I

ერთხელ ზამთარს და ნიბლიას
მოუხდათ შებმა ხნიერი;
აქეთ იბრძოდა უძლური,
იქით კი მეტად ძლიერი.
ბოროტი, ავზნე, საწყალ ჩიტს
კვალში ჩაუდგა მტრულადა,
მაგრამ ნიბლიაც ცივ ზამთარს
ებრძოდა ეშმაკურადა.
რაკი თმათეთრი, ჭაღარა
სუსტთან ვერასა ხდებოდა,
გულგასახეთქად ნიბლიას
დაცინვით ეკითხებოდა:
- მითხარ, სადღაა დღეს შენი
სიმხიარულე გულისა;
ან ბუდე სადმე ჩადგმული
ძუის თუ ჩალაბულისა,
ან ნათესები, მრავალი
სიუხვე მინდორ-ველისა,
ისე რომ ძაან გიყვარდა
ჩარაკრაკება ყელისა?!
სად გყვანან ამხანაგები,
რომ დღეს აღარსად მღერიან,
გადაკარგულან შორს, სადღაც
და შიშით შემომცქერიან!
- ტყვილა მაშინებ, ზამთარო,
რიხიან ბაქიბუქითა;
ვერას დამაკლებ, ვიდრე მზე
დამყურებს თბილი შუქითა.
სულ არ გამქრალა ჯერ ჩემში
სიმღერა, მხიარულება,
ჩემი ტოლ-ამხანაგების
არ მჯერა მოუძლურება.
სძინავთ და გაიღვიძებენ
მათი სიმებიც გულისა,
საქებად, სადიდებელად
ლამაზი გაზაფხულისა!
გაზაფხულდება, მშვენივრად
შემოსავს მთა-ველთ ზღუდესა,
და მეც ჩავკვანწავ ხელახლა
კოხტად სულ ახალ ბუდესა!
ყვავილნიც გაიშლებიან
ათასფრად მრავალ მხარესა,
ტკბილ სურნელებას მოჰფენენ
ველ-მინდვრის არემარესა!
კვლავ გადიბანენ ნაზად პირს
ია და ვარდი ნამითა,
და კვლავ შაშვები ტყის პირად
მაყრულს ჩაჰკრავენ ღამითა!
- რა ბავშვურადა ლიკლიკებ,
ვაი, საწყალო ნიბლია;
ბევრ შენისთანა ჩიტისთვის
ყინულზე თავი მიგლია!
ტყუილი არის, არ ესმის
გაზაფხულს შენი მუდარა!
ხვალ ჩემი თოვლი გახდება
შენი კუბო და სუდარა!
უთხრა ჩიტსა და გაშორდა,
სადღაც გასწია, წავიდა,
და თითქოს იმ დღეს მზეც ადრე
მთებს მოეფარა, ჩავიდა.

