ზამთარმა ჭირი მოგვჭამა,
ფერი სცემს გაზაფხულისა,
ენძელა ამოჩენილა,
შენი გულისა, სულისა!
სხვა ყვავილებიც მოდიან,
ლამაზნი მოსაწონები;
წავალ და ყველას ფოთლებზე
სათუთად დავეკონები!
ჩემო პატარა გოგიავ,
აბა, ჩაიცვი ქალმები,
მინდვრის ყვავილებს, გენაცვა,
შენ კი არ მიესალმები?!
შენც ხომ იმათი დარი ხარ,
წმინდა, უმანკო გულითა;
იმათთან ერთად დავტკბები
კვლავ შენი სიყვარულითა!
თქვენ შემოგევლეთ თავზედა,
ტურფანო, დაქარგულებო;
წყარონო ჩემი სიცოცხლის,
პირველო გაზაფხულებო!
ენაჟღურტულა მერცხალო,
მალე მოფრინდი შენაცა,
რომ შენ ჭიკჭიკთან პაწიამ
ფეხიც აიდგას, ენაცა.


1909 წ.