ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის კვართის ადგილსამყოფელის შესახებ ქრისტიანულმა სამყარომ სულ 10-15 წლის წინ არაფერი იცოდა. ეს სასწაულის ტოლფასი საიდუმლო ზუგდიდში გაცხადდა: ღვთისმშობლის კვართი მისივე წილხვდომილ ქვეყანაში, კერძოდ, ზუგდიდის დადიანების სასახლის კედლებში ესვენა. საბჭოთა დიქტატურის მარცხის შემდეგ ეს ამბავი პირველად საზოგადოებას აუწყა საგანძურის მცველმა ლილი ბერაიამ.

წმინდა ნაწილები მოთავსებულია ვერცხლით მოჭედილ პატარა ზომის სასახლეში, რომელიც ძლიერ დაზიანებულია. იგი შემკობილია თვლებით, ღვთისმშობლის გამოსახულებით და აქვს წარწერა: „...შევამკე ჻ და ფერვითა ჻ თვალითა ჻ მარგალიტითა ჻ მე ხელმწიფემან ჻ დადიანმა ჻ პატრონმა ჻ ლევან ჻ მისთვის ჻ საოხად ჻ შეგიმკვეთ ჻ ყოვლად წმიდაო ჻ ქერუბიმთა ჻ უმაღლესო ჻ სერაბიმთა ჻ უაღმატებულესო ჻ ქალწულო ჻ ყდ ჻ საგალობელო ჻ ლხინებაო ჻ ყოველთა ჻ ქრისტეანეთაო ჻ შეისმინე ჻ ვედრება ჻ ჩვენი ჻ და ჻ იხსენ ჻ და აცხოვნე ჻ განუსვენე ჻ და აკურთხე ჻ სული ჻ დედოფლისა ჻ ნესტან-დარეჯანისა ჻ და დაამკვიდრე ჻ სასუფეველსა ჻ ამინ ჻

მოიჭედა ყოვლად ჻ წმიდისა ჻ პერანგისა ჻ კუბო ესე ჻ ქკსა ჻ სამას ჻ ოცდა ჻ რვასა ჻“ (ქორონიკონი უდრის 1640 წელს).

არსებობს სხვადასხვა მოსაზრება ამ სიწმიდის საქართველოში მოხვედრის შესახებ: ერთი ვარაუდით, ის მე-15 საუკუნის დასაწყისშია ჩამოტანილი იერუსალიმიდან.

ვახუშტი ბატონიშვილი მწირ ინფორმაციას გვაწვდის აღნიშნულ საკითხზე: „...ხოფის ეკლესიასა შინა მსუენარებს პერანგი ყოვლად წმიდისა ღვთისმშობლისა სასწაულ მოქმედი...“

სამაგიეროდ ცნობები ამ და ზუგდიდის მუზეუმში დაცულ სხვა სიწმიდეთა შესახებ უხვადაა დაცული უცხოელ ავტორთა თხზულებებში. საინტერესო მასალა დაგვიტოვეს რუსმა ელჩებმა ფედოტ ელჩინმა და პავლე ზახარიევმა. ისინი 1640 წლის გაზაფხულზე სტუმრობდნენ ლევან II დადიანთან. ამ ელჩობის დროს ისინი ხობის მონასტერსაც ეწვივნენ. ტაძრის არქიმანდრიტმა ნიკოლოზ ირუბაქიძე-ჩოლოყაშვილმა მათ დაათვალიერებინა ტაძარი, უჩვენა ღვთისმშობლის პერანგი და წმინდანების - კვირიკესა და მარინეს წმინდა ნაწილები. სტუმრების კითხვაზე, ვის მიერ და საიდან იყო ჩამოტანილი ეს სიწმინდეები, არქიმანდრიტს განუმარტავს: „მე დიდი ხანი არ არის, რაც აქ ვარ, ამ თანამდებობაზე და არ ვიცი, საიდან და ვის მიერ არის ეს წმიდა ნივთები ჩამოტანილიო“.

არქანჯელო ლამბერტი პირდაპირ მითითებას იძლევა წმინდა ნაწილების ხობის მონასტერში არსებობის შესახებ, მაგრამ ვის მიერ ან როდის იქნა ჩამოტანილი, ამაზე არაფერს ამბობს. ეს აღნიშნავს, რომ ხობის მონასტერში „აჩვენებდნენ ღვთისმშობლის პერანგს, რომელსაც იქაურები დიდ პატივსა სცემენ“.

სიწმიდეთა შესახებ საინტერესო ცნობას იძლევა ანტიოქიის პატრიარქი მაკარი, რომელმაც ღვთისმშობლის კვართი ნახა მე-17 საუკუნეში. მან და მისმა მხლებლებმა სიწმინდეს თაყვანი სცეს და შემდგომ მის თარგზე აჭრეს ახალი კვართი, რომელიც კურთხევის შემდეგ დიდი სიხარულით წაასვენეს თავიანთ სამშობლოში.

თეატინელთა მისიის პრეფექტი სამეგრელოში ჯუზეპე მარია ძამპი საქართველოში რომში გაგზავნილ ერთ-ერთ მოხსენებაში უაღრესად საინტერესოდ აღწერს ხობი მონასტერში დაცულ სიწმინდეებს: „ამ ხალხს ბევრი რელიქვია აქვს, რომლებიც მათ, პირველ ყოვლისა, მიიღეს იმ დროს, როცა აქ, საქართველოში, ქრისტიანობა ჰყვაოდა და მათ მთავრებს კავშირი ჰქონდათ კონსტანტინეპოლის იმპერატორებთან, რომლებიც მათ ბევრ რელიქვიას უგზავნიდნენ საჩუქრად. შემდეგ ეს რელიქვიები მიიღეს აგრეთვე ამავე ქალაქის სასულიერო პირთაგან, რომლებიც ცდილობდნენ, ეს ხალხი ღვთისმოსაობაში განემტკიცებინათ. დაბოლოს, რელიქვიები მიიღეს იმ წმინდა მამათაგან, რომელნიც თურქეთის მიერ კონსტანტინეპოლის აღების შემდეგ მაჰმადიანთა ტირანიისაგან თავის დასაღწევად სამეგრელოში გადაიხვეწნენ და გაიფანტნენ მეზობელ ქვეყნებში. ამბობენ, რომ მაშინ კოლხიდაში ჩამოვიდა ერთი არქიეპისკოპოსი, თან ჩამოიტანა ერთი მტკაველის ოდენა ნაჭერი ძელი ჭეშმარიტისა (ფრანგული ფუტის რვა დიუმზე რამდენადმე დიდი) და კვართი, რომელიც, მათი თქმით, ღვთიმშობელს ეკუთვნოდა; ჩვენს პატრებს უნახავთ ტილო, რომლისაგანაც იგი არის შეკერილი, ყვითელი ფერისაა, აქა-იქ დაჩითულია ყვავილებით და მოქარგულია ნემსით. სიგრძით იგი რვა რომაული მტკაველის ოდენაა, განით კი - ოთხისა, აქვს ერთი მტკაველის სიგრძის მოკლე მკლავები და ვიწყო საყელო. მეც მინახავს იგი ხობის ეკლესიაში, სადაც ის ინახება“.

უაღრესად საყურადღებოდ უნდა მივიჩნიოთ ცნობა, დაცული საანგარიშო მოხსენებაში რუსი ელჩების, ალექსი იევლევისა და ნიკოფორე ტოლჩანოვისა, რომლებიც იმერეთის სამეფო კარზე იმყოფებოდნენ (1650-1652) წლებში. ალექსი იევლევსა და ნიკიფორე ტოლჩანოვს ბერებმა, რომლებიც ათონის მონასტრიდან იყვნენ გამოგზავნილი, უამბეს, რომ სადადიანოში, ხობის მონასტერში ყოფნისას, რომელიც ღვთისმშობლის მიძინების სახელობისაა და მარმარილოს ქვის საყდარია, საბერძნეთის მეფის, ჰერაკლეს მიერ აგებული ძველი დროიდანვე, ყოვლად წმიდა ღვთისმშობლის კვართიაო დაცული, რომელიც კონსანტინეპოლიდან ჩამოუტანია ერთ წიგნების მცველს მაშინ, როდესაც თეოფილე მეფის დროს წმინდა ხატების დევნა მიმდინარეობდა საბერძნეთში. ღვთისმშობლის კვართი ვერცხლის კიდობანში ყოფილა დაცული და საყდრის საკურთხეველთან დადგმული, მთავრის, ლევან დადიანის და კათალიკოსის ბეჭდით დალუქული.

ბევრს ცდილობდნენ რუსი დიპლომატები - ალექსი იევლევი, ფედოტი ელჩინი, პავლე ზახარევი, თვით ივანე მრისხანეც, რომ კვართი სამეგრელოდან რამენაირად გაეტანათ. რუს ელჩებს პირდაპირი მითითებები ჰქონდათ, ყველა ღონე ეხმარათ, მაგრამ სიწმინდის გატანა ვერ შესძლეს.

ალექსი იევლევი აღნიშნავს, რომ მან ღვთისმშობლის კვართის შესახებ ჰკითხა ზაქარია მიტროპოლიტს, უნახავს თუ არა მას ნამდვილად ღვთისმშობლის კვართი. მიტროპოლიტს თურმე მრავალჯერ უნახავს და აღუნიშნავს, რომ იგი წიგნების მცველის მიერ ყოფილა მოტანილი იმ დროს, როცა წმინდა ხატები დევნას განიცდიდნენ საბერძნეთში. „ის ნამდვილად ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის კვართიაო და სნეულის განკურნებაც მისგან ყოფილაო“. თურმე ამ სიწმინდეებთან ერთად აქ ინახებოდა ძელიცხოვლის ნაწილი და სხვა წმინდანთა ნაწილებიც.

ასევე საინტერესოა იტალიელი მისიონერის, დონ კრისტოფორე დე კასტელის ცნობა. იგი აღნიშნავს: „...უფლის დიდი დედა ხოფის მონასტერშია, სადაც ბერძნებმა მოიტანეს (სარკინოზების მიერ) კონტანტინეპოლის აღების შემდეგ“.

ექვთიმე თაყაიშვილი თავის არქეოლოგიურ მოგზაურობაში ხობის ეკლესიაში დაცულ საგანძურთა შორის აღწერს სანაწილე კოლოფს, რომელშიც ინახებოდა ღვთისმშობლის კვართი და სხვა ნაწილები. იგი აღნიშნავს, რომ „წარწერა ეკუთვნის დიდ ლევან დადიანს, მისი მეუღლე ნესტან-დარეჯან ჭილაძის ასული გარდაიცვალა 1639 წელს. მაშასადამე, წარწერა გაკეთებულია 1639-1657 წლებში“.

ცხადია, რომ ზემოთ მოტანილი ცნობები, რომლებიც რუს ელჩებს ადგილობრივმა ინფორმატორებმა მიაწოდეს, საყურადღებოა იმ თვალსაზრისით, რომ ისინი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კვართის საქართველოში მოხვედრის ორ ვერსიას გვაწვდიან: პირველის თანახმად, ის ჩამოიტანეს მე-8 საუკუნეში ბიზანტიის დედაქალაქ კონსტანტინეპოლიდან; მეორეს მიხედვით, კვართი ჩვენში ჩამოტანილ იქნა მე-15 საუკუნეში, კონტანტინეპოლის თურქთაგან დაპყრობის (1453 წ.) შემდეგ. თუ რომელი მოსაზრებაა სწორი, ამას შემდგომი კვლევა წარმოაჩენს.

საქართველოშია ღვთისმშობლის კვართის სარტყელის შუა ნაწილიც, რომელზეც წმინდა მარიამის ხელითაა ამოქარგული მისივე გამოსახულება. ერთ-ერთი ისტორიული წყაროს მიხედვით, იგი ბაგრატ მესამის მეუღლემ, ელენემ წამოიღო ბიზანტიიდან და ბედიის მონასტერში დაასვენა. შემეგ ის დადიანების სასახლეში აღმოჩნდა, საიდანაც ხობის მონასტერში გადაუტანიათ...

ღვთისმშობლის კვართს ბევრი სასწაული უკავშირდება. პირველი სასწაული 632 წელს არის დაფიქსირებული. ცნობილია, რომ მან ორჯერ გადაარჩინა ბიზანტიის დედაქალაქი კონსტანტინეპოლი სარაცინელთა და ეგვიპტელთა შემოსევების დროს. ერთხელ, სარაცინელებს სახელგანთქმული სარდლის მოავიას მეთაურობით 6 დღე ჰქონდათ ალყაში მოქცეული კონსტანტინეპოლი. პატრიარქმა ფოტიმ კვართი გამოიტანა და ზღვას შეახო, ხომალდები აღლევებულმა ტალღებმა შთანთქა.

ერთი სასწაული საქართველოში 1891 წელს დაფიქსირდა. ყაჩაღებმა ხობის მონასტრიდან კვართი გაიტაცეს. ისტორიულ წყაროებში წერია, რომ საძებნად მთელი ხობი და სამეგრელო ფეხზე დამდგარა, მაგრამ ამაოდ. ბოლოს, 3 დღის შემდეგ, უეცრად კვართი ცისკრის ვარსკვლავით განათებულ ადგილას იპოვეს. სიწმინდე მონასტერში დააბრუნეს.

ზუსტად 2000 წლის მიჯნაზე ახალი სასწაული მოხდა. კვართზე იესო ქრისტეს გამოსახულება გამოჩნდა. მისი დანახვა მხოლოდ კინოობიექტივიდან გახდა შესაძლებელი. ის სტუდია „მემატიანის“ ოპერატორებმა - გურამ როგავამ და დავით ასათიანმა აღმოაჩინეს. ქრისტიანულ სამყაროს მაცხოვრის სამი ხელთუქმნელი გამოსახულება აქვს: ერთი - პირსახოცზე, სახეზე დაფარებისას აღბეჭდილი გამოსახულება, მეორე - ტურინის სუდარისეული და მესამე - ზუგდიდის კვართზე გამოჩენილი ხატი. სამოსელზე იესოს გამოსახულება ადამიანის ხელით შექმნილი რომ ყოფილიყო, ის შეუიარაღებელი თვალისთვისაც შესამჩნევი გახდებოდა.

ღვთისმშობლის კვართზე იესოს გამოსახულების დაფიქსირების შემდეგ ინტერესი და ლტოლვა სიწმინდის სანახავად დღითიდღე იზრდება. აქ მოდიან უკურნებელი სენით შეპყრობილი ადამიანები. ჩამოდიან უცხოელებიც, რომელთაც სურთ საკუთარი თვალით იხილონ სამოსელი, რომელიც ქრისტეშობის ღამეს მარიამ ღვთისმშობელს უნდა სცმოდა... რაღაცით თავს გამორჩეულად მიიჩნევენ ზუგდიდელებიც, რომელთაც ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაშივე ერგოთ ასეთი ხვედრი...

