(ძველი ამბავი)

I

სასტუმროს იყვნენ ხევსურნი,
ლუდი ედუღა წიქასა;
ისხდენ ბანზედ და ღრეობდენ,
თასებით ჰსვამდენ იმასა;
ზოგნი უკრავდენ ფანდურსა,
ზედ დაჰმღეროდენ დიდადა, —
მსმენელთა გრძნობას უდებდენ
საგმირო ამბებს ხიდადა;
აღგზნებით გმირთა სახელებს
ლექსებში სთვლიდენ წმიდადა;
მოხუცნი ჩიბუხებს სწევდენ,
ბოლი ეხვიათ ნისლადა,
განმარტავდიან მათ ამბავს,
შანდობა თქვიან გმირთადა.
ახლების საწურთნელადა
იხსენებდიან ქებითა:
“თქვენ იცით, ამას იქითა
კაცად ვინც გამასდგებითა!”
კრებაში ერთი ვინმე სჩანს
სახე-მკრთალი და მშვიდია,
როგორც თაფლს მწერი, ეხვევა
იმას მცირე და დიდია.
დაღვრემილს წელზე ხმალი ჰრტყავ,
მხარ-იღლივ ფარი ჰკიდია.
მუხლებს წინ თავშიშველანი
ორნი უსხედან ჩოქითა,
თასებს აწვდიან, იღებენ
შავს ლუდსა დიდა გობითა. —
“შასვი, მინდიავ, — ეტყვიან,
კაი ლუდია, სვიანი,
გვითხარი რამე, ღვთის მადლსა,
ერთი ქართული გზიანი.”
— მთვრალმა რა გითხრათ, კაცებო,
ჭკუა სასმელმა დაძალა,
სათქმელი მერმისთვის დარჩეს,
თუკი სიკვდილმა მაცალა. —
ასწია კარახანასა,
გადიწურა და დაცალა.
ტყვეობით დაბრუნებული
ძმებში ყოფნითა სტკბებოდა,
როგორაც სხვანი მრავალნი,
ისიც ლუდითა თვრებოდა.
ამ მინდიაზე ამბობდენ
დაუჯერებელს ამბებსა:
მინდია ტყვედა ჰყოლია
თორმეტს წელს თურმე ქაჯებსა.
ტყვეობამ ფრიად დაჩაგრა,
სამშობლოს გარეთ ყოფნამა;
მიდის დრო, განვლო მრავალმა
აღდგომამა და შობამა,
მაგრამ მინდიას ტყვეობას
არ ექნა დასასრულია,
გული დაუდნო მონებამ,
ამოსვლას ლამობს სულია.
აგონდებოდა თავისი
ჩამოთოვილი მთებია,
ჩაბნელებული ხევები,
უსწორ-მასწორო გზებია,
მის ბედის მგლოვიარენი
დედა, მამა და ძმებია,
თავისი ქოხი მწირული,
სამოთხედ მისაღებია,
ეშველათ, ბევრჯელ ხატ-ღმერთსა
მხურვალედ შაჰვედრებია.
ბოლოს სთქვა: “თავსა მოვიკლავ,
ასეთს სიცოცხლეს სჯობია!”
ქაჯთათვის ცეცხლზე ნადგამი
სადილად ნახა ქობია.
იცოდა, გველსა ჰხარშავდენ,
იმასა სჭამდენ ხშირადა;
ქაჯნი ქაჯობით იტანდენ
გველის მიღებას პირადა,
და თავის თავზე იფიქრა,
რომ ექცეოდა ჭირადა.
აიღო ერთი ნაჭერი,
ზიზღით ქურდულად შეჭამა
და ამ დროს მოწყალეს თვალით
ტყვეს გადმოხედა ზეცამა:
ახალად სული ჩაედგა,
ახალი ხორცი აისხა;
გულის ხედვა და თვალების,
როგორც ბრმას და ყრუვს, გაეხსნა.
ესმის დღეიდან ყოველი,
რასაც ფრინველნი გალობენ,
ან მცენარენი, ცხოველნი,
როდის ილხენენ, წვალობენ.
რაც კი რამ დაუბადია
უფალს სულიერ-უსულო,
ყველასაც თურმე ენა აქვს,
არა ყოფილა ურჯულო.
ამას ჰგრძნობს, უკვირს თითონაც
ტყვეს თვის ბუნების ცვალება.
შეიგნო, ჭამა გველისა
ქაჯთაგან იყო ზმანება.
სიბრძნე აჩვენეს გველადა,
რომ ჰზიზღებოდა საჭმელად,
თუმც “შენც ჭამეო, მინდიავ”,
არა ზარობდენ სათქმელად.
შეიგნო სიბრძნე ქაჯების
ამიერიდამ ტყვემაო;
მას მუსაიფი დაუწყო
ცამ, დედამიწამ, ტყემაო.
მხოლოდ ბოროტმა მის გულში
ვერ მოიკიდა ფეხია,
სხვა დანარჩენი ქაჯური
ყველა ისწავლა ხერხია.
მას აღარაფრის ეშინის,
თუნდ თავს დაატყდეს მეხია.
ქაჯნი ბრაზობენ, რა ჰხედვენ -
გამეცნიერდა გლეხია.
აღარ აშინებს ტყვეობა,
აღარც ხრიკები ქაჯური,
დღეს თუ ხვალ, იმედიანობს,
ქაჯებს უჭიროს პანჩური.
მალია ტყვიასავითა,
გრძნეული, როგორც გველია,
აღმერთებს, ნუგეშად ჰსახავს
ფშავ-ხევსურეთი მთელია,
გვირგვინოსანი თამარი
სულ-მუდამ ამის მთქმელია:
“ოღონდ მინდია თან მყვანდეს,
მასთან მთიელი ერია,
რაც უნდ ძალიან ეცადოს,
ვერას დამაკლებს მტერია.”
იცის მტრის დასამარცხები
და შემმუსვრელი ფანდია;
თუ დაჭრილს ცოცხალს მიუსწრო,
ნუ აქვს სიკვდილის დარდია.
შუაზე გაჭრილს გაჰკურნავს
მის უებარი წამალი;
მით არ მცირდება ომებში, -
მუდამ ჯარი ჰყავ მრავალი;
შორს არის ამბად წასული
მისი თავგადასავალი.

II

როცა კი გაზაფხულდება,
გამოიღვიძებს ქვეყანა:
სილაღე, სიმხიარულე
დასეირნობენ ყველგანა,
გაჩნდება ჩირთი, ყვავილნი
ეკონებიან მწვანესა,
მინდია გაფაციცებით
სულ მიმოივლის მთა-ველსა.
ყველა მცენარეს და მღილსა
ის ეგებება სალმითა,
ბუნებაც “ვაშას” უძახის
მდიდრად მორთულის ალმითა.
ყვავილნი ყელ-გადაგდებით,
დახატულები კალმითა,
“მინდიას გაუმარჯოსო”,
ერთხმად ასტეხენ ჟიჟინსა,
ხეები ფოთლებს არხევენ,
ბუნება იწყებს ბიბინსა,
და მერე სათითაოდა
ყველა მოჰყვება ტიტინსა:
“მე ვარო ამის წამალი”;
სხვა გაიძახის - “იმისა;”
მინდიაც მოსწყვეტს, თან მიაქვს,
ჯერ ზედ ნამი აქვთ დილისა.
თურმე ზნედა სჭირთ ყვავილთა:
ოღონდ ეწამლონ სნეულთა,
სიცოცხლით გაფუფუნებულს
არად აგდებენ სხეულთა:
სალხინოდ ჰსახვენ, კაცთ სარგოდ,
ძვალ-ხორცთა ჩამორღვეულთა.
ყვავილთ ეს ზნე სჭირთ და ხეებს
თურმე მოუვათ ტირილი;
მარტოკა მინდიას ესმის
მათი კვნესა და ჩივილი.
ამისგან მისი ცხოვრება
ძალიან დაცარულია:
მივიდა ხესთან ცულითა,
სთქვა: “უნდა მოვჭრა ესაო!”
შემოჰკრავს ცულსა და ამ დროს
ხის შამოესმის კვნესაო:
“ნუ მომკლავ, ჩემო მინდიავ,
ნუ დამიბნელებ მზესაო,
უიარაღო რომა ვარ,
მიტომ მიბრიყვებ ხესაო?!..”
დაუდუნდება მკლავები,
შტერად გაჰხედნებს ზეცასა.
სხვა ხეს მიჰმართავს, ის უფრო
მეტად დაიწყებს კვნესასა.
ხელცარიელი წამოვა,
ვერ მოიყოლებს შეშასა,
და რომ ღველფზედა არ გაჰქრეს
ცეცხლი, აანთებს თივასა
ან ჩალას, გამხმარს ჯოყრებსა,
თან მიაშველებს წივასა;
თუ სად ხმელს წიწკრებს იპოვნის,
არც დაიწუნებს იმასა.
მაინც ღმერთს ჰმადლობს, მაინცა,
საღამოსა და დილასა.
სხვებსაც მას ურჩევს: “კაცებო,
მოდით, ნუ ჰშვრებით ცოდვასა;
ნუ მასჭრით ხესა, დავჯერდეთ
ჯოყრებს, ხმელს წიწკრებს ცოტასა.”
არავინ უსმენს, არქმევენ
ამგვარს მის რჩევას ბოდვასა.
- “ღმერთს ჩვენთვის გაუჩენაო
სარგოდა, მოსახმარადა!”
და დღესაც არავინ ჰზოგავს
ვერხვ-წიფელს მოსაკლავადა.

III

როცა ყანის მკას დაიწყებს,
გიჟია, გადარეული:
ერთს ფეხს აქ მოსჭრის, ერთს იქა,
საგულე-ჩამოხეული;
სულ გადასთელავს ყანასა,
გაჰბურდღნის, გაატიალებს,
მინამ ღონე აქვ მკლავშია,
ციბრუტივითა ტრიალებს,
და როცა დაიქანცება,
გაიშხლართება მიწაზე.
რო ჰკითხოთ: “ასე რად სჩადი?”
ის გიპასუხებსთ იმაზე:
- რას ამბობთ, კაცნო, არ გესმისთ,
მიტომ მიწუნებთ ქცევასა.
ის როდი იცით, თავთავნი
როგორ მიწყებენ ხვეწნასა;
უნდა იცოდეთ, ჰხედავდეთ
თავთვების ყელის წევასა,
ათი-ათასი ყოველ მხრივ
რომ დაიქუხებს ერთადა, -
ხელ-ნამგლიანი როცა ვარ,
მნახავენ თავის ღმერთადა: -
“არა, მე მომჭერ, მინდიავ,
ნუ მტოვებ, შენი კვნესა-მე!”
“არა, მე, - სხვა გაიძახის, -
უფრო მაშინებს ზეცა მე.
პატარა ნისლიც რო ვნახო,
ჩამოვიშლები ტანითა.
ვაი თუ სეტყვა მოვიდეს,
ყელი გამომჭრას დანითა.”
სხვა უფროც ჰყვირის: “ნუ მწირავ,
იხარე თავის ჯანითა!”
გამაგიჟებენ ბოჟირით,
გადავირევი ბრალითა:
ვცდილობ და ყველას ვერ ვწვდები
ორის ხელით და თვალითა
და ამ დროს თავადაც ვხდები
მოსაბრუნები წყალითა.
ყანასა სეტყვა აშინებს, -
კაცთ უსაზრდოოდ დარჩენა,
თორემ ვით ნამგალს, სეტყვასა
სით შაუძლიან წახდენა?!.
კაცთ სარგოდ თავსა ჰზოგავენ
თავთავნი ოქროს ფერანი, -
არ სწადით ოხრად ლპებოდენ,
ჰკენკდენ ყვავნი და ძერანი.
მიტომ ჩქარობენ მომკასა,
ერთად ჟივიან ყველანი,
ჰსურთ პურად იქცნენ. საჭმელად,
რომ მითი გაძღნენ მშიერნი, -
მკვდართ კაცთა შანდობა ვუთხრათ,
ძალნი ვახსენოთ ციერნი.

IV

ხატობა ჰქონდათ ხევსურთა,
ლუდის სმა არი, ღრეობა.
დიდს მლოცავს მოიპატიჟებს
გუდანის ჯვარის დღეობა.
ხალხია დაჯარებული,
ბჭობენ უფროსნი მრავალსა:
ზოგნი ამბობენ სხვის ამბავს,
სხვანი - თავგადასავალსა!
ამბობენ ვაჟკაცობისას,
თოფისასა და ხმლისასა,
ჯაჭვის მჭრელს წელზე ვინ ირტყამს,
ყველა აქებდა იმასა.
უსმენენ მოწიწებითა,
თუ ვინ რას იტყვის ცდისასა.
თანაც გააბეს მსჯელობა
გველის-მჭამელის ცოდნაზე,
ხის მჭრელის, ბალახთ მთიბელის,
მათ ჩანადინარს ცოდვაზე.
ჩალხია ეტყვის კრებასა:
“მიკვირს ეგ თქვენი ფიქრია,
წინავაც ბევრჯელ გითხარით,
ეხლაც იმასვე ვიტყვია:
ენა თუ ჰქონდეს ხე-ქვათა,
ჩვენც რად არ გაგვიგონია?
ჩვენს სატყუებლად მინდიას
სიცრუე მოუგონია.
ჩვენც მისებრ კაცნი არა ვართ,
ჩვენც ყურები გვსხავ, მგონია?!
მე სამალავად არ ვამბობ,
თითონაც მისდის ყურშია;
თუ ამას მართალს არ ვამბობ,
იფიქროს თავის გულშია.
ვსთქვათ, სიბრალული კარგია
ხე-ქვა-ბალახთი, ცხოველთი...
კაცის კვლა ყველასა სჭარბობს,
თუნდ მტერი იყოს, ყოველთი.
მაშ აღარც კაცს უნდა ვკლავდეთ,
გეტყვით, მისმინეთ, მე რასა:
მტრისას, ხმლით ნაჭერს, მინახავ
მინდია სდგამდეს გორასა.
რად სჩადის ამას, ხომ რჯულიც
კლვისას არ გვაძლევს ნებასა,
მაგრამ ვკლავთ იმას, ვინაცა
ჩვენსა დაარღვევს შვებასა,
ან მამულს გვართმევს, ან ცოლსა,
ან გვიშლის რჯულის ცნებასა.
მაშინ არც ღმერთი გვიცოდვებს
მტრისად შაქცევას ხელისას,
ეგრევე, ოღომც ვიცხოვროთ,
მოჭრას წიფლის და თელისას”.
- არ სტყუის, არა, ჩალხია,
მინდია ცრუობს სწორედა,
ათასნაირი ტყუილი
თვალწინ აგვიგო ყორედა, -
ამბობდენ ხალხში ზოგები
გაუბედავად, დონედა.
- მაგ ფიქრს რომ მივყვეთ, შენს მტერსა,
როგორ-ღა გვეცხოვრებისა?
ის რად ვიცოდვოთ, უფლისგან
რაიც არ გვეცოდვებისა?!
თემთ რო გვარიგებს მაგაზე,
ძალიან ცუდად შვრებისა.
კარგთაგან იმედი გვაქვის
მუდამ შველის და რგებისა
და არა ჩვენის დაღუპვის,
ჩვენის ცხოვრების ვნებისა!.. -
ეს იყო გამონასკული
აზრი ხევსურთა კრებისა...
მინდია იქავე იჯდა.
თვალთაგან ცრემლი სდიოდა.
არვინ იცოდა, თუ იმას
გული რისაგან სტკიოდა.
თვალნი მიეპყრნო ერთს მხარეს,
ხალხისა არა ესმოდა;
გამოერკვია ფიქრიდან,
როცა ბერდია ეტყოდა:
“რად არ ყურს გვიგდებ, მინდიავ,
ნეტავ რისათვის სტირია?
ეს არც კი მიკვირს შენგანა,
არც სხვისგან გასაკვირია -
ერთს წამში ცხრაჯერ შასცვალო
გლოვა-ტირილზე ლხინია,” -
და მთელმა ხევსურთა გუნდმა
მინდიასკე ქნა პირია...
“ჰო და სთქვი, - კვლავ სთხოვს ბერდია, -
გულზე რა ჭირი გჭირია?”
-აგერ იმ ჩიტებს ყურს ვუგდებ, -
თითით უჩვენა ჩიტებზე,
ორნი ფრთებ-ჩამოშვებულნი
იფნის ქვეშ ისხდენ სიპებზე. -
ერთი მეორეს უამბობს
სიკვდილის ამბავს შვილებზე;
მარცხნით მჯდომარე დედაა,
მარჯვნისკე - ამბის მთხრობელი,
თქვენს მტერს, რომ გულ-მოკლულადა
შვილებსა ტირის მშობელი.
ჩიტებს ეხლა-ღა შესცქერის
ხევსურთა კრება სრულია,
ჩიტთაგან ერთი იმ დროსა,
თითქო მოჰსვლოდეს რულია,
სიპიდან დაბლა დაეცა
და განუტევა სულია.
რომელი მოკვდა ორთაგან!
ამის გაგება - რჯულია!
ხევსურთ შაჰხედეს ერთმანეთს
გაოცებულის თვალითა;
ნუთუ ასეთი ცოდნაო
იქნება კაცის ძალითა?
დარწმუნდენ იმის ცოდნაში,
საქმე წინ ედვა ყველასა,
მაგრამ ნაგრძნობსა გულითა
გონებით ჰშველენ ვერასა:
ბალახსაც სთიბენ, ნადირს ჰკვლენ,
შეშით ანთებენ კერასა.
ქათმის ხორცს რა შეაძულებს,
თქვენვე მითხარით, მელასა?!
ვინ ჩამოჯდება ღველფზედა,
თუ ზედ არ ჰხედვენ ძელასა?!.

V

ბევრჯელ მოუნდათ ლაშქრობა
ლეკ-სპარსებ, ქისტებ, თურქთანა,
გამარჯვებულნი მოდიან
ხევსურეთს ვაჟნი მუდამა.
ზღუდე გამაგრდა ქართლისა,
მტერს შაუკერეს სუდარა.
ერი თუ მტრის მძლეველია,
მის მეტი არა უნდა-რა.
მანამ მინდია ჰბელადობს,
ხევსურებს არა უშავთ-რა,
ვეღარვინ ჰბედავს რჩოლასა,
მყუდროობაა ყველგანა...
ნეტავი იმას, ვისაც კი
მადლიერი ჰყავს ქვეყანა.

VI

ფრიალო კლდის თავს სახლი დგა,
ცას ებჯინება ბანითა,
ირგვლივ მთებია დიდრონი,
აყრილნი სრულის ტანითა,
გადალესილნი თოვლითა,
მოუღალავნი ჯანითა.
ერთხელ თუ ჰნახე ამგვარად,
სულ გინდა ჰსინჯო თვალითა.
იმაზე ლამაზებია,
როცა ჰღელავენ მწვანითა.
თუნდ მზე დაადგესთ გულ-მკერდზე,
ზვავი სდიოდესთ ჭექითა, -
ახველდებიან ხევები,
ვით ავადმყოფნი ჭლექითა,
მაინც სიტურფე იმათი
ნაკურთხი არის ზეცითა.
ბევრჯელ დაჰბრუნავს თავზედა
გრილი ნიავი კვნესითა.
ზაფხულში შავი ღრუბლები
სანთლებს უნთებენ კვნესითა.
იქ ხომ ხვნით არავინა ჰხნავს,
არც ვინ რას სთესავს თესითა,
მარტო ჯიხვები დადიან
კლდეებზე რქების ლესითა.
და სალნი კლდენი, პირ-ქუშნი,
უფსკრულს ჩასულნი ფესვითა,
არც რო სულზედა ფიქრობენ,
არც სუქდებიან ლეშითა,
უსალმო, უალერსონი,
გამომზირალნი ბრეშითა.
სახლზე კოშკია მიდგმული,
შემურვილია ბოლითა,
დღე-მუდამ შაძრწუნებული
ჩაზეირების სროლითა.
რა დაასვენებს საბრალოს,
მინამდე ირგვლივ მტრებია,
მინამდე შურის ძიება
კაცის ტომს გულში სდებია,
ნასროლი ტყვია მტრისაგან
მკერდზე მრავალი სცხებია!
სახლიდან ისმის ჯავრობა,
ხმა კამათობის, წყრომისა;
ბევრნიც არავინ არიან, -
საუბრის კილო ორისა.
ღველფზედა ცეცხლი ანთია,
გაჩაღებული შეშითა,
იქით მხარეზე დიაცი
მოჩანს ბალღების გვერდითა,
აქეთ მარტოკა ხევსური
ბევრს რასმე მოსთქვამს ხვნეშითა.

