ხმით მშვენიერით,
ტკბილის სიმღერით
ჰაეროვანო, სულს ელხინები;
თვალთ არონინებ,
გულს დააწყლულებ
და ღიმილითა ესალბუნები!

სადც ხარ, იმ არეს
მოჰფენ სიამეს, —
უშენოდ მოსცდეს მხიარულება!
შენის ენითა,
სავსე ლხენითა,
ვინ არა იგრძნოს გულკეთილობა!

მახსოვს სიამით,
ოდეს ტკბილის ხმით
ვარდსა და ბულბულს მოელხინარე,
პირმცინარითა
სინარნარითა
მგოსნის ყარიბს გულს ესხივმფენარე!

1839 წ

ნუ ვინ იტყვის ობლობისა ვაებას,

ნუ ვინ სჩივის თავის უთვისტომობას!

საბრალოა მხოლოდ სულით ობოლი,

ძნელღა პოვოს, რა დაკარგოს მან ტოლი!

მეგობართა, ნათესავთ მოკლებული,

ისევ ჩქარად ჰპოვებს სანაცვლოს გული;

მაგრამ ერთხელ დაობლებული სული

მარად ითმენს უნუგეშობას კრული!

არღარა აქვს მას ნდობა ამა სოფლის;

ეშინიან, იკრძალვის, არღა იცის,

ვის აუწყოს დაფარული მან გრძნობა,

ეფიქრება ხელმეორედ მას ნდობა!

ძნელი არის მარტოობა სულისა:

მას ელტვიან სიამენი სოფლისა,

მარად ახსოვს მას დაკარგვა სწორისა,

ოხვრა არის შვება უბედურისა!

1839 წ.

წარვედ წყალის პირს სევდიანი ფიქრთ გასართველად,
აქ ვეძიებდი ნაცნობს ადგილს განსასვენებლად;
აქ ლბილს მდელოზედ სანუგეშოდ ვინამე ცრემლით,
აქაც ყოველი არემარე იყო მოწყენით;
ნელად მოღელავს მოდუდუნე მტკვარი ანკარა
და მის ზვირთებში კრთის ლაჟვარდი ცისა კამარა.

იდაყვ-დაყრდნობილ ყურს უგდებ მე მისსა ჩხრიალსა
და თვალნი რბიან შორად, შორად, ცის დასავალსა!
ვინ იცის, მტკვარო, რას ბუტბუტებ, ვისთვის რას იტყვი?
მრავალ დროების მოწამე ხარ, მაგრამ ხარ უტყვი!..

არ ვიცი, ამ დროს ჩემს წინაშე ჩვენი ცხოვრება
რად იყო ფუჭი და მხოლოდა ამაოება?..
მაინც რა არის ჩვენი ყოფა — წუთისოფელი,
თუ არა ოდენ საწყაული აღუვსებელი?
ვინ არის იგი, ვის თვის გული ერთხელ აღევსოს,
და რაც მიეღოს ერთხელ ნატვრით, ისი ეკმაროს?

თვითონ მეფენიც უძლეველნი, რომელთ უმაღლეს
არც ვინღა არის, და წინაშე არც ვინ აღუდგეს,
რომელთ ხელთ ეპყრასთ უმაღლესი სოფლის დიდება,
შფოთვენ და დრტვინვენ და იტყვიან: «როდის იქნება,
ის სამეფოცა ჩვენი იყოს?» და აღიძვრიან
იმავ მიწისთვის, რაც დღეს თუ ხვალ თვითვე არიან!..

თუნდ კეთილ მეფე როდის არის მოსვენებული?
მისი სიცოცხლე: ზრუნვა, შრომა და ცდა ქებული;
მისი ფიქრია, თუ ვით უკეთ მან უპატრონოს
თავისს მამულსა, თვისთა შვილთა, რომ შემდგომსა დროს
არ მისცეს წყევით თვის სახელი შთამომავლობას!..
მაგრამ თუ ერთხელ უნდა სოფელს ბოლო მოეღოს,
მაშინ ვიღამ სთქვას მათი საქმე, ვინ სადღა იყოს?..

მაგრამ რადგანაც კაცნი გვქვიან — შვილნი სოფლისა,
უნდა კიდეცა მივდიოთ მას, გვესმას მშობლისა.
არც კაცი ვარგა, რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს,
იყოს სოფელში და სოფლისთვის არა იზრუნვოს!

1837 წ.