მარტი გავიდა, გათბა დღე,
დარები დადგა მზიანი;
მიწა გაფუვდა, ბუჩქებში
ამოჩენილან იანი.
მოფრინდა გვრიტი, შოშია,
ოფოფი სავარცხლიანი;
მწვანედ ბიბინებს მინდორი,
ოლე და ველი ცვრიანი.
ჭუკჭუკებს დილა-საღამოს
ახლადმოსული მწყერია,
თავს ძლივს იმალავს ჯეჯილში
ჭია-ღუების მტერია.
დილა ადრიან მერცხალმაც
გამოაღვიძა სოფელი,
- გაზაფხულდაო! - დაგვძახის
პირველი მახარობელი.
შინ მოჩვეული კურდღლებიც
გამოფენილან ველადა,
დარბიან ცვარით დანამულ
ბალახის გასაქელადა.
ზოგი ხტის, ზოგი ყურს აცქვეტს,
ზოგი ძირს დანაბულია.
იქვე მჯდომარე პატარას
სიამით უცემს გულია.
მინდვრად გავიდეთ, ბიჭებო,
დროა დავიფრთხოთ ძილია,
სუნს მოგვფენს, ყნოსვას დაგვიტკბობს
ია მკერდგადაშლილია!
დროა, ჩვენც მამაპაპურად
ხელი მოვკიდოთ შრომასა, -
მინდვრად სჯობია მხნეობა
სახლში უსაქმოდ ჯდომასა!


1890 წ.

გულთამხილაო! ჩვენ ცოტანი ვართ,
შენც კარგა უწყი, იცის სხვამაცა;
რომ წავიქეცით, მუმლი და ქინქლა
სწორედ ამ ფიქრმა გაამამაცა.
ეგონათ ძალა აღარა ჰქონდა,
რაკი დავეცით, ჩვენს აღმზრდელ ფესვებს,
და ყველა ერთად ზედ დაგვესია,
როგორც სჩვევია ლაჩართა წესებს.
მაგრამ ძველ მუხის გამდგარ ძირ-ფესვებს
ცის გუმბათისკენ ეპყრათ თვალები,
ცვარ-ნამით მიწა რომ ფუვდებოდა,
იქ ღვივდებოდნენ ჩვენი ძალები.
და, აჰა, ძირზე კვლავ ავიფეთქეთ,
დავისხით ხშირი ფოთოლ-რკოები,
კვლავ დავაპურეთ ჩვენი ნაყოფით
როგორც ღორები, ისე ხბოები.
ყველა ესენი სურვილ-ნებაზე
როდესაც კარგად გამოძღებიან,
სანამდის კიდევ მოშივდებოდეთ,
აგრილებამდის ჩვენ ქვეშ წვებიან.
ვინ უშლის ამათ სიამოვნებას.
თუ არ თვალით ბრმა და ენამრუდი;
ღორებთ დინგები მიწისკენ მიაქვთ
და არ იციან, რომ გვხურავს ქუდი!
მაღლა ახედვის შნოც დაუკარგავთ,
მადლის მაგიერ იბღვირებიან,
რკოთი გაძღომას არა კმარობენ
და ფესვებისკენ გვეტანებიან.
და ჩვენ კი გვინდა გრძელი სიცოცხლე
მზიურ ცათქვეშე, მზიურ მიწაზე,
და ვიდრე ერთი ვარსკვლავი ბჟუტავს
ჩვენი ბედისა მოწმენდილ ცაზე, -
ჩვენი წახდენა აღარ იქნება,
გამოიფშვნიტონ კარგად ყურები...
დაჰქროლე მედგრად, ძლიერო ქარო,
შორს ჩვენგან ჩვენი უმადურები!

მე მყავს ციცნა დედოფალა,
სულ პაწია, პაწაწკუნა,
აგერ მიმაქვს მასთან ჩაი,
ვეჭობ, თუ არ დამიწუნა.
არ გეგონოთ გენაცვალეთ,
რომა მყავდეს ავზნიანი,
რა ვქნა, უყვარს კუკნას ჩაი
ხან ურძეო, ხან რძიანი.
თუ რომ სუფთად არ ჩავაცვი,
არ მისვენებს სული, გული,
ახლაც უნდა დავურეცხო
ჩემს კოპწიას თეთრეული.
გავწურო და საჩქაროზე
გაბმულ თოკზე გადავფინო,
სარეცხს ცუგო მოუყენო
და მე სახლში შევირბინო.
რომ შევუდგე საჭმლის ხარშვას,
როგორც კარგი მზარეული;
მომიშივდეს, რას იფიქრებს
შინაური, გარეული?!
სადილს მოვრჩი. ახლა უნდა
ვასეირნო გრილო-გრილო;
სადაც ჩერო დაილევა,
სამზეურით მოვუჩრდილო.
საღამოზე ისევ ჩაით
ყელი ჩაუკოკლოზინო;
გავხადო და ტკბილის ნანით
სარეცელში ჩავაწვინო.
თქვენ გგონიათ, ამით მოვრჩი?
არ მოგიკვდეთ ჩემი თავი!
ახლა უნდა ლამპის შუქზე
ვკერო მისი საკერავი.
დაფლეთილს ხომ არ ვატარებ,
არც მოხდება, არც იქნება!
ერთი სიტყვით, დღე და ღამე
სულ არა მაქვს მოსვენება!


1903 წ.