ღრუბელი ზეცას თანდათან ფარავს,
ცის სილაჟვარდე, სიწმინდე ქრება,
შენი სიცივე სიყვარულს მპარავს
და გულის ცემა ნელ-ნელა წყდება.
მე მოვდიოდი... ვიარე ერთმა,
გზები ვეძებე, ვიარე სწორით,
და როცა თითქმის მოვედი შენთან,
მაშინ აღმოვჩნდი ყველაზე შორი.
მე მოვდიოდი... და შენი სითბო
იყო მეგზური და თან მიზანიც,
და როცა ახლოს მოვედი თითქოს,
შენ, სამწუხაროდ, ვეღარ გიცანი...
ყველა ოცნება და ყველა ფიქრი
ღუბლების ჯარად აქცია ქარმა,
ვუყურებ ცას და სულ აღარ მიკვირს,
ეს სილაჟვარდე ასე რომ გაქრა...


19.05.2007

გარეთ ქარია,
საღამოა
და ვზივარ მარტო,
რა სიწყნარეა...
საამოა,
სიჩუმე მართობს,
დიდი ხანია,
მოუსვენრად
რომ არის სული,
და მიხარია,
რომ ოცნება
ამიხდა ჩუმი.
სულ ეს წამია
რაც სიმშვიდეს
მივეცი თავი...
წამი ჩქარია...
შთანთქავს ჩრდილებს
სიბნელე ღამის.
მომწონს ძალიან,
რომ მდუმარებს
ბუნება ასე,
და რომ ნაღვლიანს
და მწუხარეს
იმედით მავსებს...
გარეთ ქარია,
არემარე
მოიცვა ბინდმა,
ეხლა ძალიან
მომენატრე
და შენთან მინდა...


24.05.2007

ხმა მესმის ცრემლის, შენი ცრემლის, შენი ტირილის,
ვგრძნობ, ვით მეხვევა შენი ფიქრი, მიხუჭავს თვალებს,
თავს მევლება და მიმაქანებს ციცქნა ფიფქივით
და ვხედავ, თითქოს შენს წინ მდგარი თვალს როგორ ვახელ...
შენ გხედავ... ტირი? მართლა ტირი? ოჰ, არა ჩემო,
შენი ცრემლები არასოდეს არ მინატრია...
მაგრამ ვერ ვბედავ, რომ მოვიდე, რომ მოგეფერო...
ჩემი სიმხდალე ალბათ დღემდე არც მინახია...
მე გისმენ მხოლოდ, გულის ცემას აღარ აქვს დათვლა,
მკლავს ეგ ცრემლები, მაგრამ მაინც ვნებდები სიკვდილს,
და მეზიზღება თავი ჩემი, რომ არ მაქვს ძალა,
რომ მოვერიო უშენობას და სულის შიმშილს...
ისევ მეხვევა შენი ფიქრი, შენც ვეღარ გხედავ,
ნელა გშორდები, ვუბრუნდები კვლავ სიღარიბეს...
იმისთვის უნდა უსათუოდ დამსაჯოს ღმერთმა,
შენ რომ ტკივილი და ცრემლები არ მოგარიდე...


28.05.2007