაჟი რა ანგელოზიაო”, მკვახედ უპასუხა: “დამანებე თავი, რა ნახვა უნდაო”.

შინ მოსვლის მეორე დღესვე სიმონა წავიდა საქირაოზე, სადაც რამდენსამე თვეს დარჩა. როცა შინ დაბრუნდა, მოიტანა ნაყიდი რევოლვერი, ხანჯალი და ბერდანის თოფი. დედას ძლიერ გაუკვირდა ამნაირი ახირებული საქციელი თავისი შვილისა. “გადასახადისათვის აგერ მოგვთხრიან, რა დროის ამაების ყიდვა იყოო”, - ფიქრობდა ის, რადგანაც სიმონას თოფ-იარაღთან ტანისამოსიც ეყიდა და გამოწყობილი დადიოდა. მეზობლებში ხმა დაჰყარეს: “სიმონა ისთე გამოჩაქურებულა, ახლავე ცოლს ითხოვსო”.

მხოლოდ ქეთევანი კი, როცა ყურადღება კარგად მიაქცია შვილის საქციელს, თავგანწირულების შიშმა შეიპყრო; “რა ვქნა, რა მიწაში ჩევიდე! ამდონი ხანია შინ არის და ერთი საქმეზე ხელი არ მუუყვია. წავა, იმ მის ნაყიდ სიმინდს მოაფქოვიებს, მეიტანს და დააგდებს. თუ გამოუცხობ, შეჭამს, თუ არა და იმიზაც არაფერს იტყვის. ერთი ღიმი მის პირზე არ დამინახავს. მუდამ ისე აქ წარბები მოყრილი, რომ ენის თქმაი ვერ გამიბედავს. მინდა ვუთხრა, ხელი გაანძრიე, ოჯახს ნუ დააქცევ, შვილი გეზდება, შენც ჯერ მოწიფული ხარ, კიდევ მოესწრობი ოჯახის მოწყობას-მეთქინ, მარა ვერ ვუბედავ. ღამე ძილიც რომ მოსვენებული არა აქ! ათას რაცხას კი ბოდავს: “აი თვალი გამოსთხარა, აი დაკლეს, აი მოკლეს!” გუშინღამ ცხონებული ჩემი რძლის სახელიც გაურია. ხან იმ ჩვენი ოჯახის შემჭმელების სახელებსაც იძახის ძილში: ტიტიკო, დავით, ლევან და სხვებს. მეშინია, ჭკუაზე არ შეირყას! რა ვიცი, გასაკვირალია, იმდონი ფიქრით ადამიანს ტვინი ეერიოს თუ! ხანდახან ისე ცოფიანსავით მიექცევა სახე და თვალები, რომ შიშით თვალი მიბნელდება. რაც დღე მუა, უმფრო და უმფრო ხმება, ძვალ-ტყავათ გადიქცა. რა ქნას უბედურმა?! რომ შემეძლოს, სამე მარჩიელთან წევიდოდი, მარა რომ აღარ შემიძლია! ახლა კიდევ მე ამომიჩემა და არ მაყენებს: წადი სენაკზე და წადიო. რას მერჩის, რამ შეაძულა ჩემი დანახვა? ღმერთმა იცის, სანამდი შემეძლო, ჩემი ქალობა და ჯანი იმის გამოზდას გადავატანე. ახლა სახლიდან მაგდებს, სად უნდა წევდე აი უთვალყურო სნეული! ღმერთო, შენ მიუზღე, ვინც ჩემი ოჯახი ასე მოაქცია, ღმერთო, ჰკითხე დავითს!” - ქეთევანი აქ მოჰყვებოდა ტირილს.

მოაწია ოცდასამმა აპრილმა - გიორგობამ. დავით დროიძისას დიდ მზადებაში იყვენ, რადგანაც ტიტიკომ ორი თავისი ამხანაგი ოფიცერი მოიყვანა სტუმრად. კარგი დარი იდგა და დიდ ხალხსაც მოელოდენ წაბლისერელები ღამის თევაში. როცა მოსაღამოვდა, სიმონამ გამოიდო თოფი მხარზე და გასწია ეკლესიისკენ. დღეს უნდა აესრულებია, რაც დიდი ხანია გადაწყვეტილი ჰქონდა, - უნდა მოეკლა ტიტიკო და ერთიც კიდევ დავითის რომელიმე ვაჟი. “ერთის სიკტილი ვერ მოარჩენს ჩემ გულსო”, - ამბობდა გულში სიმონა. როცა ცოტა გაიარა, იფიქრა: “თოფიანს დამინახავენ, იქნება ეჭვი აიღონ და ვეღარ მუვახერხო; ჯობია, გზაში ჩავჯდები, სწორეთ იქინეი, სადაც ჩემი დარია ისთე გამიუპატიურეს და გამოასალმენ სიცოცხლეს. მაცა, ჩემო დარიკო, გადავუხთი შენ მაწვალებელს! გუშინღამ სიზმარი ვნახე, დარიკო არ მომეკარა, გეიქცა... რა მისი ბრალია?! ძალით დაიჭირეს და აწვალეს! მაცალონ, გადვუხთიო!” ამ ფიქრით მიაწია სიმონამ იქ, სადაც გზას ტყე აკრავს. გადაიარა გზის გადაღმა და დაიმალა ტყეში.

კარგა რომ მოსაღამოვდა, დაიწყო და განუწყვეტლად მიდიოდა ხალხი ეკლესიისკენ. მხოლოდ დავით დროიძე და მისი ჯალაბი კი ჯერ არსად სჩანდა. უკანასკნელ გამოჩნდა დავითიც, მაგრამ, გარდა უფროსი ვაჟისა და ქალებისა, შვილები არ ახლდენ, რადგანაც იმ დღეს დამთვრალიყვენ და ვეღარ შეეძლოთ ეკლესიაში წასვლა. “დავითს არ მოვკლავ, ეგდოს, გამწარდეს შვილების სიკტილით, ეს უკეთესი სასჯელი იქნება!” - სთქვა სიმონამ თავისთვის. - “დღეს არ გამოიარს, ხვალ გამოიარს, არ გამოიარს, შინ მივუხთებიო”, - თქვა თავის გულში და წამოწვა ერთი ხის ძირში.

მშვენიერი ღამე იყო. ხალხში რწმუნებაა, რომ გიორგობას ქარებს ბრძოლა აქვთო: რომელიც მოერევა სხვებს, წელს ის ქარი იქროლებსო. მაგრამ იმ ღამეს სიოც კი არ დაძრულა. მხოლოდ ალიონზე, თითქო ქვეყანამ ამოისუნთქაო, ერთი გაინძრა ხის წვერები და ისევ დადუმდა. სიმონას მთელი ღამე არ სძინებია, ხან ადგებოდა, ხან დაჯდებოდა, ხან დაწვებოდა. გათენდა, მაგრამ ისეთი სიცოცხლიანი, საამური დილა იყო, რომ გული ნეტარებას გრძნობდა.

წაბლისერი მეტად ლამაზი და შემკობილი მწვანე სოფელია. სიმონას ერთს დროს ძლიერ უყვარდა თავისი სოფელი, სხვა სოფელში დიდხანს გაძლება არ შეეძლო, მაგრამ ეხლა კი მის თვალში ფასი აღარ ედო არც ამ მშვენიერს დილას და არც მის ლამაზს სამშობლო სოფელს. ის ეხლა არემარეს აღარ უმზერდა, მისი თვალი გზისკენ იყო მიპყრობილი, იმ გზისკენ, სადაც ტიტიკოს უნდა გაევლო. მხოლოდ ერთხელ გადახედა სიმონამ სოფელს და სთქვა: “რა გიშავდა, დავით, ამ ღვთის გაჩენილ ქვეყანაში მეც მეცხოვრა და შენც! ორივე დევეტევოდით. ჩემი გასრესა რომ მეინდომე, არ იცოდი, მეც სამაგიეროს გადაგიხთიდი!” ეხლა მოაგონდა სიმონას ერთის პატიმრის ნათქვამი. სიმონამ ჰკითხა: “სულის წაწყმედის არ გეშინია, ადამიანს რომ კლავ?” პატიმარმა, თურმე უპასუხა: “ჩემთვის ეს ქვეყანა ჯოჯოხეთად გადააქციეს და ჯოჯოხეთში სულზე არავინ ფიქრობსო”. “დიახ, დავითმა ეს ქვეყანა ჯოჯოხეთათ გადამიქცია. დავითი და მისი შვილები ჩემზე გამოცთილებიც არიან, ნასტავლიც არიან. იგინი არ უფრთხილდებიან სულს და მე რა ვარ, რომ მოვუფრთხილდე! ჩემდა არც სტავლა მოუცია ვინმეს და არცა რაი! ერთი მუშაკაცი ვიყავი, გასაჭყლეტათ მომინდომეს, თავზე ხელი ამაღებიეს და აგია, ნახონ, თუ კაია თავზე ხელაღებული კაცი!” - ელაპარაკებოდა სიმონა თავის თავს.

მზემ წამოიწია. გაისმა წაბლისერში ზარის ხმა. სიმონას აქ უფრო მოუსვენრობა დაეტყო: ტუჩებს იკვნეტავდა, ცხვირის ნესტოები ებერებოდა, თოფს მაგრა უჭერდა ხელებს. ხალხი განუწყვეტლად მიდიოდა ეკლესიისკენ. ცოტა ხნის შემდეგ გაისმა მათრახის გატყლაშუნება. ტიტიკო მოათამაშებდა თავის ოქროსფერ ბედაურს. ყველაზე წინ ის მიდიოდა და ხანდახან მობრუნდებოდა ძმებისა და რძლებისკენ. ერთი ლამაზი, კოპწია რძალი და ტიტიკო ძლიერ საეჭვო თვალით უყურებდენ ერთმანეთს, - ეტყობოდათ, ნახშირჭმული იყვენ, როგორც ამბობენ ასეთს შემთხვევაში. დავითი იჯდა ერთ მსუქან ცხენზე და ისეთი მხიარული სახე ჰქონდა, რომ იტყოდით: ცისა და ქვეყნის ნეტარება ამის ხელთ არისო. დავითი რაღაცაზე ხელების ქნევით ებაასებოდა თავის სტუმარს ოფიცრებს. სიმონა გამოძვრა ხეებში, მოვიდა გზის პირას და თოფმომართული ამოეფარა ერთს ხეს. ტიტიკომ შეაჩერა ერთ ადგილას ცხენი, დაუძახა თავის ძმას ლევანს და უთხრა:

- აი, აქ იყო. ე მანდ რომ მოაწია, დათომ მოჰხვია ხელი და გადაიტანა ტყეში. ნეტა რას ამბობს ის გლეხი, ხომ არაფერი გაუბედავს?

- არაფელი გამიგონია. ახლა ამბობენ, ცოლს თხოულობსო, - უპასუხა ძმამ.

- აკი გითხარი, რა უნდა გაბედოს? უკეთესია მოვიდეს და ფულს მივცემ. ვაგლახია, ასეთია, ისეთიაო. Какой чорт! როგორ შეუძლია გაბედოს! სულს ამოვაძრობ პირში.

- ვნახოთ ვინ ვის ამოაძრობს, - ჩაილაპარაკა სიმონამ და მიადო თოფი ხეს. როცა ტიტიკო დაუპირდაპირდა ამ ხეს, თოფმა დაიჭექა და ტიტიკო უსულოდ დაეცა მიწაზე. მშობლები, რძლები და ძმები წივილ-კივილით მიცვივდენ ტიტიკოს. არავინ იცოდა, საიდან გამოვარდა თოფი. ამ დროს გავარდა მეორედ თოფი და ტყვიამ გააგორა დავითის მეორე ვაჟი, ლევანიც. “ჯერ აგიც კმარა, სხვაი მერეო”, - დაილაპარაკა სიმონამ და მისცა ტყეს თავი.

დავითი იგლეჯდა წვერსა და ულვაშს, ცოფიანსავით დარბოდა აქეთ და იქით, მაგრამ მკვლელი ვერ იპოვნა.

XVII

დეკემბერი იყო. ძველს, თხუთმეტი დღის წინად მოსულ თოვლს ნელ-ნელა ემატებოდა კიდევ ზემოდან. ხანდახან დაუბერავდა ქარი და აათამაშებდა ჰაერში თოვლის ნაფერფლებს, ფანტელას. სოფელს წაბლისერში რამდენისამე მოსახლე კაცისას იდგენ ყაზახები თავისის ცხენებით. მასპინძლები შეკუჭულიყვენ პატარა სახლებში, ოდას დაჰპატრონებოდენ ეს მოუწვევარი სტუმრები და თავისებურად მოეწყოთ. ისეთი პალოები და ლურსმები კი დაეკრათ სუფთა ხის კედლებში უნაგირებისა და სხვა რამეების დასაკიდად, ისე დაეხეთქათ კედლის ფიცრები, რომ მნახველს გული მოუკვდებოდა. იმათი შიშით ქალები გარეთ ფეხს ვეღარ ადგამდენ. ამბობდენ სახლებშიაც მიდიან და ურიგოდ ეპყრობიან მანდილოსნებსაო. გლეხობაში დათარეშობდენ მამასახლისი და მისი ხელქვეითები “ეკუციის“ ხარჯისთვის. ამ “ეკუციის” ხარჯს თავიანთი ჯიბისთვისაც ბევრი გამოაყოლეს და აყოლებდენ კიდეც. ხალხს წელში სწყვეტდა ეს ხარჯი. ფული რომ აღარ აუთავდათ, სარჩოს - სიმინდს, ღომს და საქონელს აძლევდენ, მაგრამ არ იქნა, მაინც ვერ აუვიდენ. თუ ცოტა დაუგვიანდებოდათ ეგზეკუციის ხარჯი, სადაც წაახელებდენ ხარს, ძროხას, ღორს კლავდენ და მიჰქონდათ. თუ პატრონი გამოცხადდებოდა და დავას დაუწყებდა, ჩემიაო - მათრახი და მისი ჯანი! ასეთს ააყოლებდენ ზურგზე, რომ, ცოლ-შვილი რომ დაეკლათ ამის შემდეგ, ხმას ვერ ამოიღებდა. “ვაი ჩვენს გაჩენას, ამოგვართვეს პირში სული!” - გმინავდა ხალხი და ცდილობდა ერთს მეორე აეფარებია წინ, ესე იგი, თავისი თავი გამოეტანა და მძიმე ტვირთი მოძმესთვის დაეტოვებია. როცა ერთს ევანიკას ადგებოდენ კარზე ხარჯისთვის, ის მეორე ევანიკასკენ იშვერდა ხელს - იმას გადაახდევიეთ, მე არაფერი მაქვსო. მაგრამ ვერც ერთი თავს ვერ იფარავდა, - ყველას ახდევინებდენ.

ყაზახები ჩაეყენებიათ წაბლისერში იმიტომ, რომ აგერ სამს წელზე მეტი იყო, რაც სიმონა ძალაძე ფირალად გავარდა და შიშის ზარსა სცემდა თავის მტრებს. კარგი ხანი იყო მას შემდეგ, რაც დავით დროიძის დიდი ოდა ცეცხლს მისცა. ამას გარდა, სიმონას აბრალებდენ მაზრის უფროსის დაჭრას, პრისტავის მოკვლას, ფოსტის გაცარცვას და ბევრ ამგვარს რასმეს, - ყველა ეს დანაშაულობა მოხდა სიმონას გაყაჩაღების შემდეგ. გაზეთები უიმისოდ არ მოიხსენებდენ ყაჩაღ ძალაძის სახელს, რომ არ დაემატებიათ სიტყვა “ლეგენდური”. ხალხში ხმა იყო გავარდნილი, რომ სიმონას ტყვია ვერას ავნებსო. სიმონა ხან მარტო იყო და ხან მთელი ბრბო ახლდა. პოლიცია რამდენჯერმე დაეცა თავს, ორი-სამი ამხანაგიც მოუკლა, მაგრამ სიმონა გადარჩა და გაიქცა. დავით დროიძე მწარედ დაღონებული დადიოდა და შესჩიოდა ქვეყანას: “არ გცხვენიათ, ერთმა ბიჭმა რომ აგვიკლოო”. ეხლა აგონდებოდა დავითს, სიმონას რომ უთხრა: “აბა შენ და აბა მეო”. ეხლა მიხვდა, რომ ბედნიერება უსამართლო ძლიერებასა, ფულებსა და სხვის დაჩაგვრაში არ ყოფილა. ეხლა მიხვდა, რომ თავზეხელაღებული ადამიანი საშიში ყოფილა, დიახ, ეხლა, როცა მისგან გაბოროტებულმა სიმონამ ორი შვილი თვალწინ მოუკლა, საცხოვრებელი ცეცხლით გადაუბუგა და კიდევ, ვინ იცის, რას დამართებდა.

იმ დროს, როცა სოფელს წაბლისერში ყაზახები იდგენ, ამ სოფლის ერთ კუთხეში, ერთს პატარა, ნახევრად სახურავდარღვეულ სახლში ცხოვრობდა ორი საბრალო არსება - ერთი დაუძლურებული დედაბერი და ერთი მცირეწლოვანი პატარა ქალი. ერთი იყო სიმონა ძალაძის დედა და მეორე - ამის ნათესავი ობოლი ქალი. ორივეს ისეთი დაფლეთილი ტანსაცმელი ეცვა, რომ სხეულს ძლივს უფარავდა. ამათ ლოგინს შეადგენდა ერთი ჭუჭყიანი, დაკონკილი, თხელი საბანი და ერთი ძველი ჭილობი, შეშა ამათ არ მოეპოვებოდათ, გარდა იმისა, რომ ფეხშიშველა პატარა ქალს შემოჰქონდა ხანდახან მის მიერ ხევს ქვეშ ანაკრეფი პეწკები და ან ქეთევანი მუხლების კანკალით გავიდოდა გარეთ, ხის ტოტს ან კუნძს მოიძევდა და შემოიტანდა. კიდევ კარგი, რომ პავლია, სიმონას ცოლის ძმა, რომელიც ეხლა დაჭერილი იყო, - ყაჩაღებს მალავსო, აბრალებდენ - სიმინდს აძლევდა ამ საცოდავებს, თორემ შიმშილით დაიხოცებოდენ. ან ვინ უპატრონებდა? ხალხი, რომელიც იმდენს ვაი-ვაგლახში ჩავარდა სიმონას ყაჩაღობის გამო, ლანძღვით იხსენიებდა ქეთევანს: “სულძაღლიანი! გამოზარდა ვეშაპმა ქვეყნის სიავკაცე და ახლა სულს გვხთიან მისი გულისთვისო”. დამწვარზე მდუღარე გადაასხესო, რომ იტყვიან, იმისი არ იყოს, აქეთ სიმონა ყაჩაღად იყო გავარდნილი და იქით კიდევ ქალიშვილი, მაგდანა, რომელიც ქმართან უკმაყოფილოდ ცხოვრობდა, სადღაც გაიქცა, დაიკარგა. ზოგი ამბობდა: ვიღაც რუსს წაყვაო. იმასაც ლაპარაკობდენ, რომ ქმარმა მოკლა ჩუმადაო. ამ გარემოებამაც ბევრი სალაპარაკო მისცა ხალხს ქეთევანის შესახებ. “ბატონო, თითონაც უნამუსო იყო, მისი შვილებიც იმისთანაი გამევიდაო”. მთავრობასთანაც ცუდად იყო დაბეზღებული ხალსისაგან, მეტადრე დავითისაგან, ქეთევანი. “დედის ბრალია სიმონას გაფირალებაო”. ამიტომაც იყო, რომ მაზრის უფროსმა სოფლის კანცელარიაში დააბარებია ქეთევანი და მათრახით აცემია. “წაათრიეთ სატუსაღოში ეს ქოფაკი, ესა!” - დაიყვირა, როცა ქეთევანი ცემისაგან წაიქცა. რამდენიმე დღე და ღამე გაათევიეს ქეთევანს მაზრის უფროსის ბრძანებით სოფლის საპატიმროში, მერე ისიც ზამთარში. ასე მიდიოდა ქეთევანის ცხოვრება, ქეთევანისა, რომელსაც ხვედრმა ამდენი მწარე ნაღველი დაალევია.

- ბებია, სიმონ ბიძიეი რომ მუა შინ, დიდ ცეცხლს დაგვინთებს, შენც და მეც პელანგს გვიყიდის, - დაუწყებდა ტიტინს პატარა ქალი.

- კი, შვილო, კი, - ეტყოდა ქეთევანი და მოჰყვებოდა ტირილს და წყევლას. ვინც ჩემი შვილი დამიკარქა, ასე და ისე მოუვიდესო. ქეთევანს ახსოვდა, რომ გიორგობის წინა დღე იყო, როცა მისი სიმონ შინიდან გავიდა. იმ დღიდან დაწყებული თვალი აღარ მოუკრავს სიმონასთვის. მის ეზოს, მის სახლს, მის კარს - ყოველივეს დარაჯი ადგა დავით დროიძის საჩივრის გამო. ერთხელ ქეთევანს ვიღაც სანდო კაცის ხელით სიმონასაგან გამოგზავნილი ფული მოუვიდა, მაგრამ ქეთევანმა არ მიიღო: “მე მისი ნახვა მენატრება, თვარა აგი რათ მინდა, ამ სიკვტილის ჟამს ნაქურდალის ჭამას ხომ არ დავიწყებო”.

XVIII

გავიდა რამდენიმე წელიწადი. ქეთევანი დიდი ხანი იყო, რაც სამარეში იწვა. მის საფლავზე ისეთი ბალახი ამოსულიყო, რომ ვერც კი შეატყობდით, აქ ერთს დროს ადამიანი დაუმარხავთო. ძალაძის მიდამო გაპარტახდა, შალდამად გადაიქცა: პატარა სახლი, საძროხე, საღორე და ფაცხა დალპა და ჩაინგრა. სახლის კედლები ჯერ კიდევ იდგა, მაგრამ ისე, რომ მის დანახვაზე საშინელი სევდა მოგაწვებოდათ გულზე. მეზობლის ქალები და ბავშვები, როცა გაივლიდენ ამ ყრუ მიდამოს სიახლოვეს, “წმინდა გიორგი, დამიფარეო”, გადაიწერდენ პირჯვარს და გადააფურთხებდენ სახლისკენ.

წაბლისერის გლეხკაცობას ბევრი რამ გადახდა თავს ამ დროს განმავლობაში. ბევრი “ეკუცია”, “პრიგავორობა” და სხვა ამგვარი გამოსცადა. ხალხის რიცხვმაც მოიმატა. მაგრამ სამაგიეროდ უყმა იკლო, ტყე ახლომახლო გაიკაფა, შეშამ იძვირა, ტყეში ნადირი (გარდა მგლებისა და ტურისა) და წყალში თევზი გაძვირდა. მამულის პატრონებმა ღალასა და ბაჟს მოუმატეს. გლეხობას შრომა, სიღატაკე და გადასახადი დღითი დღე ემატებოდა. უსწავლელობა და სიღატაკე ბადებდა ხალხში შურს, მტრობას, გაუტანლობას, სიმხდალეს, გარყვნილებას და ათას სხვა ცუდ ზნე-ჩვეულებას.

ფირალს სიმონა ძალაძეს ჯერ კიდევ შიშსა და ძრწოლაში ყავდა თავისი მტრები. ორჯერ დაიჭირეს, მაგრამ ორჯერვე გაიქცა. დასჭრეს, მაგრამ მორჩა. სიმონა ხან გაქრებოდა, გადაიკარგებოდა სადმე, ხან ისევ გამოჩნდებოდა და მაშინ - ისევ ყაზახ რუსები და სოფელი წაბლისერი, ისევ “ეკუცია” და მისი ხარჯი. სიმონას გარდა, კიდევ გაყაჩაღდა რამდენიმე სხვა კაციც, რომელთ სახელი ისე გავარდა, რომ ცოტა უკლდა, პირველობა არ ჩამოართვეს სიმონას ფირალობაში. მთავრობა ხმარობდა ზომებს ავაზაკობის მოსასპობად, მაგრამ ეს ზომები ხალხს უფრო უარეს შავ დღეს აყენებდა, ვიდრე თვითონ ყაჩაღები და მათი მოქმედება.

დავით დროიძე? დავითის საქმე უკუღმა დატრიალდა: ის შვილი, რომელიც პოლიციაში ჰყავდა სეკრეტრად, რაღაც ყალბი ქაღალდის შედგენისათვის ციმბირში გაგზავნეს. მეორე შვილი მოუკვდა; უფროსი შვილი, რომელიც მანუფაქტურით ვაჭრობდა და, რომელმაც ჯერ კარგ სიმაღლეზე აიწია ამ ვაჭრობაში, ბოლოს გაკოტრდა და ყოველივე, რაც კი რამ ებადა, ვალში გაუყიდეს, ამის შემდეგ ჯავრისგან ლოთობას მიჰყო ხელი და საშინელ მდგომარეობამდის მიაღწია. ამის ლამაზი ცოლი კი გაიქცა და ვიღაც ერთ ყმაწვილ ვაჭარ კაცთან ცხოვრობდა უგვირგვინოდ. თითონ დავითი დაბერდა, წელში მოიხარა, ჩამოჭკნა. თავის დღეში უმუშიერი, ის ეხლა მოხუცებულობისა და უძლურების დროს თავისი შრომით და თოხით ცხოვრობდა, ხვნეშა-ოხვრაში ატარებდა სიცოცხლეს: ხალხმაც დაჰკარგა დავითისადმი პატივისცემა. “ძმავ, უსამართლო სიმდიდრეს ბოლო მწარე ექნებოდა, არ იცოდა? თუ უსამართლო არ იყო, სიდან გამდიდრდა? ხელზე ტყავი არ მაქ ნამუშიერი და მაინც თავი ვერ ამიწევია, მას ერთი ოფლი არ გადმოსდენია და სასახლე გამოჭიმა! ღარიბი მწერათ აღარ მიაჩთა! იმ ბიჭს, სიმონას, მისმა საქმობამ გააციებია ოჯახი და დააწყებია ფირალობა”, - ამბობდენ მეზობლები ეხლა დავითის შესახებ. თავს აღარავინ უკრავდა. ეხლა სხვა დავითები და სიმონები გამოვიდენ სცენაზე.

