თავი პირველი

1. იყო ერთი კაცი ყუცის ქვეყანაში, სახელად იობი. ალალი, წრფელი, ღვთისმოშიში და ბოროტებას განრიდებული იყო ეს კაცი.

2. ჰყავდა მას შვიდი ვაჟი და სამი ასული.

3. ჰყავდა საქონელი - შვიდიათასი სული ცხვარი, სამიათასი აქლემი, ხუთასი უღელი ხარი, ხუთასი დედალი ვირი, უამრავი მსახური. აღმოსავლელთა შორის ყველაზე სახელოვანი იყო ეს კაცი.

4. სტუმრობდნენ ერთმანეთთან მისი ვაჟები და მორიგეობით მართავდნენ ლხინს, იწვევდნენ თავიანთ სამ დას, რომ ერთად ეჭამათ და ესვათ.

5. როცა ჩამოთავდებოდა ლხინის დღეები, გაგზავნიდა იობი და განწმედდა მათ; ადგებოდა დილაადრიანად, აღავლენდა აღსავლენ მსხვერპლს მათი რიცხვისდა მიხედვით, რადგან ფიქრობდა იობი, ვაითუ რამე შესცოდესო ჩემმა ვაჟებმა და დაჰგმესო ღმერთი თავიანთ გულში. მუდამ ასე იქცეოდა იობი.

6. ერთ დღეს მივიდნენ ღვთისშვილები უფლის წინაშე წარსადგომად. სატანაც მივიდა მათ შორის.

7. უთხრა უფალმა სატანას: საიდან მოდიხარ? მიუგო სატანამ უფალს და უთხრა: ქვეყნად წანწალიდან და ხეტიალიდან.

8. უთხრა უფალმა სატანას: თუ შეგინიშნავს ჩემი მორჩილი იობი? ხომ არავინ არის მისი მსგავსი ამ ქვეყანაზე? ალალი, წრფელი, ღვთისმოშიში კაცია, ბოროტებას განრიდებული.

9. მიუგო სატანამ უფალს და უთხრა: მერედა ტყუილუბრალოდ არის იობი ღვთისმოშიში?

10. განა შენ არ გყავს დაცული მთელი მისი სახლ-კარითა და საბადებლითურთ? მისი ხელით ნაქმნარი შენგან არის კურთხეული, მისი საქონელი გამრავლებულია ქვეყნად.

11. აბა, გაიწოდე ხელი და შეეხე მთელს მის საბადებელს, თუ პირში არ დაგიწყოს გმობა.

12. უთხრა უფალმა სატანას: აჰა, შენს ხელთ იყოს მთელი მისი საბადებელი! ოღონდ თავად მას ნუ შეეხები. და გავიდა სატანა უფლისგან.

13. ერთ დღეს, როცა მისი ვაჟები და ასულები ჭამდნენ და ღვინოს სვამდნენ უფროსი ძმის სახლში,

14. მოვიდა მაცნე იობთან და უთხრა: ხარები ხნავდნენ, სახედრები კი ძოვდნენ მის გვერდით;

15. დაეცნენ შებაელები და გაირეკეს, მსახური ბიჭები კი მახვილით ამოხოცეს. მე ერთი გადავრჩი ამბის მომტანი.

16. ამის ლაპარაკში იყო, რომ მოვიდა სხვა და ამბობს: ღვთის ცეცხლი ჩამოვარდა ციდან, გადაწვა ცხვარი და მსახური ბიჭები; შთანთქა ისინი. მე ერთი გადავრჩი ამბის მომტანი.

17. ამის ლაპარაკში იყო, რომ მოვიდა სხვა და ამბობს: ქალდეველები დაეწყვნენ სამ რაზმად, დაეცნენ აქლემებს და წაასხეს, და მახვილით ამოხოცეს. მე ერთი გადავრჩი ამბის მომტანი.

18. ამის ლაპარაკში იყო, რომ მოვიდა სხვა და ამბობს: შენი ვაჟები და ასულები ჭამდნენ და ღვინოს სვამდნენ უფროსი ძმის სახლში.

19. ამ დროს დაბერა უდაბნოდან დიდმა ქარმა, ეძგება სახლის ოთხსავე კუთხეს, ჭერი თავზე დაემხო ყმაწვილებს და დაიხოცნენ. მე ერთი გადავრჩი ამბის მომტანი.

20. ადგა იობი, შემოიხია მოსასხამი, გადაიპარსა თავი, დაეცა მიწაზე და თაყვანი სცა.

21. თქვა: შიშველი გამოვედი დედის მუცლიდან და შიშველი დავბრუნდები იქ. უფალმა მომცა, უფალმა წაიღო. კურთხეულ იყოს უფლის სახელი.

22. მაინც არ შეუცოდავს იობს და ღვთის აუგი არ დასცდენია.


თავი მეორე

1. ერთ დღეს მივიდნენ ღვთისშვილები უფლის წინშე წარსადგომად სატანაც მივიდა მათ შორის უფლის წინშე წარსადგომად.

2. უთხრა უფალმა სატანას: საიდან მოდიხარ? მიუგო სატანამ უფალს და უთხრა: ქვეყნად წანწალიდან და ხეტიალიდან.

3. უთხრა უფალმა სატანას: არ შეგინიშნავს ჩემი მორჩილი იობი? ხომ არავინ არის მისი მსგავსი ამ ქვენაზე? ალალი, წრფელი, ღვთისმოშიში კაცია, ბოროტებას განრიდებული. დღემდე სიალალით ინახავს თავს, შენ კი მაქეზებდი უმიზეზოდ დამეღუპა იგი.

4. მიუგო სატანამ უფალს და უთხრა: ტყავს ტყავის წილ, მაგრამ სიცოცხლის წილ ყველაფერს გაიღებს კაცი.

5. აბა, გაიწოდე ხელი და შეეხე თავად მას - მის ძვალსა და ხორცს, თუ პირში არ დაგიწყოს გმობა.

6. უთხრა უფალმა სატანას: აჰა, შენს ხელთ იყოს, ოღონდ მის სიცოცხლეს გაუფრთხილდი.

7. გავიდა სატანა უფლისაგან და შეჰყარა იობს საშინელი ქეცი ფეხის ტერფიდან თხემამდე.

8. აიღო იობმა კეცის ნატეხი მოსაქავებლად და ნაცარში ჩაჯდა.

9. უთხრა ცოლმა: ახლაც ეჭიდები შენს სიალალეს? ბარემ დაგმე ღმერთი და მოკვდი!

10. მიუგო: ერთი უგუნური დედაკაცივით ლაპარაკობ! სიკეთეს კარგად ვიტანთ უფლისაგან, ავის ატანა კი აღარ გვინდა! არც ახლა სცოდა იობმა თავისი ბაგეებით.

11. შეიტყო იობის სამმა მეგობარმა ყველა ეს უბედურება, რაც თავს დაატყდა იობს, და მივიდნენ თავ-თავიანთი ადგილებიდან ელიფაზ თემანელი, ბილდად შუხელი და ცოფარ ნაყამათელი; შეიყარნენ ერთად, რომ მისულიყვნენ მისასამძიმრებლად და სანუგეშებლად.

12. შორიდან გახედეს და ვერ იცნეს, ხმა აიმაღლეს და ატირდნენ. შემოიხია თითოეულმა თავისი მოსასხამი და თავს ზემოთ ცისკენ აპნევდნენ მტვერს.

13. ისხდნენ მის წინ მიწაზე შვიდი დღე და შვიდი ღამე, არავის არაფერი უთქვამს მისთვის, რადგან ხედავდნენ, რომ მეტისმეტი იყო მისი სატანჯველი.



თავი მესამე

1. მაშინ გახსნა იობმა ბაგე და დასწყევლა თავისი დღე.

2. ალაპარაკდა იობი და თქვა:

3. დაიქცეს ის დღე, როცა მე გავჩნდი, და ღამე, როცა ითქვა, კაცი ჩაისახაო!

4. დაბნელდეს ის დღე, აღარ მოხედოს მას უფალმა ზეგრდამო, აღარ ინათოს მასზე ნათელმა.

5. მოიცვას წყვდიადმა და აჩრდილმა სიკვდილისა, ღრუბელი გადაეფაროს, თავზე და დღის სიშავემ შეაძრწუნოს!

6. ბნელმა წაიღოს ის ღამე! არ გაიხაროს წლის დღეთა შორის! თვეთა რიცხვში აღარ ითვლებოდეს!

7. აჰა, გაბერწდეს ის ღამე, აღარ ეღირსოს სიხარული!

8. შეაჩვენონ დღის მაწყევართა, ლევიათანის გამღვიძებელთა!

9. დაბნელდნენ მისი განთიადის ვარსკვლავები, ელოდოს ნათელს და არ ჩანდეს, ვერ იხილოს ცისკრის წამწამები!

10. რომ საშოშივე არ ჩამიკეტა კარი და არ განმარიდა ამ სატანჯველს!

11. რატომ არ მოვკვდი დედის მუცელშივე? რატომ არ გავთავდი გამოსვლისთანავე?

12. რისთვის ამიქვეს მე მუხლებმა, რა იყო ის ძუძუ, რომელსაც ვწოვდი?

13. ახლაც ვიწვებოდი დამშვიდებული, ძილში ვიქნებოდი მოსვენებით!

14. მეფეებთან და ქვეყნის მრჩევლებთან, აკლდამებს რომ იშენებენ თავისთვის.

15. ან მთავრებთან, რომელთაც ოქრო აქვთ, ვერცხლით რომ ივსებენ სახლებს.

16. რატომ არ ვარ მკვდრადნაშობივით გადამალული, ჩვილივით, რომელსაც სინათლე არ უნახავს!

17. ბოროტეულნი იქ აღარ მძვინვარებენ, დამაშვრალნი იქ განისვენებენ;

18. იქ მშვიდად არიან ტყვეები, მჩაგვრელთა ყვირილი მათ არ ესმით;

19. იქ არიან დიდნი და მცირენი, იქ მონა ბატონისგან თავისუფალია.

20. რისთვის ეძლევა სინათლე ტანჯულს და სულგამწარებულს - სიცოცხლე,

21. სიკვდილის მონატრულთ და ვერმპოვნელთ, დამარხულ განძზე მეტად რომ ეძებენ;

22. უზომოდ გახარებულს, აღტაცებულს, საფლავის პოვნით,

23. კაცს, გზაგადაკეტილს, ღვთისაგან ალყაში მოქცეულს?

24. რადგან ოხვრა მაქვს საზრდოდ და წყალივით იღვრება ჩემი ქვითინი!

25. რადგან მეწია შიშისზარი, მე რომ მზარავდა; რასაც ვუფრთხოდი, თავს დამატყდა!

26. აღარც სიმშვიდე, აღარც შვება, არც მოსვენება; მოვიდა ვაება.


თავი მეოთხე

1. მიუგო ელიფაზ თემანელმა და უთხრა:

2. რომ ვცადოთ შენთან ლაპარაკი, ვაითუ დაგიმძიმდეს სატკივარი. მაგრამ ვის ძალუძს დადუმება?

3. შენ ხომ ბევრს არიგებდი ჭკუას და დაუძლურებულ მკლავებს განამტკიცებდი,

4. წაქცეულს ფეხზე აყენებდი შენი სიტყვით და ჩაკეცილ მუხლებს აღონიერებდი.

5. ახლა შენ დაგიდგა ჯერი და ილაჯი გაგიწყდა; შენ გეწია და შეძრწუნდი!

6. განა მოშიშება არ გქონდა სასოდ? განა შენი სიალალის იმედი არ გქონდა?

7. გაიხსენე, თუ ვინმე დაღუპულა უდანაშაულო, მართალნი თუ ამომწყდარან?

8. როგორც მინახავს, სიავის მხვნელნი და სიცრუის მთესველნი მასვე მოიმკიან.

9. უფლის სუნთქვაზე დაიღუპებიან და მისი რისხვის ქარზე გაწყდებიან.

10. ლომის ღრიალი მიწყდება და მხეცის კბილები შეიმუსრება;

11. ლომი უნადავლოდ დაიღუპება, ძუ ლომის ბოკვერნი გაიფანტებიან;

12. იდუმალ მომეპარა სიტყვა და ჩურჩული ჩამესმა ყურში;

13. ღამეულ ჩვენებებში ფიქრების დროს, როცა ძილბურანს მიაქვს კაცი,

14. შიშმა შემიპყრო და ყოველი ძვალი ჩემი შეაძრწუნა;

15. წინ ჩამიქროლა სულმა და ტანზე თმები ამებურძგლა.

16. შედგა, მაგრამ ვერ გავარჩიე მისი სახე, რაღაც ხატება იყო ჩემ თვალწინ, დუმილი და, აჰა, მერე ხმა გავიგონე:

17. ღმერთზე მართალია ადამიანი? თავის შემქმნელზე წმიდაა კაცი?

18. აჰა, თავის ყმებში შეაქვს ეჭვი და თავის ანგელოზებშიც კი პოულობს ნაკლს!

19. რაღა ითქმის თიხის სახლებში მცხოვრებლებზე, მტვერში რომ უდგათ საფუძველი? მღილებზე უმალ რომ იჭყლიტებიან?

20. დილასა და მწუხრს შორის რომ იღუპებიან, სამარადისოდ ქრებიან უსახელოდ?

21. აჰა, გაწყდება მათი სიცოცხლის ძაფი და უაზროდ დაიხოცებიან.


თავი მეხუთე

1. შეჰღაღადე, ვინ გიპასუხებს? წმიდათაგანს ვის მიმართავ?

2. უგუნურს ღუპავს ბრაზი, ბრიყვს შური კლავს.

3. მე ვნახე ფესვგადგმული უგუნური და მეყსეულად შევაჩვენე მისი ბინა.

4. შორს არიან მისი შვილები ხსნისაგან, კარიბჭესთან სცემეს მათ და არავინ იყო მშველელი.

5. რასაც მოიმკის, მშიერი შეუჭამს, ეკლებიდანაც კი ააცლიან. მწყურვალი კაცი შთანთქავს მათ დოვლათს.

6. რადგან სატკივარი მტვერიდან არ ამოდის და მიწიდან არ აღმოცენდება სატანჯველი.

7. ადამიანი სატანჯველად იბადება და ნაბერწკლებივით მაღლა მიისწრაფის.

8. ისევ ღმერთს დავეკითხები და ღმერთს მივანდობ ჩემს საქმეს,

9. შემოქმედს სიდიადეთა და გამოუკვლეველ საკვირველებათა, რომელთაც არა აქვს რიცხვი,

10. მაწვიმებელს მიწის პირზე და წყლის გამომგზვნელს ყანების პირზე,

11. რათა მდაბალნი აამაღლოს და დამწუხრებულნი ხსნად აღზევდნენ.

12. ის ფუშავს ცბიერთა ზრახვებს და მათი ხელები ვეღარ ასრულებენ ჩანაფიქრს.

13. ის იჭერს ბრძენკაცებს მათივე ცბიერებით და ხრიკიანთა თათბირი ფუჭი ხდება.

14. დღისით უკუნეთს აწყდებიან და ხელისცეცებით დადიან შუადღისას, როგორც ღამეში.

15. ის იხსნის ღატაკს მახვალისგან, მათი პირიდან და მაგარი ხელიდან.

16. ბეჩავი კაცი იმედით ცოცხლობს, უკეთურება კი პირს მუწავს.

17. აჰა, ნეტარია კაცი, რომელსაც ამხილებს ღმერთი! ყოვლადძლიერის შეგონებას ნუ უკუაგდებ!

18. ის წყლავს და ისევ უხვევს ჭრილობებს, ის ჰგვემს, მაგრამ კურნავს თავისივე ხელით.

19. ექვს განსაცდელში დაგიჭარავს და მეშვიდეგზის ბოროტება არ შეგემთხვევა.

20. შიმშილობის დროს სიკვდილისგან გიხსნის და ომში - მახვილისგან,

21. ენის შოლტს დაემალები და არ შეგეშინდება განადგურებისა, როცა კი მოვა.

22. განადგურებაზე და შიმშილზე გაგეცინება და მიწის მხეცებისა არ შეგეშინდება.

23. რადგან ყანის ქვებთან აღთქმა გექნება და ველის მხეცებთან მშვიდობაში იქნები.

24. დაინახავ, რომ მშვიდობაა შენს კარავში, თვალს მოავლებ შენს საცხოვრებელს და დანაკლისი არ გექნება.

25. დაინახავ, რომ გამრავლდა შენი მოდგმა და მიწის ბალახივითაა შენი ნაშიერი.

26. სისრულით ჩახვალ სამარეში, როგორც პურის ძნა შემოდის თავის დროზე.

27. აი, ეს არის, რაც გამოვიკვლიეთ, ეს ჭეშმარიტებაა! შეისმინე და იცოდე შენთვის!


თავი მეექვსე

1. მიუგო იობმა და უთხრა:

2. რომ აწონილიყო ჩემი წუხილი და ჩემი ტანჯვა ერთბაშად დადებულიყო სასწორზე,

3. ახლა ზღვის ქვიშაზე უფრო მძიმე იქნებოდა; ამიტომაც სიმწრით არის სავსე ჩემი სიტყვები.

4. რადგან ჩარჭობილი მაქვს ყოვლადძლიერის ისრები და შხამს წოვს ჩემი სული. ღვთის საშინელებებმა შემომიტიეს.