გამოყენებული ლიტერატურა:
ლილი ბერაია „ზუგდიდის ისტორიულ მუზეუმში დაცული
ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის კვართი და წმიდა ნაწილები“, ზუგდიდი, 2000 წ.
გაზეთი „კვრის პალიტრა“, 4-10 სექტმბერი, 2000 წ.
http://www.orthodoxy.ge

თავი IV. პირველი სიძნელეები, პრობლემები და მათი გადაჭრის გზების ძიება

XX საუკუნის 70–იან წლებში საქართველო საბჭოთა კავშირის ერთ–ერთი მოკავშირე რესპუბლიკა იყო. გარეგნულად სუვერენული, თავისუფალი რესპუბლიკა რეალურად მკაცრად ცენტრალიზებული მმართველობის სისტემით  ხასიათდებოდა. ადგილობრივი მარიონეტული ხელისუფლება - საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოსა და საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს სახით - მოსკოვთან შეუთანხმებლად ვერც ერთი საკითხის გადაწყვეტას ვერ ახერხებდა. ქვეყანა აშენებდა ე.წ. "განვითარებულ სოციალიზმს". გაბატონებული იდეოლოგია იყო მარქსიზმ–ლენინიზმი. საზეიმო მსვლელობები იმართებოდა 1 მაისს, მშრომელთა სოლიდარობის დღეს, და 7 ნოემბერს, რუსეთის ხელისუფლებაში ბოლშევიკების მოსვლის "ისტორიული" დღის აღსანიშნავად. საზეიმოდ აღინიშნებოდა ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების დღე, 9 მაისი, და საბჭოთა კავშირის კონსტიტუციის მიღების დღე, 5 დეკემბერი.

ის ადამიანები, რომელთაც ახსოვდათ 1918–1921 წლების საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკა, ან ემიგრაციაში იმყოფებოდნენ, ან, 20–50–იანი წლების დაუნდობელ ანგარიშსწორებას გადარჩენილნი, ოცნებასაც ვერ ბედავდნენ თავისუფალ საქართველოზე. საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობა ამაყად აცხადებდა, რომ ქვეყანაში დაძლეული იყო "წარსულის მავნე გადმონაშთები", მოსახლეობის რელიგიურობა. ახალი იდეოლოგიური წნეხის პირობებში გაიზარდნენ თაობები, რომელთა მეხსიერებიდან ცდილობდნენ ამოეშალათ ისტორიული წარსული, ქართული ეროვნული ცნობიერება, სახელმწიფოებრიობისა და ქრისტიანული სარწმუნოებისადმი ერთგულება; საშუალო სკოლებიდან და უმაღლესი სასწავლებლებიდან განდევნილ იყო საქართველოს ისტორიის სწავლება, ახალგაზრდებისათვის გაუცხოებული იყო XIX–XX საუკუნეების სახელმწიფოებრივი და სარწმუნოებრივი თავისუფლებისათვის მებრძოლ წინაპართა - სოლომონ II–ის, ალექსანდრე ბატონიშვილის, სოლომონ ლეონიძის, ფილადელფოს კიკნაძის, დოსითეოზ ქუთათელის, ექვთიმე გაენათელის, სპირიდონ კედიას, ნოე რამიშვილის, ნოე ჟორდანიას, კოტე აფხაზის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის, გრიგოლ ლორთქიფანიძის,  უწმიდესი ამბროსის, მიტროპოლიტ ნაზარის, ზურაბ ავალიშვილის, გრიგოლ რობაქიძის, ვიქტორ ნოზაძისა და სხვათა სახელები. XIX საუკუნის ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობა სოციალურ მოძრაობად მოინათლა. ქვეყანაში გაბატონებული იყო რუსული ენა და იდევნებოდა ქართული, გარუსება _  ინტერნაციონალიზმად, ხოლო საქართველოს ისტორიის, ქართული ენის უფლებებისათვის ბრძოლა ნაციონალიზმად ცხადდებოდა, მკაცრი ცენზურა იყო ყველა სფეროში. მიუხედავად ასეთი რთული ვითარებისა, საბჭოთა პოლიტიკური სისტემის კრიზისი აშკარა იყო. იოსებ სტალინის გარდაცვალების შემდეგ (1953 წლის 5 მარტს), რომელიც საბჭოთა პოლიტიკური სისტემის სტაბილურობის გარანტი იყო 31 წლის განმავლობაში, კიდევ უფრო გართულდა ვითარება. ქვეყნის სათავეში მოსულმა ახალმა ხელმძღვანელობამ, ნიკიტა ხრუშჩოვის მეთაურობით, 1956 წლის საგანგებო დადგენილებით დაგმო იოსებ სტალინის პიროვნების კულტი და 20–50–იანი წლების რეპრესიები მხოლოდ მას დააბრალა. ნ. ხრუშჩოვს ამ ნაბიჯით სისტემის გადარჩენა სურდა, მაგრამ მოხდა პირიქით, დაჩქარდა საბჭოთა პოლიტიკური სისტემის ნგრევის პროცესი. 1956 წლის 9 მარტს თბილისში მშვიდობიანი მანიფესტაციის ბარბაროსულმა დარბევამ, სისხლიანმა ანგარიშსწორებამ ქართულ საზოგადოებაში აზროვნების წესის შეცვლა დააჩქარა, საქართველოს სახელმწიფოებრივი თავისუფლების მივიწყებული იდეა გამოაცოცხლა, კომუნისტური სისტემის კრიტიკა, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა გახდა ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობის მთავარი მიზანი.

XX საუკუნის 60–70–იან წლებში ეს მოძრაობა საბჭოთა იდეოლოგებისა და მისი სპეცსამსახურებისათვის დისიდენტურ (სხვაგვარად მოაზროვნეთა) მოძრაობად მოინათლა. დისიდენტური მოძრაობისათვის საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიაში მომხდარი ცვლილებები, ახალგაზრდა, განათლებული კათოლიკოს–პატრიარქის მოსვლა იყო დიდი სიხარულისა და იმედების მომცემი, ამიტომ ქართველი მამულიშვილები უყოყმანოდ დადგნენ უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის, ილია II–ის გვერდით. პატრიარქი შინაგანად ეროვნულ–განმათავისუფლებელი იდეალების ერთგული იყო. ამის დასტურია საქართველოს საპატრიარქოს არქივში, მისი უწმიდესობის სტუდენტობისდროინდელ საარქივო მასალებში, ახალგაზრდა მღვდელმონაზონ ილიას მიერ ლამაზად გადაწერილი მემორანდუმის ტექსტი, რომლითაც 1922 წელს უწმიდესმა და უნეტარესმა ამბროსი ხელაიამ მიმართა გენუის საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს. გარდა ამისა, ჩვენი სახელოვანი პატრიარქი ახალგაზრდობიდანვე ხშირად იხსენებდა უწმიდესსა და უნეტარეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქ ანტონ II–ს: "ახლა თვალწინ მყავს წარმოდგენილი კათოლიკოს–პატრიარქი ანტონ II ერეკლეს ძე, მაგონდება მისი ტირილი და გოდება დაობლებულ საქართველოზე, იგი იმედდაკარგული და დამწუხრებული რწყავდა რუსეთის მიწას თავისი მდუღარე ცრემლებით."[27, 2, 1004] - წერდა თავის დღიურში მღვდელმონაზონი ილია.

უწმიდესი და უნეტარესი ილია II-ის სიტყვა, დარბაზობაზე თქმული 1977 წლის 25 დეკემბერს, კარგი გზავნილი იყო თავისუფლების იდეალების ერთგული თანამემამულეებისათვის. ასეთ ვითარებაში დაიწყო უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ილია II–ის მოღვაწეობა. ერთ-ერთმა სასულიერო პირმა უწმიდესსა და უნეტარეს ილია II-ს მიმართა, რომ მან სუდარაგადაფარებული ეკლესია ჩაიბარა. ვითარება იყო მძიმე, მაგრამ არა უიმედო. ამ დროს მცხეთა–თბილისის ეპარქიაში მოქმედი იყო მცხეთის სვეტიცხოველი, სამთავროსა და ოლღას მონასტრები, თბილისის სიონი, ქაშუეთის წმიდა გიორგის, დიდუბის ღვთისმშობლის, კუკიის წმიდა ნინოს, მთაწმინდის მამა დავითის, სამების, ალექსანდრე ნეველის, მიხეილ ტვერელის, იოანე ღვთისმეტყველის, წმიდა ბარბარეს ეკლესიები. არ ფუნქციონირებდა ანჩისხატის, კარის, ფერისცვალების, წმიდა ნიკოლოზის, მეტეხის ღვთისმშობლის, ვერის ეკლესიები; ნაძალადევში, ივერიის ღვთისმშობლის ეკლესიაში, ჰიგიენის სახლი (აბანო) იყო გახსნილი. ეკლესიას არ ჰყავდა მრევლი, თითქმის არ არსებობდა ქართულენოვანი სასულიერო წიგნები, ქართული ხატები, ჯვრები, შემცირებული იყო მგალობელთა გუნდები. წმიდა სინოდის წევრი ექვსი მღვდელმთავრის ასაკი მერყეობდა 70-90 წლებს შორის,  ხანდაზმული იყო სასულიერო პირთა უმრავლესობაც. პირველ ხანებში პატრიარქის შემმოსველნი ალექსანდრე ნეველის ეკლესიიდან მოსული რუსი სტიქაროსნები იყვნენ. უწმიდესი და უნეტარესი ილია II სიონის საპატრიარქო ტაძარში შეკრებილ ხალხს, რომელიც ჯერ მრევლი არ იყო, ასწავლიდა,  როგორ უნდა ელოცათ, რომელი ლოცვები უნდა ესწავლათ, როგორ უნდა გადაეწერათ პირჯვარი, რატომ იყო აუცილებელი წირვა–ლოცვაზე ბოლომდე დასწრება, რატომ უნდა დაეცვათ მარხვა, ეთქვათ აღსარება და მიეღოთ წმიდა ზიარება, რატომ იყო ტაძარში საჭირო სიწყნარე წირვა–ლოცვის დროს, რატომ იყო აუცილებელი ტაძარში სალოცავად მოცული ქალისთვის თავსაბურავით ყოფნა... ადამიანები გაუბედავად, მაგრამ მაინც მოდიოდნენ ეკლესიაში და ერთფეროვანი ცხოვრებიდან უეცრად სხვა სამყაროში გადმოდიოდნენ, სადაც აფორიაქებულნი სულიერ სიმშვიდეს პოულობდნენ, ცხოვრებაზე ხელჩაქნეულნი იმედით აღივსებოდნენ. საოცარი სანახავი იყო ორშაბათს, სამშაბათს, შაბათს და კვირას სიონის საპატრიარქო ტაძარი. ახალგაზრდები სასოებით შეჰყურებდნენ თავიანთ სულიერ წინამძღოლს, წირვა–ლოცვის დამთავრების შემდეგ ნელა მიუყვებოდნენ ლესელიძის, ერეკლე II –ის ქუჩებს, რუსთაველის გამზირს.

პატრიარქმა პირველ საახალწლო ეპისტოლეში ამ სიტყვებით მიმართა ქართველს ხალხს: "სარწმუნოება – ეს ნათელია მშვიდობის გზაზე, სარწმუნოება თავადაა მშვიდობა და სასოება მარადიული, სარწმუნოება წყარო არის სიყვარულისა, რომელიც ამაღლებს კაცის გულსა და გონებას. იგი ხიდი არის,  მიწიდან ცისკენ მიმავალი. დადექით მტკიცედ ამ ხიდზე... ჩვენ სიხარულით ვუჩვენებთ ყველას ამ ხიდისაკენ მიმავალ გზას, იმ საქმეთა ნუსხას, რომელიც უნდა აკეთოს მარადიულობისაკენ ამ ხიდით მიმავალმა ადამიანმა, მივუთითებთ ბედნიერების იმ ჭეშმარიტ წყაროზე, საიდანაც უნდა სვას სულისა და ხორცის მასაზრდოებელი ცხოველმყოფელი წყალი, დავეხმარებით სულიერი ამაღლების გზით იხილოს ის ნათელი, რომელიც მზისგან კი არ მოდის, არამედ რომლისგანაც მზემ მიიღო ნათელი თავად."[33, I, 337-338]

კომუნისტური იდეოლოგიისაგან სულშეხუთული ხალხისათვის, რომელსაც მიწიერ სამოთხეს ჰპირდებოდნენ, ეს იყო სრულიად ახალი. ადამიანები თანდათან დაუბრუნდნენ თავიანთი წინაპრების მიერ სისხლითა და თავგანწირვით შენარჩუნებულ ქრისტიანულ სარწმუნოებას, ნომინალური მორწმუნეებიდან ჭეშმარიტ მორწმუნეებად გადაიქცნენ. საერო ცხოვრებაში სამშობლო, მისი ისტორიული გმირები, მშობლიური ენა დავიწყებას ეძლეოდა. საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მეთაური კი მათი არდავიწყებისაკენ მოუწოდებდა მრევლს: "როცა გადავხედავთ ჩვენს წარსულს, გვაოცებს, თუ ამდენ წინააღმდეგობაში ვით შეინარჩუნა ქართველმა ხალხმა თავისი ენა, ქრისტიანული სარწმუნოება და კულტურა, როგორ არ მოისპო ეს ყველაფერი და ვით გაუძლო ჟამთან ჭიდილს. ჩვენი დღემდე არსებობის და სულიერი სიმტკიცის საიდუმლოება ქრისტიანულ სარწმუნოებაში მდგომარეობს... წმიდა ნინო, დავით აღმაშენებელი, თამარ მეფე, დიდი რუსთაველი, დიმიტრი თავდადებული, სირიელი მამები, თორნიკე ერისთავი; მეფე–მოწამენი: არჩილი და ლუარსაბი; სჯულისათვის თავდადებულნი: დედოფალი ქეთევანი, მღვდელი თევდორე, გმირნი მარაბდელნი, დავით გურამიშვილი, 300 არაგველი, ექვთიმე თაყაიშვილი, ილია ჭავჭავაძე; კათოლიკოს–პატრიარქნი: კირიონი, ამბროსი, კალისტრატე და მრავალი სხვა მნათობნი და სვეტნი არიან საქართველოსი... ჩვენ უნდა ვიყოთ განმგრძელებელნი იმ დიდი საქმისა, რასაც შეეწირნენ ისინი."[33, I, 343]. ოფიციალური ხელისუფლებისა და მისი იდეოლოგიისათვის სრულიად მიუღებელი იყო წარსულის, აწმყოსა და მომავლის ასეთი ხედვა. თუ საქართველოს წარსულიდან ამ დიდებული ადამიანების მაგალითებს წინ წამოვწევდით, აღარ რჩებოდა ადგილი იოსებ სტალინის, სერგო ორჯონიკიძის, კამოს (ტერ–პეტროსიანის), ფილიპე მახარაძის, ლევან ღოღობერიძის, მიხეილ კალინინის, სერგეი კიროვის, ალექსანდრე ჟდანოვის, კომპარტიის სხვა ბელადთა ცხოვრების შესწავლისათვის, რომელთა შრომებსა და "საგმირო საქმეებზე" მოგვითხრობდნენ სავალდებულო პოლიტ–სემინარებზე, კომპარტიის ისტორიის ლექციებზე.

