1. ერთმანეთზე შეხლისას რკინა და ქვა ცეცხლს აღმოაცენებენ. მრავალმეტყველება და განცხრომა ერთად სიცრუეს ბადებენ.

2. სიცრუე სიყვარულის განმრყვნელია, ხოლო ცრუ ფიცი ღვთის უარყოფაა.

3. გონიერთაგან არავინ ჩათვლის სიცრუეს მცირე ცოდვად, რადგან არ არსებობს ცოდვა, რომლის წინააღმდეგაც ყოვლადწმიდა სული ისეთ სასტიკ სიტყვებს ამბობდეს, როგორსაც სიცრუის შესახებ ამბობს: რომელი იტყოდის სიცრუესა, არა წარემართოს წინაშე თუალთა ჩემთა (ფს. 5,7). მაშ რაღა ითქმის მათზე, ვინც ტყუილს ფიცსაც დაურთავს?!

4. თუ დავით წინასწარმეტყველი ამბობს: წარსწყმიდნენ შენ ყოველნი, რომელნი იტყვიან სიცრუესა. - მაშ იმათ რაღა ქნან, ვინც სიტყვას ცრუ ფიციც დაამატეს.

5. მინახავს ადამიანები, რომლებიც სიცრუითა და ამაოდმეტყველებით განდიდნენ, ენამახვილობით სიცილს აღძრავენ და მსმენელში გლოვასა და სულიერ შემუსვრილებს კლავენ.

6. როდესაც ეშამკები ნახავენ, რომ ჩვენ დასაწყისშივე ვცდილობთ ბოროტი მთხრობელის სამხიარულო ამბების მოსმენა ისე ავიცილოთ თავიდან, როგორც სასიკვდილო ჭრილობა, მაშინ შეეცდებიან ორმაგი აზრით გვაცდუნონ. ისინი ჩაგვაგონებენ: - ნუ დაამწუხრებ ამბის მთხრობელს, ან - ხალხს თავს სხვებზე ღვთისმოყვარედ ნუ აჩვენებ.

7. განერიდე და ნუ აყოვნებ! თუ ასე არ იზამ, ლოცვის დროს ის სასაცილო საგნები გაგახსენდება და მათზე იფიქრებ.

8. არა მარტო უნდა გაურბოდე ამგვარ საუბრებსა და ბოროტ თავყრილობებს, არამედ, თუ შეგიძლია, ღვთისმოსაობით ძმათა შორის ჩაშალე ასეთი საუბარი, სიკვდილის ხსენებითა და საშინელი სამსჯავროს შიშით. ასეთ შემთხვევაში სჯობს, ამპარტავნების ვნებით ოდნავ შეიბღალო, ოღონდაც სხვებს სარგებელი მოუტანო.

9. თავლთმაქცობა სიცრუის დედაა, ხშირად კი მისი მიზეზიც ხდება, რადგან ზოგი ამბობს, რომ თვალთმაქცობა სხვა არაფერია, თუ არა სიცრუეში დახელოვნება და სიცრუის მომგონებელი, რომელსაც თან სასჯელის ღირსი ცრუ ფიცი ერთვის.

10. ვინც ღვთის შიში მოიხვეჭა, ის სიცრუეს განერიდა, რადგან მოუსყიდველი მსაჯული - სინდიდსი ახლდა თან.

11. როგორც ყოველგვარ ვნებას, ასევე სიცრუეშიც სხვადასხვაგვარი სიმძიმის ბოროტება არსებობს; რადგან სხვაგვარად განისჯება იგი, ვინც სასჯელის შიშით ცრუობს და სხვაგვარად - რომელიც უმიზეზოდ ტყუის.

12. ერთი მხიარულებისთვის ტყუის, მეორე - გემოთმოყვარეობისათვის, მესამე - იმისთვის, რომ გარშემომყოფნი გააცინოს. ზოგიერთი სულაც იმისთვის, რომ მოყვასს მახე დაუგოს და ბოროტი მიაგოს.

