არც ერთ ეპოქას არ აქვს უფლება
გაესაუბროს ჩემსას თამამად,
მას მომავალი ეალუბლება
მხოლოდ გრიგალად, წვიმად, სამუმად.
გაუკვდავების ოცნებავ, მწირო,
გამვლელ-გამომვლელ წამთა ფერება
არ არის ეხლა შენთვის საჭირო -
რომ მოიპოვო ბედნიერება!

იყო ფიქრების ვალსი,
იდგა რკალები წყალზე,
არ ასვენებდა ღამეს
ფიქრი ერთ ლამაზ ქალზე.

თვალს არ ეკიდა ძილი,
მზეთა ვიყავით შვილი,
რისთვის დაგვარქვეს ნეტა
დემონიური წყვილი?!

მაგრამ ეს იყო სრული
ყრმობის სევდა და რული,
იმ სიყვარულის ცეცხლი,
იმ არსებობის გული.

მოხუცი პაპა
ბავშვებს რომ მკლავებს გვისინჯავდა
და შემდეგ დინჯად
ეტყოდა ახლო მდგომარ მეგობარს:
„დახედე ამ მკლავებს,
ვერ გასწევდა კახაბერობას?“
და ახლა ვფიქრობ:
მაგრამ რა უშავს,
ჯარისკაცობას ვინ ეტყვის უარს?
ვარ არმიელი, იმგვარი მუშა,
რომელიც წვრილმანს გვერდს ვერ აუარს.
როგორ არ ვიცით ეხლა გარჩევა,
დიდი საქმეა აქ თუ პატარა,
ის უნდა გაქრეს, ეს გადარჩება,
ეს გამომაჩენს და ის კი არა!
არმიელი ვარ. კლასთან პირობა:
მოძმესთან ძმობა, მტერთან მტერობა.
აი, რა არის ჩემი გმირობა
და ჩემი დიდი კახაბერობა!