I

მაისი იყო, საქმის დღე. მზე საშუადღეოდან დაჰყურებდა დედამიწას. პატარა ბილიკის გადაღმა, ბუჩქნარში იჯდა ყმაწვილი კაცი, ასე ოცისა თუ ოცდაორი წლისა და მოუთმენლად იყურებოდა ერთ მხარეს. ხანდახან გაახსენდებოდა, მიიდებდა ცხვირზე ვარდის კონას, რომელიც ხელში ეჭირა და იყნოსავდა. კოხტა ტანისამოსი და ნაზი შეხედულება უმტკიცებდა, რომ ეს ყმაწვილი არ იყო მუშათაგანი. ბუჩქნარს, რომელშიაც იჯდა ყმაწვილი კაცი, ერთის მხრით ეკრა წიფლის ტყით დაჩრდილული სერი, მეორე მხარეს, შორეულ ფერდობზე, ყანებში მოჩანდენ მუშები, რომელთაც სიცხის გამო გაეხადათ ჩოხები და ისე მუშაობდენ მცხუნვარე მზის ქვეშ. ყანებს იქით ამართულიყო შაქრის თავივით მოყვანილი ქოჩორა გორაკი, საიდანაც დაინახავდით შავ ზღვას და, თუ კარგი დარი იდგა, ფოთის სიახლოვეს მიმავალ-მომავალ გემებსაც.

კარგა ხანს იყურებოდა ყმაწვილი კაცი იქითკენ, საიდანაც, ეტყობოდა, ვიღაცას ელოდებოდა, მაგრამ ჯერ არავინ ჩანდა. უკანასკნელ ყმაწვილ კაცს მოუთმენლობა მღელვარებად გადაექცა: ხან ადგებოდა და ისევ დაჯდებოდა, მერე ისევ ადგებოდა და ახლომახლო მიდი-მოდიოდა. ამასობაში, იმაზე ცოტა მოშორებით, დადუმებულ ბუჩქნარში სამჯერ თანდათან გაისმა ჩხირის გატეხის ხმა. ყმაწვილმა მოჰკრა ამ ხმას ყური, ელვასავით სწრაფად წამოვარდა ზეზე და ნელი სტვენით გაეხმაურა. არ გაუვლია მას უკან ერთს წამს, რომ მოისმა ფოთლების ნელი შრიალი და გამოჩნდა ყმაწვილი ქალი, რომელსაც ხელში ეჭირა ცარიელი კალათი. ქალს ტანს ეცვა იაფფასიანი ჩითის კაბა, ფეხს - წუღა, თავზედ ორშაურიანი სახოცი ეხურა. მაგრამ ამ უბრალო მორთულობაშიაც კი ისეთი ეშხიანი და სიცოცხლით სავსე ჩანდა, რომ თვალის მოშორება დაგენანებოდათ.

- რა ამბავია, ქრისტინე, ასე დაგვიანება! გული დამიდნა! - ტკბილად უსაყვედურა ყმაწვილმა კაცმა და აღტაცებულის თვალებით დაუწყო მზერა.

- ვაიმე, ჩემი სიკვტილი! რა მექნა! ბაბას ყანაში სადილი მივუტანე და ახლა იქიდან მოვალ. შენ არ იცი, იასონ, რა გასაჭირი საქმეა ჩემი აქანაი მოსლა. ხან იმას ვიგონებ ნენასთან, ხან ამას და ისე მოვიპარები. დღეს რომ ყანაში სადილის წაღება არ შემხთენოდა, ვინ იცის, იქნება ვერც ქე მოვსულიყავი, არ გამოვეშვი ნენას. სოფლის კაცის ოჯახში ათასი გუუთავებელი საქმეა! მერე კიდევ ნენას ეშინია ჩემი მარტო გაშობა. ამიზა გეხვეწები, თუ დამიგვიანდეს მოსვლა, ან, ვინ იცის, ზოგჯერ სულ ვერ მევიდე, სხვაფერ ნუ იფიქრებ, იასონ, - უპასუხა ქალმა და დაუწყო მზერა, თითქო უნდა გამოიცნოს, ხომ არ ვაწყენიე ამ სიტყვებითაო.

- არაფერია, შევრიგდებით, - ღიმილით უთხრა ყმაწვილმა კაცმა, მოჰხვია ხელი და მხურვალედ ჩაუკოცნა ტუჩები.

- წევდეთ წყლის პირზე, ჩვენი წიფლის ქვეშ, - უთხრა ყმაწვილმა, როცა კოცნით მოიჯერა გული.

- ვაიმე, დამაგვიანდება და ნენაი გამიწყრება! - დანანებით უპასუხა ქალმა.

- არ დაგაგვიანებ. პაწა ხანს ვიყოთ და მერე ქე წახვალ, - უპასუხა ვაჟმა, რომელიც ისეთის აღგზნებული თვალებით უყურებდა ქალს, თითქო უნდა თვალებით შეჭამოსო.

- კაი, წევდეთ, - დამორჩილდა ქალი.

ამას შემდეგ ქალი და ვაჟი, თითქო შველები არიანო, სწრაფად გაძვრენ ბუჩქებში და გასწიეს მაღალ, დიდ წიფლისკენ, რომელიც თითქო განზრახ გაშორებოდა თავის ტოლ-ამხანაგებს და დაბლა, ვაკეში, მედიდურად შტოებგადაშლილი იდგა. ამ წიფლის ქვეშ ადგილი ისე სწორი და სუფთა იყო, თითქოს განზრახ გაუკეთებია და დაუგვია ვისმესო. წიფლის ძირიდან ცოტა მოშორებით მიჩანჩქარებდა პატარა მდინარე, რომელსაც წვრილის შავი ქვით მოფენილი კალაპოტი და ზევიდან ხეების ჩრდილი საამურ ფერსა სდებდა. როცა ქრისტინე და იასონ მივიდენ, წიფლის ძირში გასრიალა პატარა ჭრელი გველი, რომელსაც აქამომდე არხეინად ეძინა გრილოში.

- ვაიმე, რა უნდოდა ამ წყეულს აქანაი! - შეშინებით წამოიძახა ქრისტინემ და მიეკრა იასონს.

- ვინ იცის, იქნება ისიც საყვარელს უცთიდა, ვერ ჰხედავ, რავა ლამაზია? - გაეხუმრა იასონი, მერე წამოავლო ქვას ხელი და უნდოდა მოეკლა გველი, მაგრამ ქრისტინე ეცა ხელში.

- არ მოკლა, არ მოკლა!

- რატომ?

- ნენაიდან გამიგონია, ზოგი გველის მოკვლა არ ვარგაო. ეგება აგიც იმისთანა გველია, რომ მისი მოკვლა არ ვარგოდეს.

იასონმა გაიცინა და გააგდო ქვა ხელიდან. ამასობაში გველი წავიდა და ქრისტინე და იასონ დასხდენ წიფლის ძირში, იასონმა მოხვია ქალს ხელი, ჩაიკრა გულში და დაუსრულებლად კოცნიდა. ქალიც თითქო თავდავიწყებას მიეცაო, მაგრამ, როცა იასონი მეტად გაიტაცა ეშხმა, ქრისტინე წამოხტა ზეზე და უთხრა:

- რას შობი, იასონ? ხომ გახსოვს ჩვენი პირობა, ჯვარის დაწერამდი და-ძმასავით უნდა ვიყოთო. შენ, აგი ერთი ხანია გატყობ, სხვანაირათ მექცევი... ხომ არ გინდა ჩემი ხელით მევიკლა შენს წინ თავი!

- რა არის, გეხუმრე, და თუ გწყენს ჩემი ხუმრობა, სულაც აღარ გაგეკარები აწი, - ნაძალადევის გულცივობით უპასუხა იასონმა და თვითონაც წამოდგა, თითქო წასვლას აპირებსო.

- იასონ!.. - უთხრა ქრისტინემ, რომელმაც თითქო ამ ერთი სიტყვით გამოხატა ყოველივე თავისი სათქმელიო.

იასონი კი ხმას არ იღებდა. ქრისტინეს მოადგა თვალებზე ცრემლი და ცოტაღა უკლდა ატირებას. კარგი სანახავი იყვენ ისინი ამ ყოფაში: ტევრი, მყუდრო მიდამო, თხუთმეტ-თექვსმეტის წლის საშუალოზე ცოტა მომაღლო, ნაკვთად მოყვანილი ტანის ქალი, სწორი, ცოტათი მოგრძო, ლამაზი, ქერა პირისახით, დიდრონი, ცისფერი თვალებით, მათ ზემოთ თეთრ შუბლზე მშვენივრად გადატკეცოდა ისრის მსგავსი, წაბლისფერი წარბები; ხშირი თმა წელზე ეყარა. ამ საღის ქმნილების გვერდით იდგა ვაჟკაცი, შავგვრემანი, ლამაზი პირისახით, რომელსაც უმშვენებდა ახალამოსული, მელანივით შავი წვერ-ულვაში. ყმაწვილ კაცს ჰშვენოდა მეტადრე მეტყველი, შავი თვალები. ამათთვის რომ ამ დროს შეგეხედათ, იტყოდით, ესენი ერთმანეთისთვის დაუბადნია განგებას და კიდეც შეხვედრიან ერთმანეთსაო.

- მშვიდობით! - უთხრა იასონმა ქალს და გაუწოდა ხელი.

- რას შობი, იასონ, მაგდებ? მიხვალ!.. კაი, წადი! თუ ნამუსი ამას გიჩივა, მომიძულე, წადი... წადი! - ქრისტინეს წასკდა ტირილი.

- რა ვქნა, ქრისტინე, ვხედავ, არ გიყვარვარ, ჩემი ხელის მოკარებაც კი გეზარება.

- არ მიყვარხარ, არ მიყვარხარ!.. ვინც არ მიყვარდა, იმას ჩემ პირს დუუდობდი საკოცნელათ!..

- რა ვქნა, ქირას თუ მთხოვ კოცნაში, მოგართმევ.

- აგია, იასონ! შენ უნდა მიჩიოდე ამას! ჩემი პირი საქირაო ყოფილა, მეტი არაფერი!.. ქირას მოგცემო!.. - ქრისტინე უმატებდა ტირილს.

- სუ, ქრისტინე, ვინმე გეიგონებს და მაშვინ რაღაი? - დაყვავებით უთხრა იასონმა და დაუპირა კოცნა, მაგრამ ქალმა არ მიიკარა.

- დამეთხოვე!.. ქირას მოგცემო!..

- გეხუმრე, ქრისტინე, არ გცხვენია! სუ, ჩემო სიცოცხლევ! - ამ სიტყვებით იასონმა გადაუწია თავი და აკოცა ლოყაზედ.

ქალი დანებდა, მაგრამ ტირილს კი ვერ იკავებდა.

- დავჯდეთ! - უთხრა იასონმა, მოჰკიდა ხელი და ორივე ხელახლა დასხდენ.

- რა გინდა, ქრისტინე? შენ ხომ ჩემი ხარ და ჩემი! ფიცი ხომ მოგეცი, რაღაის გეშინია, არ გცხვენია ამ უნდობლობისთვის! უნდობლობა უსიყვარულობამ იცის, თუ ვერ მენდობი, გეტყობა არც გყვარებივარ!

- რას ჩივი, იასონ?! თუ არ მიყვარდე და არ გენდობოდე, ამ ღურღუთ ტყეში მოწიფულ კაცთან რა მომიყვანდა? მიყვარხარ, ღმერთმა იცის, იასონ, ისე მიყვარხარ, რომ... მარა... - აქ ქრისტინემ სიტყვა აღარ დაასრულა.

- თუ გიყვარვარ და მენდობი, რაღას მტანჯავ! დავდნი კაცი! აგერ ერთი თვეა, მგონია, რაც ასე ვართ. რა ვქნა, მოწიფული კაცის სისხლი მიდუღს, ვეღარ მომითმენია. რა გინდა, მაინც ხომ ჩემი ხარ? იფიქრე, თუ ჩემი სიყვარული გაქ, ჩემს სიამოვნებასაც უნდა ცდილობდე. თუკი მაწვალებ, რაღა სიყვარული იქნება! გეფიცები, ქრისტინე, ჭლექი გამიჩთება.

- ღმერთო, რა ვქნა!.. ჯვარის დაწერას ხომ მოვესწრობით?

- მოვესწრობით და შორაც არ არის, მარა მაქამდე რა გვიშავს ვითამ? მე ხომ მაქამდეც შენი იასონი ვარ. მითხარი, ხომ შენი ვარ, შენი! შენც ხომ ჩემი ხარ? - აქ მოეხვია ქალს და დაუსრულებლად კოცნიდა.

- შენი ვარ, იასონ შენი... მარა...

იასონს “მარა” აღარ ეყურებოდა. ის დაეპყრო გრძნობას, გატაცებით კოცნიდა ქრისტინეს და იკრავდა გულში.

- ნუ, იასონ, ნუ-მეთქი... - დააპირა ქრისტინემ თავის შეკავება, მაგრამ თავის შეკავების მაგივრად მისი ლალისფერი ტუჩები მხურვალედ კოცნიდა იასონის ტუჩებს, თვალებს და შუბლს.

- შენ და შენი ღმერთი, იასონ, ჩემი სიცოცხლე შენ მოგანდევი და შენ იცი, თუ არ დამღუპავ! - უთხრა ქრისტინემ, როცა თავდავიწყებიდან გამოვიდენ.

- არ გცხვენია, ეჭვიანობ! - უსაყვედურა იასონმა.

უკანასკნელ კიდევ მხურვალედ გადაკოცნეს ერთმანეთი და შემდეგ მოჩვენებასავით გაქრენ, ერთი - ერთ მხარეს და მეორე - მეორეს.

II

სოფელ ნიგვზიანში ბეჟან უქმაძე კარგი მამულის პატრონი და მდიდარი აზნაური იყო. რადგანაც ბეჟანს, იასონს გარდა, ვაჟიშვილი არ ჰყავდა, იასონი პატარაობიდანვე ფუფუნებას და ნებივრობას იყო მიჩვეული. რაც უნდა ახირებული რამ დაეჟინებია ბავშვს, დედ-მამაც და დებიც იმის ამსრულებელნი იყვენ. მოაღწია დრომ და ბეჟანმა თავისი ვაჟი ერთ მახლობელ ქალაქის სასწავლებელში მისცა. იასონ სწავლაში ძლიერ კარგ ნიჭს იჩენდა, მაგრამ, სამაგიეროდ, მშობლების სახლში ლაღად და ნებივრად აღზრდილს, არაფრად ეპიტნავებოდა სასწავლებლის გადაჭარბებული დისციპლინა. მასწავლებლები მუდამ უჩივოდენ იასონს უმორჩილობასა და სიცელქეს, მაგრამ ბეჟანის ხათრისათვის ვერ გამოეგდოთ სასწავლებლიდან. ამგვარად გადავიდა ის მესამე კლასში, აქ კი ერთმა მასწავლებელმა თავისი უსაზღვრო წყრომით და ტუქსვით იქამდე მიიყვანა იასონი, რომ მასწავლებელს სილა გააწნა. ამას შემდეგ, რა თქმა უნდა, იასონი დაითხოვეს სასწავლებლიდან. ბეჟანის ადგილას რომ ცოტაოდენად განათლებული კაცი ყოფილიყო, რასაკვირველია, ეცდებოდა და შვილს სადმე სხვა სასწავლებელში წაიყვანდა, მაგრამ გაუნათლებელ ბეჟანს საკმარისად მიაჩნდა, რომ მისმა იასონმა რუსული ლაპარაკი და წერა-კითხვა იცოდა. “ფილოსოფოსათ ხომ არ მინდა და სამსახურისთვის ესეც კი ეყოფაო”, - ამბობდა ბეჟანი. ნაცნობების შემწეობით ბეჟანმა იასონი მიაღებია მწერლად მაზრის სამმართველოში. მაგრამ დიდხანს არც იქ დაუყვია იასონს: ერთ დღეს დედის შეგინებისათვის იმან კარგა ლაზათიანად მიბეგვა კანცელარიის ერთი ტუზი და შემდეგ აიღო ანუ, უკეთ ვთქვათ, ააღებიეს სამსახურზე ხელი. მას შემდეგ იასონ აღარ მოშორებია მშობლების სახლს. ან რა გასაჭირი ადგა, რომ მაინცდამაინც სამსახურის გულისთვის თავი შეეტკივებია? სასმელი არ აკლდა და საჭმელი, საცმელი და სახურავი. მაგრამ ამ უზრუნველ ცხოვრებაშიც ერთი-ორის თვის შემდეგ მოწყენილობამ მოიცვა იასონის სული და გული. წამოდგებოდა დილას, ისაუზმებდა. შემდეგ - სადილი, ვახშამი და ძილი. მიდიოდა ამ ერთგვარობაში დღეები, კვირეები, თვეები. იასონი იმტვრევდა თითებს მოწყენილობისაგან, ამთქნარებდა, იზმორებოდა; მისი სიცოცხლით სავსე ბუნება თხოულობდა სხვაგვარ ცხოვრებას. მაგრამ რა უნდა ექნა? მუშაობა და მეტადრე მიწის მუშაობა დიდი სათაკილო საქმეა სოფლელ ხალხის თვალში. აბა ამ სათაკილო საქმეს ხომ არ მოჰკიდებდა ხელს მდიდარი აზნაურის ერთადერთი ვაჟი. ისეთ გარემოებასა და ხალხში თავის დღეში არ ყოფილა იასონ, რომ წიგნის კითხვის სურვილი შთაენერგა ვინმეს ამ ყმაწვილი კაცის გულში. წყალდებოდა არარაობაში იასონის ძალა, სული და გული. გულის გადასაყოლებელი და შესაქცევი რომ სხვა აღარა დარჩა რა, იასონმა დაიწყო მეზობლობაში სიარული. დღეს ერთისას აღამებდა, ხვალ მეორისას, ზეგ მესამისას; აზნაური იქნებოდა მისი მასპინძელი, მღვდელი თუ გლეხი, ეგ სულ ერთი იყო მისთვის, ყველას შეიფერებდა და დაიახლოვებდა. ამ ხეტიალში გაიცნო ქალებიც. ამას შემდეგ მის მოწყენილობასაც მოეღო ბოლო. დაიწყო მის ცხოვრებაში ახალი ხანა; ისე გაუტკბა სოფელში ცხოვრება, რომ, მგონია, თვით სამოთხეზედაც არ გასცვლიდა. ეხლა იშვიათი ღამე იქნებოდა, რომ იასონს შინ დაეძინა. ვინ იცის, სად დაეხეტებოდა და სად არა მთელი ღამის განმავლობაში! ბეჟანი და მისი მეუღლე შიშით აღარ იყვენ, მოგვიკლავს ვინმეო. მაგრამ იასონს არა თუ დედ-მამის დარიგება, მგონია, ჯაჭვი რომ მოგებათ, ისიც ვერ დაამაგრებდა ღამღამობით შინ.

სოფელ ნიგვზიანში ბევრ ტკბილ ცოლქმრობას გადაესხა მწარე ნაღველი იასონის წყალობით, ბევრი ოჯახის ტკბილი ცხოვრება შეირყა და გამწარდა, ბევრ გასათხოვარ ქალს მოეხადა ლეჩაქი. ნახავდა იასონი სადმე, მაგალითად, ან ეკლესიაზე, ან ღამის თევაში, ან სხვა რომელსამე შეკრებულებაში ლამაზ ქალს, გაუჩნდებოდა გულში ვარამი ავადმყოფობასავით ამ ქალის ხელში მოგდებისა და, სანამ თავის წადილს არ შეისრულებდა, ვერ მოისვენებდა. ამასთან უნდა მოგახსენოთ, რომ საძნელოც არ იყო იასონისთვის ამ შემთხვევაში თავის საწადელის შესრულება: იასონი იყო ლამაზი ყმაწვილი კაცი, კარგი მოლაპარაკე, ხუმარა; ისეთი სიმღერა და ჩანგურის დაკვრა იცოდა, რომ ტკბილი ჟრუანტელი დაუვლიდა ადამიანს მის გაგონებაზე; ამასთან მუდამ კოხტა, ჩაქურ ტანისამოსში გამოწყობილი (ევროპიული ტანსაცმელი დიდი ხანია უარეყო), მუდამ მოცლილი და თავისუფალი.

ბეჟან უქმაძის მეზობლად იდგა ერთი გლეხი, დათია ხელმოკლიძე. თუმცაღა მდიდარი, მამულის პატრონი აზნაური ბეჟან და ღატაკი გლეხი დათია ვერაფერი ტოლ-ფარდები იყვენ ერთმანეთისა, მაგრამ მეზობლობა კი მაინც ტკბილი ჰქონდათ ერთმანეთში, - დათია ყანაში ეხმარებოდა ბეჟანს, კვირა-უქმე დღეს, თუ ბეჟანს სტუმრები ჰყავდა, ხელს უწყობდა და ემსახურებოდა, ვენახსა და ხეხილის გაშენებაში ჰშველოდა და სხვა; სამაგიეროდ ბეჟან შეშას, წკნელს, საბალახოს, ხან საყანე მიწასაც აძლევდა დათიას.

დათიას უფროსი ქალიშვილი, ქრისტინე, ერთი იმ მშვენიერ ქმნილებათაგანი იყო, რომლის მსგავსი ერთ სოფელში ერთი გამოერევა, ან ორი. “დათიეის ქრისტინე ჩვენი სოფლის თვალია, თვალიო”, - ამბობდენ მეზობლები. რა თქმა უნდა, დათიას და მის მეუღლეს მარიკასაც თავი მოსწონდათ ქრისტინეთი.

- დედაკაცო, დეინახე, დღეს სულ ჩვენი ქრისტინესკენ ქონდენ თვალი და კითხულობდენ, ვინ არის იგი ლამაზი ქალიო? - სიხარულით ეუბნებოდა ეკლესიიდან ან სხვა შეკრებულებიდან დაბრუნებული დათია თავის მეუღლეს.

- შენ იმ დღეს უნდა გეყურებია, იმ დღეს! ქალი დევიბადე, ამას ქვიაო, ყველა ამას ჩიოდა, - ეუბნებოდა ქმარს პასუხად თავისი ქალიშვილის ქებით აღტაცებული მარიკაი.

სილამაზეს გარდა, ქრისტინე ისეთი ღვთისნიერი, ისეთი რბილი ხასიათისა და ტკბილი ენის პატრონი იყო, რომ მშობლებს, დებს, ძმებს, მთელ ოჯახს განსხვავებით უყვარდათ, ოჯახის სულად და გულად მიაჩნდათ.

იასონს კარგა ხანია უცემდა გული ამ ლამაზ მეზობლისათვის; უნდოდა, როგორც თვითონ ეძახოდა ამ საქმეს, “ერთი ხელში მოგდება”, მაგრამ ისიც გამოცდილებით იცოდა იასონმა, რომ სოფლელი გლეხის ქალი ზოგი სულ უწინააღმდეგოდ დანებდება კაცს, მაგრამ უმეტესობა კი არაფრის გულისთვის არ უღალატებს თავის უმანკოებას და ნამუსს. ქრისტინე ერთი ამ უკანასკნელთაგანი იყო, - დიდ განძად მიაჩნდა თავისი ნამუსი და ქალწულობა.

იასონმა დაიწყო დათიასას ხშირ-ხშირად სიარული. ხანდახან მთელს დღეს აღამებდა იქ. დათია და მისი მეუღლე ცუდს არ ხედავდენ ამ სტუმრობაში და ამიტომ სასიამოვნოდაც მიაჩნდათ, თუკი ისეთი ძვირფასი მეზობელი, როგორიც, მათი ფიქრით, იასონი იყო, მათ ოჯახში მისვლას იკადრებდა. ამასთან კიდევ იასონ მარიკაის “ძუძუნაჭამი” იყო. მართალია იასონს ეს “ძუძუნაჭამობა” არც კი ახსოვდა, თითო-ორ-ორჯერ ბევრ მეზობლის ქალს უჭმევია თავისი ძუძუ ამ პატივცემული აზნაურის შვილისთვის; დედაც ხუმრობით ხანდახან ჩამოუთვლიდა იასონს გლეხის დედაკაცების სახელს, - ესენი არიან შენი დედები, შენთვის ძუძუ უჭმევიათო. იასონსაც ბევრი უცინია ამ ხუმრობაზე: “უფ, უფ, რამდენი დედები მყოლიაო!” - მაგრამ ამით ამპარტავანი აზნაურიშვილი მართლა ნათესავად და თავისიანად ხომ არ ჩათვლიდა ვიღაცა გლეხის დედაკაცებს? ამგვარ ნათესაობას მხოლოდ გულუბრყვილო გლეხის დედაკაცის მარიკასათვის ჰქონდა მნიშვნელობა. “შენი საკადრისი არ არის, მარა დედაშვილობით გაგიბედავო” - ამ სიტყვებით ხშირად მიურთმევია მარიკას იასონისთვის კაი ყურძენი, მსხალი, ვაშლი, ხან ცხელ-ცხელი ხაჭაპურებიც. დიდხანს დადიოდა ამგვარად იასონი დათიასას. მაგრამ არ იქნა, ჯერ ვერას გახდა ქრისტინესთან. მორცხვი ქრისტინე უფრთხოდა იასონთან მარტო დარჩენას და ლაპარაკს. მართალია, მას შემდეგ, რაც იასონმა დათიასას სიარული დაიწყო, ქრისტინეს გულშიაც დაიბადა რაღაც ერთგვარი თბილი გრძნობა, გული სთხოვდა, სადმედან ჩუმად მაინც ემზირა იასონისთვის, მაგრამ ასეთი საიდუმლო საჭვრეტი თილისმა არსად იყო, ისე კი ცხადად ყმაწვილის კაცის ჭვრეტა და დაახლოვება, ქრისტინეს ჭკუით, არ იყო კაი საქმე და ამიტომაც თავს შორს იჭერდა ამგვარ საქმისაგან. მაგრამ რამდენადაც ქრისტინე შორს გაურბოდა, იასონს იმდენად უფრო და უფრო უძლიერდებოდა ნდომა ქრისტინეს “ხელში მოგდებისა”.

ერთ დღეს ქრისტინე მარტო დარჩა შინ, - სხვები საღაც წასულიყვენ. ყმაწვილი ქალი ნელ-ნელა კერავდა რაღაცას და თან ოცნებაში გართული დაბალის ხმით ღიღინებდა:

დედაც მიყვარს, მამაც მიყვარს,

ძმები ყველას მირჩევნია,

ერთი ვინმე სხვისი შვილი

თლათ ქვეყანას მირჩევნია.

- ვინა, ქრისტინე, ვინ არის იგი ბედნიერი? - სიცილით შეილაპარაკა კარებში ამ დროს იასონმა და შევიდა ქრისტინესთან.

ამ მოულოდნელი სტუმრობით ქალი დაიბნა, გაწითლებული წამოხტა ზეზე თავისი საკერავიანად, ერთი თითქო გაქცევაც დააპირა, მაგრამ მოაგონდა, რომ მის მეტი შინ არავინ იყო მასპინძელი და სტუმრის მარტო მიტოვება ურიგობა იქნებოდა. თავჩაღუნული, გაწითლებული გაჩერდა ფეხზე, მაგრამ სტუმრის მიპატიჟებას, ან ხმის გაცემას კი ვერ ბედავდა.

- რა არის, ქრისტინე, ისე გეშინია ჩემი, ვითამ და კაცის მჭამელი ვიყო! არ ვიცი, რა მიწყენიებია შენთვის, რომ ხოხობსავით მემალვი? - უთხრა თავისებური მომსყიდველი ტკბილი კილოთი იასონმა.

- რა ვქნა, რას მიკვეთ? - მორცხვად ჩაილაპარაკა ქრისტინემ და კიდევ უფრო გაწითლდა.

- რას უნდა გიკვეთდე? შენს გამეტს, ყველას უხარია ჩემი აქანაი მოსვლა, შენ, გეტყობა, გწყენს. სულ მომდურავსავით ხარ ჩემთან! რა არის ჩვენც გავცეთ ერთმანეთს ხმაი; ვნახოთ, იქნება კაი მეგობრები შევიქნეთ ბოლოს.

- რა მეგობრები? - თითქო უცბად წამოსცდა, თორემ არ უნდოდა კითხვაო, ისე უხერხულად და თავაუღებლად ჰკითხა ქრისტინემ.

ქრისტინეს უხერხულმა კითხვამ კარგი შემთხვევა მისცა იასონს იმ საგანზე გადაეტანა ლაპარაკი, რომელიც დიდი ხანია სწყუროდა.

- რა მეგობრები? როგორც შეფერის ჩვენისთანა ახალგაზრდებს. წაღან ქე არ მღეროდი: ერთი ვინმე სხვისი შვილი თლად ქვეყანას მირჩევნიაო, ნეტა არ იქნება, გამაბედნიერო და მე ვიყო იგი სხვისი შვილი? თქვი, ქრისტინე, თქვი, გენაცვალე, მაგ ლამაზ პირში! - აღტაცებით დაატანა იასონმა, რომელიც ისე უმზერდა ამ დროს ქრისტინეს, რომ იფიქრებდით, ეს-ეს არის, თვალში უნდა ჩაიძვრინოსო.

ქრისტინე ისევ ისე თავჩაღუნული იდგა და ხმას არ იღებდა. მხოლოდ მისი მძლავრი სუნთქვა ამტკიცებდა, რომ გული ძლიერ უღელავდა.

- მითხარი-მეთქი, ქრისტინე, მითხარი!

- რა გითხრა? თუ იკადრებ, შენ ძამიეი ხარ ჩემი, ნენაის ძუძუნაჭამი, - მღელვარების ხმით უთხრა ქრისტინემ.

- ძამიეი, დაიეი რათ მინდა მე? სხვაი მითხარი რამე, იმ ლამაზ გულ-მკერდში გენაცვალოს იასონი! მითხარი, ვისთვის გინდა ამ სილამაზე პირი? მოკვტეს იასონი, შენი თავი თუ სხვა ვინმეს დაანებოს!.. ეზოში ყვავილი ქონდეს კაცს და სხვამ მოუწყვიტოს! აბა მე სისხლი არ მქონია? მითხარი, სხვისი ხარ თუ ჩემი? - უფრო და უფრო გატაცებით ეკითხებოდა იასონი.

- ჩემი შეცთენა, მე რომ, კაი, შევცთე, შენ არ უნდა იკადრო და სხვაი, მე რა ვიცი, რა მოხერხთება ჩვენში?.. - კიდევ რაღაც უნდა ეთქვა ქრისტინეს, მაგრამ ვეღარ მოახერხა.

- რა მოხერხთება?.. - იასონი ერთ წამს დაფიქრდა და შემდეგ თქვა: - რა მოხერხთება და ცოლქმრობა. ახლა? ახლა რას იტყვი?..

ცოლქმრობის გაგონებაზე ქრისტინე შეკრთა, თითქო გულში ნატკენი ადგილი ჰქონდა და იქ გაჰკრა რაღაცამაო, სახეზე ალმური აუვიდა, თვალები რაღაც იმედით გაუბრწყინდა და ერთი ისე ტკბილად შეხედა იასონს, თითქო, ეს-ეს არის, ენაუთქმელად ხელში ჩაუვარდებაო. მაგრამ საჩქაროდ შეეცვალა ეს იმედიანი სახის მეტყველება უიმედობით. წარბები მოხარა გაჯავრებით და თვალებში დაეტყო, რომ თავის დაცვის ძლიერი ინსტინქტი გაეღვიძა ყმაწვილ ქალს.

- ცრუობაა, ცრუობა! მატყუებ! არ ვიცი, გონია, რომ მატყუებ! - გაბედულად და მქისედ უთხრა მან იასონს.

- რა ცხარი ყოფილხარ! რომ დაგიფიცო, მაინც იფიქრებ, მატყუებსო? - სანდო, დამარწმუნებელის კილოთი ჰკითხა იასონმა.

- არა, ტყულა ნუ ფიცულობ, არ მინდა ფიცი, ვიცი არ მოხერხთება! რა საფიქრებელია! ვინ მე და ვინ შენ!

- მითხარი, აბა რეიზა არ მოხერხთება? რა არის მოუხერხებელი?

- რა არის? რა ვიცი, ათასი! შენ ამისთანაი კაი ხარ, აზნაურისშვილი, ნასტავლი, მე ერთი საცოდავი ყაძახის ქალი, ერთი ანბანიც არ ვიცი!.. არა, რა საფიქრებელია?.. მერე კიდევ ნენაის ძუძუნაჭამი! არა, არ იქნება-მეთქი.

ქრისტინე რომ ამ ლაპარაკში იყო, იასონმა ამოიღო უბიდან წითელ ხავერდში გამოკრული პატარა საჯიბე ხატი, რომელიც მამამ აჩუქა იასონს და რომელსაც იასონი მუდამ ატარებდა ვერცხლის ძეწკვით საათთან ერთად, მოხადა პირი, დაიწერა პირჯვარი და დაიწყო:

- ვფიცავ ამ ნაწილიან ღვთისმშობლის ხატს, რომ მე, შენს გარდა, სხვაი ქალი არ შევირთო. ამის მადლი გაუწყრეს შენ მოღალატეს! აჰა, გჯერა თუ არა?

ქრისტინე პირველად ისე გააკვირვა იასონის ამგვარმა საქციელმა, რომ იტყვის თქმაც ვერ მოახერხა იმ წამს. შემდეგ კი რაღაც გაკვირვებულ-აღტაცებული ხმით წამოიძახა:

- რა ქენი, იასონ, აგი? მე რა შენი შესაფერი ვარ, ღმერთო!

- ის მე ვიცი, რაც შესაფერი ხარ! - ამ სიტყვებით მივიდა ის ქრისტინესთან. ქალმაც უწინააღმდეგოდ გადაუწია თავი და ორთავეს ჩაუტკბო ტუჩები მხურვალე და ტკბილმა კოცნამ.

- იცი, ქრისტინე, ხვალ ქედისყურაში რომ დიდი წიფელაა, ხომ იცი, დიდ შხუნას იქით, წყლის პირში, იქინეი მოდი.

- დედავ, დედავ, მეშინია! იქინეი საშინელი ყრუი ადგილია! - მართლა და რაღაც შიშის გამომხატველი ღიმილით თქვა ქრისტინემ.

- მაინც გეშინია? აბა ჩემი ფიცი აღარაფერი ყოფილა! - უსაყვედურა იასონმა.

- არა, არ მეშინია, მარა გაფიცებ იმ ღვთიშობლის ხატს, ჯვარის დაწერამდე და-ძმასავით უნდა ვიყოთ, გეყურება, იასონ, და-ძმასავით-მეთქი!

- რავაც კაი დაი და ძმაი, ოღონდ იმ ჟუჟუნა თვალებში გიყურო და სხვას მერეც მოვესწრობი, - უთხრა იასონმა და აკოცა თვალებში.

ის იყო, იმ დღიდან დაწყებული, ქრისტინე და იასონ დადიოდენ ერთმანეთთან პაემანზე დიდ წიფლის ძირში. მართალია, მათი პირობა ჯვარის დაწერამდე დაძმურად ყოფნის შესახებ საზღვარს გადასცილდა, მაგრამ რა უშავდა? იასონის ლაპარაკი ამტკიცებდა, რომ ჯვარისწერაც შორს აღარ იყო.

III

ერთი წელი გასულიყო მას შემდეგ, რაც იასონმა ქრიატინეს ფიცი მისცა, ცოლად შეგირთავო. ნაღვლიანი სახით იჯდა ქრისტინე კერასთან. ერთი ხელი თავზე ჰქონდა შემოდგმული და მეორეთი არწევდა აკვანს. სახეზე ძლიერ გამხდარიყო; თვალებში, რომლებიც თითქო უფრო დადიდრონებოდენ, რაღაც ნაღველი და უიმედობა ეხატებოდა. ჩვილი, თოვლივით თეთრი ბავშვი, რომელსაც პირშიშვლად ეძინა ღარიბ, ძველსაგებიან აკვანში, ხანდახან შეაცმაცუნებდა ტუჩებს, თითქო ძილშივე დედის ძუძუს სწოვსო. ნაღვლიან მდუმარებაში ქრისტინეს ნელ-ნელა გაევსო თვალები ცრემლით, და ბოლოს მსხვილ-მსხვილ ცვარებად გადმოუგორდა გამხდარ ლოყებზედ.

- ათასჯერ გაგაფრთხილე, დედაშვილობას, ყოლ წუთში ტირილს ნუ მაყურებიეფ! გვეყოფა შენს დედ-მამას, რაც გვჭირს, მაინც დაბნელებულია და კიდევ უფრო ბნელდება ჩემი საძაღლე გული, შენ რომ ასე მტირალს გხედავ! ტირი და ტირი! ნუ გეშინია, შენი ოჯახის მეტს, არაკაცს არ აწუხებს შენი ტირილი! - მწარე საყვედურით უთხრა დედამ ქრისტინეს.

დედის საყვედურმა, დამშვიდების მაგიერ, კიდევ უფრო მოუმატა ქრისტინეს ცრემლები, რომლებსაც ჯერ პირის მორიდებით ფარავდა, მაგრამ ბოლოს კი წასკდა ისეთი მძლავრი ტირილი, რომ გული ამოეგლიჯებაო, გეგონებოდა. ტიროდა გულზე სევდისმომდები, გაგრძელებულ მკვნესარე ხმით. ქრისტინეს ცრემლები ჩაეწვეთა მძინარე ბავშვს აკვანში, გამოაღვიძა და ეხლა იმისი ჩხავილი და ტირილიც უერთდებოდა ქრისტინეს ტირილს.

- მადლობა ღმერთს, რომ მამაშენი არ შეგხთა ამ ტირილზე! ათასჯერ კი გითხარ: მეყოფა, რაც მჭირს, ტირილი აღარ გამაგონოო! - უთხრა მარიკამ ქალიშვილს წყრომით.

- რა გინდებიან? აა, თუ გაკეთდებით, მომკალით! ვინ გიშლის, მომკალით! მე კიდეც მირჩევნია, თუ მომკლავთ! - ტირილით ამბობდა ქრისტინე.

- ღმერთო, რა დღეი მომასწარი აგი? - მწუხარებით წამოიძახა მარიკამ, ერთი მწარედ ჩაიკრა გულში ხელი, მერე გადაიარა ქრისტინესკენ, ამოიყვანა ბავშვი და დაუწყო ფერება. ბავშვი დაეთხოვა ტირილს, ცმუკავდა და უცაცუნებდა მარიკას პირზე თავის პაწია ხელებს. “ღმერთო, რა ანგელოზია!” - ჩუმად ჩაილაპარაკა მარიკამ, დაკოცნა ბავშვი და შემდეგ კიდევ ჩაილაპარაკა თავისთის: “ნეტაი, ერთი დღეი არ აცოცხლა მარიკაი და აგი კანოლიერი შვილი იყოს!”

ამასობაში ქრისტინემაც მოიჯერა გული ტირილით, მოიწმინდა ცრემლისაგან დაწითლებული თვალები, შემდეგ გამოართვა ბავშვი მარიკას და ჩაუდო ძუძუ პირში, ბავშვი რამდენისამე წამის განმავლობაში ხარბად ეწაფებოდა ძუძუს. მაგრამ ადრე მოიჯერა გული და მოჰყვა ქრისტინეს კალთაში ცელქობას. ქრისტინეს აღარ მოუთმინა გულმა, სიყვარულით სავსე თვალები დააშტერა ბავშვს და ჩუმად ჩაკოცნა.

ეს ჩვილი ბავშვი ქრისტინეს შვილი იყო. როგორც ამ მოთხრობის თავში მოვიხსენიე, ფიცის დადების შემდეგ ქრისტინე და იასონი ხშირად ნახულობდენ ერთმანეთს ერთხელ აჩენილი წიფლის ძირში და ხან სხვაგანაც. ქრისტინე სრულიად მიენდო იასონს, რომელიც აიმედებდა: აი დღეს, აი ხვალ დავიწერთ ჯვარსო. გადიოდა ამ ტკბილ იმედში დრო. უკანასკნელ ქრისტინეს დაეტყო ორსულობა. მართალია, ამას ჯერ, თვითონ ქრისტინეს და იასონს გარდა, ვერავინ ამჩნევდა, მაგრამ შემდეგ, თუ ჯვარის დაწერას დროიანად ვერ მოასწრებდენ, რა თქმა უნდა, ხალხი გაიგებდა ქრისტინეს ორსულობას. ამიტომაც იყო, რომ ქრისტინეს შიშის ჟრუანტელი უვლიდა ტანში და აჩქარებდა იასონს.

