I

რაღაც გამოურკვეველი სევდა შემოგაწვებათ გულზე, როცა სოფელ ...ში ერთ ყრუ მიდამოს გაუვლით მახლობლად: ტყით დაჩრდილული ფერდოს ძირში, რომელსაც პატარა ჩქრიალა მდინარე ჩაუვლის ახლო, დგას ფიცრული სახლი, რომლის სახურავი თითქმის სულ ჩანგრეულა, უსახურაოდ დარჩენილი კედლები სტიქიონთ ძალით გაშავებულა, აქა-იქ ღოჯებში ცოტათი დამპალა კიდეც, ხავსი მოჰკიდებია, სუროთი მობარდულა. დანარჩენი შენობები ზოგი, ეტყობა, წაუღიათ და ზოგი კი, მაგალითად, ფაცხა, საძროხე და მისთანა წვრილმანები დამპალა და დალეწილა. ჭიშკრიდან და ეზოს ღობიდან მხოლოდ აქეთ-იქით გადაზნექილ - გადმოზნექილი ურთხლის ბოძები და სარები დარჩენილა. ეზო ტევრად გადაქცეულა, ბარდ-ეკალს მოუცავს, ნორჩი ხეხილები - ლეღვი, ატამი, ბია და სხვა - საქონელს დაუმტვრევია და გაუფუჭებია. სულ მთლად აქაურობა სამარისებურ მყუდროებას მოუცვამს. იმ სოფლის ხალხი, მეტადრე ქალები და ბავშვები, როცა გაივლიან ამ ყრუ მიდამოს სიახლოვეს, შეაფურთხებენ, თვალს მოარიდებენ და წმინდა გიორგი, შენ დამიცევიო, იტყვიან პირჯვრის წერით.

პირველად რომ ამ მიდამოს ნახავთ, ნაღვლიანი ფიქრი და კითხვები გებადება: ერთ დროს აქ ადამიანს უცხოვრია, უმოქმედია, ცდილა თავისი ცხოვრების გაუმჯობესებისთვის, უშენებია, უმამულებია აქაურობა. რა იქნა ეს ადამიანი? ნუთუ გაქრა, აღიგავა მისი არსებობა! ნუთუ ეგეთი უსაფუძვლო მოჩვენებაა ადამიანის ცხოვრება! ცხოვრების ერთ რომელიმე უკუღმა ნასროლ ტალღას გაუქრია ამ მიდამოში სიცოცხლის ლამპარი!

რამდენიმე წლის წინეთ, - მაშინ ეს მიდამო ყრუ და გავერანებული კი არ იყო, - ზემოაწერილი სახლის გვერდს მიუჯდა ცხრამეტი თუ ოცი წლის ქალი და რაღაც სასოწარკვეთილებით ხელაპყრობილმა წარმოსთქვა: „ღმერთო, იგი დღეი რეზა არ დააქციე, რაც დღეს მე ჯვარი დამწერესო”

- იმ დღეს ნუ სწყევლი-მეთქინ, გითხარი! თუ გინდა შენი თავი დასწყევლე, ჯვარისწერასთან რა ხელი გაქ! - უთხრა პირველს ხმელმა, ჯერ კიდევ ყმაწვილმა, საკმაოდ ლამაზმა ქალმა, რომელიც ამ ლაპარაკზე გამოვიდა სახლიდან და დაჯდა პირველი ქალის მახლობლად.

- ჩემს თავს ვსწყევლი, ჰო, ჩემს თავს! - უპასუხა გაჯავრებით პირველმა.

- რომ სწყევლი, მერე რა გჭირს შენ საწყევლელი? ახლა მოგინდა უპატრონოთ ბუნდრუკი შენს ბიძიშვილსავით? უკაცრავათ, შენ ახლა პატრონი გყავს, იმისთანაი პატრონი, რომ ქვესკნელში ჩახვიდე, იქინეიც მიგაგნებს და ამოგათრევს. იგი არ იფიქრო კიდევ, ზოგიერთები რომაა ლამბი, ჯერან იგი იყოს. ფეხის გადადგმა რომ იფიქრო, ბაწრით ჩამოგკიდებს და ჩამოგარჩობს!

- ღმერთო, სა წევიდე აწი! აღარ გეყვენ იგი, რაც გული მომიკალით და ახლა აქანაიც გამომდიე! დამეთხუეთ-მეთქინ, გიჩივი, დამეთხუეთ! - უპასუხა პირველმა.

- იძახე ახლა, სა წევიდე და სა წევიდე თქვა! ძალუანი თვალ-ყური კი გაქ იმ წასვლაზე, მარა იგი დღეი შენ არ მოგესრობა! - უპასუხა მეორემ.

- ვეღარ გაძეხით ჩემი წვალებით! აბა, ჰა, მოდით და ჭამეთ ჩემი ხორცი!

- ქალო, შენ ნამეტარი ეიგდე თავი! გამომდგახარ ქვეყნის შარაზე და ყვირი, ჭამეთ ჩემი ხორციო! რა კაცის მჭამელათ გვნახე ჩვენ! აღარც შიშო, აღარც მორიდებავ? კი მემართლება, რომ მიჩივა შვილი - შენ მიქენი ყოლიფერი სიავეო. - ამ სიტყვებით გამოვიდა მესამე ქალი და დაჯდა მოდავე ქალების სიახლოვეს.

ეს მესამე ქალი იქნებოდა ორმოცდაათი წლის. ეს იყო ხმელ-ხმელი, მომაღლო ტანის, სწორი, ჩამომჭკნარი პირისახის, რომელზე ახლაც ეტყობოდა, რომ ერთ დროს ლამაზი უნდა ყოფილიყო.

- ახლა აგიც გამოჰყვა! აბა, ჰა, შეეწიეთ ნადათ დედა-შვილმა ერთმანეთს და დამესიეთ მე! ფუი, თქვენ ქალობას! - უთხრა პირველმა ქალმა მოხუცებულს.

ამ სიტყვებმა ისე გააცეცხლა მოხუცი ქალი, რომ პირისახე დაემანჭა.

- რავა? მე ფუი! - მრისხანედ ჰკითხა იმან პირველ ქალს.

- ვის, ქალო, ფუი?.. ნენას?! აგიც აღარ დაგვაკელი? მარა კი ემართლები, რომ ჯერანს არაფრამდე შენი შერთვა არ უნდოდა და ნენამ ძალათაი შეართვია შენი თავი. ახლა მის მაგიორში თვალში აფრუტნი და ფუიო უძახი! - წაეკიდა ამ სიტყვებით პირველს მოხუცის მაგიერ მეორე ქალი.

- ღმერთმა გიქნა თქვენ იმისთანაი კაი, რავარიც მე მიქენით! - უთხრა პირველმა.

- რავა, ნენას კაი არ უქნია შენდა! შენ კი იშოვიდი ჯერანისთანა ქმარს? - გაკვირვებით ჰკითხა მეორემ.

- დიეთხუე ციცავ! თქვა და იგი იყო, მეტი რაღა გინდა! ბატონიშვილის ქალს ეკადრებოდა ჩემი ჯერან ქმრათ; გადევეკიდეთ, შევართვიეთ აი მაიმუნი ცოლათ და ახლა ხედავ, რას გვიჩივა! - ბრაზმორევით უთხრა მოხუცმა მეორე ქალს.

ამის შემდეგ ქალებმა კიდევ კარგა ხანს იდავეს, ბევრი მწარე და შხამიანი სიტყვა უთხრეს ერთმანეთს. ამასობაში მოსაღამოვდა და ქალებმა დავა შესწყვიტეს, რადგანაც მუშაკაცი მოვიდოდა ყანიდან და ვახშამი უნდა მოემზადებიათ. სამივე ქალს ისეთი გაფანტულობა და მოქანცულობა ეტყობოდათ საქმის კეთების დროს, რომ გეგონებოდათ, რაღაც დიდი ფიზიკური შრომა გადახდენიათ თავზე და იმას დაუღლიაო. ახლა ისინი ხანდახან წაჰკრავ-წამოჰკრავდენ ერთმანეთს ამ მწარე სიტყვებს და ან წყევა-ლანძღვას. მაგალითად, მოხუცმა ქალმა ფილი მოიტანა თაროდან, სანაყი ქვის მოტანა კი დაავიწყდა და, როცა ამ უკანასკნელის მოსატანად წამოდგა, დაიწყევლა:

„ღმერთო, დუუკარქე ტვინიც და გრძნობაც, ვინცხამ ასე მომაქცია დღესო”. „თუ მტყვანი ვიყო, აგისრულოს, თუ არა და შენ დაგემართოსო” - მოისმა ამის პასუხად. „გველი დაგეკიდა იმ ენაზე, თუ მისდღემში არ იწყევლებოდეო”, - მოისმა მესამე ხმა.

II

ჯერან ტევრიძე გლეხკაცის პირობაზე ძალიან სახელოვანი ყმაწვილი კაცი იყო თავის სოფელში. მაღალი ტანის, ბეჭებში კარგა მოყვანილი, ცოტა მოშავგვრემანო, ვაჟკაცური, ლამაზი პირისახის და, რაც შეეფერება უსწავლელ კაცს, კარგი სიტყვა-პასუხის პატრონი. ამასთან მუყაითი მუშა და მეოჯახე. იმ სოფელში ჯერანზე უკეთესი და შეძლებული გლეხი ორიც არ მოიპოვებოდა. ოროთახიანი, ყავრით დახურული ფიცრის სახლი, მეორე კიდევ ისლით დახურული პატარა ფიცრულა სახლი საჭმლის საკეთებლად, კაი ბეღელი, ფაცხა, ნალია, ოჯახისათვის საჭირო სხვადასხვა პატარა შენობები, ერთი უღელი ხარი, ორი მეწველი ძროხა, ღორები, - ესენი ყველა მოეპოვებოდა ჯერანს და ეს დიდ შეძლებად ითვლება გლეხკაცობაში. ამასთან ბატონისაგან დახსნილი თორმეტი ქცევა საკუთარი მიწა - საყანე და ვენახიანი, კარგა მოზრდილი ეზო, ნიგვზის ხეებით დაჩრდილული, ეზოზე მოდებული საჩეხი, რომელშიაც შეშა, წნელი, სარი და სხვა ამისთანაობა თავის დღეში არ გამოილეოდა. რა ბრძანებაა, გლეხობაში ჯერანისთანა შეძლებული ასზე ერთი ძლივს მოიპოება. მართალია, ჯერანს თავისი ოჯახის მოწყობა დიდ შრომად უჯდა, ბევრჯერ ღამე დღეზე მიუტანებია მუშაობაში, ბევრჯერ ისე გაჭირვებია ტვირთი, რომ თავისი გაჩენის დღე უწყევლია. როცა სახლის და ბეღლის ფიცრები გამოჰქონდა ტყიდან, მხრები და ზურგი საკურტნე ცხენის ზურგივით დაუშავდა, ტუჩები დაუსქდა და სისხლი მოსდიოდა ზედ. მაგრამ ისიც კარგია, რომ მისი ამგვარი შრომა დაუჯილდოვებელი არ დარჩა. უმეტესი ნაწილი გლეხობისა ჯერანზე ნაკლებ შრომას არ ეწევა, მაგრამ მაინც არა აბადია რა. ახლა ჯერანს სხვადასხვა მოვალეობის გადახდაც აღარ უჭირდა სხვა გლეხებსავით, ხან სიმინდს ჰყიდდა, ხან ღომს და ამ საშუალებით ყოველთვის თავის დროზე აძლევდა „ფოსტის ფულს” და სხვა გადასახადებს. ამის შემდეგ გასაკვირველიც არ არის, რომ ჯერანს ბევრი იმ სოფლის გლეხკაცი ნატრობდა სიძედ, ბევრ ღარიბ აზნაურის ოჯახსაც ეჭირა თვალი ჯერანზე, - ვინიცობაა, ცოტა რამ მოგვცეს სასყიდლად და ჩვენი ქალი ითხოვოსო. მაგრამ ჯერან ძლიერ ფრთხილობდა და აზვიადებდა ცოლის შერთვას. „კი, პაწაი რომ დევიხარჯო, აზნაურის ქალს მომცემენ ცოლათ, მარა რაი! დაჯდება ამ ჩემ ნაკვტავ ოჯახში და იტყვის: ჩემმა ბედმა ყაძახის ხელში ჩამაგდო და ჩემ სიცოცხლეში მაინც ვჭამ მის ოჯახსო. გეიჩენს კურუებს და ვინცხას მომაკლიებს. არაა ჩემი საქმე!” - ფიქრობდა ჯერან. გლეხის ქალებში ატანდა თვალყურს, მაგრამ ჯერ ვერსად ენახა შესაფერი: ზოგის თვალადობა არ მოსწონდა; ზოგი ლამაზი იყო, მაგრამ მშობლები მეტისმეტად ღარიბი ჰყავდა და ამიტომ სწუნობდა; ზოგი ლამაზიც იყო, გლეხის პირობაზე შეძლებული ოჯახის ქალიც, მაგრამ „იმისთანაი ეშმაკური თვალები აქ, რომ წმინდათ ვერ შეინახავს თავსო” და ამიტომ არ ირთავდა. ამასთან ჯერანს ცოლის შერთვა ისე არ შეეძლო, თუ მისი დედა და დაი თანახმა არ იქნებოდენ. „იგი კაცათ არ მიხსენებია, ვინც დედის უნებურს იზამსო” - ამბობდა ჯერან, რომელიც მართლაცდა დიდი პატივით ეპყრობოდა დედას და დას. ამ უკანასკნელებს, რასაკვირველია, მზე ჯერანზე ამოდიოდათ. მართალია, ხანდახან უკმაყოფილებაც მოუვიდოდა ჯერანს ან დედასთან, ან დასთან, აწყენიებდენ ერთმანეთს, გაიბუტებოდენ, დამდურდებოდენ, მაგრამ კარგად რომ გაგესინჯათ მათი უკმაყოფილების საგანი, აი რა გამოდიოდა: რომელიმე ამათგანი რამე მიზეზისა გამო უსაყვედურებდა მეორეს - ჩემი სიყვარული და პატივცემა არ გაქვსო. ეს უკანასკნელი იწყენდა, იჭვი როგორ შემოიტანა ჩემზე: „იგი თვარ მიყვარს, აბა, ვიღა მეყვარება ქვეყანაზე სხვაიო”. ამ მიზეზისაგან გამოწვეული საყვედური ხანდახან გვარიან ქარბუქად გადაიქცეოდა, მაგრამ დიდხანს ვერ გაატანდა, ადრე ცხრებოდა და მთელი ოჯახი ისევ ერთსულად და ერთგულად ცხოვრობდა. ამ ერთ სულგულობას ხელს უწყობდა ოჯახის მცირერიცხვიანობა: დედა და და-ძმა, ამათზე მეტი არავინ იყო ჯერანის ოჯახში. ხვარამზე (ჯერანის დედის სახელია) დადიოდა მკითხავებთან და აკითხვინებდა - ჯერანს როგორი ბედი მოელის ცოლის შერთვაშიო. მკითხავები აიმედებდენ: „დიდი ბედნიერი შეიქნება ცოლის შერთვითო”. მაგრამ თუ ვინ უნდა აერჩია ხვარამზეს სარძლოდ, ამის შესახებ კი არას ეუბნებოდენ. ვაჟიშვილის დაქორწინებას გარდა, ხვარამზეს ქალიშვილის გათხოვებაზედაც უნდა ეზრუნა. ელისაბედ (ჯერანის და) წლოვანებით უფროსი იყო ძმაზე. მაგრამ, ხვარამზეს ფიქრით, ვაჟიშვილის შესახებ ზრუნვას დედისთვის ყოველთვის უპირველესი ადგილი უნდა სჭეროდა. ამ მოსაზრების წინააღმდეგ ელისაბედიც ვერას გაბედავდა, თუმცა მისი გათხოვება საკმაოდ დაგვიანდა.

მაშინ თვრამეტი წლის იყო ელისაბედ, რომ შეუყვარდა ერთი მეზობელი ყმაწვილი კაცი, რომელსაც ყანა ჰქონდა ჯერანის ზიარი. ეს იყო კარგი თვალტანადი მუშა ბიჭი, ოცი-ოცდაორი წლისა. ბევრი ღამე გაეტარებია ელისაბედს უძილოდ ამ ყმაწვილზე ფიქრით; დარწმუნებული იყო, რომ ეს ყმაწვილი კაციც თავის მხრივ არ იყო გულგრილად მასთან, - უყვარდა ელისაბედ. მაგრამ ეს სიყვარული ისე გამოუთქმელად ჩაკლა ელისაბედმა თავის გულში, რადგანაც ბოზობად ჩაუთვლიდენ დედა და ძმა, რომ გაემხილა - მიყვარს და იმაზე გამათხოვეთო; ან კიდევ ძმის დაქორწინებამდე როგორ უნდა გათხოვებულიყო!

თუმცაღა თავის გათხოვების საქმეში ელისაბედს არ ჰქონდა ხმა და უფლება, მაგრამ ძმის დაქორწინებაში დიდ მონაწილეობას იღებდა და პირდაპირ მოვალეობადაც თვლიდა თავის მხრივ ამ საქმეში მონაწილეობის მიღებას. მისი ფიქრით, სულ მთლადაც დედის და დის მოვალეობა იყო ჯერანისთვის საცოლო ქალის მონახვა. “მამა რომ გვყავდეს ცოცხალი, მაშინ ჩვენ აღარ გვექნებოდა ხმაი. მარა მამა აღარ გვყავს. ჩემი ძმის ჭირისუფალი ახლა მე და ნენაი ვართ; ახლა ჩვენ თავზეა იმისი ცოლის შერთვაო”, - ფიქრობდა ელისაბედ. როგორც დედამისი, ისე ელისაბედიც დადიოდა მკითხავებთან ჯერანის ბედის საკითხავად; ჰქონდა მოლაპარაკება შუამავლებთან; ზოგ შუამავალს დედის დაუკითხავადაც უარით ისტუმრებდა. ერთი-ორი შუამავალი კიდეც გამოლანძღა: „რავა გაბედე ჩემი ძმისთვის ასე გლახა ქალის თქმაიო”. რაც შეიძლება გლეხის ქალისაგან, ელისაბედ ამპარტავანი და მედიდური ქალი იყო. ამიტომაც არც ერთი არ მოსწონდა იმ ქალებში, რომლებსაც მისი ძმის საცოლოდ ასახელებდენ შუამავლები. მისი ფიქრით, ჯერანის ცოლი ძლიერ კარგი თვალტანადიც უნდა ყოფილიყო და კარგი ოჯახის შვილიც, ჭკუა-გონების და სიტყვა-პასუსის პატრონი, აბა, რასაკვირველია, რომ ხშირად მოსვლია ელისაბედს ძმასთან უკმაყოფილება, როცა ამ უკანასკნელს უხუმრია - ეს და ეს ქალი უნდა შევირთოო.

- არა, მითხარი რავა გეივლე გულში იმის შერთვა? - ეტყოდა საყვედურით ელისაბედ.

- რეიზა, ვითამ რა უჭირს, მე კი მომწონს და! - აჯავრებდა ჯერან.

- შენ მაინც მის მეტი ხათრი და მორიდება არ გაქ შენი დედის და დის!

- არა, რაცხა ისე დამიჯდა თვალში, უნდა შევირთო!

- ჯერ დედა და დაი დაგვკალი და მერე შეირთე! - ანჩხლდებოდა ელისაბედ.

- ახლა ასე რომ გაცეცხლდები, რა ბრიყვი მნახე მე, რომ შენ და ნენაის უნებურათ ცოლი შევირთო!

- მეც გამიკვირდა, მარა შენ ისე თქვი, რომ მართალი მეგონა, - იტყოდა ბოლოს დამშვიდებული ელისაბედ.

III

ერთს შაბათ საღამოს ჯერანს ესტუმრა მამიდამისი ქალიჯან, რომელიც გათხოვილი იყო ერთ მახლობელ სოფელში. ქალიჯან საკმაოდ მოხუცებული, მაგრამ სამაგიეროდ რიხიანი და კარგი სიტყვა-პასუხის დედაკაცი იყო. მას დიდი სიყვარული წაჰყოლოდა იმ ოჯახის, სადაც დაიბადა და აღიზარდა. ხვარამზემაც კარგად იცოდა, რომ მისი მული კეთილის მდომი იყო მისი და მისი შვილების, ამიტომ დიდი სიხარულით ეგებებოდა მის სტუმრად მოსვლას. ჯერანს და ელისაბედსაც ძლიერ უყვარდათ მამიდა ქალიჯან. უცხო თავის დღეში ვერ იფიქრებდა ქალიჯანზე, რომ მას თავისი საკუთარი ოჯახი აქვს და ტევრიძის ოჯახში ის ოჯახის უფროსი ქალი არ არისო, როცა უყურებდა, რომ ქალიჯან თავისი ძმისწულის ოჯახში მისვლისთანავე მიალაგ-მოალაგებდა, რაც საჭირო იყო, თუ რამე არ მოეწონებოდა შენიშვნას აძლევდა ხვარამზეს და მის შვილებს: „აი კარქათ ვერ გიქნიანო”. თანაგრძნობით გაუმტყუნებდა და გაუწყრებოდა, თუ რამე ურიგობას ნახავდა. ამასთან პირდაპირი და გულგახსნილი ლაპარაკი უყვარდა, მიხვეულ მოხვეულობა ლაპარაკშიაც და საქმეშიაც ძლიერ ეჯავრებოდა.

- რა ქენი, ჩემო რძალო, ბიჭს ცოლი ვერ აფიქრებიე? - ჰკითხა ქალიჯანმა ხვარამზეს ცოტა ხნის შემდეგ.

- რა ვქნა, ჩემო მულო, რომ არ ვხედავ არსად, თვალში რომ დამიჯდეს, იმისთანა ქალს, - უპასუხა ხვარამზემ.

- ახლა ნამეტარს ნურც შენ მეინდომებ. კაი ქალიც იყოს, კაი ოჯახის შვილიც, კაი გვარისაც, ეგება ვერ ვიშოვეთ ასთე ყოლისფრამდე შემკული.

- აბა, ბაბიდავ, ნუღარ ვეძებთ, ავია თუ კაი, ასე ვინც შეგხვთეს ხელში, შევრთოთ? - საყვედურით უთხრა ქალიჯანს ელისაბედმა.

- ციცავ, შენ ნუ ხარ ნამეტანი გულდიდი! ავს და კას ნუ ეძებო, რავა იქნება! მარა ნამეტარს ნუ გავყობით-მეთქინ, ვჩივი, - გაუწყრა ქალიჯან თავისებურად თავის ძმისწულს და მერე მიუბრუნდა ისევ რძალს:

- მე ახლა იმიზა ვარ მოსული, სხვაი საქმე არ მქონებია, ზალიკა ნარიშვილს ყავს კაი ციცაი და, თუ თქვენც დაგიჯდეს, იგი შევრთოთ-მეთქინ.

ზალიკაი ნარიშვილი ერთ დროს თავის სოფელში განთქმული ვაჟკაცი იყო.

ბატონყმობის დროს ორჯერ აუჯანყა თავის ბატონს შინაყმები, გახდა მათ მეთაურად და აპირებდა ოსმალეთში გადასახლებას, თუ რომ ბატონს წერილობითი პირობით არ დაეთმო შინაყმებისათვის და არ მიეცა ისა საღავათი, რომელსაც ეს უკანასკნელები თხოულობდენ. ერთჯერ კიდევ - ესეც ბატონყმობის დროს იყო - ზალიკა რამდენიმე კაცით გზაზე თავს დაესხა ბატონის მოურავს და დაატოვებია თავისი ნათესავი ობოლი ბიჭი, რომელიც ბატონის მოურავს და მის კაცებს ოსმალეთში გასაყიდად მიჰყავდათ. მართალია, ის დრო წავიდა, როცა ასეთი უსამართლობისაგან ვაჟკაცობით შეიძლებოდა თავის დაფარვა, მაგრამ ვაჟკაცობის სახელი მაინც დარჩენოდა და ესეც დიდ ძეგლად მიაჩნდა ზალიკას. რაც შეეხება ყოფა-ცხოვრებას, ზალიკა ძლიერ ღარიბად ცხოვრობდა, რადგანაც თავისი ვაჟკაცობა ძალმომრეობასთან ბრძოლაში გაატარა. ამის გამო ცოლი გვიან შეირთო და მოხუცების დროს დიდი წვრილშვილი ჰყავდა სარჩენი.

- ზალიკას? - დაფიქრებით იკითხა ხვარამზემ და შემდეგ განაგრძო, - ზალიკაი, მართალია, კი, უწინ ქებული ბიჭი იყო, ბატონს ეშინოდა მისი, მარა ახლა ძალუვან ღარიბს ჩივიან, რა ვიცი. ქალი ხომ ძალიან კაია მაინც?

- ახლა მე მაჭანკალი არ ვარ, რომ მოვყვე ასეა და ასე-მეთქინ. ზალიკაი ღარიბია, აგი შენც ქე გაგიგონია. ესე ციცაი კაი ციცაია, კაი თვალტანადი, კაი მეოჯახე. მე უფრო კიდევ იმიზა ვიფიქრე აი საქმე, რომ ზალიკაის ოჯახი, თქვენი არ იყოს, მართალი და პირიანი ოჯახია. აწი თქვენც ნახეთ და თუ დაგიჯდეს იგია, ქე ათხოვიეთ ბიჭს; თუ არა და თქვენ იცით. ესე ჩემი ჭკუით, ამ ოჯახის შესაფერი კია.

- აბა, ბიჭს ნუ ვეტყვით ამეღამ, ხვალ მე წავალ, ვნახავ ქალს და თუ დამიჯდა, მაშინ კიდეც ვუთხრათ და საქმეც გავაკეთოთ, - უთხრა ხვარამზემ.

- ბიჭს რეიზა ნუ ვეტყვით? შენ ნახვას იგი არ ჯობს, იმან ნახოს და, თუ დუუჯდება ქალი, მერე საქმე დავიწყოთ, - უპასუხა ქალიჯანმა.

ხვარამზე ერთხანს არ გაუხდა ამ აზრის თანახმა. მაგრამ ბოლოს, როგორც იყო, მოეწყვენ რძალი და მული ერთმანეთში და გადაწყვიტეს, რომ ჯერანსაც გაანდონ ამთავითვე ეს ამბავი.

საღამოს ჯერანი მოვიდა ყანიდან შინ. ნავახშმევს ხვარამზემ გაუმხილა შვილს, თუ რისთვის იყო ქალიჯან მოსული. ჯერან კარგა ხანს იყო ამას შემდეგ ჩაფიქრებული და ბოლოს თქვა:

- ზალიკაის ქალს მე არ დავიწუნებ, თუ ქალი კი ვარგა.

- ქალი ნახე და, თუ დაგიჯდება, იგია, - უპასუხა ქალიჯანმა.

- არა, ნენამ ნახოს. შენ და ნენაი მე არ მიღალატებთ. თუ თქვენ ორს კი დაგიჯდებათ, მეც ვარს არ ვიტყვი, - თქვა გადაწყვეტილად ბოლოს ჯერანმა.

მეორე დღეს ქალიჯან და ხვარამზე წავიდენ ქალის სანახავად. ქალიჯანმა მოიხმო თავისი მეზობელი ზალიკაის ქალიშვილი ლიზა და აჩვენა ხვარამზეს. ლიზა იყო თვრამეტი თუ ცხრამეტი წლის ქალი, საკმაოდ კარგად მოყვანილი, სავსე ტანის შავგვრემანი, მაგრამ სწორი, სავსე და ეშხიანი პირისახის. რადგანაც ქალიჯანს არ გაუმხელია არც ლიზასთვის და არც მისი მშობლებისთვის, რომ ხვარამზე მის სანახავად იყო მოსული, ლიზაც მოურთველ-მოუკაზმავი, ისე სადათ ჩაცმული მოვიდა ქალიჯანისას.

- ქალიჯან, საქმეზე მოხმარება გინდოდა და იმიზა დამიძახე, მეგონა, - უთხრა ლიზამ ქალიჯანს.

ქალიჯანს ეზარებოდა ტყუილის თქმა, მაგრამ ახლა კი რაღა ექნა!

- ხო, საკერავი მაქ პაწაი და იმიზა დაგიძახე, - უპასუხა მან ლიზას.

ლიზამ აიყვანა, დაისვა მუხლზე ქალიჯანის ხატავერი კატა და დაუწყო თამაში. ხვარამზე კი ძალზე უჭვრეტდა, მაგრამ ლიზა არ ამჩნევდა ამას და ისევ ისე კატას ეთამაშებოდა.

- კატა არა, ახლა შენ ერთი კაი მოწიფული ბიჭი გინდა, იმას უფრო დუუწყებ თამაშობას, - გაეხუმრა ქალიჯან ლიზას.

- აბა! - თქვა ლიზამ და სახის წამოწითლებაზე ეტყობოდა შერცხვა კიდეც.

- აბა და მე ვიცი, გულს დაგწვავს! იი ძუძუები რომ გაქ დახვითქინებული, ერთი კაი ბიჭი რომ დაგაწვეს ზეთ. არ გამომიცთია მოწიფულობა თუ! სიზმარი მაწვალებდა, სანამდი არ გამათხოვეს, - კიდევ მარილიანად გაეხუმრა ქალიჯანი.

- რაა, ქალიჯან, რაფერი ხარ, ა! - თქვა მორცხვად ლიზამ, გააგდო კატა ხელიდან და ადგა შინ წასასვლელად.

- რა ქენი, მიხვალ? - ჰკითხა ქალიჯანმა.

- ახლა წავალ და მერე მუვალ. - ამ სიტყვებით ლიზა წავიდა შინ ისე, რომ აზრადაც არ მოსვლია, ხვარამზე რისთვის უმზერდა ისე მუყაითად.

- კაი ციცაი ყოფილა, - თქვა ხვარამზემ, რომელსაც ძლიერ მოეწონა ლიზა.

- ხომ დაგიჯდა? მერე რა გუნებისაა! - უთხრა ქალიჯანმა.

- აბა, ჩემო მულო, ახლა შენზეა საქმე, უთხარი დედ-მამას, - უთხრა ქალიჯანს ხვარამზემ. ამის შემდეგ რძალმა და მულმა მოილაპარაკეს, დააწყვეს გეგმები და ხვარამზემ სიხარულით გამოსწია შინისკენ. მას უხაროდა, რომ კარგი სარძლო ქალი გამონახა.

- აბა, ჰა, ნენავ, კაი ამბავი თუ მოგვიტანე? - ჰკითხა ქალიშვილმა ხვარამზეს, როცა ეს უკანასკნელი შინ მივიდა.

- ძალოვანი ქალი ყოფილა! - უპასუხა ხვარამზემ თავის ქალს.

- მეც კაი ამბავი დაგახვედრე! - მხიარულად დაიწყო ელისაბედმა. - ფეხათ მოგასწარი აგია, მემაჯესთან ვიყავი და იქიდან მეხუთოესთან გამევიარე. ორივე მარჩიელმა ერთხმად მითხრეს: ბედი კარზე მოგდგომიათ, ხელიდან არ გუუშვათო, მემაჯემ იგიც მითხრა - იმ ქალის ფეხზე თქვენი ოჯახი, წვიმაში რომ წყალი მატულობდეს, ისე იმატებსო.

- მაშინვე გულმა მითხრა, რავაც კი დეიწყო ქალიჯანმა, ჩემი ჯერანის ბედი სტორეთ აგი უნდა იყოს-მეთქინ. სხომის რამდონი უთქვამთ, მარა არც ერთზე გული არ შემქნია. ამაზე ახსენა თუ არა, მაშინვე გულმა მიგრძნო, ბედია, ბედიო, - თქვა ხვარამზემ.

- მეც, მეც, - თქვა ელისაბედმა.

- ორმა მარჩიელმა ხომ ასთე გითხრა. ერთი ხვალ მებანქოესთანაც წავალ, ვნახავ, რას მეტყვის.

- მერე მებანქოემ რომ გითხრას, არ არის მისი ბედიო?

- მითხრას, ორი ხომ - კაიაო, ჩივა. ორის უფრო დასაჯერებელი არაა?

- რა სათქმელია! მე იმაზე გამოგცადე, აბა, ნენაი, რას იტყვის-მეთქინ. წადი, არჩევიე მებანქოეს, თუ უთქვამს ამ ორსავით, იგია. თუ არა და ამით მიხთი, არ ყოფილა მისი რჩევა მისაღები. ფეხს აღარ დავაბიჯებ მერე მასთან.

- არც ეღირება მერე მისი რჩევა.

- ისევე შენიანის იმედი უნდა გქონდეს კაცს. იმდონი ქალი დაგვისახელეს და აბა იმისთანაი თუ უთქვამს ვინმეს, ქალიჯანმა რომ გამოგვირჩია! - თქვა ხვარამზემ კმაყოფილებით.

- რეიზა გიკვირს! ჯერან შენი შვილია, ჩემი ძმაი, მარა მისი ძმისწულია მაგიორში, - უპასუხა ქალიშვილმა.

საღამოს როცა დედამ უამბო ჯერანს, ძალუანი ციცაია და მარჩიელებსაც ესე უთქვავს, შენი ბედიაო, ჯერანმა გულდანდობილი კილოთი თქვა:

- რა ვიცი, ერთი დედა ხარ, მეორე დაი და მესამე მამიდაი, თქვენ თუ არ გენდობით, აბა ვიღას უნდა ვენდო?

