1. ულმობელობა, როგორც ხორციელი ასევე სულიერი, არის მოკვდინება გრძნობისა, ის ხანგრძლივი სნეულებისა და დაუდევრობის შედეგად იშობა.

2. უტკივილობა გულისა ესაა დაუდევრობის ბუნებად გარდაქმნა, გონების სიბრმავე, ბოროტ ჩვევათა მშობელი, გულმოდგინეობის დამაბრკოლებელი, ღვაწლის მახე, ლმობირების არმცნობელი, სასოწარკვეთილების კარი, დავიწყების დედა, რომელიც ღვთის უშიშობას შობს და შობის შემდგომ საკუთარი მშობელის დედად იქცევა.

3. უგრძნობელი უგუნური ბრძენია, მასწავლებელი, რომელმაც საკუთარ თავს განსჯის, მჭერმეტყველი თავისი თავის წინააღმდეგ რომ ქადაგებს, ბრმა - მხედველობას რომ ასწავლის, წყლუ;ლებათა განკურნების შესახებ საუბრობს და ამასთან საკუთარ თავს გამუდმებით სწყლავს და სწამლავს, ვნებას შეაჩვენებს და მისთვის მავნებელ საკვებს კი თავს არ ანებებს. ვნებათაგან განსაკუთრებისთვის ლოცულობს და დაუყოვნებლივ საქმით აღასრულებს მათ. ამისათვის საკუთარ თავს კი ურისხდება, მაგრამ საკუთარი სიტყვისა არ რცხვენია უბადრუკს. - ბოროტად ვიქცევიო, - მოსთქვამს და გულმოდგინებით აგრძელებს ავ საქმეთა ქმნას. მაგით ვნების წინააღმდეგ ლოცულობს, ხოლო საქმით მას ემორჩილება. სიკვდილის შესახებ ბრძნადმეტყველებს და ისე ცხოვრობს, თითქოს უკვდავებისთვის იყოს დაბადებული. სულისა და სხეულის გახსნებაზე ოხრავს და თავად ისე თვლემს, თითქოს მარადიული არსებობა ჰქონდეს მინიჭებული. თავშეკავებაზე ლაპარაკობს და ნაყროვანებას ესწრაფვის. უკანასკნელი სამსჯავროს შესახებ კითხულობს და თავად აღზევდება ამპარტავნებით. მღვიძარებაზე საუბრობს და მაშინვე ძილს მიეცემა. აქებს ლოცვას და ისე გაურბს მას, ვითარცა მახვილს; მორჩილებას ამკობს და თავად ურჩობს. უვნებელთ ადიდებს და თვით არ რცხვენია, რომ ძონძების გამო ავმეხსიერობს და დაობს. აღშფოთებული მრისხანებს და შემდეგ კვლავ საკუთარი მრისხანება აღაშფოთებს: და კვლავ და კვლავ ძლეული საკუთარ მდგომარეობას ვერ გრძნობს. გამძღარი შეინანებს და ცოტა ხნის შემდეგ გაძღომას გაძღომაზე დაურთავს. მდუმარებას შენატრის, მაგრამ მას მრავალსიტყვაობით ადიდებს. მოკრძალებას ასწავლის, მაგრამ ხშირად სწორედ მისი სწავლებისას შფოთავს. ცოდვილი ძილისგან გამოფხიზლებული მოსთქვამს, მაგრამ თავს მოიდრეკს თუ არა, კვლავ ვნებას ეძლევა. განსჯის სიცილს და სიცილითვე ასწავლის გლოვას. სხვათა წინაშე განიკითხავს საკუთარ ამპარტავნებას და ამ განკითხვით დიდებას ეძიებს. ვნებით უცქერს მშვენიერ სახეებს და უმანკოებაზე მეტყველებს. ერში იმყოფება და განდეგილობას აქებს; იმას ვერ ხვდება, რომ ამით საკუთარ თავს ვნებს. მოწყალეთ ადიდებს, ხოლო ღატაკებს აძაგებს. ყოველთვის საკუთარ თავს ამხელს, მაგრამ გონს მოსვლა არ შეუძლია.