1978 წლის აპრილის დასაწყისში საქართველოში დიდი მღელვარება გამოიწვია საქართველოს სსრ ახალი კონსტიტუციის პროექტის განხილვამ. ახალ პროექტში, მოსკოვის მითითებით, ამოღებულ იქნა ის მუხლი, რომელიც საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის სახელმწიფოებრივ სტატუსს აკანონებდა. სხვადასხვა ორგანიზაციაში საქართველოს სსრ ახალი კონსტიტუციის პროექტის განხილვა არსებული პოლიტიკური სისტემის მძაფრ კრიტიკაში გადაიზარდა.

ამ დროს ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობის ახალგაზრდული ბირთვი, ზ. გამსახურდიას, მ. კოსტავას, გ. ჭანტურიას, მ. გიორგაძის, თ. ჩხეიძის, ზ. ჭავჭავაძის სახით, სიონის საპატრიარქო ტაძრის მრევლი იყო. ხელისუფლება გრძნობდა, რომ საქართველოში ქართული ენის დასაცავად გამოსული ადამიანების ძლიერი მოკავშირე იყო საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია.

გათენდა 1978 წლის 14 აპრილი. დილის 9 საათზე თბილისის უნივერსიტეტის ეზოში ათასობით სტუდენტი შეიკრიბა და დაიძრა რუსთაველის გამზირისაკენ, მთავრობის სასახლისაკენ, სადაც საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს საგანგებო სესიას უნდა დაემტკიცებინა საქართველოს სსრ ახალი კონსტიტუცია. ახალგაზრდები მოითხოვდნენ ქართული ენის სახელმწიფო ენად გამოცხადებას. მელიქიშვილის ქუჩაზე უნივერსიტეტის სტუდენტებს შეუერთდნენ თბილისის სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები, ინტელიგენციის წარმომადგენლები; ფილარმონიასთან მათ გაარღვიეს მილიციის კორდონი, მეორე წინააღმდეგობა დაძლეულ იქნა რუსთაველის ძეგლთან, ათასობით დემონსტრანტი სკანდირებით: "საქართველო", "სამშობლო", "დედა ენა" –მთავრობის სახლთან მივიდა... ქუჩებში დაძაბულობა იგრძნობოდა, ბრეზენტგადახურულ მანქანებში სამხედრო ტექნიკა, ჯარი იდგა... უფროსი თაობა ტიროდა, მათ ახსოვდათ 1956 წლის 9 მარტი და ეშინოდათ მისი განმეორებისა...

ვეებერთელა საბჭოთა იმპერიაში ეს იყო უპრეცედენტო შემთხვევა. მოსკოვი იძულებული გახდა, უკან დაეხია, საქართველოს სსრ კონსტიტუციის 75–ე მუხლით საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში ქართული ენა სახელმწიფო ენად დაკანონდა. ეს იყო დიდი გამარჯვება და სიხარული. დემონსტრანტები სიონის საპატრიარქო ტაძრისაკენ დაიძრნენ. ამ დროს კი საქართველოს საპატრიარქო (დღემდე დაუდგენელია მიზეზები) ხანძრის ალში იყო გახვეული. ხანძრის შედეგად დაიწვა ვერცხლის ხატი, XVII საუკუნის წმიდა ნინოს ხატი, წმიდა ნიკოლოზის ხატი, 4 სამღვდელმთავრო კვერთხი, ბარძიმ–ფეშხუმები, მუხის კანკელი, მაგიდა, სკამები; კათოლიკოს–პატრიარქების - კირიონ II-ის, ლეონიდეს, ამბროსის, ქრისტეფორეს, კალისტრატეს, მელქისედეკის, ეფრემ II-ის, დავით V-ის - სურათები (ორიგინალები). პატრიარქი გადარჩა... მისი უწმიდესობა თითქმის ერთი წელი რეზიდენციის გარეშე იყო, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია მისთვის, კვლავ ჩვეული შეუპოვრობით გაეგრძელებინა საქმიანობა.

საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიას 1917 წელს ჰქონდა ოფიციალური საინფორმაციო ორგანო - ჟურნალი "სვეტიცხოველი", რომელიც მალე დაიხურა. უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქების - ამბროსის, ქრისტეფორეს, კალისტრატეს, ეფრემისა და დავითის - სურვილი, საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიას ჰქონოდა თავისი საინფორმაციო ჟურნალი, მრავალი  დაბრკოლებისა და წინააღმდეგობის გამო განუხორციელებელ ოცნებად დარჩა.

1978 წელს, უწმიდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ლოცვა–კურთხევით, გამოვიდა ფერადი ილუსტრირებული ჟურნალი "ჯვარი ვაზისა". თავდაპირველად განზრახული იყო, ჟურნალი ყოველთვიური ყოფილიყო, მაგრამ ხელისუფლების მძაფრი წინააღმდეგობის გამო გადაწყდა ყოველწლიურად ორი ნომრის გამოშვება. ჟურნალს უნდა გაეშუქებინა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ისტორია, წმიდა სინოდის სხდომები, თეოლოგიის, მართლმადიდებელ ეკლესიებთან ურთიერთობის საკითხები. ჟურნალს აგრეთვე ჰქონდა  რეზიუმეები ინგლისურ და რუსულ ენებზე. ოცდაათი წლის მანძილზე ჟურნალის უცვლელი რედაქტორია ქალბატონი თინათინ კობალაძე. "ჯვარი ვაზისას" 1978 წლის პირველი ნომერი მთლიანად მიეძღვნა საქართველოს მე-12 საეკლესიო კრებას, უწმიდესისა და უნეტარესი ილია II-ის აღსაყდრებას. შეზღუდული ტირაჟის გამო სიონის საპატრიარქო ტაძარში სპეციალურ მაგიდაზე ეწყო ჟურნალის ნომრები და მკითხველები იწერდნენ მათთვის საინტერესო სტატიებს.

პირველ ხანებში ყოველდღიური ლოცვები, ფსალმუნები მორწმუნე მრევლს ხელით ჰქონდა გადაწერილი. 1978–1979 წლებში ეს ლოცვები დაიბეჭდა, მაგრამ მოთხოვნილება იმდენად დიდი იყო, რომ ისინი ბიბლიოგრაფიულ იშვიათობად იქცა. უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა–კურთხევით, 1978–1987 წლებში საეკლესიო კალენდარში იბეჭდებოდა ყოველდღიური ლოცვები და ფსალმუნები. უნიკალური ქართული ანბანი - ასომთავრული და ნუსხახუცური - მხოლოდ სპეციალისტებისა და ღვთისმსახურებისათვის იყო გასაგები. ხალხი დაშორებული იყო ძველ ქართულ ტექსტებსა და დამწერლობას. "ქართველ მრევლში იშვიათად თუ მოიძებნება ადამიანი, – მიმართა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II–მ მრევლს, - რომელსაც შეეძლება მედავითნეობა გაუწიოს მოძღვარს... ვთხოვ ქართველ მორწმუნეთ, გამოიჩინონ სიბეჯითე და გულმოდგინება, შეისწავლონ ასომთავრული და ხუცური დამწერლობა, არ მოშალონ ხიდი, გადებული სახელოვან წარსულსა და ბედნიერ მომავალს შორის."[33, I, 47]. სულ მალე ეკლესიებში გამოჩნდა ასომთავრულით და ნუსხახუცურით დაწერილი ყოველდღიური ლოცვები, ფსალმუნები. ქართველი მორწმუნეებისათვის ასომთავრული და ნუსხახუცური ანბანი ახლობელი და გასაგები გახდა...

საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია, ოფიციალური ხელისუფლების წინააღმდეგობის მიუხედავად, იძულებითი იზოლაციიდან გამოდიოდა. 1978 წლის 24 ნოემბერს ცნობილმა ქართველმა კინორეჟისორმა რევაზ თაბუკაშვილმა იტალიიდან გადმოასვენა 1911 წელს ქ. ჩივიტავეკიაში სხვის გადასარჩენად ზღვაში დაღუპული დიდი ქართველი მეცნიერის, მიხეილ თამარაშვილის, ნეშტი. 26 ნოემბერს, კვირას, ხელოვნების მუზეუმის დარბაზში გაიმართა სამოქალაქო პანაშვიდი, რომელსაც ათასობით ქართველი დაესწრო. პანაშვიდზე მობრძანდა უწმიდესი და უნეტარესი ილია II. მისმა უწმიდესობამ დიდუბის პანთეონში წარმოთქმულ სიტყვაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისტორიულად ქართველი ერი და საქართველოს ეკლესია მუდამ ერთად იდგა და ასე იქნება მომავალშიც. ეს იყო საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მეთაურის ხალხში გასვლის პირველი წარმატებული ნაბიჯი... ბევრ ადამიანზე პატრიარქის უშუალობამ, სიწმიდემ ისე იმოქმედა, რომ ეკლესიას მიაშურა. სულ მალე სიონის საპატრიარქო ტაძარში გამოჩნდა ქართული ხატები, ჯვრები. უწმიდესის ლოცვა–კურთხევით, მხატვარმა ალექსანდრე ბანძელაძემ დაიწყო დიდუბის ღვთისმშობლის ეკლესიის მოხატვა. 1979 წელს სიონის საპატრიარქო ტაძარში გამოჩნდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის, მაცხოვრის, წმიდა ნინოს, წმიდა გიორგის, წმიდა კეთილმსახურ თამარ მეფის, წმიდა ქეთევან წამებულის, ღირსი მამა იოანე ზედაზნელის, წმიდა მოწამეების - დავითისა და კონსტანტინეს - ახალი ხატები.

1978 წლის ზაფხულში, როდესაც საქართველოში უწმიდესისა და უნეტარესი ილია II–ს მოწვევით სტუმრად ჩამობრძანდა ათონის მთის გუბერნატორი, დოქტორი დიმიტრიოს ცამისი, პატრიარქმა ოფიციალურ ხელისუფლებას აცნობა, რომ აუცილებელი იყო, საპატიო სტუმარი მიეწვიათ თბილისის უნივერსიტეტში, კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტში, სახელმწიფო მუზეუმში. ხელისუფლება იძულებული გახდა, დასთანხმებოდა, რამაც უწმიდესსა და უნეტარესს საშუალება მისცა, შეხვედროდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ–მასწავლებლებს, სტუდენტებს, სტუმრისათვის დაეთვალიერებინებინა საქართველოს ისტორიის კაბინეტი, სადაც მათ ესაუბრა საქართველოს ისტორიის კათედრის გამგე, პროფესორი მარიამ ლორთქიფანიძე. ხელნაწერთა ინსტიტუტისა და სახელმწიფო მუზეუმის თანამშრომლები პირველად შეხვდნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქს, რომლისადმი პატივისცემა, სიყვარული და ავტორიტეტი ყოველდღიურად იზრდებოდა ქართველ ხალხში.

საქართველოს მართლმადიდებელმა სამოციქულო ეკლესიამ, საერო ხელისუფლების ღონისძიებათა პარალელურად, აღნიშნა იაკობ ხუცესის მიერ წმიდა შუშანიკის წამების აღწერიდან 1500 წლისთავი, პატრიარქის ლოცვა–კურთხევით დაიწერა წმიდა შუშანიკის ხატი. ეკლესიამ  ხელისუფლებას მოსთხოვა, გადმოეცა მისთვის მეტეხის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი, სადაც არის წმიდა შუშანიკის საფლავი და იმხანად კი ახალგაზრდული თეატრი იყო განთავსებული.

ყოველი მართლმადიდებელი ავტოკეფალიური ეკლესიისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს წმიდა მირონის მომზადებას. საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია VIII საუკუნიდან ამზადებს წმიდა მირონს. მირონის მომზადება საზეიმო ვითარებაში ხდება სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში. ბოლშევიკური მმართველობის პერიოდში მირონის მომზადება მოკრძალებულად აღინიშნებოდა, ამიტომ ვრცელდებოდა ხმები, თითქოს მირონი სხვა ქვეყნიდან შემოჰქონდათ.

1978 წელს, უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ლოცვა–კურთხევით, განსაკუთრებულად საზეიმო ვითარებაში მომზადდა წმიდა მირონი. საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მცხეთაში ჩამოსულ ათასობით მორწმუნეს შეეძლო თვითმხილველი ყოფილიყო მართლმადიდებელი სამოციქულო ავტოკეფალიური ეკლესიის წიაღში მირონის კურთხევის მსახურებისა. ორი კვირის მანძილზე სადღეღამისო წირვა–ლოცვა არ წყდებოდა სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში. გაიფანტა უაზრო ჭორები. მომზადებული მირონი მოათავსეს საგანგებო ჭურჭელში. უწმიდესისა და უნეტარესის მანქანა, რომელსაც მართავდა პროტოდიაკონი ღვთისო შალიკაშვილი, თბილისისაკენ დაიძრა. მანქანაში წმიდა მირონით სავსე ჭურჭელიც იყო მოთავსებული. მანქანამ გაიარა რამდენიმე კილომეტრი და ამოტრიალდა. თანმხლები მანქანებიდან თავზარდაცემული გადმოვიდნენ წმიდა სინოდის წევრები, სამღვდელოება, მორწმუნე მრევლი. დამტვრეული მანქანიდან უვნებელი გადმოვიდა მისი უწმიდესობა, წმიდა მირონის ჭურჭელიც დაუზიანებელი იყო. რომ არა ღვთის ნება, ყველაფერი სხვაგვარად დასრულდებოდა.

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი გრძნობდა, რომ აუცილებელი იყო, ქართველი ხალხის გარკვეულ ნაწილში კომუნისტური ხელისუფლების მიერ ეკლესიებზე შექმნილი სტერეოტიპი "ისტორიული კულტურის ძეგლისა" გაეფანტა და მისი ნამდვილი დანიშნულება მკაფიოდ და ნათლად განემარტა. "ტაძარი ადგილია ადამიანის ეკლესიური კურთხევისა, – აღნიშნავდა მისი უწმიდესობა, – კარიბჭეა მარადიულობისა, სავანეა ღვთისა; აქაური მადლმოსილი გარემო აღაზევებს, აკეთილშობილებს სულს, განწმედს და განათავისუფლებს ცოდვებისაგან, ტაძარი ოაზისია, რომელშიც ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ორომტრიალით, ღელვით და ამაოებით დაცლილი სული შინაგან მშვიდობასა და სიწყნარეს პოვებს."[33, I, 48].

