თავი პირველი

1. წიგნი მეორე ეზრა წინასწარმეტყველისა ძისა სერაიასი, ძისა ყაზარიასი, ძისა ხელკიასი, ძისა შალუმისა, ძისა ცადოკისა, ძისა ახიტუბისა,

2. ძისა ახიასი, ძისა ფინხასისა, ძისა ელიასი, ძისა ამარიასი, ძისა ასიელისა, ძისა მერიმოთისა, ძისა არნასი, ძისა ყუზიასი, ძისა ბორითისა, ძისა აბიშუაყისა, ძისა ფინხასისა, ძისა ელეაზარისა,

3. ძისა აარონისა ლევის მოდგმიდან, რომელიც იყო დატყვევებული მიდიელთა ქვეყანაში, არტაქსერქსეს, სპარსეთის მეფის დროს.

4. იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი,

5. წადი და აუწყე ჩემს ხალხს მათი ბოროტმოქმედება და მათი შვილების უკეთურებანი, ჩემს წინააღმდეგ მომართული, რათა ეუწყოს მათ შვილებს.

6. რადგან ღვივდება მათში მშობლების ცოდვები; ჩემი დამვიწყებელნი უცხო ღმერთებს სწირავენ მსხვერპლს.

7. განა მე არ გავიყვანე ისინი ეგვიპტის ქვეყნიდან, მონობის სახლიდან? მათ კი განმარისხეს მე და შეიძულეს ჩემი რჩევები.

8. ხოლო შენ მოიკვეცე თმა და დააყარე მას ყოველგვარი უკეთურება, რადგან არ ემორჩილება ჩემს რჯულს გაჯიუტებული ხალხი.

9. როდემდის მოვუთმინო მათ, ვისთვისაც ამდენი სიკეთე გამიკეთებია?

10. დავამხე მათ განსადიდებლად ურიცხვი მეფე, შევმუსრე ფარაონი, მისი მორჩილნი და მთელი მისი ლაშქარი.

11. მრავალი ტომი მათ თვალწინ აღვგავე მიწის პირიდან, აღმოსავლეთში ორი მხარის - ტვიროსისა და ციდონის ხალხი გავფანტე; მათ მტრებსაც, ყველას გავავლე მუსრი.

12. შენ კი უნდა უთხრა მათ: ამას გაუწყებთ-თქო უფალი.

13. განა მე არ გამოგიყვანეთ ზღვით და მისი მტკიცე გზა გამოგიჩინეთ? მე არ მოგეცით წინამძღოლად მოსე და მღვდელი აარონი?

14. დაგიდგინეთ ცეცხლის ნათელი სვეტად და ბევრი სასწაულიც მოგივლინეთ. თქვენ კი დამივიწყეთ მე, ამბობს უფალი.

15. ამას ამბობს ყოვლისშემძლე უფალი: მწყერი ნიშნად გქონდათ, სიმაგრედ და საფარველად მოგეცით და იქაც ბუზღუნებდით.

16. არ ზეიმობდით ჩემთ სახელით თქვენს მტერთა განადგურებას, არამედ დღემდე ბუზღუნებთ.

17. სად არის წყალობანი, რაც მოგანიჭეთ? განა უდაბნოში დამშეულნი არ შემომღაღადებდით?

18. ამბობდით: ნუთუ დასაღუპად მოგვიყვანე ამ უდაბნოში? განა ეგვიპტელთა მორჩილება არ გვერჩია ამ უდაბნოში სიკვდილსო?

19. მე შემაწუხა თქვენმა ოხვრა-კვნესამ და მოგეცით მანანა საჭმელად, ანგელოზთა პურით გკვებავდით.

20. განა თქვენთვის არ გავხეთქე ქვა, როცა გწყუროდათ, და არ გადმოჩქეფა უხვად წყალმა? ხვატისაგან ხეთა ფოთლებით დაგფარეთ.

21. დაგინაწილეთ ნაყოფიერი მიწები; ქანაანელები, ფერიზეველები და ფილისტიმელები თქვენს თვალწინ შევმუსრე და მეტი რაღა გიყოთ? ამბობს უფალი.

22. ამას ამბობს ყოვლისშემძლე უფალი: როცა ისხედით უდაბნოში მორეველთა მდინარის წყლით დარწყულებულნი და გმობდით ჩემს სახელს,

23. გმობის სანაცვლოდ ცეცხლი არ მომივლენია თქვენთვის, არამედ ძელი ჩავუშვი მდინარეში და დავატკბე წყალი.

24. შენ რა გიყო, იაკობ? არ გსურს მორჩილება, იუდა. მეც სხვა ხალხთან წავალ, მათ მივცემ ჩემს სახელს, რათა დაიცვან ჩემი მცნებები.

25. რაკი მიმატოვეთ, მეც მიგატოვებთ. შეწყალებას მომთხოვთ და არ შეგიწყალებთ.

26. მომიხმობთ და არ შევისმენ თქვენს ვედრებას; რადგან სისხლით არის შესვრილი თქვენი ხელები და თქვენი ფეხები მკვირცხლია კაცის მოსაკლავად.

27. მე კი არ მიგიტოვებივართ, არამედ საკუთარი თავი, ამბობს უფალი.

28. ამას ამბობს ყოვლისშემძლე უფალი: განა მე არ მოგიხმეთ, როგორც მამამ ვაჟები, ან როგორც დედამ ასულები, გამზრდელმა თავისი ბავშვები.

29. რომ ყოფილიყავით ჩემი ერი და მე თქვენი ღმერთი ვყოფილიყავი; თქვენ - შვილები ჩემი და მე - მამა თქვენი.

30. ისე შეგკრიბეთ, როგორც კრუხმა ფრთის ქვეშ წიწილები. ახლა კი როგორ მოგექცეთ? გაგაგდებთ ჩემი პირისგან.

31. ძღვენს მომიტანთ და პირს ვიბრუნებ თქვენგან; თქვენი დღესასწაულები, ახალმთავრობები და წინდაცვეთანი დავძრახე.

32. გიგზავნით ჩემს შვილებს - წინასწარმეტყველებს, თქვენ კი შეიპყრობთ მათ და ხოცავთ და ხორცს უგლეჯთ; სისხლს მე მოვიკითხავ, ამბობს უფალი.

33. ამას ამბობს ყოვლისშემძლე უფალი: უკაცრიელია თქვენი სახლი და გაგფანტავთ, როგორც ბზეს ფანტავს ქარი.

34. შვილები ვეღარ შექმნიან შთამომავლობას, რადგან უარყვეს ჩემი მცნება და ბოროტს სჩადიოდნენ ჩემს წინაშე.

35. მივცემ თქვენს სახლებს მომავალ ხალხს, რომელიც მოუსმენლად მაღიარებს და სასწაულის მოუვლინებლად აღასრულებს ჩემგან განწესებულს.

36. წინასწარმეტყველთა უნახავად გაიხსენებენ თავიანთ უკეთურებებს.

37. მადლს აღვუთქვამ მომავალ ხალხს, ვისი შვილებიც სიხარულით ილხენენ, ხორციელი თვალით ვერ მხედავენ, მაგრამ სულით სწამთ ყველაფერი, რაც მითქვამს.

38. ახლა, შეხედე, ძმაო, რა არის დიდება: იხილე ხალხი, აღმოსავლეთიდან მომავალი,

39. რომელსაც მივცემ წინამძღოლად აბრაამს, ისაკსა და იაკობს, ოსიას, ამოსს, მიქას, იოელს, აბდიას, იონას,

40. ნაუმს, აბაკუმს, სოფონიას, ანგიას, ზაქარიას, მალაქიას, რომელიც უფლის ანგელოზადაც არის წოდებული.


თავი მეორე

1. ამას ამბობს უფალი: მე გამოვიყვანე ეს ხალხი მონობიდან ჩემი შვილების - წინასწარმეტყველთა წყალობით, რომელთა მოსმენა არ მოისურვეს, ფუჭად აქციეს ჩემი რჩევები.

2. მშობელი დედა ეუბნება მათ: წადით შვილებო, რადგან ქვრივი ვარ მე და მიტოვებული.

3. სიხარულით აღგზარდეთ და გლოვითა და მწუხარებით გაგიშვით, რადგან შესცოდეთ თქვენი უფალი ღმერთის წინაშე და უკეთურება ჩაიდინეთ მის წინაშე.

4. ახლა კი რა გიყოთ? ქვრივი ვარ მე და მიტოვებული. წადით, შვილებო, და შესთხოვეთ ღმერთს მოწყალება.

5. შენ კი, მამავ, იმ შვილთა დედის მოწმედ მოგიხმობ, რომელთაც არ ისურვეს ჩემი აღთქმის სამსახური.

6. დაატეხე მათ თავს სირცხვილი, განიძარცვოს მათი დედა, რათა არ იარსებოს მათმა მოდგმამ.

7. ხალხთა შორის განიფანტოს მათი სახელი, აღიგავონ მიწის პირიდან, რადგან მოიძულეს ჩემი ფიცი.

8. ვაი შენ, აშურო, რომ შეიფარე უსამართლონი. ბოროტო მოდგმავ, გაიხსენე, რაც დავმართე სოდომსა და გომორას,

9. რომელთა მიწაც მოფენილია კუპრის კოლბოხებით და ფერფლის გროვებით! ასევე მოვექცევი მათ, ვინც არ ისმენს ჩემს სიტყვას, ამბობს ყოვლისშვმძლვ უფალი.

10. ამას ეუბნება უფალი ეზრას: აუწყე ჩემს ხალხს, რადგან მივცემ მათ სამეფოდ იერუსალიმს, რომელიც ისრაელისთვისაა მიცემული;

11. მოვიღებ მათ დიდებას და მივცემ სხვებს მარადიულ კარავს, რომელიც მათთვის იყო გამზადებული.

12. სიცოცხლის ხე ექნებათ მათ სურნელოვან ნელსაცხებლად, იქნებიან ისინი უშრომელნი და არც დაღლა ეცოდინებათ.

13. წადით და მიიღებთ, ითხოვეთ, რომ მცირე იყოს თქვენი დღეები, რომ შემოკლდნენ ისინი. უკვე გამზადებულია თქვენთვის სამეფო. ფხიზლად იყავით.

14. მოწმედ მოუხმე ცასა და მიწას, მე აღვგავე ბოროტება და შევქმენი სიკეთე, რადგან ცოცხალი ვარ, ამბობს უფალი.

15. დედა, გადაეხვიე შენს შვილებს, გამოზარდე ისინი სიხარულით. დედამტრედის მსგავსად განუმტკიცე ფეხები: რადგან შენ აგირჩიე, ამბობს უფალი.

16. აღვადგენ მკვდართ მათი ადგილებიდან, გამოვიყვან მათი საფლავებიდან, რადგან ვცანი ჩემი სახელი ისრაელში.

17. ნუ გეშინია, შვილთა დედავ, რადგან შენ აგირჩიე, ამბობს უფალი.

18. მოგივლენ შემწეებად ჩემს მორჩილთ - ესაიას და იერემიას, რომელთა რჩევით ვაკურთხე და გაგიმზადე თორმეტი ხე, მრავალგვარი ნაყოფით დახუნძლული,

19. და ამდენივე წყარო თაფლისა და რძისა, და შვიდი უზარმაზარი მთა, მოფენილი ვარდითა და შროშანით, რომლებითაც გავახარებ შენს შვილებს.

20. სამართალი გაუჩინე ქვრივს, გაიკითხე უპატრონო, შეეწიე გაჭირვებულს, დაიცავი ობოლი, შემოსე შიშველი,

21. იზრუნე ბეჩავზე და სუსტზე, ნუ დასცინებ კოჭლს, უმწეო დაიცავი, იხილოს ბრმამ ჩემი დიდება.

22. შეიფარე ბერი და ჭაბუკი შენს კედლებს შორის.

23. სადაც კი მკვდარი ნახო, საფლავის ნიშანი აღუმართე და ბირველ ადგილზე დაგსვამ ჩემი აღდგომის ჟამს.

24. შეისვენე და დამშვიდდი, ჩემო ხალხო, რადგან მოვა შენი განსვენება.

25. კეთილო გამზრდელო, გაზარდე შენი შვილები, ფეხები გაუმტკიცე.

26. არავინ დაიღუპოს მსახურთაგან, მე რომ მოგეცი, რადგან შენი რიცხვიდან მოვიკითხავ მათ.

27. ნუ დაიქანცები, რადგან როცა მოვა ჭირისა და სივიწროვის დღე, ზოგი ატირდება და მიეცემა მწუხარებას, შენ კი მოილხენ და სიუხვეში იქნები.

28. შეშურდებათ ხალხებს, მაგრამ ვერაფერს გახდებიან შენს წინააღმდეგ, ამბობს უფალი.

29. ჩემი ხელი დაგიფარავს შენ, რომ არ იხილონ ჰინომის ველი შენმა შვილებმა.

30. გაიხარე, დედაო, შვილებთან ერთად, რადგან მე გიხსნი შენ, ამბობს უფალი.

31. გახსოვდეს შენი მიძინებული შვილები, რადგან გამოვიყვან მათ ქვეყნის კიდეებიდან და მოწყალებას მოვიღებ მათზე, რადგან მოწყალე ვარ, ამბობს ყოვლისშემძლე უფალი.

32. გულში გყავდეს ჩაკრული შენი შვილები, ვიდრე მოვალ და მოვიღებ მათზე მოწყალებას, რადგან უხვია ჩემი წყაროები და დაუშრეტელია ჩემი მადლი.

33. მე, ეზრამ, მივიღე ღვთისგან ბრძანება ყორების მთაზე, რომ წავსულიყავი ისრაელში; იქ რომ მივედი, გამკიცხეს და უარყვეს ღვთის მცნება.

34. ამიტომ გეუბნებით, ხალხებო, ვინც კი მოისმენთ და გაიგონებთ: ელოდეთ თქვენს მწყემსს და მარადიულ შვებას მოგანიჭებთ იგი; რადგან ახლოა ის, ვინც მოსასვლელია წუთისოფლის დასასრულს.

35. მზად იყავით სასუფევლის საზღაურისთვის, რადგან მარადიული ნათელი გაგინათებთ საუკუნოდ.

36. გაერიდეთ ამ წუთისოფლის ჩრდილს; მიიღეთ თქვენი დიდების სიხარული, დაუფარავად მოვუხმობ მე ჩემს მაცხოვარს მოწმედ.

37. მიიღეთ მადლი და სიხარულით ჰმადლობდეთ მას, ვინც ციურ სასუფევლად მოგიხმოთ.

38. წამოიმართენით და იდექით, და იხილეთ უფლის ნადიმზე ბეჭედდასმულთა რიცხვი.

39. ვინც წუთისოფლის ჩრდილს თავი დააღწიეს და უფლისგან ბრწყინვალე სამოსელი მიიღეს.

40. ჩაიბარე, სიონო, შენი რიცხვი და მიითვალე თეთრად მოსილნი, ვინც უფლის რჯული აღასრულა.

41. შესრულდა რიცხვი შენი სანატრელი შვილებისა. შესთხოვე უფლის ძალას, რათა იკურთხოს შენი ხალხი, რომელსაც დასაბამითვე მოუწოდე.

42. მე, ეზრამ, ვიხილე სიონის მთაზე დიდძალი სიმრავლე, რომლის დათვლა ვერ შევძელი, და ყველანი საგალობლებით ადიდებდნენ უფალს.

43. მათ შუაგულში იდგა ტანმაღალი ჭაბუკი, ყველასგან გამორჩეული და ყოველ მათგანს თავზე ადგამდა გვირგვინს და კიდევ უფრო მაღლდებოდა მათზე. მე კი გაოცებამ შემიპყრო.

44. მაშინ ვკითხე ანგელოზს, ვუთხარი: ვინ არიან-მეთქი ესენი, უფალო?

45. მან მიპასუხა: ესენია, ვინც განიძარცვა მოკვდავთა სამოსელი და უკვდავთა სამოსი შეიმოსა, და აღიარა ღვთის სახელი; ახლა კი გვირგვინდებიან და პალმის რტოებს იღებენ.

46. და ვუთხარი ანგელოზს: ვინ არის-მეთქი ეს ჭაბუკი, ვინც მათ აგვირგვინებს და პალმის რტოებს აძლევს?

47. მან მიპასუხა: ეს არის ძე ღვთისა, ვისაც აღიარებენ წუთისოფელში და მეც განვადიდე ისინი, ვინც მტკიცედ იდგა უფლისათვის.

48. მაშინ მითხრა მე ანგელოზმა: წადი, აუწყე ჩემს ხალხს, თუ რაზომ დიდია და ბევრი უფალი ღმერთის საოცრებანი, შენ რომ იხილე.


თავი მესამე

1. ჩვენი ქალაქის დაქცევის ოცდამეათე წლისთავზე ბაბილონში ვიყავი. მოუსვენარი ვიწექი საწოლზე და ფიქრები აშფოთებდა ჩემს გულს.

2. რადგან ვიხილე სიონის გაუკაცრიელება და ბაბილონში მცხოვრებთა კეთილდღეობა.

3. და შეძრწუნდა ძლიერ ჩემი სული და შევკადრე უზენაესს მოკრძალებული სიტყვა,

4. და ვუთხარი: მბრძანებელო უფალო, შენ თავიდანვე, როცა რგავდი მიწას სრულიად მარტო, უბრძანე მტვერს

5. და მიეცი ადამს მოკვდავის სხეული, მაგრამ ისიც ხომ შენს ხელთა ქმნილებაა და შენ ჩაბერე მას სიცოცხლის სული, და ცოცხალი შეიქნა იგი შენს წინაშე.

6. შეიყვანე იგი სამოთხეში, რომელიც დანერგა შენმა მარჯვენამ, ვიდრე მიწა გამოჩნდებოდა.

7. მცნებად მიეცი შენი გზის სიყვარული, მან კი დაარღვია იგი, და შენ უმალვე დაუწესე სიკვდილი მას და მის მოდგმას. გაჩნდნენ ხალხები, ერები და ტომები, რომელთაც სათვალავი არა აქვთ.

8. დადიოდა ყოველი ხალხი თავის ნებაზე და საოცრებებს სჩადიოდა შენს წინაშე და შეიძულა შენი მცნებები.

9. იმ დროს რომ მოუვლინე წარღვნა წუთისოფლის მკვიდრებს და ამოწყვიტე ისინი.

10. თითოეულ მათგანში მოხდა ეს, როგორც ადამისთვის სიკვდილი, ასევე მათთვის წარღვნა.

11. დატოვე მათგან ერთადერთი ნოე თავისი სახლით და მისგან არის ყოველი მართალი.

12. როცა დაიწყეს გამრავლება მიწის მკვიდრებმა და მომრავლდნენ მათი შვილები, ერები და მრავალი ხალხი, თავიანთ წინაპრებზე უფრო მეტად დაიწყეს უკეთურების ქმნა.

13. და როცა უკანონობას ჩადიოდნენ შენს წინაშე, აირჩიე მათგან ერთი კაცი, სახელად აბრაამი;

14. შეიყვარე იგი, და მხოლოდ მას განუცხადე შენი ნება.

15. მიეცი მას მარადიული აღთქმა და უთხარი, რომ არასოდეს გაწირავდი მის მოდგმას; მიეცი მას ისაკი და ისაკს მიეცი იაკობი და ესავი.

16. გამოაცალკევე შენთვის იაკობი, ესავი კი უარყავი. დიდი სიმრავლე შეიქნა იაკობი.

17. გამოიყვანე შენი მოდგმა ეგვიპტიდან და სინაის მთასთან მიიყვანე.

18. მოდრიკე ცანი, შეარყიე მიწა და შესძარი სამყარო, შეაძრწუნე ქვესკნელი და ააფორიაქე წუთისოფელი.

19. ოთხ კარიბჭეში გაიარა შენმა დიდებამ ცეცხლისა და მიწის, სუნთქვისა და ყინვის კარიბჭეებში, რათა იაკობის მოდგმისთვის რჯული მიგეცა და სიმტკიცე - ისრაელის თაობებისთვის.

20. არ წაართვი მათ ბოროტი გული, რათა შენს რჯულს ნაყოფი გამოეღო მათში.

21. რადგან ბოროტი გულის პირველი მტვირთველი ადამი შეცდა და იძლია, ასევე ყველა, ვინც მისგან იშვა.

22. მუდმივი გახდა უძლურება და რჯული ხალხის გულში ბოროტების ძირს შეეზარდა; განშორდა, რაც კეთილი იყო და დარჩა ბოროტება.

23. გამოხდა ხანი და გასრულდა წლები, და შენ აღადგინე შენთვის კაცი მორჩილი, სახელად დავითი,

24. და უთხარი მას, აეგო ქალაქი შენს სახელზე და ეკმია შენთვის და მსხვერპლი შეეწირა.

25. ასე იყო მრავალი წელი, მაგრამ შესცოდეს ამ ქალაქის მცხოვრებლებმა.

26. ყველაფერში ისე იქცეოდნენ, როგორც ადამი და მთელი მისი შთამომავლობა, რადგან მათაც ბოროტი გული ჰქონდათ.

27. და შენს მტრებს ჩაუგდე ხელში შენი ქალაქი.

28. ნუთუ უკეთესად იქცევიან ბაბილონის მკვიდრნი და ამის გამო გაბატონდებიან სიონზე?

29. როცა მივედი იქ, ვიხილე უკეთურებანი, რომელთაც სათვალავი არ ჰქონდა; ბევრი ცოდვილი ჰყავს ნანახი ჩემს სულს ამ ოცდაათ წელიწადში. გულიც მაქვს შეღონებული,

30. რადგან ხედავს იგი, როგორ ემხრობი ცოდვილთ, როგორ დაინდე ბოროტისმოქმედნი, დაღუპე შენი ხალხი, შენი მტრები კი დაიცავი და არ ამხილე.

31. ვერ ვიხსენებ, როგორ უნდა დაკარგულიყო ეს გზა? ნუთუ ბაბილონი სიონზე უკეთესად იქცევა?

32. ან ისრაელის გარდა სხვა ხალხს თუ შეუცვნიხარ შენ? ან რომელმა ტომმა ირწმუნა შენი აღთქმა იაკობის მსგავსად?

33. მათი საზღაურიც არ გამოჩენილა, არც მათ საქმეს მოუღია ნაყოფი. გავედი და მოვიარე ხალხები, ვიხილე ისინი გამდიდრებულნი, მაგრამ არ ახსოვდათ შენი მცნებები.

34. ახლა დადე სასწორზე უკეთურებანი - ჩვენიცა და მათიც, წუთისოფელში რომ ცხოვრობენ; მხოლოდ ისრაელში იპოვება შენი სახელი.

35. ან როდის არ შეუცოდავს შენს წინაშე დედამიწის მკვიდრს? ან სხვა რომელ ხალხს დაუცავს შენი მცნებები?

36. ერთ ვინმეს კი იპოვნი მათ შორის შენს მცნებათა დამცველს, მთელ ხალხს კი ვერ იპოვნი.


თავი მეოთხე

1. მიპასუხა ანგელოზმა, რომელიც ჩემთან იყო გამოგზავნილი, რომლის სახელია ურიელი.

2. მითხრა: ამ წუთისოფელს ჩაწვდა შენი გული და ახლა უზენაესის გზის შემეცნებას ფიქრობ?

3. ვთქვი, ასეა-მეთქი, ჩემო უფალო. მიპასუხა: სამი გზის საჩვენებლად ვარ შენთან გამოგზავნილი და სამ მსგავსებას დაგიდებ წინ.

4. თუ ამათგან ერთზე მაუწყებ რასმე, მეც გიჩვენებ გზას, რომლის ხილვა გსურს, და გასწავლი, საიდან არის ბოროტი გული.

5. ვთქვი; მაუწყე-მეთქი, ჩემო უფალო, და მაუწყა: მოდი, ამიწონე ცეცხლი, ან გამიზომე ქარის ქროლვა, ან უკუიხმე დღე, რომელიც გავიდა.

6. ვუპასუხე და ვუთხარი: დაბადებულთაგან ვის შეუძლია ამის გაკეთება, რასაც მთხოვ-მეთქი?

7. მან მითხრა: რომ მეკითხა რამდენი სამკვიდრებელია ზღვის გულში, ან რამდენი წყარო ქვესკნელის სათავეში, ან რამდენი წყაროა ცამყარს ზემოთ, ან რომელია სამოთხის შესასვლელები-მეთქი,

8. მეტყოდი: არც ქვესკნელში, არც ჯოჯოხეთში არასდროს ჩავსულვარ, არც ზეცად ავმაღლებულვარო.

9. ამიტომაც გკითხე ცეცხლისა და ქარის თაობაზე ან დღეებზე, რომლებიც გამოგივლია, და რომელთაგან არ შეგიძლია გამოცალკევება; შენ კი ვერ მიპასუხე.

10. მითხრა: რაც სიყრმიდანვე თან გახლავს, ის ვერ შეიმეცნე

11. და, აბა, როგორ შეუძლია მოიცვას შენმა ჭურჭელმა უზენაესის გზა, და ამ, უკვე გახრწნილ წუთისოფელში მყოფმა როგორ შეიმეცნოს უხრწნელება ჩემს წინაშე?

12. მე ვუთხარი: უმჯობესი იქნებოდა არ გავჩენილიყავით, ვიდრე უკეთურებებში გაგვეტარებინა ცხოვრება, გვეწვალა და არ გვცოდნოდა რისთვის-მეთქი.

13. ხოლო მიპასუხა: წავედი მინდვრის ტყეში და აჰა, ბჭობდნენ ერთმანეთში ხეები,

14. ამბობდნენ: მოდით, ზღვაზე გავილაშქროთ, რათა უკუიქცეს ჩვენგან და ტყისთვის ახალი ადგილები მოვიპოვოთო.

15. მსგავსადვე ზღვის ტალღებიც ბჭობდნენ ერთმანეთში, ამბობდნენ: მოდით, წავიდეთ, დავლაშქროთ მინდვრის ტყეები, რათა იქაც დავიმკვიდროთ ჩვენთვის ახალი ადგილებიო.

16. მაგრამ ამაო აღმოჩნდა ტყის განზრახვა, რადგან მოვიდა ცეცხლი და შთანთქა იგი.

17. ასე დაემართა ზღვის ტალღებსაც: ქვიშა გადაუდგა წინ და არ გაუშვა.

18. შენ რომ ყოფილიყავი მათი მსაჯული, ვის გაამართლებდი, ან ვის დასდებდი მსჯავრს?

19. მივუგე და ვთქვი: ფუჭი იყო ორივეს ბჭობა: მიწა ტყისთვისაა განკუთვნილი, და ზღვას კი თავისი ადგილი აქვს ტალღების სატარებლად.

20. მომიგო და თქვა: სწორად განსაჯე. რატომ არ განსაჯე ასე საკუთარი თავი?

21. როგორც მიწა ტყისთვის არის მოცემული და ზღვა - მისი ტალღებისთვის, ასევე, მიწის მკვიდრს მხოლოდ მიწაზე არსებულის შემეცნება შეუძლია; ცის მკვიდრთ კი იმისა, რაც ცაშია.

22. მივუგე და ვთქვი: გევედრები, უფალო, მომენიჭოს შემეცნების უნარი.

23. მე ხომ არ გეკითხები შენს უზენაეს საქმეებზე, არამედ იმაზე, რასაც ყოველდღე განვიცდით ჩვვნ: თუ რატომ მიეცა ისრაელი ხალხებს საგინებლად? ხალხი, რომელიც შეიყვარე, უღვთოთა ხელშია ჩაგდებული, ჩვენი წინაპრების რჯული დასაღუპადაა განწირული და აღარსად არსებობს დაწერილი მცნებები.

24. კალიასავით ჩავივლით ამ წუთაასოფელში და შიში და ძრწოლაა ჩვენი ცხოვრება, და აღარც მოწყალების ღირსნი ვართ.

25. მაგრამ რას უზამს თავის სახელს, რომელიც დაგვერქვა ჩვენ. აი, ეს არის ჩემი საკითხავი.

26. მომიგო და თქვა: რაც მეტს გამოიძიებ, ხშირად გაოცდები; რადგან სწრაფად გადის ეს წუთისოფელი.

27. ძნელად თუ აღსრულდება, რაც მომავალში მართალთათვის არის აღთქმული: რადგან წუთისოფელი უსამართლობით და უმტკიცობით არის სავსე.

28. ამაზე მეკითხები და გეტყვი: დათესილია ბოროტება და ჯერ არ დამდგარა მისი ამოძირკვის ჟამი.

29. ამიტომაც, თუ არ განადგურდა, რაც დათესილია, და არ აღიგავა ადგილი, სადაც ბოროტებაა დათესილი, არ მოგვევლინება ადგილი, სადაც სიკეთეა დათესილი.

30. რადგან ბოროტების თესლის მარცვალი ადამის გულშია დასაბამიდან ჩათესილი და რაოდენი უკეთურება წარმოშვა დღემდე და კიდევ წარმოშობს, ვიდრე მკის ჟამი მოაწევდეს.

31. განსაჯე შენთვის: უკეთურების რამდენ ნაყოფს გამოიღებს ბოროტების თესლის მარცვალი

32. და რა ფართო იქნება კალო, როცა უთვალავი თავთავი მოიმკება.

33. ვკითხე და ვთქვი: როდის და როგორ-მეთქი? რატომ არის ხანმოკლე და მძიმე ჩვენი წლები-მეთქი?

34. მიპასუხა და მითხრა: ნუ გაუსწრებ უზენაესს; ამაოდ ცდილობ გაუსწრო მას, რაც უნდა შორს იყო წასული.

35. განა ამას არ კითხულობდნენ მართალთა სულები თავიანთ სამყოფლებში, ამბობდნენ: როდემდის გვქონდეს იმედი? და როდისღა მოვა ჩვენი საზღაურის ნაყოფი?

36. ამაზე მიპასუხა იერემიელმა, მთავარანგელოზმა და თქვა: როცა აღივსება თქვენში თესლთა რიცხვი, რადგან მან სასწორზე დადო წუთისოფელი;

37. საზომით გაზომა და რიცხვით აღრიცხა დრო-ჟამი და არ აღძრავს, არც დააჩქარებს მათ უზენაესი, ვიდრე არ აღივსება დათქმული საწყაული.

38. მე ვუპასუხე: მბრძანებელო, უფალო, ჩვენც ყველანი ხომ აღსავსენი ვართ უკეთურებით?

39. იქნებ ჩვენს გამო არ აღვსებულა მართალთა კალოები, მიწის მკვიდრთა ცოდვების გამო?

40. ხოლო მან მიპასუხა და თქვა: წადი და ჰკითხე ფეხმძიმეს, თუ შეძლებს მისი საშო ნაყოფის შეკავებას, როცა ცხრა თვე შესრულდება-თქო?

41. მე ვთქვი: ვერ შეძლებს, უფალო. მან მითხრა: საშოს მსგავსია ქვესკნელში სულთა სამყოფელნი.

42. როგორც ჩქარობს მშობიარე მოითავოს შობის აუცილებლობა, ასევე ჩქარობს ისიც გასცეს, რაც მინდობილი აქვთ დასაბამიდან.

43. გამოგეცხადება ყველაფერი, რისი ხილვაც გსურს.

44. მე ვუპასუხვ და ვთქვი: თუკი ვპოვე მადლი შენს თვალში, თუ შესაძლებელია და თუ ღირსი ვარ,

45. გამომიცხადე, მეტია თუ არა მომავალი წარსულზე, ან თუ აღემატება განვლილი მომავალს?

46. რაც განვლილია, ვიცი; რაც მომავალია, არ ვუწყი.

47. მან მითხრა: დადექი მარჯვენა მხარეს და მსგავსების განმარტებას გამოგიცხადებ.

48. მეც დავდექი და დავინახვ: აჰა, ჩამიარა გავარვარებულმა ქურამ. ალმა რომ ჩაიარა, დავინახე, აჰა, დარჩა კვამლი.

49. შემდეგ ჩამიარა წყლით სავსე ღრუბელმა და მოვიდა მძაფრი წვიმა; წვიმამ რომ ჩაიარა, წვეთები დარჩა ღრუბელში.

50. და მითხრა: იფიქრე შენთვის: როგორც წვიმა აღემატება წვეთებს და ცეცხლი - კვამლს, ასე წარსულმა გადააჭარბა მომავალს; ხოლო წვეთები და კვამლი კი დარჩა.

51. ხოლო მე შევღაღადე და ვთქვი: როგორ ფიქრობ, მოვესწრები-მეთქი ამ დღეებს? ან რა იქნება-მეთქი მაშინ?

52. მიპასუხა და მითხრა: ნიშნები, რომლებზეც მეკითხები, ნაწილობრივ შემიძლია განგიმარტო; მაგრამ არა ვარ გამოგზავნილი იმისთვის, რომ შენს სიცოცხლეზე გელაპარაკო; რადგან არ ვიცი.


თავი მეხუთე

1. ახლა ნიშანთა თაობაზე: აჰა, მომავალი დღეები, როცა მიწის მკვიდრთ შეიპყრობს დიდი შიში, დაიფარება გზა ჭეშმარიტებისა და რწმენისაგან დაიცლება ქვეყანა.

2. გახშირდება უსამართლობა იმაზე მეტად, ვიდრე თავად ხედავ და ვიდრე ოდესმე გსმენია;

3. სამეფო, რომელსაც ახლა გამართულს ხედავ, უკაცრიელი და უვალი გახდება და გაუდაბურებულს იხილავენ.

4. თუ უზენაესი მოგანიჭებს სიცოცხლეს, ამას იხილავ მესამე საყვირის შემდეგ; უეცრად გაანათებს მზე ღამეს და დღეში სამჯერ გამოჩნდება მთვარე.

5. ხიდან იწვეთებს სისხლი და ქვა გამოიღებს ხმას, და შეძრწუნდებიან ხალხები.

6. გამეფდება, ვისაც არ ელოდნენ მიწის მკვიდრნი, და ერთად გადაიხვეწებიან ფრინველები.

7. სოდომის ზღვა გამორიყავს თევზებს და ხმას გამოსცემს ღამე, რასაც ბევრი ვერ მიხვდება, თუმცა მის ხმას ყველა გაიგონებს.

8. იქნება აღრეულობა მრავალ ადგილას და ხშირად მოევლინებათ ცეცხლი და ველური მხეცები გადაიხვეწებიან და დედათა წესში მყოფნი ურჩხულებს დააჩენენ.

9. მტკნარი წყლები მლაშედ იქცევა და მეგობრები გადაეკიდებიან ერთმანეთს; მაშინ დაიფარება გონება და განცალკევდება სიბრძნე თავის სამყოფელში.

10. ბევრი დაუწყებს მას ძებნას და ვერ იპოვის და გახშირდება უსამართლობა და ძალადობა დედამიწის ზურგზე.

11. შეეკითხება ქვეყანა თავის მეზობელს და ეტყვის: ხომ არ გამოუვლია შენზე სამართლიანობას ან სამართლისმყოფელსო? არაო, მიუგებს.

12. მოხდება იმხანად, რომ ადამიანებს ექნებათ იმედი, მაგრამ ვერაფერს მიაღწევენ: იშრომებენ, მაგრამ ვერ წარემართებათ გზები.

13. ნება მომეცა, რომ ეს ნიშნები გაგიმხილო. და კვლავაც თუ ილოცებ, იტირებ, როგორც ახლა, და იმარხულებ შვიდ დღეს, მოისმენ ამაზე მეტსაც.

14. გამოვფხიზლდი და ტანი მიცახცახებდა; ისე იყო დამაშვრალი ჩემი სული, ლამის წამსვლოდა.

15. მაშინ შემეწია ანგელოზი, რომელიც მომევლინა, რომელიც მელაპარაკებოდა, გამამხნევა და ფეხზე დამაყენა.

16. მეორე ღამეს იყო, რომ მომევლინა სალათიელი, ხალხის წინამძღოლი და მითხრა: სად იყავი და რად გაქვსო მწუხარე სახე;

17. ნუთუ არ იცი, რომ შენზეა მონდობილი ისრაელი თავისი გადასახლების ქვეყანაში?

18. მაშ, ადექი და იგემე პური და ნუ გაგვწირავ, როგორც მწყემსი თავის ფარას ბოროტი მგლების ხელში.

19. ვუთხარი: განვედი ჩემგან და ნუ მომიახლოვდები-მეთქი. მან გაიგონა ჩემი ნათქვამი და გამეცალა.

20. შვიდ დღეს ვმარხულობდი, მგლოვარე და მოტირალი, როგორც მიბრძანა ურიელ ანგელოზმა.

21. შვიდი დღის შემდეგ იყო, რომ კვლავ დამიმძიმდა გულის ფიქრები.

22. მაშინ კვლავ მიიღო ჩემმა სამშვინველმა გონების სული და კვლავაც ღირსი შევიქენი საუბრისა უზენაესის წინაშე.

23. ვთქვი: მბრძანებელო უფალო, დედამიწის ტყეებისა და მის ხეთა შორის შენ ერთადერთი ვაზი აირჩიე;

24. დედამიწის ყველა ადგილს შორის ერთი მღვიმე აირჩიე, დედამიწის ყველა ყვავილს შორის ერთი შროშანი აირჩიე,

25. ზღვის ყველა უფსკრულიდან ერთი მდინარე აივსე შენთვის, ყველა აშენებულ ქალაქს შორის სიონი აკურთხე შენთვის,

26. ყველა შექმნილ ფრინველს შორის ერთადერთი მტრედი დაასახელე, შენ მიერ გამოსახულ ყველა პირუტყვს შორის ერთი ცხვარი განიკუთვნე,

27. ყველა მრავალრიცხოვან ხალხს შორის ერთი ხალხი შეიძინე და ყველასგან მოწონებული რჯული მიეცი ხალხს, რომელიც შეიყვარე.

28. მაგრამ ახლა, უფალო, ერთი მრავალს რად ჩაუგდე ხელში? ერთ ძირზე სხვები გაგიმზადებია და მრავალში გაგიფანტავს შენი ერთადერთი.

29. ფეხით გათელეს იგი მათ, ვინც ეწინააღმდეგებოდნენ შენს აღთქმებს, ვისაც არ სწამდა შენი დაპირებებისა.

30. თუ ასე შეიძულე შენი ხალხი, ბარემ შენი ხელითვე დაისაჯოს.