- თუ გიყვარდე, იასონ, სანამ ქვეყნის ყბაასაღები გახთებოდეს ჩვენი საქმე, მოვასწროთ ჯვარის დაწერა. მართალია, შენ ჩივი - რის გეშინია, რაც უნდა იქნას, მაინც ჩემი ხარო. მეც ვიცი, შენი ვარ, მარა ქვეყნის ამბავი ხომ იცი, თუ ჯვარდუუწერელს შემიტყვეს ორსულობა, იმისთანაებს კი იტყვიან, რომ მე ვეღარ გუვუძლებ იმას. მერე შენთვისაც ხომ საწყენი იქნება, მე რომ ლანძღვას დამიწყებენ. სხვაი სხვაია, დედ-მამასაც ვერ დავჯერებ - იასონ შენ რავა წაგიყვანს ცოლათო, მეტყვიან და შავ დღეს დამაყენებენ. იასონ, რავაც ღმერთი კია მაღლა, ისე ვიცი, შენ არ მიღალატებ, მარა, ნუ გეწყინება ამის თქმაი, გული მაინც რაცხა შიშით მიკანკალებს, ამ ბოლოს სულ იმის ფიქრში ვარ, - იასონსაც ვუყვარვარ, არც მიღალატებს, მარა აი საქმე მაინც არ იქნება-მეთქი. ათასგვარი სიზმრები კი მესიზმრება ღამე: ხან ვითამ ჯვარდაწერილი ვართ, შენსას მაქ ბინა, მარა შენი დედ-მამა მიწყრებიან, საშინელი თვალით მიყურებენ და სახლიდან გაგდებას მიპირობენ. ხან ვითამ საყტარში ვართ, მარა ღვდელი ვარს ჩივა, ჯვარს არ დავწერო. ხან ვითამ ამ წიფლის ძირში გიცთი, გიყურებ, გული მიდნება, მარა შენ არ ჩანხარ. გუშღამ მესიზმრა: ვითამ ამ წიფლის ძირში გიცთი. ვაიმე, ქედიდან ჩამეირბინა უშველებელმა ცოფიანმა მგელმა, მომაშურა და, რომ უნდა დამგლიჯოს, ამასობაში მომისწარი შენ, ჰკარი მგელს თოფი და გააგორე. რა ვიცი, რა არ მესიზმება, ხან კაი და ხან ავი! მარა სიზმრებს ახლა თავი დავანებოთ. შენ ჩივი, თუ ამ კვირეს არა, მეორე კვირეს მაინც დევიწერ ჯვარსო?

- ასე მაქ გადაწყვეტილი, ვერც რამე დამიშლის, მგონია, - უპასუხა იასონმა.

- ჯვარის დაწერამდი ხომ კიდევ ვნახავთ ერთმანეთს?

- ჯვარის დაწერამდი?.. კი, რავა არა.

- სად? აქანაი, ხომე?

- აქანაი.

- როის მოვიდე?

- როის?. პარასკევს.

- ასე გვიან?

- კაი, თუ გინდა, სამშაფათს იყოს.

- მაშვინ ნამდვილს ანბავს მეიტან, - ამ კვირეს იქნება თუ იმ კვირეს?

- მევიტან, რა თქმა უნდა.

- ადრე მევიდე, ხომ. ნასადილევს?

- ისე, რავაც მოახერხო.

ამ ლაპარაკით და მხურვალე კოცნით დაშორდენ ერთმანეთს ქრისტინე და იასონ უკანასკნელ ნახვის დროს.

დანიშნულ დღეს ქრისტიზე მივიდა პაემანზე, მაგრამ იასონ ჯერ არ მოსულიყო. რომ მის მოსვლამდე გული გადაეყოლებია, ქრისტინე დაჯდა მდინარის პირას და დაუწყო ყურება წყალს, რომელიც საიდუმლო დუდუნით მითამაშობდა. წყლის დუდუნს ქრისტინემაც ააყოლა ხმა და ნაღვლიანად, ძლივს გასაგონი ხმით ღიღინებდა:

ვინ იფიქრებს ქვეყნის გადაბრუნებას?

ვინ შეუცვლის ჩემ საყვარელს ბუნებას?

დღე იყო ყუჩი, ღრუბლიანი. არემარეს გულის დამამძიმებელი, რაღაც მყუდრო მოწყენილი სახე ედო. დიდხანს უყურა ქრისტინემ, მაგრამ იასონი არ გამოჩნდა. ქრისტინე მოიცვა შიშმა და მღელვარებამ. “რა დაემართა ნეტაი, რეიზა დაიგვიანა?” - ათასჯერ იმეორებდა გულში. ცას უფრო და უფრო გადაეკრა ბნელი ფერი. უკანასკნელ გაისმა ჰაერში ქუხილი და ღაპაღუპით წამოვიდა ზაფხულის სხვილი წვიმა. ქრისტინე ერთხანს შეეფარა წიფლის ძირს და იასონის მოსვლამდე არ აპირებდა შინ წასვლას, მაგრამ წვიმა თანდათან გაძლიერდა, ასე რომ ცოტა ხნის განმავლობაში ტალახის ფერად აქცია მდინარის ანკარა წყალი. თან ღამდებოდა, მეტი რა გზა იყო, ქრისტინე გაიქცა შინისკენ. მაგრამ გული კი საშინლად ჯავრიანი მიყვებოდა. როცა სახლს მიაწია, ერთიანად დასველებული იყო. დედ-მამამ დაუწყო წყრომა, სად იყავი ამ საშინელ დარში ამდონ ხანსო. მაგრამ ქრისტინემ მეზობლისას ყოფნა მოიგონა და საქმე მშვიდობიანად დაბოლოვდა.

იმ ღამეს ქრისტინეს ძილი არ მიჰკარებია. სულ იმაზე ფიქრობდა, რისთვის ვერ მევიდა იასონ პაემანზეო. “წვიმას რომ არ მოესწრო, უეჭველად მევიდოდა, იქნება კიდეც მივიდა, მე რომ წამოვედი, მერეო”, - თვითონვე აიმედებდა თავის თავს. მაგრამ შემდეგ მაინც კიდევ ამავე საგანს უბრუნდებოდა: “ნეტაი რა დაემართა, რეიზა ვერ მევიდაო”. მეორე დღეს განუწყვეტლად მოდიოდა წვიმა. ქრისტინეს თვალი ჭიშკრისაკენ ეჭირა, აი, გაიღება და შემოვა იასონიო. მაგრამ დაღამდა და იასონ არ მოდიოდა დათიასას. ახლა კი შიშმა სულ მთლად აიტანა ქრისტინე: “ან ავათ გახთა, ან ფარცაკი რა დამართიაო”, - გულის კანკალით ეუბნებოდა თავის თავს. გათენდა თუ არა, ქრისტინემ მოიგონა რაღაც მიზეზი, აიღო დედისაგან ნება და გასწია უქმაძისას. “იასონ ვინცხა თავადიშვილისას წევიდა სტუმრათ და ორ კვირას არ დაბრუნდება იქიდანო”, - უთხრა უქმაძის გოგომ ქრისტინეს. საბრალო ქალს თითქო გული მოსწყდა ამის გაგონებაზე. მკვდრის ფერი ედო, როცა შინ დაბრუნდა. “ვაიმე, შვილო, რა ფერი ჩაგდობია, ავათ ხარ?” - ჰკითხა შეშინებულმა დედამ. ხო, ავათ ვარ, - უპასუხა ქრისტინემ და ჩაწვა ლოგინში. მთელი ერთი კვირე ისე გაატარა ქრისტინემ, რომ საჭმელი ორჯერ არ უჭამია.

გავიდა ამის შემდეგ ერთი თვე. ქრისტინეს თვალები გამოუღამდა, ილეოდა, იტანჯებოდა, ტიროდა ჩუმად, მაგრამ იასონ კი არსად სჩანდა. ის თითქო თავის მამის სახლშიაც აღარ მოდიოდა იმ ხანად. ერთი რომ თვალი ვეღარ შეავლო და სალაპარაკოდ ვეღარ ნახა ქრისტინემ იასონი, ერთ ნაცნობ ქალს გაენდო, დააწერია ბარათი (ქრისტინემ წერა-კითხვა არ იცოდა) და შეეხვეწა უქმაძის გოგოს: ჩუმათ მიეცი იასონსო. ეს დიდი გაბედულობა იყო ქრისტინეს მხრით: უქმაძის გოგოს შეეძლო გამოეაშკარავებია ეს ამბავი, მაგრამ რა ექნა, სხვა ღონე აღარ დარჩენოდა.

“იასონ! - სწერდა ქრისტინე - რა მიქენი? მიღალატე? მერე ჩემი ხომ არ გეშინია, რომ მემალვი? გეხვეწები, იასონ, ერთი მაჩვენე შენი თავი, ერთი გამაძღე შენი მზერით და მერე, თუნდა, მომკალი, აღარ ვინანებ. თუ არ გინდებვარ, მითხარი, რის გეშინია ვაჟკაცს! არა, მე, ბრიყვს, კიდევ არ მგონია, თუ შენ მომიძულებ. გეხვეწები, გეხვეწები, იასონ, ერთი კიდევ დამანახვე შენი თავი, რომ იცოდე, რაფერ მენატრება შენი ნახვა! შენი ქრისტინე”.

ვინ იცის, იმ დროს, როცა ფიცი მისცა, მართლა გადაწყვეტილი ჰქონდა თავის გულში იასონს ქრისტინეს შერთვა თუ არა. საუკუნეები გავიდა მას შემდეგ, რაც დიდმა შექსპირმა სთქვა: “როცა სისხლი ღელავს, ენა ფიცით არ იღლებაო”.

ამასთან ესეც უნდა ვთქვათ, რომ ამპარტავანი აზნაური ბეჟან უმალ სასიკვდილოდ გაიმეტებდა თავის იასონს, მინამ ღატაკი გლეხის ქალის შერთვის ნებას მისცემდა. ასე იყო თუ ისე, იასონისაგან ეს წერილი მოუვიდა ქრისტინეს: “რა ვქნა! შენ შერთვას მშობლები არ მანებებენ. ისე ტყულა ჩემი ნახვა რათ გინდა? ისევ ჯობია დამივიწყო”.

როცა ქრისტინემ ეს სიტყვები მოისმინა, არ ატირებულა, მხოლოდ ისე მწარედ წარმოსთქვა: “იმ ფიცის და იმდონი იმედიანი სიტყვის მერე ამის თქმაც შეიძლება? თურმე ყველაი ტყუილი ყოფილა ქვეყანაზედ!..”

ძნელი წარმოსადგენია, რა ვაი-ვაგლახი დატრიალდა დათიას ოჯახში, როცა ქრისტინეს ორსულობა გაიგეს. დათია თავის მოკვლას აპირებდა; მარიკა მთელი დღის განმავლობაში ტიროდა და იკაწრავდა ლოყებს. რომ მომკვდარიყო ქრისტინე, მგონია, მაშინაც არ გადაეხადათ იმდენი ტირილ-ჟივილი. ქრისტინეს პატარა დები და ძმებიც კი, რომლებსაც არც კი გაეგებოდათ კარგა, რა იყო ეს ორსულობა, ტირილით ისიებდენ თვალებს. თუმცა აქამდე მშობლებს სიტყვითაც კი იშვიათად უთქვამთ საყვედური თავისი საქებურ-საყვარელი ქალიშვილისთვის: რაც შეიძლება გლეხის ოჯახში, ფუფუნებით გაზრდილი ჰყავდათ, მაგრამ ეხლა, ეხლა კი გაცეცხლებულმა დათიამ სტაცა თმაში ხელი და, თითქო უნდა მოკლასო, ისე გამეტებით სცემა. მარიკაი ხელით არ ეხებოდა ქრისტინეს, მაგრამ ისე კი გამეტებით სწყევლიდა და ეხვეწებოდა ღმერთს: “მომიკალი ჩემი ქრისტინაი და შავი ჩამაცმევიე მასზეო”.

იმ დღიდან დაწყებული, შეიცვალა ქრისტინეს მდგომარეობა მშობლების სახლში: დედა, მამა, დები, ძმები, დიდი და პატარა, ყველა მოვალედ სთვლიდა თავის თავს, რომ მუდამ ეტუქსათ ქრისტინე, როგორც არაწმინდა საქმის მოქმედი. გაქრა ქრისტინეს მხიარულება და სიცილ-კისკისი. ის ეხლა სტიროდა ჩუმად თუ ცხადად; თუ არა, შერცხვენილი, დაჩაგრული შავ ფიქრებს ეძლეოდა.

დათიამ ერთხანს უგზავნა ბეჟან უქმაძეს და მის შვილს მოციქულები, მაგრამ ვერაფერი კმაყოფილება გამოიტანა აქედან. ბოლოს უჩივლა კიდეც, მაგრამ აქაც ვერას გახდა: ერთმა გაქნილმა ადვოკატმა, რომელიც უქმაძის ვექილად იყო ამ საქმის გარჩევის დროს, პირველი სიტყვის წარმოთქმითვე დაამტკიცა დათიას საჩივრის უსაფუძვლობა და დათია პირში ჩალაგამოვლებული გამოისტუმრა სასამართლოდან.

მოაწია დრომ და ქრისტინეს ეყოლა ვაჟიშვილი, რომელსაც ის ახლა თან სირცხვილით და თან დედობრივი სიყვარულით აღსავსე შეჰყურებდა და აწოვებდა ძუძუს. ბავშვი მეტად კარგი და საღი იყო.

IV

მიდიოდა დრო, მაგრამ ქრისტინესთვის, სევდა-ნაღველს გარდა, სამხიარულოს არას ტოვებდა. მშობლები თანდათან უფრო და უფრო სასტიკად ეპყრობოდენ საბრალო ქალს. დათია ხშირად სცემდა. ან რა მოარბილებდათ? იმ ხანად ერთი მაღალი სიტყვა რომ ეთქვა დათიას ან მარიკას რომელისამე მეზობლისათვის, გაჯავრებული მეზობელი მაშინვე წამოსძახებდა: “თქვენ თუ სინდისი გქონდეს, ბუშიანი ქალი არ გეყოლებოდათ ოჯახშიო”. “ახლა სიკტილი არა ჯობს ჩემ სიცოცხლეს!” - გულში ხელჩაკვრით იტყოდა მეზობლის სიტყვებით გაბრაზებული დათია. მეზობლის ქალებს ხომ ქრისტინეს გარდა, სალაპარაკო აღარა ჰქონდათ რა. “ახია მარიკაზე, რაც დაემართა! აი საყტარზე კი მიყავდა, აი იქით და აი აქეთ, უფეთქებდა ქვეყანას. ვითამდა, ჰა, რა ქალიშვილი მყავსო! ახლა იგია, ბუშიანი უგდია სახლში!” - ნიშნის მოგებით ამბობდენ ზოგიერთები. “უიმე, თურმე დიდი ხანია მას აქეთ, რაც დაუწყია იმ ურცხვს, და ჩვენ ყური სად გვქონდა!” - აზვიადებდენ მეორეები. ვინ იცის, კიდევ რამდენი სხვაი ასეთი მომწამვლელი ხმები გააგონეს ქრისტინეს. მართალია, ქრისტინე პირველი მაგალითი არ იყო, სხვებიც უნახავთ მისი მსგავსი, მაგრამ სხვები დასძველებოდათ და ქრისტინეს ეშხამებოდა სიცოცხლე, ნატრობდა სიკვდილს, მაგრამ თავისი ხელით ვერ გაიმეტა თავი სასიკვდილოდ, და ისე კი სიკვდილი მისი თხოვნით არ მოდიოდა “ნეტაი დაკარქვით მაინც დამკარქა სადმე, რომ ვეღარ გევიგონო იი ჩვენი სოფლის გველი ენა!” - ამბობდა ხშირად ფიქრებში წასული ქრისტინე. ეკლესიაზე ან სხვა შეკრებილებაში წასვლა-მოსვლა, რაც დიდ გასართობ საგანს შეადგენს სოფლელ ყმაწვილ ქალისათვის, ქრისტინეს, სირცხვილის გამო, აღარ შეეძლო. მეზობლობაში გავლა-გამოვლისაც კი სცხვენოდა, არა თუ სხვაგან წასულ-წამოსულიყო. თუ წავიდოდა, - სერში შეშის მოსატანად, თუ არა, იჯდა სახლში, არწევდა აკვანს და ეძლეოდა გულის მომკვლელ მწუხარებას. როცა ნაღველი მოაწვებოდა გულზე, ან კიდევ დედ-მამა გააჯავრებდენ, გაიყვანდა თავის გოგის გარეთ, მიუჯდებოდა სახლის უკან ღოჯეს და ტიროდა. მხოლოდ დათიას კი ვერ დაანახვებდა ცრემლებს. “არ გამაგონო ტირილი ამ ჯავრიან გულზე, თვარა, ღმერთს გეფიცები, მოგკლავ!” - დაუყვირებდა დათია, როგორც კი ცრემლებს დაუნახავდა ქრისტინეს. “მარინე, ჩემისთანა უბედური სხვაი კიდევ იქნება ქვეყანაზე? ტირილსაც არ მანებებენ! რა ვქნა, რომ მეტირება?” - ეუბნებოდა ხშირად ქრისტინე ერთ სანდო ყმაწვილ მეზობლის ქალს. მარინეს ძლიერ ებრალებოდა ქრისტინე, მაგრამ რა უნდა ექნა, რა ნუგეშის მიცემა შეეძლო იმაზე მეტი, რომ ეტყოდა: “რა ვუყოთ, ქრისტინე, ღმერთია მოწყალეო”.

ერთ დღეს ქრისტინე ჩვეულებრივად იჯდა აჩემებულ ღოჯესთან, მისი მოღრუბლული სახე ამტკიცებდა, რომ ამ წამსაც არ ასვენებდა შავი ფიქრები.

- რა არის, ქრისტინე, სულ ზიხარ და ზიხარ აქანაი კვტრის ჭირისუფალსავით მგლოვიარეთ! მოკტები, ქალო, ასე! ერთი წარბი გახსენი! - მიილაპარაკა ქრისტინესთან მარინემ და მიუჯდა გვერდში.

- თუ მოვკტებოდე, კაია, მარა სიკვტილსაც აღარ უნდებვარ! - უთხრა ქრისტინემ.

იცი, ქრისტინე, რეზა მოვედი? - დაიწყო მარინემ ხმადადაბლებით, - გუშინ ჩემი ბიძისას ვიყავი, დედიდან ბიძა რომ მყავს. იქინეი სონაი ვნახე, იცი სონაი შენ? ქმარს რომ გიექცა?

- არ ვიცი, - უპასუხა ქრისტინემ

- სონაი ბიძაჩემის სახლის კაცის ქალიშვილია. ჰო, იმას ვჩიოდი, სონაი მოსულა შინ პაწა ხანს ძმების სანახავათ. მერე ქე მივა, საცხა თფილის ქალაქიაო შორ, იქინეი. მერე რომ ვნახე, სიტყვაზე შენი ანბავი ვუთხარი, - სონაი ჩემი ნათესავია, - ჰო, ვუთხარი, - ასე და ასეა-მეთქინ. რა აბრიყვებსო, მითხრა სონამ, თავის მოკვლას და დაჭლექებას იგი არ ჯობს, მიატიოს იი დედ-მამა, წევიდეს სამე და იცხოვროსო. შენთან რომ წამევიდეს, წეიტან-მეთქინ? ვკითხე და, რეზა არ წევიტანო; თუ ასეა მისი საქმე, ჯობს, უთხარი, წამოვიდესო. უჰ, რომ იცოდე ქრისტინე, რავა დიდიკაცის ქალსავით არის სონაი გამოწყობილი! იმისთანაი კაბა, შლაპა და პოლსაპოშკი აქ, იმისთანაი, რომე!..

ქრისტინე დაფიქრდა და მერე უთხრა მარინეს:

- წამიტანე ერთი მე იმ სონასთან.

- თუ გინდა, ხვალ წავიდეთ. ჩემი ბიძის ზეთ კარზე დგას სონაის ძმები. ჯერე ბიძიესას მივალთ და თუ იქინეი არ იქნა სონაი, მერე მისას წევიდეთ. გითხარი, სონაი ჩემი ნათესავია, - უპასუხა მარინემ.

მეორე დღეს ქრისტინემ მოიგონა, მარჩიელთან (მკითხავთან) მივალო, და წაყვა მარინეს. როცა შინ დაბრუნდა, ძლიერ დაფიქრებული იყო, მაგრამ ეს ფიქრი სულ სხვანაირი ფიქრი იყო და არა წინანდებური ნაღვლიანობა.

იმ დღიდან დაწყებული, ქრისტინეს დაეტყო ცვლილება: ძლიერ იშვიათად სტიროდა; უფრო ხშირად რაღაც თვალებგაშტერებული იჯდა და სახის მეტყველებაზე ეტყობოდა, რომ მისთვის მძიმე გადასაწყვეტ საქმეს ფიქრობდა. მშობლების წყრომა-დარიგებას ძლიერ გულგრილად უხვდებოდა, თითქმის ყურადღებასაც არ აქცევდა. ეს საქციელი თავგასულ უმორჩილობად მიიღო დათიამ და ამით კიდევ უფრო გაჯავრებული იყო თავის ქალიშვილზე, უფრო მოუხშირა წყრომასა და ცემას. ქრისტინემ კი თავისი მხრით მოუხშირა ვითომდა მარჩიელთან სიარულს. აქ დათიამ და მისმა მეუღლემ ეჭვი აიღეს - იასონის ჯავრის ამოსაყრელ რასმე თუ ასწავლის მარჩიელიო. ამის წინააღმდეგი არც დათია და არც მისი მეუღლე იყვენ და ამიტომ არ უშლიდენ ქრისტინეს მარჩიელთან სიარულს. მართლადა მეტად ქრისტიანი უნდა ყოფილიყო ქრისტინე, რომ იასონზე შური არ ეძიებია: იმ დროს, როცა იასონის ღალატით ქრისტინეს სიცოცხლე იწამლებოდა და იშხამებოდა, თვითონ იასონმა დაიწერა ჯვარი ერთ მდიდარ აზნაურის ქალზე და ტკბილად ატარებდა დროს თავის ყმაწვილ ცოლთან. მისგან დაღუპული ქრისტინე კი ერთხელაც არ გაიხსენა, ერთი სიტყვითაც არ ანუგეშა.

ერთ დღეს უცბად შეხვდა ქრისტინე იასონს და მის ცოლს, - მხარდამხარ მიდიოდენ სადღაც ცხენებით. იასონმა, ქრისტინე რომ დაინახა, პირი მოარიდა. ქრისტინეს აღარ მოუთმინა გულმა და მიაძახა: “იასონ, მოღალატევ, ფიცის გამტეხო! სანდურავს რაღას მემართლები? ერთი ხმა გამე!” იასონი გაწითლდა და აირია - ალბათ, ცოლის შერცხვა - და გაჯავრებულმა უპასუხა ქრისტინეს:

- ნეტა რა უნდა ჩემგან ამ უნამუსო დედაკაცს? მომშორდი თორემ...

- წამო, გენაცვალე! რა შენი საქმეა სოფლის დედაკაცთან ჩხუბი! - დაამშვიდა ცოლმა იასონი და ორივემ გააჩქარეს ცხენები.

ამის შემდეგ რა გასაკვირველი იყო, რომ ქრისტინეს იასონის სავნებლად რამე განეზრახა. მაგრამ ქრისტინეს ფიქრადაც არ მოსვლია იასონის შურისძიება. ან რა შურისძიება შეეძლო ისეთ სუსტსა და გულკეთილ არსებას, როგორიც ქრისტინე იყო?

ერთ დილას ძლიერ ადრე წავიდენ ქრისტინე და მარინე, როგორც მარიკას უთხრეს, მარჩიელთან, და ჩვეულებრივზე უფრო გვიან დაბრუნდენ შინ. ქრისტინეს სახეზე ეტყობოდა, რომ რაღაც დიდი ბრძოლისა და მღელვარების ქარიშხალი ტრიალებდა მის სულსა და გულში. ის თითქო გამხდარიყო ამ ერთის დღის განმავლობაში. დედამ შეამჩნია ესა და უთხრა:

- რეიზა არ იტყვი, რას გიჩივა იგი ეშმაკის წაღებული მარჩიელი, რომ ადამიანის ჭკუა და სახე აღარ გაქ, იქიდან რომ დაბრუნდები?

- იმას მიჩივა, რაც შენ და ბაბას გინდა, მოკტებიო, - უპასუხა დედას ქრისტინემ საშინელი გულმომკვლელი საყვედურის კილოთი.

მარიკას სახე გაუფითრა ამ მწარე პასუხმა და თვალებზე ცრემლმოდენით ჰკითხა ქალიშვილს:

- მე მინდა შენი სიკტილი, მე?!

- რა ვიცი, სულ იმას მიჩივით - აქამდი მომკტარიყავი, უკეთესი იქნებოდა ჩვენთვისო. ცემა არ დაგიკლიან და ტყეპა, წყევლა და გინება. თუ სასიკტილოთ არ მიმეტებდით, რა იყო აგი? ახლა რაღა გატირებს? მეც ვიცი, თუ მოვმკტარიყავი, უკეთესი იქნებოდა! მარა რომ არ იქნა!

- მე მინდოდა შენი სიკტილი, მე?!. თუ გიწყრებით მე და მამაშენი, ისევ შენი გულიზა, თავი რეიზა წეიხთინეო. ახლა ამას გვწამობ, ჩემი სიკტილი გინდათო, - უსაყვედურა მარიკამ, რომელსაც რამდენიმე ცვარი ცრემლი გადმოედინა თვალებზე, სახე აუთრთოლდა სატირლად, მაგრამ თავს იმაგრებდა.

- დამეთხოვე, ჩემო ნენა! ჩემი გულიზა იყო თუ თქვენი გულიზა, შენ და ბაბამ სიცოცხლე კი შემაძულეთ, ჩემი გული კი მოხარჩეთ და მეტი რა ვიცი! გითხარი იგია, თუ მოვკტები, ჩემთვისაც უკეთესია და თქვენთვისაც!..

- მოკტები, არა იგი! გინდა ახლა ერთი შეგვაშინო. აბა ერთი მე ვნახო იი მარჩიელი, შევიტყობ, რასაც გიჩივა, - კიდევ საყვედურით უთხრა დედამ, რომელმაც იჭვი აიღო - ქრისტინეს ჩვენი მოტყუება უნდა - მოვკტებიო, გვაშინებს, რომ ამითი წყრომა აიშოროსო.

- ჰოდა კაი, ახლა რაღა გინდა? თუ არ მოვკტები, ქე გეყოლები და მჭამეთ შენ და ბაბამ, - უთხრა ქრისტინემ, გაიყვანა ბავშვი კარში და დაჯდა აჩემებულ ღოჯესთან.

ბავშვი ჯერ მადიანად მიაძღა ძუძუს და მერე მოჰყვა ცელქობას, ცმუკავდა დედის მკერდზე; თან უმზერდა დედას თვალებში, უცინოდა და მოუსვენრად ელაპარაკებოდა რაღაცას თავის ბავშვურ, გაუგებარ ენაზე. ქრისტინემ უმზირა, უმზირა ბავშვს, მერე დაკოცნა, ჩაიკრა გულში და დაიწყო ტირილი. იკრავდა ბავშვს გულში და ტიროდა. როცა ტირილით გული მოიჯერა, წაიყვანა ბავშვი და გასულელებულივით დადიოდა აქეთ-იქით ეზოში. იმ დღეს მარტო ქრისტინე და მისი დედა იყვენ შინ. დანარჩენები ყანაში ღომის საკრეფად წასულიყვნენ. როცა მოსაღამურდა, დედამ ჰკითხა ქრისტინეს:

- შეშიზა შენ წახვალ, თუ მე წევიდე?

- დღეს, ნენა, შენ წადი, მე რაცხა შეუძლოთ ვარ, - უპასუხა ქრისტინემ.

მარიკაი წავიდა ქედში შეშისთვის. ქრისტინე იჯდა სახლში და რაღაცაზე ისევ ისე ღრმად დაღონებული ფიქრობდა და ფიქრობდა. ის მხოლოდ მაშინ გამოფხიზლდა ფიქრისაგან, როცა ბავშვმა ძილისთვის ტირილი დაიწყო. ქრისტინემ დააწვინა ბავშვი და გააძღო ძუძუთი. დედის რძით გამაძღარმა ბავშვმა დაძინების წინ ჩვეულებრივად დაუწყო დედას თვალებში მზერა და სიცილი.

- რა გინდა, ჩემო უბედურო გოგი? რას იცინი? შენ ჯერ არ იცი, რომ წაწყმენდილი დედაშენი გღალატობს! დღეის იქით შენ ვეღარ ჭამ დედის ძუძუს, ვეღარ ნახავ დედას! შენთვის კვტება დღეს დედა, რჩები უდედმამო, ობლათ! დღეს ჩვენ ორი საუკუნოთ ვსცილდებით ერთმანეთს! ჩემო გოგი, ჩემო გოგი! - აქ კი ტირილმა მოუსწრო ქრისტინეს. გააბა მისებური გულისმომკვლელი, მკვნესარი ტირილი და ვეღარ ჩერდებოდა. ჩვილ გოგის კი არ გაეგებოდა არც დედის სიტყვები და არც მისი ტირილი; ის ჯერ კიდევ მადიანად იცინოდა და ჭიკჭიკებდა აკვანში. მერე ძილმა მოუსწრო და ტკბილად ჩაიძინა. ძილში ხანდახან გააცმაცუნებდა ტუჩებს, თითქო ძუძუს ჭამსო.

დიდხანს ტიროდა ქრისტინე. მერე დაწყნარდა, მონახა რაც ტანისამოსი ებადა, გამოკრა სახოცში და დაიდო სასთუმალთან, ბალიშქვეშ.

ერთი საათი თუ ცოტა მეტი ეძინა ბავშვს. შემდეგ გამოახილა თვალები თუ არა, ქრისტინემ საჩქაროდ ამოიყვანა აკვნიდან, თუმცა კი ეტყობოდა, რომ ბავშვს ძილი აკლდა. ცოტა ხნის შემდეგ, რა რომ ძილდაკლებულმა ბავშვმა ტირილი და ჭირვეულობა დაიწყო, დედამ უთხრა ქრისტინეს: “ციცავ, ქრისტინავ, არ ხედავ, იმ ბაღანას რომ ძილი აკლია? დააწვინე!” “რა დააკლებდა ძილს, აგერ ნახევარი დღეია სძინავს!” - უპასუხა ქრისტინემ, რომელსაც ეტყობოდა, რომ განზრახ არ აძინებდა ბავშვს. დაღამდა. დათიამ მოაჭრიალა ღომით დატვირთული ურემი. ცოტა ხანს შემდეგ დათიას დიდი ჯალაბობა მოუჯდა ვახშამს - მჭადს, ყველს და მაჭარს. ყველა მადიანად შეექცეოდა, გარდა ქრისტინესა. ქრისტინეს კი ხელიც არ უხლია საჭმელისთვის. პაწია გოგი ისევ ისე ტიროდა და ჭირვეულობდა. “ადამიანო, ეძინება, დააწვინე ბაღანაი!” - გაუმეორა ქრისტინეს დედამ; “სიგლახეშია ჩქარი და მარჯვე, თვარა მოვლა თუ უნდა ბაღანას, იი აღარ იცის! ახლა რომ აჭყივლებ იმ ბაღანას და ერთი წუთი აღარ მომასვენე აი მოღალული კაცი, სვინდისი გაქ შენ?! რეიზა არ აწვენ იმ ბაღანას, თუ იცი?” - გაუჯავრდა ქრისტინეს დათია.

- ვახშამს ვჭამ და დავაწვენ, - ცივად უპასუხა ქრისტინემ.

გათავდა ვახშამი და პატარა ხანს უკან დათიას ჯალაბობა დალაგდა დასაძინებლად. ქრისტინეც დაწვა, მაგრამ მაინც კი ცდილობდა ბავშვი არ დაეძინებია; ხან ხელში აიყვანდა, ხან ძუძუს უდებდა პირში და ხან კიდევ კოცნიდა ჩუმად. ბავშვი უფრო და უფრო ჭირვეულობდა და ტიროდა. “ქრისტინავ, რა შენი სიკვტილი დიემართა ამეღამ მაგ ბაღანას! რაცხა მუუხერხე და დააძინე, თვარა, ღმერთს გეფიცები, ისე გამაცეხლებთ, რომ შენიან-მაგიანა კარში გაგაგდებ ამეღამ! აღარ იქნა, აღარ დამაძინა აი მოღალული კაცი!” - დაუყვირა დათიამ ლოგინიდან. ეხლა კი საჩქაროდ ჩააწვინა ქრისტინემ ბავშვი აკვანში. არ გასულა ორი წამი, რომ ბავშვმა შესწყვიტა ტირილი და ტკბილად ჩაიძინა. ყველას ეძინა, ქრისტინეს გარდა. ფიჩხის ცეცხლი გაქრა და სახლში დამყარდა საშინელი სიბნელე. ცოტა ხანს შემდეგ ქრისტინე ჩუმად წამოდგა ლოგინიდან, ჩუმად ჩაიცვა ტანს და ჩამოჯდა ტახტის კიდეზე. სახლში ისმოდა მძინარეთა სუნთქვა. ქრისტინე რამდენსამე წამს სულგანაბული უგდებდა ყურს მძინარეთ. მერე კატასავით ჩუმად გადმოიარა ლოგინიდან და დახედა აკვანს, რომელშიაც ტკბილად მძინარე ბავშვი ძლივს გასაგონად სუნთქავდა. რამდენსამე წამს ისე უყურებდა ქრისტინე, თითქო უნდა საუკუნოდ ხსოვნაში შთაიბეჭდოს ეს ბავშვის სუნთქვაო. მერე ჩუმად, ხმის კანკალით ჩასჩურჩულა: “მშვიდობით, ჩემო გოგი! გათავდა ყოლიფერი, გათავდა!” მერე წაიწვდინა ტუჩები, მაგრამ ბავშვს კი არა, აკვანს აკოცა სამჯერ; შემდეგ ნელა ადგა და წყნარად მივიდა კარებთან. გული ისე მძლავრად უცემდა, რომ სახლის მეორე კუთხეში გაიგონებდით. თავბრუ ეხვეოდა, წელი და მუხლები ეკვეთებოდა. რამდენსამე წამს კარებთან იყო გაჩერებული. “აწი ვეღარ გნახავ, ოჯახო!” - დაიჩურჩულა, კიდევ უნდოდა, მგონია, რაღაცას თქმა, მაგრამ ტირილმა მოუსწრო. სწრაფად, მაგრამ წყნარად გააღო კარები, გავიდა გარეთ და შთაინთქა ღამის წყვდიადში.

შუაღამისას მარიკას შემოესმა ბავშვის გაცხარებული ტირილი.

- ქრისტინავ, ქრისტინავ! არ გეყურება? ბაღანაი ტირის, ძუძუ აჭამე! - დაუძახა მარიკამ ქალიშვილს. მაგრამ სამაგიერო ხმა არ ისმოდა. ბავშვი კი ისევ ისე ჩხაოდა და სტიროდა. “რა დაემართა ნეტაი, ასე რომ დასძინებია!” - სთქვა მარიკამ, საჩქაროდ წამოხტა და მივიდა ქრისტინეს ლოგინთან, რომ გააღვიძოს, მაგრამ ლოგინი ცარიელი დაუხვდა. “კარში წასულა”, - გაიფიქრა. ჩამოჯდა ლოგინზე და დაუწყო აკვანს რწევა, მაგრამ გავიდა კარგა ხანი და ქრისტინე არ მოდიოდა “გადირია!” - დაილაპარაკა მარიკამ, გააღო კარები და დაუწყო ძახილი ქრისტინეს. ბაიბურიც კი არსად ისმოდა. მარიკას ძახილზე გამოიღვიძა დათიამაც. რამდენსამე წამის განმავლობაში დათიას ჯალაბობა სულ ფეხზე დადგა; უძახოდენ, ეძებდენ, მაგრამ ქრისტინე არსად ჩანდა.

გათენდა. მთელი სოფელი მიისწრაფოდა მწიფე ყანებისაკენ. დათიასას კი გაისმოდა ტირილისა და გოდების ხმა, დათიამ მამასახლისს განუცხადა ეს ამბავი. ყველა თავის მოკეთენი და ნათესავები დაიარა, იქნებ იქ იყოსო, მაგრამ ქრისტინე ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ, ამისი კი ვერაფერი გაიგო.

V

ბათომიდან თბილისს მიმავალ მატარებლის ვაგონში III კლასში იჯდა ორი ყმაწვილი ქალი. ერთი ამათგანი, რომელსაც ტანისამოსი უმტკიცებდა, რომ სოფლელი გლეხის ქალი უნდა ყოფილიყო, სახოცოთ თავპირშეხვეული, ხალხს თავს არიდებდა. მისი ამხანაგი, მეორე ქალი, სულ სხვა იყო: ის ყველას მოურიდებლად უყურებდა თვალებში და ვისაც წაახელებდა, იმასთან მასლაათობდა. ეტყობოდა, მატარებლის კონდუქტორებიც არ იყვენ მისი უცნობნი. ხან ისეთ რამეს იკითხავდა და დაიწყებდა ლაპარაკს, რაც ცოტათი ენა დაჭერილი ადამიანისთვის სალაპარაკოდაც არ ღირდა. ხნით ეს ქალი ასე ოცდახუთის თუ ოცდაათი წლის იქნებოდა. სწორი, ცოტათი გამხდარი პირისახე, რომელზედაც თავაშვებულება ეტყობოდა, პუდრით ჰქონდა მოთხუპნული. იმისი დიდრონი, შავ-შავი თვალები მეტად ეშხიანი იქნებოდენ, მაგრამ რაღაც ერთგვარი თავდაუჭერელი მეტყველება აფუჭებდა ამ ეშხს. შლიაპაზე და მოდურ მორთულობაზე პირველსავე შეხედვითვე შეატყობდით, რომ ეს ქალი ქალაქის უცნობი არ უნდა ყოფილიყო. ამ ქალების სიახლოვეს მსხდომნი ყმაწვილნი კაცნი, მეტადრე ვაგონებში მოხეტიალე კონდუქტორები, დიდი ცნობისმოყვარეობით უმზერდენ თავპირშეხვეულ ქალს, მაგრამ ეს ქალი ისე მდუმარედ და მიუკარებლად იჯდა, რომ გამოსაუბრებასაც კი ვერც ერთი მათგანი ვერ უბედავდა. მხოლოდ ერთმა კონდუქტორმა, რომელსაც რუსული ლაპარაკის კილოზე ეტყობოდა, ქართველი უნდა ყოფილიყო, ვეღარ მოითმინა და რუსულად ჰკითხა შლიაპიან ქალს:

- ვინ არის ეგ შენი ამხანაგი, გაჯავრებულ ანგელოზს რომ გავს?

- აგერ ჩვენი ქვეყნის ქალია, თფილისში ძმა ყავს სამსახურში და მასთან მიდის, - უპასუხა შლიაპიანმა ქალმა.

ამ პასუხის შემდეგ, მგონია სიტყვა “სამსახურის” პატივისცემით, ყბედმა კონდუქტორმა მორიდებული სახე მიიღო და განშორდა.

სახოცით თავპირშეხვეული ქალი გახლდათ, ჩემო მკითხველო. ჩვენი ნაცნობი ქრისტინე, დათია ხელმოკლიძის ქალიშვილი. ამის ამხანაგ ქალს კი სონას ეძახდენ.