ქმარი

ის დღე გაშავდეს, რა დღესაც
შენ მე დაგისვი ცოლადა.
მინამდე კაცი არ მაჩნდა
მიწაზე თავის ტოლადა.
სრულ შენგან გავხდი, წყეულო,
უგერგილოდ და ყროლადა.
რა ვარ? განა-ღა კაცი ვარ,
ღირსი, ცის ქვეშე ვიდოდე?!
იმადვე ყოფნის, რაც ვიყავ,
ნეტავ წამალი ვიცოდე!..
ფუჭია ჩემი სიცოცხლე,
დღეს მჯობ შავის კლდის ლოდია,
თქვენგან მჭირს ჭირი უწამლო,
უფალს თქვენგანა ვცოდია.
შვილებიც ჭირად გამიხდა,
შამაცვლევინეს ფიქრია,
დაკარგულს სულს და ხორცზედა
ეხლა დღე და ღამ ვტირია.

ცოლი

მე რად მაბრალებ თავის ბრალს,
შინ როს მოგივედ ძალითა?
გზად არ მიტევდი მიმავალს,
მავსებდი ცოდვა-ბრალითა:
“მზიავ, ძალიან მიყვარხარ,”
ცრემლებს აბნევდი თვალითა
და ჩემს ძმათ ჩემის გულისად
შინ უხდებოდი ხმალითა.
წინაზე ტკბილი შაქარი
ეხლა გემწარე რისადა?
ან შვილთა ყოლას რად ჰგლოვობ,
მდურვას რად იტყვი ღვთისადა?!
თავისი ცოლი და შვილი
ვის გადაუგდავ სხვისადა?
ჩვენ რადა გვსახავ მიზეზად
შენის გუნების ცვლისადა?

ქმარი

იმიტომ, უჭკო დიაცო,
რომ სწუწუნებდი, სჩიოდი:
“სიცივე ბალღებს მილევსო”,
შვილ-მამკვდარივით ჰკიოდი:
“ბერდიას რამდენ შეშა აქვ,
როგორს ცეცხლს ანთებს, ჰნახოდი”,
ცხოვრების მაგალითადა
ბრიყვები დამისახოდი.
გულზე მოსაყვანს ქართულსა
ჩემს გასაგონად ამბობდი,
გეწადა კაი ცხოვრება,
მოწამლულს ქადას აცხობდი.
და მეც დღეს-ხვალეობითა,
ცოტ-ცოტად, ნელაობითა
დავიწყე თავის რწმენასთან
მოქცევა მელაობითა:
დღეს მოვჭერ ერთი ჭანდარი,
თუმც მემუდარა ბევრია:
“რად სჩადი მაგას, მინდიავ,
ვითომ არ იყავ მტერია?!”
ხვალ ორი მოვჭერ, და ასე
გული ჩავიდევ ქვისაო,
რომ სულ აღარა მეგრძნო რა,
ძალაც ვითხოვე ღვთისაო.
შენ ჯიხვის ხორცსა ჰნატრობდი,
თუ ვის მოკლული გსმენია,
რამდენჯერ ჩემი გულ-მკერდი
ამ ჩივილს გაუსენია:
“ყმაწვილნ უხორცოდ დაზდილნი
რა ვაჟკაცობას იზამენ?
არსად არ გამიგონია
ასრე გაზდილი სხვისა მენ.”
ახ, რატომ ამის თქმამდინა
არ დაგეყარა მიწა შენ!..
მეც მივყევ - ვხოცე ნადირი,
გასუქ-გალაღეთ ლეშითა,
თავის ბალღებით ჰხარობდი,
მე დავრჩი თავის ტეხითა.
სჯობდა კი ასე გახდომას
გავთაულიყავ მეხითა;
დაკარგულს ვეღარ მოვხელავ
ვერა რომელის ხერხითა.

ცოლი

ან შენ რა გიჭირს ისეთი,
თავს რად იტკივებ ძალადა;
შეშის ჭრას, ნადირთ ხოცვასა
სხვან რად არ სთვლიან ბრალადა?

ქმარი

არ იცი, არა, ჭკვა-თხელო,
ყბედო, ზეზერე მგრძნობარევ,
თავისა სასიამოვნოდ
წუთისოფლისა მცნობარევ!
არა ღირს იმად - ვიგლოვო
თვისი ცოდნა და ძალია,
რომ ჩემთან ერთიც მათგანი,
ბრიყვო, აღარსად არია?!
არ უღირს, მკვდარმა იცოდეს
თავის სიკვდილი, - მკვდარია,
იგლოვოს თავისი თავი,
თვის ყოფნა შესაზარია?
სხვა ყოფნა, ამაზე მწარე,
მიპოვნე შესადარია!
ამგვარი მკვდარი დღეს მე ვარ,
სხვა მკვდრებს რა უჭირთ მკვდრობითა!
არიან მოსვენებულნი,
არაფერს გრძნობენ გრძნობითა.
რითი-ღა ვარგო ქვეყანას,
დავცარიელდი ცოდნითა:
ყვავილნი არას მეტყვიან,
აღარც ცნობა მაქვს იმათი;
განა მეტი-ღა იქნება
კაცმა თავს უგდოს ხიფათი?
აღარა მესმის ფრინველთი,
აღარა მესმის ყანისა,
აღარ მსმენია მას შემდეგ
ტკბილი სალამი მწვანისა.
ეს არაფერი, სხვაფრივაც
აღარ ვვარგივარ არადა;
გინდა აქ ვეგდო მთაშია,
გინდა ჩავიდე ბარადა,
ჩემ ფერას უკეთურებსა
არვინ იყიდის ჩალადა.
ვეღარას ვარგებ ქვეყანას
მტრის მამგერებელს ჯარშია,
მიტომ, რომ წინანდებული
ცნება აღარ მაქვს თავშია.
რატომ მალედვე არ გაქრა
ჩემი ვარსკვლავი ცაშია!
დღესნამდე მტრები შინაით
ვერა ძვრებოდენ კარშია
შიშით, და ეს რომ გაიგონ,
მოვლენ, მიწა-მტვრად გვაქცევენ,
ჩვენ სახლებს, ციხე კოშკებსა
ნაოხრად გადააქცევენ.
ცოცხალი ამას ვერ ვნახავ,
თქვენი დღეც გათაულია,
თქვენგან დავკარგე გონება,
წმინდა გავყიდე რჯულია...
ახლა ქვეყანაც დავღუპო,
თქვენ პირში გედგასთ სულია!..
ან მე რად მინდა სიცოცხლე,
ან თქვენ გაცოცხლოთ რაღადა,
თუ მთელი ჩემი არსება
აღარ იქნება საღადა?!..
ან აქ რა პირით ვიცოცხლო?
თავს რით ვიმართლებ ღმერთთანა?
ყველასთან შარცხვენილი ვარ -
ცოცხლებთანა და მკვდრებთანა.
რისთვის-ღა მინდა აბჯარი,
რისათვის მინდა ხმალია,
თუკი ჩემს მტრისად დაკრულსა
აღარ ექნება ძალია?!
ამ მიწის ამონაცენი
ჩემი სესხი და ვალია,
როგორ-ღა ან პური ვჭამო,
როგორ დავლიო წყალია?!
ადგა და გულხელდაკრეფით
გამოეფარა კარზედა.
მთათ რომ შეჰხედა მაღალთა,
დაიქვითინა მწარედა.

VII

მთანი ჩამოშრენ. პირ-თავქვე
ქოთით მოდიან ღვარები,
ხევებში ზვავი შათხელდა
ვეშაპის მინაგვარები.
აჩქამდა ბუერაზედა
ანკარა წვიმის ცვარები,
ველებზე ბზინვენ ყვავილნი -
თამარ-დედოფლის თვალები.
კლდის პირზე მოსულს პირი-მზეს
გულ-მკერდში ვენაცვალები!..
მთაზე უვნებლად გადმოხდენ
პირ-იქითული მგზავრები.
მთის კალთებს ჰშვენის ცხვარ-ძროხა,
როგორც ლამაზს ქალს ხალები;
გაცოცხლებულა მთა-ბარი
ზამთრისგან დანაწვალები.
ქვეყნად ბევრია ბეჩავი,
ბევრია შასაწყალები, -
ერთი რო ვნახოთ, სხვას ბევრსა
ვერ ჰხედვენ ჩვენი თვალები!
სოფლებში ხმაურობაა,
ძახილ-ძუხილი დიდია:
“გააგებინეთ, სად არი
“გველის-მჭამელი მინდია;
“ქისტების მოდის ლაშქარი,
“არღუნს ჩატეხეს ხიდია,
“დახვედრა მტრისა, ვაჟებო,
“ეხლა ჩვენზედა ჰკიდია!”
დიდი მზადება შაექნათ,
ხალხი ზღვასავით ღელავდა,
საით მხარესაც გაჰხედავ,
თოფი და ხმალი ელავდა.
კარგა ხანია ხევსურნი
მტრის რაზმებს აღარ სცელავდენ,
მათ აოხრებულს ბანაკსა
უწყალოდ აღარ სთელავდენ;
ომისკე დამშეულები
ძლივს მოელიან დილასა,
ყველას ისა აქვს გულშია -
ბელადს ვინ მოჰკლავს წინასა,
თავსა და მარჯვენას მასჭრის,
შინ მოვა სახელიანი,
საკარგყმოდ თასი მიერთმის
ხატობას სანთლებიანი.
გვარიც დარჩება იმისი
სამუდმოდ საქებიანი.
ციხე-კოშკებში შადიან
დიაცნი ბალღებიანი,
მზად შაუნახეს ქმარ-შვილთა
გუდები საგძლებიანი.

VIII

ბინდდება. ბნელი ხევები
იმურებიან შავადა.
თვალს ისე ეჩვენებიან,
თითქო გამხდარან ავადა.
მთები მაღლები, კლდეები,
ლაღი არაგვი თავადა -
მოწყენილია სუყველა,
ვხედავ, ჩუმადა ტირიან.
მხოლოდ თამამად შიკრიკნი
სოფლითი-სოფლად ყვირიან
“ვინაც ხვალ ლაშქარს დააკლდეს,
ამოვარდებამც ძირიან!”
გარეთ აღარსად ცეცხლი ჩანს,
არ ისმის სტვენა წყემსისა,
კარში აღარა დასტოვეს
დანაფასები ნემსისა.
სოფლად მილაგდენ ყველანი,
კოშკ-ციხეები ჰფარავენ,
ცხვარ-ძროხას, საგანძურებსა
ფარულს ალაგას ჰმალავენ.
ცოტა რამ მკრთალი ნათელი
ხახმატს ხატშია ჩნდებოდა,
სანთლები ენთო ყორეზე,
ალი იფნებსა ჰხვდებოდა,
ხან ცისკრად გამოაშუქის,
ხან კი მინელდის, ჰქრებოდა,
სულ-მაბრძოლ სნეულსა ჰგავდა,
ტანჯვა-ვაებით კვდებოდა.
სხვა იქ კაცის ძე არა ჩანს,
ორნი ჰყუდიან ველზედა,
ერთს სისხლიანი ხანჯარი
უპყრავ, სისხლი აქვს ხელზედა;
მათ წინ დაკლული კურატი
წამოწოლილა გვერდზედა.

ბერდია (ხევისბერი)

წყალობა მოგცეს, მინდიავ,
იმ გულზედა და წესზედა,
რა ფიქრითაცა სწირავდე,
იმედოვნებდე ღმერთზედა;
ნუმც მოგეშლება სახელი,
მინამ ხმალი გრტყავ წელზედა.
იმედო ხევსურეთისავ,
მწყალობელიმც გყავ ჯვარია,
მუდამამც გამარჯვებული
მიგყავ და მოგყავ ჯარია!
მგონია, მეათე დაჰკალ
წელსა, გასწყვიტე ძროხები,
რას ეხვეწები მაგდენსა,
რა გაქვის შანაცოდები?
ერთი წესია, ორიცა,
შენ ხვეწნა მეტის-მეტია
ნურასამც ვაწყენ ამით ღმერთს,
რაც ეხლა დავიყბედია.

მინდია

ყევარი ხარი კიდევ მყავ,
სამი თუ ოთხი ფურები -
იმათაც აუსახელებ,
ოღომც მამირჩეს წყლულები.

ბერდია

რა წყლული. კაცო, შენ წყლული
ჩვენ არვის გაგვიგონია,
შენ წყლულიანებს სხვებს არჩენ
ათასობითა, მგონია.

მინდია

სხვა რამ საქმეა, ბერდიავ,
ადვილ ვერ ვიტყვი იმასა:
თავის მარცხს კაცნი ვერ ვიტყვით,
ჩქარა ვიუბნებთ სხვისასა.
ფულის პატრონნი, თუ იცი,
ყველგან გახჰსნიან ქისასა?
ხვალ, ხვალე-ზეგავ გაიგებთ,
მაცნე რო მოვა მთისასა.

ბერდია

შენა ხარ ჩვენი იმედი,
ხევსურთ დავლათიც შენთანა.
ჩვენა გვწამ, შენაც ხომ იცი,
რომ ჰლაპარაკობ ღმერთთანა,
ხატიც გამმარჯვედ დაგყვების,
კარგად იციან ყველგანა.
ნუმც მოგეშლება დავლათი
წმინდის გიორგის ძალითა,
ნუმც გაგვიმეტებს უფალი,
არ გიმფარველოს კალთითა.
აიღო თასი ხელშია
და კვლავ დაიწყებს ბერდია:
“სადიდებულო გიორგის
და სამწყალობლო შენია!..
შენ მეშველიმც-ა, რაც უფალს
ხატები გაუჩენია,
შენი მერჩოლი, ცოცხალი
ერთიც ნუ დაურჩენია.
ხვალ თუ ხვალე-ზეგ უცილოდ
ომი გვექნება მტერთანა,
მანამ ცოცხალი გვყევიხარ,
რას გახდებიან ჩვენთანა?!”
ეს რომ სთქვა, მლოცავს თვალები
აევსო ცხელის ცრემლითა,
არ შამნიშნოსო, მობრუნდა
და მოიწმინდა ხელითა.
დაემხო საჯარის წინა,
როგორც მოჭრილი ცელითა
ჯოყარი რამა, თუ ფიჩხი,
შასაკონავი წნელითა.
ლოცულობს თვალ-ცრემლიანი,
აზრი არ ისმის ლოცვისა.
ასე მხურვალედ მლოცველი
ვერ ნახა ვერა როდისა
წინათ ბერდიამ, - ეს უკვირს:
უფრო ტანჯვაა გლოვისა,
ვიდრე გულ-დაწყნარებული
წყალობის გამოთხოვისა.
ცრემლი სდის, ჩუმი ქვითინი
აბჯრის ჟღერაში ერევა,
ლოცულობს, დაჩოქილია,
ხანიც მრავალი ელევა.
“უსმინე, ხახმატის ჯვარო!”
თვითაც უმატებს იგია:
“ნუ გაუქარწყლებ ვედრებას,
კეთილზე დაარიგია”.

IX

შუა-ღამისას დაიწყო
დელგმა, მოჰხეთქა ღვარები,
გატეხეს, თუ სად ლოდების
ხევებში იყო კარები
და სწორედ არ მიუტანეს
ბარს მთისა დანაბარები.
ხშირად დაედვა ბალახთა
ღრუბელთა ცრემლის ცვარები,
გაჰქრა და აღარცა ბჟუტავს
ხახმატს ლოდებზე სანთლები.
აღარსად ხევისბერი სჩანს,
აღარც მლოცავი მტირალი,
მარტო საჯარის ყორეა
მრისხანედ გამომზირალი
და კლდეებს არღვევს არაგვი
გაბეზრებული, მყვირალი.

X

დილაზე ფრთა-დაკეცილთა,
ნამტირალევთა ღამითა,
მთებზე ეძინა ნისლებსა
მიტკლით შაკრულის თავითა;
ზოგჯერ რო გაგვახარებენ
მაცოცხლებელის ცვარითა,
სხვა დროს ბედს გვაწყევინებენ
ჩანადინარის ავითა.
დაბლა ჭალა და ხევები,
გუშინ სავსენი ზვავითა,
დღეს სიცოცხლითა ხარობენ,
გაბადრულნია მწვანითა,
და კოშკი დაფიქრებული
ხეობას დაჰმზერს მაღლითა.
კოშკში მოსჩანან ქალები,
როგორც ყვავილნი მთისანი, -
სძლევენ მტერს, თუ ვერ ხევსურნი -
მათ სასაუბრო ის არი.
სათოფურებით ჩაჰმზერენ
მოუსვენარად ჭალასა
და ახვეწებენ თავის ჯარს
ღვთისა და ხატის ძალასა.
აქით კარგად სჩანს მიდამო:
მთა, მთის ყელები ყოველი,
ვერ დაემალვის კაცის თვალს
მწერი, ვერც ერთი ცხოველი.
ზოგები სხედან ფიცარზე,
ჰბჭობენ, თან ჰქსოვენ წინდასა,
ისინიც სამშობლოსადა
ლოცვას ამბობენ წმინდასა.

სანდუა (დედაკაცი)

მზიავ, გულ-შამოყრითა ხარ
შენ უფრო სხვებზე მეტადა;
ქმარას თუ ჰნანობ, თვალ-შურთხო,
ვერ ჰქშერობ მოსაკვლელადა,
არა გცოდნია, რო ომსა
ის ჰსახავს თავის ბედადა
და მინდიაის მამკლავი
ჯერ არ გაუზდავ დედასა.
მაშ მე რაღა ვქნა? ჩემები
ბევრნი წავიდნენ ლაშქარსა:
ჩემ კაცი, ძმანი სამნივე
არ მაჰკლებიან ამქარსა.
შენს ქმარს ხო ვერვინ აჯობნებს,
ძველებურს იზამს ნაქნარსა,
როგორაც ბევრჯელ უწინა,
ეხლაც მტერს მისცემს ზიანსა:
ვისაც მაუკლავს, ის მაჰკლავს
ხარსა ირემსა რქიანსა.

მზია

ვაჰ მე, რო ვეღარ იბიჭოს,
ისეთს სიზმრებსა ჰხედავდა:
მთელს ერთს წელს სნეულსა ჰგვანდა,
თავის ხორცთ კბილით ჰკვნეტავდა.
ცოლ-შვილთ გაგჟლეტთო, იძახდის,
თუმც რადღაც არა ჰბედავდა.
ხატ-ღმერთს მიეყრდნო, შასწირა,
თუ სად რა გვყვანდა საქონი,
მოვიდის, პურიც არ ჭამის,
ვაპატიჟოდი რამდონი.
მარტოკაც ბევრჯელა ვნახე,
ჩუმად, ბალღივით ტიროდის:
“დავკარგე ძვირი საუნჯე”,
თავისთვის ამას იტყოდის.
სულ ბანზე იჯდის ღამითა,
აშტერდებოდა ცასაო,
მოსულს და წასულს, არავის
აღარა სცემდა ხმასაო;
აღარც სტუმარი უნდოდის,
ჩვენ ხომ არა და აღარა,
ამ ცოტა ხანში თმა-წვერი
დარდმა თუ გაუჭაღარა?!.
ბევრჯელ ქურდულად ბნელაში
დაუყუროდი ჩუმადა,
მაგრამ მის მარტოდ ყოფნასა
მე ვერ შაუვედ გულადა.
რომ თავს და ხალხსა ტიროდის,
ის კი შავიგენ სრულადა:
“ვეღარას ვარგებ ქვეყანას”,
ტიროდა დაფარულადა.
ცოლ-შვილთ კი, უფრო ბოლოს დროს,
გვეკიდებოდა მტრულადა.