ერთ ზაფხულის დილას წაბლისერში გაისმა: მოკლესო. ხალხი მიეჩქარებოდა მოკლულის სანახავად და უერთდებოდა ერთ ადგილას შეჯგუფულს ქალბსა და კაცებს. ხიდის თავში, გზის პირას, იდო ერთი ვაჟკაცურის სახისა და ტანის გვამი, რომელსაც შავს წვერ-ულვაშში და ლომის ფაფარსავით გადაყრილ თმაში აგერ-აგერ თეთრი ბალანი გამორეოდა. მიცვალებულს ეტყობოდა, რომ მიმზიდველის შეხედულობის კაცი უნდა ყოფილიყო სიცოცხლეში. ისე ორი-სამი დღის მკვდარი უნდა იყოსო, იფიქრებდა ამ გვამის მნახველი, მაგრამ ჭრილობა და შიგ ახალი სისხლი ამტკიცებდა რომ აი, ამ საათში მოუკლავთო. ჭრილობა ჰქონდა როგორც ტყვიისა, ისე ხმლისაც. ეს გვამი გახლდათ სიმონა ძალაძისა, რომელიც ერთ დროს სამაგალითო მუშა გლეხი იყო და შემდეგ განთქმული ყაჩაღი. სიმონა მოეკლა თითონ პოლიციის პრისტავს თავის საკუთარი ხელით, როგორც თითონ პრისტავი ამბობდა, რომელიც ეხლა აქ ბრძანდებოდა და ოქმსა სწერდა ამ საქმის შესახებ. როცა პრისტავმა ოქმის წერა გაათავა, მიუბრუნდა ხალხს და დაუწყო ლანძღვა: “თითონ თქვენც ასეთი რაზბონიკები ხართ, ავ კაცს ინახავთ! მე რომ გადამაყოლეთ ამის სიკვდილს, განა თითონ არ შეგეძლოთ? ორი დღე შინ აღარ გამითევია, ტყეში ვდარაჯობდი და დღეს ძლივს მოვუღე ბოლოო”. ხალხი მდუმარებდა, ბევრს ტირილიც მოსდიოდა, რომ გაახსენდა “იი კაი, მარჯვე მუშა ბიჭი, სიმონაი”, მაგრამ ეშინოდა და თავს იმაგრებდა. ბოლოს ხალხმა წაიღო გვამი და დამარხა, მგონია, დაუკურთხებელს მიწაში.

კარგა ხნის შემდეგ, როცა პრისტავმა ყაჩაღი ძალაძის მოკვლით ორდენი მიიღო, სოფელს წაბლისერში ყველამ იცოდა, რომ სიმონა არავის არ მოუკლავს, თითონ მომკვდარიყო ავადმყოფობით, მამასახლისს და პრისტავს მოეხერხებიათ, ეშოვნათ მიცვალებულის გვამი, დაეჭრათ, დაჭრილში ქათმის სისხლი ჩაესხათ და ამ გვარად ახალმოკლულად გაესაღებიათ. ერთი აზნაური დიდხანს ამბობდა: “კაი ასი მანეთი ჩამითვალეს ჯიბეში, - არ გაგვამხილოო”.

სიმონას ობოლი, გაბრიელა, ეხლა კარგი ხნის ბიჭია; მოჯამაგირობით ცხოვრობს. მამას ვერ იცნობდა. როცა უთხრეს “მამა მოგიკლესო”, მხოლოდ მაშინ მოაგონდა, რომ ერთხელ, - მაშინ გაბრიელა ექვსი წლისა იქნებოდა, - შუაღამისას გააღვიძა ძიძამ და უთხრა: “მამაშენი მოვიდაო”. გაბრიელამ გაახილა თვალი და დაინახა ერთი შეთოფიარაღებული კაცი, რომელიც საკოცნელად მივიდა მასთან, მაგრამ გაბრიელა ატირდა და კოცნის ნება არ მისცა. “აი სწორედ ის კაცი მუუკლავთო”, - გაიფიქრა გაბრიელამ და დავიწყებას მისცა ეს ამბავი.

1891 წ.

რა მზეთუნახავია!

მე, ძმავ, მოხიბლული ვარ! ეს სოფლელი ვენერაა!

რას ამბობ?

არა, ძმავ.

საქმე გათავებულია.

დალახვროს ეშმაკმა.

აი სკანდალი.

აი გაუნათლებელი ხალხი.

არა, არ დავიჯერებ.

ეშმაკმა წაიღოს მისი თავი.

მშვენიერია. ასეთი არ შემხვედრია.

I

რკინიგზის სადგურს №-ზედ საღამოს ჟამს აუარებელი ხალხი უცდიდა მატარებელს. თუმცაღა მარტი ილეოდა, მაგრამ საღამოს მაინც კიდევ სიცივე მოატანა, რადგანაც ხანგრძლივი წვიმის შემდეგ მხოლოდ წინაღამით დამდგარიყო დარი. მატარებლის მომლოდინე ხალხმა იგრძნო სიცივე თუ არა, დაანება პლატფორმაზე სეირნობას თავი და სადგურის დარბაზში შევიდა. მცირეოდენი ხნის განმავლობაში ისე გაიჭედა ხალხით სადგურის დიდი დარბაზი, რომ ერთი კუთხიდან მეორემდე ძლივს მიატანდით. ქალების ჭვრეტას დაჩვეული ყმაწვილი კაცები კი არ ერიდებოდენ ამ დაბრკოლებას და დაყიალობდენ ყველა კუთხეში. მეტადრე ვიღაც ორი ზარხოში ყმაწვილი მოუსვენრად დაეხეტებოდა აქეთ-იქით და მოურიდებლად სჭვრეტდა მანდილოსნებს, რომლებიც კი თვალში მოეწონებოდათ. ერთი ამ ყმაწვილთაგანი შესანიშნავი რამ იყო თავისი ვაჟკაცური თვალტანადობით: მაღალი ტანი, სქელი, განიერი ბეჭები, მსხვილ-მსხვილი მკლავები, ცოტად ფერნაკლული, სავსე, ლამაზი პირისახე, მელანივით შავი, პატარა წვერი, სწორეთ გითხრათ, ძველებურ რაინდს წარმოადგენდა. ეს ყმაწვილი, რა თქმა უნდა, ქალებსაც არ დარჩათ შეუნიშნავი: ბევრგან იკითხეს ჩუმჩუმად, ვინ არისო. ერთს ლაზათიანის გულ-მკერდის ყმაწვილ ქალს თვალებზე წყალი მოსდენოდა ახოვანი ჭაბუკის ჭვრეტით. ერთმა კნეინამ ჰკითხა ნაცნობ მედუქნეს:

- ვინ არის ეს ყმაწვილი კაცი?

- ეს, კნეინა, ზემოური აზნაური გახლავთ, ტარიელ მკლავაძე.

ცოტა ქეიფის მოყვარე კაცია და ხშირად ჩამოდის აქ, სტანციაზე დროს გასატარებლად, - უპასუხა მედუქნემ.

- მადლობა ღმერთს, რომ ჩვენს მამულს კიდევ ებადებიან ამისთანა მოყვანილი ვაჟკაცები! - თქვა კნეინამ და გაატანა თვალი ყმაწვილ კაცს, რომელიც ამ დროს ვიღაც ქალს ჩასჩერებოდა თვალებში.

- ძლიერ დიდი ვაჟკაცი გახლავთ. ოღონდ ეს არის, როგორც მოგახსენეთ, ქეიფის მოყვარეა და, სოფლის ამბავი ხომ მოგეხსენებათ, სოფელს ეჯავრება.

- მერე რა ვუყოთ, რომ ქეიფის მოყვარეა? შნოც აქვს ქეიფის, ასეთი სრული ქმნილება! - კნეინამ დაუწყო მზერა ყმაწვილ კაცს, მაგრამ ისე გონივრულად, რომ ვერც კი შეამჩნევდით - უმზერსო.

ხალხს თანდათან ემატებოდა. ახალმოსულები კითხულობდენ: “პოეზდმა ხომ არ გაგვასწროო” და, როცა გაიგებდენ, ჯერ კიდევ ადრეა მატარებლის მოსვლამდეო, გულდამშვიდებული, ვინ ნაცნობს ნახავდა და დაუწყებდა ბაასს, ვინ ხალხს სჭვრეტდა და ვინ კიდევ სხვას რასმეს აყოლებდა გულს მატარებლის მოსვლამდე.

მოვიდა ორი ცხენოსანი, - ერთი ქალი და ერთი კაცი. ამათაც იკითხეს მატარებლის მოსვლა. შემდეგ გაისტუმრეს ცხენები, შეიტანეს სადგურში თავიანთი მსუბუქი ჩემოდანი და პატარა აბგა, დადგეს კედელთან და მატარებლის მოლოდინში მიეყუდენ კედელს, რადგანაც თავისუფალი სკამი აღარ მოიპოვებოდა. კაცი, ასე ოცდახუთი თუ ოცდარვა წლის იქნებოდა. ხმელ-ხმელი, ჩია ტანის. ბეჭებში ცოტა მოხრილი, გამხდარი, ავადმყოფი პირისახისა, გახუნებული პალტოთი და შლიაპით, რა თქმა უნდა, ასეთ ადამიანს ამოდენა ხალხში, ნაცნობის გარდა, არავინ შენიშნავდა და არც არავინ იკითხავდა მის ვინაობას, რომ ამ კაცის თანამგზავრ ქალს არ მიეპყრო ყურადღება. ეს იყო თვრამეტი თუ ცხრამეტი წლის ყმაწვილი ქალი, ლამაზად მოყვანილი, საშუალოზე ცოტა მომაღლო ტანისა, ცოტათი ფერნაკლული, სწორი პირისახე, დიდრონი შავი თვალები, მსხვილად დაწნული, წელამდე, წაბლისფერი თმა ჰქონდა, რაღაც ისეთი, როგორც იტყვიან, სანდომით იყო შემკობილი, რომ თვალის მოშორება გაგიძნელდებოდათ. ძლიერ შვენოდა გაბედული მეტყველება და თავისუფალი მიხრა-მოხრა. ტანზე ღარიბულად ეცვა, - გახუნებული ტალმა და ჩალისფერი თივთიკის ყაბალახი შეადგენდა მის ტანსაცმელს.

მკლავაძემ და მისმა ამხანაგებმა, დაინახეს თუ არა ლამაზი ყმაწვილი ქალი, დაიწყეს მის ახლო სიარული და ისეთნაირად უჭვრეტდენ, თითქოს ეს ქალი კი არა, გასაყიდი საქონელია და ხელიდან არ უნდათ გაუშვანო. რადგანაც დარბაზში, ხალხის სიმრავლის გამო თბილოდა, ქალმა გაიხადა ტალმა და ახლა ჩითის კაბაში ნაკვთად მოყვანილი ტანი ლამაზად იხატებოდა. ტარიელმა ვეღარ მოაშორა თვალი ამ ქალის სავსე გულ-მკერდს. ქალი და მისი ამხანაგი კაცი რაღაც საუბარში იყვნენ და ამიტომ ვერ ამჩნევდენ ტარიელს და მისი ამხანაგის უსირცხვილო ჭვრეტას.

- ერთი ამის გულ-მკერდში ჩაკონება მთელ სოფლად ღირს! შენ რას იტყვი, ტარიელ? - ჰკითხა ამხანაგმა.

ტარიელს სახეზე მოუთმენლობა გამოეხატა.

- ერთი გავიცნოთ მაინც, ვინ არის, - უთხრა პასუხად ამხანაგს და ბოლოს ღიმილით დაატანა: - ეს ვინღა არის, რომ ახლავს, მცველი? უშოვნია რაღა კავალერი! მთელ ჯარს მოშლის სწორედ!

ტარიელის ამხანაგმა ჯერ ერთი რიგიანად გადიხარხარა და მერე თქვა:

- ნათესავი იქნება და ძალაუნებურად აედევნებოდა, - დავიცავ, არავინ გაუარშიყდესო.

- მერე ამის შეეშინდებათ და ვერავინ გაუბედავს გაარშიყებას? მოგიკვდეს ტარიელ, რომ ამისთანა კაცუნების მთელი რაზმი დამიხვდეს შეიარაღებული, მე გზა გავიმრუდო! პერანგისამარა რომ ვიყო და ეს ზარბაზნით დამხვდეს, ვერას დამაკლებს. ამისთანა კაცუნასთვის ხელს კი არ ვიხმარ, არა, ერთ წკიპურტს ვკრავ და გათავდა, მწერივით წაუვა სული. მე რომ ის ქალი ვიყო, თუნდა ძმა იყოს, თუნდა მამა, იმას ჩემ გვერდით არ გავატარებდი.

- არა, სასაცილო ის იქნება, თუ ნათესავიც არ არის და მხოლოდ იმიტომ დასდევს, იქნება შემიყვაროსო.

ამ ხუმრობაზე ტარიელს და მის ამხანაგს წასკდათ სიცილი.

- ვითომ და რა გგონია შენ? ამისთანა ჩანჩურ ივანიჩები ხშირად ჩადიან ასეთ სასაცილო საქმეს! - მიუგო ტარიელმა ამხანაგს, როცა სიცილს მორჩენ.

- ერთი იმ ტყეში მოგცა ეს ქალი. ერთხელ რომ შენ... ის არ იყო ამაზე ნაკლები.

- ის სულ ახალგაზრდა იყო, კინაღამ ჩამაკვდა ხელში. ეს კი სულ სხვაა, მოწიფული - ქალია. - უპასუხა მადიანად ტარიელმა.

- ძალიან გადაურჩი იმ საქმეს! არავის არ ეგონა, თუ ისე კარგად გათავდებოდა.

- რომ არ დამხმარებოდენ, ცუდად წავიდოდა, მაგრამ ახლა რა დროსია ამაზე ლაპარაკი! ის, რაც იყო, წავიდა, გათავდა. უნდა გითხრა, ძლიერ ამიღელვა სისხლი ამ ქალმა, ვიღაც არის! ერთი ეს მომცა ერთი ღამით და...

- ჰაი, შე ცოდვილო, შენ! რამდენ ამისთანებს გაუვლია შენ ხელში და მაინც არ გაძღა შენი გული! - ღიმილით უთხრა ტარიელს ამხანაგმა და სიყვარულობით წაჰკრა მუჯლუგუნი.

- რის ცოდვილო! საქონელისთვის თუკი საღ კუროს არჩევენ, ადამიანს უფრო არ უნდა ამორჩევა? იმისთანების გამრავლებას, - ტარიელმა გაიშვირა ხელი იმ კაცისაკენ, რომელიც ლამაზ ქალს ახლდა, - ის არა სჯობია, ჩემისთანები გამრავლდენ?

- მერე რა საღი შვილი დაგებადებათ, შენ და ის რომ ერთად... - უთხრა ამხანაგმა ტარიელს და აჩვენა ქალზე.

ტარიელმა კმაყოფილებით გაიცინა და თქვა:

- ჯერ დედაზე ვიფიქროთ, მერე შვილებზე და შვილიშვილებზე, რომ ვერ გავიგეთ, ვინ არის ეს ქალი, საიდან მოდის, ან სად მიდის; მგონი, ისე გაგვიფრინდეს ხელიდან, რომ მისი ვინაობაც ვერ შევიტყოთ.

- მოდი, ერთი გავეცნობი, - უთხრა ტარიელს ამხანაგმა.

- აბა, ჰა, დათიკო, შენ ხომ ამისთანობა ძლიერ გეხერხება. - სიცილით უპასუხა ტარიელმა.

- ასეა, ერთისთვის ხერხი მიუცია ღმერთს, მეორესთვის - ღონიერი მკლავი. შენთვის - მკლავი, ჩემთვის - ხერხი.

- კარგი, ახლა ტრაბახობას თავი დაანებე. თუ შეგიძლია, წადი და გაეცანი. - კვლავ სიცილით უთხრა ტარიელმა.

- დიახაც გავიცნობ, შენ კი აქ მომიცადე, ეს შენი კამეჩისოდენა ბეჭები არ დაანახვო, თვარა იმ საწყალ კაცს, ქალს რომ ახლავს, შიშით სული წაუვა.

ამ სიტყვებით ამხანაგი მოშორდა ტარიელს, მივიდა ლამაზ ქალთან, მიესალმა და მოურიდებლად ჰკითხა:

- საიდან მობრძანდებით?

- სოფლიდან. - უპასუხა ქალმა.

- რომელი სოფლიდან? ვინ ბრძანდებით?

- რაში გესაჭიროება ამაების გაგება? თუ საქმე გაქვთ ჩვენთან, გვიბრძანეთ!

- არა, ისე.

- ისე? ისე საჭირო არ არის! - ცოტა არ იყოს, გესლიანად უპასუხა ქალმა.

- რატომ, ერთმანეთის გაცნობა რას დაგვიშავებს?

- თუ ამაზე მეტი საქმე არ გაქვთ, გთხოვთ, მიბრძანდეთ! უთხრა ქალმა, რომელსაც ისეთი მრისხანება გამოეხატა სახეზე ამ დროს, რომ მოსაუბრე ყმაწვილი კაცი იძულებული შეიქნა, მოშორებოდა.

- რა არის, დესპინე, რატომ მოეპყარი იმ კაცს ასე სასტიკად? ჩვენი გაცნობა უნდოდა, სხვა ხომ არა დაუშავებია რა? - ტკბილად შენიშნა ქალს მისმა თანამგზავრმა კაცმა.

- იმისთვის, რომ ურიგო საქციელი შევამჩნიე. ვიფიქრე, თან მესაუბრება და თან თვალებით კიდევ თითქოს რაღაცას მანიშნებსო, - თქვა ქალმა.

- ყოველ შემთხვევაში ტკბილი სიტყვა-პასუხი სჯობია.

- იმასთან რომ ტკბილად დამეწყო საუბარი, მერე თავიდან ვეღარ მოვიშორებდით, დაჯდებოდა და დამიწყებდა მაიმუნობას. იმისთანა კაცის პირველიდანვე მოშორება სჯობია.

- ემაიმუნებია, მერე რა გენაღვლებოდა.

- მეჯავრება, როცა ადამიანი მაიმუნობს!

ამით გაათავეს ამათ ამ საგანზე ლაპარაკი...

- რა ქენი? ვერ იხერხა, მგონია, შენმა ხერხმა? - ჰკითხა ტარიელმა სიცილით ამხანაგს.

- მიუკარებელი ვინმე ყოფილა! ისე მოხარა წარბები, რომ ჩხუბს მიპირებს-მეთქი, ვიფიქრე. ორი სიტყვის თქმაც არ დამაცალა, ისე შემომიტია, მიბრძანდიო და მომიშორა, - უპასუხა გულნატკენად დათიკომ.

- მაშ ასე, აღარც ხერხო და აღარც ღონევ! ღმერთს არც ერთი მოუცია შენთვის და არც მეორე, - სიცილით შენიშნა ამხანაგს ტარიელმა და შემდეგ დაატანა:

- მაშ გაგვიფრინდა ხელიდან? ცოტა აკლია პოეზდიც ჩამოივლის და, მშვიდობით.

- შე დალოცვილო, ვინც კი მოგეწონება, ყველამ შენ ხელში გაიაროს, ის გინდა? აქ რკინიგზაა, მთელი მილეთის ხალხი მიდი-მოდის, იმათში რამდენი ლამაზი ქალი გამოერევა, ყველას შენ ვინ მოგცემს გასათელად! - შენიშნა ხუმრობის კილოთი ტარიელს დათიკომ.

- ერიჰა, მოჰყევი შენებურად რახუნს! ვინ ამბობს ყველაო! მარა თუკი ძვირფასი ლალი იაფ ფასად იშოვება და მაინც კი ვერ ახერხებ ხელში ჩაგდებას, გული დაგწყდება, მიხვდი? ამისთანა ლამაზი ქალი მოდის სოფლიდან, მცველათ ახლავს ერთი კოღო, რომელსაც, ერთი მძლავრათ ამოისუნთქო, ჰაერში გააფრენ; აი, ასეთ შემთხვევაში რომ ვერას გახთები, საწყენად დაგრჩება, თორემ იმ ქალს რომ ერთი დარდიმანდი, შეიარაღებული ყმაწვილი კაცი იახლოს, მაშინ გულიც ასე არ შემექნებოდა მაზე, - თქვა ტარიელმა და განაგრძო ამხანაგითურთ ლამაზი ქალის სიახლოვეს სეირნობა. ის ისე უმზერდა ამ ქალს, როგორც მგელი ბატკანს. ქალმა შეამჩნია ეს მუყაითი მზერა და მოარიდა პირი. ქალის თანამგზავრი კაცი კი ამ დროს ვიღაც ნაცნობს ელაპარაკებოდა და ამიტომ არც კი დაუნახავს მის წინ მოსეირნე ყმაწვილი კაცები, რომლებიც ისე ოხუნჯობდენ მასზე.

ამ დროს მივიდა ლამაზ ქალთან და მის თანამგზავრ კაცთან მათი ნაცნობი მედუქნე და მიესალმა. ამ მედუქნეს ტარიელი და დათიკოც კარგად იცნობდენ. როცა მედუქნე ნაცნობ მგზავრს მოშორდა, ტარიელმა წაატანა მას მკლავზე ხელი:

- ვინ არის ის ქალი, ახლა რომ ელაპარაკებოდი?

- უჩიტლის ცოლი გახლავთ, - უპასუხა მედუქნემ.

- ის კაცი ვიღაა, რომ ახლავს?

- ქმარია მისი, სოფლის უჩიტელი.

- ქმარი! ის მათხოვარი არის იმ ქალის ქმარი! რას ამბობ, რას? - გაკვირვებული ეკითხებოდა ტარიელ მედუქნეს.

- სწორეთ ის გახლავთ. - უპასუხა კიდევ მედუქნემ.

- ეს რა მესმის! ბრმა ხომ არ იყო ეს ოჯახდაქცეული, რომ იმას წაყვა ცოლად! კარგი, თითონ, ვთქვათ, მოტყუვდა, მარა ქალის ჭირისუფალი რაღამ დააბრმავა?!.

- ვინ იცის! იქნება სულაც მშობლების ბრალია, ძალად მიათხოვეს. ცოტა არის ჩვენში ასეთი შემთხვევა? - თქვა დათიკომ.

- მერე რა მოეწონათ მისი, რომ ძალად მიათხოვეს ამისთანა ქალი?

- ფული შეაცთენდა.

- ძალიან არ ეტყობა ფულიანობა! - გაიცინა და ისე თქვა ტარიელმა.

- ახლა არ ეტყობა, მაგრამ მაშინ, იქნება, კიდეც ჰქონდა და კიდეც ეტყობოდა. ვინ იცის, იქნება, სულაც იმიტომ გაღარიბდა, რომ, რაც კი ებადა, სულ ქალის მშობლებს მისცა ქრთამად, - უპასუხა ტარიელს ამხანაგმა.

- არა, მოგახსენებენ ქალი თავისი სურვილით წაჰყვა, რადგანაც უყვარდაო, - უთხრა მედუქნემ.

- აა, მივხვდი ახლა, როგორც იქნებოდა საქმე: ქალს ჯერ ვინმე შეაცთენდა, - ამისთანა ლამაზი ქალები წმინდად თავის დღეში ვერ შეინახავენ თავს, - თითონ შემცთენელს აღარ შეურთავს, - ვინ იცის, ეგება ცოლიანი იყო, - ამიტომ გამოაშკარავებამდე, ესე იგი, სანამ უგვირგვინოდ შვილი დაებადებოდა, მოუსწრია და ამ საწყალი კაცისთვის ჩაუჩეჩებია თავი ხელში. რა ენაღვლება ქალს, სახელათ ამისი იქნება და სახრავათ სხვისი. - თქვა დათიკომ.

- შეიძლება, მარა ვინც დაახლოებით იცნობს, ისინი კი, როგორც მოგახსენეთ, ისე ამბობენ, სიყვარულით შეირთეს ერთმანეთიო. შვილიო, რომ ბრძანეთ, შვილი კი არ ჰყავს, ეს მე თითონ ვიცი - თქვა მედუქნემ.

- უეჭველია, რამე ეშმაკობა იქნება, თორემ ისე ეს ანგელოზი ამ მათხოვარს ცოლად არ წაყვებოდა. - თქვა ტარიელმა და შემდეგ მიუბრუნდა მედუქნეს:

- საიდან მოდიან?

მედუქნემ დაუსახელა სოფელი.

- სად მიდიან? - განაგრძო კითხვა ტარიელმა.

- მოგახსენებენ, უჩიტელს დედა ყავს თავის სოფელში და იმასთან დადის ყოველ დღესასწაულზეო. ახლა, რადგან აღდგომის დღესასწაულები იწყება, ეს არის, გამგზავრებულა თავის სოფლისკენ.