31. ამ სიტყვებს რომ ვამბობდი, მომევლინა მე ანგელოზი, რომელიც წინა ღამით იყო ჩემთან მოსული.

32. მითხრა: მისმინე და დაგარიგებ; ყური მიგდე და უფრო მეტს გეტყვი.

33. ვთქვი: ილაპარაკე-მეთქი, ჩემო უფალო. მითხრა: მეტისმეტად ბევრს ფიქრობ ისრაელზე. ნუთუ შენს შემოქმედზე მეტად გიყვარს?

34. ვუთხარი: არა, უფალო, შეწუხებული ვლაპარაკობ-მეთქი. რაკი ყოველწამს ნაწლავები მიშფოთავს უზენაესის ბილიკთა შეცნობის მოწადინეს, მისი სამართლის თუნდაც მცირედი წილის მაძიებელს-მეთქი.

35. მითხრა: ვერ შეძლებ. ვკითხე: რატომ-მეთქი, უფალო? რისთვის გავჩნდი, ან რად არ მექცა დედაჩემის საშო საფლავად, რომ იაკობის ტანჯვა და ისრაელის მოდგმის ჭაპანწყვეტა არ მეხილა-მეთქი?

36. მითხრა: დამითვალე, რაც ჯერ არ შემოსულა, შემიგროვე გაბნეული წვეთები, და ხელახლა ამიმწვანე დამჭკნარი ყვავილები,

37. გამიღე დაკეტილი საცავები და გამომიყვანე მათში ჩამწყვდეული ქარები, მაჩვენე ხმის ხატი და მეც გიჩვენებ ტანჯვას, რომლის ხილვასაც ითხოვ.

38. ვთქვი: მბრძანებელო უფალო, ვინ არის ის, ვისაც ამის ცოდნა ძალუძს, თუ არა იგი, ვისაც არა აქვს ადამიანებთან სამკვიდრებელი?

39. მე კი უმეცარმა რა გიპასუხო შენს შეკითხვებზე?

40. მითხრა: რაკი ერთიც ვერ შეასრულე ამ ნათქვამებიდან, ასევე ვერ შესძლებ ჰპოვო ჩემი სამართალი ან ის საბოლოო მადლი, რომელიც ხალხს აღვუთქვი.

41. ვთქვი: მაგრამ, აჰა, უფალო, შენ ახლოს ხარ მათთან, ვინც ბოლოში არიან, მაგრამ რა ქნან მათ, ვინც ჩემამდე იყვნენ, ან ჩვენ, ან მათ, ვინც ჩვენ შემდეგ იქნებიან?

42. მითხრა: გვირგვინს მივამსგავსებ ჩემს სამართალს, არც უახლესთა დაყოვნება იქნება, არც წინათა სისწრაფე.

43. ვუპასუხე და ვთქვი: ნუთუ ვერ შეძლებ ერთად ქმნა ყველა, ვინც ყოფილა, ვინც არის და ვინც იქნება, რათა უფრო სწრაფად გააცხადო შენი სამართალი?

44. მიპასუხა და თქვა: არ შეუძლია ქმნილებას შემოქმედზე უფრო აჩქარდეს; ვერც წუთისოფელი აიტანს ერთიანად ყველაფერს, რაც მასშია შესაქმნელი.

45. ვთქვი: მაშ, როგორ უთხარი შენს მორჩილს, რომ შენ, ცხოველმყოფელმა, ერთბაშად მიანიჭე სიცოცხლე შენს ქმნილებას და აიტანა ეს ქმნილებამ. ახლაც შეძლებდნენ ერთბაშად ამის ატანას ამჟამად არსებულნიც.

46. მითხრა: ჰკითხე დედაკაცის საშოს და უთხარი: თუკი ბადებ, რაღა ჟამიდან ჟამზე ბადებ-თქო? მოსთხოვე, ბარემ ათივე ერთბაშად გააჩინოს.

47. ვთქვი: ვერაფრით შეძლებს, მხოლოდ დროგამოშვებით თუ შესძლებს-მეთქი.

48. მითხრა: და მეც მივეცი იმათ მიწის საშო, ჟამიდან ჟამზე რომ ითესებიან მასში.

49. როგორც ჩვილს არ შეუძლია შობა და არც მოხუცებულს, ასევე განვაწესე მე ჩემი შექმნილი წუთისოფელი.

50. შევეკითხე და ვთქვი: რაკი გზას მაძლევ, ამას გეტყოდი: ჩვენი დედა, ვისზეც მელაპარაკე, ჯერაც ახალგაზრდაა, თუ სიბერეში შევიდა უკვე?

51. მიპასუხა და თქვა: ჰკითხე მას, ვინც ბადებს და გეტყვის.

52. უთხარი: რატომ არ გვანან ისინი, ვინც ახლახან გააჩინე, წინათ გაჩენილებს? რატომ არიან უფრო ტანმორჩილნი-თქო?

53. თავად გეტყვის: სხვანი არიან ისინი, ვინც ჭაბუკური ძალით გავაჩინე და სხვანი არიან, ვინც სიბერის ხანაში, საშოს დაუძლურებისას იშვნენ.

54. თავად განსაჯე: თქვენ ხომ მათზე ტანმორჩილნი ხართ, ვინც თქვენს წინ იყვნენ.

55. შენი შემდგომნი კი შენზე კნინები იქნებიან, როგორც ქმნილებანი დაბერებულთა და სიჭაბუკის ძალაგამოცლილთა. მაშინ ვთქვი: გთხოვ, უფალო, თუკი მადლი ვპოვე შენს თვალში, აჩვენე შენს მორჩილს, როგორ ეცხადები შენს ქმნილებას?


თავი მეექვსე

1. მითხრა: დედამიწის დასაბამიდან, ვიდრე აღიმართებოდა სამყაროს კარიბჭენი, ვიდრე ერთიანად იქროლებდნენ ქარები,

2. ვიდრე გაისმებოდა ქუხილის ხმები, ვიდრე აკაშკაშდებოდა ელვა, ვიდრე გამყარდებოდა სამოთხის საფუძველნი,

3. ვიდრე გამოჩნდებოდა ყვავილთა მშვენება, ვიდრე შეწყდებოდა ძალთა ძვრანი, ვიდრე თავს მოიყრიდა ანგელოზთა უთვალავი ლაშქარი,

4. ვიდრე აიზიდებოდა ჰაერის სიმაღლე, ვიდრე სახელი დაერქმეოდა ცამყართა საზომებს, ვიდრე გაჩაღდებოდა სიონში კერები,

5. ვიდრე აღირაცხებოდა არსებული წლები, ვიდრე გაუცხოვდებოდა იმათი გამონაგონნი, ვინც ახლა სცოდავს, ვიდრე დაიბეჭდებოდნენ რწმენის დამცველნი,

6. მაშინ ჩავიფიქრე და შეიქმნენ ჩემს მიერ, არა სხვის მიერ და ბოლოც ჩემს მიერ, არა სხვის მიერ.

7. ვიკითხე და ვთქვი: რა იქნება დროთა გამიჯვნა? ან როდის დადგება წინანდელის ბოლო და მომდევნოს დასაწყისი?

8. მითხრა: აბრაამიდან ისაკამდე, როცა იშვნენ მისგან იაკობი და ესავი, დასაბამითვე იაკობის ხელს ეჭირა ესავის ქუსლი.

9. ამიტომ ამ წუთისოფლის ბოლოა ესავი, ხოლო იაკობი - მომდევნოს დასაბამი.

10. რადგან ადამიანის დასაბამი მისი ხელია, ადამიანის ბოლო კი მისი ქუსლი. სხვას ნურაფერს ეძიებ, ეზრა.

11. ვუპასუხე და ვთქვი: მბრძანებელო უფალო, თუკი მადლი ვპოვე შენს თვალში,

12. გევედრები, უჩვენო შენს მორჩილს იმ შენი ნიშნების ბოლო, რომელთა ნაწილიც გუშინ ღამით განმიცხადე.

13. მიპასუხა და მითხრა: დადექი ფეხზე და ისმინე გრგვინვით აღსავსე ხმა,

14. და იქნება ძვრასავით, ჩემგან შეირყევა ადგილი, სადაც დგახარ.

15. ვიდრე ხმა ლაპარაკობს, ნუ გეშინია, რადგან დასასრულზეა სიტყვა და მიწის საფუძველი იგულისხმება.

16. რადგან ამათ შესახებ არის ლაპარაკი, მიწაც შეირყევა და შეიძვრის; რადგან იცის, რომ უნდა შეიცვალოს მათი ბოლო.

17. როცა ეს გავიგონე, ფეხზე დავდექი და მომესმა: ხმა ლაპარაკობს და წყალდიდობასავით ისმის მისი ხმაური.

18. თქვა: აჰა, მოდის დღეები და როცა დავიწყებ მოახლოებას, რომ მოვიხილო მიწის მკვიდრნი,

19. როცა მიავკითხავ მათ, ვისაც უსამართლობით ბოროტება მოაქვს, როცა ზღვარს გადავა სიონის სიმდაბლე.

20. როგორც კი აღიბეჭდება წუთისოფელი, განსვლად გამზადებული, ამ ნიშნებს მოგივლენთ: გადაიშლება წიგნები ცამყარის წინაშე და ყველანი ერთად იხილავენ ამას.

21. ერთი წლის ჩვილები თავიანთი ხმით ამეტყველდებიან და ფეხმძიმენი გააჩენენ უდღეურ შვილებს სამ და ოთხ თვეზე, ცოცხლები დარჩებიან და გაიზრდებიან.

22. დათესილი ადგილები უეცრად დაუთესავად გამოჩნდება და სავსე საცავები უეცრად ცარიელები აღმოჩნდებიან.

23. ხმამაღლა ახმიანდება საყვირი და, ვინც კი გაიგონებს, ყველა შეძრწუნდება.

24. ისე მოხდება იმხანად, რომ მტრებივით წაეკიდებიან ერთმანეთს მეგობრები და შეძრწუნდება ამის გამო მიწა; და წყაროთა ნაკადულები დადგება და სამ საათსაც არ იდენს წყალი.

25. ყველა, ვინც გადაურჩება ამ ამბებს, რაც გიწინასწარმეტყველე, თავად იხსნის თავს და იხილავს ხსნას ჩემგნით და თქვენი წუთისოფლის აღსასრულს.

26. იხილავენ გადარჩენილნი, რომელთაც შობითგან არ უგემიათ სიკვდილი, შეიცვლება მიწის მკვიდრთა გული და გუნება მათი გარდაიქმნება.

27. წარიხოცება ბოროტება და აღიგვება სიცრუე.

28. რწმენა კი აყვავდება და დაიძლევა ხრწნილება, გამოცხადდება ჭეშმარიტება, რომელიც უნაყოფოდ იყო ამდენი ხანი.

29. როცა მელაპარაკებოდა, აჰა, ვიგრძენი, რომ თანდათან რყევა დაიწყო მიწამ, სადაც ვიდექი.

30. მითხრა: მოვედი, რათა გიჩვენო ამაღამდელი ჟამი.

31. ხოლო თუ კვლავ ილოცებ და კვლავ შვიდ დღეს იმარხულებ, კვლავ გაუწყებ იმაზე მეტს, რაც გაუწყე იმ დღეს, როცა მოგისმინე.

32. შეწყნარებულ იქნა შენი ხმა უზენაესის წინაშე. იხილა ძლიერმა შენი სიწრფელე და განჭვრიტა შენი სათნოება, სიყმაწვილიდანვე რომ გჩვეოდა.

33. ამიტომ მომავლინა, რათა მეჩვენებინა შენთვის ეს ყველაფერი და მეთქვა: ირწმუნე და ნურაფრის გეშინია,

34. ნუ აჩქარდები პირველ ჟამთა ფუჭ საფიქრალზე, ნურც უკანასკნელ ჟამთა შეცნირას ნუ ესწრაფი.

35. ამის შემდეგ იყო, რომ კვლავ ტირილში და მარხვაში გავატარე შვიდი დღე, რათა შემესრულებინა სამი შვიდეული, როგორც მმართებდა.

36. მერვე ღამეს იყო, რომ კვლავ ამიფორიაქდა გული მკერდში და დავიწყე ლაპარაკი უზენაესის წინაშე.

37. რადგან სულზე ცეცხლი მეკიდა და ვიტანჯებოდი.

38. ვთქვი: უფალო, როცა ამეტყველდი შესაქმის დასაბამიდან, პირველ დღეს წარმოთქვი: იყოს ცა და მიწა, და აღასრულა საქმე შენმა სიტყვამ,

39. იყო მაშინ სული და ირგვლივ წყვდიადი და დუმილი იდგა, ადამიანის ხმის ბგერა ჯერ არ იყო შენგნით,

40. მაშინ შენ ბრძანე, გამოტევებულიყო შენი საგანძურიდან ნათელი შენთა საქმეთა გამოსაჩენად.

41. მეორე დღეს შექმენი ცამყარის სული და უბრძანე მას, გაეყარა და დაენაწილებინა წყლები, რათა ნაწილი მათი ზემოთ ასულიყო, ნაწილი კი ქვევით დარჩენილიყო.

42. მესამე დღეს უბრძანე წყლებს შეგროვილიყვნენ დედამიწის მეშვიდედ ნაწილში, ექვსი ნაწილი კი დააშრე და შემოინახე რომ აქედან აღსრულებულიყო შენს წინაშე ღვთისგან დათესილი და ზრუნვილი მსახურება.

43. გამოვიდა შენი სიტყვა და უმალ საქმედ იქცა.

44. უეცრად გაჩნდა უთვალავი და ყოველგვარი გემოს ნაყოფი, ფერუცვლელი და უცხო სურნელების ყვავილები. მესამე დღეს შეიქმნა ეს ყოველივე.

45. მეოთხე დღეს ბრძანე, შექმნილიყო მზის ბრწყინვალება, მთვარის ნათელი და ვარსკვლავთა წყობა.

46. უბრძანე მათ, ემსახურათ ადამიანისთვის, რომელიც მომავალში უნდა გამოსახულიყო.

47. მეხუთე დღეს უბრძანე მეშვიდე ნაწილს, სადაც წყლები იყო დაგროვებული, წარმოექმნა ცხოველები, ფრინველვბი და თევზები, და იქმნა ასე.

48. და წყალიც, უტყვი და უსულო, ღვთის ნების მორჩილი, ქმნიდა ცხოველებს, რათა ამით გაეცხადებინათ შენი სასწაულები ხალხებისთვის.

49. მაშინ შენ შემოინახე ორი არსება - ერთს სახელად უწოდე ჰენოქი, ხოლო მეორეს უწოდე სახელად ლევიათანი.

50. გამოაცალკევე ისინი ერთურთისგან, რადგან ვერ შეძლებდა მეშვიდე ნაწილი, სადაც წყლები იყო შეგროვილი, მათ დატევას.

51. მიეცი ჰენოქს ერთი ნაწილი, რომელიც მესამე დღეს გაშრა, რათა ეცხოვრა იქ, სადაც ათასი მთაა.

52. ლევიათანს კი მიეცი მეშვიდე ნაწილი, წყლიანი, და შემოინახე იგი შთასანთქმელად მისთვის, ვისაც ინებებ და როცა ინებებ.

53. მეექვსე დღეს კი უბრძანე მიწას, შეექმნა შენს წინაშე საქონელი, ნადირი და ქვეწარმავალნი.

54. ამათ შემდეგ კი - ადამი, რომელიც დაადგინე ყოველი შენი ქმნილების წინამძღოლად და მისგან გამოვდივართ ჩვენ ყველანი - ხალხი, რომელიც შენ აირჩიე.

55. ეს ყველაფერი ვთქვი შენს წინაშე, უფალო, რადგან ჩვენთვის შექმენი ეს წუთისოფელი.

56. ხოლო დანარჩენ ხალხებს, ადამისგან წარმოშობილთ, უთხარი, რომ არარანი არიან ისინი, და ნერწყვის მსგავსნი არიან, ჭურჭლიდან გადმოცვენილ წვეთებს მიამსგავსე მათი სიმრავლე.

57. ახლა კი, უფალო, სწორედ ეს ხალხები, არარაობად რომ არიან შერაცხილნი, იწყებენ ჩვენზე მომძლავრებას და ჩვენს შთანთქმას.

58. ჩვენ კი, შენი ერი, პირმშოს, მხოლოდშობილს, შენს მოშურნეს რომ გვიწოდებ, ჩავარდნილნი ვართ მათ ხელში.

59. და თუ ჩვენთვის არის შექმნილი ეს წუთისოფელი, რატომ არ ვფლობთ მემკვიდრეობას ამ წუთისოფელთან ერთად? როდემდის იქნება ასე?


თავი მეშვიდე

1. ამ სიტყვების თქმა რომ დავასრულე, მომევლინა მე ანგელოზი, რომელიც წინა ღამეებში მევლინებოდა.

2. მითხრა: ადექი, ეზრა, და ისმინე სიტყვები, რომელთა სათქმელადაც მოვედი შენთან.

3. ვთქვი: ბრძანე, ჩემო ღმერთო. მითხრა: ზღვა გაშლილ ადგილზე მდებარეობს, რათა ღრმა იყოს და განუზომელი.

4. მაგრამ შესასვლელი მისი ვიწრო ადგილასაა მოთავსებული, მდინარის მსგავსია.

5. თუ სურს ვინმეს შეაღწიოს ზღვაში და იხილოს, ან დაიმორჩილოს იგი, ვიწროში თუ არ გაიარა, ფართო წყლებში გასვლას როგორ შეძლებს?

6. ასევე სხვაც: აშენებულია ქალაქი, დაბლობ ადგილას მდებარეობს იგი, და ყოველგვარი სიკეთით არის აღსავსე.

7. მაგრამ მისადგომი მისი ვიწროა და ციცაბოზე მდებარეობს, რათა მარჯვნივ ცეცხლი იყოს, მარცხნივ კი ღრმა წყალი.

8. მათ შორის ერთადერთი ბილიკი გადის, ცეცხლსა და წყალს შორის, და ერთი კაცის ტერფს თუ დაიტევს.

9. როგორ მიიღოს კაცმა სამემკვიდრეოდ მიცემული ქალაქი, თუ წინდაგებულ ხიფათს არ გაივლის?

10. ვთქვი: ასეა, უფალო. მითხრა: ასეა ისრაელის წილიც.

11. რადგან მათთვის შევქმენი წუთისოფელი, და როცა ადამი განუდგა ჩემს მცნებებს, მსჯავრი დაედო მას, რაც შეიქმნა.

12. დავიწროვდა ამ წუთისოფლის შესასვლელები, შეიქნა გამტანჯველი და სამძიმო, ბოროტებითა და ფათერაკებით სავსე და დიდ ჯაფას მოითხოვს.

13. მაგრამ უფრო დიდი წუთისოფლის შესასვლელები ფართოა და უხიფათო, და უკვდავების ნაყოფის გამომღებია.

14. ამიტომ, თუ ცოცხლები არ გაივლიან ამ ვიწროებს, ვერ მიიღებენ იმას, რაც დაცულია მათთვის.

15. ახლა რისთვის შფოთავ, ხრწნადი რომ ხარ? და რად გაწუხებს, მოკვდავი რომ ხარ?

16. რატომ არ გულისხმაყოფ მომავალს, არამედ მხოლოდ იმას, რაც აწმყოშია?

17. ვუპასუხე და ვთქვი: მბრძანებელო, უფალო, აჰა, შენ დაადგინე შენი რჯულით, რომ ამას ყველაფერს მართალნი დაიმკვიდრებენ, უკეთურნი კი დაიღუპებიან.

18. რადგან მართალნი დაითმენენ ვიწროებს ფართოს იმედით; ხოლო ვინც უკეთურებას სჩადის, თუმცა ვიწროებს კი გაივლის, მაგრამ ფართოს მაინც ვერ იხილავს.

19. მითხრა: არ არსებობს მსაჯული ღმერთზე აღმატებული, არც ბრძენი, უზენაესზე აღმატებული.

20. დაიღუპებიან აწმყონი მრავალნი, რადგან უგულებელყოფილია მათ წინ დადებული ღვთის რჯული.

21. რადგან ასწავლა ღმერთმა მომსვლელთ, როცა მოვიდნენ, რისი კეთებაც მართებთ მათ, რათა ეცოცხლათ, და რისი დაცვა, რათა არ დასჯილიყვნენ.

22. მაგრამ არ დამორჩილდნენ ისინი, შეეწინააღმდეგნენ მას და თავისი ჭკუით დაადინეს ჭეშმარიტება.

23. მოიგონეს თავისთვის ტყუილები, არარსებულად გამოაცხადეს უზენაესი და არ სცნეს მისი გზები,

24. შეიძულეს მისი რჯული და უარყვეს მისი აღთქმანი, არ ირწმუნეს მისი რჯულდებები და არ ასრულებდნენ მის საქმეებს.

25. ამის გამო, ეზრა, ცარიელი ცარიელთათვის არის და სავსე - სავსეთათვის.

26. აჰა, დადგება ჟამი და მოვა ნიშნები, მე რომ წინასწარ გაუწყე: გამოჩნდება სძალი და მისი გამოჩენისას გამოცხადდება, რაც მიწით არის დაფარული.

27. და ყველა, ვინც თავს დააღწევს წინასწართქმულ ბოროტებებს, თავად იხლავს ჩემს სასწაულებს.

28. გამოცხადდება ჩემი ძე იესო იმათთან ერთად, ვინც მასთან არიან, და გაიხარებენ, ვინც გადარჩება, ოთხასი წელი.

29. გავა ეს წლები და მოკვდება ჩემი ძე ქრისტე და ყველა სუნთქვის მქონებელი ადამიანი.

30. და მიიქცევა წუთისოფელი დასაბამიერ დუმილად შვიდი დღე, როგორც ძველთაგანვე იყო დადგენილი, ისე რომ, აღარავინ დარჩება.

31. შვიდი დღის შემდეგ აღდგება წუთისოფელი, ჯერ კიდევ გამოუფხიზლებელი, და დაიღუპება, რაც ხრწნადია.

32. მიწა გასცემს, რასაც სძინავს მასში, და მტვერს, რომელიც მდუმარედ ასვენია მასში, და საცავნიც გასცემენ მათთვის მინდობილ სულებს.

33. გამოცხადდება უზენაესი სამსჯავრიას ტახტზე და გაიფანტება ცოდო-ბრალნი და სულგრძელობა შენივთდება.

34. დარჩება ერთადერთი სამსჯავრო, დამყარდება ჭეშმარიტება და განმტკიცდება რწმენა.

35. გაჰყვება მას საქმე და გამოჩნდება საზღაური, იფხიზლებს სამართალი და ვეღარ იმძლავრებს უსამართლობა.

36. ვთქვი: პირველმა აბრაამმა ილოცა სოდომელებისათვის, მერე მოსემ ჩვენი მამა-პაპისთვის, რომლებმაც უდაბნოში შესცოდეს;

37. მის მერე - ისრაელისთვის იმათ, ვინც იყვნენ ახაზისა და სამუელის ხანაში;

38. დავითმა განადგურების გამო, სოლომონმა კი მათთვის, ვინც ტაძრის საკურთხებლად მოვიდნენ;

39. ელიამ მათთვის, ვინც წვიმა მიიღო, და მკვდრისთვის, რათა ეცოცხლა;

40. ეზეკიამ ხალხისთვის სანქერიბის დღეებში და მრავალმა მრავალთათვის.

41. თუ მაშინ, როცა მომძლავრებული იყო ხრწნადი და უსამართლოებანი მომრავლებული, ილოცეს მართლებმა უკეთურთათვის, ახლაც რატომ არ უნდა იყოს ასე?

42. მიპასუხა და თქვა: ამჟამინდელი წუთისოფელი არ არის ბოლო, დიდება იშვიათია მასში; ამიტომ ლოცულობდნენ უძლურთათვის.

43. განკითხვის დღე იქნება დასასრული ამ დრო-ჟამისა და დასაბამი მომავალი უკვდავებისა, როცა გაივლის ხრწნადი.

44. მოისპობა სიამპარტავნე, ამოიკვეთება ურწმუნოება, გაძლიერდება სამართალი, ამობრწყინდება ჭეშმარიტება.

45. მაშინ კი ვეღარავინ შესძლებს დასაღუპავის გადარჩენას, და არც გამარჯვებული გაიწირება. ვუპასუხე

46. და ვთქვი: ეს არის ჩემი სიტყვა - პირველი და უკანასკნელი: სჯობდა არ მიგეცა მიწა ადამისთვის, და თუ აძლევდი, ცოდვისგანაც დაგებრკოლებინა.

47. რას არგებს ადამიანს მწუხარებაში ცხოვრება, თუ სიკვდილს შემდეგ სასჯელს მოელის?

48. ვაი, რა ჩაიდინე, ადამ! შენ შესცოდე, მაგრამ მხოლოდ შენი კი არ არის ეს ცოდვა, არამედ ჩვენიც არის, ვინც შენგან გამოვდივართ.

49. რას გვარგებს ჩვენ აღთქმული უკვდავება, როცა მოკვდავ საქმეებს ვაკეთებთ?

50. რადგან მარადიული იმედია აღთქმული ჩვენთვის, ჩვენ კი, საცოდავნი ამაოებაში ვართ.

51. რადგან ცხოველმყოფელი და უზრუნველი სამკვიდრებელია ჩვენთვის შემონახული, ჩვენ კი ბოროტებისკენ ვართ მიქცეულნი.

52. რადგან უზენაესის დიდებაა შემონახული, ძნელად მიქცეულთა გადასარჩენად, ჩვენ კი უკეთური გზებით დავდივართ.

53. რადგან გვეცხადება სამოთხე, რომლის ნაყოფი უხრწნელად ინახება, სადაც სიმრთელე და კურნება სუფევს,

54. ჩვენ კი არ შევდივართ იქ, არამედ უამური ადგილებისკენ ვართ მიქცეულნი.

55. რადგან ვარსკვლავებზე მეტად ბრწყინავენ მათი სახეები, ვინც თავშეკავებულ ცხოვრებას მისდევდა, ჩვენი სახეები კი წყვდიადზე უშავესია.

56. არ ვფიქრობთ ცოცხლები, როცა უსამართლობას ჩავდივართ, რა განსაცდელი მოგველის სიკვდილის შემდეგ.

57. მიპასუხა და თქვა: ეს არის ფიქრი ბრძოლაზე, რომელიც უნდა გამართთას ყოველმა ადამიანმა, ამქვეყნად შობილმა.

58. თუ დამარცხდა, ისე დაიტანჯება, როგორც შენ თქვი; თუ გაიმარჯვა, იმას მოიხვეჭს, რასაც მე გეუბნები.

59. რადგან ეს არის სიცოცხლე, რაც მოსემ ასწავლა ხალხს; ვიდრე ცოცხალი იყო, ეუბნებოდა: აირჩიე სიცოცხლე, რათა იცოცხლო.

60. მაგრამ არც მას დაუჯერეს და არც მის მერე მოვლენილ წინასწარმეტყველთ; არც მე, რომელიც ველაპარაკე მათ.

61. რადგან არ იქნება მწუხარება მათი დაღუპვის გამო, სიხარული კი იქნება მათ გამო, რომელთაც გაინაღდეს ხსნა.

62. ვუპასუხე და ვთქვი: ვიცი, უფალო, რადგან გულმოწყალე ეწოდება უზენაესს იმისთვის, რომ შეწყალებული ჰყავს ისინი, ვინც ჯერ კიდევ არ შემოსულან ამ წუთისოფელში.

63. და რომ შეიწყალა ისინი, ვინც მოიქცა მისი რჯულისკენ.

64. რომ დიდსულოვანია, რადგან დიდსულოვნებას იჩენს ცოდვილისადმი, როგორც თავისი ქმნილებისადმი.

65. რომ უხვია იგი, რადგან გასცემს, როცა ითხოვენ.

66. რომ სავსეა გულმოწყალებით, რადგან უხვად იჩენს გულმოწყალებას მათ მიმართ, ვინც არიან, ვინც იყვნენ წინათ და ვინც მომავალში იქნებიან.

67. თუ არ გამოაჩინა უხვად თავისი გულმოწყალება, სიცოცხლე მოესწრაფება წუთისოფელს და მის მკვიდრთ.

68. რომ გასცემს იგი, რადგან რომ არ გასცემდეს იგი თავისი სიკეთით, რათა ცოდვები შეუმსუბუქოს ცოდვილთ, ადამიანთა მეათიათასედიც კი ვერ იცოცხლებდა თავიანთი ცოდვების გამო.

69. რომ მსაჯულია იგი და თუ არ მიუტევა მათ, ვინც მისი სიტყვით არიან შექმნილნი, და თუ არ წარხოცა მათი ცოდვების სიმრავლე, უმცირესი ნატამალი თუ გადარჩებოდა ადამიანთა აურაცხელი სიმრავლიდან.


თავი მერვე

1. მიპასუხა და თქვა: უზენაესმა ეს წუთისოფელი მრავალთა გულისთვის შექმნა, მომავალი კი - მცირედთა გულისთვის.

2. ერთ იგავს გეტყვი, ეზრა: თუ შეეკითხები მიწას, გეტყვის, რომ უამრავი თიხაა მიწაში ჭურჭლის საკეთებლად, მაგრამ მცირედზე მცირეა მტვერი, საიდანაც ოქრო გამოდის. ასეთია ჩვენი წუთისოფლის საქმეც.

3. ბევრია შექმნილი, მაგრამ მცირედნი გადარჩებიან.

4. ვუპასუხე და ვთქვი: შეისრუტე, სულო, აზრი და შთანთქე, რაც საცოდნელია.

5. მორჩილი უნდა იყო წინასწარმეტყველების მსურველი. სხვა ასპარეზი არ არის მოცემული შენთვის, გარდა ერთი ცხოვრებისა.

6. მიეცი, უფალო, ნება შენს მორჩილთ, რომ ილოცონ შენ წინაშე, ჩაგვიდევი გულში თესლი და გაგვიღივე რომ გამოიღოს ნაყოფი, რომლის წყალობითაც უნდა იცოცხლოს ყოველმა მოკვდავმა, ვინც ადამიანის ხატს ატარებს.

7. შენ ხომ ერთადერთი ხარ და ჩვენც შენს ხელთა ერთი ქმნილება ვართ, როგორც ნათქვამი გაქვს.

8. დედის საშოში ისახება სხეული და შენ ანიჭებ მას ნაკვთებს; ინახება ცეცხლსა და წყალში შენი შექმნილი და ცხრა თვეს უძლებს შენივე გამოსახული საშო შენს ქმნილებას, რომელიც მასში შეიქმნა.

9. თავად ის, რაც ინახავს, და ისიც, რაც ინახება, ორივენი შენახული იქნება; ხოლო შენახულს ოდესმე ხელახლა მიიღებს საშო, ყველაფერს, რაც მასში აღორძინდა.

10. შენ ბრძანე, რომ თავად სხეულის ნაკვთთაგან, ანუ ძუძუთაგან, მოგვეცეს, რძე ძუძუთა ნაყოფი.

11. რათა იკვებებოდეს ერთხანს, რაც გამოსახულია, შემდეგ კი შენს გულმოწყალებას მიანდობ მას.

12. შენ აღზარდე იგი შენი სამართლით, მოძღვრავდი მას შენი რჯულით და არცხვენდი შენი სიბრძნით.

13. შენ მოაკვდინებ მას, რადგან შენი ქმნილებაა, და შენ გააცოცხლებ მას, რადგან შენია.

14. თუკი დაღუპავ ამდენი შრომით გამოსახულს, ადვილი იქნებოდა შენი ბრძანებითვე გადარჩენილიყო შენი ქმნილება.

15. ახლა კი ვიტყვი, უფალო, მთელ კაცთა მოდგმაზე, რომელიც შენ უკეთ უწყი, შენს ხალხზე, რომლის გამო ვიტანჯები.

16. შენს წილხვედრილზე, რომელსაც ვგლოვობ, ისრაელზე, რომლის გამო შეჭირვებული ვარ, იაკობზე, რომლის გამო ვიტანჯები;

17. ამიტომ ვიწყებ ლოცვას შენს წინაშე ჩემთვის და მათთვის, რადგან ვხედავ ცოდვებს ჩვენსას, ვინც მიწაზე ვსახლობთ.

18. მაგრამ გავიგე სიჩქარე მსაჯულისა, რომელიც მოდის.

19. ამიტომ ისმინე ჩემი ხმა და გაიგე ჩემი სიტყვა, და ვილაპარაკებ შენს წინაშე.

20. ეზრას სიტყვათა დასაწყისი, ვიდრე წაიყვანდნენ. ვთქვი: უფალო, რომელიც მკვიდრობ საუკუნოდ, რომლის თვალები მაღლისკენაა მიმართული,

21. რომლის ტახტიც ფასდაუდებელია და დიდება მიუწვდომელი, ვისაც ანგელოზთა ლაშქარი ახლავს ზარდამცემი,

22. და ქარისა და ცეცხლის სახით ემსახურება, რომლის სიტყვა ჭეშმარიტია და ნათქვამი გარდაუვალი,

23. რომლის ბრძანება მტკიცეა და განკარგულება საშინელი, რომლის მზერა უფსკრულებს აშრობს და რისხვა მთებს ადნობს, და რომლის ჭეშმარიტება დამოწმებულია.

24. ისმინე ლოცვა შენი მორჩილისა და ყურადიღე ვედრება შენი ქმნილებისა.

25. ვიდრე ცოცხალი ვარ, ვილაპარაკებ, და ვიდრე გაგების უნარი შემრჩენია, გიპასუხებ.

26. ნუ შეხედავ შენი ხალხის შეცოდებებს, არამედ იმათ მოხედე, ვინც ჭეშმარიტებით გემსახურებოდა.

27. ნუ უყურებ ხალხთა უღვთო საქციელს, არამედ იმათ უყურე, ვინც ტანჯვა-წამებით იცავდნენ შენს აღთქმებს.

28. ნუ ფიქრობ მათზე, ვინც უკუღმართად იქცეოდა შენს თვალწინ, არამედ ისინი გახსოვდეს, ვინც ნებით აღიარეს შენი შიში.

29. ნუ მოისურვებ იმათ დაღუპვას, ვისაც პირუტყვის ზნე სჭირდათ; არამედ მოხედე იმათ, ვინც შენი დიდებული რჯული შეისწავლა.

30. ნუ აღგაშფოთებს ისინი, ვინც მხეცებზე უარესად ჩანან, არამედ ისინი შეიყვარე, ვისაც მუდამ სწამს შენი სამართალი და შენი დიდება.

31. რადგან ჩვენცა და ჩვენი მამა-პაპაც ამგვარი სენით ვართ დაუძლურებულნი; შენ კი ჩვენ ცოდვილთა გამო გულმოწყალედ იწოდები.

32. თუ შენ მოისურვე ჩვენი შეწყალება, ვისაც სამართლიანი საქმეები არ ჩაგვიდენია, მაშინ გულმოწყალედ მოიხსენები.

33. რადგან მართალნი, რომელთაც მრავალი საქმე აქვთ ჩადენილი, საკუთარ საქმეთათვის მიიღებენ საზღაურს.

34. მაგრამ რა არის კაცი, რომ აღშფოთდე მასზე? ან ხრწნადი მოდგმა, რომ ესოდენ გამწარდე მისგან?

35. სინამდვილეში არავინაა შობილთაგან ისეთი, ვინც უკეთურად არ მოქცეულიყოს, მორწმუნეთაგან ისეთი, ვისაც არ შეეცოდოს.

36. ამით გაცხადდება შენი სამართალი და შენი სიკეთე, უფალო, თუ მოწყალე იქნები მათ მიმართ, რომელთაც არა აქვთ კეთილ საქმეთა მარაგი.

37. მიპასუხა და თქვა: სწორად ამბობ ზოგ რამეს და შენი სიტყვები გამართლდება კიდეც.

38. რადგან ნამდვილად არ ვიფიქრებ იმათ ნასახზე, რომელთაც შესცოდეს სიკვდილამდე, სამსჯავრომდე, დაღუპვამდე;

39. არამედ გავიხარებ მართალთა შექმნით და გავიხსენებ მათ მწირობასაც, მათ ხსნას და საზღაურს.

40. როგორც ვთქვი, ისე იქნება.

41. როგორც მიწისმუშაკი თესავს თესლს მრავლად მიწაზე და აშენებს უამრავ ნარგავებს, მაგრამ რაც დათესილია, ყველა როდი გადარჩება, და რაც დარგულია, ყველა როდი მოიკიდებს ფესვს; ასევე ისინი, ვინც ამ წუთისოფელში არიან დათესილნი, ყველანი როდი გადარჩებიან.

42. ვუპასუხე და ვთქვი: თუ ვპოვე მადლი, ვილაპარაკებ.

43. როგორც მიწისმუშაკის დათესილი თესლი იღუპება, თუ არ აღმოცენდა, ან თუ დროულად არ მიიღო წვიმა, ან თუ ბევრი წვიმისაგან დალპა,

44. ასევეა ადამიანიც, რომელიც შენი ხელით არის გამოსახული და შენს ხატად იწოდება, რადგან შენი მსგავსია იგი, ვისთვისაც შექმენი ყოველივე და მიწისმუშაკის თესლს მიამსგავსე.

45. ნუ განრისხდები ჩვენზე, არამედ დაინდე შენი ხალხი და შეიწყალე შენი მემკვიდრეობა; რადგან შენი ქმნილებების შემწყალე ხარ.

46. მიპასუხა და თქვა: ყველაფერი, რაც აწმყოშია, აწმყოთათვის არის, და რაც მყოფადშია, მყოფადთათვის არის.

47. რადგან ბევრი რამ გაკლია იმისათვის, რომ ჩემზე მეტად შეიყვარო ჩემი ქმნილება; მე ხშირად მოვსულვარ ახლოს შენთან, უსამართლოებთან კი - არასდროს.

48. მაგრამ ამითაც საოცარი ხარ უზენაესის წინაშე,

49. რადგან დაიმდაბლე თავი, როგორც შეგეფერება, და არ მოითხოვე, მართალთა შორის მეტად განდიდებულიყავი.

50. რადგან ბევრი მწუხარება შეხვდებათ წუთისოფლის მკვიდრთ უკანასკნელ დროს იმის გამო, რომ მეტისმეტად ამპარტავნულად დადიოდნენ.