სანდუა

ჩვენ ეგ არ გაგვიგონია,
პირველად მესმის შენგანა:
მე ისივ მინდია მგონავ,
შასადარები მზესთანა.
მაგას, ათასი იუბნო,
არ დაგიჯერებს ქვეყანა.
მიკვირს, ეგ შენთან ნათქვამი
რად არ იუბნა სხვებთანა?
ვითომ რას ცოდნას გლოვობდა,
რომელს ცოდნაზე ჩიოდა?
ან თქვენ რის დამნაშავეთი?..
გული იმ რიგად სტკიოდა,
რომ ცოლ-შვილთ დასალევადა
ხმლისკე ხელ მიუდიოდა?!.

მზია

ისიო, იმას ამბობდა,
ემათ მზემ, არ ვსთქვა მრუდია, -
ხელი დაადო შვილებსა,
ორივ მის გვერდზე ჰყუდია, -
რომ თქვენგან ცოდვაში შაველ,
არ-საქნელი ვქენ საქმეო:
შეშა ვჭერ, ნადირი ვხოცე,
როგორც უბრალო რამეო.
ყვავილნი ხმას აღარ მცემენ,
აღარც ვარსკვლავნი ღამეო.
უფლისგან მომადლებული
დიდი ცოდნა და ძალია
დავკარგე შენის აყოლით,
წელზე რადღა მრტყავ ხმალია?
და სხვა ამგვარი ათასი
შამიგმის პირზე ცოფითა
და ორჯერ-სამჯერ გადურჩი,
კინაღამ მამკლა თოფითა.
ალბათ ჯერ იმედი ჰქონდა,
ხატებს ეხვეწა, იშრომა...
თან ჩვენაც ვებრალებოდით
და არ დაგვხოცა მიტომა.

სანდუა

თუ მართალია, რაცა სთქვი,
შენგან ცოდვაში შავიდა,
უნდა მოგეჭრას ეგ ენა,
მაღლა დაგკიდონ კავითა,
ძირს ცეცხლი შემოგიკეთონ,
დაიწვა იმის ალითა:
ქვეყნის ცოდვაში ჩამდგარხარ,
ჩვენ ხო ვართ იმის ძალითა!

მზია

ჰო, თუ ბრალი მაქვ რაიმე,
ღირსიც ვიქნები დასჯისა;
ის ცოდვა რად უნდა იყოს,
ფიქრი რო მივეც გარჯისა?
ცოლ-შვილნ თუ უნდან ვაჟკაცსა,
შნოც უნდა ჰქონდეს ხარჯისა.
ჩვენ საქმე ვიცით, დიაცთა
რა გაგვეგება აბჯრისა...
ეს თითონ უნდა ეფიქრა,
კაცი იმისთვინ კაცია:
ერთს თუ სხვისათვის არ უვნავ
და არა გაუტაცია,
ბრალი რად უნდა დაედვას
ალალს, არ მქნელსა ცოდვისა?
ცოდვა ერთისა სხვამა ზღოს, -
მადლად სად თქმულა, როდისა?
რაღაც ცუდს გრძნობდა მაინცა,
იმითა სწუხდა ბეჩავი,
ჩვენზედ იყრიდა ბოლოს ჯავრს,
საქმის წინადვე მხედავი.
წუხელაც ცუდ სიზმარ ვნახე,
რა-რა იქნების, ნეტავი?!

სანდუა

რა ჰნახე, მზიავ,მიამბე,
იქნება ახდეს კარგადა
და არ გაგვხადოს უფალმა
დასალევ-დასაკარგადა?

მზია

ცუდი რამ ვნახე, სანდუავ,
საზარო, გულის მგმირავი,
სულ-ხორცის ამაშფოთები,
გონების ამაზრზინავი:
მოვარდნილიყო ღვარები,
როგორც დევები მქშინავი;
თან მაარღვევდენ მთა-ბარსა,
იდგა დგანდგარი, ღრიალი,
ცა-ხმელთა დაქცევას ჰგვანდა,
ისეთი ისმის გრიალი.
მთებსა სტყდებოდა წვერები,
დაბლა ხევებში წვებოდენ;
მთებთან ერთადა კლდეებიც
თოფებივითა ტყვრებოდენ.
ცა ისეთი ჩნდა, ვით კუპრი,
შავად ჰღელავდა, შხიოდა,
კუპრს აწვიმებდა მიწასა,
ცხელი წვეთები სცვიოდა,
ღვარები ისევ საზარლად,
შეუპოვარად დიოდა.
“გვიშველეთ, ვიღუპებითო”,
ათასგნით ხალხი ჰკიოდა.
მართლაც ვუყურებ, რომ მოაქვს
წყალს ხალხი, ფარი, ხმალია,
ათასგან ციხე ირღვევა,
ქავ-ციხეებთან სახლია;
ამოდენს საბრალოობას
მარტო მოზარე აკლია,
ჩვენ ვითომ არა გვიჭირდა,
ვითომ უვნებლად ვიყვენით,
ბოლოსა ვნახე სახლკარით
რომ ჩვენაც გავირიყენით.
მოასქდა ღვარი ზენაით,
ლიბო მაჰგლიჯა ციხესა
და შეურია ისიცა
დაბლა არაგვის რიყესა.
სახლიც წაიღო ჭერხოთურ,
გაგვიყოლია ჩვენაცა,
მინდა ვიძახო - მიშველეთ,
ვეღარ ვაგებდი ენასა.
ბალღებს კი გულში ვიკრავდი,
ხატ-ღმერთსა ვსთხოვდი შველასა.
თან გამოსვლასა ვცდილობდი,
ვეგანებოდი კიდესა;
ბალღებს ვაფარებ პირებზე
შავის მანდილის რიდესა.
და რამდენჯერაც მივჯარდი
ნაპირს, იმდენჯერ მქისია,
კაცების სახე წინ დამხვდა
შავები, როგორც ფისია.
ხელი მკრეს, წყალშივ ჩამაგდეს,
თან გადმომძახეს ისია:
“სად მოხვალ? წადი, წყალს გაჰყევ,
ბძანება არის ღვთისია!”
და ამ დროს ვნახე, ჩვენს წინა
წყალს მიაქვს ჩვენი კაცია,
შამომიბრუნდა და მითხრა,
ტკბილი ხმა ჰქონდა, ნაზია, -
“გთხოვ, მაპატიო, მზიაო,
რაც გლანძღე, გაგაბრაზია;
რასაცა ჰხედავ ჩემს თავზე,
ღირსი ვარ, სწორედ ახია,
ბალღები არ დამიჩაგრო,
გთხოვ, კარგად შამინახია!”
მტერს, რომ მე წუხელ ვიტანჯე,
მე რო სიზმარი ვნახია!..

სანდუა

მაშ ვერ გამოხვედ, წაგიღოთ?

მზია

ვერა... წაგვიღო, სანდუავ,
დედა-შვილები ყველანი.

სანდუა

ავი ნურაიმც მოგივათ,
ღმერთმა გამყოფნესთ მთელანი.

საერთო ხმა ქალებისა

მოდიან, მოდის ლაშქარი,
ღმერთო, დასწერე ჯვარია!..
მზიავ, წამოდეგ, გაჰხედე,
აგერა შენი ქმარია,
დროშიონთ მასდევს მხარ-და-მხარ,
ამომავალი მთვარია.

ერთი დედაკაცი

აგერა ჩვენებ ვაჟები,
დედა ენაცვლოსთ მხრებშია...
ვაჰმე, რა ლამაზებია,
ვინ ჰნახავს იმათ მკვდრებშია!..
ღმერთიმც ნუ მახილებინებს
მაგ ამბავს თავის დღეშია.

მეორე დედაკაცი

გაჰხედე, ჩემ უნცრუაი
იმეებს მისდევს გვერდშია.
რა მშვენივრები მიდიან,
დედა ენაცვლოსთ მკერდშია!..

გასათხოვარი ქალი

დამც ენაცვლება თოთიას,
ვერ-როგორ ვარჩევ ხალხშია.
ვნახე... ძლივ სადამ ვიცანი
მიხვრა-მოხვრაზედ, ტანშია.
ლაგმის პირს უჭამს ულაყი,
დაძაგრულია მკლავშია.

მეორე ქალი

ჩვენ უშიშაიც მარჯვეს ჰყავ,
როგორ აგელებს ლურჯასა!..
საქმე რო ხმალზე მიდგება,
არც ეგ დაიწყებს კუნჭვასა.
მაშინამც მაყურებინა,
ფარს რო დაუწყებს ბღუჯვასა.

პირველი ქალი

მე ვერ ვნახავდი ჩემს ძმასა,
გამიძნელებდა სუნთქვასა:
პირს სხვაგნისაკე ვიზამდი,
თვალთ დაუწყებდი ხუჭვასა.

მეორე ქალი

მე არა. ძმისა სიკეთე,
კარგი ყოფნა და სახელი
ისრე კი მინდა, ზექუავ,
როგორც ბნელაში სანთელი,
დამაშვრალს, მომშიებულსა
მოსვენება და საჭმელი.
კარგია, ძმისა სიკეთე
რო არს ყველაის სათქმელი.

პირველი ქალი

ეგ ვის არ უნდა, შვენაო,
ვინ არი ისე ჭკვა-თხელი?
მაგრამ და თვალ-დამწვარია
ძმის გასაჭირში მნახველი.

მეორე ქალი

უმისოდ სახელს ვინ მისცემს,
თუ კი არა ქნა საქნელი?!.

საერთო ხმა

ღმერთო, უშველე, ხატებო,
თქვენ უწინამძღვრეთ მხედართა,
ეგრევ უვნებლად გვაჩვენენ,
როგორაც ეხლა ვხედავთა.
ბევრისა გული ღელავდა
ათასნაირის შიშითა -
ნურც ვის კი გაუკვირდება,
კაცთ ეს მოგვიდის ჯიშითა,
საშიშს დროს საყვარელს საგანს
რო ვიგონებდეთ შიშითა!...

XI

შამწკრივდა მთაზე ლაშქარი,
დიდს ვაკეზედა გროვდება.
თოფ-იარაღის ბრჭყვიალი
მზის სინათლესთან სწორდება.
ცხენთ ტერფით ჩამონაგლეჯი
თავქვე ლოდები გორდება.
აქვე შაექნათ თათბირი
მტრის დასახვედრელს წესზედა:
ვაკეს ადგილზე ჩავიდენ,
თუ მიეგებნენ სერზედა.
ყველანი ფეხზედა დგანან,
ხელები უდევთ ხმლებზედა.
თვალები ყველამ მინდიას
მიაპყრო, პასუხს ელოდდენ:
ის რომ არაფერს ეტყოდა,
ხევსურნი ერთხმად ეტყოდენ.

ლაშქარი

მუდამ შენს რჩევას ვრჩეობდით,
არც რა ზარალი მოგვსვლია.
როგორ მოვიქცეთ, გვირჩიე,
შენი პასუხი მოკლია?!

მინდია

მე ვერას გირჩევთ, ხევსურნო,
აღარ ვვარგივარ მრჩევლადა:
ის სხვა დრო იყო, სხვა ჭკუა,
ეხლა კი ჩემი ნარჩევი
გამოგადგებათ ძნელადა.
აწონ-დაწონეთ, ჯარი ხართ,
ფიქრი შეკარით მთელადა.
მე მარტო უნდა ვიომო,
მიტომ გამოვედ ველადა;
ან როდის საუკუნოდა
მე ხალხმა გამაბელადა?!.

ლაშქარი

ღმერთი გაუწყრესთ და ხატი,
ვინც რომ შენს რჩევას იქითა
ფეხი გადადგას საომრად,
თუნდ თავში სცემონ მჯიღითა:
მოკვდეს და პირი აევსოს
ცივის სამარის თიხითა.

მინდია

კარგია... რა ვქნა, არ მწადდა
გავრეულიყავ რჩევაში.
გეტყვით, რადგანაც ჩამქსოვეთ
ამდენს ფიცში და წყევაში.
სხვას ვერას გირჩევთ: დაუხვდეთ
ქისტებს მოწამლულს ხევაში.
უსიამოვნო ჩურჩული
მორთეს ერთურთში მხედრებმა;
დარდი დაჰბადა ადგილმა
ქისტების დასახვედრელმა.
მაინც რას იზმენ?.. ვერაფერს,
რაკი სთქვეს, დაიფიცესა,
უარს ვერ იტყვის ლაშქარი,
უნდა იქითკე ვლიდესა,
საცა მინდიამ უჩვენა
ადგილი საომარია,
თუნდ ერთმაც აღარ იცოცხლოს,
ყველაც იქ დარჩეს მკვდარია.
აღარა ეთქმისთ, წავიდნენ,
დროშა ამართეს წინათა,
მსუბუქად მოაბიჯებენ,
შავარდნებს ჰგვანან მფრინავთა,
თან გადიყოლეს მზის სხივი
შუბისა წვერთა მბრჭყვინავთა.

XII

ორი დღე არის მთას იქით
ომია, დიდი ვაება:
მეტად სასტიკი ბრძოლაა,
ვეფხვები ლომებს შაება
და სისხლის თოკი მთიდამა
დაბლა ჭალამდე გაება.
ორსვე ერთგვარად არ ჰნახავს,
ერთს გაუმარჯვებს ღვთაება.
ხუთსა თუ ექვსსა ხევსურსა,
შამურვილებსა სახითა,
კაცი მოჰქონდათ ხელდახელ
შაკრული კაბალახითა.
პირ-აქათ გადმოიყვანეს,
დაბლა დააგდეს ვაკეზე
და სამდურავით მიჰმართეს
ჯავრ-მოსულებმა ბაგეზე.

ხევსურნი ერთად

კაცო, რად იკლავ ძალად თავს, -
ძალად სიკვდილი გწადიან?
შიგნით რომ იწევ მტრის ჯარში,
ხომ ხედავ, რასაც სჩადიან?!.
დღემდე ჩვენ ვთელეთ ეგენი,
ახლა ეგენი დადიან
ჩვენზე, და იქნებ, მინდიავ,
ჩვენც მოვაგვაროთ სხვა რამე,
ვეცდებით, ბინდმაც ხო გვისწრო,
რო გავისარჯნეთ ამ ღამე.
ეს სთქვეს და იმ წამს გაბრუნდენ,
გაიქცენ როგორც ქურდები,
ამოღებული ხმლები აქვთ,
ხელში უპყრიათ შუბები,
ძნელია, თუკი ვიფიქრებთ,
სიკვდილ-სიცოცხლის წუთები;
რა ქნან! რო შარცხვენ, ძნელია,
ტანზე ჩაეცმისთ ჯუბები,
თავს დაეხურვისთ მანდილი,
და მოეხდებათ ქუდები,
თუკი არ გაირჯებიან,
როგორც ლაჩრები, ცუდები.
ტყვე კბილებს აღრჭენს და ცდილობს,
უნდა გაიხსნას ხელები,
დიდხანსა წვალობს, გორაობს,
ვარმისგან განაცხელები.
ძმებთან სწადიან სიკვდილი,
აღარ რჩებიან მთელები,
უჭირსთ და აღარსადა ჰყავ
ლაშქარი მისაშველები.
ღამეც გახშირდა კარგადა,
ტყვემ აისრულა წადილი,
ორივე ხელი გაიხსნა,
ფეხზე წამოდგა დაღლილი
და ამ დროს ნახა სოფლებში
ცეცხლები, - ცუდი ნიშანი.
გაიგო, რაც მომხდარიყო,
აღარ უნდოდა მისანი.
გაშრა, გაფითრდა, ცრემლი კი
არ მოსდგომოდა თვალებში;
სულ გულში ჩაგუბებულა
და გაბნეულა მკლავებში...
ქუდს იხდის... სიტყვა ვეღარ სთქვა,
ხმლის ტარს შაეხო ცერითა,
ამოიწვადა ქარქაშით,
გულს მიიბჯინა წვერითა.
მკერდიდან სისხლი, ვით წყარო,
გადმოუვიდა ჩქერითა,
მთვარემაც გადმოაშუქა
საჯიხვეების სერითა
და დააშტერდა თავის-მკვლელს
მოზარე ქალის ფერითა...
ნიავიც მიდ-მოდიოდა
უდარდოდ, ნელის მღერითა...
ფრთა გაჰკრის წვერსა ხმლისასა
ამოღერებულს ენითა,
შაღებილს ჭიაფერადა
კაცის გულ-მკერდის წვენითა,
და გათამაშდის მწვანეზე
ლაღად, მოლხენით, სტვენითა.

1901 წ.

I

ღამის წყვდიადში ჩაფლული,
გამტკნარებულის სახითა,
მოსჩანს ქისტეთის მიდამო
სალის კლდეების ტახტითა.
ბნელს ხევზე მოჰყეფს მდინარე,
გულამღვრეული ჯავრითა.
გადმოხრილიყვნენ მთანიცა,
ხელ-პირს იბანდენ წყალზედა;
ბევრი მომკვდარა მათს მკერდზე,
სისხლს ვერ იხდენენ ტანზედა;
ძმის მკვლელის სისხლი სწყურია,
კაცი რამ მოდის გზაზედა.
გზას ვამბობ, თორემ რა გზაა.
ვიწრო ბილიკი კლდეზედა?
სავალად მეტად ძნელია,
ფეხს ძლივს აცილებს ფეხზედა.
გაღმა სჩანს ქისტის სოფელი
არწივის ბუდესავითა, -
საამო არის საცქერლად
დიაცის უბესავითა.
სოფლის თავს სძინავს შავს ნისლსა
დაფიქრებულის სახითა.
ყურს უგდებს არე-მარესა,
გულ-ლაღობს სანახავითა.
სტუმარი ცოტა ხანისა
ხვალ სხვაგან წავა აქითა.
წავა, გადივლის გორებსა,
ქედებსა ყინულიანსა;
აბნელებს, უხილავად ჰქმნის
ქვეყანას ხილულიანსა.
თუ მონადირეს ატირებს,
გზა-დაკარგულსა კლდეშია,
ალაღებს მგელსა და ქურდსა,
მოარულთ სიბნელეშია.