IV

შაბათი საღამო იყო. ზალიკა ნარიშვილისას დიდ ფაცაფუცში იყვენ. მეზობლები, მოკეთეები, ვინც კი გააჩნდა, სუყველა აქ იყვნენ და ტრიალებდენ სხვადასხვა საქმეზე: ვინ ახალდაკლულ თხას კაფსავდა და აწყობდა კარდალებში, სახარჩოეს ცალკე და მშრალ ხორცად მოსახარშავს ცალკე; ვინ ახალდაკლულ, მსუქან ღორს იღებდა ფელიკ-ფელიკად და ეუბნებოდა მეორეს: „აგი საჯიქიოა, აგი ზურგიელი, აგი მკერდი, აგი გვერდი, უნდა მეიხარჩოს, აჰა, კელევერი და ჭაჭა მწვადად უნდა შეიწვას”. ქალები ბურტყნიდენ დაკლულ ქათმებს, ოთხ ბატს და ორ მამალ ინდოურს. ორი ხანში შესული ქალი აცხობდა ხაჭაპურებს. რამდენიმე კოხტად გამოწყობილი ქალი და კაცი ისხდენ ზალიკაის დიდ სახლში, რომელიც დღეს სასტუმროდ იყო მოწყობილი. აი რაში გამოიხატებოდა ეს სასტუმროდ მოწყობა: აქეთ-იქით ძველ ტახტებზე ეგო ჭილობის მაგიერად მეზობლებიდან ნათხოვარი ორი ნოხი და ორი ფარდაგი; ზედა კუთხეში იდგა ერთი გრძელი, გაულაქავი მაგიდა, რომელსაც ახალნაყიდი იაფფასიანი მიტკალი ჰქონდა გადაფარებული. მაგიდაზე ეწყო: ზოგი შინაური და ზოგი მეზობლიდან ნათხოვარი სსვადასხგა სიმსხო-სიდიდის და სახის ბოთლები, ორი დიუჟინა ჩაის ჭიქა თავისი ფინჯნებით და ექვსიოდე საკმაოდ დაჟანგებული ფრაჟის და ცინკის კოვზი, ექვსიოდე ღვინის ჭიქა, ორი პატარა, იაფფასიანი ლამპა, ორი თითბერის შანდალი სტეარინის სანთლებით და ორი რიუმკა. ორი ბოთლი ხილის არყით იყო სავსე, დანარჩენი კი - ადგილობრივი წითელი და თეთრი ღვინით. რაც შეეხება სახლს, ეს იყო გრძელი, განიერი ფიცრული ძველი შენობა, ისლით დახურული, მიწის იატაკით და წინ მიშენებული დერეფნით. შუა ადგილას სახლში იდო დიდი ქვის კერა, რომლის ზევით სხვა დროს ეკიდა გამჭვარტლული ჯაჭვი, მაგრამ დღეს კი ჩამოეღოთ. საჭმელების სამზადად გაეკეთებიათ ერთი დიდი ქოხი, თუმცაღა კი სხვა დროს ზალიკაის მეუღლე თავისი ქმარ-შვილისთვის იმ სახლში აკეთებდა საჭმელს, რომელიც დღეს სასტუმროდ იყო მორთული. მოხუცი ზალიკაი მხიარული და მზრუნველი სახით გადადიოდა ერთი საქმიდან მეორეზე, უნდოდა ყველგან ხელი წაეყო და მიხმარებოდა, ყველას მადლობას ეუბნებოდა მარჯვედ გარჯისთვის. ზალიკას მეუღლე სუსანაი და რამდენიმე ქალი, სადაც ერია ჩვენი ნაცნობი ქალიჯანიც, უკან სახლზე მიღობილ ფაცხაში, „საფარეშოში” კაზმავდენ ლიზას ახალი ტანისამოსით.

ყველა ამ ფაცაფუცის და მზადების მიზეზი გახლდათ ისა, რომ იმ ღამეს უნდა მოსულიყო ზალიკაის ოჯახში სიძე ჯერან ტევრიძე, უნდა დაენიშნა საცოლოდ ზალიკაის უფროსი ქალი, ლიზა. ამისათვის მოეწვია მოხუც ზალიკას თავისი მოკეთეები და მეზობლები, ამისათვის ამზადებდა პურ-ღვინოს, რომელიც კაი მძიმე ფასად დაუჯდა ღარიბ გლეხს ზალიკას.

კარგა მოსაღამოვდა. ყოველივე სამზადისი მზად იყო. ახლა სტუმარს თუ მასპინძელს, ყველას თვალი ჭისკრისკენ ეჭირათ, მაგრამ სიძე ჯერ არსად ჩანდა. ამ გარემოებამ ყველა დააღონა. მართლა რაღა უნდა ექნათ, რომ სასიძო არ მოსულიყო! ხომ ტყუილად გაიარდა ამდენი მზადება და ხარჯი!

- ქალიჯან, რაფერ არის საქმე, თუ იცი, რეიზა დააგვიანდა ამ კაცს? ჩემმა მტერმა და მოყვარემ, ყველამ შეიტყო აგი ანბავი, ჩემი მეზობლები და მოკეთე, ყველაი ვაწვიე და ახლა რომ გამაბახოს, უთოფოთ ვერ გადამირჩება, - უთხრა ზალიკამ ქალიჯანს.

- ჯერანს შენც კარგათ იცნობ, რა პირის ბიჭია. რომ იტყვის, მერე სიტყვას აღარ გატეხს. მე და დედამისს, ორივეს სიტყვა მოგვცა. ახლა რავა გვიღალატებს - აიმედებდა ქალიჯან.

- აი საქმე რომ ახლა დეიფუშოს, ციცაი მომიკტება, გავბახდიო, - თქვა სუსანამ.

- ამ სიბერის დღეს არ ამაძაღლოს, თვარა... - ზალიკას კიდევ უნდა ეთქვა რაღაც, მაგრამ ამ დროს ვიღაცამ დაიძახა, მოვიდენო და ზალიკაიც გამოვარდა გარეთ. ეზოში ჩამოვიდენ ცხენებით დაწყობილ-დაკაზმულნი ჯერან და ექვსი მისი მხლებელი. ყველა სიხარულით მიეგება ახალმოსულებს. საჩქაროდ ჩამოართვეს ცხენები. სიძე და მისი მხლებელნი მიიწვიეს სახლში.

ჯერანმა გახედ-გამოხედა ზალიკაის მიდამოს, სადაც ძველ სახლს, ძველ ბეღელს, ძველ ნალიას და პატარა შენობებს, მაგალითად, საძროხეს და მისთანებს გარდა, არ მოიპოვებოდა არავითარი შენობა. „აგი ნამეტარი ფუხარაი ყოფილა. ასე თუ იყო, მგონებოდა, არ ჩამოვიდოდი აქანაი სამოყვროთო”, - გაურბინა ჯერანს ფიქრებში. როცა სიბნელემ მოატანა, აანთეს ლამპები. სტუმრები ჩამწკრივდნენ აქეთ-იქით ტახტებზე.

არ გაუვლია ამის შემდეგ რამდენიმე წამს, რომ გაიღო ქვედა კარი, ჯერ შემოვიდა ქალიჯან, მერე საპატარძლო, ლიზა, მასთან ლიზას დედა, სუსანაი, და რამდენიმე ქალი, - ზოგი მოხუცი და ზოგი ყმაწვილი. ჯერან და მისი მხლებელნი წამოდგე ფეხზე. ქალიჯანმა მიიყვანა ამათთან ქალები სალამისათვის. ჯერანმა, სალამის დროს ხელს რომ ართმევდა ქალებს, შენიშნა, რომ ერთი თეთრტანისამოსიანი შავგვრემანი ქალი სხვებზე უფრო მორცხვობდა. ამ ქალის შავგვრემანი სახე და მორცხვობა არ ესიამოვნა ჯერანს და გაიფიქრა: „ხომ არ გუუწყრა ღმერთი, აგი ხომ არ არისო”. ჯერანი ვერ იცნობდა თავის საცოლოს. ის მხოლოდ დაჯერდა დედის სიტყვებს: „ძალუანი ქალი არისო”, და წამოიღო სანიშნოდ ქარვა და ბეჭედი. დედას გარდა, ჯერანის დამ ელისაბედმაც ნახა ლიზა და ისიც ეუბნებოდა ძმას, კაი ქალიაო. მართალია, ელისაბედს მაინცდა-მაინც არ მოსწონდა ლიზას თვალტანადობა, ის უკეთეს ქალს ეძებდა ძმისათვის, იმისთანას, რომ „სახტარზე მისი რძლისთანა ქალი მეორე არ გამოსულიყო”. მაგრამ მკითხავების სიტყვით, ლიზა იყო ჯერანის ბედზე დაბადებული. ასე გასინჯეთ, მესამე მკითხავმა, მებანქოემაც, პირველი ორი მკითხავის სიტყვებს მიემოწმა. მებანქოვე მკითხავმა ისიც დაუმატა: “იმ ქალის (ლიზას) მამას ფული ქონებია შენახული. ჯერ არ აჩენს, იგი ფულიც ჯერანის ლუკმააო”. ამის შემდეგ, აბა, როგორ არ ურჩევდა ცრუმორწმუნე ელისაბედ თავის ძმას, ლიზა შეირთეო. ჯერანის მხლებლებშიაც, გარდა ერთისა, ვერც ერთი ვერ იცნობდა ჯერანის საცოლოს.

როცა ქალები დასხდენ, ქალიჯან მიუბრუნდა თავის ძმისწულს და თავისებური სადა კილოთი ჰკითხა:

- იცი, ბიჭო, რომელია შენი?

- რა ვიცი მე რომელია! - უპასუხა ჯერანმა.

- ეე, თეთრი რომ აცვია, იგია, - აჩვენა ქალიჯანმა იმ ქალზე, რომლის შესახებაც იმ ორი-სამი წამის წინეთ ჯერან ფიქრობდა: „არ გაუწყრეს ღმერთი, იგი არ იყოსო”. ჯერანს სახეზე შავი ფერი გადაეკრა და წარბები მის უნებურად ჩამოეხარა ძირს. „ყველამ მე რეიზა მიღალატა, მამიდამ, დედამ, დამ, რას მემართლებოდენ?” - გაიფიქრა ჯერანმა, მაგრამ ენით თქმას კი ვერ ახერხებდა.

- რაა, ბიჭო, არ დაგიჯდა? - ჩურჩულით ჰკითხა ქალიჯანმა.

- რას მერჩოდი, მამიდავ, რომ ჩეიქციე ჩემი სისხლი? - ძლივს გასაგონად ჩაულაპარაკა ჯერანმა ქალიჯანს.

- რას ჩივი, ბიჭო, შენ კარქა არ შეგიხედავს, თვარა ძალიან ქალია! კაი რომ არ იყოს, მე კაი, თუ გინდა, მარა დედა და დაი რავა გიღალატებდა! ყველას მოსწონს შენს გამეტს, - ხმადაბლა უპასუხა ქალიჯანმა.

ამ ლაპარაკს ყური მოჰკრეს ჯერანის მხლებლებმაც, რომლებშიაც ზოგი ახლო ნათესავი იყო ჯერანისა, ზოგი მეგობარი და ზოგი კარგი მეზობელი და ფუჩუნით კითხულობდენ, რომელიაო. ქალიჯანმა ამათაც დაანახვა ლიზა და ახლა იმათაც დაუწყეს ლიზას ჭვრეტა. ჭვრეტის დროს ზოგი წარბებს ხრიდა, ზოგი ერთმანეთში რაღაცას ფუჩუნობდა. უნდა ვთქვათ, რომ თეთრ ტანსაცმელში ლიზა არ ჩანდა ლამაზ ქალად. ამასთან ლიზა ბუნებითაც მორცხვი იყო და როცა შეამჩნია, ძალზე მიჭვრეტენო, სულ მთლად მოიბუზა. იჯდა თავდაღუნული, წარბებდახრილი, სახემოღრუბლული და თავს ვერ იღებდა. ერთმა ახლო ნათესავმა გაიხმო ცალკე ჯერან და ჰკითხა:

- მოგწონს ქალი?

- ყველამ მიღალატა, ყველამ! - უპასუხა გულმოკლულად ჯერანმა.

- რა ვქნათ ახლა?

- რაღა უნდა ვქნა! სხაპში ვარ გაბმული და რაღა უნდა ვქნა! ცხენები რომ ხელში გვყავდეს, კიდევ რამეს ვიფიქრებდი, თუ გინდა მოვეკალი. ახლა რაღაი!

- სადაა, თუ იცი, ჩვენი ცხენები?

- რა ვიცი სადაა? რაღამც იგი ქონდენ გულში, ცხენებსაც ქე დამალავდენ. ახლა რა მიწაში ჩევიდე! დავტიო აქანაი შვიდი ცხენი და წევიდე? მერე მე რავა შემიძლია გადვუხადო პატრონებს, ჩემი ოჯახი არ უუთავდება! არა და რაი, მიღალატეს, გამაბეს სხაპში და იგია. რაღა ვქნა ახლა, თავი მევიკლა, თუ რაღა ვქნა?

- მეიცა, ბიჭებსაც ვკითხოთ.

ჯერანის ნათესავმა გამოიხმო გარეთ თავისი ამხანაგები, დასხდენ ერთი ხის ძირში და დაიწყეს თათბირი, მაგრამ ყველა მათგანი სხვადასხვა აზრისანი იყვენ იმის შესახებ, რაც ისე აღელვებდა ჯერანს. ზოგი ამბობდა: “მართალია, მზისუნახავი არაა, მარა არც თლათ დასაწუნარია, კაცის ოჯახში ჩამოვსულვართ, ახლა ასე წრიხი აღარ დეიკვრის; აგი რომ ვქნათ, უთოფოთ არ გაგვიშვებენო”. ზოგი იმ აზრისა იყო, რომ ჯერანის შესაფერი ქალი არ არის და მისი მხლებლებისათვის სირცხვილი იქნება, იმაზე რომ დაინიშნოსო. ზოგი არჩევდა, „ცხენები მოვითხოვოთ, თუ მოგვცეს, იგია, თუ არა, ჩვენ მაინც წევიდეთ და ცხენებს მერე საჩივრით ამოვიგებთო”. უკანასკნელ ყველა ამ დასკვნამდე მივიდა: „წასვლა რომ ვიფიქროთ, არც ერთს ცოცხალს არ გაგვიშვებენ ზალიკაი და მისი სახლიკაცებიო”. სცადეს, გაუგზავნეს ზალიკას მოციქული და შეუთვალეს: „სასიძოს ქალი არ მოსწონს და ნაძალადევათ შერთული მადლიანი საქმე არ იქნებაო”.

- გაბახება ზდომებია ჩემი ოჯახის! ჩემმა მტერ-მოყვარემ ყველამ შეიტყო იგი ანბავი, თუ სადმე მოკეთე მყავდა, ყველაი ვიწვიე და ახლა ამას მიჩივა! ჩემი ოჯახის შერცხვენას ნუ მეინდომებს, თვარა დღეს მეც გავთავდები და იგიც გათავდება! თუ მოყვრათ მოსულა, ჩვენც მოყვრათ დახვდებით და თუ სამტროთ მოვიდა, ჩვენც ვიცით მტერის დახვედრა! - უპასუხა მოციქულს ზალიკამ.

მართალია, ზალიკაი არ იყო ისეთი პირი, რომელიც სარგებლობს შემთხვევით და, თუ შემთხვევამ საქმე მოუმარჯვა, სამართლიანობას აღარ დაგიდევს. არა, რაც გაეგებოდა, ზალიკაი სამართლიანობის მოყვარე კაცი იყო, რჯული და სინდისი დიდად სწამდა. მაგრამ ნათქვამია, ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო. მას თავის დღეში ასე ენახა და გაეგონა: მშობლები მონახავენ ვაჟიშვილისთვის საცოლოს და ქალიშვილისთვის - საქმროს და გააწყობენ საქმეს ისე, რომ ხშირად ჯვარისწერამდე ვერც კი გაიგებენ ამას საქმრო-საცოლო. მართალია, ხანდახან მოხდება კი, რომ საქმრო და საცოლო თვითონ აირჩევენ ერთმანეთს. მაგრამ ეს იშვიათი მოვლენაა და ხშირად ასეთი არჩევა, თუ საქმრო-საცოლოს მშობლებს არ მოეწონათ, ვერც კი მიაღწევს მიზანს. ზალიკაის ქალი ნახეს ჯერანის დედამ და დამ, საქმე გააწყვეს და ახლა ჯერანი უარს ამბობდა! ჯერანს რომ ლიზა დაწუნებით დაეტოვებია, ზალიკაის ოჯახი ხომ შერცხვენილი დარჩებოდა მისი მეზობლების თვალში! ამ შემთხვევაში სამართლიანად მიაჩნდა ზალიკას ძალის მოხმარება. მოციქულმა მიუტანა ზალიკაის სიტყვები ჯერანს. რაღა უნდა ექნათ! ცოცხალმკვდარი ჯერან თითქმის ხელით შეიტანს სახლში მისმა მხლებლებმა. გააწყვეს სუფრა. როცა თითო ჭიქა ღვინო დალიეს, ჯერანის ნათესავმა კაცმა გადასცა ქალიჯანს ჯერანის მაგიერ ქალის სანიშნოდ ქარვის კრიალოსანი და პატარა, ხუთმანეთიანი ოქროს ბეჭედი, ფირუზის თვლიანი. ქალიჯანმა კრიალოსანი კისერზე გადააცვა ლიზას და ბეჭედი თითზე წამოუგო. ლიზას ისე შერცხვა ამ დროს, რო ქვესკნელში ჩავარდნილიყო, გული არ უშლიდა. გაჩნდა ღვინის სმა, ზალიკაის სტუმრები თანდათან მხიარულებაში შედიოდენ, მხოლოდ ჯერან იყო მოწყენილი. რაც შეეხება ლიზას, თუმცაღა მისთვის არავის უთქვამს გიწუნებენო, მაგრამ მან ინსტინქტურად იგრძნო, საქმრო მწუნობსო და ცოცხლად მოჰკლა ამ იჭვმა. მართალია. თავისი მხრით ლიზასაც არ მოეწონა საქმრო, რაღაც უეშხო კაცად ეჩვენა, მაგრამ ამის თქმას როგორღა გაბედავდა ლიზა ან თავისიანთან და ან სხვასთან! თქმა კი არა და ისე იჯდა გაქვავებული, რომ ერთხელაც ზევით არ აუხედნია. ლიზას სიახლოვეს იჯდა ორი ყმაწვილი ქალი, - ერთი ქერა და მეორე რძედაღვინისფერი. ეს ქალები ისეთი ლამაზები იყვენ, რომ მგონია, მშვენიერი თამარ მეფე და ეგვიპტის დედოფალი კლეოპატრა ამათზე ლამაზი არ იქნებოდენ. ამ ქალების სილამაზემ მაინც სულ დაჩრდილა ლიზა. ჯერან ისეთი თვალით შეხედავდა ჯერ ამ ლამაზ ქალებს და მერე ლიზას. თითქო ერთ მხარეს სამოთხეა, მეორე მხარეს ჯოჯოხეთი და ჯერანს ეს უკანასკნელი რგებიაო.

შექეიფიანებულმა სტუმრებმა თითქმის ძალათ მიიყვანეს ჯერან და დასვეს ლიზას პირდაპირ სუფრაზე, მერე დაუჟინეს და სადღეგრძელო დაალევინეს ერთს მეორესი. მაგრამ ყოველივე ამას ისეთი ნაძალადეობა ეტყობოდა, თითქო ორი მომდურავი ადამიანი მოუყვანიათ ერთმანეთთან შესარიგებლად, მაგრამ არ რიგდებიანო. როცა ერთმანეთის სადღეგრძელოს სვამდენ, არც ჯერანს და არც ლიზას ხმა არ ამოუღიათ. ისე მხოლოდ ჯერანმა ნახევარი ჭიქა დალია და ლიზა კი პირით შეეხო ჭიქას, ღვინო არც კი ჩაუშვია პირში. მეორე დღეს, სხვა სტუმრებთან ერთად, ჯერანმა გადმოიარა ზალიკას სახლიდან და გაუდგა თავის შინისკენ. მოლაპარაკება სიძესა და სიმამრს შორის არავითარი არ ყოფილა იმის გარდა, რომ ზალიკამ უთხრა ჯერანს:

- ჩემო სიძევ, წაყვანის ვადა დამიდევი.

- ჯერ ვერ გეტყვი ნამდვილს. აგერ შინ მივალ, მევიფიქრებ და შეგატყობიებ, - უპასუხა ჯერანმა.

V

გავიდა შემოდგომის ორი მესამედი. სოფელმა ჭირნახული მიალაგა და გაჩნდა ქორწილები; ისე კვირა-უქმე დღე არ გავიდოდა, რომ ქორწილი არ მომხდარიყო. შემოდგომა, ჭირნახულის დალაგების შემდეგ საუკეთესო დროა სოფლელისთვის, ვისაც ჯვარის დაწერა და ქორწილი ესაჭიროება. პური, ღვინო, თავისუფალი დრო თუ აქვს, სწორედ მაშინ აქვს გლეხკაცს. გასათხოვარი ქალებიც მოუთმენლად მოელოდებიან ამ დროს. ზალიკაი ნარიშვილი დღითი დღე მოელოდა თავისი სიძისაგან ამბავს, მაგრამ გადიოდა დღეები, კვირეები და ჯერ არც ჯერან და არც მისგან გამოგზავნილი კაცი არსად ჩანდა.

ბოლოს ზალიკამ დაკარგა მოთმინება და თვითონ გაუგზავნა მოციქული ჯერანს: „მიგყავს ჩემი ქალი თუ არაო”. „ქალი დანიშნული მყავს, იგია, და აწი ჭკუაში რომ მომივა, ჯვარს დავიწერ ზეთო!” იყო ჯერანისაგან პასუხი. ზალიკაის მეუღლე დადიოდა მკითხავებთან, მაგრამ არც ერთი მკითხავი სანუგეშოს არას ეუბნებოდა. მეტადრე ერთმა მკითხავმა ძლიერ გაუტეხა გული სუსანას: „ტყუილია, არ შეირთავსო”. მაგრამ თან ამასაც უმატებდა ის მკითხავი: „მაგიორში მეორე ნიშანი მოდის და იგი კი უტყუარია, გვირგვინი მოყობა ამ მეორესო”. მაგრამ ჯერ არსად ჩანდა არც ეს მეორე. ამ გარემოებამ ბოლოს და ბოლოს მეტად დააღონა ზალიკაის ოჯახი. ლიზას კი ერთი მხრით თითქოს კიდეც უხაროდა თავისი გათხოვების დაგვიანება: მას გარკვევით ჩაბეჭდოდა ხსოვნაში ჯერანის დახრილი წარბები და მწყრომარე თვალები; კარგად იცოდა ისიც, მისმა საქმრომ იმიტომ დახარა წარბები, იმიტომ მიიღო მწყრომარე გამომეტყველება, რომ ის, ლიზა არ მოსწონდა. ამასთან, თვითონ ლიზასაც არ მოსწონდა ჯერან, მისი შეხედულებით, ძლიერ უეშხო და უსიამოვნო თვალადობის კაცი იყო მისი საქმრო. მაგრამ, მეორე მხრით, ლიზას გულს უკლავდა, რომ ის დანიშვნის შემდეგ დატოვა ქმარმა. რას იტყოდა მასზე ამის შემდეგ მისი მეზობლები! ჯერ ცოტაოდენი დაგვიანდა დანიშვნის შემდეგ ლიზას გათხოვება და ზოგიერთმა ენაჭარტალა მეზობლის ქალმა ათასგვარი გულის მომშხამელი ჭორი გააგონეს ლიზას და მის მშობლებს. როცა ნამდვილს გაიგონებდენ, დატოვაო, მაშინ რაღას იზამდენ! „რეიზა დევიბადე მე ამისთანაი? ჩემს სიცოცხლეში სადარდელათ უნდა დუუვარდე ჩემ დედ-მამას! რა უჭირდა არ გევეჩინე ღმერთს!” - ფიქრობდა ლიზა. ამგვარი მუდმივი მწარე ფიქრებისაგან მისი სავსე პირისახე საკმაოდ დადნა. სუსანაი წუწუნებდა: „დადნა ციცაი, თლათ დადნაო”, მაგრამ რა უნდა ექნა იმაზე მეტი, რომ მკითხავის სიტყვებით ანუგეშებდა.

ქალიჯან ძლიერ სწუხდა, რომ მისი დაწყებული საქმე ასე ცუდად ბოლოვდებოდა, მაგრამ რა ექნა? ჯერანმა ის დაითხოვა: „ჩემ ოჯახში ფეხი არ დააბიჯო, რაღამც ასე მიღალატეო”.

დიდი საყვედური შეხვდა ქალიჯანს ზალიკაის ოჯახიდანაც.

საკმაოდ დაიტანჯენ ჯერანის დედაც და დაც: ჯერანმა, ლიზას დანიშვნის შემდეგ რომ შინ დაბრუნდა, დედას და დას ასე უთხრა:

- ზღაპარში გამიგონია დედა და დაი მოღალატეთ, მარა თუ მართალი იყო, დღემდე არ ვიცოდი და დღეს კი ჩემი თვალით ვნახეო!

- რავა, მე გიღალატე? - ძლივს მოიბრუნა ენა გულმოწყვეტილმა ხვარამზემ, - შვილი რომ ამას მწამობს, სხვაი რაღას მეტყვის!.. მიღალატეო. - ხვარამზემ დაიწყო ტირილი.

- თვარ გიღალატებია, წაი, კარქა შეხედე შენ სარძლოს და ქე მიხთები! - უთხრა დედას ჯერანმა მწარედ.

- კი გიღალატეთ და ქთამიც ევიღეთ შენს ღალატში! - მწარედ უპასუხა ძმას ელისაბედმა.

- ელისაბედავ, შენ მაინც დამეთხუე, აღარ გამაგონო შენი შხამიანი ენა, თვარა ან თავს მევიკლავ და ან შენ მოგკლავ! - უთხრა გაცეცხლებულმა ჯერანმა.

- კაია, საცოლო ქე დანიშნე და აწი რაღათ გინდა ან დაი ან დედა! დაგვხოცე! ამაზე უკეთესს მაინც არ მოველოდით შენგან! - უპასუხა დამ.

ამ მწარე სიტყვებმა ისე გააცოფა ჯერან, რომ რაც კი შეხვდა სიახლოვეს, ჭურჭელი თუ სხვა, სულ დალეწა. მხოლოდ დას კი არ შეეხო ხელით, ეს რჯულად ჰქონდა: „ვინც დედას, დას და ცოლს გალახავს, იგი კაცათ არ მიხსენებიაო”.

ორი დღის განმავლობაში ამას შემდეგ ჯერანისას არც სადილი და არც ვახშამი აღარ გაკეთებულა. ნახევარი თვე ისე გავიდა, რომ ჯერანს ხმა არ გაუცია დედის და დისათვის. მართალია, ის სრულიადაც არ იყო დარწმუნებული, თითქო დედას და დას მისთვის ეღალატებიოსთ და განზრახ გამოენახოსთ მისთვის ისეთი ქალი, რომელიც, ჯერანის ფიქრით, თითქმის მახინჯი იყო. მაგრამ გულმოსულობის დროს ის აღარ არჩევდა, მართალია თუ მტყუანიო, რაც მოადგა ენაზე გულდათუთქულ ადამიანს, ის წამოისროლა. ნახევარი თვის შემდეგ, როცა ჯერანი დედას და დას შეურიგდა, გააფრთხილა ეს უკანასკნელები: „იმ ქალზე აღარაფერი გამახსენოთ, თვარა მიგიტიებთ ამ ოჯახს და დევიკარქებიო”.

ამის შემდეგ ხვარამზე და ელისაბედ მართლადაც კრინტს ვერ სძრავდენ ჯერანთან ამ უკანასკნელის საცოლეზე, თუმცაღა კი შიშით გული უსკდებოდათ, თუ ლიზა არ შეირთო, ზალიკაი მოკლავს ჯერანსო. ამიტომ ჩუმად ეხვეწებოდენ ყველა თავიანთ მოკეთეს: ურჩიეთ ჯერანს, შეართვიეთ ლიზაო. მაგრამ ჯერანი ყველას ასეთ პასუხს აძლევდა: „მაცათ, თუ ღმერთი გწამთ, ჩევიჭერი ერთი კაცი, იგია, და სულ ქე მაინც ნუღარ შემიწუხებთ სულს ამის ლაპარაკითო”. ეს იმას ნიშნავდა, რომ ჯერანს ლიზა არ უნდოდა ცოლად, მაგრამ დანიშნულ ქალზე ხელის აღებაც უპირობად და უსინდისობად მიაჩნდა. ვინ იცის, რამდენ ხანს გაგრძელდებოდა ასეთი მდგომარეობა ჯერანს და ზალიკას შორის, რომ ერთ მოულოდნელ გარემოებას არ აეჩქარებია ამ საქმის გადაწყვეტა.

ზალიკა ნარიშვილის მეზობლად ესახლა ერთი ობოლი გლეხი, ნიკო მოახლიშვილი. ლიზა და ნიკო, როგორც ახლო მეზობლები და ერთი წლოვანებისა, ბავშვობისას ერთად დადიოდენ ფიჩხზე, ძროხების მოსადენად, ხბოების სამწყემსავად, სათამაშოდ და სხვაგან. უყვარდათ კიდეც ბავშვური სიყვარულით ერთმანეთი. როცა გაიზარდენ, როგორც ეს ჩვეულებად არის, რიდი შეექმნათ ერთმანეთის, წინანდებურად მარტო წასვლა-წამოსვლა აღარ შეეძლოთ ერთმანეთთან. მაგრამ სიყვარული და თანაგრძნობა ერთმანეთისადმი კი არ გამქრალიყო ამათ გულში. ლიზას ძმასავით უყვარდა ნიკო. ნიკო კი ფიქრობდა ლიზას ცოლად შერთვას, მაგრამ ჯერ ოჯახი ჰქონდა გაუწყობელი, ამიტომ აგვიანებდა და ვერ უმხელდა ზალიკას. ამასობაში, ის იყო, ჯერანმა მოასწრო ლიზას დანიშვნა. საწყალ ნიკოს მთელი ღამე არ უძინია, როცა გაიგო, ლიზა დანიშნესო. შემდეგ, როცა ჯერანმა ლიზას წაყვანა დააგვიანა, ნიკოს იმედი მოეცა, აღარ შეირთავსო და მიუგზავნა ზალიკას შუამავალი - ლიზა მომეცი ცოლადო. სუსანამ სიხარულით მიიღო ნიკოს მოციქული და თანხმობა განაცხადა ნიკოს წინადადებაზე; ლიზასაც გულმა სიხარულით დაუწყო ცემა. მაგრამ პირმართალი ზალიკაი სულ სხვანაირად უყურებდა საქმეს: „მე კაცს მიძახიან, იმ კაცმა ჩემი ქალი დანიშნა და ახლა სხვაზე რავა გავათხოვო ასე ადვილათო” - უთხრა მან ნიკოს მოციქულს. აქ ჯერანსაც მიუვიდა ამბავი, ზალიკაი სხვაზე ათხოვებს ლიზასო. „რავა, ჩემი ნიშანი ხელზე აქ ქალს და ახლა სხვაზე ათხოვენ! არ ნდომებიათ თავი ცოცხალი და იგია. ეტყობა, კაცათ არ მაგდებენ! ამის მეტი სირცხვილის ჭამა რაღა იქნება, ჩემ დანიშნულ ქალს სხვაი შეირთავს!” - თქვა ჯერანმა და აფრინა კაცი ზალიკასთან: ამა და ამ ღამეს ჯვარი უნდა დავიწერო შენ ქალიშვილზეო. სიხარულისაგან აღტაცებულმა ზალიკამ დანიშნულ დროს გამოუწყო თავის ქალს შეძლებისდაგვარად მზითვი.

***

გიორგობისთვის წყნარი დღე იყო. ლიზას ისე ჩარჩა ხსოვნაში დაუვიწყარად ის სევდიანი წყნარი დღე. მთვრალმა მაყრებმა მშობლის სახლიდან წაიყვანეს ლიზა ეკლესიაში, სადაც მღვდელმა ქრისტიანული წესით შეაუღლა ის ჯერანთან.

VI

- ნეტაი, ნენავ, შენ და ბაბიდას უწინ ფეხი მოგტეხოდათ, სანამდი ჯერანის საცოლოს გამონახავდით! - ეუბნებოდა ერთ უქმე დღეს ეკლესიიდან დაბრუნებული ელისაბედი თავის დედას. - გამოვიდენ ახალმოყვანილი ქალები, მარა რა გამოვიდენ! იმისთანაი თვალ-ტანადი, რომ მეტი არ იქნება! შევხედე ჩემ რძალს, მიწა გამისკტა... დგანა აგი შავრიოზაი! შინ ქია კიდე რაცხა, აი მიწა გასახეთქი, იქინეი, რომ გეერია ქალებში, აღარც თვალადობა უვარგოდა და აღარც ტანადობა! ოსიკელაის ცოლყოფილმა თამარამ იკითხა: ვინ არისო და რომ შეიტყო, მე ჩამიფურჩულა ყურში: რამ დაგიყენა ყველას თვალი, აი, რა ჯერანის საკადრისიაო! თინიეის ბიჭი, მასიკელაი, ჯერანის ფეხთა მტვრათ არ ღირს, მარა მის ცოლს დღეს თელი სახტარი უმზერდა. რომ იდგა ქალებში ჯიღასავით, კურცხალი მომადგა თვალებზე, - აგი რეიზა ჩვენი რძალი არ არის-მეთქი. თინიეის ბიჭს თუკი მისცეს იმისთანაი ქალი, ჯერანს ვინ დუუკავებდა! მარა წადით ორი გამოყრუებული მოლოზანი, ნახეთ აი შავრიოზაი და კაი გეგონენ.

- მე არა, მამიდაშენს რეიზა არ დუუდგა უწინ თვალები და მოტყდა ფეხი! იმას უნდა სცოდნოდა, იმ კისერმოსატეხს, თვარა მე რა შუაში ვარ! ერთი გზობა ვნახე და რა გასაკვირვალია, მოვტყუვდი! - უპასუხა ქალიშვილს ხვარამზემ და ამოიოხრა, რადგანაც დანაშაულად მიაჩნდა თავისი თავი - რეიზა უკეთესი ქალი, თინიეის რძალი რომაა, ვთქვათ, იმისთანაი არ მოვაყვანიე ჯერანსო.

ასე გასაყიდი საქონელივით ფასდებოდა ლიზა მას შემდეგ, რაც კი ტევრიძის ოჯახში შევიდა. ჯერ ახალმოყვანილი რომ იყო ლიზა, როგორც ეს ჩვეულებად აქვთ სოფელში, დადიოდენ მის სანახავად ჯერანის ნათესავები და მეზობლები, მეტადრე ქალები. ამათ წინდაწინვე შეტყობილი ჰქონდათ - ჯერან ცოლს სწუნობსო, ამიტომ წინდაწინვე შედგენილი აზრით, - ეტყობა, გლახა ქალი უნდა იყოს ჯერანის ცოლიო, - ჭვრეტდენ ლიზას და იპრუწავდენ ტუჩებს აღმა, „მართალი ყოფილა, შენი ჭირიმე! იგი ბიჭი მოტყუებულაო”. „ვინც ნამეტარს მეინდომებს, იმას ყოველთვის ვარესი შეხთებაო”, - ნიშნის მოგებით ამბონდენ ჯერანზე ერთმანეთში საიდუმლოთ ზოგიერთები. ჯერანის მეზობლებში ერია კი ერთი-ორი ისეთი პირიც, რომელსაც, როცა ძლიერ დააკვირდენ მის საქციელს, ლაპარაკს, მიხრა-მოხრას, ლიზა ძლიერ მოსწონდა. მეტადრე ძლიერ აქებდა ლიზას ერთი ჯერანის მეზობელი მოხუცი ქალი, თეკლე.

- მოგიკტი, თუ ჯერანის ცოლი ბევრით არ ჯობდეს იმ ქალებს, სახტარზე რომ ჯიღასავით იჯგიმებიან და შინ რომ ნახო სადათ, ტყემლათ არ ღირს არც ერთი. აგი სხვანაირი, ყუნჩი ქალია. უწინ არ გეჩვენება კაი, მარა მერე რომ დუუკვირდები და დუუკვირდები, სულ კეთულობს შენ თვალში. სხვაი სხვაია, რაცხა იმისთანაი საყვარელია, რომ ამის გულში მოვკტე, გული არ მომიშლისო, იტყვი, როცა კარქა გეიცნობ, - ეუბნებოდა თეკლე ერთხელ თავის მეუღლეს.