ოფიციალურმა ხელისუფლებამ რელიგიურ დღესასწაულებს დაუპირისპირა ე.წ. სახალხო "დავით გარეჯობა", "მცხეთობა", "ალავერდობა", "თელეთობა". მთელი დღის განმავლობაში შეზარხოშებული ხალხი ზურნა–დუდუკის ფონზე წმიდა ტაძრების ეზოებში რაღაცას ზეიმობდა, თუ რას, ვერც ერთი მოზეიმე ვერ იტყოდა. უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1978 წლის სექტემბერში კახეთში გაემგზავრა ალავერდობაზე. ახმეტის პარტიულმა ხელმძღვანელობამ სცადა, ათასობით მორწმუნისათვის გზა გადაეღობა, მაგრამ უშედეგოდ. ეს იყო პირველი ალავერდობა, რომლის დროსაც საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი და წმიდა სინოდის წევრები აღასრულებდნენ ღვთისმსახურებას. საოცარი ვითარება იყო. წარმართულ–გახალხურებული დღესასწაული თავის ნამდვილ სახეს იბრუნებდა. ასე მოხდა თელეთში, მცხეთაში, ლომისაზე. ეს იყო ქართველი ხალხის ქრისტიანული რწმენისკენ შემობრუნების რთული, მაგრამ შეუქცევადი პროცესის დასაწყისი.  ოფიციალური ხელისუფლების მცდელობა, საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია საზოგადოებისაგან იზოლირებული დარჩენილიყო, სრული კრახით დამთავრდა. უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II–მ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ახალგაზრდობას. კომუნისტურ–კომკავშირული პროპაგანდით სულშეხუთულმა ახალგაზრდებმა სულის სიმშვიდე, სამშობლოს ინტერესების დაცვის, წინაპართა ტრადიციების პატივისცემის ძალა ეკლესიაში იპოვეს.

1978 წლის 6 მარტს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ოფიციალური დელეგაცია მოსკოვიდან თბილისში ბრუნდებოდა. მოსკოვის აეროპორტში ქართულად ხმამაღლა ნათქვამმა სიტყვამ პატრიარქი მოაბრუნა. "უწმიდესო, – მიმართა უცნობმა ახალგაზრდამ, დაიჩოქა მის წინ და წერილი გადასცა, - სულ ორი თვე გავიდა თქვენი კურთხევიდან და სასახელოდ გაუძელით დიდ გამოცდას. თქვენი ყოველი წირვა, ყოველი ქადაგება ჩვენს გულს მალამოდ ეცხება. სიონი ჩვენი სულისა და გონების წმიდა ტაძარია, აკადემიაა, რომელშიც ადამიანი არა მარტო გონების საზრდოს იღებს, არამედ - სულიერ საზრდოსაც. თქვენ ხართ ის სულიერი მოძღვარი, რომელმაც ბევრი გზასაცდენილი ადამიანი მოაქციეთ; იმედი გქონდეთ, ქართველი ახალგაზრდები მუდამ მხარში ამოგიდგებით."[27, 2254].  ეს გულახდილი წერილი-აღსარება ადასტურებდა უწმიდესისა და უნეტარესის მიერ გადადგმული პირველი ნაბიჯების სისწორეს.

საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მეთაურმა მჭიდრო თანამშრომლობა დაიწყო ქართული მეცნიერებისა და კულტურის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან. ათეისტურ ეპოქაში აღზრდილ ადამიანებს იგი მინიშნებით ასწავლიდა სასულიერო პირებთან ურთიერთობის ნიუანსებს. უწმიდესი და უნეტარესი ილია II დაესწრო კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში სპექტაკლ "შთამომავლობას". სპექტაკლში შთამბეჭდავი სახე შექმნა დიდმა ქართველმა მსახიობმა ვერიკო ანჯაფარიძემ. სპექტაკლის დასასრულს მისმა უწმიდესობამ დალოცა მსახიობები. აღფრთოვანებულმა ვერიკო ანჯაფარიძემ ასე მიმართა მის უწმიდესობას:

– არც კი ვიცი, როგორ უნდა მოგმართოთ. ჩემთვის განსაკუთრებით ახლობელი გახდით ჩემი დიდი ოჯახური ტრაგედიის შემდეგ. (შვილის გარდაცვალების შემდეგ პატრიარქმა დიდ მსახიობს ურჩია, დიდი რწმენა გადაგალახვინებს დიდ მწუხარებასო).

უწმიდესმა დალოცა სუხიშვილების ანსამბლი, ანსამბლი "რუსთავი"...

უწმიდესისა და უნეტარესის, საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტორიტეტის ამაღლების, ქვეყანაში მოსახლეობის რელიგიურობის გაზრდის ფონზე ოფიციალური სახელისუფლებო სტრუქტურები ფიქრობდნენ,  როგორი უნდა ყოფილიყო მათი ანტირელიგიური მუშაობის სტრატეგია და ტაქტიკა. ამ მიზნით რეკომენდაციების შემუშავება დაევალა საქართველოს იდეოლოგიურ მუშაკთა საგანგებო ჯგუფებს, რომელთაც 1979–1984 წლებში შეკრებები გამართეს მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში. გამომსვლელთა უმრავლესობა ცდილობდა, ოპონირება გაეწია საქართველოს ისტორიის საღვთისმეტყველო კონცეფციისათვის, დაეგმო ახალგაზრდობის დიდი ნაწილის ეკლესიისაკენ ლტოლვა. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, შექმნილიყო კომკავშირული შტაბები, რომელნიც საეკლესიო დღესასწაულების დროს ეკლესიებში მოსულ ახალგაზრდებს გამოავლენდნენ და ფართო "ახსნა–განმარტებით სამუშაოებ" ჩაატარებდნენ. ხელისუფლების მითითებით, სახელმწიფო სამსახურში მყოფ ადამიანებს სამსახურიდან გაშვებით, ხოლო უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს _ სასწავლებლიდან გარიცხვით ემუქრებოდნენ. ოფიციალურ ხელისუფლებას საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიაზე ზემოქმედებისათვის შექმნილი ჰქონდა საგანგებო სახელმწიფო სტრუქტურა საბჭოთა კავშირის რელიგიის საქმეთა კომიტეტის სახით, რომელიც 1943 წელს, ხოლო მისი ფილიალი - საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული მართლმადიდებელი ეკლესიის რწმუნებულის თანამდებობა - 1947 წლის 22 აგვისტოს დაფუძნდა მთავრობის დადგენილების საფუძველზე. რწმუნებულთა აპარატს ევალებოდა საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიასა და საქართველოს მთავრობას შორის ურთიერთობის კოორდინაცია, სასულიერო პირთა აღრიცხვა, მოქმედი ეკლესიების რეგისტრაცია, საბჭოთა კანონმდებლობით რელიგიური ორგანიზაციებისათვის მინიჭებულ უფლებათა დაცვა. რწმუნებულთა სამოქალაქო სამსახურის უკან საბჭოთა კავშირის უშიშროების განყოფილება იდგა, რომელიც მკაცრად აკონტროლებდა ეკლესიის საქმიანობას.

1947 წლიდან 1990 წლამდე საქართველოში რელიგიის საქმეთა რწმუნებულები იყვნენ: კ. ქადაგიშვილი, მ. ბუჯიაშვილი, მ. მექვაბიშვილი, დ. ენუქიძე, დ. შალუტაშვილი, თ. ონოფრიშვილი, გ. მაისურაძე, ა. წიკლაური... 1976–1978 წლებში საქართველოს სსრ რელიგიის საქმეთა რწმუნებული იყო თენგიზ ონოფრიშვილი. ამ დროს საქართველოში ძალაში იყო 1977 წლის 16 მარტს დამტკიცებული დებულება "რელიგიურ გაერთიანებათა შესახებ". დებულების თანახმად, ახალი ეკლესიის გახსნა შესაძლებელი იყო იმ შემთხვევაში, თუ ამას მოითხოვდა რელიგიური საზოგადოების 20 წევრი. თუ სასულიერო პირს არ ჰქონდა რელიგიის საქმეთა რწმუნებულის მიერ გაცემული რეგისტრაციის მოწმობა, მას ეკრძალებოდა მღვდელმსახურება.

რწმუნებულთა აპარატი ცდილობდა, სრულად ეკონტროლებინა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის საქმიანობა, დიდი საშემოსავლო გადასახადები დაეწესებინა სასულიერო პირებისათვის, გაევრცელებინა მათთვის არასასურველ სასულიერო პირებზე შეურაცხმყოფელი ჭორები, რათა საზოგადოებას უარყოფითი განწყობა შექმნოდა მათზე. რწმუნებულმა თენგიზ ონოფრიშვილმა ვერ მოახერხა ხელისუფლების მოთხოვნების წარმატებით შესრულება, ამიტომ იგი გაათავისუფლეს და ეს მისია გ. მაისურაძეს დააკისრეს. როგორც მისი ჩანაწერებიდან ირკვევა, იგი 1980 წელს დასწრებია მცხეთის სასულიერო სემინარიაში მისაღებ გამოცდებს და გულისტკივილი გამოუთქვამს: "სამწუხაროდ, წინა წლებთან შედარებით, სემინარიაში მოსული კონტინგენტი ამჯერად გაცილებით უკეთ მომზადებული აღმოჩნდა. მათ შორის არიან უმაღლეს სასწავლებელდამთავრებულნი"[23, 1880, 1, 382, 2].  უკეთესი იქნებოდა, თუ სემინარიაში გაუნათლებელი, საეჭვო წარსულის მქონე ადამიანები ჩაირიცხებოდნენ, რადგან მათ შანტაჟს ხელისუფლება უფრო ადვილად შეძლებდა.

რწმუნებულის დავალებით, მცხეთის მუზეუმ–ნაკრძალის დირექტორმა 1982 წლის იანვარში შიომღვიმის მონასტერში ჩაკეტა მონასტრის წინამძღვარი მამა იოაკიმე ასათიანი. მოვუსმინოთ მამა იოაკიმეს: `მიმდინარე წლის 6 იანვარი იყო, შობის წინა დღე. უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ლოცვა–კურთხევითა და ბრძანებით, შიომღვიმის მონასტრისაკენ გავემგზავრე სალოცავად (ამ დროს მონასტერი მე–18 პროფტექნიკური სასწავლებლის ფილიალი იყო ს.ვ.). დღის 15 საათზე მონასტრის გალავანს მივადექი. როდესაც მონასტერში შევედი, კარი მოჯახუნდა. გარედან ვიღაცამ ბოქლომი დაადო. ყვიროდნენ და უშვერი სიტყვებით მლანძღავდნენ. ასე გავატარე მთელი ღამე. გათენდა. ჩემი საყვარელი ეკლესია საპყრობილის მაგივრობას მიწევდა, მციოდა, მწყუროდა, მშიოდა და მიჭირდა გაძლება. პირველის ნახევარზე რაღაც ხმები შემომესმა, ავტეხე ყვირილი, შველას ვითხოვდი. კართან მოვიდა ვიღაც სამხედრო, როგორც თვითონ მითხრა, ავიაციის მაიორი, რომელიც ცოლ-შვილთან ერთად ამოსულიყო მონასტერში. შველა ვთხოვე. კეთილშობილი ადამიანი აღმოჩნდა და მკითხა, თუ რით შეეძლო ჩემი დახმარება. შევევედრე, თბილისში ჩასულიყო და საპატრიარქოში ეამბნა ყველაფერი. ოფიცერი საკუთარი მანქანით წავიდა. ამასობაში კიდევ ერთი დამთვალიერებელი - დემურ ბობოხიძე - მოვიდა. მასაც ვთხოვე, ჩასულიყო მცხეთაში და ენახა სვეტიცხოვლის მოძღვრები. მალე საპატრიარქოდან მოვიდნენ... მცხეთაში დ. ბობოხიძე მუზეუმ–ნაკრძალის დირექტორთან გაუგზავნიათ, რომელსაც შიომღვიმის ყარაულებისათვის მოკლე, მაგრამ ბევრისმთქმელი წერილი მიუწერია: "აწი კმარა და გაუშვითო"[23, 1880, 1, 551, 1-5].

რელიგიის საქმეთა რწმუნებულები ცდილობდნენ, უხეშად ჩარეულიყვნენ ეკლესიის შიდა საქმეებში. 1986 წლის 21 ნოემბერს რელიგიის საქმეთა რწმუნებული ასეთი შინაარსის წერილს უგზავნის უწმიდესსა და უნეტარეს ილია II–ს: "ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებიდან გამომდინარე, აუცილებლად მივიჩნევთ თქვენი ყურადღება მივაპყროთ რელიგიური კულტების შესახებ საბჭოთა კანონმდებლობის დარღვევების ფაქტებზე, რომლებიც საკმაოდ მოხშირდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მსახურთა მხრივ... ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რწმუნებულთა აპარატს საჭიროდ მიაჩნია, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ აღნიშნულ დარღვევათა უახლოეს ვადებში აღმოსაფხვრელად გაატაროს შემდეგი სახის ღონისძიებანი:

1. აეკრძალოთ ეკლესიათა მღვდელმსახურებსა და საპატრიარქოს თანამ-შრომლებს, უშუალოდ მიმართონ რესპუბლიკისა თუ საკავშირო ინსტანციებს და აწარმოონ მათთან მიმოწერა რწმუნებულის აპარატის გვერდის ავლით;

2. შეიზღუდოს მღვდლების სხვადასხვა ეკლესიებში გადაყვან–გადმოყვანა, თუ ეს განსაკუთრებული აუცილებლობით არ იქნება გამოწვეული;

3. მკაცრად აეკრძალოს ყველა ღვთისმსახურსა თუ ეკლესიის წინამძღვარს რელიგიური საზოგადოების საფინანსო–სამეურნეო საქმეებში ჩართვა.

4. მკაცრად იქნეს გაფრთხილებული ყველა მღვდელმთავარი და სხვა კულტის მსახურნი, რათა შეწყდეს არამოქმედ და არარეგისტრირებულ ეკლესიებში სახალხო თუ საეკლესიო დღესასწაულებში მონაწილეობა."[23, 1880, 1, 551, 5-6].

რელიგიის საქმეთა რწმუნებულის დავალებით, ქუთათელ–გაენათელ მიტროპოლიტ შიო ავალიშვილს ქუთაისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის გელათის ფილიალის თანამშრომლები სასტიკად ეწინააღმდეგებოდნენ, რომ   ადმინისტრაციული წესით დახურულ ეკლესიაში 8 თებერვალს დავით IV აღმაშენებლის საფლავზე პარაკლისი გადახდილიყო. ასე იყო ყველგან, მაგრამ  მიუხედავად ასეთი დიდი სურვილისა, რწმუნებულთა აპარატი ვეღარ ახერხებდა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის სამოქმედო ასპარეზის შეზღუდვას. რელიგიის საქმეთა რწმუნებულის ერთ–ერთ გულახდილ ჩანაწერში ვკითხულობთ: "მხოლოდ უკიდურესად რეაქციული ეკლესიის მსახურნი, უცხოელ ანტისაბჭოელებთან ერთად, მოითხოვენ, რომ ჩვენს ქვეყანაში რელიგიურ გაერთიანებებსა და მათ წევრებს უფლება მიეცეთ იმოქმედონ ისე, როგორც ეს მათ მოესურვებათ"[27, 1200, 7720].

