(წიგნიდან „ყაბახები“)


თითქოს მთვარე ხარ ნასახადარი

და ძველის ძველი თითქოს ლაურა;

თეთრ კვირეებში მეაზნაურა,

როცა ჰრეკავდა თეთრად საყდარი!

 

გერბიან ეტლის გამოჭენებით

ძველ ბაგრატიონს გაენავარდე,

მე მაწვალებდა შენი ხაბარდა -

ნაზი ქიმერის გამოჩვენება.

 

მოჯირითეში რომელს აირჩევ,

რკინის რიგებში მკერდი მენთება...

შენი თმა ველურ ორნამენტებად

უთლიათ თითქოს ბნელ ჯავაირჩებს.

                       

გავალ ყაბახზე შენი მსურნები

ვნახო ჯირითზე ჩემი მსაჯული;

მაგრამ, რახტები და სამაჯური

ვეღარ უძლებენ ატლასის სურნელს.

                       

მე წავალ სიონს: დამღვრჩალ ეთერში

დიდიხნით სულმა რომ იგვიანოს,

შენ კი ბანალურ ფორტეპიანოს

ადარდიანებ ცივ სითეთრეში!

 

უიმედობით გახსნილ ფანჯარას

და მკვდარ თოვლებში დაღლილ ლაიკებს

ჩემი ოცნება აღარ დაივლებს

და ატირდება როგორც ანჩარი!

 

როს ვორონცოვი, დამდგარი ნაპრალს

შენთან გადივლის მთვარიან სახლებს,

შენი გვარიდან ავშლი სახელებს -

შეშინებული და ნამთვრალევი,

ვეჯირითები კვლავ შენს წინაპრებს -

მე, მირაჟული დატრიალებით.


1918 წ.

ლურჯ ღრუბელივით დამადარდე შენი მხედარი.

როს შენს კალთაში დავინახე მჭკნარი მანდარი -

შეშლილ ქალივით აგვატირებს ჩვენ საზანდარი -

ორივ ჩვენივე უმზეობის მოწამედ არი...

 

მე ღრუბლებში ვთვლემ - ელვასავით შესახედარი:

წუთს ველოდები - როს აგვირგვინდეს ჩემი ძახილი,

შურის ძიებამ გაამტვეროს მტრის მურდახილი,

ოქროს ზარნიშით მოგვიქსოვოს დილა ნეტარი...

 

ამღერდა სისხლი... და დაათრო სული და გული,

თუ მზე მომპარეთ - გამინათებს ბნელში ფრანგული,

წკრიალა ხანჯლებს გვიელვარებს შოთას ოცნება...

 

არწივის ფრთებით დამიბრუნეთ გვირგვინოსნება!

მინდა ბისონზედ აციგლიგდეს ალმასის ღილი.

და ჩემს გუმბათებს შეეფინოს სხივთა ჟინჟღილი!..


1917 წ.

ერთხელ გამკობდა მეუფე და ბედის მჭედელი,

რაინდ-მებაღეს გამშვენებდა ოქრო რჩეული,

სისხლით შეჰღებე შენი სტავრა და ფარჩეული,

ცრემლი გდენია სევდის ჯამში დაუწყვედელი...

მზესთან აჰზიდე მარმარილოს ტაძრის კედელი.

მარტო დასდექი სილამაზის წმინდა მკობელი;

წარსთქვი ლოცვები სხვებისათვის მიუთხრობელი

და შემოივლე ცეცხლის ალი დაუშრეტელი...

ჩაჩქან მუზარადს დასჩნევია ჟანგი ჟამისა,

თეთრი გვირგვინი უცხოელმა შეგიღამისა -

საკურთხეველსაც შემოსძარცვა მან მეწამული...

ზღვად ობოლს ხომალდს მივამსგავსე ჩემი მამული;

როგორ მაჟღერებს საქართველოს ნაზი ნაღველი;

ო, ჩანგის ნაცვლად მეპყრას შუბი პირ-გამახული!..


1917 წ.