5. ყროყინებს გარეული ვირი საბალახოზე? თუ ბღავის ხარი თავის თივის წინ?

6. თუ ჭამენ უგემურს, უმარილოს? თუ არის რაიმე გემო კვერცხის ცილაში?

7. გული არ მიმდის, ისეთი საძაგელია ჩემი პური.

8. ნეტავ ახდებოდეს ჩემი ნატვრა და გამიმართლებდეს იმედს ღმერთი!

9. ნეტავ ინებებდეს ღმერთი და დამლეწავდეს, აუშვებდეს ხელს და გამკვეთავდეს!

10. იქნებოდა კიდევ ნუგეში და უწყალო სატანჯველში ვინეტარებდი, რადგან არ უარმიყვია წმიდის სიტყვები.

11. რა არის ჩემი ძალა, რომ დავენდო? რა არის ჩემი ბოლო, რომ დავითმინო?

12. განა ქვის ძალაა ჩემი ძალა, განა სპილენძია ჩემი ხორცი?

13. აღარ არის იმედი ჩემში, წარკვეთილი მაქვს გადარჩენის სასო.

14. გაწამებულს მეგობრისგან აქვს წყალობა, თუნდაც დაივიწყოს ყოვლადძლიერის შიში.

15. ჩემი მოძმენი მუხანათობენ ხევებივით, ხევების ღვარივით მიედინებიან.

16. ყინულისგან ჩაშავებულნი, მათ ქვეშ თოვლი იმალება.

17. გადნებიან და გაქრებიან; დააცხუნებს და ადგილზევე აორთქლდებიან,

18. იცვლიან კალაპოტებს, გადიან უდაბნოში და იკარგებიან,

19. თემას გზებს გაჰყურებენ, შებას სავალნი ელოდება მათ;

20. შერცხვებიან, იმედი რომ ჰქონდათ, მივლენ იქ და გაფითრდებიან.

21. რადგან ახლა არარაობა ხართ, იხილეთ საშინელება და შეძრწუნდით,

22. ხომ გითხარით, მომიტანეთ-მეთქი, თქვენი დოვლათიდან გაიღეთ-მეთქი ჩემი გულისთვის,

23. დამიხსენით მტრის ხელიდან და მძლავრთა ხელიდან გამომისყიდეთ,

24. მასწავლეთ და დავდუმდები, გამაგებინეთ ჩემი ბრალი-მეთქი.

25. როგორ ჭრის მართალი სიტყვა! მაგრამ რა ძალა აქვს თქვენს საყვედურებს?

26. როგორ შეთხზავთ სასაყვედურო სიტყვებს! ქარს მიაქვს სასოწარკვეთილის ნათქვამი.

27. ობოლზეც კი წილსა ყრით და ძირს უთხრით თქვენს მეგობარს.

28. ახლა კი მომხედეთ მე, თუ ვიცრუო თქვენს წინაშე.

29. მობრუნდით, არ იქნება ტყუილი! ჰო, მობრუნდით, ჩემი სიმართლეა აქ!

30. აბა თუ არის ჩემს ენაზე ტყუილი? თუ ვერ ხვდება ჩემი სასა ბოროტებას?


თავი მეშვიდე

1. კაცის ცხოვრება ჯარის სამსახურია ამქვეყნად, მისი დღეები ქირისკაცის დღეებია.

2. როგორც მონას სწყურია ჩრდილი და როგორც ქირისკაცი ელის გასამრჯელოს,

3. ასე მხვდა წილად ფუჭი თვეები და მძიმე ღამეები მომეთვალა.

4. თუ ვწევარ, ვამბობ, როდის ავდგები? გრძელია ღამე და გამძღარი ვარ ფორიაქით განთიადამდე;

5. მატლებით არის ჩემი ხორცი შემოსილი და მიწის მტვერით, სკდება ჩემი კანი და იხრწნება;

6. ჩემი დღეები ჯარაზე სწრაფია და უიმედოდ იწურებიან;

7. გახსოვდეს, ქარია ჩემი სიცოცხლე, არ მობრუნდება ჩემი თვალი სიკეთის სანახავად;

8. ვეღარ მიხილავს ჩემი დამნახველი თვალი, თვალს მომკრავ და, აჰა, აღარა ვარ!

9. განქარდება ღრუბელი და მიდის, ასე ჩადის შავეთში და აღარ ამოდის,

10. აღარ ბრუნდება თავის სახლში და ვეღარ ცნობილობს მას მისი ადგილი.

11. მეც აღარ დავაყენებ ჩემს პირს, ვილაპარაკებ სულშეჭირვებული, ვიღაღადებ სიცოცხლეგამწარებული.

12. განა ზღვა ვარ ან გველეშაპი, ყარაული რომ დამიყენე?

13. როცა ვიტყვი, მანუგეშებს ჩემი საწოლი-მეთქი, ამატანინებს მწუხარებას ჩემი სარეცელი-მეთქი,

14. მაშინ მაფრთხობ სიზმრებით და მოჩვენებებით მაშინებ,

15. დახრჩობას ირჩევს ჩემი სული და სიკვდილს - ჩემი ძვლები!

16. მომძულდა! არ ვიცოცხლებ სამარადისოდ. დამეხსენი, რადგან ფუჭია ჩემი სიცოცხლე.

17. რა არის ადამიანი, რომ ასე განადიდე და მისკენ მიგიპყრია გულისყური?

18. რომ მოინახულებ ყოველ დილით და გამოსცდი ყოველ წამს?

19. როდის მომაშორებ მზერას, როდის მომეშვები, რომ ნერწყვი მაინც გადავყლაპო?

20. თუ შევცოდე, შენ რა დაგიშავე, ადამის მოდგმის მცველო? რისთვის დამისვი შენს სამიზნედ, რისთვის შევიქენი ტვირთად ჩემივე თავისთვის?

21. რატომ არ მომიტევებ შეცოდებას და არ წარმიხოცავ დანაშაულს? რადგან ახლა მიწაში რომ ვიწვე, დილით დამიწყებდი ძებნას და აღარ ვიქნებოდი.


თავი მერვე

1. მიუგო ბილდად შუხელმა და უთხრა:

2. როდემდე უნდა ლაპარაკობდე ასე? ამოვარდნილი ქარია შენი ბაგის სიტყვები.

3. შეცვლის ღმერთი სამართალს? შეცვლის ყოვლადძლიერი სიმართლეს?

4. შენმა შვილებმა შესცოდეს მას და მანაც ხელში ჩაუგდო ისინი მათსავე დანაშაულს.

5. თუ შენ ღმერთისკენ მიისწრაფი და შეწყალებას ევედრები ყოვლადძლიერს,

6. თუ სუფთა და წრფელი ხარ, ის ახლავე იფხიზლებს შენთვის და შენს უმწიკვლო საცხოვრებელს აღგიდგენს.

7. და თუ შენი დასაბამი მცირე იყო, შენი საბოლოო დიდად გაიზრდება.

8. ერთი შეეკითხე გარდასულ თაობებს და ყურად იღე მამა-პაპის სიბრძნე.

9. (რადგან გუშინდელნი ვართ ჩვენ და არაფერი ვიცით, რადგან ჩრდილია ჩვენი დღეები ამ ქვეყანაზე).

10. განა არ დაგმოძღვრავენ და არ გეტყვიან, და გულიდან არ აღმოუტევებენ სიტყვებს?

11. თუ იზრდება ლერწამი უჭაობოდ? თუ ამოდის შამბნარი უწყლოდ?

12. ვიდრე ნედლია, არ ჭრიან და ყველა ბალახზე ადრე ჭკნება.

13. ასეთი ბოლო აქვს ყველას, ღვთის დამვიწყებელს, და უკეთურის მოლოდინი გაქარწყლდება,

14. მისი სასო წარიკვეთება და მისი იმედი ობობას სახლია;

15. დაენდობა თავის სახლს და ვერ გაუძლებს, მოეჭიდება და ვერ დაიჭერს;

16. ამწვანებულია მზის გულზე და მთელს ბაღზე გადმოშლილი აქვს ტოტები;

17. ქვების გროვაში იხლართება მისი ფესვები, ლოდებს შორის დაუდევს ბინა;

18. თუ ამოგლიჯეს თავისი ადგილიდან, უარყოფს მას, არასოდეს მინახიხარო.

19. აჰა, წარხდა სიხარული მის გზაზე! მიწიდან კი სხვა აღმოცენდება.

20. იცოდე, ღმერთი არ შეიძულებს უმწიკვლოს და ხელს არ აღუპყრობს ბოროტისმოქმედთ!

21. კიდევ აგივსებს პირს ღიმილით და ბაგეებს მხიარული ყიჟინით.

22. შენი მოძულენი სირცხვილს შეიმოსენ და უკეთურთა კარავი განქარდება.


თავი მეცხრე

1. მიუგო იობმა და თქვა:

2. ნამდვილად! ვიცი, რომ ასეა. როგორ უნდა ემართლებოდეს ადამიანი ღმერთს?

3. თუ ვინმე გაუმართავს დავას, ათასში ერთზეც კი ვერ გასცემს პასუხს.

4. გულბრძენია და ძალამორჭმული, ვინ გაჯიუტებია მას და მრთელი დარჩენილა?

5. მან შეძრა მთები ისე, რომ არავინ უწყის; მან დაამხო ისინი თავისი რისხვით;

6. მან მოარყია დედამიწა თავისი ადგილიდან და ირხევიან მისი სვეტები;

7. ეტყვის მზეს და არ ამოდის, ვარსკვლავებს ეფარება;

8. მან ერთმა გაშალა ცა და მიაბიჯებს ზღვის ხერხემალზე;

9. მან შექმნა გუთანი, ორიონი და ხომლი და სამხრეთის პალატები,

10. მან შექმნა გამოუკვლეველი დიდებულებანი და ურიცხვი საკვირველებანი.

11. აჰა, გადაივლის ჩემს თავზე და მე ვერ ვხედავ, ჩაივლის და ვერ შევამჩნევ;

12. აჰა, მოიტაცებს და ვინ არის დამკავებელი? ვინ ეტყვის: რას აკეთებ?

13. ღმერთი არ შეაბრუნებს თავის რისხვას, მის ქვეშ ემხობიან რაჰაბის თანამდგომნი.

14. როგორ შევეპასუხო, როგორ შევარჩიო მისთვის სათქმელი?

15. მართალიც რომ ვიყო, არ შევეპასუხები, მხოლოდ შევევედრები ჩემს მსაჯულს.

16. თუ შევღაღადებდი და პასუხს გამცემდა, არ დავიჯერებდი, რომ მან ყურად იღო ჩემი ხმა.

17. გრიგალივით მლეწავს და უმიზეზოდ მიმრავლებს ჭრილობებს;

18. სულს არ მათქმევინებს, არამედ მაძღობს სიმწარით;

19. თუ ძალზე მიდგა, აჰა, ძლიერია! თუ სამართალზე - ვინ მოსთხოვს პასუხს?

20. მართალიც რომ ვიყო, ჩემივე ბაგეები გამამტყუნებენ; უმწიკვლოც რომ ვიყო, გამაშავებენ.

21. უმწიკვლო ვარ, მაგრამ არად ვაგდებ ჩემს თავს: სიცოცხლე მომძულდა.

22. სულერთია, ამიტომაც ვამბობ: უმწიკვლოს და ბოროტს ერთნაირად ღუპავს იგი.

23. როცა კლავს შოლტი ანაზდეულად, უბრალოთა განსაცდელს დასცინის იგი.

24. ქვეყანა ბოროტის ხელშია, ის უფარავს სახეს მის მსაჯულებს; თუ ის არ არის, მაშ ვინღა არის?

25. ჩემი დღეები მორბედის უსწრაფესია, გარბიან, სიკეთე არ უნახავთ;

26. მიქრიან ლერწმის ნავებივით, არწივივით, საკვებისკენ რომ მიისწრაფის.

27. თუ ვიტყვი, მოვეშვები ჩემს ჩივილს, უკუვიყრი მწუხარებას და გავმხნევდები-მეთქი,

28. მაინც მაშინებს ყველა ჩემი სატანჯველი, ვიცი, მაინც არ გამამართლებ.

29. მე გავმტყუნდები! რისთვის უნდა დავშვრე ამაოდ?

30. თუნდაც თოვლის წყალში განვიბანო თავი, თუნდაც ნაცარტუტით გავითეთრო ხელები,

31. მაშინაც კი ორმოში ჩამძირავდი და ჩემსავე სამოსელს შევზიზღდებოდი;

32. რადგან ის ჩემსავით ადამიანი კი არის, რომ პასუხი მივაგო და ერთად წავიდეთ სამსჯავროში.

33. არ არის ჩვენს შორის შუამავალი, რომ ორივეს დაგვადოს თავისი ხელი.

34. გამარიდოს თავის კვერთხი და ნუღარ შემზარავს მისი შიშისზარი!

35. მაშინ ვილაპარაკებდი და არ შემეშინდებოდა მისი, რადგან ასე არა ვარ ჩემს თავთან.


თავი მეათე

1. მოსძაგდა ჩემს სულს სიცოცხლე, უნდა ვიგლოვო ჩემი თავი, უნდა ვილაპარაკო სულგამწარებულმა.

2. ვეტყვი ღმერთს: ნუ მადანაშაულებ! მაცოდინე, რისთვის მედავები?

3. კარგია შენთვის, რომ თრგუნავ, რომ მოიძულე შენ ხელთა ქმნილება და ბოროტეულთა რჩევით ანათებ?

4. ნუთუ შენც ხორციელი თვალები გაქვს? ნუთუ შენც ადამიანივით იყურები?

5. განა ადამიანის დღეებივითაა შენი დღეები? განა შენი წლები კაცის დღეებივითაა?

6. რას ეძებ ჩემს დანაშაულს? ჩემს ცოდვებს რას კითხულობ?

7. ხომ იცი, რომ არ შემიცოდავს, მაგრამ შენი ხელიდან ვერავინ მიხსნის.

8. შენმა ხელებმა გამომსახეს და შემქმნეს მე ყველაფერთან ერთად, რაც გარს მარტყია, და შენვე გამანადგურე.

9. გაიხსენე, თიხისგან რომ შემქმენი და მტვრად რომ მაქცევ!

10. განა რძესავით არ გადმომღვარე და ყველივით არ შემადედე?

11. ტყავითა და ხორცით შემმოსე, ძვლებითა და ძარღვებით მომქსოვე.

12. სიცოცხლე და წყალობა მოავლინე ჩემზე და შენი ზრუნვა ინახავდა ჩემს სულს.

13. ეს გქონდა დაფარული გულში; მივხვდი, რომ ეს შენთან იყო.

14. როცა შევცოდე, დამიდარაჯდი და არ მომიტევე დანაშაული.

15. თუ დამნაშავე ვარ, ვაიმე ჩემს თავს! თუ მართალი ვარ, თავს ვერ ვწევ მაღლა, რადგან სავსე ვარ სირცხვილით. ნახე ჩემი სივაგლახე!

16. წამოვიწევი და ლომივით მედევნები, კვლავ და კვლავ სასწაულებს ახდენ ჩემზე.

17. განაახლებ მოწმეებს ჩემს წინააღმდეგ და უფრო და უფრო მრისხანებ ჩემზე; ჯარი მოდის და მოდის ჩემს წინააღმდეგ.

18. რისთვის გამომიყვანე დედის საშოდან? მოვმკვდარიყავი, რომ არავის თვალს არ ვეხილე!

19. ვყოფილიყავი როგორც არყოფილი, საშოდან საფლავში ჩავსულიყავი.

20. ხომ დღემოკლე ვარ? დამაყენე, მომეშვი, რომ გავიხარო ცოტათი მაინც,

21. სანამ წავიდოდე უკანმოუქცევლად ბნელეთისა და შავეთის ქვეყანაში,

22. წყვდიადის ქვეყანაში, როგორც შავეთის უკუნეთში, სადაც არ არის წესრიგი და ნათობს უკუნი.


თავი მეთერთმეტე

1. მიუგო ცოფარ ნაყამათელმა და უთხრა:

2. განა ბევრ სიტყვას პასუხი არ გაეცემა? განა მჭევრმეტყველება კაცს ამართლებს?

3. შენი ფუჭსიტყვაობა ჩააჩუმებს ადამიანებს? დაცინვას მოჰყვები და არავინ იქნება შემარცხვენელი?

4. შენ ამბობ, მართლად განვსჯიო და სუფთა ვართო მის თვალში.

5. ნეტავ ღმერთი ალაპარაკდებოდეს და გახსნიდეს ბაგეებს შენს მიმართ!

6. გაგიცხადებდა სიბრძნის საიდუმლოებებს, რადგან ორგემაგეა სიბრძნე. იცოდე, რომ დაივიწყა ღმერთმა ზოგიერთი შენი შეცოდება.

7. ჩასწვდები შენ ღვთის სიღრმეს? ჩასწვდები ყოვლადძლიერის სრულყოფილებას?

8. ცათა მწვერვალებია, რა გამოგივა? ქვესკნელზე უღრმესია, რას შეიცნობ?

9. დედამიწაზე გრძელია ზომით და ზღვაზე ვრცელი.

10. თუ ჩაივლის, დაატუსაღებს და მსჯავრს დასდებს - წინ ვინ აღუდგება?