ასე აზროვნებდნენ რელიგიის საქმეთა რწმუნებულთა აპარატში.

1980–იანი წლებიდან უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ოფიციალური ხელისუფლებისაგან დაჟინებით მოითხოვდა სასულიერო აკადემიის გახსნის ნებართვას. როგორც მისი უწმიდესობა აღნიშნავს, ამ საქმეში მას დიდი დახმარება გაუწია რელიგიის საქმეთა რწმუნებულმა, ბატონმა ანზორ წიკლაურმა.

XX საუკუნის 80–იანი წლების მეორე ნახევრიდან, ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობის აღმავლობის პერიოდში, არაერთხელ დაისვა საკითხი რელიგიის საქმეთა რწმუნებულის აპარატის გაუქმების შესახებ. 1990 წლის 22 აპრილს საქართველოს მინისტრთა საბჭომ ასეთი დადგენილება გამოსცა: "გაუქმდეს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული რელიგიის საქმეთა რწმუნებულის აპარატი ყველა თავისი ფუნქციით. რესპუბლიკის ტერიტორიაზე განლაგებული მართლმადიდებელი ეკლესიისა და საქართველოს საპატრიარქოს ყველა საკულტო ნაგებობა გამოცხადდეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთრებად"[27, 16420].

უწმიდესი და უნეტარესი ილია II საოცარი მიმტევებლობით და არაჩვეულებრივი მადლიერების გრძნობით ყოველთვის მაგალითს აძლევს ერს. 1995 წელს მცხეთაში, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში, საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის გაფართოებული კრებაზე, მან აღნიშნა, რომ საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებული რელიგიის საქმეთა რწმუნებულის აპარატი ეკლესიის შეზღუდვისა და დაჩაგვრისათვის იყო შექმნილი, მაგრამ "არ შემიძლია არ გავიხსენო, - ბრძანა უწმიდესმა, - რელიგიის საქმეთა ორი რწმუნებული: თენგიზ ონოფრიშვილი და ანზორ წიკლაური. თენგიზ ონოფრიშვილი მღვდლის შვილიშვილი იყო, რომლის სურათიც მან ერთხელ საიდუმლოდ მაჩვენა. ანზორ წიკლაურს, რომელიც ახლახან გარდაიცვალა, დიდი წვლილი მიუძღვის თბილისის სასულიერო აკადემიის გახსნაში. ერთიცა და მეორეც ისტორიკოსები იყვნენ და კარგად ესმოდათ ეკლესიის როლი ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში"[33, II, 110].


წყაროები და ლიტერატურა:

1.    პლატონ იოსელიანი, "ცხოვრება გიორგი XIII-ისა", თბილისი, 1936

2.    ბაგრატ ბატონიშვილი, "ახალი მოთხრობა", თბილისი, 1941

3.    ელდარ ბუბულაშვილი, "საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ II", თბილისი, 2002

4.    ნიკოლოზ დურნოვი, "ბედი საქართველოს ეკლესიისა", მოსკოვი, 1907

5.    სარგის კაკაბაძე, "ქართველი ხალხის ისტორია 1783-1921 წწ." თბილისი, 1997

6.    კალისტრატე ცინცაძე, "ჩემი მოგონებებიდან", თბილისი, 2001

7.    სერგო ვარდოსანიძე, " სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი კალისტრატე", თბილისი, 2004

8.    ქართული მწერლობა, ტ. IX, თბილისი, 1992

9.    ილია ჭავჭავაძე, თხზ. ხუთ ტომად, ტ. IV, თბილისი, 1987

10.    აკაკი ბაქრაძე, "ილია ჭავჭავაძე",  თბილისი. 1984

11.    იოსებ უთურაშვილი, "დიმიტრი ყიფიანი", თბილისი, 1989

12.    საქართველოს სამოციქულო ეკლესიის კალენდარი, თბილისი

13.    ა. ბაქრაძე, "ილია და აკაკი", თბილისი, 1992

14.    სერგო ვარდოსანიძე, "სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესიკირიონ II", თბილისი, 1993

15.    სერგო ვარდოსანიძე, "საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია 1917-1952 წლებში", თბილისი, 2001

16.    სერგო ვარდოსანიძე, "ქართული ეროვნული ცნობიერების პრობლემები", თბილისი, 2004

17.    საქართველოს საპატრიარქოს არქივი, კათოლიკოს-პატრიარქ ლეონიდეს ფონდი

18.    გაზეთი "საქართველო", 1918, N71

19.    გ. ლეონიძის სახ. ლიტერატურის მუზეუმი, კათოლიკოს-პატრიარქ ლეონიდეს ფონდი, N1304

20.    "საქართველოს ისტორია. XX საუკუნე", პროფ. ვ. გურულის რედაქციით, თბილისი, 2003

21.    კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ინსტიტუტი, ვასილ კარბელაშვილის ფონდი

22.    სერგო ვარდოსანიძე, "სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი ამბროსი", თბილისი, 2005

23.    საქართველოს უახლესი ისტორიის ცენტრალური საისტორიო არქივი

24.    კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტი, კალისტრატე ცინცაძის ფონდი

25.    საქართველოს საპატრიარქოს არქივი, კათოლიკოს-პატრიარქ მელქისედეკ III-ის ფონდი

26.    საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ეფრემ II-ის ფონდი

27.    საქართველოს საპატრიარქოს არქივი

28.    სერგო ვარდოსანიძე, "სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი ეფრემ II", თბილისი, 2000

29.    საქართველოს საპატრიარქოს არქივი, კათოლიკოს-პატრიარქ დავით V-ის ფონდი

30.    "პატრიარქი", შემდგენელი მზია კაცაძე, თბილისი, 2006

31.    საქართველოს საპატრიარქოს არქივი, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ფონდი

32.    საქართველოს საპატრიარქოს არქივი, XII სასულიერო კრების მასალები

33.    სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II. "ეპისტოლენი, სიტყვანი, ქადაგებანი", ორ ტომად, თბილისი, 1997

34.    ჟურნ. "ჯვარი ვაზისა", თბილისი

35.    სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმიდესისა და     უნეტარესი ილია II-ის მოსკოვში ვიზიტის მასალები

36.    "საპატრიარქოს უწყებანი", თბილისი

37.    ჟურნ. "რელიგია", თბილისი, 2002, N7-8-9.

38.    "ნათელი ქრისტესი, საქართველო", ტ. II, თბილისი, 2006

39.    შოთა ლომსაძე, "სამცხე-ჯავახეთი", თბილისი, 1975

40.    გაზეთი "კვირის პალიტრა", თბილისი, 2003, 4-10 აგვისტო

41.    ჟურნ. "მნათობი", თბილისი, 2006, N1-2-3

42.    სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II.   "სააღდგომო ეპისტოლე", თბილისი, 2006

43.    "წერილები პატრიარქს", შემდგენელი მზია კაცაძე, თბილისი, 2007

44.    ჟურნ. "ივერიელნი", თბილისი, 2007, N3


სერგო ვარდოსანიძე
"სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
უწმიდესი და უნეტარესი ილია II", 2008 წ.

თავი III. საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მე–12 საეკლესიო კრება, მიტროპოლიტ ილიას სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქად არჩევა–აღსაყდრება

1977 წლის 9 ნოემბერს, დილის 9 საათზე, ხანგრძლივი, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი, მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმიდესი და უნეტარესი დავით V (დევდარიანი). საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ავტოკეფალიური ეკლესიის ტრადიციის თანახმად, რომელიც ასახულია 1945 წელს დამტკიცებულ საქართველოს ეკლესიის მართვა–გამგეობის დებულებაში, კათოლიკოს–პატრიარქის მძიმე ავადმყოფობის ან გარდაცვალების შემთხვევაში წმიდა სინოდის ყველა წევრი იკრიბება საპატრიარქო რეზიდენციაში და, კათოლიკოს–პატრიარქის მდივნის თანდასწრებით, ხსნის სპეციალურ სეიფს, რომელშიც ინახება განსვენებული კათოლიკოს–პატრიარქის წერილობითი განკარგულება კათოლიკოს–პატრიარქის მოსაყდრის (მოვალეობის შემსრულებლის) თაობაზე. 9 ნოემბერს, დილის 10 საათიდან 19 საათამდე, წმიდა სინოდის წევრები - ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია, თეთრიწყაროელი მიტროპოლიტი ზინობი, წილკნელი მიტროპოლიტი გაიოზი, ალავერდელი ეპისკოპოსი გრიგოლი, მანგლელი ეპისკოპოსი გიორგი, ბოდბელი ეპისკოპოსი ილარიონი - ელოდებოდნენ ბათუმ–შემოქმედელ და ჭყონდიდელ მიტროპოლიტ რომანოზს, მაგრამ იგი არ ჩამოვიდა თბილისში.

სინოდის წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით წმიდა სინოდი მუშაობას შეუდგა. როგორც გაირკვა, არ არსებობდა  უწმიდესისა და უნეტარესი დავით V–ის წერილობითი განკარგულება კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრის ვინაობის შესახებ.  1945 წელს დამტკიცებული ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების თანახმად, ასეთ შემთხვევაში კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ ქიროტონიით უხუცესი მღვდელმთავარი ცხადდება, რომელსაც ამტკიცებს წმიდა სინოდი. თითქმის ყველაფერი გარკვეული იყო. სინოდის სხდომის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია, მდივნად - ბოდბელი ეპისკოპოსი ილარიონი.

დამტკიცდა წმიდა სინოდის მუშაობის დღის წესრიგი: 1. სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის მოსაყდრის არჩევა; 2. სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის უწმიდესისა და უნეტარესის - დავით V–ის დაკრძალვასთან დაკავშირებული საკითხები. წმიდა სინოდის სხდომაზე თეთრიწყაროელმა მიტროპოლიტმა ზინობმა, მანგლელმა ეპისკოპოსმა გიორგიმ, ალავერდელმა ეპისკოპოსმა გრიგოლმა მხარი დაუჭირეს ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტ ილიას სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის მოსაყდრედ არჩევას. წილკნელმა მიტროპოლიტმა გაიოზმა არ დაუჭირა მხარი წამოყენებულ კანდიდატურას და კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ  დაასახელა ბათუმ–შემოქმედელი და ჭყონდიდელი მიტროპოლიტი რომანოზი. ხმათა უმრავლესობით ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია არჩეულ იქნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის მოსაყდრედ.

სინოდმა განაჩინა: 1. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესი და უნეტარესი დავით V-ის დამკრძალავი კომისიის თავმჯდომარედ დაინიშნოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის მოსაყდრე, მიტროპოლიტი ილია; 2. უწმიდესი და უნეტარესი დავით V დაიკრძალოს სიონის საპატრიარქო ტაძარში 1977 წლის 15 ნოემბერს; 3. წმიდა სინოდის სხდომის გადაწყვეტილებანი ოფიციალურად ეცნობოს მსოფლიოს მართლმადიდებელ და არამართლმადიდებელ ეკლესიათა მეთაურებს, საერო ხელისუფლებას.

წმიდა სინოდის გადაწყვეტილებანი მიუღებელი აღმოჩნდა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ზოგიერთი მაღალიერარქისათვის, რომელთაც სცადეს წმიდა სინოდის გადაწყვეტილებათა გადასინჯვა.  შექმნილი რთული ვითარების სრული სურათი კარგადაა ასახული საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წმიდა სინოდის 1977 წლის 12 ნოემბრის საგანგებო სხდომის მიერ მიღებულ განცხადებაში: "საქართველოს მართლმადიდებელი ავტოკეფალიური სამოციქულო ეკლესია თავის მართვა–გამგეობაში ხელმძღვანელობს დებულებით, რომელიც მიღებული იყო 1945 წლის 28 მარტს და რომლის შეცვლა შედის მხოლოდ საეკლესიო კრების კომპენტენციაში. 1977 წლის 9 ნოემბერს გარდაიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი დავით V. გარდაცვალების წინ იგი მძიმედ ავადმყოფობდა რამდენიმე დღის განმავლობაში. ამ დროს თბილისში იმყოფებოდა ყველა მღვდელმთავარი, გარდა ბათუმ–შემოქმედელი და ჭყონდიდელი მიტროპოლიტის - რომანოზისა და ალავერდელი ეპისკოპოსის - გრიგოლისა. 8 ნოემბერს, დღის 15 საათზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის მდივანმა გრიგოლ მშვიდობაძემ მათ დაუგზავნა დეპეშები, რომლითაც ატყობინებდა პატრიარქის ავადმყოფობას და სთხოვდა, სასწრაფოდ ჩამოსულიყვნენ თბილისში.

9 ნოემბერს, დილის 9 საათზე, კათოლიკოს–პატრიარქი დავით V გარდაიცვალა. 10 საათზე ჩამობრძანდა ალავერდელი ეპისკოპოსი გრიგოლი. როგორც საეკლესიო მართვა–გამგეობის დებულების 21–ე პარაგრაფის მე–2 შენიშვნაშია მითითებული, კათოლიკოს–პატრიარქის გარდაცვალების ან მძიმე ავადმყოფობის შემთხვევაში, საეკლესიო მართვა–გამგეობისათვის მის ადგილს იჭერს ის მღვდელმთავარი, რომლის შესახებაც კათოლიკოს–პატრიარქის მდივანთან ინახება მისი უწმიდესობისა და უნეტარესობის წერილობითი განკარგულება, მაგრამ ასეთი განკარგულება არ აღმოჩნდა და საჭირო შეიქმნა, სასწრაფოდ მოწვეულიყო წმიდა სინოდის სხდომა. 9 ნოემბერს, მთელი დღის განმავლობაში, სინოდი ელოდებოდა ბათუმ-შემოქმედელი და ჭყონდიდელი მიტროპოლიტის რომანოზის ჩამობრძანებას, მაგრამ, რადგან იგი არ ჩამობრძანებულა და არც რაიმე ცნობა მოსულა მისგან, საღამოს 19 საათზე, წმიდა სინოდის წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, შედგა სინოდის ოფიციალური სხდომა, რომელსაც უნდა აერჩია სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის მოსაყდრე და გადაეწყვიტა უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის - დავით V–ის დაკრძალვასთან დაკავშირებული საკითხები.