ჯერანს ხომ თაობიდანვე არ მოსწონდა თავისი ცოლი. მართალია, ის დარწმუნდა, რომ ლიზა სრულიად არ იყო ისეთი მახინჯი, როგორადაც მას ნიშნობის ღამეს ეჩვენა. მაგრამ ერთხელ გატეხილი გული თავის მეუღლეზე მაინც აღარ მთელდებოდა. ის დარწმუნებული იყო, რომ თითქო ის მოხერხებულად გააბა ზალიკამ მახეში, სხვათა შორის, ლიზას მზითვითაც არ იყო ჯერან კმაყოფილი. ერთი იაფფასიანი ნოხი, ერთი ფარდაგი, ერთი სპილენძის ქვაბი, ერთი მწვანე ზანდუკი და ერთი ხელი ლოგინის წყობილება, - აი, ეს იყო სულ ლიზას მზითვი. ჯერან შეხედავდა თავის ცოლის ღარიბ მზითვს და მწარე დაცინვით ეტყოდა ცოლს: „რა ბერძეგანი მამა გყავს, რა მგზითი მოგცა! მარტო ზანდუკი ღირს ერთ ბედაურ ცხენათ!”

ლიზა, როგორც ახალმოყვანილი ქალი, ურიგობად თვლიდა ხმის ამოღებას, თუმცაღა კი გულზე კბენდა ეს მწარე დაცინვა. ჯერან განაგრძობდა:

- მარა შენისთანა მზისუნახავს რათ უნდოდა მგზითი? მაინც გაგასაღა მამაშენმა! - ეხლა ჯერან დედას მიუბრუნდა: - დიდხანს ეძება ნენამ და ბოლოს მიაგნო, რავაც იყო ამ მზისუნახავს!

- კაი, ახლა, ყოველიფერი ბედის საქმეა. ახლა რომ იწუნო, გამოგიცვლიან თუ? ალბათ, აგი ყოფილა შენი ბედი! - უპასუხებდა შვილს დედა.

- შენ რომ დაბერდე და თვალებმა გიმტყუნოს, აქანაი ბედი რა შვაშია?

- გესლიანად ეტყოდა ჯერან დედას.

- ცთაი ბედის მონახევრეაო, იტყვიან, მარა ახლა რაღა დროისაა! - ჩაერეოდა ელისაბედიც ლაპარაკში.

ხშირად ჰქონდათ ამნაირი ლაპარაკი ჯერანისას, როცა ლიზა ჯერ კიდევ ახალმოყვანილი იყო. ლიზას ბევრჯერ ჩუმად უტირია ასეთი ლაპარაკის გამო. მაგრამ მარტო ამ ლაპარაკით არ გათავდებოდა ჯერანის უკმაყოფილება ცოლისადმი. რადგანაც ლიზა სილამაზით არ უდრიდა მის იდეალს, ჯერანმა გადასწყვიტა: წამხთარ საქმეზე, ხასიათით მაინც იმისთანა უნდა გავხადო, რავაიც მე მინდაო. პირველი ნაბიჯი ჯერანისა ამ მიზნის მისაღწევად ის იყო, რომ სახელი დაუწუნა თავის ცოლს. „ლიზაი ბოზის სახელია, პატიოსანი ქალი სახელათ ლიზას რავა დეითქვამსო!” - და ლიზას მაგიერათ მელანია უწოდა სახელად. შემდეგ ჯერანმა მიჰყო ხელი მელანიას (ამას შემდეგ ჩვენც მელანია ვუწოდოთ ჯერანის მეუღლეს) ზნე-ჩვეულების გარდაქმნას და ისეთ წვრილმანობამდე მივიდა, რომ თავისი თმაც კი ისე უნდა დაეწნა მელანიას, როგორც ჯერანს მოსწონდა. დედა და დაც, რა თქმა უნდა, ეხმარებოდა ამ საქმეში ჯერანს. „თვალტანადობაში ქე მოვტყუვდით და სხვაფერ მაინც დარჩეს ჯერანის მოსმინე და მორჩილიო” - ფიქრობდენ ესენი. ამ განზრახვით ამათაც დაუწყეს დევნა მელანიას იმ ჩვეულებებს და ხასიათს, რომლებიც ჯერანს არ მოეწონებოდა.

ეს დევნა იქამდე მივიდა, რომ მელანიას არ შეეძლო წყენა ან სიხარული გაემჟღავნებია რომელიმე შემთხვევის გამო, თუკი ეს წყენა თუ სიხარული მის ქმარს, დედამთილს და მულს არ მოეწონებოდათ. მელანია პირველად თითქმის ყოველივეში ემორჩილებოდა ამათ. მართალია, ხანდახან გული მოუვიდოდა: „ყოლიფერი მათ ნებაზე უნდებიანო”, მაგრამ ფარავდა თავის გულის მოყვანას, რომ არ ეწყეინებია ქმრისა და დედამთილ-მულისათვის, ის ხშირად უარს ამბობდა თავის გრძნობებზე; მაგალითად, ხშირი იყო ასეთი სცენა:

- რა არის, ქალო, რომ მოხარე წარბები! ქმრის შიში და რიდი აღარ აქ მაინც!.. ეტყოდა დედამთილი ან მული რძალს, თუ ამ უკანასკნელს რამე ეწყინებოდა ქმრის ან მისი დედის და დის ნებადაურთველად.

- არაფერი არ მწყენია, ესე ტყვილაი, - უარობდა მელანია.

- რავა არ გწყენია, რომ წარბები მოხარე!

- დედა არ მომიკტეს, არ მწყენოდეს.

ან კიდევ, მაგალითად:

- რა არის, ქალბატონო, რომ გაგიბრწყინდა სახე? თუ გასახარელი ყოფილიყო, ჩვენ რეიზა არ გაგვიხარდა? - წაეკიდებოდა რძალს მული.

- არ გამხარებია, ისე ტყულა, - ფიცავდა მელანია.

- რავა არ გაგხარებია, სახეზე მზეი ამოგივიდა ამაზე მეტი მორიდება არ გაქ კაცის?!

- მამა არ მომიკტეს, არ გამხარებოდეს!

ერთხელ, მაგალითად, ასეთი შემთხვევა იყო: ელისაბედმა მოიტანა საიდანღაც ორი სხვადასხვაფერი ჩითის ნიმუში და აჩვენა დედას, რომელი ჯობსო. ერთი ნიმუში იისფერი იყო და ზედ იის ყვავილის მსგავსად შავი სახეები ჰქონდა ამოყვანილი; მეორე, მიწისფერი ჩითი კი ლაჟვარდი ყვავილებით იყო მოხატული. ხვარამზემ ეს უკანასკნელი არჩია.

- მეც აგი ვარჩიე, - მიემოწმა დედას ქალიშვილი.

- მე რომ მკითხოს კაცმა, აგი მირჩევნია, - თქვა მელანიამ და აჩვენა იისფერ ჩითზე.

- აბა, აგია, ამის მეტი ზდილობა და მორიდება არ გაქ: დედამ და შვილმა, ორივემ მიწისფერი ვირჩიეთ, შენ მაინცდამაინც - იისფერი! ვითამ რაი, რაღამც თქვენ მოგწონს, მე ჯინზე აღარ მევიწონებო! თვარა ვინ იტყვის, შენს მეტი, მიწისფერს იისფერი ჯობსო? - უთხრა მწარე საყვედურით რძალს მულმა.

- ჩემი მორიდება რაღაიზა ექნება ახლა ვინმეს! - ისეთ აჩვილებით თქვა ხვარამზემ, თითქო ვისმე დიდი შეურაცხყოფა მიეყენებინოს.

- არა, ქალბატონო, ესე, უწინ ერთ შეხედვაზე ვერ მივხთი. თვარა სტორეთ მიწისფერი ჯობს, - საჩქაროდ გაასწორა თავისი შეცდომა მელანიამ, რომელიც დარწმუნებული იყო, რომ უმცროსი უფროსს ყოველისფერში უნდა დაეთანხმოს, თორემ უზდელობა იქნებაო. მართალია, მელანიას აჯავრებდა ეს თვალთმაქცობა: „რაც იგინს მოსწონს, შენც იგი მეიწონეო! ვაჟო, ეგება არ მომწონს! არა, მაინც „კი” თქვიო. კაი, ვთქვი, მარა რა გამოვიდა ამით, ჩემ გულში მაინც არ მომწონს!”

მელანიას ჩვეულებად ჰქონდა, როცა სასაქმოს გაათავებდა, დაჯდებოდა თავის ლოგინზე ზანდუკთან, ნიდაყვს ზანდუკზე დააბჯენდა, შემოიდებდა თავზე ცალ ხელს და სევდიანად დაფიქრდებოდა. ეს ჩვეულება არ დარჩა შეუმჩნევლად მეტადრე ელისაბედს, რომელიც დედაზე და ძმაზე ბევრით უფრო ფხიზელი იყო ამისთანაობის შემთხვევაში.

- ნეტა რა წესია აი გლოვიარეთ ჯდომა! საგლოვიარო, ღვთის მადლით, ჯერ აფერი სჭირს ჩვენ ოჯახს! - შენიშნა ერთ დღეს ელისაბედმა მელანიას, როცა ეს უკანასკნელი მოწყენით იყო თავზე ხელშემოდებული და იჯდა თავის ზანდუკთან.

- აფერი, რაცხა ისე დავფიქრდი, - უპასუხა მელანიამ, ჩამოიღო თავიდან ხელი და ცდილობდა მხიარული სახე მიეღო, მაგრამ ვერ ახერხებდა.

ელისაბედმა ამხელად ზემოთქმული შენიშვნით გაათავა ეს ლაპარაკი, მაგრამ დაიხსომა კი ეს შემთხვევა.

არ გასულა ამის შემდეგ ერთი კვირა, რომ ელისაბედმა ნახა კიდევ რძალი დაღონებული და თავზე ხელშემოდებული.

- რავა, კიდომ ასე მგლოვიარეთ დამჯდარხარ! არა, ახლა თუ არ მითხარი, რა გლოვა გაქ, არ გაგეყრები!

- აფერი, ისე ტყულაი, - თქვა მელანიამ, ადგა და აპირებდა წასვლას.

- სად მიხვალ? უნდა მითხრა!..

- ღმერთი არ გამიწყრეს, არაფერი არ ყოფილიყოს.

- ააა, ასთე ვერ მომატყუებ! რაცხა დიდ ამბავში ხარ, მარა უნდა მითხრა, რა არის?

- რა იყო, ცავ - იკითხა ხვარამზემ, რომელიც ამ დროს შემოვიდა სახლში.

- რა იყო, რას ქვია? გამევიხედავ, ქე ზის აქანაი გლოვიარეთ, გამევიხედავ, ქე ზის! ახლა უნდა მითხრას, რა ანბავია! - თქვა ელისაბედმა.

- გლოვა ჩემი მტრის ოჯახს დუუბედეს! ჩვენ რა გვჭირს საგლოვი! - თქვა ხვარამზემ და წყრომიარედ შეხედა რძალს.

- დედა არ მომიკტეს, არაფერი არ ყოფილიყოს, ესე ტყულაი ჩამომეყვინთა, - ფიცულობდა მელათა.

- ააა, სხვანაირობა ჩვენს ოჯახში არ დევინახო, თვარა!.. - მუქარით უთხრა ბოლოს ხვარამზემ.

იმ დღიდან მოწყებული, მელანიამაც თავი დაანება ზანდუკთან თავზე ხელშემოდებულ ჯდომას. როცა დაფიქრებული იყო, მელანია იმალებოდა დედამთილისა და მულისაგან.

VII

გავიდა რამდენიმე თვე. მელანია ეხლა უკვირდებოდა თავის ცხოვრებას და ხედავდა, რომ, რაც დრო გადიოდა, მით უფრო ძნელი ასატანი ხდებოდა მისთვის ეს ცხოვრება. ცდილობდა, მაგრამ ჯერანის გულში მცირეოდენი თანაგრძნობის ადგილიც კი ვერ დაეჭირა.

მათი ცოლქმრობა მხოლოდ იმაში გამოიხატებოდა, რომ ღამით ერთმანეთთან წვებოდენ, ესეც ისეთი გულცივად და უხასიათოდ, რომ თითქო ძალდატანებით ასრულებიებენ ამ მოვალეობასო. დაწოლის დროს ჯერან ან ლოგინს დაიწუნებდა, - უხეიროთ არის დაგებულიო, ან სხვა რასმე მოიმიზეზებდა და მაინც უსაყვედურებდა ცოლს, რაც უნდა რიგზე ყოფილიყო ყოველივე. თუ უქმე ან ავდრიანი დღე იყო, ჯერან დილიდან საღამომდე შინ დარჩებოდა და მაშინ ხომ რა, - ერთი წვალება უნდა გამოევლო მელანიას: ჯერან უთვალთვალებდა მას საქმის კეთებაზე, უწუნებდა ყოველივეს, აყვედრიდა ყოველ წამში: „სხვაი-სხვაი და საქციერიც უხეირო გაქო!” ხვარამზე და ელისაბედ ხომ მუდამ შინ იყვენ და მუდამ წვრთნიდენ რძალს წაღმა-უკუღმა, მაგრამ. რაც დრო გადიოდა, მით თანდათან კარგავდა მელანია ამათდამი პატივისცემას და მორიდებას. „რაც უნდა მეინდომო, რაც უნდა აამო, აგინის გულს მაინც ვერ შეაჯერებო”.

ახლა დედამთილი და მული რომ ბრალის დებას დაუწყებდენ, მელანია წინანდებურად ფიცილს კი არ მოყვებოდა, არა, ისე სიჩუმით ჩაატარებდა.

მართალია, ხვარამზეს და ელისაბედს, მეტადრე ანჩხლი ხასიათის ელისაბედს, ძლიერ აჯავრებდა ეს გამოურკვეველი სიჩუმე.

- ესე გველსავით გარისინდება და ჩაიწყვეტს ენას, რომ გულზე ცეცხლი მოგეკიდება კაცს! - ეუბნებოდა ერთ დღეს ელისაბედ დედას.

- ყველა გველმა ადამიანმა ესე იცის გაჩერება, ვითამდა ასე, მე კაი სულიერი ვარ, შენ რაც გინდა მითხარი, მე მაინც არ მეწყინება, მაგიორს არ გეტყვიო. მარა გულში ქე სწერს ყველას და ბოლოს გველსავით საწამლავათ გადმოანთხევს, - მიუგო ქალიშვილს ხვარამზემ.

ერთ დღეს ელისაბედმა ატეხა მსჯელობა თეთრფეროვან და შავგვრემანი ქალების ხასიათებზე და ბოლოს თვითონვე მისცა თავის მსჯელობას დასკვნა:

- შავგვრემან ქალებში უმფრო ბევრი მოდის ავი გულის პატრონები და კახპებიც! - თითონ ელისაბედ და დედამისი შაქრისფერი თეთრი ქალები იყვენ. მელანიამ მულის სიტყვებზე წარბები ჩამოუშვა, რადგანაც, მისი ფიქრით, ეს სიტყვები მისკენ იყო გადაკრული, ელისაბედი თავისებურად ჩაუჟინდა რძალს:

- წარბები რომ დახარე, აბა რა ვთქვი შენი საწყენი?

- რა ვიცი, კი მეწყინა და! - უპასუხა მელანიამ ცოტა ცივად.

- კი მარა იმას აღარ მეტყვი, რა იყო ამაში შენი საწყენი?

- იყო თუ არ იყო, კი მეწყინა და ახლა რაი! გულს ხომ ვერ ამოვიგლეჯ!

- თქვი ბარემ, რა გიქნეს საწყენი? - უთხრა ხვარამზემ.

- მეწყინა-მეთქინ, ვთქვი, იგია და მეტი რაი!

- რომ გეწყინა, იმას გკითხავ მეც, რა ვთქვი შენი საწყენი? რეიზა მიიღე შენ თავზე?

- ჩემზე თქვი და ჩემ თავზე მივიღე.

- მერე რა მტერობა მქონდა შენზე? ხედავ, რა ავი გულის ყოფილა! რა იფიქრა! თურმე მტერათ გვიყურებს!

- რა ვიცი, ყოლთვის კი ჩივით იმისთანას, რო მეწყინება და! - გამოტყდა მელანია.

- აბა, ამიზა იყო, რომ მე და ნენას წამდაუწუმ გვიჭუხავდი წარბებს! ამისთანა გული გაქ შენ! - მძიმე საყვედურით უთხრა ელისაბედმა.

აქ რძალმა რაღაც მწარე სიტყვა შემოსტყორცნა მულს და გაიმართა კაი გვარიანი აყალმაყალი, რომელშიაც მელანიამ საკმაო მწარე სიტყვებად გადმოანთხია აქამომდე დაფარული და გულში დაგუბებული ნაღველი. იმ დღიდან მოწყებული ხშირად იმართებოდა ჯერანის ოჯახში ასეთი აყალმაყალი, რომელიც დროთ განმავლობაში უფროდაუფრო ცხარე ხასიათსაც ღებულობდა. ბოლოს და ბოლოს მელანია აღარ ურჩებოდა უკან დედამთილს და მულს წყევა-კრულვაში და ლანძღვა-გინებაში, რაც იშვიათი არ იყო ამათ შორის. ამ გარემოებამ ჯერანის ყურამდეც მიაწია. „ნენას და ჩემ დას ავი სიტყვა არ აკადრო, თვარა სულს ამოგხთიო”. - ექადოდა ჯერან ცოლს. მაგრამ ეს მუქარა სრულიადაც ვერ სპობდა მის ოჯახში ქალების დავას და უთანხმოებას.

VIII

რაც დრო გადიოდა, მით უფრო და უფრო ძნელი ასატანი ხდებოდა ჯერანის და მელანიას ერთმანეთთან ცხოვრება. ჯერან თხოულობდა თავის მეუღლისაგან უსაზღვრო მორჩილებას. ეს კიდევ, ჰო, ვთქვათ, არ ეუცხოებოდა მელანიას, რადგანაც თითქმის ყველა გაუნათლებელი და, მეტადრე გლეხკაცი, ამასვე თხოულობს თავისი მეუღლისაგან. მაგრამ ვაი-ვაგლახი ის იყო, რომ ცოლის იმ მოქმედებაში და სიტყვებშიაც კი, სადაც ეს უკანასკნელი ცდილობდა ქმრის სურვილისდაგვარად მოქცეულიყო, ჯერან უმორჩილობას ხედავდა და ცეცხლდებოდა: „აგი მაიმუნი შევირთე და ხედავ რაებს მიბედავსო”. ამას გარდა იყო ორი ადამიანი, რომელიც იმგვარსავე უსაზღვრო მორჩილებას თხოულობდა მელანიასაგან, როგორსაც თვითონ ჯერან. ეს ორი ადამიანი მელანიას დედამთილი და მული გახლდათ, რომლებმაც გულის და გრძნობის გამოცვლაც კი მოუნდომეს მელანიას. ზემოთქმულს გარდა იყო კიდევ სხვა ისეთი მიზეზებიც, რომლებსაც შეუძლია უსწავლელ ხალხში შეყვარებულნიც კი დააშოროს და ერთმანეთის მომძულვარედ გახადოს.

აი ეს მიზეზებიც: ერთი მკითხავი ეუბნებოდა ხვარამზეს და მის ქალს: „თქვენი რძალი იმისთანა ავი ფეხის ყოფილა, რომ თქვენი ოჯახი აწი ძნელათ რომ უკან-უკან არ წევიდესო”. საუბედუროდ, ცოლის შერთვის შემდეგ ერთი ხარი მგელმა შეუჭამა ჯერანს; ერთი ხბოიანი ძროხა რაღაც მოარულმა საქონლის ჭირმა მოუკლა. თითონ ჯერანმა საუკეთესო მუშაობის დროს უცბად ცული დაიკრა ფეხზე და მთელი ორი თვე ეზოდან არ გადაუარია, ისე უქმად იჯდა სახლში. ეს ზიანი საგრძნობლად დააჩნდა ჯერანის ოჯახობას და ყოველი ეს ზიანი, ხვარამზეს და მისი ქალის ფიქრით, იმიტომ დაემართათ, რომ მათი რძალი ავფეხი იყო. რაც შეეხება იმას, რომ ერთ დროს მკითხავი ეუბნებოდა ხვარამზეს: ჯერანის სიმამრს დიდძალი ფული აქ მიწაში შენახული და ეს ფული ჯერანის ლუკმა გახდებაო, ეს კი არ მართლდებოდა, როგორც ეტყობოდა, ზალიკას ან სულ არ ჰქონდა შენახული ფული და, თუ მაინცადამაინც ჰქონდა, ჯერანის ლუკმად არ გახდებოდა ეს ფული. ამის დასამტკიცებლად ისიც საკმაო იყო, რომ გაჭირვების დროს რამდენჯერმე მიირბინა ჯერანმა სიმამრთან ფულის სასესხებლად, მაგრამ ვერც ერთ დროს ერთი გროშითაც ვერ გაიწყო ხელი. „იგი საყვარელი ჩემი ქალიშვილი არ მომიკტეს, არ მქონდეს, თვარა შენ რავა დაგიკავებდიო” - ეფიცებოდა ზალიკაი. ბევრჯერ ზალიკა თავის მეზობლებშიაც დატრიალდა - იქნება ვიშოვო სასესხებლად და სიძეს ხელი გავუწყოვო, მაგრამ ვერას გახდა. ჯერანს არ სჯეროდა სიმამრის გულწრფელობა: „ბერძაღლი იგი, სხვაგან რომ დარბის პირისფერობით, მიწაში რომ აქ კოჭბით შენახული, იგი მომცესო”. თავდაპირველად ძლიერ ერიდებოდა ზალიკას სიძის სახლში. პირველად რომ ესტუმრა, ჯერანმა ისეთი სადილი გაუწყო, რომ ერთ პატარა ქორწილს შეეფერებოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ფულის სესხებაზე გაწბილებული დაბრუნდა, ჯერან ძლიერ გულგრილად ექცეოდა სიმამრს. ზალიკამ შეატყო - სიძისას, ქალიშვილს გარდა, ყველა ცივად მეპყრობაო და ამიტომ ძლიერ გვიან-გვიან დაიწყო იქ სიარული. „რა ვქნა, მენატრება ჩემი ქალიშვილის ნახვა, მარა ვატყობ, წყენენ ჩემი მისლა და მეც ქე დევეთხუე. ქალი რო გათხოვდება, მერე ქმარია მისი პატრონი. მამა გულში თუ შეინახავს მის სიყვარულს, თვარა მეტი უფლება აღარ აქ!” - ამბობდა გულდამწვარი ზალიკაი. მელანიას დედა, სუსანაი სულ მთლად ფეხამოკვეთილი იყო სიძის სახლიდან. ჯერანს თაობიდანვე არ მოსწონდა სიდედრი, რადგანაც უთვალადო მოხუცი დედაკაცი იყო და სიტყვა-პასუხიც არ ჰქონდა რიგიანი. -„იგი რომ სტუმრებთან აბჟუტურდება, სირცხვილით ძვლები მიტყდებაო”, - ამბობდა სიძე. მაგრამ შესაძლებელია ამ მიზეზისათვის არ დაეთხოვა ჯერანს სიდედრი, რომ სხვა უფრო დიდი მიზეზი არ გაჩენილიყო: იმ ღამეს, როცა ჯერანმა ჯვარი დაიწერა, ზალიკაისაგან გაგზავნილ მაყრებში ერია სუსანაის ნათესავი ყმაწვილი კაცი, კოწია. კოწია იყო ოცი თუ ოცდაორი წლის, კარგი მოსიმღერე და მომლხენი, კოხტა ყმაწვილი. ამ ყმაწვილმა რომ თავისი წკრიალა ხმით ხასანბეგურა შემოსძახა, მერე გამოვიდა და იცეკვა, იქ მყოფ ყმაწვილ ქალებს თვალი მაზე შერჩათ. ერთი აზნაურის ცოლი, მეტად ლამაზი ქალი, დიდხანს უმზერდა კოწიას თვალებზე წყალმოდენილი, მერე მიუბრუნდა მის ახლო მჯდომ ქალს და ვითომ ხუმრობით, მაგრამ თან აღტაცებით უთხრა: „იფ, ვენაცვალე იმ კისერში, ბიჭი ამისთანაი უნდაო”. ჯერანის ოჯახმა, ის იყო, იმ ღამეს პირველად გაიცნო კოწია, მაგრამ მოეწონათ კი ძლიერ. „ვინ იფიქრებდა, თუ სუსანას ამისთანაი ნათესავი ეყოლებოდა” - მგონია სამჯერ კი უთხრა იმ ღამის განმავლობაში ხვარამზემ თავის ქალიშვილს. ელისაბედ დედის სიტყვებზე მორცხვად თავს ჩაღუნავდა და ხმას არ იღებდა.

არ გასულა ქორწილის შემდეგ ერთი კვირა, რომ ჯერან ეუბნებოდა სიდედრს: „ოღონდ კოწიეი შამეიყვანეთ სიძეთ ჩემ ოჯახში და სული არ მშურს, სულიო”. „აბა შენი მოყვრობა ახლა დაფასდება, თუ ამ საქმეს გეიყვან”, - უმატებდა თავის მხრივ ხვარამზე. ელისაბედმა იცოდა კი, რომ მისი დედა და ძმა შეუდგენ კოწიაზე მისი გათხოვების ზრუნვას, ძლიერაც უტოკავდა გული, რადგანაც კოწია მოეწონა, მაგრამ მონაწილეობას კი არ იღებდა თავისი გათხოვების ზრუნვაში. ამ საქმეში რომ თითონ ჩარეოდა და თავისი მხრივაც რამე ეთქვა, ურცხობა-თავაშვებულობაში ჩამოართმევდენ და ამას აბა როგორ იზამდა ისეთ სასტიკ ზნეობაში, - რასაკვირველია, თავისებურ ზნეობაში - აღზრდილი ქალი, როგორიც ელისაბედი იყო. „აბა შენ იცი, ნენავ, ეცადე, ეცადე, დეიყოლიე კოწიეი! თვალტანათ, შენც ხედავ, კაია, მარა თვალტანადობა რაა? იმისთანა ჭკუიანი და მეოჯახე ციცაია, რომ ცივ ქვაზე დაასახლებს კაცს. ზოგიერთებს როის გავს, ბიჭებზე რო უჭირავენ თვალი, ამისთანობაში წმინდანია, წმინდანი. ჩემი ნენაი, შენებურა გულით მეინდომე, ჩემი ნენაი!” - ეხვეწებოდა დედას მელანია თავისი მულისათვის.

სუსანა წრფელი გულით შეუდგა შუამავლობას და ერთ კვირა დღეს, ვითომც სტუმრად მოუყვანია თავისი ნათესავი სიძისაო, ამოიყვანა კოწია ელისაბედის სანახავად. როგორც ვთქვი, ელისაბედი საკმაოდ ლამაზი ქალი იყო: სოფელში ამბობდენ კიდეც: „თლათ დიდკაცური შეხედულება აქ ელისაბედსო”. ხვარამზემ გამოაწყო საჩქაროდ თავისი ქალი და სადილზე დაუსო კოწიას პირდაპირ. ყველაფერში გაბედული ელისაბედ ახლა ისე დამორცხვდა ისე მოკატუნდა, რომ ერთხელაც არ აუღია თავი ზევით. გათავდა ეს ნახვაც და კოწია იმ დღესვე წავიდა შინ. მაგრამ იმ დასაქცევს თურმე კი არ მოეწონა ელისაბედ! რამდენიმეჯერ იყო ამას შემდეგ სუსანა კოწიასთან, ეგება დავითანხმო, შევრთო ელისაბედიო, მაგრამ არ იქნა, ხუმარა კოწია ყოველთვის ამ სიტყვებით ისტუმრებდა სუსანას: „არა, მამიდაჩემო, ელისაბედისთანა მჭლე ქალი მე არ მინდა, ერთი ხვითქი ციცაი გამომინახე, ხვითქიო”. კოწიასთვის ეს საქმე სახუმარო იყო, მაგრამ სუსანას და მისი ქალიშვილისთვის ძლიერ მწარე შედეგი მოჰყვა: ხვარამზემ და მისმა შვილებმა შესწამეს სუსანას, ამ საქმეში გულწრფელად არ იმოქმედაო. „არა, ამ საქმის შესრულება ზდომებოდა, იმას იზამდა, დაგვატაკა კაცი უცფათაი თავზე, ციცაის მოკაზმვაც ვერ მოვასწარი ხეირიანათ! პირდაპირ ვარი ვეღარ გვითხრა და, იგი იყო, ვითომ დეიწყო საქმე ჩვენდა მოსატყუებლად!” - ამბობდა გულდათუთქული ხვარამზე.

- თუ გულით მიენდომებია, ქალის სანახავათ საქმის გაკეთებამდე რეიზა მეიყვანა? ჯერ საქმეს გავაკეთებდი და ქალის ნახვას, დასანიშნავათ რომ მოვიდოდა, მაშვინც ქე მოესწრებოდა! ქვეყანა ასე შობა. ქალის დასანიშნავათ რომ მევიყვანდი, მერე ქე ნახავდა, თუ წევიდოდა! ცოცხალს არ გადუშობდი კარზე! კოწიაზე ვარესი ბიჭი ვიყავი, რომ მიმიტყუეს და ძალათი შემრთეს, ვინც არ მინდოდა, მარა არ მეინდომა და იგია! - ამბობდა ჯერან. რა თქმა უნდა, ამის შემდეგ სუსანა ფეხს ვერ დაადგამდა სიძის ოჯახში. მაგრამ სუსანას დათხოვნით არ დაბოლოებულა ეს საქმე: ხვარამზემ და მისმა ქალიშვილმა შეწამეს რძალს, თითქოს სულაც ამ უკანასკნელის სიტყვით ჩაშლილიყოს ელისაბედის კოწიაზე გათხოვების საქმე. „არ ხედავდი, გაყობოდა დედას და თითო საათს ჩუმათაი ეფუჩუნებოდა! თურმე ჩემი ცოცხლითაი დამარხვა უნდოდა!” - ეუბნებოდა დედას კოწიასაგან დაწუნებული და მით გულდამწვარი ელისაბედ. ამ ეჭვმა ისე დაამტერა ელისაბედ რძალთან, რომ სისხლი შეესვა ამ უკანასკნელის, გული არ მოუშლიდა.

- იცი, ნენა, წუხელის რა დამესიზმრა? - უთხრა ერთ დილას ელისაბედმა დედას, - ვითამ მოვიდა ჩემი რძალი, ამომართვა გული, ჩემი თვალით დევინახე კაკალი გული, გახვია ქახალდში და წაატანა დედამისს.

ელისაბედ არ ტყუოდა, მან ნახა ძილში ეს სიზმარი.

ხვარამზე ისე შეაშინა ამ სიზმარმა, რომ სიტყვის თქმას ვერ ბედავდა. ერთი საათის შემდეგ ის გაემგზარა მკითხავთან.

- დედაც და შვილიც ორივე ყოფილა! - უთხრა მკითხავმა ხვარამზეს. სიტყვა „ყოფილას” განმარტება არ ეჭირვებოდა ხვარამზესთვის, ის ცხადად მიხვდა მკითხავის აზრს, - მელანია და დედამისი მავნე სული ყოფილაო.

რომ დაეფარა ელისაბედ მავნე სულისაგან, მკითხავმა გამოკერა რაღაც შელოცვილი ნივთი ტილოს ნაჭერში, მისცა ხვარამზეს, ელისაბედს შეაბი ყელზეო, შემდგომ მისცა სიტყვიერი დარიგება, თუ როგორ მოქცეულიყვნენ: „ნამეტარი უფრთხილდი დადეგ დღესო” (პირველ სექტემბერს), და ამნაირად დარიგებული გამოისტუმრა შინისაკენ. არ გასულა ამის შემდეგ ერთი თვე, რომ ელისაბედმა მეორე სიზმარი ნახა და უამბო დედას:

- წუხელი ძილში ჩემმა რძალმა ჯერ ქათმის ფინთი ჩამიდვა პირში და მერე ქათმის ფინთში გასვრილი ფეხი მკრა გულზე.

მელანიას საუბედუროდ, ელისაბედ, მას შემდეგ რაც კოწიამ დაწუნებული დასტოვა, ჩამოხმა და ხანდახან ავად ხდებოდა კიდეც. ხვარამზე ყოველ კვირაში დადიოდა ხან ერთ, ხან მეორე, ხან მესამე მკითხავთან. ეს მკითხავებიც მოისმენდენ ხვარამზესაგან ელისაბედის სიზმრებს და იმასვე იმეორებდენ, რაც პირველმა მკითხავმა თქვა: „რძალი და დედამისი მავნე სული ყოფილან და იგინი ჭამენ ელისაბედის გულსო”. თავისი ქალის სიზმრები და მკითხავების სიტყვები ხვარამზემ უამბო ჯერანს. დამწვარზე მდუღარე გადაესხაო, რომ იტყვიან, სწორედ ისე დაემართა ჯერანს: ჯერ უამისოდაც არ უყვარდა ცოლი და ახლა კიდევ ეს საშინელი ამბავი! მელანიას თუმცაღა არ უმხელდა ამ ამბავს, - მკითხავმა უთხრა ხვარამზეს: არ გაიგოს, თვარა წამალი აღარ გასჭრისო, - მაგრამ დედამთილის და მულის საიდუმლო ფუჩუნის და მათი მტრული გამომეტყველებიდან მისდამი მაინც მიხვდა მელანია, რომ მთელი ოჯახი რაღაც საშინელს სწამებდა მას. ბევრი ღამე გაატარებია ამ საიდუმლო ფუჩუნმა უძილოდ მელანიას; ბევრჯერ ჩუმად უტირია მას ამ საიდუმლო საშინელი დაწამების გამო. „გული ამუართვაო, მწამებენ! ამისთანაი საშინელი დაწამება! მე რაფერ შემეძლო გულის ამორთმევა! რეიზა უთხრა იმ დაწყევლილმა მარჩიელმა ამისთანაი ცრუობა? რა მტერობა ქონდა ჩემი! რეიზა უთხრა?” - ყოველ ღამ ამის ფიქრში იყო მელანია. შუაღამე ისე გავიდოდა, რომ არ ეძინა. უკანასკნელ იჭვშიაც შევიდა თავისთავზე:

„რა ვიცი, ეგება, რომ დამეძინება, მერე ეშმაკს მიყავს ჩემი სული და ავ საქმეს ამოქმედებსო”. ერთ ღამეს ამ ფიქრებზე მას მოაგონდა, თუ რამე ახირებული სიზმრები კი უნახავს მის სიცოცხლეში და ისე შეეშინდა, რომ საბანი წაიფარა თავზე და გატვრინა სული. იმ ღამიდან მოწყებული მელანია მუდამ იჭვიანობდა თავის თავზე. იმდენად აუტანელი შეიქნა მელანიას ცხოვრება ქმრის ოჯახში, რომ მელანიამ დაუწყო ქმარს ხვეწნა:

„გამიშვი ბაბასთან, მასთან ვიქნებიო”. „ეგდე! არ ამეიღო ენა, თვარა!..” - დაუყვირებდა ჯერან ამ ხვეწნის პასუხად.