51. შენ კი შენს თავზე იფიქრე და შენს მსგავსთათვის ეძებე დიდება.

52. თქვენთვის ღიაა სამოთხის კარი, დარგულია სიცოცხლის ხე, გამზადებულია მომავალი ჟამი, გამზადებულია სიუხვე, აგებულია ქალაქი, მონიჭებულია შვება, სრულქმნილია სიკეთე და სრულქმნილია სიბრძნე.

53. ბოროტების ძირი დაბეჭდილია თქვენთვის, სენი და მატლი დაფარულია თქვენგან და ხრწნილება ქვესკნელში გადაიხვეწა დასავიწყებლად.

54. გაივლის სატანჯველი და ბოლოს გამოჩნდება უკვდავების საუნჯე.

55. ამიტომ ნუღარაფერს მკითხავ იმათ სიმრავლეზე, ვინც იღუპებიან,

56. რადგან მათაც მიიღეს თავისუფლება, მაგრამ მოიძულეს უზენაესი, არად ჩააგდეს მისი რჯული და მისი გზები მიატოვეს.

57. აქამდე ფეხით თელავენ მის მართალ ხალხს

58. და ამბობენ გულში: არ არსებობსო ღმერთი, თუმცა იცოდნენ, რომ მოკვდებოდნენ.

59. როგორც თქვენ მოგელით ის, რაც წინასწარ ითქვა, ასევე გამზადებულია მათთვის წყურვილი და წამება. უზენაესს არ სურს ადამიანის განადგურება,

60. მაგრამ თავად მისმა ქმნილებებმა წაბილწეს თავიანთი შემოქმედის სახელი, უმადურად მოექცნენ მას, ვინც სცოცხლე განამზადა მათთვის.

61. ამიტომაც ახლოვდება ჩემი სამსჯავრო.

62. არ გამიმჟღავნებია ეს ბევრისათვის, მხოლოდ შენ გაგიმჟღავნე და მცირეოდენთ, შენნაირებს. ვუპასუხე და ვთქვი;

63. აჰა, გამიმჟღავნე ახლა, უფალო, იმის ნიშნები, რის ქმნასაც აპირებ უკანასკნელ ჟამს, ოღონდ არ გამიმჟღავნო, როდის.


თავი მეცხრე

1. მიპასუხა და თქვა: შენ თავად გაზომე დრო და, როცა დაინახავ, რომ ჩავლილია წინასწარმოსწავებულ ნიშანთა ნაწილი,

2. მაშინ მიხვდები, რომ ეს სწორედ ის ჟამია, როცა მოიკითხავს უზენაესი წუთისოფელს, რომელიც მისგან არის შექმნილი.

3. როცა გამოჩნდება წუთისოფელში ადგილთა ძვრა და ხალხთა აღრევა,

4. მაშინ მიხვდები, თუ რატომ ლაპარაკობდა მათზე უზენაესი დღეთა დასაბამიდან, რაც შენამდე იყო.

5. როგორც ყველაფერს, რაც წუთისოფელშია შექმნილი, დასაბამი აქვს, ასევე დასასრულიც აქვს და დასასრული გამოცხადებულია.

6. ამგვარად, უზენაესის დრო-ჟამის დასაწყისნი გაცხადებულია სასწაულებითა და სიქველეებით, ხოლო დასასრულნი ქმედებითა და ნიშნებით.

7. ყველა, ვინც გადარჩება, ვინც შესძლებს თავდახსნას თავისი საქმეებითა და სარწმუნოებით, რომლის ერთგულიც იყო,

8. თავს დააღწევს წინასწარმოსწავებულ საფრთხეს და იხილავს ხსნას ჩემგნით; ჩემს ქვეყანაში და ჩემს მიწა-წყალზე, რომელიც ნაკურთხი მაქვს უკუნითიდან,

9. მაშინ შესაბრალისი იქნებიან ისინი, ვინც ახლა არად მიიჩნევენ ჩემს გზებს და სატანჯველში ჩაცვივდებიან, ვინც სიძულვილით გვერდი აუარეს.

10. თუმცა არ მცნობდნენ, მაგრამ სიცოცხლეში მაინც იღებდნენ წყალობას ჩემგან;

11. სძულდათ ჩემი რჯული, როცა ჯერ კიდევ ჰქონდათ თავისუფლება.

12. როცა ჯერ კიდევ ღია იყო მათთვის მონანიების ადგილი, მაინც არ შეიცნეს, არამედ უარყვეს ჩემი რჯული, მაშინ სიკვდილის შემდეგ სატანჯველში მოუხდებათ შემეცნება.

13. შენ კი მეტად ნუღარ გამოიკითხავ, თუ როგორ იტანჯებიან უკეთურნი, არამედ იკითხე, თუ როგორ და როდის გადარჩებიან მართალნი, რომლებისაც არის წუთისთუელი და რომელთა გულისთვისაც არსებობს წუთისოფელი.

14. ვუპასუხე და ვთქვი;

15. ადრე მითქვამს, ახლაც ვამბობ, და კვლავ ვიტყვი: დასაღუპად განწირულნი გადარჩენილებზე ბევრნი არიან,

16. როგორც ტალღაა მეტი წვეთზე. მიპასუხა და თქვა:

17. როგორიც ყანაა, თესლიც ისეთია; როგორიც ყვავილებია, ფერებიც ისეთივეა; როგორიც შემოქმედებაა, შექმნილიც ისეთივეა; როგორიც მიწისმუშაკია, ნახნავ-ნათესიც ისეთივეა. რადგან წუთისოფლის იყო ჟამი.

18. როცა მე წუთისოფლის გაჩენამდე, სადაც უნდა ეცხოვრათ, ვქმნიდი მათ, ვინც ახლა არიან, არავინ იყო ჩემი წინაღმდგომელი.

19. მაშინაც და ახლაც იქმნება ყოველი ამ გამზადებულ სამყაროში, სადაც სამკალის ნაკლებობა არ არის და სადაც დაცემულია ზნე რჯულის შესაცნობად.

20. გამოვიკვლიე წუთისოფელი და, აჰა, საფრთხე დავინახე, რომელიც წუთისოფელში შემოსულმა ფიქრებმა შექმნეს.

21. დავინახე და ძლიერ შემებრალა იგი, და შემოვინახე ჩემთვის ყურძნის ერთი მარცვალი და ერთი ნერგი მრავალი ტომიდან.

22. ასე დაიღუპნენ მრავალნი, უაზროდ შობილნი, და დარჩეს ჩემი ყურძენი და ჩემი ნერგი, რადგან დიდი შრომით სრულვყავი.

23. ხოლო შენ თუ დაჰყოფ კიდევ შვიდ დღეს, ოღონდ არ იმარხულებ,

24. გახვალ ყვავილოვან ველზე, სადაც სახლი არ დგას, და მხოლოდ ველის ყვავილებით ისაზრდოებ, პირს არ დააკარებ ხორცს და არ დალევ ღვინოს, მხოლოდ ყვავილებს შეჭამ,

25. განუწყვეტლივ ილოცებ უზენაესისადმი, მაშინ მეც მოგევლინები და დაგიწყებ ლაპარაკს.

26. გავედი, როგორც მითხრა, ველზე, რომელსაც ეწოდება არდათი, და ჩავჯექი იქ ყვავილებში. მინდვრის ბალახებით ვიკვებებოდი და საკმარისი იყო ჩემთვის ეს საჭმელი.

27. შვიდი დღის შემდეგ იყო, რომ თივაზე მწოლარეს წინანდებურად გულშეშფოთებულს,

28. გამეხსნა პირი, დავიწყე ლაპარაკი უზენაესის წინაშე და ვთქვი:

29. უფალო, ცხადად გამოგვეცხადე ჩვენ-ჩვენს მამა-პაპას უკაცრიელ, უნაყოფო უდაბნოში, როცა ეგვიპტიდან გამოდიოდნენ, და უთხარი:

30. მისმინე მე, ისრაელ და იაკობის მოდგმავ, ყურად იღე ჩემი სიტყვები.

31. აჰა, მე ვთესავ თქვენში ჩემს რჯულს, დაე, გამოიღოს თქვენში ნაყოფი და განდიდებულ იყოთ მასში საუკუნოდ.

32. კი მიიღო ჩვენმა მამა-პაპამ რჯული, მაგრამ არ შეინახა და ჩემი რჯულდებანი არ დაიცვა; მაინც არ დაღუპულა რჯულის ნაყოფი და ვერც დაიღუპებოდა, რადგან შენი იყო.

33. დაიღუპნენ რჯულის მიმღებნი და ვერშემნახველნი იმისა, რაც მათში იყო დათესილი.

34. აჰა, წესია, რომ როცა მიიღებს მიწა თესლს, ანდა ზღვა - ხომალდს, ანდა რაიმე ჭურჭელი - საჭმელს ან სასმელს, და განადგურდება ის, რაშიც დათესილია ან რაშიც ჩაშვებულია რაიმე,

35. ასევე განადგურდება ყოველი დათესილი ან ჩაშვებული, ან მოთავსებული; არაფერი შეგვრჩება მისგან; მაგრამ ჩვენთვის ასე არ ხდება.

36. ჩვენ, რჯულის მიმღებნი, მაგრამ ცოდვილნი დავიღუპებით, და დაიღუპება ჩვენი გულიც, რომელმაც რჯული მოითავსა.

37. მაგრამ რჯული არ იღუპება, არამედ რჩება თავის ძალაში.

38. როცა ამას ვამბობდი გულში, თვალი ავახილე და დავინახე ქალი მარჯვენა მხარეს, ტიროდა იგი და ხმამაღლა მოთქვამდა, ძლიერ სწუხდა სულით, ტანისამოსი შემოგლეჯილი ჰქონდა და ნაცარი ეყარა თავზე.

39. მოვეშვი ჩემს საფიქრალს და დავუწყე მას ლაპარაკი, და ვუთხარი:

40. რატომ სტირი? რა დარდი გაწუხებს-მეთქი? მითხრა:

41. დამანებე, ბატონო, რომ ვიტირო და დარდს მივცე თავი, რადგან მეტისმეტად გამწარებული მაქვს სული, დამდაბლებული ვარ მეტისმეტად.

42. ვუთხარი: რა შეგემთხვა? მითხარი-მეთქი. მითხრა:

43. უშვილო ვარ, შენი მონა-მორჩილი; ქმარი მყავს, მაგრამ, ოცდაათი წელია, ვერ გავაჩინე შვილი.

44. ყოველ ჟამს და ყოველ დღეს, მთელი ეს ოცდაათი წელი, დღითა და ღამით უზენაესს ვევედრებოდი,

45. და აჰა, აღსრულდა: ოცდაათი წლის შემდეგ შეიწყნარა ღმერთმა შენი მონა-მორჩილის ვედრება, იხილა ჩემი დამდაბლება, მოხედა ჩემს ტანჯვას და მაჩუქა ვაჟი; დიდად გავიხარეთ ამით მე და ჩემმა ქმარმა და ჩემმა მეზობლებმაც, და დიდ პატივს მივაგებდით ყოვლადძლიერს.

46. დიდი გაჭირვებით გავზარდე შვილი.

47. და როცა გაიზარდა იგი და წავიდა ცოლის მოსაყვანად, მეც დავნიშნე ქორწილის დღე.


თავი მეათე

1. თავის სანთიობოში რომ შევიდა ჩემი შვილი, დაეცა და მოკვდა.

2. გადმოვამხეთ ყველამ ლამპრები და ჩემი მეზობლები, ყველანი მოვიდნენ ჩემს სანუგეშებლად. და მეც მშვიდად ვიყავი მეორე დღის საღამომდე.

3. როცა ყველანი დამშვიდდნენ ჩემი ნუგეშისმცემლები, მე რომ მამშვიდებდნენ, ავდექი ღამით და გავიქეცი, და მოვედი, როგორც ხედავ, ამ ველზე.

4. გადავწყვიტე აღარ დავბრუნდე ქალაქში, არამედ აქ დავრჩე, არ ვჭამო, არც ვსვა, არამედ განუწყვეგლივ ვიტირო და ვიმარხულო სიკვდილამდე.

5. მოვეშვი ჩემს საფიქრალს და გაბრაზებულმა ვუპასუხე, ვუთხარი:

6. ყველა დედაკაცზე უბრიყვესო! ნუთუ ვერ ხედავ ჩვენს დარდს და რაც ჩვენ შეგვემთხვა?

7. რადგან სიონი, ჩვენი დედა, დარდით არის შეწუხებული, ყოველმხრივ დამცირებულია და მწარედ მოთქვამს.

8. რადგან ახლა ჩვენ ყველანი მოვთქვამთ და დამწუხრებულნი ვართ, რადგან ყველანი მწუხარენი ვართ, შენ კი მხოლოდ შენ შვილზე მწუხარებ?

9. შეეკითხე მიწას და გეტყვის, რომ მას მართებს გლოვა მის ამდენ ნაშიერზე, რომლებიც მის მკერდზე არიან დაცემულნი.

10. მისგან არიან ყველანი შობილნი დასაბამიდან და სხვანიც მოდიან; და, აჰა, თითქმის ყველანი დასაღუპად მიდიან და გასაწყვეტად არის განწირული მათი სიმრავლე.

11. მაშ, ვის უფრო მართებს მოთქმა, თუ არა მას, ვინც ესოდენი სიმრავლე დაკარგა, შენ კი ერთის დარდი გაქვს. თუ მეტყვი:

12. არა ჰგავს ჩემი სატირალი დედამიწის სატირალს, მე ხომ ჩემი მუცლის ნაყოფი დავკარგე, რომელიც ვაებით ვშვი და ტანჯვით გავაჩინეო,

13. მაგრამ მიწას მიწის წესი აქვს: ჩავლენ მასში მრავალნი, მაგრამ ახალნი ხომ მოდიანო, მე გეტყვი:

14. როგორც შენ ბადებ ტანჯვით, ასევე აძლევს მიწა თავის ნაყოფს დასაბამიდან ადამიანს, რომელიც ამუშავებს მას.

15. მაშ, ჩაიკალ შენში დარდი, მტკიცედ დაითმინე უბედურება, რომელიც შეგემთხვა.

16. რადგან თუ მართლად აღიარებ ღვთის განგებას და დროულად მიიღებ მის რჩევას, განდიდებულ იქნები მსგავსთა შორის.

17. მაშ, წადი ქალაქში შენს ქმართან. ხოლო მან მითხრა:

18. არა, არ წავალ ქალაქში, აქ უნდა მოვკვდე.

19. კიდევ ველაპარაკე და ვუთხარი:

20. ნუ გააკეთებ ამას, არამედ დაეთანხმე მრჩეველს; რამდენჯერ გაუბედურებულა სიონი? გაიქარვე დარდი იერუსალემის გამო.

21. ხომ ხედავ, გაოხრებულია ჩვენი საწმიდარი, დანგრეულია ჩვენი სამსხვერპლო და დაქცეულია ჩვენი ტაძარი,

22. დამცირებულია ჩვენი ქნარი, დადუმებულია ჩვენი გალობა, ბოლო მოეღო ჩვენს აღმაფრენას, ჩაგვიქრა სასანთლის შუქი, გაიძარცვა ჩვენი აღთქმის კიდობანი, შეგინებულია ჩვენი სიწმიდენი, და სახელი, ჩვენ რომ გვეწოდა, შელახულია, ჩვენი ერისშვილები შეურაცხყოფას განიცდიან, ჩვენს მღვდლებს ცეცხლში წვავენ, ჩვენი ლევიანები ტყვედ მიჰყავთ, ჩვენი ქალწულები შერცხვენილნი არიან, ჩვენი ქალები ძალით არიან დამორჩილებულნი, ჩვენი მართალნი გატაცებულნი არიან, ჩვენი ბავშვები გაიფანტნენ, ჩვენი მოყმენი მონებად იქცნენ, ჩვენი ვაჟკაცები დაუძლურდნენ.

23. და, რაც ყველაზე უარესია, გაუქმდა სიონის დიდება, რადგან ბეჭედი მისი ჩვენს მოძულეთ ჩაუვარდა ხელში.

24. მაშ, უკუიყარე შენი უზომო მწუხარება და მოიშორე შენი დიდი სატკივარი, რათა კვლავაც წყალობა მოგანიჭოს ყოვლადძლიერმა და მოგცეს შვება უზენაესმა, და სატანჯველისგან მოგასვენოს.

25. როცა ამას ვეუბნებოდი, უეცრად განათდა მისი სახე და აელვარდა მისი მზერა, ისე რომ შემეშინდა მისი და ვფიქრობდი, რა უნდა ყოფილიყო ეს.

26. და აჰა, მან უეცრად გამოსცა ისეთი ძლიერი და შემზარავი ხმა, რომ შეიძრა ქალის ხმაზე მიწა.

27. და აჰა, გაუჩინარდა ქალი ჩემს თვალწინ, მაგრამ აღიმართა ქალაქი და გამოჩნდა დიდი საძირკვლებიანი ადგილი; მე შემეშინდა და ხმამაღლა ვიყვირე, ვთქვი:

28. სად არის ურიელ ანგელოზი, პირველად რომ გამომეცხადა? რადგან მან თავად გადამაცდინა გონების ზღვარს; და ჩაიშალა ჩემი მიზანი და ჩემი ლოცვა-ვედრება საყვედურად მექცა.

29. ამას რომ ვამბობდი, მოვიდა ურიელი ჩემთან და დამინახა.

30. და აჰა, ვეგდე, როგორც მკვდარი, ცნობა მქონდა წართმეული; ხოლო მან მარჯვენა დამიჭირა, მომაღონიერა და ფეხზე დამაყენა, მითხრა:

31. რა დაგემართა? რად არის გონება არეული, გული შეშფოთებული? რამ აგაღელვა? მე ვთქვი:

32. რადგან გამწირე, მე კი შენი სიტყვისამებრ მოვიქეცი, გავედი ველად და, აჰა, დავინახე და ჯერაც ვხედავ იმას, რის მოყოლაც არ შემიძლია. ხოლო მან მითხრა:

33. დადექი, კაცს როგორც შეჰფერის, და დაგარიგებ. მე ვთქვი:

34. მელაპარაკე, ჩემო უფალო, ნუ მიმატოვებ, რომ არ მოვკვდე ტყუილუბრალოდ,

35. რადგან ვიხილე, რაც არ ვიცოდი, და მესმის, რაც არ ვიცი.

36. ან იქნებ მატყუებს გონება და სიზმრებს ხედავს ჩემი სული?

37. ახლა გევედრები, განუმარტო შენს მორჩილს ეს ხილვა. მან მიპასუხა და თქვა:

38. მისმინე და გასწავლი, იმაზეც გეტყვი, რამაც შეგაშინა; რადგან უზენაესმა გაგიმჟღავნა ბევრი საიდუმლო.

39. იგი ხედავს შენს სწორ გზას, რომ განუწყვეტლივ დარდობ შენს ხალხზე და დიდად მოთქვამ სიონის გამო.

40. ეს არის აზრი ხილვისა, ცოტა ხნის წინ რომ მოგევლინა.

41. მგლოვიარე ქალი რომ იხილე და დაუწყე ნუგეშისცემა,

42. ახლა კი, ქალის სახეს რომ ვეღარ ხედავ, და აღმართული ქალაქი გეჩვენა,

43. რომ გიამბო ქალმა თავისი შვილის უბედურება, ამას ასეთი განმარტება აქვს:

44. ეს ქალი, რომელიც იხილე, და აღმართული ქალაქი, რომელსაც ახლა ხედავ, არის სიონი.

45. რომ გითხარი ოცდაათ წელიწადს უნაყოფო იქნება-მეთქი, ეს ნიშნავს რომ ოცდაათი წელიწადია, რაც სიონში შესაწირავი არ ყოფილა მიტანილი.

46. ოცდაათი წლის შემდეგ მოხდა, რომ ააშენა სოლომონმა ქალაქი და მიიტანა შესაწირავი. მაშინ მოხდა, რომ უნაყოფომ ვაჟი გააჩინა.

47. ქალმა რომ გითხრა: წვალებით გამოვზარდეო, ეს იყო იერუსალიმში დამკვიდრება.

48. რომ გითხრა: თავის სანთიობოში მიმავალი ჩემი შვილი მოკვდაო, უბედურება შეემთხვაო, ეს იერუსალიმის დანგრევას ნიშნავს.

49. აჰა, მისი ხატი იხილე შენ, ძეს რომ ტიროდა და შენ ნუგეშისცემა დაუწყე მას. ეს ყველაფერი, რაც შეემთხვა მას, გამჟღავნებული უნდა ყოფილიყო შენთვის.

50. ახლა კი ხედავს უზენაესი, რომ დამწუხრებული ხარ სულით და რომ გული გეტანჯება მის გამო, გაჩვენებს იგი თავისი დიდების ნათელს და თავისი მშვენების სილამაზეს.

51. ამიტომ გითხარი, დარჩენილიყავი ველზე, სადაც სახლი არ აგებულა-მეთქი.

52. რადგან ვიცი, რომ უზენაესმა უნდა გიჩვენოს ეს.

53. ამიტომ გითხარი: წადი ველად, სადაც საძირკველი არ ჩაყრილა-მეთქი.

54. რადგან ვერ გაძლებს კაცის ხელით ნაგები შენობა იმ ადგილზე, სადაც უზენაესის ქალაქი უნდა გამოცხადდეს.

55. მაშ, ნუ გეშინია, ნუ შეძრწუნდეხა შენი გული: მიდი და იხილე შენობის ბრწყინვალება და სიდიადე, რამდენადაც შენს თვალებს ხილვის უნარი შესწევს.

56. ამის შემდეგ მოისმენ, რამდენადაც შეძლებს მოსმენას შენი ყური.

57. რადგან შენ სხვებზე მეტად ხარ ნეტარი და წოდებული უზენაესის მიერ მცირედთა მსგავსად.

58. ხვალ ღამით აქ უნდა დარჩე

59. და გაჩვენებს უზენაესი უმაღლეს ხილვებში ყველაფერს, რასაც უმზადებს უზენაესი მათ, ვინც უკანასკნელ დღეებში იცხოვრებს დედამიწაზე.

60. და დავიძინე იმ ღამეს და მეორე ღამესაც, როგორც მებრძანა.


თავი მეთერთმეტე

1. ვიხილე სიზმარი: აჰა, ამოდის ზღვიდან არწივი, თორმეტფრთიანი, სამთავიანი.

2. ვიხილე, აჰა, გადაშალა ფრთები მთელ დედამიწაზე, ცის ყველა ქარი ამოვარდა და შეიკრიბა ღრუბლები.

3. ვიხილე: ფრთებიდან გამოიზარდა კიდევ სხვა ფრთები, თითოეული მათგანი კი პატარ-პატარა ნაკრტენებისგან შედგებოდა.

4. მისი თავები უძრავად იყო და შუა თავი დანარჩენ თავებზე დიდი იყო, მაგრამ ისიც უძრავად იყო სხვებთან ერთად.

5. ვიხილე: აჰა, არწივი დაფრინავდა თავისი ფრთებით და მეფობდა დედამიწაზე და მის მკვიდრებზე.

6. ვიხილე, რომ ყოველივე მას მორჩილებდა ცისქვეშეთში და არავინ ეურჩებოდა, არცერთი ქმნილება, რაც კი დედამიწაზე არსებობდა.

7. ვიხილე: აჰა, აღიმართა არწივი თავის კლანჭებზე და დასძახა თავის ფრთებს, უთხრა:

8. ნუ იფხიზლებთ ყველანი ერთად, თითოეულს თავთავის ადგილზე გეძინოთ და დროგამოშვებით იფხიზლეთ.

9. ხოლო თავები უკანასკნელი ჟამისთვის იყოს შემონახული.

10. ვიხილე: აჰა, ხმა არწივის თავებიდან კი არა, მისი ტანის შუიდან გამოდის.

11. დავითვალე ახლად გამოზრდილი ფრთები და, აჰა, რვა იყო.

12. ვიხილე: აჰა, მარჯვენა მხრიდან აღიმართა ერთი ფრთა და გამეფდა მთელ დედამიწაზე.

13. და როცა მეფობდა, დაუდგა მას აღსასრული და აღარ ჩანდა მისი ადგილი; აღიმართა მომდევნო და მეფობდა, და დაჰყო მან მრავალი ხანი.

14. და როცა მეფობდა, დაუდგა მას აღსასრული, რათა პირველის მსგავსად, ისიც გაუჩინარებულიყო.

15. და აჰა, ხმა გაისმა მის მიმართ, უთხრა:

16. ისმინე შენ, ვისაც ამდენი ხანი გეპყრა დედამიწა; ეს გეუწყება, ვიდრე გაუჩინარებას დაიწყებდე:

17. შენს მერე არავინ დაიპყრობს შენს ხანს, არც მის ნახევარს.

18. აღიმართა მესამე და დაიპყრო მთავრობა წინამორბედთა მსგავსად, მაგრამ გაუჩინარდა ისიც.

19. ასე ერთმანეთის მიყოლებით იპყრობდნენ მთავრობას და კვლავ უჩინარდებოდნენ.

20. ვიხილე: აჰა, რიგრიგობით აღემართებოდნენ ფრთები მარჯვენა მხრიდან, რომ მათაც დაეპყროთ მთავრობა; იყვნენ მათ შორის, ვინც იპყრობდნენ, მაგრამ უეცრად უჩინარდებოდნენ.

21. ზოგი მათგანი აღიმართებოდა, მაგრამ ვერ იპყრობდა მთავრობას.

22. ვიხილე: აჰა, გაუჩინარდა თორმეტი ფრთა და კიდევ ორი მომცრო ფრთა.

23. აღარაფერი შერჩა არწივის ტანს, ორი უძრავი თავისა და ექვსი მომცრო ფრთის გარდა.

24. ვიხილე: აჰა, ექვსი მომცრო ფრთა ორად გაიყო და დარჩა თავს ქვემოთ, მარჯვენა მხარეს; ხოლო ოთხი თავის ადგილზე დარჩა.

25. ვიხილე; აჰა, ნაკრტენებმაც განიზრახეს, აღმართულიყვნენ და დაეპყროთ მთავრობა.

26. ვიხილე: აჰა, აღიმართა ერთი, მაგრამ უცებ გაუჩინარდა.

27. მომდევნონიც აღიმართნენ, მაგრამ წინამორბედებზე უსწრაფესად გაუჩინარდნენ.

26. ვიხილე: აჰა, ორნი, რომლებიც აღზევდნენ, ერთმანეთს შორის იზრახავდნენ, რომ ერთად ემეფათ.

29. ამას რომ განიზრახავდნენ, აჰა, გამოფხიზლდა ერთ-ერთი უძრავ თავთაგანი, შუათანა; დანარჩენ ორზე დიდი იყო ეს თავი.

30. ვიხილე, რომ შეიერთა მან ის ორი თავი.

31. აკა, მოუბრუნდა ეს თავი მასთან მყოფ ორი თავითურთ და შთანთქა ორი ნაკრტენი, გამეფებას რომ აპირებდნენ.

32. ამ თავმა დიდად დააშინა მთელი დედამიწა; ძალით დაიმორჩილა დედამიწის მკვიდრნი და უფრო ძლიერად ეპყრა სამყაროს ძალაუფლება, ვიდრე ყველა ადრინდელ ფრთას.

33. ვიხილე ამის შემდეგ და, აჰა, შუა თავი, ფრთების მსგავსად, უეცრად გაუჩინარდა.

34. დარჩა ორი თავი, რომლებიც ასევე მეფობდნენ დედამიწაზე და მის მკვიდრებზე.

35. ვიხილე: აჰა, შთანთქა მარჯვენა თავმა მარცხენა თავი.

36. გავიგონე ხმა, რომელიც მეუბნებოდა: გაიხედე შენ წინ და გაიაზრე, რასაც ხედავ.

37. ვიხილე: რაღაც ლომის მსგავსი ბრდღვინვით გამოქანდა ტყიდან; ვიხილე, რომ ადამიანის ხმით მიმართა არწივს, უთხრა:

38. ისმინე, რასაც გეტყვი, რასაც გეუბნება უზენაესი:

39. შენ არა ხარ ერთ-ერთი იმ ოთხ ცხოველთაგან, რომლებიც შევქმენი, რომ ემეფათ ჩემს წუთისოფელში და რომელთა მეშვეობითაც უნდა მოსულიყო ჟამის აღსასრული?

40. მეოთხემ, რომელიც მოვიდა, გაიმარჯვა ყველა იმ ცხოველზე, რომლებმაც უკვე ჩაიარეს, და დიდ შიშში ჰყავდა წუთისოფელი. მძლავრობდა მთელ ქვეყნიერებაზე; სიცრუით მკვიდრობდა ამდენი ხანი დედამიწის ზურგზე.

41. შენ მსჯავრი დასდე დედამიწას, მაგრამ არა ჭეშმარიტებით.

42. შეავიწროვე უწყინარნი და შეურაცხყავი მშვიდნი, შეიყვარე მზაკვარნი, გაანადგურე იმათი სამკვიდრებელი, რომელთაც ნაყოფი მოჰქონდათ, დააქციე იმათი კედლები, რომელთაც შენთვის არაფერი დაუშავებიათ.

43. უზენაესამდე აღზევდა შენი კადნიერება და ყოვლადძლიერამდე - შენი ამპარტავნება.

44. გადმოხედა უზენაესმა ამპარტავან დროებას, და აჰა, დასრულდა იგი და მისი ბოროტებანიც დასრულებულია.

45. ამიტომ გაუჩინარდები, შენ, არწივო, შემზარავ ფრთებთან ერთად, შენს უკეთურ ნაკრტენებთან ერთად, შენს ბოროტეულ თავთან ერთად, შენს უკეთურ ბრჭყალებთან ერთად, მთელ შენს ფუტურო ტანთან ერთად,

46. რათა გაცინცხალდეს მთელი დედამიწა და შენი მძლავრობისგან გათავისუფლებული სასოებდეს თავისი შემოქმედის სამართალსა და მოწყალებას.


თავი მეთორმეტე

1. როცა ლომი არწივს ამ სიტყვებს ეუბნებოდა, ვიხილე:

2. აჰა, თავი რომელიც დარჩენილიყო, გაუჩინარდა; ის ოთხი ფრთა კი, რომლებიც მასთან იყვნენ, აღიმართნენ გასამეფებლად; მაგრამ ხანმოკლე და შფოთით სავსე იყო მათი მეფობა.

3. ვიხილე: აჰა, თავად ისინიც გაუჩინარდნენ და მთლიანად დაიწვა არწივის ტანი და ძლიერ შეძრწუნდა დედამიწა. ხოლო მე შეშფოთებისა და ძლიერი შიშისაგან გამოვფხიზლდი და მივმართე ჩემს სულს:

4. აჰა, შენ დამმართე ეს ამბავი, უზენაესის გზებს რომ იკვლევ-მეთქი.

5. აჰა, ჯერ კიდევ დაღლილი ვარ სულით და დაუძლურებული, ძალის ნატამალიც აღარ შემომრჩა იმ დიდი შიშის გამო, ამ ღამით რომ განვიცადე.

6. მაშ ახლა შევევედრები უზენაესს, რათა ბოლომდე გამამხნევოს.

7. ვთქვი: მბრძანებელო უფალო, თუკი მადლი ვპოვე შენს თვალში, თუკი მართლად გამოვჩნდი შენს წინაშე მრავალთა შორის, თუკი ჩემმა ვედრებამ ნამდვილად მოაღწია შენამდე,

8. გამამხნევე და გამიმჟღავნე მე, შენს მორჩილს, განმარტება და ახსნა ამ საშინელი ხილვისა, რათა საბოლოოდ დამიმშვიდო სული.

9. ღირს-მყავი, რათა გამიმჟღავნო დრო-ჟამის უკანასკნელი ამბები. მან მითხრა:

10. ეს არის ამ ხილვის განმარტება:

11. არწივი, ზღვიდან ამომავალი რომ იხილე, ის სამეფოა, რომელიც დანიელის, შენი ძმის, ხილვაში იყო ნახილვები.

12. მაგრამ მას არ განემარტა, როგორც შენ განგიმარტავ ახლა.

13. აჰა, დღეები და დამყარდება დედამიწაზე სამეფო, რომელიც ყველა ადრინდელ სამეფოზე საშინელი იქნება.

14. გამეფდება მასში თორმეტი მეფე ერთი მეორის მოყოლებით.

15. მეორე მეფე დაიწყებს მეფობას და ამ თორმეტში ყველაზე მეტხანს ეპყრება ძალაუფლება.

16. ეს არის განმარტება თორმეტი ფრთისა, რომლებიც იხილე.

17. მოლაპარაკე ხმა რომ მოისმინე, არა თავიდან, არამედ ტანის შუადან გამომავალი,

18. ასეთია ამის განმარტება: მისი მეფობის შემდეგ დიდი ბრძოლები წარმოიშობა და გადაიხრება სამეფო დამხობად, მაგრამ ამჯერად არ დაემხობა იგი, არამედ კვლავ თავის დასაბამს დაუბრუნდება.

19. მისი ფრთებიდან გამოზრდილი ნაკრტენები რომ იხილე,

20. ასეთია ამის განმარტება: აღზევდება სამეფოში რვა მეფე, რომელთა ჟამი ხანმოკლე იქნება და წლები - სწრაფმავალი, ორი მათგანი დაიღუპება.

21. შუა ხანის მოახლოებისთანავე ოთხი მეფე შემორჩება იმ დრომდე, როცა დაიწყებს მოახლოებას მისი ჟამი, რათა დასრულდეს. ორნი კი დასასრულამდე დარჩებიან.

22. სამი უძრავი თავი რომ იხილე,

23. ასეთია ამის განმარტება: უკანასკნელ ხანებში აღაზევებს უზენაესი სამ მეფეს და ბევრს შეყრის მათ სამეფოში და გაბატონდებიან დედამიწაზე.

24. და მის მკვიდრებზე უფრო სასტიკად, ვიდრე მათი წინამორბედნი. ამის გამო ეწოდათ მათ არწივის თავები.

25. ესენი არიან, ვინც დაიუნჯებენ მის ბოროტეხებს და მის უკანასკნელთაც განახორციელებენ.

26. უფრო დიდი თავი რომ იხილე გაუჩინარებული, ასეთია ამის განმარტება: ერთ-ერთი მათგანი თავის სარეცელზე მოკვდება, თუმცა წამებით.

27. იმ დანარჩენ ორს კი მახვილი შეჭამს.

28. ერთის მახვილი მეორეს შეჭამს, თუმცა ისიც მახვილით დაეცემა უკანასკნელ ხანებში.

29. ორი ნაკრტენი რომ იხილე არწივის მარჯვენა თავზე გადამავალი,

30. ეს არის ამის განმარტება: ესენი არიან, რომლებიც შემოინახა უზენაესმა მისი დასასრულისთვის; ხანმოკლე და შფოთით აღსავსეა ეს სამეფო.

31. ლომი რომ იხილე ტყიდან ბდღვინვით გამოვარდნილი, არწივს რომ ელაპარაკებოდა და ამხილებდა მას უსამართლობაში და სიტყვებისთვის, რაც მოისმინე.

32. ეს არის ცხებული, რომელიც შემოინახა უზენაესმა ჟამის დასასრულისთვის, რომელიც აღდგება დავითის მოდგმაში და მოვა, რომ ელაპარაკოს მათ; ის გამოააშკარავებს მათ უკეთურებებს და ბოროტებებს, და წინ დაუფენს მათ საზიზღარ საქმეებს.

33. ცოცხალთ დააყენებს მათ სამსჯავროში და, როცა ამხელს, გაანადგურებს მათ.

34. მოწყალებით დაიხსნის ჩემი ხალხის ნატამალს, ვინც ჩემს საზღვრებში გადარჩება და გაახარებს მათ, როცა მოვა დასასრული, განკითხვის დღე, რაზედაც თავდაპირველად გელაპარაკებოდი.

35. ასეთია სიზმარი, რომელიც იხილე და მისი განმარტებანი.

36. შენ ერთადერთი იყავი ღირსი, რომ გცოდნოდა უზენაესის ეს საიდუმლო.

37. წიგნში ჩაწერე ეს ყველაფერი, რაც იხილე, და საიმედო ადგილას შეინახე იგი.

38. შეასწავლე იგი შენი ხალხის ბრძენებს, ვისაც, შენი გაგებით, მისი შესწავლის და საიდუმლოდ შენახვის უნარი შესწევს.

39. შენ კი დაჰყავი აქ კიდევ შვიდი დღე, რათა გამოგეცხადოს ხილვა, რაც უზენაესს აქვს შენთვის გამოსაცხადებელი.

40. და წავიდა იგი ჩემგან. როცა გაიგო მთელმა ხალხმა, რომ გავიდა შვიდი დღე, რაც ქალაქში არ დავბრუნებულვარ, ყველანი დიდიან-პატარიანად შეიყარნენ, მოვიდნენ ჩემთან და მითხრეს:

41. ისეთი რა შეგცოდეთ, ან ისეთი რა დაგიშავეთ, რომ მიგვატოვე და ამ ადგილას დამჯდარხარ?

42. შენ ხომ ერთადერთი შეგვრჩი წინასწარმეტყველთაგან, როგორც ვაზს მტევანი რთველის შემდეგ, როგორც სანთელი ბნელში, როგორც ნავსადგური ქარიშხალს გადარჩენილი ხომალდისთვის.

43. განა არ კმარა უბედურებები, თავს რაც დაგვატყდა?

44. თუ შენც გვწირავდი, ბარემ გადაბუგულ სიონთან ერთად გადავბუგულიყავით.

45. განა რითი ვართ იქ დახოცილებზე უკეთესნი? ასე მოთქვამდნენ ხმამაღალი გოდებით. ვუპასუხე და ვუთხარი მათ:

46. გამხნევდი, ისრაელო, ნუ სწუხხარ, იაკობის სახლო!

47. არ წარხოცილა შენი ხსოვნა უზენაესის წინაშე და არ დავიწყნიხართ თქვენ ყოვლადძლიერს თქვენს განსაცდელში.

48. არც მე გამიწირიხართ, არ წავსულვარ თქვენგან; არამედ მოვედი ამ ადგილას, რათა ვილოცო მოოხრებული სიონისათვის და შეწყალება გამოვითხოვო ჩვენი შეურაცხყოფილი საწმიდარისთვის.