სინოდის სხდომაზე ერთხმად იქნენ არჩეული: სხდომის თავმჯდომარედ ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია, მდივნად - ბოდბელი ეპისკოპოსი ილარიონი. როდესაც სინოდის სხდომაზე დაისვა სრულიად საქართველოს  კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრის არჩევის საკითხი, კანდიდატად დასახელებული იყო ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია, რომელსაც მხოლოდ წილკნელმა მიტროპოლიტმა გაიოზმა არ დაუჭირა მხარი და წამოაყენა ბათუმ-შემოქმედელი და ჭყონდიდელი მიტროპოლიტის _ რომანოზის კანდიდატურა. რაც შეეხება დანარჩენ მღვდელმთავრებს, მათ ერთხმად დაუჭირეს მხარი მიტროპოლიტ ილიას. ეპისკოპოს ილარიონს სურდა თავი შეეკავებინა ხმის მიცემისაგან, მაგრამ რადგან ამის უფლება არა ჰქონდა საეკლესიო მართვა–გამგეობის დებულების მე–16 მუხლის თანახმად, ამიტომ ხმა მისცა მიტროპოლიტ ილიას.

9 ნოემბერს ჩატარებული წმიდა სინოდის სხდომა იყო კანონიერი, საეკლესიო მართვა-გამგეობის დებულების მე–15 მუხლის დაცვით, სადაც ნათქვამია: "სინოდის სხდომა კანონიერია, თუ მას დაესწრება თავმჯდომარე და მოწვეულ წევრთა ნახევარი", ხოლო სხდომას ესწრებოდა არა თუ ნახევარი, არამედ ყველა წევრი, გარდა ერთისა (მიტროპოლიტ რომანოზისა). ამიტომ მიტროპოლიტ რომანოზის, მიტროპოლიტ გაიოზისა და ეპისკოპოს ილარიონის განცხადება, რომელშიც ისინი ამტკიცებენ, თითქოსდა თვითნებურად იყო მოწვეული სინოდის სხდომა, რომელზეც ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილიამ თავი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ გამოაცხადა, უსაფუძვლოა. წმიდა სინოდის სხდომა კანონიერ საფუძველზე ჩატარდა და მიტროპოლიტ ილიას თავი კი არ გამოუცხადებია მოსაყდრედ, არამედ ასეთი იყო სინოდის წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილება.

10 ნოემბერს თბილისში ჩამოსული მიტროპოლიტი რომანოზი საპატრიარქოში გამოცხადდა მოგვიანებით და განაცხადა, რომ იგი, როგორც უხუცესი მღვდელმთავარი და ჭყონდიდელი მიტროპოლიტი, იერარქიული პატივით ყველა მღვდელმთავარზე მაღლა დგას და ამის საფუძველზე მოითხოვა კათოლიკოს–პატრიარქის მოსაყდრის თანამდებობა. როგორც საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მართვა–გამგეობის დებულების 23–ე მუხლის მე–2 შენიშვნაშია აღნიშნული, "მწყემსმთავარნი პატივდებულ იქნებიან ქიროტონიის უხუცესობის მიხედვით". ეს იმას ნიშნავს, რომ ის სასულიერო პირი ითვლება უხუცეს მღვდელმთავრად, რომელიც უფრო ადრე იყო ნაკურთხი ეპისკოპოსის ხარისხში. მიტროპოლიტი ილია ეპისკოპოსად ნაკურთხი იყო 1963 წლის 25 აგვისტოს, ხოლო მიტროპოლიტი რომანოზი - 1965 წლის 21 თებერვალს; მიტროპოლიტის ხარისხი ილიას მიენიჭა 1969 წელს, რომანოზს - 1972 წელს; რაც შეეხება ეპარქიის, ან ასაკის (მიტროპოლიტი რომანოზი 1977 წელს იყო 90 წლის) მიხედვით უხუცესობას, ეს არაა გათვალისწინებული მართვა-გამგეობის დებულებაში.

წმიდა სინოდი სინანულით აღნიშნავს მიტროპოლიტ რომანოზის, მიტროპოლიტ გაიოზის,  ეპისკოპოს  ილარიონის  განცხადების უსაფუძვლობას, თითქოს მიტროპოლიტ ილიას მოსაყდრეობა დაუშვებელია იმიტომ, რომ იგი დაბადებულია საქართველოს საზღვრების იქით, ჩრდილო ოსეთის ავტონომიური ოლქის ქ. ორჯონიკიძეში. ჯერ ერთი, საეკლესიო მართვა–გამგეობის დებულების მიხედვით, ამ ფაქტს არა აქვს არავითარი მნიშვნელობა და, მეორეც, მიტროპოლიტი ილია და მისი მშობლები საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წევრები იყვნენ მუდამ, რადგან ორჯონიკიძეში არსებობდა ქართული ეკლესია, რომელიც ექვემდებარებოდა საქართველოს საპატრიარქოს და თავად მიტროპოლიტი ილია მონათლულია ამ ეკლესიაში არქიმანდრიტ ტარასი კანდელაკის მიერ, რომელიც შემდეგში გახდა წილკნელი ეპისკოპოსი და დაკრძალულია სვეტიცხოვლის გალავანში.

მიტროპოლიტმა რომანოზმა, მიტროპოლიტმა გაიოზმა და ეპისკოპოსმა ილარიომა აგრეთვე განაცხადეს, რომ მათ შეუძლიათ აკურთხონ ახალი ეპისკოპოსები, დაუგზავნონ დეპეშები მსოფლიო საეკლესიო ცენტრებს იმის შესახებ, რომ თითქოს ჩატარებული სინოდის სხდომა იყო არაკანონიერი და მოსაყდრეც არჩეული იყო უკანონოდ.

საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წმიდა სინოდი თვლის, რომ მათი ასეთი ანტიეკლესიური და კანონთა საწინააღმდეგო მოქმედება დიდ ზიანს აყენებს საეკლესიო ცხოვრების ნორმალურ მიმდინარეობას"[23, 1880, 1, 310, 8-9]

საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის შიგნით არსებული დაძაბულობა იგრძნობოდა უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დავით V-ის დაკრძალვის დღესაც (1977 წლის 15 ნოემბერს) სიონის საპატრიარქო ტაძარში, სადაც წირავდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია. თანამწირველნი იყვნენ სმოლენსკისა და კალინინგრადის  მიტროპოლიტი ალექსი (რუსეთის პატრიარქი ალექსი II), ქსანთიის მიტროპოლიტი ანტონიოსი, თეთრიწყაროელი მიტროპოლიტი ზინობი, მანგლელი ეპისკოპოსი გიორგი, ალავერდელი ეპისკოპოსი გრიგოლი, ზარაის ეპისკოპოსი იოსი. წირვას ესწრებოდა ყოველთა სომეხთა პატრიარქ–კათოლიკოსი ვაზგენ I.

წირვის დასრულების შემდეგ განსვენებულ პატრიარქს სიტყვით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის მოსაყდრემ, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილიამ: "დღეს ჩვენ ლოცვითა და ცრემლით ვაცილებთ ჩვენს მამამთავარს, რომლის უკვდავი სული მოევლინა იმ წიაღს, სადაც განისვენებენ ჩვენი დიდნი კათოლიკოს–პატრიარქნი: კირიონი, ლეონიდე, ამბროსი, ქრისტეფორე, კალისტრატე, მელქისედეკი და ეფრემი... მიმდინარე წელიწადი მისთვის იყო საიუბილეო – მას შეუსრულდა სამღვდელო ხარისხში აყვანიდან 50 წელი. ამ ხნის განმავლობაში მას განუცდია არაერთი სასიხარულო დღე, ღვთისაგან მონიჭებული, მაგრამ მასთან ერთად მას მრავალჯერ შეუსვამს სიმწრისა და მწუხარების ფიალა. ამ დიდ ადამიანს დღეს ემშვიდობება ქართველი ერი, ჩვენი დაობლებული ეკლესია."[31, 1263, 2266]

უწმიდესი და უნეტარესი დავით V დაკრძალეს სიონის საპატრიარქო ტაძარში...

1977 წლის 16 ნოემბერს, დღის 12 საათზე, დაიწყო საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წმიდა სინოდის სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ: სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის მოსაყდრე, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია (შიოლაშვილი), თეთრიწყაროელი მიტროპოლიტი ზინობი (მაჟუგა), ბათუმ–შემოქმედელი და ჭყონდიდელი მიტროპოლიტი რომანოზი (პეტრიაშვილი), წილკნელი მიტროპოლიტი გაიოზი (კერატიშვილი), მანგლელი ეპისკოპოსი გიორგი (ღონღაძე), ალავერდელი ეპისკოპოსი გრიგოლი (ცერცვაძე), ბოდბელი ეპისკოპოსი ილარიონი (სამხარაძე). სხდომას, სინოდის წევრთა მოწვევით, ოქმის შესადგენად ესწრებოდა კათოლიკოს–პატრიარქის მდივანი გრიგოლ მშვიდობაძე.

"დღის წესრიგი: 1. მოსაყდრე მიტროპოლიტ ილიას მოსკოვში გამგზავრების მიზეზი და იქაური თათბირის შინაარსის მოხსენება; 2. წილკნელი მიტროპოლიტის გაიოზის მიერ მთავრობის სახელზე გაგზავნილი ტექსტის განხილვა; 3.. საეკლესიო კრებისა და კათოლიკოს–პატრიარქის ინტრონიზაციის (აღსაყდრების) თარიღის დადგენა; 4. სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქად ასარჩევი კანდიდატის დასახელება.

პირველ საკითხზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის მოსაყდრე მიტროპოლიტმა ილიამ სინოდს მოახსენა ზაგორსკში რელიგიის მოღვაწეთა თათბირის შესახებ, სადაც დაგმობილ იქნა ნეიტრონული ბომბის მომზადებისა და გავრცელების განზრახვა.

მეორე საკითხზე წილკნელმა მიტროპოლიტმა გაიოზმა წაიკითხა მთავრობის სახელზე გაგზავნილი განცხადების სრული ტექსტი.

გადაწყდა, მე-12 საეკლესიო კრება გაიმართოს 1977 წლის 23 დეკემბერს. ახლადარჩეული  სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ინტრონიზაცია (აღსაყდრება) შესრულდეს 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში.

მეოთხე საკითხზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქად ასარჩევ კანდიდატად მანგლელმა ეპისკოპოსმა გიორგიმ დაასახელა ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია. მას მხარი დაუჭირეს ალავერდელმა ეპისკოპოსმა გრიგოლმა, თეთრიწყაროელმა მიტროპოლიტმა ზინობმა. მიტროპოლიტმა რომანოზმა არ დაასახელა კანდიდატი და მოითხოვა, აერჩიათ ახალი მოსაყდრე. მიტროპოლიტი გაიოზი არ სცნობს სინოდის სხდომას კანონიერად. ეპისკოპოსი ილარიონი არ ასახელებს პატრიარქობის კანდიდატს.

მოსაყდრე მიტროპოლიტი ილია თანხმობას აცხადებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქობის კანდიდატად მის დასახელებაზე."[23, 1880, 1, 310, 10-11]

მოვლენების უფრო გამძაფრებას გვამცნობს ალავერდელი ეპისკოპოსის გრიგოლის (ცერცვაძე) ჩანაწერები: "1977 წლის 17 ნოემბერს ჩემთან, ეკლესიაში, მოვიდა უცნობი ახოვანი ახალგაზრდა, გამომიძახა, თქვენთან ცალკე საუბარი მსურსო... წამოიწყო საუბარი: სინოდი, რომელიც გუშინ შედგა, მთავრობის მიერ გაუქმებულიაო, მთავრობას არ სურს ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტ ილიას სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქად არჩევაო... მას სურდა ჩემი დაყოლიება, უარი მეთქვა სინოდის სხდომაზე ჩემს მიერ წამოყენებულ კანდიდატზე. მე ვუპასუხე, რაც სინოდზე გადაწყდა, იმას ხაზი არ გადაესმევა- მეთქი... ბოლოს საუბარი იმით დაამთავრა, მოკლე ხანში მოგივათ დეპეშა იმისათვის, რომ სინოდის ხელახალი სხდომა შედგესო. მე ვუპასუხე, რაც ვთქვი იმასვე ვიტყვი–თქო. მაინცდამაინც ნასიამოვნები არ წასულა. "[23, 1880, 1, 310, 10-11]

ქართველი საზოგადოება დაძაბული ადევნებდა თვალყურს საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიაში შექმნილ რთულ ვითარებას და ერთმნიშვნელოვნად უჭერდა მხარს ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტ ილიას.

ყოველი ახალი დღე ახალი ჭორებითა და მითქმა–მოთქმის გამძაფრებით იწყებოდა. ამ უსიამოვნებათა კულმინაცია იყო 1977 წლის 18 დეკემბერი. როგორც სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის მდივნის, გრიგოლ მშვიდობაძის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ ილიასადმი გაგზავნილი შეტყობინებიდან ირკვევა: "18 დეკემბერს, საღამოს 19 საათზე, საქართველოს საპატრიარქოს შენობაში ძალით შეჭრილა წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით უკმაყოფილო განსხვავებული პოზიციის სამი მღვდელმთავარი. მათ გაუტეხიათ პატრიარქის კაბინეტის კარები, კანცელარიის ოთახში გაუღიათ მდივნის საწერი მაგიდა და სეიფი - პატრიარქის კაბინეტში, დაუხევიათ საქმიანი ქაღალდები, მათ შორის - მოსაყდრის არჩევის ოქმი, გამოუყენებიათ სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ბეჭედი, უსარგებლიათ ქართული და რუსული საბეჭდი მანქანით. როგორც დარჩენილი შავი ნაწერებიდან ჩანს, მათ დაუგზავნიათ პროვოკაციული დეპეშები მთავრობის წარმომადგენლებისთვის, რუსეთის საპატრიარქოში, სომხეთის ეკლესიაში,  დაუმტვრევიათ პატრიარქის კაბინეტის გასაღები და ჩაუსვამთ ახალი."[27, 298, 2449]  გაგზავნილ დეპეშებში ისინი აღნიშნავდნენ, თითქოს საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის მოსაყდრის თანამდებობიდან გადაყენებული იყო ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია, ხოლო მე–12 საეკლესიო კრების ჩატარების თარიღი - გადატანილი.

საზოგადოების, ინტელიგენციის აქტიური ჩარევის შემდეგ კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ ილიას მოწინააღმდეგენი იძულებულნი გახდნენ, უკან დაეხიათ. ყველა ღელავდა, სიმშვიდეს ინარჩუნებდა მიტროპოლიტი ილია, რომელმაც ხელმეორედ დაგზავნა შეტყობინებები მართლმადიდებელ ეკლესიათა მეთაურებთან, საერო ხელისუფლებაში, იმის შესახებ, რომ საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მე–12 საეკლესიო კრება, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის არჩევნები და ახლადარჩეული კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრება ნამდვილად გაიმართებოდა 1977 წლის 23–25 დეკემბერს.