ხანდახან, როცა ძლიერ სასტიკად მოეპყრობოდენ ქმრის ოჯახში, მელანია ქმრის უნებურად დააპირებდა მამისას გაქცევას, მაგრამ ჯერან თოფს წამოავლებდა ხელს და დაუძახებდა.

„მობრუნდი, თვარა, კვერნაი რომ მომიკლავს, ისე გაგწეკვ წელშიო”.

მელანია ვეღარ გაბედავდა წასვლას. მობრუნებული დაეგდებოდა სახლის უკან მიწაზე და ტიროდა. მელანიას მეტადრე აშინებდა ის გარემოება, რომ ჯერან ექადოდა: „მამაშენისას რომ გეიქცე, ჩამოალ და შენიან დედმამაშენიანა ყველას ღორსავით დაგკლავო”. მართალია, ჯერან არ იყო ისეთი სისხლისმოყვარე კაცი, რომ ადამიანის მოკვლა ან დაკვლა ისე ადვილი ყოფილიყოს მისთვის, როგორც ამბობდა. პირიქით, ბევრ შემთხვევაში ჯერან გულსათუთიც იყო, ძლიერ ეზარებოდა გოჭის ან ქათმის დაკვლა, ხარის და ძროხის, მით უმეტეს. მაგრამ ესეც კარგად იცოდა მელანიამ, რომ, როცა გულმოსული იყო მისი ქმარი, ცოფიანს მოგაგონებდა, ისე ლეწავდა სახლში ჭურჭელს და სხვა ავეჯს, რაც მოხვდებოდა. ამიტომაც ფიქრობდა მელანია: „იგი რომ გაცოფდება, ღმერთი აღარ ახსოვს, კაცის მოკლასაც არ დაზოგოვსო!” ჯერან იმიტომ კი არ იჭერდა თავის ცოლს, რომ თითქო ცოტა არის მაინც ყვარებოდეს; არა, ჯერანს სძულდა კიდეც ცოლი, მეტადრე მას შემდეგ, რაც მკითხავებმა უთხრეს, მავნე სულიაო. ის მხოლოდ შემდეგი მოსაზრებით არ აძლევდა ცოლს წასვლის ნებას: „მამამისისას რომ დეეგდებოდეს, მაშვინ რა მენაღვლება, წეეთრიოს და ეგდოს! მარა, რომ გააღიროს თავი და სადმე ქალაქში წეეთრიოს საკახპოთ, მაშვინ ხომ მომეჭრა თავი! ქვეყანა იტყვის - ჯერანის ცოლი საკახპოში აგდიაო! რაც უნდა იყოს, ჩემი სახელი ადევს, რჯულიერი ცოლი ქვია, სახტარზე ქრისტიანულათ ჯვარი დაგვიწერია. არ მოვტყუებულიყავი, კაი იყო და აწი რაღა დროისაა. ავია თუ კაი, გათავდა, აწი ერთად უნდა დავბერდეთ მე და იგიო”. ამავე აზრის იყვენ ჯერანის დედაც და დაც. იმათი ფიქრით, მელანიას ფეხზე უკუღმა მიდიოდა მათი ოჯახი, მავნე სულიც იყო მათი რძალი, მაგრამ ბედმა აგი შეგვახვედრა და აწი რაღა ეშველებაო, - ფიქრობდენ ისინი. ხშირად თვალყურსაც ადევნებდენ რძალს - არ გაიპაროსო.

IX

ერთ დღეს ხვარამზე და მისი ქალი სხვაგან წავიდენ და მელანია მარტო დარჩა სახლში. მაისის ბრწყინვალე დღე იყო. მელანიამ, რაც საჭირო იყო, მიალაგ-მოალაგა სახლში, შემდეგ გამოიტანა სკამი და დაჯდა აივანზე. ის დიდ სიამოვნებას გრძნობდა, რომ ამ წამში მაინც მას არავინ უთვალთვალებდა. ასეთი თავისუფალი წამები, მას შემდეგ, რაც გათხოვდა, იშვიათი იყო მის ცხოვრებაში. აივნიდან ჩანდა აჭარის მთა, რომლის წვეროები აქა-იქ ჯერ კიდევ თოვლით იყო დაფარული და თვალის მომჭრელად ბრწყინავდა მზის სხივებში. მთას გადაღმა ცას რაღაც მკრთალი, მიბნედილი ფერი ედო. მელანია დიდხანს უყურებდა ამ სურათს და ფიქრობდა: - „ნეტაი ამსვა და იქინეი, იმ მთის გადაღმა, დამსვა! რა კაი იქნება! მოშორდი ამ წვალებას, ამ ვაი-ვაგლახს! ვინ იცის, იქინეი რა ანბავია, მარა მაინც, რაც უნდა იყოს!.. ამაზე ვარესი ხომ არ იქნება! მარტო აქაურობის მოშორება რათ ღირს!..” ამ ფიქრებიდან მელანია გადავიდა იმ ფიქრებზე, რომლებზედაც ასჯერ გაუტეხია ძილი: „გევიპარვი აქედან, დევიკარქვი საცხაო”.

ამხელად ერთი კიდევ დიდხანს იტრიალა მისმა ფიქრებმა ამ კითხვებზე და ბოლოს გადწყვიტა: „გევიპარვი, გევიპარვი და დროიც ახლა მაქო”.

ამ გადაწყვეტილებით მელანიამ ამოალაგა თავისი ზანდუკიდან ტანისამოსი, რაც საჭირო იყო, ჩაიცვა; ახალი წუღები, ქარვა და ბეჭედი, რომლითაც ის პირველად დანიშნა ქმარმა, გაჯავრებით ჩააბრუნა ზანდუკში: „აგი არ მინდაო”; ის კაბაც დატოვა, რომელიც ჯვარისწერის დღეს ეცვა: „არც აგი მინდაო”; დასინჯა ყუთში რაღაც წვრიმალი ნივთები, ამოიღო უმარილის სადაფი. „ამას წევიღებ, ნენაის ნახელავიაო”; მერე ნახა თითბრის სათითური, „ამასაც, - ბაბაის მოტანილიაო”; ჩაიდვა ჯიბეში თეთრი ძვლის სავარცხელი, „ჩემი აფხანაგი ფოტინაის ნაჩუქარიაო”. ბოლოს დახურა ყუთი ამ სიტყვებით: „მეტი არაფერია შიგ, არც მინდაო”. ის ჩქარობდა, რომ დედამთილს და მულს არ მოესწროთ, ან სხვა გარემოებას არ შეეშალა ხელი განზრახულის აღსრულებაში. რამდენიმე წამის განმავლობაში საქმე მზად იყო, წასვლის მეტი აღარა აკლდა რა. მაგრამ ეგ წასვლა არ იყო ადვილი.

მელანიამ დაიკავა ხელში მოკრული ფუთა და დაჯდა ლოგინზე. „რა ტყუილად მოემზადე!” - თითქოს ვიღაცამ გარკვევით ჩასძახა მას გულის ყურში. დიდხანს იყო მელანია დაფიქრებული, ბოლოს დადვა მოკრული ფუთა ლოგინზე და თქვა: „არა, ამას ვერ ვიზამო”. მას გაახსენდა თავისი მული და დედამთილის სიტყვები: „მიწაში, ქვესკნელში რომ ჩაძვრე, იქიდან ამოგათრევს შენი ქმარი და მაშვინ უყურე შენს სეირსო”. გაახსენდა ისიც, რომ ერთი მათი მეზობლის ქალი დაჭერილი მოაყვანია მამასახლისმა და ჩააბარა ქმარს. გაგონილი ჰქონდა მელანიას ის შემთხვევაც, რომ ერთმა გლეხმა მიაგნო სადღაც ქალაქში თავის ცოლს და დამბაჩით მოკლა. „უშველოს ღმერთმა, ყაძახი იგი ყოფილა, ასთე უნდოდა იმისთანა ბოზ დედაკაცსაო”, - ამბობდა ამ შემთხვევის გამო ხალხი. ხმა გამოვიდა, რომ პოლიციამ მოუწონა გლეხს ეს მკვლელობა და „ფიქრი ნუ გაქ შენ, ამიზა ციმბირში არ გაგზავნიანო”, - უთხრაო. ხვარამზე და მისი ქალი განზრახ უამბობდენ ერთმანეთს მელანიას გასაგონად სხვადასხვა შემთხვევას, თუ როგორ სარტიკად დაუსჯიათ ცოლი ზოგი თვითონ ქმარს, ზოგი სასულიერო მთავრობას და ზოგი პოლიციას, ქმრის სახლიდან გაქცევისთვის. ახსოვდა მელანიას ჯერანის მუქარაც: „იცოდე, რომ გეიპარო, შენიან, შენი ჭირისუფალიანა, ყველას ღორსავით დაგკლაო”. „ჩემი გულისთვის ბაბას, ნენას, ჩემ დებს და ძმებს მოკლავს”, - გაიფიქრა მელანიამ და ჟრუანტელმა დაუარა ტანში. გაახსენდა ისიც, რომ ქმრის ოჯახში ყველა ამას ეუბნებოდა: „შენ იმისთანაი გვარი გაქ, თუ თავი ხელათ იშონე, საკახპოში გეიქცევიო”. ეს შეწამება მელანიას შესახებ გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ მელანიას ერთმა ბიძაშვილმა უგვირგვინოდ შვილი შობა და ბოლოს სადღაც გადაიკარგა. „გამაგრდი, არ გაუმართლო სიტყვა დედამთილს და მულს”, - ეუბნებოდა თავმოყვარეობა მელანიას. მაგრამ ყველა ზემოჩამოთვლილს გარდა იყო ერთი რამე, რის გამოც მელანიას არ შეეძლო ქმრის სახლის მიტოვება და მართლაც ტყუილად მოემზადა გასაპარავად. ეს ანდამატი, რომელიც ასე იჭერდა და არ უშვებდა მელანიას ქმრის სახლიდან, გახლდათ პატარა ლუკა, ერთი წლის ვაჟი მელანიასი. პირველად წასვლა რომ გადაწყვიტა მელანიამ, ლუკასაც წაყვანას უპირებდა, მაგრამ შემდეგ გაიფიქრა: „აბა სად უნდა წევიყვანო, თვითონ მე სად მივალ, რომ არ ვიცი! ისევ გევიმაგრებ გულს. დავტიებ, კი გამიჭირდება, მარა რა ვქნა, მისდა უკეთესი იქნება; იგი ყველას უყვარს და მოუვლიანო”. ამრიგად ის აპირებდა ლუკას დატოვებას. მაგრამ როცა ყოველივე მოამზადა და შეხედა აკვანში მძინარე ლუკას, რომელიც ის იყო უნდა დაეტოვებია, გული რაღაც სიტკბოებით დაუამდა და მუხლები მოეკვეთა. „სხვაი ყველაი რომ აფერათ ჩავაგდო, ამას მაინც ვერ დავტიებ, ტყუილია, ვერ დავტიებ!” - გადაწყვიტა თავის გულში მელანიამ და წასაღებად მომზადებული ნივთები ხელახლა ჩააწყო ზანდუკში.

ცოტა ხნის შემდეგ გაიღვიძა ბავშვმა. მელანიამ საჩქაროდ ამოიყვანა იგი, მიიკრა მკერდზე, თან ძუძუს აძლევდა და კიდეც კოცნიდა. ბავშვი კარგა ხანს მადიანად ჭამდა ძუძუს, შემდეგ გაძღა, დაეთხოვა და ახლა ეტიტინებოდა დედას თავის გაუგებარ ენაზე. მაგრამ ისე მჭერმეტყველურად გამოთქმული სანუგეშო სიტყვები ვერ ანუგეშებს ადამიანს, როგორც ეს გაუგებარი ტიტინი ანუგეშებდა მელანიას, ლუკა, მხოლოდ ლუკა ენთო იმედის ლამპარად მელანიას ტანჯულ გულში. მართალია, ჯერან ხშირად ამბობდა: „დედა რაა შვილის? დედა ტომარაია, მეტი აფერი. შვილი მამისაა, მამის გვარი ეთქმევა, კალონით შვილი მამას ერგებაო” და სხვა. ხვარამზე და მისი ქალი ლუკას ხუმრობით ასწავლიდენ: „დაატი, დაატი დედასო”, - ლუკაც ვითომ და სცემსო, უფაჩუნებდა თავის პატარა ხელებით დედას სახეზე, მაგრამ მელანია კი ჩაიკრავდა ამ დროს შვილს გულში და მხურვალედ ჰკოცნიდა. ეს იყო დედის სიყვარული შვილისადმი, რომელიც მაღლა დგას დედისთვის ყოველივე ცხოვრების ანგარიშზე. თუმცაღა თავის ლუკაზე ისეთ იმედებსაც ამყარებდა მელანია, რომლებიც უფრო ცხოვრების ანგარიშს ეხება, ვინემ უანგარო სიყვარულს: „აგერ გეიზდება ჩემი ლუკაი და მერე ტკპილათ ვიცხოვრებ, ავათ მოპყრობასაც ვერვინ გამიბედავსო”. მაგრამ ამ დროს რომ დაგერწმუნებიათ მელანია: „ლუკა როცა გაიზდება, შეგიძულებს, ჯერანზე უარესადაც მოგეპყრობა, გაგაგდებს კიდევაც სახლიდან, ჯობს ახლავე მოიშორო, მიატოვოო”, მელანია გიპასუხებდათ: „რაც უნდა მიქნას ლუკამ, მე მაინც ვერ მოვიძულებ, მაინც მიყვარს იგიო” და თან ისევ ისე მგრძნობიარედ ჩაკოცნიდა თავის პაწია ვაჟს. განა ცოტა იცოდა მელანიამ მაგალითები, რომ შვილი დედას ცუდათ ეპყრობოდა: სცემდა, სახლიდან აგდებდა, მაგრამ არც ერთს ამ მაგალითთაგანს არ შეურყევია სიყვარული თავისი პაწია შვილისადმი.

ერთი-ორი საათის შემდეგ სრულიად დამშვიდებულმა მელანიამ, მის მაგიერად, რომ, როგორც თვითონ ფიქრობდა, სამუდამოდ გამოსთხოვებოდა ქმრის ოჯახს და გადაკარგულიყო სადღაც შორს, დაიკავა ხელში თავისი პატარა ვაჟი და გადავიდა მეზობელ თეკლესთან.

თეკლე, რომელიც ერთ ადგილას ამ მოთხრობაში აქამომდეც გვყავს მოხსენებული, მოხუცი ქალი იყო, მეტად გულკეთილი, სოფლის დედაკაცს რაც შეეფერება, ჭკვიანი, გაგებული სიტყვა-პასუხის პატრონი. მელანიამ ადრე გაიგო, თეკლეს თანამგრძნობი კეთილი გული აქვსო და ორ-სამჯერ მასთან ლაპარაკის შემდეგ ისე დაუახლოვდა მას, რომ ყოველივე თავისი ხვაშიადი შეეძლო გაემხილა მასთან. „ღმერთმა აცოცხლოს ჩემი ნუგეშისმცემელი და მასტავლებელი თეკლე! იგი რომ არ ყოფლოყო, აქამდი, სხვაი თუ არა, წყალში გადავარდებოდიო”, - ამბობდა მელანია და, ცოტა არ იყოს, ხშირ-ხშირად დადიოდა თეკლესთან. რისთვისაც მას უწყრებოდენ მული და დედამთილი: „რაა, ნეტაი, სულ თეკლესას, სულ თეკლესას! შენს ოჯახში ეკალი ხომ არ ამოგსლია, რავაც მეიცლი, რომ მაშინათვე თეკლესთან მირბიო” - უწყრებოდენ, მაგრამ მელანია არ იშლიდა სიარულს, და უფრო სასტიკი ზომების მიღებას დედამთილი და მული არ ხედავდენ საჭიროდ, რადგან დარწმუნებული იყვენ, რომ თეკლე ცუდს არას ურჩევდა მათ რძალსა და თვითონაც ხშირი სტუმარი იყვენ თეკლესი, როგორც კარგი მეზობლისა. ხვარამზეს და მის ქალს თუ ეზარებოდათ თეკლესთან ხშირი სიარული რძლისა, მხოლოდ იმიტომ, რომ ქმრის ოჯახის საიდუმლო არ გადაეცა მელანიას: „ვინც უნდა იყოს, ოჯახის საიდუმლო არ ითქმება მასთან, შენი ოჯახის ამბავი გარეშემ თავის დღეში ვერ უნდა გაიგოსო”.

- რა შვილი გყავს, მელო, რა შვილი! ამის დედამ ყოლიფერი უნდა ეიტანო, - უთხრა თეკლემ მელანიას მისვლის დროს, გამოართვა ბავშვი ხელიდან და ჩაკოცნა.

- მართალს ჩივი, თეკლე, უნდა ევიტანო, მარა ნამეტარი მომძულდა თავი, ქე ვიფიქრებ მე ცოდვილი, არც შვილის ჯავრი მაქ, არც რაი, თავს ვუშველი-მეთქი. დღეს რაცხა ისე მომექცა გული, რომ პაწია დამაკლტა, კაღამ... - მელანიას ტირილმა მოუსწრო და ვეღარ დააბოლოვა სიტყვა.

- კაღამ რაი?

- კაღამ გადვირიე, კაღამ გევიჭერი საცხა! - თქვა მელანიამ, რომელიც ცდილობდა ზრდილობა მოეხმარა და სხვის ოჯახში არ ეტირა.

- გადირიე, ქალო, რას ქვია გაჭრა! აგერ ანგელოზსავით შვილი გეზდება. მოითმინე პაწია და მერე ისე წავა შენი ცხოვრება, რომ ღმერთს მადლოდე.

- ღმერთმა შენი თავი, ნუ მომიშალოს, თეკლე, სულ გულს მიკეთებ და მაიმედებ, მარა ნამეტარი გლახა ყოფაში ვარ; ათასნაირათ კი მევინდომე შეფერება და არ იქნა.

- მართალია, შვილო, ძალიან. გასაჭირი საქმეა! რას ჩივი. სხვისი და სხვისი შვილი ჯერ ერთმანეთს ვერც ქე იცნობენ, ისე შეხთებიან ცოლ-ქმარათ! თუ იღბალმა ქნა და კაი თვალზე შეხედეს ერთმანეთს, იგია, ქე იცხოვრებენ, თუ არა. ძნელია! ნამეტარი ძნელია! მარა სულგრძელობის მეტი არაფერი გეეწყობა. ხომ იცი, შვილო, თუ ერთი დეისკვნა, მერე ცოლქმრობა აღარ დეირღოვა. შენ კიდო რა გიჭირს! რამდენი შენზე ვარესი მინახავს და გამიგონია, ჰმ! მარა რას იზამ, ასეა ჩვენი რჯული, სიცოცხლეში ცოლ-ქმარი ვეღარ მოსცილდება ერთი მეორეს. შენ გგონია, შენს ოჯახს უხარია ასე ყოფნა, გადაკიდული რომ ხართ? იგინიც წუხლარიან, მარა რა ქნან? რამდონჯელ უტირია შენს დედამთილს ჩემთან, - თავობიდან იმას ვცთილობდი კარქათ ვყოფილიყავით, ტკპილათ ვყოფილიყავით ოჯახში და არ იქნაო. ერთი გზობა შენმა ქმარმაც მითხრა, ჩემი ჯანი ოჯახის კეთებას შევალიე, კარქა ვიცხოვრებ-მეთქინ, ვფიქრობდი, მარა რაცხა ესე მეირთო ჩემი საქმე, რომ აღარ იქნაო. ასეა, შვილო, იგინიც არ არიან ავი სულიერები, ჩვენ ქვეყანას იგინზე უკეთესი პირის და სამართლის ადამიანები არ მეიძებნება. მარა რაცხა ესე უკუღმა მოეწყო საქმე, იგინს შენ არ უყვარხარ და შენ იგინი! ძალიან ძნელია ასე ყოფნა, მარა ახლა მოთმენის მეტი აღარ გიეწყობა. შენი კაი ქალობა იგი იქნება, მეითმინო და შუუფერო, ამასობაში, იგია, შვილიც გამოგეზდება, იგინიც გულს დეიდუმებენ და ესე კარქა წავა შენი ყოფნა, რომ შენც არ მიელოდე! აბა რავა გგონია, თუ იცი? მერე კიდევ, რაც ქალს ამისთანაი შვილი გყავს, ამის დედამ ყოლიფერი ტანჯვა უნდა დეივიწყო! აგი, ანგელოზი! - თეკლემ კიდევ ჩაკოცნა ბავშვი.

- სტორეთ, სტორეთ, თეკლე, აგი ანთია ჩემ დაღამებულ გულში სანთლით, აგი რომ არ მყავდეს, რა ვიცი, რას ვიზამდი, - უთხრა მელანიამ თეკლეს და ჩაიკრა შვილი გულში.

კიდევ დიდხანს ილაპარაკეს თეკლემ და მელანიამ. თეკლე გადავიდა სხვადასხვა ამბებზე. იმდენი რაღაც გასართობი ძველი და ახალი უამბო, რომ მელანია კმაყოფილი გულით და დამშვიდებული სულით დაბრუნდა შინ.

X

ზაფხულის ღამე იყო, მაგრამ უმთვარო და მოღრუბლული. ხანდახან გაანათებდა ელვა და სადღაც შორს-შორს გაისმოდა ქუხილის გუგუნი. საწვიმრად მომზადებულ ბუნებაში მძიმედ ჩასძინებოდა სოფელს. ჯერან ტევრიძის ოჯახში ყველას ეძინა. გარდა მელანიასა. ეს უკანასკნელი კი წამომდგარიყო ლოგინიდან. ჩვეულებრივად შემოედგა თავზე ხელი და ნიდაყვი დაებჯინა თავის ზანდუკზე; ელვაზე დაინახავდით, რომ ლოგინის მეორე მხარეს ეძინა ჯერანს. მხოლოდ ამათი ვაჟი - ლუკა აღარსად ჩანდა.

„რაც უნდათ, იგი თქვან მერე!” - ჩაიფუჩუნა მელანიამ და განაგრძო ნაჭერ-ნაჭერად ფიქრი, - „გული არ გეიტეხო, რას ქვია, ჯერ კიდევ ბაღანაი ხარ, ეგება იმისთანაი ბედნიერება მოგელის, რომ შენ ბედს ძაღლმა არ დაჰყეფოსო”, მითხრა თეკლემ. რა კაი გულისაა! ყველა უბედური ანუგეშოს უნდა. კაია ნუგეში, თუ გწამს... მარა მე აღარ მწამს... წევიდა იგი დროი, რომ ვფიქრავდი, აი დღეს, აი ხვალ უკეთესათ შეიცვლება ჩემი ყოფნა-მეთქინ!.. რა კაია ბაღნობა!.. რაზე გამახსენდა ახლა ბაღნობა?.. რავაც კაი ტკბილი სიზმარი, ესე მახსოვს ჩემი ბაღნობა... იმ ღამეს რომ სიზმარი ვნახე, ვითამ მე ნიკოს ცოლი ვიყავი, ახალი სახლი გვქონდა, ჩემი ლუკაი თეთრი პერანგით თამაშობდა ეზოში. ვითამ ჩემი და ნიკოს შვილი იყო. რავა სიყვარულით მიმზერდა ნიკო! მაინც სიზმარში ხანდახან ყოლიფერი ესე კარგათ არის, რომ ცხადათ თავის დღეში არ იქნება... მარა იმ ღამეს საშინელი სიზმარი ვნახე! კლტეი იყო, დაბლა ზღვასავით ბნელი იდგა. რაცხამ გადამაგდო და წევედი უფსკრულში. არსა აღარ იყო ფსკერი, მივფრიალებდი ესე. რა შემეშინა!.. რომ გევიღვიძე, სული შემგუბებოდა. ნეტაი რაა სიზმარი? ნენამ მითხრა, კაცს რომ დიეძინება, სული გაფრინდება და იგიაო. მერე ნიკოს ცოლი რომ არ ვყოფილვარ მე, რეიზა დამესიზმრა?.. რა კაი იქნებოდა, ნიკოს ცოლი რომ ვყოფილიყავი, მარა ვინ იცის? ეგება ქე შეგვძულებოდა ერთი მეორეს. ბევრი ქნილა ამისთანაი... არა, ტყუილია! ერთი გზობა თუკი გიყვარდა კაცს, იმას მერე ასთე მაინც ვერ შეიძულებ. რავარც მე ვძულვარ ჩემ ქმარს. ოცჯელ კი მითხრა - შენ არ მოკტები და სხვაი ყველაო. მართალია! იმას მერე ვითამ და რავაღა ვარ ცოცხალი!.. ღმერთმა იცის, ათასჯელ კი მინატრია სიკტილი. არ მოვკტი! რაა ახლა აგი, ყოლიფერი რომ გამახსენდა? რაღათ მინდა ახლა აგინი? მესამე გზობაა აგი რომ მემართება: ვფიქრავ, ვფიქრავ, ყოლიფერი გამახსენდება და ბოლოს აღაფერი! იმ დღესაც ასთე დამემართა - ვფიქრე, ვფიქრე, ბოლოს ფიქრით მოღალული მივედი წყლის პირზე, შემეშინა და ქე დავბრუნდი შინ. ერთი უწინ კიდევ მევიტანე ფიშტო - მქონდა, მქონდა ხელში, ვეღარ გავბედე და ისევ შევინახე. ნახავ, ახლაც ასე თუ არ დამემართოს!.. ამისთანა დროს ფიქრი ვის გუუგონია! უცფათაი უნდა... და გათავდა! მახსოვს, ბაღნობას ცოფიანმა დამსუნა. მომიტანეს ცოფის წამალი, მარა არ იქნა ვერ დავლიე და ვერა. რავაც მივიკარებდი პირთან, გულზე წამომაზიდებდა და ვერ დავლევდი. არ დამელია, საშველი არ იყო. ბოლოს მივედი, უცფათაი დავხუჭე თვალები და გადვუშვი პირში. გათავდა, სულაც არ იყო ისე საშინელი, მე რომ მეგონა... რა კაია ბაღნობა! მე და ნიკო რომ დავპარპალდებოდით ქედში წაბლიზა! ბაღანაის გული სამოთხეა! - ერთი გუშხამ მესიზმა კიდევ: მე და ნიკო ვითამ ესევე ბაღანაი ვიყავით და ერთათ ვთამაშობდით. ესე ტკპილათ კი გამომეღვიძა მაშვინ; რომ!.. ნეტაი არ გამომღვიძებოდა!.. ღმერთო, რა და რას მოვყვები!.. ვის ეწყინება? ნიკოს ეწყინება, ეგებ კიდეც ატირდეს. ნეტაი ერთი მანახვა ახლა! ჯერ ცოლი კიდევ არ შეურთავს თურმე. ნენას, ბაბას, დებს, ძმებს? უწინ ყველას ვუყვარდი და მას მერე ყველამ შემიჩვენა. რამდონი ხანია თვალაი აღარ შემივლია არც ერთიზა! ნეტაი იგინს თუ ენატრება ჩემი ნახვა, რავაც მე იგინის? რა სულელი ვარ! თუ ენატრეაბოდეს, ვინ დუუშლიდა! რომ შევსძულდი, შევსძულდი ყველას! რეზა შეცთიო? რა ვიცი, რეზა შევცთი! ისე იყო ჩემი საქმე მოწყობილი და შევცთი! თლათ იგინია დანაშაული ჩემ შეცთომაში! არა ვითამ? აბა მე ვარ? რა ვიცი, გეიგებს კაცი, ესეა მოწყობილი ჩვენი ყოფნა!.. ნეტაი ლევანს თუ ეწყინება? არა, იმას არ ვუყვარდი, თვარა არც ისე მომიძულებდა! მე ამ დღეში ჩამაგდო, თვითონ ცოლი შეირთო და არის ტკპილათ!.. მატყუებდა მიყვარხარო! ვითამ და რა უნდა ექნა? მე ხომ ვერ შემირთავდა ქმრიან ქალს? ესე წევიყვანე საქმე? ჯერანს რომ, კაი, გადავრჩენოდით, კანოლი არ გაგვიშობდა. ძალიანი უბედურათ არის ქალის საქმე! ყაძახის ქალი ნამეტური დაჭირულია! ჯერ დედ-მამაა შენი ბატონი და მერე ქმარი! ხმაის ნება არც ერთთან არ გაქ! რომ განწვალონ, მაინც იმათ ხელში უნდა დარჩე, სანამდი ცოცხალი ხარ! აბა, სხვაი რა გაგივა? გეიქცევი? რა გამოვიდა მერე? რამდონი გეიქცა, მარა ზოგი დაჭერილი მეიყვანეს, ზოგი ქმარმა მოკლა და ზოგი ჭირმა დაალპო. თაობიდან არის ყოლიფერი უხეიროთ მოწყობილი და იგია!.. რათ მინდა ახლა, ამას რომ ვფიქრავ! დასწყევლოს ღმერთმა, ერთი ფიქრიდან მეორეს გავყვები და მერე აღარ გათავდება! ფიქრი? ფიქრს რა გაათავებს! ფიქრი მაშვინ გათავდება!.. მაშვინ ყოლიფერი გათავდება!.. რამდონზე ვაგვიანებ, იმდონზე ვარესია. ცოფის წამალი რომ არ დავლიე, იმის არ იყოს, უცფათაი დაჭუტე თვალები და გათავდა!” მელანია ნელა წამოდგა ლოგინიდან და გაჩერდა.

„ვაიმე, მაშინდულა გული მისუსტდება და მიკანკალებს!” - ჩაიფუჩუნა და დაუმატა: „არ შემიძლია!” ხელახლავ დაჯდა ლოგინზე. დაჯდომის დროს ლოგინმა თუ იატაკმა დაიჭრიალა, ჭრიალზე ჯერანმა გაიღვძა და „ვაიშვილოო”, დაიძახა ზმორებით. მჯდომარე არ დამინახოსო, გაიფიქრა მელანიამ, დაწვა და წაიხურა თავზე საბანი, თითქოს სძინავსო.

მართალია, ჯერ არაფელი მითქვამს მის შესახებ, რომ იმ ხანად ჯერან ტევრიძის ოჯახში ორი სამწუხარო შემთხვევა მოხდა. რადგანაც მისი დაწვრილებით აწერა მეტად გააჭიანურებდა ჩვენ მოთხრობას, მოკლედ გიამბობ, მკითხველო, ამის შინაარსს.

***

ერთ ყმაწვილ კაცს, ჯერანის ახლო მეზობელს, ძლიერ მოსწონდა მელანია. „რაცხა იმფერი ეშხიანია, იმისთანაი საყვარელი ენა აქ, რომ მისი გულიზა დადნებიო”, - ფიქრობდა მელანიას შესახებ ეს ყმაწვილი და თან ძლიერ ემდურებოდა ბედს, რომ მელანია მას არ შეახვედრა ცოლად. ერთ საღამოს მელანია ძროხების მოსადენათ წავიდა. მაისის იაკამა დარი იდგა: მწვანე ბუჩქებით და ტყეებით დამოსილ ბუნებას გულის დამატკბობელი შეხედულება ედვა. მელანიას უყვარდა ბუნების ამნაირი მდუმარება. მის დაღონებულ გულს რაღაც ერთგვარი სიტკბოება ედებოდა, როცა უმზერდა საღამოს ლურჯი ცის ქვეშ დადუმებულ მწვანე ქედებს, ბუჩქებს და პატარ-პატარა მინდვრებს, აქა-იქ ყანებით აჭრელებულს. ის მიდიოდა ნელი ნაბიჯით და თან ესიყვარულებოდა ბუნებას. გაიარა ვიწრო, მწვანე მინდორი; გავიდა პატარა მდინარეზე, რომელიც, თითქო რაღაცას ლაპარაკობსო, ისე ჩუმი, საიდუმლო დუდუნით გარბოდა წვრილი, შავი ქვით მოფენილ კალაპოტში. აუარა გვერდი ყანას, რომელშიაც ლურჯ-მუქის ფერ ზღვასავით გადაშლილიყო ახალამოსული სიმინდი; უკანასკნელ, მელანია შევიდა ერთ ბუჩქნარში, რომელშიაც მიდიოდა ძლივს შესამჩნევი ბილიკი. როცა მიაწია იმ ადგილს, სადაც ბილიკი ორად იყოფოდა, მელანიას შემოესმა ფოთლების შრიალი. „სუ, ძროხა თუა!” - იფიქრა ქალმა, შეჩერდა და გაიხედა იქით, საიდანაც შრიალი მოესმა. მაგრამ ძროხის მაგიერ ბილიკზე გამოვიდა ლევან (ის ყმაწვილი, რომელსაც მელანია მოსწონდა) და მორცხვად უთხრა მელანიას:

- საღამო მშვიდობის.

ხშირ სუნთქვაზე ეტყობოდა, რომ ყმაწვილი კაცის გული ძლიერ მღელვარებდა. მელანიას თუმცაღა ცოტა გაუკვირდა, „რას უცდიდა აი კაცი აქანაიო”, მაგრამ მღელვარება კი არ შეუმჩნევია.

- ჩემი ძროხები ნახე ეგება? - ჰკითხა მან ყმაწვილ კაცს და როცა პასუხად მიიღო: „ეგერაა ყველაყაი, გადაღმაო”, აპირებდა წასვლას, მაგრამ ლევანმა გადაუღობა გზა და ხმის კანკალით უთხრა:

- შენთან სიტყვა მაქ.

- რა სიტყვა? - ჰკითხა გაკვირვებულმა მელანიამ.

- იგი სიტყვა, რომ დევიწვი კაცი, შენმა მზერამ დამწვა! - მღელვარებით უთხრა ლევანმა და სახეზე ალმური მოედვა.

მელანიასათვის ეს სიტყვები სრულიად მოულოდნელი იყო, მაგრამ მაინც კი სწრაფად უპასუხა ლევანს:

- ლევან, თუ კაცის ნამუსი გაქ, დამეთხუე! ყოლიფერში უბედური რომ გამუა ადამიანი, მე ვარ! ჩემ სიცოცხლეში იმისთანაობა გულში არ გამივლია და შენ მაინც გიფიქრია, ვითამც მე იმნაირი ქალი ვიყო!

- ვერ დაგეთხოვი! ვიცი, მიუკარებელი ხარ, მარა მაინც ვერ დაგეთხოვი!

- აბა, რას აპირობ, ძალას? აბა, ჰა, გაბედე თუ კაი ბიჭი ხარ! - მუქარით უთხრა მელანიამ და დააპირა წასვლა, მაგრამ ლევამა მოჰკიდა ხელი და უთხრა:

- ვერ გაგიშობ, ჩემი გულის ამბავი თუ არ შეგატყობიე, ისე ვერ გაგიშობ!

