საწყალი ბიუროკრატია! ყველამ ყბად აიღო და ლამის იგი წყალს წააღებინონ. ვინ იცის, რას არ აბრალებენ საცოდავს! მანჯურიაში დამარცხდა რუსის მხედრობა და ზღვაზე ფლოტი გაუნადგურეს იაპონელებმა რუსებს. რადა? რა შუაშია ბიუროკრატია? გემები აკლდა როჟესტვენსკის? ზარბაზნები და ტყვიაწამალი? იქნებ, სურსათი არა ჰქონდა, ან ქვანახშირი? ყველაფერიც ბევრი ჰქონდა, იმავე ყბადაღებულ ბიუროკრატიის წყალობით. ახლა ჯამაგირს არ იკითხავთ? როჟესტვენსკის წლიურად ტოგოზე ოცჯერ მეტი ჯამაგირი ჰქონდა. რისთვის? რადა? იმიტომ, რომ უფრო ერთგული ყოფილიყო სამეფო ტახტისა და თავის მადლიანის სამშობლოს მთავრობისა; უფრო უნდა წაქეზებულიყო, მეტი მხნეობა, მეტი ერთგულება, მეტი მამაცობა გამოეჩინა.

ნუთუ ბიუროკრატიას ის ცოდვად, დანაშაულად უნდა ჩაეთვალოს, რომ მოსამსახურე პირთა გულს იგებს, ამხნევებს კარგის ჯილდოს და კაი ჯამაგირების ძლევით? არა და არა. სტყუის, სცდება, ვინც წინააღმდეგს იტყვის და იფიქრებს, ნუთუ მეტმა ჯამაგირმა, მეტმა ყურადღებამ მთავრობისამ თავის ქვეშევრდომისადმი უნდა წაახდინოს და დააქვეითოს ადამიანი? როგორ შეიძლება? რა სათქმელია!

ან ჯარისკაცებს რა უჭირთ? არა ჰშიათ, არა სწყურიანთ; მუკდენში საწყობები ფეხსაცმელებით სავსე დარჩა და თვით რუსის ლაშქარმა წაუკიდა ცეცხლი, სალდათები კი ფეხშიშველები დაიარებოდნენო. ესეც ბიუროკრატიის ბრალიაო! ღმერთო, შემიწყალე, სად ფეხსაცმელები, სად ბიუროკრატია?! ეგ ერთი კაცის, რომელიმე პოლკის უფროსის ბრალია და არა მთელის ბიუროკრატიისა. იქნება, ბრალად არც კი ჩაეთვალოს თვით იმ პოლკის უფროსს ასეთი საქციელი. ვინ იცის, რა მოსაზრებით ხელმძღვანელობდა იგი? რატომ არ უნდა ვიფიქროთ, რომ იგი ჰზოგავდა, ინახავდა წაღებს საბოლოოდ და ამით ხაზინას მფარველობას უწევდა? ნუთუ დაზოგვა, სარისტიანობა ვისგანმე დასაძრახისია? ხალხს, სწორედ, ტვინი გადაუბრუნდა!..

ყველაზე მეტად კიდევ ეს მაოცებს და მაკვირვებს: დამდგარან და საჯაროდ გაიძახიან: იაპონელები იმიტომ გვამარცხებენ, ჩვენი ჯარისკაცი გაუნათლებელია, შეუგნებელი, არა აქვს საკუთარი „მე“, საკუთარი მოსაზრება, ბრმად ემორჩილება უფროსის ბრძანებას, კვდება უფროსი და კვდება მისი ვინაობაც, იბნევა, აღარ იცის, რა ქნას, როგორ მოიქცესო. იაპონელი ჯარისკაცი სულ სხვაა: ნასწავლი, თვითცნობიერებით აღჭურვილი, ამიტომ თუნდაც უფროსი მოკვდეს ბრძოლის დროს, იგი საქმეს არ წაახდენს, რადგან იცის, რა გააკეთოს, როგორ მოიქცესო და სხვა. ამისთანეებს სწერენ და ლაპარაკობენ.