სონაც სოფლელი გლეხის ქალი იყო, სოფელში დაბადებული და გაზრდილი. სონა ათი თუ თორმეტი წლისა იქნებოდა, როცა დიდის წვრილშვილის პატრონმა, ღატაკმა მისმა მშობლებმა მისცეს მოჯამაგირედ, ანუ, როგორც სოფელში ეძახიან, ნაბარებად, წლიურ ჯამაგირ თუთხმეტ მანეთად თავადის ძველისენიძის ოჯახს. მაშინ ამ ქალს სოფიო ერქვა სახელად. საწყალი, პატარა ქალი კაკლისოდენა ცრემლებს აგორებდა თვალთაგან, როცა მშობლებმა თავადის ოჯახში წასაყვანად მოამზადეს. გული უკვდებოდა მშობელთ სახლ-კარის, ტოლ ბავშვებისა და შეჩვეული მინდორ-ველის მოშორებით. მართალია, იქ ბევრი სიმშილი, ბევრი სიცივე და ბევრი უსიამოვნება გამოეცადა, აგერ ამოდენა ქალი იყო და ჯერ მის ტანს პერანგს გარდა, ტანსაცმელი არ ენახა, მაგრამ მაინც ისე უყვარდა მშობელთ სახლ-კარი, რომ სხვაგან სიცოცხლეს, აქ სიკვდილი ერჩია. ბავშვის გულს მარტო ის უღირდა ცისა და ქვეყნის ნეტარებად, რომ როცა მოუნდებოდა, თავისუფლად პარპაშებდა და თამაშობდა თავის ტოლ-ამხანაგებში, ხან მწვანე მინდორზე, ხან ჭალა-ბუჩქებში ჩიტების დასაჭერად და სადაც მისი ბავშვური გული მოითხოვდა. ეხლა ყოველსავე ამას ატოვებიებდენ. რა თქმა უნდა, ადვილად ვერ შეურიგდებოდა ბედს და ტირილით აცხადებდა უარს თავადის ოჯახში დადგომაზე. უნდა ვსთქვათ, არც სოფიოს მშობლები იყვენ უგულონი, ძლიერ უყვარდათ თავიანთი სოფიკო, სიკვდილად მიაჩნდათ იმისი სხვის ხელში ჩაგდება, მაგრამ რა ექნათ! სიღატაკე სულს უხუთავდათ. იმათთვის თხუთმეტი მანეთი დიდი ფული იყო: ნადელის ფულს, ან სახელმწიფო ბეგარას გაუსტუმრებდათ. ამასთან სოფიო შინ ნახევრად მშიერი და შიშველ-ტიტველი ჰყავდათ; თავადისას კი მათ ქალიშვილს ტანისამოსიც ექნებოდა და სასმელ-საჭმელიც. ამიტომაც იყო, რომ სოფიოს ტირილი და უარი არ გაუვიდა, - თითქმის ძალად წაიყვანეს მშობლებმა თავად ძველისენიძისას.

თავად ძველისენიძის ოჯახში, სადაც სოფიო მიაბარეს, იყო სამი ადამიანი: კნიაზი ლევან, ამისი უმცროსი და, ინსტიტუტში გაზრდილი კნიაჟნა მაშო (ლევანს სხვა დებიცა და ძმებიცა ჰყავდა, მაგრამ ისინი ცალკე ცხოვრობდენ) და ამათი დედა, კნეინა რუსუდან, ქვრივი თავად იოთამ ძველისენიძისა. ლევან იყო ოცი-ოცდახუთი წლის კაცი, მხარბეჭ განიერი, კარგი შესახედავი, ღვინისა, ქეიფისა და ჩხუბის მოყვარე. რაც გიმნაზიის მეოთხე კლასიდან გამორიცხეს, მას შემდეგ ოჯახს აღარ მოშორებია. ერთი-ორი კვირის ვადით თუ წავიდოდა სადმე ქალაქში დროს გასატარებლად, თორემ დანარჩენ დროს სულ სოფელში იყო. ხან თითონ ისტუმრებდა მისებრ მოქეიფე კნიაზებს და შინ ქეიფობდა, ხან კი იმათ ესტუმრებოდა და კიდევ ღვინის სმა-ქეიფი. გიმნაზიაში ნასწავლი, გარდა რუსული ლაპარაკისა, ისიც კარგად არა, და ქართულ-რუსულის წერა-კითხვისა (წერა - გრამატიკის მხრით ორივე ენაზე უმართლოდ) აღარა ახსოვდა რა. წიგნების კითხვა არ უყვარდა, გარდა იმისა, რომ ხანდახან “ვეფხისტყაოსანს” ჩაავლებდა თვალს. ამ მის მიერ წაკითხვის ღირსად აღიარებულ ერთადერთ წიგნზედაც თავისებური შეხედულება ჰქონდა და თავისებურად ესმოდა მისი შინაარსი. ყველაზე უფრო ამ თხზულებაში ის ადგილები უყვარდა, სადაც სწერია: “ღმერთმა ერთი ვით აცხონოს, თუ მეორე არ წაწყმიდოს”, და “სმა, ჭამა დიდად შესარგი...” ეს სიტყვები ზეპირად ახსოვდა და ხშირად ხმარობდა ლაპარაკში ზოგიერთი თავის აზრის დასამტკიცებლად. “ძალიან არ უთქვამს რუსთაველსო”, - დაატანდა ხოლმე თავისი მხრით.

- სწორედ რომ ახალ დროების ლუარსაბ თათქარიძე ხარ! - ხუმრობით ეტყოდა ძმას მაშო.

- შენ კიდევ ახალ დროების დარეჯანი ხარ! - ხარხარით უპასუხებდა დას ლევან.

ოჯახში ყოველივე საქმის თადარიგს კნეინა რუსუდან აძლევდა, რადგანაც, ამ კნეინას ფიქრით, ლევან ჯერ კიდევ “ბოვში” იყო. ლევან ძლიერ მადლიერი რჩებოდა დედისა, რადგანაც მისი წყალობით არ აწუხებდა ოჯახზე ზრუნვა, ყოველივე მზა-მზარეულად მოერთმეოდა და სარგებლობდა უსაზღვრო თავისუფლებით. მართალია, მას შემდეგ, რაც ლევანმა უზომოდ დაუწყო ფლანგვა ფულს და ამით, ცოტა არ იყო, დააღარიბა ოჯახი, ლევანსა და დედამისს შორის ხანდახან ჩამოვარდებოდა უკმაყოფილება, მაგალითად, დედა ფულს არ მისცემდა და ლევან დაემუქრებოდა: “აწი აღარ გაბატონებ მამაჩემის დატოვებულ ოჯახზე, მე ვარ მემკვიდრე, ჩემია ოჯახიც და მამულიცაო”; მაგრამ, რადგანაც კნიაზ ლევანს ოჯახის მართვა არ ეხერხებოდა და კნეინა რუსუდანს ოჯახის უფროსობაზე ხელის აღება არ უნდოდა, ადვილად რიგდებოდენ ერთმანეთში ეს დედა და შვილი, და საქმე ისევ ისე წინანდებურად მიდიოდა, ესე იგი, რუსუდან უფროსობდა ოჯახში და ლევან უზრუნველად ატარებდა დროს.

მეზობლებში ძლიერ ცუდი ხმა ჰქონდა ლევანს, ასე რომ იშვიათად გაიმეტებდა რომელიმე გლეხი თავის შვილს, ქალი ყოფილიყო თუნდა ვაჟი, ძველისენიძის ოჯახში სამოჯამაგიროდ. ამიტომაც იყო, რომ კნეინა რუსუდანს მუდამ ესაჭიროებოდა ბიჭი და გოგო და ხშირად ძალას ატანდა თავის მონადელე გლეხებს, - შენი შვილი მოჯამაგირედ დამიყენეო. ის გლეხები, რომლებსაც იმედი ჰქონდათ, მიწის ბეგარას თავის დროზე მივსცემთ ნაბატონარსო, უარს ეუბნებოდენ კნეინას: “არ გვყავს გასაცემი შვილიო”. მაგრამ შეხვდებოდა ისეთიც, რომ უარის თქმას ვერ გაუბედავდა: “რა ვქნა, მისი მიწა-წყლის იქით ფეხის დასადგამი გზაი არ მაქ, უარი რომ ვუთხრა, ჩამიდგება ჟინში და გამთლის; სხვაი სხვაია, და მარტო “ნადელის” ფულისთვის მომთხრისო”. ესეც რომ არ იყოს, ღარიბ-ღატაკ გლეხისთვის დიდი შეღავათია, რომ შვილის ჯამაგირით ერთ-ერთ გადასახადს გაისტუმრებს. აი, რამ აიძულა მამა, რომ თავისი სოფიო მიაბარა ისეთ საეჭვო ოჯახში, როგორიც ძველისენიძის ოჯახი იყო.

სოფიოს გარდა, იყვენ მოჯამაგირეებად თავად ძველისენიძისას ერთი ცალთვალა მოწიფული გოგო და ორი თუთხმეტ-თექვსმეტი წლის ბიჭი. აგრეთვე ბატონყმობის დროიდან დარჩენილიყო ძველისენიძის სასახლეში ერთი ნახევრად იდიოტი, მახინჯი მოახლე და ერთიც კოჭლი შინაყმა, - ორივე უჭირისუფლო და უსახლკარო. ესენი უჯამაგიროდ ემსახურებოდენ ძველისენიძის ოჯახს, რადგანაც მეტი თავშესაფარი არსად მოეპოვებოდათ; მხოლოდ ეს კია, რომ ეს ორი ნაშთი ჟამთა სვლას ეხლა მოეხუცებია და ამიტომ დიდ სამსახურს ვეღარ უწევდენ ბატონის ოჯახს. კნეინა რუსუდანი არ სტოვებდა ამას შეუნიშნავად: “აბა, ესე მოწყალეა დიდი კაცის ოჯახი, სხვაგან ვინ შეინახავდა ამ ორ მუქთა მჭამელს?!” - ამბობდა ხშირად.

- ფიქრი ნუ გაქ, შენ ქალიშვილს თუ ჩვენ სასახლეში რამე გაუჭირდეს, პასუხისგებას ჩვენ ვკისრულობთ, - დაამშვიდეს კნეინა რუსუდანმა და კნიაჟნა მაშომ სოფიოს დედა, რომელმაც, როცა ჩააბარა თავისი ქალი, უთხრა: “თქვენი დიდკაცობისთვის მომინდვიაო”.

იმ დროს, როცა რუსუდანმა სოფიო გოგოდ დაიჭირა, ლევანი არ იყო შინ. როცა მოვიდა და სოფიოს თვალი შეავლო, რაღაც მხეცურმა სიხარულმა გადაურბინა სახეზე.

- ვინ არის ეს პატარა ქალი? - ჰკითხა მან დედას.

- ჩემი ნაყმევი ესიკაის ქალიშვილია. გოგოთ ევიყვანე, - უპასუხა დედამ.

- ნაყმევის? ჰო!.. - სთქვა ლევანმა და კიდევ გადახედა გოგოს.

- ლეო, გაფრთხილებ, ეს ქალი მე მაბარია, მე მივეცი სიტყვა ამ ქალის დედას, - რუსულად უთხრა ძმას მაშომ.

- მერე, გებაროს, ხომ არ ვჭამ! - სიცილით უპასუხა ლევანმა.

კნიაჟნა მაშომ დააწყებინა სოფიოს წერა-კითხვის სწავლება. მორჩებოდა თუ არა სოფიო საქმეს, შევიდოდა მაშოსთან და ჩაუჯდებოდა წიგნს, რომლის სწავლაში მან საკმაო ნიჭი და სურვილი გამოიჩინა. მაშოც პირველად დიდის ხალისით ეკიდებოდა საქმეს, მაგრამ ერთი-ორი კვირის შემდეგ, კნიაჟნას მობეზრდა შრომა და თავი მიანება სოფიოს სწავლებას. მაშოს სიბრალული სოფიოსადმი ეხლა მხოლოდ იმით იხატებოდა, რომ აძლევდა სოფიოს გამონაცვალ ტანსაცმელს და თავისი კერძიდან სთავაზობდა საჭმელს. სოფიოსაც თავის მხრით ისე შეუყვარდა მაშო, რომ ცეცხლში ჩავარდებოდა იმის გულისათვის, რომ საჭირო ყოფილიყო. თუმცა კნეინა რუსუდან გოგოს წამსაც არ ასვენებდა, მუდამ საქმეს უჩენდა, მაგრამ კარგმა საჭმელმა და ჩაცმა-დახურვამ მაინც გააკეთა სოფიო: მისმა სილამაზემ ერთი ორად იმატა.

- აბა, ასე იცის დიდკაცის ოჯახმა, ხომ გაკეთებულა თქვენი ქალი! - ამადლიდა კნეინა სოფიოს მშობლებს, როცა ნახავდა. ლევანი კი ისე უყურებდა სოფიოს, როგორც მგელი ბატკანს. მაგრამ სოფიოსაც ისე ეშინოდა ლევანის, როგორც ბატკანს მგლისა. შიშის ჟრუანტელი დაურბენდა ქალს ტანში, როცა ლევან თავის ცეცხლივით ბრიალა თვალებს შეაჭყეტდა. მეტადრე ძლიერ ეშინოდა სოფიოს მას შემდეგ, რაც ერთხელ დამთვრალმა ლევანმა ამ ქალს თავის ოთახში დამწყვდევა დაუპირა. ამასთან მაშოსაც გაფრთხილებული ჰყავდა სოფიო: “ჩემ ძმას ნუ წაელეწები თავზე, მოერიდეო”.

ერთ საღამოს ლევანმა დიდხანს უმზირა სოფიოს. მერე მოიხმო პირიმზისაი (ის გოგო, რომელიც ბატონყმობის დროიდან დარჩა ძველისენიძისას) და დიდხანს ელაპარაკა რაღაც ჩუმად. დაღამდა. გამოიტანეს ვახშამი. ლევან თავისებურად გაიჟღენთა ღვინით, მერე წამოდგა და დიდხანს დადიოდა თავის ოთახში გაცხარებული. მოაწია ძილის დროც, ჯერ ბატონები დააწვინეს და მერე გოგოები და ბიჭებიც დალაგდენ - ბიჭები სამზარეულო სახლში, ცალთვალა გოგო რუსუდანის ოთახში (რუსუდანს რაღაც შიში დასჩემდა და მარტო ვერ წვებოდა), პირიმზისაი და სოფიო კი სამოახლოში. ჯერ კარგა დაძინება ვერც კი მოესწრო სოფიოს, რომ ვიღაცამ მოხვია ხელები. “ვაი!.. პირიმზისავ!” - შეჰკივლა შიშით გულგახეთქილმა სოფიომ. პირიმზისას ხმა არ ისმოდა. მის მაგიერად “ნუ გეშინია, მე ვარო”, - შემოესმა ბოხი ხმა სოფიოს და მძლავრმა ხელებმა ისე ჩაიმწყვდია ყმაწვილი ქალი, რომ კინაღამ ძვლები არ დაემტვრა საბრალოს. “ვაი, ვაიო!” - კიდევ შეკივლა სოფიომ რამდენჯერმე, მაგრამ მშველელი არსაიდან ჩანდა. პირიმზისა თითქო სახლში აღარ იყო.

მეორე დღეს დილაადრიან პირიმზისამ შეირბინა რუსუდანთან და უთხრა:

- ქალბატონო, გოგო სოფიო აღარ დგება, ბიჭები ძლივაი აკავებენ!

- გაგიჟდა თუ რა დაემართა, გოგოვ? - ჰკითხა კნეინამ.

- რა ვიცი, ქალბატონო, ტირის, ტირის, მეტი არაფერი თქვა.

კნეინამ ჩაიცო ტანზე და შევიდა სამოახლოში, სადაც ერთ ბიჭს დაეჭირა სოფიო და ეუბნებოდა: “ბატონების გაღვიძებამდი არ გაგიშობ. ბატონები რომ შეიტყობენ, მერე წადიო”.

- გოგო, გაგიჟდი თუ რა შენი ეშმაკები დაგემართა? - წყრომით ჰკითხა კნეინამ, მაგრამ სოფიო ტიროდა და გამიშვით, გამიშვითო, იძახდა. კნეინამ მეტი ვერა გაიგო რა მისგან, მხოლოდ, როცა კარგა დაუკვირდა, დაინახა, რომ სოფიოს სახე მიწასავით ჰქონდა გადაქცეული. აქ კნეინა მიხვდა, რომ სოფიოს თავზე წუხელი რაღაც მომხდარაო. დაუწყო გამოკითხვა ხან ტკბილად, ხან წყრომით, მაგრამ სოფიო ტირილისა და გამიშვით, გამიშვითოს მეტს არას ამბობდა. ამასობაში გამოიღვიძა მაშომაც და გაიგო ეს ამბავი. თუმცა მაშოს გამოღვიძების შემდეგ ლოგინში ოცნებობა უყვარდა, მაგრამ ეხლა კი, გაიგო თუ არა დედისგან სოფიოს ამბავი, თან სოფიოს სიბრალულმა და თან ცნობისმოყვარეობამ დაავიწყა ეს ჩვეულება. ის საჩქაროდ ადგა, ჩაიცვა ტანსა და გასწია სამოახლოსკენ. სოფიომ, დაინახა მაშო თუ არა, ჩაუვარდა კალთაში, სტიროდა და ეხვეწებოდა გამიშვითო.

- რა დაგემართა, ჩემო სოფიო, რაი? - თავისებური ტკბილის ხმით ჰკითხა მაშომ, მაგრამ, რა შეატყო, რომ სოფიო სხვებთან მალავს, რაც შემთხვევიაო, გაიხმო ცალკე.

- Это скотство со стороны моего брата∗, - გაჯავრებით წამოილაპარაკა მაშომ, როცა სოფიოს გამოკითხვა გაათავა. მერე გაიყვანა დედა გარეთ და უთხრა:

- თუმცა ლევანზე ახია, რაც მოუვა, მაგრამ ნათქვამია, ძაღლი ძაღლის ძვალს არ გატკვერსო, და მეც ვერ მომიძულებია ძმა. იცი, სოფიო რომ ეხლა შინ წავიდეს და მამამისმა ამ საქმეს კუდი გამოაბას, მაშინ ლევანს ციმბირი არ აცთება. - აქ რაღაც საიდუმლო უამბო დედას მაშომ. ამას შემდეგ დედა და შვილი ისევ შებრუნდენ სამოახლოში, საიდანაც ერთი ბიჭი კნეინის ბრძანებით არ უშვებდა სოფიოს. დაუწყეს მტირალ ქალს ალერსი და ფერება; ხან დედა იკრავდა გულში და ხან შვილი. სოფიო დიდხანს არ წყნარდებოდა, მაგრამ შემდეგ, როგორც იქნა, დააწყნარეს, მეტადრე მაშომ, რომლისაც სოფიოს ისე ეხათრებოდა. კნეინამ საჩქაროდ ამოიღო თავისი ზანდუკიდან ჩითი და მისცა პირიმზისას: “ჩვენ სოფიოს ახალი კაბა შეუკერეო”.

ლევანს, თითქო აქ არაფერიაო, შუადღის პირველ საათამდე არხეინად ეძინა. მერე ადგა, საუზმეზე კარგა გაიჟღენთა ღვინით, შეაკაზმია ბიჭს ცხენი და გასწია სადღაც, საიდგანაც ერთ კვირას არ დაბრუნებულა.

ის დღე იყო და ის. მას შემდეგ სოფიოს ტირილი და საჩივარი არავის გაუგონია. სოფიო აღარ შორდებოდა ამ თავადის ოჯახს მას შემდეგაც კი, რაც მისი კეთილის მყოფელი და მწყალობელი მაშო გაათხოვეს. ის ეხლა გაიზარდა, ახოვანი, ლამაზი ქალი შეიქნა. მშობლებმა დააპირეს მისი შინ წაყვანა, მაგრამ მან უარი განაცხადა. კიდევ დიდხანს დარჩებოდა სოფიო ძველისენიძის ოჯახში, რომ ლევანს ცოლი არ შეერთო. მაგრამ ლევანის ცოლმა აღარ დააყენა თავის ქმრის ოჯახში ეს მისი მეტოქე ლამაზი გოგო.

სოფიო დაბრუნდა თავის მშობლებთან, მაგრამ მეტად ეძნელებოდა მშობლების ღატაკ ოჯახში ცხოვრება. დედ-მამა ეხლა ცდილობდა მის გათხოვებას, მაგრამ ჯერ რომ მზითვის მიცემა არ შეეძლოთ და უმზითვო ქალს კი ძნელად თუ ვინმე შეირთავდა; მერე კიდევ მეზობლებში სოფიოზე ძლიერ ცუდი ხმები დადიოდა, მას შემდეგაც კი, როცა ძველისენიძის ოჯახს მოშორდა. უკანასკნელ, როგორც იქნა, ერთმა ღატაკმა გლეხმა შეირთო სოფიო ცოლად, მაგრამ ძლიერ ხანმოკლე იყო ამათი ცოლქმრობა. ქმარი იჭვიანობდა, სოფიო მღალატობს, სხვაზე მცვლისო; სოფიო თავისი მხრით არ იყო კმაყოფილი ქმრის ღატაკი ოჯახით. ეს იწვევდა ამ ცოლ-ქმარს შორის დაუსრულებელ ჩხუბს და უსიამოვნებას. საქმე იმითი დაბოლოვდა, რომ ერთ დღეს, როცა მისი ქმარი შინ არ იყო, სოფიომ მიატოვა ქმრის სახლი და ამოჰყო თავი ერთ მახლობელ ქალაქში. ამის შემდეგ ის რამდენჯერმე მოაყვანია მამასახლისმა თავის მიწერილობით და ჩააბარა ქმარს. ქმარიც უქადოდა: “თუ არ დაგიშლია და კიდომ გაიქცევი, უეჭველად მოგკლავო”. ისიც გაგონილი ჰქონდა, რომ ერთმა გლეხმა შუა ბაზარში მოკლა თავისი გაქცეული ცოლი. მაგრამ სოფიო მაინც არ დგებოდა ქმართან. დღეს მოიყვანდა მამასახლისი, ჩააბარებდა ქმარს, ხვალ გაიხედავდით, კიდევ გაქცეულა. სატუსაღოშიაც დაამწყვდიეს, გაწკეპლასაც უქადოდენ, მაგრამ სოფიო მაინც არ დგებოდა ქმართან და არა. უკანასკნელ მობეზრდათ თავი ქმარსაც და სხვასაც და ჩამოეთხოვენ. ამას შემდეგ სოფიო ერთხანს ვიღაც ერთ ყმაწვილ ვაჭართან ცხოვრობდა ხასად. მერე, როცა ვაჭარმა ცოლი შეირთო, წავიდა თბილისს და მის შემდეგ აღარ მოშორებია ამ ქალაქს. მის სოფელში არავინ იცოდა, სოფიო სად ან რით ცხოვრობდა. მართალია, დადიოდა მის მეზობლობაში სხვადასხვანაირი ხმა: “თურმე სოფიო ვიღაც დიდკაცს შეურთავს ცოლათო”; “სოფიო თურმე საროსკიპოშიაო”. ხანდახან სონა (ქმარს რომ მოშორდა, მერე სონა დაირქვა სახელად) მოჩვენებასავით მოვიდოდა თავის ძმებისას, დარჩებოდა ერთ-ორ კვირას და ისევ გაქრებოდა. მაგრამ ისე რომ, საიდან მოვიდა, საით წავიდა, არავინ იცოდა. ამბობდენ, ძმებს ყოველ მოსვლის დროს ფულს უტოვებსო; ამბობდენ იმასაც, სონამ სოფელში ორ-სამ ყმაწვილ კაცს ავადმყოფობა გადაახვიაო.

აი, ეს სონა იყო, მარინემ რომ გააცნო ქრისტინეს. ქრისტინე იმ ღამეს, როცა მშობლების სახლიდან გაიპარა, მივიდა სონასთან. იმ ღამეს მასთან დარჩა. მეორე დღეს სონამ იქირავა ორი ცხენი, შესხდენ ზედ ისა და ქრისტინე და გასწიეს რკინიგზის სადგურისკენ. ქრისტინეს იმ სოფელში, სადაც სონას ძმები ცხოვრობდენ, ვერავინ იცნობდა და ამიტომ გამომჟღავნების შიში არ ჰქონდა. მაინც კი ისე დაიბურა სახოცით თავ-პირი, რომ თვალებს გარდა, არა უჩანდა რა. რკინიგზის სადგურზე ეფიქრებოდა, - მამა არ დამიხვდესო, მაგრამ აქაც მშვიდობიანად გათავდა საქმე, - არც მამა და არც სხვა ნაცნობი არ შეხვედრია, ისე ჩასხდენ მატარებელში სონა და ქრისტინე და ის იყო მიდიოდენ თბილსს.

VI

როცა ქრისტინემ მშობლების სახლიდან თბილისს გაპარვა გადასწყვიტა, აზრადაც არ მოსვლია, დაფიქრებულიყო იმის შესახებ, თუ რით ან როგორ იცხოვრებდა ამ ქალაქში. მაშინ მხოლოდ იმ აზრით იყო შთანთქმული, რომ გადაკარგულიყო შორს, სადაც ვეღარ დაინახავდენ ვერც ნათესავები, ვერც მეზობლები და ვერც ნაცნობები. ამას შემდეგ რა მოუვიდოდა გამოუცდელ ქრისტინეს, ერთხელაც არ უკითხავს თავისი თავისთვის. სონას ხომ აზრადაც არ მოსვლია ეკითხა, რა საშუალებით და რა გზით აპირებდა ქრისტინე თბილისში ცხოვრებას. “რომ მოდის, ალბათ, კიდეც იცისო”, - ფიქრობდა სონა. როცა მატარებელი თბილისის სადგურს მიუახლოვდა, სონამ ჰკითხა ქრისტინეს:

- შენ ხომ აქ ნაცნობი არავინ გყავს, ჩემთან წამოხვალ არა?

- ვაიმე, შენს იქით რა გზაი მაქ! - უპასუხა ქრისტინემ, რომელიც ისე გაბრუებული იყო რაღაც ფიქრებით, რომ მთელი გზის განმავლობაში ორჯერაც არ დაუძრავს ენა.

- აბა წევიდეთ, - უთხრა სონამ, როცა მატარებელი გაჩერდა სადგურთან.

- მივაწიეთ თუ? - იკითხა ქრისტინემ ისე, თითქო არა სურს მიწევა იქ, სადაც მიდისო.

- ჰო, ეს არის, მივედით. რა დაგმართია, რაღაც შეშინებული სახე გაქვს?

ქრისტინეს არც კი გაუგია, რა ჰკითხეს. ის გაჰყვა სონას ხმაამოუღებლად. სახეზე გამოუთქმელი შიში და მწუხარება ეტყობოდა. ერთი პირი გზა კონკით გაიარეს. შემდეგ სონამ ფაეტონი დაიქირავა და, რამდენისამე წამის შემდეგ, ერთ შორეულ, ვიწრო და უსუფთაო ქუჩაში ჩამოხტენ, პატარა, ძველ ერთსართულიან შენობის წინ.

- აჰ, სონა! სონა! - მოეგება ამათ წინ ორი ქალი, ერთი მოხუცი და მეორე ყმაწვილი.

- ეს ვინღა არის? - ჰკითხა მოხუცმა სონას და აღტაცებულის თვალით გადახედა ქრისტინეს.

- ეს ჩვენი მეზობლის ქალია, ცოტა ხნის ვადით სტუმრათ წამომყვა, - უპასუხა სონამ.

- კარგი სტუმარი მოგიყვანია! რა ლამაზები არიან ეს იმერელი ქალები, რა ლამაზები! - სთქვა დედაბერმა და მუშტრის თვალით დაუწყო ქრისტინეს ყურება.

ჯერ ათი წამიც არ გასულიყო სონას და ქრისტინეს მისვლის შემდეგ, რომ ვიღაც ერთი კაცი დაუკითხავად ესტუმრა მათ მასპინძელ ქალებს, სტუმარი ისეთნაირად ექცეოდა სონას და მეორე ყმაწვილ ქალს, რომ ქრისტინეს სირცხვილით სახე გაუწითლდა. სტუმარმა დააპირა ქრისტინესთანაც მისვლა, მაგრამ ამ ქალმა ისეთის თვალით შეხედა, რომ კაცს გაბედულობამ უღალატა. აქ სონამ კიდევ რაღაც უთხრა რუსულად. “თუ ისეთი არ არის, მაშ რა უნდოდა აქაო”, - ჩაილაპარაკა კაცმა და შეაქცია ქრისტინეს ზურგი. უკანასკნელ სტუმარი კაცი და მასპინძელი ყმაწვილი ქალი გავიდენ ცალკე ოთახში. ქრისტინე საშინლად გაკვირვებული, თვალგაშტერებული უყურებდა ყოველსავე ამას. ამ ქალის გრძნობა-ფიქრებში ისე არეული იყო ახალი შთაბეჭდილებანი, განცვიფრება, შიში, თავისი მდგომარეობის გამოურკვეველობა, რომ ცოტაღა უკლდა გაგიჟებას.

- სასტუმრო რომ არ იყოს, იმისთანა კონახი არ გაქვან? - ჰკითხა მან სონას.

- რა კონახი, გულო? ფაცხა? ფაცხა აქ არ არის, - ჯერ გაეხუმრა სონა და მერე ჰკითხა:

- რა არის, ძილი გინდა თუ?

- ჰო, რაცხა თავბრუი მეხვევა.

- აი, ჩემი ლოგინი, დაწევი, შვილო! - უთხრა ქრისტინეს დედაბერმა.

- დაწევი, რა გიშავს, - ურჩია სონამ.

- არა, სონა, თუნდა საღორე იყოს, ოღონდ სტუმარი არ შამოვიდეს, რაცხა იმისთანა კონახში შემიყვანე, - შეეხვეწა ქრისტინე.

დედაბერმა და სონამ რაღაც მოილაპარაკეს თავისთვის და მერე სონამ უთხრა ქრისტინეს:

- არის ერთი პატარა ოთახი, მაგრამ მარტოს რა გაგაძლებიებს?

- კი გავძლებ, კი, მარტო მირჩევნია, ხან ხომ შენც შამოხვალ, ოღონდ სტუმარი ნუ შამოვა და მეტი არაფერი მინდა, - უპასუხა ქრისტინემ.

დედაბერმა წაიყვანა ქრისტინე ერთ პაწაწინა, ნოტიო ოთახში, რომელშიაც, მტვერზე და სინესტის სუნზე ეტყობოდა, რომ დიდი ხანია შიგ არავინ მდგარიყო.

- აი, შვილო, თვეში ხუთი მანეთი ღირს მარტო ოთახი. ხარჯი თუ ჩვენთან გექნება, ის კიდევ სხვაა. მაგრამ არა უშავს რა, იოლად წავალთ. აი, სონაც ჩემთან არის, ის მეორე ქალიცა, მაგრამ კი არა აკლიათ რა. სხვებიც ბევრი ყოფილან ჩემ ხელში, მაგრამ სულ ჩემ მზეს ფიცულობენ. შენთვისაც არ ვიქნები ურიგო. - ამ სიტყვებით დედაბერმა ჩააბარა ოთახის გასაღები. მერე “პური ხომ არა გშიან? თუ გინდა მოვატანიებ”, - დაეკითხა ქრისტინეს და, რა ქრისტინემ უარი სთქვა, არ მინდა საჭმელიო, ძილი ნებისა დააბარა დედაბერმა და წავიდა თავისთვის.

ეს სახლის პატრონი დედაბერი, სახელად ნატალია, ერთი უთვისტომო ადამიანი იყო, არც შვილი ჰყავდა და არც ნათესავი. ახსოვდა მხოლოდ, რომ ჰყავდა დედა, რომელიც თავის სიცოცხლეს სხვის კარზე წანწალსა და მოჯამაგირეობაში ატარებდა და ამ საშუალებით პოულობდა თავისა და თავის ქალისათვის ერთ ლუკმა პურს. მამის შესახებ დედას ნატალიასთვის თავის დღეში არა უთქვამს რა, თითქო ეს ქალი უმამოდ გაჩენილაო. როცა ნატალია შვიდი თუ რვა წლისა იყო, დედა მოუკვდა. ამ დღიდან დაწყებული ღვთის ანაბარა დარჩენილი ნატალია უპატრონო ძაღლივით წანწალებდა. სადაც ლუკმა პურს აჭმევდენ, იქ ეგდო და ემსახურებოდა. ამ წანწალში და სხვის სამსახურში დაქალდა ნატალია. თუმცა ეხლაც მოჯამაგირეობით უნდა ეცხოვრა ნატალიას, მაგრამ ბავშვობიდანვე თავის დარჩენისათვის ფიქრმა და ზრუნვამ იმდენი გამოცდილება, ხერხი და ეშმაკობა შესძინა, რომ ეხლა სრულიადაც შიში აღარა ჰქონდა, - შიმშილით მოვკვდებიო, თუმცა ბავშვობისას კი ხშირად მოსვლია ასეთი განწირული ფიქრი. ეხლა ჯამაგირის გარდაც შოულობდა ფულს, წმინდისა თუ არაწმინდის გზით, ამისი კი რა მოგახსენოთ. ოცდაათი წლის ქალი იყო, რომ ერთ ვიღაც თერძს შეუჩნდა და შეართვევია თავი ცოლად. მართალია, ნატალიას ბებერი, ქვრივი თერძი სრულიადაც არ მოსწონდა, მაგრამ რა ექნა? მოსწყინდა მუდამ სხვის კარზე მოჯამაგირედ გდება, უნდოდა სადმე საკუთარი ბინა ჰქონოდა და ის იყო, იპოვა კიდეც საქმრო, რომელსაც თბილისის ერთ მივარდნილ ქუჩაზე თავისი საკუთარი სამოთახიანი, პატარა, ქოხის მსგავსი სახლი ჰქონდა. ნატალიას სილამაზით არ აუბამს თერძისთვის თვალი. ამ მხრით ეს ქალი ბუნებას არ დაეჯილდოვებია, თუმცა არც ისე მახინჯი იყო, როგორც იტყვიან, “ძაღლი არ ჭამსო” არა, თავისი ხერხიანობით ჩაიგდო ხელში უშვილო ქვრივი, რომელსაც უნდოდა ერთი მემკვიდრე მაინც დარჩენოდა სიკვდილის შემდეგ, რომ მის ნემს-მაკრატელს დაპატრონებოდა. გავიდა რამდენიმე წელი ამათის შეუღლების შემდეგ, მაგრამ მემკვიდრე არ უჩნდებოდა, - ნატალია არ ორსულდებოდა. ერთ დღეს, თითქო ამოდენა ლოდინით თავი მობეზრდაო, თერძმა თქვენი ჭირი წაიღო. დაქვრივდა ნატალია, დარჩა მარტოდმარტო ისე, როგორც დედის სიკვდილის შემდეგ, მხოლოდ ეხლა კი სხვაგვარ ვითარებაში იყო. მართალია, ქმარს ფული არ დაუტოვებია მისთვის, რადგანაც ისე მცირე შემოსავალი ჰქონდა თავის ხელობიდან, რომ დღიურ ხარჯად და საცმელ-სახურავად ძლივს ყოფნიდათ ცოლ-ქმარს; ნატალიასაც თუ ორიოდე გროში ებადა, ისიც დაიხარჯა უკანასკნელ დროს, როცა მისი ქმარი ხშირად შეუძლოდ იყო და მუშაობა აღარ შეეძლო, მაგრამ სამაგიეროდ ნატალიას ეხლა საკუთარი ბინა და თავისი გამოცდილება ჰქონდა. მოკვდა თუ არა მისი ქმარი, მან იპოვა ვიღაც ორი მოსარეცხე დედაკაცი და მიაქირავა ქმრის დანაშთი სახლიდან ორი ოთახი, თვითონ კი ერთს ოთახში ცხოვრობდა. ნატალიას მდგმურმა ქალებმა რომ თავიანთი ხელობით (მოსარეცხეობით) თავი ვეღარ ირჩინეს, ნატალია ჩაერია საქმეში, რადგანაც ეშინოდა, ეს ქალები არ წავიდენ, სახლი გაუქირავებელი არ დარჩეს და შიმშილით არ მოვკვდეო. ის უკვლევდა თავის მდგმურებს თავის სარჩენ გზას, თუმცაღა კი ეს გზა ზნეობის მხრით ძლიერ ცუდი გზა იყო. “რა ვუყოთ, ასე რომ არ მოიქცეთ, უარესია, შიმშილით მოკვდებით და თქვენს გვამს მიწაში უმადურად დაჭამს ჭიაო”. - ეუბნებოდა ნატალია ქალებს. იმ დღიდან დაწყებული, ნატალიას სახლში საეჭვო ქალები აღარ გამოლეულან. ერთნი წავიდოდენ, სხვები მოდიოდენ. უკანასკნელ ნატალიამ სასარგებლოდ დაინახა სულ თავად ეკისრნა თავისი მდგმური ქალების პატრონობა; ეხლა ის ზრუნავდა იმათ სასმელ-საჭმელსა, ჩაცმა-დახურვასა და სხვა საჭიროებისთვის. გაჭირვებულთა დახმარებაც იცოდა ნატალიამ: უპასპორტოდ გაქცეული ქალები, უსახლკარონი, ავი სენით დაუძლურებულნი ხშირად პოულობდენ მასთან თავშესაფარს. ეხლა სამი ოთახი აღარ ჰყოფნიდა ნატალიას და ამიტომ ორი პატარა ოთახი კიდევ მიადგა თავის სახლს.

ქრისტინე სრულიადაც ვერ მიხვდა, რას ნიშნავდა დედაბრის სიტყვები: “თვეში ხუთი მანეთი”, “იოლად წასვლა” და სხვა “მე სონასთან ვარ, სონასთან, და ეს დედაბერი რის ჩარაა?” - ჰკვირობდა ქრისტინე თავის გულში.

- აქანაი ხომ სტუმარი არ შამუა? - ჰკითხა ქრისტინემ სონას, როცა მან შეუტანა ლოგინი.

სონას გაეცინა და ასე უპასუხა:

- შენ თუ ასე ერიდე იმ სტუმრებს!.. ყოველ შემთხვევაში კარები დაუკეტელი არ დატოვო, რაღამც ასე გეშინიან.

სონა გავიდა. ქრისტინემ საჩქაროდ დაკეტა კარი ისე, როგორც სონამ ასწავლა. საღამო მოახლოვებული იყო და ვიწრო ფანჯრიანს, უმისოდაც ბნელ ოთახში სიბნელე ჩამოვარდა. ქრისტინეს ლოყებზე ისე ეხებოდა ოთახის მძიმე, ნოტიო ჰაერი, თითო ვიღაც ცივ ხელებს უსვამსო. ეს ქალი თავის დღეში ერთხელაც არ ყოფილა ასეთ დახუთულს და ნესტიან სახლში. ქრისტინე გაიზარდა მშობლების ფიცრულ სახლში, რომელშიაც მუდამ ცეცხლი ენთო კერასთან და ჭუჭუტანებიდან სინათლე და ქარი შედიოდა, რის გამოც ჰაერი მუდამ წმინდა იდგა შიგ. მართალია, უნახავს თავის მეზობლობაში ოდაც, მაგრამ სოფელში ისე პაწაწინა ოთახებს არ უკეთებენ ოდებს, როგორც ზოგიერთ სახლებს აქვს ქალაქში; ამასთან მუდამ ხალხი ცხოვრობს სოფლელ ოდებში, ცეცხლს ანთებენ შიგ, ჰგვიან და ამიტომ ჰაერიც წმინდაა იქ.

კარების დაკეტვის შემდეგ, ქრისტინემ საჩქაროდ გაიხადა ტანისამოსი და ჩაწვა ლოგინში. ტანში საშინელ მოთეთქვილობას გრძნობდა, თავი უხურდა, ყურები, თითქო ზარებს რეკავენ შიგაო, ისე უჟივოდა და უბუბუნებდა, ძილი კი არ ეკარებოდა.