- შორებელია?

- შორებელი გახლავთ.

- ვინმე გლეხთაგანი უნდა იყოს, კეთილშობილობის არა სცხია რა.

- დიახ, მოგახსენებენ, გლეხკაცის შვილია, გვარათ მცირიშვილი.

- რათ გინდა, რომ შეუდექი კითხვას გამომძიებელივით? ახლავე ჩამოივლის პოეზდი და გათავდა, გაგექცევა ხელიდან. - სიცილით უთხრა ტარიელს ამხანაგმა.

ტარიელმა შეხედა ქალს და გაიქნია თავი:

- ეს იმის ცოლი იყოს!

მედუქნე წავიდა თავისთვის. ტარიელმა და მისმა ამხანაგებმა კი განაგრძეს ქალის სიახლოვეს სეირნობა და ჭვრეტა. მეტადრე ტარიელ ისეთი თვალით უყურებდა ქალს, თითქო უნდა ეცეს და გაიტაცოსო.

მოაწია მატარებლის მოსვლის დრომაც. მგზავრებმა, ვისაც რამე კი გააჩნდა, ბარგი მოიმზადეს, რომ, როცა მატარებელი მოვიდოდა, დაუყოვნებლივ შესულიყვენ ვაგონში. იცოდენ, რომ ვინც ბოლოს შედის, ის ხშირად უსკამოდ რჩება.

ლამაზმა ქალმა და მისმა თანამგზავრმა კაცმაც შეხედეს სადგურის საათს და მოიმარჯვეს თავიანთი ნივთები, რომ მატარებლის მოსვლისთანავე დაუყოვნებლივ წამოევლოთ ხელი. რამდენიმე წამი კიდევ და მატარებელიც უნდა მოსდგომოდა სადგურს.

- На линии завал! Поезд опаздывает! - გამოაცხადა სადგურის უფროსმა.

- რამდენ ხანს დაიგვიანებს? - ჰკითხეს მგზავრებმა.

- ვინ იცის, ერთი დღე მაინც მოუნდება გზის გაწმენდას. - უპასუხა უფროსმა.

ამ ამბავმა ამგზავრებულ ხალხზე ძლიერ უსიამოვნო შთაბეჭდილება მოახდინა. გაისმოდა აქა-იქ საყვედური:

- ამ დასაქცევზე სულ ზვავი და ჯანაბაა. რა ენაღვლებათ ინჟირლებს, ფულებს ჩაიჯიბავენ და მერე იმას კი არ კითხულობენ, გზაი როგორია!

ხალხი გაიფანტა: ზოგი დუქანში მიდიოდა ღამის გასათევად, ზოგი კიდევ ნაცნობს მიყვებოდა. ვინც ახლო სოფლიდან იყვენ, ისინი შინ დაბრუნდენ.

II

უადგილო არ იქნება, მკითხველო, უფრო დაახლოებით გაგაცნოთ ტარიელ მკლავაძე და მისი ცხოვრება.

- ბედნიერი ხარ, ბედნიერი! რა ანგელოზივით ვაჟი დაგებადა! - მიულოცა აზნაურ ერეკლე მკლავაძეს ბებიაქალმა სუსანამ, როცა ტარიელ დაიბადა. გახარებულმა მამამ უბრძანა ბიჭებს, - აბა თოფებიო; თვითონ კი გამოიტანა თავისი დიდი, მოვერცხლილი დამბაჩა და ისეთი შედლუხი გამართა, გეგონებოდათ, სოფელს მტერი დასხმია და ერთი გაცხარებული ბრძოლა აქვთო. შემდეგ, როცა თვითონ მამამ დახედა ახალდაბადებულ ვაჟს, სიხარულით წამოიძახა: „გენაცვალე, ღმერთო, ტარიელი დამბადებია! დაილოცოს ჩვენი გვარი! გამოსულა ჩვენ გვარში ლომკაცები და ეს არის, კიდევ გამოვიდა!“ ერეკლე არა სტყუოდა: მართლაც, აზნაური მკლავაძეების გვარში ხშირად გამოერეოდა არაჩვეულებრივი ხელღონიერი ჭაბუკები. ამბობენ, ძველ დროში დიდი სამსახური გაუწევია მამულისათვის მკლავაძეების ჭაბუკებს, მედგრად ებრძოდენ მამულზე მოსულ მტრებსაო. რა მოგახსენოთ, იქნება მართალიც იყოს, რომ მკლავაძეების წინაპრებს მტერთან ბრძოლაში დიდი ვაჟკაცობა გამოეჩინოთ, მაგრამ უფრო ნამდვილად კი ის ახსოვს ხალხს, რომ მკლავაძეების რაინდები სუსტებს და ხელქვეითებს ანადგურებდენ და აწიოკებდენ. უკანასკნელ, როცა საქართველოში სოფლების და ოჯახების ერთმანეთზე თავდასხმის და მიხტომ-მოხტომის ხანა შესწყდა და ეს ქვეყანა, ასე თუ ისე, ერთგვარ ცხოვრების კალაპოტში ჩადგა, მკლავაძეების ძალმომრეობასაც, რასაკვირველია, შეეკვეცა ფრთა. ახლა მკლავაძეთა რაინდებს ძლიერ შევიწროებული დაურჩათ სამოქმედო ასპარეზი, ზოგმა მათგანმა აიღო დროთა ალღო და სხვა, უფრო პრაქტიკულ საქმეზე გასცვალა რაინდობა, მაგალითად, ვაჭრობაზე, მამულის გაშენებაზე. ბევრს ქალაქებშიაც ნახავდით ლაქიებად ან “პოვრებად”. ერთი-ორი უმაღლეს სასწავლებელშიაც მოხვდა და შემდეგ ჩინოვნიკებად გამოვიდენ. მაგრამ მაინც კიდევ დარჩენ ისეთები, რომლების თვალში ძველებურ რაინდობას, ესე იგი ძალმომრეობას, ჯერ კიდევ შერჩენოდა გვირგვინი, რომლებისთვის ჯერ კიდევ იდეალი იყო ძველებური რაინდობა. ერთი ამ უკანასკნელთაგანი იყო ერეკლე მკლავაძეც. მართალია, თვითონ ერეკლე ვერ დაიკვეხდა მკლავღონიერობას. ის ამ მხრით საშუალო ზომაზე დაბლაც იდგა, მაგრამ მაინც კი აღტაცებაში მოდიოდა, როცა მისი გვარის რაინდი სხვა გვარის კაცს მიბეგვავდა. მართალია, ხანდახან თვითონ ერეკლესაც მოხვდებოდა ასეთი რაინდებისაგან: ხან საზიარო მამულისაგან იფრენდა ერეკლეს რომელიმე რაინდი გვარისკაცი, ხან სხვაგვარ შევიწროებას მიაყენებდა. ასეთი შემთხვევების დროს, სიბრაზით აღივსებოდა ერეკლეს გული, დანით დაეკლა რაინდი გვარისკაცი, გული არ მოუშლიდა. მაგრამ ეს იყო ერეკლეს მხრით დროებითი მტრობა პიროვნებისადმი. თვითონ ძალმომრეობას კი არ უჩიოდა, წინააღმდეგ, ერეკლე ნანობდა, - რატომ მე არა ვარ ხელღონიერი, რომ შიშის ზარი დავცე ყველასაო. ამას შემდეგ გასაკვირველიც არ არის, რომ ერეკლეს სიხარულს საზღვარი აღარ ჰქონდა, როცა ნახა ახალდაბადებული თავისი ვაჟი, რომელიც, ჩვილის პირობაზე, ზორბად იწვა აკვანში და როცა ტირილს დაიწყებდა, მძლავრ ხმაზე ეტყობოდა, დიდი ღონის პატრონი უნდა გამოვიდესო.

როცა მონათლეს ერეკლეს ჩვილი ვაჟი, მღვდელმა ტიმოთე უწოდა სახელად, მაგრამ მშობლებმა საჩქაროდ გამოუცვალეს ეს სახელი: “ტიმოთე, ნეტა, რა ვაჟკაცის სახელია! ბერად ხომ არ ვზდით, რომ ტიმოთე დავარქვათ სახელადო” და ტიმოთეს მაგივრად თავიანთ ვაჟს ტარიელ უწოდეს.

ჯერ კიდევ ექვსი წლის ბავშვი იყო ტარიელ, რომ მშობლებმა ხანჯლის ტარება დააწყებინეს. სამაგალითოდ შვენოდა ჩერქეზული ტანისამოსით გამოწყობილ ტარიელს ეს იარაღი. ბავშვის პირობაზე ბეჭებგანიერი, მეტად საღი, თვალტანადი ტარიელ, ხანჯლით წელზე, იმ თავითვე ძველებურ რაინდს მოგაგონებდათ. ნათესავები და ნაცნობები იმ თავითვე დიდი პატივისცემით ეპყრობოდენ მას. თვალტანადობას გარდა, საყურადღებო იყო ტარიელის გულადობა: შუაღამისას რომ ყრუ ტყეში მარტოდმარტო დაეტოვებიათ, წარბს არ შეიდრეკდა შიშით. ერთხელ მეზობლის ძაღლები დაეხვიენ ტარიელს. ეს ძაღლები ბევრ ვაჟკაცსაც აშინებდენ. პატარა ტარიელი კი ისე დაერია ძაღლებს ჯოხით და მოიგერია, რომ მეზობელს დიდხანს ჰქონდა ეს ამბავი სალაპარაკოთ. ყველა ამაებთან ბავშვობისას კიდევ ერთი კარგი თვისება ჰქონდა ტარიელს: არ იყო ჭირვეული და ბოროტი. იშვიათად წაეჩხუბებოდა თავის ტოლ-ამხანაგებს, თუმცაღა კი გრძნობდა უპირატესობას მათზე თავისი ფიზიკური ღონით. თუ მაინცადამაინც გააჯავრებდა ვინმე, მაშინ კი დათვივით დატორავდა, თუნდა გამჯავრებელი ორი-სამი წლით უფროსი ყოფილიყო მასზე. “მართლა რომ ტარიელი ხარ, ტარიელი”, - ეტყოდენ მაშინ აღტაცებაში მოსული მისი მშობლები და ჩაკოცნიდენ ტარიელს. მართალია, ბევრ ღირსებასთან ერთი დიდი ნაკლოვანება გამოაჩნდა ტარიელს: სრულიად სუსტი იყო სწავლაში, ასე რომ მისი მშობლები იძულებული შეიქნენ გამოეყვანათ სკოლიდან, სადაც რამდენიმე წლის წინეთ დიდი იმედით მიაბარეს. იმდენ ხანს სკოლაში ყოფნით ქართული კითხვაც კი ვერ შეისწავლა ტარიელმა, მაგრამ ამის გამო სრულიადაც არ მოუკლიათ მისთვის პატივისცემა მშობლებს და ნათესავებს. “ჩემი ვაჟი, ტარიელ, ვაჟკაცი იქნება და ვაჟკაცისთვის სწავლა არაფერი დიდი ბედენააო!” - ამბობდა ერეკლე. ეს აზრი მეტადრე მას შემდეგ უფრო გაუმტკიცდათ ტარიელის მშობლებს, რაც ერთი პატივცემული ქართველი თავადის სასახლეში ტარიელის შესახებ გამოთქვეს შემდეგი აზრი: “ეს რაინდათ დაუბადია ბუნებას, ცოდვაც იქნება, რომ სწავლის გულისთვის ამან თავისი საღი აგებულობა დაასუსტოს, სწავლა საზოგადოთ ასუსტებს ადამიანის სხეულსო”.

თუმცაღა ყოველ ფეხის ნაბიჯზე ქება-დიდებას ასხამდენ ტარიელს, მაგრამ ბავშვობისას არავითარი ცუდი გავლენა არ ჰქონდა ტარიელის ხასიათზე ამ გარემოებას. მხოლოდ, როცა წამოიზარდა ტარიელ, მაშინ ყურადღება მიაქცია ამ ქება-დიდებას. “ალბათ, არის ჩემში მეტად ძვირფასი რამე, რომ ყველა მაქებს და პატივს მცემსო”. - იფიქრა მან და თანდათან გამედიდურდა, თანდათან დაეკარგა მის თვალში ფასი სხვების პირადობას, რომლებიც არ იყვენ ბუნებისაგან დაჯილდოებულნი მისთანა თვალტანადობით და მკლავღონიერობით, ერთი სიტყვით, იმ ღირსებით, რომლისათვისაც მას ყველა პატივს სცემდა და ქებას ასხამდა, ასე გასინჯეთ, ერთი პატივცემული პატრიოტიც კი, რომელსაც უმაღლეს სასწავლებელში ჰქონდა სწავლა დამთავრებული და ძლიერ ჭკუიან კაცად ითვლებოდა, როცა ნახავდა ტარიელს, ყოველთვის იტყოდა: “ჩვენს ქვეყანას, რომელსაც ასეთი შვილები ებადება, მრწამს, რომ დიდი სახელოვანი მომავალი ექნებაო”. ნაცნობი თავადების სასახლეებში ხომ რა, აღმერთებდენ ტარიელს. “უშენოდ შნო არა გვაქვს, უშენოდ ჩვენი ლხინი უფერულიაო”. - ეუბნებოდენ მას ნაცნობი თავადები და მეტადრე თავადის ქალები, თუმცაღა კი, ჩვენთვის რომ ვთქვათ, ტარიელ მაინცადამაინც ვერაფერი მომლხენი იყო. - არც სიმღერა იცოდა ხეირიანი და არც ცეკვა, მაგრამ სამაგიეროდ მისი თვალტანადობა ავსებდა ამ ნაკლს. ის რომ ყელს მოიღერებდა სიმღერაში და ბანის მთქმელებს ჩაერეოდა (სხვა მებანეებს თუ მიაყოლებდა თავის ბოხ ხმას, თორემ მარტოს არც ბანის თქმა შეეძლო, რადგანაც არ იცოდა, სად აემაღლებია ხმა და სად დაეშვა), იფიქრებდით, - სწორედ, მარტო ის ამბობს სიმღერასო. ახსოვდა ტარიელს, რომ ერთმა ლამაზმა კნეინამ უთხრა მათ შორის მომხდარ შემთხვევის გამო: “Это всегда так: прекраснейшая принадлежит храбрейшему” და, რადგან ტარიელმა რუსული არ იცოდა, კნეინამ მერე ქართულად გადმოუთარგმნა: “უმშვენიერესი ამ ქვეყნად უმამაცესს ეკუთვნისო”. ამგვარად ტარიელ ნელ-ნელა შეეჩვია იმ აზრს, რომ მას, როგორც საუკეთესო ქმნილებას, საუკეთესო ადამიანს, სრული უფლება აქვს დასტკბეს ამქვეყნად, იგემოს ეს ქვეყანა, თუნდა ამ დატკობას სხვების სიცოცხლე და ბედნიერებაც შეეწიროს მსხვერპლადო. ლტოლვილება დატკბობისა ტარიელისთვის გამოირკვა ორ საგანში: ქალებში და ღვინოში. ეს ორი საგანი შეიქნა ტარიელისთვის სიცოცხლის მიზნად. ჰქონდა ტარიელს მესამე ლტოლვილებაც. ეს მესამე ლტოლვილება იმაში მდგომარეობდა, რომ ეძებდა შემთხვევას, გმირული რამ საქმე ჩაედინა. ის ეტრფიალებოდა რუსთაველის “ვეფხისტყაოსნის” იმ ადგილებს, სადაც მოთხრობილია: “ტარიელმა კაცს თავი მათრახით გადუფხრიწა, კაცი კაცსა შემოსტყორცნა”... “თავი სვეტსა შევუტაკე”... და სხვა ამგვარი. ამგვარი გმირული ამბების ტრფიალს ბავშვობიდანვე შეეჩვია ტარიელი, რადგანაც მშობლები მუდამ ამისთანა ამბებით უჭედავდენ ყურებს. ტარიელი ეძებდა შემთხვევას, რომ თვითონაც ჩაედინა “ვეფხისტყაოსანში” აწერილა რაინდისებური გმირობა. ერთხელ მოქეიფე ყმაწვილებში ტარიელიც ერია და ჩხუბი მოუვიდათ. ტარიელმა აიღო და ერთი მომცრო კაცი შემოსტყორცნა მოწინააღმდეგეს. მომცრო კაცს, მიწაზე დაცემის დროს, კისერი ეღრძო და ტარიელს საჩივარი დაუწყო. ამ საჩივარმა იქამდე მიაღწია, ნაცნობი დიდკაცობა რომ არ მიშველებოდა, ტარიელს კარგა დიდი ხნის ვადით სატუსაღოში ჩაამწყვდევდენ. მეორეხელ ერთმა ყმაწვილმა კაცმა ტარიელს გული მოაყვანია. ცხენზე მჯდარმა ტარიელმა თავისი მსხვილი მათრახი დაჰკრა ყმაწვილს და თავი მართლაც რომ გადაუფხრიწა. მაგრამ აქაც იგივე საჩივარი და ვაივაგლახი აუტყდა, როგორიც კაცის შემოტყორცნის გამო. მართალია, ეს საჩივრები ვერ აშინებდა ტარიელს, რადგანაც, ნაცნობი დიდკაცობის შემწეობით, ყოველთვის გამარჯვებული გამოდიოდა სამსჯავროდან, მაგრამ აჯავრებდა კი ძლიერ: - რაინდი კაცი და საჩივრები! რა მოწყობილია!

ძლიერ აწუხებდა ტარიელის თავგასულობა მის სამშობლო სოფელს, მეტადრე გლეხკაცობას. თითქო მისი ჰარამხანის კუთვნილება იყოსო, ისე უყურებდა ტარიელ გლეხკაცების ქალებს “რა არის, რა აჯავრებთ? - სიცილით ამბობდა ის იმ ქმრებზე, რომლებიც ტარიელისაგან შეურაცხყოფილად სთვლიდენ თავის თავს, - უკეთესიც არის მათთვის, ჩემი წყალობით კარგი შვილები გამოუვათო”. მეტადრე ცუდი ის იყო, რომ ტარიელმა ძალის ხმარება იცოდა იმ მანდილოსანზე, რომელიც ნებით არ დანებდებოდა. ერთხელ ერთი გლეხის ცოლი ძალად გაიტაცა გზიდან იმ დროს, როცა ამ უკანასკნელს ყანაში მყოფ ქმართან სადილი მიჰქონდა. მეორეჯერ ახლად ჯვარდაწერილ გლეხის ცოლს ძალით შეუმტვრია კარები იმ დროს, როცა იმ ქალის ქმარი სხვაგან იყო. ერთი მეზობელი გლეხკაცის ლამაზი ქალი მოიტაცა და მთელი ერთი კვირის განმავლობაში ჰყავდა სადღაც. მართალია, ამ უკანასკნელ მოქმედებას კინაღამ თავი არ გადაატანა ტარიელმა, არავის ეგონა, თუ ის ამ საქმეს კატორღაში გაუგზავნელად გადურჩებოდა, მაგრამ, როგორც იყო, დიდი ხარჯით და მეცადინეობით დაიხსნეს ამ საქმისაგან ტარიელის მამამ და ნაცნობ-ნათესავებმა, - ტარიელი გაამართლა ოლქის სამსჯავრომ. არ გასულა ამ საქმის გარჩევის შემდეგ ერთი თვე, რომ ტარიელი დაუხვდა გზაში ერთი გლეხის ცოლს და ძალად გააუპატიურა.

უნდა ვთქვა, რომ ბუნებითად ტარიელი არ იყო სისხლის მოყვარე კაცი, ძლიერ ეჯავრებოდა ადამიანის დაჭრა და ძლიერ იშვიათად ხმარობდა ადამიანზე იარაღს, მაგრამ, სამაგიეროდ, როცა ხელით მიბეგვავდა ვისმე, მაშინ კი რაღაც ერთგვარ კმაყოფილებას იგრძნობდა. ისე შეაჩვია ხელი სხვის მიბეგვას, რომ როცა დაუგვიანდებოდა, წყურვილად მოედებოდა გულზე, როგორც ლომი კლანჭებს, ისე ჭიმავდა თავის დიდრონ მკლავებს. დიახ, როგორც ვთქვით, ტარიელი არ იყო სისხლის მოყვარე კაცი, იარაღსაც იშვიათად ხმარობდა ადამიანზე, მაგრამ, სამაგიეროდ, მაინცდამაინც არც ის მიბეგვა იყო უვნებელი, რომელიც ტარიელს ისე უყვარდა; ასე რომ ტარიელისაგან მიბეგვილი ერთი გლეხი მესამე დღესვე გარდაიცვალა. მართალია, ეს შემთხვევა ტარიელის მშობლებმა შინაურულად ჩააფუჩეჩეს, ისე, როგორც აფუჩეჩებდენ ტარიელისაგან ჩადენილს სხვადასხვა დანაშაულს, მაგრამ ტარიელისაგან მოკლული გლეხკაცის ცოლ-შვილი კი უპატრონოდ დაცვივდა.

ერთხელ კი მოთმინებიდან გამოსულმა სოფლის გლეხკაცობამ შეუდგინა ტარიელს განაჩენი და წარადგინა, სადაც ჯერ იყო. ამ განაჩენით ვითომდა სოფლის გლეხობას სურდა ტარიელის თავიდან მოშორება. მაგრამ ეს განაჩენი გლეხებს უკანვე დაუბრუნეს შემდეგი წარწერით: “სოფლის ყრილობას, რომელიც შესდგება მხოლოდ გლეხკაცობისაგან, არა აქვს უფლება თავის განაჩენით აზნაური გადაასახლოს სოფლიდანო”.

ერთხელ კიდევ ერთმა გლეხმა, რომელიც მძიმედ შეურაცხყოფილად სთვლიდა თავის თავს ტარიელისაგან, თოფი ესროლა ტარიელს, მაგრამ ტყვია ასცდა მიზანს. გლეხი კი ამ დანაშაულისთვის სისხლის სამართალში მისცეს და ოლქის სამსჯავრომ ციმბირის მადნებში (კატორღაში) გაგზავნა.

ცოტა არ იყოს, მშობლებსაც მოაძულა თავი ტარიელის ცუდმა საქციელმა. მაგრამ რა უნდა ექნათ, შვილს ხომ ვერ მოიძულებდენ? მერე კიდე ისეთ შვილს, რომლის მარტო ერთი თვალტანადობა, მათი ფიქრით, მთელ ქვეყნად ღირდა, რომელსაც ერთობ მათი ნაცნობი დიდკაცობა აღმერთებდა.

ტარიელი ხშირად დადიოდა საქეიფოდ ქალაქებშიაც, სადაც გაცნობილი ჰყავდა მთელი გუნდი ყმაწვილებისა. მაგრამ უფრო მისი ასპარეზი სოფელი იყო, სოფელი, სადაც მას უზრუნველად ინახავდა მშობლების მდიდარი ოჯახი და მის თავგასულობას წინ ვერავინ ეღობებოდა.

III

- სხვა გზა აღარ გვაქვს, ამეღამ დუქანში უნდა გავათიოთ ღამე. - უთხრა მასწავლებელმა მცირიშვილმა თავის მეუღლეს, როცა გაიგო, მატარებელი დილამდე არ მოვაო.

- როგორ შევცთით, რომ ცხენები მაშინათვე გავაბრუნეთ უკან! ახლა რომ ცხენები აქ გვყოლოდა, დავბრუნდებოდით შინ. დუქანში რა გაგვაძლებიებს! - თქვა დაღონებით ქალმა.

- თუნდა ცხენები აქ გვყოლოდა კიდეც, შინისაკენ გაბრუნებას მაინც ვეღარ მოვასწრებდით. ხედავ, დაღამდა კიდეც. არა უშავს რა, დუქანში ერთ ოთახს ჩვენთვის დავიჭერ საკუთრად.

სპირიდონმა (სპირიდონი ერქვა მასწავლებელს) და მისმა მეუღლემ დაიკავეს ხელში: პირველმა ჩემოდანი, მეორემ - აბგა და გასწიეს ნაცნობ მედუქნესთან.

დუქნისკენ მიმავალ მასწავლებელს და მის მეუღლეს ყურადღებით გაატანეს თვალი ტარიელმა და მისმა ამხანაგმა, რომელნიც აქამომდე შორიახლო უთვალთვალებდენ ამათ და ყურს უგდებდენ მათ ლაპარაკს.

- კარგა მოეწყო საქმე! - აღტაცებით უთხრა ტარიელმა ამხანაგს.

- ეტყობა, ღმერთი ხელს გვიწყობს. - უპასუხა ამხანაგმა.

ამ ლაპარაკის შემდეგ ტარიელი და მისი ამხანაგი წავიდენ იმ დუქნისკენ, სადაც იყვენ ჩამომხდარი.

ჯერ კიდევ კარგად არ დაღამებულიყო, რომ ტარიელმა, მისმა ამხანაგმა და ვიღაც კიდევ სამმა ყმაწვილმა კაცმა გაისეირნეს იმ დუქნის წინ, სადაც მცირიშვილი და მისი მეუღლე იყვენ მისული ღამის გასათევად, ამ დროს მასწავლებელი მცირიშვილი და მისი მეუღლე აივანზე ისხდენ. მცირიშვილს მოეწონა ტარიელის თვალტანადობა და ჰკითხა მედუქნეს:

- ვინ არის ეს ყმაწვილი, ძველებური რაინდი რომ მომაგონა?

- მკლავაძე გახლავთ, აზნაური. - უპასუხა მედუქნემ.

