ო, ალვის ხის შვენება,
ისევ იგი შთენია.
ყოველ დღის გათენება
მისთვის მოსალხენია.
მოდის, ფეთქს და იზრდება
სული მისი მხრჩობელი,
ფოთლებს ამეტისტებით
ფარავს შეუცნობელი.
ტბის გულს გადახვევია
მდუმარება ტოტების,
ოცნება არ სჩვევია
ქვეყნის გამოცოდების.
არც შხამიან ლანდებად
უცემს წყალთა გუბება.
ის არ ჭლექიანდება,
ის არ დაიღუპება.