11. რადგან ის ცნობს ცრუ ხალხს; ის ხედავს ბოროტებას და იმახსოვრებს.

12. ქარაფშუტა კაცი განისწავლება და ველური ვირის ჩოჩორიც კი ადამიანად იქცევა!

13. თუ შენ განაწყობ შენს გულს და განაპყრობ ხელებს მის მიმართ,

14. თუ ცოდვა აქვს შენს ხელს, განიშორე და არ დაასადგურო უკეთურება შენს კარვებში,

15. მაშინ აღმართავ შენს სახეს უმწიკვლოდ, განმტკიცდები და შიში არ გექნება.

16. რადგან დაგავიწყდება ტანჯვა-წამება, როგორც ჩავლილ წყალს, ისე გაიხსენებ;

17. შუადღესავით ინათებს წუთისოფელი და ბნელი დილასავით იქნება;

18. დამშვიდდები, რადგან არის სასო, დასადგურდები და იმედიანად დაიძინებ;

19. იწვები და არავინ შეგაშინებს, მრავალნი დაგიწყებენ პირფერობას.

20. ბოროტმოქმედთა თვალნი დაივსებიან, დაეკარგებათ თავშესაფარი და გაქარწყლდება მათი იმედები.


თავი მეთორმეტე

1. მიუგო იობმა და უთხრა:

2. ნამდვილად! რადგან ხალხნი ხართ, თქვენთან ერთად მოკვდება სიბრძნეც.

3. მეც თქვენსავით მაქვს გონება, თქვენზე ნაკლები არც მე ვარ. ვის არ გაუგონია მსგავსი ამბები?

4. მოყვასის დასაცინი შევიქენი მე, ღვთის მხმობელი და მისგან პასუხნაცემი; დასაცინი შევიქენი მართალი, წაფელი.

5. სირცხვილის მაშხალა ამპარტავნის ფიქრებს! სიმტკიცე ფეხმობარბაცეს!

6. სიმშვიდე სუფევს მძარცველთა კარვებში და უშიშრად არიან ღვთის მგმობელნი, ვინც ღმერთი მოიყვრა თავისი ხელით;

7. ერთი ჰკითხე პირუტყვს და გასწავლის, ცის ფრინველს და გამცნობს.

8. ანდა შესჩივლე მიწას და გასწავლის, მოგახსენებენ ზღვის თევზები.

9. ვინ არ იცის ყველა ამათ შორის, რომ ღვთის ხელმა შექმნა ეს?

10. ვის ხელშიც არის ყოველი სულდგმულის სამშვინველი და მთელი კაცთა მოდგმის სული?

11. განა ყური არ განიცდის სიტყვას და სასა არ გრძნობს საჭმლის გემოს?

12. განა მოხუცებშია სიბრძნე და დღეგრძელებში ჭკუა?

13. მასთან არის სიბრძნე და ძალი, მისია რჩევა და ჭკუა.

14. აჰა, დაანგრევს და ვეღარ აშენდება, ჩაკეტავს კაცს და ვეღარ დაიხსნება.

15. დააკავებს წყლებს და დაშრებიან, გაუშვებს და მიწას დაღარავენ.

16. მასთან არის ძალი და ძლევა, მისია ცთუნებული და მაცთუნებელი.

17. მრჩეველნი ტყვედ მიჰყავს, მსაჯულებს აბრიყვებს;

18. მეფეებს სარტყელს შემოახსნის და წელზე ძონძებს შემოარტყამს;

19. ტყვედ მიყავს მღვდლები და ამხობს ძალმოსილთ;

20. ართმევს მეტყველებას, სარწმუნო ხალხს და გაგების უნარს მოხუცებულებს;

21. თავსლაფს ასხამს დიდებულებს და ძლიერებს სარტყელს უმსუბუქებს;

22. აცხადებს იდუმალებებს წყვდიადიდან და სინათლეზე გამოჰყავს ბნელი;

23. აძლიერებს ხალხებს და ანადგურებს, განავრცობს ხალხებს და უძღვება;

24. ჭკუას ურევს ქვეყნის ერის თავკაცებს და უგზოუკვლო უდაბნოში ახეტიალებს;

25. ხელის ცეცებით დადიან ბნელში უსინათლოდ, მთვრალებივით ახეტიალებს.


თავი მეცამეტე

1. ეს ყველაფერი იხილეს ჩემმა თვალებმა, ისმინდა ყურმა და მიხვდა.

2. რაც თქვენ იცით, მეც ვიცი, არც მე ვარ თქვენზე ნაკლები.

3. მაინც მინდა ველაპარაკო ყოვლადძლიერს და მსურს მოვახსენო ჩემი სამხილი.

4. თქვენ კი სიცრუის მთხზველები ხართ, უვარგისი მკურნალნი ხართ ყველანი.

5. დადუმდებოდეთ მაინც! ეს იქნებოდა თქვენი სიბრძნე.

6. ისმინეთ ჩემი სამხილი და ჩემი ბაგეების საჩივარი გაიგონეთ!

7. ღვთის გამო ლაპარაკობთ ტყუილს, მის გამო ლაპარკობთ სიცრუეს?

8. უნდა მიკერძოებოდით მას, ღმერთს უნდა გამოსარჩლებოდით?

9. მოგეწონებათ, რომ გამოგჩხრიკოთ? ისე მოატყუებთ, როგორც ადამიანები ტყუვდებიან?

10. ის მაინც გამხილებთ, მალულადაც რომ პირმოთნეობდეთ.

11. ნუთუ მისი სიდიადე არ გაშინებთ და მისი შიშისზარი არ დაგცემიათ თავზე?

12. თქვენი შეგონებები ნაცრის არაკებია, თქვენი საყრდენი თიხის საყრდენია;

13. დადუმდით და მე მალაპარაკეთ, მერე რაც მომივა, მომივიდეს!

14. რისთვის უნდა ვზიდო ჩემი ხორცი ჩემივე კბილებით, რისთვის მეჭიროს ჩემი სული ჩემივე ხელებით?

15. კიდეც რომ მომკლას, მასზე ვარ დანდობილი - მაინც დავიცავ ჩემს გზებს მის წინაშე.

16. ისიც ხსნა იქნება ჩემთვის, რომ უღვთო კაცი არ მივა მის წინაშე.

17. გაიგონეთ ჩემი სიტყვა და ყური უგდეთ ჩემს ნათქვამს;

18. აჰა, განმიცხადებია, ჩემი სარჩელი: ვიცი, რომ გავმართლდები.

19. ვინ არის ჩემი მოდავე? რადგან მაშინ დავდუმდებოდი და გავთავდებოდი.

20. ოღონდ ამ ორს ნუ მიზამ და შენს სახეს არ დავემალები:

21. შენი ხელი მომარიდე და შენი ზარი ნუ შემაძრწუნებს.

22. მიხმე და მოგიგებ, ან მე ვილაპარაკებ და შენ მიპასუხე.

23. რამდენი დანაშაული და ცოდვა მაწევს? მაცოდინე ჩემი ბრალი და ცოდვა!

24. რისთვის მიმალავ სახეს და რისთვის შეგირაცხივარ შენს მტრად?

25. მოფარფატე ფოთოლს აფრთხობ და გამხმარ ჩალას სდევნი?

26. რადგან მწარე ამბებს მაწერ თავზე და სიყმაწვილის დროინდელ ცოდვებს მითვლი;

27. ხუნდებში გამაყოფიე ფეხები და ჩემს გზა-სავალს ყარაულობ;

28. ის კი იხრწნება, როგორც მძორი, როგორც ჩრჩილისაგან შეჭმული სამოსელი.


თავი მეთოთხმეტე

1. კაცი, ქალის ნაშიერი, დღემოკლეა და სავსეა მღელვარებით;

2. ყვავილივით გამოდის და ჭკნება; ჩრდილოეთით გარბის და კვალს არ ტოვებს.

3. და მაინც თვალს აპყრობ მას და განსასჯელად მიგყავარ შენთან?

4. ვინ შექმნის წმიდას უწმიდურისგან? არავინ.

5. თუ დასაზღვრულია მისი დღეები, თუ დათვლილი გაქვს მისი თვეები, თუ საზღვარი დაუდგინე და ვერ გადავა,

6. დაეხსენი, ნებაზე მიუშვი, რომ ქირისკაცივით გაიხაროს თავისი დღით.

7. რადგან ხესაც აქვს იმედი - თუ მოჭრიან, კვლავ განახლდება, და ყლორტები არ მოაკლდება.

8. თუ დაუბერდა მიწაში ფესვი და ღერო ჩაუკვდა ნიადაგში,

9. წყლის სუნზე კვლავ აყვავდება და ყლორტებს გამოყრის როგორც ახალნერგი.

10. მაგრამ კაცი კვდება და ძლეულია; სულს ამოუშვებს ადამიანი და სადღა არის?

11. წყალი გაედინება ზღვიდან, მდინარე იწრიტება და შრება,

12. ადამიანიც დაწვება და ვეღარ ადგება; ცათა აღსასრულამდე ვერ გაიღვიძებენ, ვერ გამოიფხიზლებენ ძილისაგან.

13. ოჰ, ნეტავ ქვესკნელში დამმალავდე, შემინახავდე, ვიდრე შენი რისხვა გადაივლიდეს! დროს დამინიშნავდე და მერე გამიხსენებდე!

14. თუ მოკვდა კაცი, განა კვლავ იცოცხლებს? მთელი ჩემი მაშვრალობის დღეები დაველოდებოდი ჩემი ფერისცვალების დადგომამდე;

15. დამიძახებდი და მეც ხმას გაგცემდი, შენ ხელთა ქმნილება მოგენატრებოდა.

16. თუ ახლა ჩემს ნაბიჯებს ითვლი, მაშინ ჩემს ცოდვებს აღარ დაუდარაჯდებოდი.

17. დაიბეჭდებოდა გრაგნილში ჩემი შეცოდება და წარხოცავდი ჩემს დანაშაულს.

18. მაგრამ დაცემული მთა ხომ ირღვევა და კლდე ცურდება თავის ადგილიდან!

19. ქვებს აცამტვერებს წყალი, ნიაღვარი გადარეცხავს მიწას, ადამიანის იმედს კი შენ წარხოცავ.

20. ძლევ მას საბოლოოდ და მიდის ის; სახეს შეუცვლი და გაისტუმრებ.

21. პატივში იქნებიან მისი შვილები, მან კი არ უწყის; დამცირდებიან, ვერაფერს მიხვდება.

22. მხოლოდ თავისი სხეული სტკივა მას და საკუთარ თავზე გლოვობს.


თავი მეთხუთმეტე

1. მიუგო ელიფაზ თემანელმა და უთხრა:

2. ფუჭ რჩევას უნდა იძლეოდეს ბრძენი? აღმოსავლეთის ქარით უნდა ივსებდეს მუცელს?

3. უნდა უცილობლობდეს უსაფუძვლო ლაპარაკით და ფუჭი სიტყვებით?

4. შენ აქარწყლებ ღვთისმოშიშებას და ამცრობ ლოცვას მის წინაშე.

5. რადგან უკეთურება წვრთნის შენს ბაგეებს და ცბიერთა ენა აგირჩევია;

6. შენივე ბაგე გდებს ბრალს; მე კი არა, შენი პირი იმოწმება შენს წინააღმდეგ,

7. პირველშობილი ხომ არა ხარ კაცთა შორის, ბორცვებზე უწინარეს ხომ არ შექმნილხარ?

8. ღვთის საიდუმლო ხომ არ მოგისმენია და სიბრძნე ხომ არ მოგიხვეჭია?

9. რა იცი ისეთი, რაც ჩვენ არ ვიცით? რას მიხვდი ისეთს, რაც ჩვენთან არ არის?

10. თმათეთრიც და მოხუცებულიც არის ჩვენს შორის, მამაშენზე უხსენი.

11. გეცოტავება ნუგეში ღვთისგან? ან იქნებ რაღაც საიდუმლო სიტყვაა შენთან?

12. საითკენ გეწევა გული და რას ახამხამებ თვალს?

13. რას მიგიმართავს შენი სული ღვთის წინააღმდეგ და რა სიტყვები ამოდის შენი პირიდან?

14. რა არის კაცი, რომ სუფთა იყოს? ან მართალი იყოს დიაცის ნაშობი?

15. აჰა, თავისი ანგელოზებისაც არა სწამს მას და ზეცაც კი არ არის სუფთა მის თვალში!

16. რამდენად ბილწი და გახრწნილია კაცი, წყალივით რომ სვამს უკეთურებას!

17. გეტყვი და მომისმინე, გიამბობ, რაც ვნახე,

18. რაც ბრძენებს შეუტყვიათ და არ დაუმალავთ თავისი მამა-პაპისგან განაგონი;

19. მხოლოდ მათ მიეცათ ქვეყანა და უცხოს არ გაუვლია მათ შორის;

20. იტანჯება ბოროტი მთელი სიცოცხლე და წელთა რიცხვი დაფარულია მძლავრთათვის;

21. შიშისზარია მათ ყურებში, მშვიდობიანობის დროს ესხმის თავს მძარცველი.

22. იმედი არა აქვს, რომ გაექცევა წყვდიადს და შემართულია მასზე მახვილი;

23. ლუკმა პურასათვის დახეტიალობს, მაგრამ სად არის? იცის, შავი დღე შერჩება ხელში.

24. აშინებს მას გასაჭირი და იწროება, თავს ესხმის ომში გასულ მეფესავით.

25. რადგან ღვთის წინააღმდეგ აღმართა ხელი და ყოვლადძლიერს აუჯანყდა.

26. ეჭრებოდა მას ქედმაღლურად თავისი ფარების სქელი ზურგებით

27. რადგან თავისი ცხიმით დაიფარა სახე და ქონი მოიდო თირკმელებზე.

28. მკვიდრობს დაქცეულ ქალაქებში, მიტოვებულ სახლებში, რომლებიც განწირულია დასანგრევად.

29. ვერ გამდიდრდება, ვერ შენარჩუნდება მისი დოვლათი, ვერ დააფენს ჩრდილს მიწაზე.

30. ვერ გაექცევა წყვდიადს, ალი გამოაშრობს მის ყლორტებს და ქარისგან დაცვივა ყვავილი.

31. ამაოდ ნუ ერწმუნება გზადაკრგული, რადგან ამაოება იქნება მისი საზღაური.

32. უდროოდ გათავდება და მისი რტო ამწვანებას ვერ მოასწრებს.

33. როგორც ვაზს ჩამოგლეჯენ მკვახე ყურძენს და ზეთისხილივით დააბერტყინებენ ყვავილს.

34. რადგან ბერწია უღვთოთა საკრებულო და ცეცხლი შეჭამს მექრთამეთა კარვებს.

35. მუცლადიღო ტანჯვა და დაბადა სიავე, ახლა მუცელი მათი სიცრუეს ამზადებს.


თავი მეთექვსმეტე

1. მიუგო იობმა და უთხრა:

2. ბევრი მსმენია ამისთანები; ფუჭი ნუგეშისმცემლები ხართ ყველანი.

3. თუ აქვს დასასრული ქარიან სიტყვებს? რამ გაგამწარა, ასეთ პასუხს როძ იძლევი?

4. მეც თქვენსავით ვილაპარაკებდი, ჩემს ადგილზე რომ ყოფილიყავით? დაგიხვავებდით ამდენ სიტყვებს და თავის ქნევას დაგიწყებდით?

5. გაგამხნევებდით ჩემი პირით და ჩემ ბაგეთა მოძრაობა განუგეშებდათ.

6. თუ ვლაპარაკიაბ, ტკივილი არ მიამდება, ვდუმვარ და რა მშორდება?

7. მაგრამ ახლა შემაღონა მან. შენ დამიქციე ერთიანად ჩემი სახლი!

8. ნაოჭები გამიჩინე და მოწმედ მყვანან; ჩემი სიგამხდრე ჩემი პირისახით მემოწმება.

9. მფლეთს თავისი რისხვით და მძულვარებს, კბილებს მიხრჭიალებს, მტერი თვალს ლესავს ჩემზე;

10. პირი აქვთ დაღირებული ჩემზე, მაგინებენ და სახეში მცემენ, ხროვად შეთქმულან ჩემს წინააღმდეგ.

11. უკეთურს შემატოვა ღმერთმა და ჩამაგდო ბოროტეულთა ხელში.

12. უზრუნველად ვიყავი და დამლეწა, კისერში ჩამავლო ხელი და გამაცამტვერა, თავის სამიზნედ დამსვა.

13. გარს შემომეხვივნენ მისი მშვილდოსნები; გამიგლიჯა გულღვიძლი, არ შემიბრალა, მიწაზე დამინთხია ნაღველი.

14. გამანგრია და მანგრევს და მანგრევს, მეომარივით გამორბის ჩემსკენ.

15. ჯვალო გადავიკერე კანზე და მტვერში ამოვთხვარე ჩემი დიდება.

16. სახე დაწითლებული მაქვს ტირილისგან და ჩემს წამწამებზე სიკვდილის აჩრდილია.

17. თუმცა მოძალადე არ ვყოფილვარ და ჩემი ლოცვაც სუფთა იყო!

18. მიწავ, ნუ დაფარავ ჩემს სისხლს და ჩემი მოთქმა ნუ დაბრკოლდება!