დაძაბული, უძილო ღამეების შემდეგ, როგორც იქნა, გათენდა 23 დეკემბერი. თბილისში სტუმრად ჩამოვიდნენ: მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი, უწმიდესი პიმენი, ყოველთა სომეხთა კათოლიკოსი ვაზგენ I, საზღვარგარეთის მართლმადიდებელ ეკლესიათა დელეგაციები. .23 დეკემბერს, სიონში, მე-12 საეკლესიო კრების გახსნამდე, საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნის ე. შევარდნაძის სახელზე ასეთი შინაარსის დეპეშა გაიგზავნა: "29 ნოემბერს ხელისუფლების წარმომადგენელმა თ. ონოფრიშვილმა ოფიციალურად გამოგვიცხადა - საპატრიარქო ტახტზე მიტროპოლიტ ილია შიოლაშვილის კანდიდატურა ოფიციალურად დამტკიცებულია და, თუ ეკლესიაში სამსახური გვინდა, შევწყვიტოთ მასზე საჩივრების წერა, წმიდა სინოდმა მას უნდა დავუჭიროთ მხარიო. სარწმუნო წყაროებიდან შევიტყვეთ, რომ თქვენგან არავითარ ამგვარ გადაწყვეტილებას ადგილი არ ჰქონია... საკითხი სერიოზულია. გთხოვთ, სასწრაფოდ მიგვიღოთ წმიდა სინოდის განსხვავებულად მოაზროვნე წევრები, რათა პირადად მოგახსენოთ საქმის რეალური ვითარება"[27, 298, 295]

იმავე დღეს დეპეშები გაიგზავნა საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარის პავლე გილაშვილისა და მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის ზურაბ პატარიძის სახელზე, რომლებშიც საუბარი იყო საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მრავალსაუკუნოვანი სამართლებრივი ნორმების დარღვევაზე.  იმავე დღის 15 საათზე ბათუმ-შემოქმედელი და ჭყონდიდელი მიტროპოლიტის - რომანოზის სახელით დეპეშა გაიგზავნა  მოსკოვში, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალურ მდივანთან ლეონიდ ბრეჟნევთან: "ძვირფასო ლეონიდ ილიას ძევ! - წერდა მიტროპოლიტი რომანოზი, - საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის, დავით V–ის გარდაცვალების შემდეგ საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის მოსაყდრედ გამოცხადდა მიტროპოლიტი ილია (შიოლაშვილი). იგი ჯერ კიდევ 1972 წლიდან ქართველი დისიდენტების მხარდამჭერი და წამქეზებელია. მოვითხოვ, მოიხსნას მისი კანდიდატურა."[27, 298, 295].

საოცრად ულოგიკო იყო მიტროპოლიტ რომანოზის ქმედება. 1977 წლის 16 ნოემბრის წმიდა სინოდის სხდომაზე იგი აცხადებდა, რომ მიტროპოლიტ ილიას პატრიარქობის შემთხვევაში იყო იმის საშიშროება,  საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალია გაუქმებულიყო და რუსეთს დაქვემდებარებოდა. ამიტომ 90 წლის ასაკში იგი მზად იყო, ეტვირთა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის საჭეთმპყრობელობა; ხოლო 23 დეკემბერს ლ. ბრეჟნევისადმი გაგზავნილ დეპეშაში იგივე პიროვნება მან ქართველი დისიდენტების წამქეზებლად გამოაცხადა.

ასეთი რთული ვითარების ფონზე დაიწყო მუშაობა მე-12 საეკლესიო კრებამ, რომელსაც ესწრებოდა 45 დელეგატი. კრება გახსნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის მოსაყდრემ, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილიამ, რომელმაც აღნიშნა: "დღეს ამ უძველეს საპატრიარქო ტაძარში შეიკრიბა მე–12 საეკლესიო კრება. განვლო 45 დღემ, რაც ღვთივ განისვენა უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა დავით V–მ, რომელიც წინ უძღოდა ჩვენს ეკლესიას 5 წლის განმავლობაში, დადო დიდი შრომა და ღვაწლი, რათა სათანადო სიმაღლეზე ყოფილიყო ჩვენი ეკლესია. 40 დღე იგლოვა ჩვენმა ხალხმა. დღეს მე–12 საეკლესიო კრებამ უნდა აირჩიოს უძველესი სამოციქულო ეკლესიის წინამძღვარი. ჩვენს კრებას პატივი დასდო მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა, უწმიდესმა პიმენმა, როგორც მოძმე ეკლესიის მამამთავარმა, მონაწილეობა მიიღოს ჩვენს ზეიმში. დღეს ჩვენ ვდგევართ იმ უძველეს ეკლესიაში, სადაც იდგნენ და მამამთავრობდნენ დიდნი კათოლიკოს–პატრიარქნი, უწმიდესნი და უნეტარესნი: კირიონი, ლეონიდე, ამბროსი, ქრისტეფორე, მელქისედეკი, ეფრემი, დავითი. ჩვენი მღვდელმთავრები, სამღვდელოება, მორწმუნე ერი მუდამ იქნება ერთად, რომ გადაწყვიტოს ის დიდი საკითხები, რომლებიც ჩვენი ეკლესიის წინაშე დგას. ქრისტესმიერი სიყვარულით მოგესალმებით და მე–12 საეკლესიო კრებას გახსნილად ვაცხადებ."[27, 1229, 52]

საეკლესიო კრებას მიესალმა და ნაყოფიერი მუშაობა უსურვა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა უწმიდესმა პიმენმა.

კრებამ დაამტკიცა 4 კომისიის შემადგენლობა. ალავერდელმა ეპისკოპოსმა გრიგოლმა კიდევ ერთხელ დაადასტურა წმიდა სინოდის გადაწყვეტილება, საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქად ასარჩევ კანდიდატად დასახელებულიყო ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია. კრების თავმჯდომარემ, მიტროპოლიტმა ილიამ, კრების მონაწილეებს მიმართა, რომ, სურვილის შემთხვევაში, მათ თავისუფლად შეეძლოთ ჩაეწერათ სხვა კანდიდატის სახელი დარიგებულ ბიულეტენზე.

გაიმართა ფარული კენჭისყრა. ხმის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარემ, არქიმანდრიტმა იოანე ანანიაშვილმა, გამოაცხადა, რომ კათოლიკოს–პატრიარქის მოსაყდრე მიტროპოლიტი ილია ერთხმად იყო არჩეული სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქად. კრებაზე შეადგინეს საგანგებო სიგელი, რომელსაც ხელს აწერდნენ კრების მონაწილენი.

"მის მაღალყოვლადუსამღვდელოესობას, ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტ ილიას!

წყალობითა ღმრთისათა და მადლითა და განგებითა სულისა წმიდისათა, საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის დამოუკიდებლობის აღნიშვნიდან მე–12 ადგილობრივმა კრებამ, რომელიც შედგა 1977 წლის 23 დეკემბერს თბილისში, სიონის საპატრიარქო ტაძარში, შემადგენლობითა საქართველოს ეკლესიის ყოვლადსამღვდელო მღვდელმთავართა, სამღვდელოთა, სამონაზვნო წესთა და ერისკაცთა, მოძმე მართლმადიდებელ ეკლესიათა წარმომადგენელთა, მღვდელმთავართა, სამღვდელოთა დასთა თანდასწრებით აღირჩია თქვენი სიწმიდე სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქად, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსად."[32, 2, 1429] საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მეთაურს ეწოდა უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი  ილია II.

მე–12 საეკლესიო კრების გადაწყვეტილება იმავე დღეს გახდა ცნობილი სრულიად საქართველოსათვის. ყველას სურდა ეხილა ახალგაზრდა, ინტელექტუალი,  გამორჩეული გარეგნობის  მწყემსმთავარი, რომელიც მოახერხებდა ეკლესიის წინაშე არსებულ პრობლემათა მოგვარებას და საქართველოს უძველეს სამოციქულო ეკლესიას დაუბრუნებდა ისტორიულ მისიას.

ახალი პატრიარქის არჩევა  XX საუკუნის 70–იანი წლების "უძრაობის ხანას" დაემთხვა. თვალნათლივ ჩანდა საბჭოთა იმპერიის პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი, მაგრამ ოფიციალური კომუნისტური იდეოლოგიის მესვეურნი კვლავ ამტკიცებდნენ განვითარებული სოციალიზმისა და კომუნიზმის ნათელი მომავლის სიკეთეს. ქრისტიანული  სარწმუნოება კვლავ "წარსულის მავნე გადმონაშთად" ითვლებოდა. ოფიციალურ საინფორმაციო საშუალებებში დიდი ადგილი ეთმობოდა ანტირელიგიურ თემებს.  საქართველოში გამომავალი ოფიციალური გაზეთები - "კომუნისტი", "ზარია ვოსტოკა", "სოფლის ცხოვრება" - მოკლე ინფორმაციით გამოეხმაურნენ საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მე–12  საეკლესიო კრების მიერ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად ილია II-ის არჩევას.  შედარებით ვრცელი მასალა გამოაქვეყნა გაზეთ "სამშობლოში" ჟურნალისტმა ლამარა თელიამ.

25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრისაკენ ზღვა ხალხი დაიძრა. ასეთი ხალხმრავლობა მცხეთაში 1917 წლის 12 (25) მარტს ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ  აღარ ყოფილა. ოფიციალური ხელისუფლება, წესრიგის დაცვის საბაბით, შეეცადა სპეციალური საშვების მქონე პირთა გარდა ტაძარში არავინ შეეშვა, მაგრამ ხალხის ტალღამ გაარღვია მილიციელთა კორდონი და ტაძარში შევიდა.

ხალხის ხმაური მიწყნარდა. სვეტიცხოვლის ზარები უწმიდესისა და უნატარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის მობრძანებას იუწყებოდა. მასთან ერთად  მობრძანდნენ: თეთრიწყაროელი მიტროპოლიტი ზინობი, წილკნელი მიტროპოლიტი გაიოზი, მანგლელი ეპისკოპოსი გიორგი, ალავერდელი ეპისკოპოსი გრიგოლი; სტუმრები: მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი, უწმიდესი პიმენი, ყოველთა სომეხთა უმაღლესი პატრიარქ-კათოლიკოსი ვაზგენ I, ქართული ინტელიგენციის, მეცნიერების, კულტურის თვალსაჩინო წარმომადგენლები, უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები, ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერები. დაიწყო საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის 141-ე მეთაურის საზეიმო კურთხევა. ქართველი პატრიარქების ჯვარ-პანაღიები, საპატრიარქო გვირგვინი და კუნკულ-ბარტყულა უწმიდესსა და უნეტარეს ილია II-ს მიართვეს მანგლელმა ეპისკოპოსმა გიორგიმ და ალავერდელმა ეპისკოპოსმა გრიგოლმა.

ახლადარჩეულ პატრიარქს სიტყვით მიმართეს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა, უწმიდესმა პიმენმა და ყოველთა სომეხთა პატრიარქ-კათოლიკოსმა ვაზგენ I-მა. უწმიდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ილია II-მ თავისი გამოსვლა ამ სიტყვებით დაიწყო: "საოცრებამდე უსაზღვროა განგება ღვთისა. არც მის მოწყალებას აქვს საზღვარი. ჭეშმარიტად, ამ განგებამ და მოწყალებამ დააყენა თქვენს წინაშე ჩემი სიმდაბლე, როგორც საქართველოს სამოციქულო ეკლესიის მამამთავრისა. მე შეგნებული მაქვს ის უმძიმესი და, ამავე დროს, საპატიო მოვალეობა, რომელიც  დღეს ღვთის ამ წმიდა ტაძრის თაღებქვეშ დამაკისრა მაღალმა ღმერთმა. მუხლს ვიყრი ამ პატივისათვის მისი ძლიერების წინაშე და თაყვანს ვცემ მარადიული ნათლით მოსილ ხსენებას მისას. თავს ვხრი საქართველოს ეკლესიისა და მისი მრევლის - ქართველი ხალხის წინაშე, რომელსაც სასოებით უნდა ემსახუროს ჩემი ძალი და გონება იმ სარწმუნოებით, რომელი სარწმუნოების დაცვისა და შენარჩუნებისათვის ზღვა სისხლი გაიღო რიცხვით მცირე ჩვენმა ხალხმა.. ჩვენი ეკლესიის მომავალი საქმიანობის მთავარი საკითხი უნდა იყოს ქართველ ხალხში სასოებისა და  უტეხი ნების განმტკიცება. ჩვენს ხალხს მუდამ მოეპოვებოდა ენერგია სასოებისა და წინსვლისათვის და ეს ენერგია ახლაც ჭარბად აქვს მას; გამოვლინდეს და სიკეთეს მოხმარდეს ეს ენერგია, - აი ჩვენი მიზანი... ჩვენს ერში მართლმადიდებელი ქრისტიანული სარწმუნოების განმტკიცება, როგორც ყოველთვის, ახლაც იქნება ჩვენი ეკლესიის საქმიანობის მთავარი საზრუნავი...  იმისათვის, რომ ღვთიური გზით წარვმართოთ ჩვენი მომავალი საქმიანობა, გვჭირდება შინაგანი მთლიანობა."[27, 2, 1429]

უწმიდესმა და უნეტარესმა  ჯვარი გარდასახა  სვეტიცხოველში შეკრებილ ათასობით ადამიანს და სტუმრებთან ერთად ეკლესიიდან გავიდა. სვეტიცხოველში შეკრებილი ხალხი არ იშლებოდა. ყველა გრძნობდა, რომ ისტორიული მოვლენის მონაწილე გახდა. ათეისტური კომუნისტური ხელისუფლებისაგან დევნილი, შევიწროებული და საზოგადოებისგან ჩამოშორებული საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ავტოკეფალიური ეკლესია თავისი ისტორიული როლის აღდგენისათვის ემზადებოდა. ეს - მომავალში, მაგრამ პირველი დღეებისა და თვეების სირთულეს ყველა აცნობიერებდა.

საზეიმო დღეებმა გადაფარა ორმოცდახუთდღიანი რთული პრობლემები, თუმცა ბევრი საფიქრალიც გაჩნდა: ვის შეეძლო გადაეჭრა სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრის მთავარი ჭაღის ჯაჭვი, რომლის ჩამოვარდნას 25 დეკემბერს ტრაგედია მოჰყვებოდა? რამდენი ხილული და უხილავი მტერი იყო ჩასაფრებული ახალგაზრდა პატრიარქის წინააღმდეგ?

საქართველოს სამოციქულო ეკლესიას ფინანსურადაც ძალიან უჭირდა.

ყოველთა სომეხთა კათოლიკოსმა ვაზგენ I-მა ამ სიტყვებით მიმართა უწმიდესსა და უნეტარესს ილია II–ს: თქვენ რომ გიყურებთ, მახსენდება ჩემი პატრიარქობის პირველი წლები... ჩაიარა საზეიმო დღეებმა და მკაცრი რეალობა მძიმე აღმოჩნდა. თვის ბოლოს იმის სახსარიც კი არ გვქონდა, რომ მგალობლებისათვის მცირე ხელფასი მიგვეცა, მაგრამ, ღვთის შეწევნით, გადავლახეთ ყველა პრობლემა... ეს ამბავი შემთხვევით არ გამიხსენებია,  დარწმუნებული ვარ, ახალგაზრდა პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II ყველა პრობლემას თავს გაართმევს და საქართველოს ეკლესიის საქმიანობას მეტ სითამამეს შესძენს.