- იცოდე ლევან, თავს შემოგაკლავ და საიმგვაროთ არ დაგნებდები! - თავგანწირულებით მიუგო მელანიამ.

- იმას არა, ისთე, ტყუილაი, თითო პირს შენთან ყოფნის ნებას მომცემ?

- არა, ლევან, გაფიცებ, ხელი ეიღო ჩემგან!..

- თითო პირი ტყულაი, ესე ერთათ ყოფნა და ლაპარაკი?

- ღმერთო! მოდი ჩვენსას და იყავი ვინ გიშლის?

- თქვენსას ვერა, თქვენსას რომ მუალ, შემოხედვასაც ვერ ვბედავ, სადმე სხვაგან.

- მერე რაი, რა გვაქ სალაპარაკო?

- მე მაქ, - თუ ვინმე გიყვარს, სულ იმასთან იყო და ილაპარაკო გინდა კაცს. შენ მიყვარხარ, ტყვია მომხთეს ამ გულში, თუ ჯერ ესე მყვარებოდეს ვინმე, რავაც შენ!

- რეიზა, ლევან, სხვას ყველას ვძულვარ და შენ რა ჩემმა უბედურობამ შეგაყვარა ჩემი თავი? ან რათ გინდა ჩემი სიყვარული?!

- რა ვიცი, კი გაჩდა ამ გულში და, რა ვიცი! შენ გულს... შენ გულს არაფერი შეუტყვია? - ამ კითხვის დროს, ცოტა დააკლდა, კინაღამ ცრემლები არ გადმოსცვივდა ლევანს თვალებიდან.

მელანიამ შეხედა და მოაგონდა ნიკო მოახლიშვილი. ნიკომ იცოდა ასე მგრძნობიარედ შემოხედვა, როგორც ახლა უმზერდა მას ლევან. ამ მოგონებამ ცოტაოდნად მოალბო მელანიას გული.

- ჩემი გული რას შეიტყობდა? მე მიმაჩნიხარ ესე, რავაც ერთი კაი მეზობელი.

- მეტი არაფერი? რა ცრუობა ყოფილა, რომ იტყვიან, გული გულს იცნობსო. ახლა მითხარი, მაძლევ თუ არა ნებას თქვენსას არა, სამე სხვაგან, ჩემს მეტი რომ არ იყოს ესე?

- ლევან, ტყულაი ერთათ ყოფნით და ლაპარაკით შენ არაფერი გაგიკეთდება და რომ შეგვიტყონ, ჩვენ არჩივ ქვეყანას ქე დააქცევენ. ხომ იცი, ჩვენი ოჯახის ამბავი!

- ვერ შეგვიტყობენ, ვერა! ნუ მომკლავ! მითხარი, კი-თქვა.

- ღმერთო! ლევან, არ ჯობს, დამიჯერე!..

- სამშაბათს აქანაი დაგხთები.

- ნუ, ლევან, თვარა ბოლოს შენც გეწყინება რეიზა ვქენი აგიო!..

- სამშაბათს ამ დროზე, მაძლევ თუ არა სიტყვას?

- არ ვიცი, ეგება ქე მევიდე, ნამდვილს ვერ გეტყვი.

- კაი, თუ გული გიზამს, მომატყუე. ჩემდა თავათ სამშაბათს აქანაი გიცთი, იცოდე.

ამ სიტვებით დაშორდენ იმ დღეს ლევან და მელანია ერთმანეთს! „ნამდვილათ მუალ-მეთქინ ხომ არ მითქვამს. არც მივალ”, - ფიქრობდა პირველად მელანია და უნდოდა დავიწყებოდა ის შემთხვევა, ლევანის იმდღეინდელი შეხვედრა. მაგრამ არ იქნა, არ ავიწყდებოდა. წინააღმდეგ, ატყობდა, რომ, იმ დღიდან მოწყებული, მის გულში რაღაც ცვლილება მოხდა: რაღაც აშინებდა, თან რაღაც უხაროდა. ერთ ღამეს დაესიზმრა, რომ ლევან და ის ეხვეოდენ ერთმანეთს. შემდეგ კიდევ ნახა სიზმრად - თითქო ლევან იგივე ნიკო მოახლიშვილი იყო და ისე უყვარდა, რომ ისეთ მძლავრ სიყვარულს ენით ვერც კი გამოხატავს ადამიანი. ყოველ შემთხვევაში მელანიამ გადასწყვიტა არ მისულიყო ლევანთან პაემანზე. მაგრამ მოაწია თუ არა პაემანის დღემ, მელანიამ შესცვალა თავისი გადაწყვეტილება: ის ჩვეულებრივზე ერთი საათით ადრე წავიდა ძროხების მოსადენად, რომ ლევანს შეხვედროდა დანიშნულ ადგილას. როცა ლევანმა უთხრა მას: „აბა მოვეფაროთ იქით და პაწა ხანს ვილაპარაკოთო”, მელანია თანახმა გაუხდა, მხოლოდ ეს კია, რომ ჯიბიდან ამოიღო პატარა ყვითელტარიანი დანა, აჩვენა ლევანს და უთხრა:

- აა, ხედავ ამას? იმისთანობა რომ რამე იფიქრო და ძალით მომერიო, შენ თუ ვერა, ჩემ თავს შენ თვალწინ დევიკლავ.

- იმ დღესაც გითხარი მიყვარხარ და შეყვარებულთან ძალადობას, აბა, რავა იზამს კაცი! მხეცი ხომ არ ვარ! - უპასუხა ლევანმა გულწრფელად.

კარგა ერთ საათს ისხდენ მელანია და ლევან ერთად. ლევან უამბობდა, თუ პირველი გაცნობისთანავე როგორ „სხვაფერათ შეექნა გული მასზე”, თუ როგორ ესიზმრა ერთ ღამეს, ვითომ მელანია მისი ცოლი იყო და სხვა ამგვარებს. მელანია გაჩუმებული უგდებდა ყურს და მხოლოდ ხანდახან იტყოდა თითო-ოროლა სიტყვას: „მერე”, „ჰო”, „კი” და სხვა ამისთანას. მაგრამ ლევანის საუბარმა, რომელშიაც ისმოდა გულწრფელობა და უტყუარობა, საკმაოდ იმოქმედა მასზე. მოშორების დროს ლევანმა და მელანიამ კიდევ დანიშნეს პაემანი, კიდევ შეხვდენ ერთმანეთს, კიდევ ბევრი ილაპარაკა ლევანმა თავის გრძნობებზე. მელანიამ მეორე ნახვის დროს მხოლოდ თავის სიზმრები უამბო ლევანს. განმეორდა ასეთი პაემანი და ნახვა რამდენიმეჯერ. ყოველი ნახვის შემდეგ ლევან უფრო და უფრო ვრცელ ადგილს იჭერდა მელანიას გულში. მელანია დარწმუნდა, რომ ლევან ერთადერთი ადამიანი იყო მისთვის, რომელთანაც შეეძლო გამოეთქვა თავისი გულის პასუხი. მართალია, მელანიას ასეთ ადამიანად ლევანის გაცნობამდე თეკლე მიაჩნდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ლევან გაიცნო, დარწმუნდა, თეკლეს ისე სრულიად არ შეეძლო მისი გულის გაგება, როგორც ლევანს. ლევანი და მელანია თითქოს ხედავდენ კიდეც ერთმანეთის გულს, ისინი მარტო სიტყვით კი არა, თვალებითაც ელაპარაკებოდენ ერთმანეთს, გაეგებოდათ ერთმანეთის გრძნობები და თანაუგრძნობდენ ერთმანეთს. ამნაირი ერთმანეთის გაგებით და თანაგრძნობით უნდა აიხსნას ის, რომ მელანიას შეუყვარდა ლევან. ახლა მელანიასთვის ის წამი იყო ნეტარების წამი, როცა ლევანს უმზერდა. ის აღარ ემუქრებოდა ლევანს, „იმგვარობა არ იფიქრო, თვარა დანით დევიკლავ თავსაო”. ლევან რომ გაგიჟებულიყო და დანით მოენდომებია მელანიას დაკვლა, მელანია ყელს უჩვენებდა. „აჰა, დამკალ, თუკი შენ გაამებ ამითო”. ლევან და მელანია სრულიადაც არ ფიქრობდენ იმაზე, თუ რა შედეგი უნდა ქონებოდა იმათ სიყვარულს. მხოლოდ, ხანდახან მელანია კი ეტყოდა ლევანს: „წევიყვანოთ ჩემი ლუკაი და საცხა გადავიკარქოთო”. ლევანსაც უნდოდა მელანია საკუთარი მისი გამხდარიყო, თავისუფლად შესძლებოდა მასთან ტრფიალი, მაგრამ კარგად იცოდა, რომ ამის მიღწევა შეუძლებელი იყო მისთვის: ჯერ რომ ჯერან არ გადაარჩენდა ცოცხალს ასეთი შეურაცხყოფისთვის. ეს, ვთქვათ, კიდევ არაფერი. ლევან კარგი ვაჟკაცური გულის და ღონის პატრონი იყო და არ შეუშინდებოდა ამ დაბკროლებას, მაგრამ სასულიერო და საერო კანონები, ხალხისაგან ლანძღვა-კიცხვა, ნათესავებისაგან წყრომა და სიძულვილი - ესენი ყველა მათ დაუწყებდა დევნას. თუმცაღა ლევან ერთი უსწავლელი გლეხი იყო, მაგრამ ესენი ყველა მაინც კარგად ესმოდა მას და ამიტომაც მელანიას ასე პასუხობდა: „არა, ჩემო მელო, ასე ქურდულათ ვიყოთ, უკეთესია, თვარა რომ გევიქცეთ, მოგვაგნებენ, მთლათ მოგვაცილებენ ერთმანეთს. და მაშინ რაღაი!“ ისე კი ლევანმა გადასწყვიტა თავის გულში: ცოლს არ შევირთავ, რაღამც მელანია შემიყვარდაო.

ვინ იცის რამდენ ხანს გაგრძელდებოდა მელანიას და ლევანს შორის ამგვარი ცხოვრება, რომ ხვარამზეს და მის ქალს, განსაკუთრებით ამ უკანასკნელს, ეჭვი არ აეღო რძალზე, - ვინცხა უნდა უყვარდესო. ამ იჭვის მიზეზად გახდა ის გარემოება, რომ მელანიას ძლიერ შეუყვარდა ძროხის მოსადენად მარტო წასვლა. „რაცხა კი მიეგულება იქით, რომ ესე უხარია ამ ბოლოს ძროხიზა სიარული”, ფიქრობდა, ერთ დღეს, როცა მელანია ძროხების მოსადენად წავიდა, მულიც გაჰყვა უკან ჩუმად.

- რა ნახა დღეს იგი ჩემა დასაფსებმა თვალებმა! რეზა არ დამიდგა თვალები იმის ნახვამდი! - შეილაპარაკა სახეგაფითრებულმა ელისაბედმა სახლში, როცა დაბრუნდა.

- რა იქნა, ციცავ? მითხარი რა ამბავია, თვარა აგია გამისკტა გული! - მიაგება თავის ქალს პირში ხვარამზემ, რომელმაც დიდი მოუთმენლობა იცოდა ამისთანაობაში.

ელისაბედმა უამბო დედას, თუ როგორ ისხდენ მათი რძალი და ლევან ერთად ბუჩქნარში.

- მივარდნოდი და ფრჩხილით დამეგლიჯა ორივე, გული არ მიშლიდა, მარა იქინეი ჩემი ყოფნა რომ შიეტყვენ, ჩვენი გამბახებელი რძალი შინ აღარ მევიდოდა, მომკლავენო და საცხა გეიქცევოდა, მაშვინ მთლათ თავი მოგვეჭრებოდა ქვეყანაში! - დააბოლოვა ელისაბედმა თავისი სიტყვა.

ხვარამზეს ისეთი თავზარი დასცა ამ ამბავმა, რომ დიდხანს ვერ ახერხებდა სიტყვის თქმას. როცა ცოტაოდნათ დამშვიდდენ, ხვარამზემ და მისმა ქალმა არჩიეს და გადასწყვიტეს, რომ ეს გარემოება გააგებიონ ჯერანს. მაგრამ ესეც ძლიერ საშიში საქმე იყო: ჯერან მოკლავდა ცოლს და მაშინ ხომ სულ დაიღუპებოდენ. საჭირო იყო, რომ ამ ამბის ჯერანთან გამხელის დროს, ორი-სამი მოკეთე და კაი მეზობელი დაესწროთ. ვინიცობაა, თუ ჯერან თავისი ცოლის მოკვლას დააპირებდა, ესენი არ დაანებებდენ, ჩამოდგებოდენ ცოლ-ქმარს შორის მოსაშუალედ, შეარიგებდენ და მერე, როცა ჯერანი სიტყვას დადებდა, არ მოვკლავო, იცოდენ, რომ აღარ უმტყუნებდა თავის სიტყვას.

მოსაღამოვდა. მელანიამ მოდენა ძროხები და დაამწყვდია ქალტაში, მერე მობრუნდა და დაუწყო სიყვარულობა თავის ლუკას. მეტისმეტ კარგ გუნებაზე იყო. იჭვადაც არ იცოდა, თუ რა ამბები ჰქონდათ მის გამო მის დედამთილს და მულს. მართალია, ეს უკანასკნელები ისე უყურებდენ მას, თითქო შეჭმა უნდათ მისიო, მაგრამ სიტყვით კი არას ეუბნებოდენ და ამიტომ ვერ მიხვდა მათი გამომეტყველების აზრს. ათასჯერ უნახავს ამათ სახეზე ასეთი გამომეტყველება. მოვიდა ჯერანიც ყანიდან. ხვარამზემ გადაიარა და მოიყვანა სამი კაცი, რომლებსაც წინდაწინვე გაანდო, ასე და ასეა საქმეო. შიშის ჟრუანტელი უვლიდა ტანში როგორც ხვარამზეს, ისე მის ქალსაც. არ იცოდენ, რით გათავდებოდა ეს საქმე. მაგრამ რა ექნათ? მათი ფიქრით, ისინი მოღალატენი შეიქნებოდენ ჯერანის წინაშე, რომ არ გაემხილათ - ცოლი გღალატობსო.

ხვარამზემ გაიხმო ჯერან გარეთ და სახეგაფითრებულმა, ხმის კანკალით გაუმხილა ყოველივე, - თუ როგორ ნახა ელისაბედმა მელანია და ლევან ერთად და სხვ. თითონ მელანია ამ დროს პატარა სახლში იყო და ვახშამს ამზადებდა. ჯერანს ისეთი სახე დაედო, რომ იფიქრებდით - ცოფდება და ბნედა ემართებაო. ის ხმაამოუღებლივ შევარდა სახლში, ჩამოიღო თოფი და დააპირა გარეთ გავარდნა. მაგრამ მას ეცენ ხელში განზრახ ამ საქმისთვის მოწვეული მეზობლები და, როგორც იყო, აართვეს თოფი. ჯერან ეხლა მივარდა დამბაჩას, იგდო ხელში, ერთი ლომივით დატრიალდა, შემოიცილა გარს ყველა, მაგრამ კარებში ხელახლავ შებოჭეს. მხოლოდ ეს კი, რომ არ იქნა, დამბაჩა ვერ წაართვეს ხელიდგან.

- გამიშვით! გამიშვით! - გიჟივით ყვიროდა ჯერან, მაგრამ მეზობლებს მაგრად ეჭირათ ხელში და ეუბნებოდენ:

- გადაირიე, ბიჭო?! თავს იღუპავ! შენსგამეტს არ დამართია ამისთანაი თუ? ციმბირში გაგგზავნიან! დედა და დაი მაინც აღარ გეცოდება?

ამ ხმაურობაზე მოვიდენ სხვა მეზობლებიც, რომლებითგან ზოგი ეხვეწებოდა ჯერანს, დადუმდიო, ზოგი უწყრებოდა: „ჩვენც კაცი ვართ, დაგვიჯერე, თვარა ბაწრით შეგკრავთ და ისე გამყოფებთო”, ზოგი უსახელებდა მაგალითებს - ამა და ამ კაცებს დაემართათ შენსავით, მარა ცოლი არ მოუკლავსო. ქალები კი მელანიას შემოეხვიენ და ერთ შავ დღეს აყენებდენ: „ცხენის ძუაზე ჩამოსაკიდი ხარ, მიწაში უნდა ჩაძვრე, რავა გაბედე ასე ქვეყნის დაქცევაო” და სხვა. მელანია კი ეგდო მიწაზე და ტიროდა. თავის გასამართლებლად ერთ სიტყვასაც ვერ ახერხებდა. უკანასკნელ, თან მოქანცულმა და თან მეზობლების რჩევით გონზე მოსულმა ჯერანმა გააგდო დამბაჩა ხელიდან. ამის შემდეგ სამ დღეს კიდევ მალავდა თეკლე მელანიას თავის ოჯახში. მეოთხე დღეს მეზობლები ჩამოდგენ მოსაშუალედ და შეარიგეს ჯერანს ცოლი.

ამის შემდეგ წაიშალა ჯერანმა ხელი ცოლზე საცემრად, დაავიწყდა, რომ ამბობდა: „ცოლს ვინც გალახავს, იგი კაცათ არ მიხსენებიაო”. აიმიზეზებდა რაღაც უმნიშვნელო საბაბს, მოავლებდა მელანიას თმაში ხელს, დასცემდა მიწაზე და ამოიყრიდა ჯავრს. ხვარამზე და მისი ქალი ეცემოდენ ჯერანს ხელში დასაკავებლად, მაგრამ რას გახდებოდა ორი სუსტი ქალის ძალა გალომებულ ვაჟკაცთან! ხანდახან პატარა ლუკა იხსნიდა დედას ცემისაგან: ის გააბამდა საშინელ ტირილს და ყვირილს, როცა დედას მიწაზე დაცემულს დაინახავდა. ჯერანსაც მოულბებოდა გული შვილის ტირილზე და დაეთხოვებოდა მელანიას. მელანია დანაშაულად გრძნობდა თავს და ამიტომ ემორჩილებოდა ქმრის სისასტიკეს. ფიქრადაც აღარ მოსვლია იმ შემთხვევის შემდეგ ქმრის სახლიდან გაქცევა, ან კი სად უნდა წასულიყო? მისმა მშობლებმა როცა შეიტყვეს - ჩვენს ქალს ქმრისთვის უღალატიაო, წყევა-კრულვით გამოეთხოვენ მას. მელანია ყოველთვის ტირილს დაიწყებდა, როცა გაახსენდებოდა მამის სიტყვები: „თავი მომჭარი ამ სიბერის დღეს, მარა ჩემმა თვალმა აღარ გნახოს ამას იქით! შენ დღეის იქით აღარ გყავს არც დედ-მამა და არც და-ძმებიო”. მართალია, მელანია ძლიერ იშვიათად დადიოდა მშობლების სახლში; ხანდახან მამა თუ ინახულებდა თავის ქალს, თვარა სიდედრი, ცოლის დები და ცოლის ძმები დათხოვნილი ჰყავდა ჯერანს თავის სახლიდან, მაგრამ მელანიას მაინც დიდ იმედად მიაჩნდა ისინი. ახლა ყველა დაჰკარგა! ლევანის ნახვა ხომ აღარ შეეძლო და არა მელანიას. ხვარამზე და მისი ქალი ახლა კარზე აღარ უშვებდენ რძალს მარტო. თვითონ ლევანსაც ხომ ასეთი დღე დააყენეს მშობლებმა: „რავა გაბედე ქალის შეყვარებაო”; მერე მოუნახეს საცოლე და თითქმის ძალად დააწერინეს ზედ ჯვარი. ამ უკანასკნელმა გარემოებამ სულ მთლად მოხარშა მაინც მელანიას გული. მთელ ღამეებს ტირილით ატარებდა.

არ გაუვლია ზემოაწერილი შემთხვევის შემდეგ ორ თვეს, რომ მეორე თავზარდამცემი შემთხვევა მოხდა ჯერან ტევრიძის სახლში: ჯერანის ვაჟი ლუკა მოკვდა ყელის ტკივილით ანუ, როგორც სოფელში ეძახიან, „კისერბატონებით”. ლუკას სიკვდილმა, რა თქმა უნდა, მთელი ოჯახი მწარედ დააგლოვიარა. ხვარამზე დღე და ღამე არ ისვენებდა ტირილისაგან; ელისაბედ ყოველ დღე მოიტანდა ლუკას პერანგს, რომელიც თავისი ხელით შეუკერა და აყრიდა ზედ ცრემლებს; ჯერან ცოცხალ-მკვდარი დადიოდა და ყოველ წამში ოხვრით ამოიძახებდა: „ვაიმე, შვილოო”. მაგრამ მელანიას მწუხარება სულ სხვა იყო. მელანიასთვის შვილის სიკვდილით მოისპო ყოველივე ნუგეში; მას შემდეგ ის ხშირად ეკითხებოდა თავის თავს: „რაღაიზა ვარ ცოცხალი? რეიზა არ გავყევი ჩემ ლუკასო”. მართალია აიმედებდენ. მეტადრე თეკლე: „ნუ გეშინია, ჯერ კიდო ბაღანაი ხარ, ასე ქვია, შვილსაც მიესწრობი და ყოლიფერ სიკეთესო” მაგრამ მელანიასთვის ახლა აღარ ჰქონდა ამ სიტყვებს მანუგეშებელი ძალა; ცხოვრების უკუღმართობამ ასწავლა მას ყოველივესთვის ეჭვის თვალით ემზირა. ოჯახი კი ისე უყურებდა მელანიას, თითქო ამ უკანასკნელს მოეკლას თავისი შვილი. „შენმა ცოდვამ და ურჯულობამ დააქცია ჩვენი ოჯახიო”, - ეუბნებოდა მას ხან მული და ხან დედამთილი. „შენ არ მოკტები, თვარა სხვაი ყველაიო”, - რამდენჯერმე უთხრა ქმარმა. „ვითამ რა დასაქცევი ყოფილა იი სიკვტილი! ვისაც არ უნდა, იმას კლავს და ჩემისთანა უბედურს არ ეკარებაო”, - ფიქრობდა მელანია. სცადა თითონ მოეღო ბოლო თავის თავისთვის, ერთჯერ წყალში გადავარდნა დააპირა, მეორეჯერ დამბაჩით აპირებდა თავის მოკვლას, მაგრამ ვერ გაბედა ვერც ერთი.

***

იმ ღამეს, რომელიც ჩვენ ამ თავის დასაწყისში მოვიხსენიეთ, მელანია მეტის მეტად აიტანა შავმა ფიქრებმა, ის რამდენიმეჯერ წამოდგა ლოგინიდან რაღაც განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, მაგრამ ვერ ბედავდა.

შუაღამე გადავიდა. ქუხილი და ელვა მატულობდა. ბოლოს დაუშვა ზაფხულის მსხვილი წვიმა, რომელსაც საშინელი გრიალი გაჰქონდა ყავრით დახურულ სახლზე. „რა წვიმაა! - დაიწყო მელანიამ ფიქრი, - ამისთანაი წვიმა რომ იქნებოდა, ჩემი ლუკაი მკითხავდა, ნენა ლაა იიო. ნეტაი თუ ვნახავ ჩემ ლუკას? ბაღნები ანგელოზებში ურევიაო. მე ვინ მიმიშობს მასთან! იგიც კაია, შორიდან თუ დევინახე. ვინ იცის, ეგება ტყუილაი ვატყუებ თავს, აფერი არაა! სტავლულებმა თურმე, - არააო. ეგება იმისთანაი ბნელი უფსკრულია, მე რომ იმ ღამეს მესიზმა. წახვალ შით, წახვალ, ხელის მოსაკიდი არ გაქ და ფეხის!.. რას ვფიქრავ? თვითონ ვნახავ, რაც არის... შენ არ მოკტები და სხვაი ყველაიო!.. ეგება დასტურ არ მოვკტები! არა, ცრუობაა, ყოლიკაცი მოკტება... სუ! მგონია მამალმა იყივლა, თუ ტყულა მომეყურა? მალე, თვარა დამათენდება თავზე! ამეღამ თუ არ იქნა, მერე აღარ იქნება... აა, შენ გლახავ, ჩემო თაო! შენგამეტს არ უქნია თუ? ცოფის წამალზე რომ ვქენი, ესე თვალები დავხუჭე, გააქანე ხელი და გათავდა!.. იმისთანაი წვიმაა, რომ კაცი ვეფერს გეიგონებს. მერე ქე გეიგონონ, თუ გინდა, რა მენაღვლება! სიფრთხილე კია საჭირო, ასვლაზე არ დამინახოს. რას დეინახავს, სძინავს” - ამ სიტყვებით მელანია ხელახლა წამოდგა ლოგინიდან, სწრაფად მივიდა ქმრის თავსასთუმალთან, ფრთხილად აიღო დამბაჩა და წამოიღო თავის ზანდუკისკენ. ჯერანს ეძინა. „ამით მიპირობდა ჩემი ქმარი მოკვლას! ნეტაი მოვეკალი”, - გაიფიქრა მელანიამ და დაჯდა ლოგინზე. რამდენიმე ხანს კიდევ მძიმედ იყო ჩაფიქრებული, მერე ასწია თავი: „ასე უნდა, მგონიაო, - თქვა, შეაყენა ჩახმახი ფეხზე, - აბა, მაშვინ რომ ვქენი, ესეო”, - ჩაილაპარაკა და მიიდვა დამბაჩა გულზე. მაგრამ გააჟრჟოლა და ხელახლავ ჩამოიღო ხელი. ერთი-ორი წამის შემდეგ ხელახლავ მიიდვა, დახუჭა თვალები და სწრაფად მოსწია დამბაჩის ფეხი.

დამბაჩის ხმამ გააღვიძა ჯერან, რომელსაც ეგონა, მეხი დაეცა სახლსო, და გაღვიძების დროს დაიყვირა: „აუ, დააქცია მეხმა სახლი!” წამოვარდენ ლოგინიდან ხვარამზე და ელისაბედიც, ამათაც ასე ეგონათ, მეხი მოხვდა სახლსო.

- რეიქნა ქიაფი? - დაუწყო ჯერანმა ძებნა სპიჩკას.

- რა ვიცი, თქვენ გქონდათ იქინეი, - გამოსძახა ელისაბედმა ძმას და შემდეგ

გაჯავრებულმა, რომ მისი რძალი ხმას არ იღებს ასეთ დროს, დაატანა:

- დედაკაცო, რომ გატყვირე ახლა სული, შენ ვერ მონახავ ქიაფს?

- ამას სხუმის როის ქონდა ოჯახის ჯავრი, ახლა რომ ექნება! სახლი კაღამ დაგვექცა თავზე და ამას ყურიც არ გუუნძრევია! - თქვა მწყრომიარედ ჯერანმა, რომელმაც ამასობაში ნახა სპიჩკა და აანთო.

სინათლეზე გამოჩნდა მელანია, რომელიც ზანდუკის სიახლოვეს დაცემულიყო იატაკზე და მკერდიდან სისხლი გადმოსდიოდა. მის სიახლოვეს ეგდო დაცლილი დამბაჩა, ოთახში იდგა თოფის წამლის სუნი. ჯერანმა მორთო ყვირილი. შემოვარდენ ხვარამზე და ელისაბედ მეორე ოთახიდან და ამათაც მორთეს წივილ-კივილი. დიდხანს ყვიროდენ და კიოდენ. მაგრამ რადგანაც საშინელი წვიმა იყო, ამათი ხმა მეზობლებმა დილამდე ვერ გაიგონეს. როცა მეზობლები მოვიდენ და ნახეს - მელანია ტყვიით არის მკვდარიო, - მოილაპარაკეს ერთმანეთში: აგი რომ დავმალოთ, სისხლის სამართალში მიქვცემენო. შეატყობინეს მამასახლისს. ამ უკანასკნელმა გაგზავნა რაპორტი, სადაც რიგი იყო. მოვიდენ ექიმი და გამომძიებელი, შეამოწმეს მელანიას გვამი და მისცეს ხალხს მისი დამარხვის ნება. ჯერან კი დაიჭირა გამომძიებელმა და გაგზავნა სატუსაღოში. - როცა დამტკიცდება, თვითონ მოიკლა თავი და შენ არ მოგიკლავს, გაგათავისუფლებენო, - უთხრა მას წაყვანის დროს.

***

გავიდა ხანი. ჯერან ციმბირში გაგზავნეს, რადგანაც ვერ დაამტკიცა, რომ მისმა ცოლმა თვითონ მოიკლა თავი. მეტადრე დიდი მნიშვნელობა იქონია ჯერანის საქმეში იმ გარემოებამ, რომ ჯერან ერთ დროს უპირებდა თავის ცოლს მოკვლას. ელისაბედს ხომ დიდი ხნიდან ეტყობოდა ჭლექის ნიშნები. ძმის დაკარგვამ სულ მთლად მოუღო ბოლო მის სიცოცხლეს. სამ წელს იყო ჭლექით ავად, შემდეგ მოკვდა. ხვარამზე რამდენიმე თვეს მოსთქვამდა და ტიროდა შვილებს. მერე დატოვა სახლ-კარი და სენაკში დადგა. მხოლოდ ხადახან ჩამოვიდოდა დაყრუებულ ოჯახში, თითო პირს იტირებდა და ხელახლავ წავიდოდა. ბოლოს საბრალო ჭკუიდან შეიშალა და ვისაც შეხვდებოდა, ეხვეწებოდა - ჩემი ჯერანის საცოლოთ ერთი კაი ქალი გამომირჩიეთო. კარგა ხანს იყო ამ ყოფაში და ბოლოს ეშველა - მოკვდა.

უპატრონოდ დარჩენილი ჯერანის ოჯახი გაინაწილეს ჯერანის ახლო ნათესავებმა. წაიღეს ბეღელი, ნალია, პატარა სახლი და სხვა, რაც კი რამ მოიხმარებოდა. მხოლოდ ოდას კი არავინ ჰკიდებდა ხელს, რადგანაც ჭლექიანი ანუ, როგორც სოფელში ეძახიან, ხველიანი მოკვდა შიგ. გაყიდვა უნდოდათ, მაგრამ მუშტარი არ გამოჩნდა: ამიტომაც ადგილზე ლპებოდა ეს კოპწია, ოროთახიანი სახლი. ჯერანის ნათესავებს შორის საცილოდ გამხდარი ეზო კი გავერანდა.

აი, ეს გახლავს, ჩემო მკითხველო, იმ პარტახის ისტორია, რომლის სურათი ამ მოთხრობის დასაწყისში შეგხვდათ.


1892 წ.

  ოფიციალური სახელი:    ეგნატე ინგოროყვა
დაბადების თარიღი:    17 თებერვალი, 1859
გარდაცვ. თარიღი:    12 მაისი, 1894  (35 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:    სოფ. ჩანჩეთი
კატეგორია:        მწერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფ. ყელა, ახლანდელი ლანჩხუთის რ-ნი.

დაამთავრა სოფლის ორკლასიანი სასწავლებელი (1872).  1876 წლიდან სწავლობდა ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში, საიდანაც 1878 წელს "მგლის ბილეთით" გარიცხეს მოწაფეთა გაფიცვის მეთაურობისათვის. 1879-1881 წლებში  მასწავლებლობდა სოფ. ჩოჩხათის სკოლაში. მუშაობდა ასოთამწყობად თბილისის სტამბაში (1884), მოხელედ სოფლის კანცელარიაში (1886) და სხვ. 1886წ. გაემგზავრა  საფრანგეთში. დაბრუნდა 1887წ. სამშობლოში დაბრუნებული მწერალი მუშაობდა ბათუმის  ნავსადგურში, ხოლო შემდეგ შავ მუშად როტშილდის ქარხანაში. ეგ. ნინოშვილის სამწერლო  მოღვაწეობა სულ შვიდიოდე წლით (1887 - 1894) შემოიფარგლა. მისი თხზულებები  იბეჭდებოდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში ("ივერია", "კვალი", "მოამბე", "თეატრი" და  სხვ.) ცალკე წიგნად გამოიცა მისი რამდენიმე მოთხრობა, "სიმონა" და "ქრისტინე" (1892). თავის პუბლიცისტურ სტატიებსა და მხატრულ თხზულებებში მწერალი მშრომელთა ყოფის მხატვრად, ჩაგრულთა თავდადებულ ქომაგად, მათი უკეთესი მომავლისათვის  მებრძოლად წარმოგვიდგა. 1904 გამოქვეყნდა ნინოშვილის თხზულებათა ერთტომეული, 1920 - სამტომეული, 1925 - თხზულებათა პირველი სრული კრებულის  სამტომეული და სხვ.

მძიმე ცხოვრებისაგან ტანჯული მწერალი, ჭლექით დასნეულებული  გარდაიცვალა. ამ დღეს საზოგადოების მოწინავე წარმომადგენლებმა ოფიციალურად  გამოაცხადეს "მესამე დასის" დაფუძნება.

ბიბლიოგრაფია

პალიასტომის ტბა : მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, ბაკმი, 2011. - 400 გვ.. - ISBN: 978-9941-426-14-8
მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, ცოდნა, 1959. - 180 გვ.
თხზულებათა სრული კრებული (ავტორი). - თბილისი, საბჭ. მწერალი, 1954. - 624 გვ.
ჩვენი ქვეყნის რაინდი : მოთხრობა (ავტორი). - თბილისი, სახელგამი, 1954. - 61გვ.
გოგია უიშვილი : მოთხრობა (ავტორი). - ტფილისი, ე. ნინოშვილის ძეგლის ამხ. კომიტ. გამოცემა N2, 1909. - 35 გვ.

 
პარტახი

მოსე მწერალი

განკარგულება

ქრისტინე

ჯანყი გურიაში

გოგია უიშვილი

პალიასტომის ტბა

ჩვენი ქვეყნის რაინდი

სიმონა

კომედია

მოქმედნი პირნი:

ამირინდო — თავადი სპასპეტის-ძე.

ბეგლარ — იმისი შვილი.

ონოფრე — თავადი სარაძე.

მიხეილ — იმისი შვილი.

სიდონია — ცოლი ონოფრესი.

ნინო — იმათი ქალი.

იაია თავადი ჭიორელი — მეგობარი ამირინდოსი.

რაფიელ არზამანოვი — არზის მწერალი.

სარქის ბუღდანიჩ კუმუხტოვი — პერევოდჩიკი სუდისა.

ლომინ გოდაბრელიძე — იმერლის აზნაური, მცნობი ამირინდოსი.

ხარიტონ ფილიპიჩ ვზიატკინი — სტრაპიჩი.

ფილიპე — ზასედატელი.

სოროზან — მოურავი და ნაზირი ამირინდოსი.

ლომისეული — გამდელი ამირინდოსი.

მოწყალისეული — გამდელი სიდონიასი.

მარქიტა — შემლოცველი დედაკაცი.

აბრამა — ბიჭი ბეგლარისა.

ბერუა — ბიჭი ამირინდოსი.

ნენე — გოგო ნინოსი.

მსახურები და მოახლეები.

მოქმედება სწარმოებს სოფელში, მხოლოდ მეოთხე — გორში.