4. ბევრი ისეთი მინახავას სიკვდილისა და საშინელი სამსჯავროს ხსენებაზე ცრემლს რომ ღვრის, შემდეგ კი თვალზე ცრემლშეუმშრალი სატრაპეზოდ ისწრაფის. განვუცვუფებრივარ იმას, თუ მათი მბრძანებელი ნაყროვანების მყრალი ვნება, რომელიც ხანგრძლივი ულმობელობითაა განმტკიცებული, როგორ ახერხებს დასძლიოს თვით ცრემლიც.

5. ჩემი უძლურების შესაბამისად ავხსენი ამ უგუნური და დაუნდობელი, გაქვავებული და სასტიკი ვნების მზაკვრობა, მაგრამ მის შესახებ ფართო მსჯელობა განზრახული არა მაქვს. იგი, ვინც უფლის მიერ უძლიერესია და შეუძლია, ამ ვნებით გამოწვეულ წყლულებზე შესაფერისი წამალი დაიდოს, ნუ დაიზარებს და აღასრულოს ეს საქმე. მე არ მრცხვენია, რომ ამასთან დაკავშირებული ჩემი უძლურება ვაღიარო, რადგან შეპყრობილი ვარ მის მიერ და მისი ხერხებისა და ცბიერების საკუთარი ძალით შეცნობას ვერც შევძლებდი, თუ არა თვით მისივე აღიარება. როდესაც იგი ღვთის შიშით და განუწყვეტელი ლოცვით სასტიკად ვტანჯე, მხოლოდ ამის შემდეგ აღიარა ამ მოღალატემ და ბოროტმოქმედმა: - ყოველგვარი იმ სიკეთის, რაც სიმხნევითა და გულმოდგინებით იშობა, რადგან მათი მოკვდინება მამისგან ვისწავლე. მე სიცილის დედა ვარ, მე ვარ ძილის მშობელი და სიმაძღრის მეგობარი, მე ცრუ ღვთისმოსაობის მოყვარული ვარ, როდესაც მამხილებენ, არ ვწუხვარ და არც ვინმეს სწავლებას შევისმენ.

როდესაც ყოველივე ეს მოვისმინე მე უბადრუკმა და გამაკვივრვა ამ შეშლილის სიტყვებმა, მისი დედის სახელი ვიკითხე. ის კი ამბობდა: - მე ერთი სახით არ ვიშობი, არამედ მრავალნაირი და დაუცხრომელია ჩემი შობა. მე ძალას სიმაძღრე მაძლევს, დრო ამაღორძინებს, ბოროტი ჩვეულება განმამტკიცებს და ვისაც იგი აქვს, ჩემგან ვერ გათავისუფლდება. მხოლოდ მაშინ, თუ მარადის მღვიძარებას საუკუნო სასჯელზე ფიქრს შეურთებ, მცირეოდენ შვებას იგრძნობ და მიხვდები, თუ ვინ არის დედაჩემი, რომლისგანაც ვიშობი და მასთან წამოიწყებ ბრძოლას, რადგან ყველაში ერთი და იგივე დედა არ მშობს.

საფლავებთან სიახლოვეს ილოცე ხშირ-ხშირად და მიცვალებულთა სახეები გულში წარუშლელად აღიბეჭდე. თუ ყოველივე ამას შენს გულში მარხვის კალმით არ გადაიწერ, უკუნითი უკუნისამდე ვერ დამამარცხებ.

ეს მეთვრამეტე კიბე გამარჯვებისაა, ვინც იგი დასძლიოს, გლოვა და ცრემლი მოუპოვებია.

1. უპოვარება მიწიერ საზრუნავთაგან განრიდება, უზრუნველობა, მგზავრობა დაუბრკოლებელი, მაცხოვრის მცნებებისადმი რწმენაა. მისთვის უცხოა მწუხარება.

2. უპოვარი ბერი ქვეყნიერების მფლობელია, რომელმაც საკუთარ თავზე ზრუნვა ღმერთს მიანდო და თავისი სარწმუნოებით ყველა დაიმონა. ის ადამიანს თავის გასაჭირზე არ დაელაპარაკება, არამედ ყველაფერს, რაც ეძლევა, იღებს, როგორც ღვთის ხელთაგან მოძღვნილს.