II

ზევიდამ ვინღაც უცნობმა
კლდის ლოდი გადმოაგორა,
მგზავრმა შეჰხედა პირ-აღმე,
წინ უდგას მაღალი გორა.
ყურს უგდებს... ცოტა ხანს შემდეგ
მოესმა ქვიშის ჩხრიალი.
მგზავრი სიათას იმარჯვებს:
მტერი არ იყოს ტიალი.
შესცქერის გაფაციცებით
ფეხზე შემდგარის თოფითა,
ჰხედავს, რომ მოალაჯუნებს
კაცი ორ-კაპის ჯოხითა.
შავი რამ მოსთრავს პირ-თავქვე,
ქვიშა ქანავდა იმითა.
არას ამბობდა უცნობი,
სიტყვა არ მოსდის პირითა.
უპრჭყვინავს სალტა თოფისა,
ვით წვიმის ცვარი დილითა.
- ვინ ხარ, რა სულიერი ხარ,
რას იარები ამ დროსა?
- ვინ გინდა? მონადირე ვარ,
კაცს შენ ვერ გხედავ სანდოსა.
- რაობით სანდო არა ვარ?
სიტყვას რად ამბობ მცდარესა?
ვითომ, რომ დავხეტიალობ
შენებრ ამ კლდიან მხარესა?
მეც მონადირე გახლავარ,
დღეს-კი ვეხეტე უბრალოდ.
- წესია მონადირისა,
ხომ მაინც დაჰრჩი უვალოდ?
- ესეც ვალია, ძმობილო,
ძლივს-ღა დავათრევ ფეხებსა,
სულ დავიარე ჭიუხი,
არა ვსტოვებდი ხევებსა.
ზედ შავი ნისლი ჩამოწვა,
ნიავი მოსცა ძლიერი,
ხევებით შემომღმუოდა,
როგორაც მგელი მშიერი.
თვალ-წინ გზას ვეღარ ვირჩევდი,
კლდეზე გადვარდნას ვლამობდი,
ხამად ვარ, გეზი არ ვიცი,
ამით ძლიერა ვწვალობდი.
ბევრგან დავაფთხე ნადირი,
ცხადად ფეხის ხმა მესმოდა,
ან როცა გადაფრენილის
ჯიხვის რქა კლდეებს ესმოდა.
ის იყო გულის საკლავი,
თვალით ვერაფერს ვხედავდი,
სროლას, ან მოკვლას ვინ იტყვის,
წინ სვლას ვეღარა ვბედავდი.
უცნობი ახლოს მივიდა,
შორი-ახლოსა მდგომარე,
“გამარჯვებაო” მისძახა,
“ნუ სჩივი, ნუ ხარ მწყრომარე”.
- შენც გაგიმარჯოს, ძმობილო,
ჰხოცო ნადირი მხტომარე.
- აი, ნადირი, რას სჩივი? -
უჩვენა ჯიხვი რქიანი, -
მკვდარი, რქებ-გადაგდებული,
დადუმებული, ჭკვიანი.
თუ გინდა ეხლავ გავიყოთ,
როგორც ამხანაგთ, ორადა,
ჩიჩქიც არ მინდა მე მეტი,
გავინაწილოთ სწორადა.
ამაღამ ჩემთან წამოდი,
სახლი არ მიდგა შორადა.
სადაური ხარ, ძმობილო?
სახელიც მითხარ შენია.
ნუ სწუხარ, საზრდო შენთვისაც
დღეს უფალს გაუჩენია.
წილი გდებია შენაცა
ამ ჩემგან მოკლულს ჯიხვშია.
რად გიკვირს, არ გეხუმრები,
არც გეფერები პირშია.
მაშ, თუ ეს ასე არ არის,
რად შამეფეთე ამ დროსა?!
შაჰრცხვეს, ჩემს თავად, ვინც შენა
ნაწილი დაგიკარგოსა.
რა გქვიან? სახელი მითხარ,
ხევსური სჩანხარ იერით.
- ნუნუა მქვიან, ძმისაო,
გადმოხვეწილი ჭიელით, -
იცრუა ზვიადაურმა,
თვისი სახელი დამალა.
რა ქნას? მის სახელს იცნობენ,
ქისტებს ბევრს სისხლი ავალა;
ბევრს ქისტს მოაჭრა მარჯვენა,
უდროდ საფლავში ჩალალა.
- შენი სახელიც მასწავლე,
ჩემი ხომ გითხარ მართლადა.
- ჯოყოლა მქვიან, ძობილო,
ალხასტაისძე გვარადა;
არ მოგვიხდება, ერთურთში
სიტყვა ვიუბნოთ მცდარადა.
სახლი აქ ჯარეგას მიდგა,
ქავი და ციხე კარადა.
ამაღამ ჩემთან წამოდი,
მე გაგიძღვები თავადა.
თუ კარგად არ დაგიხვდები,
არც დაგიხვდები ავადა.
ხვალ თითონ იცი, ძმობილო,
საითაც გინდა, იარე.
ზოგს მე გიამბობ ჩემს დარდსა,
ზოგიც შენ გამიზიარე.
- საცა არ მიხნავ, ძმობილო,
იქ ვმკო - ეს სადაურია?
ყელი მოგიჭრავ ჯიხვისთვის,
ფეხებიც ჩატყაულია.
გესტუმრო, უარს არ გეტყვი,
გიშველი ჯიხვის ზიდვასა,
წილს-კი არ მოგთხოვ, იცოდე,
თავს არ ვაკადრებ იმასა.
შამოატყავეს ნადირი,
წავიდნენ ჯარეგაშია,
ბევრი იუბნეს ამბავი,
ერთურთს გაეცნენ გზაშია.

III

მივიდნენ, კოშკები დაჩნდა,
აქა-იქ ჰყეფენ ძაღლები;
კარებში იცქირებიან
ცნობისმოყვარე ბალღები.
დაეტყო ცხადად კლდის მსგავსად
სიპით ნაგები სახლები.
- აი, ეს ჩემი ოჯახი,
ჩემი ციხე და სახლია;
მობძანდი, როგორც ძმა ძმასთან.
ნათლიმამასთან - ნათლია.
ცოლს დაუძახა ჯოყოლამ:
- გამოიხედე კარშია! -
ეტყობა თავმოწონება
მასპინძელს საუბარშია.
სდგანან დერეფანს, უცდიან...
ცეცხლი ჰკრთებოდა ღველფზედა,
ჩონგურს უკრავდა, დროული
კაცი რამ უჯდა გვერდზედა.
დაჰმღერდა გმირობისასა,
მამა-პაპათა ცდისასა:
როგორ არბევდნენ ფშავ-ხევსურთ,
სისხლს არ არჩენდენ ძმისასა;
ყველგან მადლობას სწირავენ
მარჯვენას კაის ყმისასა.
გამოჩნდა ქალი ლამაზი,
შავის ტანსაცმლით მოსილი,
როგორაც ალყა ტანადა,
ვარსკვლავი ციდამ მოცლილი.
- აი, სტუმარი მოგგვარე, -
ღვთის წყალობაა ჩვენზედა, -
როგორც დაგვხვდები, დიაცო,
ეხლა ჰკიდია შენზედა.
ქალმა სალამი მიართო:
- სტუმარო, მოხვედ მშვიდობით!
- შენდაც მშვიდობა, გაცოცხლოს
თავის ქმრითა და წილობით!
სტუმარს აბჯარი წაუღო,
მიიპატიჟეს შინაო;
ქალი მისდევდა უკანა,
ჯოყოლა მიდის წინაო;
თან მისდევს ზვიადაური,
ძმობილი გაიჩინაო.

IV

კაცი რომ სჩანდა სახლშია,
ჭაღარ-შერთული, ხნიერი,
წამოდგა ისიც ფეხზედა,
როგორც კლდის ვეფხვი, ძლიერი.
სტუმრად მოსული უცნობი,
სტუმარს პატივს სცემს სხვისასა,
ფეხზე ადგომა წესია,
წესს ვერ დაარღვევს მთისასა.
მაგრამ, როს ნახა უცნობი,
ფერი დაედო მგლისაო;
ადვილად აიცნობოდა,
რასაც ფიქრობდა ისაო.
არ ეჭაშნიკა დროულს ქისტს
დანახვა უცხოს ყმისაო.
გული სცემს ბრაზმორეული,
სახეც არ ჰმალავს ამასა,
ხანჯრისკე ხელი მიუდის,
ჩუმად სინჯავდა დანასა,
მაგრამ სტუმარი სხვის სახლში
ვერ გაჰშლის ხათაბალასა.
ადგა და ჩუმად გავიდა,
თითზე იკბინა მწარედა,
სამჯერ ჩაიკრა გულს ხელი,
როცა გავიდა გარედა.
წავიდა. კარი-კარ დადის,
ენასა ჰლესავს შხამითა:
“ქისტებო, ჩვენი მოსისხლე
შემოგვეპარა ღამითა.
სჩანს, რო ჯოყოლა ვერ იცნობს,
არ უნახია თვალითა
ეგ ჩვენი ამომგდებელი,
ჩვენი მრბეველი ძალითა;
გაუმაძღარი მუდამ ჟამს
ჩვენის სისხლით და ძვალითა
დღეს ჩვენს ხელთ არის, ვეცადოთ,
ვაგემოთ გემო მწარია,
მაგათ მოკლული ამ ზაფხულს
გვყავს უპატრონო მკვდარია.
სთქვით, თუ არ ვამბობ სიმართლეს,
თუ ჩემი სიტყვა მცდარია?!
გაიგოს ჩვენმა დუშმანმაც,
არ გვაქვს უჯიშო გვარია.
მიკვირს ჯოყოლას ჭკვისაგან,
მტერს რად გაუღო კარია,
ვისა ჰმასპინძლობს ჭკვათხელი,
ცნობაზე რად არ არია?!
ცხვირიდამ უნდა ვადინოთ
ზვიადაურსა ძმარია,
თუ არა, დიაცთ დაუთმოთ
ჩვენი ხმალი და ფარია”.
აღელვდენ ქისტის შვილები,
ყველამ შაიბა ხმალია,
აღელვდა მთელი სოფელი:
ბალღი, კაცი და ქალია.
უნდა შასწირონ თავის მკვდარს
ზვიადაურის თავია;
უნდა მტრის საფლავზე დაკლან,
როგორაც წესი არია.
გაგზავნეს ერთი მზვერავი,
თან აბარებენ ჩუმადა,
მივიდეს ჯოყოლასთანა
მეზობლურადა, ძმურადა;
სოფლის განზრახვა არა-გზით
მას არ ჩაუგდოს ყურადა.
ივახშმოს, იმუსაიფოს,
გაიგოს სტუმრის ლოგინი;
ღამე დაესხნენ, შაკონონ,
არ უნდესთ ბევრი ლოდინი.
მივიდა მოყურიადე
ლაქარდიანის ენითა,
სახელს ულოცავს ჯოყოლას,
ლაღობს, არ არის წყენითა.
ხალვათობს, ამბობს ამბებსა,
ენას აკვესებს კვესითა.
ვინ იცის, გული სავსე აქვს
გველის შხამით და გესლითა.
ივახშმეს. თვისი სტუმარი
მასპინძელს მოსწონს გულითა.
“კარგი ვაჟკაცი ეტყობა”, -
ფიცულობს თავის რჯულითა:
“ეს ერთი ცნობა, ხვალ ძმობა,
ერთად შევთვისდეთ სულითა”...
მიიპატიჟა საძილედ,
დაუთმო თვისი ლაჭანი.
- არაო, - სტუმარი ეტყვის, -
არ მინდა ლეიბ-საბანი.
მე დერეფანში დავსწვები,
შინ ძილს არც-კი ვარ ჩვეული...
ასრულდა მისი წადილი,
გულიდამ ამოწეული,
მოყურიადეს ეს უნდა,
ამად არს აქ მოწვეული.
წავიდა გახარებული,
შეატყობინა ყველასა.
მამლის საჯდომი თუ იცის,
მეტი რა უნდა მელასა?!

V

- რა ამბავია, დიაცო?
ხმალი მინდა და ხანჯარი!
სახუმრო საქმე არაა,
თავზე დაგვესხა მტრის ჯარი!
ნამდვილ აკლებას გვიპირობს,
გვღალატობს ჩვენი სტუმარი;
ძმობით და მეგობრობითა
შემოგვაპარა ლაშქარი!
სუ, დაიცადე!.. მოვსტყუვდი...
ჩვენი ქისტები არიან.
რისთვის მოვიდნენ ამ დროსა,
რას ბჭობენ, ვის რა სწადიან?!
ყური დაუგდე კარგადა,
კაცისა მესმის ხრიალი.
რა მქისე ხმაურობაა,
რა საზარელი გრიალი!
ჩემს სტუმარსა ჰკვლენ, სწორედა,
უდგასთ ხანჯრების პრიალი.
უყურე უნამუსოთა,
ჩემს ოჯახს როგორ ჰქელავენ!
ჩაიგდეს ჩემი კაცობა,
ფეხს ქვეშ ტყლაპივით სთელავენ,
გავიგო, აბა, წავიდე,
რაზე, რისთვისა ჰღელავენ?!
ეს სთქვა ჯოყოლამ, წამოდგა,
ხელ-ხანჯრიანი წავიდა.
გააღო სახლის კარები,
შეუპოვარად გავიდა.
- რას სჩადით? - შემოუძახა: -
ვის სტუმარს ჰბოჭავთ თოკითა?
რად სტეხთ საუფლო ჩვენს წესსა,
თავს ლაფს რად მასხამთ კოკითა?
ჩემს სჯულსა ვფიცავ, სისხლს დავღვრი,
განანებთ ბრიყვულს ქცევასა,
განანებთ, თუმცა ძმანი ხართ,
ჩემის კაცობის ქელვასა!..
- რას ამბობ, შტერო, რას ამბობ?
რად არ მოდიხარ ცნებასა?
მოსისხლე სტუმრის გულისთვის
ძუძუს ვინ მოსჭრის დედასა?! -
შემოუძახეს ქისტებმა
ერთხმად, ძლიერად, ჭექითა: -
შენ და შენს სტუმარს, ორივეს
ერთად გადგისვრით ბექითა.
თემს რაც სწადიან, მას იზამს
თავის თემობის წესითა.
მთელის ქისტების ამომგდე
სტუმრად რადა გყავ სახლშია?
ზვიადაურის სახელი
ბავშვმაც კი იცის მთაშია.
ეს იყო მუდამ, ჭკვათხელო,
ჩვენის გაჟლეტის ცდაშია,
მგლურად რო გვეტევებოდა,
რო გვიჯდებოდა გზაშია.
ჯოყოლა ცოტას შეფიქრდა,
პირს სინანული წაესო,
თითქოს ნატყორცი ისარი
ზედ გულის კოვზზე დაესო.
- თვით ამან მოჰკლა შენი ძმა
არყიანებში თოფითა,
ჩვენ ვიცნობთ მაგის სახესა,
გადალესულსა ცოფითა.
“გახლავართ ზვიადაური!” -
ჩამოგვკიოდა გორითა;
სულ კარგად ვიცით, ცხადადა,
თვალს ვადევნებდით შორითა.
აავსო ფშავ-ხევსურეთი
აქით წასხმულის ძროხითა.
უკან გაუდგა ლაშქარსა
ფეხმარდი, ლეგის ჩოხითა.
თავს რად იმურტლავ, ბეჩავო,
გაუმაძღარის ღორითა?
გული როგორ არ გერევა
მაგასთან ჯდომა-ყოფნითა?!
- ეგ მართალია, იქნება...
რა უნდა მითხრათ მაგითა,
მითც ვერ მიაბამთ ჩემს გულსა
თქვენს გულისთქმასთან ძაფითა.
დღეს სტუმარია ეგ ჩემი,
თუნდ ზღვა ემართოს სისხლისა,
მითაც მე ვერ ვუღალატებ,
ვფიცავ ღმერთს, ქმნილი იმისა.
მე გთხოვ გაუშვა, მუსაო,
ნუ სტანჯავ უდიერადა,
როცა გასცდება ჩემს ოჯახს,
იქ მოეპყარით ავადა.
ვის გაუყიდავ სტუმარი?
ქისტეთს სად თქმულა ამბადა?
რა დავაშავე ისეთი,
რომ მომიხედით კარადა?
თვის რჯული დაგვიწყებიათ,
მიტომ იქცევით მცდარადა;
ჩემს ოჯახს პასუხს რით აძლევთ?
სახლში ხართ, განა შარადა!
ვაი თქვენ, ქისტის შვილებო,
მომდგარნო ჩემს კარს ჯარადა!
უიარაღოს აწვალებთ,
გული რასა ჰგრძნობს თავადა?

მუსა (ჯოყოლას)

შენაც ამასთან შაგკონავთ,
თემის პირს რომ სტეხ, თავხედო!
ჩვენის ნარჩევის დარღვევა
შენ როგორ უნდა გაჰბედო?
აჰყეფდი ქოფაკივითა,
აბდა-უბდაობ შტერადა;
ამ გიაურის გულისთვის
ძმებსაც ეპყრობი მტერადა.
არ იცი, რომ შენი საქმეც
დღეიდგან წავა ცერადა?!

ჯოყოლა (მუსას)

რაო? ქოფაკო?! შენ ამბობ?
ახლა ძაღლადაც გამხადე?! -
იძრო ხანჯარი, მუსასა
გულში უმარჯვა ვადამდე.
- უყურე თვით ძაღლს, უყურე,
გამითამამდა სადამდე!
ჩემის კაცობის დამქცევნო,
ლანძღვასაც მემართლებითა?
ალლახსა ვფიცავ, გაგმუსრავთ,
მანამ ამკაფავთ ხმლებითა,
გრისხავდესთ ცა-ქვეყნის მადლი,
უსამართლობას შვრებითა!
- რა ქნა უღმერთომ, რა ქნაო,
გაგიჟდა, ჭკვაზე მცდარია... -
ჯოყოლას თავზე დაეცა
მთლი ქისტების ჯარია,
ხელი შაუკრეს... არ მისცეს
ნება, ეხმარა ხმალია...
ხელ-ფეხშაკრული დერეფანს
დააგდეს, როგორც მკვდარია.
წყევლა ხალხისა ჭექაა,
ნაფურთხი - წვიმის ცვარია.
წამოიყვანეს დაჭრილი,
ზვიადაურიც სტანია.
რას ამბობს ზვიადაური?
სახე რადა აქვს მტკნარია?
ბოღმა მიტომ ჰკლავს ვაჟკაცსა,
რომ ხელთ არა აქვს ხმალია:
“ჩამიგდეთ ხელში, ძაღლებო,
კარგი დაგიდგათ დარია”.
ამას ამბობდა დინჯადა,
სხვად არას მოუბარია.
მიჰყავდათ სასაფლაოზე,
სადაც ქისტების მკვდარია,
უნდა თავის მკვდარს შესწირონ,
რომ იქ უზიდოს წყალია,
მსახურად ჰყავდეს, მორჩილად,
და გაუბანდოს ჯღანია...

VI

სოფლისა გაღმა გორია,
დამწვარი, ქვიშიანია.
ბევრი წევს იქა ვაჟკაცი,
გულ-ლომი, ჯიშიანია.
ძირს მისდგამს ბექი მდუმარე,
ნაღვარი, თიხიანია.
ხმალ-ხანჯრის, თოფის მხმარეთი
არა სძგერს გული მაგარი;
იმათ სჭამს მიწა უენო,
სასტიკი, გაუმაძღარი;
მასში ეშლება ყველასა
ადამიანის იერი...
ვერ გვიხსნის სიკვდილის ბჯღალით
ძალა, ვერც სიტყვა ცბიერი.
ბუნების ცოდვა ესაა,
მუდამ საწყინო ჩემია:
ავსა და კარგსა ყველას ჰკლავს,
არავინ გადურჩენია.
ყველა მგზავრთათვის ინთქმევა,
როცა იღუპვის გემია!..
მზე ჯერ არ ამოსულიყო,
ნამს ჯერ ბალახზე ეძინა,
არ დაებერა ნიავსა,
დაბლა არ ჩამოეფინა,
ურიცხვი კაცი და ქალი
ჭალაზე შამოეფინა.
მოჰყავდა ზვიადაური
ხელშეკონილი გროვასა,
ყველას უხარის მის მოკვლა,
ან ვინ დაიწყებს გლოვასა?!
სიკვდილი ყველას გვაშინებს,
სხვას თუ ჰკვლენ, ცქერა გვწადიან;
კაცნი ვერ ჰგრძნობენ ბევრჯელა,
როგორ დიდს ცოდვას სჩადიან.
რამდენი ავსული ვიცი,
წარბშეუხრელად დადიან;
თავის მტანჯველის შემუსრვა
ან კი ვის არა სწადიან?!