გაახსენდა თავისი გოგი, რომელიც იმ წინა დღით ისე უმზერდა თვალებში და ჩიტივით ეჭიკჭიკებოდა. “ახლა? ახლა? შია, ტირის, მეძებს, მეძებს და ვეღარ მხედავს! არა, მე გული მაქ? ადამიანი ვარ? ქრისტიანი ვარ? რა გულმა შემიძლო იმის დატიება?” - უტრიალებდა ქრისტინეს ფიქრები. წარმოიდგინა თავისი მშობლები, რომლებსაც ერთ დროს ისე უყვარდათ თავისი ქრისტინე და რომლებიც ეხლა იმან სამუდამოდ მოიძულა და მიატოვა. წარმოიდგინა ტოლ-ნაცნობნი, წარმოიდგინა თავისი სახლ-კარი, მიდამო, სოფელი, შეჩვეული ტყე-ველი, მინდორი, ქედი, წყარო, მდინარე, რომლებსაც აწი აღარ მოელოდა, რომ როდესმე ენახა; გრძნობდა, რომ ამათი დაკარგვით მის სიცოცხლეს რაღაც ნაწილები მოაკლდა და დაიკარგა. ბოლოს წარმოიდგინა ეხლანდელი თავისი მდგომარეობა: სად იყო? ვინ ჰყავდა აქ ნათესავი, ან პატრონი, ან ნაცნობი? სონა, რომელსაც ის ჯერ ვერც კი იცნობდა კარგად, რა სული იყო? ქრისტინეს გაახსენდა, თუ როგორ გულგრილად ჰკითხა მას სონამ, როცა თბილისს მიუახლოვდენ: “ჩემთან წამოხვალო?” “არა, რეიზა მკითხა ესე უგულოთ? მის გარდა, სხვაგან სად უნდა წავსულიყავი? რა მეშველება, სონამ რომ აღარ დამაყენოს მასთან?” - ეკითხებოდა თავის თავს.

თბილისმა თავისი მრავალფერობით ისე მრავალგვარად იმოქმედა ქალაქის უნახავ ქრისტინეზე, ისე დომხალივით არეულიყო ერთმანეთში ეს ურიცხვი ახალი შთაბეჭდილებანი, რომ ანგარიში ვერ მიეცა თავისი თავისთვის, ის, რაც ნახა, ზღვა იყო თუ ხმელეთი. რომ გეკითხა - მითხარი აბა რა ნახე თბილისშიო, ის ამ დროს ვერც ერთს საგანს ვერ დაგისახელებდა. მხოლოდ ორი შემთხვევა კი შთაბეჭდილიყო მის ხსოვნაში ისე მძლავრად, რომ აღარასოდეს აღარ ამოფხეკილა მისი ხსოვნიდან. ეს ორი უბრალო შემთხვევა იყო, თუმცა კი შემდეგ ათასი იმათზე უარესი ნახა, გამოსცადა და დაივიწყა კიდეც. აი, რა შემთხვევა იყო ეს ორი შემთხვევა, რომელიც ისე ჩარჩა ქრისტინეს ხსოვნაში: როცა ისა და სონა ჩამოხტენ თბილისის სადგურზე, ერთმა კინტომ ურცხვად შეხედა ქრისტინეს და დაიძახა: “მოსულა! მოსულა!” “ვა, მუდრეგ, რა გაღრიალებს? მოსულა ხომ არ წასულა! ჩვენ ხელთ არ არის!” - უპასუხა მეორე კინტომ. ეს ხომ უბრალო, კინტოური ოხუნჯობა იყო, მაგრამ ქრისტინე კი ისე შეაშინა ამ სიტყვებმა და კინტოს უსირცხვილო თვალებმა, რომ თითქო, რაღაც ჯადოქარის ძალით, მართლადაც იმათ ხელში უნდა ჩავარდესო. მეორე - ნატალიას სახლში ის უცნობი კაცი, მოხვევნას რომ უპირებდა. “ღმერთო, ეს რა ადამიანები ყოფილა! კაცის მჭამელები! სონა, სონა! შენ უღმერთოვ, რეიზა არ მითხარი, თუ ასე იყო? ან შენ რა სვინდისმა მოგცა აქანაი ყოფნა!” - ლაპარაკობდა ქრისტინე გულში. ოთახში დაბნელდა. ქრისტინეს მოაგონდა სონას სიტყვები: “კარები დაკეტეო”. “ეტყობა, ძალიან საშიში ყოფილა!” - გაიფიქრა ქრისტინემ და შიშით თავზე წაიხურა საბანი. ამ დროს ვიღაცამ კარები დაუკაკუნა. ქრისტინეს თმები აებუძგა და ცოტა აკლდა გონების დაკარგვას, რომ ნაცნობი ხმა არ გაეგონა:

- ქრისტინე, გძინავს? - დაუძახა სონამ.

- სონაი ხარ? სხვაი მეგონე და შიშით მოვკტი!

- არ გრცხვენია! შიშით მოვკტი! ბავშვი ხომ არ ხარ?! ადე, ჩაი დალიე! - ქრისტინემ უარი სთქვა: - არ შემიძლია არც ჭამა, არც სმაო.

სონას შეებრალა ყმაწვილი ქალი და ანუგეშა: “კი არ შეგეშინდეს, ქალო! ჩვენ აგერ ვართ, შენ გვერდით. ან რა არის საშიში? დაიძინე და ხვალ კაი გუნებაზე ადგები”. ამ სიტყვებმა ცოტათი დაამშვიდა ქრისტინე და, ბოლოს, ყოველგვარად მოქანცულს, ღრმად ჩაეძინა.

ჯერ დილის სინათლეს კარგა არ გაენათებია ოთახი, რომ ნახევრად გამოღვიძებულმა ქრისტინემ წამოიძახა: “ა, ძუძუ, ა, ძუძუო” და გადაჰყო ხელი ლოგინიდან. ქრისტინეს ასე ეგონა, შინ ვწევარო; ძილში ბავშვის ტირილი მოელანდა და ის იყო ძუძუს ჭმევას უპირებდა, რომ ხელით აკვანი ვეღარ ნახა, “ვაიმე!” - შეჰკივლა მან, წამოვარდა ლოგინიდან ცოფიანსავით. მაგრამ საჩქაროდ გონს მოვიდა და გაახსენდა, სადაც იყო. მუხლებმოკვეთილი დაეცა ლოგინზე და წასკდა ტირილი: “ჩემო გოგი, ჩემო გოგი!” - იძახოდა ქრისტინე და ღვრიდა ცრემლებს.

VII

მთელის ერთის კვირის განმავლობაში ეგდო ქრისტინე იმ ოთახში, რომელიც ნატალიამ მისცა: ხან სტიროდა და ფიქრობდა რაღასაც თვალგაშტერებული. სონას შეჰქონდა ჩაი და სადილ-ვახშამი, მაგრამ ქრისტინეს ჭამის მადა არ ჰქონდა. ჩაის კი შეეჩვია და, მისი ფიქრით, ძალიან შესაფერიც იყო ეს სასმელი ამის ჯავრიანი გულისათვის. ნატალიასთან და სონასთან ქრისტინე არ შედიოდა, რადგანაც ხედავდა, რომ “სტუმრები” ხშირად დადიოდენ იქ. ზოგიერთი ამ სტუმართაგან განზრახ გაივლიდა ფანჯარასთან და დაუწყებდა ქრისტინეს ჭვრეტას. ამ ჭვრეტისა ძლიერ ეშინოდა ქრისტინეს. ხანდახან შედიოდა მასთან ნატალია და დაუწყებდა მასლაათს.

- რა ქენი, ქალო, კიდევ სკუჩნათა ხარ? ეე, რა ამბავია, შენს გაზდას! როგორ იქნება! რა ჭკუაა, შვილო, რომ ამ ანგელოზის თვალებს ცრემლითა სწვავ! სულ რომ ეგრე იცით ამ ყმაწვილ ქალებმა! პირველად ჯავრიანობთ და ჯავრიანობთ! მერე კი, როცა შაეჩვევიან, ცა ქუდად არ მიაჩნიათ და დედამიწა - ქალამნად... რამდენი მინახავს ეგრე, შენსავით პირველად სულ სკუჩნობდა, სტიროდა, მაგრამ, როცა გაიცნო ქალაქი, მერე კი!.. ქალაქი სხვა რამეა, აქ თუ ყმაწვილმა ფეხი შემოდგა, მერე ქალაქისაა, ვეღარსად წაუვა!

ქრისტინეს ძლიერ ეჯავრებოდა ნატალიას გაზვიადებული ლაპარაკი და ეშმაკური თვალების მეტყველება. ძალაუნებურად უგდებდა ყურს მის ლაპარაკს და მხოლოდ მაშინ ამოისუნთქავდა თავისუფლად, როცა დედაბერი გავიდოდა იმის ოთახიდან. სონას დანახვა კი დიდი ნუგეში იყო მისთვის. მხოლოდ ერთ სონასთან შეეძლო ყოველივე თავისი დარდების გამჟღავნება. უყვარდა მისი ტკბილი ლაპარაკი. სონაც თავის მხრით ცდილობდა, სხვა თუ არა, სანუგეშო სიტყვა მაინც ეთქვა ქრისტინესათვის.

- იცი, სონა, შინ დაბრუნებას ვფიქრავ, მარა რა ვქნა, რომ ბაბას ვერ დავენახვები, მომკლავს. ნენას, კიდევ რავაც იქნება, შევირიგებ, მარა ბაბაი, ბაბაი... მომკლავს! შენ რას მირჩევ? ჰკითხა ერთ დღეს ქრისტინემ სონას.

- შინ დაბრუნება? არ გირჩევ! უამისოდაც შავ დღეს გაყენებდენ და ახლა, ამდონ ხანს ქალაქს ნამყოფი რომ შინ დაბრუნდე, იფიქრე, რას გიზმენ! შინაური და გარეული, ყველაი შენ აგიღებს ყბათ, - ურჩია სონამ.

- აგია, ხო, აგი მაშინებს მეც. ღმერთო, ღმერთო! რეიზა გამაჩინე ასე უბედური? რომ იცოდე, სონა, რაფერ მენატრება ჩემი გოგის ნახვა! ისე ღამე არ გავა, რომ სიზმარში არ ვნახო: ხან ვითამ ტირის, ტირის, ტირის; ხან მისებურა მიმზერს თვალებში. წუხელი ცხადი მეგონა, ისე ჩავაწვინე აკვანში და ძუძუს ვაძლევდი. ნეტაი მომკლა და ერთი დამანახვა!..

ამ ლაპარაკის დროს ქრისტინე ჩვეულებრივად არ ტიროდა, მაგრამ მის ხმაში და სახეზე გამოუთქმელი სევდა-ნაღველი იხატებოდა.

- ეგ რომ მცოდნოდა, ამისთანა ნაღვლიანი გულის იყავი, არაფლის გულისთვის არ წამოგიტანდი. ეხლა რაღა დროსია! - უთხრა სონამ.

- არ წამომიტანდი? მაშინ თუ გინდა გეთქვა ჩემთვის - რავაც მიხვალ, ცოცხლათ შეგჭამენო, მაინც წამევიდოდი, ისე მოძულებული მქონდა თავი. ღმერთს გეფიცები, სამჯელ მივედი ჩვენი წისქვილის სათავანთან რომ ტბაია, იქინე ჩავარდები და დევირჩობი-მეთქი, მარა ოხერი სული მწარე ყოფილა! ვერ გავბედე და დავბრუნდი.

- მერე, შე სულელო, ცოდვა არ იყო, ამისთანა ჟუჟუნა თვალებს რომ დასარჩობათ იმეტებდი! თავს როგორ დავირჩობ! თავს მარტო გიჟები ირჩობენ, - ხუმრობის კილოთი უთხრა სონამ. სონასაც ბევრი ჯავრი და ნაღველი გამოეცადა, მაგრამ მიუხედავად ამისა, გარეგნობით მაინც მუდამ კმაყოფილი და მხიარული იყო: მხოლოდ როცა მარტო დარჩებოდა, მწარედ დაფიქრდებოდა: “რა სიცოცხლეა ჩემი სიცოცხლე! ჯერ, სანამ ეგ სახე შემრჩენია, ვიღაც ათას ოხერის სათამაშოთ და გახურებული გულის გასაგრილებლათ უნდა ვეგდო, ისიც ლუკმა პურის და ტანისამოსი-ჭინჭისათვის! მერე, როცა მოვხუცთები, ვინ იცის, რა მომელის! მოხუცებამდინაც რომელი სენი სად დამალპობს!” ასეთი უნუგეშო, სასოწარკვეთილი თვალით უყურებდა სონა თავის ცხოვრებას, მაგრამ რა ექნა? გარემოების წყალობით ერთხელ ჩავარდნილი ამგვარ ცხოვრების მორევში, ვეღარ ხედავდა ამოსავალ გზას და მიცურავდა მის ტალღებში.

სონას ამხანაგი ყმაწვილი ქალიც შედიოდა ქრისტინესთან, მაგრამ ქრისტინე ამ ქალთან უცხოდ გრძნობდა თავს; მერე კიდევ ისიც ახსოვდა, თუ როგორ ურცხვად გაჰყვა ის ქალი ოთახში იმ ვიღაც კაცს. ამიტომ მდუმარებით მიიღებდა და ისტუმრებდა ხოლმე ქრისტინე ამ ქალს, თუმცა ეს უკანასკნელი ცდილობდა ქრისტინეს დაახლოვებას და იმის გულის მოგებას.

ეს მესამე ყმაწვილი ქალი თბილისელი იყო, ამის მამა ერთ კანცელარიაში მსახურებდა მწერლად და, თუმცა ღარიბად, მაინც ჯამაგირით არჩენდა ცოლსა და წვრილ შვილს. შემდეგ, არ ვიცი რა მიზეზით, სამსახურიდან დაითხოვეს. დარჩა უსაქმოდ, მიჰყო ხელი ლოთობას. უამისოდაც ღარიბი მისი ოჯახი ეხლა უფრო გაღატაკდა. მისმა მეუღლემ ვეღარ აიტანა სიღატაკე და ქმრის ცუდი ყოფაქცევა: ჩავარდა ჭლექად და მცირე ხანს შემდეგ დალია სული. დარჩენ მცირეწლოვანი შვილები ლოთის მამის ამარა; ხშირად ხმელი პურიც კი არ მოეპოვებოდათ საზრდოდ. უპატრონოდ დაყრილი ბავშვები დაეჩვიენ ქუჩა-ქუჩა წანწალს და, ვინ იცის, რა გარყვნილებას არ ჩადიოდენ მთელი დღის და ღამის განმავლობაში! დაიზარდნენ ამ თრევა-წანწალში. მამა მოუკვდათ, მაგრამ თუნდა ცოცხალიც ყოფილიყო, შვილებისთვის მაინც ვერაფერი იმედი იქნებოდა. მამის სიკვდილის შემდეგ, შვილებმა მიყიდ-მოყიდეს, თუკი რამ კიდევ გადარჩენოდა იმათ ლოთ მამას გაუყიდელი, გაინაწილეს ფული და გაშორდენ ერთმანეთს. ამის შემდეგ, უფროსი ქალი გაიქცა სხვა ქალაქში ვიღაც ერთ მოქეიფე ყმაწვილთან, და მას უკან აღარავის გაუგია, რა მოუვიდა - მკვდარი იყო თუ ცოცხალი; ერთი ვაჟი ციმბირში დაკარგეს ვიღაც მდიდარი კაცის მოკვლისა და გაძარცვისათვის; მეორე ძმა (სულ ხუთნი იყვენ - ორი ვაჟი და სამი ქალი) ლოთობა-კინტოობაში ატარებდა თავის სიცოცხლეს; ერთი ქალი მოკვდა. ყველაზე უმცროსმა, ლიზამ, ის იყო, ნატალიასთან იპოვა თავშესაფარი. ლიზა არ იყო მაინცდამაინც ლამაზი ქალი, მაგრამ მისი სიყმაწვილე და ჯანსაღობა ავსებდა ამ ნაკლს.

ერთ დღეს ნატალიამ და სონამ ქრისტინე ცირკში წაიყვანეს. ამან ცოტათი გაართო ქრისტინე. იმ დღეს კარგ გუნებაზე დაიძინა. მეორე დღეს ჩვეულებრივ შეაწვა გულზე სევდა, მაგრამ ნატალიამ ფაეტონში ჩაისო და სასეირნოდ წაიყვანა. ეტყობოდა ამ სეირნობამაც დიდად ასიამოვნა ქრისტინე. გავიდა კიდევ ხანი და ქრისტინე ცოტა-ცოტათი შეეჩვია თავის მდგომარეობას. ნატალია ამჩნევდა ამას და ძლიერ სასიამოვნოდაც ჰქონდა.

- აკი გითხარი, ქალო, შაეჩვევი-მეთქი, ეხლა ხომ აღარ ხარ სკუჩნათ? - შეილაპარაკა ერთ დილას ნატალიამ და შევიდა ქრისტინესთან. - ეხლაც აღარ გადმოხვალ ჩვენთან? არ გირჩევნია ჩვენთან იძინო? - ჰკითხა მან ბოლოს.

- აქანაი რა მიჭირს? - უპასუხა ქრისტინემ.

- აქ მარტო ხარ, მოგწყინდება. იქ კი ყმაწვილები დადიან, გაერთობი, ის სჯობია.

- მე აქანაი მირჩევნია.

- მართალია, შვილო, გირჩევნია, მაგრამ აქ ქალაქია, ყველაფერი ფული ღირს. ჯერ ოთახის ქირა, მერე ხარჯი, ცოტა არ არის. ყველას თავისი ანგარიში აქვს. თუ შენვე არ ეცადე, შვილო, ვინ უნდა დაგარჩინოს? ჩვენ თითონაც ძლივს გამოგვაქვს თავი. თუ ჭკუით მოიქცევი, შენისთანა ანგელოზს თავის რჩენა რათ გაუჭირდება! აი, სონა და ლიზაც თავის თავით ცხოვრობენ. მოდიან ყმაწვილი კაცები, ატარებენ დროს და ფულს აძლევენ. შენ ხომ ბევრად ლამაზი ხარ სონასა და ლიზაზე, შენ უფრო გაჩუქებენ ფულს.

ქრისტინე თვალებგაშტერებული უყურებდა დედაბერს, რომლის ლაპარაკიდან ბევრი ვერც კი გაიგო რა. ისე კი მიხვდა საზოგადო აზრს, რომ დედაბერი სახლის და ხარჯის ფულს სთხოვდა და თან აჩვენებდა გზას, საიდანაც უნდა შეეძინა ქრისტინეს ეს ფული. ქრისტინემ ვერ მოახერხა პასუხი დედაბრის სიტყვებზე; “სონა თუ დამიხსნის, თვარა სხვა რა გზაი მაქ”, - ფიქრობდა უბედური.

- მოიფიქრე, შვილო, მოიფიქრე! - ურჩია ბოლოს დედაბერმა და გავიდა გარეთ. ამის შემდეგ, სონა რომ შევიდა, ქრისტინე მეტად დაღონებული დაუხვდა.

- რა დაგმართია? - ჰკითხა სონამ.

- ნატალია არ მაყენებს, ქირა მომეციო, - უპასუხა ქრისტინემ, - სად ვიშოვნო ფული? ჩამჩემებია, ყმაწვილი კაცები გაჩუქებენო. მე, სონა, სიავე რაც ვქენი, იგიც მეყოფა! მშიერი მოვკტები და ამას ვერ შევიძლებ; სონა, მომეხმარე, ვინმესთან გოგოთ დავდგები, ერთ ნატეხ ჭადს და ძველ ნაცმევ ტანისამოსს ნუ დამამადლის და სხვაი არ მინდა. შენი ჭირიმე, სონა, მომეხმარე რამე.

- რა უნდა ვქნათ, ჩემო ქრისტინე! აქ ძალიან ძნელი საპოვნია სამოჯამაგირო ადგილი. ათასი მშიერი ქალი და კაცი ტრიალებს ამ ქალაქში და ეძებს მოჯამაგირეთ დასადგომ ადგილს, მაგრამ მეათედიც ვერ შოულობს. მერე კიდევ შენ, სადაც უნდა დადგე მოჯამაგირეთ, ძალით იქნება თუ ნებით, ერთ დღეს მაინც ვერ აცთები იმას, რისიც ახლა ასე გეშინია. გოგოები სოფელშიც ვერ ინახავენ თავს წმინდათ, თორემ თბილისში, რა სათქმელია! ამიტომ გირჩევ, ამ თავითვე შეურიგდე ბედს. რა ვუყოთ! მეც ვიცი, რომ კაი საქმე არ არის, მაგრამ რას იზამ, ჩვენს იღბალს რომ აქ მოვუყვანივართ! არაფელია, პირველათ გაგიძნელდება, მარა ადრე შეეჩვევი. განა ჩვენ ადამიანები არა ვართ, რომ შევეჩვიეთ?

- რა ვქნა, სონა, ისე მეშინია, შემჭამენ, მგონია!

- ვიცი. პირველათ ისე გეჩვენება, თორემ აბა მერე ნახე, თუ შეგეშინოს!

- არა, სონა, ამას ნუ მეტყვი! შენ იმდონი სიკეთე მიყავი, რომ თუ გაქ, ნატალიას მიეცი ჩემ მაგიერ ქირა. ამასობაში ღმერთი მოწყალეა, რამეს გევიკლოვ, ვინმე დიდკაცს გოგო რავა არ დასჭირდება?

სონას გაეცინა და მერე უთხრა:

- აბა რა უნდა გეიკვლიო, ქრისტინე? ვინ გყავს შენ აქ, რომ გიპატრონოს? ჩვენისთანებს ნატალია, ან მისთანა ვინმე თუ უპატრონებს, ისიც მაშვინ, თუ სარგებელს ხედავს შენგან, თორემ სხვა გზა სად გაქვს! მერე კიდევ შენ პასპორტიც არ გაქვს. აქ თუ ნატალიამ არ მოგიხერხა რამე, პოლიცია დაგიჭერს და დედ-მამასთან გაგაგზავნის. ნატალია, იცოდე, თუ მის პირობაზე არ დაეთანხმე, შენთვის თავს არ შეიწუხებს.

შესაძლებელია, სხვა ქალისთვის სონას ასეთი გულითადი რჩევა არც დაეწყო. პირიქით, ქრისტინეს ადგილზე რომ სხვა ქალი ყოფილიყო, სონა ეტყოდა: “დედაკაცო, რას მეტიჩარობ! განა შენ ჩვენზე უკეთესი ხარ, რომ ვერ გაგიმეტებია თავი? ბევრს ნუ ლაპარაკობ, ან შემოდი ჩვენთან ფსონში, ან არა, აქედან დაგვეკარგეო!” - მაგრამ ქრისტინე ისეთი რბილი არსება იყო, რომ, რაც უნდა გულქვა ყოფილიყო ადამიანი, მაინც სიბრალულსა და სიყვარულს გრძნობდა მის მიმართ.

სონას რჩევამ ძლიერ დააფიქრა ქრისტინე. იმ დღეს არც სადილი უჭამია და არც ვახშამი. ნატალიას, თითქო ემდურისო, ხმას არ სცემდა. “რა უნდა ვქნა? - ფიქრობდა ქრისტინე - შინ დაბრუნება აღარ შემიძლია. ან, რომ თქვას კაცმა, შინ არ იყო, რომ სამჯელ მივედი წყალზე თავის დასარჩობათ. მართალია, მე შინა მიყვარს, ცას და ქვეყანას მირჩევნია, მარა მე აღარ ვუყვარვარ შინას, ყოველ დღე იმას მიჩიოდენ - მომკტარიყავი, უკეთესი იყოვო. ახლა მაინც, რომ მივიდე, ბაბას ვერ გადვურჩები მოუკლავი. არა, შინა აღარ არის ჩემდა, გავათავე, მოვშორდი შინას! აწი აქანაი უნდა გევიკვლიო რამე. მარა რაი? სონამ მართალი თქვა: ვინ მყავს მე აქანაი პატრონი? ნატალიეი, თუ სარგებელს არ ხედავს, არ დაგაყენებსო. სონას თუ რამე დუურჩა, არ დამამადლის, მარა რა აქ? ისიც ნატალიეის ხელშია. ან რეზა უნდა მომცეს სონამ? თუ გინდა, შენც ჩემსავით იშონეო, მეტყვის. იმან რომ არ მითხრას, ჩემითაც უნდა ვიფიქრო. გოგოთაც რომ დადგე ვინმესთან, მაინც ვერ გადურჩებიო. აბა რა ვქნა? შეეჩოვიო, სონამ. არა, ვერ შევეჩოვი! მოვკეტე, ვერ შევეჩოვი! ვერა, ვერა!” - იწყებდა, ათავებდა და ხელახლავ უბრუნდებოდა ქრისტინე ამავე ფიქრს.

ასე გაატარა მთელი დღე. თავი საშინლად უხურდა და სტკიოდა. დაღამდა, ქრისტინე დაწვა ლოგინში, მაგრამ ძილი კი არ ეკარებოდა. რამდენსაც უფრო უკვირდებოდა თავის მდგომარეობას, იმდენად უფრო უნუგეშოდ და ყოველ მხრით გზამოჭრილად გრძნობდა თავს. შუაღამე გადასული იყო, როცა ფიქრებისაგან მოქანცულ ქრისტინეს დაეძინა. მეორე დღეს რომ გაიღვიძა, თავიც და გულიც ისე დამძიმებული ჰქონდა, თითქო ლოდები ჩაუწყვიათ შიგაო. გამოღვიძების შემდეგ დიდხანს თვალგაშტერებული იწვა. შემდეგ თითქო რაღაც ახალი ფიქრი დაეძრა, მაგრამ ვერ გამოერკვია ჯერ კიდევ. “სონამ მართალი თქვა, ჩემ იღბალს ასე უჭრია, რა ვქნა, თავს ხომ ვერ მევიკლავ?! ვითომ მე სონაზე უკეთესი ვარ, მის ტოლობას რომ არ ვკადრულობ? სონა თუკი შეეჩვია, მე რაღა ვარ, მეც შევეჩოვი! რა ვუყო, შევეჩოვი!” - გარკევევით გაურბინა უკანასკნელ თავში ფიქრმა; ერთი კიდევ გაიმეორა ეს გადაწყვეტილება და ბოლოს დაეთანხმა კიდეც, თითქო ამის წინააღმდეგ აღარ მოიძებნება რამ მოსაზრებაო. დიაღ, გადასწყვიტა დასდგომოდა იმ აზრს, რომლის გარდა, მისი ფიქრით, სხვა გზა არ არსებობდა, მაგრამ ამასთან ისეთი სევდა შემოაწვა გულზე, თითქო ამ ქვეყნიერებას სტოვებს და სხვა პლანეტაზე მიდის ძალაუნებურადო, თითქო ყოველივე რაც ცოტაოდნად მაინც მის გულს ათბობდა, რასაც პატივსა სცემდა, უფსკრულში შთაინთქაო. თითქო უნდა გამოიტიროს ყოველივე ესეო, წასკდა ცხარე ტირილი. დიდხანს, დიდხანს ტიროდა პირქვე დამხობილი.

ბოლოს ადგა, მოიწმინდა ცრემლები და შევიდა ნატალიასთან.

- რა ამბავია, ქალო, თვალები რომ ტირილით დაგისივებია? - უთხრა გულმტკივნეულად ნატალიამ.

ქრისტინეს ყურადღებაც არ მიუქცევია ნატალიას სიტყვებისათვის.

- მე იმიზა მოვედი, მეც სონასავით შენთან მინდა დავდგე, - ცივად უთხრა დედაბერს.

- აკი გითხარი, შვილო, ჩემი ხარ-მეთქი! მე რომ თვალს შევავლებ, მერე ჩემია! მე ვიცი შენი პატივისცემა! - სიხარულით და ალერსით შესძახა ნატალიამ.

სონამ შეხედა ქრისტინეს თვალებზე და რაღაც სიბრალულით უთხრა:

- გეტყობა, კარგი გლოვა-ტირილი გადაგიხთია ამ საქმის გადაწყვეტაზე! - ქრისტინემ მხოლოდ ნაღვლიანად შეხედა თავის დიდრონ ცისფერი თვალებით, მაგრამ კი არა უპასუხა რა.

იმ საღამოს ნატალიამ თავისი ზანდუკიდან ამოიღო ერთი ხელი ტანისამოსი, მორთო ქრისტინე და ფაეტონით წაიყვანა სადღაც, საიდგანაც თითონ ნატალია იმ საღამოსვე დაბრუნდა, ქრისტინე კი მეორე დილას მოიყვანეს ფაეტონითვე.

ამას შემდეგ ჩქარა გაითქვა ქრისტინეს სილამაზე თბილისის მოქეიფე ყმაწვილ კაცებში. არ ვიცი, როგორ მოახერხა ეს ნატალიამ, მხოლოდ ეს კია, რომ ქრისტინეს თბილისში ყველა ურიის ქალად იცნობდა და სახელად რახილას ეძახდენ.

VIII

გავიდა ხანი მას შემდეგ, რაც ქრისტინე გაიპარა მშობლების სახლიდან. დათია გაჭაღარავდა. მისი მეუღლე მარიკაიც საკმაოდ მოხუცდა და მოტყდა. ქრისტინეს ვაჟი, გოგი, ეხლა თავის ბაბუას ახლომახლო ყანებში მარტო უზიდავდა სადილს, იმოდენა გაიზარდა. გოგია მეტად საღი, თვალტანადი, ცქრიალა და საყვარელი ბავშვი იყო. მარიკას და დათიას ისე უყვარდათ გოგი, რომ იმაზე მეტად არც ერთ მშობელს არ შეუძლია უყვარდეს თავისი შვილი. რაც უნდა ჯავრიანი და ნაღვლიანი ყოფილიყო დათია, ცელქი, მოტიტინე გოგი რამეთი მაინც გააცინებდა; გოგის ბავშვური, ზარივით წკრიალა სიმღერა ერთ წამს მაინც გადასწმენდდა მის გულიდან დარდს. თუ რამ სიხარული იყო დათიას ოჯახში, ისევ გოგისაგან. მხოლოდ ერთი რამ სჭირდა გოგის ცუდი: მეტისმეტი ანჩხლი იყო. როცა გააჯავრებდა ვინმე, ეს თოვლივით თეთრი ბავშვი, როგორც კუპრი, ისე გაშავდებოდა და დანა შეხვდებოდა ხელში თუ წალდი, სულ ერთი იყო, მიიწევდა გამჯავრებლისაკენ დასაკრავად, გინდა შინაური ყოფილიყო, გინდა გარეშე, არ დაერიდებოდა. ამბობდენ, ეს საშინელი სიანჩხლე მას შემდეგ დასჩემდა, რაც მეზობლის ბავშვებმა დაუწყეს გაჯავრება და ძახილი - ბუშალიაო.

გოგის მამა, იასონ უქმაძე, ეხლა დასარისტიანებული იყო: მელანივით შავი წვერი გრძლად ჰქონდა მოშვებული. სოფელ ნიგვზიანში ყველა ერიდებოდა და პატივსა სცემდა ამ თავმომწონე აზნაურს. ბეჟანს ჩაებარებინა ამისთვის ოჯახში უფროსობა და თითონ ეხლა მოსვენებით ცხოვრობდა. შვილებიც ჰყავდა იასონს. ერთი მისი შვილი სკოლაში დადიოდა კიდეც. მხოლოდ ცოლ-ქმრობა კი ვერა ჰქონდა ტკბილი იასონსა და მის მეუღლეს: იჭვიანობდენ ერთმანეთის შესახებ, და უსაბუთო იჭვიც არ იყო ეს იჭვი. ერთხელვე დაჩვეულ იასონს ხშირად ეჭირა სხვებზე თვალი და, თუ შემთხვევას ნახავდა, ზურგს არ შეაქცევდა. თავისი მხრით იასონის მეუღლეც არ რჩებოდა ქმარს უკან, და, როგორც ამბობდენ, ორ-სამჯერ ნახა მამამთილმა, რომ მისი რძალი და ერთი ნიგვზიანელი ყმაწვილი აზნაური სხვაგვარს ლაპარაკში იყვენ გართული და ერთად დროს ატარებდენო. ხანდახან იქამდე მიაწევდა იასონისა და მისი მეუღლის შორის უკმაყოფილება, რომ განქორწინებას ცოტაღა უკლდათ, მაგრამ როგორც იყო, ბოლოს რიგდებოდენ ერთმანეთში. გოგი, რა თქმა უნდა, თავის შვილად არ მიაჩნდა იასონს. მხოლოდ როცა ვინმე გაეხუმრებოდა: “ესა და ეს ბავშვი (გოგი) შენი მზგავსიაო” - იასონი გადიხარხარებდა და უპასუხებდა: “ჩემია და აბა რა გასაკვირველია, რომ მე მემზგავსებოდეს!” მერე დაატანდა: “იცით, რა ლამაზი იყო მისი დედა? მთელი წელიწადი მოვუნდი იმის ხელში მოგდებას. ნეტა სად არის ახლა!?”

დიდი ხანია ქრისტინე აღარავის ენახა სოფელ ნიგვზიანში. ხალხს კიდეც დაავიწყდა ისიც და იმის ამბავიც. მხოლოდ სოფლის ბიჭების სიმღერებშიღა თუ დარჩენილიყო, მაგალითად, შემდეგი ლექსები:

დავწევი და გულში ჩამყვა,

ჩამყვა, ვერ დავიძინეო,

დავდნი მერე, რაც ის ვნახე,

დათიეის ქრისტინეო.

ჩემო მკვლელო, ჩემო მწველო,

თვალჟუჟუნა ქრისტინეო,

ერთი მაინც მაკოცნინე,

ეს ვედრება მისმინეო! და სხვ.

ქრისტინე ვერ დაევიწყათ მხოლოდ მის მშობლებსა და და-ძმებს. “ვაი ჩემ დღეს, რა შვილი დამეღუპა!” - ამოიხვნეშებდა ხშირად დათია, მაგრამ ისე მწარედ და ნაღვლიანად, რომ ცრემლი მოერეოდა მაყურებელს. მარიკაი კი მიუჯდებოდა სახლის ღოჯეს, - სწორედ იმ ღოჯეს, სადაც ქრისტინეს უყვარდა ჯდომა, იგონებდა თავის ქრისტინეს და ღვრიდა ცრემლებს. მართალია, მარიკას მარჩიელები ანუგეშებდენ: “შენი ქრისტინე ვინცხა ერთ დიდკაცს ყავს ცოლად და ერთ დღეს, თქვენ სიზმარ-ცხადი არ გეცოდინებათ, ისე გესტუმრება ქმარ-შვილიანადო”.

ეს მარჩიელის სიტყვები დიდი იმედი იყო გლეხი დათიას და მისი მეუღლისათვის; ისინი მუდამ დღე მოელოდენ - აი დღეს, აი ხვალ გამოჩნდება ჩვენი ქრისტინეო. რამდენსაც ძაღლი დაიყეფდა, იმდენს კარებს მივარდებოდა მარიკაი. ცხენოსან ქალს რომ დაინახავდა მომავალს, გული სიხარულით დაუწყებდა ცემას, - ჩემი ქრისტინე იქნებაო. მაგრამ გავიდა წლები მას შემდეგ, რაც მარჩიელმა ქრისტინეს მოსვლა იწინასწარმეტყველა, და ქრისტინე კი არ გაჩნდა. ისიც ვერ გაიგეს დათიამა და მარიკამ, სად იყო მათი ქალიშვილი. ერთხელ კი ვიღაცამ მიუტანა ამბავი, ქრისტინე თბილისში არისო (თუ როგორ გაიპარა ქრისტინე, ეს მისი მშობლებისთვის სამუდამოდ შეუტყობელი დარჩა). ამ ამბით აღტაცებაში მოსულმა დათიამ, როგორც იქნა, იშოვა საგზაო ფული .და წავიდა თბილისს. მაგრამ, მოგეხსენებათ, გამოცდილთათვისაც ძნელია თბილისში ასეთი საქმის გაგება, თორემ სოფლელი გამოუცდელი გლეხი რას გახდებოდა! დათიას, ჯერ მატარებლიდან თბილისის ვაგზალზე რომ ჩამოხტა, მაშინ კინაღამ აერია გზა-კვალი და არ დაიკარგა თბილისის ქუჩებში. მერე როცა ერთმა ვიღაც მადლიანმა კაცმა აჩვენა დუქანი, სადაც შეეძლო ღამის გათევა, მოჰყვა ჩვენი დათია კითხვას: “აქანაი ქრისტინას თუ იცნობთ, სა დგას, მასტავლეთო” ამაზე ბევრმა სასაცილოდ აიგდო გამოუცდელი გლეხკაცი, რაც ძლიერ აჯავრებდა დათიას. ბოლოს ვიღაცამ პოლიცია დაუსახელა, იქ იკითხეო. დათია დიდის ძებნითა და კითხვით მიადგა პოლიციას.

“შენ რომ ამბობ, იმდენ ხანს აქ უპასპორტო ქალს არავინ მოაცდევინებდა. ტყუილია, აქ არ არის შენი ქალიო”, - უპასუხეს პოლიციაში, როცა როგორც იყო, გააგებინა თავისი თხოვნა. დათია დაბრუნდა შინ ხელცარიელი.

მარიკა ლოგინიდან ისე არ წამოდგებოდა დილას, რომ ქრისტინეს შესახებ სიზმარი არ ეთქვა:

“ვითამ ძუძუისმწოვარა იყო და ხელში ვათამაშებდი ჩემ ქრისტინას...” “ვითამ ვათხოვდით, მაყრები ცხენებზე იჯდენ და გაიძახოდენ: გვიგვიანდება, გადარჩით, მოგვეცით ქალიო, მარა ქრისტინაი ტიროდა და ვერ გვშორდებოდა...” “ვითამ მოკაზმულიყო და მისებური ჯიღასავით საყტარზე მიმყობოდაო...” და ვინ მოსთვლის, რაგვარი სიზმარი არ უთქვამს მარიკას! ერთ ღამეს კი მეტად გულგამხეთქი სიზმარი ნახა: ვითომც მისი ქრისტინე ხუთი წლისა იყო და თავისებურად ეზოში დაპარპარებდა და თამაშობდა. ამ დროს ჩამოირბინა სერიდან მგელმა, დაავლო პირი და წაიღო, მარიკაი დაედევნა უკან, მაგრამ სად არის, თვალიც ვეღარ მოჰკრა! ამ სიზმარმა ისე შეაშინა მარიკაი, რომ იმ სიზმრის შემდეგ გულის ფრიალი და მშიშარობა დასჩემდა. დათიამაც იცოდა ხანდახან სიზმრის თქმა, მაგრამ დათიას სიზმარი უფრო მოკლე და მარტივი იყო, მაგალითად, ერთ დილას წამოდგა და უთხრა ცოლს:

- წუხელ ქრისტინაი მოსულიყო და ქე იჯდა შენთან.

პატარა გოგიმ კი არაფერი იცოდა დედისა და არც ნაღვლობდა. მართალია, შინაური და გარეშე ხშირად ეუბნებოდენ: “კაი დედა გყავდა, ლამაზი დედა გყავდაო”, მაგრამ იმას მაინც ვერ წარმოედგინა სხვა დედა - გარდა მარიკაისა, ის მარიკას უწოდებდა ნენას.

დებსა და ძმებსაც მუდამ ახსოვდათ საყვარელი და - ქრისტინე. “ვაიმე, დაო! შენისთანაი ჩვენში არც ერთი არ რევია!” - იტყოდა ამოოხვრით ხან ერთი და ხან მეორე. ხანდახან კიდეც აყვედრიდენ დედ-მამას: “თქვენ მოაძულეთ თავი და დაკარქეთო”. ამ საყვედურზე მარიკაი ტირილს მოყვებოდა. დამწვარს დედას აგონდებოდა ის სიტყვები, რომლებიც ქრისტინემ გაპარვის წინა დღით უთხრა: “მარჩიელი იმას მიჩივა, რაც შენ და ბაბას გინდა ჩემთვის, - მოკტებიო”. ქრისტინეს დაკარგვის შემდეგ მიხვდა, რას ნიშნავდა ეს მწარე საყვედური. დათია კი შვილების საყვედურზე ხმას არ იღებდა, მაგრამ სახეზე კი ეტყობოდა, რომ ეს საყვედური ძლიერ სტანჯავდა.

მარიკას ბოლოს დროს თვალთ დააკლდა. ამ დროს ის მეტად შესაბრალისი იყო: როცა რომელიმე შორეული მეზობლის ქალი მივიდოდა მასთან სტუმრად, ძალდატანებით უმზერდა, - იქნება ჩემი ქრისტინეა, მარა ჯერ არ ამჟღავნებს მოსვლასაო.