3. უპოვარი მოღვაწე უვნებლობის შვილია, რაც კი აქვს, არარად მიაჩნია და, თუ ვნების მიზეზად ექცევა, ყველაფერს ნაგავად შერაცხავს. თუ ბერი ჯერ კიდევ სწუხს ხორციელ საზრუნავზე, მას უპოვარება ჯერაც არ მოუხვეჭავს.

4. უპოვარი კაცი წმიდა გონებით ლოცულობს, ხოლო სახმართმოყვარეს ლოცვის დროს თვალწინ ნივთიერი სახებანი წარმოუდგებიან.

5. მორჩილებაში მყოფთათვის უცხოა ვეცხლისმოყვარება. რადგან, ვინც საკუთარი თავიც კი გასცა, იგი თავის საკუთრებად რაღას მიიჩნევს?

6. მათთვის მხოლოდ ერთი რამაა სახიფათო: უპოვარი ადვილად იცვლის ადგილსამყოფელს.

7. მინახავს, რომ ქონებამ მონაზონთან შორის ერთ ადგილას მკვიდრობის მოთმინება დაბადა, მაგრამ უმეტესად ნეტარად ის მიმაჩნია, ვინც უპოვარია და უფლისთვის უცხოობაშია.

8. ვინც ზეციური სიკეთე იგემა, ადვილად უარყოფს მიწიერს, ვისაც პირველი არ უგემია, მეორე ადვილად მოჰგვრის სიხარულს.

9. ვინც უგულისხმობით უპოვარია, ორმაგ სიკეთეს აკლდება: ამქვეყნიურ სიკეთესაც განეშორება დ ვერც იმქვეყნიურს მოიპოვებს.

10. ჰოი, მონაზონნო, ნუ იქნებით ფრინველებზე ურწმუნონნი, რადგან ისინი არ ზრუნავენ და არ შეკრიბენ ქონებას.

11. დიდია იგი, ვინც ღვთისათვის დატოვა თავისი ქონება, მაგრამ იგია ნეტარი, ვინც საკუთარი ნება მოიკვეთა, პირველი ასწილ ქონებას ან მადლს მიიღებს, მეორე კი საუკუნო ცხოვრებაში უმაღლეს დიდებას მოიპოვებს.

12. ზღვის ტალღები არასოდეს შეწყვეტენ ღელვას. ხოლო ვეცხლისმოყვარის გულს მრისხანება და მწუხარება არასდროს დატოვებს.

13. ვინც სახმართმოყვარება დასძლია, თავისმართლებისა და პასუხისგებისგან გათავისუფლდა. სახმართმოყვარე კი მზადაა ნემსისთვისაც კი სიკვდილამდე იბრძოლოს.

14. შეურყეველი სარწმუნოება ამაო საზრუნავს მოიკვეთს, ხოლო სიკვდილის გახსენება ხორცსაც უარჰყოფს.

15. იობთან ვეცხლისმოყვარების კვალსაც კი ვერსად ვნახავთ, რადგან ის, ყველაფერის დაკარგვის მიუხედავად, მწუხარებას არ შეუპყრია.

16. ვეცხლისმოყვარება ძირი არს ყოველთა ბოროტთა (1ტიმ. 6.10). და ეს ნამდვილად ასეა, რადგან სიძულვილს, ტაცებას, შურს, განყოფას, ბრძოლას, მწუხარებას, ავმეხსიერებას, სისასტიკესა და მკვლელობას შობს.

17. მცირე ცეცხლი ბევრ ნივთს დასწვავს, ხოლო ერთი სათნოებით მრავალნი ყველა ზემოაღწერილ ვნებას გაექცნენ. ამ სათნეობას უვნებლობა ეწოდება. ის ჩვენში ჭვრეტს გამოცდილებით და ღვთაებრივ გონებასთან ზიარებით, ასევე სულის განსვლის ჟამს საშინელ სამსჯავროზე ზრუნვით იშობა.

