შენის დაფნისა იშიოებს ასურსა,

ისავსებს ქართლი ნილო[ჲ]სა ნაკადულთებრ!

ორბობს მოხუცი, მღჳმე ფართობს სამყაროდ,

იბერწისწულებს მრავლად უდაბნოს ესე,

სულსა აღუთისებს, მტუერისა მტუერად დამტევი.


მისივე


ცასა ბეწჳთა ეკიდა, ვნახე კაცი,

და მასვე კაცს[ა] შუბის წუ[ე]რს ედგნეს დარბაზნი.

მუმლსა ზედა ჯდა, მინდორს სდევდა ქურციკთა, -

და ზღუასა ზედა მოარბევდა ცხენითა,

და ესრეთ ღაღადებდა: ”ღმერთო, შენ, კურთხეულ ხარ!”

ღმრთისმშობელი და ყოვლად პატიოსანი

დედა, ქალწული, შუენიერი შროშანი,

მას ახარებდა ანგელოსი ფრთოსანი:

შენგან იშუებს მეფე გჳრგჳნოსანი,

და მას ჰმონებდენ მეფე მრავალ-ყმოსანი.


მისივე


შენ ხარ ვენაჴი, ახლად აღყუავებული,

მორჩი კეთილი , ედემში დანერგული,

ალვა სულნნელი, სამოთხით გამოსრული,

ღმერთმან შეგამკო, ვერავინ გჯობს ქებული,

და თავით თჳსით მზე ხარ განბრწყინვებული.