19. ახლაც კი, აჰა, ზეცაშია ჩემი მოწმე და ჩემი მეოხე ზესკნელშია!

20. ჩემო დამცველნო, ჩემო მეგობრებო! ღვთის მიმართ იღვრება ჩემი ცრემლი,

21. რომ ადამიანი ღმერთთან დაიცვას, როგორც კაცი თავის მოყვასთან.

22. რადგან ჩამოთავდებიან წლები და უკანმოუქცეველ გზას დავადგები.


თავი მეჩვიდმეტე

1. შემემუსრა სული, ჩამიქრა დღეები, საფლავი მზადაა ჩემთვის.

2. მხოლოდ მქირდავნი მარტყიან გარს და მათგან სიმწრით აღამებენ ჩემი თვალები.

3. მომხედე, გამიწიე თავდებობა შენს წინაშე! ხელს ხელზე სხვა ვინ დამკრავს?

4. რადგან დახურე მათი გული გონიერებისთვის, ამიტომაც არ აღაზევებ მათ.

5. ვინც მეგობრებს გასცემს ანგარებით, მათ შვილებს თვალის ჩინი აკლდება.

6. ხალხის საარაკოდ გამხადა და პირში საფურთხებლად ვიქეცი.

7. დარდისაგან თვალი დამევსო და დამიჭლევდა სხეულის ასოები.

8. გაოგნდებიან ამის გამო წრფელნი და უბრალონი უღვთოებს აუმხედრდებიან.

9. მართალი თავის გზას დაიჭერს და ხელწმიდა კაცი ძალას მოიცემს.

10. თქვენ კი, მობრუნდით, მოდით ყველანი; ბრძენს მაინც ეერ ვპოვებ თქვენს შორის.

11. ჩაიარეს ჩემმა დღეებმა, გამიქარწყლდა ზრახვები - ჩემი გულის მონაგარი.

12. ისინი ღამეს დღედ აქცევენ, მიადგა ნათელი წყვდიადის პირს.

13. თუ მოველი რასმე - ქვესკნელს, ჩემს სახლს; წყვდიადში გავშალე ჩემი სარეცელი.

14. საფლავს ჩავძახე: მამა ხარ ჩემი! ჭიაღუებს - ჩემი დედა და ჩემი და ხართ-მეთქი!

15. სადღაა ახლა ჩემი იმედი? ვინღა დაინახავს ჩემს იმედს?

16. ჩავა ქვესკნელის კარიბჭეებისკენ, სადაც ერთად გვექნება სავანე მტვერში.


თავი მეთვრამეტე

1. მიუგო ბილდად ხუშელმა და უთხრა:

2. როდისღა დაუდებთ სამანს თქვენს სიტყვებს? იფიქრეთ და მერე ვილაპარაკოთ.

3. რატომ შევირაცხენით პირუტყვებად და გავუწმიდურდით თქვენს თვალში?

4. ო, თავის მტანჯველო საკუთარი ბოღმით! შენს გამო ხომ არ უნდა გაუკაცრიელდეს მიწა და ადგილიდან დაიძრას კლდე?

5. ბოროტეულთა ნათელიც ჩაქრება და აღარ იელვებს მისი ცეცხლის ნაპერწკალი;

6. სინათლე დაბნელდება მის კარავში და სანათური ჩაქრება მის თავზე;

7. დამოკლდება მისი ძლიერი ნაბიჯები და დაამხობს საკუთარი რჩევა;

8. რადგან ჩავარდნილი აქვს ფეხი ბადეში და ხლართებში დაიარება;

9. ხაფანგს ქუსლით ჰყავს დაჭერილი, მოჭერილი აქვს საკვრელები;

10. იდუმალ დაგებულია მახეები მიწაზე და ხაფანგები ბილიკებზე;

11. საშინელებები აფრთხობენ ირგვლივ და ფეხდაფეხ ედევნებიან;

12. დაიმშევა მისი ძალა და დაღუპვა მზად არის მისი ფერდებისთვის;

13. ნაწილ-ნაწილ შეუჭამს კანს, ასოებს შეუჭამს სიკვდილის პირმშო;

14. ამოიძირკვება მისი საიმედო კარვიდან და წაათრევენ მას საშინელებათა მეუფესთან;

15. მისიანი არავინ დასახლდება მის კარავში, გოგირდი გადაეყრება მის საცხოვრებელს;

16. ძირს ფესვები გაუხმება და მაღლა ტოტები დაუჭკნება;

17. მისი სახსენებელი გაქრება ქვეყნად და სახელი აღარ ექნება მოედანზე;

18. განდევნიან ნათლიდან ბნელში და ქვეყნიერებას მოაშორებენ;

19. არც ნაშიერი ეყოლება, არც შთამომავალი თავის ხალხში და არც ნატამალი დარჩება საცხოვრებელზე.

20. მისი დღის გამო გაოგნდებიან დასავლელნი და აღმოსავლელებს შეიპყრობს ძრწოლა.

21. ნამდვილად, ასე დაემართება უკუღმართთა საცხოვრებელს და იმათ ადგილს, ღმერთს რომ არ სცნობენ!


თავი მეცხრამეტე

1. მიუგო იობმა და უთხრა:

2. როდემდის უნდა მიშფოთებდეთ სულს და მგვემდეთ სიტყვებით?

3. უკვე მეათეჯერ შეურაცხმყავით მე და გამიუცხოვდით უსირცხვილოდ?

4. თუ მართლა შევცდი, ჩემთანვე დარჩება ჩემი შეცდომა.

5. თუ თქვენ მართლა უღირსად მთვლით და მწამებთ აუგს,

6. იცოდეთ, რომ ღმერთმა გამღუნა მე და გამხვია თავის ბადეში.

7. აჰა, ძალადობას ვჩივი და პასუხს არავინ მაძლევს; შველას ვითხოვ და არ არის სამართალი;

8. გზა გადამიღობა და ვეღარ გადავდივარ; ბნელი დაამკვიდრა ჩემს ბილიკებზე;

9. დიდება წამართვა და თავზეით ამხადა გვირგვინი;

10. ყოველი მხრივ დამაქცია დაა წასული ვარ; ხესავით ამომიძირკვა იმედი;

11. თავისი რისხვა დააგზნო ჩემს თავზე და შემრაცხა თავის მტრებს შორის;

12. ერთად მომადგნენ მისი ურდოები და მოასწორეს ჩემსკენ მომავალი გზები, ჩემი კარვის გარშემო დაიბანაკეს;

13. მოძმენი მომაშორა და ჩემი მცნობელნი გამიუცხოვდნენ;

14. მახლობელნი განმიდგნენ და მეგობრებმა დამივიწყეს მე;

15. ჩემი სახლის მდგმურები და მხევლები უცხოდ მიყურებენ, უცხო თესლი შევიქენი მათ თვალში;

16. მსახურს ვეძახი და ხმას არ მცემს, ბაგით ვევედრები;

17. ჩემი სუნთქვა შესძაგდა ჩემს ცოლს და ჩემი სუნი - ჩემს ნაშიერთ.

18. ბავშვებმაც შემიძულეს, წამოვდგები და შეურაცხმეოფენ;

19. მომიძულეს ჩემმა გულითადმა მეგობრებმა და, ვინც კი მიყვარდა, მტრად გამიხდნენ;

20. ტყავში და ხორცში ჩამილპა ძვლები, კბილების ტყავიღა შემრჩა.

21. შემიბრალეთ, შემიბრალეთ, მეგობრებო, რადგან ღვთის ხელი შემეხო მე!

22. რატომ მდევნით ღმერთივით და რატომ არ ძღებით ჩემი ხორცით?

23. ოჰ, ნეტავ დაიწერებოდეს ჩემი სიტყვები, ნეტავ ჩაიბეჭდებოდეს წიგნში!

24. რკინის საჭრეთელით ამოიკვეთებოდეს ტყვიაზე ან კლდეზე სამარადისოდ!

25. მაგრამ ვიცი, ცოცხალია ჩემი გამომხსნელი და საბოლოოდ აღიმართება მიწაზე!

26. და როცა დაიშლება ეს ჩემი კანი, უსხეულმყოფელიც ვიხილავ ღმერთს;

27. მე თავად დავინახავ მას და ჩემი თვალები იხილავენ, არა სხვისნი! გული დამელია მკერდში მოლოდინით!

28. თუ იტყვით: რას ვდევნითო მას და საქმის ფესვი მასში იპოვებაო;

29. მახვილს მოერიდეთ, რადგან რისხვაა მახვილის სასჯელი, რათა იცოდეთ, რომ არის განკითხვა!


თავი მეოცე

1. მიუგო ცოფარ ნაყამათელმა და უთხრა:

2. ჩემი ფიქრები მაიძულებენ პასუხს და ამის გამო ვიჩქარი.

3. ჩემს შეურაცხყოფას ვისმენ და ჩემი გონებიდან მპასუხობს სული:

4. ხომ იცი, ასე ყოფილა უკუნითიდან, რაც რომ კაცი დადგინდა ქვეყანაზე:

5. ბოროტეულთა სიხარული ხანმოკლეა და უღვთოს ლხენა წამიერი.

6. თუნდაც ცამდე ამაღლდეს მისი დიდება და მისი თავი ღრუბლებს მისწვდეს,

7. თავისი განავალივით გაქრება საბოლოოდ; იკითხავენ მისი მნახველნი, სად არისო?

8. გაფრინდება როგორც სიზმარი და ვერავინ იპოვნის; ღამის ჩვენებასავით გაუჩინარდება;

9. თვალი, რომელიც ხედავდა მას, ვეღარ იხილავს; ვეღარც მისი ადგილი იხილავს მას ვერასოდეს;

10. მისი შვილები შეუვრდებიან გაღატაკებულთ და თავისი ხელით დაუბრუნებენ დოვლათს;

11. სიჭაბუკით სავსე მისი ძვლები მასთან ერთად ჩაესვენებიან მიწაში;

12. თუმცა ბოროტება ეტკბილება პირში და ენის ქვეშ ინახავს მას,

13. თუმცა ენანება გადმოსაგდებად და სასაში იჩერებს,

14. უნასის შხამად ექცევა საჭმელი ნაწლავებში.

15. ყლაპავს დოვლათს და ისევ ამოარწყევს, მუცლიდან გამოუდევნის მას ღმერთი.

16. უნასთა შხამს მოსწოვს ის, იქედნეს ენა მოკლავს მას.

17. ვერ იხილოს მან თაფლისა და რძის ნაკადულები, მდინარეები და ნიაღვრები!

18. დააბრუნებს ნაჭირნახულევს და ვერ გადაყლაპავს; გაიღებს თავისი დოვლათის ფასს და ვერ გაიხარებს;

19. რადგან ჩაგრავდა, არ ახსოვდა ღარიბ-ღატაკები, ძარცვავდა სახლებს, რომლებიც არ უშენებია;

20. რადგან მოსვენება არ იცოდა თავის შიგანში, სასურველს ვერაფერს გადაარჩენს;

21. ნამცეციც არ დარჩენია შეუჭმელი, ამიტომაც ვერ გასტანს მისი კეთილდღეობა;

22. თავის სიუხვეში ვიწროდ იქნება, ყოველი მაშვრალის ხელი მისწვდება მას.

23. მუცლის ამოსავსებად თავისი რისხვის ცეცხლს ჩამოუგზავნის და საჭმელად აწვიმებს მასზე;

24. გაექცევა რკინის იარაღს და განგმირავს მას სპილენძის მშვილდი;

25. შუბი გააღწევს მის გვამში, ელვარე მახვილი - მის გულ-ბოყვში; და შიშის ზარი დაეცემა მას.

26. მთელი წყვდიადი მის საგანძურად ინახება, შეჭამს მას დაუნთებელი ცეცხლი, განადგურდება მის კარავში ნატამალი;

27. ამხილებს ცა მის დანაშაულს და მიწა აღდგება მის წინააღმდეგ;

28. წალეკავს წარღვნა მისი სახლის დოვლათს და ნიაღვრები - ღვთის რისხვის დღეს.

29. ეს არის ხვედრი ბოროტეულისა ღვთისაგან და მემკვიდრეობა, ღვთის ნაანდერძევი.


თავი ოცდამეერთე

1. მიუგო იობმა და უთხრა:

2. კარგად მოისმინეთ ჩემი სიტყვა და ეს იყოს თქვენგან ნუგეშისცემა:

3. ჯერ მე დამაცადეთ ლაპარაკი და, როცა ვიტყვი სათქმელს, დამცინეთ.

4. განა ადამიანს ვუჩივივარ მე? როგორ შევძლია, რომ სულმოკლე არ ვიყო?

5. შემომხედეთ და შეძრწუნდით; პირზე დაიდევით ხელი.

6. ამის გაფიქრებაც კი მზარავს, შიშისზარი იპყრობს ჩემს ხორცს.

7. რატომ არის, რომ ბოროტეულნი ცოცხლობენ, ბერდებიან და უფრო მძლავრდებიან?

8. მათი მონაგარი მყარად დგას მათ წინაშე და მათი შთამომავლობა მათ თვალწინაა.

9. მათი სახლები შიშისგან დაცულია და არც ღვთის კვერთხია მათზე დაღირებული;

10. მისი ბუღა ბუღობს, არ ააცდენს; მისი ფური იგებს, არ უკვდება;

11. ცხვრებივით გარეკავენ თავიანთ ბავშვებს და კუნტრუშობენ მათი შვილები;

12. უკრავენ დოლსა და ქნარს და მხიარულობენ სალამურის ხმაზე;

13. განლევენ განცხრომით თავიანთ დღეებს და ანაზდეულად ჩახდებიან შავეთში;

14. ღმერთს ეუბნებიან: ჩამოგვეცალე! არ გვსურს ვიცოდეთ შენი გზებიო;

15. რა არის ყოვლადძლიერი, რომ ვემსახუროთ? რას გვარგებს, რომ ვეხვეწოთო?

16. აჰა, მათ ხელში არ არის მათი კეთილდღეობა? ბოროტეულთა რჩევა შორს არის ჩემგან!

17. რამდენგზის ჩამქრალა ბოროტეულთა ლამპარი? რამდენგზის დასტეხიათ უბედურება? ის ანაწილებს ხვედრს თავის რისხვის ჟამს.

18. იქნებიან ჩალასავით ქარის წინაშე და ქარბორბალასგან მოტაცებულ ბზესავით.

19. განა ინახავს ღმერთი სატანჯველს მისი შვილებისთვის? მხოლოდ მას მიუზღავს და ეცოდინება.

20. მისმა თვალებმა იხილონ მისი თასი და თავად შესვას ყოვლადძლიერის რისხვა.

21. რადგან რაღა საზრუნავი ექნება თავის სახლში სიკვდილის შემდეგ, რადგან მისი თვეები უკვე დათვლილია?

22. განა ღმერთს ესწავლება ჭკუა, როცა ის ანგელოზებს ასამართლებს?

23. ზოგი სრულ სიმრთელეში კვდება, ყოვლად მშვიდი და უზრუნველი;

24. მისი შიგანი სავსეა ქონით და მისი ძვლები ტვინით არის დაპოხილი.

25. ზოგი სულგამწარებული კვდება და არ უნახავს სიკეთის გემო.

26. ერთად წვანან ისინი მიწაში და ჭიაღუებით არიან დაფარულნი.

27. აჰა, მიგიხვდით ფიქრებს და მზაკვრობას, რასაც მიმზადებთ.

28. რადგან ამბობთ: სად არის ქველი კაცის სახლი და სად არის ბოროტეულთა კარავ-სადგომიო?

29. შეეკითხეთ გზაზე ჩამვლელებს და მათ მოწმეებს ნუ უარყოფთ:

30. დაღუპვის დღეს დაცულია ბოროტი კაცი, გარიდებულია რისხვის დღეს.

31. ვინ ამხილებს მას პირში მისი საქციელის გამო? ვინ მიუზღავს ნამოქმედარისთვის?

32. სასაფლაოზე წაასვენებენ და მცველად დაუდგება საფლავის ბორცვი.

33. ეამება ხევის კოლბოხები და ყოველი კაცი მას მიჰყვება. იმათ კი სათვალავი არა აქვთ, ვინც მის წინ იყვნენ.

34. როგორღა მანუგეშებთ ამაოებით? მტკნარი სიცრუეა თქვენი პასუხები.


თავი ოცდამეორე

1. მიუგო ელიფაზ თემანელმა და უთხრა:

2. რას არგებს ღმერთს კაცი, როცა ბრძენიც კი თავისი თავისთვის არის სასარგებლო.

3. რაში სჭირდება ყოვლადძლიერს შენი სიმართლე? ან რა გამორჩენა ექნება, თუ შენ წრფელი გზებით ივლი?

4. განა შენი მოშიშების გამო დაგიწყებს მხილებას და წავა შენთან ერთად სამსჯავროზე?

5. განა დიდი არ არის შენი სიბორეტე? განა აქვს ბოლო შენს შეცოდებებს?

6. რადგან ტყუილუბრალოდ იხუთავდი შენი მოძმისაგან და ტანისამოსს ხდიდი შიშველ-ტიტველს;

7. მწყურვალს წყალს არ ასმევდი და მშიერს პურს უკავებდი;

8. მძლავრისაა ეს ქვეყანა და აღზევებული მკვიდრობს იქ;

9. ქვრივები ხელცარიელი გაგისტუმრებია და ობლებს მკლავები მოსწყვეტია.