13. წინამძღვრის სასჯელი განდევნის სიცრუეს, ხოლო ცრემლთა სიმრავლე სრულიად კლავს მას.

14. სიცრუის მთქმელი კეთილ განზრახვას იმიზეზებს და მას, რაც სინამდვილეში სულის დამღუპველია, იგი მართალ საქმედ მიიჩნევს.

15. ცრუ კაცი ცდილობს, რაბის მიმბაძველად გამოჩნდეს და ჰგონია, რომ თავისი წარწყმედით სხვებს იხსნის.

16. როცა სიცრუისგან სრულიად გათავისუფლდებით, მაშინ, თუ საჭიროება მოითხოვს, და ისიც - არა მთლად უშიშრად, შეგვიძლია, გამოვიყენოთ ის.

17. ყრმამ არ იცის სიცრუე, არ იცის ის არც ცბიერებისგან განწმენდილმა სულმა.

18. ღვინისგან გამხიარულებული კაცი ძალაუნებურად სიმართლეს ამბობს, ასევე ლმობიერებით დამთვრალი ტყუილს ვერ იტყვის.

საფეხური მეთორმეტე. ვინც ეს გველი დასძლია,
მან მოიპოვა კეთილი საფუძველი - ჭეშმარიტება.

1. წინა თავში ჩვენ მოკლედ ვისაუბრეთ, თუ რამდენად მავნე და უბედურების მომტანია მოყვასის განკითხვა. უფრო სწორად, საკუთარ ენას ჩვენივე თავის განსასჯელად და დასასჯელად მოვიხმართ. ეს ერთი შეხედვით სულიერ ადამიანებსაც ახასიათებთ ხოლმე. წესი მოითხოვს, რომ ჩვენ ამ ცოდვის მიზეზი და კარი ვაჩვენოთ, რომლითაც ის ჩვენში შემოდის. უფრო სწორად, რომლითაც იგი გადმოდის ჩვენგან.

2. მრავლისმეტყველება ის ტახტრევანია, რომელზედაც პატივმოყვარეობას დაჯდომა და თავის მოწონება სჩვევია.

3. მრავლისმეტყველება უგუნურების ნიშანია, ბოროტის სიტყვის კარი, დაცინვის ხელმძღვანელი, სიცრუის მსახური, გულის ლმობიერების მომსვრელი, მოწყინების მომწოდებელი, სიზმრების მომასწავებელი, გონების განმაბნეველი, გულის დაცვის დამრთგუნველი, წმიდა მხურვალების გამაგრილებელი, ლოცვის დამაბნელებელი.

4. კეთილგონიერი მდუმარება ლოცვის დედაა, გაბნეული გონების მომკრებელი, ღვთაებრივი ცეცხლის დამცველი, აზრთა გუშაგი, მტრების მეთვალყურე, გლოვის მასწავლებელი, ცრემლის მეგობარი, სიკვდილის ხსოვნის მოღვაწე, მარადიული ტანჯვის აღმწერი, მომავალი სამსჯავროს წინასწარგანმცდელი, მაცხოვნებელ მწუხარებაში წარმატების მომტანი, კადნიერების მტერი, უშფოთველი მეუღლე, მასწავლებლობის მოყვარეობის მოწინააღმდეგე, გონიერების გამამრავლებელი, სულიერ ხედვათა შემოქმედი, დაცემის მტერი, უხილავი ამაღლება.

5. ვინც საკუთარი ცოდვები შეიცნო, ის ენასაც მართავს. ხოლო მრავლისმეტყველს თავი ჯერაც ვერ შეუცვნია ისე - როგორც საჭიროა.

6. მდუმარებისმოყვარე ღმერთს უახლოვდება, მასთან საიდუმლოდ საუბრობს და ნათლდება მის მიერ.