18. ვინც ყურადღებით წაიკითხა სიტყვა ნაყროვანების - ამდენი ბოროტების დედის შესახებ - შეუძლებელია, არ შეემჩნია, რომ თავის დამღუპველ და წყეულ პირმშოთა შორის მეორედ მან გულის ულმობელობა მიიჩნია. მაგრამ მე არ შემეძლო, მისთვის ის ადგილი მიმეჩინა, რომელიც რიგით ეკუთვნოდა, რადგან მოვალე ვიყავი ჯერ კერპთაყვანისმცემლობის მრავალთავიან გველზე მესაუბრა, რადგან მას ბრძენი მამები რვა მომაკვდინებელ ვნებათა შორის მესამედ ასახელებენ. ამჟამად, რადგან მისთვის შესაფერისი სიტყვა დავასრულეთ, მოვალეები ვართ ულმობელობაზეც ვილაპარაკოთ, რადგან მას რიგის მიხედვით მესამე, წარმოშობით კი მეორე ადგილი ეკუთვნის. შემდეგ ძილსა და მღვიძარებაზე ვისაუბრებთ და მოკლედ ბავშვურ, სულმოკლე მშიშარობაზე ვიტყვით, რადგან ყველა ეს უძლურება დამწყებთათვისაა დამახასიათებელი.

მეჩვიდმეტე საფეხური. ვინც მასზედ ავიდა, ის დაუბრკოლებად მიემართება ზეცისკენ.

1. ბრძენ მასწავლებელთა უმრავლესობა ჩვენს მიერ აღწერილ სიძვის მტანჯველის შემდეგ სწორედ ვეცხლისმოყვარებას, ამ მრავალთავიან ვეშაპს დაგვანახებს, ამიტომ ჩვენც ეს ბრძნული დადგენილება რომ არ შევცვალოთ, მათ უნდა მივდიოთ. ამგვარად თუ გსურთ, მცირეოდენი ამ სენის შესახებაც ვთქვათ, შემდეგ კი მოკლედ მის წამალზეც ვისაუბროთ.

2. ვეცხლისმოყვარება კერპთაყვანისმცემლობაა - ურწმუნოების ასული, საკუთარი უძლურების შეწყნარება, სიბერის მომასწავებელი, შიმშილის წინამაუწყებელი, უწვიმობის მომტანი.

3. ვეცხსლისმოყვარე სახარების მგმობელი და ნებით განდგომილია.

4. მან სიყვარული ფულზე გაყიდა. ხოლო ვისაც ჰგონია, რომ ორივეს მფლობელია, თავს იტყუებს.

5. ვინც თავის თავს მისტირის, საკუთარ ხორცსაც კი უარყოფს და თუ დასჭირდა, მასაც არ ინდობს.

6. ნუ იტყვი, რომ ფულს ღატაკთათვის აგროვებ, რადგან ქვრივი დედაკაცის ორმა ლეპტამ შეიძინა სასუფეველი ცათა.

7. უცხომოყვარე და ვეცხლისმოყვარე ერთმანეთს შეხვდნენ და მეორემ პირველს უგუნური უწოდა.

8. ვინც ამ ვნებას ამარცხებს, ის საზრუნავს მოიკვეთს, მისგან შებორკილი კი წმიდა გულით ვერასოდეს ილოცებს.

9. ვერცხლისმოყვარება თითქოსდა მოწყალების გაცემის სურვილით იწყება და ღატაკთა მიმართ სიძულვილით თავდება.

10. ვეცხლისმოყვარე მოწყალეა, ვიდრე ფულს აგროვებს, მაგრამ როდესაც შეკრებს მას, ხელმომჭირნე ხდება.

11. მინახავს ისეთი უქონელნი, რომლებიც სულით ღატაკებთან თანაცხოვრებით სულიერად გამდიდრდნენ და საკუთარი უქონელობა არად შერაცხეს,

12. ფულისმოყვარე ბერისთვის უცხოა სიზარმაცე, მას გამუდმებით ახსოვს სიტყვები მოციქულისა: უკეთუ ვისმე არ უნებს საქმის, ნუცა ჭამნ (2თეს. 3,10), ან სხვა: სახმარსა მას ჩემსა და რომელნი იყვნეს ჩემ თანა, ხელნი ესე ჩემნი ჰმსახურებდეს (საქმ. 20.34).

მეთექვსმეტე ბრძოლა. ვინც აქ გამარჯვება მოიპოვა,
მან ღვთის სიყვარული მოიხვეჭა, ანუ ამო საზრუნავი მოიკვეთა.