არის გზაჯვარედინი,
არის გზა ოქრო-ფერი,
სად ერთმანეთს ხვდებიან
მეურმე და შოფერი.

და ერთმანეთს ღიმილით
გახედავენ გან-განა
ეხლა შემდურებული
ურემი და მანქანა.

მიჰქრის ავტომობილი,
ურმებს სწრაფად შორდება,
ძველი, ხანგადასული
გზა არ განმეორდება.

ისეთი დღეა, გული მხოლოდ
გრძნობით დათვრება.
ისეთი დღეა - გამარჯვებას
რომ ეკადრება!
მაგრამ უეცრად ყოველივე
მოიჩადრება,
რაღაც შემაკრთობს... და კვლავ ომი
მომენატრება.

ცას ვარსკვლავები მოჰფენოდენ
ბრწყინვალე ზეწრად,
მათთან ჩემს გრძნობებს სიხარულის
გზა მიმოეცრათ.
რა სივრცე იყო, რა სილაღე...
მაგრამ უეცრად -
გამახსენდები... და კვლავ ომი
მომენატრება.

ამგვარი არის ჩემი ყოფნა
დღითა და ღამით,
ის უკურნებლად დაიდაღა
ომების შხამით.
საუკუნით რომ ლაღი ვიყო,
მტერი ერთ წამით
გამახსენდება... და კვლავ ომი
მომენატრება.

ყოველ ქართველში ომის ტრფობა
ძველისძველია,
მეც ასეთი ვარ და ვერვისთვის
გამიმხელია.
სიცოცხლე მინდა. უშენოდ ის,
ოჰ, რა ძნელია.
გამახსენდები... და კვლავ ომი
მომენატრება.

ასე, ამგვარად... ეხლა დადიხარ
და შენს აღსასრულს გულმშვიდად ელი,
არ იცი, ვინ ხარ, არ იცი, რა ხარ,
რას მოგცემს შემდეგ ცხოვრება ძველი.
იცოდე, ერთი აუცდენელი
ბედი თავისით კარს მოგადგება
და წამთა თვისთა არგამცდენელი
ჩაიარს... დიდხანს აქ არ დადგება.