ისევ შენ, ისევ, ქალაო,
მომხედე, გამიცინია.
შენ მაინც ნუ მიღალატებ,
მოვკვდები - დამიტირია.
მაღლისა მთისა წვერზედა
საფლავი გამითხაროდი,
ჩემის სამშობლოს ქვიშანი
ხშირ - ხშირად მომაყაროდი.
ქვეყნისგან დავიწყებულსა
შენც დამივიწყებ მალეო,
მალე იშოვი საქმროსა,
უკან გაჰყვები ხვალვეო.
ემ კლდეებს მაინც შესტირე
დანაბარები ჩემია:
იდგნენ გულ - სალნი ამაყად,
არ შამაუშვან მტერია!
ნუ დაიწყებენ ჩამოშლას...
არწივთ მოზარდონ წიწილნი,
დაჰბრუნონ ჩემსა სამარეს,
მალ - მალ მაიღონ ბიბინი;
მთებმა ახარონ ყვავილნი,
კისრით ატარონ ნისლები,
მკვდარს გულზედ ნამი მანამონ, -
ისევ ცოცხალი ვიქნები.

ერთხანად ჩემო მძრახაო,
ლიხს-აქათურო დედაო!
გხედავ, რომ შამრიგებიხარ,
მით შენთან სალამს ვბედაო.

შაერთებულად შენშია
ქართლსა და კახეთს ვხედაო.
ფარ-ხმალო საქართველოსავ,
სხვაცა გბაძავდეს, ნეტაო!

ის მომწონს, თავის ქვეყნისა
კარებს რო მაგრა ჰკეტაო.
ვნება ნუ ასცდეს, სავნებლად
ვინაც შენ გაგიმეტაო!

 ჯავრი ჰკლავს საზიკაულსა,
 შადედებული შხამითა,
 ცრემლი არ მოსდის თვალებზე,
 გვაეჭვიანებს ამითა...

 რკინის გული აქვს ვაჟკაცსა,
 ცრემლს გულსვე ასმევს ჯამითა,
 საქვეყნოდ დარდსა არ გაჰფენს,
 ამონადუღარს გვამითა!
 ვაჟს სიბრალული არ უნდა,
 არც ვის გენუკავსთ ამისად...
 დრო-და დრო ამოიხვნეშებს
 მანუგეშებლად თავისად.
 შაიბურება ნაღვლითა,
 როგორც მყინვარი ნისლითა,
 ამშვენებს თავსა, ვით მოყმე,
 მტერზე ხმალ-და-ხმალ მისვლითა.
 სოფლისა, თემის ავ-კარგი
 კვლავც უტარებავ კისრითა;
 ბევრს არი გადმონაყარი,
 ეხლაც გულმაგრობს იმითა.
 - მტერს ხომ არ დაუმარცხებავ,
 სირცხვილი შაუჭმევია?
 იქნება გმირი უებრო
 ურჯულოს დაუძლევია?
 ტყვედ მის ცოლ-შვილი წაუსხამ,
 სახლ-კარი დაუქცევია?
 საზიკაურის ქავ-ციხეც
 დაუშლავ, დაურღვევია?
 - ძმობამ, ჯერ წარბი იმისთვის
 არავის შაურხევია!
 - მაშ რა ახვნეშებს ვაჟკაცსა?
 რად ზის კარ-დაკეტილშია?
 ხმას აღარ იღებს, ერთთავად
 ყალიონი სჩრავ პირშია?
 აღარც საგლოვოდ სამ მიდის,
 აღარც გვინახავ ლხინშია?!.
 სულ მუდამ როგორ ვავლიოთ
 ლაშქრობა-გასაჭირშია?!
 იქნება სიზმარი ნახა,
 ლიშან დაუდგა ცუდია -
 ეზმანა, ბედი ფშავისა
 სამარის კარსა ჰყუდია?
 იქნება შვილი მოუკვდა,
 ნასახელარი გუტია?
 - შვილიც მთელი ჰყავს, დედაცა,
 ციხეც ყელმაღლობს ისევა,
 აგებულს მწვანის ლოდებით,
 ვერ ჰზარავს მტრების მისევა.
 - რად ჰმალავს ვაჟკაცის დარდსა,
 გვითხარ, რად სტირის, რაზედა?
 ვაჟკაცის დარდის შატყობა
 სხვასაც მაიყვანს ჭკვაზედა!..

 - შვილს ვინ ახსენებს, ან ცოლსა?
 მეტი დარდი აქვს მაზედა:
 ცხენი მაუკვდა ლურჯაი,
 აღარა ჯდება სხვაზედა.
 ხატში მით აღარ მოვიდა,
 აღარ ჩამოჯდა ჯარზედა.
 რით-ღა წავალის ლაშქარსა,
 ლეკებს რით გაჰყვეს კვალზედა?
 ვინ-ღა შააშრობს ტყვეებსა
 ცრემლს, ჩამომდინარს თვალზედა?
 დაჩაგრულების საშველად
 ხელს ვინ დაიდებს ხმალზედა?!
 ცხენს გაუთხარა სამარე,
 დამარხა თავის ხელითა,
 დაულბო ლურჯას ლოგინი
 მომსქდარის ცხარის ცრემლითა.
 არ გაჰხდის სვავთა საჭმელად,
 ყორნების საწიწკარადა
 ნიავ-ქარივით მოარულს
 როგორც მთას, ეგრევ ბარადა,
 ხშირ-ხშირად მხედრის მიმტანსა
 ავის დაღისტნის კარადა.
 ცხენს გლოვობს საზიკაული,
 იმიტომ არის ავადა!