7. იესოს მდუმარებამ შეარცხვინა პილატე. ხოლო ღვთისმოსავი კაცის ბაგის მდუმარება ამარცხებს ამპარტავნებას.

8. პეტრე მოციქულმა თქვა სიტყვა და შემდეგ ტიროდა მწარედ, დაავიწყდა წინასწარმეტველის მიერ თქმული: ვსთქუ, ვიმარხნე გზანი ჩემნი, რაჲთა არა ვსცოდო ენითა ჩემითა (ფს. 38.1) და კიდევ სიტყვები სხვა სიბრძნისა - სჯობს სიმაღლიდან მიწაზე ჩამოვარდე, ვიდრე ენისგან დაეცე (ზირ. 20.18).

9. მაგრამ არ მსურს, ამაზე ბევრი დავწერო, თუმცა ვნებათა ცბიერება ამას მომიწოდებს. მოგითხრობთ, თუ რა შევიტყვე ერთი კაცისგან, რომელიც ბაგის მდუმარებაზე მესაუბრებოდა: - მრავლისმეტყველებას აუცილებლად რაიმე კონკრეტული მიზეზი უდევს საფუძვლად: ან ბოროტი და თავშეუკავებელი ცხოვრების წესი და ჩვევები (რადგან, რამდენადაც ენა ამ სხეულის ბუნებრივი ნაწილია, რასაც შეაჩვევ, იმის გაკეთებას ითხოვს); ან - როგორც ხშირად მოღვაწეებს ემართებათ ხოლმე - ამპარტავნებისგან, ხშირად კი - ნაყროვნებისგანაც. ამიტომ ხშირად ხდება, რომ, როდესაც ზოგიერთი ძალდატანებითა და იძულებით მუცელს ალაგმავს, ენასა და მრავლისმეტყველებასაც ეშველება ხოლმე.

10. ვინც თავის ამქვეყნიდან გასვლას იხსენებდეს, მან დაამარცხა მრავლისმეტყველება, ხოლო ვინც სულიერი გლოვა მოიპოვა, ის მრავლსიტყვაობას ცეცხლივით გაურბის.

11. დაყუდების მოსურნე გმანავს თავის ბაგეს, ხოლო, ვისაც სენაკიდან გამოსვლა უყვარს, მას იქიდან მრავლისმეტყველების ვნება დევნის.

12. ვინც ციდან გარდამოსული ცეცხლის მხურვალება შეიცნო, ხალხმრავალ შეკრებებს ისე გაურბის, ვით ფუტკარი - კვამლს. რადგან როგორც ფუტკრისთვისაა საძულველი კვამლი, ასევე მათთვის ხალხმრავლობაა აუტანელი.

13. ბევრს არ ძალუძს, საგოზავის გარეშე წყალი გააჩეროს ჭირჭელში და კიდევ უფრო ცოტაა ისეთი, რომლესაც ბაგის შეუკავებლობის შეკავება შეუძლია. ღვთის მიერ კი ყველაფერი შესაძლებელია.

მეთერთმეტე საფეხურზე ამსვლელმა და გამარჯვების მომპოვებელმა
ერთი დაკვრით მრავალი ბოროტება დაამარცხოს.

1. ალბათ, გონიერი კაცი ვერ უარყოფს, რომ სიძულვილი და ავმეხსიერება ბოროტ სიტყვას შობს. ამიტომ მისი ფუძემდებლების შემდეგ თანამიმდევრულად მას განვიხილავ.

