ცეკვავს ქალების დასი -
მთვრალი მუსიკის ჟინით.
ალის მომეცით თასი -
სავსე ძლიერი ღვინით.

მე იმ დაღუპულ სულთა
ერთ სადღეგრძელოს ვკივი,
მისას, რომელსაც სძულდა
მშვიდი დღეების ტივი.

იყოს უფსკრულის პირად
სტვენა, გრიგალი, ზარი...
ოჰ, სასტიკია ხშირად
მათი სიცილის ქარი.

ჰიმნი უგონო დღეებს!
აქ იბადება რკალი -
უცნობ გენიის ბედი
და განწირული ქალი.

ალიომ უთხრა ილიოს,
ვაჰ, თუ მზე გამოილიოს,
ილომ თქვა: ჩემანალაო,
ბზეს მირჩევნია ჩალაო.

ო, ალვის ხის შვენება,
ისევ იგი შთენია.
ყოველ დღის გათენება
მისთვის მოსალხენია.
მოდის, ფეთქს და იზრდება
სული მისი მხრჩობელი,
ფოთლებს ამეტისტებით
ფარავს შეუცნობელი.
ტბის გულს გადახვევია
მდუმარება ტოტების,
ოცნება არ სჩვევია
ქვეყნის გამოცოდების.
არც შხამიან ლანდებად
უცემს წყალთა გუბება.
ის არ ჭლექიანდება,
ის არ დაიღუპება.