49. ახლა კი ყველანი წადით თქვენ-თქვენ სახლებში. ხოლო მე მოვალ თქვენთან ამ დღეების შემდეგ.

50. დაბრუნდა ხალხი ქალაქში, როგორც დავარიგე.

51. მე კი ვივგექი ველზე შვიდი დღე, როგორც ანგელოზმა მიბრძანა, და მხოლოდ მინდვრის მცენარეებით ვიკვებებოდი. ბალახი იყო ჩემი საზრდო იმ დღეებში.


თავი მეთცამეტე

1. შვიდი დღის შემდვგ კი სიზმარი მესიზმრა ღამით:

2. აჰა, ზღვიდან ამოვარდა ქარი, რათა აეღელვებინა მისი ტალღები.

3. ვიხილე: აჰა, ძლიერდება კაცი ცის ათასეულებითურთ და საითკენაც სახეს მიაბრუნებს, ყველაფერი ცახცახებს მისი მზერის ქვეშ.

4. და სადამდისაც წვდება ხმა მისი ბაგიდან, დნება ყველაფერი მისი ხმის გაგონებაზე, როგორც დნება ცვილი, იგრძნობს თუ არა ცეცხლს.

5. ამის შემდეგ ვიხილე: აჰა, იკრიბება კაცთა ურიცხვი სიმრავლე ცის ოთხი ქარიდან, რათა შეებრძოლოს ზღვიდან ამოსულ კაცს.

6. ვიხილე: აჰა, გამოაქანდაკა მან თავისთვის დიდი მთა და აფრინდა მასზე.

7. ხოლო მე ვეცადე დამენახა მხარე ან ადგილი, საიდანაც გამოქანდაკდა მთა, მაგრამ ვერ შევძელი.

8. ამის შემდეგ ვიხილე; აჰა, დიდმა შიშმა მოიცვა ყველა, ვინც მის წინააღმდეგ საბრძოლველად იყო შეკრებილი, თუმცა მაინც ბედავდნენ შებრძოლებას.

9. და, აჰა, როცა დაინახა მან მასზე წამოსული სიმრავლის იერიში, ხელი არ აღუმართავს, შუბი არც ეპყრა და არც სხვა რაიმე საომარი იარაღი; მხოლოდ ის დავინახე,

10. რომ პირიდან ცეცხლის ქროლვა და ბაგეთაგან ალისქარი ამოუშვა და ენიდან ნაპერწკლების ქარიშხალი გამოაფრქვია; ერთმანეთში ირეოდა ცეცხლის ქროლვა, ალისქარი და ძლიერი ქარიშხალი;

11. შეუტია საბრძოლველად გამზადებულთ და გადაბუგა ყველანი; უეცრად გაუჩინარდა ეს აღურაცხელი სიმრავლე, მხოლოდ მტვერი და კვამლის სუნიღა დარჩა. ვიხილე და შიშმა ამიტანა.

12. ამის შემდეგ ვიხილე თავად კაცი, მთიდან ჩამომავალი, თავისკენ მოუხმობდა სხვა სიმრავლეს, მშვიდობიანს.

13. უამრავი ხალხი მოდიოდა მასთან, ზოგი მხიარული, ზოგი დამწუხრებული; ერთნი შებოჭილნი იყვნენ, მეორენი მოჰყავდათ როგორც მსხვერპლი. ცუდად შევიქენი მეტისმეტი შიშისგან, გამომეღვიძა და ვთქვი:

14. შენ თავიდანვე უჩვენებდი შენს მორჩილს ამ სასწაულებს და ღირსი გამხადე, რომ შეგესმინა ჩემი ვედრება.

15. ახლაც მაჩვენე სიზმრის განმარტება.

16. რადგან, როგორც მე ვფიქრობ ჩემი ჭკუით, ვაი მათ, ვინც დატოვებულნი იქნებიან იმ დღეებში, და ათასჯერ ვაი იმათ, ვინც არ არიან დატოვებულნი.

17. რადგან ისინი, ვინც არ არიან დარჩენილნი, მწუხარენი იყვნენ.

18. ახლა მე ვხვდები, რაც არის გამზადებული უკანასკნელი დღეებისათვის, და რა შეემთხვევა მათ და იმათაც, ვინც დარჩენილნი არიან.

19. ამიტომ დიდ განსაცდელს და ბევრ გასაჭირს გაივლიან, რასაც ცხადყოფს ეს სიზმარი.

20. თუმცა უმჯობესია, განსაცდელგამოვლილი მოვიდეს აქამდე, ვიდრე ღრუბელივით გავიდოდეს წუთისოფლიდან, და ახლა განიცადოს, რაც მოელის უკანასკნელ ჟამს. ხოლო მან მიპასუხა და თქვა:

21. ამ ხილვის განმარტებასაც გეტყვი და გაგიმხელ, რაზეც ლაპარაკობდი.

22. ამ დარჩენილებზე რომ ლაპარაკობდი, ასეთი განმარტება აქვს ამ საქმეს.

23. ვინც იმ დროს აიტანს განსაცდელს, ის თავად დაიცავს თავს; ვინც განსაცდელი გამოიარა, მას ღვაწლი აქვს და სწამს ყოვლადძლიერისა.

24. მაშ, იცოდე, მკვდრებზე უფრო ნეტარნი არიან დარჩენილნი.

25. ასეთია ამ ხილვის განმარტეხა: კაცი რომ იხილე, შუაგულ ზღვიდან ამომავალი,

26. ეს ის არის, რომელიც უზენაესმა მრავალი ხნით შემოინახა, რომელიც თვითონ იხსნის თავის ქმნილებას და თავადვე მიუჩენს ადგილს მათ, ვინც დარჩენილი არიან.

27. მისი პირიდან გამომავალი ქარი, ცეცხლი და ქარიშხალი რომ იხილე,

28. რომ არ ეჭირა არც შუბი, არც სხვა რამ საომარი იარაღი, და მაინც რომ შემუსრა მისმა შეტევამ მის წინააღმდეგ საბრძოლველად წარმოსული სიმრავლე, ასეთია მისი განმარტება:

29. აჰა, ახლოვდება დღეები, როცა დაიწყებს უზენაესი მათ გათავისუფლებას, ვინც დედამიწაზე არიან.

30. გონის შეშლა დაეუფლება მათ, ვინც მკვიდრობს დედამიწაზე.

31. აღიძვრებიან საომრად ერთი მეორის წინააღმდეგ: ქალაქი ქალაქის წინააღმდეგ, ადგილი ადგილის წინააღმდეგ, ხალხი ხალხის წინააღმდეგ და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ.

32. ესენი რომ ჩათავდება, გამოჩნდება ნიშნები, ადრე რომ გიჩვენე; მაშინ გამოცხადდება ჩემი ძე, შენ რომ იხილე, როგორც კაცი, ზღვიდან ამომავალი.

33. როცა გაიგონეხს მის ხმას ყოველი ხალხი, შეწყვეტენ თავ-თავის სამფლობელოებში ერთმანეთთან ბრძოლას.

34. და შეიკრიბებიან ერთ უთვალავ სიმრავლედ, თითქოს საომრად აპირებენო წასვლას.

35. თავად ის კი სიონის მთის მწვერვალზე შედგება.

36. ხოლო სიონი მოვა; მოევლინება ყველას გამზადებული და ნაგები, მსგავსად ხელშეუხებლად გამოქანდაკებული მთისა, შენ რომ იხილე.

37. ჩემი ძე თავად მოჰკითხავს შემოკრებულ ხალხებს მათ უკეთურებებს, რასაც ქარიშხლები განასახიერებს, მათი ავი ზრახვებისა და სატანჯველის გამო, რითაც მოელით ტანჯვა,

38. რასაც ალი განასახიერებს და დაღუპავს მათ გაუჭირვებლად რჯულის მეოხებით, რაც ცეცხლით არის განსახიერებული.

39. სხვა მშვიდობიანი სიმრავლის შემომკრებლად რომ იხილე.

40. ესაა ათი ტომი, რომელიც წარტყვევნილ იქნა თავისი ქვეყნიდან მეფე ყუზიას ხანაში, როცა იგი ტყვედ წაიყვანა სალმანასარმა, აშურელთა მეფემ, და გადაიყვანა ისინი მდინარეზე და გადასახლებულ იქნენ სხვა ქვეყანაში.

41. მათ კი ასე გადაწყვიტეს, რომ დაეტოვებინათ ხალხთა სიმრავლე და გასულიყვნენ შორეულ ქვეყანაში, სადაც კაცთა მოდგმას არასოდეს უცხოვრია.

42. რომ იქ დაეცვათ თავიანთი რჯულდებანი, რომელთაც საკუთარ მიწა-წყალზე არ იცავდნენ.

43. მდინარის ვიწრო გასასვლელებით შევიდნენ ევფრატში.

44. მაშინ მისცა მათ ნიშანი უზენაესმა და დააყენა მდინარის დინება, ვიდრე არ გადალახეს იგი.

45. იმ ქვეყნამდე დიდი გზა იყო გასავლელი - ერთი წელი და ნახევარი. ქვეყანას ეწოდება არცარეთი.

46. იქ სახლობდნენ ისინი უკანასკნელ დრომდე; და ახლა, როცა უკან წამოსვლას დააპირებენ,

47. კვლავაც დააყენებს უზენაესი მდინარის დინებას, რათა შეძლონ გადასვლა. ამიტომ იხილე მშვიდობიან ხალხთა სიმრავლე.

48. მაგრამ ისინი, ვინც დარჩენილნი არიან შენი ხალხიდან, ჩემს საზღვრებში იმყოფებიან, რათა გადარჩნენ.

49. როცა დაიწყებს უზენაეზი თავმოყრილ ტომთა სიმრავლის განადგურებას, მაშინ დაიცავს იგი დარჩენილ ხალხს,

50. და მაშინ მრავლად მოუვლენს მათ სასწაულებს.

51. მე ვთქვი: მბრძანებელო, უფალო, ახლა ეს გამიმჟღავნე: რისთვის ვიხილე კაცი, შუაგულ ზღვიდან ამომავალი? მითხრა:

52. როგორც ვერ შესძლებ გამოიკვლიო ან მიხვდე, რა არის ზღვის უფსკრულებში, ასევე ვერავინ შეძლებს იხილოს დედამიწაზე ჩემი ძე, ან ისინი, ვინც მას ახლავან, ვიდრე საამისო დღე არ დადგება.

53. ეს არის განმარტება სიზმარისა, რომელიც იხილე და რისთვისაც მხოლოდ შენა ხარ განათლებული.

54. რადგან დათმე შენეული და ჩემს რჯულს მოუხმე და გამოიძიე იგი.

55. რადგან შენი ცხოვრება სიბრძნით წარმართე და შენს გონებას დედა უწოდე.

56. ამიტომაც გიჩვენე უზენაესის ჯილდო. კიდევ სამი დღის მერე კი სხვას გეტყვი და გაგიცხადებ საგულისხმო და საოცარ ამბებს.

57. წამოვედი და გავსწიე ველად უზენაესის განმადიდებელმა და მაქებელმა იმ საოცრებათა გამო, რასაც ახდენს იგი ჟამიდან ჟამზე,

58. იმის გამო, რომ მართავს იგი თავად დრო-ჟამს და იმასაც, რაც დრო-ჟამში შემოდის, და ვიჯექი იქ სამი დღე.


თავი მეთოთხმეტე

1. ხოლო მესამე დღეს, როცა მუხის ქვეშ ვიჯექი,

2. აჰა, მომესმა ხმა მაყვლის ბუჩქიდან, მითხრა: ეზრა, ეზრა! ვთქვი: აჰა, მე ვარ, უფალო-მეთქი და ფეხზე წამოვდექი. და მითხრა მან:

3. მაყვლის ბუჩქიდან გამოვეცხადე და ველაპარაკე მოსეს, როცა ჩემი ხალხი ეგვიპტეში იყო დამონებული,

4. მივავლინე იგი და გავიყვანე ჩემი ხალხი ეგვიპტიდან და სინაის მთის ძირას მივიყვანე, მოსე კი ჩემთან დავიტოვე მრავალი დღე.

5. ვაუწყე მას მრავალი საოცრება და გავუმხილე მას დრო-ჟამის საიდუმლოებანი და დასასრული, დავმოძღვრე იგი და ვუთხარი:

6. ზოგს გაცხადებულად იტყვი, ზოგს კი საიდუმლოდ შეინახავ.

7. ახლა კი გეუბნები:

8. ნიშნები, რომლებიც გაჩვენე და სიზმრები, რომლებიც იხილე და რომელთა განმარტებებიც იხილე, გულში ჩაინერგე.

9. შენ გამორჩეული ხარ ყველასგან და ჩემი მცნებებისკენ იქნები მიქცეული შენს მსგავსებთან ერთად დრო-ჟამის დასასრულამდე.

10. რადგან დაკარგა წუთისოფელმა თავისი სიჭაბუკე და სიბერის ჟამმა მოუწია.

11. თორმეტ ნაწილად არის დაყოფილი წუთისოფელი და მისი მეათედი და ნახევარი უკვე გასულია,

12. და დარჩება მეათედის მეორე ნახევარი.

13. მაშ, მოიწყვე ახლა შენი სახლი, ამხილე შენი ხალხი, დაამშვიდე დამცირებულნი და უარყავი უკვე გადაგვარებულნი.

14. განდევნე შენგან წარმავალი აზრები და გადაიგდე ადამიანური ტვირთი, მოიცილე უძლური ბუნება, განზე გადადე შენთვის სამძიმო ფიქრები და იჩქარე, რომ დააღწიო თავი ამ დროებას.

15. რასაც ახლა ბოროტებას ხედავ, ამაზე უარესი მოხდება მომავალში.

16. რადგან დაუძლურდა სიბერისგან წუთისთაუელი და უფრო და უფრო გამრავლდება მის მკვიდრთა შორის ბოროტებანი.

17. უფრო და უფრო შორს წავა ჭეშმარიტება და მოახლოვდება სიცრუე. უკვე ჩქარობს მოსვლას, როგორც ხილვაში იხილე.

18. ვუპასუხე და ვთქვი: მალაპარაკე-მეთქი შენს წინაშე, უფალო.

19. აჰა, მე წავალ, როგორც მიბრძანე და ვამხილებ ამჟამინდელ ხალხს. მაგრამ კვლავ ვინც გაჩნდება, მათ ვინ გააფრთხილებს?

20. რადგან წყვდიადში იმყოფება ეს წუთისთდცლი და ნათლის გარეშე არიან მისი მკვიდრნი.

21. რადგან დაიწვა შენი რჯული და არავინ იცის, რა შეიქმნა შენგან ან რა მოხდება მომავალში.

22. მაგრამ თუ ვპოვე შენში წყალობა, მოავლინე ჩემზე სულიწმიდა და აღვწერ ყველაფერს, რაც კი შექმნილა ამ წუთისთაუელში დასაბამიდან, რაც შენს რჯულშია ჩაწერილი, რომ შესძლონ ადამიანებმა ბილიკის პოვნა და იცოცხლონ, ვისაც კი სურს სიცოცხლე უკანასკნელ დღეებში.

23. მიპასუხა და თქვა: შეკრიბე ხალხი და უთხარი მათ, რომ არ მოგიკითხონ ორმოცი დღე.

24. შენ კი გაამზადე მრავლად საწერი დაფები და თან წაიყვანე სარეა, დაბრია, სალემია, ექანუსი და ასიელი - ხუთი კაცი, ვისაც შეუძლია სწრაფად წერა,

25. და მოდი აქ. და მე დავანთებ შენს გულში გონების ლამპარს, რომელიც არ ჩაქრება, ვიდრე არ დასრულდება, რის წერასაც შეუდგები.

26. რომ დაასრულებ, ზოგი რამ გააცხადე, ზოგიც საიდუმლოდ გადაეცი ბრძენებს. ხვალ ამ დროს შეუდექი წერას.

27. მეც წავედი, როგორც დამარიგა, შევკრიბე მთელი ხალხი და ვთქვი:

28. ისმინე, ისრაელო, ეს სიტყვები:

29. დასაბამიდან ეგვიპტეში მდგმურობდნენ ჩვენი მამა-პაპანი და მერე გათავისუულდნენ იქიდან,

30. მიიღეს სიცოცხლის რჯული, რომელიც არ დაიცვეს, და რომელსაც თქვენც არღვევთ მათ შემდეგ.

31. წილად გერგოთ თქვენ მიწა, მიწა სიონისა, ხოლო თქვენი მამა-პაპა და თქვენც უკეთურად იქცევით და არ იცავთ გზას, რომელიც გიბრძანათ უზენაესმა.

32. და რაკი სამართლიანი მსაჯულია იგი, თავის დროზე წაგართვათ, რაც მოგცათ.

33. ახლა აქა ხართ თქვენ და თქვენი ძმებიც თქვენს შორის არიან.

34. თუ უბრძანებთ თქვენს გონებას და გაწვრთნით თქვენს გულს, ცოცხლები გადარჩებით და სიკვდილის შემდეგ შეწყალებულნი იქნებით.

35. რადგან მსჯავრი სიკვდილის შემდეგ მოვა, როცა კვლავ გავცოცხლდებით; მაშინ გაცხადდება მართალთა სახელები და გამჟღავნდება უწმინდურთა საქმენი.

36. ახლა ნურავინ მოვა ჩემთან და ნურც მომიკითხავთ ორმოცი დღე.

37. წავიყვანე ხუთი კაცი, როგორც მიბრძანა, წავედით ველზე და იქ დავრჩით.

38. მეორე დღეს, აჰა, მომიწოდა ხმამ: ეზრა, გააღე პირი და დალიე, რასაც შეგასმევ.

39. მეც გავაღე პირი და აჰა, მოწვდილია ჩემთვის სავსე თასი, თითქოს წყლით იყო სავსე, ფერით კი ცეცხლისფერი იყო.

40. მივიღე და შევსვი, და როცა ვსვამდი, გული მევსებოდა აზრით და სიბრძნე მატულობდა მკერდში; გონებაც ინარჩუნებდა მეხსიერებას.

41. პირი გაღებული მქონდა და მეტად აღარ დამიმუწავს.

42. უზენაესმა გაგების უნარი მისცა ხუთ კაცს და მათაც ჩაიწერეს ყოველივე, რაც ითქვა ღამეების განმავლობაში და რაც არ იცოდნენ.

43. ისინი ღამით ჭამდნენ პურს, მე კი დღისით ვლაპარაკობდი და არც ღამით დავდუმებულვარ.

44. ორმოც დღეში ორას ოთხი წიგნი იქნა ჩაწერილი.

45. რომ შესრულდა ორმოცი დღე, თქვა უზენაესმა: პირველად რაც ჩაწერეთ, საჯაროდ გააცხადეთ, წაიკითხონ ღირსეულებმა და უღირსებმაც.

46. უკანასკნელი სამოცდაათი კი შეინახე, რათა გადასცე ისინი შენი ხალხის ბრძენებს.

47. ამაშია შემეცნების ძარღვი, სიბრძნის წყარო და ცოდნის მდინარე. ასეც მოვიქეცი.


თავი მეთხუთმეტე

1. აჰა, ილაპარაკე ჩემი ხალხის გასაგონად წინასწარმეტყველური სიტყვები, რომლებსაც ჩავდებ შენს ბაგეებში, ამბობს უფალი,

2. და დააწერინე ისინი ქაღალდზე, რადგან სარწმუნოა და ჭეშმარიტი.

3. ნუ შეგაშინებს შეთქმულებები შენს წინააღმდეგ, ნურც ნათქვამისადმი ხალხის ურწმუნობა ნუ შეგაშფოთებს.

4. რადგან ყოველი ურწმუნო თავისსავე ურწმუნოებაში მოკვდება.

5. აჰა, შემოვიტან, ამბობს უფალი, დედამიწაზე უბედურებებს: მახვილს, შიმშილს, სიკვდილს და განადგურებას.

6. რადგან წაბილწა უკეთურებამ მთელი დედამიწა და ზღვარს გადაცდა მათი მავნე საქმეები.

7. ამიტომ ამბობს უფალი:

8. მეტად არ გავუჩუმდები მათ უღვთო საქმეებს, რასაც მკრეხელურად სჩადიან, აღარც ამათ უკეთურებებს მოვითმენ. აჰა, უდანაშაულო და მართალი სისხლი მეძახის მე და მართალთა სულები მეძახიან გამუდმებით.

9. შურს ვიძიებ მათზე, ამბობს უფალი, და უდანაშაულოთა მთელ სისხლს მათ მოვკითხავ.

10. აჰა, ჯოგივით მიჰყავთ ჩემი ხალხი დასახოცად, ვეღარ მოვითმენ მეტად მათ ცხოვრებას ეგვიპტის მიწაზე,

11. არამედ გამოვიყვან მას მაგარი ხელითა და შემართული მკლავით, მოვწყლავ გვემით, როგორც რომ უწინ, და გავანადგურებ მთელს მის ქვეყანას.

12. ატირდება ეგვიპტე, ცემით შეირყევა მისი საძირკვლები და სასჯელით, რასაც მოუვლენს მას ღმერთი.

13. ატირდებიან მიწისმუშაკნი, რადგან მოაკლდებათ მათ თესლი ჟანგისა, სეტყვისა და საშინელი ვარსკვლავის გამო.

14. ვაი, წუთისოფვლს და მისთა მკვიდრთა!

15. რადგან მოახლოვდა მათი შემმუსვრელი მახვილი, სამტროდ აღდგება ტომი ტომის წინააღმდეგ და ხმალი იქნება მათ ხელში.

16. დაუდგება მერყეობის ჟამი ადამიანებს, ერთიმეორის დამჯაბნელნი არად ჩააგდებენ მეფეს და თავიანთი ბრძოლების წინამძღოლთ.

17. მოიწადინებს კაცი წასვლას ქალაქში და ვერ შეძლებს,

18. რადგან აჯანყდებიან ქალაქები სიამპარტავნის გამო, სახლები შეძრწუნდებიან, შიში შეიპყრობს ადამიანებს.

19. აღარ შეიბრალებს კაცი თავის ახლობელს, მახვილის საიერიშოდ შეიქნება მათი სახლები და გასაძარცვავად იქნება მათი დოვლათი, პურის შიმშილისა და მრავალი შფოთის გამო.

20. აჰა, მოვუხმობ, ამბობს უფალი, ჩემს წინაშე დედამიწის ყველა მეფეს - ვის აღმოსავლეთიდან, ვის ჩრდილოეთიდან, ვის სამხრეთიდან, ვის ლიბანიდან, რათა მოიქცნენ და დააბრუნონ მათთვის მიცემული.

21. როგორც დღემდე ექცევიან ჩემს რჩეულთ, ასევე მოვექცევი და მივაგებ მათ ამას, ამბობს უფალი ღმერთი.

22. არ დაინდობს ჩემი მარჯვენა ცოდვილებს, არც მოეშვება ჩემი მახვილი უმანკოთა სისხლის მღვრელებს დედამიწაზე.

23. მისი რისხვისგან აღეგზნება ცეცხლი და შთანთქავს მიწის საფუძვლებს და ცოდვილებს, როგორც აბრიალებულ თივას.

24. ვაი მათ, ვინც სცოდავს და არ იცავს ჩემს ბრძანებებს! ამბობს უფალი.

25. არ დავინდობ მათ. განვედით, ურწმუნო შვილებო, ნუ ბილწავთ ჩემს საწმიდარს,

26. რადგან ყველას სცნობს უფალი, ვინც მას შესცოდა. ამიტომაც სასიკვდილოდ და შესამუსრად გასწირა ისინი.

27. მოედო უკვე მთელ დედამიწას ბოროტება და მასში ხართ ჩაცვენილნი. არ დაგიხსნით უფალი, რადგან შესცოდეთ მას.

28. აჰა, ხილვა საშინელი აღმოსავლეთიდან მომავალი:

29. მრავალი ეტლით წამოვლენ ხალხები არაბთა ურჩხულისა; ქარივით გადაუვლიან დედამიწას, რათა შეძრწუნდეს და თავზარი დაეცეს ყველას, მათი ხმის გამგონეს.

30. რისხვით გასენილი კარმონელნი ტახებივით გამოცვივდებიან ტყიდან, დიდი ძალით წამოვლენ, განეწყობიან მათთან საბრძოლველად და გააუკაცრიელებენ აშურელთა ქვეყნის ნაწილს.

31. ამის მერე იმძლავრებენ თავიანთი შობის მეხსიერი ურჩხულები და დიდ ძალასთან შეთქმულნი გაემართებიან მათ დასადევნებლად.

32. ისინი აირევიან და გაჩუმდებიან მათი ძალის წინაშე და ფეხებს მიატრიალებენ გასაქცევად.

33. აშურელთა მიწა-წყალზე მტერი ჩაუსაფრდება მათ და შემუსრავს ერთ მათგანს, და შიში და ზარი დაეცემა მათ ლაშქარს და უთანხმოება ჩამოვარდება მათ მეფეებს შორის.

34. აჰა, წამოვლენ ღრუბლები აღმოსავლეთიდან და ჩრდილოეთიდან სამხრეთამდე, და მეტისმეტად შემზარავი იქნება მათი სახე, რისხვითა და ქარიშხლით სავსე.

35. დაეძგერებიან ერთმანეთს და დაეძგერება მძიმე ქარიშხალი დედამიწას და სისხლი მახვილისგან წელამდე დადგება,

36. და ადამიანთა განავალი - აქლემის უნაგირამდე. იქნება დიდი შიში და ზარი დედამიწაზე,

37. შეძრწუნდებიან ამ რისხვის მხილველნი და შიში შეიპყრობს მათ. ამის მერე დაიძრებიან მძიმე ღრუბლები.

38. სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან, დანარჩენი ნაწილი კი - დასავლეთიდან.

39. მომძლავრდებიან აღმოსავლეთიდან ქარები და ახსნიან მას და ღრუბელს, რომელსაც რისხვით აღაგზნებენ. და გამანადგურებლად მოვლენილი ქარიშხალი აღმოსავლეთისა და დასავლეთის ქარისაკენ განიდევნება იძულებით.

40. აღდგებიან დიდი და ძლიერი ღრუბლები, რისხვით აღსავსენი, და ქარიშხალი მთელი დედამიწის და მის მკვიდრთა დასამხობად და გადმოღვრის ყოველ მაღალ და წარმოსაჩენ ადგილზე საშინელ ქარიშხალს,

41. ცეცხლსა და სეტყვას, მფრინავ მახვილებს და წყალდიდობებს, რათა გადაპიპინდეს წყლით მინდვრები და მდინარეები,

42. რომ წაილეკონ ქალაქები და კედლები, მთები და ბორცვები, ტყეთა ხეები და მდელოთა ბალახი და მათი ხორბლეული.

43. ასე ჩაივლიან ბაბილონამდე და დაამხობენ მას.

44. მიადგებიან ბაბილონს და გარს შემოერტყმებიან, გადმოღვრიან მასზე ქარიშხალს და მთელს რისხვას და ცამდე ავა მტვერი და კვამლი, და ყველანი ირგვლივ დაიგტირებენ მას.

45. გადარჩენილნი თავიანთ თავზარდამცემთ დაემონებიან.

46. აზიავ, ბაბილონის იმედის მოზიარევ და მისი ალის დიდებავ,

47. ვაი შენ, საბრალობელო, რომ დაემსგავსე მას! რომ ბოზობით შეამკე შენი ასულნი შენივე საყვარლების საამებლად და განსადიდებლად, რომელთაც მუდამ სურდათ შენთან ბოზობა!

48. საძულველს ბაძავ ყველა მის საქმეში და საქციელში. ამიტომ ამბობს ღმერთი:

49. მოგივლენ უბედურებებს, ქვრივობას, სიღატაკეს, შიმშილს, მახვილს და ჭირს, შენი სახლების გასაპარტახებლად ძალადობითა და სიკვდილით. შენი ძალის დიდება

50. დაჭკნება, როგორც ყვავილი, როცა შენზე მოვლენილი არმური შემოგენთება.

51. დაუძლურდები დიაცთა ხელით ნაცემ-ნაგვემი მათხოვარი ქალივით, რომ ვეღარ შეძლონ შენი აყვანა ძლევამოსილმა საყვარლებმა.

52. განა ასეთი შურისმგებელი ვიქნებოდი შენ მიმართ, ამბობს უფალი,

53. გამუდმებით რომ არ გეხოცა ჩემი რჩეულნი, ხელი რომ არ გქონოდა აღმართული მათ საგვემად და მთვრალს მათ სიკვდილზე არ გელაპარაკნა?

54. ხომ დაიმშვენე საკადრისად შენი პირისახე?

55. შენსავე წიაღშია შენი ბოზობის ჯილდო, ამიტომაც მიიღებ საზღაურს.

56. როგორც მოექეცი ჩემს რჩეულებს, ამბობს უფალი, ასევე მოგექცევა შენ ღმერთი და ბოროტს მიგცემს.

57. შიმშილით ამოწყდებიან შენი ნაშიერნი და შენც დაეცემი მახვილით, გაცამტვრდება შენი ქალაქები და ყველა შენიანი მახვილით დაეცემა ველზე.

58. მთებში მყოფნი შიმშილით ამოწყდებიან, საკუთარ ხორცს დაუწყებენ ჭამას და სისხლს დალევენ, პურს მოშიებულნი და წყალს მოწყურებულნი.

59. ზღვებით მოხვალ გაუბედურებული და კვლავ უბედურებას შეემთხვევი.

60. გზაში დაანგრევენ უბედურ ქალაქს და აღგვიან მიწის პირიდან შენი ქვეყნის რომელიღაც ნაწილს და ბოლოს მოუღებენ შენი დიდების წილს, დამხობილი ბაბილონისკენ გაბრუნებულნი.

61. ბზესავით გაილეწები მათთვის, ისინი კი ცეცხლად მოგევლინებიან.

62. და შთანგთქამენ შენ, შენს ქალაქებს, შენს მიწა-წყალს, მთებს, შენს ტყეებსა და ნაყოფიერ ხეებს გადაბუგავენ;

63. ტყვედ წაასხამენ შენს შვილებს, ნადავლად წაიღებენ შენს საბადებელს და შენი სახის დიდებას ბოლოს მოუღებენ.


თავი მეთექვსმეტე

1. ვაი შენ, ბაბილონო და აზიავ, ვაი შენ, ეგვიპტევ და სირიავ!

2. შეიმოსეთ ჯვალო და ფლასი, იტირეთ თქვენი შვილები და იმწუხარეთ, რადგან მოახლოვდა თქვენი აღსასრული.

3. მოვლენილია თქვენზე მახვილი და ვინ იქნება, რომ აგაცდინოთ იგი?

4. მოვლენილა თქვენზე ცეცხლი და ვინ იქნება, რომ ჩააქროს იგი?

5. მოვლენილია თქვენზე უბედურებანი და ვინ იქნება, რომ უკუაქციოს ისინი?

6. ნუთუ ტყიდან გამოსული მშიერი ლომი უკუაქცევს? ნუთუ ჩააქრობს ბზეში ახლადაბრიალებულ ცეცხლს?

7. ნუთუ უკუაქცევს ვინმე ისარს, გატყორცნილს ძლიერი მშვილდოსნის მიერ?

8. ყოველშემძლე უფალი გზავნის უბედურებებს და ვინ იქნება, რომ უკუაქციოს ისინი?

9. გამოვა ცეცხლი მისი რისხვისაგან და ვინ იქნება, რომ ჩააქროს იგი?

10. იელვებს და ვის არ შეეშინდება, დასჭექს და ვინ არ შეკრთება?

11. უფალი დაიმუქრება და ვინ არ შეირყევა ერთიანად მის წინაშე?

12. იძვრის მიწა და მისი საფუძველნი, ზღვა ღელავს ღურღუმელიდან, ბობოქრობენ მისი ტალღები და მისი თევზები უფლის პირისა და მისი ძალის დიდების წინაშე.

13. რადგან ძლიერია მისი მარჯვენა, მშვილდის მომზიდველი; წვერმახია მის მიერ გასროლილი ისრები და მიზანს არ სცდება, როცა ისვრის მათ ქვეყნის კიდეებისკენ.

14. აჰა, მოვლენილია უბედურებანი და არ შეიქცევიან უკან, ვიდრე არ მოაღწევენ დედამიწას.

15. დანთებულია ცეცხლი და არ ჩაქრება, ვიდრე არ შთანთქავს დედამიწის საფუძვლებს.

16. როგორც არ გაბრუნდება უკან ისარი, მაგარი მშვილდოსნის ხელით გატყორცნილი, ასევე არ უკუიქცევა დედამიწაზე მოვლენილი უბედურებები.

17. ვაი მე, ვაი მე, ვინ მიხსნის იმ დღეებში?

18. ტანჯვათა დასაბამი და მრავალი გოდება, შიმშილის დასაბამი და მრავალთა დაღუპვა! ომების დასაბამი და მძლეთა შეშინება, უბედურებათა დასაბამი და ყველას თავზარდაცემა!

19. მე რა ვქნა მაშინ, უბედურებები რომ მოგვადგება?

20. აჰა, შიმშილი და ჭირი, ტანჯვა და წვალება, მოვლენილია როგორც შოლტები ადამიანთა მოსარჯულებლად.

21. და მაინც არ მოიქცევიან უკეთურებათაგან და არც მუდამ ეხსომებათ შოლტები.

22. აჰა, იქნება ყოველწლიური სიიაფე დედამიწაზე, ეგონებათ, ჭეშმარიტი მშვიდობა დადგაო, მაგრამ სწორედ მაშინ წარმოიშობა დედამიწაზე უბედურება, მახვილი, შიმშილი და დიდი აღრეულობა.

23. შიმშილით გაწყდება დედამიწის მკვიდრთა უმრავლესობა და მახვილი მოსპობს დანარჩენთ, ვინც გადაურჩება შიმშილს.

24. ნეხვივით დახვავდება გვამები და არვინ იქნება მათი დამტირებელი, რადგან გაუკაცრიელდება დედამიწა და მისი ქალაქები დაემხობა.

25. აღარავინ დარჩება, რომ მოხნას მიწა და დათესოს თესლი.

26. ხე მოისხამს ნაყოფს, მაგრამ ვინ იქნება მისი მკრეფელი?

27. ყურძენი დამწიფდება, მაგრამ ვინ იქნება მისი დამწურავი? რადგან დიდ უდაბნოდ გადაიქცევა სანახები.

28. კაცს მოენატრება კაცის ხილვა ან მისი ხმის გაგონება,

29. რადგან შემორჩება ქალაქიდან ათიოდე და სოფლებიდან ორიოდე კაცი, ვინც შეაფარებს თავს უღრანებს და კლდეთა ნაპრალებს.

30. როგორც ზეთისხილის ბაღში აქა-იქ ხეებს შერჩება სამი თუ ოთხი ნაყოფი,

31. ან როგორც გაკრეფილ ვენახში იპოვის თითოოროლა მტევანს ბეჯითი მძებნელი,

32. ასე გადაურჩება იმ დღეებში სამი ან ოთხი სახლი იმათ, ვინც მახვილით ხელში მათ გასაჩხრეკად წამოვა,

33. და დარჩება უდაბური მიწა, გაყამირდება მისი ყანები და მის გზებზე და ბილიკებზე ნარ-ეკალი ამოვა, რომ ადამიანმა ვერ გაიაროს.

34. ატირდებიან უქორწინებელი ქალწულნი, ატირდებიან უქმროდ დარჩენილი ქალები, ატირდებიან უმწეოდ დარჩენილი მათი ასულები.

35. საქმროები ომში დაეხოცებათ და ქმრები შიმშილით გაუწყდებათ.

36. მაშ, ისმინეთ ეს და შეიგნეთ, უფლის მორჩილნო.

37. აჰა, უფლის სიტყვა, მიიღეთ იგი; ნუ გჯერათ ღმერთებისა, რომლებზედაც გელაპარაკათ უფალი.

38. აჰა, ახლოვდება უბედურება, არ დაყოვნდება,

39. როგორც ფეხმძიმეს, მეცხრე თვეში მყოფს, მოუწევს მშობიარობის ჟამი და ორი ან სამი საათით ადრე ტკივილები დაუვლის მუცელში, ერთი წუთითაც არ დააყოვნებს ბავშვის გამოსვლა საშოდან,

40. ასევე არ დაიგვიანებს უბედურებები მოვლინებას დედამიწაზე; კვნესა აღმოხდება წუთისოფელს და ტკივილები მოიცავს მას.

41. გაიგონე სიტყვა, ჩემო ხალხო, გაემზადეთ ბრძოლისათვის და ისე იყავით გასაჭირში, როგორც მოსულნი უცხო ქვეყანაში.

42. კაცი ყიდდეს და გასაქცევად ემზადებოდვს; ყიდულობდეს და კარგავდეს;

43. ვაჭრობდეს და სარგებელს ვერ პოულობდეს; აშენებდეს და ვერ სახლდებოდეს;

44. თესავდეს და ვერ იმკიდეს; ვაზს სხლავდეს და ვერ ისთვლიდეს;

45. ქორწინობდეს და შვილებს არ აჩენდეს; ვინც არ ქორწინობდეს, ქვრივივით იყოს.

46. ვინც რისთვის იღვწოდეს, ფუჭად იღვწოდეს.

47. მათ ნაყოფს უცხოტომი მოიმკის და დაიტაცებენ მათ დოვლათს, დაამხობენ მათ სახლებს და მათ შვილებს ტყვედ წაასხამენ; რადგან ეყვეობასა და შიმშილში შობენ თავიანთ ნაშიერთ.

48. ვინც ძარცვა-გლეჯას ეწევიან, რაც მეტ ხანს შეამკობენ თავიანთ ქალაქებსა და სახლებს, თავიანთ საბადებელს და საკუთარ თავს,

49. მით უფრო მოვიძულებ მათ მათი ცოდვებისთვის, ამბობს უფალი.

50. როგორც ბოზსა სძულს ღირსეული და სათნოებით აღსავსე ქალი,

51. ასე მოიძულებს მართლმსაჯულება უკეთურებას, როცა თავს იმკობს იგი, და პირისპირ დასდებს მას ბრალს, როცა მოვა ის, ვინც დაიცავს ყველა ცოდვის გამომჩხრეკელს დედამიწის ზურგზე.