მიკვირს, რაც ღირსებად უნდა ჩაეთვალოს ჩვენ ჯარისკაცს, ის ქვეყანამ ცოდვად მიიჩნია; თვითცნობიერებამოკლებული, სამსახურისათვის თავდადებული, უფროსის მაღმერთებელი, უფროსის სიტყვის ამსრულებელი უკრიტიკოდ, უსიტყვოდ და მამაცი… მეტი ღირსებაღა იქნება ჯარისკაცისა? შეიძლება კიდევ მეტი რამ მოვითხოვოთ? ხოლო უფროსს უნდა ესმოდეს, როგორ მოიხმაროს ეს ძალა, და ნუთუ უფროსებმა არ იციან არაფერი? ესეც ხომ ტყუილია. ჯარისკაცს სწავლა-მეცნიერება რად უნდა? არაფრად. თუ მკითხავთ, განათლება კიდეც აწყენს, რადგან განათლება ლმობიერ გრძნობებს უვითარებს ადამიანს. ჯარისკაცის ღირსება ორია უმთავრესი და უაღრესი: მამაცობა და მორჩილება. მორჩა და გათავდა. დანარჩენი სულ ტყუილია, – დედაბრების ჭორებია. ჩვენი ჯარისკაცი რომ განათლებული იყოს, უფრო უარესობა დაგვემართებოდა.

ან ვის უნდა გაენათლებინა? ბიუროკრატიას რა საქმე აქვს განათლებასთან? ჩვენ გვაბარია ჩვენი საქმეები, აუარებელი ქაღალდები, მისაწერ-მოსაწერი, გასაგზავნ-გამოსაგზავნი და სხვადასხვა. მოჰყოლიან უსირცხვილოდ და ამასაც ბიუროკრატიას აბრალებენ. და განა მარტო ჯარისკაცთა გაუნათლებლობის მიზეზად გვხადიან? არა! განათლების სისტემის უვარგისობას გვიკიჟინებენ. განსვენებული ივანე სერგეის ძე ტურგენიევი ჭკვიან კაცად იყო ცნობილი და ისე გადაყრუვდა საზღვარგარედ ხეტიალით, რომ ჩვენი სწავლა-განათლების სისტემა შემდეგის ფორმულით გამოხატა: „ტემნა ვოდა ვოობლაცეხო“. რა თქმა უნდა, რაკი იმან დაჰგმო ჩვენებური სწავლა-განათლება, სხვა, წვრილფეხობანი უარესს იზამდნენ.

აბა, რა დააშავა ჩვენმა სწავლა-განათლებამ, ერთი მიბრძანეთ? მინისტრის ალაგას – მინისტრი გვყავს, გუბერნატორისა – გუბერნატორი, მაზრის უფროსისა – მაზრის უფროსი, მღვდლისა – მღვდელი, მასწავლებლისა – მასწავლებელი, დიაკვნისა – დიაკვანი, მამასახლისისა – მამასახლისი და სხვა. ვინ იცის, ცაზე ვარსკვლავი არაა იმდენი, რაც სამსახურის სხვადასხვა საფეხურია, და ყველა საფეხურზე ათასი ადამიანია გამოჭიმული. მეტიღა გულმოდგინება და პატრონობა შეიძლება? ეს კიდევ ცოტაა: ნასწავლები კიდევ იმდენი რჩება გარედ, უადგილობის გამო…