10. ამიტომ არის შენს ირგვლივ ხაფანგები და ანაზდეული შიში გაძრწუნებს;

11. წყვდიადი გიშლის ხედვას თუ წყლის ნიაღვარმა გადაგფარა?

12. განა ღმერთი ცაზე მაღლა არ არის? შეხედე ვარსკვლავთა თავანს, რა მაღალია!

13. შენ ამბობ, რა უნდა იცოდეს ღმერთმა, ბურუსიდან რა უნდა განსაჯოსო?

14. ღრუბელი აქვს საფარველად და ვერ იხედება, ცარგვალს უვლისო გარშემო.

15. ნუთუ ძველ გზას ადგახარ, ავკაცები რომ დადიოდნენ?

16. რომლებიც უდროოდ წარიტაცნენ, ღვარმა გადარეცხა მათი საძირკველი.

17. ღმერთს ეუბნებოდნენ: გაგვეცალე! რას გვარგებსო ყოვლადძლიერი?

18. მან კი სახლები აღვსო დოვლათით. შორს იყოს ჩემგან ბოროტეულთა რჩევა!

19. უყურებდნენ მართალნი და ხარობდნენ, დასცინოდა მათ უმწიკვლო კაცი.

20. ხომ გაცამტვერდა ჩვენი მტერი და მათი ნატამალი ხომ ცეცხლმა შეჭამა!

21. შეეთვისე მას და მშვიდობით იქნები, ამით მოვა შენთან ნეტარება;

22. მიიღე მისი ბაგიდან რჯული და გულში ჩაიდევი მისი სიტყვები;

23. თუ მიიქცევი ყოვლადძლიერისკენ, აშენდები; მოაშორე უკეთურება შენს კარვებს;

24. მტვერში დაფანტე ოქრო და რიყის ქვებში გაურიე ოფირის ბაჯაღლო;

25. ყოვლადძლიერი იყოს შენი ოქრო და ელვარე ვერცხლი შენთვის.

26. რადგან მაშინ ყოვლადძლიერში ჰპოვებ ნეტარებას და ღვთისკენ აღმართავ სახეს;

27. ილოცებ მის მიმართ და მოგისმენს, და შეასრულებ შენს აღთქმებს;

28. რასაც ჩაიფიქრებ, აგიხდება და შენს გზებზე ნათელი იბრწყინებს.

29. თუ დაამცირეს, შენ მის აღზევებას იტყვი; თვალდახრილს იხსნის იგი.

30. ბრალიანსაც კი გადაარჩენს, შენი უმწიკვლო ხელით გადარჩება.


თავი ოცდამესამე

1. მიუგო იობმა და უთხრა:

2. დღესაც მწარე იქნება ჩემი სიტყვა. ჩემი სატანჯველი უფრო მძიმეა, ვიდრე კვნესა ჩემი.

3. ნეტავი მაცოდინა, როგორ ვიპოვო იგი, როგორ მივიდე მის სამყოფლამდე?

4. წინ დავუდებდი ჩემს სარჩელს და მხილებებით ავივსებდი პირს.

5. გავიგებდი მის საპასუხო სიტყვებს და მივხვდებოდი, რასაც მეტყოდა.

6. მთელი ძალით ხომ არ დამიწყებდა დავას? არა! მომისმენდა მხოლოდ.

7. იქ დაიწყებდა მართალი მის მხილებას, მე კი საბოლოოდ თავს დავიხსნიდი ჩემი მსაჯულისგან.

8. აჰა, წინ მივდივარ, არა ჩანს; უკან მივდივარ და ვერ ვაგნებ მას.

9. მარცხნივ საქმეშია და ვერ ვხედავ; მარჯვნივ იმალება და ვერ ვამჩნევ.

10. მაგრამ მან იცის ჩემი ასავალ-დასავალი; გამომცადოს და ოქროსავით გამოვდნები.

11. მის კვალზე იდგა ჩემი ფეხი, მის გზას ვიცავდი განუხრელად.

12. მისი ბაგეების მცნებათაგან არ გადამიხვევია; უბეში დავიუნჯე მისი პირის სიტყვები.

13. ის ერთადერთია - ვინ გადაათქმევინებს? რასაც მოისურვებს მისი სული, იმას გააკეთებს.

14. ბოლომდე შეასრულებს ჩემს წილხვედრილს - ასეთი ბევრი აქვს მას.

15. ამიტომაც ვძრწივარ მის წინაშე, ჩავუფიქრდები და მეშინია მისი.

16. ღმერთმა დააძაბუნა ჩემი გული და შემაძრწუნა ყოვლადძლიერმა.

17. ბარემ დავიღუპო უკუნეთში და ბნელმა დამიფაროს სახე!


თავი ოცდამეოთხე

1. რატომ არ არის დაფარული ყოვლადძლიერისთვის განკითხვის ჟამი, მისი შემცნობელნი კი ვერ ხედავენ მის დღეებს?

2. ბოროტეულნი მიჯნებს ანაცვლებენ, ფარას და მწყემსებს იტაცებენ;

3. ობლებს ვირს ართმევენ, ქვრივოხერისგან ხარს იხუთავენ;

4. გაჭირვებულებს გზიდან აგდებენ; მიიმალნენ ქვეყნის ჩაგრულნი ერთიანად.

5. აჰა, კანჯრებივით უდაბნოში გადიან საქმეზე ნადავლის საძებრად; ტრამალი საზრდოა მისი ბავშვებისთვის;

6. სხვის ყანაში მკიან და ბოროტეულთა ვენახებს იმცვრევენ;

7. შიშვლად ათევს ღამეს უმოსასხამოდ, არა აქვს ყინვაში გადასახური.

8. მთის ნიაღვარში ილუმპებიან და შესაფარებლად კლდეებს ეკვრიან;

9. მკერდიდან გლეჯენ ობოლს და ღარიბ-ღატაკისგან იხუთავენ;

10. შიშველი დაწანწალებს უპერანგოდ და მშივრები დაათრევენ ძნებს;

11. მათ შემორაგულში ხდიან ზეთს, საწნახლებში სწურავენ ღვინოს, თავად კი სწყურიათ;

12. ქალაქიდან მომაკვდავთა კვნესა ისმის და დაჭრილთა სული შველას ითხოვს; ღმერთი კი უყურებს ვედრებას.

13. ზოგნი ნათლის მოჯანყენი არიან, არ ცნობენ მის გზებს და არ ჩერდებიან მის ბილიკებზე.

14. დილიდანვე მზადაა კაცისმკვლელი, ჩაგრულის და ღატაკის მოსაკლავად, ღამით კი ქურდივითაა.

15. მემრუშე ბინდის მოლოდინში ფიქრობს, არავინ მომკრასო თვალი, და სახეზე საფარველს იფარებს.

16. ბნელში ტეხენ სახლებს, დღისით თავისთვის იკეტებიან, არ უწყიან ნათელი;

17. რადგან დილა ბნელეთია მისთვის, რადგან შეეთვისნენ ბნელეთის საშინელებებს.

18. მსუბუქად წაიღებს მათ წყალი; დაწყევლილია მათი ხვედრი მიწაზე, არავინ გაუხვევს ვენახებისკენ.

19. გვალვა და სიმხურვალე შთანთქავს თოვლის წყალს. შავეთი კი - ცოდვილებს;

20. დაივიწყებს მას საშო, ჭიაღუები ატკბარუნებენ მას. უკვე აღარავინ გაიხსენებს; ხესავით გადატყდება უკეთურება;

21. ვინც ძარცვავს ბერწ ქალს, შვილდაუბადებელს, და ქვრივოხერს სიკეთეს არ უკეთებს!

22. სიცოცხლეს უხანგრძლივებს მოძალადეს თავისი ძალით; აჰა, ფეხზე დგას იგი და არ სჯერა, რომ ცოცხალია.

23. აძლევს სიმშვიდეს და იმედს, და თვალს არ აშორებს მის გზებს;

24. მცირე ხანს აღზევდებიან და, აჰა, აღარ არიან! დაჭკნებიან, როგორც ბალბა და გახმებიან, თავთავებივით მოიცელებიან!

25. თუ ასე არ არის, ვინ გამამტყუნებს და ვინ გამიარაფრებს სიტყვებს?


თავი ოცდამეხუთე

1. მიუგო ბილდად ხუშელმა და უთხრა:

2. ხელმწიფება და შიში მის ხელთაა, ვინც მშვიდობა დაამკვიდრა თავის ზესკნელში.

3. თუ აქვს რიცხვი მის მხედრობებს და ვის არ უნათებს მისი ნათელი?

4. რა გაამართლებს კაცს ღვთის წინაშე და რა განწმედს დიაცის ნაშობს?

5. აჰა, მთვარე რომ მთვარეა, ისიც ბნელდება და ვარსკვლავებიც არ არიან სუფთანი მის თვალში!

6. მით უფრო კაცი, რომელიც ჭიაა, და ადამის ძე, რომელიც მატლია!


თავი ოცდამეექვსე

1. მიუგო იობმა და უთხრა:

2. როდის შეწევნიხარ უძლურს? როდის აგიპყრია მკლავი უმწეოსთვის?

3. რა რჩევა მიგიცია სიბრძნენაკლულისთვის და რა ბევრი ჭკუა გისწავლებია?

4. ვისით გითქვამს სიტყვა და ვისი სული გამოდიოდა შენგან?

5. აჩრდილები ძრწიან ქვეშეთში, წყლები და მისი მკვიდრნი.

6. გაშიშვლებულია მის წინაშე სულეთი და არა აქვს საფარველი ქვესკნელს.

7. განართხა ჩრდილოეთი სიცარიელეზე, არაფერზე დაჰკიდა დედამიწა;

8. ღრუბლებში შეანივთა წყალი და ფსკერი არ ერღვევა მათ ქვეშ ღრუბელს;

9. შებურა მთვარის პირისახე, თავის ნისლი შემოატა ირგვლივ;

10. შემოავლო წრე წყლის ზედაპირს ნათლისა და ბნელის საზღვრამდე;

11. ცის სვეტები ირყევიან და ძრწიან მის მუქარაზე;

12. თავისი ძალით დააცხრო ზღვა და თავისი გამჭრიახობით მოკლა გველეშაპი;

13. მისი სულით გაბრწყინდა ცა, განგმირა მისმა ხელმა გაქცეული გველი.

14. აჰა, მისი გზების კიდეები! რა ჩურჩული გვსმენია მისგან? ვინ გაიგებს მისი ძლიერების გრგვინვას?


თავი ოცდამეშვიდე

1. განაგრძო იობმა თავისი იგავების თხრობა და თქვა:

2. ღმერთს ვფიცავ, რომელმაც წამართვა სამართალი, და ყოვლად ძლიერს, რომელმაც გამიმწარა სიცოცხლე!

3. ვიდრე ვსუნთქავ და ღვთის სული მიდგას ნესტოებში,

4. თუ ჩემმა ბაგეებმა თქვან სიცრუე, და ჩემს ენას დასცდეს ტყუილი,

5. შორს ჩემგან, თუ გაგამართლოთ, სიკვდილამდე თუ გავწირო ჩემი უმწიკვლოება!

6. ჩემს სიმართლეზე ვდგავარ მტკიცედ და არ მოვეშვები; არ დავუგმივარ ჩემს გულს ჩემი დღე და მოსწრება!

7. შეირაცხოს ჩემი მტერი როგორც ბოროტეული და ჩემი წინააღმდგომი - როგორც უკეთური!

8. რადგან რისი იმედი ექნება უღვთოს, როცა გაჰკვეთს, როცა ამოართმევს სულს ღმერთი?

9. განა მის ჩივილს შეისმენს ღმერთი, როცა გასაჭირი დაადგება თავზე?

10. ყოვლადძლიერის სასოება ექნება, ღვთის ხსენებაში იქნება გამუდმებით?

11. მე გასწავლით თქვენ, რა არის ღვთის ხელი, და რაც ყოვლადძლიერთან არის, არ დავმალავ.

12. თქვენ თვითონ გინახავთ ყველას და რად გინდათ ფუჭი ლაპარაკი?

13. ასეთია ბოროტი კაცის წილი ღმერთთან და მჩაგვრელთა ხვედრი, ყოვლადძლიერისგან რომ ერგებათ.

14. თუ შვილები გაუმრავლდება, მხოლოდ მახვილისთვის, და მისი შთამომავლობა პურით ვერ გაძღება.

15. მისი დანარჩომნი სიკვდილში დაიმარხებიან და მათი ქვრივები არ დაიტირებენ მათ;

16. თუ ქვიშასავით დააგროვებს ოქროს და ზვინებად დაყრის შესამოსელს,

17. დაყრის, მაგრამ მართალი შეიმოსება და ვერცხლი უდანაშაულოს შეხვდება წილად;

18. ჩრჩილივით აშენებს თავის სახლს და დარაჯის ხულასავით აკეთებს.

19. მდიდარი წვება დასაძინებლად, მაგრამ როდემდის? გაახელს თვალს და გამქრალია ყოველივე.

20. ნიაღვარივით დაატყდება საშინელებანი, ღამით მოიტაცებს მას ქარიშხალი.

21. წაიღებს აღმოსავლეთის ქარი და წავა, ადგილიდან ახვეტავს მას.

22. მოისვრის მას და არ შეიწყალებს; ამაოდ ეცდება, დაუსხლტეს მის ხელს.

23. ხელს ხელზე შემოჰკრავს მის გამო და სტვენას დაუწყებს მისი ადგილიდან.


თავი ოცდამერვე

1. ხომ აქვს ვერცხლს საბადო და ოქროს - ადგილი, სადაც წმედენ მას;

2. რკინას მიწიდან იღებენ და სპილენძი გადამდნარი ქვაა.

3. ადამიანმა საზღვარი მიუჩინა სიბნელეს და ქვეყნის კიდემდე ეძებს ბნელეთისა და წყვდიადის ქვას;

4. მაღაროს თხრის უკაცრიელში, კაცის ფეხთაგან მივიწყებულ ადგილებში;

5. მიწაა, პურს რომ აღმოაცენებს, მისი ქვეშეთი კი თითქოს ცეცხლისგან არის სახეცვლილი;

6. საფირონის საბადოა მისი ქვები და მასთან ოქროს ქვიშა იპოვება!

7. მისი ბილიკი არ იცის ონავარმა ფრინველმა და ქორის თვალსაც არ დაუნახავს;

8. ამაყ მხეცებს იქ ფეხი არ დაუდგამთ, ლომს არ გაუვლია;

9. კაჟისკენ გაიშვერს ხელს, ფესვებიანად აყირავებს მთებს;

10. კლდეებში არხები გაჰყავს და ყოველივე ძვირფასს ჭვრეტს მისი თვალი.

11. მდინარეთა ნიაღვარს აკავებს და დაფარული სინათლეზე გამოაქვს.

12. სად იპოვება სიბრძნე და სად არის შემეცნების ადგილი?

13. მისი გზა არ იცის ადამიანმა და ცოცხალთა ქვეყნად ის არ იპოვება.

14. უფსკრული ამბობს: ჩემში არ არისო; ზღვა ამბობს: ჩემთან არ არისო.

15. არ გაიცვლება ოქროს ზოდში და ვერ აიწონება ვერცხლი მის ფასად;

16. არ შეფასდება ოფირის ოქროდ, არც ძვირფასი ონიქსით და არც საფირონით;

17. ვერ გაუსწორდება მას ოქრო და ბროლი; წმიდა ოქროს ჭურჭელი მისი საღირალი არ არის;

18. არ არის სახსენებელი მარჯანი და ბროლი; მარგალიტზე ძვირფასია სიბრძნე.

19. ვერ გაუსწორდება მას ქუშის ტოპაზი, წმიდა ოქროთი არ აიწონება.

20. საიდან მოდის სიბრძნე და სად არის შემეცნების ადგილი?

21. უხილავია ყოველი ცოცხალის თვალისათვის და დაფარულია ცის ფრინველთათვის;

22. ქვესკნელი და სიკვდილი ამბობენ: ყური კი მოგვიკრავსო მისთვის.

23. ღმერთმა იცის მისი გზა და მან უწყის მისი ადგილი;

24. რადგან ის თვალს ავლებს ქვეყნის კიდეებს, მთელს ცისქვეშეთს ხედავს.

25. როდესაც ქარს წონას უწესებდა და წყალს დონეს უსაზღვრავდა,

26. როდესაც წვიმას წესი დაუდგინა და მეხის გვრგვინვას გზა გაუკაფა,

27. მაშინ იხილა ის და გამოაცხადა, დააფუძნა და კიდეც გამოსცადა.

28. უთხრა ადამიანს: აჰა, უფლის შიშია სიბრძნე და ბოროტისგან განდგომაა შემეცნება.


თავი ოცდამეცხრე

1. განაგრძო იობმა თავისი იგავების თხრობა და თქვა:

2. ნეტავ ისე ვიყო, როგორც იმ წარსულ თვეებში, როცა ღმერთი მიფარავდა მე!

3. როცა მისი ლამპარი მინათებდა თავზე და მის შუქზე დავდიოდი ბნელში!

4. როგორც ვიყავი ჩემი სიყმაწვილის დღეებში ღვთის საფარველით ჩემს კარავზე!

5. როცა ჯერ კიდევ ჩემთან იყო ყოვლადძლიერი და ჩემი ყმაწვილები მეხვივნენ გარს!

