არა იქ, სადაც სიხარულია -
არამედ - სადაც მეფობს მონება -
სადაც სუსტი და დაჩაგრულია -
მე მეძახოდა ზეშთაგონება.

არა ზეცა, არა ლანდი, არა ფერია,
შენ მიყვარდი, მაგრამ კარგი - არაფერია.

ძველისძველი მეგობარი, ღამის მთეველი
ისევ მოვა დანაკარგი... არაფერია.

გაიშლება მწუხარება შეულეველი,
შენის ხელით დანაქარგი... არაფერია.

შორეული ხომალდები, მთა და ტყე-ველი
იყოს ჩემი სულის სარკე... არაფერია.

მომკლას ღვინომ, მომკლას ღამემ, ყოფნა მტვერია,
მეტი ძებნა... მეტი ბარგი... არაფერია.

არა ერთი და ორი,
არა ორი და სამი,
მახსოვს ვარსკვლავი შორი
და განათების წამი.
შენ, გალაკტიონ, იცი,
რა დაუდევრად ჩქარა
ქრება ქალების ფიცი.
წყნარად იარე, წყნარად.
და მეგობრული ვერსად
ვერ გიპოვია თასი.
კმარა, პოლლიცე ვერსო!
რაა სიცოცხლის ფასი?
მაღალ ალვათა რიგნი
მთვარეს მწვერვალებს უხრის.
დახურულია წიგნი
უკანასკნელი მწუხრის.