- სწორედ შეეფერება ეს გვარი, მკლავაძე. - თქვა მასწავლებელმა და შემდეგ უთხრა თავის მეუღლეს:

- აი, დესპინე, მხოლოდ ჩვენს მამულს, საქართველოს, შეუძლია ასეთ შვილის შობა. სხვაგან კი ვეღარ შეხვდება კაცი ამ დროში ასეთ რაინდს. აბა, კარგად შეხედე, “ვეფსისტყაოსნის” გმირს ტარიელს არ მოგაგონებს? ზოგიერთებს რომ ჰკითხო, ტარიელ ზღაპრული პირია, ნამდვილ ცხოვრებაში ტარიელისთანები არ მოიპოებაო, გეტყვიან. თუკი ჩვენს დროში, როცა ფიზიკურ განვითარებას ყურადღებას აღარ აქცევენ, გამოერევა ასეთები, როგორიც ეს მკლავაძე არის, ძველ დროში, როცა ფიზიკურ განვითარებას პირველი ადგილი ეჭირა, როცა მუდამ მხედრულ მდგომარეობაში იყო ადამიანი და ბურთი და მოედანი იმას რჩებოდა, ვინც უფრო ხელღონიერი იყო, განა არ გამოერეოდა “ვეფხისტყაოსანში” დახატული გმირებისთანა, მაგალითად, როგორიც ტარიელ და ავთანდილი არიან, გმირები?

- ეს ყველა კარგი, მაგრამ ახლა. ეს ვიკითხოთ, ძველ დროში კიდევ ჰო, ეგება, ჰქონდა კიდეც ასეთ რაინდებს მნიშვნელობა, მარა ახლა რა მნიშვნელობა აქვთ ამისთანა რაინდებს კაცობრიობის წარმატებაში, ანუ, როგორც ეძახიან, პროგრესში? - ჰკითხა პოლემიკური კილოთი დესპინემ ქმარს.

- რას ამბობ, დესპინე!.. ნუთუ თავი არ უნდა მოსწონდეს იმ ქვეყანას, რომელსაც შეუძლია აღზარდოს ასეთი შვილები? საქართველოს შემონატრიან იმიტომ, რომ მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ბუნებას შეუძლია შვას და აღზარდოს ასეთი საღი შვილები, როგორიც, მაგალითად, აი ეს მკლავაძეა.

- მე მაყვედრი ხანდახან, ახირებული აზრი გაგიტაცებსო, მარა შენც არა ხარ სულ თავისუფალი ამ ნაკლულევანებისაგან. იფიქრე, მუდამ იმას ვიძახით, რომ ის ადამიანია პატივსაცემი, რომელსაც ხალხის ცხოვრება თავისი ღვაწლით გაუუმჯობესებიაო. ახლა კი აღტაცებაში მოდიხარ და ქვეყნის თვალად თვლი ისეთ ადამიანს, რომლის შესახებ არაფერი იცი, თუ რა სულია. ქვეყნის თვალად თვლი იმიტომ, რომ ბევრი ხორცი აქვს ტანზე, - ტკბილად შენიშნა დესპინემ ქმარს.

- ვეთანმები შენს კრიტიკას, მხოლოდ იმ შენიშვნით, რომ ადამიანის ფიზიკური განვითარება დიდი თავდებია იმის გონებრივი განვითარებისთვის. ჰოტენტოტი ძლიერ ცოტა ნიჭს იჩენს გონებრივ განვითარებაში. სხვა პირობებს გარდა, ერთი უმთავრესი მიზეზი ამისა ის არის, რომ ჰოტენტოტს თავის ქალა, ტვინი, საზოგადოთ ორგანიზმი, განუვითარებელი აქვს.

- ჰოტენტოტის რა მოგახსენო და ჩვენში კი ხშირია იმის მაგალითი, რომ გარეგნობით საღი შეხედულების ბავშვი უნიჭო გამომდგარიყოს და არა საღი შეხედულებისა კი - ნიჭიერი.

- მართალია, არის კი ასეთი შემთხვევები, მარა ეს კანონად არ შეიძლება აღვიაროთ.

როცა მასწავლებელი და მისი მეუღლე ამგვარ მსჯელობაში იყვენ, ტარიელმა და მისმა ამხანაგებმა რამდენიმეჯერ გაისეირნ-გამოისეირნეს მათ წინ.

დაღამდა. თან სიცივემ უფრო მოატანა. სპირიდონ და მისი მეუღლე შევიდენ იმ ოთახში, რომელიც მედუქნეს დაეთმო საკუთრად მათთვის. სპირიდონ ცდილობდა, რომ დუქანში ღამის გათევას არ შეუწუხებია დესპინე. ამიტომ მოიგონა ერთი საშუალება, რომელიც, იცოდა, ძლიერ გაართობდა დესპინეს.

- მართლა, დესპინე, გახსოვს, იმ დღეს რომ დაგპირდი, - იმ მოღვაწეების ცხოვრებას გიამბობ, რომლებმაც ისე მამაცურად შესწირეს სიცოცხლე უსამართლობასთან ბრძოლას ხალხის ცხოვრების გაუმჯობესებისათვის-მეთქი? - უთხრა მან თავის მეუღლეს.

დესპინე მიხვდა, რომელ მოღვაწეებზედაც ელაპარაკებოდა ქმარი და სთხოვა, დაწვრილებით მიამბე, არა გამოტოვო რაო.

სპირიდონმა მოუყვა და მოუთხრო დაპირებული ამბავი. ლაპარაკის დროს სპირიდონს ეტყობოდა გატაცება. საზოგადოდ, ის გრძნობაჭარბი კაცი იყო, ამიტომ თავის დღეში არ შეეძლო გულგრილად ეამბნა ან მოესმინა ვინმესგან მწვავე კითხვების შესახებ ლაპარაკი. ქმრის გატაცებას ლაპარაკის დროს გავლენა ჰქონდა დესპინეზედაც. ხშირად თავდავიწყებამდე გაიტაცებდა ზოგიერთი ამბავი, რომელშიც კეთილი საქმისთვის თავგანწირვა იყო გამოხატული. ერთხელ ერთი ამბით გატაცებული დესპინე მოეხვია ქმარს ყელზე და აღტაცებით თვალზე ცრემლმოდენილი ეხვეწებოდა: - სპირიდონ, წავიდეთ ჩვენც, ჩვენც ისე შევწიროთ თავი ხალხის წარმატებისათვის ბრძოლას!

- ეს რომ არ მოგგონებოდა, არ ვიცი როგორ გავძლებდი ამეღამ ამ დუქანში! ახლა კი თითქოს სხვა ქვეყანას გამაფრინა შენმა მოთხრობამ, სულ გადამავიწყა აქაური გარემოება. - უთხრა ქმარს დესპინემ.

- მაშ რაღად იძახი, ჩვენც ქვეყნის სამსახურს შევწიროთ თავი, უსამართლობასთან ბრძოლაში დავლიოთ სიცოცხლეო, თუკი დუქანში ღამის გათევასაც ვერ შეიძლებ? მერე კიდევ აქ, სადაც საკუთარი ოთახი გვაქვს ორს. იმ ხალხს, რომლის წამებული ცხოვრება შენ ისე გიტაცებს, ვერ აშინებს ვერც შიმშილი, ვერც სიცივე, ვერც საპყრობილე, ვერც დაკარგვა, ვერც მარტოობა და ვერც სახრჩობელა.

- როცა კაცი აღიჭურვება და ბრძოლის ველზე გავა, მაშინ სულ სხვაა, მაშინ იცის, რომ ბრძოლის ველზეა, და არც ერიდება ბრძოლას. მარა, როცა იარაღჩამოხსნილი თავის ოჯახში კერასთან ზის, მაშინ მცირე რამ საშიშროებაც კი შეაშფოთებს და შეაკრთობს მის გულს. - უპასუხა დესპინემ.

- ისეთი მოღვაწეობისათვის, რომელსაც ჩვენ საჭიროდ ვთვლით, ყველგან ბრძოლის ველია. - თქვა სპირიდონმა და განაგრძო თავისი მოთხრობა.

სანამ სპირიდონი თავის მოთხრობას დაასრულებდეს, მე გიამბობ, მკითხველო, თუ როგორ მოხდა სპირიდონსა და დესპინეს შორის ცოლქმრობა.

IV

როცა სპირიდონ მცირიშვილმა საოსტატო სემინარიაში სწავლა დაასრულა, ის გააწესეს ერთ შორეულ მივარდნილ სოფელში სოფლის სკოლის მასწავლებლად. სპირიდონ მივიდა დანიშნულ სოფელში და ნახა, რომ ერთ მხარეს კარგი მოზრდილი, სუფთა ნაშენი ხის სახლი დგას სოფლის სამმართველოსთვის, მეორე მხარეს კი უხეიროდ ნაშენი, პატარა, ძველი სახლი, რომლის იატაკი თითქმის დამპალა. ფანჯრებში მინების უმეტესი ნაწილი დამტვრეულია და რაც დარჩენილა, ისეა გატალახიანებული, რომ ძლივს გაარჩევ, მინაა თუ ფიცარი. ჭერი ბევრგან გაშავებულა, რაიცა ამტკიცებს, რომ სახლში წვიმის წყალი ჩამოდის. ეს იყო სკოლა. ამ სკოლაში შემდეგი სამკაული ელაგა: ოციოდე მირყეულ-მორყეული სკამი შეგირდებისათვის, ერთი პატარა, ძველი მაგიდა და ფეხებმორყეული სკამი მასწავლებლისათვის და შეუღებავი ხის დაფა. ამას გარდა, არც სასწავლო ნივთები და არც ოთახი მასწავლებლისათვის სკოლას არ მოეპოვებოდა. ხალხი გულგრილად უყურებდა სკოლის საქმეს. ბევრი მათში ამასაც იძახოდა - სულაც არ არის ჩვენთვის საჭირო სკოლაო. მასწავლებელს მძარცვავად რაცხდენ. ეს იყო მიზეზი, რომ ერთ წელზე მეტს იშვიათად დარჩებოდა მასწავლებელი აქ და ხშირად სკოლა უმასწავლებლოდ რჩებოდა.

- რა ვქნა, სად უნდა გავათიო ღამე? - დაეკითხა სპირიდონი მამასახლისს, როცა ნახა, რომ მასწავლებლისთვის ოთახი არსად იყო.

მამასახლისმა ჩვეულებრივად შეიფხანა თავი, მერე მიუბრუნდა გლეხებს, რომლებიც შეკრებილიყვნენ სოფლის სამმართველოს წინ და უთხრა:

- ხალხო, ვინმე თქვენგანმა მიეცით ბინა ე უჩიტელს. მუქთათ კი არა, ქირას მოქცემს.

- არ გვაქვს იმისთანა ბინა, რომ უცხო კაცი მივიღოთ, - უპასუხეს გლეხებმა, რომელთაგან ბევრმა უსიამოვნოდ გადახედა ახალმოსულ მასწავლებელს, თითქო გულში ამბობსო - მოსულხარ, რომ ფულები აგვაცინცლო, მეტს, ნუ გეშინია, არაფელს შეგვძენო.

- ისევ როგორმე კლასში უნდა მოეწყოთ და ამასობაში, ეგება, გიშოვოთ ბინა სადმე. - უთხრა მამასახლისმა სპირიდონს.

მეტი რაღა გზა იყო, სპირიდონი დაბინავდა სკოლაში. ღამით ეძინა ოღროჩოღრო იატაკზე, დღისით კი მიალაგებდა თავის ლოგინსა და ნივთებს ერთ კუთხეში, რომ მოსწავლე ბავშვებს არ გაეთელათ ფეხით. ასე გაატარა სპირიდონმა ორი თვე - სექტემბერი და ოქტომბერი. მაგრამ ნოემბერში ღამღამობით ისეთი სიცივეები დაიწყო, რომ ფარღალალა კედლებიან სკოლაში შეუძლებელი იყო გაძლება. სპირიდონი იძულებული შეიქნა, როგორმე სადმე სხვაგან აეჩინა ბინა. სპირიდონმა მიმართა ოთახისათვის ერთ ახალ გაცნობილ მღვდელს, რომელიც იქვე სკოლის სიახლოვეს ცხოვრობდა და კარგი ხუთოთახიანი ხის სახლი ედგა. მღვდელმა უარი არ უთხრა სპირიდონს ოთახის ქირაობაზე, რადგან თავისი პატარა ვაჟი სასულიერო სასწავლებელში მისაღებად უნდა მოემზადებია და სპირიდონი ამ შემთხვევაში გამოადგებოდა. სპირიდონი გადავიდა მღვდლის სახლში. მას მიუჩინეს ერთი პატარა ოთახი. როგორც უცხოს, მღვდლის ოჯახში, გარდა თვითონ მღვდლისა, მას ყველა ერიდებოდა. ხანდახან მღვდელი თუ შევიდოდა მასთან სალაპარაკოდ და მღვდლის ათი წლის ვაჟი გაკვეთილებისთვის, თორემ სხვა არავინ ეკარებოდა, მღვდლის უფროს ქალს, დესპინეს, რომელიც ამ დროს ცამეტი წლის იყო, კიდეც ეჯავრებოდა სპირიდონის ავადმყოფური, გამხდარი, მდუმარე სახის დანახვა.

სპირიდონის აღზრდას რომ თვალი გადავავლოთ, მკითხველო, აღარ გაგიკვირდება, თუ რად ედო მოხუცის ბეჭედი მის სახეაგებულებას ყმაწვილობის დროს, რისთვისაც ეჯავრებოდა ის პირველ გაცნობისას ლამაზს და ჩიტივით ცქრიალა დესპინეს. სპირიდონ იყო გლეხკაცის შვილი. ჯანის სისუსტე ბავშვობიდანვე ემჩნეოდა. ვინ იცის, ჯანსაღი და ძალუმი რომ ყოფილიყო სპირიდონი, მამას ეგება, არც კი გაემეტებინა სკოლაში აღსაზრდელად - “იმის სკოლა ყანააო”, ეთქვა, როგორც ამბობს საზოგადოდ გლეხკაცობა. მაგრამ მამა ხედავდა, რომ ჯანსუსტი სპირიდონი თავისი მუშაობით მაინცდამაინც ვერ შეუმსუბუქებდა შრომის უღელს. ამასთან, სხვა გლეხებთან შედარებით, სპირიდონის მამა შეძლებული კაცი იყო და ამიტომ მისცა შვილი სოფლის სკოლაში, იმ განზრახვით რომ, როცა ცოტაოდენ წერა-კითხვას და ანგარიშს ისწავლის, სადმე დუქანში დავაყენებ მოჯამაგირედო. მაგრამ რაკი ერთხელ თავი შეყო სპირიდონმა სოფლის სკოლაში, დასრულებამდე აღარ მოშორებია მას და შემდეგ, დაასრულა თუ არა სოფლის სკოლაში სწავლა, აუტყდა მამას, - ქალაქის სკოლაში წამიყვანეო. სოფლის მასწავლებელიც ხომ საშველს არ აძლევდა სპირიდონის მამას - ნიჭიერი ბავშვია შენი შვილი, ნუ დაიდებ მის ცოდვას, წაიყვანე ქალაქის სკოლაშიო. აქეთ ზოგიერთმა მოკეთემაც ურჩია - ნუღარ მიატეხ ჩხირს, რადგან კაი ნიჭი აქ, ბარემ ქალაქის სკოლაშიაც დაასრულებიე სწავლა, მერე სადმე მწერლად შევა, შენც გამოგადგება და თავსაცაო.

ამრიგად შეაცდინეს სპირიდონის მამა (ის მაინც ასე ამბობდა, შემაცდინესო) და წააყვანიეს შვილი ქალაქის სასწავლებელში. ამას შემდეგ, როგორც იყო, მამა აძლევდა სპირიდონს სწავლის და წიგნების ფულს. ხარჯი - ფქვილი, ყველი და ლობიო - თავისი ზურგით მიჰქონდა სპირიდონს შინიდან ყოველ კვირადღეობით ოცი ვერსის მანძილზე. ის იდგა ქალაქის განაპირას, მიწით შელესილ ქოხში, რომელიც ქირით მიცემული ჰქონდა მისთვის, თვეში ოთხ აბაზად, ერთ ახალ დასახლებულ რუსის მუჟიკს. ყოველ საღამოობით მოიტანდა სპირიდონი მახლობელი ტყიდან თითო ტვირთ ფიჩხს. როცა დაღამდებოდა, სანთლის მაგივრად დაანთებდა ცეცხლს და მის სინათლეზე სწავლობდა გაკვეთილებს. საჭმელს თავისი ხელით იკეთებდა. ტანისამოსი მუდამ აკლდა. ორი ზამთარი პარუსინის ბლუზის და შარვლის ამარა გაატარა. ასეთი ცხოვრებით დაასრულა სპირიდონმა სასწავლებელი. საოსტატო სემინარიაში, რომელშიაც შესვლის ნება სპირიდონმა თითქმის ძალად გამოგლიჯა მამას ხელიდან, მისი ცხოვრება გაუმჯობესდა, რადგანაც სახელმწიფო ხარჯზე მიიღეს. მაგრამ საიმისო პირობები აქაც არ იყო, რომ სპირიდონის დასუსტებული ჯანი გაეუმჯობესებია. მერე კიდევ სწავლაშიაც სპირიდონი გლეხურ მუყაითობას იჩენდა, მუდამ კითხულობდა წიგნებს, შეუსვენებლად მეცადინეობდა თავისი განვითარებისთვის და ესეც, ცოტა არ იყოს, ასუსტებდა მას ფიზიკურად. როცა საოსტატო სემინარია დაამთავრა, სპირიდონი ოცი წლის იყო, მაგრამ რომ შეხედავდი, გეგონებოდა, - ოცდაათის თუ ოცდახუთმეტი წლისა არისო.

შრომაზე სპირიდონი მეტად მხნე იყო: თავდადებით მეცადინეობდა სკოლაში, როცა მორჩებოდა და შეგირდებს გაუშვებდა, მივიდოდა მღვდლისას, დაუძახებდა მღვდლის პატარა ვაჟს, აუხსნიდა გაკვეთილს, მერე სჭამდა სადილს და შემდეგ შუაღამემდე კითხულობდა წიგნებს. ერთ დღეს სპირიდონ ჩვეულებრივად თავის ოთახში იჯდა და წიგნი ეჭირა ხელში. სახლის წინ, აივანზე დესპინეს და მის პატარა ძმას, რომელსაც სპირიდონი ასწავლიდა, გამოეტანათ უშინსკის “როდნოე სლოვო” და პირველი სწავლობდა უკანასკნელის ხელმძღვანელობით რუსულ კითხვას. მაგრამ, რადგანაც დესპინეს ძმას ახალდაწყებული ჰქონდა რუსული წერა-კითხვის სწავლა, ხშირად ცდებოდა რუსული სიტყვების ამოკითხვაში. სპირიდონმა გაიგონა ეს, გამოვიდა გარეთ და ასწავლა თავის შეგირდს, თუ როგორ უნდა წაეკითხა. დესპინეს არ ესიამოვნა სპირიდონის დანახვა - ვინ ეხვეწებოდა, ნეტაი, რომ მოვიდა და გვასწავლის, - გაწყრა თავის გულში და დააპირა წასვლა, მაგრამ ზრდილობიანი ქალი იყო და ვეღარ ჩაიდინა ასეთი საქციელი. ის დარჩა და დაუგდო ყური სპირიდონს. ბოლოს როცა სპირიდონი საქმეს მორჩა და თავის ოთახისკენ გაბრუნდა, დესპინემ გააყოლა უკან დამცინავი თვალები და დაცინვის ღიმილი გამოიხატა მის ლამაზ ტუჩებზე: “თუმცაღა სასაცილოა, მაგრამ სწავლება კი კაი სცოდნიაო”. - თქვა ბოლოს მან გულში. ის რუსული სიტყვებიც კარგად დაამახსოვრდა დესპინეს, რომლებიც სპირიდონმა დაასწავლა მას და მის ძმას. შემდეგ დღეებში ორ-სამჯერ კიდევ განმეორდა ეს შემთხვევა. ერთ დღეს დესპინეს ძმა დედამ სადღაც წაიყვანა. მიუხედავად ამისა, დესპინემ დანიშნულ დროს ჩვეულებრივად გამოიტანა “როდნოე სლოვო” და ეხლა მარტო დაიწყო კითხვა. დესპინე კითხულობდა წყნარი, ნაზი ხმით. რადგანაც სპირიდონის ოთახი ამ დროს ღია იყო, სპირიდონს გარკვევით ესმოდა დესპინეს კითხვა და ის შეცდომებიც, რაც ყმაწვილ ქალს მოსდიოდა კითხვაში. სპირიდონს ბავშვობიდანვე თანდაყოლილი ჰქონდა ერთი ჩვეულება: როცა ხედავდა ადამიანი რაშიმე სცდებაო, არ შეეძლო მოეთმინა და არ შეენიშნა ეს შეცდომა. ახლაც, გაიგონა თუ არა, რომ დესპინე რუსულ სიტყვებს დამახინჯებულად კითხულობს, აღარ მოუთმინა გულმა, გამოვიდა გარეთ, მივიდა ყმაწვილ ქალთან და უთხრა: “ეგრე კი არა, აი ასე უნდა წაიკითხოო” დესპინე არ მოელოდა ამას. “ჩემ ძმას გაუსწორა შეცთომები, თვარა ჩემთან რა ხელი აქვსო!” - ფიქრობდა ის. სცოდნოდა, რომ სპირიდონი მასაც დაუწყებდა შეცდომების გასწორებას, მაშინ ძმის დაბრუნებამდე სულაც არ აიღებდა წიგნს ხელში, მაგრამ, ეხლა რაკი ეგრე მოვიდა საქმე, რაღა უნდა ექნა, ყური დაუგდო სპირიდონს. ამასთან თავმოყვარეობაც ეუბნებოდა ყმაწვილ ქალს, - არ შერცხვე, უნიჭობა არ გამოიჩინო ამ უცხო კაცთანო. ის მუყაითად უსმენდა სპირიდონს და როცა რომელსამე სიტყვას მაშინვე ისე ვერ წაიკითხავდა, როგორც სპირიდონი ასწავლიდა, სირცხვილით წითლდებოდა. კარგა ნახევარ საათზე მეტი მოუნდა სპირიდონი დესპინეს სწავლებას. დესპინე ეხლა ძლიერ კმაყოფილი დარჩა სპირიდონის სწავლებით, რადგანაც სპირიდონმა ბევრი რუსული სიტყვის სწორი წაკითხვა ასწავლა და თან ქართულადაც დაასწავლა იმ სიტყვების მნიშვნელობა. “ეს რა ყოფილა, რა კაი სწავლება ცოდნიაო!” - კმაყოფილებით ეუბნებოდა თავის თავს და თან თხზავდა ფრაზებს იმ რუსული სიტყვებიდან, რომლებიც სპირიდონმა დაასწავლა. ძლიერაც უხაროდა, რომ საკმაო ბევრი ფრაზა შეთხზა რუსულად. “ყოველ დღე რომ ამდონი მასწავლოს, რა ადრე დავისწავლი რუსულ წერა-კითხვას და ლაპარაკს!” - გაურბინა მას ფიქრებში. - “მაგრამ მე ვერ ვეტყვი, მასწავლე-მეთქი და ისე რისთვის უნდა მასწავლოს!” - თქვა ნაღვლიანად, მაგრამ საჩქაროდ იმედიანად დაატანა: “დედას ვათხოვნიებ და ის იმისთანა კაი კაცია, რომ ვარს არ იტყვის”. საღამოს, როცა დესპინეს დედა დაბრუნდა შინ, დესპინე მივიდა მასთან და გაბედულად უთხრა:

- დედა, მეც მინდა რუსული წიგნის სტავლა, სთხოვე უჩიტელს რომ მასტავლოს.

- რა ქალის საქმეა რუსული! - პირველად გაუმტყუნა თავის ქალს დედამ. მაგრამ მოაგონდა, რომ ახლანდელ დროში ქალებს სკოლაშიაც კი ზრდიან ზოგიერთი შეძლებული მშობლებიო და უთხრა თავის ქალს:

- თუკი გასწავლის, კარგი, ისწავლე!

- მე ვერ ვეტყვი, ან შენ სთხოვე და ან მამამ, უჩიტელი იმისთანაი კეთილი კაცია, ისე უყვარს სხვისი სწავლება, რომ უარს არ იტყვის, ოღონდ თქვენ კი უთხარით.

- ერიჰა, მგონია, შენ კიდეც შეგყვარებია! - გაეხუმრა დედა თავის ქალს.

უმანკო გულის პატრონ დესპინეს დედის ხუმრობაზე შერცხვა, გაწითლდა და გულმოსულად უპასუხა დედას:

- აბა, შემყვარებია!.. კეთილი კაცია-მეთქი, ვთქვი, მერე რაი? კეთილია!

- არა, შენ გენაცვალოს დედა, ჩემო ლამაზო! გეხუმრე, - უთხრა დედამ დესპინეს, მიიკრა გულზე და დაუწყო კოცნა.

იმ საღამოს დესპინეს მამა შევიდა სპირიდონთან და უთხრა:

- ჩემ ქალსაც უნდა რუსულის სწავლა, ნუ დაიზარებთ, თქვენი ჭირიმე, ასწავლეთ.

- დიდი კმაყოფილებით, - უპასუხა სპირიდონმა, რომელიც მართლა და კმაყოფილებას გრძნობდა, როცა სხვას ასწავლიდა.