VII

აი საფლავიც ქისტისა,
ხალხი მოერტყა გარსაო,
მოლა მოჰყვება ლოცვასა,
იხსენებს თავის მკვდარსაო:
“ნუ იტანჯები, დარლაო,
ნუ შეიწუხებ თავსაო,
მოვსდეგით შენი მოძმენი
შენის სამარის კარსაო,
მსხვერპლსაცა გწირავთ, იხარე,
არ გაჭმევთ მტრისა ჯავრსაო”.
- ძაღლ იყოს თქვენის მკვდრისადა! -
ვაჟკაცი იღებს ხმასაო,
ბეწვს იშლის ბრაზმორეული,
როგორაც ვეფხვი - თმასაო.
საკირის ცეცხლი ედება
სამსხვერპლოს გულის-თქმასაო.
რა მოსდრეკს წარბ-დაღრუბლილსა,
ქედ-ჩაჟანგებულს მთასაო!
აქცევენ ზვიადაურსა,
ყელში აბჯენენ ხმალსაო:
“დარლასამც შაეწირები”,
ყველა დასძახის მასაო.
“ძაღლ იყოს თქვენის მკვდრისადა!” -
უპასუხებდა ხალხსაო.
არ იდრიკება ვაჟკაცი,
არ შეიხრიდა წარბსაო.
გაოცდენ ქისტის შვილები,
ხალხი დგებოდა ყალხსაო.
“ლამის რომ არ შაეწიროს,
ერთი უყურეთ ძაღლსაო!”
ჰყვირიან, თანაც ნელ-ნელა
ყელში ურჭობენ ხმალსაო.
“ძაღლ იყოს”, ყელში ამბობდა,
მანამ მოსჭრიდენ თავსაო!
“უცქირეთ, ერთი უცქირეთ,
არ ახამხამებს თვალსაო!”
სიცოცხლე ჰქრება, სისხლი დის, -
ზვიადაური კვდებოდა,
გული ვერ მოჰკლა მტრის ხელმა,
გული გულადვე რჩებოდა.
და ამ სურათის მნახველი
ერთი დიაცი ბნდებოდა,
ცრემლებს ჰმალავდა ლამაზი,
ხალხზე უკანა დგებოდა.
მიშველებასა ჰლამობდა:
“ნუ ჰკლავთ!” ეძახის გულიო,
ფიქრობდა ბრაზმორეული:
ნეტავი მომცა ცულიო,
ნეტავი ნებას მაძლევდეს
დედაკაცობის რჯულიო,
რომ ეგ ვაცოცხლო, სხვას ყველას
გავაფრთხობინო სულიო.
ნეტავი იმას, ვინაცა
მაგის მკლავზედა წვებოდა,
ვისიცა მკერდი, აწ კრული,
მაგის გულ-მკერდსა სწვდებოდა!
ნეტავი იმას ოდესმე
ქმრის ტრფობა გაუცვდებოდა?!
ქისტები გაწყრენ, იტკიცეს:
ვერ აუსრულდათ წადილი,
ვერ გაუკეთეს თავის მკვდარს
მის შესაფერი სადილი.
დაკლულმა დაჰკლა მათ გული
და გაუცრუა ქადილი.
შეურაცხყოფილთ უნდოდათ
ერთად გაეძროთ ხანჯრები
და გაეკეთათ მკვდრის გვამზე
სისხლით ნაღები ფანჯრები.
მაგრამ ვერ ჰბედვენ, სცხვენიანთ:
“ცოდვაა!” - ყველა ჰფიქრობდა.
ხალხის გული და გონება
სასინანულოდ მიჰქროდა.
სთქვეს, როცა სახლში გაბრუნდენ,
თავ-თავქვე ჩამოდიოდენ:
ხომ მაგას არ მოვუკლავდით
მტრებს, ავს რომ არ სჩადიოდენ?
კარგი ვაჟკაცი ყოფილა,
ყველა ალლახსა ჰფიცავდა,
იმიტომ ვეფხვებრ გვებრძოდა,
თავის მიწა-წყალს იცავდა.
მაგრამ მტერს მტრულად მოექე,
თვითონ უფალმა ბრძანაო,
ის სჯობს, რაც მალე ვეცდებით,
გულში ჩავურჭოთ დანაო.
წავიდნენ. ზვიადაური
ზეზე გაწირეს ტიალად.
თუნდა ძაღლებმა ათრიონ,
ფრინველთა ჯიჯგნონ ზიარად;
არ შაეწირა, ეგდოსო,
ეგეც ეყოფა ზიანად.
ამას იძახდენ ქისტები
თავმოწონებით, ხმიანად.
ამ ხმასვე იმეორებდენ
ბნელი ხევები მთიანად.
ჩამოდგა საღამოს ჟამი,
მთიდამ მზის სხივი ჩამოხდა,
სიბნელე მოიპარება,
სინათლეს სული ამოჰხდა.
დადგნენ, სულ დადგნენ მზის სხივნი,
აღარ ელავდა ქვიშაო;
აღარსადა სჩანს, გამქრალა
თეთრი თმა შავის მთისაო;
ნაღვლით ნაქარგი, ნაქსოვი
სახე იმ სალის კლდისაო,
რო მუდამ მგლოვიარეა,
ცრემლი ანკარა სდისაო.
სიკვდილსა გლოვა უხდება,
მკვდარს ძმას - ტირილი დისაო,
ტყესა - ხარ-ირმის ნაფრენი,
ზოგ დროს - ყმუილი მგლისაო.
ვაჟკაცსა - ომში სიკვდილი,
ხელში - ნატეხი ხმლისაო,
ომს - ლხინი გამარჯვებულთა
და დამარცხება მტრისაო.
ზვიადაურსა გლოვობდა
შფოთვა და ბორგვნა წყლისაო,
ნიავად ჩამონადენი
ოხვრა მაღალის მთისაო.
ცრემლი ნისლების ჯარისა
ნაბრძანებია ღვთისაო.
და წყაროს პირზე დიაცი, -
ტურფა, ლამაზი, - ქისტისა,
შუბლზე და მკერდზე წყალს ისხამს,
დრო და დრო გული მისდისა.
ბევრი იტირა ჩუმადა,
თუმცა დრო და დრო ჰკრთებოდა,
ზვიადაურის სიკვდილი
თვალებში ელანდებოდა.
სტიროდა, მაგრამ ტირილი
არ იყო, ეხათრებოდა:
ერთ მხრივ ხათრი აქვს თემისა,
მეორით - ღმერთი აშინებს,
ქისტეთის მტრისა მოზარეს
თავს რისხვას გადმოადინებს.
ეს ფიქრი გონებისაა,
გული თავისას შვრებოდა,
კაცის კაცურად სიკვდილი
გულიდამ არა ჰქრებოდა.
ქალის გულს იგი სურათი
შიგ გაეყარა ისრადა;
იმან დაადვა ლამაზსა
დაკლულის გლოვა კისრადა.
სიბნელეს უცდის, მივიდეს,
ღამით იტიროს მკვდარიო;
იმას აღარა ჰფიქრობდა,
ჯოყოლა როგორ არიო.
ვის ცოლი ვის ქმარსა სტირის?
რას სჩადის ჭკვაზე მცდარიო?!
იქნება ჰკლავენ ჯოყოლას,
სახლსაც შაუხსნეს კარიო!
წამოდგა, იხედებოდა,
როგორც დამთხვარი ნადირი,
ხედნებ-ხედნებით ამოვლო
ხევის კლდიანი ნაპირი;
წყვდიადში საზარლად ისმის
წყალთ ანაძრახი საყვირი.
ამოვლო კრძალვით საფლავთან,
მკვდარსა მუხლ-მოყრით დაეყრდნო,
ქვითინებს გულამოსკვნითა,
ცრემლსა სიპი ქვა დაედნო,
აიხსნა დანა, მიჰმართა
ზვიადაურსა იმითა,
ააჭრა ნიშნად, სახსოვრად
სამი ბალანი პირითა,
ჩიქილის ტოტში შეხვია
ბროლის თითებით თლილითა...
ეს რა ხმა ესმის, დგანდგარი?
ყურებს გაუდის ჟივილი...
საფლავებიდან მოესმის
მკვდრების წყრომა და ჩივილი!
თითქოს ბალღებიც ატირდენ,
გაუდისთ მწარედ წივილი!
საერთო წყრომის ხმა ისმის,
საერთო გულის ტკივილი:
“რას შვრება უნამუსოვო”,
გამწარებულნი ჩიოდენ, -
“მაღალი ღმერთი გრისხავდეს!”
სამარით შემოჰკიოდენ.
აჩქარებული ღრუბლები
ცის პირზე გადმოდიოდენ.
გაიქცა, მირბის, იხედავს, -
მკვდარნი მისდევენ, სწორია.
“შინით სად გაგვეხვეწები,
აქით თუ გაგვეშორია!?”
ხმა ისმის დანადევნები,
მასვე იძახის გორია,
გარშემო დაყუდებული
განა ერთი და ორია.
“უნამუსოვო”! მისძახდენ
ტანდაწკეპილნი დეკანი,
ბალახნი, ქვანი, ქვიშანი,
იმ არე-მარეს მდებარნი.
აგერ, საფლავით ამოდგა
მისი მკვდარი ძმა ებარი,
თავის ტოლებში უსწორო,
ქისტეთს გათქმული მხედარი.
თან მიჰკიოდა თავის დას,
სიტყვა პირს მოსდის მჭეხარი:
“ვაჰ, დაო, დაო, რა მიყავ?
რისხვა რად დამეც მედგარი?
მეორეს საფლავში ჩამდევ,
ერთს სამარეში მდებარი!
მაგით მიმტკიცებ დობასა,
შენი ქალობა ეგ არი?!”
ბილიკზე მოსუნსულებდა
სასაფლაოსკე მყეფარი.

VIII

- სად მიხვალ, სადა, წყეულო?
საითკე მიეჩქარები?!
ვინ გაჭმევს კაის ყმის ლეშსა?
ძაღლო, დაგიდგა თვალები!
შენს საჯიჯგნადაც გამხდარა
ზვიადაურის ძვალები!? -
სთქვა ეს აღაზამ და ქვებსა
ესროდა ხშირა-ხშირადა.
მირბის და მისდევს შმაგადა
კლდიანის ხევის პირადა.
ხმა ისევ ესმის მკვდრებისა,
მას ბანს აძლევენ მთანიცა,
სამდურავს ეუბნებიან
აღაზას გიშრის თმანიცა.
მოუახლოვდა თავის სახლს,
სინათლე მოსჩანს იქითა;
უნდა იძახოს: “მიშველეთ”,
ხმა მიაწვდინოს შიგითა.
მაგრამ ვერ ამბობს ვერაფერს,
ოფლი წყლად მოსდის შუბლზედა.
მივიდა სულშეხუთული
და გადაიქცა ზღუბლზედა.
კერის პირს იჯდა ჯოყოლა,
მუხლი გადეგდო მუხლზედა.
“ვაჰმეო,” - ეს კი იძახა,
სიტყვა გაუშრა ენაზე.
ქმარმა მოჰხვია ცოლს ხელი
და მიათრია კერაზე.
- რა დაგემართა, დიაცო? -
ჩაეკითხება მშფოთარე, -
სხვა სადარდელი მაკლია,
ახლა შენ მექმნა მოზარე?!
რა დაგემართა, რა არი?
მითხარ, გახსენი ბაგეო!
ხომ არვინ მოიწადინა
გადაეგორე მკლავზეო?
მითხარ, არ გაჭმევ იმის ჯავრს,
ვანანებ ემავ წამზეო.
ჩემის ნამუსის შემბღალავს
მალე მოვიყვან ჭკვაზეო,
როგორც ვანანე მუსასა
მიხდომა სხვისა კარზეო. -
პასუხს ელოდა ცოლისგან,
დასჩერებოდა თავზეო.
და თანაც ხანჯარს ჰბღუჯავდა,
ხელი ეკიდა ტარზეო.
ქალი ვერაფერს ამბობდა,
გაჰმტკნარებოდა სახეო.
თავს დასტრიალებს ჯოყოლა,
ელის, რას ეტყვის ცოლია,
შუაღამის დროს აღაზამ
თანთან მოიცა გონია.
უთხრა ჯოყოლას: - “რას ამბობ?
თავი რად დაიღონია?
რად მოიგონებ იმასა,
რაიც არ მოსაგონია?
სულ ტყუილია... კაცისა
არსად მინახავს ჭაჭანი,
ვინ გამიბედავს მაგასა,
რად მინდა ლეჩაქ კაბანი?!
სასაფლაოდამ დავბრუნდი,
შენს ცხენს ვეძებდი ხევებში,
ცხენის მაგივრად ბედკრული
შიგ შევერიე დევებში.
დამიხვდა შავ-ნაბდიანი,
უზარმაზარის ტანისა,
ჯერაც თვალებში მიელავს
სიმყრალე იმის კანისა;
დიდ-ყურა, კბილებ-ღაჯუნა,
უმსგავსო, ფერად შავისა;
ხელები გამომიწვადა,
დიდი ხელები თავისა,
მთის ოდნად სჩანდა მის თავზე
მოშავფრო ქუდი ტყავისა.
თან მითხრა: ჩემთან წამოდი,
ჩემთან იცხოვრე, ქალაო,
ბევრი მაქვს ოქრო და ვერცხლი,
არაფერს დაგიმალაო.
მე გამოვიქე, შევშინდი,
დევიც მომდევდა ღრიალით;
მთელი ქვეყანა იძვროდა
იმის ფეხებს ქვეშ გრიალით;
მზარავდა ეს ხმაც, მთა-ბარიც
წაღმა-უკუღმა ტრიალით,
ძლივს მოვაღწიე და გამცნე
ჩემი ვაება ხრიალით”.
ჯოყოლა ეტყვის: დევს გარდა
სხვა რამ საქმეა კიდევა,
ჩემს ჭკვას არ სჯერა ნათქვამი,
ჩემი ფიქრები ირევა.
ნამტირალევი რადა ხარ?
ღაწვებზე ცრემლი გდენია;
ჩქარა სთქვი, სწორედ მითხარი,
თორემ ვერ მომითმენია!
სადარდო, საგულისხმო რამ
გრძნობა გულს გადაგფრენია.
ჩემს თვალებს ვერ დაემალვის
იმ გრძნობის ნაკვალევია;
არ შაიძლება არ დაჩნდეს
ნასვამი, დანალევია!..
- რა დაგიმალო, ჯოყოლავ,
ან რად შემრისხავ თქმისადა? -
ეტყოდა ცოლი და ნაზი
თრთოლა მიეცა ხმისადა: -
ცრემლები შემიწირია
იმ შენის მეგობრისადა.
ძლიერ შემბრალდა ბეჩავი,
რომ უცხოეთში კვდებოდა,
არც ნათესავი, არც მოძმე,
რომ ვისმე შეჰბრალებოდა!
მაგრამ, როს ჰკლავდენ ხანჯრითა,
ოდნავაც არა ჰკრთებოდა.
იქნებ შენც გცოდე, ღმერთსაცა,
მაგრამ ვიტირე, რა ვქნაო!..
- მაგისთვის როგორ შეგრისხავ?
ტყუილს სჯობს სიმართლის თქმაო.
იტირე?! მადლი გიქნია,
მე რა გამგე ვარ მაგისა?
დიაცს მუდამაც უხდება
გლოვა ვაჟკაცის კარგისა.

IX

მეორეს დილას აღაზამ
ძროხა გარეკა მთისაკე,
ჩამოდიოდენ ფრინვლები,
იზიდებოდენ მკვდრისაკე;
აღაზაც მიიპარება
სასაფლაოს თავს კლდისაკე.
იქიდამ აფრთხობს ყორნებსა,
სვავთა მხარ-მოფარფაშეთა,
ორბებსა გაუმაძღრებსა,
მკვდრის ლეშზე მოყაშყაშეთა;
ხელს ამუშავებს და ჰმალავს
თვალებს, მზებრ მოკაშკაშეთა.
კლდიდამ გადისვრის კენჭებსა
და თან წინდას ქსოვს ვითომა,
ოსტატობს, ხალხმა ვერ შესძლოს
იმის ფიქრების მიხდომა.

X

ბისოს მოვიდა ამბავი,
ვით ნაქუხარი მეხადა:
“მოუკლავთ ზვიადაური,
ცით ჩამოსული სვეტადა,
ფშავ-ხევსურეთის ფარ-ხმალი,
გამოსადეგი მეტადა!”
შავის ამბისა გამგონეთ
ზარი გამართეს დედათა.
ბისოს ტიროდა ბებერი,
მოსთქვამს, ქვითინებს მწარედა:
“ბედკრული რად ვარ ცოცხალი?
მეც მიწას მიმაბარეთა;
მკლავნი მაჩვენეთ შვილისა,
მოიტათ, ჩამაბარეთა!
ჩემის შვილისა მარჯვენით
გულს მიწა მომაყარეთა;
ვაჰმე, რადა ვარ ცოცხალი?
რისთვის-ღა ვსთელავ არეთა?!
მკვდარნო, რად არ მეც ადრევე
თქვენთან არ დამიბარეთა?
როგორ ვიგონო თავის ძე
ურჯულოს არე-მარეთა?!”
ვაჟკაცთ გაიგეს ამბავი,
გასაგონარი ჭირითა,
ერთმანეთს გადაეძრახნენ
ბოღმით შემკულის პირითა:
რად გიკვირთ, როცა ჩვენს მფარველს
ცხარის ცრემლითა ვსტირითა?!
გამოიტანეს შუბები
დუმით ნაპოხის ცხვირითა,
ფარ-ხმალით მოკაზმულები
ჯარს ამზადებენ დილითა.
ეს ხომ ახალი არ არის,
სისხლმა იდინოს მილითა.
იძახის აპარეკაი:
“საგძალი გინდათ კვირისა!”
“ქუდზე კაც უნდა წავიდეს!” -
ბაბურაული ჰყვირისა.
აღელვებულთა ბორგვნაა,
ხმა არ გეგონოსთ სტვირისა!

XI

- კარში გამოდი, ჯოყოლავ,
წყნარად ნუ სწევხარ კერასა,
რამდენი ხალხი მოერტყა
იმ ჩვენის მთების წვერასა!
ჩვენთან მოდიან სტუმრადა,
ჩვენ გვიპირობენ წვევასა.
შეგვანანებენ დედათა
შვილთა აკვნების რწევასა.
საქონელს ერეკებიან,
რეულობაა როგორი?!
აავსო ჯარმა, გაჰხედე,
ჯარეგის თავი, სამ-გორი,
დამთხვალთა მენახირეთა
კლდეები მოსდევს ნაგორი.
წადი, უშველე თავისებს,
მტრის დასახვედრად მირბიან,
შენც ისე წადი, ჯოყოლავ,
როგორაც სხვანი მიდიან.
- გავყვე?! რას ამბობ, ჭკვა-თხელო?
არ გამივლევენ ახლოსა!
მარტოკამ უნდა ვიომო,
მთელმა ჯარეგამ მნახოსა;
ვინ ერთგულია, ვინ არა,
ქვეყანამ დაინახოსა.
ქისტებს ორგული ვგონივარ,
გამდგარი თავის რჯულზედა,
ჰფიქრობენ, ვითომ ჯოყოლამ
თავი გაჰყიდა ფულზედა,
ქისტეთის მოღალატე ვარ,
ხელაღებული სულზედა;
მოაქვთ და ცოცხალს მადებენ
საფლავის ქვასა გულზედა.
ამას ამბობდა ჯოყოლა,
თან აბჯარს ისხამს ტანზედა:
წელზე შაიბა ფრანგული,
თოფი გადიგდო მხარზედა,
ქისტს არ მაუდის ჯიშადა
მუზარადის დგმა თავზედა.
მარტოკა მიდის ცალს მხარეს,
თავდადებული ცდაზედა,
მტრის დასახვედრად სხვანიცა
შამოეფინნენ მთაზედა.