52. ამიტომ ნურც მას მიბაძავთ და ნურც მის საქმეებს.

53. რადგან ცოტაც და, აღიგავება უკეთურება მიწის პირიდან და სამართალი გამეფდება თქვენში.

54. ვერ იტყვის მაშინ ცოდვილი, არ შემიცოდავსო, რადგან აგიზგიზებულ მუგუზლებს დაწვავს უფალი იმის თავზე, ვინც ამბობს: არ შემიცოდავსო უფალი ღმერთისა და მისი დიდების წინაშე.

55. აჰა, უფალმა უწყის ადამიანთა ყოველი საქმე, მათი განზრახვები და მათი ფიქრები და მათი გულები.

56. მან თქვა: იყოს მიწა და იქმნა მიწა; იყოს ცა და იქმნა ცა.

57. მისი სიტყვით დაფუძნდა ვარსკვლავები და მან უწყის ვარსკვლავთა რიცხვი.

58. მან გამოიძია ქვესკნელი და მისი საგანძურები, მან გაზომა ზღვა და მისი წიაღი.

59. მან მოამწყვდია ზღვა წყალთა შუა და წყლებს ზემოთ დაჰკიდა დედამიწა თავისი სიტყვით.

60. მან კამარასავით გადაფინა ცა, წყლებზე დააფუძნა იგი.

61. მან დასხა უდაბნოში წყაროს თვალნი და ტბები მთათა მწვერვალებზე, რათა იდინონ მდინარეებმა მაღალი კლდეებიდან მიწის მოსარწყავად.

62. მან გამოსახა კაცი და ჩაუდო გული მკერდში და და მოუვლინა მას სული, სიცოცხლე და გონება,

63. და სუნთქვა ყოვლისშემძლე ღმერთისა; მან შექმნა ყველაფერი და გამოიძია ყოველივე დამალული მიწის სამალავებში.

64. მან უწყის თქვენი განზრახვები და რასაც გულში ფიქრობთ ცოდვილნი, მსურველნი ცოდვათა დაფარვისა.

65. ამის გამო გამოწვლილვით გამოიძიებს უფალი ყველა თქვენს საქმეს და ყველას სააშკარაოზე გამოგიყვანთ.

66. და შერცხვებით, როცა გამოჩნდება თქვენი ცოდვები ადამიანთა წინაშე და ბრალმდებლებად თქვენი უკეთურებანი იმ დღეს.

67. რას იზამთ? ან როგორ დამალავთ თქვენს ცოდვებს ღვთისა და მისი ანგელოზების წინაშე?

68. აჰა, მსაჯულია, ღმერთი, გეშინოდეთ მისი. გაერიდეთ თქვენს ცოდვებს და დაივიწყეთ თქვენი უკეთურებებანი, განუწყვეტლივ რომ სჩადიხართ, და ღმერთიც გაგიძღვებათ თქვენ და გიხსნით ყოველი სატანჯველისგან.

69. აჰა, გიზგიზებს თქვენთვის ურიცხვი ურდოების რისხვა, გაიტაცებენ ვინმეს თქვენგან და გამოგკვებავენ კერპების ნამსხვერპლით.

70. თუ დაჰყვნენ მათ, მათი სამასხარაო, მათი გასაკიცხი და გასათელი შეიქნებიან.

71. რადგან გახშირდება სხვადასხვა ადგილებში და მეზობელ ქალაქებში თავდასხმანი უფლისმოშიშთა წინააღმდეგ.

72. შეშლილებივით იქნებიან და არავის დაინდობენ, ვინც ჯერ კიდევ უფლისმოშიშნი არიან.

73. გაანადგურებენ და დაიტაცებენ მათ დოვლათს და სახლებიდან გამოყრიან მათ.

74. მაშინ გამოიცდებიან ჩემი რჩეულები, როგორც ოქრო იცდება ცეცხლით.

75. ისმინეთ, ჩემო საყვარელნო, ამბობს უფალი, აჰა, მოაწია განსაცდელის დღეებმა და მე დაგიხსნით მათგან.

76. ნუ გეშინიათ და ნუ მერყეობთ, რადგან ღმერთია თქვენი წინამძღოლი.

77. თუ დაიცავთ ჩემს ბრძანებებს და მცნებებს, ამბობს უფალი ღმერთი, არ გადაგწონით თქვენი ცოდვები, არ დაგძლევთ თქვენი უკეთურებანი.

78. ვაი მას, ვინც მოშთობილია თავისი ცოდვებით და დაფარულია თავისი უკეთურებებით, როგორც ღვარძლით მოშთობილი ყანა და ნარ-ეკლით დაფარული ბილიკი, სადაც ადამიანი ვერ გაივლის. გაიხვეტება იგი და ცეცხლს მიეცემა შთასანთქმელად.

თავი პირველი

1. ფრიად ფილოსოფიურ საგანზე მსურს საუბარი: განაგებს თუ არა ვნებებს ღვთისმოსავი აზრი. მართებული იქნება ჩემგან, რომ გირჩიოთ მიჰყვეთ ფილოსოფიას.

2. რადგან ეს საგანი აუცილებელია ყველასათვის, ვინც ცოდნას ეძებს, ამავე დროს ის შეიცავს ქება-დიდებას უმაღლესი სათნოებისას, როგორიც არის გონივრული განსჯა.

3. თუ აშკარაა, რომ აზროვნება გონივრული განსჯის დამაბრკოლებელ ვნებებზე - მუცელღმერთობაზე და ჟინიან ლტოლვებზე მძლავრობს,

4. ასევე ცხადია ისიც, რომ იგი ბატონობს სამართლიანობის ხელისშემშლელ ენებებზეც, როგორიც არის რისხვა, შიში და ტანჯვა.

5. ვინმე იკითხავს: თუ გონება განაგებს ვნებებს, რატომ არ ბატონობს იგი გულმავიწყობაზე და უმეცრებაზეო? სასაცილოდ აიგდებენ ჩემს ნათქვამს.

6. რადგან გონება ვერ განაგებს თავის საკუთარ ვნებებს, არამედ იმათ, რომლებიც სამართლიანობას, სიმამაცეს და გონივრულ განსჯას უპირისპირდებიან. საკუთარ ვნებებს იგი არ სპობს, არამედ მხოლოდ გასაქანს არ აძლევს მათ.

7. ყველანაირი საბუთით დაგიდასტურებთ, რომ გონება ვნებათა განმგებელია.

8. მაგრამ უფრო თვალნათლივ ცხადვყოფდი ღირსების გულისთვის დახოცილთა - ელეაზარის, მისი შვიდი ძმისა და მათი დედის სიმამაცის მაგალითზე.

9. მათ ხომ არად ჩააგდეს სასიკვდილო წამებანი და ამით ვნებებზე გონების უპირატესობა ცხადყვეს.

10. ამჟამად მმართებს განვადიდო სიქველეთათვის ისინი, ვინც თავიანთ დედასთან ერთად დაიხოცნენ უმაღლესი ზნეობის გასამარჯვებლად; და ასევე მსურს ნეტარად შევრაცხო ისინი იმ ღირსებისთვის, რომელსაც ატარებდნენ.

11. ისინი ხომ გამბედაობითა და მოთმინებით არა მხოლოდ მათ შემყურე ხალხს, არამედ თავიანთ ჯალათებსაც კი აოცებდნენ; ხდებოდნენ მძლავრობისგან ხალხთა ხსნის სახსარნი და სძლევდნენ ტირანთ, ვიდრე საბოლოოდ არ განწმიდეს სამშობლო დამპყრობთგან.

12. ახლაც უმალ ამ ვაჟკაგებზე უნდა გესაუბროთ; რაკი ამ ამბებზე ჩამოვარდა სიტყვა, მმართებს ახლავე, როგორც ჯერ არს, საბუთებით დავიწყო მსჯელობა და ასე, ყოვლად ბრძენი ღმერთის განმადიდებელმა, საგმირო ამბავთა თხრობისაკენ წარვმართო სიტყვა.

13. მაშ, გამოვიკვლიოთ, თუ არის გონება ვნებათა განმგებელი.

14. განვსაზღვროთ, რა არის გონება და რა არის ვნება; რამდენნაირია ვნება და სძლევს თუ არა მათ საბოლოოდ გონება.

15. მაშ, გონება ისეთი განსჯაა, რომელიც სწორი გადაწყვეტილებით ბრძნულ ცხოვრებას ირჩევს;

16. სიბრძნე კი არის ღვთაებრივ და ადამიანურ საქმეთა ცოდნა და მათი მიზეზიც.

17. მაშასადამე, სიბრძნე არის რჯულში განსწავლა, რის შედეგადაც ღვთაებრივ საქმეებს მოწიწებით, ხოლო ადამიანურს - საკუთარი სარგებლობისთვის ვსწავლობთ.

18. სიბრძნის სახეობანია გონივრული განსჯა, სამართლიანობა, სიმამაცე და თვითდაოკება.

19. უმთავრესია მათში გონივრული განსჯა, რომლის წყალობითაც ვნებებს სძლევს გონება.

20. ხოლო თავიანთი ბუნების მიხედვით ვნებათაგან უძლიერესია: სიამოვნება და ტკივილი, ამათგან ერთი სულისთვის არის თანდაყოლილი, მეორე კი -სხეულისთვის.

21. ამ ვნებებს - სიამოვნებასა და ტკივილს ბევრნაირი შედეგი აქვს.

22. სიამოვნებას წინ უსწრებს სურვილი და მოსდევს სიხარული.

23. ხოლო ტკივილს წინ უსწრებს შიში და მოსდევს მწუხარება.

24. მრისხანება საერთო ვნებაა სიამოვნებასა და ტკივილს შორის; ამას ყველა მიხვდება, ვისაც განუგდია იგი.

25. სიამოვნებაში ავი განწყობილებაც არის, რაც ყველაზე უფრო მრავალსახოვანია ვნებათა შორის.

26. ასეთია სულისთვის - ვერცხლისმოყვარეობა, პატივმოყვარეობა, მოშუღლეობა და ცილისმწამებლობა.

27. ხოლო სხეულისთვის - ღორმუცელობა, გაუმაძღრობა და მარტოდმჭამელობა.

28. როგორც სიამოვნება და ტკივილი სხეულიდან და სულიდან აღმოცენებული მცენარეებია, ასევე ამ მცენარეებს თავისი შტოები აქვს,

29. რომელთაგან თითოეულს ასუფთავებს, სხლავს, ამყნობს, რწყავს და ყოველმხრივ უვლის მიწათმოქმედი - გონება, და ათვინიერებს ველურ ზნესა და ვნებებს.

30. რადგან გონება არის ღირსებათა წინამძღვარი და ვნებათა განმგებელი, ყურად იღეთ პირველ ყოვლისა, რომ გონება ბატონობს ვნებებზე თვითდამაოკებელი ძალის წყალობით.

31. თვითდაოკება კი სურვილებზე უფლობს.

32. ზოგი სურვილი სულიერია, ზოგიც სხეულებრივი, და ორივეს, ცხადია, სძლევს გონება.

33. აბა, როგორ დავაღწევდით თავს თვით სიამოვნებასაც კი, აკრძალული საჭმლის მიმართ მიდრეკილნი? განა გონების წყალობით არ ვიოკებთ გულისთქმებს? მე ასე ვფიქრობ.

34. რადგან ჩვენ გონების ძალით ვიკავებთ თავს წყლის ცხოველთა, ფრინველთა და სხვა საკვებისგან, რომელთა ჭამაც რჯულით გვეკრძალება.

35. რადგან გულისთქმისეული ვნებები ითრგუნება თვითდამაოკებელი გონიერებით და სხეულის ყოველი მოძრაობა გონების ძალით არის მოთოკილი.


თავი მეორე

1. რატომ არის საკვირველი, თუ სულის ვნებებს სიკეთის წინაშე ძალა ეცლება.

2. განა გონიერი იოსები იმის გამო არ იმსახურებს ქებას, რომ გონებით ალაგმა განცხრომის ვნება?

3. რადგან მან ახალგაზრდობაში, ჯერ კიდევ თანაყოფის შემძლემ, გონებით უვნებელყო გულისთქმათა ნესტარი.

4. და, როგორც ჩანს, არა მარტო განცხრომას, არამედ ყოველგვარ ვნებას სძლია გონებამ.

5. აკი გვაუწყებს რჯული: არ ისურვო შენი ახლობლის ცოლი, არც რაიმე ქონება შენი ახლობლისა.

6. მართლაც, როცა გვაუწყა რჯულმა - არ ისურვოო, უფრო მეტად დავრწმუნდით გონების ძალაში, რომ შეუძლია მას ვნებათა მართვა. ეს იმ ვნებებსაც ეხება, რომლებიც სამართლიანობას აბრკოლებენ.

7. რადგან როგორ შეიცვლის ზნეს მარტოდ მჭამელი, ან ღორმუცელა, ან ლოთი, თუკი გონება ნამდვილად ვნებათა უფალი არ არის?

8. ცხადია, რჯულის მიმდეკარი კაცი, რაგინდ ვერხლისმოყვარული არ უნდა იყოს იგი, იძულებული გახდება სარგებელის გარეშე გასცეს სესხი და შვიდეულთა დღესასწაულზე შეუმციროს კიდეც გადასახდელი თანხა.

9. მომჭირნეც რომ აღმოჩნდეს კაცი, რჯული გონების ძალით აიძულებს მას, ზედმეტი არც მოსავალი აიღოს, არც ვენახი გაკრიფოს პირწმინდად. სხვა ვნებების თაობაზეც ეს უნდა ვიცოდეთ: ვნებათა უფალია გონება.

10. რჯული მშობლების სიყვარულზეც მეტია, რადგან მათი გულისთვის ღირსებას არ ღალატობს კაცი.

11. ცოლის სიყვარულზეც უპირატესია, რადგან კაცი გაუკიცხავს არ სტოვებს რჯულის გამტეხ ცოლს.

12. შვილების სიყვარულზეც უფრო ძლიერია, რადგან კაცი სჯის შვილებს სიავისთვის.

13. მეგობართა ურთიერთობებსაც მართავს, რადგან კაცი კიცხავს მეგობარსაც, თუ ბოროტება ჩაიდინა.

14. უაზრობად ნუ მოგეჩვენებათ, რომ გონებას რჯულის ძალით მტრობის დაძლევაც კი შეუძლია. ხომ არ იჩეხება მტრის ხელით დარგული ხეებიც კი, არამედ იცავენ მტრის ქონებას განადგურებისგან და ფეხზე აყენებენ წაქცეულს.

15. ცხადია, რომ გონება აოკებს უძლიერეს ვნებებს: ძალაუფლების სიყვარულს, ცუდმედიდობას, მკვეხარობას, ამბარტავნებას და ცილისმწამებლობას.

16. თრგუნავს ავზნიან ვნებებს ბრძნული გონება, ისევე როგორც მრისხანებას; ამ ვნების ბატონიც არის იგი.

17. როცა მოსე განურისხდა დათანსა და აბირონს, მრისხანებით კი არ მოიქცა მათ წინააღმდეგ, არამედ გონებით შეაკავა მრისხანება.

18. რადგან შეუძლია გონივრულ აზრს დასძლიოს ვნებები - ზოგი მოიშოროს, ზოგიც განაქარვოს.

19. მაშ, რის გამო ადანაშაულებდა ჩვენი ყოვლადბრძენი მამა იაკობი სიმონისა და ლევის ხალხს, როცა უაზროდ ამოჟლიტეს შექემელთა მთელი ტომი, წყეული იყოს მათი მრისხანებაო?

20. ამას არ იტყოდა იგი, რომ არ შეძლებოდა გონებას მრისხანების დათრგუნვა.

21. როცა ღმერთმა გამოსახა კაცი, ჩაუნერგა მას ვნებანი და ჩვევანი,

22. და მაშინ ყოველი გრძნობის წმიდა წინამძღვრად გონება დასვა ტახტზე,

23. და მისცა მას რჯული, რომლის წყალობითაც ადამიანს გონივრული, სამართლიანი, კეთილი და ღირსეული სამეფო უნდა ემართა.

24. ეს როგორ არის, იკითხავს კაცი, რომ ვნებათა მბრძანებელი გონება ვერ სძლევსო გულმავიწყობას და უმეცრებას?


თავი მესამე

1. ეს კითხვა მეტად სასაცილოა, რადგან ცხადია, რომ გონება განაგებს არა თავის საკუთარ ვნებებს, არამედ მხოლოდ ხორციელთ.

2. კაცს არ შეუძლია ამოიკვეთოს ამგვარი სურვილი, მაგრამ გონებას მაინც ძალუძს სურვილისადმი დაუმორჩილებლობის უნარი მოგვანიჭოს.

3. კაცს არ შეუძლია ამოიკვეთოს სულიდან მრისხანება, მაგრამ მრისხანებაში შემწედ შეუძლია მოიხმოს გონება.

4. კაცს არ შეუძლია ამოკვეთოს უკეთური ზნე, მაგრამ გონებას თანამებრძოლად შეუძლია მოგვივლინოს ავი ზნისადმი ქედუხრელობა.

5. გონება ვნებათა აღმოფხვრელი კი არ არის, არამედ მათი წინაღმდგომია.

6. ყოველივე ზემოთთქმულს ნათლად ცხადყოფს ამბავი დავით მეფის წყურვილისა.

7. მთელი დღე უტევდა დავითი თავისი ერის მეომრებთან ერთად ფილისტიმელებს და ბევრი მათგანი გაწყვიტა.

8. საღამო რომ ჩამოწვა, გაოფლილი და ძლიერ დაქანცული შევიდა იგი სამეფო კარავში, რომელიც ჩვენი წინაპრების ჯარებით იყო გარშემორტყმული.

9. ყველანი უკვე ვახშმად ისხდნენ,

10. მეფე კი, რომელსაც შიმშილზე უფრო მეტად წყურვილი აწუხებდა, ირგვლივ უამრავ წყაროებს ზედაც არ უყურებდა, არ სურდა ამ წყაროთა წყლით მოეკლა წყურვილი.

11. მაგრამ მტრის წყაროთა მიმართ რაღაც გაუგებარმა სურვილმა ააღელვა და აღანთო იგი.

12. მაშინ მეფის სურვილისადმი მოწიწების გრძნობით შეპყრობილმა ორმა ახალგაზრდა წარჩინებულმა მეომარმა აისხა იარაღი, აიღო წყლის ჭურჭელი და მტრის სასაზღვრო სამანები გადალახა.

13. გუშაგთაგან შეუმჩნევლად შეაღწიეს კარიბჭეში და მტრის მთელი ბანაკი მოიარეს წყაროთა ძებნაში.

14. აღმოაჩინეს წყარო და მისი წყალი გაბედულად მიუტანეს მეფეს დასალევად.

15. მაგრამ წყურვილის ცეცხლით დატანჯულმა მეფემ, სულისთვის საშინელ საფრთხედ მიიჩნია ეს წყურვილი, ლამის სისხლის წყურვილის ტოლფასად.

16. და იგი სურვილს გონებით წინაღუდგა და ღმერთს შესწირა სასმელი.

17. რადგან გონებას ძალუძს სურვილთა დაძლევა და ვნებათა ალის ჩაქრობა.

18. ძალუძს უმძიმესი ხორციელი ტკივილების დაამება და გონების სიკეთის წყალობით ვნებათა ყველანაირი შეტევის უკუქცევა.

19. ახლა კი დრო დადგა, რათა სამაგალითოდ მოვიხსენიოთ გონებისმიერი თავდაოკების ამბავი.

20. ეს მოხდა მაშინ, როცა რჯულკეთილობისა და სწორი ქცევის წყალობით ჩვენს მამა-პაპას მშვიდობა ჰქონდა. როცა თვით აზიის მეფეს - სელევკოს ნიკანორს ფული ჰქონდა მათთვის გამოყოფილი ტაძრის სამსახურისთვის და მათ თვითმართველობასაც სცნობდა.

21. მაშინ იყო, რომ ზოგიერთებმა საერთო ერთსულოვნების წინააღმდეგ ჯანყი წამოიწყეს და მრავალგვარი უბედურობანი გამოიწვიეს.


თავი მეოთხე

1. იყო ვინმე სიმონი, პოლიტიკური მეტოქე ონიასი, მშვენიერი და კეთილი კაცისა, რომელსაც მღვდელმთავრობა ეჭირა მთელი სიცოცხლე. რაკი მრავალგვარი ცილისწამებით მან ვერ მოახერხა სახელი გაეტეხა ონიასთვის ხალხის თვალში, გაიქცა სამშობლოდან მის საღალატოდ.

2. წავიდა აპოლონიოსთან - სირიის, ფინიკიის და კილიკიის განმგებელთან და უთხრა:

3. სამეფო ხელისუფლების ერთგული მოვსულვარ, რათა მოგახსენო, იერუსალიმის საგანძურებში დიდძალი კერძო ქონებაა შენახული, რომელიც არ არის ტაძრის საკუთრება, არამედ მეფე სელევკოსს ეკუთვნის.

4. როცა წვრილად გამოიკითხა ეს ამბავი აპოლონიოსმა, შეუქო სიმონს მეფისადმი ერთგულება, ეახლა სელევკოსს და მოახსენა საგანძურის ამბავი.

5. და მიიღო უფლება სასწრაფოდ წამოსულიყო ჩვენს სამშობლოზე დიდძალი ლაშქრით, წყეულ სიმონთან ერთად.

6. განაცხადა, რომ მეფის ბრძანების თანახმად არის მოსული, რათა საგანძურიდან კერძო პირთა ქონება წაიღოს.

7. ამ სიტყვამ აღაშფოთა ხალხი, ისინი შეეწინააღმდეგენ აპოლონიოსს; მათი აზრით, ეს გაძარცვა იქნებოდა იმათი, ვინც წმიდა საგანძურს მიაბარეს თავიანთი ქონება; და ისინი არასგზით არ დათმობდნენ მას.

8. მაშინ აპოლონიოსი მუქარით დაიძრა ტაძრისაკენ.

9. ხოლო მღვდლები ქალებთან და ბავშვებთან ერთად ტაძარში ევედრებოდნენ ღმერთს, რათა დაეფარა მას ხელყოფისგან ეს წმიდა ადგილი.

10. და როცა ჯარის თანხლებით ამოვიდა აპოლონიოსი განძის დასატაცებლად, გამოჩნდნენ ცით მომავალი, ცხენზე ამხედრებული ანგელოზები ელვარე იარაღით ხელში, დიდი შიშისა და ზარის მომგვრელნი.

11. მაშინ დაემხო ცოცხალ-მკვდარი აპოლონიოსი ტაძრის საერთო ეზოში, იწვდიდა ზეცისკენ ხელებს და აცრემლებული ევედრებოდა ებრაელებს, ელოცათ მისთვის ზეციური მხედრობის მოსალმობიერებლად.

12. ამბობდა, სიკვდილის ღირსი ცოდვა ჩავიდინე, და გადავრჩი, ამ კურთხეულ ადგილს მთელი ხალხის წინაშე განვადიდებო.

13. ამ სიტყვებით შეძრულმა ონია მღვდელმთავარმა თუმცა იჭვნეულად, მაგრამ მაინც ილოცა მისთვის, რათა სელევკოსი დარწმუნებულიყო, რომ აპოლონიოსი ადამიანურმა მუხანათობამ კი არ დაამხო, არამედ ღვთიურმა სამართალმა.

14. სასწაულით გადარჩენილი აპოლონიოსი უკან გამობრუნდა, მეფისთვის რომ მოეხსენებინა მომხდარი.

15. სელევკოს მეფე რომ გარდაიცვალა, ხელმწიფება მიიღო მისმა ძემ - ანტიოქოს ეპიფანემ, თავხედმა და სასტიკმა ადამიანმა.

16. მან გადააყენა მღვდელმთავრის თანამდებობიდან ონია და დანიშნა ონიას ძმა, იასონი.

17. რომელსაც მღვდელმთავრობის საფასურად ყოველწლიურად სამიათას ექვსას სამოცი ტალანტი უნდა ეძლია მისთვის.

18. ამგვარად, უბოძა მან იასონს მღვდელმთავრობა და ხალხის წინამძღოლობა.

19. ააცდინა იასონმა სწორ გზას ხალხი და ყოველგვარი ურჯულოებით განაგებდა საზოგადო საქმეებს.

20. არა მხოლოდ გიმნაზიონი აშენდა ჩვენი სამშობლოს მთაზე, არამედ სატაძრო სამსახურიც კი გაუქმდა.

21. გაუწყრა ხალხს ამის გამო ღვთიური სამართალი და ანტიოქოსი გამოალაშქრებინა მათზე.

22. რადგან, როცა პტოლემეოსს ეომებოდა ეგვიპტეში, გაიგო, რომ ხალხში ცრუ ხმები გავრცელდა, მოკვდაო ანტიოქოსი, და რომ მისი სიკვდილის ამბავი დიდი სიხარულით მიიღეს იერუსალიმელებმა. ამიტომაც მაშინვე გამოილაშქრა მათზე.

23. და როცა დაარბია ისინი, განკარგულება გასცა სიკვდილით დაესაჯათ ნებისმიერი მოქალაქე, ვინც მამა-პაპის რჯულის დამცველი აღმოჩნდებოდა.

24. მაგრამ ვერანაირი განკარგულებით ვერ აიძულა ხალხი მშობლიური რჯულისადმი მორჩილება დაერღვიათ; პირიქით, დარწმუნდა, რომ არაფრად მიიჩნევდნენ ისინი მეფის მუქარასა და სასჯელებს.

25. დედებს თავიანთი შვილების წინდაცვეთის გამო ჩვილებთან ერთად კლდიდან ისროდნენ, მაგრამ მაინც არ არღვევდნენ ამ რჯულს, თუმცა წინასწარ იცოდნენ, რა სასჯელიც მოელოდათ.

26. რაკი არად ჩააგდო ხალხმა მეფის განკარგულებანი, მან დაიფიცა, რომ თავისი ხელით იძულებით შეაჭმევდა თითოეულ მათგანს უსურმაგის ხორცს და იუდაელობას დააგმობინებდა.


თავი მეხუთე

1. თავმოყრილ ხალხს შორის ამაღლებულ ადგილას ჩამომჯდარმა, თავითფეხამდე შეიარაღებული ლაშქრით გარშემორტყმულმა მრძანებელმა ანტიოქოსმა

2. უბრძანა მცველებს, სათითაოდ გამოეყვანათ ებრაელები და იძულებით ეჭმევინებინათ მათთვის ღორისა და კერპთათვის შეწირულ ცხოველთა ხორცი.

3. და თუ ვინმე არ მიეკარებოდა უწმიდურ საჭმელს, ბორბალზე დაებათ და წამებით მოეკლათ.

4. გამოიყვანეს დიდძალი ხალხი და პირველთა შორის მეფეს მიჰგვარეს კაცი, სახელად ელეაზარი. იგი იყო სამღვდელო მოდგმიდან, რჯულის მეცნიერი ხანდაზმული და კარგად ცნობილი სამეფო კარზე ფილოსოფიაში განსწავლულობით. დააყენეს ელეაზარი მბრძანებლის წინ.

5. როცა დაინახა იგი ანტიოქოსმა, თქვა:

6. ვიდრე შენს წამებას შევუდგებოდი, მოხუცო, გირჩევ, შეჭამო ღორის ხორცი და ცოცხალი გადარჩები.

7. რადგან პატივს ვცემ შენს ასაკს და ჭაღარას, თუმცა ამდენი ხანია გამშვენებს ესენი, მაგრამ არა მგონია, ფილოსოფოსი იყო, რაკი იუდაელთა რჯულს მისდევ.

8. რატომ გეზიზღება ბუნებისგან ჩვენთვის მონიჭებული ამ ცხოველის საუკეთესო ხორცის ჭამა?

9. უგუნურებაა არ იგემო უსაყვედურო სიამოვნებანი და უსამართლობაა უკუაგდო ბუნების მომადლებული სიკეთენი.

10. მე ვფიქრობ, უდიდეს უგუნურებას ჩაიდენ, თუკი ამაო სიამაყით აღვსილი დაუპირისპირდები ჭეშმარიტებას და საკუთარი თავის საზიანოდ შეიზიზღებ ჩემს რჩევას.

11. ნუთუ არ გამოფხიზლდები თქვენი ბრიყვული ფილოსოფიისგან და არ გაფანტავ შენს ფუჭ აზრებს? როდის მოიხვეჭ შენი ასაკის შესაფერ გონებას და იფილოსოფოსებ თანახმად ჭეშმარიტებისა, რომელიც საკეთილდღეოა შენთვის?

12. დაინდე შენი სიბერე და დაემორჩილე ჩემს კაცთმოყვარულ რჩევას.

13. იცოდე: თუკი არსებობს რაიმე ძალა, რომელიც თვალყურს ადევნებს თქვენს რჯულს, ის მოგიტევებს შენ, იძულებით ჩადენილ ურჯულო საქმეს.

14. როცა ამგვარად არწმუნებდა მბრძანებელი ელეაზარს, ეჭამა აკრძალული ხორცი, მან სიტყვა ითხოვა.

15. ნებართვა რომ მიიღო, ესა თქვა საჯაროდ:

16. ჩვენთვის, ანტიოქოს, ღვთიური რჯულის თანახმად მცხოვრებთათვის, ყოველგვარ იძულებაზე ძლიერია ჩვენი რჯულისადმი მორჩილება.

17. ამიტომაც არასგზით არ დავუშვებთ რჯულის დარღვევას.

18. რომც არ იყოს ჩვენი რჯული ღვთიური, როგორც შენ გგონია, და ჩვენც შეცდომით მიგვაჩნდეს იგი ღვთიურად, მაშინაც კი უღირსეობა იქნებოდა ჩვენი მხრიდან ჩვენი ღვთისმოსავობის გაუქმება.

19. ნუ იფიქრებ, რომ მცირე ცოდვა დაგვეკისრება, უწმიდური ცხოველის ხორცს თუ შევჭამთ.

20. ერთია ურჯულოება - დიდი იქნება თუ მცირე,

21. რადგან ორივე შემთხვევაში ირღვევა რჯული.

22. შენ დასცინი ჩვენს ფილოსოფიას, თითქოს უგუნურად წარმართავდეს იგი ჩვენს ცხოვრებას;

23. მაგრამ ის გვასწავლის საღ აზროვნებას - ყოველგვარ სიამეთა და ვნებათაგან თავშეკავვბას, და გვამხნევებს, რომ ხალისით ავიტანოთ ყველანაირი გასაჭირი.

24. გვწვრთნის სამართლიანობაში, რათა ყოველ წეს-ჩვეულრბას ერთნაირად მივაგოთ პატივი, გვასწავლის მოწიწებას რომ მხოლოდ ცოცხალი ღვთის წინაშე გვქონდეს მისი შესაფერი მოწონება.

25. ამიტომაც არ ვჭამთ უწმიდურ ცხოველთა ხორცს, რადგან გვწამს, რომ ღვთისგან არის დაწესებული რჯული და ვიცით, რომ ჩვენს ბუნებას უთანაგრძნო სამყაროს შემოქმედმა, როცა რჯულს აწესებდა.

26. უფლება მოგვცა ის გვეჭამა, რაც უფრო შესაფერისია ჩვენი სიცოცხლისთვის, შეუფერებელი კი აგვიკრძალა.

27. მძლავრობაა შენი მხრით არა მარტო ის, რომ რჯულის დარღვევას გვაიძულებ, არამედ ისიც, რომ ასე დაცინვით შეგვაჭამო აკრძალული ხორცი, რაც ეგზომ საძულველია ჩვენთვის.

28. მაგრამ არ გაგაცინებ ჩემზე და

29. არც ჩემი მამა-პაპის წმიდა ფიცს დავარღვევ ჩვენი რჯულის დაცვის თაობაზე.

30. კიდევაც რომ დამთხარო თვალები და შიგნეულობა ამომიყარო,

31. მე არც ისეთი მოხუცი ვარ და არც ისეთი უძლური, რომ ღვთისმოსავობისთვის ვერ მოვიკრიბო გონება.

32. მაშ, გაამზადე ბორბლები და აღაგზნე ძლიერი ცეცხლი.

33. სანანებლად არ გავიხდი ჩემს სიბერეს, არ შევლახავ ჩემი თავის გამო მამაპაპეულ რჯულს.

34. არ გიღალატებ, რჯულო, რომელმაც გამწრთვენი მე; არ უარგყოფ, ძვირფასო დათმენავ!

35. არ შეგარცხვენ, ფილოსოფიურო აზრო, არ უგულებელგყოფ, საპატიო მღვდლობავ, არც შენ, რჯულის მეცნიერებავ!

36. ვერ წაბილწავ, მეფეო, მოხუცის ღვთისმოსავ ბაგეს, ვერც ჩემს რჯულიერ ხანგრძლივ სიცოცხლეს!

37. უმწიკვლო მიუვალ ჩემს მამა-პაპას, რადგან სიკვდილისაც არ შემშინებია შენს ხელში.

38. შეგიძლია იმძლავრო უღვთოზე, მაგრამ ჩვენს ღვთისნიერ გონებაზე კი ვერ იბატონებ, ვერც სიტყვით, ვერც საქმით.


თავი მეექვსე

1. მბრძანებლის შეგონებებზე ამ პასუხისათვის მცველებმა ძალით მიათრიეს ელეაზარი საწამებელ იარაღებთან.

2. ჯერ შესამოსელი შემოაძარცვეს მოხუცს, ყოველი სიკეთითა და ღვთისმოსაობით შემკობილს.

3. შემდეგ ყოველი მხრიდან დაუშინეს მას შოლტები.

4. ხოლო მის წინ მაცნე გაჰყვიროდა: დაემორჩილეთ მეფის ბრძანებებსო!

5. დიდსულოვანი და კეთილშობილი ელეაზარი კი, როგორც ჭეშმარიტი ელეაზარი, შეუძვრელი იყო, თითქოს სიზმარში ეწამებაო.

6. მოხუცს თვალები მაღლა, ზეცისკენ ჰქონდა აპყრობილი, მისი ხორცი კი შოლტებით იფლითებოდა, სისხლი ღვარად სდიოდა დასერილ ფერდებზე.

7. თუმცა მიწაზე ეგდო, რადგან სხეულს აღარ შეეძლო წამების ატანა, მისი გონება მტკიცე და შეურყეველი იყო.

8. ვიღაც სასტიკი ჯარისკაცი ფერდებში წიხლის ცემით წამოგდებდა ხოლმე ფეხზე, რომ ისევ ცემით მიწაზე დაეგდოთ.

9. მაგრამ მოთმინებით იტანდა ტკივილს და, ძალადობის არადჩამგდები, უძლებდა ტანჯვა-წამებას.

10. მოხუცმა ღირსეული ათლეტის მსგავსად, თუმცა ნაცემი იყო, სძლია თავის მტანჯველებს.

11. სახეზე ოფლმდინარი და სულთმობრძავი თავის მტანჯველებსაც კი აოცებდა სულის სიმტკიცით.

12. მაშინ, არ ვიცი, მისი ხანდაზმული ასაკის გამო შეიძრა სიბრალულით,

13. არ ვიცი, მისი ნაცნობი იყო და მისი თანაგრძნობა სურდა, თუ მისმა მოთმინებამ გააოცა, მეფის ერთი მხლებელთაგანი მივიდა მასთან და უთხრა:

14. რად იღუპავ ასე უგუნურად თავს, ელეაზარ?

15. ჩვენ ხომ შენ დიდებულ საჭმელს გთავაზობთ; დათანხმდი, იქნებ გასინჯო ღორის ხორცი და გადაირჩინე თავი.

16. ხოლო ელეაზარმა, თითქოს ამ რჩევამ უფრო გაამწარაო, წამოიყვირა:

17. ნუ ვიფიქრებთ, აბრაამის ძენო, ასე ცუდად, თითქოს აქ სულმოკლეობის გამო ჩვენთვის შეუფერებელი წარმოდგენა იყოს გამართული.

18. უგუნურება ის იქნებოდა, რომ ახლა შევცვლილიყავით, როცა ხანდაზმულობას მართალი ცხოვრებით მივაღწიეთ და აქამდე ღვთის დიდებას რჯულის თანახმად ვინახავდით,

19. და უღვთობის ნიმუშად მოვვლენოდით ახალგაზრდობას და უწმიდურთმჭამელობის მაგალითი შევქმნილიყავით.

20. სამარცხვინო იქნება, თუ მცირედი დროით სიცოცხლე გავიხანგრძლივეთ და ამ ხნის მანძილზე ქვეყანამ დაგვცინა სულმოკლეობის გამო,

21. და ჩვენმა მტარვალმაც კი შეგვიზიზღა, რომ ვერ დავიცავით ჩვენი ღვთიური რჯული.

22. დაე, ღირსეულად შევხვდეთ სიკვდილს ჩვენი რჯულისათვის, აბრაამის ძენო!

23. აბა, ნუღარ აყოვნებთ, მტარვალის მცველნო!

24. როცა დაინახეს, რომ იგი ასე მხნედ შეხვდა განსაცდელს და რომ მათმა სიბრალულმა არ შეცვალა, მცველებბა იგი კოცონთან მიიყვანეს.

25. რაღაც უკეთური მანქანებით აღგზნებულ ცეცხლში შეაგდეს და თან რაღაც საზიზღარი სითხე ჩააღვარეს ნესტოებში.

26. მან კი, თითქმის ძვლებამდე დამწვარმა, უკვე გონსაც რომ კარგავდა, ღვთის მიმართ აღაპყრო თვალები და თქვა:

27. შენ უწყი, ღმერთო, შემეძლო მეხსნა თავი, მაგრამ რჯულისთვის ვკვდები ცეცხლის მორევში.

28. შეიწყალე შენი ხალხი და საკმარისი იყოს მათთვის ჩვენი სასჯელი.

29. ჩემი სისხლით განწმიდე ისინი და მათი სულის სანაცვლოდ მიიბარე ჩემი სული.

30. ესა თქვა წმიდა კაცმა და წამებაში ღირსეულად დალია სული, გონებით დაითმინა რა სასიკვდილო წამებანი რჯულის გულისთვის.

31. ამგვარად, ეჭვი არ არის, რომ ვნებათა მბრძანებელია ღვთისმოსავი გონება.

32. რადგან ვნებებს რომ დაეძლია გონება, მაშინ მათ მბრძანებლობას დავადასტურებდით.

