მოვიპარები ველზე სიფრთხილით,

ამართული მაქვს თოფის ფალია,

შენს ნათელ სახეს ვხედავ ოცნებით

და გულშიც შენი ნატერფალია!

 

წყნარი და მშვიდი ამ წუთში, ახლა,

მინდვრად სეირნობ ბალახის ზღვაში,

ჩემი ყარიბი და მკრთალი სახე,

ვიცი, არა დგას შენს ოცნებაში.

 

სევდამ, სიავემ სული შეხუთეს

და თითქოს გულზე დამეფშვნა ლოდი;

მე ყველა გზები დამისერია,

ვაი, არც ერთი შენსკენ არ მოდის.

 

მაგრამ, ფიქრიც კი, შენზე, ძვირფასო,

ისეა, თითქოს სხივი ჩავიცვი...

 

ისე სიწყნარით სავსეა სული,

რა მემართება, მეც აღარ ვიცი...

დადუღებული იდგა ჭანჭრობი,

ტალახის ტბორე პირდაჟანგული.

და შიგ ესვენა ათას ნაჭრობით,

დაბერებული სამშობლოს გული.

 

ობობასავით ცას ნისლი აჯდა,

წვიმის ბუშტები ტბაზე ცვიოდა,

გემსადგურიდან ქართველ ქალ-ვაჟთა

 

კვნესა, ჟივილი გამოდიოდა...

 

 

ზღვას მოღალატეს, გაბაწრულები,

ტყვენი მიჰყავდა საქართველოდან,

ზოგი ელოდა სიკვდილს უცხოეთს,

ზოგი სულთანის ლოგინს ელოდა.

 

გემს მობღაოდნენ თმაგაწეწილი

მათი დედები, დათხრილ თვალებით.

 

ეს ჭაობებიც

მათი ცრემლია,

მათი ვაების

            ნაწვეთალები!

ქართლში, კაკლების დახატულ

                                   ჩრდილში,

სადაც ჭრიალით მიდის ურემი,

უკრავს დაირა წარსულის ვიშით,

და ჩუმად ჟღერენ ფიფინურები...