2. ავსიტყვაობა სიძულვილის პირმშოა, შეუმჩნეველი და დაფარული სენი, რომელიც საიდუმლოდ შეაღწევს ადამიანში და წურბელას მსგავსად სისხლს წოვს სიყვარულს. ესაა თვალთმაქცური სიყვარული, გულის სიმძიმისა და შებილწვის მიზეზი. სიწმინდის სრული მოსპობა. ზოგიერთი ყრმა ურცხვენელად სცოდავს, სხვები - ფარულად და დარცხვენით, მაგრამ უფრო დიდ ცოდვაში არიან, ვიდრე - პირველნი. იგივე შეიძლება ითქვას უპატიობის ვნებებზეც. ბევრია ფარულად ცბიერი ყრმა: თვალთმაქცობა, ცბიერება, ნაღველი, ავმეხსიერება, გულისმიერი ცილისწამება და ისინი გარეგნულად ერთს წარმოაჩენენ, სინამდვილეში კი სხვას განიცდიან.

3. შევიტყვე, რომ ზოგიერთები მოყვასზე ავს ამბობდნენ. მე ავუკრძალე მათ ეს. ამ ბოროტმოქმედებმა მოსაბოდიშებლად მითხრეს, რომ ამას მოყვასზე ზრუნვითა და სიყვარულით იქმოდნენ. მე კი მივუგე: რომელი იტყოდა იდუმალ მოყუასისა თვისისა ძვირსა, იგი გარეგან ვსდევნე (ფს. 100.5).

4. თუ ჭეშმარიტად გიყვარს მოყვასი, როგორც ამბობენ, ცუდს კი ნუ იტყვი მასზედ, არამედ ილოცე საიდუმლოდ; რადგან სიყვარულის ამგვარი გამოვლინება სათნოა ღვთისთვის.

5. შემცოდეთა განკითხვას თავისთავად მოერიდები, თუ მუდამ გემახსოვრება, რომ იუდა ქრისტეს მოციქულთა შორის იყო, ხოლო ავაზაკი მკვლელთა შორის ირიცხებოდა. მაგრამ მათ სულებში სასწაულებრივი შემობრუნება წამიერად აღსრულდა.

6. ვისაც ბოროტი სიტყვის სულის დამარცხება სურს მან დანაშაული შემცოდეს კი არ უნდა მიაწეროს, არამედ - მასზე დაუფლებულ ბოროტ ძალას, რადგან ღვთის წინაშე ცოდვის ჩადენა არავის სურს, თუმცა, თითოეული ჩვენგანი იძულების გარეშე სცოდავს.

7. მე ვნახე აშკარად შემცოდე და საიდუმლოდ მონანული და ის, ვისაც მე განვიკითხავდი როგორც მეძავს, ღვთისთვის უკვე უმანკო იყო, რადგან თავისი მოქცევით შეაწყალა მას თავი.

8. ნურასოდეს შეგრცხვება მისი, ვინც შენი თანდასწრებით განიკითხავს მოყვასს, არამედ მიუგე: - კმარა, ძმაო, მე ყოველდღიურად უსასტიკეს ცოდვებში ვვარდები და როგორღა განვიკითხო იგი? - ამგვარად შენ ორ სიკეთეს მოიმოქმედებ და ერთი სალბუნით საკუთარ თავსაც განკურნავ და მოყვასსაც.

9. ეს შენთვის ცოდვების პატიების უმოკლესი გზაა. ე.ი. სრული განუკითხველობა, რადგან ნათქვამია: ნუ განიკითხავ და არა განიკითხნეთ (ლუკ. 6,37).

10. როგორც ცეცხლი ეწინააღმდეგება წყალს, ასევე არ არის მონანულის თვისება განსჯა.

11. რომც ნახო ვინმე, რომელიც თვით სულის ამოსვლის დროს სცოდავს, მაშინაც კი არ განსაჯო იგი, რადგან ღვთიური სამართალი კაცთათვის მიუწვდომელია.

12. ზოგიერთი უდიდეს ცოდვებში იმყოფება აშკარად, მაგრამ საიდუმლოდ მრავალი სათნოება აღასრულეს და ისინი, ვინც მათ განიკითხავდნენ, იმით შეცდნენ, რომ კვამლის დევნაში მზე ვერ იხილეს.

