***

იმედო, ნუთუ ღმერთი ხარ, რომ ფიქრი ყოვლის შენკენ ჰრბის!

რომ ჩვენი სოფლად სიცოცხლე უშენოდ არა ნათლდების?

შენ გულს უმშვიდებ ნუგეშით ამა სოფლისგან დევნილსა,

შენ ცრემლსა უშრობ მტირალსა, შენ ატკბობ გამწარებულსა.

თვით საპყრობილეს, დავრდომილს, სასიკვდოდ განმზადებულსა

შენ შვების შუქით უნათებ ბნელ ჯურღმულს და მის ბნელ გულსა;

და თვით მას ჟამსა, ოდესცა უბადრუკს ყოვლი უტევებს,

სამარის კარად შენ მარტო მასა თანაჰსდევ მეგობრულ,

და იქ უჩვენებ სხვა სოფელს, სხვა დღესა დაუღამოსა,

ზეცად ღვთაებრივ ცხოვრებას, ნეტარსა, საუკუნოსა.

როდის მობრძანდებით, ჩემო ბატონო,

ფეხ-ქვეშ გაგეშალო ფიანდაზადა!..

სავათნავა

ეს რა ცეცხლში ჩავარდნილვარ, სადა ვარ?

გული მეწვის, სასიკვდილოდ მზადა ვარ?

ძაღლსავითა ვჰგდივარ ა იმ ქუჩაში,

ვჰყარაულობ ერთის ვისმეს კარებსა,

ერთს მოაჯირს, ორ პატარა ფანჯარას;

ეგებ ჩემი მზე იქიდან აღმოჩნდეს!..

ეშხისაგან გონება გამოცლილსა,

მზე ბრწყინავს, თუ თოვლი მოდის არ მესმის!

განა ღამით ძილი არის-ღა სადმე,

ანუ დღისით განსვენება სულისა?

ან ვიღასა აგონდება სადილი,

ანუ ღამით აბანოში ლხინები?..

ნაბად-გახვეული ვჰგდივარ ქუჩაში;

ვოხრავ, მაგრამ ჩემი დარდი ვის ესმის?

ვინც გაივლის, მკითხავს: აქ რას აკეთებ?

- შენ რას ნაღვლობ, მე რას გიშლი, რა გინდა?

მითილი ხარ, თორემ არა მკითხავდი,

მოდი ამ ვირს ეშხზე ელაპარაკე!

ჩემი დარდი, თვალის ჩინი აქ არის;

ერთი მითხარ, მე სად უნდა წავიდე?

თვალის ჩინო, დროა რომ შემიბრალო:

მომარჩინო ამდენ დავიდარაბას!

გამობრწყინდე მოაჯირზე მზესავით,

პირ-დავემხო, მიწას მადლით ვემთხვიო!

გამაგონო სირინოზის ხმა შენი,

სიყვარულის სიტყვით გული მილხინო!

აბა, შემომხედე ლამაზ თვალებით,

ნახე, როგორ გავდიდკაცდე, გავმეფდე?

მაშინ მნახავ თავი ცამდის ამეღოს.

ჩემზე მეტად არსად არვინა ჰსჩანდეს!

შემიძლია მაშინ ვებრძო ქვეყანას,

შენი ეშხი იმდენს მამცემს ძალასა!

ქუდ ჩაკეცით, ყელზე ჩით-მერდინითა,

რა ქევ-ქევით გავსწევ ორთაჭალისკენ!

მტკვრის პირს, ჩარხთან, თავის ლაზათებითა,

სუფრა გაშლით, დამხვდნენ იქ დარდიმანდნი;

იქა მნახონ, რა შევქმნილვარ, ვინა ვარ,

რა მადანი მიპოვნია ბედისა!

საკინძ ჩამოხსნილი, ხელში ჯამითა

სიხარულით ვსვამდე შენ სადღეგრძელოს!


1860 წ.

ვინ აღვიდეს მაღალსა მას მთასა წმიდასა,

სადა ჰგალობენ ანგელოზნი ღვთისა დიდებას?..

— სულითა წრფელი, მშვიდი გულით, ფიქრით განწმენდილ,

ვის არ შეეხო ზაკვის გესლი ძმისა განკითხვად

და სიყვარულით შეიწყალა ცდომილი ვნებით...

ვინცა ამ სოფლის დიდებასა მზეებრ მნათობსა,

მონებრ არ მიჰსდევს, ჰსცნობს რა მის შუქს ფუჭწარმავალსა

ვინც ძლიერებას ხმითა მაღლით ამცნო სიმართლე

და ძმას დაცემულს მიჰსცა ხელი და აღადგინა!..

იგი აღვიდეს მაღალსა მას მთასა წმიდასა,

ღვთისა დიდების გალობითა ნათელ-მოსილი.


1879 წ.