I

შხამად შემერგოს დედის რძე,
შხამად მომედოს პირზედა,
ქვეყანამ გამათახსიროს
ცა-დედამიწის ძირზედა.
დავდიოდ-დავყიალობდე
მურჩამოსმული ცხვირზედა,
თავს ლაფი გადამდიოდეს,
უკუღმა ვიჯდე ვირზედა,
თუ ძმის სიკეთე შემშურდეს,
თუ ძმას შევხედო შურითა,
თუ ძმაზე ძვირი ნათქვამი
მტრისგან შევიგნო ყურითა.

II

ბრაზად გადმექცეს ამაგი
ჩემი მშობელი დედისა,
იობის დღეში ჩავვარდე,
მომჩივნე გავხდე ბედისა,
გული ქვად გადამივარდეს,
საზიზღი გავხდე მე დისა,
ნუღარც შევჭამო ნათესი,
მოხნული ხარის ქედისა, -
თუ სახლში ჯდომა ვირჩიო,
ხანჯალმა მოელვარემა,
ნუღარც მიმიღოს სამიწედ
ჩემმა სამშობლო მხარემა,
ნუღარც სხვის მიწამ და წყალმა,
ნუღარც სხვის არემარემა, -
თუ ტყვიას ზურგი ვაჩვენო
გულის წილ ბრძოლის ველზედა;
თუ ძმა გავსწირო ღალატით, -
ხმალი შემაწყდეს წელზედა,
თუ არ შევაკვდე გმირულად
მამულისათვის მტერს ზედა, -
ქალურს სიმუხთლეს, სიჯაბნეს,
ყველა მატყობდეს ფერზედა;
ბეჭედი უნამუსობის
დამაჩნდეს სახე-წვერზედა,
გავრბოდე შეშინებული,
როგორც იუდა სერზედა,
წინ მთა მხვდებოდეს, მთის იქით
კიდევ მთა სალიკლდიანი,
ხმალს ვცემდე, აღარ მიჭრიდეს
გააფთრებული, ფხიანი,
დამჯაბნოს ბერმა ყმაწვილი
დიაცურ ხუჭუჭთმიანი, -
თუ არ ვარჩიო სიცოცხლეს
სიკვდილი სახელიანი!


1892 წ.