13. მისმინეთ მე, მისმინეთ, სხვათა საქმეთა ბოროტნო მსაჯულნო, თუ ჭეშმარიტია ის, რაც დანამდვილებით ჭეშმარიტია, რომლითა სასჯელითა განიკითხნენ მოყუასნი, მითვე სასჯელითა დაისაჯნეთ (მათ. 7,6). მაშინ ცხადია, რომ, რომელი ცოდვისთვისაც განიკითხავთ მოყვასს, სულიერი იქნება ის თუ ხორციელი, იმავ ცოდვაში თავად ვარდებით. და ეს სხვაგვარად არც ხდება.

14. მოყვასის ყველაზე მკაცრი და გულმოდგინე მსაჯულები განკითხვის სნეულებით შეპყრობილნი იმიტომ არიან, რომ საკუთარი ცოდვები არ ახსოვთ და არ ზრუნავენ მათ აღსახოცად. რადგან თუ ადამიანი ზუსტად, თავმოყვარეობის საბურველის გარეშე თავის ბოროტ საქმეებს დაინახავს, მაშინ იგი მიწიერზე არ იზრუნებს, რადგან მიხვდება, რომ საკუთარი თავის გამოსატირებლადაც არ ჰყოფნის დრო, თუნდაც ასი წელი იცხოვროს და მრადჟამს თვალთაგან იორდანის წყალზე უხვად გარდამომდინარე ცრემლს ხედავდეს.

15. მე ვაკვირდებოდი ჭეშმარიტი მოანნულის ცრემლებს და მათში ბოროტი სიტყვისა და განკითხვის კვალიც კი ვერსად შევნიშნე.

16. კაცისმკვლელი ეშმაკები აღგვძრავენ, რომ შევცოდოთ, ანდა თუ არ ვცოდავთ, მცოდველი განვიკითხოთ, რათა მეორეთი პირველი შევბილწოთ.

17. იცოდე, რომ ისიც ადამიანის ავმეხსიერებასა და შურიანობაზე მიუთითებს, თუკი ის ადვილად, სიამოვნებით განიკითხავს მოყვასის სწავლებას, სათნოებებსა და საქმეებს. იგი სიძულვილის სულითაა შეპყრობილი.

18. მინახავს ისეთი ადამიანები, რომლებიც ჩუმად, დაფარულად უმძიმეს ცოდვებს აღასრულებდნენ და ამასთან, სხვებზე უკეთესად მიაჩნდათ თავი და თავს ესხმოდნენ მათ, რომელბიც მსუბუქ, მაგრამ აშკარა ცოდვებში ვარდებოდნენ.

19. განსაჯო - ეს ნიშნავს უსირცხვილოდ მიიტაცო ღმერთის მხოლოდშობილი წოდება და განიკითხო - ნიშნავს დაღუპო საკუთარი სული.

20. როგორც ქედმაღლობა სხვა ვნებათა გარეშეც დაღუპავს ადამიანს, ასევე მხოლოდ განკითხვას, თავისთავად შეუძლია ჩვენი სრულიად წარწყმედა, რადგან ფარისეველიც სწორედ ამისთვის დაისაჯა.

21. როგორც კეთილი მევენახე მხოლოდ მწიფე ნაყოფს იგემებს, ხოლო მჟავეს დატოვებს, ასევე კეთილი და განმსჯელი გონება ყველაფერში სათნოებას იპოვის, თუკი მასში რამენაირად შეიძლება მისი დანახვა. უგუნური კაცი კი ცოდვასა და ნაკლს ეძებს. სწორედ მასზეა ნათქვამი: გამოიძიეს უსჯულოებანი და განიზრახეს გამოძიება გამოსაძიებელთა მათთა (ფს. 63.7). საკუთარი თვალითაც რომ იხილო მცოდველი, ნუ განსჯი, რადგან ხშირად თვალიც მატყუარაა.

საფეხური მეათე. ვინც მასზედ ავიდა, ის ან სიყვარულის მოღვაწეა, ან - გლოვისა.