„ხალხს განათლება აკლია: სკოლები უნდა გამრავლდეს, ჯარზე კი არა, სწავლა-განათლებაზე უნდა იხარჯებოდეს, რაც შეიძლება მეტი ფული…“ – გაიძახიან ლიბერალები და ჭეშმარიტებას კი თვალს არიდებენ, არ უნდათ დაინახონ იგი. დიაღ, ჭეშმარიტებას, რომელიც ამისა ზემორე აღვნიშნე. ვინც ისწავლა, იმათთვისაც აღარ არის კანცელარიებში „ვაკანსია“ და ახლა ზედმეტი განათლებული, ბოგანო ბრბო შევქმნათ, რომელსაც გულში არსებული წესწყობილების მიმართ სიძულვილის მეტი არაფერი ექმნება?! რაღა ვუთხრა ამ გონებადამთხვეულს ხალხს, ღმერთმანი, არ ვიცი. ნეტავი ღვთისა ძალითა, ყველას ჩემსავით ესმოდეს საქმის ვითარება და მაშინ ვნახავდით, თუ ეს მღელვარება ხალხისა და დრტვინვა არ მოისპობოდა. რა ქნას კაცმა, ძალათი ხომ თავის კეფას ვერ გადუხსნი კაცსა და თავის აზრებს ვერ ჩაულაგებ. ეს რომ შეიძლებოდეს, ქვეყანაზე ერთბაშად ბედნიერება დამყარდებოდა. რამდენიმე მეამბოხე, ქვეყნის დამღუპველი, სახელმწიფოს მტერი… მაშინ სულ სხვა იქმნება, მაშინ ჩემს აზრთან მოვა ყველა; მაშინ ვეღარავინ გაჰბედავს წინააღმდეგობას, ბოროტი აზრების ქადაგებას…

ხეპრე, ტეტია, ვიღაც ოჩოპინდრე გლეხი წამომდგარა, მთელ თვეობით პირდაუბანელი, იმის ხელში ნაჭერი პური ადამიანისაგან არ შეიჭმევა, და გაიძახის: „ჩვენ თანასწორნი უნდა ვიყვნეთო. შენც კაცი ხარ, მეცაო, ორივე ღმერთმა გაგვაჩინა ერთი და იმავე ლაფტალახიდანაო“. ერთი ჰკითხეთ, როდის ვიყავით თანასწორნი, რომ ახლა ვიყვნეთ? სად თავადი, სად გლეხი. სად დამსახურებული კაცი, სად ტეტია, რომელმაც თავის სახელისა და გვარის ქაღალდზე დაწერაც არ იცის.

მამული რაც მეტი გაქვს, უნდა გამიყო, რადგანაც მეც წილი მიდევს. შენც ქართველი ხარ, მეც, დედამიწა კი ჩვენ მამაპაპათა სისხლით მორწყულია: „საცა ერთი თავადი კვდებოდა, იქვე ათი და ასი გლეხი სდებდა თავსაო“. ოჰ, ღმერთო ჩემო! მოდი და ღმერთი ნუ გაჯავრდება, ნუ გაგვიწყრება? ხელმწიფეს ვღალატობთ, ღმერთსა ვგმობთ. აი, რის ბრალია ჩვენი დამარცხება შინა და გარეთ… ნუთუ ეს ასწავლა ბიუროკრატიამ ქვეყანას? პირიქით, ვგონებ, რომ ამის მთქმელს და მქადაგებელს სდევნიდა და სინსილას უქრობდა. დღეს ვინ არს ან ერთის, ან მეორის ერთგული? იგივ და იგივ ბიუროკრატია. ერთი მხოლოდ იგია პირნათელი ღმერთთან და მეფესთან. რა გინდა, შე კაი კაცო. იყავ ნიბლიასავით განაბული, იცხოვრე თავმდაბლად და ვნახოთ, თუ ღმერთი არ გიშველის და შენზე ხელს აიღებს!.. მე დღეს სამსახურს გარეთა ვარ. ორმოცდაათი წელი ვემსახურე ხელმწიფეს ერთგულადა და ერთხელ არ მახსოვს ჩემი უფროსისაგან „ზამეჩანიე“ მიმეღოს. რადა? მათა, რომ, თუმცა ახალგაზდა კაცი ვიყავი, სამსახური როცა დავიწყე (ოცი წლისა), იმ თავითვე მესმოდა, რით მოვიგებდი უფროსის გულს, ფეხს როგორ წავდგამდი წინ. რასაც მიბრძანებდნენ, სიტყვის შეუბრუნებლად ვასრულებდი: „დაწერე!“ – მზად იყო. „დაჰკა!“ – მზად იყო. „დაიჭი!“ – მზად იყო. ასე ამგვარად, დღეს კაცი დეისტვიტელნი სტატსკი სოვეტნიკი გახლავარ, ქვეყანა კაცს მეძახის და ხელმწიფის მოწყალება „პენსიაცა“ და ორდენებიც მაქვს.