იმ დღიდან მოწყებული, დღეში საათნახევარი შესწირა სპირიდონმა დესპინეს სწავლებას. გავიდა ოთხი წელი. ამ დროის განმავლობაში სპირიდონ მუყაითად შრომობდა, როგორც სკოლაში, შეგირდებთან, ისე თვითონ სკოლის გაუმჯობესებისათვისაც. ხალხს, რომელიც პირველად ისე ალმაცრივ, იჭვიანი თვალით უყურებდა მას, ეხლა ძლიერ შეუყვარდა სპირიდონი, რადგანაც დაინახა, რომ სპირიდონი არ სჯერდებოდა მხოლოდ ფორმალურად ბავშვების სწავლებას, ის ხალხის მასწავლებელიც იყო, ხალხს ესარჩლებოდა, იღვწოდა მათი წარმატებისთვის. არ ერიდებოდა ისეთ მოღვაწეობასაც კი, რომელიც პირადად მისთვის ძლიერ საშიში იყო. მისმა მოღვაწეობამ ისე წაახალისა ხალხი, რომ თავისი სურვილით ააშენეს სკოლისთვის საკმაოდ კარგი შენობა. სპირიდონი ეხლა იმის მეცადინებაში იყო, რომ როგორმე ბიბლიოთეკა დაეარსებია სკოლისათვის. საჭირო წიგნები და ფული შეაგროვა, მაგრამ, არ იქნა, მთავრობამ ნება არ დართო ჯერჯერობით.

დესპინე ამ ოთხი წლის განმავლობაში მუყაითი შეგირდი იყო სპირიდონის. მართალია, მეოთხე წელს სპირიდონი მღვდლის სახლიდან ახალ აგებულ სკოლის ოთახში გადავიდა, მაგრამ სადილისთვის ისევ მღვდლისას დადიოდა და დესპინეც ისევ ისე განაგრძობდა სწავლას მისი ხელმძღვანელობით. ყმაწვილი ქალი იმდენათ განვითარდა ამ ოთხ წელს, რომ ბევრ საგანში არც კი ჩამოურჩებოდა თავის მასწავლებელს. სპირიდონის წიგნები (სპირიდონს, ღარიბი კაცის პირობაზე, კაი შინაური ბიბლიოთეკა ჰქონდა) თითქმის სულ წაიკითხა. მშობლები უწყრებოდენ: “ვის გუუგონია ქალისაგან ამდონი წიგნის კითხვა! თვალებს გაგიფუჭებს. მერე კიდევ ახლა მოწიფელი ქალი ხარ. მართალია, მასწავლებელი ამდონი ხანია ჩვენს ოჯახშია, პატიოსანი კაციც არის, მარა, რაც უნდა იყოს, მაინც უცხო კაცი ქვია. აწი საჭიროა მისგან თავი შორს დეიჭირო, თვარა ქვეყანა სხვაფერ იტყვისო”. მაგრამ ოთხი წლის განმავლობაში სპირიდონის ქადაგებამ და წიგნების კითხვამ საკმაო მტკიცე ნიადაგზე დააყენა დესპინეს ხასიათი “რა გინდათ, მე მწამს, რომ სწავლა საჭიროა ადამიანისთვის და ვსწავლობ; მე მწამს, რომ სპირიდონი სინდისიერი მასწავლებელია და სათაკილოთაც არ მიმაჩნია, რომ მე მისი ხელმძღვანელობით ვსწავლობდე”. - ეუბნებოდა დესპინე მშობლებს პასუხად. როგორც ზევით მოვიხსენიეთ, თავდაპირველად დესპინე დასცინოდა სპირიდონს; შემდეგ, როცა სპირიდონმა სწავლება დაუწყო, დესპინემ შესცვალა სპირიდონზე თავისი აზრი: სპირიდონი მეტად კაი მასწავლებელი ყოფილა, ვცთებოდი, რომ დავცინოდიო”. - ეუბნებოდა დესპინე თავის თავს. შემდეგ, როცა კარგად დაუკვირდა სპირიდონის ხასიათს, მსჯელობას და მოქმედებას, დესპინემ აღიარა თავის ფიქრებში: “სპირიდონი არა თუ კარგი მასწავლებელია, ის ნამდვილი კაცია, რომლისთანა ჩემ ნაცნობებში არც კი ურევიაო”. რაც უფრო ახლო გაიცნო დესპინემ სპირიდონი, მით უფრო და უფრო სთხოვა ყმაწვილ ქალს გულმა სპირიდონის სიახლოვეს ყოფნა, მეორე და მესამე წელს დესპინემ ცხადად იგრძნო, რომ მას აღარ შეუძლია უსპირიდონოთ გაძლება. საშინელი მოწყენილობა მოიცავდა მის გულს, როცა სპირიდონი დროებით სხვაგან წავიდოდა. მეოთხე წელს, როცა სპირიდონ ახალაგებულ სკოლის ოთახში დაბინავდა, დესპინემ მთელი ღამე ჩუმი ტირილით გაატარა, მაგრამ მეორე დღეს სპირიდონ სადილად ისევ მღვდლისას მივიდა და დესპინემაც გული გაიმაგრა, - სპირიდონ ისევ ივლის ჩვენსაო. ოღონდ მის სიახლოვეს კი ყოფილიყო და დესპინეს გული ჯერჯერობით მეტს არას თხოულობდა.

ერთი მოულოდნელი შემთხვევის გამო, მეოთხე წლის დამლევს სპირიდონი იძულებული შეიქნა დაეტოვებია ის სკოლა, რომელსაც მან იმდენი ღვაწლი დასდო, და გადასულიყო სხვა სოფელში მასწავლებლად. ძლიერ ატკინა გული სპირიდონს ამ გარემოებამ, რადგანაც კიდევ ბევრი რამ განზრახვა რჩებოდა სისრულეში მოუყვანელად. ვინ იცის, ახალი მასწავლებელი განაგრძობდა თუ არა მისგან დაწყებულ საქმეს, ეცდებოდა თუ არა, სპირიდონის მეცადინეობით ფეხზე დაყენებული სკოლის საქმე რიგიანად წაეყვანა? გული სწყდებოდა სპირიდონს, მაგრამ რა ექნა? გარემოება ისეთი იყო, რომ დაუმორჩილებლობა ამ შემთხვევაში ცუდ შედეგს გამოიწვევდა. სადილისთვის რომ მივიდა, სპირიდონმა გააგებია მღვდლის ოჯახს, რომ ხვალ მიდის. ნასადილევს მოინდომა დესპინეს უკანასკნელ გაკვეთილს ავუხსნიო, მაგრამ დესპინე სხვაგან წასულიყო. ცოტა არ იყოს, სპირიდონს ეწყინა ეს: “რატომ ახლა, გამომშვიდობების დროს, უკანასკნელი გაკვეთილი მიატოვა და სხვაგან წავიდა! ნუთუ არ არის ჩემგან კმაყოფილი და ამით უნდა დამიმტკიცოს თავისი უმადურობა? ოთხი წლის განმავლობაში სრულიად უსასყიდლოდ ვასწავლიდი და ახლა, გამოთხოვების დროს, უბრალო, სიტყვიერი მადლობაც კი არ უნდა მითხრას?! აკი, აქომამდე ამას მეუბნებოდა, რომ ჩემი მეცადინეობით შეიქნა ის ადამიანი, ჩემი მეცადინეობით აეხილა გონების თვალი? განა მადლობა რა საჭიროა? მარა ასეთი უმადურობაც კი ვერ ამიხსნია, რას უნდა მიეწეროს?” - ამბობდა სპირიდონი ფიქრებში, დაღონებული. დაბრუნდა მღვდლის სახლიდან და მიადგა თავის ოთახს, რომლის დაკეტვა სხვაგან წასვლის დროს ჩვეულებად არ ჰქონდა. შეაღო კარი და დაინახა, რომ მის ლოგინზე ზის დესპინე.

- გაგიკვირდა, რომ შენ იქ დაგტოვე და მე შენს ოთახში წამოველ? - ჰკითხა დესპინემ დაღონებული ხმით.

- არ გამკვირვებია, მაგრამ არ ვიცი კი, რას მოასწავებს. - უპასუხა სპირიდონმა.

- არა, ჯერ ეს მითხარი, მიდიხარ სამუდამოთ?

- რა ვუყოთ, ეგრე მოეწყო გარემოება და მივდივარ.

- მეტი არაფერი?

- მეტი რა? მეც მწყინს, შეჩვეულ ადგილს, კარგ ნაცნობებს რომ ვტოვებ, მარა საქმე ასე თხოულობს და უნდა დავემორჩილო.

- მე მტოვებ? ხომ გითხარი უშენოთ გაძლება აწი აღარ შემიძლია-მეთქი! აგრე კარგათ გაიგე ჩემი სიტყვა?! - დესპინეს თვალზე მოადგა ცრემლები, მაგრამ ძალად შეიმაგრა თავი ტირილისაგან.

სპირიდონმა გრძნობიერად, მაგრამ თან გაკვირვებულმა შეხედა დესპინეს. დიდი ხანია სპირიდონის გულმა იგრძნო დესპინეს სიყვარული. ბევრი ღამეები გაათენებია მას უძილოდ ამ სიყვარულმა. მაგრამ გამხელა ამ გრძნობისა ერთხელაც კი არ განუზრახავს, ერთი იმიტომ, რომ არ იცოდა, თუ დესპინესაც უყვარდა ის. მართალია, ახსოვდა, რომ დესპინემ უთხრა - უშენოდ გაძლება აწი აღარ შემიძლიაო; ამასთან ამჩნევდა, რომ დესპინე რაღაც თანაგრძნობით ექცეოდა, მაგრამ ყოველივე ეს სპირიდონს უბრალო მეგობრობა ეგონა. “მაგრამ კიდეც რომ ვუყვარდე, - ფიქრობდა სპირიდონი, - საშინელი თავმოყვარეობა იქნება ჩემი მხრით, რომ მე, ავადმყოფმა კაცმა, თან ღატაკმა, შევირთო ასეთი სრული ქმნილება ცოლად და გავუნაწილო ის ტანჯვა და ნაკლულევანება, რომელიც მე მომელის ცხოვრებაში. დესპინე უნაკლულო ქმნილებაა, შეხვდება ვინმე მისებრ საღ ყმაწვილ კაცს, შეიყვარებს და ბედნიერი შეიქმნება. რისთვის უნდა მოვუსპო ეს ბედნიერება!” მაგრამ ეხლა კი, როცა თვითონ დესპინე ეკითხებოდა: “მტოვებ? აკი გითხარი, აწი უშენოთ გაძლება აღარ შემიძლია-მეთქი!” - სპირიდონმა აღარ იცოდა რა ეთქვა ან რა ექნა.

- რა არის, რომ გაჩუმდი, რატომ არ მაძლევ პასუხს? - დაეკითხა დესპინე.

- დესპინე, გაგიტყდები და გეტყვი, რომ, - დაიწყო მძიმედ და დაფიქრებულად სპირიდონმა, - დიდი ხანია ჩემმა გულმა იგრძნო შენი სიყვარული, იგრძნო ისე მძლავრად, რომ მთელ ღამეებს უძილოთ მატარებიებდა და მატარებიებს. მარა გადავწყვიტე, ეგ სიყვარული ჩემსავე გულში ჩავიკლა. გადავწყვიტე იმიტომ, რომ არ მეგონა, თუ შენც გიყვარდი. მარა, თუნდა ეგეც მცოდნოდა, მე მაინც ამ გადაწყვეტილებას დავადგებოდი. რადგანაც არ მინდა ჩემი ცხოვრების ვარამი შენ გაგინაწილო, არ მინდა გაგხადო იმ ტანჯვის მონაწილედ, რომელიც მე შემხვდება ცხოვრებაში. მე შენ მიყვარხარ და ამიტომ მსურს, რომ შენ ბედნიერი იყო და არა უბედური.

- მე უშენოთ სიცოცხლე არ შემიძლია, და აწი, როგორც გინდა, ისე გადაწყვიტე. - მოუჭრა სიტყვა დესპინემ.

- არც ის გაშინებს, რომ მე ავათმყოფი ვარ, არც ის, რომ მუდამ სიღატაკეში იქნები? არ მოსტყუვდე, არ შეგაცდინოს პირველმა გრძნობამ.

- ეგენი, რაც შენ ჩამოთვალე, ანგარიშებია, რომლებსაც სიყვარულთან არავითარი მნიშვნელობა და ძალა არ აქვს.

- მარა არც სიყვარულს უნდა დაემონოს ადამიანი განუსჯელად. სიყვარული გრძნობა არის და გრძნობის ხელმძღვანელი ყოველ შემთხვევაში გონება უნდა იყოს.

- სიყვარულს, ანუ, როგორც შენ ეძახი, გრძნობას, უარი უნდა ჰყოს ადამიანმა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იმ გრძნობის დაკმაყოფილებას ზნეობის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენა მოყვება. სხვა შემთხვევაში წვრილმანი ანგარიშები სიყვარულთან მოსახსენებელი არ არის.

- დანაშაული არ იქნება, რომ იმ არსებას, რომელიც ისე ძლიერ მიყვარს, ჩემი ტანჯვა-ვარამი გავუნაწილო, სიღატაკეში მშიერ-მწყურვალს გავატარებიო სიცოცხლე?

- თუკი მაინც შენთან ცხოვრება ურჩევნია, ყოველივე ამის მიუხედავათ? თუკი შენთან სიკვდილი ურჩევნია სხვასთან სიცოცხლეს?

- კარგა დაუფიქრდი, დესპინე!

- მეჩვიდმეტე წელში გადავედი, მგონია, შემიძლია გავარკვიო, რა მინდა და რა არა.

- მაშ, გადაწყვიტე?

- დიდი ხანია გადაწყვეტილი მაქვს.

- კიდევ გაგაფრთხილებ, კარგა დაუფიქრდი.

- დავუფიქრდი და კიდეც გითხარი, რასაც მეუბნება ჩემი გული და გონება, აწი შენ იცი, გინდა დამიჯერე და გინდა არა, ამას კიდევ გაგიმეორებ, - უშენოთ სიცოცხლე არ შემიძლია. აწი, გინდა მაცოცხლე და გინდა მომიძულე და მომკალი!

სპირიდონი კარგა ხანს ჩაფიქრებული იყო. მერე აიღო თავი, სიყვარულით მიაპყრო დესპინეს თავისი მშვიდი თვალები და უთხრა:

- დესპინე, ვერ წარმოიდგენ, რა ბედნიერი ვარ! ჩემი სიცოცხლე განახლდა, ნეტარების შუქით შეიმოსა. დღეიდან დაწყებული, ახალი ცხოვრება იწყება ჩემთვის, მარა მეშინია, რომ ჩემმა სიყვარულმა არ დაგტანჯოს, მეშინია, რომ ვერ შესძლო იმ გზაზე სვლა, რომელიც მე ცხოვრებაში ამომირჩევია. ჩვენი ცხოვრების გზა მეტად ეკლიანი და ძნელი სავალი იქნება.

- შენთან ჯოჯოხეთიც ვერ შემაშინებს. ოღონდ შენთან ვიყო და ყოველსავე ავიტან, ყოველსავეს! - აღტაცებით უთხრა დესპინემ, რომელსაც სიყვარულით ცრემლები მოედინა თვალებზე.

- მშობლებმა რომ არ მოგვცენ ნება? - ჰკითხა სპირიდონმა.

- იმათ კარგით იციან ჩემი ხასიათი, ვერ მეტყვიან ვარს. მარა თუნდაც კიდევ არ გახდენ თანახმა, სულ ერთია, მე მაინც წამოვალ შენთან. შენ ხომ არ გეშინია იმათი ვარის?

სპირიდონს გაეცინა ამ კითხვაზე.

- არა, ეს რა სულელური კითხვა იყო! განა არ ვიცი, რომ შენ ამისთანების არ გეშინია. მაშ გათავდა! აწი ერთად ვიცხოვრებთ, ჩვენთვის, საკუთრად! - დესპინე მოეხვია სპირიდონს და ტკბილმა კოცნამ დაუტკბო ორთავეს ტუჩები.

არ გასულა მას შემდეგ დიდი ხანი, რომ სოფელ X-ში სალაპარაკო საგნად გახდა ახალმოსული მასწავლებელი და მისი მეუღლე. “კაი ამხანაგები რომ გინახავს, ისთე ეხმარებიან ერთმანეთს საქმეში. ორივე ისე ზრუნავს სკოლისთვის, რავარც კაი დედ-მამა შვილის აღზრდაზეო”. - ამბობდა ხალხი. ეს მასწავლებელი გახლდათ, მკითხველო, სპირიდონ მცირიშვილი, რომელმაც დაიწერა ჯვარი დესპინეზე და ეხლა დესპინე და ის ცხოვრობდენ სოფელ X-ში, სადაც სპირიდონი გაამწესა მასწავლებლად სახალხო სკოლების დირექტორმა. ცოლი და ქმარი მოთავსდენ ერთ პატარა ოთახში, რომელიც სკოლაზე იყო მიდგმული. რაც შეგირდების სწავლებაზე დრო მორჩებოდათ, წიგნების კითხვაში ატარებდენ. ამათ შეგნებული ქონდათ ის ჭეშმარიტება, რომ ადამიანს, რომელსაც სურს ხალხის წარმატებისთვის ცოტად თუ ბევრად იმოღვაწოს, კიდეც უნდა ესმოდეს, რაში მდგომარეობს ეს წარმატება, რომ მოღვაწე თანამედროვე სწავლა-მეცნიერებით უნდა ინათებდეს გზას. იცოდენ, რომ დიდი ნაკლი ჰქონდათ ამ მხრით და უნდოდათ, რაც შეიძლებოდა, შეემცირებიათ ეს ნაკლი. ამიტომაც მეცადინეობდენ ისე მუყაითად, თითქოს კარგი შეგირდი გაკვეთილის სწავლას შესდგომიაო. სპირიდონის ენერგიას ერთიორად მოემატა დესპინეს შერთვის შემდეგ. ჯანზედაც კი გაუმჯობესება დაეტყო.

სპირიდონს ჰყავდა თავის სამშობლო სოფელში დედა, რომელიც ქმრის სიკვდილის შემდეგ მარტოდმარტო დარჩა ოჯახში, თავისი მცირე ჯამაგირიდან სპირიდონი ერთ ნაწილს უგზავნიდა მას და ყოველ დღესასწაულზე მიდიოდა მასთან.

V

ეხლა გიამბობთ, მკითხველო, თუ როგორ გაატარეს ღამე დესპინემ და სპირიდონმა დუქანში, სადაც დარჩენ ისინი მატარებლის დაგვიანების გამო.

როცა სპირიდონმა თავისი ამბის მოთხრობა დაასრულა, შუაღმე იყო.

- დავწვეთ ახლა, თორემ ხვალ დილას დაღლილებმა რომ დროზე ვერ გავიღვიძოთ და მატარებელს ვერ მოვასწროთ, ცუდად იქნება ჩვენი საქმე, - მაშინ ხვალ საღამომდე კიდევ უნდა დავრჩეთ აქ, - უთხრა სპირიდონმა თავის მეუღლეს.

რადგანაც დუქნის ლოგინი მეტად ჭუჭყიანი იყო, დესპინემ ამოიღო ჩემოდნიდან ზეწარი, საზაფხულო საბანი, დააგო ოღრო-ჩოღრო ტახტზე და ცოლ-ქმარი დაწვენ დასაძინებლად. საკმაოდ ციოდა. დესპინეს და სპირიდონს ლოგინში კიდევ კარგა ხანს ეღვიძათ. ამის მიზეზი, ერთი, სიცივე იყო და მეორეც ისა, რომ დესპინე გაეტაცებია სოფიას (გმირი ქალი იმ ამბისა, რომელიც ქმარმა გააცნო). “ქალი ვარო, იმას ეთქმოდა!.. ქალი იმისთანა უნდა!”.. - იმეორებდა ის თავის გულში. სპირიდონს კი ესწრაფოდა საყვარელი დედის ნახვა და ჯავრი მოსდიოდა, - მატარებელმა რაღა მაინცადამაინც დღეს მოიტეხა ფეხიო. არ გაუვლია დიდ ხანს ამას შემდეგ, რომ ცოლ-ქმარს ღრმად ჩასძინებოდათ.

ტარიელი და მისი ამხანაგები კიდევ კარგა ხანს ქეიფობდენ.

უკანასკნელ ერთმა მათგანმა დახედა საათს და თქვა:

- აბა, ყმაწვილებო, თუ რამეს აპირებთ, დროც არის. მარა ფრთხილად, ფრთხილად!

ამ სიტყვებზე წამოდგა სამი ყმაწვილი და გამოვიდა გარეთ. ტარიელმა მოინდომა წაყოლა, მაგრამ ყმაწვილები მოუბრუნდენ და უთხრეს:

- თუ შენ წამოდი, საციმბიროთ გახთება ჩვენი საქმე, შენ შენებურად მკლავის ღონით მოინდომებ საქმის გატანას. აქ კი ამოდენა ხალხია ამეღამ, დაგვეხვევიან და დაგვიჭერენ!

დიდხანს იწევდა ტარიელ წასასვლელად, მაგრამ ბოლოს, როგორც იყო, ამხანაგების რჩევამ დააბრუნა უკან. დანარჩენი სამი კაცი კი აჩრდილივით გაცურდა ღამის წყვდიადში და კატასავით ჩუმი ნაბიჯით მიიპარა იმ დუქნის წინ, რომელშიაც ეძინათ სპირიდონს და მის მეუღლეს. ცოტა ხანს სამივე სულგაკმენდით იდგენ აქ და რაღაცას უყურებდენ. ამათ რიცხვში ერია დათიკოც, ტარიელის საუკეთესო მეგობარი. - ცოტა მომითმინეთ, - უთხრა ჩუმად დათიკომ ამხანაგებს. ამოიღო გრძელი, წვეტიანი დანა და დაუწყო კარს გაღება. ამასთან ცდილობდა, რაც შეიძლება, უხმაუროდ მოეხდინა ეს საქმე. ორი მისი ამხანაგი კი ამ დროს კიბესთან იდგენ და ყურადღებით უცქეროდენ მესამეს, რომელიც ლანდივით ჩანდა კარებთან. ჭუჭრუტანებიანმა კარებმა დიდი წინააღმდეგობა ვერ გაუწია, იმის შიგნითა რაზა ადვილად გადააგდო დანის წვერმა. ამას შემდეგ დათიკომ დანა შეინახა და ისე მოხერხებულად გააღო კარი, რომ ერთი ჭრიალიც კი არ გასმულა, თუმცა სხვა დროს, როცა გააღებდენ, მუდამ ჭრიალებდა. კარის გაღების შემდეგ, ის ჩამოვიდა აივნიდან, მივიდა ოთახის გვერდში, მიადო კედელს ყური და დაუწყო ყურება. სახლში ბაიბური არ ისმოდა. უკანასკნელ ამხანაგებმა მოიყარეს თავი და გამართეს ფუჩუნით თათბირი.

- სამივე შევიდეთ შიგ. მე ქმარს ყელზე ხანჯალს დავაბჯენ და ხმას გავაკმენდინებ, თქვენ კი ქალი გაიტაცეთ, - თქვა ერთმა.

- შენც ახლა ერთი ტარიელი გამიჩთი! - შენიშნა დათიკომ და შემდეგ განაგრძო: - კაცო, ძალით კი არა, ქურდულად უნდა მოვახერხოთ ეს საქმე. სამივე რომ იმ უჯრის ოდენა ოთახში შევიდეთ, ერთმანეთს ხელს შევუშლით, მეტს ვერას გავაკეთებთ. ისევ ჯობია, თქვენ გარეთ, კარებთან, გაჩერდეთ, მე შევალ შიგ და კარებთან ისე მოგირბენიებთ ქალს, რომ კრინტის დაძვრა ვერ მოასწროს, მერე თქვენც მომეშველეთ. მართლა, კი არ დაგავიწყდეთ, პირში პლატოკი უნდა ჩაუდოთ, თვარა როცა გონს მოვა, კივილს გააბამს და ქვეყანას დაგვახოვს. მერე, როცა სამშვიდობოს გავალთ!.. ასე უნდა საქმე. არ გაგიგონიათ ჩვენებური ანდაზა: კატა ისე უნდა დაიჭირო, რომ ბრჭყალი არ გაგკრასო! აგრე, აგრე, ერთი ავუსრულოთ წადილი იმ ჩვენს გიჟს. ხომ გახსოვთ, ჩვენი გულისთვის რამდენჯერ მიუცია თავი ცეცხლში.

ორივე ამხანაგმა მოუწონეს დათიკოს ეს რჩევა. ისინი ჩუმად ავიდენ აივანზე. ორი მათგანი კარებთან გაჩერდა, დათიკო კი, თითქო ბამბა აკრავს მთელ სხეულზეო, უხმაუროდ შევიდა ოთახში.

