ნეტავ რამ შემქმნა, რისთვის შემქმნა, რა სახმარი ვარ?..

ჩემის ცხოვრების, მარქვით, რა არს დანიშნულება?

მე სიკვდილამდის უსამართლოდ, უღთოდ მკვდარი ვარ,

ეს არის მისი მიუმსგავსი განკარგულება!

უსაზღვრო მისცა სურვილები ამ კრულსა სულსა

და შეძლება კი ერთ ჭიაზედ მეტად ნაკლები,

მარჯვედ სდევს მაინც ის ხვედრისგან გზას დანიშნულსა,

მე კი მგრძნობელი, სიტყვიერი, ფუჭად ვთავდები.

გონების თვალი სულს მიწუხებს თვის მხედველობით,

მიხდომილება ან რათ მინდა საპყრობილეში;

აბა, ბრმა გული მთლად მაგიჟებს გამბედაობით,

ასრე ვიხრჩობი სიყრმიდანვე ჩემ სიცოცხლეში!

მაგრამ, რაც უნდა დამემართოს, რაც უნდა მოხდეს,

ნურვინ მოელის თავმოდრეკით ვსთხოვო შენდობა:

მრწამს, მომავალი შემდეგთათვის ისე არ წახდეს,

რომ ყოველს გულში არ დამკვიდრდეს ეს ჩემი გრძნობა.

ჩემო კახაბერ, ჩემო გულო, თვით ჩემო ჰაზრო,

მთლათ კახაბერსა დაემსგავსე, ღონე იხმარე!

მეტი რა გითხრა, დაგარიგო, თავი გაბეზრო,

სამშობლოისთვის სულ იზრუნე, სულ იმწუხარე!

მაგრამ ამაებს ყველა მამა თავის შვილს ეტყვის,

მე სულ სხვა მინდა გქონდეს ხვედრი და ბედის წერა:

მსურს ზედ დააკვდე შენს მამულსა, რომ ის არ მოჰკვდეს,

და შემდეგ ხალხმა ქართლოსისამ გიწყოს სიმღერა.

მსურის, შენ და მთლად ქართველობა ერთგულად გახდეთ,

მსურის ივერთა დაახსომდეთ კვლავ ეს სახელი

და შენი წმინდა შრომა, ღვაწლი ისე არ წახდეს,

რომ არ გიწოდონ შენ პირველი მათში ქართველი!

ვინც გინდა იყო ჩემი მკითხველი,

კაცი, ქალი, გინდ გასათხოვარი,

შენთან მაქვს ერთი შესახვეწნელი,

გთხოვ, აღმისრულო ეს სათხოვარი:

ცხოვრებაში რა შესვლასა იწყებ

და ბედიც კეთილგუნებიანი

თან დაგდევს, იმ დროს ნუ დაივიწყებ,

რომ შენ ხარ მხოლოდ ადამიანი!

იყავი ტურფა, იყავ უებრო,

მდიდარი, ბრძენი, მხნე და ჭკვიანი,

მაგრამ ფიქრისგან არ განიშორო,

რომ შენ ხარ მხოლოდ ადამიანი!

შემთხვევამ მოგცა ბევრი ქონება,

ხელმწიფედ დაგსვა, გქმნა სრულსვიანი?

მაშინაც გმართებს უფრო ხსოვნება,

რომ შენ ხარ მხოლოდ ადამიანი.

ეგებ, კეთილო, ბედს არ უყვარდი,

მოგიკლა გული, გყო სევდიანი?

ნუ დაეცემი, დასდეგ, გამაგრდი,

გახსოვდეს, რომ ხარ ადამიანი!

დაე, იცვალოს გარემოება,

თუნდ ხალხის ხმამაც მოგცეს ზიანი,

თვით ნუ იცვლები! მოვა დროება,

გიცნობენ, რომ ხარ ადამიანი.

ცხოვრების მიზნად სიმართლე გქონდეს

და სიყვარული მოძმეთა ვალად,

სამშობლო შენი მარად გახსოვდეს,

თუ კი გსურს გახდე ადამიანად!