33. მაგრამ ახლა ვნებებზე რომ გაიმარჯვა გონებამ, ჯეროვნად მას უნდა მივანიჭოთ უპირატესობა.

34. მართებულიცაა, ვაღიაროთ ძლიერება გონებისა, რომელიც სძლევს, რა სასაცილოდაც უნდა მოგვეჩვენოს, გარედან თავსმოხვეულ ტანჯვას.

35. მე იმასაც ვმოწმობ, რომ მარტო ტანჯვას კი არ სძლევს გონება, არამედ სიამეთაც სძლევს იგი და მათ წინაშეც არ იხევს უკან.


თავი მეშვიდე

1. ჩინებულ მესაჭესავით ეპყრა ჩვენს მამას, ელეაზარს, გონების საჭე და მიჰყავდა ღვთისმოსავობის ხომალდი ვნებათა ზღვაში.

2. მტარვალის მუქარით ღელვილს და წამებათა მძლეველ ტალღებით გარემოცულს,

3. არსად მცდარი გეზით არ მიუმართავს ღვთისმოსავობის საჭე, ვიდრე უკვდავი გამარჯვების ნავსაყუდელს არ მიადგა.

4. მრავალგვარი საალყო მანქანებით გარსშემორტყმულ ქალაქს არ გადაუტანია იმდენი, რამდენიც ამ ყოვლაწმიდა კაცმა გადაიტანა, თუმცა მისი წმიდა სიცოცხლე ტანჯვა-წამების ალში იწვოდა, მან სძლია მოალყეებს ღვთისმოსავური გონების უარით.

5. გონების აზიდვით მაღალ მწვერვალზე თავი დააღწია მამა ელეაზარმა ვნებათა გიჟურ ტალღებს.

6. მღვდლობის ღირსო მღვდელო, არ წაგიბილწავს შენი წმიდა კბილები და არც ღვთისმოშიშობისთვის და სიწმიდისთვის განკრძალული შენი მუცელი არ შეგირყვნია უსურმაგის ჭამით.

7. ო, რჯულის თანხმიერო და ღვთიურო ცხოვრების ფილოსოფოსო!

8. ასეთი უნდა იყოს რჯულის მოქმედი, მისი დამცველი საკუთარი სისხლითა და კეთილშობილური ოფლით, თუნდაც ტანჯვაში სიკვდილი ელოდეს.

9. შენ, მამაო, ჭირთამძლეობის წყალობით განამტკიცე რჯულისადმი ჩვენი ერთგულება და არც სიწმიდე დაგიგმია, რომელსაც განადიდებდი; არამედ საქმითაც სარწმუნო ჰყავი ღვთაებრივი ფილოსოფიის სიტყვები.

10. ო, განსაცდელთა მძლეველო ბერიკაცო, ცეცხლზე უფრო გამძლე მოხუცო, ვნებათა დიდო მბრძანებელო, ელეაზარ!

11. როგორც მამა აარონმა სასაკმევლით ხელში გაარღვია ხალხის ბრბო და ცეცხლოვან ანგელოზზე გაიმარჯვა,

12. ასევე აარონის შთამომავალმა ელეაზარმა, ცეცხლში ჩაგდებულმა, არ შეიცვალა გონება.

13. რაოდენ საოცარია, რომ მოხუცის დაჩაჩანაკებული სხეული, დაუძლურებული ხორცი და მოდუნებული სახსრები განჭაბუკდნენ.

14. სულში გონების ძალით და ისაკისებრმა გონებამ მრავალთავიან საწამებელ მანქანაზე გაამარჯვებინა.

15. ო, ნეტარო სიბერევ და პატიოსანო ჭაღარავ, რჯულიერო სიცოცხლევ, რომელიც სიკვდილის ჭეშმარიტმა ბეჭედმა სრულყო!

16. რაკი ამ მოხუცმა კაცმა გაუძლო სასიკვდილო განსაცდელს ღვთისმოსაობის წყალობით, მაშ, ჭეშმარიტად ვნებათა მბრძანებელი ყოფილა ღვთისნიერი გონება.

17. იტყვიან: ყველას არ ძალუძს ვნებათა ძლევა, ყველას ხომ არ ახლავს გონიერი აზრიო.

18. მაგრამ მხოლოდ ისინი დასძლეგვნ ხორციელ ვნებებს, ვინც მთელი გულით შეითვისებენ ღვთისმოსაობას,

19. და იმის რწმენა ექნებათ, რომ ღმერთში კი არ დაიხოცებიან, არამედ ჩვენი მამამთავრების - აბრაამის, ისაკისა და იაკობის მსგავსად ღმერთში იცოცხლებენ.

20. ამიტომ ვერვინ ჩაგვითვლის წინააღმდეგობად, თუ ვისმე გონების სისუსტის გამო სძლევს ვნებები.

21. ვინც ფილოსოფოსთა წესებით ცხოვრობს, როგორც ფილოსოფოსი, და ღმერთი სწამს,

22. ვინც იცის, რომ ნეტარებაა ყოველგვარი ტანჯვის ღირსეულად დათმენა, განა არ დასძლევს იგი ვნებებს თავისი ღვთისმოსავობით?

23. რადგან მხოლოდ ბრძენი და მამაცი ადამიანია ვნებათა უფალი.


თავი მერვე

1. ამიტომ იყო, რომ ღვთისმოსავობით ფილოსოფიის მიმდევარმა ახალგაზრდებმაც გაუძლეს უმძიმეს განსაცდელებს.

2. პირველი ცდისას ხომ აშკარად დამარცხდა მტარვალი, რომელმაც ვერ აიძულა მოხუცი და ვერ შეაჭამა უსურმაგის ხორცი. მაშინ სასტიკი რისხვით შეპყრობილმა ბრძანა, წამოეყვანათ სხვები ებრაელთა საკრებულოდან და, თუ ისინი შეჭამდნენ უსურმაგის ხორცს, გადარჩებოდნენ; უარს თუ იტყვოდნენ, უფრო მძიმედ ეწამებოდნენ.

3. ეს ბრძანა მტარვალმა და წარუდგინეს მას შვიდი ძმა მოხუც დედასთან ერთად. შვიდივე მშვენიერი, მოკრძალებული, კეთილშობილი და ყოველგვარი მადლით შემკობილი იყო.

4. როდესაც დაინახა ისინი მბრძანებელმა, თითქოსდა საფერხულოდ, დედის ირგვლივ თავმოყრილნი, პატივისცემით განიმსჭვალა მათდამი და, მათი ღირსებითა და კეთილშობილებით მოხიბლულმა, გაუღიმა მათ, ახლოს მოუხმო და უთხრა:

5. ჭაბუკებო, კეთილგანწყობილი ვარ თქვენდამი. მაოცებს თქვენი მშვენიერება და ძმების სიმრავლე. ამიტომაც გირჩევთ, არამცთუ არ აჰყვეთ წეღან წამებული მოხუცის უჯიათობას, არამედ გთხოვთ, დაჰყვეთ ჩემს ნებას და შეირგოთ ჩემგან შემოთავაზებული მეგობრობა.

6. მე შემიძლია დაგსაჯოთ ჩემი განკარგულებისადმი ურჩობისათვის და შემიძლია სიკეთე მოგაგოთ ჩემი რჩევისადმი კეთილგანწყობის საზღაურად.

7. დამერწმუნეთ, აღზევდებით ჩემს სამეფო კარზე, თუ უარყოფთ თქვენს მამაპაპეულ წეს-ჩვეულებებს.

8. იცხოვრეთ ელინურად და დატკბით თქვენი ახალგაზრდობით.

9. მაგრამ თუ ურჩობით განმარისხეთ, იძულებულებულს გამხდით, საშინელი წამებით ამოვხადო სული თითოეულ თქვენგანს.

10. მაშ, შეიბრალეთ თქვენი თავი. მე, თქვენი მტერიც კი, შეძრული ვარ თქვენი სინორჩით და მშვენიერებით.

11. ნუთუ არ ფიქრობთ იმაზე, რომ ურჩობის შემთხვევაში გარდაუვალი სატანჯველი მოგელით?

12. ეს თქვა და ბრძანა, წინ დაეწყოთ წამების იარაღები, რათა შიშით აეძულებინა ისინი, რომ უსურმაგის ხორცი ეჭამათ.

13. როცა მცველებმა მოუტანეს ბორბლები, ასოთგამწილავები, მარწუხები, კაუჭები, ისართმტყორცნები, ქვაბები, ტაფები, ხელთათმანები, რკინის ხელები, სოლები და მუგუზლები, და წინ დაუწყვეს, თქვა მბრძანებელმა:

14. გეშინოდეთ, ყმაწვილებო, თუ სამართლის მოწიწება გექნებათ, მოწყალებით მოგექცევათ იგი, როცა იძულებით დაარღვევთ თქვენს რჯულს.

15. მათ მოისმინეს მაცთუნებელი შეგონება, იხილეს საშინელი იარაღები და არამცთუ შედრკნენ, არამედ დაუპირისპირეს კიდეც მბრძანებელს ფილოსოფიური სიტყვა და გონივრული განსჯის წყალობით არად აქციეს მისი მბრძანებლობა.

16. განვსაჯოთ, გულმხდალნი რომ ყოფილიყვნენ მათ შორის და არაკაცნი, როგორი სიტყვები იქნებოდა ნათქვამი? ასეთნი ხომ არა:

17. ვაი, ჩვენ, უბედურებსა და უგუნურებს! როცა მეფე გვიხმობს ჩვენ და პატივს აღგვითქვამს, როგორ არ დავყვეთ მის ნებას და

18. ჩვენი უგუნური გადაწყვეტილებით სიკვდილის მომტანი ურჩობა გავბედოთ?

19. არ გეშინიათ, კაცებო, ძმებო, საწამებელი იარაღებისა და არაფრად მიიჩნევთ წამების მუქარას? არ უნდა გავექცეთ ცუდმედიდობას და დამღუპველ თავმომწონეობას?

20. არ შევიბრალოთ ჩვენი ახალგაზრდობა და არ დავინდოთ დედის სიბერე?

21. გვახსოვდეს, რომ დაგვღუპავს ჩვენი ურჩება.

22. შეგვინდობს ღვთაებრივი სამართალიც, იძულებით რომ დავნებდეთ მეფეს.

23. არ შევირგოთ მათგან ტკბილი ცხოვრება და ხელიდან გავუშვათ ამქვეყნიური სიამენი?

24. მაშ, ნუ შევეწინააღმდეგებით ბედისწერას და ცუდმედიდობის გულისთვის ნუ ჩავიგდებთ თავს სატანჯველში.

25. თავად რჯული არ ინებებს ჩვენს დასჯას, წამებას თუ შევუშინდებით.

26. რას მოგვიტანს ეს ჯიბრი და რას გვარგებს ეს დამღუპველი გამძლეობა, როცა უშფოთველი ცხოვრება გველის, თუ მეფეს დავემორჩილეთ?

27. მაგრამ მსგავსი არაფერი უთქვამთ ახალგაზრდებს, სატანჯველის მომლოდინეთ, არც გაუმხნევებიათ ერთურთი;

28. რადგან სატანჯველის არადჩამგდებნი და ტკივილების დამთმენნი იყვნენ.

29. დაასრულა თუ არა მბრძანებელმა შეგონებები უსურმაგის ხორცის ჭამაზე, ყველამ ერთხმად, თითქოსდა ერთი სულიდან ამბობენო, აღმოთქვა:


თავი მეცხრე

1. რაღას ფიქრობ, მბრძანებელო? ჩვენ ხომ მზად ვართ უმალ დავიხოცოთ, ვიდრე ჩვენი მამა-პაპის მცნებანი დავარღვიოთ.

2. ნამდვილად შევარცხვენთ ჩვენს წინაპრებს, თუკი რჯულსა და ჩვენს მრჩეველს მოსეს არ დავემორჩილებით.

3. ურჯულოების მრჩეველო მბრძანებელო, ჩვენდამი სიძულვილში იმაზე მეტად ნუ შეგვიბრალებ, ვიდრე ჩვენ გვებრალება საკუთარი თავი.

4. რადგან თავად სიკვდილზე უმძიმესად მიგვაჩნია შენგან შეწყალება - რჯულის დარღვევის ფასად გადარჩენა.

5. შენ გვემუქრები, წამებით ამოგხდითო სულს, თითქოს ამ ცოტა ხნის წინ ელეაზარისგან არაფერი გესწავლოს.

6. თუკი ებრაელთა მოხუცებულებმა ღვთისნიერად იცხოვრეს და გაუძლეს სატანჯველს, ბარემ ჩვენ, ახალგაზრდებიც, დავიხოცოთ არად ჩამგდებნი შენგან მოვლენილი სატანჯველისა, რომელზეც გამარჯვება მოიხვეჭა ჩვენმა მოხუცმა მოძღვარმა.

7. აბა, გამოგვცადე, მბრძანებელო, თუ ჩაკლავ ღვთისნიერებით განმსჭვალულ ჩვენს სულებს? ნუ გგონია, რომ წამებით ჩვენ რაიმე ზიანი მოგვაყენო.

8. ჩვენ ხომ ამ ტანჯვათა მოთმინებით ამტანნი ღირსების ჯილდოს დავიმსახურებთ და ვიქნებით ღმერთთან, ვისთვისაც ვეწამებით.

9. შენ კი, ჩვენი სისხლით წაბილწულს, თავად მოგიწევს ღვთის განგებით მარადიული წამება ცეცხლში.

10. ამ სიტყვების მოსმენისას მარტო მათმა ურჩობამ კი არ გაამძვინვარა მბრძანებელი, არამედ მათ უმადურობაზეც მოერია რისხვა.

11. უბრძანა მცველებს წინ გამოეგდოთ უფროსი ძმა, ქიტონი გაეხადათ მისთვის და ღვედებით გაეკოჭათ ხელ-მკლავი.

12. როცა შოლტების ცემისგან დაიღალნენ ჯალათები, ბორბალზე შეაგდეს იგი.

13. ზედ დააკრეს კეთილშობილი ყრმა და სახსრები დაუწყვიტეს.

14. თუმცა მთლად დასახიჩრებული იყო, მაგრამ მაინც გმობის სიტყვებს ამბობდა:

15. უწმინდურო მბრძანებელო და ციური სამართლის მტერო, გულსასტიკო, ასე იმიტომ კი არ მასახიჩრებ, რომ კაცისმკვლელი ან უღვთო ვინმე ვიყო, არამედ იმიტომ, რომ რჯულის დამცველი ვარ.

16. ჯალათები ეუბნებოდნენ: ჭამე, თავი რომ დაიხსნა წამებისაგანო.

17. ის კი პასუხობდა: ისე გაუსაძლისი როდი არის ეს თქვენი ბორბალი, რომ გონება დამიხშოს. ასო-ასო ამკუწეთ, დაწვით ჩემი ხორცი, გადამიგრიხეთ სახსრები,

18. მთელი ამ სატანჯველით დაგარწმუნებთ, რომ უძლეველნი მხოლოდ ებრაელთა ძენი არიან, როცა მათ ღირსებაზე მიდგება საქმე.

19. ამას რომ ამბობდა, შეუნთეს ქვეშ ცეცხლი და დაატრიალეს ბორბალი.

20. ყოველმხრივ სისხლით ირწყვებოდა ბორბალი და ნაკვერჩხალთა გროვას სითხის წვეთები აქრობდა. იარაღის ღერძსაც კი ხორცები ეკიდა.

21. ძვლებიც რომ დაუმტვრიეს, არც მაშინ დაუკვნესია კეთილშობილ ყრმას - აბრაამის ძეს,

22. არამედ თითქოსდა ცეცხლში უკვდავად გარდაქმნილი, ღირსეულად უძლებდა წამებას.

23. ამბობდა: მომბაძეთ, ძმებო, მარტო ნუ შემატოვებთ ასპარეზს, შემომფიცეთ სულიერი ძმობა!

24. საღვთო და წმიდა ომი გამართეთ რჯულისთვის; ჩვენი მამა-პაპის სამართლიანი განგება წყალობით მოხედავს ჩვენს ხალხს, შურს იძიებს მტარვალ მბრძანებელზე.

25. ეს თქვა ღვთისდარმა ჭაბუკმა და დალია სული.

26. ყრმის სულიერი სიმტკიცით გაოცებულმა მცველებმა გამოიყვანეს მომდევნო ძმა, მახვილბრჭყალებიან რკინის ხელებს დაუყენეს წინ, მერე საწამებელ იარაღზე დააკრეს.

27. ვიდრე აწამებდნენ, ურჩიეს ჭამა, მაგრამ ღირსეული პასუხი მიიღეს.

28. აფთარივით მხეცებმა რკინის ხელებით დაძარღვეს იგი, ნიკაპამდე ხორცი შემოაგლიჯეს და თავზეც წააძრეს კანი. ის კი იტანდა ამ მძიმე წამებას და ამბობდა:

29. რაოდენ ტკბილია ყოველგვარი სიკვდილი მამაპაპეული რჯულისთვის და მტარვალს მიმართავდა:

30. ნუ გგონია, უსასტიკესო მტარვალო, ჩემზე ნაკლებ წამებას უძლებდე, როცა ხედავ როგორ მარცხდება შენი მტარვალური განზრახვა ჩვენი მოთმინებით რჯულის გულისთვის.

31. მე ხომ სიქველით მონიჭებული სიამის წყალობით ვიმსუბუქებ ტანჯვას,

32. შენ კი უღვთო მუქარა გაწამებს. ღვთიური რისხვის სამსჯავროს ვერ გაექცევი, უწმიდურო მტარვალო.


თავი მეათე

1. ამანაც გაუძლო წამებას და სახელოვანი სიკვდილით აღესრულა. გამოიყვანეს მესამე. მრაგალგზის ურჩევდნენ მრავალნი: შეჭამე და გადარჩებიო.

2. მაგრამ მან წამოიძახა: განა არ იცით, რომ სიკვდილისთვის ჩამსახა მამაჩემმა და გამაჩინა დედამ და ამ მოძღვრებით ვარ აღზრდილი?

3. არ გავტეხ ძმობის კეთილშობილურ ნათესაობას.

4. მოაყენეთ ჩემს სხეულზე, თუ რამ საწამებელი იარაღი გაქვთ; ჩემს სულს კი ვერაფერს დააკლებთ, რაც უნდა ეცადოთ.

5. ამ კაცის სიმხნევით განმძვინვარებულებმა საწამებელი იარაღებით ხელ-ფეხი დაულეწეს.

6. გადაუმტვრიეს თითები, მკლავები, წვივები, იდაყვები.

7. ვერაფრით რომ ვერ აიძულეს აზრის შეცვლა, სკვითური წესით თავიდან ფეხებამდე მანქანებით გააძრეს ტყავი.

8. შემდეგ ბორბალზე აიყვანეს, საიდანაც საკუთარი თვალებით ხედავდა თავისსავე დაგლეჯილ ხორცსა და შიგნეულობიდან ამომსკდარ სისხლის ნაკადებს.

9. სიკვდილს მიწურულმა თქვა,

10. ჩვენ, უწმიდურო მტარვალო, აღზრდისა და ღირსების გამო ვიტანთ წამებას,

11. შენ კი უღვთოობისა და სისხლის მსმელობის გამო მარადიული სატანჯველი გელოდება.

12. როცა მოკვდა ეს ღირსეული ძმა, მეოთხე გამოათრიეს და უთხრეს:

13. ნუ აჰყვები შენი ძმების სიგიჟეს, დაუჯერე მეფეს და უშველე თავს.

14. მან კი უპასუხა: უფრო ძლიერად აღაგზნეთ ჩემთვის ცეცხლი, სიმხდალე თუ გამოვიჩინო.

15. ვფიცავ ჩემი ძმების კურთხეულ სიკვდილს და მტარვალის მარადიულ წარწყმედას, ღვთისმოსავთა მარადიულ სიცოცხლეს ვფიცავ, არ ვუღალატებ კეთილშობილურ ძმობას.

16. მოიგონე, მტარვალო, წამებანი, იქნებ მათგან ისწავლო, რომ მე წეღან წამებულთა ძმა ვარ.

17. ეს რომ გაიგო სისხლს მოწყურებულმა და მკვლელმა, უწმიდურმა ანტიოქოსმა, ბრძანა, ენა ამოერთვათ ყმაწვილისთვის.

18. მან კი თქვა: სიკვდილის იარაღითაც ვერ შემაშინებ. მდუმარესაც უსმენს ღმერთი.

19. აჰა, ამომართვი ენა, ამით ჩემს გონებას ვერ დაადუმებ.

20. ხალისით შემიწირავს ღვთისათვის სხეულის ნაწილები.

21. შენ კი მალე სასჯელით მოგეწევა ღმერთი საგალობლებით უფლის განმადიდებელი ენის ამომკვეთელს.


თავი მეთერთმეტე

1. როცა ისიც მოკვდა, სასტიკი წამებით გატანჯული, მოიჭრა მეხუთე და თქვა:

2. არ ვაპირებ, მტარვალო, გავექცე სატანჯველს ღირსებისთვის.

3. იგი თავისით მომეახლა, რათა ჩემი მოკვლით მრავალი დანაშაულისთვის ღვთიური სამართლით მოგეზღოს სასჯელი.

4. ღირსებისა და კაცთა მაიძულევ, რა საქციელის გამო გვანადგურებ ასე?

5. იმის გამო, რომ ყოველი ქმნილების შემოქმედს მოწიწებით ვეპყრობით და მისი რჩეული რჯულის თანახმად ვცხოვრობთ.

6. მაგრამ ეს საქციელი პატივს იმსახურებს, არა წამებას,

7. თუ ნამდვილად ადამიანური გრძნობები გაქვს და ღვთისგან ხსნას ელი;

8. მაგრამ შენ უცხო ხარ ღვთისთვის და ებრძვი მის თაყვანისმცემელთ.

9. ესა თქვა და მცველებმა შეკრეს იგი და ისართმტყორცნელ მანქანასთან მიათრიეს.

10. მუხლებით მასზე დააბეს და რკინის მარწუხებში მოამწყვდიეს, მერე ბორბლის პირზე დააკრეს ზურგით, ისე რომ მორიელივით გაუდრიკეს წელი, დაწყვეტაზე ჰქონდა სახსრები.

11. ამ დღეში მყოფმა, სულშეხუთულმა და ტკივილისგან გამწარებულმა,

12. თქვა: დიდ წყალობას გვამადლი, მტარვალო, შენდა უნებლიეთ, რადგან ამ სატანჯველით გვაიძულებ, გამოვაჩინოთ ჩვენი გამძლეობა რჯულის გულისთვის.

13. ესეც რომ აღესრულა, მოიყვანეს მეექვსე ყრმა, რომელმაც მბრძანებლის წინადადებას, თუ შეჭამ, გათავისუფლდებიო, უპასუხა:

14. ასაკით მე ჩემს ძმებზე ახალგაზრდა ვარ, აზრით კი - მათი თანატოლი.

15. რაკი ამისთვის გავჩნდით და აღვიზარდეთ, ყველას ერთი სიკვდილი გვმართებს.

16. თუ განზრახული გაქვს მაწამო უსურმაგის ხორცის შეუჭმელობის გამო, მაწამე ბარემ...

17. ეს თქვა და ბორბალთან მიიყვანეს კიდეც.

18. საგულდაგულოდ განრთხმული და ხერხემალგადამტვრეული იწვებოდა იგი,

19. უკნიდან გახურებულ წვერწამახულ შანთებს უყრიდნენ, ფერდებს უხვრეტდნენ ისე, რომ შიგნეულობა სულ ამოუწვეს.

20. ის კი, ამ სატანჯველში მყოფი, ამბობდა: დიდება ღვთის საკადრის ასპარეზს, სადაც რჯულში გამოსაცდელად გაგვიწვიეს ძმები, მაგრამ ვერ დაგვამარცხეს.

21. რადგან უძლეველია, მტარვალო, საღვთო ცოდნა.

22. ყოველგვარი სიქველით აღჭურვილი, მეც ვკვდები ჩემს ძმებთან ერთად.

23. მე თავად მოგივლენ შურისმგებელს, წამებათა გამომგონებელო და ჭეშმარიტ ღვთისმოსავთა მტერო.

24. ექვსი ყრმა შევეწირეთ შენს მტარვალობას.

25. და რომ ვერ შესძელი გადაგერწმუნებინა ჩვენი გონება და ვერ გვაიძულე უსურმაგის ჭამა, განა ეს შენი მარცხი არ არის?

26. გრილია ჩვენთვის შენი ცეცხლი, უმტკივნეულოა შენი იარაღი და უძლურია შენი მძლავრობა.

27. რადგან არა მტარვალის მცველნი, არამედ ღვთის რჯულის მცველნი უფლობენ ჩვენზე. ამიტომაც არის უძლეველი ჩვენი გონება.


თავი მეთორმეტე

1. როცა ისიც ჩააგდეს ქვაბში და კურთხეული სიკვდილით მოკვდა, მეშვიდე, ყველაზე ახალგაზრდა, წარდგა წინ.

2. იგი შეებრალა მბრძანებელს, თუმცა მის ძმებზე სასტიკად იყო განრისხებული. გამოიხმო ყრმა, რომელიც ირგვლივ დაწყობილ ბორკილებს უყურებდა, სცადა მისი დაყოლიება, ეუბნებოდა:

3. ხომ ხედავ შენს ძმათა უგუნურების დაგვირგვინებას. აკი დაიხოცნენ ისინი წამებით ურჩობის გამო.

4. და შენც, თუ არ დამემორჩილები, წამებით ნაადრევი სიკვდილი მოგელის, მაგრამ თუ დამემორჩილები, ჩემი მეგობარი და დიდი მოხელე შეიქნები სამეფოში.

6. ასე არწმუნებდა მას და მერე მისი დედაც მოაყვანინა, რომ ეთანაგრძნო ამდენი შვილის დამკარგავისთვის და დაეყოლიებინა იგი, ერჩია უკანასკნელი შვილისთვის დამორჩილება და თავის გადარჩენა.

7. შვილმა კი, როცა მას დედა ებრაულ ენაზე დაელაპარაკა, როგორც მოგვიანებით ვიტყვით,

8. თქვა: გამიშვით, სიტყვა მოვახსენო მეფესა და ყველა მის მეგობარს, ვინც თან ახლავსო.

9. ყრმის ნათქვამით დიდად გახარებულმა მაშინვე გაუშვეს იგი.

10. ყრმამ კი მიირბინა ტაფასთან.

11. და თქვა: უღვთოვ, ყველა ბოროტეულზე უწმიდურო მტარვალო, არა გრცხვენია, ღვთისგან სიკეთეს და სამეფოს რომ იძენ, მის მსახურთ კი ხოცავ და რჯულის მიმდევართ აწამებ?

12. ამისათვის შენ მწარედ მოგეგება სამართალი - მარადიული ცეცხლი და საგანჯველნი, საიდანაც უკუნისამდე ვერ იხსნი თავს.

13. ნუთუ არა გრცხვენია, ადამიანს, მხეცზე უარესი რომ ხარ? შენივე მსგავსებს და იმავე სტიქიონთაგან შექმნილთ ენას რომ აჭრი და ამგვარად აწამებ?

14. მაგრამ მათ, ღირსეულად დახოცილებმა აღასრულეს ღვთის სამსახური. შენ კი, ბოლოს მწარედ ინანებ, რომ ღირსებისთვის მებრძოლნი უმიზეზოდ დახოცე.

15. და უკვე სიკვდილს მიწურულმა თქვა:

16. არ მიღალატნია ჩემი ძმებისთვის სიქველეში,

17. და ვევედრები ჩემი მამა-პაპის ღმერთს, შეიწყალოს ჩვენი ხალხი;

18. შენ კი ცოცხალსაც და მკვდარსაც დაგსჯის.

19. წარმოთქვა ეს ვედრება და თავად დაემხო ტაფაზე. ამგვარად გასწირა მან თავი.


თავი მეცამეტე

1. მაშ, თუკი მომაკვდინებელ ტანჯვებს გაუძლო შვიდმა ძმამ, ყველანი დამეთანხმებით, რომ ღვთისმოსავი გონება ვნებათა მბრძანებელია.

2. ვნებებს რომ დამორჩილებოდნენ და უსურმაგის ხორცი ეჭამათ, ვნებათაგან ძლეულებს ვუწოდებდით მათ.

3. მაგრამ ასე არ მოხდა და ღვთივგანდიდებული გონების ძალით სძლიეს ვნებებს.

4. არ უგულებელყოფილა განსჯის მთავრობა, რაკი სძლიეს მათ ვნებებსა და სატანჯველს.

5. როგორ არ აღიარებდნენ ვნებათა დამთრგუნველ გონიერებას, როცა ცეცხლში წამებამაც ვერ შეცვალა ისინი?

6. ნავსადგურში ჩადგმული იმ ბურჯების მსგავსად, რომლებიც ტალღათა მუქარას ათვინიერებენ და მშვიდ გზას აძლევენ ყურეში შემავალ ხომალდს,

7. სძლია ყრმათა შვიდბურჯიანმა გონებამ, ღვთისმოსავობის ნავსადგურის გამამაგრებელმა, ვნებების ქარიშხალს.

8. ღვთისმოსავობის წმიდა ფერხულში ჩაბმულნი, ისინი ურთიერთს ამხნევებდნენ და ამბობდნენ:

9. ძმურად ვკვდებით, ძმებო, რჯულისთვის. მივბაძოთ იმ სამ ყრმას აშურში, რომლებმაც არად ჩააგდეს გახურებული ქურა.

10. ნუ გამოვიჩენთ სიმხდალეს და ვაჩვენოთ ღვთისმოსავობა.

11. ერთმა თქვა: გამხნევდი, ძმაო, მეორემ: ღირსეულად გაუძელი.

12. სხვამაც ეს გაიხსენა: გახსოვდეთ, საიდან ხართ, ან რომელმა მამის ხელმა მიიტანა მსხვერბლად ღვთისმთსავობისთვის ისაკი.

13. ერთიმეორეს შესცქეროდნენ მხიარულად და მამაცურად, ამბობდნენ: მთელი გულით შევწიროთ თავი ღმერთს, სიცოცხლის მომნიჭებელს; სხეული კი რჯულის დასაცავად გავიღოთ.

14. ნუ შეგვაშინებს ის, ვინც სიკვდილს გვიპირებს,

15. რადგან დიდია ბრძოლა სულისთვის და საფრთხე მარადიული საგანჯველისა მას ელის, ვინც ღვთის მცნებანი დაარღვია.

16. მაშ, აღვიჭურვოთ ღვთივმონიჭებული გონებით ვნებათა მოსათრგუნად.

17. სიკვდილის შემდეგ აბრაამს, ისაკს და იაკობს მივუვალთ და მამა-პაპათა ქებას დავიმსახურებთ.

18. ერთს რომ გაათრევდნენ, დანარჩენები ეუბნებოდნენ: ნუ შეგვარცხვენ, ძმაო, ნუ გაუცუდებ იმედს შენს წინ დახოცილ ძმებსო.

19. თქვენ იცით, რა არის ძმური სიყვარული, რომელიც ღვთიურმა და ყოვლადბრძენმა განგებამ მამებისგან მათ ნაშიერთ ჩაუნერგა, და რომელიც დედის საშოში იყო ჩასახული.

20. ერთი და იგივე ხანი დაჰყო იქ თვითეულმა ძმამ და ერთსა და იმავე ხანში გამოისახენ ისინი, ერთი სიცოცხლის მიმღებელნი.

21. იშვნენ თანაბარი დროის გამოშვებით, ერთი წყაროდან სვამდნენ რძეს და საზრდოობდნენ ერთმანეთთან გადანასკვული ძმური სულები.

22. ძლიერდებოდნენ საერთო საზრდელით და ყოველდღიური ურთიერთსიყვარულით, საერთო აღზრდით და ჩვენი საღვთო რჯულის მოძღვრების წყალობით.

23. ძმურ თანაგრძნობაში და სიყვარულში გაზრდილი ძმები, შვიდივენი ერთმანეთის მოუვარულნი დარჩნენ სამუდამოდ.

24. ერთი რჯულით განსწავლულებს, ერთნაირ სიქველეებში გაწვრთნილებს და სამართლიანი ცხოვრების მიმდევრებს კიდევ უფრო მეტად უყვარდათ ერთმანეთი.

25. საერთო შურმა სრულყოფილებისამ გააძლიერა მათ შორის ურთიერთგაგება და თანხმობა.

26. რადგან ღვთისმოსავობის წყალობით განამტკიცებდნენ გამორჩეულ ძმურ სიყვარულს.

27. და თუმცა საერთო ბუნება, საერთო აღზრდა და ქველი ჩვევები ემატებოდა ძმურ სიყვარულს, მაინც სატანჯველად თავისი ჯერის მომლოდინენი, თვალყურს ადევნებდნენ ძმების ტანჯვა-წამებას.


თავი მეთოთხმეტე

1. გარდა ამისა, ისინი აჩქარებდნენ კიდეც ერთმანეთს საწამებლად წასვლას და არა მხოლოდ ტკივილს თრგუნავდნენ, არამედ ძმურ სიყვარულსაც.

2. ო, მეფეებზე უმეფურესო გონებავ, თავისუფლებაზე უთავისუფლესო!

3. ო, წმიდა და უთანხმოესო კავშირო შვიდი ძმისა რჯულის გულისათვის!

4. შვიდ ყრმათაგან არც ერთს არ გამოუჩენია სიმხდალე და არ შემდრკალა სიკვდილის წინაშე,

5. არამედ ყველანი, თითქოსდა უკვდავებისთვის მოასპარეზენი, წამებით სიკვდილს ესწრაფოდნენ.

6. როგორც ხელები და ფეხები მოძრაობენ სულის კარნახით, ასევე ეს წმიდა ყრმანიც, თითქოს ღვთისმოსავობის უკვდავი სულით ყოფილიყვნენ აღძრულნი, რომ მორჩილად მიიღეს სიკვდილი მისი გულისთვის.

7. ო, ყოვლადწმიდაო, შეხმატკბილებულო ძმათა შვიდეულო! როგორც სამყაროს შესაქმისეული შვიდი დღე უვლის ფერხულს ღვთისმოსავობის გარშემო,

8. ასევე მოფერხულე ყრმებმა შუაში მოიქციეს შვიდმაგი შიში სატანჯველისა და გააქარწყლეს იგი.

9. ახლაც კი გვზარავს, როცა ვისმენთ ამ ყრმათა ტანჯვა-წამების ამბავს: ისინი კი არა მარტო უყურებდნენ, არა მარტო იქვე ისმენდნენ მუქარის სიტყვებს, არამედ თავად განიცადეს სატანჯველი და დაითმინეს ცეცხლით მიყენებული ტკივილები.

10. სხვა რა არის ცეცხლზე უფრო მტკივნეული? მახვილი ხომ ცეცხლის ძალაზე ჩქარია და უფრო სწრაფად ანადგურებს სხეულს.

11. სასწაულად ნუ შერაცხავთ, რომ გონება მბრძანებლობდა ამ კაცებს მათ სატანჯველში; დედაკაცსაც კი დაათმენინა გონებამ მრავალფერი სიმწარე.

12. შვიდი ყრმის დედა ხომ იძულებული იყო ეყურებინა შვიდივე შვილის წამებისათვის.

13. ნახეთ, რაოდენ ძნელია შვილის სიყვარული, ყეელაფერს მსჭვალავს იგი ნაწლავებამდე.

14. პირუტყვებსაც კი აქვთ, ადამიანთა მსგავსად, თანაგრძნობის უნარი და მშობლიური სიყვარული თავიანთ ნაშიერთა მიმართ.

15. ფრინველებიც კი დღისით ბუდეებს რომ დაჰფრენენ თავზე, რომ დაიფარონ თავიანთი ნაშიერნი,

16. კლდეთა ნაპრალებში, ხეთა ფუღუროებზე და მწვერვალებზე ჩეკავენ ბარტყებს და იცავენ მათ მოსალოდნელი საფრთხასაგან.

17. და თუ მათი დაცვა არ ძალუძთ, დაფრინავენ ირგვლივ, სიყვარულით შეძრულნი და ჭყივილით აფრთხილებენ - ესღა შეუძლიათ თავიანთი შვილების გადასარჩენად.

18. რაღა უგუნური ცხოველები მოგვყავს შვილებისადმი სიყვარულის მაგალითად,

19. როცა ფუტკრებიც კი, ფიჭის კეთების ჟამი რომ დგება, იგერიებენ მომხდურს, მახვილის მსგავსად ნესტრით გესლავენ სკასთან მოსულს და ეწირებიან კიდეც მის დაცვას.

20. განა სულით აბრაამის მსგავსი დედა არ შეიძრებოდა თავისი ბავშვების თანალმობით?


თავი მეთხუთმეტე

1. ო, ბავშვთა გონებავ, ვნებათა დამთრგუნველო! ო, რჯულო, შვილებზე მეტად სასურველო დედისათვის!

2. ორი არჩევანი ჰქონდა დედას: ან რჯული ან შვიდი შვილის გადარჩენა, როგორც მბრძანებელი დაჰპირდა.

3. მან უმალ რჯული არჩია, რომელიც შეინახავდა მათ მარადიული სიცოცხლისთვის, ღვთის აღთქმისამებრ.

4. როგორ აღვწერო მშობელთა შვილებისადმი სიყვარული? სულისა და სახის საკვირველ მსგავსებას აღვბეჭდავთ ჩვენ ბავშვის ბუნებაზე სიჩჩოებიდანვე. ხოლო მშობელთაგან დედები მამებზე მეტად არიან გამსჭვალულნი შვილების მიმართ თანაგრძნობით.

5. რაც უფრო სუსტნი არიან დედები და ბევრის მშობნი, მით უფრო უყვართ თავიანთი შვილები.

6. მაგრამ ყველა დედებზე მეტად შვილთა მოყვარული აღმოჩნდა შვიდი შვილის დედა, რომელსაც შვიდგზის ორსულობაში ჩაენერგა შვილთა სიყვარული,

7. და თითოეული მათგანისთვის მშობიარობის ტკივილების გადამტანს გაუძლიერდა სიყვარულის გრძნობა.

8. მაგრამ მაინც ღვთის წინაშე შიშის გამო არად ჩააგდო დროებითი ხსნა თავისი შვილებისა.

