ერთი ჯავსნოსანი რეიდზე ისვენებდა. მსუბუქ ღელვას აყოლილი გუდურა ზედ ეხლებოდა ნაომარ გემს, დაუცხრომლად ებღლაძუნებოდა. ამ ამბავს უცქეროდნენ მოსეირნენი და იცინოდნენ უგუნური გუდურას თავხედობის გამო.
"რამ გადაგრია, ძია კაცო, - გადასძახა გზადგავლილმა კატორღამ გუდურას, - ერთი რომ შეგიბეროს, თვალსაწიერს გადაღმა გადაგტყორცნის ეს ჯავშნოსანი".
"ფიქრი არაა, - მიუგო გუდურამ, - ვიდრე ეს გემი ჩემზე ხელის გასვრას დააპირებდეს, ჯავშნოსანთან მებრძოლს შემარქმევს ხალხი".

მამაჩემს ვენახი ჰქონდა მდინარის გადაღმა, როცა ყურძენი მწიფობაში გადავიდა, დამავალა: ძაღლი გადაიყვანე გაღმა და ვენახში დააბიო.
მთელი ღამე დაუცხრომლად ყეფდა ძაღლი. დღისით ვამჩნევდი: ყურძენს იპარავდა ვიღაც.
მამამ მიბრძანა: ალბათ, ქურდები შემოგვეჩვიენ და დაბმული ძაღლი აბა, რას დააკლებსო მათ, აქებდა კიდევაც ჩვენს ფხიზელ მყეფარს.
მამაჩემის ბრძანებით ძაღლი ავუშვი, გვიან ღამით თოფიანად დავუდარაჯდი ქურდებს. მთვარიანი ღამე იყო და ვნახე: ძაღლი შუაგულ ვენახში შედიოდა, ერთს დაიყეფებდა... მისწვდებოდა ყურძენს, გადასანსლავდა, ისევ დაიყეფებდა...
ამ იგავის მორალი ასეთია: ზოგი კაცი თავათ ჩადის ავკაცობას და თავის დანაშაულის დასაფარავად მამაჩემის ძაღლივით უყეფს გამოგონილ დამნაშავეს.

მე სათუთი ვარ,
როგორც ქორფა ყვავილი ვაშლის,
ჩუმი და სათნო,
ვით ქურციკი ორიოდ კვირის,
ჩემს ნაზ ოცნებას
ერიდება ფრთებისა გაშლის,
და ჩემს ნაზ სულში
ცეცხლი ღვივის და ცეცხლი სტირის.