25 დეკემბერს უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის სახელით გამართა საზეიმო მიღება, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წმიდა სინოდის წევრები, სამღვდელოება, მოწვეული სტუმრები. ქართული ინტელიგენციის სახელით უწმიდესსა და უნეტარეს ილია II–ს სიტყვებით მიმართეს პროფესორებმა: ალექსანდრე ალექსიძემ, გაიოზ იმედაშვილმა, პოეტმა იოსებ ნონეშვილმა. "თქვენ თქვენი მორწმუნებრივი სიწმიდით, - აღნიშნა პროფ. გ. იმედაშვილმა, - სათნო ცხოვრებით, ცოდნითა და ეკლესიისადმი უანგარო, თავდადებული მოღვაწეობით დიდი ხნის წინათვე გქონდათ მოპოვებული ხალხის სიყვარული და პატივისცემა. ამიტომ იყო, რომ წილად გხვდათ ეკლესიისა და ხალხის სიყვარული და პატივისცემა... ეკლესიისა და ხალხის ნება–სურვილის სრულ თანხმობაში ერთსულოვნად აგირჩიეს დაობლებული ქართული ეკლესიის მამამთავრად... დღეს ყოველი ფენის, განათლებისა და პროფესიის ქართველობა თქვენი უწმიდესობისა და უნეტარესობისადმი ნუგეშით მონდობილი სასოებს, რომ ოდესმე დიდებული ეკლესია კვლავ ჩადგეს ერის სამსახურში. "[27, 2, 1429]

ყველა გამომსვლელის ნატვრა იყო, კვლავ ძლიერი ეხილა საქართველოს სამოციქულო ეკლესია.

უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ილია II–მ საზეიმო მიღებაზე მოსულ საზოგადოებას მიმართა მოკლე საპროგრამო სიტყვით, რომელშიც ჩამოაყალიბა ის ამოცანები, რომლებიც უნდა გადაეწყვიტა საქართველოს სამოციქულო ეკლესიას: "ჩვენ ყველა ასეთ საქმეში ღვთის ნებას ვხედავთ,  მის მოწყალებას, მისი მარჯვენის ძლიერებას, სამართალს მისას, მის ნათლით მოსილ სიყვარულს იმათ მიმართ, ვისაც ჩაჰბერა მან სიცოცხლე თავისი წმიდა სულის მიცემით. ღვთაების ამ წარმოუდგენლად მრავალმხრივმა დიდმა სიკეთემ მისგან ბოძებული ძლიერების კვერთხით დამაყენა ჩემი საყვარელი ქართველი ხალხის წინაშე, როგორც მსახური ამ ხალხისა და აღმასრულებელი ყოვლად მაღალი ნებისა ხალხის სულიერი ცხოვრების ამაღლებაში. მე ტვირთის ზიდვა დამაკისრა მისმა გასაოცარმა მოწყალებამ, მოკვდავი გონებისათვის წარმოუდგენელმა ძლიერებამ მომცა ძალა და სასოება, რომ ზეიმით ვზიდო ეს ტვირთი, როგორი მძიმეც არ უნდა იყოს ის... ჩვენი ეკლესიის საქმიანობა არ უნდა წარმოვიდგინოთ, როგორც რაღაც მხოლოდ მორწმუნე ხალხთან კარჩაკეტილობა. ჩვენ ყველაფერი უნდა გვწამდეს პროგრესული საწყისებით, ამისათვის ჩვენი ეკლესიაც უნდა იდგეს მთელ ხალხთან ერთად, რომელი ხალხიც სიკეთესა და აღმავლობას ემსახურება... უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ იმ ქვეყნის შვილები ვართ, სადაც დაფლულია უფლის კვართი, იმ ქვეყანაში დაბადებულნი და აღზრდილნი, რომელი ქვეყანაც წილად ხვდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს, იმ წინაპართა შთამომავალნი ვართ, რომელთაც ქრისტიანობა უქადაგეს ანდრია პირველწოდებულმა და სვიმონ კანანელმა... ასეთი წარსული გვავალებს, რომ მუდამ ვიზრუნოთ ჩვენი ეკლესიის სიწმინდის ამაღლებისათვის.  რა თქმა უნდა, იოლი როდია ღვთისა და ერის წინაშე ვალის მოხდა, მაგრამ განა შეიძლება რაიმე ტვირთის სიმძიმეზე ფიქრი მაშინ, როდესაც ვიცით, ეს ტვირთი ღვთისგან მივიღეთ? ამ ტვირთთან ერთად მოგვცა სასოება განგებამ. ყოველი ტახტი პატრიარქისა უნდა ემსახუროს ღმერთის დიდების საქმეს. ვიდრე ვიცოცხლებ, ჩემს თვალწინ იქნება ის თვალით უხილავი, მაგრამ რეალური ტახტი, რომელზეც დამსვა უფლის ძლიერმა მარჯვენამ. ჩემს გულზედ წერია ის ვალდებულებანი, რომლებიც მისმა მოწყალებამ დამაკისრა და ბედნიერს მხდის იმაზე ფიქრი, რომ ყოვლად მაღალი მოწყალებით და ქრისტეს მოძღვრების მოყვარული ქართველი ხალხის თანადგომით, ყველაფერს გავაკეთებთ, რაც მაღალი ღმერთის მადლმა და ძალამ დამაკისრა."[27, 2, 1429, 9]

საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის 141–ე მეთაურის არჩევას გამოეხმაურა მართლმადიდებელი და არამართლმადიდებელი ეკლესიების საინფორმაციო საშუალებანი. ქრისტიანული მსოფლიო კარგად იცნობდა უწმიდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქს ილია II-ს, რომელიც 1963 წლიდან, როგორც საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის საგარეო განყოფილების თავმჯდომარე, მონაწილეობდა მართლმადიდებელ და არამართლმადიდებელ ეკლესიათა სამშვიდობო ფორუმებში. მას პირადი გულითადი ურთიერთობები აკავშირებდა კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიის, იერუსალიმის, რუსეთის, ელადის, სერბეთის და სხვა მართლმადიდებელ  ეკლესიათა მეთაურებთან.

26 დეკემბერს საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარემ პ. გილაშვილმა ოფიციალურად მიიღო უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი პიმენი, ყოველთა სომეხთა კათოლიკოსი ვაზგენ I. უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივანს ე. შევარდნაძეს ქართველი ხალხის ინტერესებისათვის ბრძოლაში თანამშრომლობა შესთავაზა. "ვიტვირთე რა საჭეთმყპობელობა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიისა, წმიდა სინოდისა და პირადად ჩემი სახელით მიიღეთ უღრმესი პატივისცემა და კეთილი სურვილები"[31, 1264, 8265] - სწერდა მისი უწმიდესობა ე. შევარდნაძეს.

ჩაიარა საზეიმო დღეებმა. დადგა 1978 წელი. სიონის საპატრიარქო ტაძარი, რომელიც  მხოლოდ დიდ საეკლესიო დღესასწაულებზე ივსებოდა ძირითადად ხანდაზმული ადამიანებით, ყოველი კვირის ორშაბათს, სამშაბათს, შაბათსა და კვირას ახალგაზრდებით, ინტელიგენციის წარმომადგენლებით იყო სავსე. ეს ხალხი უსიტყვო პროტესტს უცხადებდა კომუნისტურ იდეოლოგიას და სარწმუნოებაში ცდილობდა სულიერი შვების მოპოვებას. უწმიდესი და უნეტარესი მათთვის გასაგები ენით ესაუბრებოდა მრევლს მართლმადიდებელი სარწმუნოების სიდიადეზე. ადამიანები, რომლებიც ერთხელ მაინც მოვიდოდნენ ტაძარში, აქ რჩებოდნენ და მრევლად იქცეოდნენ... როგორი მშვიდი, ბედნიერი და კმაყოფილი იყო თითოეული მათგანი, უწმიდესისა და უნეტარესის სითბოთი და სიყვარულით აღტაცებული.

ყველა გრძნობდა, რომ საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ისტორიაში ახალი ერა იწყებოდა. 1995 წელს უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ასე გაიხსენა პატრიარქობის პირველი რთული, მაგრამ საინტერესო  წლები: "დღეს მე მხოლოდ ჩვენი ეკლესიის ცხოვრების ზოგიერთ ასპექტს შევეხები, გავიხსენებ, რა ურთიერთობა იყო ეკლესიასა და ინტელიგენციას შორის, რომელიც თითქმის ისეთივე ზეწოლას განიცდიდა და ისევე იდევნებოდა, როგორც სასულიერო პირნი. მიუხედავად ამისა, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენმა ინტელიგენციამ ქართველი კაცის სული გადაარჩინა. ამიტომ ჩვენი მიზანი იყო მჭიდრო კავშირი ეკლესიასა და ინტელიგენციას შორის. სახელმწიფო ცდილობდა, არ მომხდარიყო ეს დაახლოება. ინტელიგენციას ჰქონდა სულიერებისაკენ სწრაფვა, მაგრამ გამოცდილება აკლდა. მახსოვს, საპატრიარქოში ჩვენი გამოჩენილი ისტორიკოსები მოვიწვიეთ საქართველოს ეკლესიის ისტორიის აკადემიური გამოცემის მოსამზადებლად, დავამუშავეთ გეგმა და  გავანაწილეთ თემები, მაგრამ, როდესაც დამუშავებული ნაწილები წარმომიდგინეს, მივხვდი, რომ მათი გამოცემა არ შეიძლებოდა, რადგან ეს არაეკლესიური ადამიანების მიერ დაწერილი ისტორია იყო... მიუხედავად ამისა, სწრაფვა დაახლოებისაკენ არ შეჩერებულა. საპატრიარქოში გრძელდებოდა შეხვედრები მეცნიერებთან. ხშირად საკითხები, რომელთაც ჩვენ ამ შეხვედრებზე განვიხილავდით, იმდენად საინტერესო იყო, რომ უნივერსიტეტის პროფესორ–მასწავლებლები მათ შესახებ სტუდენტებს ლექციებზე უყვებოდნენ... ჩვენმა მეცნიერებმა დიდი მისიონერული ღვაწლი გასწიეს და მე მადლობელი ვარ მათი მძიმე მდგომარეობაში გამოჩენილი თანადგომისათვის."[33, II, 111]


წყაროები და ლიტერატურა:

1.    პლატონ იოსელიანი, "ცხოვრება გიორგი XIII-ისა", თბილისი, 1936

2.    ბაგრატ ბატონიშვილი, "ახალი მოთხრობა", თბილისი, 1941

3.    ელდარ ბუბულაშვილი, "საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ II", თბილისი, 2002

4.    ნიკოლოზ დურნოვი, "ბედი საქართველოს ეკლესიისა", მოსკოვი, 1907

5.    სარგის კაკაბაძე, "ქართველი ხალხის ისტორია 1783-1921 წწ." თბილისი, 1997

6.    კალისტრატე ცინცაძე, "ჩემი მოგონებებიდან", თბილისი, 2001

7.    სერგო ვარდოსანიძე, " სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი კალისტრატე", თბილისი, 2004

8.    ქართული მწერლობა, ტ. IX, თბილისი, 1992

9.    ილია ჭავჭავაძე, თხზ. ხუთ ტომად, ტ. IV, თბილისი, 1987

10.    აკაკი ბაქრაძე, "ილია ჭავჭავაძე",  თბილისი. 1984

11.    იოსებ უთურაშვილი, "დიმიტრი ყიფიანი", თბილისი, 1989

12.    საქართველოს სამოციქულო ეკლესიის კალენდარი, თბილისი

13.    ა. ბაქრაძე, "ილია და აკაკი", თბილისი, 1992

14.    სერგო ვარდოსანიძე, "სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესიკირიონ II", თბილისი, 1993

15.    სერგო ვარდოსანიძე, "საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია 1917-1952 წლებში", თბილისი, 2001

16.    სერგო ვარდოსანიძე, "ქართული ეროვნული ცნობიერების პრობლემები", თბილისი, 2004

17.    საქართველოს საპატრიარქოს არქივი, კათოლიკოს-პატრიარქ ლეონიდეს ფონდი

18.    გაზეთი "საქართველო", 1918, N71

19.    გ. ლეონიძის სახ. ლიტერატურის მუზეუმი, კათოლიკოს-პატრიარქ ლეონიდეს ფონდი, N1304

20.    "საქართველოს ისტორია. XX საუკუნე", პროფ. ვ. გურულის რედაქციით, თბილისი, 2003

21.    კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ინსტიტუტი, ვასილ კარბელაშვილის ფონდი

22.    სერგო ვარდოსანიძე, "სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი ამბროსი", თბილისი, 2005

23.    საქართველოს უახლესი ისტორიის ცენტრალური საისტორიო არქივი

24.    კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტი, კალისტრატე ცინცაძის ფონდი

25.    საქართველოს საპატრიარქოს არქივი, კათოლიკოს-პატრიარქ მელქისედეკ III-ის ფონდი

26.    საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ეფრემ II-ის ფონდი

27.    საქართველოს საპატრიარქოს არქივი

28.    სერგო ვარდოსანიძე, "სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი ეფრემ II", თბილისი, 2000

29.    საქართველოს საპატრიარქოს არქივი, კათოლიკოს-პატრიარქ დავით V-ის ფონდი

30.    "პატრიარქი", შემდგენელი მზია კაცაძე, თბილისი, 2006

31.    საქართველოს საპატრიარქოს არქივი, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ფონდი

32.    საქართველოს საპატრიარქოს არქივი, XII სასულიერო კრების მასალები

33.    სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II. "ეპისტოლენი, სიტყვანი, ქადაგებანი", ორ ტომად, თბილისი, 1997

34.    ჟურნ. "ჯვარი ვაზისა", თბილისი

35.    სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმიდესისა და     უნეტარესი ილია II-ის მოსკოვში ვიზიტის მასალები

36.    "საპატრიარქოს უწყებანი", თბილისი

37.    ჟურნ. "რელიგია", თბილისი, 2002, N7-8-9.

38.    "ნათელი ქრისტესი, საქართველო", ტ. II, თბილისი, 2006

39.    შოთა ლომსაძე, "სამცხე-ჯავახეთი", თბილისი, 1975

40.    გაზეთი "კვირის პალიტრა", თბილისი, 2003, 4-10 აგვისტო

41.    ჟურნ. "მნათობი", თბილისი, 2006, N1-2-3

42.    სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II.   "სააღდგომო ეპისტოლე", თბილისი, 2006

43.    "წერილები პატრიარქს", შემდგენელი მზია კაცაძე, თბილისი, 2007

44.    ჟურნ. "ივერიელნი", თბილისი, 2007, N3


სერგო ვარდოსანიძე
"სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
უწმიდესი და უნეტარესი ილია II", 2008 წ.