1905 წ.

ქართლში ძალიან გახშირებულია „პოლიტიკურ“ დამნაშავეთა შეპყრობა…ვიზედაც ცოტა რამ ეჭვია, ყველას მიერეკებიან. არც ძევა, არც კვლევა. უნდა ნახოთ თავის თვალით ეს „დამნაშავენი“, რომ კარგად შეიგნოთ დღევანდელი დღის ვითარება: მენახშირე, მეურმე, ჩამოწეწილ-ჩამოგლეჯილი ხალხი, რომელთაც ოდესმე სადმე უთქვამთ გვშიანო, და ამ თქმისათვის დღეს პასუხისგებაში არიან მიცემულნი, როგორც „ბუნტოჩიკები“, როგორც საზოგადოების მავნებელი პირნი. არავითარი ცოდნა იმათ არა აქვთ, გარდა იმისა, რასაცა გრძნობენ, და განა არ მოგეხსენებათ, სიმშილ-წყურვილ-სიტიტვლე და სიცივე ყოველ სულიერ არსებას უსიამოვნებას აგრძნობინებს…

რასაკვირველია, ზემორე აღნიშნულ ჯურის „დამნაშავეთა“ შორის მოჰყვნენ ისეთნიც, რომელთაც გონება საკმაოდ აქვთ განვითარებული და ამ მშიერ-ტიტველს ხალხს თანაუგრძნობენ, – ებრძვიან, ჰკიცხავენ გამეფებულ შავ ძალებს. ზოგი მათგანი მხოლოდ მწერლობით, გაზეთის საშუალებით ებრძვის იმათ, ჰგმობს ზოგიერთ ადამიანთ დროების შეუფერებელ ქცევისათვის…შეურაცხყოფილნი შურს იძიებენ, დროებაც ხელს უწყობს, მირბიან და საცა ჯერ არს აცხადებენ: „ესა და ეს პირნი არიან ქვეყნის ამრევნი, კომიტეტს წევრნი, ყუმბარების მკეთებელნი, ყალბის ფულის მომჭრელნი; ვინცა კვდება, სულ იმათი ბრალია, ისინი აგულიანებენ მკვლელებს და, თუ ისინი არ გააძევეთ, ქვეყანა არ დაწყნარდებაო, და სხვადასხვა. მაბეზღრობენ და იმდენად უგუნურნი გახლავან, რომ ჰგონიათ, – ამისთანა „გაძევებით“ მოისპობა უკმაყოფილება ხალხში, მშიერი გაძღება და ტიტველი შეიმოსება და იმათ აღარავინ დაჰსახავს თავის გაბეჩავების მიზეზად. აი, სადამდე მიდის დღეს ბობოლების უგუნურება!.. მე თვითონ ვიცი ერთი ამისთანა მაგალითი: ერთი სოფლის მასწავლებელი გახდა მსხვერპლი სწორედ ამისთანა სულმდაბლობისა და უმსგავსობისა. ამ მასწავებელმა გაკიცხა გაზეთში მემამულენი, იმათი ყოფაქცევა. უკანასკნელთ შეურაცხყოფილად იგრძნეს თავიანთ თავი და საცა ჯერ იყო, გაჭიმეს კარგი გრძელი და მსუქანი „დანოსი“, რომელსაც მათთვის სასიამოვნო შედეგი მოჰყვა…

ვინც მიჰყავთ, ხომ მიჰყავთ, და ვინც აქ რჩება, იმათი ყოფა-მდგომარეობა სულ მთლად აუტანელია. იმათ „ეგზეკუცია“ უყენიათ. გლეხებს, დაწიოკების გარდა, ასე აშნებენ და ამშვიდებენ, თუ არ წახვედით ამ საათში და მემამულეს მოსახნავი არ მოუხანით, დასაფარცხი არ დაუფარცხეთ, თქვენს ცოლებს კაზაკებს დაურიგებენო!..