6. როცა ჩემი ტერფები რძეში იბანებოდა და კლდიდან ზეთის ნაკადულები მოსჩქეფდა ჩემს წინაშე!

7. როცა კარიბჭიდან ქალაქში გავდიოდი და მოედანზე ვიმზადებდი დასაჯდომელს!

8. დამინახავდნენ ყმაწვილები და იმალებოდნენ, მოხუცებულნი წამოდგებოდნენ და ფეხზე იდგნენ;

9. მთავარნი კრინტს არ ძრავდნენ და პირზე ხელი ჰქონდათ მიტანილი;

10. დიდებულებს ხმა უწყდებოდათ და სასაზე ეკრობოდათ ენა;

11. ყური მისმენდა და ნეტარად მრაცხდა, თვალი მხედავდა და მემოწმებოდა;

12. რადგან მიხსნია გაჭირვებული, შველას რომ ითხოვდა, და ობოლი, შემწე რომ არ ჰყავდა;

13. დასაღუპად განწირულის კურთხევა ჩემზე გადმოსულა და ქვრივის გული გამიხარებია;

14. მე სიმართლით ვიმოსებოდი და ის ჩემით იმოსებოდა; მოსასხამად და თავსაკვრელად ჩემი სამართალი მქონდა;

15. უსინათლოსთვის თვალები ვყოფილვარ და ფეხები - ხეიბრისთვის;

16. გაჭირვებულთათვის მამა ვყოფილვარ და უცნობის საქმე გამომიძიებია;

17. ავკაცისთვის ყბა ჩამინგრევია და კბილებიდან მსხვერპლი გამომიგლეჯია.

18. მეგონა, სიბერეში მოვკვდებოდი და ქვიშასავით ურიცხვი იქნებოდა ჩემი დღეები;

19. ჩემი ფესვი გაიშლებოდა წყალში და ჩემ რტოებზე ღამეს გაათევდა ცვარი.

20. კვლავ აღმიდგებოდა ჩემი დიდება და მშვილდი განმიახლდებოდა ხელში.

21. მისმენდნენ და იყვნენ მოლოდინში, დუმდნენ ჩემს რჩევაზე.

22. ჩემი სიტყვის შემდეგ აღარაფერს დასძენდნენ, თავზე ეწვეთებოდათ ჩემი ნათქვამი;

23. როგორც წვიმას, ისე მელოდნენ, და როგორც ისხარს, პირს მიშვერდნენ;

24. გავუღიმებდი და არ სჯეროდათ, ჩემი სახის ნათელი არასოდეს მოუღრუბლავთ.

25. გზებს ვურჩევდი და მთავრად ვიჯექი; ვემკვიდრე, როგორც მეფე ლაშქარში, როგორც მგლოვიარეთა ნუგეშისმცემელი.


თავი ოცდამეათე

1. დამცინიან ჩემზე უმრწემესნიც, რომელთა მამებსაც ჩემი ფარის ძაღლებში არ გავრევდი;

2. რაღაში მარგია მათი მკლავის ძალა? სიბერე ეწია მათ.

3. შიმშილისგან გაძვალტყავებულნი გარბიან გვალვიან უდაბნოში, დიდი ხნის მიტოვებულ ტრამალებში;

4. ქათანაცარას წიწკნიან ბუჩქებდაან და კურდღლისცოცხას ფესვებია მათი პური;

5. ადამიანთაგან აძევებენ და, როგორც ქურდს, ისე მიჰყვებიან;

6. რომ ხევ-ხუვებში და მიწის მღვიმეებში იცხოვრონ;

7. ბუჩქებს შორის ყროყინებენ და ჯაგნარების ქვეშ იყუჟებიან;

8. არამზადებივით, უგვანი ბრბოსავით, განიდევნენ ქვეყნიდან;

9. ახლა მათი სამღერელი და სალაპარაკო გავხდი;

10. ვეზიზღები, გარბიან ჩემგან და წამდაუწუმ მაფურთხებენ სახეში,

11. რადგან ახსნეს ჩემი თოკი და შემაჭირვეს, ლაგამი დამიგდეს წინ.

12. მარჯვნივ ნაბიჭვარი აღმიდგა და ფეხებში მცემენ, ჩემი დაღუპველი გზები მოასწორეს;

13. დამინგრიეს გზა-სავალი ჩემს დასამხობად, შემწეც არ უნდათ;

14. თითქოს ფართე ხვრელით მოდიან, გრიალით მოექანებიან;

15. საშინელებები დამატყდა თავს, ქარივით გაიქროლა ჩემბა დიდებამ და ღრუბელივით გადავიდა ჩემი დოვლათი;

16. და ახლა იღვრება ჩემი სული, გაჭირვების დღეები მეწიენ მე;

17. ღამით მტეხავს ძვლები და მოსვენება არა აქვს ჩემს სახსრებს;

18. ძლივძლივობით მეხდება ტანსაცმელი, პერანგის საყელოსავით მაქვს შემოჭერილი;

19. ტალახში მისროლა და მტვერსა და ნაცარს დავემსგავსე;

20. შველას გთხოვ და ხმას არ მცემ, ვდგავარ შენს წინაშე და ვერ მამჩნევ;

21. მტარვალად მექეცი, შენი ძლიერი მკლავით მებრძვი;

22. ამწიე და ქარზე შემაგდე, ქარიშხალს მიმეცი გასაცამტერებლად.

23. ვიცი, სასიკვდილოდ მიგყევარ ყოველი ცოცხალის შესაკრებელ სახლში;

24. განა ნანგრევიდან არ იწვდიან ხელს და უბედურებაში არ ითხოვენ შველას?

25. განა არ მიტირია ბედშავზე? განა არ მიწუხნია გაჭირვებულზე?

26. ჰოდა, სიკეთეს ველოდი და ბოროტება მოვიდა, ნათელს ვთესავდი და ბნელი მოვიდა;

27. შიგნეული მიდუღს შეუწყვეტლივ, ვაების დღეები დამიდგა;

28. ჩაშავებული დავდივარ - არა მზისგან, კრებულში ვდგავარ და შველას ვითხოვ;

29. ტურებს ძმად გავუხდი და მეგობრად - სირაქლემებს;

30. კანი გამიშავდა და ამეტყავა, სიცხისაგან მივარვარებს ძვლები;

31. მოთქმად იქცა ჩემი ქნარი და მოტირალთა ხმად ჩემი სალამური!


თავი ოცდამეთერთმეტე

1. აღთქმა მივეცი ჩემს თვალებს, რომ ქალწულისთვის არ შემეხედა;

2. რა არის ღვთის წილი მაღლიდან და ხვედრი ყოვლადძლიერისა ზესკნელიდან?

3. განა დაღუპვა არ არის უკეთურთათვის და სატანჯველი ბოროტმოქმედისთვის?

4. განა არ ხედავს ის ჩემს გზებს და არ ითვლის ყოველ ჩემს ნაბიჯს?

5. თუკი სიცრუით მივლია და სამზაკვროდ აჩქარებულა ჩემი ფეხი,

6. ამწონოს მართალ სასწორზე და გაიგოს ღმერთმა ჩემი უმწიკვლოება;

7. თუკი ოდესმე გზიდან გადაეხვიოს ჩემს ნაბიჯებს, თვალებს აჰყოლოდეს ჩემი გული და ბიწი მოსცხებოდეს ჩემს ხელებს,

8. მაშინ სხვამ ჭამოს ჩემი დათესილი და ამოიძირკვოს ჩემი მონაგარი!

9. თუკი ოდესმე ჩემი გული მოცთუნებულიყოს დედაკაცით ან ჩემი მეზობლის კართან მეთვალთვალოს,

10. მაშინ სხვას უფქვას ჩემმა დედაკაცმა და სხვებმა ჩაიმუხლონ მასზე!

11. რადგან ეს გარყვნილებაა და სამსჯავრო დანაშაული;

12. რადგან ცეცხლია ეს, რომელიც ჭამს საბოლოო გაცამტვერებამდე, და ამოძირკვავს მთელს ჩემს საბადებელს.

13. თუკი ოდესმე აბუჩად ამეგდოს ჩემი მონისა და მხევლის სამართალი, როცა დავა ჰქონიათ ჩემთან,

14. რა ვქნა მაშინ, როცა ადგება ღმერთი? როცა დამკითხავს, რა ვუპასუხო?

15. განა ვინც მე შემქმნა მუცელში, მანვე არ შექმნა იგი? განა ერთმა არ გამოგვსახა საშოში?

16. თუ ოდესმე მეთქვას უარი ღარიბ-ღატაკის სათხოვარზე და ქვრივის თვალები მოლოდინით დამექანცოს?

17. ანთუ მარტოს გამეტეხოს ლუკმა და ობოლს არ ეჭამოს ჩემთან ერთად?

18. (რადგან ჩემი ყრმობიდანვე ჩემთან იზრდებოდა, როგორც მამასთან, და დედაჩემის მუცლიდანვე ვუძღვებოდი).

19. თუკი ოდესმე დამენახოს სიკვდილს მიწურვილი კაცი უსამოსლოდ და საპყარი უმოსასხამოდ,

20. და არ დაელოცოს ჩემი საზარდული, არ გამთბარიყოს ჩემი ცხვრის მონაპარსით?

21. თუკი ოდესმე ხელი აღმემართოს ობოლზე, მსაჯულთა მხარდაჭერის მოიმედეს?

22. ზურგს მოწყდეს ჩემი მხრები და იდაყვში გადამიტყდეს მკლავი!

23. რადგან მაშინებს ღვთის რისხვა და მის სიდიადეს ვერ გავუძლებდი.

24. თუ ოდესმე მიმეჩნიოს ოქრო ჩემს სასოდ და ბაჯაღლო ჩემს იმედად დამესახოს!

25. თუ ოდესმე მეამაყოს, რომ დიდძალი მაქვს სიმდიდრე და ბევრი მოიხვეჭა ჩემმა ხელმა!

26. თუ ოდესმე მზის ხილვისას მის ბრწყინვალებაში და დიდებულად მოარული მთვარისა

27. იდუმალ მოცთუნებულიყოს ჩემი გული და მეკოცნოს ჩემი ხელისთვის!

28. ესეც სამსჯავრო დანაშაული იქნებოდა, რადგან მაღლა ღვთის უარმყოფელი ვიქნებოდი.

29. თუ ოდესმე გამხარებოდეს ჩემი მოძულის უბედურება და მეზეიმოს მის ცუდ ამბავზე!

30. არ ჩავადენინე ცოდვა ჩემს ენას, რომ წყევლით მოესწრაფა მისთვის სიცოცხლე.

31. თუ არ ეთქვას ჩემი კარვის ხალხს, ვინ არ გამძღარაო მისი ხორცით?

32. მწირს გარეთ არ გაუთევია ღამე, კარი ღია მქონდა მგზავრისათვის.

33. თუ ოდესმე დამეფაროს ადამივით ჩემი შეცოდება, რომ საიდუმლოდ შემენახა ჩემი დანაშაული!

34. რადგან მზარავდა ხალხის სიმრავლე და ნათესავთა ზიზღი მაშინებდა; ვდუმდი, კარში არ გავდიოდი.

35. ნეტავ მომისმენდეს ვინმე! აჰა, ჩემი ნიშანიც! მიპასუხოს ყოვლადძლიერმა და დაწეროს საბუთი ჩემმა მოსარჩლემ.

36. ზურგით ვატარებდი, გვირგვინივით შემოვიხვევდი!

37. გავუმხელდი ჩემს ყოველ ნაბიჯს და, როგორც მთავარს ვისმე, მივეახლებოდი.

38. თუკი ოდესმე მიწას დაეჩივლოს ჩემზე და მისი თუნდაც ერთი ხნული ატირებულიყოს,

39. თუკი ოდესმე მუქთად მეჭამოს მისი დოვლათი და მისი მუშაკნი შემეწუხებინოს,

40. ხორბლის ნაცვლად ეკალი ამოვიდეს და ქერის ნაცვლად ღვარძლმა იხაროს! დასრულდა იობის სიტყვები.


თავი ოცდამეთორმეტე

1. შეწყვიტა ამ სამმა კაცმა პასუხის გაცემა იობისთვის, რადგან გაიმართლა მან თავი.

2. მაშინ განრისხდა ელიჰუ, ძე ბუზელი ბარაქიელისა, რამის საგვარეულოდან; იობზე განრისხდა იმის გამო, რომ მან ღმერთზე მართლად ჩათვალა თავი.

3. თავის სამ მეგობარზეც განრისხდა იმის გამო, რომ პასუხი ვერ გასცეს იობს და ამით გაამტყუნეს ღმერთი.

4. ელიჰუ აცლიდა იობს ლაპარაკს, რადგან ყველანი მასზე უფროსები იყვნენ ასაკით.

5. დაინახა ელიჰუმ, რომ არ გამოვიდა პასუხი ამ სამი კაცის პირიდან, და განრისხდა.

6. მიუგო ელიჰუმ, ბუზელი ბარაქიელის ძემ, და უთხრა: წლებით უმრწემესი ვარ მე, თქვენ კი მოხუცებულნი; ამიტომაც მომერიდა და ვერ გავბედე მომეხსენებინა თქვენთვის ჩემი აზრი.

7. ვიფიქრე, დღეებმა ილაპარაკონ და წელთა სიმრავლემ ასწავლოს-მეთქი სიბრძნე;

8. ნამდვილად კი, კაცში მყოფი სული და სუნთქვა ყოვლადძლიერისა განასწავლის მას.

9. დღეგრძელნი ყოველთვის არ არიან ბრძენნი და მხოლოდ მოხუცებულნი არ მიხვედრილან სიმართლეს.

10. ამიტომ ვამბობ: მომისმინეთ, მეც გამოვთქვა ჩემი აზრი.

11. მე ვუცდიდი თქვენს სიტყვებს, ყურს ვაპყრობდი თქვენს მსჯელობას, როცა ეძებდით სათქმელს.

12. გაკვირდებით და, აჰა, არ არის თქვენს შორის მამხილებელი, რომ პასუხი მიაგოს იობს.

13. ნუ გგონიათ, სიბრძნისათვის მიგეგნოთ, როცა ფიქრობთ, ღმერთმა გააწბილოს იგი და არა ადამიანმაო.

14. ჩემს წინააღმდეგ არ მოუმართავს სიტყვები და მეც თქვენსავით არ ვუპასუხებ.

15. გაოგნდნენ, ვეღარ უპასუხეს, დაელიათ სათქმელი;

16. მეც ველოდებოდი, როდის შეწყვეტდნენ ლაპრაკს. რაკი დადგნენ და აღარ პასუხობენ,

17. მეც გავცემ ჩემს წილ პასუხს, მეც გამოვთქვამ-მეთქი ჩემს აზრს.

18. რადგან სავსე ვარ სიტყვებით და შიგნიდან მაწვება სული;

19. აჰა, თავმოუხდელ ღვინოსავით არის ჩემი შიგანი, გასკდომაზეა ახალი ტიკივით.

20. ვილაპარაკებ, რომ სული მოვითქვა; გავხსნი ბაგეებს და პასუხს გავცემ.

21. პირფერობას არ დავუწყებ კაცს და ადამიანს არ მიველაქუცები;

22. რადგან მე ლაქუცი არ ვიცი, უმალ ღმერთმა წამიღოს აქედან!


თავი ოცდამეცამეტე

1. აბა, მოისმინე, იობ, ჩემი სიტყვები და ჩემს ყოველ სიტყვას მიუგდე ყური.

2. აჰა, დავძარი ბაგე, ალაპარაკდა ჩემი ენა ჩემს სასაში.

3. გულწრფელია ჩემი სიტყვები და ჩემი ბაგე ნათლად გამოაცხადებს ცოდნას;

4. ღვთის სულმა შემქმნა მე და ყოვლადძლიერის სუნთქვამ მომანიჭა სიცოცხლე.

5. თუ შეგიძლია, მიპასუხე! მოემზადე, დაიცავი თავი!

6. აჰა, მეც შენი მსგავსი ვყავარ ღმერთს, მეც თიხისგან ვარ მოზელილი.

7. ჩემი შიში შენ არ გაშინებს და ჩემი ხელი შენ არ გამძიმებს.

8. ჩემს გასაგონად ლაპარაკობდი და მე მესმოდა შენი სიტყვების ხმა:

9. სუფთა ვარ, უცოდველიო, არა მაქვსო ბრალი;

10. ჯავრი აქვს ჩემი, თავის მტრად შევურაცხივარო;

11. ხუნდებში გამაყრევინა ფეხები, ჩემს ყოველ ნაბიჯს უთვალთვალებსო.

12. აი, ამაში არა ხარ მართალი. მე გეუბნები, რადგან ადამიანზე დიდია ღმერთი.

13. რატომ ედავები? ის ხომ პასუხს არ აგებს თავის ნამოქმედარზე.

14. ღმერთი ხომ ასეც ლაპარაკობს და ისეც, ვერავინ მიუხვდება.