იმ დროს, როცა ეს ამხანაგები კარებს ადგენ და თათბირში იყვენ, დესპინე ღრმა ძილში იყო და ხედავდა შემდეგ სიზმარს: ვითამც ის წევს საშინელ, ბნელი სოროს პირზე; სოროდან ნელ-ნელა ამოყო თავი ვეებერთელა დათვმა და უნდა ჩაითრიოს. დესპინეს უნდა გაიქცეს, მაგრამ ფეხები ვერ გაანძრია, უნდა დაიყვიროს, მაგრამ კრინტიც ვერ დასძრა. დათვმა კი, ვითომც, ეს-ეს არის, მიაწვდინა კიდეც საშინლად დაღრენილი ხახა. დესპინეს შიშით სული ეხუთებოდა. აი, სწორედ ამ დროს შევიდა ოთახში დათიკო, ჯერ კარგად დააყურა, - სძინავთ თუ არაო. როცა დარწმუნდა, რომ ცოლსაც და ქმარსაც ღრმად სძინავთო, ნელ-ნელა დააცეცა მწოლარეთ ხელი, რომ გაეგო - ქალი რომელ მხარეს წევსო, მიაგნო დესპინეს, მოსდო ცალი ხელი მხრებზე, ცალი - წელზე, და დაუპირა ლოგინიდან აყვანა ისე, თითქოს ბავშვი აჰყავსო. მაგრამ ამ დროს დესპინემ ისეთი იკივლა, რომ აქეთ სპირიდონ და მეორე ოთახში მედუქნე და მისი ბიჭები შეშინებული წამოცვივდნენ ზეზე, “რა დაგემართა!” - მისცა ხმა სპირიდონმა და გაექანა იქითკენ, რომელ მხარესაც დესპინე იწვა. მაგრამ ამ დროს იმან ლანდივით დაინახა კაცი, რომელსაც მიჰყავდა დესპინე და გაშმაგებული ეცა მას. სპირიდონს ამ კაცის ხანჯალი მოხვდა ხელში; მან მოაგლიჯა ეს ხანჯალი ქამრიდან, დაანარცხა იატაკზე, ისე რომ ფიქრადაც არ მოსვლია ესარგებლა ამ იარაღით, სწვდა ისევ უცხო კაცს, რომელმაც ამ დროს გააგდო ქალი ხელიდან და თავის მხრით წაავლო სპირიდონს ყელში ხელი, მაგრამ უფრო იმ აზრით, თავი გაეთავისუფლებია მისგან და გაქცეულიყო.

დათიკოს მოეშველენ ორი ამხანაგი, რომლებიც გარეთ უცდიდენ. ცუდად იქნებოდა სპირიდონის საქმე, რომ შემდეგ ორ გარემოებას არ დაეხსნა ის სიკვდილიდან: ერთი, რომ ოთახში საშინლად ბნელოდა, ამხანაგები ერთმანეთს ვეღარ არჩევდენ და ამიტომ ამოღებული ხანჯლები ვერ მოეყვანათ მოქმედებაში იმის შიშით - ვაი თუ შეგვცდეს და ერთმანეთი დავჭრათო; მეორე - არ გასულა ერთი წამი, რომ მედუქნე და მისი ბიჭები შემოვარდენ შუა კარიდან სპირიდონთან ანთებული სანთლით. მოჰკრეს თუ არა სინათლეს თვალი, უცხო კაცები დაუსხლტენ სპირიდონს ხელიდან, გავარდენ გარეთ და გაქრენ აჩრდილებივით. როცა სანთელმა ოთახში გააშუქა, დაინახეს რომ იატაკზე გდია გულწასული დესპინე. სპირიდონ ელვასებრ მივარდა და დაუწყო წყლის პკურება. მედუქნეც მიეშველა და, დესპინეს როგორც იყო, გაახელიეს თვალი. სპირიდონმა აგრეთვე იპოვა იატაკზე ის ხანჯალიც, რომელიც მან იმ ვიღაც კაცს შეაგლიჯა ქამრიდან. მედუქნემ იცნო, ვისიც იყო ეს ხანჯალი, მაგრამ სპირიდონს კი არ გაუმხილა, რადგანაც ხანჯლის პატრონისა ეშინოდა - დამიხელებს სადმე და ამკუწავსო.

- ეს ჩემთვის საჭირო არ არის. - უთხრა სპირიდონმა მედუქნეს და გადასცა ხანჯალი.

მედუქნემ მადლი გადაუხადა და ჩამოართო ხანჯალი იმ განზრახვით, რომ, როცა სპირიდონი წავიდოდა, გადაეცა პატრონისთვის.

დესპინემ თუმცაღა თვალი გაახილა და რამდენიმე სიტყვაც თქვა, მაგრამ სრულ გონს მაინც ვერ მოვიდა ჯერ, მას ვერ გამოერკვია, რა მოხდა მის თავს, მას ასე ახსოვდა ეს შემთხვევა, რომ ის ვითომც დათვმა დაითრია სოროში. ეხლა კი ხედავს, რომ სანთელით განათებულ ოთახში წევს და სასთუმალს ქმარი უზის, აქ არც სოროა და არც დათვი.

- რა იყო, რა მოხთა? - ჰკითხა კარგა ხნის სიჩუმის შემდეგ დასუსტებული ხმით დესპინემ ქმარს.

- არაფელი, ვიღაც მთვრალები შემოცვინდენ დუქანში, იმათმა ხმაურობამ შენ უცბად გაგაღვიძა და დაგაშინა კიდეც, მეტი არაფელი. - უპასუხა ქმარმა, რომელიც თვითონაც საშინლად აღელვებული და გაკვირვებული იყო, რომ ასე მოულოდნელად თავს დაესხენ. მას ეჭვიც ვერ აეღო, თუ ვინ უნდა ყოფილიყვენ ეს გმირები. “უთუოთ, ის ვიღაც ტარიელია, ის იქნებოდა! დღეს სულ მგელსავით მიმზერდა”. - გაიფიქრა დესპინემ, როცა გონს მოვიდა და შიშის ჟრუანტელმა დაურბინა ტანში.

- მართლა, მაშინ დამავიწყდა, აი, ამით გაამაგრეთ კარები. - შემოუტანა მედუქნემ სპირიდონს რკინის ურდულები.

სპირიდონმა გაამაგრა კარები, დაწვა, მაგრამ ძილი კი არ ეკარებოდა არც მას და არც დესპინეს. პატარა ლამპა სუსტად ანათებდა მათს ოთახს.

ტარიელ მეტად აღელდა, როცა მისი ამხანაგები ხელცარიელი დაბრუნდენ და მასთან ერთი მათგანი უხანჯლოდ.

- ერთმა ბაღლინჯომ სამ ვაჟკაცს ხანჯალი წაგართვათ და პირში ჩალა გამოვლებული გამოგაგდოთ! სადღა უნდა გაახილოთ ამის შემდეგ თვალი! - არცხვენდა ის ამხანაგებს.

- ვაჟო, ის ხანჯალი როგორმე ამეღამ ამოვიგოთ, თვარა საციმბიროთ გაგვიხთის საქმეს. ამისთანა მათხოვარი კაცი, ხომ იცით, საჩივარზეა ჭიპდაჭრილი. ხვალ იმ ხანჯალს პოლიციაში წარადგენს და მაშინ... - თქვა ერთმა ამხანაგმა.

- ფიქრი ნუ გაქვთ, ხანჯალსაც ამოვიგებთ და ჩვენს სურვილსაც შევისრულებთ, ოღონდ მე მომყევით. წავიდეთ იმ დუქანში, მოვატანიოთ ღვინო, დავპატიჟოთ იმ ქალის ქმარი და მედუქნე, გამოვათროთ კარგა - იმათ რა ბევრი უნდათ! სამ-სამი ჭიქა ღვინო თავდაღმა დასცემს! შემდეგ ხანჯალიც ხელთ გვექნება და ის ტარიელის ნესტან-დარეჯანიც ჩვენი იქნება დილამდე. რატომ აქომომდე არ მოგვაგონდა ეს! - თქვა მეორე ამხანაგმა.

ყველას მოეწონა ეს აზრი.

- კაცო, ის ახლა შეშინებულია, ასე ადვილით დაგვენდობა? - შენიშნა ვიღაცამ.

- დამენდობა რომელია! მის ოთახში შევიტან ღვინოს, ბიჭია და ნუ დალევს! - თქვა ტარიელმა.

ტარიელმა და მისმა ამფსონებმა თავიანთი არღნით გასწიეს იმ დუქნისკენ, სადაც სპირიდონ და მისი მეუღლე იყვენ ჩამომხდარი. როცა დუქანს დაუახლოვდენ, ტარიელს აღარ მოუთმინა გულმა, მივარდა იმ ოთახის კარს, სადაც სპირიდონ და მისი მეუღლე ეგულებოდა, და დაუწყო რახუნი. ამხანაგები ეცენ ტარიელს, - გვადროვე, ჯერ თითონ დუქანში შევიდეთ და შემდეგ მივიპატიჟოთ, ან თითონ ჩვენ მივეპატიჟოთ, - მაგრამ ტარიელს ისე ჰქონდა ღვინისაგან სისხლი აღელვებული, რომ ეგენი აღარ ეყურებოდა.

- ვინ ხარ? - დაუძახა სპირიდონმა.

- სტუმრები გეწვიათ და კარები გააღეთ. - შემოესმა პასუხად.

- ვინ სტუმრები?

- ტარიელ მკლავაძე და მისი ამხანაგები.

- უკაცრაოთ, მარა ერთი, რომ ვერ გიცნობთ და მეორეც, დროც არა მაქვს ახლა სტუმრების მიღებისთვის, - ტკბილად უპასუხა სპირიდონმა.

- შეურაცხყოფას ნუ გვაყენებთ. გწვევივართ, უნდა მიგვიღოთ! - შემოესმა სპირიდონს და შემდეგ კიდევ რამდენიმე კაცის ხმამ არეულ-დარეულად განაგრძო:

- რას ქვია, დრო არა მაქვსო!.. ეს შეურაცხყოფაა ჩვენთვის!.. უნდა მიგვიღოთ!.. ქართველი კაცის ჩვეულება ასეა, გეწვევა, უნდა მიიღო, არმიღება გალახვაა.

- შუაღამისას, ლოგინში მწოლარემ რომ უცნობი სტუმრები ვერ მიგიღოთ, ეს სრულიათაც შეურაცხყოფა არ უნდა იყოს არავისთვის. - უპასუხა სპირიდონმა.

- გააღე კარები, თვარა ძალით შემოვამტვრევთ! - შემოესმა მუქარის ხმა.

- მოდი, ჩავიცვამ ტანზე და გავაღებ კარებს, რას დაგვიშავებენ ვითომ? - დაეკითხა სპირიდონი დესპინეს.

- არა, არა! არ გაუღო კარი! - ეცა ხელში დესპინე ქმარს. - არ გაუღო, თვარა დევიღუპებით! ესენი კაი საქმისთვის არ არიან აქ მოსული! არ გაუღო. - ეუბნებოდა დესპინე და თან ფერდაკარგული საშინლად კანკალებდა.

სპირიდონმა შეამჩნია დესპინეს გაფითრებულ სახეზე და კანკალზე - ძლიერ შეშინებიაო, და თვითონაც დაფიქრდა, მართლადა რაღაც ავი მიზანი უნდა ჰქონდეთ, თვარა რისთვის უნდა მოსულიყვენ უცხო კაცთან სტუმრადაო.

- როგორც მოგახსენეთ, ამეღამ არ შემიძლია თქვენი მიღება, რადგანაც ვერ ვიცნობთ ერთმანეთს. თუ მაინცადამაინც სურვილი გაქვთ ჩვენთან სტუმრობის და გაცნობის, ხვალ მობრძანდით, დიდი კმაყოფილებით მიგიღებთ და, რაც ღონე გვექნება, პატივსა გცემთ. - უთხრა სპირიდონმა დაუპატიჟებელ სტუმრებს.

- გაგვიღე კარები, თვარა ძალათ შემოვამტვრევთ! - დაემუქრენ გარედან ხელმეორედ.

- მერე სინდისიერი იქნება ეს? ასეთ საქციელს, სინდისზე ხელაღებული კაცის გარდა, არავინ იკადრებს.

- როგორ, მაშ მე უსინდისო ვარ?! მე მეძახი უსინდისოს?! მოგიკვტეს ტარიელ, თუ თავი არ გაცნობა! - აქ ტარიელმა ისე მაგრად ჰკრა კარებს წიხლი, რომ მთელი ოთახი შეინძრა.

კარებზე წიხლის ცემა თანდათან განმეორდა. სპირიდონმა დაინახა, რომ აქ ხუმრობა აღარ არისო, სასწრაფოდ ტანს ჩაიცვა, დაიკავა ხელში თავის პატარა რევოლვერი და მოელოდა - აი, აგერ, აი, აგერ შემოანგრევენ კარებს და, ვინ იცის, ეს გამხეცებული ხალხი რას არ ჩაიდენსო. თუმცაღა ჯერ კარებისთვის ვერა დაეკლოთ რა, რადგანაც საკმაოდ მაგარი იყო და თან რკინის ურდულით გამაგრებული, მაგრამ იჭვი არ იყო, რომ ლომივით ღონიერი ტარიელი ადრე დაამტვრევდა მას. დესპინემაც ჩაიცვა ტანს და იჯდა ლოგინზე, მაგრამ ამ გარემოებას ისე შეეშინებია, რომ ცოტა უკლდა გულის წასვლას. სპირიდონმა სცადა კიდევ ტარიელთან ლაპარაკი, - იქნება შევაგონო რამეო. მაგრამ მისი ლაპარაკი აღარავის ესმოდა. ის იყო სწორედ, კარებიც საკმაოდ მოირყა და რამდენიმე წიხლის შემდეგ, უეჭველად, ჩამოცვიოდა ძირს, რომ ხმაურობაზე შეგროვდა ხალხი - მედუქნეები და სხვები, ეცენ ხელში ტარიელს, როგორც მოსაშვალე, და დაუწყეს რჩევა: “არ გეკადრება, ნუ ჩაიდენ ასეთ საქმესო”. “არა! უსინდისოო, დამიძახა! მე იმას უნდა ვაჩვენო, ვინცა ვარ! გამიშვით, გამიშვით”! - ყვიროდა ხაფი ხმით მკლავაძე, რომელიც რამდენიმეჯერ დაუსხლტა ხელიდან და ისე მძლავრად დაეძგერა კარებს, რომ ერთი-ორი კიდევ და დალეწავდა კიდეც. მაგრამ ხალხი ხელახლა იჭერდა ტარიელს და ეხვეწებოდა დამშვიდდიო. მეტადრე ერთი მკლავღონიერი მუშა ბიჭი მამაცად ეჭიდებოდა და არ უშვებდა ტარიელს კარებთან. ამასობაში ტარიელის ამხანაგთაგანიც ზოგიერთი მოვიდა გონს და ამშვიდებდენ ამხანაგს - რას შვრები, რას! სულ ყველას სისხლის სამართალში მიგვცემენო. კარგა დიდი ხანი გავიდა ამ ცოდვილობაში.

უკანასკნელ, როგორც იყო, ტარიელ წაიყვანეს დუქანში. დიდხანს ისმოდა მისი ყვირილი: “გამიშვით, ერთი დავლეწო იქაურობაო”. აგინებდა სპირიდონს დედას და ცოლს ისეთი უშვერი სიტყვებით, რომ მაყურებელნი ყურებში თითებს იცობდენ. უკანასკნელ, როგორც იყო, მიდუმდა ტარიელის ხმა.

დესპინემ და სპირიდონმა ამ შემთხვევის შემდეგ მთელი ღამე უძილოდ გაატარეს. დესპინე ისევ ისე გაფითრებული იყო და ცახცახებდა.

სპირიდონმა სცადა მისი გამხნევება, მაგრამ ამაოდ. ეხლა ორივემ ცხადად იცოდენ, ვინც იყვენ ის გმირები, რომლებიც მძინარე დესპინეს მოტაცებას აპირებდენ.

VI

გათენდა. მოღრუბლული დილა იყო და უსიამოვნო ქარი ქროდა. დესპინე ცოტათი მოაცოცხლა დღის სინათლის დანახვამ.

- ღმერთო, ერთი დროიანად მოვიდეს ის ოხერი მატარებელი და გავშორდეთ აქაურობას! - თქვა დესპინემ.

- ცოტა მოვითმინოთ და მოვა კიდეც. რამ შეგაშინა ასე? არ გინახავს მთვრალი ხალხი? სიმთვრალით მოუვიდათ, სხვა კი არაფერი იყო. - უთხრა სპირიდონმა.

- სიმთვრალით მოუვიდათ თუ სიფხიზლით, ჩვენ ორის სიცოცხლე წუხელ ბეწვზე ეკიდა და სხვაი შენ იცი. - უპასუხა დესპინემ.

- ამისთანა მშიშარა გული თუ გაქვს, როგორ გინდა უსამართლობას შეებრძოლო? აი, რომ გიტაცებს გმირი ქალების მაგალითი და აპირებ გახვიდე ბრძოლის ველზე, იქ ხომ გულწრფელ მებრძოლს უფრო დიდი საშიშროებაც შეხვდება. - ტკბილად შენიშნა ცოლს სპირიდონმა.

- ის საშიშროება, შენ რომ ამბობ, სულ სხვაა და ეს - სულ სხვა. როცა საზოგადო საქმისთვის თავს სწირავს ადამიანი, იცის, რომ მისი ღვაწლი ამაოდ არ ჩაივლის, ასე თუ ისე კეთილ ნაყოფს გამოიღებს. ასეთ თავგანწირვაში რაღაც ერთგვარი კმაყოფილებაც არის, მერე კიდევ წინდაწინვე იცი, რომ თავი უკვე შეწირული გაქვს, აქ შიშიც აღარ ეკარება შენს გულს. მაგრამ, როცა ადამიანი ხედავს, რომ მისი სიცოცხლე სრულიად უმნიშვნელოდ, ფათერაკად უნდა გაქრეს, მაშინ კი ძლიერ დაენანება თავი. წარმოიდგინე, წუხელ რომ იმდენი ხალხი არ შეხვედროდა, ის გამხეცებული ადამიანები შემოცვინდებოდენ და გათავდა, დავიღუპებოდით! დავიღუპებოდით, ვიცი ბეჯითად, დავიღუპებოდით! - დესპინეს ამ უკანასკნელ სიტყვებზე საშინლად გააჟრჟოლა.

- რა ვუყოთ, ჩვენი ხალხის ცხოვრება ამისთანა შემთხვევებით არის სავსე, მაგრამ, თუ ადამიანი მართლა გმირი და გულადია, გაუძლებს, არ დაეცემა სულით.

- ყოველივეს საზღვარი აქვს. იჭვი არ არის, ადამიანის სულიერ ძალასაც და გმირობასაც ექნება თავისი საზღვარი.

- მართალია, მაგრამ ადამიანი უნდა ცდილობდეს, რაც შეიძლება, შორს გასწიოს ეს საზღვარი, - უთხრა სპირიდონმა და შემდეგ დაატანა: - მაგრამ ახლა ფილოსოფოსობას თავი დავანებოთ. ერთი გავიგო, მატარებელს კიდევ რამდენი დააგვიანდება. შენ კი მანამდე ჩვენი ნივთები ჩაალაგე ჩემოდანში.

სპირიდონმა მოიხურა შალი და, ის იყო, აპირებდა გასვლას, რომ ამ დროს შემოვიდა მასთან მისი ნაცნობი მედუქნე და უთხრა:

- ბატონო, ნუ გაბრძანდებით, თქვენი ჭირიმე, ტარიელ ძლიერ გაჯავრებული ყოფილა თქვენზე - წუხელ მაგინაო. ისეთი კაცია, რომ სხვაფერ თუ არ მოვახერხეთ საქმე, არ ივარგებს.

დესპინეს საშინლად გაუფითრდა სახე ამ სიტყვების გაგონებაზე.

- მაშ, რა უნდა ვქნა? კარდაკეტილ სახლში ხომ არ დავჯდები? ადრე თუ გვიან, ხომ უნდა გავიდე სადგურზე? - წარბებმოჭმუხვნით თქვა სპირიდონმა.

- პოლიციას შეატყობინეთ. - ურჩია მედუქნემ.

- მერე პოლიცია ყოველ ფეხის ნაბიჯზე დარაჯათ ხომ ვერ დამიდგება?

- მაშ? როგორ გნებავთ? - დაეკითხა მედუქნე.

- წერილს მივწერ მკლავაძეს, - ცოტა ფიქრის შემდეგ თქვა სპირიდონმა. - რა ვუყო, ბოდიშს მოვიხდი დანაშაულში, თუმცაღა კი არ ჩამიდენია მის წინაშე არავითარი დანაშაული. იმათ კი ჩაიდინეს ჩემს წინაშე დანაშაული, მაგრამ მიპატიებია, და, თუ ამითაც არ დამეხსნება, ვიცოდე მაინც წინდაწინვე.

დესპინემ კი არ იცოდა, რა ერჩია ამ შემთხვევაში ქმრისთვის. პოლიცია რომ ვერაფერ მფარველობას გაუწევდა, ეს მასაც კარგად ესმოდა.

- სწორეთ წერილის მიწერა და ბოდიშის მოხდა სჯობია იმისთანა მხეცთან. - დაეთანხმა უკანასკნელ დესპინე ქმარს.

სპირიდონმა დასწერა შემდეგი წერილი:

“თქვენო კეთილშობილებავ, ტარიელ ერეკლეს ძევ! (სპირიდონმა მედუქნისაგან გაიგო ტარიელის მამის სახელი). დიდ ბოდიშს ვიხთი, რომ წუხელ ვერ მიგიღეთ. მიზეზი ის იყო, რომ ჩვენ ერთმანეთთან გაცნობილი არა ვართ. ამასთან კიდევ თქვენ და თქვენი მეგობრები, უკაცრავად არ ვიყო ამის თქმისათვის, და ღვინისაგან შექეიფიანებული ბრძანდებოდით. აბა, როგორ უნდა მიგვეღეთ ამისთანა პირობებში, ისეთ უდროო დროს! (შუაღამისას, ლოგინში მწოლარეს). ასეთ დანაშაულს (თუკი ეს დანაშაულია), იმედია, გვაპატიებთ. რაც შეეხება მას, რომ გიბრძანებიათ - გვლანძღაო, სინდისს გეფიცებით, არ მახსოვს, რომ სალანძღავათ, ერთი სიტყვა რა არის, წამომცდენოდეს თქვენს და ან თქვენი ამხანაგების პიროვნებაზე. უნდა მოგახსენოთ, რომ ჩვეულებათ არა მაქვს ადამიანების ლანძღვა-გინება. ვინიცობაა გამიწყრა ღმერთი და გაღვიძების დროს უნებლიეთ წამომცთა რამ ავი (კიდევ დავიფიცავ, რომ მე არაფერი მეგულება ისეთი), იმ შემთხვევაში მორჩილათ ბოდიშს ვიხთი თქვენს წინაშე და გთხოვთ, მაპატიოთ დანაშაული. იმედი მაქვს, რომ ამ ბოდიშის შემდეგ, როგორც კარგი ვაჟკაცი, აღარ მოიწადინებთ შურისძიებას. თუ მაინცადამაინც არ დაგაკმაკოფილოთ ამ ჩემმა ბოდიშმა, იმ შემთხვევაში, გთხოვთ, წინდაწინვე გვაცნობოთ ეს, რომ ჩვენც მოვემზადოთ დასახვედრათ. სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ, როგორც კარგი ვაჟკაცი, მოულოდნელად არ დაგვესხმით თავს. როცა მეცოდინება, რა ვუყოთ, რაც მოსავალია, მოვიდეს. მართალია, მე თქვენთან ვაჟკაცობაში, ესე იგი მკლავღონიერობაში თავი არ მომაქვს, მაგრამ თანასწორ იარაღით ბრძოლას არ გავექცევი (რომ გავიქცე, სანამდის უნდა ვიმალო?).

ს. მცირიშვილი”.

- ხედავთ, ვაჟკაცობას დასდგომია, დუელში მიწვევს! - სიცილით თქვა ტარიელმა, როცა სპირიდონის წერილი წაიკითხა. მერე მიუბრუნდა მედუქნეს და უთხრა:

- უთხარი, რომ შენისთანებს მე დუელში არ მივყობი-თქვა.

- მაშ აღარ ინებებთ?

- რას ვინებებ, იმასთან დუელში წასვლას? წადი, ნუ ჩერჩეტობ ერთი, შენს დუქანს მიხედე! - ამაყად უპასუხა ტარიელმა, მოატანია ბიჭს წყალი და დაიწყო პირის ბანა.

- მე, ჩემდა თავად, დიდი მადლობა მომიხსენებია. - გადაუხადა მედუქნემ მძიმედ მადლი და დაბრუნდა სპირიდონთან.

- არ ვიცი, ღმერთმანი, მეც ძალიან გამიკვირდა, შენ რომ მითხარი, გემუქრებაო. კაცისთვის არაფერი დამიშავებია, რისთვის უნდა მემუქრებოდეს. - თქვა სპირიდონმა, როცა მედუქნემ დაარწმუნა, ტარიელს ცუდი აღარ უძევს გულში თქვენს შესახებო.

- დილას, მართალია ამბობდა, მაგრამ ასე კი მოგახსენა - რამ გადაგრიათ, რამ აგახირათ, რის ჩხუბი, რის დუელიო. დილას, ალბათ, კიდევ ღვინო უღიტინებდა თავში. - უკანასკნელად დაარწმუნა კიდევ მედუქნემ სპირიდონ ტარიელის სიტყვებში და გაბრუნდა თავის დუქანში.

- იცი, სპირიდონ, როგორღაც მე იმ მგელკაცის მაინც კიდევ მეშინია. - უთხრა დესპინემ ქმარს, როცა უკანასკნელმა დააპირა სადგურზე წასვლა.

- უადგილო შიში იგივე ავათმყოფობაა. უნდა ეშინოდეთ იმათ, ვისაც რამე დაუშავებიათ. ჩვენ ხომ ასეთი არა მიგვიძღვის რა? მაშ, არც შიში გვმართებს. - უპასუხა სპირდონმა ცოლს.