II

ოდნავ მოფიფქა მიდამო
ზამთარმა თოვლის ფქვილითა,
შემდეგ ცა მოაკაშკაშა
და მოუყინა დილითა.
მზიურ აბრძანდა ზამთარი,
გაჰხედა მინდორ-ველებსა,
თეთრად გაჰქონდათ ლაპლაპი
მაღლა მთებს, დაბლა სერებსა.
მრავალი ჩიტი ეყარა
მთლად გაყინული ველადა,
მხოლოდ ნიბლიას მაგვარი
ერთიც არ ჩანდა სრელადა.
ბინდისას შეხვდა ზამთარი
ნიბლიას ცოცხალს კვალადა.
- სად იყავ წუხელ, ნიბლიავ? -
ჰკითხა შუბლშეკვრით, მწყრალადა.
- წუხელის დედაკაცები
მთელ ღამეს რეცხდნენ სარეცხსა,
და მეც შევძვერ და შევედი,
სიდანაც ღვრიდნენ ნარეცხსა.
მივიმალ-მივიკუნჭევი
მათ შორის ცეცხლაპირასა,
ავდექ და გამოვსრიალდი,
კარს რომ აღებდნენ დილასა.
- მაშ კარგი, ამაღამისთვის
ვეღარსად დამემალები!
მართლაც, იმ ღამეს ზამთარმა
მოუშვა სუსხის ბრჭყალები,
მიჰყინ-მოჰყინა მინდვრები,
გაჰკვერა, გააკრიალა;
ისე გახადა სოფელი,
როგორც ბურთი და ბზრიალა.
და საწყალ დედაკაცების
ქვაბები სულ მთლად მიჰყინა,
მაგრამ ნიბლიამ იმ ღამეს
აღარ დაიდო იქ ბინა.
- როგორ გადარჩი? - ზამთარმა
ჰკითხა მეორე დილასა.
- იქნებ გეგონა წუხელის
ვერ ვიშოვიდი ბინასა!
შენ რომ ყინვასთან იხეთქდი
თავს ჩემი ბინის სწავლაში,
მე იმ დროს ტკბილად მეძინა
ცხენებთან ერთად თავლაში!
- ცხენებთან?! ერთი უყურეთ!
ახლა ვუჩვენებ სეირსა!
იმათთან ერთად, იცოდე,
არც შენ დაგაყრი ხეირსა!

III

იმ ღამეს უფრო მოყინა,
მოაჭახჭახა სერები,
მინდვრად დაყინა ფრინვლები,
თავლა-ბოსელში ცხენები.
დილით კი ჩვენი ნიბლია,
დახტოდა, დანავარდობდა,
დაჭიკჭიკობდა, გალობდა
აღარაფერზე დარდობდა.
- როგორ! კიდევაც დამცინი,
შე წუწკო, მოუსვენარო?
მითხარ, სად ეგდე წუხელის
სიცოცხლე მოულხენარო?
- შენ რომ თავლაში ჰყინავდი,
ბრაზობდი, ბობოქარობდი, -
ჩახუტულ დედა-შვილ-შუა
მე თბილ ლოგინში ვხარობდი.
ისეთი მხურვალე იყო
მათი ალერსი, ტრფიალი,
რომ შენი ყინვა და თოვლი
და ქარის მწარე გრიალი
ვერას მიზამდნენ, ზამთარო,
მე დედა-შვილთან სრულადა;
ვერც შემდეგ რამეს დამაკლებ,
რაგინდ მომექცე მტრულადა!
მალე აიკრავ ნაბადსა,
ნაბიჯს დაარტყამ მგლურადა!
ზამთარი ბრაზით კვდებოდა
და იცლებოდა გულადა...
ნიბლიას მაინც ზამთარი
ვერ უხერხებდა ვერასა;
ფრთოსანი ყოველ დილ-დილით
მორთავდა ხოლმე მღერასა:
- გაზაფხულდება, საყანე
ნათესნი გაიშლებიან,
სული გასძვრება ზამთარსა,
ყინულნი ჩამოდნებიან!
ბუდეს ავაგებ ლამაზად,
დავჩეკავ, დავზრდი შვილებსა;
დასასვენებლად გავიხდი
ბაღ-ვენახების ჩრდილებსა!
მოფრინდებიან თბილ ქვეყნით
ტოლ-ამხანაგნი, სწორები,
გაივსებიან ფრინვლებით
ტყე-ჭალა, მინდორ-გორები!
საერთო ფერხულს დავაბამთ
ჩავუხმატკბილებთ არესა,
ქებათა-ქებას შევასხამთ
ყოველ კუთხეს და მხარესა!
შევძახებთ: “ვაშა გაზაფხულს,
მზეს მუდამ სათაყვანებსა,
მინდვრად დაბნეულ თესლეულს,
გულუხვად მოსულ ყანებსა!”


1897 წ.