მოქმედება პირველი

ოთახში ზის ფეხმოკეცილი ამირინდო დაფიქრებული, მოშორე-

ბით ქეჩაზედ — ძირს ლომისეული გამდელი და ყაჭს რთავს,

ფარდა რომ აიხდება შემოვა სოროზან

გამოსვლა პირველი

ამირინდო, ლომისეული და სოროზან (შემოდის)

ამირინდო

მოდი სოროზან, დაჯექ.

სოროზან

კარგად გახლავარ!

ამირინდო

კარგია ერთი, დაჯექ თუ ღმერთი გწამს (სოროზან დაჯდება) საკვირველია, რაფიელ უნდა მოსულიყო, ერთი ეს არზა მეჩვენებინა, არ ვიცი რად დაიგვიანა...

სოროზან

რაღა არზა, სუდში აკი თქვენზედ გადასწყდა ჩალიანი?

ამირინდო

აბა, რას ანბობ მამა გიცხონდა, ათას კუდს გამოაბმენ, ამბობენ ტრაფჩის ნაცოდვილარი არისო, იმას დაუყენებიაო...

სოროზან

პატარა იმასაც ჩავაყლაპებდით...

ამირინდო

ჰო, ხამია აი, რას ანბობ, ჩემი ოჯახი იმაზედ არის გაფუჭებული, მაგრამ არ იქნა, ჰსწორეთ აუვსებელი ხაროა...

სოროზან

ღმერთი გადღეგრძელებთ, ნუ გამიწყრებით ამ მოხსენებაზედ, მაგრამ მორიგებას კი გირჩევდით.

ამირინდო

განა არ მინდოდა, აკი ვაძლივე ასი თუმანი.

სოროზან

ას თუმნათ... შე დალოცვილო!..

ამირინდო

არა იქს. იმ ას თუმანს ქალაქში დავხარჯამ, აი იქა ხომ იცი, მერე წავიდეს და ირბინოს შენმა ონოფრემა... მამა ჩემი არ წამიწყდება, მეც დავიღუპები და იმათაც დავღუპამ... ონოფრემ მაჯობოს, ბარემ ეს ულვაში დამპარსოთ...

სოროზან

ჩემ სულელურს მოხსენებას რომ დაიჯერებდე, მე კი მოყვრობას ვარჩევდი თქვენში...

ამირინდო

როგორ თუ მოყვრობას? ჩემი მოსისხლის ქალი შევრთო ჩემ ბეგლარსა, კაცო, ხომ არ გადაირიე, კიდეც რომ დავმოყვრდე — მტერი იქნება, არ გაგიგონია, ნათქვამია: “მოყვარე მტერი მოყვრისა, მტრისაგან უფრო მტერია”.

ლომისეული

ვინაო ყმაწვილო, ა ისა კრიალოსანს რომ ლახტივით იქნევს? სიარულიც რომ არ იცის? მამათილის ხმის გასაცემი კი არ დასჭირდება?

ამირინდო

ეგა თქვი-და! ერთი მოვიდეს ჩემი ბეგლარი, დღე დღეობით მოველი, იმას სასამართლოები მოვახვიოთ, ჩვენ დავსხდეთ და შევექცეთ ჩემო სოროზან!.. მერე შენი ონოფრე დამიდგეს წინა... მართალია, არზის წერაშიღა გამივა ფული! კურსი დაუსრულებია უნივერსში, რაღაც ახალი ჩინი მიუციათ, ვერ დავისწავლე. გადიავ! გადიავ! (გამდელს უძახის).

ლომისეული

შენი ჭირიმე, რას ბრძანებთ!

ამირინდო

აბა ერთი ამას წინათ რომ პეტრებრუხის წიგნი მოგვივიდა, ერთი ის წაიკითხე.

ლომისეული

გამდელის გმირისეულისა, ჩემი ბეგლარის მოსვლას რომ იწერება, აი, შენი ჭირიმე კარგათ გაიგონეთ (ამოიღებს წიგნს, სათვალეებს გაისწორებს და ჩათვლით კითხულობს) ჩემო სიყრმით მოგებულო, ჩემო ნუგეშო, დარბაისლის გამზრდელო ლომისეულო... ეს რაღა საჭირო არის და შევამოკლოთ. (კითხულობს) შენი ბეგლარ ხშირად დადის და უცხო საყვარელი შვილია. შენმა სიცოცხლემ აგერ ხუთი თვე არის უნივერსი დაასრულა და ამ დღეებში აპირობს წამოსვლას. ნეტავი შენს თვალებს, გამდელო, რომ ამას ნახავ. ქალო, ახლა ამას მოგახსენებ, ჩინი მისცეს, რასაკვირველია, მაგრამ მომატებულს სახელს ეძახიან — ნასწავლი თურმე არის, მთელი პეტრებრუხი თითით აჩვენებენ, აი პოეტიო... (სათვალეებს ჩამოიღებს და თითონ გამდელი იტყვის) ვითომ ყველაზედ მეტიო... შენ კი გენაცვალოს შენი ლომა. ნეტა როდის ეღირსება ამ ბრმა თვალებს შენი ნახვა, ერთი შენის ნახვით გავძღე და შენის ხელით მეღირსოს დაფვლა.

ამირინდო

სოროზან ჰა, პოეტიო, რა სტატის ახალი ჩინი იქნება, მე მგონია ბევრი ზაკონები ეცოდინება, ჰა...

სოროზან

რა მოგახსენო, შენი ჭირიმე. მე იმათი არა ვიცი რა.

გამოსვლა მეორე

იგინივე და ბერუა

ბერუა

რაფიელმა და სარქისამ მოკითხვა მოგახსენეს.

ამირინდო

სოროზან, გადი, ერთი შემოიყვანე.

(სოროზან და იმასთან გამდელი და ბერუა გავლენ).

გამოსვლა მესამე

ამირინდო, რაფიელ, სარქისა და სოროზან.

ამირინდო

აა, ბატონს რაფიელს, პარუნ სარქისას გაუმარჯოს, ვეჟო, გელით, გელით, მე ჩემი დამემართა.

რაფიელ

ჭეშმარიტად უკაცრავად გახლავართ, ასე რომ დავიგვიანე...

ამირინდო

დაბრძანდით... (დასხდებიან) ახალი რა არის ჩვენ გორში?

სარქისა

ახალი? ახალი ზეთის ხილი მოვიდა და ცხენის ნალები ახალციხიდამ.

ამირინდო (გაიცინებს)

ეე! შეჩვენებულო, სულ უნდა იმასხარო. მე გკითხამ.

სარქისა

ახალი ამბავი ის არის, რომ თქვენ თუთუსოვისათვის არზი პისატი გიქნევინებიათ. კნიაზ, მე თქვენი დავალება მაქვს, შენი პურ-მარილი აქამდის არის (ყელზედ აჩვენებს). რო არ გითხრა შენთან ყალბი გამოვალ, აი რაფიელი იცის, თქვენი მწერალმა ონოფრესაც უწერამს ჩალიანის თაობაზე.

ამირინდო

იქნებ მართლა, ბიჭო ბერუავ. (ბიჭი შემოვა) აბა ერთი ქაღალდების ყუთი შემომიტანე. (ბიჭი გავა) კარგი რამ მითხარ. იქნება იმ შეჩვენებულისაგან (ბიჭს შემოაქვს ყუთი, აღებს) მოტყუებული ვიყო (ამოიღებს ერთ ღერბის ქაღალდზედ დაწერილს წიგნსა, აძლევს რაფიელს, რაფიელი გამოართმევს არზას, კითხულობს, სარქის ჩაჰყურებს გაკვირვებულის სახით).

სარქისა

ვააა! ხედამ რა დაუკლიათ...

რაფიელ

ოჰ! შეჩვენებული სულ დაგღუპავდა...

ამირინდო

ჰა, რას ამბობ? როგორ დამღუპამდა თქვი და!

სარქისა

ვაა, რა დაუკლია და, მამიშენის საფლავის მზემ, მაგ არზის მიცემა და ჩალიანის წართმევა ერთი იქნება...

ამირინდო

რა დაუკლია, არ მეტყვით, ერთი შემატყობინეთ და, იმ ურიას თხუთმეტი თუმანი მივეც.

სარქისა

კიდეც მიტომ ისკოვი პროზბუ თხუთმეტ თუმნათ ვა?

ამირინდო

ბიჭო, არ მეტყვი?

სარქისა (რაფიელს)

აზირ, თქვენ უთხარ და...

რაფიელ

რა აკლია, მამი თქვენი საფლავის მზემ მე ვერ გავბედავ, რა ხუმრობა არის, სარქის მოახსენე...

სარქისა

ვა, მაშ არ უთხრა, აზირ, ღმერთი არა აქვს, ხედამ...

ამირინდო

თქვენ შვიდ სუდის გადაწყვეტილობისავით მიგძელებთ, ერთი მითხარით მოთმინებიდან გამოველ...

სარქისა

ვა, ადვილია, გეტყვი ჩემი ბრალი ხომ არ არის?

ამირინდო

კიდევ (გააფურთხებს) არ გესმის, შე შეჩვენებულო, მითხარ ხომ არ მოგკლავთ?

სარქისა

ჰო, გეტყვი, გეტყვი... (თვალებს დააჭყეტს) ერთი ტოჩკა არ ჩაუწერამს, სულ ცარიელია!

რაფიელ

ტოჩკა კიდევ არაფერი, არც ზაპეტაია ზის, ხედავ?

სარქისა

ვა, მართლა! ეს კი სწორეთ მოსისხლეობაა აა!

ამირინდო

რაო, როგორ ტოჩკა, ზაპეტაია, რა არი. ზაკონები იქნება?

სარქისა

ტოჩკა და ზაპეტაია არის, მნიშვნელობა, აზრთა სჯულებთა და ზაკონთა, კავშირ-მოთხრობანი, თუ ვითარ, შეიტყო საქმე მოსამართლები და წარმოებანი უპირატის მართებლობის საქმისა...

ამირინდო

მაშ, დაუღუპავარ იმ კაცსა, აი ის მამა მახინჯი, მამა არ წამიწყდება ტყირპს გავაგდებინებ, ხედამ იმ ბებერს ურიასა. — აბა ახლა რა მეშველება!

სარქისა

რაფიელ, აზირ, უნდა შენ მოუხერხო!

რაფიელ

უნდა ვეცადოთ, სუდიამაც თვალი უნდა ჩაავლოს, გავასწოროთ, გადავსწეროთ!

სარქისა

მეტად ხარბია...

ამირინდო

ჯანი გავარდეს, რასაც ითხოვს მივცემ, ოღონდ მტრის გულისად ნუ გამხდით.

სარქისა

იმას გადაჭრილი აქვს, თითო ტოჩკაში და ზაპეტაიაში თითო ოქროს იღებს.

ამირინდო

რამდენი უნდა ჩაიწეროს, ან რას იქს ფულსა!

რაფიელ

სარქის, აბა დათვალე.

სარქისა (სთვლის)

10, 20, 30, 40, 50, 60... სამოცზედ მეტია, მაგრამ აზირ უნდა დავაჯეროთ...

ამირინდო

მაგაზედ მეტი ხომ არა უნდა რა.

სარქისა

პისერს გადასაწერად ორიოდ თუმანი!

ამირინდო

ეგ არის რაღა (ოხრავს). შემოდით ერთი, რჩევაცა გკითხოთ და ფულს მოგცემთ. (შევლენ).

გამოსვლა მეოთხე

სოროზან (მარტო)

ღმერთო შემიწყალე, რაზედ იჭირებს საქმეს ეს დალოცვილი, ან თითონ რაზედ იღუპება, ან იმას რათა ღუპავს. თქვენმა მზემა ჯერ მგონია ხუთას თუმნათ უზის. ეს შვიდი წელიწადია, ხან ერთს მისცემენ, ხან მეორესა, ეი, ბევრი არ შესძლებია ფულსა... (დაფიქრდება)

ეი ფულო, ფულო სოფლის ბომონო. ნათქვამია:

ეს სოფელი სულ ასეა, უფულოდ სად არს წესია?

თუ ფული გაქვს დამიჯერეთ,

მომკი რაც არ გითესია.

ვისაც ბედმა მისცა ფული,

გინდა იყოს ბოროტ სული,

ჰკვირდებიან და იტყვიან,

აქვსო უცხო, კარგი გული!

ნიჭი, სახელი, დიდება

ფულთან სუყველაა ფუჭი,

უგუნურიც განდიდდება,

თუ ოქროთ სავსე აქვს მუჭი!

ეი, ეი, ეი! (სოროზან გავა)

გამოსვლა მეხუთე

სარქის (წინაპლანაზედ)

აუსვით!

ღმერთი უშველის ქართველებს

ცარიელი აქვსთ თავია,

თითონ და იმათი შვილებს

აკლიათ ზაპეტაია!

უნდა ნახოთ თუ აქვთ ფული,

ყველასა აქვს დიდი გული,

მაგრამ თუ გამოელია;

ტოჩკა და ზაპეტაია!

როცა გვთხოვენ ჩვენგნით ფულებს

ყველა ჩესტნი ქართველია,

თუ კი მოვსთხოვთ ნასესხულებს ტოჩკა და ზაპეტაია!

გამოსვლა მეექვსე

ამირინდო და რაფიელ

ამირინდო

ბარემ მოდი სადილათ აქ იყავით ჰე?

რაფიელი

კვლავ გიახლები, ეს საშური საქმეა, ვადა არ გაგივიდეთ, მშვიდობით.(გავლენ რაფიელ და სარქისა)

გამოსვლა მეშვიდე

ამირინდო (მარტო)

ამირინდო

კიდევ კარგათ გადავრჩი ამ სულის წურბელებს. ჰე. თუ თუთულოვი ჩამივარდა ხელში, სიცოცხლე მაქვს, ჩავჩეჩქო, მამაჩემი არ წამიწყდება ფულითა ვცემ საკვირველი რამ არის ფულით ცემა. ერთხელ ყმაწვილო, ქრთამი მთხოვა საქმეზედ ერთმა სულიერმა. სახელს ვერ ვიტყვი. ჩავყარე გძელს პარკში ათი თუმანი, შევიმწყვდიე ოთახში, ამდენი ვცემე, ვცემე, რომ წაიქცა გულშემოყრილი. ბოლოს ადგა კვნესით, ის ფული ჯიბეში ჩაუწყე. მე მეგონა მიჩივლებს მეთქი, მამათქვენი არ წაწყდეს, დიდი მადლობა მითხრა, საქმეც გამიკეთა და მეგობარი შეიქნა. ნეტავი არ გამოეცვალათ!

გამოსვლა მერვე

იგინივე და ბერუა (შემოვა), მერმე სოროზანიც

ბერუა

ბატონო დროშკით ვიღაც მოდის, ზარები უბია, მგონია პრავნიკი არის!

ამირინდო

არიქა ბიჭო, მუნდერი, წაღები, სარტყელი! სოროზანს დამიძახეთ (სოროზან შემოვა, თან ელაპარაკება და თან იცვამს). აბა, პრავნიკი მოდის, სადილათ რა გაქვს?

სოროზან

ბოზბაში, ჩიხირთმა, მწვადები.

ამირინდო

აბა, კიდევ მოუმატოთ რამე შემწვარი, ჩახოხბილი ქათმები, სულ ხოხბათ ვაჭმევ, ფლავი ბატკნითა, ლულა ქაბაბები, აფხაზური. შენ ბერუავ, მემარნეს უთხარ, სამოციანი მოხადოს, წმინდათ ამოიღოს, შენ იასაულებს და ყაზახებს კარგად დახვდი. ვინძლო კარგად დაათვრო.

ბერუა

მოგეცათ დღეგრძელობა, კარგა მე ისინი დავანაყრო. (გავა, ამ დროს ზარის ხმა მოისმის და დადგება ხმა კარებთან)

გამოსვლა მეცხრე

ამირინდო, სოროზან და ბეგლარ (შემოვა)

ამირინდო (მგზავრულათ ჩაცმულთ თავს უკრავს)

დრასტი, დრასტი ღოსპოდა სუდრი, დრასტი, იზბოლით, იზბოლით. (ხელს უშვერს დასაჯდომათ)

ბეგლარ

ვერ მიცანით მამავ, თქვენი შვილი ბეგლარ!

ამირინდო (დაიყვირებს)

ოჰ, შვილო ბეგლარ (მოეხვევა ტირილით), მამა ჩემი არ წამიწყდება, ჰო, შვილო რა ბედნიერი ვარ, რა რიგათ დაკაცებულხარ, ბიჭო მამა არ წამიწყდება სუდიასა ჰგეხარ. (ბეგლარ მოეხვევა სოროზანს, სოროზან ხელზედ ცდილობს კოცნას, მაგრამ ბეგლარ არ აძლევს ნებას ჰკოცნოს)

ბეგლარ

სოროზან ჩემო, სოროზან, ხომ კარგადა ხარ, ჯერ ყოჩაღათა ხარ, არ დაბერებულხარ.

სოროზან

ვმადლობ ღმერთსა, თქვენ მშვიდობით გნახეთ, ახლა რაღა დამაბერებს.

გამოსვლა მეათე

იგინივე და ლომისეული (გამოვა ხელებგაშლილი), შემდგომ შემოცვივდებიან ბერუა და სხვა ბიჭნიც

ლომისეული

შვილო ბეგლარ, შვილო ბეგლარ, ჩემმა მოხუცებულმა თვალებმა კიდევ გნახეს შვილო, (ეხვევა) ჩემო სიცოცხლევ... ჩემო სამოთხის კარო... (სათვალეებს გაიკეთებს, უყურებს და ატრიალებს). შემომხედე, შემომხედე, აგრემც გენაცვლება შენი ლომისეული, რა რიგათ დაკაცებულა.

ბეგლარ

გადია, გადია. (შემოვლენ ბიჭები, ზოგი ხელზედ, ზოგი კალთაზე ჰკოცნიან, ბეგლარ თავზედ ჰკოცის)

ამირინდო

დაღალული იქნები, შვილო, დაისვენე, აი ეს ოთახები შენი იყოს საკუთრად. გადიავ დაასვენე, ახლა ნუღარ იწუწუნებ, ეგეც შენი ბეგლარ. (გადის)

ლომისეული (მიდის, აგრეთვე - ბიჭები)

გენაცვალე...

გამოსვლა მეთერთმეტე

ბეგლარ (მარტო. მოიხსნის შარფს, დაჯდება დივანზედ).

დღეს ვგევარ აწ მე ახალშობილსა,

ვხედავ რა სახლსა ჩემის მშობლისა,

დღეს ვიწყებ ახლა სოფლის ცხოვრებას

და მისთა ვნებათ ზღვის მღელვარებას,

უნდა ვიბრძოლო, ღელვაში ნავით,

უსვა ნიჩაბი სუსტისა მკლავით.

(დაფიქრებული).

იქნება ბედმან

თვალით ვერ მხედმან

უდროთ მოსთელოს ჩემი ცხოვრება?

იქნებ ერთა,

გონების მტერთა,

მოსწამლონ ჩემი ნიჭიერება?

გამოსვლა მეთორმეტე

ბეგლარ და მიხეილ

მიხეილ (შემოვა)

ჰა, ბეგლარ!

ბეგლარ

მიშელ, მონშერ! (ეხვევიან ერთმანეთს)

მიხეილ

ეს არის ეხლა შევიტყე შენი მოსვლა და მოვიჭერი შენთან. Как я рад. მე ოტპუსკში ვარ, კარგად გავატარებთ დროს, несмотря, на то რომ მამაჩვენები ჩხუბობენ და ერთმანეთს მტრებს ეძახიან!

ბეგლარ (უსიამოვნებით)

როგორ თუ ჩხუბობენ? რა აქვთ საჩხუბარი?

მიხეილ

ეხ, братец, შენ პოეტი ხარ, გინდა რომ ყოველი კაცი ანგელოზი იყოს. Нет брат, მაშინ უფრო ცუდი იქნებოდა.

ბეგლარ

ეგ უცნაურია...

მიხეილ

Да, პატიოსანს და კაი კაცს რაღა ფასი ექნებოდა და просто სულ პატიოსნები იქნებოდნენ.... გახსოვს შენი რუსთაველი რას ამბობს:

ოდეს ტურფა გაიაფდეს,

აღარ ღირდეს აღარც ჩირად...

ბეგლარ

კარგი, დაჯექ, მე შენი ნახვა მიამა, პირველად მითხარ რას იქმნენ თქვენები, ხომ ყველანი კარგათ არიან, ნინუცა გაზდილა? Я думаю теперь она невеста.

მიხეილ

სულ ყველანი კარგად არიან, а Нина? Ах братец чудо девка, ის მტირალა ნინუცა ხომ აღარ არის... გახსოვს... უნდა ეხლა ნახო, ქალაქს ინსტიტუტში გაზდილი. Образована братец, такая умница, прелесть! ერთი მოდი ნახე. Прошу не влюбляться. Мы теперь Монтекки и Капулетты, მაგრამ შენ რა ეშმაკი შეგაყვარებს, ведь у вас какие то идеалы шиллеровские девы, ჩვენი საქმე სხვა არის პროზაიკები, რაკი პატარა ფერით გათხუნულს ქალს ვნახამთ პრაშჩაი გულო! Ах, братец, ах, как меня შავი თვალები მწვავენ, ცეცხლს მიკიდებენ.

ბეგლარ

Счастливец. შენ კიდევ ჩემი ქარიანი მიშელ ხარ, მგონია შენ დააბერებ დროსა, დრო შენ ვერ დაგაბერებს.

მიხეილ

რა ეშმაკისათვის მინდა სიბერე, შენ მებრალები, რომ დაგაბერებენ, იცი რას გეუბნები, ღმერთს გეფიცები, მოდი კარგს რამეს გირჩევ, ჩვენ პოლკში შემოდი. Там тебя полюбят, там будет весело, некогда будет думать. თორემ, აი რა მოგივა: ღმერთს გეფიცები, მასხარად აგიგდებენ.

ბეგლარ

სამასხაროს რომ არასა ვიქ?

მიხეილ

შენ ხომ პოეზიაზე ხელს არ აიღებ, პოეტებს დიდ ქვეყანაშიაც სულელს ეძახიან. შენ აქა დაღუპული ხარ, მესტვირეს დაგიძახებენ!

ბეგლარ (იცინის)

სხვა მითხარ რამე!

მიხეილ

ოთხი თვე ერთად ვიქნებით, სულ ხომ ერთ დღეს ვერ გიანბობ, პრაშჩაი, ზოგი ხვალ იყოს...

ბეგლარ

ხვალ უეჭველად.

მიხეილ

Ну прощай... მამაშენს უთხარ ნუ კლიაუზნობს, შენ თუ იმას გამოსცვლი, великий человек будешь. (გავა)

გამოსვლა მეცამეტე

ბეგლარ და ლომისეული (შემოვა)

ლომისეული

ის მატრაბაზი იყო აქა, ონოფრეს შვილი, როგორ შემოუშვი, მოხუცებულ მამაშენს ეწყინება!

ბეგლარ

როგორ გადიავ, უცხო ყმაწვილი კაცი არის, ნეტავი საქართველოში იმისთანა ყმაწვილი კაცები ბევრნი გამოვიდნენ.

ლომისეული

უი, დამიდგეს თვალები! რას ანბობ მამიშენის მზესა, მაგისთანა გარყვნილი ყმაწვილი კაცი თურმე არსად არის, მერე თურმე ასეთი ბრიყვია, შენმა დაბერებამ, უნდა თურმე ნახო სტუმრებში ქალებთან, ფეხზედ ფეხს შემოიდებს, თითქო სარდალი იყოს, მერმე საშინელი ურჯულოა თურმე (პირჯვარს იწერს). ღმერთო შეგცოდე, დიდ მარხვაში არამც თუ ხორცსა სჭამს, კიბოთი თურმე სკდება! აი შეარცხვინა ღმერთმა, მამიშენის მზეს, იმათთან არ წახვიდე, თორემ შენც ისეთად მოგნათლავენ. გამდელი ჰყავთ ერთი კუდიანი, ჯადოქრობით სავსე არის.

ბეგლარ

რას მიზამს?

ლომისეული

შეგილოცავს და სიყვარულის წამალს დაგალევინებს.

ბეგლარ

ოთხმოცის წლის ბებერს რად უნდა რომ შემიყვაროს?

ლომისეული

რას ანმბობ ყმაწვილო, გენაცვა, განა თითონ, ონოფრეს ერთი გონბიო ჰყავს, ნინუცა ჰქვიან, იმას შეგაყვარებს.

ბეგლარ

რა გენაღვლება, ანმბობენ ლამაზიაო.

ლომისეული

ლამაზი! არა შენმა დაბერებამ, უკანა თვალის კილოები დაწეული აქვს, ზეითი ტუჩი მოკლე აქვს, რომ ლაპარაკობს თითქო ძალათ იკრიჭებაო (საიდუმლო ხმითა) მერე ასეთი ურცხვი თურმეა, ვინც უცნობი ნახოს ნათესავისავით ელაპარაკება, ინტიტუტში გაზდილა, რას ისწავლიდა გენაცვალეთ იმათში!

ბეგლარ

Ах, как я рад, видно она хорошо оброзована (იქით), ხვალ უთუოდ ვნახავ. (გავა)

გამოსვლა მეთოთხმეტე

ლომისეული (მარტო)

ლომისეული

ღმერთო, დაგვიხსენ მტრის დაცინებისაგან. რა ვქნა, აქ აღარავინ არის, რაზედ მატირეს ცხრა წელიწადი ამ ყმაწვილის მოშორებაზედ, რა უსწავლებიათ, დაუბერებიათ, მე რაღასაც მოველოდი, ისევ ის ჩემი ბეგლარ არის.

ფარდა ჩამოეშვება

მოქმედება მეორე

გამოსვლა პირველი

ოთახი ნინოსი. ერთ მხარეს ფორტეპიანი დგას. ოთახი მორთულია კარგი ავეჯით, ფორტეპიანოს უზის ნინო, უკრავს და მღერის.

ნინო (მარტო)

ნინო (იმღერის)

ნეტარ გულო, რისთვის შექმენ შენ უეცრად მღელვარება,

იქნებ შენცა მოგეფინა ტრფობის შუქის ელვარება,

ნახე, ჰსცადე თუ ეგ იყოს ბედისაგან დანაწესი,

თუ ეგ იყოს განგებისგან შენსა გულსა დანათესი.

მიჰყვე ტრფობას,

ტკბილსა გრძნობას,

მიეც თავი —

არ არს ავი.

ტრფობა არის ქალთა ნუგეში,

სხვა რა გვაქვს სოფელსა ლხინი,

ტრფობა არის ჩვენი დიდება,

ჩვენი სკიპტრა და გვირგვინი.

გამოსვლა მეორე

ნინო და ბეგლარ

ბეგლარ

ჩემის მხრივ გარწმუნებთ, თქვენა ხართ ღირსი მთელის ქვეყნის გვირგვინისა!

ნინო

ახ! Это вы, князь! არა, მე არა ვარ აგრე პატივმოყვარე, რომ დედოფლების გვირგვინი ვისურვო.

ბეგლარ

სიყვარულის გვირგვინი. ნეტა ვინ არის ის ბედნიერი?

ნინო

რათ გინდათ შეიტყოთ, თქვენ ხომ არა გჯერათ, რომ ქართველმა ქალებმა სიყვარული იცოდენ, ან გრძნობდენ.

ბეგლარ

По крайней мере თქვენ იქნებით მხოლოდ პირველი.

ნინო

ვგონებ კაცები უფრო ცივად ხართ სიყვარულზედ. ეს კიდევ არაფერი, ნეტავი მტრობა არ იცოდეთ.

ბეგლარ

მაგ ისარს მამა ჩვენებს ესვრით?

ნინო

მართლა გეტყვით, რა არის იმათგან ასე ერთმანეთის მტრობა.

ბეგლარ

მიზეზი, მიზეზი გაუნათლებლობაა. ჩვენი ხალხი არ არის პირველი, ბევრნი გვძრახავენ, მაგრამ თუ წაიკითხვენ ცხოვრებას დიდის ერისას, მაშინ დამერწმუნებიან რომ რომაელნი. როდესაც მხედრობით მდგომარეობიდგან შეიქნენ მოქალაქედ, ისეთი მეშურნენი, მეჩხუბარნი და მოდავენი გახდენ, რომ საშინელება იყო. ჩვენც ახლა ვესწრობით ასეთ კეთილ ცვლილებას ყმაწვილ-ჩამომავლობაში, რომელნიც იზდებიან ხელმწიფის მოწყალებითა და იკარგება მაგვარი ბიწიერება ჩვენში. ვგონებ დამერწმუნებით, მე და მიხეილს არ მოგვივა ჩხუბი და არც საჩივარი ერთმანეთზედ.

ნინო

მე კიდევ იქა ვარ, რადგან თქვენ ჰსჯავრობთ ქალებზედ რომ სიყვარული არ ვიცით, ნება მომეცით მეც გკითხოთ, გყვარებიათ ვინმე, იქ მაინც დიდს ქვეყანაში?

ბეგლარ

დიახ ნინავ! მიყვარდა და მიყვარს, ჩემს გულში არის დათესილი სიყვარული სიყრმიდგანვე და თან წლოვანებასთან შემეზარდა სახე ხმითა საყვარელისა. იყო და არის განუშორებელი ჩემგან, მინათვიდა და მინათის როგორც ბედის ვარსკვლავი. ოჰ, თუ არ მიიფარა ჩემგნით განმაცხოველებელი ჩემი მნათობი და იქნება ხელთმძღვანელი დანაჩენის ჩემის ცხოვრებისა.

ნინო

ნეტავი ვიცოდე, ვინ არის აგრე ბედნიერი, დიდი ხანია თქვენ წვლილ ლექსებში, რომელიც მოდის და მოდის პეტერბურხიდგან პენერამით სწერთ სიყვარულსა, მაგრამ ვერ გამოვიცანით!

ბეგლარ

ვინ იყო საგანი, გინდათ რომ გამოიცნოთ?

ნინო

ძალიან!

ბეგლარ (გამოართმევს ხელს, ნინოც აძლევს)

ნინა, თქვენა ხართ!

გამოსვლა მესამე

იგინივე და მიხეილ

მიხეილ

სწორეთ ფამუსოვი ხარ! Чай братец. Ты с прогулки?

ბეგლარ (იცინის)

მე მიყვარს ნინა!

მიხეილ

А, ты Нина, გიყვარს? (ნინო მოეხვავა მიხეილს) მითხარ ყურში... Ну вот и прекрасно! ბეგლარ дай руку (ჩაუდებს ხელს ხელში), ღმერთმა გაკურთხოთ. (ბეგლარ ჰკოცნის ხელზედ ნინოს და პირზედ მიხეილს). დასხედით. ახლა ამას უნდა ვეცადნოთ მამა ჩვენები დავითანხმოთ.

ბეგლარ

აბა, როგორ?

მიხეილ

მოიცა, ჩალიანი ჩვენ დაგვრჩეს!

ბეგლარ

რა იქნება?

მიხეილ

ის იქნება, რომ მამაშენი თანახმა გახდება ჩალიანს რომ ნინუცას გავატან.

ბეგლარ

ვითომ, преставте себе, გუშინ მამა ჩემმა ილაჯი გაგვიწყვიტა სუდში არზა დაწერეო. ერთი ამოდენა საქმე შემოიტანა. მთელი დღე ვშალე, ვშალე, ничего не понял. მგონია ჩალიანის თაობაზედ არის. Ради бога შენ დაწერე, მე არ ვიცი.

მიხეილ

მე კი თუთულოვი გონივარ თუ, გინდა მე ცხენი გამახედნინე, ფრანცუსკის კადრელს ვასწავლი ცხენსა. Мое ли-дело писать кляузы.

ბეგლარ

Но будеть гонка. Прощай Мишель, მამაჩემი მოვიდოდა და... (ნინოს ხელზედ ჰკოცნის)...

ნინო

თქვენი ლექსები გამომიგზავნეთ.

ბეგლარ

ახ! Забыл. დღეს დილას ლექსი დავწერე და დამავიწყდა, ვერ წამოვიღე თანა, ერთად მოგართმევთ (გავლენ ყველანი).

გამოსვლა მეოთხე

ნენე (მარტო) და მერმე აბრამა

ნენე

ბეგლარ ბრძანებულა, ახ! ნეტა როდის იქნება ჩემი ნინუცა იმას შეერთოს, რა რიგათ უყვართ ერთმანეთი... ოხ, რა რიგათ მიყვარიან რუსები, რომ მოახლების გათხოვება ჰსცოდნიათ, იქნება მეც მეღირსოს, ნინუცა კი დამპირდა ჩემი ბლუ აბრამა... ბლუ რომ არ იყოს უცხო რამ არის, მაგრამ რა უშავს სხვა ხომ არა აქვს-რა დამახინჯებული, არც თვალი, არც ცხვირი (იყურება ფანჯარაში). ქა, აგერ თითონ აბრამაც მოდის, წიგნები მოაქვს, უთუოთ ნინუცასთან იქნება.

ნენე

ხომ მშვიდობით ბრძანდებით ყმაწვილო?

აბრამ

მე, მე, მე, ჩე, ჩე, ჩე...

ნენე

რადა ჩეჩე?

აბრამა

მი-მი-მი ყვა-ყვა-ყვა...

ნენე (იცინის)

ყვა, ყვა, ყვა!

აბრამა

...ყვარხარ!

ნენე

ძალიან?

აბრამა

ძა! ძა! ძა!.. ი ი იყ... ან

ნენე

ბეგლარს უყვარს ჩემი ნინუცა?

აბრამა

ჰო!

ნენე

მაშ რატომ არ ირთავს?

აბრამა

მაყ, მაყ, მაყ.

ნენე

მამა არა შვრება. გაუწყრეს მამა ღვთისა!

აბრამა

ნუ-უ-უიი იი წყე... წწყე... წწყევლები!

ნენე

(ნენე იცინის და ქოქოლას აყრის. ამ დროს შემოვა ნინო)

გამოსვლა მეხუთე

იგინივე და ნინო

ნინო

Ах, здравствуй, Абрам!

აბრამა

(თავს დაუკრავს და მიართმევს ვარდის კონას და წიგნებს)

ნინო

საღამოზედ ხომ არ მობრძანდება ბეგლარი?

აბრამა

რა... რრრ... მო... მო...

ნინო (გახსნის წიგნს)

Ах, стихи!

აბრამა

(აქამდის სულ ენა ებმოდა და იძახდა "მო მო"... უეცრად დაიყვირებს) მოგახსენო! (ნინოს და ნენეს გაეცინებათ)

ნინო (ეტყვის აბრამას)

პატარა მოიცადე, იქნება მიხეილმა პასუხი მისწეროს? (გავა აბრამა, ნინო მივა დივანზედ დაჯდება და ძირს ჩაუჯდება ნენე).

გამოსვლა მეექვსე

ნინო და ნენე, მერმე მოწყალისეული

ნენე

გენაცვალოს ნენე, მეც გამაგონე, რუსული ხომ არ არის?

ნინო

ქართული ლექსებია.