XII

ჩამოდის ხევსურთა ჯარი
დროშა მოჰქონდა წინასა;
მიჰმართეს სასაფლაოსა,
მდუმარეს ქისტთა ბინასა:
მოძებნონ თავისი მკვდარი,
მოკრიბონ გმირის ძვალები,
ზვიადაურის მტანჯველთა
ძირში მოსთხარონ თვალები.
დაუხვდათ ქისტის ჯარიცა,
ხევ-ხევის პირას მალული;
შამოესროლეს თოფები,
მაჟრები შემოსალტული;
გზას არ უთმობენ ხევსურთა
ბიჭები ამოსხარტული.
ორივე მხრიდამ თოფებსა
ზედ დაკიჟინით ისვრიან,
ორსავე საქმე აწუხებს,
ორნივე მედგრად იბრძვიან.
ბლომად დალია ტყვიამა
სისხლი, - მოძოვა ქუჩია,
მაინც არ გატყდენ ქისტები,
სდგანან ვით ციხე-ბურჯია.
ბაბურაულმა ხევსურთა
ხმალ-და-ხმალ ჩასვლა ურჩია.
მივიდა საქმე ხმალზედა,
ფარმა გზა მისცა საკაფი,
საძევარი აქვთ ხევსურთა
ძვირი განძი და ალაფი.
ფარო, ნუ ჰმტყუვნობ გორდასა,
შენა ხარ მაგის ჯალაფი;
თავქვე მორბინალთ ხევსურთა
წინ კლდე დაუხვდათ წარაფი.
კლდიდამ გადუხტა უეცრად
ქისტი ხმალ-მოღერებითა,
აკვირვებს ქისტის ლაშქარსა
მტრის ჯარის მოგერებითა.
ზოგს მოტყუება ეგონა,
ამბობდენ მოჩვენებითა:
- ეგ ვინ უხვდება ხევსურთა?
ჩვენი მხარეა, ვინ არი?
- ეგ უნდა ჯოყოლა იყოს,
სწორედ, ნამდვილად ის არი! -
სთქვა ერთმა, სხვანიც დასთანხმდენ,
გაოცებულნი უცქერენ.
როგორ არ უფთხის გროვასა,
თუმცა ხმალ-ხანჯრებს უღერენ.
მოჰკლეს კიდეცა, იქცევა,
მკერდს ხანჯრის წვერით უწერენ.
ქისტთ გაუხარდათ დიაღაც, -
“მოჰკლან, თუ მოჰკლეს - ახია!
ეხლაც მასხარად აგვიგდო,
წინად ხომ ბევრჯელ აგვრია,
სოფლისა გადრა ინდომა,
ჩვენ-კი ტალახში გაგვრია.
მარტოკა მტრის ჯარს დაუხვდა,
სწორედ დავლათით დაგვრია.”
ხევსურთ ჯოყოლა გაწირეს
მკვდარი, კლდის თავსა, კეტამზე.
თითონ დაესხნენ ქისტებსა,
ჩამოეფინნენ ფერდაზე.
გახდა ხმალ-ხანჯრის ტრიალი,
დაკრული მიდის მკერდამდე;
ფარ-ხმალის ჩხერა, წკრიალი
ცას ადიოდა ღმერთამდე.
გაიქცა ქისტის ლაშქარი,
კოშკებს მიჰმართა გრიალით,
უკან მისდევენ ხევსურნი,
თავზე ჩაჩქნების პრიალით;
მოკრიბეს სასაფლაოზე
ზვიადას ძვლები ტრიალით:
ზოგი სად ეგდო, ზოგი სად,
ფრინველთ ნაჯიჯგნი ფრიალით.
მოკრიბეს ძვლები ხურჯინში
და გამობრუნდენ შინათვე,
ასრულეს გულის წადილი,
დანაპირები წინათვე.
გამოირეკეს ცხვარ-ძროხა,
გადმოავლიეს მთანია;
ამოიყარეს მტრის ჯავრი,
სადარდო რაღა არია?!
უცხოეთს მაინც არ დაჰრჩათ,
შინ მოაქვთ თავის მკვდარია,
ფშავ-ხევსურეთის იმედი,
ქავ-ციხე, რკინის კარია.
მოძმენი დაიტირებენ
თავის მკვდარს თავის წესზედა,
მიაბარებენ სამარეს
მამა-პაპათა გვერდზედა:
ძვირად ღირს დანადინარი
თავისის ცრემლი მკერდზედა!

XIII

- უცხოს კაცისა მოზარევ,
ხევსურთ მოგიკლეს ქმარია.
წადი, იტირე, აღაზავ,
სამარეს მიაბარია.
თავს დაჰყრანტალებს ყორანი,
წვერ-ულვაშს უცრის ქარია.
- შენს მტერსა ისეთი ყოფნა,
რო ჩემი ყოფნა მწარია!
აღარვინ მივლის ახლოსა,
არვინ მიჭირა მხარია.
იქვე დავმარხე კლდის თავზე,
საფლავიც გავუთხარია;
სუყველამ ზურგი მაქცია,
ყველაყა განზე მდგარია.
სასაფლაოც კი შემიკრეს,
რო დამემარხა ცხედარი:
ჯოყოლამ გვიღალატაო,
მაგის ადგილი ეგ არი,
საცა მარტოკა ომობდა,
ჩვენთვისა ჩირქის მცხებარი,
თემის პირისა გამტეხი,
ორგული, დაუდეგარი.
ცეცხლი მწვავს, ძმაო, ცეცხლი მწვავს
უალო, მოუდებარი;
გულს მიკლავს, გონებას მირევს
ფიქრები გაუგებარი!
ცოლი სტიროდა ჯოყოლას,
ცრემლს ასხურებდა ხშირადა,
არჩვი ყელ-გადაგდებული,
თმა-ხშირი, მთვარე პირადა,
ეკერებოდა გულ-მკერდზე
ქმარს მარგალიტის ღილადა.

XIV

ღამეა ბნელი, დელგმაა,
დგანდგნარებს არე-მარეო.
ღმერთო, მოჰხედე ტანჯულთა,
უშველე, შაიწყალეო!
კარგი კარგია მაინცა, -
ბეჩავი შაიყვარეო!
ტანჯულთა ლოცვა-მუდარა
გულს ვარდად დაიყარეო!
თუ არ უშველი, საწყლების
სულები მიიბარეო!..
გეყო მაგდენი მუქარა,
ღრუბელო, გადიყარეო!
მდინარე მოჰქუხს, მრისხანებს,
ზედ ასქდებოდა ლოდებსა,
დღესაც ისევე ბოროტობს,
არ იცის, რისთვის ჰგოდებსა.
არ ეშინიან ტანჯვისა,
იმან არ იცის სიკვდილი.
ერთი რამ იცის მხოლოდა:
ცრემლის ღვრა, მაღლა ყვირილი,
მუდამ ჟამს უცინარობა,
მარტო ტირილი, ტირილი...
ქარი სცემს, დაბლა ხევებით
ჩამოკიჟინებს მთებითა;
ქალი სდგას, მდინარეს დასცქერს,
კლდეზე, გაშლილის თმებითა;
სხივ მიხდილს ვარსკვლავს მაგონებს
მკრთალად მთრთოლარის ყბებითა.
არ იღებს ხმასა... შემკრთალი
ჰკრთის, რომ დასცქერის მდინარეს;
რა საზარლადა ხმაურობს,
როგორ საზარლად მდინარებს!
ლაშ-დაღრენილი, სასტიკი
შავი ხეობა მძვინვარებს.
“თავს ნუ იკლავო!” აბა, თუ
ერთმა ურჩიოს მაინცა.
დახუჭა ქალმა თვალები,
მსწრაფლად მორევში ჩაიქცა.
- რაღად ვიცოცხლო, რიღასთვის?
ამას ჰფიქრობდა ქალია. -
ქისტეთში ჩემი ერთგული
კენჭიც კი არსად არია.
ორთავ შევცოდეთ ქისტებსა,
მათ შამიჩვენეს ქმარია...
მე უფრო დიდი ცოდვა მაქვს,
უცხოსთვის ცრემლი ვღვარია.
წაიღო წყალმა აღაზა,
ლამსა და ქვიშას შაჰრია.

XV

იმ კლდის თავს, საცა ჯოყოლა
მოჰკლეს ხევსურთა ბრძოლაში,
ღამ-ღამ ჰხედავენ სურათსა
ზვავისგან ნაგალს გორაში:
კლდის თავს წადგება ჯოყოლა,
სასაფლაოსკე იძახებს:
“ზვიადაურო, ძმობილო,
რად არ მაჩვენებ შენს სახეს?!”
სასაფლაოდამ წამოვა
აჩრდილი ფარ-ხმალიანი,
გულზე უწყვია დაკრეფით
მკლავები სამკლავიანი.
მივა და მიესალმება
თავის ძმობილსა მდუმარედ.
იქვე აღაზაც ამოდის
სახე მოწყენით, მწუხარედ.
ენთება ცეცხლი მათს გვერდით,
მკრთალადა ბჟუტავს მთაზედა;
იმათ ჰმასპინძლობს აღაზა,
ჯიხვის მწვადს უწვავს ალზედა.
ვაჟკაცობისას ამბობენ,
ერთურთის დანდობისასა,
სტუმარ-მასპინძლის წესზედა
ცნობის და და-ძმობისასა.
როცა მათ ჰხედავს ერთადა
კაცი, ვერ ძღება ცქერითა;
მაგრამ გაჩნდება ჯანღი რამ
კურუმად შავის ფერითა,
დაეფარება სანახავს
წერა-მწერელის წერითა.
ზედ აწევს ჯადოსავითა,
არ დაიმტვრევა კვერითა,
ვერც შეულოცავს მლოცავი,
არც აიხდება ხელითა.
მხოლოდ მდინარის ხმა ისმის,
დაბლა მიქანავს ხველითა
და უფსკრულს დასცქერს პირიმზე
მოღერებულის ყელითა...

1893 წ.

I

ქალაქიდან ძია ესტატე ღამე-ღა იყო, როცა სახლში მოვიდა. მეორე დღეს შობა თენდებოდა: ძალზე მოერეკებოდა შინისაკენ ესტატე თავის “მერანს”, რომ შობა-დღეს საკუთარ ოჯახში ყოფილიყო. “მერანიც” თავს როდი ზოგავდა: მოძუნძულებდა გაყინულ გზაზე და, როგორც მოხუცი ყავარჯენს, ისე მოაბაკუნებდა დაუძლურებულს ფეხებს; ყურებს, თითქოს დამტვრევიაო, უხეიროდ ატლაკუნებდა. სიბერე ძნელია, გმირს როსტომსაც-კი მოჰრევიაო, ნათქვამია, და, რასაკვირველია, ესტატეს მერანი დაეუძლურებინა. პატრონი მაინც დღესაც გაყიდვას არ უპირებდა, თუმც მისი ცხენი ოცს წელს გადაცილებული იყო და მუშტარიც ბევრი ჰყავდა. ვინ იყვნენ, თუ იცით, ესტატეს მერანის მუშტრები? წვრილი მოვაჭრენი: ჩარჩები, ქათამ-კვერცხის, წვრილმანის მყიდველ-გამყიდველნი, რომელნიც სუნით დაეძებენ იაფფასიან საქონელს ცოტა ხელის მოსანაცვლებლად. მაგრამ ესტატე დიდს უარზედ იდგა.

- ჩემი ცოცხალი თავით მერანს ვერ მოვიშორებ, დიდი ამაგი აქვს ჩემზედ; აქაო და დაბერდაო, ამიტომ ავიღო და ჩარჩებს ჩავუგდო ხელში, რომ ტყავი გააძრონ? ბებერი ვარ, მაშ ჩამსვით გოდორში და დამაგორეთ კლდეზე! ეგ არის თქვენი სამართალი?! გაყიდვა არ შაიძლება; უნდა ჩემს ხელში მოკვდეს! - ამ პასუხით ისტუმრებდა ესტატე ყველა მუშტარს.

ძია ესტატე მეტის-მეტი კეთილი, სათნო ადამიანი იყო: იმისაგან წყენა სოფელში პირუტყვსაც-კი არ მოაგონდებოდა, განაღამც ადამიანს. მხიარული, ღაჟღაჟა, მუდამ მოცინარი, გადაპენტილი სახისა, ოჯახის გაყრაში და მოჩხუბართა შერიგებაში აუცილებელი შუაკაცი იყო და ლხინში - თამადა.

- ჰაა, აბა, შერიგდით! - ეტყოდა ესტატე მოჩხუბრებს. - რა გაჩხუბებთ, თქვე კაი კაცებო, განა სულ ცოცხლები ვიქნებით, ხომ უნდა დავიხოცნეთ?! ეს ჩვენი წუთისოფელი - წუთია; სიამოვნებით გავატაროთ, იმას რა სჯობია! სისხლი სისხლით არ დაბანილა, არც დაიბანება; სისხლს წყალი დაჰბანს მხოლოდ. აბა, მოდით, პროშტი: ჯერ მე მაკოცეთ, მერე ერთმანეთს აკოცეთ; თუ რამ საჩხუბარი გაქვთ, იმას რა სჯობია - დინჯად მოლაპარაკებით გავათავოთ. მუშტი-კრივით ვის რა გაურიგებია, თქვენ გაარიგოთ?! ოღონდ შერიგდით და სადილი ჩემი იყოს. - ესტატეს არც შუკაცობა მოუცდებოდა და დაპირებასაც ხელად აასრულებდა. ხელობით სოფლის დალაქი იყო და თავისთვის ტკბილად ცხოვრობდა: ჰქონდა საკუთარი სახლ-კარი, ვენახი, ცოტაოდენი სახნავი მიწა, ერთი თვალი წისქვილიც უბრუნავდა. ძმათამოყვარეს, კეთილს, სათნოს, უწყინარს, პურადს, გულადს და ამასთან ხანში შესულს ადამიანს სოფლელებმა ძია ესტატე დაარქვეს. ყველა, დიდი და პატარა, ესტატეზე ხნიერებიც-კი “ძიას” ეძახდენ.

ესტატეს ხანდახან ხუმრობაც უყვარდა. როცა, მაგალითად, ქალაქიდან მოაძუნძულებდა თავის რაშს და გზაში ნაცნობები მიესალმებოდენ:

- ძია ესტატეს გამარჯობა! საიდან? საიდან?

- იერუსალიმიდანაო, - უპასუხებდა.

ქალაქში მიმდინარს თუ შეეკითხებოდა ვინმე:

- საით? საითკენ გაგიწევია?

- იერუსალიმშიო, - უპასუხებდა და თან გულიანად იცინოდა: - არა, ეგ ოჯახქორები, რომ მკითხავენ საით მიემგზავრებიო, როგორ არ იციან, კატის მანძილი საბძელია. არა, თუ არ დაგიშლია, მე და ჩემი ცხენი განჯა-ერევანს, ტრაპიზონს ან თეირანს წავალთ! თუ ჩავალთ, ქალაქში, სად უნდა წავიდეთ? ეჰ, განა არ იციან, მაგრამ ჩვეულებაა, ეგეც ერთი რამ სალმის სანელია.


II


ესტატე ჩვეულებისამებრ ზარხოშად იყო, როცა სახლში მოვიდა. ცხენი თავის ერთსართულიან სახლის მოაჯირთან ისე ახლო მიაყენა, რომ “მერანს” თავი დერეფანში გადააყოფინა და დაიძახა: “ოჯახიშვილებო, გამოიხედეთ, სტუმარი არ გინდათ?” შინ ფაცა-ფუცი შეუდგათ. “პაპა, მოვიდა, პაპა მოვიდა”, გაიძახოდენ ესტატეს შვილიშვილები, სონა და კოლა: გოგო ექვსი წლისა, ხოლო კოლა რვისა. “სანთელი მოანათეთ, სანთელი! - იძახდა ესტატე. - რა დაგემართათ, ხომ არ დაიძინეთ?”

ჯერ სიტყვა არ გაეთავებინა, რომ პატარა ხელის ლამფით გამოვიდა კარში მსხვილი, ჩარგვალებული დედაკაცი, მეუღლე ესტატესი, ეფემია.

- ოჰ, საღამო მშვიდობისა, ეფემიავ! ჰაა, როგორა ხარ სულიკოჯან? მე კარგადა ვარ, ძალიან კარგად. ცოტა შემცივდა.

- ღმერთმა მშვიდობა მოგცეს! რა არის, კაცო, ამ ღამე სიარული? სხვა არა იყოს-რა, ნადირისა მაინც არ გეშინიან? - სთქვა ეფემიამ.

- რა ვქნა, დამიგვიანდა. ნადირიო? განა მე ნადირი მერჩის? სამგლე და ნადირის შესაჭმელი ხალხი ცოტაა განა? - სთქვა ესტატემ.

- პაპა, სათაგური არ მოიტანე? - ჰკითხავდენ ესტატეს დაჟინებით სონა და კოლა. - ჩუსტები, წუღები, საკაბე? - შესტიკტიკებდენ მოაჯირზე მიყრდნობილი ბალღები პაპას.

- ყველაფერი მოგიტანეთ, შვილებო, ყველაფერი! - უპასუხებდა ესტატე და თან ხურჯინსა ჰხდიდა. ამ დროს მისმა მერანმაც დაიხვიხვინა და ისეთი ორთქლი გამოუშვა ნესტოებიდან, რომ ეფემიას კინაღამ ლამფა გაუქრო.

- რა იყო, ჰოო, კარგი, ცხენო... - სთქვა მან გაჯავრების კილოთი.

- ქერი უნდა საწყალს ჩემ მერანს, - სთქვა ესტატემ, - მაგრამ ჯერ დაღლილია, დაისვენოს პატარა ხანი და მერე ვაჭამოთ; ცოდოა, ძალიან გამოვრეკე. - ესტატემ ტანიდამ აიხსნა მოხვეული ნაბადი და ცხენს გადააფარა; ხოლო თავად, ყაბალახით თავყურშეხვეული, ხურჯინით ხელში, გაყვა უკან თავის დედაკაცს, რომელიც წინ მიუძღოდა. ესტატემ გახურებულ ბუხარს მიაშურა, ხურჯინი ტახტზე დასდო.

- სანდრო როგორ იყო? ვენაცვალე იმას სიყმეში! - ჰკითხა ეფემიამ, ვიდრე ესტატე ბუხარს მოუჯდებოდა.

- ძალიან კარგად არის. ჯამაგირიც მოუმატებიათ: თვეში სამი თუმანი აქვს, - სთქვა ესტატემ თავმომწონედ, რომ ასეთი ყოჩაღი შვილი გამოუვიდა. ეფემია ღმერთს უმადლიდა. ხოლო რძალმა სოფიომ მამამთილს მიაშურა და ლეკური ჩუსტების ხდა დაუწყო. ბავშვები მიეხვივნენ პაპას და აღარც აცლიდენ ლაპარაკს: სათაგური, ჩუსტები, საკაბე და ამისთანები იყო იმათი სალაპარაკო. ეტყობოდათ, რომ უფრო სათაგური ენიაზებოდათ ყველაზე მეტად. პაპამ ორივენი გადაჰკოცნა და აღუთქვა, რომ მალე ყველაფერს ამოათრევდა ხურჯინიდან.

- ცოტა ხანს დამაცადეთ, შვილებო, ხელები მოვითბო, მცივა, უფრო კარგად ამოვალაგებ ხურჯინიდან ყველაფერს. ამისთანა ხელებით რა ამოვიღო?! აი ნახეთ, როგორ დაკრუნჩხული თითები მაქვს, - და უჩვენა დალურჯებული თითები. თანაც ხელი ჯიბეში ჩაიყო და ამოიღო მჯიღით კანფეტები, - მანამდის ამას შეექეცით.

- მოდით აქეთ, თქვე ავაზაკებო, ნუ აწუხებთ პაპას, ჭკვიანად დასხედით! - შეუტია ბავშვებს სოფიომ. ბავშვები გაფაციცებით ჰკრეფდენ ტახტზე გაბნეულ კანფეტებს.

- ჰაა, აბა, ჩხუბი არ მოგივიდეთ, თორემ იცოდეთ, სათაგურს ისევ ქალაქში წავიღებ, - სთქვა ესტატემ. - ერთი ჩაი რომ დამალევინოთ, ძალიან კარგს იზამთ. გზაში შემცივდა და ცოტა ზარხოშადაც გახლავართ. - ვიდრე ესტატე საუბარს დაიწყებდა, სოფიო ჩაის თადარიგს შეუდგა: მიაშურა იქვე თეთრ ტილოთი გადაფარებულს სამოვარს და ხელად ლანგრით ჩაი და შაქარი მიართვა მამამთილს.

- ოჰ, ღმერთმა მშვიდობა მისცეს ასეთ ლოთობას! კაცი დავბერდი და ჩემს სიცოცხლეში ამისთანას არას მოვსწრებივარ: მეტისმეტი ლოთობაა; უქმი და საქმი არ გააჩნიათ; სარდაფები მუდამ დღე სავსეა ხალხით; დიდი, პატარა, მდიდარი, ღარიბი, ყველა ლოთობს. კაცს ეგონება, თავებს იმარხავენ, ხვალ სიცოცხლეს აღარ მოელიანო. არ ვიცი - მე მეჩვენება, თუ მართლა ასეა.