მიდიოდა ასეთ უიმედო, დაუსრულებელ ლოდინში მოხუცი დათიას და მისი მეუღლის სიცოცხლე.

IX

კარგა ხანი გასულიყო მას შემდეგ, რაც ქრისტინემ პირველად დასდგა ფეხი თბილისში. მას შემდეგ კიდევ ბევრი ქრისტინეს მსგავსი სტუმარი მიიღო ამ ქალაქმა. ნატალია აღარ იყო ცოცხალი. იმ ადგილას, სადაც ერთ დროს ნატალიას სახლი იდგა, ეხლა ორსართულიანი ლამაზი შენობა გამოეჭიმათ და ვიღაც ცოლშვილიანი მდიდარი კაცი იდგა შიგ. ქუჩიდან ქუჩაში დადიოდა ერთი სახედასახიჩრებული, სნეული დედაკაცი და გამვლელ-გამომვლელთ სთხოვდა: ღვთის გულისთვის, მიწყალობეთ ერთი გროშიო. უმრავლესობა ჩვეულებრივი გულცივობით უქცევდა გვერდს, მაგრამ გამოერეოდა ხანდახან ისეთიც, რომ ერთ ან ორ კაპეიკს აძლევდა ამ მათხოვარს. ქალაქის გუშაგნი ხშირად სდევნიდენ ამ დედაკაცს, რადგანაც, ამათის ფიქრით, ეს დედაკაცი სხვა მათხოვრებზე უფრო აძულებდა ხალხს თავს. “Жидовка проклятая. Проходу не дает людям”, უწყრებოდა ხან ერთი გუშაგი და ხან მეორე. ამ წყრომაზე დედაკაცი მოშორდებოდა შუა ქუჩას, დაჯდებოდა სადმე ქუჩის კუთხეში და იძახოდა: გამიკითხეთ, ღვთის გულისთვისო, მაგრამ, რა რომ აქ ყურადღებას არ მიაქცევდენ, ისევ გადიოდა შუა ქუჩაზე და ეჭირა გაწვდილი ხელი. აბა ვინ იფიქრებდა, რომ ეს დედაკაცი ქრისტინე იყო, ის ლამაზი, მორცხვი ქრისტინე, რომელიც ერთ დროს ისე უტოკებდა გულს და ანატრებდა თავს ნიგვზიანის ყმაწვილკაცობას. გარდა ცისფერი თვალებისა, რომლებიც ეხლა ისე შესაბრალისად გამოიყურებოდა მის დაგლახაკებულ სახიდან, აღარაფერი მოგაგონებდათ ადრინდელ ქრისტინეს.

ქრისტინე და სონა, სანამ არ მოკვდა დედაბერი ნატალია, არ მოშორებიან მას. ნატალიას სიკვდილის შემდეგ რამდენსამე ხანს კიდევ ერთად ცხოვრობდენ ისინი. შემდეგ ქრისტინე ვიღაც ერთმა ოფიცერმა აიყვანა ხასად. კარგა ხანს ცხოვრობდა ამ ოფიცერთან. როცა ოფიცერს მოსწყინდა, ანუ, როგორც თვითონ ამბობდა, როცა “რახილა გახუნდა”, ოფიცერმა ვიღაც სხვა ქალი შეიყვარა და ქრისტენს თავი დაანება. დაიწყო ქრისტინემ ცალკე ცხოვრება (სონასი და ლიზასი, რაც ერთხელ მოშორდა, მას შემდეგ აღარაფერი გაუგია). თუმცა თავისი სილამაზისა ბევრი აღარა შერჩენოდა რა, მაგრამ სახელი ურიის ლამაზი ქალის ჯერ კიდევ ბევრ მოქეიფე ყმაწვილს იზიდავდა მისკენ.

ერთ დღეს ვიღაც ყმაწვილებმა ჩაისვეს ქრისტინე ფაიტონში და გასწიეს ორთაჭალისკენ, სადაც მთელი ღამე დუდუკით და ღვინის სმით უნდა გაეტარებიათ. არ გასულა ორი-სამი საათი სმის დაწყების შემდეგ, რომ მოქეიფეთ მოუვიდათ ჩხუბი ქრისტინეს გამო და შეიქნა ხანჯლების ტრიალი.

- რას გაგიშტერებია თვალები, წამო რაღა! - უთხრა ერთმა ყმაწვილმა ქრისტინეს და მოჰკიდა ხელი წასაყვანად.

- თავი მამიკვდეს, თუ ეგ აქედან გაგატანო! მაშ, მე დედაკაცი ვყოფილვარ! - გადაუდგა წინ მეორე ყმაწვილი ხანჯლით.

- გასწი - მეთქი! აბა, ბიჭია და გაგიბედოს ვინმემ ხელის ხლება! - შესძახა პირველმა ყმაწვილმა ქრისტინეს და გაიგდო წინ.

- ეე! ხედავ ამ ხანჯალს? ლუკმა-ლუკმა აგკუწავ, თუ არ გაჩერებულხარ! - მიუტანა ხანჯალი ქრისტინეს სახესთან მეორე ყმაწვილმა.

- გასწი-მეთქი!

- არ იშლი? მიგყავს რაღა!

- მიმყავს!

- ვერ წაიყვან!

- წავიყვან!

- მაშ, აჰა, თუ წაიყვან! - ამ დროს რამდენჯერმე გაიელვა ქრისტინეს სახეზე იმ ყმაწვილის ხანჯალმა, რომელიც ქალს წინ უხვდებოდა, და რამდენსამე ადგილას დაჭრილი ქალი გულშემოყრილი დაეცა ძირს.

- აი, წაიყვანე! - დაიძახა ქალის დამჭრელმა ყმაწვილმა და გაიქცა. იმას გამოუდგენ სხვებიცა და გულშემოყრილი ქრისტინე კი დარჩა იქ.

როცა ქალი გონს მოვიდა, წამოდგა ზეზე; მისდა ბედად იქ ერთი კინტო შეხვდა და იმის შემწეობით მიაღწია თავის ოთახს. მეორე დღეს ქრისტინემ განუცხადა პოლიციას, რაც შეემთხვა, მაგრამ რადგანაც ქრისტინემ იმ ყმაწვილი კაცების შესახებ, რომლებმაც წინა დღით ის წაიყვანეს ორთაჭალაში და დასჭრეს, იმაზე მეტი არაფერი იცოდა, რომ ერთს კოტე ერქვა სახელად, მეორეს - ვანო, მესამეს - სოსო და სხვა, მეტი ვერც გვარი ამ ყმაწვილებისა, ვერც ის ადგილი, სადაც ეს ყმაწვილები ცხოვრობდენ, ვერ დაასახელა. დიახ, ამ საჭირო ცნობათა უქონლობის გამო პოლიციამ ვერაფერი შეწეობა ვერ აღმოუჩინა ამ ქალს, გარდა იმისა, რომ სამკურნალოში გაგზავნა და იქ მოარჩინეს. მოარჩინეს, მაგრამ სახე მეტად დასახიჩრებული გამოჰყვა. შეხედვა შეგეზარებოდათ, ისე აჩნდა ორ-სამგან ჭრილობის კვალი. ამას შემდეგ, რა თქმა უნდა, თავის რჩენა ადვილი საქმე აღარ იყო მისთვის. ხანდახან პურის ფულიც აღარ ჰქონდა და ერთი დღიდან მეორემდე მშიერი იჯდა. ამ დროს ავადმყოფობაც გაუძლიერდა და ხშირად იწვა სამკურნალოში. უკანასკნელ სახლის ქირის მიცემაც ვეღარ შეიძლო და სახლის პატრონმა გარეთ გამოაგდო. ეხლა სადღა უნდა შეეფარებია თავი? დაუწყო ძებნა - იქნება ან სონა, ან ლიზა ვნახო სადმე, შესაძლებელია, გაიხსენონ ჩემი ამხანაგობა, არ დამაგდონ შიმშილით სასიკვდილოთო, მაგრამ ვერც ერთი მათგანი ვერ ნახა. სხვა ღონე აღარ იყო, დაიწყო მათხოვრობა და ქუჩა-ქუჩა წანწალი. მაგრამ რას გახდებოდა მათხოვრობით? ის თავის დღეში გამოუცდელი და ცხოვრების უცოდინარი იყო და მათხოვრობაშიაც ეგეთი უცოდინარობა და უხერხულობა თან დასდევდა. ისიც არ იცოდა, სად და რომელ ქუჩაზე დადის უფრო ბევრი ხალხი, სად ეპყრობოდენ უფრო ყურადღებით მათხოვრებს, რომელ დღეს უნდა ჩამოიაროს ოჯახები და სთხოვოს მოწყალება. ფულის გამოზოგვა და ფრთხილად ხარჯვაც არ იცოდა; ჩაიგდებდა თუ არა ხელში ორიოდე გროშს, აიდევნებდა თან რომელსამე ნაცნობ მათხოვარს, წაიყვანდა დუქანში და ერთ კაპეიკსაც არ მოირჩენდა ისე დახარჯავდა, რაც კი ებადა. ამიტომ ხშირად ეგდო მშიერი.

ერთ დილას, ერთმა ქალაქის გუშაგმა იპოვნა ქრისტინე ქალაქის ქუჩაზე ძლიერ ავადმყოფი. გუშაგმა შეატყობია ეს ამბავი, სადაც რიგი იყო. პოლიციის მოხელემ გამოჰკითხა ავადმყოფ ქალს, გყავს ნათესავები, თუ არაო.

- მყავს მამა, დედა, შვილი, დები, ძმები. ჩემ მამას დათიეი ქვია, ჩემ შვილს - გოგი. თვითონ მე კი რახილა კი არა, ქრისტინე მქვია, გვარათ ხელმოკლიძეები ვართ, ქრისტიანები. გთხოვთ გამაგზავნოთ მამასთან. მინდა სიკვტილის წინ ერთი ჩემი გოგი ვნახო, - უთხრა ქრისტინემ პოლიციელს.

- რას ამბობ, დედაკაცო?! შენ ურიის ქალი ხარ, რახილა, ყველა გიცნობს! - უთხრა გაკვირვებულმა მოხელემ, რომელიც თვითონაც კარგათ იცნობდა ერთ დროს “ლამაზ ურიის ქალს, რახილას”.

- არა, მე ურიის ქალი არ ვარ, არც რახილა მქვია. ეს მოგონილი იყო, ნატალიამ მოახერხა. მე დათიეის ქალიშვილი ვარ. მიქენით მოწყალება, გამგზავნეთ მამაჩემთან, ამისრულეთ ეს თხოვნა.

- მერე, სადაური ხარ, რომელი მაზრის? შეეკითხა მოხელე.

- ჩვენ სოფელს ნიგვზიანი ქვია.

- მერე, სად არის ეგ ნიგვზიანი, რომელ გუბერნიაში, რომელ მაზრაში?

ესენი აღარ იცოდა ქრისტინემ. ის ერთხანს გაჩერდა და უთხრა:

- ეგენი მე არ ვიცი. თქვენ ნიგვზიანში გამაგზავნეთ და მერე თვითონ მივაგნებ. - მოხელეს გაეცინა. ქრისტინეს სიტყვიდან ვერაფერი გაიგო, სადაური იყო ეს ქალი. ქრისტინე გაგზავნეს საავადმყოფში.

საავადმყოფოში ქრისტინე ბრუნდს და მართალს ყველას ეხვეწებოდა, შინ გამაგზავნეთო, მაგრამ საავადმყოფოს მოსამსახურეებს და ექიმებს არც კი გაეგებოდათ ქრისტინეს თხოვნა-მუდარა. იმათ ავადმყოფის ბოდვად მიაჩნდათ ქრისტინეს სიტყვები და მის მიერ გოგის ნახვის ნატვრა.

ორი-სამი დღის შემდეგ ქრისტინე თითქო უკეთ შეიქნა, ძილი მოუვიდა, რამდენიმე კოვზი წვნიანი საჭმელი შეჭამა “აწი აღარ მჭირია ამათთან ხვეწნა, მოვრჩები და ჩემით წავალ შინ”, - აიმედებდა თავის თავს ქრისტინე. მართალია, ქრისტინემ იცოდა, რომ წასვლისათვის ფული იყო საჭირო, ფული, რომელიც არ მოეპოვებოდა, მაგრამ ეხლა ისე ენატრებოდა თავისიანების ნახვა, რომ ამ დაბრკოლებას არაფრად სთვლიდა “ვაგონში სადმე მივიმალები (ქრისტინეს ახსოვდა, რომ თბილისში რკინიგზით მოვიდა) და ისე წავალო” - ფიქრობდა. ისიც ახსოვდა, როცა ისა და სონა მოდიოდენ, თუ როგორ დაიმალა ვაგონის სკამქვეშ ერთი ბიჭი. “რისთვის იმალება” - კითხა მაშინ სონას. “ფული არ ქონებია, ბილეთი ვერ უყიდია და ამიტომ კანდუქტორს ემალვისო”, - უპასუხა სონამ. “მეც ისე დავიმალები, როგორც მაშინ იმ ბიჭმა ქნა”, - ამბობდა ეხლა თავის გულში ქრისტინე. აქამდეც ბევრჯერ უნატრია ქრისტინეს: “ნეტა ერთი ჩემი გოგი, ჩემი მშობლები და და-ძმები მაჩვენაო”. ახსოვდა, რომ ხანდახან სონა და ის დაჯდებოდენ, მოიგონებდენ თავისიანებს, თავიანთ უმანკო ბავშვობას, თავიანთ სოფლებს, მოუყვებოდენ რამე ამბავს ამ მოგონებისას ერთმანეთს და ბოლოს ისე აღეძრებოდათ ამ მოგონებით და ამბებით სევდა-ნაღველი, რომ ორივეს ცრემლი სდიოდა თვალთაგან. ბევრჯერ გაუტარებია ქრისტინეს მთელი ღამეები ტირილით, თავისიანების და მეტადრე გოგის მოგონებაში, მაგრამ მაშინ ეს მოგონება და ნახვის ნატვრა მხოლოდ დროებით აღუძრავდა სევდა-ნაღველს და შემდეგ ისევ გაუვლიდა. მშობლებთან წასვლა და იმათი ნახვა მაშინ ერთხელაც არ განუზრახავს, რადგანაც ფიქრობდა: “მე, გარყვნილს, აღარ მიმიკარებენო”. ეხლა კი ისე გაჰღვიძებოდა იმათი ნახვის წადილი, რომ არაფერს ერიდებოდა: “გამიწყრენ, გამლახონ, მომკლან, ოღონდ ერთი თვალი შევავლო”, - ამბობდა ის თავის გულში. პირველად, როცა ახლად მოშორებული იყო ქრისტინე თავისიანებს, ერთ-ორჯერ თავისი გოგი კი ნახა სიზმარში, თორემ მშობლები, ნათესავები და თავისი სოფელი ძილში ერთხელაც არ დასიზმრებია, მაშინ სულ სხვანაირ, არაჩვეულებრივ სიზმრებს ხედავდა ძილში. მაგალითად, ქრისტინეს ახსოვდა იმდროინდელი შემდეგი სიზმარი: ვითომც ეგდო ერთ საშინელ უფსკრულში; მის გარშემო ისეთი წყვდიადია, რომ ისეთი სიბნელის წარმოდგენა არც თვალების დახუჭვით და არც ბნელ ღამესთან შე დარებით არ შეუძლია ადამიანს, არსად ხმა-ბაიბური არ ისმის. ქრისტინეს უნდა გაინძრეს, ფორთხვით მაინც გაიაროს ახლომახლო, ცდილობს, ცოდვილობს, მაგრამ თითის განძრევაც ვერ შეიძლო, თითქო რაღაცას მისი ხელი გაუქვავებიაო; უნდა ხმა ამოიღოს, დაიძახოს დაიძახოს, ცდილობს, იტანჯება, მაგრამ არ იქნა, კრინტიც ვერ დასძრა; გრძნობს ისეთ შიშს, რომ ცხადად შეუძლებელია ასეთი შიშის გამოცდა.

აი ასეთის, თავის მდგომარეობასთან უკავშირო სიზმრებს ხედავდა ძილში ქრისტინე უწინ, როცა ახალი მისული იყო თბილისს. ეხლა კი, როცა იმდენი ხანი გასულიყო მას შემდეგ, ათასგვარ სხვა შთაბეჭდილებათა და მოგონებათა ობი გადაკვროდა ზემოდან მის ხსოვნას, ის ნათლად ხედავდა სიზმრებში თავის მშობლების ოჯახს და თავის სოფელს, თითქო ცხადიაო. დახუჭავდა თუ არა თვალებს დასაძინებლად, დაუდგებოდა თვალწინ ნათლად: აი, ვითომ ის ბავშვია, ისეთი ბავშვი, როგორიც ახსოვდა მას თავისი თავი. მშობლები ეალერსებიან, იხუტებენ გულში. დიდი ხანია დავიწყებული ჰქონდა, რომ მშობლებმა აღდგომადღეს პირველად წაიტანეს ეკლესიაზე, მაგრამ ეხლა ქრისტინეს უნაკლულოდ განუმეორდა სიზმარში მაშინდელი შთაბეჭდილება. აი ვითომ ჭრელი ტანისამოსით მოკაზმული მიჰყვა მშობლებს ეკლესიაში. ხედავს - ეკლესია გავსილია სხვადასხვაფერი ტანსაცმელით დაკაზმული ქალებით, კაცებითა და ბავშვებით. სანთლების სინათლეზე ბრჭყვიალებენ ხატები, ისმის ღვდლის ღაღადი და, თითქო თვითონ ეკლესია იძლევა ხმასაო, - გაგრძელებული გალობა. ამ სიზმრის შემდეგ რომ გამოიღვიძა ქრისტინემ, მისი ფიქრით, ვითომ რამდენსამე წამს კიდევ ესმოდა მის ყურს ის გალობა. რა ტკბილისა და ნეტარების ღიმილით გამოახელდა ხოლმე ქრისტინე თვალებს მას შემდეგ, როცა ძილში ისე ცხადად ნახავდა ან თავის გოგის, ან მშობლებს და ნათესავებს! მაგრამ როგორ დანაღვლიანდებოდა ხოლმე, როცა დარწმუნდებოდა, რომ ეს სიზმარი, მოჩვენება იყო. “ღმერთო, ერთი ადრე მომარჩინე და წამიყვანე შინ! ერთი, ერთი უნდა ვნახო და მერე მოვკტე. ჩემი გოგი ახლა დიდი იქნება!” - ფიქრობდა ქრისტინე.

გასაკვირვალი ის იყო, რომ ამ უკანასკნელ დროს იჭვი აღარ ეკარებოდა ქრისტინეს გულს. ერთხელაც არ წარმოუდგენია, რომ ჩემი დედ-მამა ეგებ აღარც კი იყვენ ცოცხალიო; გოგიც, შესაძლებელია, მოკვდაო. მას შემდეგ, რაც ის ამათ მოშორდა, ამათი ხომ აღარა გაუგია რა, მაგრამ, ქრისტინეს ფიქრით და წარმოდგენით, ყველანი კარგად იყვენ. უმოხუცებულესი ადამიანი რომ დატოვა თავის სოფელში, ისიც კი ცოცხალი ეგულებოდა ქრისტინეს. “ახლა, შინ რომ მივალ, პირველად თუ ჩემი გოგი შემხვდა, კი ვერ მიცნობს, რომ მისი დედა ვარ. მე კი იმას ერთი შეხედვით ვიცნობ”, - ებაასებოდა ქრისტინე ფიქრებში თავის თავს.

ვინ იცის, კიდევ რამდენმა ასეთმა ფიქრმა და მოგონებამ არ გაურბინა ქრისტინეს გონებაში! ძნელი წარმოსადგენია სულის მდგომარეობა იმ ადამიანისა, რომელსაც დიდი ხანია დაუკარგავს ნათესავები და ის კუთხე, სადაც აღიზარდა, სადაც პირველად იგრძნო სიყვარული ქვეყნიერებისა, და უკანასკნელ ჟამს ხელახლა აღძვრია სურვილი და ნატვრა იმ დაკარგული ნაცნობ-ნათესავების და არემარის ნახვისა. ქრისტინე ეხლა ჩქარობდა, რაც შეიძლება, ადრე მორჩენილიყო და ადრე გამგზავრებულიყო თავის სამშობლო სოფელში, მაგრამ მისმა ავადმყოფობამ ხელახლა იბრუნა პირი და საიმედოს არას უმზადებდა ქრისტინეს...

***

შემოდგომის მოწყენილი დღე იყო. პირმოქუშული ცა წვიმა-ავდარს უქადოდა თბილისს. ყრუ და მდუმარე სასაფლაოზე ვიღაც ორ მესაფლავეს ჩაეშვათ სამარეში ერთი მიცვალებული და ჩქარობდენ, რაც შეიძლება, მალე მიეყარათ მიწა და დროიანად მორჩენლიყვენ საქმეს.

ეს მიცვალებული გახლდათ ქრისტინე, რომელმაც ერთი კვირის ავადმყოფობის შემდეგ განუტევა სული თბილისის საავადმყოფოში. აღარ ეღირსა იმისი ნახვა, რაც ისე ენატრებოდა უკანასკნელ ჟამს! მესაფლავეებმა გაათავეს დამარხვა, ერთი კიდევ მიასწორ-მოასწრეს საფლავზე მიწა და გამოეშურენ, რომ წვიმას არ მოესწრო მათთვის.

- რა არის კაცის სიცოცხლე! ვინ იცის, ეს დედაკაცი საიდან იყო მოსული და ეხლა სად დაიმარხა! იქნება ამის ნახვას როგორ ნატრულობდენ ამის ჭირისუფლები! - უთხრა ერთმა მესაფლავემ მეორეს.

- ეჰ, ესეა ეს წუთისოფელი! არ გაგიგონია:

ეჰ, სოფელო, რაშიგან ხარ, რას გვაბრუნებ, რა ზნე გჭირსა!

სად წაიყვან სადაურსა, სად აღუფხვრი სადით ძირსა! -

უპასუხა მეორე მესაფლავემ, რომელსაც სადღაც დაესწავლა რუსთაველის ეს სამართლიანი ჩივილი ადამიანის ხანმოკლეობაზე.


1892 წ.

∗ ეს პირუტყვობაა ჩემი ძმის მხრით.

წყეული ურიის ქალი. სიარულს უშლის ხალხს.

მშვენიერი საღამო იყო. უსაზღვრო ცის ლურჯი კამარა დილის დამატკბობელი სიმშვიდით დაჰყურებდა იაკამად დადუმებულს მწვანე არემარეს. მაისის გრილი ჰაერი სიცოცხლეს ჰფენდა ცასქვეშეთს. მთელი დღის განმავლობაში მუშაობით მოქანცულმა კაცია მუნჯაძემ მიაყუდა თოხი კუთხეში, დაჯდა სახლის წინ ბელტზე და დაუძახა ცოლს:

- კესარიავ, თუ ქალი ხარ, დროზე გააკეთე ვახშამი! ისე ვარ მოღალული, რომ ძვალი ცაკე მაქ და ბილი ცაკე.

კაციას უმცროსმა ბავშვებმა გაიგონეს მამის ხმა თუ არა, ბაბაი მოსულა ყანიდანო, დაიძახეს, გამოცვივდნენ გარეთ პატარა, ქოხის მსგავსი სახლიდან და შემოეხვიენ თავიანთ საყვარელ ბაბას. უმცროსები ერთი იქით დაუჯდა მუხლზე და ერთი აქეთ, მესამე ბავშვი წინ გაუჩერდა და წვერების ფურჩქვნა დაუწყო. ბაბა წითელი პელანგი მომიტანე? - ეკითხებოდა სულ უმცროსი, ორწლინახევრის ვაჟი. ხვალ, ხვალ მოგიტან, შვილო! - დაჰპირდა კაცია პაწია შვილს და ალერსიანად მიიკრა გაოფლიანებულ შიშველ მკერდზე. ამასობაში კარზე მოდგა კაციას მეუღლე კესარია, ჯერ კიდევ ყმაწვილი, ლამაზი სახის ქალი და უთხრა ქმარს:

- პაწაი კიდევ და, ჰა, ახლავე გამოცხვება მჭადი.

კესარია ხედადა, რომ ქმრის დაფლეთილი პერანგი, რომელშიაც ბევრგან მოჩანდა მზისგან დამწვარი წითელი კანი, ერთობ ოფლით იყო დასველებული. ამიტომ თვითონაც ჩქარობდა, ადრე მიერთმია ქმრისთვის ვახშამი და მოესვენებია ეს შრომით დამაშვრალი ადამიანი.

- ე, კიღამ დამავიწყდა, სამშაფათს გამთენიერე მე და დათიამ გასაყიდი სიმინდი უნდა წევიღოთ ურმით. ურემი პეტრიას გამოვართვით ქირაზე. ცალი ხარი დათიესი იქნება და ცალი ჩვენი. - უთხრა კაციამ ცოლს.

- მადლობა ღმერთს! ამ საცოდავ ბაღნებს ერთს დავმოსავდეთ, თვარა მეტი რა მინდა! - სიხარულით თქვა კესარიამ. - სხვაი სხვათა და მარინაის სიცოდვემ თლა მომკლა ქალი. გუშინ, შვილო მთელი დღეი იტირა: ამხელა ქალი ვარ და ხორცის დასაფარავი აფერი მაქო. დევიწვი, სხვაი რაი!

- მე არ მწვავდა, გგონია, სიცოდვე, აგინი რომ შიშველი მყავდა! ღმერთო შენით, აგერ, სამშაფათს, იგი სიმინდი თუ პაწაი ხეირიან ფასად გევიდა, ყველას დავმოსავ, ერთ საკაბეს შენც მოგიტან. - იმედიანად თქვა კაციამ.

- მე არა, იგი პერანგი რომ არ გაცვია, ბაღნებისაზე თუ რამე მოგრჩეს, ერთი საპერანგე იყიდე შენდა, ჩემ თავს არ ვჩივი. - უთხრა კესარიამ და შებრუნდა სახლში.

მარინე, უფროსი ქალი კაციასი, ამ ლაპარაკის დროს იქვე კარებთან იდგა და ყურს უგდებდა მშობლების ლაპარაკს. ეს იყო ათი თუ თორმეტი წლისა, შავგვრემანი, მაგრამ, სამაგიეროდ, ლამაზი, ეშხიანი პირისახისა, რომელსაც ძლიერ უხდებოდა შავ-შავი დიდრონი თვალები. ვიწრო ჩითის კაბა, რომელსაც სიძველისაგან აღარც კი ეტყობოდა, რა ფერისა ყოფილიყო, ისე დახეოდა, რომ ბევრგან სხეული უჩანდა. საბრალო ქალი თავის მშობლებთანაც კი სირცხვილით ხელებს იფარავდა ტიტველა სხეულზე. როცა სტუმარს დაინახავდა, მარინე მირბოდა სახლის უკან, რომ დამალულიყო, ახლა კი, მარინემ რომ გაიგო, მამას სიმინდი მიაქვს გასაყიდად და კაბას მიყიდისო, მის სიხარულს საზღვარი აღარ ჰქონდა.

მარინეს მომტანო სამ ბავშვთაგან მხოლოდ ერთს ზოლებ-ზოლებად ეკიდა წინ და უკან პერანგის ნაშთი. ორი ბავშვი კი სულ ტიტველი იყო. ესენი ხომ რა, მოსვენებას არ აძლევდენ მამას: როის გვიყიდი პერანგსო მეტადრე უმცროსი ყოველ საღამოს ჰკითხავდა ყანიდან მოსულს კაციას: ”ბაბა, პელანგი მომიტანეო”.

რამდენი ხანია ემზადებოდა კაცია, ურმით სიმინდს წავიღებ, გავყიდი და ცოლ-შვილს დავმოსავო. მაგრამ ხან ხარი ვერ იშოვა (თვითონ კაციას კი ცალი ხარი ჰყავდა), ხან ურემი, ხან წვიმა მოვიდა და იმან დაუშალა გამოწყობილი მგზავრობა, ხან კიდევ სხვა საქმე გამოეკრა და აქამომდე დარჩა კაციას შვილები დაუმოსავად. მხოლოდ ახლა კი სრული იმედი ჰქონდა კაციას, რომ ვეღარაფერი გადაეღობებოდა წინ მის მოგზაურობას, რადგანაც კარგი დარი იდგა და კაცია ყოველისფრით მზად იყო. ამ გარემოებამ დიდი სიხარული გამოიწვია კაციას ოჯახში: დიდსა და პატარას სიხარული ეხატებოდა სახეზე. გლეხკაცისას საკმარისია ერთი უბრალო რამ გამარჯვება საქმეში, რომ ოჯახში საზოგადო სიხარული გამოიწვიოს.

ის იყო, კაცია და იმისი ცოლ-შვილი ემზადებოდენ ვახშმის საჭმელად, რომ ვიღაცამ ჩაახველა ჭისკართან და კაციელაო, დაიძახა.

- დასწყევლოს ღმერთმა! ნახავ, თუ ახლა გზის სამუშაოზე არ გამიწვიონ! - გაჯავრებით თქვა კაციამ და გასწია ჭისკრისკენ.

- კაციელავ, იცი რეიზა ვარ მოსული? დღეს მამასახლისმა გამოგვიცხადა, - ამეღამ ერთი ძალიანი დიდი კაცი გეიარს მაშინით და რკინიგზაზე ყარაულები უნდა დააყენოო. რვაი კაცი უწევს ჩემ სანაცვლოს. ერთად შენ უნდა წახვიდე. მეტი გზაი არ მაქ. - უთხრა ნაცვალმა კაციას.

ეს განკარგულება - ახლომახლო სოფლებიდან რკინიგზის ლიანდაგზე დარაჯების გზავნა - კარგა ხანია არსებობდა. პირველად ბოქაულმა გამოუცხადა რკინიგზის მახლობლად მცხოვრებ გლეხებს: - რკინიგზის ლიანდაგზე მატარებელი ხშირად ეტაკება საქონელს, ამიტომ ან ღობე გაავლეთ ლიანდაგის გასწვრივ და ან დარაჯები დაუყენეთ, რომ საქონელი ვეღარ გავიდეს ლიანდაგზეო. გლეხებმა უარი განაცხადეს: არც ერთი შეგვიძლია და არც მეორეო. ამხელად ბოქაულმაც აღარ დაატანა გლეხებს ძალა და ამრიგად, თითქოს ეს განკარგულება ჩაქრა, მაგრამ რამდენსამე ხნის შემდეგ, როცა მატარებელი დაეტაკა კამეჩს, ორთქლით მავალი ლიანდაგიდან გადავარდა, რამდენიმე ვაგონი დაიმტვრა და კონდუქტორებიც დაშავდენ, მამასახლისს მოუვიდა წერილობითი განკარგულება: უეჭველად დარაჯები უნდა გზავნო რკინიგზის ლიანდაგზე, თორემ პასუხისგებაში მიეცემითო. ერთი-ორი თვის განმავლობაში ეს განკარგულება სასტიკად სრულდებოდა. შემდეგ კი, რადგანაც მეტად საძნელო იყო, შეუშვეს ხელი. თუ დიდს ვისმე მთავრობის პირთაგანს მოელოდებოდენ რკინიგზით, დააყენებდენ დარაჯებს, თვარა და იყო თავმინებებული. იმ ღამეს კი, როცა ნაცვალმა კაცია გაიწვია სადარაჯოს, უნდა გაევლო ერთ მძლავრს ამა ქვეყნისას.

- კაცო, რა არის, ყოველთვის მე რო მომახტები? კანოლით ახლა მე არ უნდა შემხვედროდა ყარაულობა. - უთხრა ნაცვალს კაციამ.

- რეიზა ყოველთვის? ამას წინათ არ იყო, სამუშაოზე წასლა რომ გაპატივე? - უპასუხა ნაცვალმა.

- მაგიერი მე ყანაში მოგეხმარე.

- ამეღამ წადი რკინიგზაზე, ერთი დღეიც შინ მომეხმარე ყანაში და იმ კვირას რომ სამუშაოზე წასლა გიწევს, იმას გაპატივებ. - უთხრა ნაცვალმა, რომელიც ხანდახან გლეხებს ერთ-ორ დღეს თავის ყანაში ამუშავებდა და, სამაგიეროდ, საზოგადო გზაზე მთელი კვირის მუშაობას ააცდენდა.

- კაი, რაღა ვქნა! წავალ ამეღამ სადარაჯოდ, - თქვა კაციამ და თან ულვაშებში ჩაიცინა, რადგანაც ერთი კვირის მუშაობა აიცდინა თავიდან და ეს კაი საქმე იყო მარტოხელა გლეხისთვის.

- აბა ჰა, არ მიღალატო, თვარა ციმბირს გაგვაგზავნიან მეც და შენც! - დააბარა ნაცვალმა.

- კაცო, როდის მომიტყუებიხარ, რომ ახლა მოგატყუო? - დააიმედა კაციამ.

- რაიო? - ჰკითხა სახლში შესვლისთანავე კესარიამ მეუღლეს.

- დიდი კაცი მობძანდება და რკინიგზაზე უნდა იდარაჯოო.

- მერე რავა შეგიძლია ამ მოღალულ კაცს?

- სამუშაოზე წასვლას გაპატიებო, პაწა საქმე არ არის ჩვენდა.

- პაწაი არა, ძალიან საქმეა, თუკი გვაპატია.

- ძალიანია ხო... მარა ისთე ვარ მოთეთქვილი, რომ... დასაქცეველი! მივალ ამეღამ აგი მოღალული კაცი, ერთს გემოით დევიძინებ-მეთქი, ვიფიქრე, მაინცადამაინც ამეღამ გამოსკდა დიდი კაცი და ყველაი!

- რა ვქნა, მე უბედურმა! ნეტაი შემეძლოს და მე წავიდოდე! - თანაგრძნობით უთხრა ცოლმა.

- კაია, რომ წახვიდოდე, იმ ყარაულებს ამეღამ თავს შეაქცევიებ, ცოდვაა, მოწყინდებათ. - ეხუმრა კაცია.

- ჰო, შენებურა დეიწყე ერთი ხუმრობა! ესე არ ვჩივი მე!

- ჩივილი რათ გინდა? თუ სიკეთეს უზამ, ბარემ უჩივლელად ჯობს.

- მოჰყევი შენებურა, შენ ფინთო, შენ! - ალერსიანად უთხრა ამ ხუმრობაზე ქმარს კესარიამ.

ვახშამზე დაწვრილებით მოილაპარაკეს კაციამ და კესარიმ, თუ რამდენი სიმინდი შეუძლიათ გაიმეტონ გასაყიდად, რა და რა სამზადისი დასჭირდება სამშაბათისთვის კაციას და სხვა.

ნავახშმევს კაციამ გამოიდვა თავისი თოფი მხარზე, ჭკუით იყავითო, დააბარა ცოლ-შვილს ჩვეულებრივად და წავიდა, „სად მიხვალ, ბაბა? წითელ პელანგს მომიტანავო“, მიაძახა უკან კაციას უმცროსმა შვილმა.

- უი მათ დიდკაცობას! ამ მოღალულ კაცს რა გააჩერებს ამეღამ უძინარათ! - თქვა კესარიამ.

კაციას ბევრჯერ ედარაჯებია რკინიგზაზე და ამიტომ იცოდა, სადაც უნდა დამდგარიყო. ის მივიდა მიჩვეულ ადგილს, დაიყუდა თოფი წინ და გაჩერდა. არ გასულა ნახევარი საათი, რომ კაშკაშა ცა გაანათა სავსე მთვარემ, რომელიც ნელ-ნელა ამოცურდა მთის იქიდან. მკრთალი, ნარნარი სინათლე საამოდ ეფინებოდა მდუმარე ქვეყანას. დიდრონი ხეების ჩრდილნი უძრავად გაწოლილიყვენ აქა-იქ, თითქოს რაღაც საიდუმლო არსებას ბუნების სიმშვიდეში ტკბილად ჩასძინებიაო, თითქოს ნანინა უნდა უგალობოს მდუმარე ქვეყანასო, ისე ამოჰკიოდა და თავგამოდებით სტვენდა ბულბული.

კაცია იდგა ერთ ადგილას და თვალგაშტერებით გაჰყურებდა ერთ კონცხის ძირს, სადაც მთვარეს შუქის მიტანა ვერ მოეხერხებია. არ იფიქრო, მკითხველო, თითქოს კაციას ფანტაზია აუთამაშდა ასეთ პოეტურ ღამეში; ის შორს წაიღო ოცნებამ და მიტომ გაჰყურებდა სადღაც თვალებგაშტერებული. კაციას არავითარი ტკბილი მოგონება არ ჰქონდა შეერთებული პოეტურ ღამესთან: არც სატრფოს ხვევნა-კოცნა, არც მწვანეზე ქეიფიანი ვახშამი, არც სატრფოს წინაშე სიყვარულის განცხადება და არც სხვა მისთანა. მას თავის დღეში არ ჰქონია მისთვის დრო, რომ სატრფოსთან ხელიხელ გაყრილი ესეირნა და დამტკბარიყო ბუნების სიმშვენიერით, ან მთვარიან ღამეს სატრფოს მოლოდინში აეტოკებია მისი გული. კაციას რომანებისა არა გაეგებოდა რა. მისი სიყვარულის ისტორია სულ ეს იყო: ერთ საღამოს დაიწერა ჯვარი თავის კესარიაზე და, იმ დღიდან დაწყებული, ეწეოდენ ორივე ცხოვრების მძიმე უღელს. თუ მთვარიანი ღამე მოაგონებდა რასმე, ისევ თოხს, სახნისს, ურემს, ღამით მუშაობას და სხვას მისთანას. მაშ რას მოასწავებდა კაციას გაშტერებული თვალები? მძიმე და ნაღვლიან ფიქრებს.

„რამდენი რა არ ტრიალებს საწყალი ყაძახის თავზე! - ეუბნებოდა ფიქრებში კაცია თავის თავს, - ცოლ-შვილი დაარჩინე, ფოშტის ფული გადიხადე, უჩიტლის, მწერლის... გზის სამუშაოზე წადი, სადარაჯოთ წადი. ყველას მორჩილება გაუწიე, ყველას ემსახურე! არა, ძალიან უბედურათ არის ყაძახის ცხოვრება მოწყობილი!.. ახლა დიდი კაცი მობრძანდებაო... ძალიან ბევრი დიდი კაცი უნდა იყოს ქვეყანაზე, რომ ამდენი სამსახური ჭირდება... დიდკაცები... ნაცვალს უკითხავს, ვინ არისო, და რა შენი საქმეაო, უთხრეს თურმე, რა ჩვენი საქმეა! ჩვენი საქმე იგია, თუ გვიბძანეს, ვუდარაჯოთ, თუ არა, ციმბირში გაგგზავნიანო... ნეტა რანაირი ადგილია იგი ციმბირი? ძალიან ფინთი კი უნდა იყოს!.. დიდკაცებს არ გზავნიან, ნეტაი, ციმბირში? ჰმ!.. რა ბრიყვი ვარ! დიდკაცები სხვებს გზავნიან, თავის თავს ხომ არ გაგზავნიან! რა უბედურობაა! ყაძახო, იხადე, ემსახურე, ემორჩილე და, თუ რამე შეგცთა, ციმბირი და შენი ჯანი! ნეტაი რას იზმენ დიდკაცები, ყაძახები რომ არ იყოს ქვეყანაზე? თუნდა კიდეც ვარ, რომ არ წამოვიდე და არ ვიდარაჯო? ვთქვათ, არ შემეშინა ციმბირის... ჰმ, რას იფიქრებს კაცი! იგი არა, ერთი დამიძახეს, წადიო და მაშინათვე აგერ გამოვძუნძულდი... ღმერთო, რა ახირებული ფიქრები მომივიდა ამეღამ!“ აქ კაციამ შეხედა ცას და თქვა: „კაი ხანი გასულა, იქნება ამეღამ არც დიდმა კაცმა გეიაროს და არც არავინ“. ამას შემდეგ კაცია გადავიდა ფიქრებით თავისი ურმით მოგზაურობაზე: „ძალიანი კარგათ არ მოეწყვა ჩემი წასლის საქმე! დღეს დილას რომ დათიეი არ მენახა, ვინ იცის, სამშაფათს კიდო ვერ წევიდოდი. ახლა, ღმერთო შენით, სამშაფათ გამთენიეს ავაჭრიალებ ურემს. ჩემ ცოლ-შვილს რომ ყანიდან მოსული შევხედავდი, კურცხალი მადგებოდა თვალზე. საქმაროა ციცაი მარინაი ახლა, ესე ქვია, და, შვილო, აქეთ-იქით ხელით იფარავს შიშველ ხორცს... ოცჯელ კაღამ შევრცხვი აგი ოცდაათი წლის კაცი, კაღამ დევიწყე მათმა მაყურადემ ბაღანასავით ტირილი!.. ამ საღამოს უმცროსმა ბიჭმა მომაძახა: ბაბა, პელანგს მომიტანავო? ღმერთო, შენ მომიწყვე ხელი! გინდა ყოლიფერი სიკეთე მეშოვოს, იგინის დამოსვის საქმე რომ გავახერხო. რაღაა, შაფათი, კვირე, ორშაფათი და სამშაფათი, სულ ოთხი დღეია შვაზე“. დიდხანს, დიდხანს ფიქრობდა კაცია ამ საგანზე. შემდეგ, ფიზიკურად და სულიერად მოქანცულს, ძილი მოეკიდა. რომ არ დანებებოდა ძილს, კაციამ დაიწყო იქით-აქეთ სიარული. „რომ არავინ გამოჩთა, იგი დასაქცეველი!“ - ეუბნებოდა ის თავის თავს.

