ენკენისთვე გაიწურა,
გადაყვითლდა მთა და ველი;
ღვინობისთვემ მოატანა,
სოფლად გაჩნდა ყველგან რთველი.
ფაციფუცობს, მიდის-მოდის
ვენახისკენ კაცი, ქალი;
წელს ბუნებამ იზღვაგულა,
კარგი არის მოსავალი.
ადე, სოსო, ადე, კოტე,
შენ, შალიკო, რაღას ელი?
რახანია გივის მზად აქვს
პაწაწინა საკიდელი!
განა ახლა ძილის დროა?
ზარმაცია, ვისაც სძინავს:
მტევნებს ვაზი ვეღარ იჭერს,
ქარვასავით ყველა ბზინავს.
რას უყურებთ ზარმაც შაქროს,
გოგიას და შიოლასა:
მათ თათარა როდი უყვართ,
მაჭრით წავლენ იოლასა.
და თუ გინდათ ზამთარშიაც
ყელი ჩაიკოკლოზინოთ,
კალათით და საკეც დანით
ვაზებს უნდა მოულხინოთ...
ენკენისთვე გაილია,
სოფლად გაჩნდა ყველგან რთველი,
აჭრიალდა ურმის თვალი,
ამუშავდა ყველას ხელი.
ზეიმობს და მხიარულობს
ყურძნით სავსე საწნახელი,
აღიღინდა ტკბილის ჩქერით
თაღარი და ქვევრის ყელი.