გადია ჩემი სიზმრის სიალით
ასე არასდროს არ დაისრულა.
ის ირონიამ ფრთით უშუალოთ
წარსულ დღეებში გადაისროლა.
ის, დაყრდნობილი უღონო ხელებს,
სიყმაწვილისას დაჰყურებს სურათს
და ჩარჩოებში ძვირფას სახელებს
ითვლის ბავშვივით და უსუსურათ.
ბზა, სახარება, სარკე, საათი...
სარკეში თეთრი თმები თოვდება
და საათიდან სამოცდაათი
წელი, გადია, გიახლოვდება.
ლბილ ბალიშებზე ისვენებს კატა,
ნებიერების ბნელი ასული,
ცეცხლმა კანკალით შემოახატა
კედელს მოხუცი წრიდან გასული.
მე კი, მოღრუბლულ დღით მოწყენილი,
ავიღებ მანონს, სადაც ზონარად
მჭკნარი ალოე არის შთენილი
უკეთეს დროთა მოსაგონარად.

გადაუღებლად გარედ წვიმს და წვიმს,
ცას ტყვიისფერი ღრუბელი მოსავს,
ტყე გაიძარცვა და მის კალთებზე
ფრთხილი, გველებრივ, ნისლი მიცოცავს.
სწუხს არემარე, კვნესის მიდამო,
ხმაჩაწყვეტილად ზუზუნებს ქარი...
და მის ქვითინში მე ისევ იგი
აუხდენელი მესმის ზღაპარი.
გაჰქრა ზაფხული... წავიდა ის დღე,
როს მეორე დღეს შვებით ვხვდებოდი,
მე ყვავილები მესიზმრებოდა,
შენც ყვავილებში მესიზმრებოდი.
ეხლა კი ბნელი შემოდგომის დღე
ვერ განაახლებს იმ ელვა-ციმციმს,
დასჭკნა ყვავილთა ნარნარი გროვა...
გული სწუხს და სწუხს... გარედ წვიმს და წვიმს...

გადასძახე,
გააგონე,
ეს სიმღერა მრავალთმრავალს,
შრომის რიტმი
მუდამ ჰპოებს
ათასნაირ გამოსავალს.
მხარევ, ვინ რას
დაგაყვედრის,
ან რა შველას, ანუ რა ვალს,
ჰკითხე შენს გულს,
გაოხრებულს
და მწარე თავგადასავალს.
ხელი მძიმედ
დაგივარდა,
ტყვიამ დაჰკრა დაირასა,
სამუდამოდ
შენი გული
ძველი ხმისთვის დაირაზა.
დაგანებონ,
სჯობნის, თავი.
შენ ერთს ითხოვ, აი რასა:
სხვისკენ მაინც
ნუ იწვდენენ
სასიკვდილო ბაირაღსა.

არ ეძახი,
არ იგონებ
უგზოობას,
მწარე დარებს,
დიდი ხნიდან,
ის ძველი გზა
არ იცი, სად მიგატარებს?
ხან წაგითრევს
უუნებოდ
და ხან შეშლილს დაგადარებს,
გადაგჩეხავს,
გადაგისვრის,
არც გკლავს და არც გაგატარებს.
კმარა, გეყო
თვალახვევა
და სიბნელე
შავი ბლონდის,
სულ ახალი ხანა მოდის,
გული კი არ დაგიღონდეს:

ადამიანს
ენა ჰქონდეს,
ჭკუაც ჰქონდეს, ჯანიც ჰქონდეს,
მაინც ჩიხთან
ხერხით ვეღარ
გაჰქონდეს და გამოჰქონდეს?