ვიცი არ გამანდობ საიდუმლოს,
სადღაც გამექცევი შორს,
ჩემთან ყოფნა როგორ გაიძულო?
სულში უშენობით თოვს.
ვიცი, არ გამიმხელ შენს ოცნებებს
და არც რომელიმე ფიქრს,
მხოლოდ ერთხელ მაინც შემომხედე...
სულში უშენობით წვიმს.
ვიცი, არასოდეს არ მაჩუქებ
არცერთ გაღიმებას ჩუმს,
ამ გულს მეტად ნუღარ გააჩუმებ...
სული უშენობით დუმს.
ვიცი, არასოდეს გაიმეტებ
ჩემთვის თუნდაც ერთ წვეთ ცრემლს,
ნეტავ თავსრითიღა ვაიმედებ?...
სული უშენობით თვლემს...


26.04.2007

ჩუმად ფიქრში ჩაიფერფლა ღამე,
და მარტო ვარ... უსაშველოდ ცივა,
შეხვედრამდე მე დავითვლი წამებს,
შეხვედრამდე მე გავუძლებ წვიმას...
მომენატრე ძალზედ ძლიერ, მაგრამ
მომენატრე მხოლოდ ჩემთვის, ჩუმად,
როცა გნახავ, მოგიშორებ აღარ,
შეხვედრამდე თუ გამიძლო გულმა...


26.04.2007

რამდენი ღამე მითევია მე შენზე ფიქრში,
რამდენი წუთი მინატრია... დრო არ მყოფნიდა,
ხან მოუთმენლად დამითვლია წამები იგი,
ხან ვაჩერებდი, ის მებრძოდა... მაინც მჯობნიდა...
იყო იმედი შეხვედრისა და მოლოდინი,
წამებს მოჰქონდათ მერე ისევ ეს განშორება,
და მერე იყო უსასრულო დროის ზოზინი,
თითქოს ათოვდა უშენობა ცისფერ ცხოვრებას.
იყო უსაზღვრო მონატრება და მერე ქროლვა
დროის ქარების არ წყდებოდა, წაშალა გზები...
მერე დაიწყო უშენობამ კვლავ ცივი თოვა
და გადათეთრდა ჩვენს ცხოვრების ცისფერი მთები...


26.04.2007