15. სიზმარში, ღამეულ ჩვენებაში, როცა ძილი წაიღებს ადამიანს, როცა თვლემს თავის საწოლზე,

16. მაშინ ხსნის ღმერთი ადამიანთა ყურებს და თავისი შეგონებებით ბეჭდავს,

17. რომ აარიდოს კაცი ავ საქმეს და დაიცვას ამპარტავნობისგან;

18. რომ იხსნას მისი სული წარწყმედისგან და მისი სიცოცხლე - მახვილით დაღუპვისგან;

19. სატკივარით ისჯება საწოლზე და ეწამება მისი ძვლები;

20. მის სიცოცხლეს შესძაგდება პური და მის სულს - გემრიელი საჭმელი;

21. დადნება ხორცი მისი, უხილავი გახდება; გამოჩნდებიან მისი ძვლები, უხილავნი რომ იყვნენ;

22. მიაწევს საფლავამდე მისი სული და მისი სიცოცხლე - სიკვდილის წლებამდე;

23. თუ აღმოჩნდა ათასში მისი მეოხე ერთი ანგელოზი, რომ ადამიანის სიწრფელე გამოაცხადოს,

24. შეიბრალოს და თქვას: ნუ გასწირავ საფლავად ჩასვლისთვის, ნაპოვნი მაქვსო გამოსასყიდი,

25. განუახლდება ხორცი ადრინდელზე უფრო და სიყმაწვილის ხანას დაუბრუნდება.

26. ის ლოცვას აღუვლენს ღმერთს, ღმერთი კი შეიწყალებს მას და სიხარულით შეხედავს მის სახეს, დაუბრუნებს მის სიმართლეს;

27. ის იმღერებს კაცთა წინაშე და ეტყვის: ვცოდე მე, სწორი გავამრუდე, მაგრამ არ მომაგო საკადრისადო.

28. იხსნა ჩემი სული საფლავში ჩასვლისაგან და, აჰა, ჩემი სიცოცხლე ნათლის ჭვრეტაშიაო.

29. აჰა, ყველაფერს ამას ორგზის, სამგზის უკეთებს ღმერთი ადამიანს,

30. რომ გამოაბრუნოს მისი სული საფლავიდან და სიცოცხლის ნათლით გაანათლოს.

31. ყური დამიგდე, იობ, მომისმინე, დადუმდი და მე ვილაპარაკებ.

32. თუ სათქმელი გექნება, მიპასუხე, რადგან მწადია შენი გამართლება.

33. თუ არა და, მე მისმინე, დადუმდი, მე გასწავლი სიბრძნეს.


თავი ოცდამეთოთხმეტე

1. კვლავ მიუგო ელიჰუმ და უთხრა:

2. ისმინეთ, ბრძენებო, ჩემი სიტყვები! ყური მომაპყარით, გაგებულნო!

3. რადგან ყური გამოსცდის სიტყვებს და სასა გემოს უგებს საჭმელს:

4. ავირჩიოთ, რაც სამართლიანია და ვიცოდეთ ჩვენს შორის, რა არის უკეთესი.

5. კი თქვა იობმა, მართალი ვარო და ღმერთმა წამართვაო სამართალი;

6. მართალი გავმტყუნდი, უდანაშაულოდ მჭირსო ეს წყლული.

7. თუ არის ვინმე იობის მსგავსი, წყალივით რომ სვამდეს გმობას?

8. ავისმქნელებთან შეთქმულებას ესწრაფოდეს, რომ ბოროტეულ ხალხთან იაროს?

9. რადგან ამბობს: რას არგებს კაცს ღვთისმოსავობაო?

10. ამიტომ მისმინეთ, გულისხმიერნო! შორს იყოს ღმერთი ბოროტებისგან და ყოვლადძლიერი უსამართლობისგან!

11. რადგან საქმისამებრ მიუზღავს ადამიანს და მისი საქციელისამებრ შეამთხვევს კაცს.

12. ჭეშმარიტად, არ ბოროტობს ღმერთი და არ ამრუდებს სამართალს ყოვლადძლიერი!

13. ვინ ჩააბარა მას მიწა და ვინ მიანდო მას მთელი სამყარო?

14. თუ თავისკენ მიაბრუნა თავისი სული და უკანვე წაიღო თავისი სუნთქვა,

15. ერთიანად გაწყდება ყოველი ხორციელი და მიწად მიიქცევა ადამიანი;

16. თუ გაგება გაქვს, მოისმინე ეს, ყური უგდე ჩემს სიტყვებს:

17. იხელმწიფებს განა სამართლის მოძულე? ბრალს დასდებ განა მართალს, ძალმოსილს?

18. ვინც ეუბნება მეფეს: არამზადავ! და დიდებულებს: ბოროტეულო!

19. ვინც მთავრებს არ მიჰკერძავს და ვინც არ განარჩევს მდიდარს და ღარიბს, რადგან ყველანი მისი ხელით არიან შექმნილნი.

20. წამში იხოცებიან, შუაღამისას შებარბაცდება კაცი და იღუპება; ძლიერი წარიტაცებს მას არა კაცის ხელით;

21. რადგან მისი თვალი კაცის გზებს დაჰყურებს და ხედავს მის ყოველ ნაბიჯს;

22. ვერც ბნელში, ვერც შავეთში ვერ დაიმალება ბოროტმოქმედი;

23. რადგან კაცისთვის არ დაუწესებია ჟამი ღმერთთან მისასვლელ სამსჯავროზე.

24. ის მუსრავს ძლიერებს განუკითხავად და სხვებს წამოსწევს მათ ადგილზე.

25. რადგან მან უწყის მათი ნამოქმედარი, ღამით დაამხობს მათ და შეიმუსრებიან,

26. როგორც ბოროტეულთ შემოჰკრავს ყველას დასანახად;

27. რადგან ზურგი შეაქციეს მას და არ შეიმეცნეს მისი გზები;

28. რადგან მის ყურამდე მიიტანეს ბედშავთა კვნესა და დაჩაგრულთა კვნესა ესმის მას.

29. როცა დუმს ის, ვინ არის მისი მბრალმდებელი? როცა იფარავს სახეს, ვინ არის მისი მხილველი? ხალხი იქნება თუ ერთი კაცი?

30. რომ არ იხელმწიფოს უღვთომ, რომ მახე არ დაუგოს ხალხს.

31. რადგან ღმერთს უნდა ეუბნებოდეს კაცი: დავაშავე, აღარ შევცოდავო.

32. შენ მასწავლე, რასაც მე ვერ ვხედავ: თუ ცოდვა მაქვს ჩადენილი, აღარ ჩავიდენო.

33. შენგნით მიუზღავს ის სამართალს? როგორც შენ დაგიგმია, როგორც შენ აგირჩევია და არა როგორც მე? ილაპარაკე, რაც იცი!

34. გაგებული ხალხი ჩემსავით იფიქრებს და ბრძენი კაცები დამეთანხმებიან.

35. იობი უგუნურად ლაპარაკობს და სიბრძნე აკლია მის სიტყვებს.

36. ოჰ, ერთი გამოიცდებოდეს იობი საბოლოოდ, უკეთურთა მსგავსად რომ პასუხობს!

37. რადგან თავის ცოდვას ახალი დანაშაული მიუსართა: ხელი ხელს შემოჰკრა ჩვენს შორის და გაამრავლა სიტყვები ღვთის წინააღმდეგ.


თავი ოცდამეთხუთმეტე

1. კვლავ მიუგო ელიჰუმ და უთხრა:

2. ნუთუ სამართლიანად მიგაჩნია, რომ ამბობ, ღმერთზე მართალი ვარო?

3. რომ ამბობ, რას მარგებს, რას მომიტანს ჩემი უცოდველობაო?

4. მე შეგიბრუნებ სიტყვას შენ და შენს მეგობრებსაც:

5. ახედე ცას და დაინახე, შეხედე ცარგვალს - ხომ შენზე მაღალია?

6. რას დაუშავებ მას შენი შეცოდებით? რაც უნდა იმრავლოს შენმა დანაშაულმა, რას ავნებ მას?

7. რას შემატებ მას შენი სიმართლით ან რას უნდა გემოელოდეს შენგან?

8. მხოლოდ კაცს, შენივე მსგავსს, ეხება შენი უკეთურება და ადამის ძეს - შენი სიმართლე.

9. ბევრი ჩაგვრისაგან კვნესიან, შველას ითხოვენ ძლიერთა მკლავებიდან.

10. არავინ ამბობს: სად არის ღმერთი, ჩემი შემქმნელი, ღამით გალობათა მომმადლებელი?

11. რომელმაც განგვასწავლა მიწის მხეცებზე მეტად და ცის ფრინველებზე მეტად განგვაბრძნო?

12. იქ კვნესიან ისინი და პასუხს არ სცემს ღმერთი უკეთურთა ამპარტავნობის გამო.

13. ჭეშმარიტად სიცრუეს არ მოისმენს ღმერთი და არ მოხედავს მას ყოვლადძლიერი.

14. თუმცა შენ ამბობ, რომ ვერ ხედავ მას, მაგრამ სამართალი მის წინაშეა, დაელოდე.

15. თუ ახლა არა, ოდესმე მაინც გამოაჩენს თავის რისხვას და არად ჩააგდებს მეტისმეტ სიამპარტავნეს.

16. ამაოდ გახსნა პირი იობმა და უაზროდ ახვავებს სიტყვებს.


თავი ოცდამეთექვსმეტე

1. განაგრძო ელიჰუმ და თქვა:

2. ცოტა მაცალე და გაგიცხადებ, რომ კიდევ არის სიტყვები ღვთის გასამართლებლად:

3. შორიდან წამოვიღებ ჩემს აზრს და ჩემს შემქმნელს მივაგებ სიმართლეს.

4. რადგან, ჭეშმარიტად, არ არის სიცრუე ჩემს სიტყვებში, წრფელია ჩემი ფიქრები შენს წინაშე.

5. აჰა, ძლიერია ღმერთი, მაგრამ არავინ სძულს, ის სიბრძნის ძალით არის ძლიერი;

6. ის არ აცოცხლებს ბოროტეულს და დაჩაგრულებს სამართალს აძლევს;

7. მართალს თვალს არ არიდებს, მეფეებთან ერთად ტახტზე სვამს სამარადისოდ და აღზევდებიან ისინი;

8. თუ ვინმეს ადევს ბორკილები და სივაგლახის საკვრელებით არის შეკრული,

9. გამოუცხადებს მათსავე ნამოქმედარს და ცოდვებს. თუ რაოდენ დამძიმდნენ ისინი;

10. გაუხსნის ყურებს შეგონებისთვის და ეტყვის, რომ განერიდონ უკეთურებას;

11. თუ გაუგონებენ და დაემორჩილებიან, დღეებს სიკეთეში დაასრულებენ და წლებს - ნეტარებაში;

12. თუ არ გაუგონებენ, მახვილით დაიღუპებიან და უგუნურად დაიხოცებიან;

13. გულხენეშნი რისხვით არიან ატანილნი, შველას არ ითხოვენ, როცა ბორკავს მათ;

14. სიყრმეშივე კვდება მათი სული და გარყვნილებაში გადის მათი სიცოცხლე;

15. ის იხსნის გაჭირვებულს გასაჭირითვე და სატანჯელით ყურს უხსნის მათ.

16. შენც გამოგიყვანდა სივიწროვიდან სიფართოვეში, გაშლილ ადგილზე და შენი სუფრა სავსე იქნებოდა ნუგბარი საჭმელებით;

17. შენ კი სავსე ხარ ბოროტეულის ბრალით, ხოლო ბრალი და სასჯელი კი ერთმანეთს არიან მოჭიდებულნი.

18. ბრაზმა სასაცილოდ არ გაგხადოს, დიდმა გასამრჯელომ არ გადაგხაროს.

19. თუ გიშველის ყვირილი გასაჭირში ან მთელი შენი ძალისხმევა?

20. ნუ ესწრაფი ღამეს, როცა ხალხები აიყრებიან თავიანთი ადგილებიდან;

21. ფრთხილად იყავი, არ მიიქცე ბოროტისკენ, რადგან ამით სატანჯველს ირჩევ.

22. აჰა, ღმერთი ზეობს თავისი ძლიერებით, ვინ არის მისი მსგავსი მოძღვარი?

23. ვის დაუწესებია მისთვის გზები? ვის უთქვამს, ბოროტება გაქვსო ჩადენილი?

24. გახსოვდეს, რომ ადიდო მისი საქმენი, რომელთაც უგალობენ ადამიანები.

25. მთელი კაცთა მოდგმა ხედავს მათ და შორადანვე ამჩნევს კაცი.

26. აჰა, მაღალია ღმერთი და ვერ შეგვიცვნია; აღურაცხელია მისი დროჟამი.

27. შემოიკრებს წყლის წვეთებს და წვიმად და ორთქლად აფრქვევს მათ;

28. რაც ღრუბლებიდან იღვრება, ხალხთა სიმრავლეს ესხურება;

29. თუ მიხვდება ვინმე ღრუბელთა ხლეჩას, ჭექა-ქუხილს მისი კარვიდან?

30. აჰა, გამოუტევებს ნათელს თავის გარშემო და ჩამალავს ზღვის უფსკრულებში;

31. რადგან მით განსჯის ხალხებს და უხვად იძლევა საზრდოს;

22. ელვა ფარავს მის ხელებს და გზავნის მას მტრების წინააღმდეგ;

33. თავისი გრგვინვით აცხადებს თავს, ჯოგი წინათგრძნობს მის მოახლოებას.


თავი ოცდამეჩვიდმეტე

1. ამის გამოც მიფრთხის გული და საგულედან ამოვარდნას ლამობს.

2. უსმინეთ, კარგად უსმინეთ გრგვინვაში მის ხმას და ქუხილს, მისი პირიდან გამომავალს!

3. მთელს ცისქვეშეთში აჭექებს მას და მისი ელვა ქვეყნიერების კიდეებს სწვდება;

4. მის მერე დაიქუხებს, დაიგრიალებს დიდებულ ხმაზე და არ შეწყვეტს ელვას, როცა ისმის მისი ქუხილი.

5. გრგვინავს ღმერთი თავის საკვირველ ხმაზე, ქმნის სიდიადეთა, რომელთა შეცნობა ჩვენ არ ძალგვიძს;

6. რადგან თოვლს ეუბნება: დაეფინე მიწას! წვიმის თავსხმას და თავისი წვიმების თქეშს: გაძლიერდი!

7. ის ბეჭდავს ყოველი ადამიანის ხელს, რომ მთელმა ხალხმა იცოდეს მისი ნამოქმედარი;

8. მხეცები გარბიან ქვაბულებში და თავიანთ ბუნაგებში იყუჟებიან;

9. სამხრეთიდან მოდის ქარიშხალი და ჩრდილოეთიდან - ყინვა;

10. ღვთის სუნთქვა ბადებს ყინულს და წყალთა სიფართე ვიწროვდება;

11. წყლით ბერავს ღრუბელს და მისი ელვა ჯანღებს ფანტავს;

12. ყველაფერი მისი განგებით ბრუნავს, რომ ყოველი მისი ნაბრძანები აღსრულდეს დედამიწის ზურგზე;

13. თუ დასასჯელად, თუ მიწისთვის, თუ წყალობისთვის გამოაჩენს მას.

14. ყურადიღე ეს, იობ! დადექი და ჩასწვდი ღვთის სასწაულებს!

15. თუ იცი, როგორ განაგებს მათ ღმერთი და როგორ გამოაშუქებს ელვას თავისი ღრუბლიდან?

16. თუ იცი ჯანღების ასავალ-დასავალი - ყოვლადბრძენის საკვირველებანი?

17. თუ იცი, რატომ ხურდება შენი სამოსელი, როცა მყუდროვდება ქვეყანა სამხრეთის ქარში?

18. თუ აიჭრები მასთან ერთად ცის მყარში, სარკესავით რომ არის ჩამოსხმული?

19. გვასწავლე, რა ვუთხრათ მას? ვერაფერი მოგვიფიქრებია სიბნელისგან.

20. თუ მოხსენდება მას, რომ ლაპარაკი მსურს? თუ ინატრებს კაცი, რომ შთაინთქას?

21. ვერ უსწორებენ თვალს ცაზე მოკაშკაშე მნათობს, როცა ქარი გადაივლის და გადაწმენდს ცარგვალს.

22. ჩრდილოეთიდან მოდის ნათება, საშინელია ღვთის ირგვლივ ბრწყინვალება!

23. ვერ ვწვდებით ყოვლადძლიერს, ის აღმატებულია ძალით და სიმართლით; მრავალმოწყალეა, არავის ჩაგრავს.

24. ამიტომაც მისი ეშინია ხალხს; ბრძენებს ის არად აგდებს.


თავი ოცდამეთვრამეტე

1. მიუგო უფალმა იობს გრიგალიდან და უთხრა:

2. ვინ არის, რომ აბნელებს განგებას უგუნური სიტყვებით?

3. წელი შემოისარტყლე, მეომარივით, მე შეგეკითხები და შენ მიპასუხე:

4. სად იყავი, როცა დედამიწას ვაფუძნებდი? ამიხსენი, თუ გაქვს გაგება.

5. ვინ დასაზღვრა მისი ზომები, თუ იცი? მასზე ბაწარი ვინ გადაჭიმა?

6. რაზე დგას მისი საძირკვლები ან ვინ დადო მისი ქვაკუთხედი,

7. როცა გალობდნენ დილის ვარსკვლავები და ყიჟინობდნენ ღვთისშვილები?