დაბრუნდნენ სასწავლებლიდან
ბავშვები ჟივილ-ხივილით,
ზოგი თოვლს მოაგუნდავებს,
ზოგი გამორბის კივილით.
სიცივისაგან ონავრებს
ასწითლებიათ ყურები...
მოვიდნენ, ავლეს სიცილით
აივნის საფეხურები.
მათ კუდისქნევით ბებერი
წინ შეეგებათ თოლია,
მიელაქუცა პატარებს,
ტოლივით მიუქოლია.
ბალღებმაც მიუალერსეს,
ცუგოც მათ ლოკდა ენითა,
შემდეგ-კი კარებს მიმართეს
ქაქანითა და ქშენითა.
გამდელმა ცელქებს საჩქაროდ
კარი გაუღო თუ არა,
მოხუცს სახეზე ალერსის
ღიმილმა გადაუარა.
“უთუოდ ძლიერ მოშივდათ
ჩემს პაწა ცუგრუმელებსა!”
ზოგს პალტოს ართმევს ზოგს აბგას,
და ზოგს უორთქლავს ხელებსა.
რა გადაჰკოცნეს გადია,
შევარდნენ კასკას-რბენითა,
იატაკს გააქვს ზანზარი,
სახლი ივსება ლხენითა.
მისცვივდნენ ტახტზე მწოლარე
ავადმყოფ დედას ცქვიტები
და შემოუსხდნენ გარშემო
როგორც პატარა გვრიტები.
მამა-კი ცალკე ოთახში,
დაღრეჯილ-დაღონებული,
შუბლგაუხსნელი, ერთთავად
სწერს რაღაც დაფიქრებული.
აი დათიკომ ამაყად
დედას უჩვენა რვეული
და ეუბნება სისწრაფით,
ღიმილად გადაქცეული:
- აბა, დედილო, დახედე
კარგად გასინჯე ესაო,
მთლად შეუცდომლად დავწერე
მე ორი გვერდი დღესაო.
- მე კი დღეს, - უთხრა თამრომა, -
სახატავ რვეულზედაო
ნაძვებს და ბუჩქებს ვხატავდი
სხვადასხვა ფერად, დედაო.
- აქ რასაც ჰხედავ, უყურებ,
სულ ჩემი ნახატებია,
და მასწავლებელს ამათში
ერთიც არ უსწორებია.
ავადმყოფს სახე ეშლება,
მშობლისა გული ტკბილად სძგერს
და მათ ტიტინში სნეული
დედა ივიწყებს ყველაფერს.
აგერა მამაც გამოდის,
გარს ეხვევიან შვილები...
- ანცებო, კარგად იცოდით
დღეს ყველამ გაკვეთილები?
რა პასუხს იღებს, ეხვევა,
კოცნით იჯერებს მამაც გულს,
და ეფანტება ნაღველი
სახეზე დაღლილ-დაქანცულს.
ამათ სიხარულს თითქოს მზეც
ფანჯრიდან უღიმდებოდა
და ბალღებს ხუჭუჭ ქოჩორზე
ოქროსფრად ეფინებოდა.


1891 წ.

საქათმეში შეეჩვია
თურმე ერთი შავი მელა,
დედლები და ყვინჩილები
ჩუმად ზიდა ნელა-ნელა.
არც ვარიებს იწუნებდა,
ჭროღა იყო თუ ყელჭრელა,
გამხდარი და ჩამწყერული
ერთი იყო მისთვის ყველა.
ვერ შეუტყვეს ვერაფერი,
საქმე ისე გააძნელა,
მაშინ გადგა მელა განზე,
როცა ტყავი გაისქელა.
ყველა იმას იძახოდა:
“დამღუპველი არის ძერა!”
შინაურმაც, გარეულმაც
მართლა აკი დაიჯერა!
ძერას თოფი დაუმზადეს,
კუჭკუჭებდა ცრუპენტელა:
“ვისა ჰკლავენ სულელები,
განა ისე ძალზე ბნელა?!”
ულვაშები ჩაიკვნიტა
და ცბიერად ჩაახველა...
ძერა მოკლეს უბედური,
დაუსჯელი დარჩა მელა...


1910 წ.