(კითხულობს)

აგერ ცაში მზე ბრწყინვალებს

და განფანტა ღამე ბნელი,

შუქი მისი შენსა ფანჯრებს

ჰკოცნის ვითა საყვარელი!

აღსდეგ, აღსდეგ, კმარა ძილი,

კმარა ტკბილ სიზმართ ზმანება.

ისმინე ფრინველთ ჟღივილი!

იხილე დღისა შვენება.

აღსდეგ, ატკბე შენი ყური,

ვარდს ტურფათ დამღერს ბულბული,

უცხოთ უსტვენს მოლაღური,

შორის ტყით ისმის გუგული.

მზისა სხივსა ოქროს ფერად,

დაუფერავს შენი არე,

მე მოვსულვარ შენსა მზერად

აღსზდეგ ხილვით გამახარე!

აღსზდეგ მნახე, თავს დაგიკრავ,

მოგიძღვნი ვარდისა კონებს,

შენსა ხელსა გულს მივიკრავ,

გადგიკოცნი ლამაზ თვალებს.

(უკანასკნელ ტაეპს რომ კითხულობს, გამდელი მოწყალისეული შემოვა, მიეპარება და წაართმევს წერილს ხელიდგან)

ნინო

გადიავ, რას შვრები, არ დამიხიო!

მოწყალისეული

ვისგან არის ესა?

ნინო

ბეგლარისაგან.

მოწყალისეული

როგორ თუ ბეგლარისაგან? (ამოიღებს სათვალეს, კითხულობს ბოლო კუპლეტს ხმა-მაღლა)

გკოცნი ვითა საყვარელი,

გადგიკოცნი ლამაზ თვალებს...

(მივარდება სიანჩხლით)

ეს რა არის, კარგად გაზდილო ქალო? უი, უი, რა დროს დავესწარ. (ნენე გაიქცევა კულისებში და დაიმალება).

ნინო

გადია, რა არის და ლექსებია, ცუდი არა არის რა! რაზედ გიჟდები?

მოწყალისეული

რას ვხედამ ამ ურცხვსა! უი, უი, ვაი, ამ დღის ნახვასა.

გამოსვლა მეშვიდე

იგინივე და სიდონია

სიდონია

რა არის, გადიავ, რა ამბავია?

მოწყალისეული

(დაჯდება ხალიჩაზედ ძირს, იცემს მუხლებში)

რაღა არს, ჩვენი ლაფის დასხმა, ჩვენი სირცხვილი, ჩვენი ჩაქოლვა, ჩვენი სასაცილოები, ჩვენი თავის მოჭრა!..

სიდონია (შეშინებული)

რა არის, ვეჟო, არ იტყვი?

მოწყალისეული

შენი კარგი ქალის გამოაშკარება!

სიდონია

როგორ თუ ქალისა?

მოწყალისეული

მიეცი ინსტიტუტში გამოსაზდელად? შენ თუ არსად ებარე, ცუდი ქალი გამოგიყვანე, აქამდის სამზარეულოს კარებიც არ იცი! ახლა ასწავლე მიჯნურობა, ნესტან-დარეჯნობა, ვისრამიანობა, საარშიყო უსტრები!

სიდონია

როგორ უსტრები, აბა მიჩვენე!

მოწყალისეული

(წამოდგება, გაშლის ხელში დაჭუჭკნილს წიგნსა და უკითხავს)

აი.

გკოცნი ვითა საყვარელი,

გადგიკოცნი ლამაზ თვალებს!

სიდონია (დაეცემა დივანზედ)

უიმე, მე ჩაქოლვილსა!

ნინო (მივარდება დედას)

გენაცვა, დედავ, სამაგისო არა არის რა, ღმერთს გეფიცები.

სიდონია

რას ვხედამ ამ შეჩვენებულს, შე წყეულო!

მოწყალისეული

ჩუმად, არავის გააგონო (ახლა ის მივარდება ნინოს) რაზედ დაგვასხი ლაფი.

სიდონია (გამდელს)

ნუ ჰყვირი გადიავ, გენაცვალე, (ნინოს) შე წყეულო.

გამოსვლა მერვე

იგინივე და აბრამა

აბრამა

პა-პა-პა სუხი მი-იი ბო... (გააგრძელებს მინამ გამდელი ლაპარაკობს)

მოწყალისეული

შენ მოუტანე წიგნები? (უყვირის) ეი, ბიჭო ფილიპე, პაპუნა, (ბიჭები შემოცვივიან) გაათრიეთ ეს საძაგელი, ცემით მიჰყევით ამირინდომდი. (ბიჭები წაავლებენ საყელოში, მიათრევენ აბრამას).

აბრამა

ჩე-ჩე-მი რა-რა რა... ბბ... რალია! (გაათრევენ).

სიდონია (უძახის ნინოს)

აქ მობძანდი, ქალბატონო (შეაგდებს ოთახში და დაუკეტავს კარებს). აქა ბძანდებოდე, მზის სხივს არ დაგანახვებ, შე, შე, გასაქრობო! (გამდელი და სიდონია დასხდებიან ხალიჩაზედ, ტირიან, იცემენ მუხლებში).

მოწყალისეული

ახლა ტირი, რუსობანა მოინდომე, სახლში მიიღე დაუძინებელი მტრის შვილი, ყმაწვილი კაცი, ერთათ აკურკურე, არ იცი ესე მოხდებოდა, თითონ ის საზანდარი დასწერს ლექსებს, გადააბრუნებს ჩვენს ოჯახსა! კარგი საქმრო უშოვნე!

სიდონია

ერთი შეხედე, შენ არ მიქებდი,

შენ არ იყავი ილაჯს მიწყვეტდი,

კარგი შვილია მეუბნებოდი,

უცხო საქმროა, ყველგან ჰყვიროდი.

მოწყალისეული

რაო? არ გესმით, ერთი მიბრალე,

რა მომიგონე, შენ გენაცვალე,

ამას არ ვფიცამ, დიდათ მიყვარდა,

თითქმის ჩემ თვალწინ აქ გაიზარდა...

ვის რა ვუთხარი, რა დავიყვირე,

მე რა ვიცოდი, იყო მესტვირე.

უი-უი-უი! (წაიშენს მუხლებში)

გამოსვლა მეცხრე

იგინივე და მიხეილ (შემოირბენს).

მიხეილ

რა ანბავია, დედავ, მამაჩემისა ხომ არა შეგიტყვია რა?

სიდონია და გამდელი (ერთად)

შენი მატრაბაზობა, შენი სიპლუტე.

მიხეილ

Что за комедия?

სიდონია

წადი და ეხლა მიეც პასუხი ქვეყანას, შენ დააჩუმე ქვეყანა, რად მოსჭერი თავი მოხუცებულს მამაშენს...

მიხეილ

რას გადარეულხართ, არ მეტყვით, ერთი თქვით და...

ნინო (ოთახიდგან)

Мишель, меня заперли, отвори, я все разскажу!

სიდონია და გამდელი (ერთად)

ხმა გაიწყვიტე!!

მიხეილ

(დაინახავს სტოლზედ გასაღებს, აღებს კარებს ნინო გამოვა ნამტირალევი).

Да что такое!

ნინო

Я получила стихи от твоего друга.

მიხეილ

მიჩვენეთ ეგ წიგნი, წავიკითხო?

მოწყალისეული (აძლევს წიგნს)

აი, შეექეც.

მიხეილ (კითხულობს და იცინის)

ეს არის, ამაზედ ჰკლავდით ამ ქალსა. მე ერთი რაღაც მეგონა, მეორეთ მოსვლა გაქვთ, ღრიალებთ... წადით თქვენ ოთახში, დასხედით თქვენთვის, ერთ ისტორიათ არ გააკეთოთ.

სიდონია (მოვა მიხეილთან ალერსით)

გენაცვა, შვილო, მართლა არაფერი არ არის რა?

მიხეილ

არა დედაშვილობამ, წადით შინა, მე უკეთეს სასიამოვნოს გეტყვით რასმე, არ ვიცი მამაჩემმა რად დაიგვიანა მთაში. ერთი ჩამოვიდეს ნინუცას გაგითხოვებ!

სიდონია

იი, კარგია... ცრუო...

მიხეილ

აი, ნახავთ. (ნინოს) Ну, перестань хныкать. (სიდონია და ყველანი მიდიან. მიხეილ უჩვენებს მოწყალისეულისკენ) Вот кепинисхевская ведьма.

ფარდა ჩამოეშვება

მოქმედება მესამე

ოთახი ბეგლარისა, წიგნები კედლებზედ, ტახტქვეშ, სტოლზედ. პისმენი

სტოლი დგას, წიგნები აწყვია არეულად, ერთი საქმე ძევს ძველი და ერთი

ღერბოის ქაღალდები ძევს ზედა

გამოსვლა პირველი

ამირინდო, სოროზან, სარქის (შემოვლენ)

ამირინდო

შინ არ არის ბეგლარ, აბა ვნახოთ დაუწერია არზი თუ არა! არ ეგვანება შენ დაწერილსა სარქისავ, პეტერბუხული სხვაა და! (დახედავს და საშინლად დაიყვირებს) ბიჭო, ეს რა უქნია? ქართულად დაუწერია, ვაი შენს ამირინდოსა, როგორ დამავიწყდა, ვერ უთხარ, უთუოთ ქართული ეგონა!

სარქისა

ვა! Пелицонный არზი, კარგი რამ იქნება;

ამირინდო

აბა, ერთი წაიკითხე, ქართულს ჩვენი უწვერული კი ვერ დასწერდა, ქაღალდი წამიხდინა!

სარქისა (კითხულობს)

ვაა! ей богу ვაჰ, ჰსწორეთ ისეა!

ამირინდო (მხიარულებით)

ისეა განა, ქართულია, მაგრამ კარგი ზაკონები ჰწერია.

სარქისა

რის ზაკონი, აქ პროსბუ არ არის, აშუღობს, ლათაიებია.

ამირინდო (შეშინებული)

როგორ ლათაიები? ერთი წაიკითხე.

სარქისა (კითხულობს)

ვა ყურბან ზალუმის ხმაა.

აგერ ცაში მზე ბრწყინვალებს და განფანტა ღამე ბნელი... ჩვენი ივანგულა რა კარგად იტყოდა...

ამირინდო (დაიყვირებს)

რა დროს მასხრობაა, რას ამბობ, კაცო?

სოროზან (მივა და უყურებს ქაღალდებში)

ვაი შენ სოროზანსა! მართლა ლექსები არის, ბატონო, ვაი შენს სოროზანსა, ფიქრში ყოფილა!

ამირინდო

ლექსები? როგორ თუ ლექსები, ღერბოის ქაღალდზედ ლექსები, ვაჲ ოჯახო დაღუპვილო, ვაჲ სიბერის დროს შერცხვენილო, ვაჲ იმედო დაკარგულო, ოჰ, არზის წერა ვერ უსწავლია, ვაჲ ათასო თუმანო ოფლით ნაშოვნო და ტყუილად დაფანტულო...

სარქისა

აფსუს ფულებო, აქნამდისინ სარგებლის-სარგებელით სამი ათასი თუმანი გახდებოდა, ჩალიანი კი არა ნაწრეტიც შენ დაგრჩებოდა, ონოფრეს ყმად დაგისახლებდი.

ამირინდო

ღმერთო, ამისთანა უბედურება იქნება, ვინც იქიდგან გადმოდიან ერთმა არზის წერა არ იცის!

სოროზან

სარქის ბუღდანიჩ! ნეტა არც ონოფრეს შვილმა იცის წერა არზის, ა, ის აფიცრად რომ მოვიდა.

სარქისა

ნამცეცი, ამის შვილი კიდევ კაცია, ის სწორეფ ბუნბულია, ბურტყლი, ჰსწორეფ ქართველია, უკაცრავათ — ქარია უნდა მეთქვა.

სოროზან

ბუნება არის და ქართველს ხმალი უნდა ეჭიროს და არა კალამი.

ამირინდო

რით ვერ შეიტყე კალამი ხმლათ გაგვიკეთდა. ერთ ასოს დაბღაჭვენ და დარჩი მშიერი, ეი, ეი, ჩაიშალა ჩემი იმედი, ჩემი ნუგეში. (შემოკრავს ტაშს).

გამოსვლა მეორე

იგინივე და ბერუა

ბერუა

ლომინ გოდობრელიძე გახლამთ, თავი დაგიკრათ.

ამირინდო

ჰო, ეგღა მაკლდა, მთხოვს რასმე, მამაჩემი არ წამიწყდება... შემოვიდეს. (ბიჭი გავა).

გამოსვლა მესამე

იგინივე და ლომინ (შემოვა)

ლომინ

სალამი, ღმერთი გადღეგძელებს.

ამირინდო

რა ბრძანებაა.

ლომინ

შეგრჩა შენ ნუ მომიკვტე!

ამირინდო

ჩემს ბატონს ლომინს გაუმარჯოს!

ლომინ

(გადაიჯვარედინებს ფეხებს, მოიხრება და დაუკრავს თავს)

ჰო, ღმერთმან განდღეგრძელოს.

ამირინდო

მობრძანდი, დაბრძანდი, რა ქარმა მოგაგდო? სად ბრძანებულხარ?

ლომინ

ქალაქში გახლდი, ბატონო!

ამირინდო

როგორ მოგეწონათ, ამის მეტათ არა ბრძანებულხართ?

ლომინ

არა, მაგრამ ჩემგან რავა დაიწუნება, მაშინ უმეტეს რომ გადააცილა ქუთაისს, ვონს და ხონს — ქალაქებს... რავარც მსმენია განსვენებულის ჩემის ბაბუისგან, ლაშქარი რომ მიეწვიათ აღა-მაჰმადის ხანის დროს, შე ნუ მოკვდე, მისთანა ნაშოვრები ყოფილა, რაღა მოგახსენო. მისტონა ნოხის გული ჩამოეტანა რომე, შენ ნუ მომიკვდები, შენ, ას ფარად კი ღირდა, ქვე კი მონდომოდათ დიდ კაცებს, მაგრამ ვერ შელეოდა ნეტარ ხსენებული. ამასთან ქართულ აშურმების დაგვარად მოეტანა განსვენებულის თქვენის ბებიდაშვილისთვის ლეპინცკის ეკალატის ჩანახევი, სწორებ ამფართოვანი კი იყო აჰ, (ხელს გაუშლის).ამტენი ხნის განმავლობაში კიდევ კი ამფართოვანია (ორ თითს აჩვენებს).ქვე ბევრი დიდი კაცი დევიმდურე, მაგრამ ვერ შეველიე. შე ნუ მომიკვტები.

ამირინდო

ქალაქის სიდიდე როგორ გგონია?

ლომინ

ქვე არ მოგახსენე, რომ ამ ჩემს ქუდზედ სულ მთელი ტფილისი დაეტეოდა (მოიხდის ქუდს). რავაც ბაბუასგან გამეგონა, ახლა, ბატონო, გაზდილა, გავსილა, გაშვენიერებულა, ფრთები გეუშლია, ორი დღის საროინებელი შექმნილა გაღმათეთ და გამოღმა. მაგრამ საკვირველი მითხრეს, შუა დღისას რავარც ფუშკა გეიღებს დრიგინს, მაშინვე გეიზდება თურმე ქალაქი! დედა! დედა! დედა! რავარ მიუწთომელია ეს საქმე.

ამირინდო

უხუმრიათ, ხოლმე ზარბაზანი პატრების ზარების მაგიერად გავარდება, სადილი ჭამეთო.

ლომინ

ბატონო, საღამოზედ სცოდნიათ სადილობა, მომკლეს მშიერი, გვიან სჭამენ სადილს.

ამირინდო

არავინ მიგიწვია სადილათ?

ლომინ

კი, ბატონო... დედა, დედა, დედა! რავარი გამობრინჯული, გამოჩელეტებული წავედი. მივედი, მომეგება სახლის პატრონი, შევიხედე სახლშიდ მორთული, მაგრამ რა მორთული, სულ მთლად ლეპენცკურათ. შემიძღვანა წინ, ჯვარი აქაურობას (გაკვირვებით) სულ მთლათ ზურგიზურგს მოუქცევიათ და ისთე ჯდილარიან.

სარქის

ვა, გაბუტანა უთამაშნიათ!

ლომინ

არ ვიცი, შენ ნუ მომიკვტე. მიმიყვანა, მაჩვენა დაგრეხილი გოგორებიანი სკამი და მაზედ მიპირებს დაჯენას (შეწუხებით). მოვკტი, ბატონო, მისთანა ქალს უნდა შევაქციო ზურგი, რომ სულ პრიალ პრიალი გაუდის. რა გზა მაქვს მე უბედურს, დავჯექი, დავეფალი. რავაც მევინდომე ადგომა, გახდა გრიალი სკამს, გაფრინდა სკამი და მევიტაცე ქალი, თუ კედელს არ ჰსტაკებოდა და არ შევეკავებიე ორს საათზედ ქუთაის გადავარბენიებდი ქალიანათ.

ამირინდო და სარქის (იცინიან)

ამირინდო

სადილს როგორღა შეექეც, კიდევ ხომ არ მოგიტაცა სკამმა?

ლომინ

სადილზედ სხვა სკამზედ დამაჯინეს, მაგრამ მარჯვეთ ქე ვიყავ, თუ კიდომ მოვეტაცე, სტოლს ვსტაცებდი ხელს.

ამირინდო

რა მოგართვეს სადილათ?

ლომინ

მეიტანეს კუპატები, მოაყოლეს წვენი, რა წვენი. არც ჰქონდა ხორცი, არც ფოჩი, ასე ტყუილათე თფილი წყალი. მევიტეხე კუპატი, დავაწე წვენს და ხელათვე ვჭამე. გვერდით აგერ მომიჯინეს რუსი, ამოჰკრა ოთხი კობზი და სულ მთლათ ამოხვლიპა წვენი, მიმზერს უბედური ეგება ვუთავაზო; თუ უთავაზე გამიწყრება, თვარა წავწყდი. შიოდა უბედურს და ვერ ვაჭამე.

ამირინდო

კარგი ღვინოები ჰქონდათ?

ლომინ (შეწუხებით)

ღვინოს ნუ გამახსენებ, მან რომ მე საქმე მიქნა ნურა მტერს ნუ დამართვია, ნურას დღეში, ნურას დღეში ნუ გარეულა ის დღე.

ამირინდო

რა, ჩემო ლომინ?

ლომინ

ნუ მკითხავ.

ამირინდო

არ მოგეშვები, შე ნუ მომიკვდები.

ლომინ

აჰა, გეტყვი და თუ გამამხილე მომკლავ იმერეთში და ის იქნება.

ამირინდო

სასიკვდილო რა დაგემართება?

ლომინ

ის ბატონო, რომ გამბასვრენ, გამკილვენ და ექსორიას მიქმენ.

ამირინდო

არა, შენმა მზემ არ გაგცემ, მე ხომ მიცნობ, მწევარსაც კარგს გაჩუქებ.

ლომინ (აქეთ-იქით იყურება)

უცხო ხომ არავინ არაა აქანა?

ამირინდო

არა, ეს ჩვენი მეგობარი არის, არსად იტყვის.

სარქისა

მე ისეთი ჩუმი ვარ, როგოც ლოქო.

ლომინ

ღლავს ქვე კი გევხარ ცოტათი. პლურტი იქნება, მარამ მაინც მოგახსენებ: დამისხეს ღვინო, პლუტური თუ რაცხა, არ ვიცი... შე ნუ მომიკტები, რავაც დაასხეს სულ მთლათ ქაფათ გადეიქცა, ავიღე და ასე ტყუილა უცებად გადავკარ (დაიღრიჯება). შენი მტერი გამწარდეს, რავაც შენი ლომინის პირი გამწარდა! მე უბედურს ყრონტი ჩამიფხიკა! ვოხერს არც აქვს აღვირი, რომ კაცმა დეიკაოს. მეცა ცხვირში ბოლი, ვეღარ მოვასტარი და ასტე უცბათ გამომიხტნა ბუყი... (ამირინდო და სარქისა იცინიან დიდხანს)

სარქისა

ვა, ბოყინი, ხა, ხა, ხა, ხა...

გამოსვლა მეოთხე

იგინივე და იაია

იაია

ოო! ბატონს ამირინდოს ვახლავარ, მომილოცავს ბეგლარის მოსვლა. რაღა გიჭირს, ეხლა ვინ დაგიდგება წინა, დასვი და აწერინე არზები.

ლომინ

უიმე, მე უბედურს, ვერ მოგილოცე შვილის მობრძანება, ვეება ყაზახი იქნება ისა, არზის წერა თუ იცის? შენი ჭირიმე აგების დამიწერინო.

სარქისა (ჩუმათ ეტყვის ლომინს)

არზა, ასეთი არზის მწერალი გიშოვნო, რომ იმისთანა მოსკოვში არ იყოს.

ლომინ

მიშოვე შენი ჭირიმე, რასაც მთხოვს მივცემ.

სარქისა

კარგი, აქედგან წაგიყვან.

ლომინ

კარგი იქნება, წამიტანე!.. (აქამდის ამ ლაპარაკში იწვევს ამირინდო იაიას, დაჯდება და ჩუმათ ლაპარაკობენ)

იაია

ეი, მამა არ წამიწყდება, იმას მოგახსენებდი, მთელი ქალაქია და შენი შვილის ქება ისმის, საკვირველი მწერალი თურმეა!

ამირინდო (შეწუხებით)

კარგია, მამა ნუ წაგიწყდება ნუღარას მიბრძანებ, რის წერა, ბატონო!

არზა მივეცი მე დასაწერი,

თითქო არისო მოშურნე მტერი,

არზის ქაღალდზე რა დაეწერა?

ვიღასაც ქალზედ ეთქვა სიმღერა!

(იცინიან)

მე მოხუცებულს ცეცხლი მედება,

დღე არ მაქვს ძილი და მოსვენება,

ყმა და მამულსა სხვა მედავება,

თქვენ გამარჯვებას რა მელექსება.

იაია

ლექსები, ოო! საუცხოვოა, ხა, ხა, ხა! კარგი, მამა შენი ნუ წაგიწყდება, არ გეწყინოს, მაგრამ სასაცილოა არზის ქაღალდზედ ლექსები, ხა, ხა, ხა! ოჰ, მოვკვდი, ფერდები მეტკინა, ვეჟო, პეტრებრუხში რომ არ წასულიყო, მესტვირობას აქაც ვასწავლიდით, ვაჲ შენს იაიას!

ამირინდო

კარგი, მამაშენი ნუ წაგიწყდება, ხედავ რა მომივიდა, მე რა იმედი მქონდა, მინდოდა ნაწრეტზედაც შემეტანა საჩივარი...

სარქისა

ვა, რაღას უყურებ? მოხანი, დიანბეგთან იჩივლე, ერთი სიტყვით საქმეს გამოვიყვანთ:

შენ მოხანი იმ ნაწრეტში,

მერე ყველა ადვილია,

თუ ის შევა საჩივარში;

ტოჩკა და ზაპეტაია.

გეუბნები თუ სუდზედ მივარდა ამდენი ივლის, მინამ მეორეთ მოსვლაც მოვა, როგორც ჩვენი ემბერდი სწერამს.

ამირინდო

კარგი, გულს ნუღარ მიხეთქთ... იაიავ, ერთი ქალაქში იყავ ხომ, ეხლა, სად შეიყრებოდით ხოლმე? სალაყბოზედ თუ ყაბახზედ?

იაია

ჰო, ნუღარას მიბრძანებთ, სად არის სალაყბო, სხვა სახელი დაურქმევიათ, გახსომს, ამირინდო, ხეებზე რომ დავსხდებოდით, ჰეი, ეი დროვ, ვაჲ, დარბაისელთ ამოწყვეტასა. ყმაწვილ კაცს რომ შეეყარო — ერთ ნიმუტს არ დადგება ხმა გაგცეს, ერთს ქუდ მოგიხდის, გაგიღრეჭს უკაცრაოთო და მირბის.

ამირინდო

სასამართლოში რომ საქმე გქონდა, სად დაისვენებდით ხოლმე?

იაია

ჰო, ბატონო, კარგათ მომაგონეთ, რას მოგახსენებდით? დიახ, იმას მოგახსენებდი, სასამართლოში შუადღემდის ხომ ტოროჟები არ შეგიშვებენ. მე უწინდებურათ შევიწიე, მამწვდა ტოროჟი და კინაღამ გამომახია კაბა. უწინ ხეები მაინცა გვქონდა, იმის ქვეშ ვისხედით. ეს არაფერი. ჰო, რას მოგახსენებდით? იმას მოგახსენებდით, და კიდევ იმას მოგახსენებდით, ბატონო, შუადღემდი სანახავათაც ვერ მიხვალ სადმე. არამ თუ ბატონებს, ბიჭებსაც ჰსძინავთ!..

ამირინდო

ეტყობა იმათ ულო არ დაეწვით, ვერც პურს მოიყვანენ.

იაია

რა ბრძანებაა, ბატონო, ჰო, რას მოგახსენებდი, კარგია, მამაშენი ნუ წაგიწყდება.

გამოსვლა მეხუთე

იგინივე და ბერუა

ბერუა

ზაალის ბიჭი გახლავთ. ბატონმა ლიახვის ტოტი დაწყვიტაო და სადილათ თქვენი სტუმრებით გთხოვათო.

ამირინდო

აბა, ბატონებო, რას იტყვით?

სარქისა

ახალი თევზი კარგი რამ არის, ბიჭო, ზაფრანა წამოიღე, ასეთი რამე მოვხარშო, ჰა.

ლომინ

მწერალთან არ წემიტან?

სარქისა

სადილი ვჭამოთ და მერე.

(გავლენ ყველანი. სარქისა დარჩება უკან, სცენასთან და ამბობს)

საკვირველია ქართველი,

რაც უნდა ჰქონდეს ნაღველი,

თუ მეგობარი შეხვდება,

მაშინვე დაავიწყდება.

ჭკვიან კაცს ბედი არ აგდებს,

იმის ქონება ჩემია,

შვილი ვერ უწერამს არზებს,

არ იცის ზაპეტაია.

არზის წერის მაგიერი

უსწავლია ლათაია,

ისაც დარჩება მშიერი

(ჯიბეზე დაიკრავს ხელს)

ტოჩკა და ზაპეტაია.

(გავა)

გამოსვლა მეექვსე

ბეგლარ (მარტო)

ბეგლარ (უყურებს ფანჯრიდან)

არ ვიცი ჩემ ბლუ ბიჭს რა დაემართა, პასუხი არა მომიტანა რა ნინუცადგან. Верно и он завел интриги... რა მშვენიერი დღე არის! (ოცნებობს. ფანჯარაში უყურებს)

ვიშ, ამ მშვენიერს კეთილსა ჰაერს,

ნეტარ ვინცა შენ კალმითა დაგწერს,

შეხედეთ ცასა,

ლაჟვარდოვანსა,

წმინდას მშვენიერ ქალწულოვანსა,

უყურეთ წყალსა

მოკამკალმალსა,

მჩქეფრად მქუხარეს —

გული მიხარეს!

ხუჭუჭთა ტყეთა —

ზურმუხტებ ველთა!

აჰა, ყურს ატკბობს ბულბულის სტვენა,

თითქო მე მესმის ფრინველთა ენა.

აი, კაკალზედ ვხედამ მსხდომ გვრიტთა,

როგორ იხარეს ერთად შეყრითა!

მესმის ტორუა უცხოთ იმღერის,

ამ ნანგრევიდგამ ბუ გამობღვერის.

მოდით მერცხალნო, მომეცით ფრთენი,

მიწით შევიქმნე აღმასაფრენი,

აღვფრინდე მაღლა და კვალად მაღლა,

რომ მე ვხედვიდე ქვეყანას დაბლა!

გავშალო ფრთენი

სანავარდენი,

ვნახო რა მზისა

შარავანდენი;

მერე რძის გზასა,

ვარსკვლავთა კვალსა,

შეუდგებოდე

მნათობთა სვლასა,

მთვარესა ვრცელსა,

ღამესა ბნელსა

განვსჩხრევდე მათში

საცხოვრებელსა.

(მოწყენით)

გარნაღა ვაჲ მე ღვთისა ქმნილი

ვარ ამა მიწას მაგრა მიკრული,

ვკვირობ რად მომცა გონება, ნება,

თუ რომ სიკვდილით სულ დასრულდება

ჩვენი იმედი და ჩვენი ბედი.

ასე სიზმარებ თუმცა განქრება,

სიცოცხლის სიმი უეცრად ჰსწყდება.

კაცი ამისთვის რათ იბადება?

(დაფიქრდება)

მაგრამ რა უჭვრეტ მზესა, მთვარესა,

ან მნათობთ ვარსკვლავს ცისა მყარესა,

იდუმალ მეტყვის მე სინიდისი

სხვა სოფლისათვის არს სამზადისი!..

გამოსვლა მეშვიდე

ბეგლარ და აბრამა (შემოვა სერთუკ დახეული)

ბეგლარ (შეშინებული)

რა ამბავია, ბიჭო?

აბრამა

რა... რა... მოუ-მოუ-მოუ-კლლლეს...

ბეგლარ

ვინა?

აბრამა

ქა... ქა... ქალებ...

ბეგლარ

ქალმა? Что он врет!

აბრამა (ტირის)

გამოსვლა მერვე

იგინივე და ონოფრეს ბიჭი (წიგნს ბეგლარს მიართმევს)

ბეგლარ (კითხულობს)

“კვლავ აღარ გაბედოთ ამ გვარი მოწერა და გთხოვთ აღარც ჩვენ სახლში გაიაროთ. ნინა”.

ბერუა

ბატონო, გვიბრძანეთ ჩვენც ემაგას ვცემოთ, შენი რისხვა არა მაქვს, სახლს ზედ დავანგრევთ თავზედ ონოფრეს.

გამოსვლა მეცხრე

იგინივე და სოროზან

სოროზან (შემოვა)

ღმერთი გადღეგრძელებს, ნუ ინებებ, სისხლი მოხდება. ნუ გაგზავნით მამიშენის მზესა, თქვენ ნუ გაერევით.

ბეგლარ (სოროზანს და ბიჭებს)

წადით ყველანი, ფეხი არავინ გადგათ (გავლენ).

გამოსვლა მეათე

ბეგლარ (დადის გაჯავრებული, მერე გულხელ დაკრეფილი)

დაუდგრომელო დედაკაცო! ვით შემოდგომა,

შენ ვინ გასწავლა ეშმაკივით კაცთ შემოდგომა?

ვინ მოგცა სახე ანგელოზის და სული კი ქაჯის,

იქნებ გეგონოს ამა სოფელს ვერავინ დაგსჯის.

კაცის ფერცხალო, მაცდულარო, ბურტყლო ოცნების,

გველებრივ ჭრელო, კაცთ გულთ მხვრელო, მახინჯ გონების.

(მომატებულის გაჯავრებით)

ოჰ, თუ შემეძლოს შემოგბეროთ სამუმის ქარი,

რომე თქვენითა სულ აღვავსო მდინარე მტკვარი,

ან მიქცეთ კბილსა, ლომისა ღრძილსა, ყბა დასატევსა,

რომ ქალთა სახეს დაღეჭვიდნენ, როგორც რომ კევსა.

წარვედ მაცდურო, უგუნურო, გაგსრეს ვით გველსა,

გაგიჭყლეტ თავსა, ამოგთხრი თვალსა, კაცთ მომწამვლელსა,

ვიქცევი სენად, გარდასაშენად თქვენის სქესისა...

გიწამლავთ გულსა, გიშხამავთ სულსა, შექნით ჭლექებად,

დღესა კეთილსა, არ მოგცემთ ძილსა, გეცეთ მეხებად.

(დაფიქრდება, მწარის ღიმილით)

საწყალო შტერო,

თავისა მტერო,

ვინ გმქნა უფალი,

დასთრგუნო ქალი,

ღვთისა ქმნილება.

მშვენიერება!..

საბრალო თავო, მღერალთ რიცხვში როს დაიბადე?

რისთვის დამდაბლდი ქალისაგან, რად გარდიბადე.

შენ გქონდა ფრთენი

აღმასაფრენი,

ზესანავარდი,

ეთერს მცხოვრები,

ცისა მარები;

სად გადმოვარდი?

რა გქონდა ერთი

ხალხთან საერთი,

მიწას რად ეკარ?

უმჯობეს იყავ,

მზით დამწვარიყავ

ვითარცა იკარ!

(კრესლაზედ დაეცემა. გული შეუწუხდება).

გამოსვლა მეთერთმეტე

იგინივე, გამდელი, გოგოები (შემოცვივიან, მიცვივდებიან

ბეგლარს, ღილებს უხსნიან, გულში უბერვენ)

ლომისეული

გენაცვა, შვილო, აბა, რას შვრები,

ჯადოქრებისთვის რისთვისა ჰკვდები?

არ დამიჯერე, გახსოვს, გიშალე,

რაც მოხდა, მოხდა, რად შეიშალე?

ეშმაკს აფურთხე და დაივიწყე,

გამხიარულდი, მღერა დაიწყე!

(გამდელი ჰყვირის) არიქათ, გიგაურის ცოლი მოიყვანეთ, მარქიტა...

გოგო

გულს უფრიალებს.

ლომისეული

შეჰბერე თვალებს.

გამოსვლა მეთორმეტე

მარქიტა (შემოდის)

მარქიტა

მშვიდობა სახლსა ამას!

ლომისეული

კარგი, დედაშვილობას მალე შეულოცე.

მარქიტა

გენაცვა რა მიზეზია, კაკალ ქვეშ ხომ არა წოლილა, წყლის პირს?

აბრამა

რა რომ... ეძინა...

მარქიტა

გენაცვა, გამდელო, თქვენგან არ მიკვირს კაკალ ქვეშ, წყლის პირს.წოლა, (საიდუმლოთ) ავის ქარისაგან იქნება.

ლომისეული

ჩუმად, ნურსად იტყვი!

მარქიტა

(ხელსახოცით გულს უზომავს, ულოცავს, ამთქნარებს, დატირის)

გულო, გულის ალაგასა,

ჩაჯექ ბუდის ალაგასა,

შენ არ გიხდება ხტომა,

გმართებს მშვიდათ დადგომა!

გულო, გულის ალაგასა,

ჩაჯექ ბუდის ალაგასა!

გულმა დაუწყო ფრენა,

შეშინებულის ქშენა,

ჯვარო პატიოსანო,

ამას მიეცი ლხენა.

გულო, გულის ალაგასა,

ჩაჯექ ბუდის ალაგასა.

მობრძანდა წმინდა ელია

ღრუბლით არს შემოსილია,

ეტლსა მისს მოაქვს გრიალი,

გადუგდოს გულის ფრიალი!

გულო, გულის ალაგასა,

ჩაჯექ ბუდის ალაგასა.

ბეგლარ (მოსულიერდება)

გამეცალენით, თავიდგან მომშორდით, გადით მეთქი!