8. ვინ ჩაუკეტა ზღვას კარიბჭენი, როცა საშოდან ამოხეთქა,

9. როცა ნისლი მივეცი სამოსელად და წყვდიადი - სახვევებად,

10. როცა დავუდგინე ჩემი წესი და დავუტანე ურდული და კარიბჭენი -

11. და ვთქვი, აქამდე მოდი, იქით აღარ, აქ შეწყდეს შენი ტალღების აზვირთება-მეთქი?

12. თუ გიბრძანებია შენს სიცოცხლეში დილისათვის, თუ გიჩვენებია ცისკრისათვის მისი ადგილი,

13. რომ ეპყრა ქვეყნის კიდეები და ბოროტეულნი განეფერთხა მისგან?

14. გადაიქცევა საბეჭდავ თიხად და სამოსელივით აჭრელდება,

15. წაერთმევა ბოროტეულთ მათი ნათელი და აღმართული მკლავი შეიმუსრება.

16. თუ ჩაგიღწევია ზღვის წყაროებამდე? თუ გივლია უფსკრულის სიღრმეებში?

17. თუ გაღებულა შენს წინაშე სიკვდილის კარიბჭენი და შავეთის კარიბჭენი თუ გინახავს?

18. თუ განგიცდია დედამიწის სიგრძე და განი? მითხარი, თუ იცი ეს ყველაფერი?

19. სად არის გზა ნათლის სამყოფელისკენ და სად არის ბნელეთის ადგილი,

20. რომ დაიჭირო თავის საზღვართან და მიაგნო მისი სახლის ბილიკებს?

21. თუ იცოდი, რომ ოდესმე დაიბადებოდი და მრავალჟამიერი იქნებოდი?

22. თუ შეგიღწევია თოვლის საგანძურში და სეტყვის საგანძური თუ გინახავს,

23. რომელსაც ვიმარაგებ ძნელბედობისთვის, ომისა და ბრძოლის დღისათვის?

24. რა გზით ნაწილდება ნათელი, როგორ ვრცელდება აღმოსავლეთის ქარი დედამიწაზე?

25. ვინ გაუხსნა ნიაღვარს სადინარი და გზა - ჭექა-ქუხილს,

26. რომ აწვიმოს უკაცრიელ მიწაზე, უდაბნოში, სადაც ადამიანი არ ჭაჭანებს,

27. რომ მორწყას უდაბური ხრიოკები და აღმოაცენოს მწვანე ბალახი?

28. თუ ჰყავს წვიმას მამა ან ვინ დაბადა ნამის წვეთები?

29. ვისი საშოდან გამოვიდა ყინული და ციური ჭირხლი ვინ დაბადა,

30. როცა ქვასავით მკვრივდება წყალი და იკვრის უფსკრულის ზედაპირი?

31. თუ შეკრავ ხომლის საბელებს ან ორიონის საკვრელებს თუ გახსნი?

32. თუ ამოიყვან ზოდიებს თავ-თავის დროზე და დიდ დათვს თავისი ბელებითურთ თუ წარუძღვები?

33. თუ იცი ცათა კანონები ან თუ დაადგენ მის წესს ქვეყანაზე?

34. ღრუბლებს თუ მიუწვდენ ხმას, რომ დაგფაროს წყლის თქეშმა?

35. თუ დაიბარებ ელვას, რომ მოვიდეს და გითხრას: აქა ვარო!

36. ვინ ჩადო გულში სიბრძნე ან ვინ მისცა გონებას გამჭრიახობა?

37. ვინ დათვლის ღრუბლებს სიბრძნით და ცის კოლოტებს ვინ გადმოცლის,

38. როცა შედუღებულია მიწა და კოლბოხები ერთმანეთს ეწებება?

39. ლომს შენ უნადირებ მსხვერპლს, შენ უკლავ შიმშილს ლომის ბოკვერებს,

40. როცა ბუნაგებში განაბულან, როცა წვანან თავიანთ საფარში?

41. საზრდოს ვინ უმზადებს ყორანს, როცა მისი ბახალები ღმერთს შესჩხავიან და მშივრები დაბორიალობენ?


თავი ოცდამეცხრამეტე

1. თუ იცი ჯიხვთა დაბადების ჟამი? ფურირმის მყვირალობა თუ შეგინიშნავს?

2. თუ დაგითვლია მისი მაკეობის თვეები? ან თუ იცი ჟამი მოგებისა?

3. ჩაიმუხლებენ, გამოაგდებენ ნაშიერთ, უამდებათ შობის ტკივილები.

4. მაგრდებიან მათი შვილები, იზრდებიან ტრიალ მინდორზე, იფანტებიან და უკან აღარ უბრუნდებიან.

5. ვინ გაუშვა ნებაზე კანჯარი და ველურ ვირს საბელი ვინ გაუხსნა,

6. რომელსაც უდაბნო მივეცი სახლად და სამყოფლად - მლაშობი?

7. ქალაქის ხმაურს არად აგდებს და გამრეკის შეძახილებს არ უსმენს.

8. მთებზე საძოვრად დაეხეტება და ყოველგვარ სიმწვანეს დაეძებს.

9. თუ ისურვებს მარტორქა შენს სამსახურს? შენს ბაგებთან თუ დაიღამებს?

10. ბაწრით თუ დააკავებ მარტორქას ხნულთან? თუ დაგიფარცხავს ნახნავებს შენს უკან?

11. თუ დაენდობი მის ძლიერებას და შენს საშრომელს თუ მიანდობ?

12. თუ გექნება იმედი, რომ თესლს დაგიბრუნებს და კალოზე დაგიხვავებს?

13. ხალისობენ სირაქლემას ფრთები, მაგრამ სიყვარულის ნაკრეტენი და ბუმბულია ისინი?

14. რადგან მიწაზე დებს თავის კვერცხებს და ქვიშაში ათბობს მათ;

15. ავიწყდება, რომ ფეხით გაიჭეჭყება და ველის მხეცი გათელავს მას.

16. სასტიკად ექცევა თავის ბარტყებს, თითქოს მისები არ ყოფილიყვნენ; ამაოა მისი გარჯა სიფრთხილის გარეშე;

17. რადგან ღმერთმა დაუკავა მას ჭკუა და წილად არ არგუნა გონება;

18. რაჟამს შეიმართება გასაფრენად, დასცინის ცხენსა და მხედარს.

19. შენ ახტუნებ კალიასავით? მისი დიდებული ჭიხვინი ზარდამცემია!

21. მიწას თხრის ველზე და ხარობს, ძლიერი ჭენებით მახვილს ეგებება.

22. შიშს დასცინის, არ ფრთხება და მახვილისგან პირს არ აბრუნებს;

23. მის თავზე ჟღრიალებს კაპარჭი, ელავს შუბისწვერი და ჰოროლი.

24. გრიალ-დგანდგარში ყლაპავს მიწას და ბუკის ხმა ვერ აკავებს;

25. ბუკის ცემაზე, იტყვის: აჰა! და შორითვე იყნოსავს ბრძოლას, სარდლის შეძახილებს და ყიჟინას.

26. შენს ჭკუაზე ნავარდობს ქორი და სამხრეთისკენ მიფრინავს ფრთაგაშლილი?

27. შენს ბრძანებაზე აღმაფრენს არწივი და იკეთებს მაღლა თავის ბუდეს?

28. კლდეზე სახლობს და ათევს ღამეს, კლდის ქიმია მისი ციხე-სიმაგრე;

29. იქიდან ეძებს საკვებს, შორიდანვე ჭვრეტს მისი თვალი;

30. მისი მართვენი სისხლს ხვრეპენ და სადაც ლეშია, იქ გაჩნდება.


თავი მეორმოცე

1. მიუგო უფალმა იობს და უთხრა:

2. რას ედავება ყოვლადძლიერს შარიანი კაცი? ღვთის მამხილებელი ამაზე პასუხს აგებს.

3. მიუგო იობმა უფალს და უთხრა:

4. აჰა, ნამცეცი ვარ, რა გიპასუხო? პირზე მაქვს ხელი მიდებული.

5. ერთხელ ვთქვი და მეტს აღარ ვიტყვი, მეორეჯერაც და - დავდუმდები.

6. მიუგო უფალმა იობს გრიგალიდან და უთხრა:

7. შემოისარტყლე წელი მამაკაცურად, შეგეკითხები და გამაგებინე:

8. გინდა გააუქმო ჩემი სამართალი, გამამტყუნო, რომ თავად გამართლდე?

9. იქნებ ღვთისდარი მკლავი გაქვს და მისი ხმით გრგვინვა შეგიძლია?

10. აბა, შეიმკე დიდებით და სიდიადით! აბა, შეიმოსე ნათელი და შარავანდი!

11. აბა, გადმოაფრქვიე შენი რისხვის ცეცხლი! დახედე განდიდებულს და დააკნინე!

12. დახედე განდიდებულს და დაამდაბლე, ადგილზევე გააცამტვერე ბოროტეულნი!

13. მტვერში ჩამარხე ერთიანად და შავეთში მობურე მათი პირისახე.

14. მაშინ მეც დაგიჯერებ, რომ შენს მარჯვენას ძალუძს შენი გადარჩენა.

15. აჰა, ბეჰემოთი, შენთან ერთად რომ შევქმენი, ჭამს ხარივით ბალახს.

16. აჰა, ძალა მისი მის წელშია, მისი სიმაგრე - მუცლის კუნთებშია;

17. ნაძვივით დრეკს თავის კუდს, თეძოების ძარღვები გადაგრეხილი აქვს;

18. მისი ძვლები სპილენძის მილებია, მისი სახსრები - რკინის წნელები;

19. ის პირველია ღვთის ქმნილებებში, მხოლოდ მისი გამჩენი თუ დაჰკრავს მახვილს;

20. მთები აძლევს მას საზრდოს და ველის ყოველი მხეცი იქ ერთობა.

21. ლაქაშებში წვება, ლერწმის საფარში და ჭაობებში;

22. ლაქაშები ჩრდილს აფენს მას, ღელის ძეწნები გარს ახვევია;

23. აჰა, ბობოქრობს მდინარე, ის კი არ ფრთხება, მშვიდად არის, თუნდაც იორდანე მიეღვაროს პირში.

24. თვალით ვინ დაიჭერს მას, მახით ვინ გაუხვრეტს ცხვირს?

25. თუ ამოათრევ ანკესით ლევიათანს და ბაწრით თუ დაუბამ ენას?

26. ცხვირში თუ გაუყრი კაუჭს და ყბაში ჩანგალს თუ მოსდებ?

27. თუ დაგიწყებს ბევრ ვედრებას ანთუ ტკბილი სიტყვით დაგეუბნება?

28. თუ დაგიდებს აღთქმას ანთუ სამუდამო ყმად გაიხდი?

29. თუ დაუწყებ თამაშს, როგორც ჩიტს რასმე, თუ დააბამ შენი გოგონებისთვის?

30. თუ მოივაჭრებენ მას მოვაჭრენი, თუ დაანაწილებენ ქანაანელთა შორის?

31. თუ დაუფარავ კანს ჰოროლებით და თავს - ბარჯებით?

32. შეახე მას ხელი და გახსოვდეს ბრძოლა, მეტს აღარ ეცდები.


თავი ორმოცდამეერთე

1. აჰა, უმტყუნებს მას იმედი, მის ერთ შეხედვაზე დაეცემა.

2. მის აღძვრას ვერავინ ბედავს თუ მე ვინღა დამიდგება წინ?

3. ვისი რა მმართებს, რომ გადავუხადო? ყველაფერი ჩემია ცისქვეშეთში.

4. არ შევწყვეტ სიტყვას მისი სხეულის ასოებზე, მის ძლიერებაზე და მისი აღნაგობის სილამაზეზე.

5. ვინ გახდის მას ზედა სამოსელს? მის ორ ყბას შუა ვინ შეაღწევს?

6. მისი პირისახის კარს ვინ გააღებს? მის კბილთა ირგვლივ საშინელებაა!

7. მისი ზურგი დელამფართა წყებაა, მჭიდრო ბეჭდებით შეკრული;

8. ერთი მეორეზეა მიჯრილი და ქარი არ ატანს მათ შორის;

9. ერთმანეთს შეეწებნენ, შედუღდნენ და აღარ სცილდებიან;

10. მისი დამცხიკვება შუქს აფრქვევს, მისი თვალები განთიადის წამწამებია;

11. მისი პირიდან მაშხალები გამოდის, ცეცხლის ნაკვერჩხლები ცვივიან;

12. ნესტოებიდან კვამლს უტევებს, როგორც მდუღარე ქვაბი, როგორც ნახანძრალი ლერწამი;

13. მისი სუნთქვა მუგუზლებს აღვივებს და მისი პირიდან ალი გამოდის;

14. მის ქედზე ძალაა დავანებული და მის წინაშე როკავს შიში;

15. ხორცის ნაკვთები მისი შენივთულია ერთმანეთთან, მკვრივად აფენია, შეუძვრელად;

16. ქვასავით მკვრივია მისი გული, მკვრივია ქვედა დოლაბივით.

17. წამოიმართება და ფრთხებიან ძლიერნი, თავზარდაცემისგან გონს კარგავენ;

18. მახვილი ვერ უძლებს მას, ვერც შუბი, ვერც ჰოროლი, ვერც ჯავშანი;

19. რკინა ჩალად უჩანს და ფუტურო ხედ - რვალი;

20. ვერ გააქცევს მას მშვილდის ნასხლეტი, თივის ბულულია მისთვის შურდულის ქვები;

21. ბზედ უჩანს ლახტი და ლახვრის შხუილზე ეღიმება;

22. წამახული ქვები აქვს მუცლის ქვეშ, განრთხმულია კევრივით ჭონჭყოში;

23. ქვაბივით ადუღებს უფსკრულს, ზღვას საცხებლის კოჭობად აქცევს;

24. თავის უკან ასხივებს ბილიკს, ჭაღარად ჩნდება ზღვის მორევი;

25. არ არის მიწაზე მისი მსგავსი, უშიშრად არის გაჩენილი;

26. ყოველი მაღლის მჭვრეტელია, მეფობს ყოველ ამპარტავანზე.


თავი ორმოცდამეორე

1. მიუგო იობმა უფალს და უთხრა:

2. ვიცი, რომ ყოვლისშემძლე ხარ და არცერთი განზრახვა შენი არ დაბრკოლდება.

3. ვინ არის რომ მალავს რჩევას უგუნურებით? რადგან ვლაპარაკობდი და არაფერი გამეგებოდა, ჩემთვის საკვირველზე, და ვერაფერს ვხვდებოდი.

4. მომისმინე, მე ვიტყვი, შეგეკითხები და მაცოდინე.

5. ყურმოკვრით მსმენია შენზე, ახლა კი ჩემი თვალით გიხილე.

6. ამიტომაც ვკიცხავ ჩემს თავს და ვინანიებ მტვერშა და ნაცარში.

7. მას შემდეგ, რაც წარმოთქვა უფალმა ეს სიტყვები იობის მიმართ, უთხრა უფალმა ელიფაზ თემანელს: აინთო ჩემი რისხვა შენ მიმართ და შენი ორი მეგობრის მიმართ, რადგან ჩემი მორჩილი იობივით გულწრფელად არ ილაპარაკეთ ჩემზე.

8. ახლა წაიყვანეთ შვიდი ხარი და შვიდი ცხვარი და მიდით ჩემს მორჩილ იობთან, აღავლინეთ აღსავლენი თქვენს საოხად და ჩემი მორჩილი იობი ილოცებს თქვენთვის, რადგან შევიწყნარებ მას და ავად არ მოგექცევით, რომ ჩემი მორჩილი იობივით წრფელად არ მელაპარაკეთ.

9. წავიდნენ ელიფაზ თემანელი, ბილდად ხუშელი და ცოფარ ნაყამათელი და ისე მოიქცნენ, როგორც უთხრა მათ უფალმა. და შეიწყნარა უფალმა იობი.

10. და აღუდგინა უფალმა იობს მისი დოვლათი, როცა ილოცა იობმა თავისი მეგობრებისთვის. ერთი იმდენი მიუმატა უფალმა იობის საბადებელს!

11. მივიდნენ მასთან მისი ძმები და დები, მისი ძველი ნაცნობები და ჭამეს მასთან ერთად პური მის სახლში; მიუსამძიმრეს და ანუგეშეს ყველა იმ განსაცდელის გამო, რაც უფალმა მოუვლინა მას. თითოეულმა მისცა მას თითო კესიტა და თითო ოქროს ბეჭედი.

12. უკურთხა უფალმა იობს დარჩენილი დღეები წინანდელზე უფრო მეტად: ჰყავდა თოთხმეტი ათასი ცხვარი, ექვსი ათასი აქლემი, ათასი უღელი ხარი და ათასი სახედარი.

13. ჰყავდა შვიდი ვაჟი და სამი ასული.

14. ერთს სახელად დაარქვა იემიმა, მეორეს - კეციყა, მესამეს - კერენ-ჰაფუქი.

15. არ მოიძებნებოდნენ მთელს ქვეყანაზე იობის ასულებისთანა ლამაზი ქალები, და მამამ მისცა მათ სამკვიდრო მათ ძმებს შორის.

16. იცოცხლა ამის შემდეგ იობმა ასორმოცი წელი და მოესწრო თავის შვილებს და შვილთაშვილებს მეოთხე თაობაში.

17. მოკვდა იობი მოხუცებული და დღესრული.