აი, როგორ, რა საშუალებით სურთ მოარიგონ გლეხები და მემამულენი, – რა წამალს იძლევიან დღევანდელ გამწვავებულ მდგომარეობის სალბუნებლად… გლეხები ქედს იხრიან, ან რა ეთქმით, რას გახდებიან წინაშე ხმლისა და ხიშტისა, მაგრამ ახლა შიგ, ღრმად ჩაიხედეთ ხალხის გულში, – იქ რა ამბები ხდება, რა თესლი ითესება!.. ამის შემდეგ ან მემამულემ რა პირით უნდა იცხოვროს სოფლად და ან გლეხებს რა გული უნდა ჰქონდეთ იმაზე? ეს თქვენ განსაჯეთ და ის სახელი დაარქვით, როგორიც მოუხდება და შეეფერება ხალხის ამისთანა დამშვიდებას. დღეს ქართლის ხოვრება მეტისმეტად ამღვრეულია მებადურთა სალხენად, სასიხარულოდ, ხოლო თევზების საუბედუროდ. როდის უნდა დაიწმინდოს ეს მღვრიე წყალი, ნუთუ ძალმომრეობის მეტი სხვა საშუალება არ მოიპოვება? ნუთუ მხოლოდ მათრახია ერთადერთი წამალი, ამღვრეულოის დამწმენდელი…

საკვირველი ის არის, რომ „ცირკულირება“ კარგი გამოდის. კითხულობ და ცოტაოდნად წყლულზე მალამო გედება, ვინაიდან ურჩევს იგი და აფრთხილებს მოხელეებს: ფრთხილად მოიქეცით, საქმის გაურჩევლად, გამოუძიებლად ნუ იჭერთ, ხალხს ნუ ატუსაღებთ, ნუ სჯითო; იარაღს, თუ საჭირო არაა, ნუ იხმარებთო და სხვა. კარგი და პატიოსანი, მაგრამ ეს ვეღარ კარგი, რომ ცირკულიარის ხმა მხოლოდ ქაღალდზე გაისმის და ცხოვრებაში იმის ნატამალიც არ მოიძევება, იგი თითქოს არც კი სადმე არსებობდეს; რჩევა ცირკულიარისა რჩება ხმად მღაღადებელისა უდაბნოსა შინა და ყველა ადმინისტრატორი ისე იქცევა, ვითარცა ხანი თვის სამფლობელოში… დიახ, სიტყვა სხვაა, საქმე – სხვა მათ შუა უზარმაზარი ჯურღმულია… არა, ტყუილად ვინმე მოელის ნდობის მოპოვებას იმ დრომდე, ვიდრე სიტყვასა და საქმის შორის არ დამყარდება სრული თანხმობა, – ვიდრე ადმინისტრაციის მოქმედება არ იქნება მიმართული ქვეყნის, ხალხის საკეთილდღეოდ. ხალხი, მართლა ბრმა და ყრუ ხომ არ არის, ვერ იცნოს თავისი კეთილისმყოფელი, თავის მოყვარე და მტერი ერთმანეთში აურიოს…

არა, ნუ ჰგონიათ, უნდა ამოიძრონ თავიდან ეგ ფიქრი, რომ ხალხის მოტყუილება ადვილი მოსახერხებელი იყოს. შეიძლება ხალხი დროებით დაიმორჩილონ, მაგრამ ეს არ იქნება სამუდამოდ…

1905 წ.

სულ მხრებში აიშლებოდე,

აზრით არწივზე მფრინავი, -

ვარდობა, ახალგაზრდობა,

აფრა, ცეცხლი და ნიავი!

 

ჩემი საქმე და ოცნება

ხვალე შენ დაგეკისრება;

დე, იყოს შენი მარჯვენა

საქართველოსთვის მისწრება!

 

იყავი მორცხვი იასებრ

და მკვირცხლი, როგორც მიმინო,

შენ გაგიმარჯოს, სამშობლოს

ხვალინდელი დღის ღიმილო!