მიფრინავს წამი, წუთი, საათი,
მიჰყვება დღეს დღე და წელსაც წელი,
მე ხელში შემრჩა ერთი ბარათი...
გადავიკითხე სიტყვები ძველი...
მე გამახსენდა შენი სიმღერა,
მე გამახსენდა სიცილიც, ცრემლიც,
და მომენატრე, კარგო, იმდენად,
რომ სულ მცირე ხნით გაგხადე ჩემი...
მიფრინავს წამი, გადის საათი,
ნელა ვშორდებით ერთურთის აჩრდილს,
დროვ, გაიარე ერთხელ ტაატით,
ნუ გავხარ მუდამ ცხენს ფაფარაშლილს!!!


26.04.2007

გაერთფეროვნდა სამყაროს ფერი,
თითქოს მივაპობ მუქ რძისფერ ნისლს,
მე აღარ ვიცი ვისთვისა ვმღერი,
ნელ-ნელა ჩემი სიმღერაც მღლის.
არ ვერიდები სიმთვრალეს, ვსვამ,
არ ვერიდები სიცივეს, წვიმს,
არ ვერიდები არც თოვლს, არც ქარს,
მაგრამ სულს მაინც რაღაცა ჭირს...


26.04.2007

შუაღამეა, დაძინება კი არ მინდა მაინც,
ნეტავი რით ვერ გავურბივარ უსაზღვრო ფიქრებს?
სულ მალე ალბათ გაფითრდება სიბნელე ღამის,
და მერე ალბათ დილის ძილი მაინც ჩამითრევს...
თუ დამეძინა, მოვწყდები ალბათ დროებით მიწას,
და მერე სულიც ვერ აღიქვამს მშვენებას დარის,
როგორ არ მინდა, დამათენდეს უგონოდ მძინარს,
როგორ არ მინდა, დილას შევხვდე ნახევრად მკვდარი.
შუაღამეა, ვიცი, მაგრამ მინდა სიფხიზლე,
მე მძულს მათიშვა გონებისა წუთითაც თუნდაც,
არ მესმის კაცის, სიმთვრალიდან ძლივს რომ იღვიძებს
და ისევ ღვინით დროებითი სიკვდილი უნდა.
მე მიყვარს ფიქრი, დაკვირვება და ისევ ფიქრი,
მიზვარს ძიება და დაჭიმვა გონების ძაფის,
არ მინდა ძილი, მცირე ხნითაც არ მინდა ძილი,
მინდა ფხიზელი შევეგებო ცხოვრების ძახილს.


26.04.2007