(ჩამოეცლებიან და კულისებიდან უყურებენ. ბეგლარ დადის და აიღებს სტოლიდგან ალბომს, მიიკრავს გულზედ და დაიწყებს ლაპარაკს. მარქიტა კულისებიდან გამოიშვერს ხელსა, დანა და ნახშირი უჭირავს და ბუტბუტებს)

ბეგლარ

ჩემო სულისა აღმაშფოთო და ჩემო ბედო,

ჩემო სამოთხევ, ჯოჯოხეთო, ჩემო იმედო.

(დაფიქრდება)

ეს არის ჩემი სოფლის დიდება,

ლიტონი კაცი როგორ მიხვდება,

რომ ჩემი გული,

არს დაკუწული,

და მისგან შევქმენ ტრფობის ანბანი,

არავის ესმის ამის საგანი!

და თქვენცა ერნო,

მწერალთა მტერნო!

სავსენო შურით!

თქვენ არ იყავით დასცინოდით დიდ ბაირონსა,

თქვენ არ იძულეთ განაშორეთ მშობლის სირონსა

ტორკვატო ტასი?

ვერ სცანი ფასი,

უწოდეთ მტერი,

ჰქმენით პყრობილი,

მის მღერა ტკბილი,

არ მოიგონეთ!

თქვენში არ იყო კამოენსი მოკვდა მშიერი,

თქვენ არ სდევნიდით დიდსა დანტეს, იყავით მტერი?

და ოვიდია რომისაგან რისთვის განაგდეთ?

იქნებ მეც მისებრ მომიძულოთ არვის დაგნანდეთ.

(დაფიქრებული ნელ-ნელა გავა)

ფარდა მძიმედ დაეშვება

მოქმედება მეოთხე

ოთახი სტრაპჩისა. პისმენი სტოლთან ზის სტრაპჩი

გამოსვლა პირველი

ხარიტონ ფილიპიჩ (მარტო), მერე ივანე

Харитон Филипич

Иван!

Иван(За кулисами)

Сейчас!

Харитон Филипич

Переводчик не приходил?

Иван(входит)

Какой-с? судейский, то есть Бугданич?

Харитон Филипич

Ну, да.

Иван

Никак, теперь идет (Уходит. Входит Бугданич)

გამოსვლა მეორე

ხარიტონ ფილიპიჩი და სარქის ბუღდანიჩ კუმუხტოვი

Харитон Филипич

Аа... Здравствуй Бугданич! Где бывал.... Кажись ты был опять у Амириндо... Ха, ха, ха...Чай, несколько точек там не досчитал, а?

Бугданич

Что-ж делать, Харитон Филипич, когда бог не дал голова грузину? Настоящий баран голова.

Харитон Филипич

А ты как хороший овчар, т.е. чобан по вашему, умеешь стричь баран.

Бугданич

Ва! Человеку бог дал ум, надо потребить! Для грузина деньги, как наши говорят: апсус, т.е. жалка. Грузинский карман всегда такой дырка есть.

Харитон Филипич

Все хорошо, любезный, но ты для меня не стараешься, не хочешь со мной дружится.

Бугданич

Как-же? Я докажу, что для вас много сделал.

Харитон Филипич

Что-ж ты сделал?

Бугданич

Сию нимут подарки принесут.

Харитон Филипич

От кого?

Бугданич

От жирный баран, Амириндо.

Харитон Филипич

Нет, брат, он старый скряга, кляузник, дело не правое.

Бугданич

Эй, Харитон Филипич, пожалуйста, слова на крышу не бросай. Отчего за свой пот не взять, когда дает?... Не чистое можно сделать абрунди, вашу пословиц.

Харитон Филипич

Скажи, Бугданич, правду и ты и Рафаель поделились с судьею, что за точки и запятые содрали с Амириндо.

Бугданич

Судью? Черный камень ему дам, одно дело просил, не сделал. Еще ругает, какой пустой голова, ей богу, Харитон Филипич. Он отсуда такой пойдет голый, как дебришь голодный, как кошка в великий пост.

Иван (Из передней)

Сторож из суда.

Харитон Филипич

Ах, забыл что сегодня торги, Скажи сейчас буду.

Бугданич

Ва! немного подожди, подарка принесут, а Харитон Филипич, Зураба дело можно абрунди сделать.

Харитон Филипич

Это зависит любезный от обстоятельства. Я знаю и абрунди и дабрунди и цабрунди.

Бугданич

Известно, умный человек! Нимножка погоди да! Подарку принесут.

Харитон Филипич

Пусть подождут. Иван (Иван входит) коли будет бичо или князек, скажи чтоб он подождал.

Иван

Слушаюсь.

Харитон Филипич

Пойдем Бугданич, дай руку, но так мы с тобой...

Бугданич

Ва, ва как мы будем стричь и брить, ты только слушай меня.

(ხარიტონ ფილიპიჩ და ბუგდანიჩი გადიან)

გამოსვლა მესამე

ივანე (ოთახს ჰგვის). შემოდის ბეგლარი

Беглар

Здравствуй любезный.

Иван

Здравствуйте, Кого вам угодно?

Беглар

Мне нужно стряпчаго.

Иван

Т.е. Харитон Филипича? - Приказал дожидатся. Угодно подождите, коли не пыльно будет вам. (Иван уходит).

გამოსვლა მეოთხე

ბეგლარ და მიხეილ (შემოდის)

ბეგლარ

ოჰ, მიხეილ შენც აქა ხარ?

მიხეილ

დიახ. შენ რას აკეთებ?

ბეგლარ

ნუღარ მკითხავ, ლამის გავგიჟდე.

მიხეილ

რა ღმერთი გიწყრება, აი მის მადლმა, უყვარხარ ნინოს, მე მოგიხერხებ.

ბეგლარ

შენი იმედი მაქვს, ერთი ამ ხათაბალიდან გამომიყვანე.

მიხეილ

გამოგიყვან.

ბეგლარ

რომ ჯერ არ იცი, რათა ვარ აქა?

მიხეილ

უთუოთ მამაშენი გამოგზავნიდა.

ბეგლარ

ეგ არის, აი ბეჭედი გამომატანა, ქრთამი მიეციო!

მიხეილ

მეც ქრთამი მოვიტანე.

ბეგლარ (იღებს ბეჭედს)

Пожалуйста, აჰა, შენც მიეც მამაჩემის მაგიერათ ესა.

მიხეილ (იცინის)

რას ამბობ, როგორ იქნება, როდი აიღებს.

ბეგლარ

აბა, მეც მაგისი მეშინია, пожалуй обидется, ისტორია არ გამოვიდეს რა! Дело щекотливое.

მიხეილ

Пустяки, შენგანაც აიღებს, ჩემგანაც, მაგრამ ცალცალკე უნდა მივცეთ. ჩალიანი ნინოსია, გესმის, смотри женись.

ბეგლარ (გამოართმევს ხელს)

Как тебе не стыдно. ჩალიანი, ужасно нужно. მე სიყვარული, სიყვარული მინდა.

მიხეილ

Она любит братец... ვიღაც მოდის, სტრაპჩი არ იყოს, ჯერ შენ მიეც (გადის)

გამოსვლა მეხუთე

ბეგლარ (ზის სკამზე დაფიქრებული) სტრაპჩი (შემოდის და ათვალიერებს

დამჯდარს თავიდან ფეხებამდე),

Харитон Филипич

Он что-то не грузином смотрит...

Беглар (Встает)

Честь имею рекомендаваться... Я сын Амириндо.

Харитон Филипич

Слуга покорный, прошу покорно, садитесь...

Беглар (Садится. Пауза)

Прелестный день.

Харитон Филипич

Хорошо-с...

Беглар

Вы верно гуляли.

Харитон Филипич

Нет. Я был в суде.

Беглар

Да, и после службы можно делать мацион или верхом... Вы ездите верхом?

Харитон Филипич

Нет, не учился, и правду сказать некогда.

(Занялся расмотрением журнала)

Беглар

Вы редактор какого-нибудь журнала?

Харитон Филипич

Известно, судейского журнала.

Беглар

Скажите, пожалуйста, есть ли писатели?

Харитон Филипич

Помилуйте, слава богу, есть кому писать, судья, четыре заседателя, хотя не все писаки, секретарь, столоначальники.

Беглар

Ах, как приятно иметь таких образованных чиновников. Скажите пожалуйста, есть ли между ними поэты.

Харитон Филипич

Нет-с... Да правда, переводчик орет по персидски, туземцам нравится.

Беглар

Вы кажется меня не поняли, я вас спрашиваю, есть ли поэты, т.е. стихи пишет-ли кто-нибудь?

Харитон Филипич

Помилуйте, нам некогда глупостями заниматься.

Беглар

Как, по вашему Шиллер, Гете, Шекспир, Байрон, Калдерон были глупые?

Харитон Филипич

Извините. Не понимаю князь ни вашего Нерона, ни Шулера. Вы лучше князь скажите без рифмы пиитики, вы верно за делом пожаловали ко мне. Ей богу совестно, но право некогда, скажите без церемоний.

Беглар (Встает)

Простите меня, я никак не смел... не мог, но батюшка приказал отдать вам этот перстень.

Харитон Филипич

Давно бы вы сказали, а то вы меня замучили. Извольте (протягивает указательный палец), наденьте. — Теперь мое почтение. Я знаю, готов все сделать. Кляняйтесь батюшке.(Беглар уходит).

გამოსვლა მეექვსე

ხარიტონ ფილიპიჩი და მიხეილი (შემოდის)

Михаил

Харитон Филипич — мое почтение.

Харитон Филипич

Слуга покорный, ваше сиятельство. Пожалуйста, садитесь, что прикажете.

Михаил

Харитон Филипич, скажите, мне правду и прямо, я люблю откровенность, вы сейчас взяли перстень у сына Амириндо.

Харитон Филипич

Я не брал...

Михаил

Не говорите, я все знаю.

Харитон Филипич

Убей меня бог, не брал, поверьте совести.

Михаил (Берет за руку)

Да, вот он, этот перстень.

Харитон Филипич

Я вам говорил, что я не брал, а сами надели. Видите, я прав.

Михаил

Вижу теперь. Вот с моей стороны вам 100 руб. депозиток.

Харитон Филипич

Обижайте князь, не беру.

Михаил

Потому я положу под подушку.

Харитон Филипич

Как угодно, но взяток не беру. Я дал себе честное слово.

Михаил

И прекрасно, очень честно. Но как теперь дело сделайте?

Харитон Филипич

Я сделаю абрунди.

Михаил

Ведь и от Амириндо взяли перстень.

Харитон Филипич

Во первых я не брал, а сам надел. Да по делом кляузнику. Пусть не присваивает чужую собственность.

Михаил

Чудесное правило. Прощайте, не забудьте абрунди.

Харитон Филипич

Будьте уверены. Даже габрунди сделаю.(Михаил уходит).

გამოსვლა მეშვიდე

ხარიტონ ფილიპიჩი, სარქის ბუღდანიჩი და ლომინ

(შემოდის)

სარქისა

Харитон Филипич! Вот один имеретинский баран голова, т.е. князь! Дела имеет.

Харитон Филипич

Что он хочет?

სარქისა

რა გინდაო?

ლომინ

რავა რა მინდა, არზი... ცოლი მინდა შევირთო.

სარქისა

Он говорит прошение, говорит нужно, хочу женится говорит.

Харитон Филипич

Какое же нелегкое ему мешает, пусть женится.

სარქისა

მერე რომელი სუმბუქი გიშლის, შეირთეო.

ლომინ

რავა არ მიშლიან, ნებას არ მაძლევენ, ბატონო!

Саркис Б.

Как-же мешает, не позволяют, говорит.

Харитон Филипич

Кто мешает?

სარქისა

ვინ აგრივაო?

ლომინ

ამრიეს კი არა, გადამრიეს, ვერ გავაგებინე ტლომაჩს, სუნელია.

სარქისა

მითხარ და...

ლომინ

აა, ბატონო, გითხრობ, ბღარობის ერთი პაწია ქალი შემრთეს და გამაშვებინეს, ბღარები ხართო. ეს ხომ არაფერი, გამაშვებიეს, გაიგე?

სარქისა

როგორ ბღარობის? რა არის, ჰო? ბარობა ესე იგი გაზაფხულობის ბარვა რომ არის ვენახის!

ლომინ

უჰ, უჰ... რას ამბობ? რავა გაზაფხული, ბარე ხუთი გაზაფხული გევიდა. ბღარი არ იცი. პაწია, პაწია.

სარქისა

ოჰ, ახლა გავიგე, მითხარ მერე.

ლომინ

ის პაწვიკობა ხომ არაფერი, გამაშვებინეს. არ დაითვლება. მეორე, ჩემო ბატონო, როსკიპი იყო და მე გეუშვი. ესეც ხომ არაფერი, არც ის და არც ის. ერთი შევირთე (ტირის) და მომიკვდა და ახლა მეორეს ვირთავ და არ მცემენ ნებას, გეიგე.

სარქისა

ვა, თეთივე, სამი ცოლი გყოლია, მეოთხეს ირთავ, განა ნებას მოგცემენ?

ლომინ

რას უბნობ, შე უბედურო, რავა სამი! ის ერთი ხომ თითონ გამაშვებინეს, მეორე მე გუუშვი, მესამე მოკვდა... ის ორი ხომ არაფერია, რომ მოკვდა ის ერთი და ახლა მეორეს ვირთავ გაიგე?

სარქისა

Вот баран голова.

Харитон Филипич

Что он говорит?

ლომინ

ჰა,.. ვერც ამან გაიგო. (სტრაპჩის) თარჯიმალი ნეზნაიტ ბატონო.

სარქისა

Чихи-махо говорит, он говорит был маленки, женился, но маленки говорит и говорит, это развод сделали, говорит, второй женился говорит... (იმერელისაკენ) მეორე რა იყო, რო გააგდე?

ლომინ

როსკიპი.

სარქისა

როსკიპი. ჰო ვიცი. Второй женился, говорит кипит вода говорит, третий умер говорит, тепер хочет опять жениться.

Харитон Филипич

Кто-же позволит ему жениться; на четвертой жене редко кто жениться.

სარქისა

არ იქნება, ბატონო, ოთხი ცოლი.

ლომინ

აა, თანჯიმალ ნეზნაით, ბატონო, ესთეა, ბატონო, შენი საკადრისი რუსული არ ვიცი, მაგრამ ქვე-კი ჰო, ადნა ჟენა მალინკა პომოდდკა, ჟენა, დურაკ უშველებელი, დურაკი იყო, ტრი ჟენა უშლა ი პრაპალ, ჩეტირე ჟენა ხარაშო და ადინ ესააა... ახლა იცი.

სარქისა

ვიცი კარგა, ბატონო. ერთი პატარა, ორი ცუდი, სამი მოკვდა, ოთხი არ იქნება...

ლომინ

კაი შენს გუნებას, თუ არ იქნება. (პუბლიკას) არავინ ხარ ქრისტიანები, გააგებინეთ, სუნელები არიან.

Саркис

Такой дела Харитон Филипич просит: напишит позволить, не позволит, деньги возми...

Харитон Филипич

Поторгуйся.

სარქისა

რას იძლევი?

ლომინ

ოცდაათი კაკალი მანეთი მაქვს და შენც ცალკე გემსახურები.

სარქისა

მე რას მაძლევ?

ლომინ

ასეთ კულას გამოგიგზავნი, ვერცხლით შეჭედილს, რომ ღვინო დალიო, რაკრაკი გაჰქონდეს პირში (იქით) თუ ერთი დავაწერიე, კორტოხეთი გადვიარე. აჰა, მამა უცხონდა.

სარქისა

კარგი, გადასაწერი არზისა?

ლომინ

ღმერთი არა გაქვს, ერთი მანეთი დამრჩა, ვერ დავშლი.

სარქისა

როგორ მანეთი? გადასაწერი ორი თუმანია.

ლომინ

უუჰ, ბიძია, მშვიდობით, შენ და მაგან შეირთეთ, ორმოცდაათ მანეთათ არ ღირს ცოლის შერთვა, მშვიდობით.

სარქისა

მოდი, კარგი, მოიტა.

ლომინ

(იღებს ქისას,სთვლის სამ თუმანს, — აძლევს)

აა, ბატონო.

სარქისა

ერთი მანეთი გადასაწერი.

ლომინ

ვერ დავშლი გეუბნები, არ მაქვს ნაშლად.

Харитон Филипич

Ну бог с ним, бери

სარქისა

მაიტა, კარგი. (ართმევს) Харитон Филипич, еще найду какой - нибудь баран голову. (იმერლისაკენ) წადი და სამი დღის უკან მოდი. (გადიან)

გამოსვლა მერვე

სტრაპჩი (მარტო)

Харитон Филипич

Да-с, все отказываются здесь служить, а по мне кто умеет сделать абрунди, тому везде тепло. Главное, не нужно многого. Я человек не прихотливый, я ничего не требую. Коли дадут сами за каждое дело по десяти червонцев, и довольно. У нас в суде дел гражданских 1.500, уголовных 150, вот вам и капиталец, а другие наши братья кричат — уезд неурожайный. Что же делать? Не везде Нуха, Карабах и Ганджа. Там, батюшка, Калифорния!

(ფარდა ჩამოეშვება)

მოქმედება მეხუთე

გამოსვლა პირველი

ნინო (ზის თავის ოთახში, წიგნი უჭირავს. დაფიქრებულია)

ნინო (მარტო)

იქნება გამართლდე დიდი ხნის ჩემის სიყრმის იმედო:

ნეტარ ჩემო საყვარელო, ამ ჩემ გულში ჩამომხედო,

შენ მუნ ნახავ: სიყვარული, ვით ლამპარი ანთებულა

და ზეცისგან ტრფობის ტახტი შენ საჯდომად აგებულა.

გამოსვლა მეორე

ნინო და ბეგლარ (შემოდის)

ნინო

ახ!

ბეგლარ

ნინა! ნინა!

ნინო (ვითომ ებუტაბა)

ბეგლარ

მიწყრები? (ართმევს ხელს და აკოცებს)

ნინო

მადლობელი გახლავართ, კარგა შეგიქცევივარ, კარგი, მე მაგრამ ქვეყანას რაღას ემართლებოდი!

ბეგლარ

Прости Нина, სიყვარული მოუთმენელია, მე მეგონა, მე მეგონა მოტყუებული ვარ მეთქი.

ნინო

გეტყობა კიდევ ეჭვში ხარ, რომ ქართველმა ქალებმა სიყვარული არ იციან!..

ბეგლარ

შენა ხარ პირველი და ამისთვის უმეტეს შემიყვარდი.

გამოსვლა მესამე

იგინივე და მიხეილ

მიხეილ

ბეგლარ! თქვენი საქმე კარგად მიდის. წადი მამაშენთან, იაია დაუბარებია, ეცადე მოციქულად გამოგზავნო.

ბეგლარ

რა ეშმაკი მათქმევინებს სიტყვას, ასეთი ყოფა აქვს რომ გამდელიც ვეღარ შესულა იმასთან, კინაღამ დიანბეგი გალახა რომ გამოეცხადა, ფიცავს მას არ დავანებებო.

მიხეილ

წადი გეუბნები, ახლა მოკაკული იქნება მამაშენი (ბეგლარ მივა ნინოსთან, უყურებს და ხელზედ ჰკოცნის) Ну, убирайся, без нежностей, მოესწრები, მაიცადეთ სიყვარული გაგიცივდებათ. (ბეგლარ გავა)

გამოსვლა მეოთხე

იგინივე და ონოფრე (შემოვა შეწუხებული)

ონოფრე (მიხეილს)

მადლობელი გახლავარ, კარგად გასჯილხართ, იმედი მაქვს რაც მამულები მაქვს, ისინიც დაჰკარგო, ვეჟო. ის გაუმაძღარი დათვი ხომ ნაწრეტზეც დამიწყებს დავას? ბიჭო, რა უყავ ათი თუმანი, რომ გაგატანე?

მიხეილ

მივეცი, სადაც გამატანეთ.

ონოფრე

სტყუი, მამაჩემი არ წამიწყდება! უთუოდ ქაღალდში წააგე.

მიხეილ

გეუბნები რომ მივეცი. ნუ შეწუხდებით, ღმერთი მოწყალეა!

ონოფრე

არა შვილო, მე ქალაქის სასამართლოების ფულები ვინ მომცა, წამართო, წამართო! რა ვქნა, ერთი სისხლს კი მოვახდენ და...

მიხეილ

კარგი იქნება ასი დღის ჭაობისათვის ერთმანეთი გაწყვიტოთ.

ონოფრე

ნუ გასცემ ხმასა და ვნახოთ თუ სხვა მამულებიც არ წაგვართვას. მე, შვილო, დღეს არა ხვალ მოვკვდები, შენ მშიერი დარჩები.

მიხეილ

მე არა მიშავს რა სამსახური დამარჩენს.

ონოფრე

ამას რას უპირებ (აჩვენებს ნინოზედ)

მიხეილ

ამას ჩალიანს გავატან მზითვად.

ონოფრე

კიდეც მასხარობ, ჩალიანი ხომ იმას მისცეს.

მიხეილ

დიანბეგთან მოვახერხე, იმან გამოუცხადა, რომ ონოფრეს უნდა ჩავაბაროთო.

ონოფრე

და როდემდის მოატყუებთ.

მიხეილ

იქამდის მანამ... (ნინოს ეუბნება) წადი შენს ოთახში... ბეგლარს ნინოზედ ჯვარს არ დავწერ (ნინო გავა)

ონოფრე

ძალიან არ იყაბულებს?

მიხეილ

მე ვაყაბულებინებ, კიდეც შევიხვერწიებ.

ონოფრე

ბეგლარს უნდა?

მიხეილ

გაგიჟებული არის.

გამოსვლა მეხუთე

ბერუა (შემოვა) წიგნს მიართმევს მიხეილს (ისიც კითხულობს)

მიხეილ

კარგი თქო (ბერუა გავა, ონოფრეს) ეხლავე მოვლენ იაია, რაფაელ და სარქისა, უთუოდ მოციქულები იქნებიან, ვითომ მოგვარიგონ.

გამოსვლა მეექვსე

იგინივე და სიდონია

ონოფრე

ქალო, ნინუცა გაგითხოვეთ!

სიდონია

განა არ ვიცი, ამის სიცრუე იქნებოდა (უჩვენებს მიხეილზედ).

ონოფრე

ჰსწორედ.

სიდონია

მერე ამირინდო თანახმა არის?

მიხეილ

უთუოდ, მეტი რა ღონე აქვს.

გამოსვლა მეშვიდე

იგინივე და ბიჭი (შემოვა)

ბიჭი

ბატონო, დიანბეგი, იაია, რაფაელ, სარქისა გეახლენ.

ონოფრე

მობრძანდითქო. (ბიჭი გავა)

გამოსვლა მერვე

იგინივე და დიანბეგი, იაია, რაფიელ და სარქისა

ონოფრე

ჩემს მოწყალეს ხემწიფეს, უფალს დიანბეგს ვახლავარ, რაფიელს გაუმარჯოს, სარქის ბუღდანიჩს, დაბრძანდით. (დასხდებიან)

ონოფრე (დიანბეგს)

რა ანბავია, ასე დავიწყება იქნება ვეჟო, თუ არ საქმისათვის არ მოხვალ?

დიანბეგი

რა ვქნა, ჭეშმარიტად დანაშაული მაქვს, მაგრამ მოგეხსენებათ (თმაზედ მოივლებს ხელს) ამდენი საქმე მაქვს, ნუ გეწყინებათ-კი და თქვენ და ამირინდოს ერთი დიანბეგი მოგინდებათ.

ონოფრე

რა ვქნა, ძმაო, აი დარბაისელნი ბრძანდებით, რა დანაშაული მაქვს, სულამდის მომდევს ის კაცი, რა ვქნა, მდიდარია და ფული აქვს, რა უყოთ.

დიანბეგი

კნიაზო ფული, ფული რა არის, აგრე არ უნდა თქვათ. საკვირველია, რა უბედურება არის, არავის თქვენგანს არა ჰსჯერა, რომ იყოს დიანბეგი უანგარო. და უყურებთ დიანბეგს მცირე კაცად, ოო! თქვენ, თქვენ არ გესმით ვითარი დიდი მნიშვნელობა აქვს დიანბეგს. თქვენ არ იცით, რომ კეთილდღეობა ერისა არის დაფუძნებული ჩვენსა მხრებსა ზედან; თქვენ არ იცით, რომ ერთ გზის დაწერილი ჩემ მიერ ესრეთ არს მტკიცე და მყარ ვითარცა ჭეშმარიტება; თქვენ არ იცით, რომ დარღვევა ჩემგან დამტკიცებულის ქაღალდის არავის ძალუძს. თქვენ აქამდისინ არ გესმით, რომ მე ვარ საფუძველი, მე ვარ ფესვი, მე ვარ სვეტი ხალხის ბედნიერებისა და უბედურებისა. — თქვენ არ იცით... ეე, რა გელაპარაკოთ!

რაფიელ

ჩემი მოხსენება, სხვა რიგად არ ჩამამართოდ, აი თქვენ შვილთან მოგახსენებ, თუ გადაიტანა საჩივარი ქალაქში, ძნელია.

ონოფრე

თქვენმა მზემა, ამაზედ დარწმუნებული ბრძანდებოდეთ. რომ სენატამდისაც იაროს, მე იმას არ დავანებებ ჩემს საკუთრებას.

იაია

კარგია, მამაშენი ნუ წაგიწყდება, რა არის ამდენი თქვენი ერთმანეთის წყენა, იმათ არა ღირს, მთელი ქალაქი და თქვენა. სირცხვილი არის სხვა რომ არა იყოს რა!

ონოფრე

ერთი მამაშენი ნუ წაგიწყდება შენ, ხომ სვინდისიანი კაცი ხარ, აბა მიბრძანეთ რა ვქნა?

იაია

ისა ჰქენით, ბატონო, რომ მორიგდით. აი ეხლა ქალაქიდგან გიახელ, უქაზი მოსულა, ვისაც ერთმანეთში დავა აქვთ და არ მორიგდებინ ერთ წელიწადზედ, სახელმწიფოთ დასდებენ.

ონოფრე

რა მენაღვლება... დეე დასდვან, ჩემ მოსისხლეს ხომ არ დარჩება... ერთი მიბრძანე როგორ მოვრიგდე, მე თქვენს სინდისზე მოვაგდებ.

იაია

დაუთმეთ, ფულს მოვაცემინებ.

ონოფრე

ათას თუმნათ არ მივცემ, გაგონილა, არა ვყიდი, ბატონო, თუ ჩემი არის ჩემი უნდა იყოს! თუ იმისია, იმისი იყოს.

სარქისა (ჩუმათ)

საქმე მოგიგია რათ შაურიგდე.

ონოფრე (ჩუმათ)

ჩემი მხარე დაიჭირე, ერთს ურემს პურს მოგართმევ.

სარქისა (თავს უქნევს)

კაი პური კი იყოს.

იაია

მამა არ წამიწყდება, ერთი კარგი აზრი მომივიდა, თქვენმა მზემა, უცხო აზრია, ბარაქალდი იაიავ! უკეთეს საქმეს კი ვერას ვიფიქრებდი, მტერს თვალებს დაუყენებ. მოდი, ვეჟო ეი, მამა არ წამიწყდება, ჰა, ონოფრე, მამიშენი საფლავის მზეს, დამიჯერე, კაცო, ეი,—ჰა, მოდი, ჰეე, გაიგონე და...

ონოფრე

მესმის, მიბრძანე.

იაია

იცი რა, ეე, ჯიუტი კაცები ხართ, მამა არ წამიწყდება, მოდი და მოიტა ხელი, ეე, ნათქვამია ძმანი ჭირთა შინა სახმარ არიანო, შენი სიკეთე მინდა,— იცი რას მოგახსენებ, ჰო იმას მოგახსენებდი... მოდი და, ეჰ, საკვირველი კაცი ხარ, მამა არ წამიწყდება.

სარქისა

მე გული წამივიდა, თქვი და!

იაია

ჰო, იმას მოგახსენებ, აი რას მოგახსენებდი და კიდევ რას მოგახსენებ... დამოყვრდით, კაცო!

გამოსვლა მეცხრე

იგინივე და სიდონია

ონოფრე

სიდონიავ, ქალო, აი, იაია რას ბრძანებს, ამირინდოსთან დავმოყვრდეთო!

სიდონია

თქვენმა მზემ არაფერი უღირსობა იქნება, ჩვენი ქალები მეფის სახლში ყოფილან.

იაია

არა, ბატონო, მაგას ვინ მოგახსენებთ, არა, თქვენი თავის მზემ. ჰსწორეთ მიბრძანეთ!

ონოფრე

მე ყაბული მაქვს, ახლა შენ იცი, მაგრამ ეს იცოდე, პირველად მე არ მითხოვნია... თუ ის მთხოვს?

იაია

მზითევი არ გვინდა... თუ ჩალიანს...

მიხეილ

ჩალიანი მოგვირთმევია...

იაია (წამოდგება)

მამა არ წამიწყდება, ეხლავ წავალ და შენი იაია არ ვიქნები, თუ ამირინდო თავის ფეხით არ მოვიყვანო და არ შეგარიგოთ. ხვალ მადლი გადავიხადოთ და თუ გინდა ჯვარიც დავწეროთ (იაია, სარქისა, რაფიელ გავლენ).

გამოსვლა მეათე

იგინივე, გარდა იაიასი, სარქისასი და რაფიელისა

დიანბეგი

კნიაზო, ერთი ეს ჩალიანის საქმე შემასრულებინეთ.

ონოფრე

რა არის, აბა წაიკითხე.

დიანბეგი

უქაზი არის სუდისა, ჩალიანზე, გთხოვთ მოისმინოთ, ვბრძანეთ: მოწერილობისამებრ უქაზისა სამოქალაქოისა და უგალოვნის სუდისა № 564-თა, სუდი ესე მეორეთ შევიდა განხილვასა შინა და ახლითა დამატებითა გამოძიებითა, თანდასწრებით უეზდნის სტრაპჩის; სუდი ესე ეთანხმა რა მნენიესა სუდის მწევრის ზასედატელის ლილივიროვისა, ესრეთ რომელ უნდა დაშთეს მფლობელობასა შინა თავად ონოფრე ბაადურის ძესა ზემოხსენებული უძრავი მამული ჩალიანად წოდებული.— ინებეთ. მოაწერეთ ხელი.

ონოფრე

არ მესმის, რას ანბობთ, მე მომეცით თუ ამირინდოსა!

დიანბეგი

თქვენთვის მამილოცამს.

ონოფრე (მიხეილს)

მაშ, შენ რა იცრუე.

მიხეილ

მე სწორედ გითხარით ამირინდოსია მეთქი, ამისთვის, რომ ნინას გავატანთ მზითევში.

ონოფრე

შეგარცხვინა, თუ არა მოგეტყუებინე, მე-კი არ გამოვიმეტებდი ნინუცასათვის... დიანბეგო, მიხეილ, ერთი აქ წამოდით. (გავლენ)

გამოსვლა მეთერთმეტე

ნინო და ნენე

ნინო

წადი, თეთრი ატლასის კაბა მომიმზადე.

ნენე

რა ამბავია (ნინო უჩურჩულებს) ქა, აქამდის როგორ არ მითხარ (ხტება, ჰკოცნის ხელზედ), გენაცვა, აქამდის როგორ არ მითხარ?

ნინო

მეც ეხლა მიხეილმა მითხრა! კარგი, ნუ გიჟდები!

ნენე

გენაცვა, არა მართებს, ქალბატოჯან, ნინოჯან, შენ აღთქმას ხომ აღასრულებ?

ნინო

დიახ, უთუოდ!

გამოსვლა მეთორმეტე

იგინივე და გამდელი

მოწყალისეული

ნინოჯან, აქა ხარ გადილო!

ნინო (მივა ახლო)

აქა ვარ გადიავ! შემინდე გადიავ, იმ დღეს გაგაჯავრე, დამლოცე დედაშვილობასა!

მოწყალისეული

ღვთის მშობელმა დედამ დაგლოცოს შვილო, გულში არ ჩაიტანო შვილო, ღმერთმა იცის შენი სიკეთისათვის, შენი სახელისათვის ვიღწოდი. რადგან ღმერთმა ამდენი დამასწრო, შენ ქორწილსაც ვესწრობი. თუ ჩემი გიჟი მიხეილის ბედნიერებას მოვესწარ, მერე თუ გინდა მოვკვდე, ბედნიერი დედაკაცი ვიქნები.

გამოსვლა მეცამეტე

იგინივე და სიდონია

სიდონია (შემოვა)

ქა. ნინო. წადი შვილო, ჩაიცვი, იქნება შენი მამამთილი მოვიდეს (მივა, აკოცებს. ნინო და ნენე გავლენ).

გამოსვლა მეთოთხმეტე

სიდონია და ონოფრე

სიდონია

აბა ამდენი ჩხუბი რაზედ გვქონდა თუ ეგრე მალე შერიგდებოდით. მე სრულებით არ მოვიფიქრებდი, შენ ნუ მამიკვდები, თუ ჩემი ნინუცა მალე გაბედნიერდებოდა.

ონოფრე

მამაჩემი არ წამიწყდება, ეს კარგი მოახერხა მიხეილმა.

გამოსვლა მეთხუთმეტე

იგინივე, ბიჭი, ამირინდო და სუყველანი

ბიჭი

ამირინდოს სტუმრები არიან. (შემოვლენ სუყველანი. დიანბეგი მიიყვანს ამირინდოს ონოფრესთან და ერთმანათს აკოცებენ).

ამირინდო

რას მოვიფიქრებდი ამ ბედნიერებას?

ონოფრე

მამაჩემი არ წამიწყდება, დიდად მოხარული ვარ.

დიანბეგი

აბა შერიგების ქაღალდი მოიტანეთ.

ბეგლარ

აი მზად გახლავს აქა...

ამირინდო

ვინ დასწერა?

ბეგლარ

მე.

ამირინდო

მარტო შენ?

ბეგლარ

მარტო მე.

ამირინდო

ბიჭო, არზის წერა სცოდნია, ჰო! რა ბედნიერი კაცი ვარ, მამა ჩემი არ წამიწყდება.

იაია

ჰო! მაგას არ მოგახსენებდი? ჰო, რას მოგახსენებდი? ჰო, აკი გითხარ მამილოცავს, აკი გითხარ არზის წერა იცის მეთქი.

გამოსვლა მეთექვსმეტე

იგინივე და ნინო

ონოფრე (მიიყვანს ნინუცას)

ბეგლარ, ჩამიბარებია ქალი. ღმერთმა გაგაბედნიეროს ერთმანეთის სიყვარულით და პატივისცემითა. მამიცია ქალი პატიოსანი, ჭკვიანი, კარგი, გაზრდილი, ყოვლის კეთილით სავსე, შენ იცი და შენმა კაცობამ, როგორც კარგად შეინახამ (ბეგლარ ჰკოცნის ნინუცას).

სარქის

თუ ასე ყველა ქართველნი,

როგორც ესენი შერიგდებიან,

მაშინა ჩვენნი სომეხნი

შიმშილით ამოსწყდებიან.

ფარდა ჩამოეშვება