- ეჰ, ქალაქია, ესტატეჯან, ქეიფს რა გამოლევს! - სთქვა ეფემიამ. - მაგრამ მე ეგ როდი მეკითხება: თვალი იმათაც დაუდგესთ. ასემც უქნიათ, ღვინისა და არყის რუმბებში ჩაუხრჩვიათ თავი! შენ ეს მითხარი, სანდრო არ აპირობდა ამოსვლას?

- როგორ არა, როგორ არა, საახალწლოდ უსათუოდ მოვა, პირობა მომცა. მართლა, ზალიკამ და სიდონიამ დიდი მოკითხვა.

- საწყლები! გმადლობთ, გმადლობთ, - სთქვა ეფემიამ, - ნახევი?

- როგორ არა, გუშინ სადილად იმათსა ვიყავი. კაი დროება გავატარე.

- როგორ არიან? როგორ რასმე ცხოვრობენ? - დაეკითხა ეფემია.

- კარგად, ძალიან კარგად. კაცი გამდიდრებულა; ასი თუმანი ნაღდი ფული მექნებაო, აქ ასი კაპეიკი არა ჰქონდა. ბზეს, ერთს კალათს და ერთს ვირს შენი მამიდაშვილი ზალიკა, ეფემიავ, კაცად გამოუყენებია.

- ღმერთმა ბრძანოს, ნეტა არ იქნება!.. მოხერხებული კაცი ქალაქში მუდამაც გამდიდრდება, - სთქვა ეფემიამ კვალად. ამ დროს ესტატეს მერანმაც დაიხვიხვინა.

- ოჰ, ქეიფში გავები, ცხენი კი დამავიწყდა. საწყალს ქერი უნდა. გომურში უნდა შევიყვანო, თორემ შესცივა, - სთქვა ესტატემ, წამოდგა ზეზე და გაემართა კარებისაკენ. გააღო თუ არ კარები, ბოდიში მოიხადა თავის მერანთან, რომ დაუგვიანა ქერი.

- ჩემო მერანო, ჩემო მერანო, ეხლავე იქნება ქერი, ეხლავე, მომიტევე, რომ ამდენი ხანი გაცდეინე შე საცოდავო. ცოტა ხანი მოითმინე, მერანო, ყველაფერს მოგართმევ, რაც გესიამოვნება, რასაც მიირთმევ, - უთხრა ესტატემ თავის მერანს, რომელმაც პატრონის დანახვაზე უფრო მოუმატა ხვიხვინს, ხოლო დაბალ ხმაზე: ნესტოებს ბერავდა და თან ხელებში ეტანებოდა ძია ესტატეს.

ესტატემ მერანი დააბინავა და სახლში დაბრუნდა.

- პაპავ, წაღები!.. პაპავ, სათაგური! - გაისმა ბავშვების ხმა. ორივეს გაეფარჩხათ ხელები და საწყლად იღმიჭებოდენ.

- ამ ბავშვების ცოდო წამწყმედს, თუ თხოვნა არ ავუსრულე, - სთქვა ესტატემ.

არ დამჯდარა, მაშინვე ხურჯინს მიჰმართა. ჯერ ერთი თვალის სახლართები გახსნა და დაუწყო ამოლაგება. ბავშვები თვალ-წარბში და ხელებში შესცქეროდენ. ეფემია დოინჯშემოყრილი, თავმომწონედ დასჩერებოდა; სოფიოც შორი-ახლოს იდგა გულხელდაკრეფილი და პირმოკუმული. დიდი ჭრელი კატა ტახტზე მიდი-მოდიოდა კუდაფშრუკული, ბუხარში ცეცხლზე ხუხვით გვერდზე და ზურგზე გატუსულ ტყავით. ექლიშებოდა, ეხახუნებოდა ბავშვებს და მოკაუჭებულს კუდს, როგორც შოლტს, თვალ-წარბში უსვამდა. ისიც თითქოს რაღაცას მოელოდა. ამ კატას ღნავალას ეძახდენ, რადგან წამდაუწუმ ღნაოდა და კნაოდა. თაგვი კი თავის სიცოცხლეში ერთიც არ დაუჭერია. ჩხავანა კატა, განა არ იცით, რა თაგვს დაიჭერს!?

- აბა, რაზე რა დავაწყო; მოიტათ რამე, ადამიანებო. - წარმოსთქვა ესტატემ.

ეფემიამ მაშინვე მოურბენინა ლანგარი და ტაბაკი...

- ეს ბახტაკი! იჰ, იჰ, რა არის, რომ იცოდე, ეფემიავ?! ნახე რა არის და! - სთქვა ესტატემ და ორი წყვილი გელაქნური დააწყო ტაბაკზე.

- ოჰ! თევზები, დედილო, თევზები. რა კარგებია, ჭრელები! - ამბობდენ ბავშვები და თან ხელებს უსვამდენ და საკოცნელად ელამუნებოდენ, ყურს არ უგდებდენ დედის ბუზღუნს და დარიგებას: ჭკვიანად იყავითო.

- ესეც ძროხის ხორცი! ჩალაღაჯია. ყასაბ გიგოლას მოვაჭრევინე. ჩემი ძველის-ძველი ძმობილია; რა შვილია, ჩემთვის ურიგო რამეს გაიმეტებდა! ესეც ბრინჯი, აკულისა, ესეც ჩაი და შაქარი! კიდევ რა? - ამბობდა ესტატე მოღიმარი სახით, - ოჰ, ესეც მწვანილი, ოხრახუში და წიწმატი თავის რამე-რუმეებით!.. ჰაა, კიდევ გინდა რამე, ეფემიავ? ღმერთო, ღმერთო! აბა, ვნახოთ: ესეც ხმელი ხილი საახალწლოდ! მუდამ ქალაქში ხომ არ ვირბენ? ესეც ილი, მიხაკი და დარიჩინი. ყველა ამას, ეფემიავ, ერთი დედალი მიუმატე და ხვალ სწორედ ხელმწიფის საკადრისი სადილი გვექნება. ხომ იცი, ხვალ სტუმრები მეყოლება.

- ადვილია, ადვილი, - წარმოსთქვა ეფემიამ.

- ჰაა, როგორი ბიჭი ვარ, ეფემიაჯან?! - ეუბნებოდა პირმოღიმარი ესტატე თავის მეუღლეს.

- ძალიან კარგი, ძალიან კარგი; ვინა გწუნობს მერე? - მიუგო ალერსიანად ეფემიამ და თანაც მხარზე ხელი დაჰკრა.

- ვნახოთ მეორე ვაგონი, - სთქვა ესტატემ. - ვნახოთ აქ რაღა ამბავია? აბა აქ არის, რაც არის და! აბა, მოდით, მოდით, ამოდით ნუ იმალებით და! - ჩაჰხაროდა ძია ესტატე ხურჯინის თვალში ჩაწყობილს ნავაჭრ საქონელს. - ესეც სონას საკაბე და ფეხსაცმელი.

- დილილმე, დილილმე! - შესძახა სონამ და მიეტანა პაპას ხელებში. ფეხსაცმელსა და საკაბეს გულ-მკერდში იხუტებდა და სანახავად არავის ანებებდა.

- ესეც კოლას წაღები, - სთქვა ესტატემ. - “ზაგრანიჩნია” ნამდვილი, როგორ ლაპლაპებენ. - კოლამ ხელები მიატანა და ჩამოართვა პაპას წაღები. - ესეც სოფიოს საკაბე, თავის მეფემ გამოუგზავნა, - სთქვა ესტატემ და მიაწოდა სქელ ლურჯ ქაღალდში გამოხვეული თავის რძალს, მაგრამ ეფემიამ დაასწრო და ჩამოართვა.

- ქიშმირია, ქალო, ქიშმირი! ეტყობა, რომ გამდიდრებულა ჩემი შვილი, აქამდის ჩითის კაბის ყიდვაც კი ეზარებოდა და ახლა ჰყურობთ?.. უცბად ქიშმირი. კარგია, მშვიდობაში გაცვითე, შვილო! - სფქვა ეფემიამ და გადასცა რძალს საკაბე.

- ესეც შენთვის ფლოსტები, ჩემო გვრიტო და მარგალიტო, - სთქვა ესტატემ: - ნამდვილი საშენოა, საბებრო. ამის მეტი ვერაფერი გიყიდე, რადგან ჯიბესთან უკაცრავად გახლდით, ეჰ, ჩვენ ბებრები ვართ: მე ძველი ჩოხით, შენ ძველი კაბით, ჩემო ეფემიავ. ამათ გაიხარონ, ჯეილები არიან. ჩვენ იოლად გამოვალთ.

- ვინ გემდურის, კაცო! ამისაც დიდი მადლობელი ვარ. - სთქვა ეფემიამ.

სულ ბოლოს ძია ესტატემ დიდი ამბით ამოიღო სათაგური, რომელიც დააბარა ყველა ოჯახის წევრმა დიდიან-პატარიანად გულმოდგინებით.

- ესეც თქვენი სათაგური! - წარმოსთქვა ესტატემ, - ვნახოთ, რამდენს თაგვს დაიჭერთ?!

- გიშველა ღმერთმა! - სთქვა გახარებულმა ეფემიამ. - სულიღა დაამწარეს ამ თაგვ-ტიალებმა, განჯინაში ვეღარაფერი შემინახავს.

ბავშვებმაც სათაგურს დაუწყეს სინჯვა: “აბა როგორია, დედილო?” - გაიძახოდენ ისინი და თან გულმოდგინედ ათვალიერებდენ თაგვების სულთამხუთავს...

- მაშ არა, შენ დაიჭერ თაგვსა, მეხი კი ჩაგარტყი მაგ თავში! - სთქვა ეფემიამ და თანაც ღნავალას, რომელიც ცეცხლაპირას წამოყუნთებულიყო, თავში სილა ჩაარტყა: - მთელი წელიწადია თვალ-ყურს ვადევნებ და მე ამის დაჭერილი თაგვი ვერა ვნახე. ეს სასიკვდილე მარტო ხელებში შემოგვჩერებია, რომ ვაჭამოთ რამე.

- თქვენც სათაგური ამუშავეთ, - სთქვა ესტატემ: - ღნავალა ძალიან ჭკვიანად იქცევა, ცოდოს ერიდება.

- ცოდოს, ამისმა მზემა, - სთქვა ეფემიამ და წაჰკრა მუჯლუგუნი კატას, - დაიკარგე აქედან, შე სასიკვდილევ, ეგ შნო ჰქონდეს, ცოდოს არ მოერიდებოდა, მაგრამ უნარი რომ არ გახლავთ!

თაგვების ჯავრის ამოყრის იმედი ყველამ სათაგურს დაამყარა. იმის მომზადებას შეუდგენ. ეფემიამ ცეცხლზე დიდი კაკლის ლებანი მოშუშა. დააგო მავთულზე და ასე ფეხზე შემოყენებული დადგა განჯინაში, როცა ბავშვებს აუხსნა და თვალსაჩინოდ აჩვენა, თუ როგორ შეძვრებოდა თაგვი, როგორ დაუწყებდა ცუცნას ლებანს, მახე როგორ დასხლტებოდა და მოამწყვდევდა შიგ ავაზაკს.

მცირე ვახშმის შემდეგ დაიძინეს. ბავშვებმა საშობაო საჩუქრები ბალიშ-ქვეშ ამოიდეს... ბუხრის-წინ მხოლოდ ღნავალა სთვლემდა, ხოლო ბუხრის გვერდზე ლობიოს სადუღარი მოჩანდა სახელოვან ციცხვით, ყორნის ბოლოსავით გაშავებულ სარქველიანად.


III


სათაგვეთის სამეფოში დიდი ჩოჩქოლი ატყდა. განჯინიდან არაჩვეულებრივი, გულის წარმტაცი, ყნოსვის დამატკბობელი სუნი შემოდიოდა. მთელი გუნდი თაგვებისა დაიძრა ამბის გასაგებად; წინ მიუძღოდა სახელოვანი ფიცხელა, განთქმული სიმარდით, გულადობით და გამბედაობით; იმას მოსდევდა ცელქა, შემდეგ ცქმუნა, მერე კუდა, ფხორა; დანარჩენ თაგვების სახელს ვინ ჩამოსთვლის ან კი. მთელი ფარა იყო: სულ რჩეული ვაჟკაცები. როცა პირველად ჩამოიხედეს განჯინაში, ცოტა არ იყოს, შეკრთნენ: სათაგური დაინახეს.

- ბიჭებო, აქ რაღაც ოინია! - წამოიძახა ფიცხელამ: - ჯერ ამისთანა რამ მე აქ არ მინახავს; არც ჯამსა ჰგავს, არც ქილაა, არც ბადია, არც საშაქრე, არც ბოთლი. სხვა რაღაც რამ არის საუცხოვო, საგანგებოდ მოწნულ-მოქარგული და ის მშვენიერი სუნიც სწორედ იქიდან მომდინარობს. ვხედავ კიდევაც, ლებანია ნიგვზისა. აბა, შეხედეთ, შეხედეთ, როგორ მარჯვედ მოსატაცებელია.

თაგვებმა ცქერა დაუწყეს: ხან ერთი თვალით გასცქეროდენ, ხან მეორით.

- მართლაც, საუცხოვო რამ მანქანაა, სიფრთხილეს თავი არ სტკივა. ჩვენ სამტროდ არ იყოს, ბიჭო, მოგონილი და! რაღაც იმნაირი რამა ჩანს. ჩემი გული და თვალი არ ენდობა, - სთქვა ცელქამ...

- ჭეშმარიტებაა. - ჩურჩულებდენ სხვა თაგვები და ადასტურებდენ ცელქას მოსაზრებას. - უნდა ახლოდან გავჩხრიკოთ; მაგრამ ვინ გასჩხრეკს, საქმე ისაა!

- აქ რას ვაკეთებ? ვაჰ, დედას ჩემი მტრისას... განა ეგრეც დავლაჩრდით, შევარცხვინო სათაგვეთი? - სთქვა ფიცხელამ.

- შენ იცი! - დართეს ნება სხვა თაგვებმა: - მხოლოდ ახლო არ მიეკარო, შორი-ახლოდან გაჩხრიკე. ახლო არ მიეკარო, გირჩევთ, შორი გზა მოიარე, შინ მშვიდობით მიდიო, ნათქვამია.

ფიცხელა პირდაპირ მიცუცუნდა. ლებანი სუნს თვალწარბში აბნევდა და უნებლიეთ იზიდავდა თავისკენ, მაგრამ ფიცხელამ გზა აუქცია კარებს და სათაგურს გვერდიდან მოექცა. შემოუარა რამდენჯერმე გარშემო. ვერაფერი სახიფათო დასახა, სადაც ერთი ლებანია დარჩენილი: უთავდარიგო დიასახლისს დავიწყებია, დაბრუნდა და თავის ამხანაგებსაც ესევე უამბო.

- რას იტყვით, ბიჭებო?! - უთხრა ფიცხელამ თაგვებს: - მე საშიშს იქ არაფერს ვხედავ. გაბედავთ ვინმე შიგ შესვლას თუ ვერა?

- მოდი, მოვერიდოთ, სულ თავი გავანებოთ ეგ რაღაც მანქანაა, გვაკლდეს ეგ ერთი ნიგვზის ლებანი, - სთქვეს თაგვებმა.

- ჰაი, თქვე ლაჩრებო, თქვენა! ეგ არის თქვენი ბიჭობა, რომ ტრაბახობდით: მე ეს ვაჟკაცობა ჩავიდინე, მე ესაო? შეგირცხვათ ვაჟკაცობა. მე წავალ და მიცქირეთ, რა ბიჭია ფიცხელა! - სთქვა და გაემართა სათაგურისაკენ. ხოლო სხვა თაგვებმა სული განაბეს და შორიდან უთვალყურებდენ. ფიცხელა მარდად მიცუცუნდა სათაგურთან და ცოტა ხანს შესავალ კარებთან გაჩერდა! მიიხედ-მოიხედა.

- არაფერი ამბავია, მშვიდობიანობაა, აქ რაა სახიფათო? ჰაი, თქვე ლაჩრებო, - წარმოსთქვა თავის ამხანაგებზე და შეჰყო თავი სათაგვეში. სულ მშვიდობიანობაა: თავში არავინა სცემს და გვერდში არავინა სჩხვლეტს. რაო? რა სჭირს? არაფერი, სრულიად არაფერი! ძალიან კარგად შეიძლება შეექცეს ფიცხელა ნიგოზს. დეე ამხანაგებმა შორიდან უცქირონ და ნერწყვი ყლაპონ. - მიუახლოვდა ლებანს და ოდნავ მოავლო კბილი, პირი გაიტკბარუნა. სრულიად დამშვიდდა, იმედი აიღო, რომ არავითარი უბედურება მას აქ არ მოელოდა და მოსწია კიდევაც მაგრა ლებანს. მაგრამ, აი სწორედ უბედურებაც ამ დროს მოხდა: სათაგური დასხლტა და ჩხაკანი მოისმა. თავზარდაცემული თაგვები გაფრთხნენ. ეგონათ, მათაც გამოუდგებოდა სათაგური. ფიცხელამაც იგრძნო თავისი შეცდომა. მობრუნდა ფიცხლად და გაექანა კარებისაკენ გასასვლელად. მაგრამ ამაოდ: კარები უკვე მაგრა, ძალიან მაგრა იყო დაკეტილი. ძალიან შეწუხდა, სული და გული დაეკეტა. ამხანაგებისაკენ გადაავლო თვალი; არავინ სჩანდა. - ჰაი თქვე მოღალატენო, თქვენა! - წარმოსთქვა მან: - გაიქცენ, დაიმალენ, როდი მოდიან და მეშველებიან. - შეახტა მაღლა სათაგურის ჭერს, მიაწყდა-მოაწყდა იქით-აქეთ კედლებს, ჰყოფდა ცხვირს მავთულებში, უსვამდა თათს, ღრღნიდა კბილით, - ამაო იყო ყოველივე ცდა, თანაც წრუწუნებდა. ტანზე ჭირის ოფლი დაასხა. ცოტა ხანს შეისვენა. ლებანი ისევ მთლიანად ეკიდა მავთულზე: ვის მოაგონდებოდა იმისი ჭამა. გულმა აღარ გაუძლო და შეუძახა თავის ამხანაგებს: - სად მიიმალენით, თქვე უნამუსოებო, აღარ მომხედავთ? ერთ-ერთი მაინც მოდით, ანდერძი დაგიბაროთ: მე მტრის ხელთა ვარ, მინდა გამოგესალმოთ. - თაგვებს ესმოდათ თვითეული სიტყვა ფიცხელასი და ჩოჩქოლი შეექმნათ.

- მართლაც, - ამბობდენ თაგვები, - რატომ ასე ლაჩრულად ვიქცევით, ეს ხომ სირცხვილია. მივხედოთ იმ კაცს, საუკეთესო ვაჟკაცსა ვკარგავთ. - სთქვეს და დაემზადენ მისაშველებლად. ყველაზედ წინ ცქმუნა მიცუნცულდა ფიცხელასთან ვიშვიშით.

- მოგიკვდა ჩემი თავი, - ამბობდა ცქმუნა და თან ცრემლებს იწმენდავდა თვალებიდან: - აბა, რაღა თავი ქვას ვახალო და როგორ გიშველო?! უნდა გაგეგონა, რომ გაფრთხილებდით! მეტად უჯიათი ხასიათი გაქვს, არ დაგვიჯერე. შენი თავიც დააღონე და ჩვენც. - უსვამდა ცქმუნა გარედან თათს, ცდილობდა გაეგლიჯა სათაგურის მავთული.