დიდხანს დადიოდა კაცია. მთვარე გადიხარა, მაგრამ მატარებელი არსად ჩანდა. „დასაქცეველი! ცხრაი გზობა კაღამ დავეცი, ისე მინდა ძილი. დილიდან საღამომდე თოხს ვეგრიხებოდი, ეხლა თელი ღამე გაათენეო, რა კაცი გუუძლებს ამას!“ - სთქვა ფიქრებში კაციამ და შეეცადა, რომ გამაგრებოდა, მაგრამ სხეულში რაღაც მოდუნება იგრძნო, ძილის ნდომა ისე ტკბილად უვლიდა ტანში, რომ კაციას მეტი აღარ შეეძლო. „მოდი, პაწაი თვალს მოვატყუებ და მერე უმფრო ფხიზლად ვიქნები“, - იფიქრა კაციამ, დაიდვა თოფი მკლავზე, დადვა თავი რკინიგზის რელსზე და დაწვა. „თუ ვინიცობაა, მაშინა მოვიდა, რეინცაზე რომ თავი მექნება, მაშინათვე შევიტყობ და წამოვხტები“. - გაივლო ფიქრებში და დახუჭა თვალები. ედვა თავი რელსზე და ეძინა კაციას. სავსე მთვარე კი, თითქო ეტრფის მის გაბურძგნილ წვერ-ულვაშსო, ნარნარად დაჰყურებდა ზევიდან, ბულბული კი სმენის დამატკბობლად გაიძახოდა: „ტიავ, ტიავ, ტიავ!“

არ გასულა ნახევარი საათი, რომ გამოჩნდა მატარებელიც. იმისი მოვარაყებული ვაგონები თვალის წარმტაცად ბრჭყვიალებდა მთვარის შუქზე; აუარებელი სანთლების სინათლე საამურად უერთდებოდა ფანჯრებიდან მთვარის სინათლეს; ვაგონების თვალები ისე უხმაუროდ მოსრიალებდა, თითქო არ უნდა კაციას ძილი დაუფრთხოსო. აი, მიუახლოვდა კაციას მატარებელი. კაციამ სუნთქვს მოუმატა, თითქოს ეს-ეს არის, გაიღვიძებს და წამოხტება ზეზეო. მაგრამ არა, კაციას მხოლოდ დაესიზმრა ზეზე წამოვარდნა. კაცია ხედავს სიზმარში, ვითომც იმან შორს შეუტყო მატარებელს, მოდისო, წამოვარდა ზეზე, მოიმარჯვა თოფი და დგას მარდათ. ხედავს, მოდის მატარებელი, სულ ერთიანად ოქროსი; შიგ სხედან ოქროს ტანსაცმელით კაცები, მოპარსული წვერებით და მწყრომარედ უყურებენ კაციას, ვითომც და იმიტომ, რომ გაუგიათ კიდეც, კაციას ეძინაო. კაციას უნდა ბოდიში მოიხადოს, მაგრამ არ იქნა, ენა ვერ დაძრა. „ვაი დავღუპე ცოლი და შვილი! - ამბობს ვითომც კაცია თავისთვის, - ციმბირში გამგზავნიან!“ სწორედ ამ სიზმრის გამო იყო, რომ კაციამ სუნთქვას მოუმატა. მატარებლის თვლებმა გაისრიალა რელსზე, რომელზედაც კაცია იწვა, და განაგრძო გზა.

განთიადისას რკინიგზის დარაჯმა იპოვა ლიანდაგზე მკვდარი კაცი, რომელსაც თავი ჰქონდა წაგლეჯილი. - ეს იყო კაცია მუნჯაძე.


1893 წ.

I

ვინ მოსთვლის, რამდენი ვაი-ვაგლახი და შავი დღე გამოიარა უნათლოშვილის ქვრივმა ბაბალემ, მინამ თავის ორს ვაჟს, სოფონას და ოქრუას, გამოზრდიდა. ჯერ კიდევ ოცდასამი წლის ჯანსაღი ქალი იყო ბაბალე, რომ დაქვრივდა; შეეძლო მეორეთაც გათხოვილიყო, ქვრივ-ობლობის ვარამს ასცდენოდა; ვინ იცის, იქნება მეორე ქმრის ხელში კეთილი ცხოვრებაც ჰქონოდა, მაგრამ ყოველივე ეს უარჰყო ბაბალემ. სიღატაკე, ყანაში მუშაობა, მოხელეებისაგან სახელმწიფო და სხვა გადასახადებისათვის ლანძღვა-გინების ატანა არჩია და თავის მცირეწლოვან ვაჟებს კი არ მოშორდა. სამაგიეროდ დაუჯილდოვებელიც არ დარჩა ბაბალეს ღვაწლი: სოფონა და ოქრუა ისეთი დარდიმანდი ბიჭები გამოვიდენ, რომ იმ მუხუროში იშვიათად მოიპოვებოდა მათი ბადალი. უფროსმა, სოფონამ, ცოლი შეირთო და აგერ სამი შვილის პატრონი კაცი გახდა. ბაბალეს ისე უყვარდა შვილისშვილები, რომ თვალში ჩავარდნოდენ, ხელს არ მოისვამდა. შვილები და რძალი ბაბალეს აღარა რჯიდენ. ახლა ბაბალე მხოლოდ იმ საქმეს აკეთებდა, რომლის გაკეთებაც თვითონაც ეხალისებოდა და სიამოვნებას მოუპოვებდა. დანარჩენ დროს ბადიშების ალერსში ატარებდა. მართალია, იმ აუარებელი შრომა-ტანჯვისაგან, რომელიც მას გადახედოდა თავის ობლების გამოზრდაზე, ბაბალე ცოტათი მოტყდა, მოიხარა, მაგრამ, სულიერად კმაყოფილი, ის არც კი იმჩნევდა ფიზიკურად დასუსტებას, გული ისევ ყმაწვილი ქალივით მხნე და გაუტეხელი ჰქონდა.

- დეილოცა მისი დიდება! ღმერთმა არ დამიკარქა იმდენი ღვაწლი! დიდი ჭირი გადამხდა, ბევრი შავი დღეი გამევიარე, მარა სამაგიეროდ ბოლოს კი შევიქენი ბედნიერი. ჩემი შვილები მე კი არა, თავადის ქალს ეკადრება შვილებათ. გურიაში ყაძახის შვილი ჩემ შვილებს წინ ვერ დუუდგება! - ამბობდა სიხარულით ბაბალე.

მაგრამ აგერ გაჩნდა ოჯახების აწერა, გაისმა ხმა: სალდათობა იწყება ჩვენ ქვეყანაშიცაო, და შეშფოთდა ბაბალე.

- ნეტაი არ მომეწია ამ დღემდე! თლათ ჩვენი მუხურო რომ დატიონ, თვალს რომ შეავლებენ ჩემ შვილებს, აღარ შემარჩენენ! სხვაი რომ არა, მარტო თვალტანადობის გულიზა წეიყვანენ სალდათათ. ჩემდა საუბედუროთ გამოვიდენ ჩემი შვილები იმისთანაი კაი! - წუწუნებდა შიშისაგან თავზარდაცემული ბაბალე, - დავმალო, სად დავმალო?! მტერი ჩაასმენს, თვითან რომ ვერ შეიტყონ. უმტერო ვინ არის ქვეყანაზე! რა მიწაში ჩავიდე, რა ვქნა?! ორივეს თუ არა, ერთს მაინც წამართმევენ! რა უჭირდა იმ დალოცვილ ღმერთს, აქამდი არ მოვეტანე!

ასეთი ფიქრებით ატარებდა ბაბალე დღე და ღამეებს მას შემდეგ, რაც საოჯახო სიების შემდგენელმა, სხვათა შორის, დაიბარა ბაბალე და მისი შვილები სოფლის კანცელარიაზე და ჩასწერა ვეებერთელა რვეულში.

შემდეგ, როცა ყმაწვილკაცობა მიიწვიეს სამხედრო ბეგრისთვის, ბაბალეს ერთი ციებ-ცხელება აუტყდა: დღეს არა, ხვალ ჩემ შვილებსაც წაიყვანენო. ამიტომ ხან მამასახლისთან დარბოდა და ეხვეწებოდა, მიშველე რამეო, ხან მწერალთან, ხან მღვდელთან და ვინ მოსთვლის, ვისთან არა. ყველა აიმედებდა ბაბალეს:

- ნუ გეშინია, უფროს შვილს არ წაიყვანენ ერთი იმიტომ, რომ უფროსია, მეორე წლოვანებითაც წაყვანის ვადა გასული აქვს; უმცროსი კი ჯერ არ არის იმდონი წლისა, რომ წაიყვანონ; სინამ წლოვანი გახდება, ბარე ორი-სამი წელი გაივლის და მაშინ კიდევ ვინ იცის, შეხვდება თუ არა ბეგარა, რადგან ლატარიით არის შეხვედრა და არშეხვედრა.

ბაბალე კი მაინც ვერ ნუგეშობდა. დღით თვალი ეჭირა ჭიშკრისკენ: მოვლენ და წაიყვანებენ ჩემს სოფონას ან ოქრუასაო.

მაგრამ გათავდა ეს პირველი დაბარებაც სამხედრო ბეგრისთვის და ბაბალეს ვაჟები არავის მოუკითხავს. ახლა კი ბაბალემ თავისუფლად ამოისუნთქა და, ცოტა არ იყოს, ყვედრებაც დაუწყო თავის თავს:

- რა ვიფიქრე მე სულელმა! მე, ქვრივსა და ოხერს, შვილებს აბა ვინ წამართმევდა! რაც იმათ გაზდაზე შავი დღეები მინახავს, ქვეყანაზე სამართალი აღარ იქნებოდა, თუ იმათ წამართუმდენ!

- ახლა ბაბალე მხოლოდ სხვის უბედურებაზე წუწუნებდა:

- თურმე საცოდავებს მატლიანი შავი პურით და აყროლებული ნახარჩით არჩენენ! ზოგს პირიდან აღებინებს თურმე, ზოგს მუცელი ეშლება და ზოგს კიდევ რა ვიცი. აგი კიდევ რაა, ისე სცემენ თურმე, რავაც მეყანე ძროხას! საცოდავი გულქანაის ბიჭმა ვეღარ გუუძლო თურმე, და თქვენს მტერსა და ავს იმისთანაი, საცხა ლაზარეს სადგომიაო, იქინეი დალია სული თავისიანების უნახავათ! პეტრიეის ბიჭს ერთი ყური გუუფუჭდა ნაცემიო. ევანეს ბიჭი სამ თვეზე მეტს ვერ იცოცხლებს, ისე ახველებსო. ზოგს როზგიც დაჰკრეს თურმე. როზგი რომ კაცს დიეკრება, მისი სიცოცხლე რაღა სიცოცხლეა! დეილოცა იგი ღმერთი, რაც ღმერთმა ჩემი შვილები იპატივა! კი იცოდა დიდებულმა ჩემი საცოდავობის ანბავი. რაღაი, გადვირეოდი, იქინეი რომ შვილი მყავდეს!

როცა შეხვდებოდა ბაბალე სოფლად მოსულ ჯარისკაცს, დიდის ყურადღებით ეკითხებოდა იქაურ ამბებს და შემდეგ იცემდა გულში ხელს “შვილებო, შვილებო, რა დღეში ყოფილხართ!.. რაფერ ვიყავი ასე ბედნიერი, რომ ჩემი შვილები გადარჩა იქინეი ყოფნას!.. მარა ღმერთი სამართლიანიაო, იტყვიან”. - იმეორებდა ბაბალე.

ასე გავიდა ბაბალესთვის პირველი და მეორე წელი. მაგრამ მესამე წელს, სწორედ იმ დროს, როცა ბაბალე სრულიად დარწმუნებული იყო, რომ მის შვილებს აღარ წაიყვანდენ, გაიგო ბაბალემ მამასახლისისაგან, რომ სამხედრო ბეგრისთვის მიწვეულ ყმაწვილ კაცების სიაში ბაბალეს ვაჟი ოქრუაც არის მოხსენებული. ბაბალეს ამის გაგონებაზე კინაღამ გული წაუვიდა. ერთხანს ელდანაცემმა ენის დაძვრაც ვერ მოახერხა, შემდეგ კი, როცა გონს მოვიდა, დაუწყო ხვეწნა მამასახლისს, მიშველე რამეო, მაგრამ მამასახლისმა მტკიცე უარი უთხრა: “ამ საქმეში ვერას გიშველიო”. ის ღამე ტირილით გაატარა ბაბალემ, დილაადრიან კი წამოდგა და გასწია მოსე მწერლისაკენ.

II

მოსე გულფუჭაძეს, ანუ, როგორც ეძახდენ, მოსე მწერალს, დიდი სწავლული კაცის სახელი ჰქონდა სოფელში. მოსე იყო სოფლის სკოლაში ნასწავლი, გლეხკაცის შვილი, მამამისს, როგორც ღარიბ გლეხს, არ შეეძლო მიეცა საშუალება თავის შვილისთვის, რომ მას სოფლის სკოლის შემდეგაც განეგრძო სწავლა. მაგრამ არც ის უნდოდა, რომ სკოლაში ნამყოფი შვილისთვის თოხი მიეცა ხელში. თავისი მხრით მოსეც ძალიან ცდილობდა გაენთავისუფლებია თავი თოხისაგან. მან გამოცდილებით კარგად იცოდა, თუ რა მძიმე და მომქანცველია ეს სამუშაო იარაღი. მოსეს მამას უნდოდა დუქანში მიებარებია შვილი, მაგრამ ამ დროს შემთხვევით მამასახლისისაგან შეიტყო, რომ ერთს პოლიციის ბოქაულს ოჯახში ხელზე მოსამსახურე ეჭირვებოდა. “დუქანი ჯერ ვერსად ამიჩენია იმისთანაი, - იფიქრა მამამ, - რომ შვილის მიბარება ღირდეს; მოდი, იმ პრისტავს მივაბარებ ჩემ შვილს; ჯამაგირი ჯამაგირათ ექნება, ამას გარდა, ერთი რამ საჭიროება რომ შემექნას, პრისტავი მწყალობელი მეყოლება, ამასთან კიდევ პრისტავის ოჯახში ჩემი შვილი ბევრ რამეს ისწავლისო”. მამამ მისცა ბოქაულს თავისი შვილი მოჯამაგირედ.

ბოქაულმა ნახა, რომ მოსეს რუსულ წერაში საკმაოდ კარგი ხელი ჰქონდა და ამიტომ ხშირად აძლევდა მას გადასაწერად შავად დაწერილ საქმის ქაღალდებს. ასე ამრიგად მოსე ბოქაულისთვის ხელზე მოსამსახურედაც გამოდგა და ქაღალდების გადამწერადაც. რამდენიმე ხნის ვარჯიშობით მოსემ ისე გაიმართა რუსულ წერაში ხელი, რომ პატარა საქმეების მიწერ-მოწერაზე შავიც აღარ სჭირდებოდა, ისე სიტყვიერად ეტყოდა ბოქაული და მერე მოსე თითონ შეადგენდა. მართალია, მოსეს რუსული მართლწერა არ შეეძლო და რუსული ლაპარაკიც ძლიერ ცუდად იცოდა, მაგრამ სამაგიეროდ ქაღალდების ფორმები სულ გაზეპირებული ჰქონდა და ეს ძლიერ შველოდა წერის დროს. როცა მოსეს მამამ შეიტყო, ჩემმა შვილმა ქაღალდების შედგენა ისწავლაო, დაუწყო ბოქაულს ძღვენის ზიდვა და ხვეწნა: ჩვენი სოფლის კანცელარიაში დააყენე ჩემი შვილი მწერლათაო. ბოქაულმა, როცა კარგად გაიძღო მუცელი ძღვენით, მოსე სოფლის სამმართველოში გაამწესა მწერლად იმ პირობით კი, რომ ერთი მეოთხედი თავისი ჯამაგირისა ბოქაულისთვის ეძლია. თავდაპირველად მოსეს არა თუ რიდი და პატივისცემა ჰქონდა გლეხებისა, არამედ ეშინოდა კიდევაც მათი. როცა გლეხები შევიდოდენ სოფლის სამმართველოში, მოსე ფეხზე წამოუდგებოდა და მორიდებით ეკითხებოდა, რა გნებავთო. მაგრამ გავიდა ხანი, მოსე გამოიცადა, შეისწავლა თუ როგორ ეპყრობიან უფროსები გლეხებს და თითონაც გათამამდა. ბოლოს და ბოლოს იქამდე გათამამდა, რომ მოსეს ბუზებადაც აღარ მიაჩნდა გლეხები. ამასთან მოსე შეეჩვია ქრთამების აღებას და ყალბი ქაღალდების შედგენას. მამასახლისს და სოფლის მსაჯულებს, როგორც უნდოდა, ისე ატრიალებდა, რაც თითონ სურდა, იმას აკეთებიებდა. როცა თვალსაჩინოდ გამოაშკარავდა მოსეს სიყალბე და ცუდი საქციელი, გლეხებმა მოინდომეს მისი გაძევება. ჯერ თითონ განუცხადეს მოციქულის პირით: აღარ გვინდიხარ და მოგვშორდიო. მაგრამ, როგორც იტყვიან, მოსემ ბრე გადააყარა გლეხების მოციქულს თავზე: “ასე უთხარი, თქვენთვის არც მოსლა მიკითხავს და არც წასლას გკითხავთო”. გაჯავრებულმა გლეხებმა დაუწყეს მოსეს საჩივარი. მაგრამ აბა რას გახდებოდენ გლეხები თავიანთი საჩივრით, როცა იმათი საჩივრის სიმართლე თუ სიმრუდე იმ ბოქაულს ჰქონდა მინდობილი საძიებლად, რომელსაც მოსე თავის ჯამაგირიდან მეოთხედ ნაწილს აძლევდა. გლეხებისაგან არზის მისართმევად ამორჩეული პირები კინაღამ სატუსაღოში არ ჩასვა ბოქაულმა, ტუქსვა და ლანძღვა ხომ აუარებელი მიიღეს მისგან. მოსე, რა თქმა უნდა, ისევ მწერლად დარჩა სოფელში. გლეხებმა ერთი კიდევ სცადეს და გუბერნატორს მიართვეს მოსეზე საჩივარი, მაგრამ აქედამაც არაფერი გამოვიდა. გამარჯვებული მოსე მწერალი ახლა გადაემტერა იმ გლეხებს, რომლებიც საჩივრის მოთავენი იყვენ და, საცა კი იმათი საქმე ჩაუვარდებოდა ხელში, უკუღმა წაიყვანდა ხოლმე, რაც უნდა მართალი საქმე ყოფილიყო.

კარგა ხანს იყო მოსე ამ სოფელში მწერლად, შემდეგ კი თავისი სურვილით გადავიდა სხვა სოფლის სამმართველოში. აქაც აწეწ-დაწეწა საქმე, ააყაყანა გლეხები. აქაც გაჩნდა გლეხებსა და მის შორის საჩივარი, მაგრამ მოსე აქაც გამარჯვებული დარჩა. რამდენიმე ხნის შემდეგ მოსე აქედანაც გადავიდა მესამე სოფლის სამმართველოში, მესამედან - მეოთხეში და ასე ამრიგად რამდენიმე წლის განმავლობაში თითქმის მთელი მაზრის სოფლის სამმართველოებში დაჰყო. ამგვარ ღოღვას სოფლიდან სოფელში პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს სოფლის მწერლებისთვის: იმათ ეშინიათ, რომ მათგან თავმობეზრებულს გლეხებში ისეთები არ გამოჩნდენ, რომ იდუმალად ავნონ რამე, რაკი საჩივრით ვერაფერს გახდებიან. ამიტომაც სოფლის მწერლები დიდხანს არა რჩებიან ერთსა და იმავე სოფელში. ისინი ჯერ ერთმანეთში მორიგდებიან ადგილის გაცვლაზე და შემდეგ ბოქაულის ნებართვას იღებენ, კარგად იციან, რომ სოფლიდან სოფელში ვეღარავინ გაედევნება სამტროდ.

ბოლოს მოსე ისე გამოიქნა გაიძვერობაში, რომ ძლიერ გამჭრიახი თვალი უნდოდა, რომ ის სიყალბეში დაეჭირა, თუმცა კი დღე იშვიათად გავიდოდა, რომ რამე ყალბი ქაღალდი არ შეედგინა და ქრთამი არ აეღო. ასეთი სიყალბე-გაიძვერაობით მოსემ შეიძინა სოფლის კვალობაზე საკმაო სიმდიდრე, გამოჭიმა კოხტა სახლი, შეირთო აზნაურის ლამაზი ქალი და ცხოვრობდა თავისთვის ლაზათიანად. ამასთან მაზრის სამმართველოში მოსამსახურე ერთი გავლენიანი პირი მეტად პატივისმცემელი იყო მოსეს მეუღლისა, რომლის წყალობითაც მოსეს პირველი ადგილი ეჭირა სოფლის მწერლებში, სანდო და კეთილსაიმედო პირად იყო ცნობილი მაზრის სამმართველოში. ამას შემდეგ რაღა გასაკვირველია, რომ გლეხებს მოსე დიდი სწავლული კაცი ეგონათ და ამბობდენ იმაზე: “სტავლას, ძმავ, მოხმარა უნდა! რამდონია იგი რაცხა უნივერსია თუ სემილარია, იქიდან გამოსული, მარა ნახე, თუ ჩვენი მოსე მწერლის მეათედი საქმე შეეძლოს!”

აი ეს მოსე იყო, რომლისგანაც ბაბალე მოელოდა შველას.

III

ერთ მომაღლო ვაკე ადგილზე იდგა ორი შენობა, - ერთი პატარა, ძველი, ოროთახიანი და მეორე - საკმაოდ მოზრდილი, ხუთოთახიანი, თეთრად შეღებილის კედლებით და ლამაზი ფანჯრებით. პირველი იყო სოფლის სკოლა, მეორე - სოფლის სამმართველო. თუმცა მოსე მწერალს ცოლი მშობლებთან ჰყავდა და იქ საზოგადოების ცხენით დადიოდა, მაგრამ ორი ოთახი სოფლის სამმართველოში მაინც თავისთვის ეჭირა მარტო იმისთვის, რომ კვირაში ერთი ან ორი ღამე გაეთია იქ, როცა საწერი შეუგროვდებოდა და ან ვინმე უფროსს მოელოდა.

მზეს ჯერ კიდევ არ ამოეყო თავი, რომ ბაბალე მივიდა სამმართველოში და იკითხა:

- მწერალი სად ბძანდება?

- მწერალი წუხელ შინ წაბძანდა და დღეს მოვა, - უპასუხა მოსამსახურე ბიჭმა, რომელსაც სტოროჟს ეძახდენ. - შე დალოცვილო, ამ ცის იალონზე რომ ჩამოგირბენია, მწერალი, თუ გინდა აქანაი ბძანებულიყო, ჯერ კი არა, სადილობამდე არ გაიღვიძებდა.

- გასაჭირი მადგია, შვილო, გასაჭირი! - უპასუხა ბაბალემ და დაჯდა მწერლის ოთახის წინ, რომლის ფანჯრებსაც იისფერი ფარდები ჰქონდა ჩამოფარებული.

ერთ-ორი საათის განმავლობაში სამმართველოს წინ თითო-ოროლობით შეიკრიბა ათიოდე გლეხი, რომელნიც ზოგი მამასახლისისაგან იყო დაბარებული და ზოგი კი თავისი საქმის გამო მოსულიყო მოსე მწერალთან.

- ეი, აქანაი არ იქნება ჯდომა, მწერალი გაჯავრდება! იმ კუთხეში დაჯედით! - უთხრა სტოროჟმა ბაბალესა და გლეხებს, როცა დაინახა მწერლის ოთახის წინ დამსხდარნი.

- დიდება შენდა, ღმერთო! ტყავი გაგვაძვრეს ამ სახლის ფასში და ახლა კარებთან ჯდომის ნებაც არ გაქვანო, გვიჩივიან! - ჩაილაპარაკა ერთმა გლეხმა. ბაბალე და გლეხები გადავიდენ სტოროჟისაგან ნაჩვენებ კუთხეში. მზე საშუადღეოზე ავიდა და მწერალი მაინც არა ჩანდა.

- ნამეტარი აგვიგდო ჩვენმა მწერალმა! დაგვიბარებს, დილას ჩამოდიო, შენ ხარ ჩემი ბატონი, ჩამოხვალ და იგი შინ წასულა! მოდგე და უნდა უყუნცულო საღამომდე! ერთი ვინმემ იკითხოს, რას გავს ჩვენი საქმე? - სთქვა ერთმა გლეხმა.

- ჩვენი ბრალია, ძმავ, რეზა ვიყენებთ მწერლათ იმისთანა კაცებს? ჩვენ რომ გვაამოს, იმისთანაი დევიყენოთ და ქე იქნება! - სთქვა მეორემ.

- მერე, ვინ გვკითხავს ჩვენ ან დაყენებას და ან გადაყენებას? თითონ აყენებენ და შენ მეტი რა გზაი გაქ, უნდა მიიღო! - სთქვა მესამემ.

- უწინ ისე გამოგვიცხადეს მწერალიც და უჩიტელიც სოფლის საქმეაო, - სთქვა მოხუცმა გლეხმა.

- უწინ მართალია, ისე გამოგვიცხადეს სოფლის საქმეაო, მარა ახლა გამოგვიცხადეს - აღარ არის სოფლის საქმეო. ახლა რას იზამ? სამართალში ხომ ვერ გეიწოვ ამიზა? მათი ნება არ არის, უნდა ასე გამოგვიცხადებენ და უნდა ისე! - სთქვა იმ გლეხმა, რომელიც მოხუცზე წინად ლაპარაკობდა.

- ბიჭო, მამასახლისის ამორჩევა არ წაგვართვან და სხვას ნუ ჩივი! - სთქვა იმ გლეხმა, რომელმაც პირველად აღძრა ლაპარაკი.

- მართლა, ჩივიან, ამასაც არ გვაუფლებენო, გლეხის ყრილობას მეველის და იასაულის მეტი სხვა მოხელეების ამორჩევის ნება არ ექნებაო.

- შენი ჭკუით, ახლა ვითამდა კი გვაქ უფლება? მობძანდება პრისტავი და ვინც თითონ სურს, იმას გვაჩეჩებს მამასახლისად ხელში. თუ დევიჩემეთ და მაინცადამაინც ჩვენი სურვილით ამევირჩიეთ, მეორე დღესვე გამოაბუნძულებენ, არ ვარგა, არ შეუძლია მამასახლისობაო. ჩვენ კი გვგონია, ჩვენ ვაყენებთ მამასახლისს.

- აი რაც არის, არის, მარა წვიმა რომ აღარ მევიდა, აგი რაღაის ბრალია? ბეწვზეა, აგერ დამეხოცება ბაღნები უფქვილობით. ესე გახმა ჩემი წისქვილის ბორბალი, რომ ნაპერწკალი დიეცეს, დეიწობა. - გამოაკერა ლაპარაკში ერთმა გლეხმა.

- იმის ბრალია, რომ უქმეებს აღარ ვინახავთ, აღარ ვმარხულობთ, ღმერთს აღარ ვლოცულობთ და, რა ვიცი, გეირყვნა ქვეყანა! - თქვა მოხუცმა გლეხმა.

- უი, მოგცლია, ბიძავ, შენ! მუდამ რომ მუშაობ და მაშვინაც ვერ გაუძეხ ოჯახს და ათას გადასახადს, შენ კიდევ უქმეები გახსოვს? - უპასუხა ერთმა მოხუცს.

- იგია ხო, იმიზა არ გაქ ხეირი, უქმს რომ ტეხ! უქმი დღეს ნამუშიერს რა ხვავი და ბარაქა ექნება? - შენიშნა დაცინვის კილოთი მოხუცმა.

- მერე, შენ რომ არ ტეხ უქმეებს, ნეტაი შენ რაღა როშილდი ხარ ჩემზე! შარშან არ იყო, რომ ფოშტის ფულში შენი რძლის ნამგზვითი ზანდუკი წაგართვეს?! - უპასუხა მობაასემ.

ამ პასუხზე გლეხებმა დაიწყეს სიცილი. მოხუცი გლეხი, ცოტა არ იყოს, შეურაცხყოფილი დარჩა ამ პასუხით; გაწითლდა, ჩაღუნა თავი, მაგრამ კი არა სთქვა რა.

შემდეგ კიდევ ბევრი იბაასეს გლეხებმა სხვადასხვა საგანზე, ბაბალესაც ჰკითხეს: შენ რაღაზე ჩამოსულხარო და, როცა ბაბალემ თავისი გასაჭირი უამბო, უთხრეს: “ტყუილია, კენჭში თუ ამევიდა შენი შვილი, ვეღარაფერი ვეღარ დააბრუნებს”. მხოლოდ ერთმა-ორმა კი დააიმედა: “ჩვენმა მწერალმა თუ მეინდომა და ქაღალდი გაგიკეთა, უეჭველათ გასჭრის, იმის გაკეთებული ქაღალდი არ დაცთება”. ბოლოს ამ აზრს დანარჩენი გლეხებიც დაეთანხმენ. ამასობაში გამოჩნდა მამასახლისიც.

- ჩვენ მამასახლისს წითელი ჩოხა შეუკერავს. - თქვა ერთმა.

- რაც ეს ქთამებს იღებს, წითელსაც შეიკერავს და ყვითელსაც. - უთხრა მეორემ.

- სუ, კაცო, გეიგონებს! - უთხრა მესამემ.

- გეიგონებს თვარა, ხახვი არ დამაჭრას თავზე! ერთი ტყავი მაქ, იმასაც ქე მაძრობენ და სხვას რაღას მიზმენ? - ხუმრობის კილოთი და დაბალი ხმით თქვა ისევ მეორე გლეხმა.

- გასაკვირველია, ღმერთს გეფიცები! ხომ ჩვენისთანაი ყაძახია, ჩვენივე ამორჩეული. აბა რაღაიზა გვეშინია მისი? - თქვა პირველმა.

- მამასახლისი კანოლის ძალით არის და იმიზა გვეშინია. კანოლის ძალით რომ არ იყოს, რეზა შეგვეშინდებოდა, ჩვენისთანა ყაძახია. - უპასუხა მოხუცმა გლეხმა.

- ქთამებს რომ იღებს და ყალბ ქაღალდებზე ბეჭედს ასვამს, იგიც კანოლის ძალით არის? - ჰკითხა მოხუცს დაცინვის კილოთი იმ გლეხმა, რომელიც წეღან უქმეების გამო ებაასებოდა. ამ კითხვაზე გლეხებმა დაბალი ხმით გაიცინეს.

მამასახლისი ჩამოხტა ცხენიდან და, ცოტა არ იყოს, ბარბაცით წავიდა სამმართველოსკენ. გლეხები წამოუდგენ ფეხზე და მოკრძალებით სალამი მისცეს.

“მმ... ი-ცო-ხლეთ!” - უპასუხა ენის ჟლაჟნით მამასახლისმა გლეხებს, შევიდა ოთახში, გაიშოტა და ამოუშვა ხვრინვა.

- აგი ესე გახეთქილა დღეს საცხა, რომ ვინმე ალალმართალს კი გადუბიძგებდა წყალში. - თქვა ერთმა.

- კანოლის ძალით! - უპასუხა იმ გლეხმა, რომლის ხუმრობა ისე აცინებდა დანარჩენ გლეხებს.

სამხრობის დროს მოაწია მწერალმაც. გლეხები წამოცვივდნენ ფეხზე და მისცეს სალამი. მწერალმა მადლობის ნიშნად მოკეცილი მათრახი მიიდო ქუდის კოზიროკზე და შევიდა თავის ოთახში. ჯერ კარგა მოისვენა, შემდეგ მოდგა კარებზე და უთხრა გლეხებს:

- ვინც დღეისთვის იყავით დაბარებული, ეხლა წადით და ხვალ დილას მოდით.

- დევიღუპეთ, ბატონო! მუშა კაციზა აგი დღეები ძვირათ ღირს! თუ შეიძლება, გაგვათავისუფლეთ! - აყაყანდენ გლეხები.

- მერე თქვენ რომ სულელურათ აქ დაცვინდეთ, ჩემი ბრალია? ხომ დეინახეთ, დამაგვიანდა, რატომ არ წადით სახლში?

- რა ვიცი, თქვე დალოცვილო, ხან იმას გვიჩივი, რავა გაბედეთ წასლა, საღამომდი უნდა მოგეცადათო, ხან - რეზა არ წადითო, რა გევიგოთ ამისაგან? - უთხრა ერთმა გლეხმა.

- შენთან სალაყბო თავი არ მაქვს, მოსვენება მესაჭიროება; გეუბნებით, ხვალ დილას მოდით, თუ არა - წადით და თქვენებურად დამიწყეთ საჩივარი.

გლეხები წავიდენ. მხოლოდ სამიოდე გლეხი, რომლებსაც საკუთარი სათხოვარი ჰქონდათ მწერალთან, დარჩენ, რომ ცოტა ხნის შემდეგ, როცა მწერალი კაი გუნებაზე იქნებოდა, მოეხსენებიათ თავიანთი სათხოვარი.

- შენი მუხლების ჭირიმე, ნუ გამიწყრები! - დაეღრიჯა ბაბალე მწერალს.

- რა გინდა, რა საქმე გაქვს? თქვი, თორემ მოსვენება მესაჭიროება. - უთხრა რბილად მწერალმა.

- ჩემი ოქრუაი სალადათათ დაუწერიათ.

- მერე?

- გვიშველე რამე! ერთი, შენ ხელს რომ ეკადრებოდეს, იმისთანაი ქაღალდი გამიკეთე.

- ამ შემთხვევაში შველა არ შეიძლება: ხელმწიფის გადწყვეტილია, ვისაც შეხვდება, უნდა წავიდეს.

- წეიღე რაც გვაბადია და გვიშველე რამე!

მოსე დაფიქრდა ბაბალეს სიტყვებზე და შემდეგ უთხრა:

- არ შეიძლება, გეუბნები. შემოდი ოთახში და გეტყვი, თუ რისთვის არ შეიძლება.

ბაბალე შეჰყვა მოსეს ოთახში. მოსემ დაუდგა სკამი, დაბრძანდითო, უთხრა და თვითონაც დაჯდა და განაგრძო ლაპარაკი:

- სალდათობის საქმე ყველა საქმეზე უმძიმესია. სხვაი საქმე რომ იყოს, ადვილათ გიშველიდით, ეგ კი, როგორც ვთქვი, მეტათ ძნელია. მაგრამ ვთქვათ, მოვახერხე და გიშველე, რას მოგვცემთ გასამჯელოს?

- გვიქენი მოწყალება, გვიშველე რამე და თლათ ჩვენი ოჯახი რომ წეიღო, გულს არ დაგვაკლტება. - უპასუხა ბაბალემ.

- არც ოჯახს წევიღებ და არც ოჯახის მეასედს; ისე, თუ მოგიხერხო და გავათავისუფლო ოქრუა, ხუთი თუმანი მომეცით.

- ხუთი თუმანი რამდენი მანათია?

- ხუთი თუმანი ორმოცდაათი მანათია. რა გეძვირა? არ გიღირს ოქრუა ხუთ თუმნად?

- ვაი, შენ ჩემო თავო! რა მიბძანეთ აგი, ოქრუაი არ მიღირს ორმოცდაათ მანათათ! იმაზე დავფიქრდი ბედშავი, გავახერხებთ თუ ვერა ამდონს-მეთქინ.

- რაი, ხუთ თუმანს ვერ გაახერხებენ შენი შვილები?! ხუთ თუმანს კი არა, ხუთი ათას მანეთსაც გაახერხებენ. მე კარგად ვიცნობ სოფონას და ოქრუას. მე ჯერ სიტყვას ვერ მოგცემ, შემიძლია გიშველოთ თუ არა. თუკი შველა შეიძლება, ხუთი თუმნის გადახდაც ნუ დაგეზარებათ, ოქრუა ხუთ თუმანზე მეტი ღირს.

- არა, შენი ჭირიმე, თლათ გავყიდი საცხოვრებელს და შვილს ვერ გევიმეტებ.

- მაშ ახლა წადი, მოელაპარაკე შვილებს, თუ ისინიც დაგეთანხმონ, ცხენი გამოგზავნეთ და ხვალ საღამოს ამოვალ თქვენსა.

ბაბალემ მოკრძალებით მადლი გადაუხადა მწერალს და დაბრუნდა შინისკენ ძლიერ დაიმედებული. მაგრამ ამ დიდ იმედთან ერთი გარემოება ძლიერ აღონებდა: სად უნდა ეშოვნათ ასე ხელად ხუთი თუმანი? მართალია, უნათლოშვილები არ იყვენ ღატაკები, არ აკლდათ მჭადი და ღომი, მისაჭამადი, გლეხის პირობაზე საცმელ-სამოსელი, თავის დროზე იხდიდენ სახელმწიფო და საზოგადო გადასახადებს. ასეთ გლეხს მდიდარს ეძახიან და უნათლოშვილებიც მდიდრებად ირიცხებოდენ, მაგრამ ხუთი თუმნის გადახდა და ისიც ასე მოკლე დროს განმავლობაში, მეტად საძნელო იყო ამათთვის. აი ეს აღონებდა ბაბალეს. “სად უნდა გავახერხოთ ორმოცდათი მანათი?” - ეკითხებოდა გზადაგზა თავის თავს.

IV

მეორე დღეს სოფონა დარბოდა მეზობლობაში. “ხარებს ვყიდით ურმიანათ, ვის გინდათ, იყიდეო”. ყველას უკვირდა: “რა გასაჭირი დასდგომიათ უნათლოშვილებს ისეთი, რომ ხარებს და ურემს ყიდიანო”. უნათლოშვილების ხარები და ურემი განთქმული იყო მთელ იმ მუხუროში. ბევრჯერ სოფონას და ოქრუას სიყვარულით მიუკრავთ გულზე თავიანთი შანგულაის და ბუღიას (ხარების სახელია) დუნჩი. ბაბალე, როცა მარილს აჭმევდა ხარებს, ეტყოდა: “თქვენი ჭირიმე, ჩვენო მარჩენალო!..”ახლა კი მეზობლები ხედავდნენ, რომ უნათლოშვილები იმეტებდენ ამ მარჩენალს და დაეძებდენ მუშტარს. მეზობლების კითხვაზე: “ასე უცფათ რა გასაჭირი დაგდგომიათ, ხარებს რომ ყიდითო”, სოფონა ეუბნებოდა პასუხად: “ერთი იმისთანა საქმე მაქ, თლათ ჩემი ოჯახი რომ მოუნდეს, დღეს ხუთი თუმანი უნდა ვიშონო”. ოქრუა კი არ იყო თანახმა ხარების გაყიდვაზე:

- ოჯახს ნუ ღუპავთ ჩემი გულიზა, ნუ გეშინიან, მე იგინს თავს არ მივსცემ გასაროზგავათ. ჩვენს ტყეში ათასი ფირალი დეიმალვის და მე რა ღმერთი გამიწყრება, ვერ დევიმალო! - ამბობდა ოქრუა.

