(სიმღერა)

ვიცანი, ღმერთო, სამყარო, -
ეს შენი დანაბადები, -
იმისი ავლა-დიდება
და შიგ საგძალი ნადები;
მბოჭავს, არ მათავისუფლებს
გარს შემორტყმული ბარდები;
დღეს გულსაცა სწვავს, კუჭსაცა
გუშინ ნაჭამი ქადები.
რად გვინდა, ნეტავ, სიცოცხლე,
ეს ამოდენა ამბები,
თავში სიცილი, მოლხენა,
ბოლოს - ვაი და დარდები!
განგების სათამაშოდა,
გასართობად ვართ გამხდრები;
ერთია, თუნდა ჩვენ ვიყვნეთ
და თუნდ მინდვრის თაგვები:
გავერანდება ერთხელაც
ტურფად შემკული ბაღები,
ჩამოინგრევა დარბაზი
და სრა-სახლების თაღები;
ცრემლს დაუწყებენ ფრქვევასა
დღეს მოლხინარი ბალღები.
ამას ბჭობს, ვისც აბარია
განგების ბჭეთა საღები.
ასეა, ვიცით კარგადა,
ამ წუთისოფლის თვისება,
ვერაფერს ვიზამთ ომითა,
არას გვიშველის გინება,
ქრთამი და ხვეწნა-მუდარა,
ხმალ-ზარბაზნების ღირება,
დიდი ჭკვა, გამოცდილება,
ქველობის გამოჩინება.
განგების გასართობნი ვართ
ჩვენის ჭირით და ლხინითა,
ამის მეტს ვერ თუ შესძლებდა,
ღმერთმა ინება იმითა -
დაგვღალოს, ოფლი გვადინოს,
მერე გაგვაძღოს ძილითა,
რომ ბოლოს სიტკბო ვიგემოთ
გამსჭვალულებმა ჭირითა.
ალბათ, ასე სჯობს, ჩვენ ვცდებით.
ვერ ვსაზღვრავთ ჩვენის ტვინითა
იმას, რაც წარმოსდინდება
სიწმინდის ჭურჭლის პირითა!

კაცი ის არის, ცხოვრება
ვინც გაატარა ჭამაში
და კაცის დანიშნულება
მხოლოდა ჰპოვა ამაში.
კაცი ის არის, ვინაცა
ქუჩაში სალამს არ გაძლევს,
თუ დაჰპატიჟე სადილად,
დიდ ჯიუტობას არ გასწევს.
კაცი ის არის, ვინაცა
შეჰსტრფის, შეჰხარის ღვინოსა
და ჰსახავს იდეალადა
სალხინო სამიკიტნოსა.
კაცი ის არის, ვინაცა
არა კითხულობს გაზეთსა,
წიგნისთვის შაურსა ჰზოგავს,
მეარღნეს აძლევს მანეთსა.
გადაამტერებს ერთმანეთს
ქართლსა, იმერეთს, კახეთსა,
საკუთარს ანბანს შეუდგენს
სამეგრელოს და სვანეთსა.
კაცი ის არის, სიცოცხლე
ვინაც ატარა ტკბილადა, _
სიკვდილის შემდეგ იწოდა
დიდყურიანის შვილადა.

უცხო დაბრწყინდა ვარსკვლავი,
კლდის თავზედ დამცქერალია,
კლდის ეხში ჰკოცნის ბატარას
სხივმოფენილი ქალია.

გაჩუმებულა სამყარო,
შაყენებულა წყალია,
ბუნების არსთა ყველათა
კლდისაკე ჰრჩებათ თვალია.

გადახალისდა ქვეყანა,
უცხო რამ იგრძნო ძალია.
„არ წავსწყმდებიო, არაო”, -
ბუნებამ დაჰკრა ზარია.

შავეთში გადაგდებული
ადგომას ჰბედავს მკვდარია,
მაცხოვრის შობა შაიტყო,
შავეთის ტყდება კარია.

გახარებულმა ზეცამა
უხვად დაყარა ცვარია,
ტყდება მონების ბორკილი,
ეშმაკს დაუდგეს თვალია!