- ნუ გეშინიანთ, ფიქრი არ არის: როგორც იქნება, გამოვალ. ნუ ტირით! მოკვდეს ბიჭი ფიცხელა, თუ ადამიანს ხელში ჩაუვარდეს! და თუ ვინიცობაა მოვკვდე და მტერმა გაიხაროს, შენ გეუბნები მარტო საიდუმლოს: ეზოში რომ დიდი ნიგვზის ხე დგას და გზისკენ მსხვილი ფესვი აქვს გაწვდილი, იქ ერთი ორმო თხილი მაქვს შენახული, ამოიღე და მოიხმარე.

- შე გასახარელო, მაგისი დარდი მაქვს ეხლა?! - უპასუხა ცქმუნამ. თუმცა ნათქვამი ესიამოვნა და კარგადაც დაიხსომა.

ამ დროს სხვა თაგვებიც მოვიდენ ჯარად და შემოერტყენ გარს სათაგურს. ყველამ სათითაოდ მიუტირა გალიაში დამწყვდეულს თანამოძმეს უბედურება. ფხორა მაღალი ხმითა ტიროდა, მოსთქვამდა; სხვანი ბანს ეუბნებოდენ. თაგვების ზარი გაიმართა, მაგრამ ისევ ფიცხელა უტევდა, ამხნევებდა:

- ნუ ტირით, დანო და ძმანო! მე თქვენი ჭირის სანაცვლო ვიყო; მაგრამ ჯერ კიდევ იმედია დავეხწიო ამ წყეულ საპყრობილეს, - სთქვა ფიცხელამ.

- საიდან და როგორ, მოგიკვდა ჩემი თავი? არ შეიძლება! - უთხრა ფხორამ.

- სხვაფრივ თუ ვერა, ხეს გავჭრი კბილით, მაგრამ ეს ოხერი კბილი არ უდგება არსაიდან, - მიუგო ფიცხელამ.

დიდ ვაებაში და საგონებელში ჩავარდა თაგვების გუნდი. ზოგნი ლოცულობდენ და ღმერთს ეხვეწებოდენ, დაეხსნა გაჭირვებიდან მათი თანამოძმე. სხვანი გარედან მახის მავთულებსა ღრღნიდენ, ტყუილად თავ-პირს იმტვრევდენ. გათენდა კარგად. უნდა წასულიყვენ თავ-თავიანთ ბინაზე. მაგრამ ფიცხელას მარტოდ-მარტო, უნუგეშოდ, უპატრონოდ დატოვება ემძიმებოდათ.

ამ დროს ნემსა მისდგომოდა ფრცხელას, ჰბაქავდა და საყვედურით ავსებდა.

- ჰეეე, ახია შენზედ! გეგონა შეგრჩებოდა, იმ დღეს რომ კაკალი მომტაცე და შეექეცი. ვერ ამოგშხამდა!.. ვენაცვალე ღმერთს, შენი ჯავრი რომ ამომყარა, გამობრძანდი რაღა, თუ კაი ბიჭი ხარ! - ეუბნებოდა ნემსა ნიშნის მოგებით.

- გამოვიდე? მაშ შენ გგონია, სულ აქ ვიქნები? ვაი დედიშენის ღმერთს, თუ გამოვედი! მაშინ მიცნობ, როგორი ფიცხელა ვარ: იქნება შენი ქათიბის ბეწვი ნიავს აქეთ-იქით მიჰქონდეს. გიხარიან, რომ დავემწყვდიე? მოიცა, ჯერ გავთავისუფლდე და მაშინ ნახავ შენს სეირს! - ეუბნებოდა გაბრაზებული ფიცხელა. ცქმუნამ ვეღარ მოითმინა და ნემსას თავში თათი ჩაჰკრა.

- განა ისეც დაეცა ფიცხელა, რომ შენც მაგას ეუბნებოდე, შე წუპაკო, შენა! განა ეხლა დროა საყვედურისა? დაიკარგე აქედან! - შეუტია ცქმუნამ. სხვა თაგვებიც ასევე მოეპარენ ნემსას და გააძევეს იქიდან.

თაგვები ბჭობდენ, როგორ ეშველათ ფიცხელასათვის, როგორ დაეხსნათ იგი საპყრობილედან.

- ძმებო, ამხანაგებო! - დაიძახა ბოლო დროს კუდამ: - მე ძალიან კარგი, კარგზე კარგი ხერხი მოვიგონე; თუ თქვენც დამეთანხმებით, ვცადოთ და, თუ არ გამოდგა, ჩამქოლეთ.

- სთქვი და! თუ მოსაწონია, ჩვენც აქ მზადა ვართ, დაგეთანხმოთ, - სთქვეს თაგვებმა.

- მე, იცით, რასა ვფიქრობ, - განაგრძო კუდამ, - ეს რაღაც წყეული მანქანა შემოიტანა ამ ჩვენს სანადიროში შეჩვენებულმა ადამიანის ხელმა, რომელმაც შეიპყრო ჩვენი ძვირფასი ძმა და მეგობარი, სახელოვანი ფიცხელა, უნდა აქედან გადავკარგოთ. შევებნეთ ყველანი შიგ, შინ ავათრიოთ და იქ დავლეწოთ, დავამსხვრიოთ, რომ ერთი ნამცეცა ნაჭერიც არსად მოიპოვებოდეს მაგისა ამ მიდამოში, თორემ განა მარტო ამ ზარალს გვაკმარებს? ბევრს სხვას უმეცარს ჩვენის ტომისას იმსხვერპლებს ეგ მანქანა.

- მართალია, მართალი! ყოჩაღ, კუდავ! - დაიგრიალეს თაგვებმა ერთხმად: - მშვენიერი აზრია, მშვენიერი! - ფიცხელასაც ამ საუბარზე მეტი გული მოეცა და უფრო მამაცად და მარდად დაიწყო სათაგურში სირბილი და ზედ ბღოტიალი. - აბა შეუდგეთ საქმეს; დაგვიანება ხელს არ მოგვცემს: მოგვასწრებენ და ავს დღეს დაგვაწევენ. - თაგვები ერთად მიეხვივნენ სათაგურს. ცელქამ ჩასჭიდა კბილი კუდზე, ცელქას ფხორა მოეჭიდა, ფხორას - კუდა, კუდას - ცქმუნა, იმას სხვა, იმას სხვა, და გაიჭიმა გუთნეულ ხარ-კამეჩებივით თაგვების გუნდი.

- აბა გასწით, ბიჭებო, გასწით, თქვენს ღმერთს ვენაცვალე! - აქეზებდა შიგნიდან ფიცხელა! - დაიძრა, მივდივართ, შინ მივდივართ! - მართლაც, თაგვებმა ერთს გოჯზე გაათრიეს სათაგური და უფრო გამხნევდენ.

- ნუ გეშინიან, ძმაო ფიცხელავ! მოკვდეს ფხორა, თუ მტრის ხელში ჩაგაგდოს! - უთხრა ამან ფიცხელას, როცა თაგვებმა სულის მოსათქმელად შეისვენეს. - შეისვენეთ, დაისვენეთ, უფრო კარგად გასწევთ! - ეუბნებოდა თაგვებს ფხორა.

- ეს რა კარგი რამ მოიგონა კუდამ, ვერ უყურებთ?!. - ამბობდენ თაგვები: - მეტის მოგონება შეუძლებელია!.. - კუდა თავმომწონედ ულვაშებს აცმაცუნებდა.

- მაშ თქვენ გეგონათ, მე თავში ბზე მიყრია? არა, ძმობილებო, მეც ჩემი ჭკუითა ვცხოვრობ. იცით, რა ოინები გამიწევია, სად გამძვრალვარ, სად გამომძვრალვარ, სად გადამხტარვარ?! მე ეს კუდი სათაგურმა არ მომაკვნიტა? ის სულ სხვანაირი იყო, მაგრამ გამოვუსხლტი მაინც ცოცხალი და დავიძარ. მას შემდეგ ე მაგისთანა ოჩხომაჩხო რაც შემეჯახება, მუდამ გზას ვუქცევ, ვერიდები. ან კი ძალად თავი რად უნდა გაიფუჭოს კაცმა! გიჟი ვარ? კაკლიანს, თხილიანს კოდში ან გოდორში შავძვრე! რა ჭკუა იყო, რომ ერთი ლებანისათვის ფიცხელამ თავი გაიფუჭა?!

- თუ ჭკუა არ იყო, ვაჟკაცობა ხომ იყო? - სთქვა სათაგურიდან ფიცხელამ: - მაგის მეტი რა გეთქმით ან კი? ვაჟკაცის გული სულ სხვაა, თქვენ რა ვაჟკაცები ხართ მერე? სათაგური რომ დასხლტა, თქვენ დაფთხით: გეგონათ, უკან გამოგეკიდებოდათ; მაგრამ უნდა გენახათ, მე როგორი ომი ავუტეხე და როგორ გადავკაწრე მავთულები... მაშ!

ის იყო გათენდა, როცა თაგვებმა სათაგური თავიანთ საძრომ-სათარეშო ხვრელთან მიათრიეს და რაც ძალი და ღონე ჰქონდათ წრიპინებდენ, წრუწუნებდენ, ამხნევებდენ ერთიმეორეს, ბეჯითად გაეწიათ და აეთრიათ სათაგური, მაგრამ ვერაფერს ხდებოდენ. ვერ მოისაზრეს, რომ სათაგური ხვრელში არ გაეტევოდა, და მაინც თავებს აკლავდენ.


IV


მღვდელმა წირვა ჩვეულებრივზე ადრე გამოიყვანა: ასე თერთმეტი საათი იქნებოდა, რომ საყდრიდან ხალხი გამოიშალა. წირვაზე მხოლოდ ესტატე და მისი რძალი სოფიო იყვნენ. ეფემია-კი სახლში მზარეულობდა, სტუმრებს მოელოდა. ჩვეულებისამებრ ამ საუფლო დღეს ძია ესტატე უსტუმროდ არ დადგებოდა. ეფემიამ ყველაფერი მოამზადა. ღვინოც ამოიღო ქვევრიდან დოქებში და აგერ ესტატეც გამოჩნდა თავის სტუმრებიანად. წინ მღვდელი, მოხუცებული მაქსიმე მოდიოდა, წითელს ბზის ჯოხს მოიბჯენდა, თეთრი წვერი გულ-მკერდზე სცემდა, გაჟინჟღილებული სახით მხიარულად მოლაპარაკობდა. იმას გვერდით მოსდევდა დიაკვანი, მასწავლებელი სპირიდონი, “ატსტავნოი” კაპიტანი მიხეილი. რუს-ოსმალეთის ომის დროინდელი გმირი, რომელიც სოფლად ცხოვრობდა თავის მამულში და თავის სიცოცხლეს ატკბობდა, გუნებას იხალისებდა წარსულის მოგონებით, გლეხებთან თავის ვაჟკაცობაზე და გმირობაზე საუბრით. იმათ მოსდევდა რამდენიმე გლეხკაცი. ეფემიამ, დაინახა რა მომავალი სტუმრები, მაშინვე შეუდგა სუფრის გაშლას და გადაფინა ტახტზე გრძელი, ლურჯი სუფრა, დაალაგა პურები, დადგა შუა სუფრაზე “ბლუდი”, რომელზედაც ჯერ ისევ ორთქლი ასდიოდა აღმა ფეხებაშვერილს დედალს; ჩაამწკრივა ბოთლები; დაალაგა სხვადასხვა სანოვაგე. აგერ სტუმრებიც შემოქუჩდენ დერეფანში და აუტეხეს ფეხებს ბრახა-ბრუხი: იყრეინებდენ ფეხსაცმელებიდან თოვლს და ტალახს.

- მობრძანდით, ბატონებო, მობრძანდით, არაფერი უშავს, ნუ შესწუხდებით, იატაკი არ გაფუჭდება, - უთხრა სტუმრებს ეფემიამ, რომელიც წინ გაეგება და გულმოდგინედ ეპატიჟებოდა სახლში.

- მოგვილოცნია დღესასწაული, დაესწარით მრავალს მეუღლით, შვილებით! - ულოცავდენ სათითაოდ სტუმრები.

- გმადლობთ, თქვენიანად! - უპასუხებდა დიასახლისი და თან თავს უკრავდა ყველას.

- აბა მზადა ხარ, ეფემია-ქალო?! - დაეკითხა ესტატე მეუღლეს: - გვშიან, აი, მამა მაქსიმე სულ მუდამ იმას გვიბრძანებს ხოლმე, პური და ღვინო ახარებს გულსა კაცისასაო, - დააბოლოვა სიცილით ძია ესტატემ.

- ღვთის მოწყალებით ყველაფერი მზად არის, - წარმოსთქვა ეფემიამ.

- ოღონდაც რომ ახარებს, - სთქვა მამა მაქსიმემ და ესევე გაიმეორეს სხვებმა. მიიპატიჟა ესტატემ სტუმრები სუფრაზე და ესენიც დალაგდენ, ზოგნი მუთაქაზე მოკეცით, სხვანი ჩიკებზედ. არყით დაიწყეს. თამადობა ყველამ ესტატეს მიულოცა, ჯერ ერთი - როგორც ნაკურთხს, საზოგადოების ამორჩეულს, და მეორეც - როგორც მასპინძელს. ესტატე პირველად უარზე დადგა, ბოლოს დასთანხმდა. გაჩაღდა სმა-ჭამა. ძია ესტატემ პირველ სადღეგრძელოსთანავე მრავალ-ჟამიერი შემოსძახა.

თაგვები რაღას შვრებოდენ?.. - ეწეოდენ სათაგურს, რაც ძალი და ღონე ჰქონდათ, თან ადამიანებზე, იმათ ქეიფზე ბრაზობდენ: ჩვენ ვტირით, ეგენი იმღერიანო. არაჩვეულებრივი ფეხების ფხაკუნი ასტეხეს, თან სხვადასხვა სუნი აბრაზებდათ. განჯინა, როგორც უწყით, იქვე ტახტის თავში იყო, ასე რომ ძია ესტატე განჯინის ძირითა პირს თავს ახვედრებდა. სტუმრები და მასპინძლები კარგად შეზარხოშდენ.

- ქალო, ეფემიავ! - დაიძახა ესტატემ, - ამ განჯინაში რაღაც ამბავია.

- დამიდგა თვალი! - წარმოსთქვა ეფემიამ და ორი თითი მიიდო ტუჩებზე გაკვირვების ნიშნად. - ფაცა-ფუცში სათაგური როდიღა მომაგონდა: უეჭველად თაგვი გაებმებოდა, - წარმოსთქვა ეფემიამ და გაემართა განჯინისაკენ.

- განა ერთი, დედაკაცო, აქ ისეთი ხმაურობაა, რომ იქნება ასი ერთად დაგიჭიროსთ სათაგურმა, - სთქვა ესტატემ.

- ხმაურობა დიდი ხანია ისმოდა, მაგრამ ყურადღება არ მივაქციეთ, - სთქვა მასწავლებელმა და სხვებმაც შეუმოწმეს.

ეფემიამ განჯინა მარდად გააღო; სათაგურს სწრაფად ხელი დაატანა. შიგ თაგვი შენიშნა; ხოლო სხვა თაგვები ვერ დაინახა, რადგან განჯინაში ბნელოდა. სათაგური გადმოიღო და აი საკვირველება! - მთელი აკიდო თაგვებისა თან გადმოჰყვა: ცელქა, ფხორა, ცქმუნა, კუდა, ეცა, ბეცა და სხვანი მრავალნი. ამ სურათზე ყველამ თვალები სჭყიტა, ჭიქები ხელში გაუჩერდათ და პირღიად დაუწყეს ცქერა. თაგვები მაგრა ჩასჭიდებოდენ ერთმანეთს ამხანაგის საშველად. მაგრამ რადგან შველა აღარ შეიძლებოდა, უშვეს ხელი ერთმანეთს: ზოგი აქეთ ეცა, ზოგი იქით. ცელქამ მღვდელს ღვინიანი ჭიქა დააქცევინა და ამანაც: “აი შე წყეულოვო”, მიაყოლა თან; კუდა მასწავლებელს გადაახტა თავზე, ცქმუნა კაპიტან მიხეილს მიახტა ზედ გულზე და იმან ხმლისკენ წაიღო მტრის მოსაგერებლად ხელი ჩვეულებისამებრ, მაგრამ ამ დროს ზედ არ შერჩა; ფხორა მამასახლისის წვნიან ჯამში ეცა და სულ დაიბუგა ფეხები. ბეცა თვალ-პირში ეცა ღნავალას, რომელსაც გზირი სოსია სთავაზობდა გამოხრულ ძვლებს, მაგრამ იმან, თითქოს აქ არაფერიაო, ყურიც არ გაიბერტყა.

ასტყდა სახლში აურზაური: “ჰაი თქვე წყეულებო!” “დაგწყევლოთ ღმერთმა!” “ვაჰ, რა ამბავია?” - გაისმა აქეთ-იქიდან, ქეიფის ნირი გააფუჭეს თაგვებმა. თუმცა ეცინებოდათ სტუმრებს, მაგრამ თანაც სწყინდათ: მასხარად გვიგდებენ, თუ რა არისო. თაგვებმა თავს უშველეს; დარჩათ ხელში მარტო ფიცხელა, და მოინდომეს იმაზე ჯავრის ამოყრა. მოითხოვეს სადგისი. უნდა დაეჩხვლიტათ. ეფემია ყველაზე მეტად ბრაზობდა. ფიცხელა აღარ ინძრეოდა; გაფითრებული დაბლიდან აძგვლენდა საბრალოდ თვალებს. გადაწყვეტილი ჰქონდა თავისი ბედი. “ააჰ, რაზბონიკ!” - გადაუტრიალა თვალები მიხეილმა. ყველა იმ აზრზე დადგა, რომ დაეჩხვლიტათ ფიცხელა, მოეკლათ სათაგვეთის გამოჩენილი გმირი და ისიც გულჩათუთქული, მუხლმოკვეთილი მოელოდა სიკვდილს. დაუპირეს ფიცხელას მოკვლა, დაჩხვლეტა, წამება, მაგრამ მფარველად ესტატე დაუდგა.

- არა, ბატონებო, მე, როგორც თამადა, ვათავისუფლებ თაგვს, რადგან დღეს საუფლო დღეა, და ეგ თაგვიც ალბათ რითიმე შესანიშნავია, რომ თავის თანამოძმეთა თანაგრძნობა მოუპოვებია. ხომ ნახეთ, როგორ ეშველებოდენ თაგვები და უნდოდათ მისი გათავისუფლება. უნდა გავათავისუფლოთ! ზოგი ღვთის გულისთვის, ზოგიც მე მიხათრეთ! - რა გაეწყობოდა, დაეთანხმენ ძალაუნებურად ესტატეს, და ეფემიამ ფიცხელა სათაგურიდან გაუშვა გარეთ თოვლში, რომ ეგები იქ მაინც მომკვდარიყო. ფიცხელა ფხაჭა-ფხუჭით გარბოდა, თოვლისას ბუქს აყენებდა და გამალებული ეცა ბეღლის ქვეშ... როგორ უხაროდა! ახლა რას ეტყოდა თავის ამხანაგებს, რამდენს ტყუილს შეხანხლავდა!..

სტუმრები ჰკვირობდენ თაგვების ამგვარ ერთმანეთისადმი შებრალებას და თანაგრძნობას. მასწავლებელმა ეს განმარტა და რამოდენიმე მაგალითი მოუყვანა ფრინველებისა და ცხოველების ცხოვრებიდან...

ქეიფი განახლდა. ესტატე განაგრძობდა სადღეგრძელოებს; თაგვები დაეძებდენ ერთიმეორეს...

როცა ესტატემ და მისმა სტუმრებმა გაათავეს ქეიფი, თაგვებმა სწორედ მაშინ დაიწყეს. შეიყარნენ საღამოზე ერთად, დაჰკრეს დაფს, დოლს, დაირას, დუდუკს, ზურნას; ლეკურს თამაშობდენ, მღეროდენ, ფიცხელას ცაში ისროდენ, ხელზე იქორქორებდენ; ეს უკანასკნელი ბაიათებს ამბობდა, ამაყად გამოიცქირებოდა, გამარჯვებას დღესასწაულობდა.


1908 წ.