მაგრამ დედა და ძმა არ უჯერებდენ ოქრუას: “ცეხლიდან გაქცეული წყალში დაირჩობაო, რომ იტყვიან, სტორეთ ეს იქნება აგი საქმე: გაფირალდები და მგელსავით დაგიწყებენ დევნას. სოფელს სოფლათ შეაწუხებენ და შენ საცხა ცოფიანივით ჩაგკლავენ. კაია მერე აგი?” - ეუბნებოდა ძმას სოფონა. ბაბალე ხომ ყოველივეს გაიმეტებდა ოქრუას დახსნისათვის. იმან და მისმა უფროსმა შვილმა წინა ღამითვე გადასწყვიტეს ხარების გაყიდვა, რადგანაც უამისოდ არას გზით არ შეეძლოთ ხუთი თუმნის შოვნა, რომელიც მწერალისთვის უნდა მიეცათ ოქრუას განთავისუფლებისათვის.

მთელი დღის განმავლობაში ეძებდა სოფონა ხარების მუშტარს, “რომ იტყვიან, შეძლეული პური ძაღლმა არ ჭამაო, სტორედ ეგია, აქამდინ კარს არ მიცივებენ, შენი ხარები მომყიდეო ათი თუმანი რომ მეთქვა, დამითვლიდენ და ახლა კაცს აღარ უნდა, ხუთ თუმანსაც არ მაძლევენ!” - ამბობდა სოფონა სასოწარკვეთილებით, უნდოდათ და ბევრსაც ძლიერ ეხარბებოდა მეზობელ გლეხებში უნათლოშვილის ხარები, მაგრამ სად იყო ფული? როგორც უნათლოშვილის ზანდუკში არ იყო ჩაკეცილი თუმნები, ისე არც მისი მეზობელი გლეხების ზანდუკში. უკანასკნელ, ერთმა მედუქნემ, რომელიც სიმინდითაც ვაჭრობდა, მისცა სოფონას ხარებსა და ურემში ექვსი თუმანი, რადგანაც დარწმუნებული იყო, რომ სანამ საჭირო იქნებოდა, სიმინდს აზიდვიებდა ხარებს და შემდეგ ათ თუმნად გაჰყიდდა.

საღამოს სოფონამ ნაქირავები ცხენით მოიყვანა შინ მოსე მწერალი.

- იცით რა, მგონია, ამაოთ ჩაგვივლის თათბირი: ბევრი ვიფიქრე, მაგრამ არაფერი უხერხდება რა. - უთხრა უნათლოშვილებს მწერალმა, რომელმაც ჩვეულებრივად ფეხის თამაშით გაიარ-გამოიარა უნათლოშვილების პატარა, მაგრამ სუფთა და მწვანე ეზოში.

ბაბალეს და მის შვილებს ელდა ეცათ. ხარები და ურემი არაფრად გაყიდეს ამ საქმისთვის და ახლა კი ეუბნებიან, “აღარ შეიძლებაო!” მერე ვინ? ის, ვინც, თუ მოინდომა, ამათი ფიქრით, დაღმა მიმავალ მდინარეს აღმა დააწყებიებს დენას.

- შენს ხელს კაცის მკვლელიც კი დუუბრუნებია სიმბილიდან და მე რა უბედური შევიქენი იმისთანაი, რომ ჩემ საქმეს არაფერი უხერხთება! - უთხრა ბაბალემ მორიდებით მწერალს.

მოსეს, რა თქმა უნდა, მოუხერხებლად არ მიაჩნდა ეს საქმე. იმას იმ თავითვე დაწყობილი ჰქონდა პლანი ამ საქმის შესახებ, როცა ბაბალეს დაჰპირდა, ცხენი გამომიგზავნე და მოვალო. მაგრამ ეხლა იმიტომ თქვა, ამ საქმეს არა უხერხდება რაო, რომ შეეშინებია უნათლოშვილები და შემდეგ უცბათ გამოეცხადებია: ნუ გეშინიათ, შესაძლებელია თქვენი დახსნაო. ეს ხერხი იმიტომ იხმარა მოსემ, რომ სასოწარკვეთილებიდან უცბდ გამოყვანილი უნათლოშვილები ყოველს იმის პირობებზე დათანხმებულიყვენ. ამისთანებში გამოცდილი კაცი იყო მოსე.

- იცით, ერთი აზრი მომივიდა... არა, მგონია მოვახერხო... მოხერხდება კი, - თქვა მოსემ ვითომ და დიდი დაფიქრების შემდეგ. - გაფრინდით ეხლავ ორივენი და ერთმა ათანასე მღვდელი მომგვარეთ, მეორემ მამასახლისის თანაშემწე და კეთილსინდისიერი მოწამე. სინდისიერს მოწამეს და თანაშემწეს ჩემ მაგიერ ეტყვით, მწერალი გიბარებს-თქვა. ათანასე მღვდელს თქვენ შეეხვეწეთ საქმე გვაქვს და დაგვესწარი-თქვა. არა, მოხერხდება... მოხერხდება! მოვახერხებ, როგორც იქნება!

- შენ თუ წყალობას გვიზამ, ჩვენი საქმე წაღმა წავა! შენი ხელით გაკეთებული საქმე სხომის როის დამცდარა, ახლა რომ დაცდეს? შენისთანაი სტავლული... - ერთხმად უთხრეს სიხარულით აღტაცებულმა ბაბალემ და სოფონამ.

- ღვდელი რაზე გვჭირია? - ჰკითხა ოქრუამ მწერალს.

- აი რისთვის გვინდა ღვდელი: უნდა გავაკეთოთ მოწმობა, ვითამც სოფონა გერია ბაბალესი და არა მისი ნაშობი, რომ ბაბალეს მარტო შენ ჰყავხარ, ერთადერთი შვილი და, შენ გარდა სხვა მარჩენალი არ მოეპოება ამ სიბერის დროს. ასეთ მოწმობას რომ წარადგენ, გაგათავისუფლებენ. - მიუგო მწერალმა.

- ვაიმე, რა ბძანეთ აი საშინელი!... უფროსი შვილი გერათ რავა დავიწერო!.. - თქვა შეშინებულმა ბაბალემ.

- მერე ეგ რომ ტყუილი იქნება? - უთხრა ოქრუამ მწერალს.

სოფონასაც უნდოდა ეთქვა რაღაცა, ის იყო დააღო პირი სალაპარაკოდ, მაგრამ მწერალმა დაასწრო ლაპარაკი და სოფონას სიტყვა ენაზე დარჩა.

- თქვე დალოცვილო, თქვენ თუ იცოდით კანონები, მე რაღათ მომიყვანეთ? გააკეთეთ ისე, როგორც გნებავთ, და თუ მე მკითხავთ, კიდეც უნდა დამიჯეროთ. განა თქვენ უნდა მასწავლოთ კანონები, ან როგორ უნდა საქმეს გაკეთება? - გაჯავრებით სთქვა მოსემ და შემდეგ დაუმატა: - თუ საქმე კი გაგიკეთო ისე, რომ სალდათობა აქცთეს, ის არის, თუ არა, თქვენი ფული ხელში გაქვთ, მე გროშსაც არ წავიღებ ოქრუას გათავისუფლებამდე. ოღონ ეს არის - თქვენ არ დამიწყოთ აგი და იგიო, მე თქვენზე კარგად ვიცი კანონები.

როცა კანონების ცოდნაზე მიდგა საქმე, აბა რაღა ეთქმოდათ მოსესთან ბაბალეს და მის შვილებს. მართალია, ისინი გრძნობდენ, რომ აქ რაღაც დიდი ყალბი საქმე ხერხდებოდა, მაგრამ კანონების მცოდნე მოსე მწერალს აბა როგორ რამის თქმას გაუბედავდენ.

- ათანასე ღვდელი რომ არ დაგვიკრავს ბეჭედს გერობაზე? იგი იმისთანაი პირმართალი ღვდელია, რომ არაფრის გულიზა არ იზამს მაგისთანაობას. - თქვა სოფონამ.

- ათანასე მადლიანი კაცია, არ იტყვის უარს. ან რატომ უნდა თქვას? მას არაფერი დაუშავდება და თქვენთვის კი დიდი შემწეობა იქნება. ან მაინცადამაინც რა საჭიროა გაუმხილოთ ათანასეს, რომ სოფონა გერათ არის დაწერილიო. ათანასემ ხომ ხელნაწერის კითხვა არ იცის... ერთი სიტყვით, შენ ამაზე მეტს ნურას ეტყვი: საქმეზე მწერალი მოვიყვანეთ და დაგვესწარით-თქვა. ერთი აქ კი მოიყვანეთ და მერე მე ვიცი. სწორეთ ეგრე: მომგვარეთ ათანასე, სინდისიერი მოწამე და თანაშემწე მამასახლისისა. თუ გკითხონ, რაზე გესაჭიროებითო, თქვენ ასე უთხარით: მწერალი გვიკეთებს ქაღალდს და იმან გვითხრა, საჭირო არიან, სხვა არ ვიცი-თქვა, მერე ჩემი საქმეა.

- შენი ჭირიმე, ისეთი არ გააკეთო საქმე, რომ ჩემი გულიზა სხვაი ჩავარდეს ხლაფორთში. გნებავს გამიწყერით, ამას სიკვტილი მირჩევნია. - უთხრა ოქრუამ მწერალს.

ბაბალე და სოფონა კი სრულიად დაენდენ მწერალს და არც არას ამბობდენ.

- აბა მითხარი, ჩემი გაკეთებული საქმე როდის გამომდგარა ურიგო? - თავმომწონეთ მიუგო მწერალმა ოქრუას.

რა თქმა უნდა, მოსე მწერალი იმიტომ არ იმტვრევდა თავს, რომ ოქრუასათვის სალდათობა აეცდინა. მოსეს მხოლოდ ხუთი თუმნის ხელში მოგდება უნდოდა და სწორედ ეს იყო მიზეზი, რომ ცდილობდა როგორმე ეს საქმე მოხერხებულიყო. როცა უნათლოშვილები დაითანხმა, მოსემ დაწერა შავად ორი მოწმობა: ერთი იმაზედ, ვითამც სოფონა გერი ყოფილიყოს ბაბალესი და მეორე, ვითამც სოფონა ცალკე მოსახლედ მდგარიყოს, და მისცა სოფონას.

- აპა, მზათ არის, გადასწერე!

- ამას რას მიბრძანებ! შენ დაწერილს კიდევ გადაწერა უნდა? - ჰკითხა მწერალს გაკვირვებულმა სოფონამ.

- ჰო, გადაწერა უნდა, თუ არ უნდოდეს, არც გეტყოდი.

- მერე, ქართული ვარგა?

- შენ გადაწერე და სხვაი მე ვიცი. ჯვარს მაცვით, ერთი სიტყვით! კაცო, მე უფრო არ ვიცი, რაც უნდა და რაც ვარგა?! - თითქმის გაჯავრებით უთხრა მწერალმა.

სოფონას ხმა არ ამოუღია, ისე გადაწერა მოწმობები საკმაო სუფთად და ლამაზად და შემდეგ მღვდლის მოსაყვანად წავიდა. ოქრუა კიდევ კეთილსინდისიერის მოწამის და მამასახლისის თანაშემწის მოსაყვანად გაგზავნა მოსემ. ბაბალე და მისი რძალი ვახშმის მზადებას შეუდგენ და ცდილობდენ კარგი ვახშამი გაეკეთებიათ, რომ სირცხვილეული არ დარჩენილიყვნენ ისეთ საპატიო სტუმართან, როგორიც მოსე მწერალი იყო მათთვის.

მოსე მწერალმა კი ჩაიწყო ჯიბეებში ხელები, დადიოდა უნათლოშვილების პატარა სახლის წინ და ფიქრობდა: კარგა მოვიდა ეგ საქმე: ორი კალმის მოსმით ხუთი თუმანი ჩავიდე ჯიბეში! ოქრუას როგორც კი გამოუცხადებენ თავისუფალი ხარო, მოსვლისთანავე უნდა დამითვალოს ხუთი თუმანი, როგორ მომიწონებს კატო (მოსეს მეუღლეს კატო ერქვა სახელად), როცა ვეტყვი ამ ამბავს! როცა ასე ბლომათ ფულებს მივუტან და ვეტყვი - ეს ჯამაგირის გარეშეა-მეთქი, ყელზე მომახტება და მეტყვის: “შენი მარჯვენის ჭირიმე, შენიო - და მერე - აბა ახლა ესა და ეს მიყიდეო”.

V

მღვდელი ათანასე სამოცის თუ სამოცდახუთი წლის კაცი იყო. გარდა ხუცური კითხვისა, იმან არც წერა იცოდა, არც მხედრულის კითხვა. წირვა-ლოცვის წესრიგი გაზეპირებული ჰქონდა, მაგრამ აზრი კი ძლიერ ცოტა ესმოდა მისი, თუმცა აგერ ორმოც წელზე მეტი იყო, რაც თითქმის ყოველ დღე იმეორებდა. ის აკურთხეს იმ დროს, როცა მღვდლად კურთხევისთვის საკმარისი იყო ცოტათ თუ ბევრად ხუცურის კითხვა, რამდენიმე ლოცვის გაზეპირება და რამდენიმე მანეთი ჯიბეში “კურთხევის ხარჯათ”. პირველად ათანასე ერთ შტატსგარეშე ეკლესიაში დანიშნეს მღვდლად. შემდეგ კი ჩააბარეს ერთი მცირე მრევლიანი შტატის ეკლესია. ათანასე მეტად გულკეთილი და პატიოსანი კაცი იყო: ჯვარის დაწერისთვის, მკვდრის დამარხვისთვის, ნათვლისთვის და სხვა იმისთანებზე ის თავის დღეში არ იტყოდა: ამდენი და ამდენი მერგებაო; მისცემდენ რასმეს, მადლობელი იყო, არა და, ხმას არ ამოიღებდა. თუ მასპინძელი ღატაკი იყო, იქ სულაც არ აიღებდა ფულს, თუნდა კიდეც შეეძლიათ. ასეთი უანგარობისა და სხვა კიდევ ბევრი კარგი თვისების გამო მრევლმა ძლიერ შეიყვარა ათანასე. ისე მოხუცდა ათანასე, რომ ერთხელაც არ ჩამოვარდნილა უკმაყოფილება მასა და მრევლის შორის. ბოლოს სასულიერო მთავრობამ ათანასე მოხუცებულად იცნო, დაუჩემა: “თხოვნა შემოიტანე და გაგათავისუფლებთო”. ათანასეს ადგილზე ერთი სემინარიაში ნასწავლი დიაკვანი უნდა ეკურთხებიათ და უფრო ამიტომ უნდოდათ ათანასეს დათხოვნა. მაგრამ გაიგო თუ არა ათანასეს მრევლმა, ჩვენს ათანასეს სამსახურიდან ითხოვენო, დაუყოვნებლივ თხოვნა მიართვა, სადაც რიგი იყო: სანამ ათანასე ცოცხალია, ჩვენ სხვა მღვდელი არ გვინდა და არც მივიღებთო. მრევლის თხოვნა შეწყნარებულ იქნა და ათანასე ისევ დასტოვეს. მრევლს ძლიერ უხაროდა ეს გამარჯვება “რას ჩივი, ძმავ, - ამბობენ ათანასეს მრევლში, - ათანასე ღვდელი ესეა ჩვენთან, რავაც კაი მამა - შვილებთან. ღვდლის ფულს რომ გვახთიებენ, იგი რა მისი ბრალია, ხაზინამ უბძანა ესე. სხვაფერ ათანასეს მჭადის ყუა რომ წუუტეხოთ, დაგვჯერდება, არ გვექნება და დაგვიჯერებს. იგი სემელარისტია თუ ვინცხა, ხუცობა რომ უნდოდა, შემდგარა პოლსაპოშკებზე, ატლასის კაბა ჩოუცვამს, თავზე თუმნიანი ქუდი დოუხურავს და პარპაშობს. არა, ძმავ, იგი ჩვენი საქმე არ არის იმას იმიზა უნდოდა ხუცობა, რომ ჩვენ ზურგზე ბატონსავით იცხოვროს, თვარა რა ეხუცება, ერთი მითხარი: კაცს ღმერთი არ სწამს და ხატი! არა, ძმავ, ჩვენი ათანასე ათასჯელ გვირჩევნია, ვინცხაა იმ თვალთმაქც სემელარისტს. ათანასეს ღმერთიც სწამს და რჯულიც და იმიზა ეკურთხა ხუცათ. იმ სემელარისტს იმიზა უნდა კურთხევა, რომ ფაშვი გეიფსოს“. მრევლს კარგად ესმოდა, რომ ათანასე თითქმის მათსავით უსწავლელი კაცი იყო. ზოგიერთი ხუმარა ყმაწვილები დასცინოდენ კიდეც ხანდახან ათანასეს. ბევრს ხუმრობდენ ყმაწვილები ათანასეზე, მაგრამ მაინც უყვარდა მრევლს და პატივს სცემდა. მრევლი კარგად ატყობდა, რომ ათანასე, რაც კი გაეგებოდა, სათნოების მსახური იყო და არა ჯამაგირისთვის მოსამსახურე მოხელე.

ეკლესიის მახლობლად, მომაღლო ადგილას, იდგა ათანასეს პატარა ფიცრული სახლი, რომელშიაც ცხოვრობდენ ისა და მისი მოხუცი მეუღლე. სანამ ათანასეს ქალიშვილებს ქმრები წაიყვანდენ (ვაჟი არ ჰყავდა ათანასეს), ეს პატარა სახლი სიცოცხლით სავსე იყო: ათანასეს ლამაზი, ცქრიალა ქალიშვილების ხელსაქმობა, სიცილ-კისკისი, ჩანგურის დაკვრა და გალობა აცოცხლებდა იმ მიდამოს. მაგრამ მას შემდეგ კი, რაც ათანასეს ქალები ქმრებმა წაიყვანეს, ათანასეს სახლი ნაღვლით მოცულ სენაკს მოგაგონებდათ. საქმიდღეობით ათანასე იქვე ახლომახლო ყანაში ან ბაღში მუშაობდა, უქმე დღეს კი წირვა-ლოცვას უნდებოდა. სიმდიდრე ათანასეს და მის მეუღლეს არა მოეპოვებოდათ რა; თუ რამ გააჩნდათ, ისიც თავის ქალებს მისცეს მზითვად.

სოფონა მივიდა, გაჩერდა ათანასეს სახლის კარებთან და დაიძახა: “ათანასე, ბძანდები შინ?”

- შემოდი, შვილო, სახლში. - გამოსძახა ათანასემ, რომელიც იმ დღეს ცოტა შეუძლოდ იყო და ლოგინში იწვა.

ათანასეს მეუღლემ გაუღო სტუმარს კარები და შეიწვია სახლში, რომელშიაც მკრთალად ანათებდა პატარა თუნუქის ლამპა.

- სოფონავ, შენ?! რამ მოგიყვანა, ბიჭო, ხომ არაფერი გიჭირს? - თავისებური თანაგრძნობით ჰკითხა ათანასემ.

- თქვენ მტერს გოუჭირდეს ესე! ოქრუას მართმევენ სალდათათ. - უთხრა სოფონამ.

- ვაი, საწყალო! შენ კიდევ რა გიჭირს ვაჟკაცი ხარ; საცოდავი ეხლა ბაბალეა. სალდათობა არა, ჩემი ქალიშვილები რომ ქმრებმა წეიყვანეს, თითოზე თითო წელიწადს ვტიროდი. - თქვა ათანასეს მეუღლემ.

- იქნება თხოვნა მიეწყობოდეს, ვინ იცის, იქნება მთავრობამ შეიწყნაროს ბაბალეს სისაწყლე, ვეცადოთ რამე, - თქვა ათანასემ.

- თავად იმიზა გიახელი, მამაო. მწერალი მევიყვანეთ და გვიჩივა, არძას გაგიკეთებ და აღარ წეიყვანებენო. მწერალმა შენც გთხოვა დასწრება. მარა ახლა თქვენ შეუძლოთ ბრძანებულხართ და რა მეშველება, აღარ ვიცი!..

- მთხოვა და წამოვალ. არც ისე ვარ, რომ შენსას ჩამოსვლა ვერ შევიძლო. პაწია სურდუ შემხვთა, მარა რა უჭირს! - ამ სიტყვებით ათანასემ ჩაიცვა ტანთ, დაიკავა ხელში თავისი ყავარჯენი, დააბარა თავის მეუღლეს, ადრე მოვალო და გაჰყვა სოფონას.

ხელში ყავარჯენით, თოვლივით თეთრი გრძელი წვერით და სათნოიანი სახის მეტყველებით ათანასე მოგაგონებდათ ძველი დროის პატრიარქს.

- ამ საწყალი კაცის გულისთვის შეგაწუხეთ, მამაო ათანასე, იქნება რამე ეშველოს-მეთქი. - უთხრა მოსე მწერალმა მღვდელს დანახვისთანავე.

- კაი დაგემართოს, კაი საქმე იქნება, თუ რამეს უშველით! მოგეხსენება, საწყალი კაცებია. - უპასუხა ათანასემ გულწრფელად.

- ვფიქრობ, თქვენ და ამათ, - მიიშვირა მოსემ ხელი მამასახლისის თანაშემწეზე და სინდისიერ მოწმეზე, რომლებიც მღვდლის შემოსვლის დროს ადგენ, ემთხვიენ ხელზე მღვდელს და ისევ დასხდენ, - რომ მოწმობა მისცეთ ბაბალეს, დიდი სისაწყლე და შრომა გადახთა ობლების გამოზრდაზეო, გაათავისუფლებენ ოქრუას. მე კიდეც დავწერე მოწმობები, ინებეთ წაკითხვა. - მწერალმა მიაწოდა მღვდელს დაწერილი მოწმობები, რადგანაც კარგად იცოდა, რომ წაკითხვა არ შეეძლო.

- სტავლილი კაცი თქვენ ხართ და კანონები თქვენ ხელთ არის. თუ ეშველება რამე და უშველით, ღმერთი გადაგიხდის სამაგიეროს. მე ერთი უსტავლელი სოფლის მღვდელი ვარ, ამისთანაი საქმის აბა რა გამეგება? სისაწყლე და საცოდავობა ბაბალესოდენა ვის გამოუვლია! ამის მოწმობაზე ვინ იტყვის უარს. - სთქვა ათანასემ და დადო იქვე მწერლისაგან მიწოდებული ქაღალდები.

- იმედია, გეშველებათ, რადგან ღვდელმა მოწმობის მოცემა ინება. - უთხრა მოსემ სოფონას და ოქრუას, რომლებიც იქვე იდგენ გაჩუმებულნი.

შემდეგ მწერალი ისევ ათანასეს მიუბრუნდა:

- აბა, მამაო, რადგან სიკეთე უყავით ამ საწყალ ხალხს, ინებეთ ქაღალდების შემოწმება, ბარემ მოვრჩეთ ამ საქმეს და შემდეგ, იმედია, ვახშამს გვაჭმევენ.

ათანასემ ამოიღო საეკლესიო ბეჭედი, გადასცა მწერალს და უთხრა:

- კანონების მცოდნე თქვენ ხართ და ჩემგან რაღა გაფრთხილება გჭირია: იმედია, არც შეცდებით და არც შემაცდენთ.

- რა ბძანებაა, მამაო! ინებეთ წაკითხვა, თუ არა, თვითონ მე წაგიკითხავ.

ამ სიტყვებით მოსემ გასწია მღვდლისკენ პატარა ლამპა, მიიტანა მოწმობები და დაუწყო კითხვა ისე, რომ მღვდელსაც შეეძლო კითხვის დროს თვალი ედევნებია. მოსემ წაიკითხა: მოწმობებში ის, რაც სრულიად არ ეწერა შიგ.

- აგი ქვეყანამ იცის, რომ ასე იყო. - თქვა მღვდელმა.

- აბა, ინებეთ ხელის მოწერა.

ათანასეს დიაკვნობის დროს დაესწავლა ქაღალდზე თავისი სახელისა და გვარის გამოყვანა და მას შემდეგ აწერდა ხელს მეტრიკულ მოწმობებზე და სხვა საეკლესიო დოკუმენტებზე, რომელთაც ერთი დიაკვანი უწერდა. როცა ათანასემ მოწმობებზე ხელის კანკალით თავისი სახელი და გვარი მოაწერა, მწერალმა დაასვა საეკლესიო ბეჭედი, შემდეგ მოსთხოვა ბეჭდები მამასახლისის თანაშემწეს და კეთილსინდისიერ მოწამეს; ამათაც დაუყოვნებლივ მიაწოდეს. ეს უკანასკნელი ორი ბეჭედი მოსემ დაასვა იმ მოწმობას, რომელშიაც ეწერა, სოფონა ცალკე სახლობს, ხოლო ბაბალესთან ერთადერთი შვილი, ოქრუა, ცხოვრობსო, როცა ამაებს მორჩა, მოსემ მოსთხოვა მასპინძელს ოთხი მანეთი; ამათაც უარის უთქმელად მოურბენიეს ფული, რომელიც მოსემ გაჰყო: ორი მანეთი მღვდელს მიაწოდა ამ სიტყვებით: საწყალი კაცებია და ამიტომ გიბედავენ ესე მცირესო, და თითო მანეთიც მამასახლისის თანაშემწეს და სინდისიერ მოწამეს.

- რაი, მე ბეჭედის დასმისთვის ფული წევიღო და იგიც ამ ოჯახიდან?! ამის თქმაი რეზა იკადრე ამ სტავლილმა კაცმა?! - უთხრა ათანასემ მწერალს და მერე მიუბრუნდა ოქრუას: - თუ არ გეზარება, შინ წამყევი, თვალს მაკლია და ამ ბნელში გზას ვერ გევიგნებ.

მამასახლისის თანაშემწემ და სინდისიერმა მოწამემ, ცოტა უარის შემდეგ, მიიღეს ფული. ათანასემ არც ფული წაიღო და არც ვახშამს მოუცადა.

- ფულს არ ევიღებ და, ასე შეუძლოთ რომ არ ვიყო, ვახშმათ კი შევიცთიდი. ამ ოჯახში ამაზე რა პატიჟი მინდა, ჩვენ ერთმანეთისას სადილ-ვახშამი კი გვიჭამია და ახლაც ვჭამდი, მარა შეუძლოთა ვარ და რაღაი! - თქვა ათანასემ, უთხრა მასპინძელს აშენება, მწერალს მადლობა გადაუხადა, ამ საწყალს კაცებს რომ ამისთანაი კაი საქმე მოუხერხეო, შემდეგ წაიყოლა ოქრუა და წავიდა შინ.

მწერალი, თანაშემწე მამასახლისისა და სინდისიერი მოწამე კი დარჩენ და კარგადაც ჩათვრენ იმ ღამეს უნათლოშვილებისას. იყო ერთი სადღეგრძელოს სმა, ლოცავდენ ხან ერთმანეთს და ხან მასპინძელს. მოსე იმდენად შეხურდა ღვინით, რომ მუქარით თქვა: “მე რომ მოვინდომო, მთელ სოფელს ციმბირში გავაგზავნიებო”. ამ სიტყვებზე ისე მძლავრად დაჰკრა სტოლს ხელი, რომ ჭურჭელი კინაღამ დაიმტვრა. უნათლოშვილის საქმეზე კი ამბობდა: “მაშ რა გეგონათ! მოსემ მეინდომოს და ვერ მოახერხოს! ეგ რა საფიქრებელია! რომ მევინდომო, ციმბირს გაგზავნილ კაცს გზიდან დავაბრუნებ... ჩემ კატოს რომ დაინახავს ვასილ ივანიჩი, ფეხზე წამოდგება... ერთი რომ ასე ანიშნოს კატომ (მოსემ თითი აიშვირა), მეტი არ უნდა, შედგენილ საქმეს დაახევიებს... ვასილ ივანიჩი, ჰმ, რა გგონიათ თქვენ? კატოს ყურმოჭრილ ყმასავით ყავს იმსისხო დიდი კაცი... ჩემი კატო თქვენ რა გგონიათ? იმისთანა ჭკუიანი გუბერნატორის ცოლიც ვერ იქნება... იმას კი ენაცვალოს მოსე!”

დილას, ლაზათიანი საუზმის შემდეგ, რომელზედაც კიდევ საკმაო ღვინო შეისვა, მოსემ გაიხმო ცალკე ბაბალე და მისი შვილები, გადასცა მოწმობები და უთხრა:

- აჰა, ბაბალე, წაიღე ესენი, მიდი იქ, ხომ იცი, ახალ მიწვეულ ჯარისკაცებს რომ იღებენ, მონახე ვინმე მწერალი, იქ ისინი ძაღლებივით ყრიან და ვინც მივა, თვალებში უყურებენ, იქნება რამე დაგვაწერიოსო, აჩვენე ეს მოწმობები და უთხარი: ესენი რუსულად გადამითარგმნე და მერე ამაზე არძა გამიკეთე-თქვა. სულ გამოგართმევენ სამ მანეთს.

- ბარეღამ რომ შენ გექნა სიკეთე და დაგეწერა, კაი იყო. - უთხრა მწერალს სოფონამ

- არა, საქმე, ხომ ხედავთ, გაკეთებულია, ეს წვრიმალებიღა დარჩა. ეს რომ იქ გააკეთებიოთ, ჯობია, მე რომ გითხრა, დამიჯერეთ. - რიხიანად უთხრა მოსემ.

- შენ თუ არ დაგიჯერებთ, აბა ვისღა უნდა დუუჯეროთ? - თქვა ბაბალემ.

- ასე, რავაც გითხარი: ესენი გადაათარგმნიეთ, გააკეთებინეთ არძა, თითონ გასწავლიან, სადაც უნდა მირთმევა და მიართვით. ვინიცობაა, გკითხოს ვინმემ - ვინ შეგიდგინა მოწმობებიო, ღვდელმა - თქვა, უთხარით, - თუ გკითხონ, შენ, ბაბალე, ვაჟი მეორე არ გყავსო, არა-თქვა, უთხარი. - შენ თუ გკითხონ, ოქრუა, ძმაი გყავს თუ არაო, არა-თქვა. - ხომ გაიგეთ, რასაც გეუბნებით. ასე, როცა გაგათავისუფლონ და შინ მოხვიდეთ, ჩემი ხუთი თუმანი მომიტანეთ. არ გაბრიყვდეთ, უარი არ თქვათ მერე, თორემ საციმბიროთ გაგხდით ყველას, იცოდეთ.

- ვაიმე, რა ბძანეთ აგი! დასტურ, ასე აბდალაები გგონივართ, რომ აგი ვიფიქროთ! ზანტუკში მაქ ეგერ შენი ფული, იმ დღესვე მოგირბენიებ ჩემი ხელით. - უთხრა სოფონამ.

მწერალმა ხელახლა დაარიგა ბაბალე და მისი შვილები, როგორ უნდა ეწარმოებიათ საქმე, გააფრთხილა კიდევ, ფულის მოტანა არ დამიყოვნოთო და წავიდა სრულიად დარწმუნებული, რომ ოქრუას განთავისუფლების შემდეგ ფულზე უარს არ ეტყოდენ, და რაც შეეხება ოქრუას განთავისუფლებას, ეს ხომ ცხადი იყო ათანასეს მოწმობის შემდეგ.

VI

- ყოლიფერში რავა უნდა მომთაონ უნათლოშვილებმა! - დაღონებული ეუბნებოდა თავის ცოლს და შვილებს ბაგრატ ქერაძე, - ჩემი ბიჭის გულიზა იმდონი ვიტანტალე, იმდონი არძა მივართვი, იმდონი ფული დავხარჯე, მარა მაინც წეიყვანეს სალდათათ, მაინც! უნათლოშვილის ოქრუა ერთი არძის მირთმევით ქე გაუთავისუფლებიათ და ჩამოჰყვა დედამისს. მაინც იმ დასაქცევი მოსე მწერლის დაწერილი არძა რომ არ ვარდება! უკუღმა წეიყვანს ღმერთი! მირჩიეს, - საცხა სალდათებს ღებულობენ, იქინეია კაი მწერლები, იგინს დააწერიეო. მეც გავბრიყვტი, ტყულაი ფული გადავყარე და ბოლოს მაინც წამართვეს შვილი. მოსე მწერალს რომ ჩემი არძა დიეწერა, შვილი შინ მეყოლებოდა. ყოლიფერში რომ მაჯობეს უნათლოშვილებმა! ერთი აგი კი უნდა შევიტყო, რა საბუთით გაათავისუფლეს.

- შენ მაინც ესე უკუღმა უნდა ქნა ყოლიფერი! ქვეყანა ჩივა, მოსე მწერლისთანაი სტავლული კაცი კანკასიაში არ არისო და შენ მაინც წადი ცხრა ფთას იქით და ვინცხა მუდრეკს დააჯღაბნიე. მოსე მწერალს რომ დიეწერა, ვიღა წამართმევდა შვილს! ოქრუაი შინ უნდა იყოს და ჩემი შვილი სალდათათ! ამფერუმ შენ ჭკუას! - მწარე საყვედურით უთხრა ბაგრატას ცოლმა.

- ბაბამ ესე იცოდა ყოველთვის: ფულს გადაყრიდა უთავბოლოთ, საქმე გაკეთებული გვეგონებოდა და ბოლოს გეიხედავდი, ჩიჩი თვალებში, მოვტყუებულვართ! - თქვა ბაგრატას უფროსმა შვილმა.

- მე რომ შამომესევით და დამიწყებთ ბრალებას, თუ უკეთესათ იცოდით, რეზა არ ქენით? არ ხედავთ, დავბერდი! - გაჯავრდა ბაგრატა.

- აგია ხო, შენ არ შეგიძლია, სხვას არ დაანებებ და ქე იღუპება ჩვენი საქმე ყოველთვის და უნათლოშვილები გვაყრიან თავზე ბრეს. - კიდევ საყვედურით უთხრა შვილმა.

- ნუ იგდებ თავს, გაჩუმდი თვარა!.. - დაუყვირა შვილს გაცეცხლებულმა ბაგრატამ, მერე გადისვა ულვაშებზე ხელი და ჩაილაპარაკა თავისთვის: “რაც უნდა დამეხარჯოს, ერთი აგი უნდა შევიტყო, რა ზაბუთით არისო” და გაჩერდა.

უნათლოშვილები და ქერაძენი ახლო მეზობლები იყვენ ერთმანეთისა; მაგრამ მეზობლობის მაგიერ მუდამ მტრობა ჰქონდათ ერთმანეთ შორის. ჯერ ბაბალეს ქმრის სიცოცხლეშივე ატყდა ამათში დავა საჩივარი ერთ ნაჭერ მიწაზე, რომელიც მათი ეზოების შუაზე მდებარეობდა, ვინ მოსთვლის რა საშუალებას არ მიმართეს თავის დროს! ქრთამებს აძლევდენ, ერთმანეთს თავს ესხმოდენ, თავპირს ამტვრევდენ, ჭორებს უგონებდენ, ხალხში ლანძღავდენ ერთმანეთს და სხვა. ბოლოს სამსჯავრომ სადაო მიწა არგუნა უნათლოშვილს. მაგრამ სამსჯავროში საქმის დაბოლოვებით მტრობა არა თუ არ დასცხრა მათ შორის, უფროც გამწვავდა. ქერაძე დარწმუნებული იყო, რომ უნათლოშვილმა ქრთამით გაიმარჯვა, თორემ სადაო მიწა მე მეკუთვნოდაო. როცა ბაბალეს მეუღლე მოკვდა, ბაგრატ ქერაძემ ხელახლა მოინდომა უნათლოშვილების მიწის მითვისება, დაუწყო კიდეც საყანეთ ღობვა. მაგრამ ბაბალემ გამოუცხადა ადგილობრივ პოლიციას - ძალად მართმევს საჩივრით მოგებულ ადგილსაო. პოლიციამ გამოიკვლია საქმის გარემოება და აღუკრძალა ბაგრატას უნათლოშვილების ადგილში მუშაობა. ხელახლა დამარცხებით გაბრაზებული ბაგრატა ეხლა მხოლოდ შემთხვევას უცდიდა: ვუშონი ყელს, რომ ჯავრი ამევიყარო! მართლაც რომ შემთხვევამ არ დაიგვიანა: ბაბალეს ძროხა შესულიყო ბაგრატას ღომში დილიდან საღამომდე, ზოგი შეეჭამა და ზოგიც ფეხით გაეფუჭებია. ბაგრატამ რომ ეგ ნახა, გაცეცხლებული მივარდა და ბაბალეს ძროხას თავი გააგდებია. ბევრი ცრემლი დაიღვარა უნათლოშვილის ქვრივ-ობლებისა ამ ძროხის გამო. ეს ძროხა იყო იმათი მარჩენალი, ობლებისათვის ეს მეორე დედა იყო და კიდევაც დედას ეძახდენ. ძროხის დაკვლის შემდეგ კარგა ხანს, პატარა ოქრუა გაიგონებდა თუ არა სადმე ძროხის ბღავილს, სიხარულით მირბოდა დედასთან: “ჩვენი დედანაი ბღავაო”. “საღაა, შვილო, დედანაი, ესე ბაგრატამ ნახა ცოლ-შვილი, რავაც აწი ჩვენ დედანაი ვნახოთ!” - ტირილით ეტყოდა ბაბალე შვილს. წყევლაზე მეტს ბაბალე ვერაფერს ახერხებდა. მართალია, მამასახლისს შეეხვეწა, მაგრამ მამასახლისი ბაგრატამ როგორღაც მიიბირა. საქონელი რომ სხვის ყანაში ჩავა, მოკლავენ, კანოლი ესეა, და მე რა ვქნაო. - ეუბნებოდა მამასახლისი ბაბალეს. ბაგრატა და მისი ცოლ-შვილი სიხარულით ცას ეწეოდენ, როცა უნათლოშვილის ქვრივ-ობლებს მტირალს ხედავდენ. “არ იცოდა, ვუშონიდი ყელს! ქთამით რომ გეიმარჯვა და მიწა წამართო! მაცალოს პაწია, კიდევ უარესსაც ვუზამ!” - ამბობდა ბაგრატა. მაგრამ აგერ ვიღაცამ ურჩია ბაბალეს: მამასახლისს რომ ჩასციებიხარ, სუდში უჩივლე, ძროხასაც ამოიგებ და ნაცთენსაცო. ბაბალემ მართლაც დაუწყო ბაგრატას საჩივარი სამსჯავროში. აქ ვექილიც გამოუჩნდა ბაბალეს, რომელმაც მიინდო თავის თავზე საქმის წარმოება. მოსდგენ საწყალ ბაგრატა ქერაძეს და ბარემ ცხრა თუმანი წაართვეს ძროხის ფასში, ძროხის მოკვლის გამო მომხდარ ზიანში. საბრალო ბაგრატას კინაღამ კერა გაუცივდა, იმდენად გააღატაკა ამ ფულის გადახდამ. ამის შემდეგ გული არ მოუშლიდა ბაგრატას, რომ უნათლოშვილის ქვრივ-ობოლნი დაეკლა, ან იმათი სახლისთვის ცეცხლი მოედო, კარები დაეკეტა და ისე ცოცხლად დაეწვა, მაგრამ სასჯელისა ეშინოდა და სწორედ ეს იყო მიზეზი, რომ ვერ მიმართა ასეთ საშუალებას. როცა უნათლოშვილის ობლები, სოფონა და ოქრუა, წამოიზარდენ, ერთხელ კიდევ მოხდა იმათ და ქერაძეს შორის შეტაკება. ეს უკანასკნელი შეტაკება გამოიწვია შემდეგმა გარემოებამ: უნათლოშვილებისას მისასვლელი საურმე გზა ბაგრატ ქერაძის ეზოს გვერდით მიდიოდა. ერთი მხრით ამ გზას რუ ჰქონდა საზღვრად, მეორეს მხრით - ქერაძის ეზოს ღობე. რუ ცოტცოტაობით ხრამავდა მიწას და ამიტომ გზა თანდათან ვიწროვდებოდა. ერთხელ წყალდიდობის დროს რუმ იმდენზე მოამზღვლია მიწა, რომ უნათლოშვილებს საცალფეხო გზა ძლივსღა დარჩათ. ამ გარემოებამ მეტად შეაწუხა უნათლოშვილები. გლეხკაცებისთვის საურმე გზა მიუცილებელი საჭიროებაა. სხვა რაღა უნდა ექნათ, მოიხარეს თავი სოფონამ და ოქრუამ და გაუგზავნეს მოციქული ბაგრატას: “ან ფულზე მოგვყიდე, ურმის გზათ რომ გვეყოფა, იმოდენი მიწა და ან სამაგიერო მიწაზე გაგვიცვალე, სადაც შენ ამოირჩევ ჩვენ ადგილებში, იმას მოგართმევთ სამაგიეროთო”.