- წუხელისაც არ მიგვიძღოდა დანაშაული იმ ხალხთან, მაგრამ მაინც კი ორჯელ თავს დაგვესხენ და მიწასთან გასწორებას გვიპირობდენ.

- შენი მოსაზრების ძალით ადამიანი მუდამ შიშში უნდა იყოს, ვინ იცის, არ მოველოდები, მაგრამ იქნება მოხთეს ჩემ თავზე ესა და ეს უბედურობაო. ამნაირი უმიზეზო შიშით წინდაწინვე, უბედურობის შემთხვევამდე, კაცი სასჯელში იქნება მიცემული, - შიში იგივე ტანჯვა და სასჯელია.

- შიში სხვაა და სიფრთხილე კიდევ სხვა. მე სიფრთხილეზე ვლაპარაკობ.

- მუდამი სიფრთხილე იგივე შიშია. - უთხრა სპირიდონმა და გავიდა გარეთ.

მინამ სადგურს მიუწევდა, სპირიდონს უნდა გაეარა რამდენიმე დუქნის წინ, რომლებიც დათხუპნული კედლებით გამწკრივებული იყო სადგურზე კარგა მოშორებით. ერთ მხარეს, დუქნებს წინ გავლებული ქონდა ვიწრო გზა. სადგურის მხრით გზას მიჰყვებოდა კვალი, რომელიც მუდამ სავსე იყო ნეხვით, ტალახით და მღვრიე წყლით. სპირიდონ სიცივისაგან ცოტათი მოკუნტულიყო და ისე მიდიოდა. როცა რამდენსამე დუქანს გასცილდა, მან დაინახა, რომ ტარიელ გამოსულა გარეთ და, ზურგით დუქნის ბოძზე მიყრდნობილი, ნელ-ნელა ივარცხნის წვერს. გაღეღილი ახალუხის და პერანგისგან ტარიელის ზორბა მკერდი ისე მოჩანდა იმ დროს, თითქოს მარმარილოს კედელიაო.

- ყმაწვილო, თქვენთან სიტყვა მაქვს, მომითმინეთ მანდ, თუ შეიძლება. - დაუძახა ტარიელმა სპირიდონს, როცა ეს უკანასკნელი დაუპირდაპირდა მას.

“ალბათ, ბოდიში უნდა მოიხადოსო”, - იფიქრა სპირიდონმა და მოუცადა ტარიელს, რომელიც ნელ-ნელა მიივარცხნიდა წვერს და უახლოვდებოდა მას.

- რას გვემართლებოდით, ყმაწვილო, წუხელ რომ გაგვლანძღეთ? - ჰკითხა ტარიელმა სპირიდონს, როცა მიეწია და ჯებირივით გაუჩერდა წინ.

იმ პასუხის შემდეგ, რომელიც მედუქნემ ტარიელისაგან მიუტანა, სპირიდონისთვის სრულიად მოულოდნელი იყო ტარიელის სიტყვები.

- ხომ მოგახსენეთ წერილით ამის პასუხი? მაშ ხელახლავ რაღა საჭირო იყო ამის განმეორება? რადგან გსურთ, გავიმეორებ: გეფიცებით, არ მახსოვდეს, რომ გამელანძღოთ! თუ რამ უნებლიეთ წამომცთა (გავიმეორებ, არ მახსოვს კი), ბოდიშს ვიხდი თქვენს წინაშე და გთხოვთ გვაპატიოთ. - უპასუხა სპირიდონმა.

- არ გახსოვს? კარებდაკეტილ სახლში ძალიან გულადად და მაგრად იძახოდით: თქვენ უსინდისოო! ახლა აღარ გახსოვს? - დინჯად ჰკითხა ტარიელმა, რომელსაც, სიმთვრალის გამო თუ როგორღაც, ჩარჩენოდა ხსოვნაში, თითქო სპირიდონს დაეძახოს მისთვის, შენ უსინდისოო და ეხლა ფიქრობდა, “ეშინია და იმიტომ უარობს სპირიდონიო”.

- არ მახსოვს, მარა ბოდიშს კი მაინც ვიხდი. ახლა რაღა გნებავთ?!

- რა მნებავს? - გესლიანი ღიმილით ჰკითხა ტარიელმა, რომელსაც ამ დროს თვალები სხვანაირად აუთამაშდა. - არ გახსოვს? - გაიმეორა კიდევ და ისე სწრაფად ჰკრა ფერდში ფეხი სპირიდონს, რომ უკანასკნელს არც კი დაუნახავს, მხოლოდ იგრძნო, რომ რაღაც მძლავრი მოხვდა ფერდზე და ყირამალა ჩაეცა კვალში.

- აი, ეს მნებავს! - მიატანა ტარიელმა, რომელიც ჯერ კიდევ არ იძროდა ადგილიდან, რადგანაც სურდა - როცა სპირიდონ კვალიდან ამოვა, ერთს კიდევ მივვარდები, ვკრავ წიხლს და ჩავსცემ კვალში, რომ მისმა ლამაზმა ცოლმა ბარემ კარგად დაინახოს მისი ვაჟკაცობაო. წინდაწინვე დაწყობილი ჰქონდა ტარიელს, რომ ხელი არ ეხმარა სპირიდონის გალახვაზე:

- არა, ცალი ფეხის მეტს, არც ხელს ვიხმარ და არც იარაღს, ისე გავლახავ, ეს უფრო სასაცილო იქნება და უფრო მოეწონება მის ლამაზ ცოლსო.

სპირიდონ ადგა და ამოვიდა კვალიდან. თუმცაღა ამ მოულოდნელმა თავდასხმამ ის ძლიერ დააბნია, მაგრამ როცა ტარიელი იქვე დაინახა, მაინც მიხვდა - ალბათ, კიდევ უნდა დამეტაკოსო, ამიტომ სწრაფად მოივლო ხელი რევოლვერზე, რომელსაც ის მოგზაურობის დროს წაღის ყელში იდებდა, მაგრამ სამგზავრო წაღის ყელი მეტად მაღალი იყო და რევოლვერი ძალიან დაბლა ჩაწეულიყო შიგ, ალბათ, მაშინ, როცა კვალში ჩაეჯახა, - ასე რომ სპირიდონისათვის ადვილი არ იყო მისი ამოღება. როცა სპირიდონმა ჩექმის ყელში ხელი ჩაიყო, ტარიელი მიხვდა, რევოლვერს იღებსო, მაგრამ მისი დაუდრეკელი გული არ შეუშინდა იმ იარაღს: “რევოლვერს ეძებს მამაძაღლი!” - შეჰყვირა მან და, თითქოს ვეფხიაო, ისე გადახტა სპირიდონისაკენ, ასე რომ სპირიდონმა ვერც კი მოასწრო ჩექმიდან ხელის ამოღება: ტარიელ დაახტა მას წელზე და დაანარცხა მიწაზე. თვალის დახამხამებამდე ისევ მივარდა, მოჰკიდა მხრებში ხელი და გაისროლა ბურთივით. მან შესცვალა თავისი გადაწყვეტილება - გალახვის დროს ხელს არ ვიხმარო. ის ეხლა გაცხარებული მოქმედებდა თავისი ღონიერი ხელებით. ტარიელის ამფსონები გამოცვივდნენ დუქნიდან და უყურებდენ სეირს, მხოლოდ, როცა ტარიელ მეტად გახურდა, ერთმა ყმაწვილმა დაიძახა: “მოკლავს ეს გიჟი ამ საწყალ კაცსო” - და მიაშურა ტარიელს, რომ დაეკავებია. ამ ყმაწვილს მიჰყვენ ორი-სამი კიდევ სხვა, მედუქნე, მედუქნის ბიჭი, ეცენ ტარიელს და აღარ უშვებდენ ხელიდან. ამათ სწორედ ისეთ დროს მიუსწრეს, როცა ის იყო, გაცხარებულმა ტარიელმა სტაცა მიწაზე დაცემულ სპირიდონს ცალ ფეხში და მეორე ფეხი თავის ფეხით მიწაზე დაუჭირა და უპირებდა გახლეჩას. იმისი რა მოგახსენოთ, შესაძლებელია თუ არა ადამიანის ამგვარად შუაზე გახლეჩა, მაგრამ ტარიელს კი მოუვიდა ეს აზრი და ისიც ცხადია, რომ არ მოესწროთ, ორივე ფეხებს კი მაინც დაუმტვრევდა. მეტადრე ტარიელ იმან გააცეცხლა, რომ სპირიდონი ერთხელაც არ შეეხვეწა: - “ნუ მომკლავ, ბატონოო”; წინააღმდეგ, რევოლვერით დახვედრაც კი დაუპირა.

ცოცხალ-მკვდარი სპირიდონი, მოსაშვალეების წყალობით, როგორც იყო, გათავისუფლდა ტარიელის ხელიდან. ის ერთიანად ტალახში იყო ამოსვრილი, ტანისამოსიც სულ შემოგლეჯილი ჰქონდა ტანზე. ეხლა თუმცაღა ამოიღო წაღის ყელიდან რევოლვერი. მაგრამ რაღას უშველიდა! ტარიელი დაჭერილი ჰყავდათ მოსაშვალეებს. შურისძიება, კიდეც რომ სდომოდა სპირიდონს, შესაძლებელი არ იყო, რადგანაც ტარიელთან აღარავინ მიუშვებდა. ისე, შორიდან რომ ესროლა რევოლვერი, ტარიელამდი მაინც ვერ მიატანდა ტყვია, ვინმე ალალმართალ ადამიანს მოხვდებოდა. სპირიდონმა ხელახლავ ჩაიდო წაღის ყელში რევოლვერი და წავიდა თავისთვის.

იმ დროს, როცა ტარიელმა დაუძახა სპირიდონს: “თქვენთან სიტყვა მაქვსო”, დესპინე ოთახის კარებთან იდგა და ამიტომ ყოველივე იმთავითვე დაინახა, რაც მოხდა სპირიდონსა და ტარიელს შორის. მას შიშის ჟრუანტელმა დაურბინა ტანში. როცა ტარიელ მის ქმართან მივიდა და ლაპარაკი დაუწყო, ინსტინქტით მიხვდა, რომ კარგს არას მოასწავებდა ეს ლაპარაკი. ვერ მოასწრო იმის მოაზრება, თუ რა უნდა ექნა, როგორ მიშველიებდა ქმარს, რომ ტარიელმა კიდეც ჩააჯახა სპირიდონი კვალში. ამ სცენის დანახვაზე კინაღამ გული არ წაუვიდა დესპინეს. ის დარეტიანებული გამოვარდა გარეთ და გაიქცა სპირიდონისაკენ. თუ რით მიშველებოდა ქმარს, რით შეებრძოლებოდა გამძვინვარებულ ტარიელს, იმისი მოფიქრების დრო სადღა იყო. მას მხოლოდ ელვასაებრ გაურბინა ფიქრში, რომ თავი შეაკლას თავისი ქმრის მოჩხუბარს. ის იყო დესპინემ მიუწია კიდეც იმ ადგილს, სადაც მის ქმარს თავს დაესხა ტარიელ, რომ ერთმა ყმაწვილმა კაცმა, ტარიელის ამფსონთაგანმა, სტაცა მას ხელი შემდეგი სიტყვებით: “სად მირბით? რა თქვენისთანა ანგელოზის საქმეა ჩხუბი!” დესპინემ დაიწყო ბრძოლა თავის განთავისუფლებისათვის, მაგრამ ამაოდ: ყმაწვილი კაცი ბევრად ღონიერი იყო ნაზ ქალზე. “აკი გეუბნებით, თქვენისთანა ანგელოზს არ შეფერის ჩხუბი-მეთქი”, - ეუბნებოდა ის დესპინეს და თან მაგრა უჭერდა მკლავებს, ვითომ და როგორც მოსაშვალე, მაგრამ ნამდვილად კი მოსაშვალის მოვალეობაზე უფრო ლამაზი დესპინეს ხელში დაჭერის სურვილი ამოქმედებდა ყმაწვილ კაცს. სხვაფრივ რომ ვერას გახდა, დესპინემ ჩაავლო მას მკლავში კბილები და ისე მძლავრად მოუჭირა, რომ ყმაწვილი კაცი იძულებული იყო, ქალი ხელიდან გაეშვა. მაგრამ დესპინეს განთავისუფლებამდე მოსაშვალეებმა, ის იყო, კიდეც მოაშორეს ტარიელი სპირიდონს. რაღა უნდა ექნა! ცოცხლად მოკლული ამ შემთხვევით, ის გაჰყვა თავის ქმარს უკან ისე, თითქოს მკვდარი მეორე მკვდარს ასდევნებიაო.

ხალხი დიდხანს ჟიჟინებდა ამ შემთხვევის გამო. ვინ სპირიდონს დებდა ბრალს: “წუხელ თურმე სულ რუსულა აგინა ტარიელს და აბა ტარიელ როგორ შეარჩენდა გინებასო” ვინ იმას ამბობდა - “ტარიელ იმან გააცეცხლა, რომ თურმე დუელში გამოიწვია სპირიდონმაო”. ზოგი კიდევ უფრო შორს წასულიყო ჭორებში: “თურმე იმ უჩიტლის ცოლს შეპირებული ჰყოლია ტარიელ, რომ დაღამდეს, მოდიო. ტარიელ, რასაკვირველია, მოსულა. ეს გაუგია ქალის ქმარს და სულ იმაზე მომხდარა ეს ანბავიო”. ვინ მოსთვლის, კიდევ რაები არ მოჭორეს. ბევრს კიდევ ის მოსწონდა, რომ ტარიელმა, როცა გალახა სპირიდონი, დაუძახა: “ქართული დუელი ეს არის. მე ასე ვიცი დუელიო”. მხოლოდ ორ-სამგან ჭმუხნავენ წარბებს ტარიელის საქციელზე და ამბობდენ: - ეს ვაჟკაცობა კი არა, მხეცობა არისო.

ამასობაში მოაწია მატარებელმაც. სპირიდონ ცხადათ ხედავდა, რომ მოეცადა და დაკმაყოფილება მოეთხოვა ტარიელისაგან უმართლოდ შეურაცხყოფის მიყენებისთვის, უფრო სასაცილოდ გაიხდიდა თავს, მეტს კი ვერას გახდებოდა. ის და მისი მეუღლე შევიდენ ვაგონში, რომ, რაც შეიძლება, ადრე მოშორებოდენ მათთვის უსიამოვნო ადგილს. როცა მატარებელი დაიძრა, ტარიელმა მიაძახა სპირიდონს: “ყმაწვილო, ყმაწვილო! დუელი დაგავიწყდა!” სპირიდონმა გარკვევით გაიგონა ეს სიტყვები, რომლებშიაც მწარე დაცინვა იყო გამოხატული, მაგრამ მხოლოდ ერთი ზანტათ გადმოხედა ტარიელს, - ხმა არ გაუცია.

წავიდა თუ არა მატარებელი, ტარიელი და მისი ამფსონები შევიდენ დუქანში და შეუდგენ ქეიფს. ტარიელ ისე მხიარულად სვამდა და ქეიფობდა, თითქო იმ დღეს ჭიანჭველაზედაც კი არ დაედგას ფეხიო. მართალია, წინაღამეს ვერ აისრულა ტარიელმა თავისი წადილი, რომელიც იმაში მდგომარეობდა, რომ დესპინე გაეტაცებია დილამდე, მაგრამ წადილის აუსრულებლობის გამო ნატკენი გული სპირიდონის გალახვით მოიფხანა და მით გაათავა იმაზე დარდი.

VII

იმ სადგურიდან მოწყებული, სადაც ისეთი თავზარდამცემი უსიამოვნება შეხვდათ, სპირიდონმა და მისმა მეუღლემ ისე გაიარეს მატარებლით რამდენიმე სადგური, რომ კრინტი არ დაუძრავთ. ეგდენ ვაგონში სკამებზე მდუმარედ, ნაღვლიან ფიქრებში გართულნი. უკანასკნელ, როცა მატარებელი მიადგა ერთ დიდ სადგურს, სადაც დიდხანს ჩერდებოდა და პასაჟირებს შეეძლოთ აუჩქარებლივ ეჭამათ საჭმელი სადგურის ბუფეტში, სპირიდონმა აიღო თავი და უთხრა თავის მეუღლეს:

- არ მოგშივდა? ვჭამოთ რამე. აქ კაი ბუფეტია.

- არ მინდა. - უპასუხა დაღონებულად დესპინემ.

- თუ საჭმელი არ გინდა, ჩაი დავლიოთ ან ყავა, თორემ, ხომ იცი, კარგა მოზრდილი გზა გვაქვს ჩვენ სახლამდე გასავლელი.

- რა ვქნა, რომ არ მინდა! შენ? შენ გშია?

- მაინცადამაინც არც მე მშია, მაგრამ, შენ რომ წამოსულიყავი, მაშინ კი ცოტა რამეს მეც ვჭამდი, - უპასუხა სპირიდონმა, რომელსაც სრულიადაც არ ჰქონდა საჭმლის მადა, მაგრამ უნდოდა, როგორმე დესპინე გამოეყვანა ნაღვლიანი მწარე ფიქრებისაგან და მისთვის მოიგონა ბუფეტში საჭმლის ჭამა.

- მხეცმა ადამიანმა ჩხუბი აგვიტეხა, უსიამოვნება მოგვაყენა, მაგრამ, როგორც იყო, გადავრჩით. ახლა განა იმის ჯავრით თავი უნდა დავიჩაგროთ, გული უნდა გავიტეხოთ?

- თუკი არ გაგვიტეხს გულს ამგვარი შემთხვევა, ძალად რატომ უნდა გავიტეხოთ? მაგრამ, თუ გაგვიტეხა, რას იზამ, შენსავე გულს ხომ ვერსად გაექცევი? - ნაღვლიანად, მაგრამ ტკბილად უპასუხა დესპინემ ქმარს.

სპირიდონი გაჩუმდა. “როგორ შეგიძლია, სხვა გაამხიარულო, როცა თვითონ შენ ვარამი გიტრიალებს გულში? როგორ შეგიძლია სხვა დაითანხმო იმ თეორიაზე, რომლის წინააღმდეგ შენივე გრძნობა გებრძვის”. - ეუბნებოდა ის თავის თავს.

როცა შინ მივიდენ - თუმცაღა სპირიდონს და დესპინეს არ გაუმხელიათ, რაც შეემთხვათ, მაგრამ სპირიდონის დედამ იმათ სახეზე ცხადად წაიკითხა, რაღაც დიდი მძიმე ამბავი გადახედიათ თავსაო.

- შვილო, კტრის სახე გაქვთ ორივეს. ავი ხომ არაფელი მომხდარა ჩვენ თავზე? - ჰკითხა დედამ სპირიდონს.

- არაფელი, დედა, გზაში დავიღალეთ და იმიტომ. - უპასუხა სპირიდონმა.

“იქნება ცოლ-ქმარ შორის არის რაიმე უკმაყოფილებაო”, - იფიქრა სპირიდონის დედამ და მიაპყრო ყურადღება - იქნება რამ შევნიშნოო. მაგრამ ჩქარა დარწმუნდა, რომ მის შვილს და რძალს ისევ უყვართ ერთმანეთი, როგორც უყვარდათ, თითქმის ახლა კიდევ მეტი სიყვარული ჩანდა ერთმანეთისადმი მათ საქციელში და ლაპარაკში, სპირიდონის დედისათვის სამუდამო საიდუმლოთ დარჩა, თუ რა ნაღველი აწვათ ამ დროს მის შვილს და რძალს.

იმ საღამოს სპირიდონს ძლიერ მძლავრად გააცივა. შემდეგ სიცხე მისცა და მთელი ღამის განმავლობაში შფოთავდა. არც სპირიდონის დედას და არც დესპინეს იმ ღამეს არ დაუძინიათ. საწყალი დედა შიშით გულგახეთქილი დასტრიალებდა შვილს თავზე და ჩიფჩიფებდა რაღაც ლოცვას. დესპინე კი, წინაღამით უძინარი, მოქანცული იჯდა სასთუმალთან და ქმარს ხშირ-ხშირად ჰკითხავდა: “რა ქენი, სპირდონ? აბა, შემომხედე შენს დესპინეს!” - მაგრამ სპირიდონს ახლა ეგენი აღარ ეყურებოდა: სიცხისაგან ალმურმოდებული ბოდავდა თავისთვის მას, რაც წინაღამით და იმ ღამეს გადახედოდა და კიდევ ათას სხვას. განთიადისას დესპინემ სთხოვა ერთ მეზობელს და მოაყვანია ფერშალი. ფერშალმა რაღაც სიცხის წამლები მისცა სპირიდონს. ვინ იცის, ამ წამლებმა უშველეს, თუ თავისთავად მოიკეთა, შუადღის შემდეგ სპირიდონმა გამოახილა თვალები, მიაქცია ყურადღება, რომ დესპინე ორი ღამის უძინარი იყო და ურჩია, მოისვენეო.

- შენც, დედა, - უთხრა სპირიდონმა დედას, - გაწყენს ღამის თევა, რაზე დაიხოცეთ თავი ღამის თევით! - სპირიდონის მოკეთებამ ისე გაამხიარულა მისი დედა და ცოლი, რომ გეგონებოდათ, თავის დღეში ამათ უსიმოვნება არა შეხვედრიათ რაო.

დაღამდა. რადგანაც სპირიდონს მოკეთებულობა ეტყობოდა, სპირიდონის დედა და დესპინე ადრე დაწვენ დასაძინებლად და ადრეც ჩაეძინათ.

სპირიდონმა ლამპა გააქრო და ცოტა მიიძინა. როცა გამოიღვიძა, იგრძნო, რომ ერთიანად ოფლით იყო დასველებული. ის ახლა იწვა თვალებგაშტერებული და ყურები საშინლად უწიოდა. სახლში სიბნელე და მყუდროება დამყარებულიყო. “ახლა რომ ავადმყოფობამ დამაგდოს, რაღაი მაშინ!..” - სუსტად და გაურკვევლად გაურბინა სპირიდონს ფიქრებში. “რა შესაბრალ მდგომარეობაში...” გამოირკვა კიდევ ავადმყოფ სპირიდონის დასუსტებულ ფიქრებში და რაღაც კიდევ უნდა მოჰყოლოდა ამ აზრს, რომ იქ, სადაც დესპინეს ეძინა, გაისმა საშინელი ცივი ხმით კივილი. სპირიდონს დაავიწყდა ავადმყოფობა და ფიქრიც. ის წამოვარდა ზეზე და მიაშურა დესპინეს ლოგინს. მას შერჩა პირში მხოლოდ ეს სიტყვები: “რა დაგემართა?.. რა დაგვმართა?..” გამოვარდა მეორე ოთახიდან სპირიდონის დედაც, რომელმაც მოუკიდა სპიჩკას და შემდეგ აანთო სანთელი. დესპინე ფერწასული იჯდა ლოგინზე და მთელი სხეულით ცახცახებდა.

- რა იყო, რა დაგემართა? - ერთხმად ჰკითხეს დედამთილმა და ქმარმა.

- უზარმაზარი შავი დათვი მეცა და გადამითრია ბნელ სოროში! - ძლივს წარმოთქვა ხმის კანკალით დესპინემ.

- რა ვუყოთ მერე, სიზმარია. სიზმრის, აბა, როგორ უნდა შეგეშინოს ასე? - ტკბილად უთხრა სპირიდონმა, მოუჯდა გვერდით და მიიწვინა გულზე.

ალიონს ცოტა უკლდა, რომ ძლივს დამშვიდდა დესპინე. სპირიდონ და მისი დედა ხელახლავ დაწვენ. ლამპა კი დესპინემ არ გააქრობია.

მეორე დღეს სპირიდონის ავადმყოფობამ ხელახლავ იბრუნა პირი. მიზეზი ის იყო, რომ წინ ღამით, დესპინეს კივილზე სპირიდონი გაოფლიანებული პერანგისამარა ადგა და ამის გამო გაცივდა. ეს გაციება სპირიდონს ბოლოს სნეულებად გადაექცა და მთელი ორი თვე დააწვინა ლოგინში. ორი თვის შემდეგ, როგორც იყო, მოიკეთა, მაგრამ ხედავდა კი, რომ მისი ჯანზე მოსვლა საეჭვოდ იყო.

მაგრამ თავის დასნეულებაზე ისე არ სწუხდა სპირიდონ, როგორც თავისი მეუღლის საშინელ მდგომარეობაზე: დესპინეს ყოველ ღამით ესიზმრებოდა უზარმაზარი შავი დათვი, რომელიც მიათრევდა მას ბნელ სოროში. საბრალო ქალი ამ სიზმრის შიშით ლამპას ვეცარ აქრობდა, შუაღამემდე თვალგაშტერებული იწვა, შემდეგ მოჰპარავდა ძილი თვალებს, ამოუშვებდა ნელ სუნთქვას, როგორც შეფერის ტკბილად მძინარეს, მაგრამ არ გაივლიდა ერთი საათი, რომ იკივლებდა და წამოვარდებოდა ლოგინიდან ფერდაკარგული, შაშით აცახცახებული. ბოლოს და ბოლოს ციებაც დაუწყო დესპინეს ღამღამობით. დაწოლის დროს იგრძნობდა ციებას, შემდეგ მისცემდა სიცხეს, როცა სიცხე დაუნელდებოდა და დაეძინებოდა, ნახავდა თავის დათვს. უკანასკნელ ისე შეიპყრო დესპინე სულით ავადმყოფობამ, რომ დღით სიფხიზლის დროსაც კი ხან ღორი, ხან ძაღლი ან სხვა ცხოველიც კი დათვად ეჩვენებოდა. “ვაი!” - დაიკივლებდა და მივარდებოდა სპირიდონთან. ამ ავადმყოფობამ დესპინე საშინლად ჩამოაჭკნო, ასე რომ ძლივს იცნობდით. უკანასკნელ ხველაც დაუწყო დესპინეს.