9. შვილების სრულყოფილებისა და რჯულისადმი მათი მორჩილების მოწმემ კიდევ უფრო მეტი სიყვარული იგრძნო მათდამი.

10. რადგან ისინი მართალნი, უბიწონი, მამაცნი, დიდსულოვანნი, ძმათა მოყვარულნი იყვნენ და იმდენად უყვარდათ დედა, რომ სიკვდილშიც კი მას დაემორჩილნენ და ბოლომდე დაიცვეს რჯული.

11. თუმცა ბევრი რამ აიძულებდა დედას, თანაგრძნობით შეძრულიყო შვილების სიყვარულის გამო, მაგრამ ვერც ერთის ტანჯვა-წამებამ ვერ შეუცვალა მას გონება.

12. პირიქით, დედა ყველას ერთად და თითოეულ მათგანს ცალ-ცალკე რჯულისთვის სასიკვდილოდ აქეზებდა.

13. ო, მშობლიური სიყვარულის წმიდა ბუნებავ, გამომკვებელო ძუძუებო და დაუოკებელო დედობრივო გრძნობავ!

14. ნაწამები და ცეცხლმოდებული შვილების შემხედვარეც კი მტკიცედ იდგა სარწმუნოებაზე.

15. ხედავდა შვილების ხორცს, ცეცხლით დამწვარს, მათი ხელებისა და ფეხების თითებს, მიწაზე მიმობნეულს და კანს, თავიდან ნიკაპამდე ნიღაბივით ჩამოკიდებულს.

16. დიდება დედას, რომელმაც სამშობიარო ტკივილებზე უმწარესი სატანჯველი დაითმინა!

17. დიდება დედაკაცს, რომელმაც ერთადერთმა შვა ესოდენი სრულქმნილი ღვთისმოსაობა!

18. არ გიღალატა შენ არც პირმშომ, სულთმობრძავმა, არც მეორემ, სიბრალულით რომ გიყურებდა წამების დროს; არც მესამემ, სულს რომ ღაფავდა.

19. არ გიტირია, როცა უყურებდი სატანჯველში მყოფთა უტეხ მზერას და სიკვდილის ნიშნებს მათ ნესტოებში.

20. როცა უყურებდი დამწვარი შვილების ერთმანეთზე თავებს, გვამს გვამზე დაგდებულს, ხედავდი შვილთა დაყრილ ხორცს, მოკვეთილ ხელებს, გადატყავებულ წამების ადგილს, მოსეირე ხალხით სავსეს, და ცრემლიც არ მოგრევია თვალზე.

21. სირინოზის ჰანგები და არც გედის სიმღერა ისე არ მოიზიდავდა მსმენელს, როგორც - შვილთა ხმები, რომლებიც სატანჯველიდან ეხმიანებოდნენ დედას.

22. რა ტანჯვა უნდა გამოევლო იმ წუთებში დედას, როცა ხედავდა სატანჯველში მყოფ შვილებს, როგორ აწამებდნენ ბორბლებითა და შანთებით!

23. მაგრამ ღვთისმოსავმა გონებამ სიმამაცე მიჰმადლა მის გულს ამ სატანჯველში, რომ დაეძლია შვილების მიმართ წარმავალი სიყვარული.

24. შვიდი შვილის დაღუპვისა და ამდენი ტანჯვა-წამების შემსწრე კეთილშობილმა დედამ ეს ყველაფერი ღვთისადმი რწმენის ძალით გადაიტანა.

25. საკუთარი სულის სამსჯავროზე იგი ხედავდა ძლიერ დამცველებს - ბუნებას, ნათესაობას, დედობრივ სიყვარულს და შვილთა წამებას;

26. ორი კენჭი ვჭირა ხელში დედას: ერთი სასიკვდილო და მეორე - მხსნელი თავისი შვილებისთვის,

27. მაგრამ მან უარი თქვა შვიდი შვილის ხსნაზე ხანმოკლე დროით,

28. არამედ მხნეობა მოიკრიბა მან, როგორც ღვთისმოსავი აბრაამის ასულმა.

29. დიდება ერის დედას, რჯულის შურისმგებელს, ღვთისმოსავობის დამცველს და საკუთარი გულით ასპარეზზე ჯილდოს მომხვეჭს!

30. დიდება ვაჟკაცებზე უპირატესს მხნეობით და მამამაკაცებზე უმამაცესს მოთმინებით!

31. ნოეს კიდობანივით საყოველთაო წარღვნაში სოფლის გამომხსნელს და ტალღების მხნედ გადამლახველს!

32. ამგვარად, სძლიე შენ, რჯულის დამცველმა, ყოველის მხრიდან მოსულ ვნებების წარღვნას, სასტიკ ქარებს, გაუძელი შენი შვილების წამებას და გადაიტანე ღვთისმოსავობაზე ჩამოწოლილი ზამთარი.


თავი მეთექვსმეტე

1. თუკი ქალმა და თან მოხუცმა, შვიდი შვილის დედამ გაუძლო შვილების სასიკვდილო წამებას, ცხადი უნდა იყოს, რომ ღვთისმოსავი გონება ვნებათა მბრძანებელია.

2. მე ცხადვყავი, რომ მარტო მამაკაცები როდი წარმართავენ ვნებებს; არამედ დედაკაცსაც ძალუძს უსასტიკესი ტანჯვა-წამების არად ჩაგდება.

3. მარტო დანიელის წინაშე კი არ მძვინვარებდნენ ლომები და მიშაელის წინაშე - გავარვარებული ქურა; მსგავსადვე იწვოდა ბუნება დედისა, რომელიც უყურებდა შვილების მრავალნაირ წამებას.

4. მაგრამ ღვთისმოსავი გონების ძალით ჩააქრო დედამ მოძალებული ვნებები.

5. იფიქრეთ, სულმოკლე რომ ყოფილიყო ეს ქალი, თუმცა ის დედა იყო, შეიბრალებდა შვილებს და, ალბათ, ამას იტყოდა:

6. ვაი, მე, საწყალობელს და სამგზის უბედურს, შვიდი შვილის მშობელი დედა უშვილო ვრჩები!

7. ვაი, ჩემს ფუჭ მუცლადღებას, ამაოდ ჩავლილ შვიდჯერ ათ თვეს, უნაყოფო ძიძაობას და გაცუდებულ ძუძუს წოვებას!

8. ტყუილად ვითმენდი, შვილებო, თქვენზე მშობიარობის ტკივილებს და ფუჭად ვეზიდებოდი აღზრდის უმძიმეს ტვირთს!

9. ვაი, ჩემს შვილებს, უცოლოებს და ცოლიანებს - უშვილძიროებს! თქვენს შვილებს და დიდდედის ბედნიერებას ვერ ვეღირსები!

10. მრავალშვილიანი დედა, ღირსეულ ვაჟთა მშობელი, ქვრივ-ოხრად ვრჩები მრავალსაწყალობელი.

11. ისე ვკვდები, რომ ერთი შვილიც არ მრჩება დამმარხავი.

12. მაგრამ არ მოთქვამდა ამგვარ საგოდებელს კურთხეული და ღვთისმოშიში დედა, არცერთი მათგანი, სასიკვდილოდ მიმავალი, არ დაუკავებია, არც მწუხარება მორევია, როცა კვდებოდნენ ისინი,

13. არამედ ალმასივით მტკიცე გონება ჰქონდა შენარჩუნებული და უკვდავებისთვის ხელახლა შობდა შვილებს და რჯულისათვის თავის გასაწირად ლოცავდა მათ.

14. ო, დედავ, ღვთის მეომარო რჯულისათვის! ო, ბერდედავ, შენი სიმხნევით სძლიე მტრვალსაც კი და სიტყვით და საქმით მამაკაცზე ძლიერი გამოჩნდი!

15. შენს შვიდ შვილთან ერთად შეპყრობილი იდექი და უყურებდი ელეაზარის წამებას, ებრაულ ენაზე ეუბნებოდი შვილებს:

16. შვილებო, საპატიოა ასპარეზი, რომელზეც ერის სიყვარულის დასამოწმებლად ხართ გაწვეულნი. მამაცურად იბრძოლეთ მამაპაპეული რჯულისათვის.

17. სამარცხვინო იქნება, ახალგაზრდები შეუშინდეთ სატანჯველს, როცა მოხუცმა კაცმა გაუძლო წამებას ღვთისმოსავობის გულისთვის.

18. გახსოვდეთ, რომ ღვთისგან გაქვთ მიღებული - ეს წუთისოფელი და ღვთისთვის უნდა დათმოთ სიცოცხლე.

19. ამიტომაც ვალად გადევთ, გაუძლოთ ყოველგვარ ტანჯვას ღვთისთვის.

20. ამას ესწრაფოდა ჩვენი მამა აბრაამიც, როცა მსხვერპლად სწირავდა ისაკს, ჩვენს წინაპარს, რომელიც არ შემდრკალა, დანა რომ დაინახა მამის ხელში.

21. მართალი დანიელი ლომებს მიუგდეს, ხოლო ხანანია, ყაზარია და მიშაელი გავარვარებულ ქურაში ჩაყარეს, მაგრამ მათ გაუძლეს ცეცხლს.

22. და თქვენც, ასეთივე რწმენის მექონნი, ნუ გატყდებით.

23. რადგან, დაუჯერებელია, ტანჯვა ვერ დაითმინოს კაცმა, რომელსაც შემეცნებული აქვს ღვთის რჯული.

24. ამ სიტყვებით შვიდი შვილის დედა თითოეულ მათგანს ევედრებოდა, უმალ მომკვდარიყო, ვიდრე ღვთის მცნებანი უარეყო.

25. მათ ისიც იცოდნენ, რომ ღვთისათვის დახოცილნი ღმერთში იცოცხლებდნენ, როგორც აბრაამი, ისაკი, იაკობი და ყველა მამამთავარი.


თავი მეჩვიდმეტე

1. ერთ-ერთი მცველი ამბობდა, რომ როცა მას სასიკვდილოდ უნდა წაეყვანა ქალი, იგი თვითონ გადავარდა ცეცხლში, არავის არ მიაკარებინა ხელი ტანზე.

2. ო, დედავ, რომელმაც შვიდ შვილთან ერთად მტარვალის მძლავრობა გააქარწყლე, ჩაშალე მისი უკეთური განზრახვა და რწმენის სიმტკიცე გამოაჩინე.

3. შენ, როგორც სვეტებზე - შვილებზე მტკიცედ დაყრდნობილმა ჭერმა, ღირსეულად გაუძელი სატანჯველთა ძალას, შემარყეველს.

4. მაშ, გამხნევდი, სულკურთხეულო დედავ, რომელსაც ღვთის იმედი გაქვს, მტკიცე და შეურყეველი.

5. თავად მთვარეც კი არ არის ცაზე ვარსკვლავებითურთ ისე აღმატებული, როგორც შენ, რომელმაც გაუნათე ღვთისმოსავობის გზა ვარსკვლავთსწორ შენს შვიდ შვილს და, ღვთის წინაშე პაგივით წარმდგარი, მათთან ერთად დამკვიდრდი ცაში.

6. რადგან შენი შვილები მამა აბრაამის ჭეშმარიტი შთამომავალნი არიან.

7. რომ შეგვძლებოდა ხელოვანის დარად შენი ღვთისმოსავობის სურათის დახატვა, განა არ შეძრწუნდებოდა ყველა, ვინც დაინახავდა, თუ როგორ დაითმინა დედამ რჯულის გულისთვის შვიდ შვილთან ერთად სასიკვდილო სატანჯველი.

8. შესაფერისი იქნებოდა საფლავის ქვაზე ეს სიტყვები წარწერილიყო მათი ხსოვნისათვის ჩვენს ხალხში:

9. აქ მარხიან მოხუცი მღვდელი და მოხუცებული ქალი თავის შვიდ შვილთან ერთად, მსხვერპლნი მტარვალის მძლავრობისა, რომელსაც სურდა, შეებღალა ებრაელთა ცხოვრების წესი.

10. მათ იძიეს შური ხალხის გამო და ღვთის სასოებით დაითმინეს სასიკვდილო სატანჯველი.

11. ჭეშმარიტად ღვთაებრივი იყო ასპარეზობა, რომელშიც ჩაებნენ ისინი,

12. რაკი ჭირთათმენის განსაცდელში სიქველემ გაიმარჯვა. გამარჯვების ჯილდო კი უკვდავებაა მრავალჟამიერ სიცოცხლეში.

13. დაიწყო ასპარეზობა ელეაზარმა და ჩაება ბრძოლაში შვიდი შვილის დედაც, იასპარეზეს ძმებმა.

14. მტარვალი მათი მოწინააღმდეგე იყო, მაყურებლები კი წუთისოფელი და ადამიანთა ცხოვრება.

15. გაიმარჯვა ღვთისმოსავობამ და მანვე გვირგვინებით შეამკო მოასპარაზენი.

16. ვის არ გააოცებდა ღვთივგანაწესებული მოასპარაზენი? ვის არ შესძრავდა?

17. თავად მტვარვალს და მთელ მის ამალას აოცებდა მათი გამძლეობა,

18. რისი წყალობითაც ახლა ისინი ღვთის ტახტის წინაშე დგანან და საუკუნო ნეტარებაში არიან.

19. ხომ თქვა მოსემ: ყველანი შენი ხელით არიან განათლულნიო.

20. პატივდებულნი არიან ღვთისათვის განათლულნი, მაგრამ მხოლოდ ეს არ არის მათი პატივი, არამედ ის, რომ მათი მეოხებით შეიქნა ჩვენი ხალხი მტერთაგან დაუძლეველი.

21. მტარვალის დასჯამ და სამშობლოს განწმედამ თითქოს გამოისყიდა ერის ცოდვები.

22. ამ ღვთისმოსავთა სისხლითა და სიკვდილის წინაშე გაღებული მსხვერპლით იხსნა ღვთიურმა განგებამ ტანჯული ისრაელი.

23. მათი სიმამაცის, სიქველის და სატანჯველში მათი მძლეობის დამნახავმა ანტიოქოსმა თავის ჯარისკაცებს ისინი გამძლეობის მაგალითად დაუსახა.

24. ამან გაამამაცა მისი მებრძოლები - ქვეითნი და მოალყენი; ყველა მტერი დაამარცხეს მათ და დახარკეს.


თავი მეთვრამეტე

1. აბრაამის თესლის ნაშიერნო, ისრაელიანებო, დაემორჩილეთ ამ რჯულს და ყოველმხრივ გამოიჩინეთ ღვთისმოსაობა.

2. იცოდეთ, რომ ვნებათა უფალია ღვთისმოსავი გონება, იგი ძლევს არა მარტო სულიერ, არამედ ხორციელ ტკივილებსაც.

3. ისინი, ვინც ღვთისმოსაობის გულისთვის სატანჯველში გზავნიან თავიანთ სხეულს, არა მარტო ადამიანებს აოცებენ, არამედ ღმერთთანაც იმკვიდრებენ წილს.

4. მათი წყალობით მოიპოვა მშვიდობა ერმა და სამშობლოში რჯულის ამაღორძინებლებმა დახარკეს მტრები.

5. ანტიოქოსი კი სიცოცხლეშიც დაისაჯა და სიკვდილის შემდეგაც მიეგო შური. როცა მან ვერაფრით აიძულა იერუსალიმელები გაურჯულოებულიყვნენ და მამაპაპეული ზნე-ჩვეულებებისთვის ეღალატნათ, დასტოვა იერუსალიმი და სპარსელთა წინააღმდეგ გაილაშქრა.

6. შვიდი შვილის დედა ასეთ შეგონებებსაც ეტყოდა თავის შვილებს:

7. მე უმანკო ქალწული ვიყავი, არასდროს გავცდენივარ მამისეულ სახლს და წმიდად ვიცავდი ნეკნს, საიდანაც წარმოვიშვი.

8. არ დავუღუპივარ შემაცთენელს უდაბნოს ველზე, არც ჩემი სიქალწულის სიწმიდე შეუბღალავს მაცთურ გველს.

9. ქმართან გავატარე მოწიფულობის წლები. როცა თქვენ წამოიზარდეთ, აღესრულა მამათქვენი; ბედნიერი კაცი იყო, რადგან მოესწრო შვილთა კეთილდღეობას და მათი უბედურებით არ გამწარებია წუთისოფელი.

10. ვიდრე თქვენთან იყო, გასწავლიდათ რჯულსა და წინასწარმეტყველებს;

11. გიკითხავდათ კაენისგან აბელის მკვლელობის ამბავს, -აღსავლენ მსხვერპლად მიტანილ ისაკზე და საპყრობილეში მყოფთ იოსებზე.

12. გიამბობდათ მოშურნე ფინხასზე და გმოძღვრავდათ ცეცხლში ჩაყრილ ხანანიას, ყაზარიას და მიშაელის მაგალითზე;

13. განადიდებდა დანიელს, ლომების ხაროში ჩაგდებულს და ნეტარად რაცხდა მას;

14. ჩაგაგონებდათ ესაიას დაწერილ სიტყვებს: ცეცხლშიც რომ გაიარო, ალი არ დაგწვავსო.

15. გიგალობდათ დავითის საგალობლებს, რომ ამბობს: ბევრი ჭირი ადგას მართალ კაცსო.

16. გიყვებოდათ სოლომონის იგავებს, სადაც ნათქვამია: მისი ნების მყოფელთათვის სიცოცხლის ხეა გამზადებულიო.

17. უდასტურებდა ეზეკიელს მის ნათქვამს: ნეტავ თუ გაცოცხლდებაო ეს გამხმარი ძვლები?

18. არ დავიწყნია, ესწავლებინა თქვენთვის მოსეს ნათქვამი სიმღერა:

19. მე ვკლავ და მევე ვაცოცხლებო. ეს არის თქვენი სიცოცხლე და წუთისოფელიო.

20. ო, სასტიკი იყო ის დღეები, როცა ელინთა სასტიკი მბრძანებელი ცეცხლს ცეცხლზე უნთებდა შემზარავ ქვაბებს და გამძვინვარებულ ახალ-ახალ საწამებლისკენ მიათრევდა აბრაამიანი ასულის შვიდ ყმაწვილს,

21. თვალის გუგებს უხვრეტდა მათ, ენას აძრობდა და მრავალგვარი სატანჯველით კლავდა,

22. მაგრამ ეწია მათ ღვთიური სამართალი და მიუზღო საკადრისი წყეულ მბრძანებელს.

23. აბრაამიანი ყმაწვილები კი გამარჯვებულ დედასთან ერთად შეუერთდნენ მამათა გუნდს და უმანკო და უკვდავი სულები მიიღეს ღვთისგან.

24. მათი დიდება იყოს უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

თავი პირველი

1. როცა ფილოპატორმა უკან დაბრუნებულთაგან შეიტყო, რომ ანტიოქოსი დაეპატრონა მის კუთვნილ მიწებს, უბრძანა მთელ ლაშქარს - ქვეითებს და მხედრობას, წაიყვანა არსინოე, თავისი და, და გაემართა რაფიას მხარეში, სადაც ანტიოქოსის ჯარები იყო დაბანაკებული.

2. მაგრამ ვიღაც თეოდოტოსმა გადაწყვიტა ჩანაფიქრის შესრულება: წამოიყვანა მისდამი პტოლემეოსის განკარგულებით მინდობილი შეიარაღებული ხალხი და ღამით პტოლემეოსის კარავში შეაღწია, რათა პირისპირ მისჭროდა და მოეკლა მეფე და ამით ბოლო მოეღო ომისთვის.

3. მაგრამ დააღალატა იგი დოსითეოსმა, დრიმილოსის ძემ, ტომით იუდაელმა, რომელმაც მოგვიანებით უარყო რჯული და მამა-პაპის მცნებებს უცხოური ამჯობინა. მან შეუშვა კარავში ვიღაც უაზნო კაცი, რათა პტოლემეოსისთვის გამიზნული სასჯელი მას დასტეხოდა თავს.

4. როცა მოხდა სასტიკი ბრძოლა და ანტიოქოსს საქმეები გამოუსწორდა, არსინოემ მოიარა ჯარები, ცრემლებითა და მუდარით, თმაგაშლილი ემუდარებოდა მათ, მხნედ ებრძოლათ საკუთარ თავისთვის, საკუთარი შვილებისა და ცოლებისთვის. გამარჯვებულებს იგი თითოეულს ორ მნა ოქროს აღუთქვამდა.

5. ხელჩართულ ბრძოლაში მტერმა მარცხი განიცადა და ბევრი ჩავარდა ტყვედ.

6. საწადელი რომ აღისრულა, პტოლემეოსმა განიზრახა, მეზობელ ქალაქებშიც ჩასაულიყო და გაემხნევებინა ისინი.

7. ეს რომ გააკეთა და სალოცავებშიც ძღვენი ჩამოარიგა, გაამხნევა ქვეშევრდომებიც.

8. როცა იუდაელებმა საბჭოსგან და უხუცესთაგან გაუგზავნა მას ელჩები მისალოცად, ძღვენის მისართმევად და სიხარულის გამოსახატავად მომხდარი ამბების გამო, მანაც მოისურვა, რაც შეიძლება მალე შეხვედროდა მათ.

9. იერუსალიმში რომ ჩავიდა, მსხვერპლი შესწირა და მადლი მიაგო უზენაეს ღმერთს; ყველაფერი შეასრულა, რაც ამ ადგილს ეკადრებოდა. როცა ამ ადგილზე მოხვდა და მისი დიდებულებითა და მშვენებით მოიხიბლა,

10. საწმიდარის ჰაეროვნებით განცვიფრებულმა წმიდათა წმიდაში შესვლა მოისურვა.

11. უთხრეს: წესი არ არის, არა მარტო ჩვენს ხალხს ეკრძალებათ იქ შესვლა, არამედ მღვდლებსაც კი; მხოლოდ მღვდელმთავარს აქვს ამის ნება და ისიც წელიწადში ერთხელ. მაგრამ ვერაფრით ვერ დაარწმუნეს მეფე.

12. გააცნეს რჯულიც, მაგრამ არც ამან გადაათქმევინა მეფეს განზრახული. ამბობდა, რომ მას უფლება აქვს, შევიდეს ტაძარში. თუ ისინი მოკლებული არიან ამ პატივს, მე არაფერი დამაბრკოლებსო.

13. იკითხა, თუ რატოშ არავინ არ შეაჩერა იქ მყოფთაგან, როცა სხვა კვრივებში შედიოდა.

14. მაშინ ვიღაცას დაუფიქრებლად წამოსცდა, ცუდი იყო, ასე რომ მოხდაო.

15. რაკი ეს უკვე მოხდა, თქვა მეფემ, რაღაც მიზეზის გამო, რატომ არ შევიდე იმისდა მიუხედავად, გსურთ თქვენ ეს თუ არა?

16. მაშინ მღვდლები, სრულად შემოსილნი, დაემხნენ მიწაზე, შეწევნას თხოვდნენ უზენაეს ღმერთს, რათა დაეოკებინა ბოროტი ზრახვებით შემოჭრილი მოძალადე, და მოთქმითა და ცრემლებით აავსეს ტაძარი.

17. ქალაქში დარჩენილნი, შეშფოთებულები გამოცვივდნენ გარეთ; იფიქრეს, რაღაც უცნაური რამ მოხდაო.

18. თავიანთ ოთახებში ჩაკეტილი ქალწულები დედებთან ერთად გამორბოდნენ, ნაცარს იყრიდნენ თმებზე, მოთქმა-გოდებით ავსებდნენ ქუჩებს.

19. საქორწინოდ მოკაზმული ქალიშვილები სტოვებდნენ სიძესთან შესახვედრად გამზადებულ სანთიობებს და კდემადაკარგულნი უწესოდ დარბოდნენ ქალაქში.

20. დედები და ძიძები ტოვებდნენ ახალშობილ ბავშვებს, ზოგი სახლში, ზოგიც ქუჩაში და უკანმიუხედავად გარბოდნენ უზენაესი ტაძრისკენ.

21. მრავალგვარი იყო ვედრება ტაძართან თავმოყრილი ხალხისა მეფის მკრეხელური განზრახვის გამო.

22. ზოგი მოქალაქე შეეცადა კიდეც, ხელი შეეშალა მეფისთვის განზრახულის შესრულებაში.

23. მოუწოდეს ხალხს, იარაღი აეღოთ და თავი შეეწირათ რჯულის დასაცავად, და არეულობა გამოიწვიეს წმიდა ადგილას. მაგრამ უხუცესებმა და მღვდლებმა დააშოშმინეს და ისინიც სხვებივით ლოცვა-ვედრებას მოჰყვნენ.

24. ხალხი კვლავ ლოცულობდა,

25. მეფესთან მყოფი უხუცესები კი ყველანაირად ცდილობდნენ დაეყოლიებინათ მეფე, ხელი აეღო თავხედურ განზრახვაზე,

26. მაგრამ გაკადნიერებული მეფე, ყველაფრის უგუბელმყოფელი, წინ მიიწევდა, რათა ბოლომდე შეესრულვბინა ნათქვამი.

27. ამის შემხედვარე მეფის თანმხლებმა პირებმა ჩვენიანებთან ერთად დაიწყეს ლოცვა ყოვლადძლიერისადმი, რათა ეხსნა ისინი გასაჭირისგან, არ ენახვებინა მათთვის ურჯულო და კადნიერი საქმე.

28. ერთი გუგუნი იდგა სასოწარკვეთილი ხალხის გაბმული მოთქმისა და შეძახილებისგან.

29. კაცს ეგონებოდა, რომ არა მხოლოდ ადამიანები გამოსცემენ ხმას, არამედ კედლებიცა და მთელი არემარეც. ამ დროს ყველას სიკვდილი ერჩია ადგილის შეგინებას.


თავი მეორე

1. მაშინ სიმონ მღვდელმთავარმა ტაძრის წინ მოიყარა მუხლი, მოწიწებით გაიწოდა ხელები და წარმოთქვა ეს ლოცვა:

2. უფალო, უფალო, ცათა მეუფეო და ყოველი ქმნილების გამრიგევ, წმიდაო წმიდათა შორის, თვითმპყრობელო, ყოვლადძლიერო, შეგვეწიე შეჭირვებულთ უღვთოსგან და მკრეხელისგან, ძალითა და მძლავრობით გაკადნიერებულისგან.

3. რადგან შენ, ყოვლის შემქმნელო და ყოვლის გამრიგევ, სამართლიანი ხელმწიფე ხარ; შენ განსჯი მათ, ვინც თავხედურად და კადნიერად იქცევა.

4. შენ ხომ ადრეც შეგიმუსრავს უსამართლობის ჩამდენნი და მათ შორის ბუმბერაზებიც იყვნენ, ძალაში და სიმამაცეში თავდაჯერებულნი, მიუღვარე მათ უზომო წყლები და დაღუპე.

5. შენ გადაბუგე ცეცხლითა და გოგირდით თავგასული სოდომელები, რომლებიც ახდილად ჩადიოდნენ უკეთურებებს და საარაკოდ გახადე ისინი შთამომავლობისთვის.

6. შენ უჩვენე შენი ძლევამოსილება თავხედ ფარაონს, შენი ერის, წმიდა ისრაელის დამატყვევებელს და მრავალი და მრავალი სასჯელით ჰგვემე იგი; დაანახვე შენი ძლიერება.

7. ეტლებითა და დიდძალი ჯარითურთ შენი ხალხის მდევნელი დანთქე ზღვის სიღრმეში, ხოლო შენი, ყოველი ქმნილების გამრიგის, მოსავნი ცოცხლები გამოიყვანე,

8. და განგადიდეს ყოვლისმპყრობელი შენი ხელის ნამოქმედართა მხილველებმა.

9. შენ, მეუფეო, რომელმაც შექმენი უნაპირო და უსაზღვრო მიწა, გამოარჩიე ეს ქალაქი და აკურთხე შენი სახელით ეს ადგილი, თუმცა არაფერი გაკლია, და განადიდე იგი შენი დიადი გამოცხადებით, რათა გექცია იგი შენი დიდი და პატიოსანი სახელის სადიდებლად.

10. ისრაელის სახლის მოყვარული გვპირდებოდი, თუ უბედურკბაში და გასაჭირში მყოფნი ამ ადგილზე მოვიდოდით და ვილოცებდით, შენ შეისმენდი ჩვენს ლოცვას.

11. მისანდობელი ხარ შენ და ჭეშმარიტი,

12. რადგან ხშირად შეწევნიხარ გასაჭირში ჩავარდნილ ჩვენს მამა-პაპას და დიდი ბოროტებისგან გიხსნია.

13. და ახლაც, წმიდათა მეუფეო, ჩვენი მრავალი და დიდი შეცოდებების გამო ვიტანჯებოდით ჩვენს მტერს დამორჩილებულნი, დაუძლურებულნი.

14. ჩვენი დაცემის ჟამს ეს თავხედი და მკრეხელი ლამობს შეურაცხყოს ამ ქვეყანაში შენს დიდებულ სახელზე ნაკურთხი წმიდა ადგილი.

15. შენი სამყოფელი, ცა ცათა, მიუწვდომელია ადამიანთათვის,

16. მაგრამ შენი მოწყალებით მოჰმადლე შენს ერს, ისრაელს, შენი დიდება და აკურთხე ეს ადგილი.

17. ნუ მოგვკითხავ ჩვენ ამათ უწმიდურობას, ნურც დაგვსჯი მათი მკრეხელობისთვის, რისხვით რომ არ მოჰყვნენ ტრაბახს ურჯულოები, არ გათავხედნენ და არა თქვან კადნიერი ენით:

18. გავთელეთ საწმიდარის სახლი, როგორც თელავენ წაბილწულ სახლებსო.

19. განგვაშორე ჩვენი ცოდვები და გაფანტე ჩვენი შეცოდებები, გამოაჩინე შენი მოწყალება ამ ჟამს.

20. სწრაფად გარდამოვიდეს ჩვენზე შენი სიბრალული; ხოტბის მადლი მოანიჭე გათელილთა ბაგეს, მშვიდობა მიჰმადლე სულით შემუსვრილებს.

21. მაშინ შეისმინა რჯულიერი ლოცვა-ვედრება ყოვლისმჭვრეტელმა ღმერთმა, პირველმამამ, წმიდამ წმიდათა შორის, და დასაჯა გაკადნიერებული და თავგასული,

22. აქეთ-იქით შეარხია იგი, როგორც ლერწამი ირხევა ქარისაგან და დაეცა იგი მიწაზე უმწეოდ, ასოგანრღვეული, ხმის ამოღება არ შეეძლო, რადგან სამართლიანი სასჯელით იყო ნაგვემი.

23. შიშმა მოიცვა მისი მეგობრებიცა და პირადი მცველები ამ საშინელი სასჯელის შემსწრენი; შეეშინდათ, სიცოცხლე არ მოესწრაფოსო მეფეს, და სასწრაფოდ განარიდეს ამ ადგილს თავადაც თავზარდაცემულებმა.

24. მცირე ხანს გონს მოეგო და, თუმცა დასჯილი იყო, არც კი მოუნანიებია; პირთქით, სასტიკი მუქარის სიტყვებით დასტოვა იქაურობა.

25. ეგვიპტეში ჩასულმა უმატა ბოროტის ქმნას, წაქეზებულმა მემთვრალე თანამეინახეთაგან, რომლებიც შორს იყვნენ ყოველგვარი სამართლიანობისგან.

26. არ დასჯერდა უთვალავ უკეთურ საქმეს, არამედ იმ ზომამდე გაკადნიერდა, რომ ლანძღვა-გინებას უთვლიდა იქაურ ადგილებს. მეფის ბევრი მეგობარი, ვინც ხშირად უყურებდა მის საქციელს, მის ნებას იყო აყოლილი.

37. ბოლოს, გადაწყვიტა, საჯაროდ დაემცირებინა იუდაელი ხალხი და ამისთვის გოდლის ეზოში დადგა სვეტი წარწერით:

28. ვინც მსხვერპლს არ სწირავს, არავინ შევიდეს საწმიდარებში; ხოლო იუდაელნი, ყველანი გამოცხადდნენ, რათა აღწერილ იქნან მონათა სიებში. გაურჩებული ძალით უნდა მოიყვანონ და სიკვდილით დასაჯონ.

29. აღრიცხულნი უნდა დაიდაღონ: ცეცხლით უნდა ამოეწვათ დიონისეს ნიშანი - სუროს ფოთოლი - და უფლებები შეეზღუდოთ.

30. ყველასთვის საძულვვლად რომ არ გამოჩენილიყო, მიაწერა: საიდუმლო ღვთისმსახურებასთან ზიარების მსურველი ალექსანდრიელ მოქალაქეებთან გათანასწორდება.

31. ზოგიერთებმა მოქალაქეობის უფლებათა გამო საკუთარი რჯული მოიძულეს და ადვილად დანებდნენ, თითქოს მეფესთან ურთიერთობით სახელს მოიხვეჭდნენ.

32. მაგრამ მრავალნი სულით მტკიცენი აღმოჩნდნენ და არ განუდგნენ ღვთისმოსავობას; ფულით ყიდულობდნენ სიცოცხლეს და უშიშრად ცდილობდნენ, აღწერისგან თავი დაეღწიათ;

33. ღვთის შეწევნის იმედით საზრდოობდნენ, განდგომილებს გაემიჯნენ, ერის მტრებად ჩათვალეს ისინი და მოიკვეთეს თავიანთი საზოგადოებისგან და ურთიერთშემწეობისგან.


თავი მესამე

1. ეს რომ შეიტყო იმ უღვთომ, ისე გამძვინვარდა, რომ უკვე მხოლოდ ალექსანდრიელ იუდაელებზე კი აღარ ბობოქრობდა, არამედ საერთოდ ქვეყნის ყველა მცხოვრებსაც სასტიკად დაუპირისპირდა. ბრძანა, ყველასთვის დაუყონებლივ თავი მოეყარათ ერთ ადგილზე, რომ უსასტიკესი სასჯელით მოესწრაფათ სიცოცხლე.

2. სანამ ეს საქმეები გვარდებოდა, კიდევ გავრცელდა მტრული ხმები იუდაელთა ხალხზე მისთვის ავის განმზრახველთა წყალობით, თითქოს იუდაელები მათი კანონების დაცვას არიდებდნენ თავს;

3. თუმცა იუდაელები კეთილგანწყობას და ერთგულებას იჩენდნენ მეფისადმი.

4. მაგრამ რაკი ისინი თავიანთ ღმერთა ესავენ და რჯულს მისდევენ და გარჩევა აქვთ საჭმელში, ამ მიზეზით სიძულვილით უყურებენ მათ ზოგიერთნი.

5. ხოლო სამართლიანი და ქველმოქმედებით შემკობილი იუდაელები ბევრისგან პატივისცემას იმსახურებდნენ;

6. მაგრამ მაინც ამ ხალხის სიკეთით სავსე ცხოვრების უცხოტომელნი არაფრად მიიჩნევდნენ;

7. ისინი ჭორაობდნკნ მათ ღვთისმსახურებაზე და მათ საჭმელზე, ამტკიცებდნენ, თითქოს არც მეფის, არც მისი ხელისუფლების ერთგულნი არ ყოფილიყვნენ, მტრულად ყოფილიყვნენ მათი საქმეებისადმი განწყობილნი. და ასე განზრახ უვრცელებდნენ მათ ცუდ ხმებს.

8. ხოლო ქალაქში მცხოვრებმა ბერძნებმა, რომელთაც იუდაელთაგან ცუდი არ ახსოვდათ, დაინახეს რა მოულოდნელი აღშფოთება მათ წინააღმდეგ და ბრბოების თავმოყრა მათ გარშემო, თუმცა არ შეეძლოთ მათი დახმარება, რადგან სამეფო განკარგულებას გვერდს ვერ აუქცევდნენ, მაინც ცდილობდნენ მათ ნუგეშისცემას, სწუხდნენ და იმედოვნებდნენ, რომ შეიცვლებოდა ვითარება.

9. რადგან არ ეგებოდა ამდენი უდანაშაულო ხალხის მიტოვება ბედის ანაბარა.

10. თუმცა ზოგიერთი მათი მეზობელი და მეგობარი, ვისაც მათთან საქმე აკავშირებდა, ფარულად იღებდა ზოგიერთ მათგანს და აღუთქვამდა, რომ ყველაუერს იღონებდა მათ დასაცავად.

11. ხოლო მეფემ თავისი კეთილდღეობით გათავხედებულმა, არაფრად რომ არ აგდებდა უზენაესი ღმერთის ძალას და დაბეჯითებით განიზრახავდა ჩანაფიქრის განხორციელებას, ასეთი წერილი დაწერა მათ მიმართ:

12. მეფე პტოლემეოს ფილოპატორი თავის სარდლებსა და ჯარისკაცებს ეგვიპტეში და მის ყველა ადგილას ესალმება და ჯანმრთელობას უსურვებს.

13. კარგად ვარ და ჩვენი საქმეებიც კარგად მიდის.

14. აზიაში ჩვენი ლაშქრობთს დროს, სადაც თქვენც უწყით, ღმერთთა მოულოდნელი შეწევნით, წარმატებით აღვასრულეთ განზრახული,

15. ჩვენ არა იარაღის ძალით, არამედ მოწყალებითა და დიდი კაცთმოყვარეობით ვზრუნავდით კოილეს სირიის მოსახლეობაზე და ვცდილობდით ფინიკიის ხალხებსაც კეთილად მოვქცეოდით.

16. ქალაქთა საწმიდარებს მრავლად შევწირეთ დიდძალი ქონება და ასე მივადექით იერუსალიმს, ავედით ამ უკეთური და უგუნურებაში დაუოკებელი ხალხის საწმიდარის პატივსაცემად.

17. სიტყვით კი მიგვიღეს, მაგრამ საქმით მზაკვრულად მოგვექცნენ. როცა მოვისურვეთ მათ ტაძარში საკადრისი და ღირსეული შესაწირით შესვლა, რათა პატივი გვეცა მისთვის,

18. თავხედურად მოგვივარდნენ და შესასვლელი გადაგვიკეტეს. ჩეენ კი არც გვიფიქრია, ძალისათვის მიგვემართა იმ კაცთმოყვარეობის გამო, რომელსაც ყველასადმი ვიჩენთ.

19. ჩვენდამი აშკარა მტრობის გამოჩენით ერთადერთი ეს ხალხი შეიქნა ყველა ხალხს შორის, რომელიც გაუდიდგულდა მეფეებსა და თავიანთ კეთილისმყოფელთ და არ სურთ კეთილშობილურად იქცეოდნენ.

