ბარათი დ

პრესნაში ყოფნა გებრძანათ, ნახვა დარბაზის ხულისა,

წირვის მოსმენა ხშირ-ხშირად, ცხოვნება ბოლოს სულისა,

ჩემთვის სიჯაბნე გეზრახათ, მე ამან გამაგულისა,

მანდ არვინ გახლავსთ მამაცი, არც ვინმე მცოდნე სჯულისა.

მე უგუნური არ გახლდი, მაგრამ აწე ვარ ხელია,

დილეგში ხანგრძლივ ჯდომითა სრულ ცნობა გამომელია,

დღეს გავემართნე პრესნაში, მაგრამ ღაწვნი მაქვს სველია,

ვერვინ რას მარგებს დასტურად: ვერც მოსე, ვერცა ელია.

ბარათი ე

მიწყივ მბრუნავმან სოფელმან, მიმუხთლის, რაც რომ ვინები,

ვთქვი: მარგარიტი მოვიმკო, ბოლოს ხელთ დამრჩეს მინები,

მე აღარცა რას მოველი, არცა მაქვს მოსალხინები,

წარსრულვარ, გამოგსალმივარ, ღმერთმან თქვენ მოგცეს ლხინები.

პრესნაში ყველა დაჯაბნდა, მანდ ხომ ლომთა გაქვსთ ყრილობა,

როსტომის მსგავსად ომშია მრავალჯერ გამოცდილობა,

ღმრთისმეტყველების სკოლაში ბაასი, ყოვლთვის ცილობა,

თქვენ ლხინი, შვება, შექცევა, ჩვენ ღაწვთა ცრემლთა მილობა.

ერთხელ მეც გახლდი მამაცი, ჩემთა მებრძოლთა მზარავი,

შორით მომცემდნენ სალამსა, ქარი მიქროდა არავი,

პატრონის სამსახურზედა მსწრაფლი და დაუზარავი,

ბოლოს მიმუხთლა სოფელმან, გამხადა გაუხარავი.

ბარათი ვ

ვეღარ გახლავარ, პატრონო, ვეღარ ვჭამ თქვენთან სუპებსა,

აღარვინ მიწდევს ტკბილ ღვინოს, არც მიდგმენ «სირჩა-რუნკებსა»,

«კაპუსტასა» ვკებ, შეშას ვჭრი, ვიზახი ეპი-უპებსა,

სიბერით დასუსტებული, ცრემლსა ვღვრი ღაპა-ღუპებსა.

აღარც შეშა მაქვს, ზამთარმან წამომაყარა ბუქია,

გაჭირვებაში სიმხნე ჰხამს, რუსთველსაც ასე უქია,

ეს სწავლა მისთვის კარგია, ვინც უფრო ყმა-ჩაუქია,

არ ჩემებრ მოხუცებულსა წარსვლოდეს სიყმის შუქია.

ფერხთაც არ შემრჩა, რაღა ვქნა, თქვენი წყალობა ნალები,

დავხედავ, შოვნა არ ძალმიძს, ცრემლით მევსება თვალები.

ჩულიც არა მაქვს საზამთროდ, გულსა მედება ალები,

ნახეთ, სოფელმან რა მიყო, პრესნას მწუნობენ ქალები.