სპირიდონს მოჰყავდა დესპინესთან ხან ერთი ექიმი, ხან მეორე, მაგრამ ყველა ამას ამბობდა: “შეშინებულია და მისგან ასტეხია სულით ავადმყოფობა. ძნელად, რომ მორჩესო”. სპირიდონი არ შეუშინდა ვალებს და საზაფხულოდ აბასთუმანს წაიყვანა დესპინე. მაგრამ უკეთესობა არა დაეტყო რა, გარდა იმისა, რომ ახლა სიზმარში დათვის ნახვაზე აღარ კიოდა, არამედ ისე შეშინებული გამოიღვიძებდა და დიდხანს უცახცახებდა სხეული. სამაგიეროდ ფხიზლობის დროს გაუხშირდა მოჩვენება; ხშირად თავისი ან მისი ქმრის ტანისამოსი რომ დებულიყო ოთახში, ისიც კი დათვად მოეჩვენებოდა. სპირიდონს ერთ წამზედაც ვეღარ იშორებდა თვალიდან, რის გამო სპირიდონი იძულებული შეიქნა მიეტოვებია მასწავლებლობა. თითონაც ერთობ ჯანმოშლილი სპირიდონ ახლა უჯდა თავის მეუღლეს გვერდით, ანუგეშებდა, ამხნევებდა, უამბობდა სხვადასხვა ამბებს, დესპინეც ცდილობდა გართობილიყო, გადაეყარა გულიდან შავი ნაღველი, მაგრამ ამაოდ. რაც დრო გადიოდა, მით უფრო ემატებოდა მას სულის მღელვარება, მით უფრო ჭკნებოდა და თაფლის სანთელივით დნებოდა მისი სილამაზე და სხეული.

ასე გაატარა დესპინემ ზაფხული, შემოდგომა და ზამთარი. გაზაფხულზე ხველა გაუძლიერდა, ჩირქიანი სისხლის ღებინებაც დაუწყო პირიდან. მარტის უკანასკნელ რიცხვს ჩაწვა ლოგინში და მას შემდეგ აღარც ამდგარა, ისე დალია სული მაისის ერთ დღეს.

დესპინეს სიკვდილის შემდეგ სწრაფად ირღვეოდა იმისი მეუღლის უსიხარულო სიცოცხლეც. კვირაში თითქმის ხუთი დღე ავადმყოფობის გამო ლოგინზე ეგდო სპირიდონ. მისი ჯანის პატრონი, რა თქმა უნდა, მასწავლებლობას ვეღარ მიუბრუნდებოდა, თორემ, ვინ იცის, იქნება იმაზე მაინც გადაეყოლებია ჯავრიანი გული, მით უმეტეს, რომ ეს ხელობა (მასწავლებლობა) ძლიერ უყვარდა. ახლა ხშირად ებადებოდა სპირიდონს ამგვარი კითხვები: “რაღასთვის ვარ ცოცხალი? ჩემთვის სიცოცხლე დიდი ხანია მოწამლულია. სხვისთვის აღარაფერი გამოსადეგი ვარ, არავითარი საქმის გაკეთება, ავადმყოფობის გამო, აღარ შემიძლია! მაშ რაღას ვუცთი ამ ქვეყნად?!” რამდენჯერ მოინდომა თავის მოკვლა, მაგრამ “არა, ბარემ შევსვა, სულ შევსვა ის მწარე ნაღველი, რომელიც ხვედრათ მხვდა! ბარემ სოფელმა მომწამლოს თავისი საწამლავით!” - იტყოდა თავის გულში სპირიდონი და გულზე მიდებულ რევოლვერს ძირს ჩამოიღებდა.

მართლაც რომ სისტემატიურად სწამლავდა სოფელი სპირიდონის სიცოცხლეს: ერთი რომ ხალხიც აბრალებდა სპირიდონს, - დესპინე მისმა სიჯაბანემ მოკლა უდროოდო. რა მისი ღირსი იყო, რომ გააბრიყვა ანგელოზივით ქალი, შეაყვარებია თავი და შეირთო! არ იცოდა, რომ მის პატრონობას ვერ შეიძლებდა! ეკითხოს მისი ცოდვაო. აბრალებდენ, რომ რიგიანად თავის დაჭერა არ იცოდა, არავის ერიდებოდა. ტარიელს ყბედობა დაუწყო, დუელში გამოითხოვა, გაალახვია თავი და მისმა ყბედობამ საწყალი დესპინე იმსხვერპლაო. “რა ბრძანებაა, ბატონო! შეგნებულს და რიგიან კაცს თავის დღეში არ მოუვა, ის რაც მას ტარიელმა დამართა, რიგიანი კაცი ყოველთვის მოახერხებს, იმისთანებისაგან თავი შორს დაიჭიროსო”. ამბავი იმ შეურაცხყოფისა, რომელიც ტარიელმა მიაყენა სპირიდონს, ასე გადააკეთეს: “თურმე ტარიელ და მისი ძმაბიჭები დასეირნობდენ თავისთვის დუქნების წინ და თან მღეროდენ. სპირიდონმა დაუძახა: “რა ამბავია, რომ არ დამაძინეთო” და დაუწყო საშინლათ ლანძღვა. ერთხანს მოუთმინა ტარიელმა, მაგრამ აღარ დადუმდა სპირიდონ ლანძღვისაგან, ტარიელი მივიდა პასუხის გასაცემად, სპირიდონმა ჩაიკეტა კარები და ისე დაუწყო მუქარა. როცა ტარიელი წაიყვანეს მოსაშვალეებმა, სპირიდონმა მიაძახა თურმე: “ამეღამ კარგი, იყოს და ხვალ გაყურებიებ შენ სეირსო”. გათენდა თუ არა, გაუგზავნა თურმე ტარიელს წერილი - დუელში გამომყევიო. ტარიელმა უარი თქვა: “რა მედუელება! თუ ჩხუბი უნდა, გამოვიდეს და ვეჩხუბებიო”, სპირიდომა რომ შეიტყო, ტარიელი დუელში არ გამოდისო, იფიქრა ვერ ყოფილა ვაჟკაციო და კიდევ რაღაც უბედური სიტყვები გააგონა. აქ კი ტარიელმა ვეღარ მოთმინა და მოეპყრო სპირიდონს ისე, რავარც ეკადრებოდაო”.

ეს მოგონილი ამბები მიდიოდა სპირიდონის ყურამდე და შხამს ასხამდა მის დაბნელებულ გულში.

დესპინეს მშობლებიც ხომ წყევა-კრულვით იხსენიებდენ სპირიდონს: “თავისი უსჯულო ქადაგებით გადაგვირია შვილი, მოგვტაცა და მოგვიკლაო”.

გავიდა რამდენიმე წელი. სპირიდონ სულ მთლად დაჯაბნა სევდამ და ავადმყოფობამ: საცოდავი, წელში მოხრილი, თვალებჩაცვინული, ძვალ-ტყავად ქცეული, ის სამ თვეში ერთხელ ძლივს აუდგებოდა ავადმყოფობას, ერთ-ორ კვირას, როგორც იყო, დადიოდა ფეხზე და შემდეგ ისევ ჩააწვენდა საბრალოს ავადმყოფობა ლოგინში. მარჯვენა მხარი, რომლითაც ის ტარიელმა მიწაზე დასცა, ბოლოს სულ გაუფუჭდა, ასე რომ ახლა მარჯვენა ხელის ხმარება აღარ შეეძლო. ეგდო მამისაგან დატოვებულ სახლში მარტოდმარტო და მოელოდებოდა - აი, აი, მოვა სიკვდილი და მომისპობს ამ უსიხარულო სიცოცხლესო. სპირიდონის დედამ ვეღარ აიტანა ოჯახის ვარამი, შვილის გაუბედურება ღა რძლის შემდეგ ისიც გარდაიცვალა. ხანდახან, როცა უსაზღვროდ მოაძულებდა მარტო გდება თავს, თუ სიარული შეეძლო, სპირიდონ ერთი-ორი კვირის ვადით წავიდოდა რომელსამე ძველ ნაცნობთან, სადმე ქალაქში ან სოფელში, ვითომდა მგზავრობას ცოტა მაინც გადავაყოლებ ჯავრიან გულსაო. მაგრამ ეს მხოლოდ თავის მოტყუება იყო. მის გულს ახლა ვეღარაფერი გაართობდა.

VIII

ერთ დღეს სპირიდონ თბლისში მიდიოდა. როცა მატარებელი იმ სადგურთან გაჩერდა, სადაც სპირიდონს ტარიელმა შეურაცხყოფა მიაყენა, სპირიდონმა პირი მოიბრუნა და ისე დაჯდა ვაგონში, რომ ვეღარ შეეხედა იქაურობისთვის, რადგანაც იმ მიდამოს დანახვა მწარე ნაღველს აუშლიდა. მაგრამ მას თვალი მოჰკრა ერთმა ნაცნობმა და საშველი აღარ მისცა - გამოდი, ბუფეტში ლიმონადი დავლიოთო. სხვაფრივ რომ ვერ მოიშორა სპირიდონმა ეს ახირებული ნაცნობი, იფიქრა: რა ვუყო, გავალ, ლიმონადს დავლევ და ხელახლავ ჩქარა შემოვალ ვაგონშიო. მაგრამ ნაცნობი გაუმასპინძლდა თუ არა სპირიდონს ლიმონადით, გამოსდო მკლავში ხელი და დაიწყო სეირნობა. სპირიდონ თითქმის უნებლიედ დადიოდა მასთან. თუმცა მაისის საღამო იყო, მაგრამ ცოტაოდნავ მაინც გრილოდა. სპირიდონის ფილტვებმა იგრძნეს ეს სიგრილე და აუტყდა საშინელი ხველა.

- არ გიკვირს, ეს სიკვდილი რომ ამდენი ხანია მარჩობს და აქამომდე ვერ მორჩა ამ საქმეს? - უთხრა სპირიდონმა ნაცნობს.

ნაცნობმა, როგორც საზოგადოდ ჩვეულებად აქვს ბევრს, დაანუგეშა სპირიდონი: “არაფელია, გაივლის, მორჩებიო”, თუმცაღა კი დარწმუნებული იყო, როგორც მიცვალებული ვერ ადგება სამარიდან, არც სპირიდონი მორჩებაო.

ამასობაში სპირიდონმა და მისმა ნაცნობმა მიაწიეს პლატფორმის თავს და დაბრუნდენ უკან. ამ დროს პლატფორმის მეორე თავიდან წამოვიდა ამათკენ ერთი ლამაზად იარაღში ჩამჯდარი, ახოვანი ვაჟკაცი, რომელსაც ერთ მხარეს ვიღაც ლამაზი ყმაწვილი ქალი მოჰყვებოდა და მეორე მხარეს - ვიღაც ყმაწვილი კაცი.

- ვინ არის ის? - ჰკითხა სპირიდონმა თავის ნაცნობს.

- ვერ იცან? ტარიელ მკლავაძეა! - უპასუხა ნაცნობმა.

ამ სახელის გაგონებაზე სპირიდონს საშინელმა ჟრუანტელმა დაუარა ტანში, რაღაც ისეთი ალმური დაუტრიალდა გულში, თითქოს ცოფდებაო. დესპინეს სიკვდილის შემდეგ მართლა ბევრჯერ მოსვლია სპირიდონს ცეცხლი გულზე და უთქვამს: “წავალ, მოვნახავ და მოვსთხოვ პასუხს ჩემს დამღუპველსო”. მაგრამ ბოლოს მაინც იმორჩილებდა სპირიდონის გონება შურის საძიებლად აზვირთებულ გრძნობას. მაგრამ ახლა მას თვალწინ ედგა ის ადამიანი, რომელსაც ის აბრალებდა - მე და ჩემ მეუღლეს უდროოდ მოგვისპო სიცოცხლეო. ახლა გრძნობა აღარ ემორჩილებოდა გონებას; სპირიდონმა ახლა უნებლიედ გახედა იმ ადგილს, სადაც მას იმ რამდენისამე წლის წინათ ისე მხეცურად დაეტაკა ტარიელ. დაინახა ის ბოძიც რომელზედაც ტარიელ იყო იმ დროს მიყრდნობილი და ივარცხნიდა წვერს; აი, ის კვალიც, სადაც ტარიელმა ისე ჩააჯახა. ისე წარმოუდგა თვალწინ მაშინდელი შემთხვევა, თითქოს რამდენისამე წლის წინათ კი არა, აი, ახლა, ამ წამში შეემთხვაო. მოაგონდა ისიც, თუ როგორ აღტაცებით ისმენდა დესპინე იმ ამბავს, რომელიც მან უამბო იმ ღამეს, იმ მათთვის უბედურ ღამეს, როცა ისინი დუქანში ღამის გასათევად დარჩენ. ამას მოჰყვა სხვა მოგონებანიც. ელვასაებრ გაურბინა სპირიდონს ხსოვნაში ყოველივემ, რაც კი მის ცხოვრებაში ღირსშესანიშნავი მომხდარიყო, - თავისი ბავშვობა, ის დრო, როცა ქალაქის სკოლაში იყო და ფიჩხის სინათლეზე სწავლობდა გაკვეთილებს, საოსტატო სემინარია, სადაც ის ისე მუყაითად მეცადინეობდა, რომ რაც შეიძლება კარგად აღჭურვილი გამოსულიყო სამოსწავლო ასპარეზზე და, სოფლის მასწავლებლის პირობაზე, ღირსეული სამსახური გაეწია ქვეყნისათვის; მერე სოფლის მასწავლებლობა, იქაური ცხოვრება, იატაკზე რომ წვებოდა დასაძინებლად. დესპინეს გაცნობა, პირველად რომ გაკვეთილი წააკითხა, მისი სიყვარული, იმედებით სავსე ცხოვრება დესპინეს შერთვის შემდეგ; აი, აი, თითქოს ახლაც თვალწინ უდგას დესპინეს დიდრონი, სიყვარულით სავსე თვალები, თითქოს აი, ახლაც ესმის დესპინეს ლაპარაკი.

“ჩვენი ძალ-ღონე ქვეყნის სამსახურს შევწიროთ, ეს არის ადამიანისთვის ნეტარებაო. ახლა? ახლა ყველაფერი გათავებულია, ყველა მოგვისპო ამ ადამიანმა!.. თითონ კი ცხოვრობს განცხრომით! საზოგადოებაც შეტრფის და ტაშს უკრავს!” - აქ კი გული ყელზე მოადგა სპირიდონს და თითქოს უნებლიეთ მოუჭირა ხელი რევოლვერს, რომელსაც უკანასკნელ დროს ჯიბით ატარებდა. ეს რევოლვერი სპირიდონმა იმ დროს იყიდა, როცა საოსტატო სემინარიაში სწავლა დაასრულა და სოფელში უნდა წასულიყო. იყიდა სრულიად შემთხვევით, ან, უკეთ რომ ვთქვათ, ამხანაგების მიბაძვით. ეს იყო პატარა, ჯიბის რევოლვერი, სმიტის სისტემისა. თავდაპირველად სპირიდონ იშვიათად ატარებდა ამ რევოლვერს თან, მაგრამ ერთმა გარემოებამ შეაყვარა ის და შემდეგ ის აღარ მოუშორებია. აი, რა შემთხვევა იყო ისა: “ზაფხულის ერთ დღეს სპირიდონ შინიდან ერთი ამხანაგისას მიდიოდა. წასვლის დროს რევოლვერიც ჩაიდო ჯიბეში, რადგანაც მისი ამხანაგი და ის ხშირად ერთობოდენ ნიშანში რევოლვერის სროლით. როცა ერთი ნაწილი გზა გაიარა, სპირიდონს შემოესმა ყვირილი: “ცოფიანი, ცოფიანიო!” სპირიდონმა გაიხედა და დაინახა, რომ გზაზე მორბის ერთი დიდი ქოფაკი ძაღლი. ძაღლი ჯერ შორს იყო, სპირიდონს შეეძლო იქვე გზის პირში ხეს ამოფარებოდა და თავისუფლად ესროლა ცოფიანი ძაღლისთვის რევოლვერი. მაგრამ სპირიდონის წინ რამდენიმე ნაბიჯზე, გზის პირას თამაშობდენ ბავშვები, რომლებშიაც ერია ერთი წლინახევრის თუ ორი წლის ბავშვი. როცა ბავშვებმა გაიგონეს ყვირილი და დაინახეს, ძაღლი მორბისო, მიატოვეს პაწია ამხანაგი და გაიქცენ დასამალავათ. პაწია ბაღანამ, ჯერ ამხანაგების გაქცევის გამო და მერე ძაღლის დანახვით შეშინებულმა, იწივლა და დააპირა გაქცევა, მაგრამ გაქცევის მაგივრად გადაებორძიკა იქვე რაღაცას და წაიქცა მიწაზე. სპირიდონმა რომ ეს დაინახა, გაიქცა ბავშვისკენ რაც ძალი და ღონე ჰქონდა. ის იყო, ერთი წამით მიასწრო სპირიდონმა და მოვარდა მეორე მხრიდან პირდაღებული ქოფაკი. სპირიდონმა ესროლა რევოლვერი ძაღლსა და მოარტყა მკერდში. ძაღლი ერთი წაიქცა, მაგრამ ისევ სწრაფად წამოვარდა და გაექანა სპირიდონისკენ. სპირიდონმა მიაგება მეორე ტყვია, მიაყოლა მესამეც და მოუღო ბოლო. აი, იმ დღიდან დაწყებული, შეუყვარდა სპირიდონს თავისი რევოლვერი და აღარ იშორებდა: მართალია, ტარიელმა რომ ჩხუბი უქნა, მაშინ არ გამოადგა სპირიდონს თავისი რევოლვერი, ამიტომ იმ დროებით ერთ-ორ თვეს მიატოვა რევოლვერის ტარება, მაგრამ შემდეგ ხელახლავ მოუბრუნდა გული - ეგდოს ჯიბეში მაინცო.

სპირიდონ და მისი ნაცნობი დაუპირდაპირდენ ტარიელს. ტარიელი კიდევ უფრო გამშვენიერებულიყო, თითქოს მზე ამოდის ზედაო, ისე ანათებდა მისი პირისახე. მისი ზორბა ბეჭები და მკერდი ლაზათიანად მოჩანდა მიხაკისფერ, ჩერქეზულ თივთიკის ჩოხაში.

- ...იმ ოჯახს მე პატივს ვცემ და არც მინდოდა, დაგარწმუნებთ, იმ ოჯახში იმ საქმის ჩადენა, - განაგრძობდა ტარიელი რაღაც ამბავს, - მაგრამ მოთმინებიდან გამოვედი და მერე კი ვკარი ფეხი, მგონია სამ საჟენზე კი გავისროლე!...

- ახ, რა შეუბრალებელი ხართ! - შეჰკივლა ნაზად ამ დროს ტარიელთან მოსეირნე ყმაწვილმა ქალმა. ტარიელმა დინჯათ გაიცინა და აღტაცებით შეხედა თვალებში ლამაზ ყმაწვილ ქალს, რომელიც თავის მხრით სეირნობის დროს ისე უმზერდა ტარიელს, თითქო თვალებში უნდა ჩაიძვრინოს ამოდენა კაციო.

სპირიდონმა გარკვევით გაიგონა ტარიელის სიტყვები და ისევ რაღაც საშინელი ალმური მოედო მთელ სხეულში. “კიდევ ვიღაცის დაჩაგვრა და გაქელვა! თითქოს იმისთვის არის დაბადებული, რომ ყველა გაქელოს და შეურაცხყოს! თავი მოსწონს კიდეც ამით!” - გაურბინა ელვასაებრ სპირიდონს ფიქრებში და შემდეგ მტკიცე გადაწყვეტით დაუმატა: “მოვთხოვ პასუხს! ორი ადამიანის სიცოცხლე ღირს იმათ, რომ მათ დამღუპველს პასუხი მოეთხოვოს! ორის და იქნება მეტისაც!”.

ამ დროს, ის იყო, ტარიელმა კიდეც ჩაუარა გვერდით სპირიდონს.

- ტარიელ მკლავაძევ, თქვენთან სიტყვა მაქვს. - დაუძახა სპირიდონმა და წავიდა ტარიელისკენ ისე სწრაფად, რომ მისმა ნაცნობმა, რომელიც ამ დროს მასთან სეირნობდა, ვერც კი მოასწრო რამე ეთქვა მისთვის.

ტარიელ დინჯად მობრუნდა უკან, გაკვირვებულმა შეხედა სპირიდონს და ჰკითხა:

- რა გნებავთ?

- ვერ მიცანით? - ჰკითხა სპირიდონმა თავის მხრით და ჩააჩერდა თვალებში.

- ვერა. - უპასუხა ტარიელმა, რომელსაც ღიმილი გამოეხატა სახეზე, როცა სპირიდონის მოკუნტულ ტანს აავლ-ჩაავლო თვალი, თითქოს ეს კაცი უნახავსო, მაგრამ ვერ მოიგონა სად და როდის.

- მე სპირიდონ მცირიშვილი ვარ. არ გახსოვთ, ისე უდანაშაულოთ რომ დაგვესხით თავს? აბა, კარგა გაიხსენეთ! აი, ის ადგილი, სადაც თქვენ დაგვიხვდით. - სპირიდონმა გაიშვირა ხელი იქით, სადაც ის გალახა ტარიელმა.

ტარიელს, აბა, ყველა როგორ დაამახსოვრდებოდა, ვინ სად გაულახავს! მაგრამ სპირიდონის გალახვა რაღაც ისეთი ტიპიური იყო, რომ ახლა, სპირიდონის სიტყვების შემდეგ, ადვილად გაიხსენა და იცნო კიდეც სპირიდონი.

- მერე, რა გინდა ახლა? - მედიდურად და თითქმის დაცინვით ჰკითხა მან სპირიდონს.

- მინდა, პასუხი მომცეთ, რას გვემართლებოდით, რომ ორს უდანაშაულო ადამიანს სიცოცხლე მოგვისპეთ?

- წადი, დაიკარგე აქედან! ხედავ, თურმე რისთვის მეძახოდა ეს ბაღლინჯო! - შესძახა ტარიელმა და დააპირა წასვლა.

- ვერ წაბრძანდებით, სანამ არ დამაკმაყოფილებთ ჩემს კითხვებში! - რაღაც საშინელი მტკიცე ხმით უთხრა სპირიდონმა.

- ვინ, მე, მე ვერ წავბრძანდები? - თან წყრომით და თან გაკვირვებით ჰკითხა ტარიელმა.

- დიახ, თქვენ! სანამ არ დამაკმაყოფილებთ ჩემს კითხვებში. ერთ ბიჯსაც ვერ გადასდგამთ!

- მაშ დაგვიწყებია ჩემი ხელი! - უთხრა ტარიელმა რაღაც დამცინავი წყრომით და გაექანა სპირიდონისკენ, რომ დახტომოდა და კარგა მანძილზე გაესროლა, ვითარცა ნაფოტი.

მაგრამ, სანამ ტარიელ თავის მძლავრ ხელებში მოიგდებდა სპირიდონს, უკანასკნელმა დასცა მას გულში რევოლვერი. ტარიელ ერთი შეტორტმანდა, გადაიბორძიკა ერთ მხარეს და დაეცა მიწაზე.

- ვისი ხელით ვკვ...დე...ე...ბ...ი! - რაღაც უნდა ეთქვა, მაგრამ სიტყვის დასრულების მაგივრად მძლავრად გაუსვა ცალი ფეხი მიწაზე და განუტევა სული.

თვალის დახამხამებამდე იმ ადგილის გარშემო, სადაც ტარიელი ეგდო, გაიჭედა ხალხით. ვიღაცამ გაუხსნა მოკლულს გულზე ჩოხა და ახალუხი. განიერ მკერდზე ძუძუს სიახლოვეს, გვამს ჰქონდა პატარა ჭრილობა, რომლიდანაც მოთქერავდა მოშაო სისხლი.

- რა პატარა ტყვიას მოუკლავს ეს ლომივით კაცი! - თქვა ვიღაცამ.

- Кто убил? - იკითხა სადგურზე მოსამსახურე ჟანდარმმა.

- Я убил! - უპასუხა საჩქაროდ სპირიდონმა, რომელსაც რევოლვერი ჯერ კიდევ ხელში ეჭირა.

ჟანდარმმა დაატყვევა სპირიდონ, შეადგინა ოქმი და წარადგინა სპირიდონითურთ სადაც ჯერ იყო.

***

სამსჯავროში სპირიდონი სრულიად არ ცდილობდა, რომ გამართლებულიყო. მან მხოლოდ თავიდანვე უამბო მსაჯულებს საქმის გარემოება. ოლქის სასამართლომ გადაუწყვიტა სპირიდონს ციმბირს გაგზავნა და იქ მადნებში მუშაობა. მაგრამ მადნებამდე აღარ მიუღწევია სპირიდონს - გზაში გარდაიცვალა.

1893წ.

გზაზე ზვავი ჩამოწვა! მატარებელი იგვიანებს!

ვინ მოკლა?

მე მოვკალი!