- ათასი მანეთიც რომ მომცეთ, არც ფულზე მოგყიდით და არც სამაგიეროზე გაგიცვლითო. - შემოუთვალა ბაგრატამ პასუხად. - კაი მოყვრებია იგინი ჩემი, რომ ეზო გავარღვიო მათი გულიზა! ჯერ სადაა, მეიცადონ პაწია, უუტირდება დედა! - ამბობდა დოინჯ-შემოყრილი ბაგრატა. შინაურულად რომ ვერ მორიგდენ ქერაძესთან, უნათლოშვილებმა ახლა მამასახლისს მიმართეს თხოვნით, - მოაცემიეთ საურმე გზისთვის მიწა ბაგრატასაო. მაგრამ ბაგრატას მამასახლისი ამისთანებში როგორღაც ყოველთვის გადაბირებული ჰყავდა.

- რა ვქნა, ნებით არ გაძლევს და ძალით ეზოს ვერ გაურღვევო. - ეუბნებოდა მამასახლისი უნათლოშვილებს. მეტისმეტად რომ გაუჭირდათ უგზოობა, უნათლოშვილებმა მიმართეს ძალმომრეობას: ერთ დილას, როცა ბაგრატა და მისი ვაჟები სხვაგან იყვენ, სოფონამ და ოქრუამ გაარღვიეს ბაგრატას ღობე და გაიარეს ეზოზე ხარით და ურმით. ბაგრატას ცოლი და ქალიშვილი წივილ-კივილით დაუხვდენ წინ უნათლოშვილებს, მაგრამ ქალებს როგორ შეუშინდებოდა ორი ვაჟკაცი! წივილ-კივილით და ლანძღვა-გინებით რომ ვერას გახდენ, ბაგრატას ცოლი და ქალი გაიქცენ ბაგრატასთან. ბაგრატა და მისი ორი ვაჟი მეტად ააღელვა უნათლოშვილების მოქმედებამ. ისინი საჩქაროდ მოვარდენ შინ კეტებით და დაუწყეს ლოდინი უნათლოშვილებს, რომ თავ-პირი დაემტვრიათ მათთვის, თუ კიდევ გაბედავდენ ეზოში გავლას. საღამოს სოფონამ და ოქრუამ მოაჭრიალეს დატვირთული ურემი და, ის იყო, შევიდენ თუ არა ქერაძის ეზოში, ბაგრატა და მისი შვილები მიუვარდენ კეტებით და დაუშინეს ხარს და კაცს გაურჩევლად. უნათლოშვილებმა წინდაწინვე იცოდენ, რომ ბაგრატა უჩხუბრათ არ გაუშვებდა მათ ეზოში და თვითონაც მომზადებულნი იყვენ კეტებით. ისეთი გამეტებით სცემდენ ერთმანეთს, რომ გეგონებოდათ, ეს-ეს არის დახოცეს ერთმანეთიო. ჩხუბში ბაბალე და ბაგრატას ცოლიც მივიდენ და ეცენ ერთმანეთს თმაში. ამასობაში მოუსწრეს მეზობლებმა და მაჩხუბრები გააშველეს. მაგრამ გაშველებამდე ორივე მხარემ ჟეჟეს ერთმანეთი: ბაგრატას თავი ჰქონდა გატეხილი და ჭაღარა თმა სისხლით შეღებილი; სოფონასთვის შუბლში დაეკრათ კეტი და ღვარად ჩამოსდიოდა სისხლი; ბაგრატას უფროს ვაჟს ერთი მხარი ჰქონდა დაშავებული; ბაგრატას ცოლს და ბაბალეს საშინლათ დაეკაწრათ ერთმანეთისათვის სახე. ოქრუასთვისაც დაეკრათ თავში, მაგრამ მაინცადამაინც არ ჰქონდა დაშავებული. საბრალო ხარებსაც ხომ ბევრი მოხვდა, მაგრამ კი ვერა მოეტეხათ რა, თუმცა ბაგრატას ძლიერ უნდოდა ორივე ხარისთვის თეძოები დაემტვრია. მხოლოდ ბაგრატას უმცროსი ვაჟი გადარჩენილიყო უვნებლად, რადგანაც შეშინებოდა და ჩხუბში არ გარეულიყო. ის მხოლოდ შორიახლოს დარბოდა და ყვიროდა: “მომეხმარეთ მოკლეს ბაბაიო”.

ამ ჩხუბის გამო სოფონა და ოქრუა რამდენსამე თვეს ჩასვეს სატუსაღში, რადგანაც დამტკიცდა მოწმეების ჩვენებით, რომ ძალად გაერღვიათ ქერაძის ეზო, ჩხუბიც პირველად იმათ აეტეხათ და ბაგრატასთვისაც კეტი პირველად იმათ დაეკრათ. ბაგრატა სრული კმაყოფილი იყო სამართლის განაჩენისა და უხაროდა, რომ მისი მტრები საპატიმროში ისხდენ. მაგრამ როცა სოფონა და ოქრუა სატუსაღოდან გამოვიდენ, დაიწყეს გზის შესახებ საჩივარი. მსაჯულმა თვითონ თავისი თვალით ნახა, რომ უნათლოშვილები უგზოობით მეტად შევიწროებულნი იყვენ და ამიტომ მიუსაჯა: “ბაგრატა ქერაძემ მისცეს უნათლოშვილებს საურმე გზისთვის მიწა თავის ეზოში, ხოლო უნათლოშვილებმა მიუზღონ ბაგრატას მიწის ფასად შვიდი მანეთიო”. ამ განაჩენით ბაგრატა ხელახლად დამარცხდა უნათლოშვილებისაგან.

- უნათლოშვილებიზა ვყოფილვარ გაჩენილი, ყოლიფერში მაჯობეს და რაღა უნდა ვქნაო, - ჩიოდა გულდათუთქული ბაგრატა და თან ეხვეწებოდა ღმერთს: - ერთი იგინის საწყენი საქმე შემაძლებიეო.

ოქრუას სამხედრო ბეგრიდან გათავისუფლება რომ შეიტყო ბაგრატამ, მეტად აუღრინდა გული: “ყოლისფერში მომთავეს უნათლოშვილებმა”, - იძახდა და თან იმეორებდა: “არა, რა საბუთით გაათავისუფლეს, ერთი აგი კი უნდა შევიტყო, რათაც უნდა დამიჯდეს, თუ რამე ნაეშმაკევია, ვაცხონებ მამასო”.

VII

ერთს საღამოს მოსე მწერალი მეტად დაღონებული დადიოდა სოფლის სამმართველოს წინ, აღარც სიხარულის დროის ფეხის თამაში ემჩნეოდა და აღარც ულვაშებქვეშ ადრინდებული ღიმილი. ღრმად დაფიქრებული იკვნეტავდა ულვაშებს და საქმისათვის მისულ გლეხებს თითო-ორორი სიტყვით იშორებდა. თუ ვინმე ლაპარაკს გააბამდა და ჩქარა არ მოშორდებოდა, მოსე ლანძღავდა და ისე აგდებდა, “ღმერთო, რა ხალხია! თუნდა სული გხთებოდეს, მაინც არ მოგეშვებიან!” - იძახოდა ხანდახან გაბრაზებული. “ამ ჩვენ მწერალს რაცხა ფარცაგი არ დამართია!” - ამბობდენ იქ მყოფი გლეხები. “აი, ღმერთო, თუ ეკითხოს ძველი და ახალის ცოდვა!” - უმატებდენ ჩუმად ზოგიერთები.

- ბიჭო, წადი უნათლოშვილებისას და უთხარი, რომ ბაბალე და სოფონაი ამეღამვე ჩამოვიდენ ჩემთან. - უთხრა კარგა ხნის ფიქრის შემდეგ მოსემ სტოროჟს.

- ამ ღამე ჩამევიდენ, ბატონო? - ჰკითხა ბიჭმა.

- ღამე, ჰო, ტურები ხომ არ დაჭამენ, სულელო, შენ რასაც გეუბნებიან, ის აასრულე! უთხარი, ძალიან დიდი საქმე აქვს, უეჭველათ ამეღამ ჩამოდით-თქვა.

ბიჭს ხმა არ დაუძრავს, ისე გაუდგა გზას. ის იყო, დაბნელდა, როცა სტოროჟი უნათლოშვილებისას მივიდა. მისგან მიტანილმა ამბავმა შიშის ზარი დასცა უნათლოშვილებს.

- რეიზა ჩამოდით ამ ღამე, რა ამბავიაო? - ძლივს მოიბრუნა ენა ოქრუამ.

- რა ვიცი, ასე მითხრა, დიდი ამბავია და უსათუოთ ჩამევიდენო. - სთქვა ბიჭმა.

სოფონას და ოქრუას იმ წელს ხარები არ ჰყავდათ. ცდილობდენ უხარობა არ დაემჩნიათ და გადამეტებული მუშაობით ისე იღლებოდენ, რომ მეტი არ შეიძლება. იმ საღამოსაც ძლიერ იყვენ მოქანცულნი, მაგრამ ახლა ვინღა მიხედავდა მოქანცულობას? ბაბალე და სოფონა ისე ვახშამუჭმელი წაჰყვენ სტოროჟს. რადგანაც მოღრუბლული, უმთვარო ღამე იყო და ძლიერ ბნელოდა, თვალნაკლული ბაბალე გზადაგზა ყოველ საფრთხილო ალაგას ზურგით გადაჰყავდა სოფონას. სწორე ადგილას ბაბალეს დასუსტებულ თვალებს ხშირად ორმოები ეჩვენებოდა და იძახოდა: “შვილო, სოფონავ, აქანაი ნოყოა, მგონია”. “საცოდავო ნენავ, თლათ დაბერდი! ხელის გულსავით გატკეცილ გზაზეც ნოყოები გეჩვენება?” - უთხრა დედას სოფონამ. “დავბერდი, შვილო, ჰო. იგი არა, გასაკვირალია, ცოცხალი რეზა ვარ, რაც მე ჯაფა და ვაი-ვაგლახი მინახავს!” - მიუგო ბაბალემ შვილს.

სოფელი დაძინებული იყო, როცა ბაბალე და სოფონა მივიდენ სოფლის სამმართველოში, არ ეძინა მხოლოდ მწერალს. მას შემდეგ, რაც სამხედრო გამომძიებლის უწყება მოუვიდა, რომლითაც იგი იბარებდა მას (მოსეს), ბაბალეს და მის შვილებს, ათანასე მღვდელს, სინდისიერს მოწამეს და მამასახლისის თანაშემწეს, მოსე ძლიერ ცუდ გუნებაზე იყო. არც ძილი ახსოვდა, არც საჭმელი და არც სასმელი, სადილზე ხელიც არ დაუყვია. იმ ღამეს მხოლოდ ერთი ჭიქა ჩაი დალია, ვახშამი არ უჭამია. როცა უნათლოშვილებისათვის მოსე ყალბს მოწმობებს ადგენდა, ყოველივე ზომა მიიღო, რომ, თუ ვინიცობაა ეს საქმე გამოაშკარავებულიყო, მას არაფერი დაშავებოდა. რიცხვიც ისე დააწერა მოწმობებს, როგორც მისთვის იყო სამჯობინარო. ამასთან უნდა შევნიშნოთ, რომ მისგან ყალბად შემდგარ საქმეზე ბევრჯერ ატეხილა ძიება, მაგრამ ის ყოველთვის უვნებლად გამომძვრალა ასეთი საქმეებიდან. ამ ახალი საქმიდან კი მოსე ადვილად ვერ გამოიძვრენდა თავს. იმან კარგად იცოდა, რომ ამ საქმეს სასტიკად გამოიძიებდენ. ყალბი მოწმობები მოსემ უფრო იმ იმედით შეადგინა, რომ ვერავინ გაიგებს ამ საქმეს და თუნდა კიდეც გაიგოს ვინმე ყაძახმა, როგორ გაბედავს ჩემს დაბეზღებასო. მაგრამ ეს მოსაზრება გაუცრუვდა მოსეს: ხედავდა ვიღაცამ დააბეზღა ისე, რომ ვერც კი გაიგო, ვინ უნდა ყოფილიყო დამბეზღებელი. მოსეს მეტადრე იმისი ეშინოდა, რომ მღვდელმა და უნათლოშვილებმა პირი არ შეკრან და მე არ გამცენო. ამიტომაც უნდოდა უნათლოშვილები დაერიგებია, - თავის დაღუპვა თუ არ გინდათ, ესე და ესე თქვით მაძიებელთანო. რაც შეეხებოდა სინდისიერს მოწამეს და მამასახლისის თანაშემწეს, იმათი მოსეს სრულიადაც არ ეშინოდა: ამათ რაც უნდოდა, იმას ათქმევინებდა.

- იცით რა? - უთხრა ბაბალეს და სოფონას მოსემ, როცა ბიჭი გარეთ გავიდა და კარები ჩაიკეტა, - თქვენ დაბარებული ხართ ვაენი სლედოვატელისაგან იმ მოწმობების გამო, რომლებითაც ოქრუა გაანთავისუფლეს სალდათობიდან. საშიშო კი არაფელია. მაძიებელი გკითხავს, - ვინ მოქცა ეგ მოწმობებიო? თქვენ უპასუხეთ, - ღვდელმა მოგვცა-თქვა. ვინ შეადგინაო, თუ გკითხონ, - ღვდელმა შეადგინა და მე გადამაწერია-თქვა. ასე უთხარი შენ, სოფონა, გესმის?

- გერი ხარ თუ არაო, რომ მკითხონ, ბატონო, მაშვინ რაფერ ვთქვა? - ჰკითხა სოფონამ.

აქ მოსე დაფიქრდა ამ საგნის შესახებ აქამომდეც ბევრი ეფიქრა მოსეს, მაგრამ ვერა მოიფიქრა რა. თუ ერჩია ამათთვის გერობაზე უარი ეთქვათ, მაშინ უნათლოშვილები მიხვდებოდენ, რომ საქმე ცუდათ არისო და თვითონ მოსე ვარდებოდა საშიშროებაში, არა-და, იღუპებოდა ერთი ოჯახი მთლად და, რაც უნდა გულქვა ყოფილიყო მოსე, მაინც ებრალებოდა ეს უდანაშაულო ხალხი. ბევრი იფიქრა მოსემ და ბოლოს გადასწყვიტა, “თავის თავის საშიშროებაში მიცემას, ისევ სხვა გავიმეტო, სჯობიაო” და ურჩია სოფონას:

- თუ ეგ გკითხონ, უთხარი ეგრე არის, გერი ვარ, ამას ღვდლის მოწმობაც ამტკიცებს-თქვა. შენც, ბაბალე, აჩვენე, გერი არის ჩემი-თქვა.

- კაი დაგემართოს, ასე მოვახსენებთ, ბატონო. - თქვა სოფონამ.

- ღვდელსაც უთხარით, რომ იმანაც ისე უთხრას გამომძიებელს, რომ მოწმობები ჩემი მიცემული არის-თქვა.

- ღვდელი, ბატონო, იმნაირი კაცია, რომ თავის სვინდისს თუ არ დაეკითხა, ესე სხვისი რჩევით არ იტყვის.

- მაშ კარგი, თუ ასეა, სულაც ნუღარაფელს ეტყვით. თქვენ კი ისე უთხარით, რომ ღვდელმა შეადგინა მოწმობები და მოგვცა-თქვა. ჩემი სახელი არ გააცხადოთ. ჩვენ სოფლის პოლიციის მწერალი ვართ და ღვდელთან ხელი არ გვაქვს. ისე კი იმ დღეს მეც დაგესწრობით იქ.

ის კი აღარ უთხრა მწერალმა, რომ თვითონაც დაბარებული იყო გამომძიებელთან.

- ეს იყო, ამიტომ დაიბარეთ. ახლა წადით და, როცა კითხვის დრო მოვიდეს, ისე მოიქეცით, როგორც დაგარიგეთ. უთხრა მწერალმა ბაბალეს და სოფონას და გაისტუმრა შინ.

ამის შემდეგ მოსეს კიდევ კარგა ხანს არ დაეძინა. იმას სტანჯავდა სინდისი, ხედავდა რომ იღუპებოდა მისი მიზეზით იმოდენა ხალხი. სწორედ ეს იყო მიზეზი, რომ ბაბალეს და სოფონას იმის მეათედი დარიგებაც ვერ მისცა, რაც განზრახული ჰქონდა. ლაპარაკის დროს ენა არ ემორჩილებოდა. დიახ, იტანჯებოდა მოსე, ძლიერ იტანჯებოდა, მაგრამ ისეთი ვაჟკაციც არ იყო, რომ მისულიყო და გამომძიებლისთვის ეთქვა: ეს ხალხი უდანაშაულოა, მე მოვახერხე ყოველივე ეს, მე შევადგინე ეს ყალბი მოწმობებიო. ამის მაგიერად მოსე თავისი თავის შველაზე ფიქრობდა.

- რა ამბავია? - ჰკითხა ოქრუამ ძმას, დაინახა თუ არა მოსული.

- იმ მოწმობების საქმეზე გვიბარებს ვაენი გამომძიებელი.

- ვაი, ჩემო დღეო! ტყულაი დავღუპეთ ოჯახი? - შემოიკრა ოქრუამ თავში ხელები. - იმაზე თუ გვიბარებენ, კაი აღარაფერია ჩვენ თავზე!

- მწერალმა გვითხრა, რომ საშიში არაფერიაო. - უთხრა სოფონამ.

- თქვენ იგი მწერალი ანგელოზი გგონიათ, აბა ნახავ, თუ კაი რამე იქნება. - თქვა ოქრუამ, რომელსაც სოფონას მოსვლამდისაც გული თითქოს ეუბნებოდა, რომ იმ მოწმობის საქმეზე იქნება რამეო.

- კაცო, საშიში რომ ყოფილიყო, რეზა დაგვიმალავდა?

- რა ვიცი, ღვთის პირიდან გადავარდნილი რეზა დაგვიმალავდა! გეხვეწე, ნუ დავღუპავთ ოჯახს, მე რაც მომივა, მომივიდეს-მეთქი და არ დამიჯერეთ. მარჩენალი ხარები გავეცით და ახლა კიდე სახლაფორთოთაა საქმე!

- არც სახლაფორთოთ არის და არცა რაი. - გაიმაგრა გული სოფონამ.

- ნუ გეშინიან, იმისთანაი კაი სიზმარი მაქ, რომ... წუხელის ვითამ ჩვენი გაყიდული ხარები მოსულიყვენ შინ და მარილს ვაჭმევდი. პირუტყვი რომ ასე კარგა გესიზმრება, კაცის შვიდობა იცის. - თქვა ბაბალემ იმედიანად.

ალიონი მოახლოვებული იყო, უნათლოშვილები რომ დაწვენ დასაძინებლად, მაგრამ ოქრუას ძილი არ მიჰკარებია, “სულ მტკიოდა გული, ისე ეშმაკურათ მოხერხებული იყო აგი საქმე, - ებაასებოდა იგი თავის თავს. - მეიგონეს, აგი გერიო, აგი დედინაცვლიო და, რა ვიცი, მათი ეშმაკი! ასე მოტყუებით და სიყალბით საქმე რავა გაკეთდება! ხუთი თუმანი აგვაფცქნა და დღეს კიდევ სახიფათოთ არის საქმე! მარა ჩვენისთანა უსტავლელი და ბნელი ჭკუის ხალხს ყოლიკაცი მოატყებს! მოსე მწერალმა კანოლები იცისო, დამიჩემეს! კაცო, ღრიანკელში გვყრიან, კისერს გვტეხენ და კანოლი, კანოლიო, ჩაგვძახიან!.. ჩვენი სიბნელეა, მეტი რაი?..”

VIII

დადგა შემოდგომა. ჭირნახული დამწიფდა. გლეხკაცობა, როგორც იტყვიან, ღამეს დღეზე ართავდა, რომ მოესწრო მოსავლის აღება, მინამ ავდრები დაიწყებოდა, და სარჩო-საკვები შეენახა. ქალი და კაცი, მოხუცი და ყმაწვილი ხალისიანად მიეშურებოდენ ყანებში. ისინი მკიდენ ნაყოფს თავიანთი წლიური შრომისას. ჭირნახულით დატვირთული ურმების ჭრიალი და ხელხვავი აღვიძებდა შემოდგომის მდუმარე ჰაერს. აი ასეთ დროს უნათლოშვილების კარ-მიდამოდან ყანა-ვენახებში ხმაურობა არ ისმოდა. იქ აღარ იძვროდა მუშაკთა ხელი; აღარ ისმოდა მუშაკთა სიმღერა. გულის დამაღონებელ მყუდროებით მოცულ ეზოში მხოლოდ ხანდახან გამოჩნდებოდა ორი პაწია ბავშვი - სოფონა უნათლოშვილის შვილები, რომელთ დაჩაგრული, ნაღვლით მოცული სახე ამტკიცებდა, რომ რაღაც დიდი უბედურება უნდა მომხდარიყო ამათ თავზე. ეს ბავშვები იმიტომ კი არ გამოდიოდენ ეზოში, რომ ეთამაშათ, არა, ამათ მხოლოდ შეჰქონდათ სახლში ან ფიჩხი და ან წყალი ავადმყოფი დედის და პატარა ძმისთვის, რომლებიც დიდი ხანია იწვენ ლოგინში გაცხელებულნი და წამდაუწუმ იძახდენ, წყალიო. დანარჩენ დროს ეს ბავშვები, შიშით გულგახეთქილები, ისხდენ სახლში და შეჰყურებდენ ავადმყოფთ, რომლებიც, ვინ იცის, რაებს არ ბოდავდენ სიცხისაგან! ხანდახან შემოდიოდა ამათთან ერთი მეზობლის მოხუცი დედაკაცი, დაუწყებდა ნუგეშისცემას: “ნუ გეშინიან, შვილებო, ღმერთი მოწყალეა, ნენას და ძამიას მოგირჩენს, ბებიას, ბაბას და ბიძიას მშვიდობით მოგგვრის შინო”. - ამასთან ასწავლიდა, ეს ასე ქენით, ეს ისე ქენითო. ბავშვებიც, სანამ მოხუცი მათთან იყო, მოცოცხლდებოდენ, გამხნევდებოდენ, იმედი მოეცემოდათ. მაგრამ მოხუცს იმდენი თავისუფალი დროც არ ჰქონდა, რომ მათთან დიდხანს დარჩენილიყო; იმას თავისი ოჯახის საქმეებიც ბევრი ჰქონდა, ამიტომაც ერთი-ორი საათის შემდეგ მოხუცი სტოვებდა უნათლოშვილის ბავშვებს და ეს უკანასკნელნი ისევ ისე შიშსა და სასოწარკვეთილებას ეძლეოდენ.

სად იყვენ ბაბალე, სოფონა და ოქრუა? ესენი კარგა ხანია საპატიმროში ისხდენ. საპატიმროში ისხდენ აგრეთვე მათი საქმის გამო მღვდელი ათანასე, კეთილსინდისიერი მოწამე და მამასახლისის თანაშემწე. ამათ შესახებ გამოძიება კიდევაც გათავდა. როცა სამხედრო გამომძიებელმა აჩვენა ათანასეს ორი მოწმობა, რომლებიც ათანასეს ვითომ და მიეცეს უნათლოშვილებისთვის, - პირველი იმაზე, რომ სოფონა გერია ბაბალესი და არა შვილიო, და მეორე, - სოფონა ცალკე სახლობსო, მღვდელმა ათანასემ უპასუხა გამომძიებელს:

- არა, მე და ჩემმა ღმერთმა, მე არ მიმეცეს ეს მოწმობები და არც რამე ვიცოდი ამისი.

- აი თქვენი ბეჭედი, აი თქვენი ხელმოწერილი! რას იტყვით ამაზე? - ჰკითხა გამომძიებელმა.

ათანასემ განიმეორა თავისი პატიოსანი სიტყვა:

- გეფიცები ღმერთს და სარწმუნოებას, არ ვიცოდე, რანაირად მოხერხთა აგი საქმე.

დიაღ, ათანასემ არ იცოდა, რანაირად იყო მოხერხებული ეს საქმე. მართალია, მას ახსოვდა, რომ მისცა მოწმობა უნათლოშვილის ქვრივს იმაზე, რომ მას დიდი სისაწყლე და ვარამი გადახედია ობლების გამოზდაშიო. ეს სიმართლეც იყო, მაგრამ სოფონა გერია ბაბალესიო და ცალკე სახლობსო, ამის მოწმობა!.. “ღმერთო, თურმე ყოლისფერი მოხერხთება ქვეყანაზე!” - ჰკვირობდა ათანასე.

ბაბალე სრულიად დაიბნა ჩვენების მიცემის დროს. მას უნდოდა ისე ეთქვა ყოველივე, როგორც მოსე მწერალმა დაარიგა, მაგრამ გულმართალ ბაბალეს არ ეხერხებოდა ტყუილების ლაპარაკი. მართალია, პირველად თქვა გამომძიებელთან, სოფონა გერია ჩემიო, მაგრამ საჩქაროდ გაასწორა თავისი ნათქვამი: “სულს ვერ წავიწყმედ, გერი არა, სოფონაი უმფროსი ვაჟიშვილია ჩემიო”.

- თუკი შვილია და არა გერი, მაშ როგორღა განაცხადე თხოვნაში, გერიაო? როგორღა წარადგინე მოწმობები ამის დასამტკიცებლად? - ჰკითხა გამომძიებელმა.

ამ კითხვაზე ბაბალემ პასუხის მაგივრად ტირილი დაიწყო. “ერთი საწყალი ქალი ვარ... საცოდავმა გაჭირვებით შვილები გამოვზარდე... მეტი რა დამიშავებია! რას მერჩიან, ღმერთო!” - ქვითინებდა ის.

სოფონამ კი სწორედ ისე აჩვენა გამომძიებელს საქმის გარემოება, როგორც მოსე მწერალმა დაარიგა. როცა მას წაუყენა პირში გამომძიებელმა ათანასე და ჰკითხა: ამ ათანასე მღვდელმა მოგცა ეგ მოწმობებიო, სოფონას, მართალია, ძლიერ გაუჭირდა ჰოს თქმა, მეტადრე ათანასეს თეთრს წვერს და მშვიდ სახეს რომ შეხედა, მაგრამ აქ სოფონას წარმოუდგა ციმბირი, რომელიც მოსე მწერალის სიტყვით (მოსემ იმ დილას კიდევ დაარიგა სოფონა, თუ როგორი ჩვენება უნდა მიეცა გამომძიებლისათვის) მოელოდა მას, თუ რომ არ აჩვენებდა გამომძიებელს საქმის გარემოებას, როგორც მოსემ დაარიგა; წარმოუდგა დაღუპვა ცოლ-შვილისა, დედისა, ძმისა, ერთი სიტყვით, მთელი ოჯახობისა... “მაშინ ყველაი დაიღუპვის!” - გაურბინა თავში ამ ფიქრმა სოფონას. იმან ჩაღუნა თავი და ისე ჩაილუღლუღა: “ჰო, ამ ათანასემ მოქვცაო”. “შეგინდოს, შვილო, ღმერთმა!” - უთხრა ათანასემ თავისებური სიმშვიდით.

ოქრუამ კი იმთავითვე, როგორც კი გამომძიებლის უწყება მიიღო, გადასწყვიტა, ყოველივე სიმართლით აღეარებია და აღიარა კიდეც.

- სულ, სულ, ბატონო, ყოლიფერი მოსე მწერლის ბრალია, იმან დაგვღუპა, იმან გაგვაყიდვია უღელი ხარი! შეაცთინა ღვდელი, სინდისიერი მოწამე, მამასახლისის პოპოშნიკი და ყველაყაი, იმან, იმ ღვთის პირიდან გადავარდნილმა, ჩეიქცია ჩვენი სისხლი! - დააბოლოვა ოქრუამ თავისი ჩვენება.

პირველში, ცოტა არ იყოს, ყურადღება მიაპყრო გამომძიებელმა ოქრუას სიტყვებს და უნდოდა მწერალი მოსე გულფუჭაძისათვის მაგრად მოეკიდა ხელი. მაგრამ ოქრუას შემდეგ კეთილსინდისიერმა მოწამემ და მამასახლისის თანაშემწემ, რომლებიც მოსე მწერლისაგან იყვენ დარიგებულნი, სრულიად გააქარწყლეს თავიანთი სიტევებით ოქრუას ნალაპარაკევი. აი როგორ ახსნეს ამათ საქმის გარემოება: “მოწმობები თვითონ ათანასე ღვდელმა შეადგინა სიტყვიერათ და მერე სოფონას დააწერია. მოსე მწერალი სულაც არ ყოფილა ამ დროს ჩვენთან და არც რამე გაუგია ამ საქმისა. ჩვენ ღვდლის ბეჭედი რომ დავინახეთ მოწმობებზე, ჩვენი ბეჭედიც იმიტომ დავასვითო”. გამომძიებელს ამის შემდეგ ეჭვი შეუვიდა ოქრუას შესახებ: “ალბათ, მღვდელს იმიტომ დააფარა ხელი ოქრუა უნათლოშვილმა, რომ რამე ხათრი და კავშირი არის მათ შორის და ამიტომაც ცდილობს ყალბი მოწმობის მიმცემი მღვდელი წყლიდან მშრალი ამოიყვანოს, ალალმართალი კაცი, მოსე გულფუჭაძე კი გააბას მახეში მისი გულისთვისო”. მეტადრე მის შემდეგ, რაც მოსე მწერალმა წარუდგინა გამომძიებელს მაზრის სამმართველოდან მოწმობა, რომ იმ რიცხვს, რომელიც აღნიშნულია ყალბს მოწმობაზე, მოსე იმყოფებოდა მაზრის სამმართველოში და არ შეეძლო მონაწილების მიღება მოწმობების შედგენაშიო, რომ იგი პატიოსანი კაცია და თავის დღეშიაც არ რეულა ცუდ საქმეში, ყოველიფრით კეთილსაიმედო პირიაო და სხვა, - გამომძიებელი სრულიად დარწმუნდა მოსე გულფუჭაძის სიმართლეში და გაანთავისუფლა კიდეც გამოძიებისაგან.

ამრიგად გათავდა გამოძიება. ბრალდებულებს, მართალია, მისცეს ნება წარედგინათ თავდები და გასამართლების დღემდე თავისუფალნი ყოფილიყვენ, მაგრამ სამაგიეროდ ისე დიდძალი ფული უნდა წარედგინა თავდებს თვითეულ ბრალდებულისათვის, რომ ვეღარავინ იკისრა ამათი თავდებობა, რისთვისაც ბრალდებულნი გაისტუმრეს საპატიმროში.

დარჩა უნათლოშვილის ოჯახი უპატრონოდ, სოფონას ცოლის ამარა. აბა ერთი გამოუცდელი ქალი, ისიც ჯავრისაგან წელმოწყვეტილი და გულდაბნეული, რა პატრონობას გაუწევდა ოჯახს! არ გასულა ნახევარი თვე, რომ ხბოიანი ძროხა მოჰპარეს. უნათლოშვილის ყანები გაუმარგლელობისაგან სულ ერთიანად გაფუჭდა. მართალია, თითო-ოროლა დღით მოყვრები მიეშველენ ყანებში, მაგრამ ამით რა შორს წავიდოდა! ბოლოს სოფონას ცოლს და მის ბავშვს ციებ-ცხელება დააწყებია და დარჩენ უპატრონოდ.

მღვდელი ათანასეს მეუღლე, ეს ღრმად მოხუცი ადამიანი, ერთ ხანს ლოცვით უვლიდა ეკლესიის გარშემო და ევედრებოდა: იჩინე შენი სასწაულმოქმედება, ნუ დაუკარქავ ჩემ ათანასეს სიმართლესო. დაიმედებულიც იყო - აი აგერ, აი აგერ დავინახავ ჩემი ათანასეს თეთრ წვერსაო, მაგრამ ამაოდ! ვეღარ მოესწრო საბრალო მოხუცი თავისი საყვარელი მეუღლის ნახვას! ერთ საღამოს ათანასეს მეუღლე გაცივდა და, სამიოდე დღის ავადმყოფობის შემდეგ, სამუდამოდ განისვენა.

დიდ გაჭირვებაში ჩაცვივდნენ სინდისიერი მოწამის და მამასახლისის თანაშემწის ოჯახებიც, ისინი სწყევლიდენ, ლანძღავდენ, ცეცხლით ამობუგვას უქადოდენ უნათლოშვილის სახლობას.

მეზობლები აფურთხებდენ პირში ბაგრატა ქერაძეს, როდესაც გაიგეს, რომ მისი დაბეზღებით მოხდა ამდენი საცოდაობა. “შენ იუდა გამცემელო, შენ! ამდონი სული კაცმა რავა უნდა მეიძულოს თავისი ჭვარტლიანი გულის მოსაფხანათ! შენც კაცი ხარ და ადამიანის გული გაქვს!” ეუბნებოდენ მეზობლები, მაგრამ ბაგრატა არა თუ ნანობდა თავის საქციელს, პირიქით ემუქრებოდა კიდეც მეზობლებს: “ვაჟო, გაჩუმდით, გიჯობს, თვარა თქვენც მიგაყოლებენ ზედ! რას მიქვია, ჩემს მოსისხლე მტერს უნდა შერჩენოდა, ხელმწიფეს რომ სალდათი მოჰპარა! ყოველთვის უნაკლობით გეიტანდენ ეგონენ საქმეს?!” მეზობლებისა კი არა და, მოსე მწერლისა კი ძლიერ ეშინოდა ბაგრატას: “დამაქცევს, ვიცი, თუ რაცხა წამალი არ წავაყარე თავს”. - ფიქრობდა იგი.

***

დადგა გასამართლების დღე. ბაბალე, სოფონა, სინდისიერი მოწამე და მამასახლისის თანაშემწე ისხდენ სამსჯავროში ბრალდებულის სკამებზე ისე უძრავად და უსიცოცხლოდ, თითქო მიცვალებულნი იყვენო. დამხდარნი, დაუფერულებულნი, ჩათეთქვილი ტუჩებით და ჩამქრალი თვალებით, ისინი გულის შემაძრწუნებელ შთაბეჭდილებას ახდენდენ მაყურებლებზე. ორი ბრალდებული - მღვდელი ათანასე და ოქრუა უნათლოშვილი - აღარა სჩანდა ამათ რიცხვში: ათანასემ ვერ აიტანა საპატიმროში ყოფნა, იქაური სასტიკი წესები და ადრე გარდაიცვალა. ოქრუამ გაქცევა დააპირა საპატიმროდან; როგორც იყო გაძვრა კიდეც, მაგრამ საპატიმროს ეზოდან გადასვლის დროს, გაუგეს დარაჯებმა, დაუშინეს თოფები და მოჰკლეს.

ბრალდებულთ დამცველი არა ჰყავდათ. ფული ვერ გაიღეს დამცველისთვის და უფულოდ არავინ მოჰკიდა ხელი. როცა სამსჯავროს თავმჯდომარე შეეკითხა: ესა და ეს ბრალი გედებათ და რას იტყვით ამაზეო, ბაბალემ ტირილი დაიწყო: “რა დანაშაული მაქვს... ქვრივმა, ოხერმა, ობლები გამოვზარდე, მეტი ვის რა დაუშავე!.. რეზა მომიკალით ჩემი ოქრუა, ჩემი თვალის სინათლე ოქრუაი!” - ამბობდა ის ტირილით. სოფონამ და მამასახლისის თანაშემწემ ხვეწნა დაუწყეს მსაჯულებს: “შევცთით, უსტავლელი, ბნელი კაცები ვართ, გვაპატივეთ, შეიბრალეთ ჩვენი ცოლი და შვილებიო”. კეთილსინდისიერმა მოწამემ კი თავისი მხრივ მხოლოდ ეს უპასუხა თავმჯდომარეს: “თქვენ და თქვენი ღმერთი!.. სხვა რა უნდა ვსთქვაო”. ბრალმდებელის სიტყვის შემდეგ მსაჯულნი გავიდენ ცალკე ოთხში და, ერთი-ორი საათის შემდეგ გამოიტანეს განაჩენი, რომლითაც ოთხივე ბრალდებული გაიგზავნა ციმბირში. თვითეული მათგანი სხვადასხვა ვადით.

როცა დადგა ამათი გაგზავნის დღე, სოფონა დიდსა და პატარას ეხვეწებოდა: “ქენით მადლი, ერთი თვალით დამანახვეთ ჩემი ცოლი და შვილები! სამუდამოდ ვშორდები და ერთს ამ ბოლოს გულში ჩავიმარხავ იგინის სახესო” მაგრამ სოფონას ცოლი ამ დროს ლოგინში იწვა, ავადმყოფი. იმიტომაც ვერ აუსრულდა სოფონას წადილი, ვერ შეავლო უკანასკნელ ჟამს თავის ცოლსაც და შვილებს თვალი, თუმცაღა სხვა მისი ამხანაგები კი ნახეს გაგზავნის ჟამს ცოლებმა და შვილებმა. ბაბალე უკანასკნელ დროს მხოლოდ ამ სიტყვებს იმეორებდა: “ჩემი ოქრუა გამიცოცხლონ, თვარა საშინელ საქმეს ვიზამ!” საბრალოს ეტყობოდა, რომ ჭკუაზე იყო შეშლილი, თუმცაღა ეს არავის შეუნიშნავს და ისიც სხვებივით გაგზავნეს ციმბირში.

ერთხანს მოსდიოდა სოფონას მეუღლეს ციმბირიდან ქმრის წერილი. ერთი-ორი წერილი მამასახლისის თანაშემწემაც მიაწვდინა თავისიანებს. როგორც სოფონას წერილიდან სჩანდა, მოხუცი სინდისიერი მოწამე გზაშივე გარდაცვლილიყო, ვერ მიეხწია ციმბირამდე. “უბედური ნენაი გადირია, - იწერებოდა ერთ წერილში სოფონა, - ამიტომ გზიდან მოგვაცილეს და მას მოღმა რა უყვეს ვერ შევიტყვეო”. ყველა წერილში თავისიანებს და მეზობლებს ამას ეს ეხვეწებოდა: “ქენით ქრისტიანობა, ნუ დახოცავთ უპატრონოთ დაყრილს ჩემს ცოლსა და შვილებს შიმშილით და სიცივით. მე ვეღარ გადაგიხთით სამაგიეროს, მარა ღმერთი გადაგიხთისო”. ბოლოს ერთი წერილი მიიღო სოფონას მეუღლემ, რომლითაც ქმარი ანუგეშებდა: “ღვთის მოწყალებით, მგონია, ადრე გნახო, ისეა ჩემი საქმეო”. ამავე წერილში ეწერა: “ჩვენი პოპოშნიკი (მამასახლისის თანაშემწე) კაი ხანია მომაშორეს და მას აქეთ აღარასფერი გამიგია მისი, მოკვტა თუ მორჩაო”. ეს იყო და ეს: ამის შემდეგ სოფონას წერილი აღარ მოსულა... ვინ იცის, იქნება სოფონას სხეული დიდი ხანია დადნა ციმბირის ცივს მიწაში!..


1893 წ.