და არის ქვეყნები სხვა,
რომელთაც არა აქვთ ზღვა,
ანუ არც მდინარე.

აქ კი ცად ასულა ფრთა,
უშორეს ტალღების მთა
თეთრი და მყინვარე.

ზღვა ჩვენი მრისხანე ომს
შეხვდა, ვით შეჰფერის ლომს,
არსმენილ განგაშით.

გრგვინვასა და ქუხილს სტეხს -
შეაწყდა გრიგალი მეხს
გემების კანკალში.

ჰკვეთავდა უნდოს და ნავსს
კრეისერს, წყალქვეშა ნავს,
მოქნეულ დაშნითა.

დალეწა ნაღმები მტრის,
და მაშინ დამშვიდდა ის...
ო, როგორ დამშვიდდა!

იგრძნობ ზღვად გასულთა ხმას,
სად იალქანი დგას
ალპიურ კარავის.

რას იტყვი? რა უნდა თქვა?
ვისა აქვს ჩვენსავით ზღვა?
არავის, არავის!

ციკლიდან „პაციფიზმი“

არ ცხრებოდა ზღვა იოტით -
მიმზიდველი სილამაზე,
ჩვენც ჭენებით მივდიოდით
ჟუმიეთის შარაგზაზე.

შორს რჩებოდა მინდორ-ველი
გაქანებულ ცხენებს ფეხმარდს,
მერე ცხენი მხნე ნაბიჯით
მიმოქნეულს შეჰყვა შეღმართს.

იშვიათად ნახავ სადმე
უკეთესს და კარგს ამაზე:
მწვერვალიდან ზღვას დაჰყურებს
ისევ იგი სილამაზე.

მთელი ღრიანცელი ყველა პოეტების,
დაუსრულებელი როცა კამათია -
არ ღირს იმ ერთ ცრემლად, თვალს რომ მოედების
და ღრმა მოგონებამ მე რომ დამათია,
მაგრამ დაცემული არვის ვენახვები:
თუმცა მრავალია გულში დაგუბული,
როგორც ყვავილები, როგორც ვენახები,
დაუსრულებელი სეტყვით დაღუპული.
შენ ნუ დაეცემი, შენ ნუ შეშინდები.
გულის უდაბნოსთან ბრძოლას ეგ არ იგებს.
ყველა ამაოა, ჯერ არ შებინდდება.
მხოლოდ გამარჯვება ბედთან შეგვარიგებს.