20. მაგრამ ჩვენ არ ავყევით მათ უგუნურებას და გამარჯვებით დაბრუნებულებმა ეგვიპტეშიც კი შესაფერისი კაცთმოყვარეობა გამოვიჩინეთ, როგორც ყოველი ხალხის მიმართ ვიქცევით,

21. ამასთან ერთად ჩვენ გამოვუცხადეთ ყველას, რომ ვივიწყებთ ყველაფერს ცუდს, რაც მათ თანამემამულეთაგან გვინახავს; რადგან ჩვენს მოკავშირეებად მიგვაჩნია თავიდანვე. ერთი ცვლილებაც კი გავბედეთ: გადავწყვიტეთ ალექსანდრიის მოქალაქეობის ღირსად და ჩვენი სიწმიდეების მუდმივ თანაზიარად გაგვეხადა ისინი.

22. მათ კი თანდაყოლილი სიავის მიზეზით უკუღმა მიიღეს ეს ყოველივე, უარყვეს სიკეთე და, სულმუდამ მზაკვრობებისკენ მიდრეკილებმა,

23. არა თუ არ იკადრეს ეს დაუფასებელი მოქალაქეობა, არამედ მეტიც: საჯაროდ თუ დაფარულად გაწყვიტეს კავშირი იმ თანამემამულეებთან, ვინც ჩვენდამი გულითადად იყვნენ განწყობილნი; მათ იდუმალ სჯერათ, რომ მათი სამარცხვინო ცხოვრება მალე შეგვაცვლევინებს ჩვენს წესრიგს.

24. ამიტომ ჩვენ საკმარისი მაგალითი გვაქვს იმისათვის, რომ დარწმუნებული ვიყოთ მათ ყოვლად მტრულ განწყობილებაში ჩვენდამი; და თუ ჩვენს წინააღმდეგ უეცრად სადმე ჯანყი ატყდება, გვეცოდინება, რომ ზურგს უკან ეს გამყიდველი და ბარბაროსი ხალხი გვყავს.

25. ამიტომ განკარგულებას ვიძლევით: როგორც კი ამ წერილს მიიღებთ, თავიანთი ცოლ-შვილითურთ წარმოასხით ჩვენთან ისინი, რკინის ბორკილდადებულნი, ტანჯვითა და შეურაცხებით, რათა სამარცხვინო სიკვდილი დაიმსახურონ, როგორც მტრებს შეჰფერით.

26. რადგან თუ დასჯილნი გვეყოლებიან ყველანი, მომავალში კარგად წაგვივა სახელმწიფო საქმები და წესრიგი დაგვიმყარდება.

27. და თუ ვინმე შეიფარებს იუდაელს - მოხუცებულს თუ ბავშვს, ჩვილსაც კი, სამარცხვინო წამებით ამოხდება სული მას და მთელს მის ოჯახს.

28. ხოლო ვინც მოისურვებს, რამე შეგვატყობინოს, ჯილდოდ მიილებს დასჯილის ჩამორთმეულ ქონებას, ორიათას დრაქმას მეფის ხაზინიდან და თავისუფლებას.

29. ყოველი ადგილი კი, სადაც იპოვნიან თავშეფარებულ იუდაელს, განადგურდეს და გადაიბუგოს, რომ მოკვდავთათვის ყოვლად გამოუსადეგარი იყოს სამუდამოდ.

30. ასეთი იყო მეფის წერილი.


თავი მეოთხე

1. ყველგან, სადაც კი გამოცხადდებოდა მეფის განკარგულება, წარმართთათვის სახელმწიფოს ხარჯზე იმართებთდა ხმაურიანი და მხიარული ნადიმები, რადგან სააშკარაოზე გამოვიდა მანამდე ფარული, გულში ჩამარხული სიძულვილი.

2. იუდაელებში კი განუწყვეტელი მოთქმა-გოდება და ცრემლის ღვრა იყო; ყველგან ოხვრა-კვნესა გაისმოდა; ხალხს გული უწუხდა, ასე უეცრად დასაღუპად განწირულს.

3. რომელი ოლქი ან ქალაქი, ან საერთოდ, რომელი დასახლებული ადგილი თუ ქუჩა არ შეუძრავს მათ მოთქმას და ტირილს?

4. ჯოგივით ერეკებოდნენ მათ ქალაქებიდან სასტიკი და ულმობელი სარდლები, ისე რომ ეს უჩვეულო სასჯელი იუდაელთა ზოგიერთი მტრის თვალშიც კი საწყალობელ სანახაობად იქცეოდა და იწვევდა ფიქრებს წუთისოფელის სიმუხთლეზე, და ისინიც მწარედ დასტიროდნენ უსამართლოდ დევნილებს.

5. მიათრევდნენ ჭაღარით შემკობილ მოხუცებს, დაუძლურებულთ და ასაკით წელში მოხრილთ; უსირცხვილოდ აიძულებდნენ, სწრაფად ევლოთ.

6. გოდებდნენ ახლადდაქორწინებული ყმაწვილი ქალები ნაცვლად იმისა, რომ გაეხარათ სანთიობოში; ნაცარს იყრიდნენ ზეთნაპკურებ თმაზე და თავშიშველნი, საქორწინო სიმღერების ნაცვლად, ერთხმად ტიროდნენ უცხოტომელთა სასტიკი მოპყრობით გამწარებულები.

7. ბორკილგაყრილნი ძალადობით მიჰყავდათ ისინი ქვეყნის თვალწინ, ვიდრე ხომალდში ჩაყრიდნენ.

8. ხოლო მათი ქმრები, ახალგაზრდული ასაკის მწვერვალს მიღწეულნი, კისერზე თოკშემოჭერილნი გვირგვინის ნაცვლად, ლხინისა და ჭაბუკური სიხალისის წილ გლოვაში ატარებდნენ ქორწილისთვის განკუთვნილ დღეებს, რადგან ფეხქვეშ უკვე პირაშკმულ ჯოჯოხეთს ხედავდნენ.

9. მხეცებივით აჰყავდათ ხომალდზე რკინის ბორკილებში; ზოგს კისრით აჯაჭვავდნენ მერხებს, ზოგს კი მაგარ ხუნდებში ჰქონდათ ფეხები გაყრილი.

10. ზემოდან სქელი ფიცარნაგი ჰქონდათ სახურავად, რომ დღის სხივი არ ენახათ და ავისმზრახველთა მსგავსად მთელი გზა ბნელში მსხდარიყვნენ.

11. როცა სქედიად წოდებულ ადგილს მიადგნენ, დასრულდა მოგზაურობა, თანახმად მეფის ბრძანებისა, და გამოამწყვდიეს ისინი იპოდრომზე, რომელიც უზარმაზარი გალავნით იყო შემოზღუდული და მოსახერხებელი იყო მათ სამაგალითოდ დასასჯელად ყველას თვალწინ, ვინც კი ქალაქში შემომსვლელი იყო ან ქალაქიდან გამსვლელი ქვეყნის შიგნით; განწირულთ არც მეფის ჯარებთან უნდა ჰქონოდათ ურთიერთობა და არც ქალაქის მოსახლეობასთან.

12. როცა ეს შესრულდა, შეიტყო მეფემ, რომ ქალაქიდან ჩუმ-ჩუმად გამოდიან დასასჯელად თავშეყრილთა თანამემამულენი და მწარედ დასტირიან ძმათა უსახელო აღსასრულს,

13. განრისხებულმა ბრძანა, ამათაც ისევე მოქცეოდნენ, რომ არანაკლები სასჯელით დასჯილიყვნენ.

14. გასცა განკარგულება, მთელი ტომი სახელდებით აღეწერათ არა სამუშაოზე გასაწვევად, როგორც ამასწინათ ჰქონდათ გამოცხადებული, არამედ სატანჯველად, რათა ერთხელ და სამუდამოდ მოეღოთ მათთვის ბოლო.

15. თუმცა ხალხის აღწერა სწრაფად და ბეჯითად მიმდინარეობდა მზის ამოსვლიდან მზის ჩასვლამდე, მაგრამ მაინც გაჭიანურდა და ორმოც დღეშიც ვერ დაასრულეს.

16. მეფე კი მეტისმეტი სიხარულით აღტაცებული ნადიმს ნადიმზე იწვევდა და ყველა კერპის წინაშე ფიქრითაც და ბილწი ბაგითაც დიდად სცოდავდა ჭეშმარიტებას; ხოტბას აღავლენდა მათ წინაშე, ვისაც არ ჰქონდა არც მეტყველების, არც შემწეობის უნარი; უზენაეს ღმერთზე კი შეუფერებელ სიტყვებს ამბობდა.

17. აღნიშნული დროის გასვლის შემდეგ მწერლებმა მოახსენეს მეფეს, რომ აღარ შეუძლიათ იუდაელთა აღწერა მათი სიმრავლის გამო.

18. კიდევ უფრო მეტნი მთელს ქვეყანაში იყვნენ გაფანტულნი, ზოგნი იყვნენ დარჩენილნი, სხვანი კი გზაში იყვნენ;

19. როცა მეფე დაემუქრა მათ და ბრალი დასდო, რომ მოქრთამულები ხართ და ყოველმხრივ ცდილობთ თავის დაძვრენასო, დაუწყეს მას დარწმუნება.

20. მოახსენეს, რომ გამოელიათ აღწერისთვის საჭირო ქაღალდი და კალმები.

21. აქ გამოჩნდა მოქმედება უძლეველი განგებისა, რომელიც ზეგარდამო შეეწეოდა იუდაელებს.


თავი მეხუთე

1. მაშინ მეფემ მოიხმო ჰერმონი სპილოების ზედამხედველი და რისხვითა და დაუოკებელი ბრაზით აღსავსემ

2. უბრძანა, მეორე დღისთვის უხვად ეკმიათ საკმეველი და შეესმიათ განუზავებელი ღვინო ორმოცდაათივე სპილოსთვის, რამდენიც ჰყავდათ, და გაშმაგებული ცხოველები მიესიათ იუდაელებისთვის მათ დასაღუპად.

3. ეს განკარგულება რომ გასცა, გამართა ნადიმი და მოიწვია მეგობრები და მეომრები, ისინი, ვინც განსაკუთრებით მტრულად იყო განწყობილი იუდაელების მიმართ.

4. ხოლო სპილოთა ზედამხედველმა ჰერმონმა პატიოსნად შეასრულა ბრძანება.

5. საღამოხანს ამ საქმის აღმსრულებელნი მივიდნენ და ხელები შეუკრეს იმ უბედურთა და ყარაული დაუყენეს; დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ერთი ღამეც და ეს ტომი მთლიანად განადგურდებოდა.

6. მაგრამ ბორკილდადებული იუდაელები, წარმართებს რომ ყოველმხრივ შევიწროვებულნი და ყველანაირ მფარველობას მოკლებულნი ეგონათ,

7. ცრემლის ღვრითა და ღაღადისით მოუხმობდნენ ყოვლისმპყრობელ უფალს და ყოველი ძალის გამრიგეს, თავიანთ მოწყალე ღმერთსა და მამას,

8. შესთხოვდნენ, განერიდებინა მათგან ავი ზრახეა და დიადი გამოცხადებით დაეხსნა ისინი მათთვის გამზადებული ბედისწერისგან.

9. მათი მხურვალე ლოცვა-ვედრება ავიდა ცამდე.

10. როცა მძვინვარე სპილოებს უზომო ღვინო შეასვა და საკმევლით გააძღო, ჰერმონი დილით ადრე სასახლეში წარდგა, რათა მეფისთვის მზადყოფნა მოეხსენებინა.

11. მაგრამ უფალმა მოჰგვარა მეფეს ძილი - ეს კურთხეული ქმნილება, რომელიც დასაბამიდან, დღისით თუ ღამით, მის მიერ მიემადლება ყველას, ვისთვისაც მოისურვებს.

12. მეუფის წყალობით მოიცვა იგი ღრმა და ტკბილმა ძილმა და სრულიად ჩაიშალა მისი უღვთო ჩანაფიქრი და ურყევი გადაწყვეტილება.

13. ხოლო იუდაელები, რაკი მოსალოდნელ სასჯელს გადაურჩნენ, ადიდებდნენ თავიანთ წმიდა ღმერთს და კვლავ შესთხოვდნენ მათდამი ლმობიერად მომხედავს, ეჩვენებინა თავისი ყოვლისშემძლე მარჯვენის ძალა გათავხედებული წარმართებისათვის.

14. მეათე საათის ნახევარი არ იყო გასული, როცა მესტუმრეთუხუცესმა დაინახა თავშეყრილი სტუმრები და გასაღვიძებლად ეახლა მეფეს.

15. ძლივს გააღვიძა იგი და აუწყა, რომ უკვე იწურებოდა ნადიმის დრო და ანგარიში ჩააბარა შესრულებული დავალების თაობაზე.

16. როცა გონს მოეგო, მეფე კვლავ მიუბრუნდა მას და უბრძანა ნადიმზე მოწვეულებს, ინახით დამსხდარიყვნენ მის წინ.

17. ბრძანება რომ შესრულდა, მეფემ თანამეინახეებს მოუწოდა, ნადიმის დარჩენილი დრო მხიარულად გაეტარებინათ.

18. როცა ლხინში შევიდნენ, მეფემ დაიბარა ჰერმონი და მკაცრად ჰკითხა, თუ რა მიზეზით გადარჩნენ დღევანდელ დღეს იუდაელები.

19. მან მოახსენა, რომ წინა ღამითვე ჰქონდა განკარგულება შესრულებული; მეფის მეგობრებმაც დაადასტურეს ეს.

20. მაშინ ფალარისზე უარესად გაშმაგებულმა მეფემ თქვა: დაე, დღევანდელ ძილს უმადლოდნენო იუდაელები, და უბრძანა ჰერმონს მეორე დღისთვის, დაუყოვნებლივ, განკარგულებისამებრ მოემზადებინა სპილოები ურჯულო იუდაელების შესამუსრავად.

21. მეფის ამ სიტყვებზე ყველა იქ მყოფმა ხალისით გამოხატა კმაყოფილება და თავთავიანთ სახლებში წავიდნენ.

22. მაგრამ ის ღამე ძილში კი არ გაატარეს, არამედ ფიქრობდნენ, როგორ დაემცირებინათ ხალხი, რომელიც სასიკვდილოდ განწირულად მიაჩნდათ.

23. დილაადრიანად, როგორც კი მამალმა იყივლა, მოამზადა ჰერმონმა მხეცები და დიდი პერისტილონიდან დაძრა ისინი.

24. ბევრმა მოიყარა თავი ქალაქიდან ამ საცოდაობის სახილველად და მოუთმენლად ელოდნენ გათენებას.

25. იუდაელები კი სულგამწარებულნი ცრემლებს ღვრიდნენ და გოდებით იწვდიდნენ ხელებს ცისკენ; ევედრებოდნენ დიდ ღმერთს, კვლავაც მოევლინებინა მათთვის ხსნა.

26. ჯერ კიდევ მზის სხივების მოფენამდე, როცა მეფე თავის მეგობრებს იღებდა, მოვიდა ჰერმონი და მოახსენა, რომ ყველაფერი მზად იყო მეფის განკარგულების აღსასრულებლად, და გასასვლელისკენ იწვევდა მათ.

27. ნათქვამითა და გასასვლელისკენ მოულოდნელი მიწვევით განცვიფრებულმა მეფემ, რადგან სრულიად დავიწყებული ჰქონდა თავისი განკარგულება, იკითხა, თუ რა საქმეს აღასრულებენ მისთვის ესოდენი გულმოდგინებით.

28. ასეთი იყო ქმედება ყოვლისგამრიგე ღმერთისა, რომელმაც დაავიწყა მეფეს ყველაფერი, რაც მოფიქრებული ჰქონდა.

29. ხოლო ჰერმონმა და მეფის მეგობრებმა მიახედეს მხეცებისკენ და ჯარისკენ და უთხრეს: ყველაფერი მზადაა, მეფეო, შენი განკარგულებისამებრ.

30. ამ სიტყვების გაგონებაზე მეფე დიდად განრისხდა, რადგან ღვთაებრივმა განგებამ გონებიდან გაუფანტა ჩანაფიქრი და სახეგამწყრალმა მუქარით თქვა:

31. შენი მშობლები და შვილები რომ ყოფილიყვნენ აქ, მათ გავამზადებდი მხეცებისთვის სანადიმოდ იუდაელების ნაცვლად, რომლებმაც თავდადება და ერთგულება დამიმტკიცეს.

32. რომ არ მიყვარდე, რადგან ერთად ვართ გაზრდილნი და არ მჭირდებოდე, მათ ნაცვლად შენ გამოეთხოვებოდი სიცოცხლეს.

33. ასე დაატყდა თავზე ჰერმონს მოულოდნელი და სახიფათო მუქარა და შეეცვალა მზერა და სახე.

34. მეფის მეგობრებიც ყველანი მოღუშულები წავიდნენ, წვეულება დაიშალა და თითოეული თავის საქმეს ეწია.

35. იუდაელებმა კი, მეფის ნათქვამი რომ შეიტყვეს, ადიდეს გამოცხადება ღმერთისა, მეფეთა მეფისა, რომელმაც მოუტანა მათ ხსნა.

36. ეს რომ დაადგინა მეფემ, კვლავ გამართა ნადიმი და სამხიარულოდ მოიწვია სტუმრები.

37. ხოლო ჰერმონი მოიხმო და მუქარით უთხრა: რამდენჯერ უნდა გიბრძანო, უმაქნისო, ეს საქმე?

38. კიდევ მოამზადე სპილოები ხვალისთვის იუდაელთა გასანადგურებლად.

39. ხოლო მეფის დაახლოებულმა პირებმა, რომლებიც სუფრას უსხდნენ მასთან ერთად, გაიკვირვეს მეფის მერყეობა და მოახსენეს:

40. ვიდრემდის უნდა გვცდიდე, მეფეო, როგორც ბრიყვებს? აკი უკვე მესამეჯერ ბრძანებ იუდაელთა მოსპობას და საქმე საქმეზე როცა მიდგება, ცვლი და აუქმებ დადგენილებას.

41. მოლოდინშია მთელი ქალაქი და შფოთავს; უამრავი ხალხით არის ავსებული და გაძარცვის მუდმივ საფრთხეშია.

42. ხოლო მეფემ, ყველაფერში ფალარისის მსგავსმა და უგუნურებით აღვსილმა, ჩაიხშო იუდაელთა მიმართ აღძრული სინანულის გრძნობა და სასტიკი ფიცით დაიფიცა, რომ დაუყოვნებლივ შავეთში გაგზავნიდა ცხოველთა ფეხქვეშ გათელილ იუდაელებს.

43. შემდეგ კი იუდაზე გაილაშქრებდა და ცეცხლითა და მახვილით მიწასთან გაასწორებდა მას; სწრაფად დაამხობდა მისთვის მიუწვდომელ ტაძარს, ცეცხლით გადაბუგავდა და სამუდამოდ გააუკაცრიელებდა მსხვერპლის შემწირველთაგან.

44. მაშინ მეფის მეგობრები, დაახლოებული პირები, დიდი სიხარულით დაიშალნენ და გულდაჯერებულებმა ჯარები ქალაქის ყველაზე მოხერხებულ ადგილებში განალაგეს დასაცავად.

45. როცა სპილოთა ზედამხედველმა გამაბრუებელი სასმელით - საკმეველნარევი ღვინით ლამის სიგიჟემდე მიიყვანა ცხოველები და საშინელი იარაღებით აღჭურვა ისინი,

46. და ქალაქიც აივსო იპოდრომისკენ მიმავალი ურიცხვი ბრბოებით, ეახლა იგი მეფეს და შეახსენა აღსასრულებელი საქმე.

47. მეფეც, მძიმე რისხვითა და უღვთო განზრახვით აღძრული, მთელს ამალასთან ერთად გავიდა იპოდრომზე, რათა გულგაქვავებულს საკუთარი თვალით ეყურებინა განწირული ხალხის უწყალო განადგურებისთვის.

48. როგორც კი იუდაელებმა შეამჩნიეს კარიბჭიდან მომავალი სპილოების, მათი თანმხლები ჯარებისა და ბრბოს მსვლელობით ავარდნილი მტვრის კორიანტელი, და გაიგონეს ყურთასმენის წამღები ხმაური,

49. იფიქრეს, სიცოცხლის უკანასკნელი წუთებიღა დაგვრჩენია და დასრულდა ჩვენი მოლოდინიო, მოთქმა-გოდებით დაუწყეს ერთმანეთს ყელზე კოცნა, ეხვეოდნენ ერთმანეთს ნათესავები: მშობლები - შვილებს, დედები - ყრმებს, ზოგი მკერდში იხუტებდა ახალშობილ ჩვილებს, უკანასკნელად რომ სწოვდნენ ძუძუს.

50. მაგრამ როცა გაიხსენეს ამასწინათ ზეცით მოვლენილი სასწაული, ერთსულოვნად პირქვე დაემხნენ, მოიცილეს რა მკერდიდან ჩვილები;

51. ხმამაღლა შეღაღადეს ძალთა გამრიგეს და შესთხოვეს, გამოცხადებულიყო და შეეწყალებინა შავეთის კარიბჭეს მიყენებულნი.


თავი მეექვსე

1. მაშინ ვინმე ელეაზარმა, ქვეყნის სამღვდელოებაში განთქმულმა კაცმა, რომელიც მოხუცებულობის ასაკს იყო მიწევნილი და ყველანაირი ღირსებით შემკობილი, დააწყნარა თავის ირგვლივ მოხუცებულნი წმიდა ღმერთისადმი ღაღადებისგან და ასე ილოცა:

2. მეუფეო ყოვლადძლიერო, უზენაესო, ყოვლისმყრობელო, ღმერთო, ყოვლის გამრიგევ მოწყალებით!

3. მოხედე, მამაო, აბრაამის მოდგმას, კურთხეული იაკობის შვილებს, შენს წილხვედრილ კურთხეულ ერს, უცხო მიწაზე, როგორც უცხო, უსამართლოდ რომ იღუპება.

4. შენ შთანთქე ზღვაში ფარაონი, ამ ეგვიპტის წინანდელი ხელმწიფე, თავხედი და მზვაობარი, თავისი დიდძალი ეტლიონითა და ამაყი ლაშქრითურთ, და დაღუპე, ისრაელის მოდგმას წყალობის ნათელი გამოუბრწყინე.

5. შენ მოუდრიკე ქედი სანქერიბს, აშურელთა სასტიკ მეფეს, ურიცხვი ლაშქრით გათამამებულს, რომელმაც თითქმის მთელი დედამიწა დაიმორჩილა შუბით და შენს წმიდა ქალაქზეც გაილაშქრა, მწარე სიტყვებს რომ ლაპარაკობდა ტრაბახითა და შეურაცხებით, შენ გააცამტვერე იგი, მეუფევ, რათა მრავალი ხალხისთვის შენი ძალა გეჩვენებინა.

6. ის სამი ყრმა ბაბილონში, რომელთაც ფუჭი კერპების თაყვანისცემაზე უარის ნიშნად ნებით მიანდეს ცეცხლს სიცოცხლე, აგიზგიზებულ ღუმელში ცვარის პკურებით ისე იხსენი, რომ თმის ერთი ღერიც არ დაშავებიათ, ცეცხლის ალი კი მათი მტრებისკენ მიმართე.

7. შენ ამოიყვანე უვნებელად დღის სინათლეზე დანიელი, რომელიც შურიანთა ცილისწამებით ხაროში იყო ჩაგდებული ლომების შესაჭმელად.

8. შენ მოხედე იონას მოწყალე თვალით, მამაო, როცა მას სიღრმის მკვიდრის, ვეშაპის სტომაქში გახრწნა მოელოდა და უვნებელი მოუვლინე იგი მისიანებს.

9. და ახლაც შენ, რომელიც მოძულე ხარ შეურაცხებისა, მრავალმოწყალე და ყოველთა მფარველი, სწრაფად გამოეცხადე ისრაელის მოდგმას, ურჯულო და ბილწი წარმართებისგან შეჭირვებულს.

10. და თუ უკეთურად გაგვიტარებია ცხოვრება გადასახლებაში, ჯერ გვიხსენი მტრის ხელიდან და, როგორც ინებებ, ისე დაგვღუპე, მეუფევ.

11. მადლი არ მიაგონ ფუჭმორწმუნეებმა თავიანთ ფუჭ ღმერთებს რჩეულების დაღუპვის გამო, არა თქვან: საკუთარმა ღმერთმაც ვერ იხსნაო ისინი.

12. ხოლო შენ, ყოვლგნით ძალმოსილო, მარადიულო, ახლა მოგვხედე და შეგვიწყალე ჩვენ, უგუნურად გამძვინვარებულ ურჯულოთა ხელში ბოროტმოქმედთა მსგავსად რომ ვიღუპებით.

13. შიშით შეძრას დღეს წარმართები შენმა უძლეველმა ძალამ, პატივოსანო, რომელსაც ძალგიძს იაკობის მოდგმის გადარჩენა.

14. შენ გევედრებიან ცრემლის ღვრით უამრავი ბავშვი და მათი მშობლები.

15. დაინახონ წარმართებმა, უფალო, რომ ჩვენთან ხარ, და ნუ იბრუნებ პირს ჩვენგან, არამედ როგორც გითქვამს, მტრების მიწაზეც არ მივატოვებო მათ, ისე აღასრულე, უფალო.

16. დაასრულა თუ არა ლოცვა ელეაზარმა, შემოვიდა იპოდრომზე მეფე ცხოველებითა და მთელი თავისი ზვიადი ლაშქრითურთ.

17. დაინახეს იგი იუდაელებმა და ისეთი ხმით შეღაღადეს ცას, რომ მახლობელ ხეობაში გაისმა გამოძახილი, და აუტანელმა შიშმა მოიცვა მთელი ჯარი.

18. მაშინ გააცხადა თავისი წმიდა სახე სახელოვანმა ყოვლისმპყრობელმა, და ჭეშმარიტმა ღმერთმა და გაიღო ციური კარიბჭენი, და ორი დიდებული, საშინელი სახილველი ანგელოზი, ჩამოვიდა იქიდან; ყველა ხედავდა მათ, იუდაელების გარდა.

19. წინ გადაუდგნენ მტრის ლაშქარს და შიშითა და ძრწოლით აავსეს იგი, და შეურყეველი ხუნდები დაადეს.

20. მეფეს მთელი ტანი აუცახცახდა და დაავიწყდა ამპარტავნობაც და რისხვაც.

21. ცხოველები შეტრიალდნენ და აღჭურვილ ლაშქარს ეკვეთნენ, ფეხით გადათელეს და მუსრი გაავლეს.

22. მაშინ მეფის რისხვა შეცვალა სინანულმა და ცრემლმა იმის გამო, რაც განზრახული ჰქონდა იუდაელთათვის.

23. რადგან, როცა გაიგონა მათი ყვირილი და დაინახა დასაღუპად განწირულნი, ატირდა და მუქარით უთხრა თავის მეგობრებს:

24. მეფის უფლებებს აჭარბებთ და მტარვალებზე სასტიკად იქცევით; ჩუმჩუმად იმასაც კი ცდილობთ, რომ მე, თქვენს კეთილისმყოფელს, ძალაუფლება და სიცოცხლე წამართვათ სამეფოსთვის საზიანო მოქმედებით.

25. ვინ გამოყარა სახლებიდან და ვინ გამოამწყვდია აქ უგუნურად ეს ხალხი, რომელსაც საიმედოდ ეპყრა ჩვენი ქვეყნის ციხე-სიმაგრეები?

26. ვინ სტანჯავს ასე უსამართლოდ ამ ხალხს, ყველა ხალხისგან გამორჩეულს დასაბამიდან ჩვენდამი ერთგულებაში, რომელსაც ხშირად უნახავს ხიფათი?

27. ახსენით, ჩამოხსენით ამ უდანაშაულო ხალხს უსამართლო ბორკილები! მშვიდობით გაისტუმრეთ უკან და პატიება სთხოვეთ ყველაფრისთვის, რაც წინათ ჩაგიდენიათ.

28. გაათავისუფლეთ შვილები ცის ყოვლისმპყრობელი ღმერთისა, მარადცხოვლისა, რომელიც წინაპართ დროიდან დღემდე დიდებასა და სიმტკიცეს ანიჭებს განუწყვეტლივ ჩვენს სახელმწიფოს.

29. ეს თქვა მეფემ. ხოლო ეს-ეს არის სიკვდილს გადარჩენილი იუდაელები ჰმადლობდნენ წმიდა ღმერთს, თავიანთ მხსნელს.

30. შემდეგ, როცა ქალაქში დაბრუნდა მეფე, მოიხმო მეღვინეთუხუცესი და უბრძანა მას, გაემზადებინა იუდაელებისთვის ღვინო და ყველაფერი, რაც საჭირო იქნებოდა შვიდდღიანი ნადიმის გადასახდელად; გადაწყვიტა, რომ მათ დიდი სიხარულით ეზეიმათ გადარჩენა სწორედ იმ ადგილზე, სადაც თავიანთ აღსასრულს უნდა შეხვედროდნენ.

31. მაშინ იუდაელები, რომლებიც ამის წინ დამცირებულნი და შავეთის პირს მიმდგარნი იყვნენ, განემზადნენ გადარჩენის სალხინოდ ნაცვლად მწარე და საწყალობელი სიკვდილისა, და სიხარულით ავსილებმა სადღესასწაულოდ გადააქციეს ადგილი, რომელიც მათ სასიკვდილოდ და დასასამარებლად იყო განწესებული.

32. შეწყვიტეს გლოვა და მათი მხსნელი და სასწაულთმოქმედი ღმერთის მადიდებლებმა წამოიწყეს მამაპაპეული საგალობელი. კვნესა და ვაება უკუაგდეს და გააბეს ფერხულები სამშვიდობო სიხარულის ნიშნად.

33. ასევე მეფემაც გამართა დიდი ნადიმი ამ ამბის გამო და დაუცხრომელად ჰმადლობდა ზეცას, რომ შეესწრო იუდაელთა სასწაულებრივ გადარჩენას.

34. ხოლო ისინი, ვინც იუდაელნი დასაღუპად და ფრინველთა საჯიჯგნად გაწირა და სიხარულით აღრიცხა ისინი, ახლა სირცხვილისგან ოხრავდნენ და ცეცხლივით აგიზგიზებული მათი თავხედობა სამარცხვინოდ დაცხრა.

35. იუდაელებმა კი, როგორც ითქვა, ნადიმის შემდეგ ფერხული გააბეს და სამადლობელ სიმღერებში და საგალობელთა გალობაში გაატარეს დღესასწაული,

36. დაადგინეს საყოველთაო წესად, რომ ყველგან, სადაც კი იუდაელები იცხოვრებენ, თაობიდან თაობაში, სიხარულით ეზეიმათ ეს დღეები არა სმა-ჭამისა და ღრეობის მიზნით, არამედ ღვთისგან მოვლენილი მათი ხსნის აღსანიშნავად.

37. მერე მეფეს ეახლნენ და დაეთხოვენ თავ-თავიანთ სახლებში წასასვლელად.

38. მათი აღწერა მიმდინარეობდა პაქონის ოცდამეხუთე დღიდან ეპიფის მეოთხე დღემდე - ორმოცი დღის განმავლობაში. მათი განადგურების დღეებად დადგენილი იყო ეპიფის მეხუთე დღიდან მეშვიდე დღემდე - სამი დღე.

39. ამ დღეებშა დიდებულად მოუვლინა მათ წყალობა ყოვლისმპყრობელმა და ერთიანად იხსნა ისინი.

40. მეფის ნაწყალობევით ნადიმობდნენ მეთოთხმეტე დღემდე, რა დღესაც ეახლნენ მეფეს დასათხოვნად.

41. მეფემ შეიწყნარა ისინი და მისწერა ქალაქში მყოფ მხედართმთავრებს დაბეჭდილი წერილი, დიდსულოვნად გამოხატა რა თავისი ზრუნვა იუდაელებზე:


თავი მეშვიდე

1. მეფე პტოლემეოს ფილოპატორი ეგვიპტის სარდალს და ყველა ხელისუფალს მშვიდობით მოვიკითხავ.

2. კარგად ვართ ჩვენც და ჩვენი შვილებიც, რადგან ჩვენი სურვილებისამებრ წარმართავს ჩვენს საქმეებს მაღალი ღმერთი.

3. ზოგიერთი ჩვენი მეგობარი, ჩვენთვის ავის განმზრახველი გვაიძულებდა სამეფოს მკვიდრი იუდაელებისათვის ერთიანად მოგვეყარა თავი და უჩვეულო სასჯელით დაგვესაჯა ისინი, როგორც მოღალატენი.

4. იმასაც დასძენდნენ, ჩვენი სახელმწიფო მანამ არ განმტკიცდება, სანამ არ აღვასრულებთ ამ საქმეს, რადგან ყველა ხალხისადმი სიძულვილი აქვთ იუდაელებსო.

5. ძალით წამოასხეს იუდაელები, ბორკილდადებულნი, როგორც მონები ან უფრო, დამნაშავენი; ექცეოდნენ მათ უფრო სასტიკად, ვიდრე სკვითები მოექცეოდნენ და ყოველგვარი გამოძიებისა და განკითხვის გარეშე სურდათ მათი დაღუპვა.

6. ჩვენ კი მკაცრად ავუკრძალეთ ამის ჩადენა და იმ კეთილგანწყობილებისამებრ, რასაც ყოველი ადამიანისადმი ვიჩენთ, სიცოცხლე ვაჩუქეთ იუდაელებს; ხოლო როცა მივხვდით, რომ ცათა ღმერთი ნამდვილად მფარველობს მათ, როგორც მამა შვილს,

7. როცა გავიხსენეთ მათი მეგობრობა და ერთგულება ჩვენდამი და ჩვენი წინაპრებისადმი, სამართლიანად მივიჩნიეთ, რომ ყოველგვარი დანაშაული გვეპატიებინა მათთვის,

8. დავადგინეთ, რომ ყველანი დაბრუნებულიყენენ თავთავიანთ საცხოვრებელ ადგილებში და არავის არ ევნო მათთვის და არ წაეყვედრებინა მომხდარი ამბის გამო.

9. იცოდეთ, თუკი ჩვენ რაიმე ავს განვიზრახავთ მათ წინააღმდეგ, ან თუნდაც შევაწუხებთ მათ, ყველაფრისათვის პასუხს მოგვკითხავს უცილობელად არა ადამიანი, არამედ ყოველთა ძალთა გამრიგე - უზენაესი ღმერთი. მშვიდობით იყავით.

10. წერილი რომ ჩაიბარეს იუდაელებმა, არ აჩქარებულან გასამგზავრებლად, არამედ მეფეს თხოვეს, რომ იმ იუდაელებს, რომლებიც ნებით განუდგნენ წმიდა ღმერთს და ღმერთის რჯულს, მათი ხელით მიეღოთ დამსახურებული სასჯელი;

11. თან დასძინეს, რომ კუჭის გამო ღვთიურ მცნებათაგან განდგომილნი არც სამეფო საქმეების ერთგულნი იქნებიანო.

12. მეფემაც შეიწყნარა თხოვნა და დაუდასტურა, რომ მართალნი არიან, და მისცა მათ ნება, რომ ღმერთის რჯულისგან განდგომილნი მოესპოთ ყველგან, მის სამეფოში, მეფის მოხელეთა ნებართვისა და მეთვალყურეობის გარეშე.

13. მაშინ შეასხეს ხოტბა მეფეს, როგორც ეკადრებოდა და მღვდლებმა და მთელმა ხალხმა იგალობეს ალილუია, და სიხარულით წავიდნენ.

14. ხოლო თავიანთ გზაზე, ვისაც კი ხვდებოდნენ წაბილწულ თვისტომთაგან, საჯაროდ სჯიდნენ სამარცხვინო სიკვდილით.

15. იმ დღეს გაანადგურეს სამასზე მეტი კაცი, და ხარობდნენ, რომ ხოცავდნენ განდგომილებს.

16. სიკვდილამდე ღმერთის ერთგულნი კი, რომლებიც ხსნის სიხარულით იყვნენ ავსებულნი, გამოვიდნენ ქალაქიდან მრავალფერი სურნელოვანი ყვავილებით დაგვირგვინებულნი, ხმამაღლა და სიხარულით მადლობდნენ თავიანთი მამა-პაპის ღმერთს, ისრაელის საუკუნო მხსნელს, აღუვლენდნენ სადიდებელ სიტყვებს და საგალობლებს.

17. როცა ჩავიდნენ პტოლემაისში, რომელსაც ადგილის თავისებურების გამო როდოფოროსი (სავარდე) ეწოდებოდა, აქ საერთო გადაწყვეტილებისამებრ, შვიდი დღე ელოდებოდნენ ხომალდები;

18. და აქაც გამართეს სმურობა გადარჩენის აღსანიშნავად, რადგან მეფემ მოამარაგა ისინი საკმარისი საგზლით, რომ სახლებში დაბრუნებამდე ჰყოფნოდათ,

19. რაკი აქამდე მშვიდობით მიაღწიეს, ჯეროვანი მადლი მიაგეს უფალს და გადაწყვიტეს, რომ აქ დგომის დღეებიც სადღესასწაულოდ გაეხადათ.

20. აკურთხეს კიდეც ეს დღეები და ნადიმის შემდეგ წარწერიანი სვეტები ლოცვის ადგილებში აღმართეს; მერე ზღვით, ხმელეთით და მდინარით ყველანი თავთავიანთ სახლებში დაბრუნდნენ უვნებელნი, თავისუფალნი, გახარებულნი, მეფის განკარგულებით დაცულნი.

21. უწინდელზე მეტად ძალმოსილებმა დიდება და რიდი მოიხვეჭეს მტერთა შორის და მათი საბადებელი აღარავის მიუტაცებია.

22. ყველამ თავისი კუთვნილი ქონება დაიბრუნა სიის მიხედვით; დიდის მოკრძალებით უბრუნებდნენ უკან, რადგან დიადი საქმეები მოიმოქმედა მაღალმა ღმერთმა მათი ხსნისათვის.

23. კურთხეულ იყოს ისრაელის მხსნელი სამარადჟამოდ, ამინ!