შემოდგომა ლამაზ წითელ-ყვითელ ფერებს
გადააბნევს ბალახს, გადააბნევს ხეებს,
აამღერებს ქარს და ღრუბლებს წვიმად დაცრის,
ფოლით მორთავს ქუჩებს, ნისლს ფარდებად გაშლის.
აივსება სევდით მდინარეთა ხმები,
ჩაეფლობა ფიქრში ბუმბერაზი მთები,
მდუმარება მოვა, დაიბუდებს ხევში,
ტყე ხანდახან როგორც ბერიკაცი ხვნეშის...
დაბნელდება... სუსხი იბატონებს ღამით,
და სიმკაცრით ალბათ შემაშინებს მაინც.
სიქათქათე წაშლის მერე ირგვლივ ყოველს...
ოღონდ ეხლა არა... გთხოვ, ნუ მიმატოვებ...


28.10.2007

მე მენატრები, მენატრები ისე ძალიან,
რომ სუნთქვა მეკვრის, თითქოს ვკვდები... თან მიხარია...
მიხარია, რომ შენ ხარ ჩემში.
მე მენატრები ისე ძლიერ, რომ უკვე მტკივა...
ჩემს დაღლილ სულში მზეც ჩავიდა, ისევ გაწვიმდა,
უშენობა ვიცი, რომ შემცვლის...
მე მენატრები... თუმცა ვიცი, აღარ ღირს ფიცად...
ეს ფიქრიც ჩემი გაყინული ცრემლებად იქცა
და შენ რჩები ჩემს ოცნებებში...
მომენატრები, მაგრამ ჩემთვის, შენ რომ ვერ იგრძნობ...
ჩავიკეტები მარტოდმარტო, ვერვინ ვერ მიცნობს...
შენზე დარდი უთუოდ შემშლის...


10.05.2007

გთხოვთ, მომეშველეთ, ისევ სევდით ვარ დათოვლილი,
გთხოვთ, გამაცილეთ ამა ქვეყნის უაყრო ხრიკებს,
ჩემსა სხეულში ჩამალულა სული ლტოლვილი
და ეს ცხოვრება სულ თანდათან ბოლოსაც მიღებს.
მე მეშინია უკვე ძლიერ ამ გულის ცემის,
მე მეშინია ყოველგვარი არსების ირგვლივ,
გთხოვთ, მომეშველეთ, დაასრულეთ სიცოცხლე ჩემი,
გაანადგურეთ ჩემში ყველა ოცნება, ფიქრი.
გთხოვთ, მომასვენეთ, გაიმეტეთ ცივი სამარე,
ნუღარ ერთობით ამ ნაწამებ სულის ყურებით,
სხეული- სულის ტანსაცმელი მიწით დაფარეთ,
მიწით დაფარეთ თვალებიც და დახშეთ ყურებიც.
და დამივიწყეთ, მოგონებებს ნუღარ დატვირთავთ,
ჩემი ხსოვნისთვის დაასველებთ ნუღარც სასმისებს...
გთხოვთ, დამეხმარეთ... მე ჩემს თავსაც აღარ ვარგივარ...
ნეტავ ცხოვრებავ, რატომ დამგმე და გამასხვისე?!


11.05.2007